კეთილგანწყობის შენარჩუნების მნიშვნელობა სტრესის დროს

დღეს თითქმის ყოველი ჩვენგანი განიცდის სტრესს, რაც შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობამ და არასტაბილურმა გარემომ. ზოგადად, სტრეს-ფაქტორები სხვადასხვა შეიძლება იყოს და თავად სტრესიც სხვადასხვა ინტენსივობისაა. როდესაც ხდება ისეთი ფართომასშტაბიანი მოვლენა, როგორიც არის ომი, ამან შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, შიში, უსუსურობის განცდა მათშიც, ვინც ამ მოვლენების უშუალო მონაწილე არაა და ეს ნორმალურია. 

არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავიარეთ პანდემიის პერიოდი, თვალს ვადევნებთ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის კატასტროფულ შედეგებს, მიმდინარე საომარ მოქმედებებს ისრაელის და სექტორ ღაზას ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცნობიერებაში შესაძლოა ჭარბობდეს ნეგატიური ფიქრები და ემოციები. 

ომით დაზარალებულ ადამიანებს სიბრაზის ემოცია ერთის მხრივ, ეხმარება გააგრძელონ ცხოვრება, ხოლო მეორეს მხრივ, თუ უკონტროლო ხასიათი მიიღო, ანადგურებს მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ამიტომაც, ლტოლვილებთან სამუშაო სახელმძღვანელობი ითვალისწინებენ ბრაზთან მუშაობის კომპონენტს. 

უკიდურესად დასტრესილ ადამიანებში ბრაზი შეიძლება მიემართებოდეს გარშემომყოფთა მიმართ, მაგალითად საკუთარი ოჯახის წევრების ან თემის წევრების მიმართ. შეიძლება თავი იჩინოს არაკეთილგანწყობამ სხვების მიმართ, რაც ადამიანს კონფლიქტურს ხდის და კიდევ უფრო ამძიმებს მის ემოციურ მდგომარეობას. ცხადია, ომით დაზარალებულ მოსახლეობას კომპლექსური დახმარება ესაჭიროება და პირველ რიგში, საომარი მოქმედებების დასრულება. 

მოცემული სტატიით, მიზნად ვისახავ იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვინც არც პირადად არის დაზიანებული ომით, და არც ახლო ნათესავები ან მეგობრები ჰყავს შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში. 

სტრესთან და ინტენსიურ, ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებისა და დაძლევის არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა ამჯერად გამოვყოფ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. აღმოჩნდა, რომ კეთილგანწყობის გაღვივება საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, თვითშებასებასა და სტრესის მიმართ მედეგობას, ზოგადად ზრდის ცხოვრების ხარისხსაც. 

რას ნიშნავს კეთილგანწყობის გაღვივება?

როდესაც ვფიქრობთ კეთილგანწობაზე, რა სიტყვები მოგვდის თავში? რა ემოციას ან ფიქრებს იწვევს? რას ნიშნავს იყო კეთილგანწყობილი, ქცევის დონეზე?

მე, როდესაც კეთილგანწყობილ ადამიანზე ვფიქრობ, პირველი სიტვები, რაც მომდის თავში, არის: მზრუნველი, ღია, გულუხვი, შემწყნარებელი, თბილი, მხარდამჭერი. თქვენ შესაძლოა, სხვა სიტყვებითაც ახასიათებდეთ ამ თვისებას. თუმცა, როდესაც ვიხსენებთ კეთილ ადამიანებს და კეთილგანწყობას, რომელიც გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, სასიამოვნო ემოცია გვიჩნდება, სიმშვიდისა და სიხარულის განცდა გვეუფლება. 

საკუთარი თავისა და სხვების მიმართ კეთილგანწყობილი ყოფნა მოითხოვს დროსა და გარკვეული რესურსი გაღებას, მოთმინებას, არაგანსჯად დამოკიდებულებას, შრომას, სწავლასა და  თავდადებას. თუმცა, რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი და დამხმარე, როდესაც კეთილად ექცევი საკუთარ თავსა და სხვებს. 

თუმცა არის მდომარეობები, როდესაც ნაკლებად გვაქვს რესურსი ვიმოქმედოთ და გამოვიჩინოთ ზრუნვის ან სხვა სიკეთის აღმნიშნელი ქცევა საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ. პირველ ეტაპზე იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს მრავალი ემოცია, ტრავმა, სხვადასხვა დაძლევის სტრატეგიები, ზოგადად, გვაქვს სხვადასხვა გამოცდილება და შესაბამისად ვიქცევით, ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი, და ეს ძალიან ადამიანური ამბავია. 

როგორ შევინარჩუნოთ კეთილგანწყობა საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ მაშინ, როდესაც ძალიან ცუდად ვართ?

იყავი კეთილი. იყავი კეთილი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ადვილია? არა. დასწავლადია? კი. 

საკუთარი თავის და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების მხარდაჭერაში გვეხმარება ქვემოთ ჩამოთვლილი სავარჯიშოები:

სავარჯიშო — პოზიტიური აფირმაციები 

პოზიტიური აფირმაციები შეგიძლიათ თავად შეადგინოთ (თუმცა აუდიო-ვიდეოს სახითაც ბევრია). ამისთვის დაგჭირდებათ კალამი და ფურცელი. პოზიტიური აფირმაციების მაგალითს კი ქვემოთ გთავაზობთ. გაითვალისწინეთ, რომ აფირმაციები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და ეხებოდეს ჩვენთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს. 

გთავაზობთ ჩემს ზოგიერთ აფირმაციას მაგალითისთვის: 

– მე ვარ უსაფრთხოდ; 

– ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები არიან კარგად და უსაფრთხოდ; 

– ჩემი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა დღითი დღე უმჯობესდება; 

– თავს ვგრძნობ მშვიდად, კარგად, ბედნიერად; 

– ჩემი ღირებულებები ჩემი სიმყარეა; 

– მიყვარს საკუთარი თავი და ადამიანები ჩემ გარშემო; 

– შემიძლია უბრალოდ ვიყო, საკუთარი თავის განსჯის გარეშე; 

– ადამიანები ჩემ ირგვლივ მეხმარებიან;

 – მაქვს/მექნება ყველა რესურსი, რაც მჭირდება;

სავარჯიშო – სიყვარულის ენა

სავარჯიშო “სიყვარულის ენა” გვეხმარება გავიუმჯობესოთ კომუნიკაცია საყვარელ ადამიანებთან, პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან. ჩვენს კულტურაში ნორმალიზებულია საკმაოდ უხეში საკომუნიკაციო ენა, თუმცა შეგვიძლია ახლობლებს ვთხოვოთ, ურთიერთობაში ჩვენ მიმართ გამოიყენონ “სიყვარულის ენა” და მაგალითიც თავად ვაჩვენოთ. 

“სიყვარულის ენა” თავაზიანი, გულწრფელი, მზრუნველი, მომთმენი, მხარდამჭერი და სიყვარულის გამომხატველი ფრაზებით სავსეა. ყველას, ასაკის მიუხედავად, გვჭირდება ადამიანური სითბო, პირველ რიგში ახლობელი ადამიანების მხრიდან. შესაძლოა, თავიდან “სიყვარულის ენის” გამოყენებაზე საკუთარი თავის და სხვების შეხსენებაც დაგჭირდეთ (მთავარია, შეხსენებაც სიყვარულის ენაზე იყოს), მაგრამ სულ მალე ის თქვენი და თქვენი ახლობლების მთავარი სასაუბრო ენა გახდება. 

პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩვენ შეგვიძლია გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი მიუხედავად გარემო ფაქტორებისა, რომლებიც დისტრესს იწვევს. ჩვენ შესაძლოა ზუსტად არ ვიცოდეთ რამდენად დიდია ის პოზიტიური გავლენა, რასაც ჩვენი კეთილგანწყობა ახდენს გარშემო მყოფებზე, თუმცა ზუსტად გვეცოდინება მისი სასიკეთო შედეგები საკუთარ თავზე. 

 

ავტორი: ნინო ბექაია, ფსიქოლოგი

გამოყენებული მასალა:

ბოლქვაძე ნ. (2022). სტრესის მართვის ეფექტური  სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ. პრაქტიკული სახელმძღვანელო.

Alfonso J. et al. (2021). The effects of gratitude and kindness on life satisfaction, positive emotions, negative emotions, and COVID-19 anxiety: An online pilot experimental study

Stallman M.H. et al. (2017). The Role of Social Support, Being Present, and Self-kindness in University Student Psychological Distress

World Health Organization (2020). Doing What Matters in Times of Stress: An Illustrated Guide 

წინა

Amnesty International: ორივე მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის ფასს

შემდეგი

13 ოქტომბერს ბათუმში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების