სექტემბერი 2023 - Page 3

“ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში”

//

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, ხელი მოაწერეს თანხმობას, რომ იღებენ პასუხისგემბლობას, მათ შვილებს ჩაუტარდეთ სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა პრეპარატ ვოზორიტიდით.

ერთ-ერთი მშობლის, მაკუნა გოჩიაშვილის თქმით, 5 ბავშვი წამლის მიღებას დღე-დღეზე დაიწყებს.

“ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში. დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ,,ვოზორიტიდით” და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.

კიდევ ათასჯერ ვიტყვი, თქვენი გვერდში დგომის გარეშე, ასე არ დაჩქარდებოდა პროცესი და ყველა აქტივისტს და ყველა მოქალაქეს გიმახსოვრებთ! როგორ არ დაგვტოვეთ მარტო. პეტრე 2024 წლიდან, 5 ბავშვი კი უკვე დღე-დღეზე დაიწყებს წამლის მიღებას”, – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

 

 

აზერბაიჯანელი ტრანსგენდერი ქალი პოლიციის მხრიდან უკანონო დევნაზე საუბრობს

/

ქვიარს დაუკავშირდა აზერბაიჯანელი ტრანსგენდერი ქალი, ჰაიატი. მისი თქმით, მას უკანონოდ დევნის ადგილობრივი პოლიცია. 

ჰაიატის განმარტებით:

 “ყველაფერი მარტის თვეში, სუპერმარკეტის ქსელ “ბრავოში” მომხდარ ინცინდენტს მოჰყვა. აღნიშნულ ინცინდენტში მონაწილე, ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე მოვიდა ბინაში, როგორც კლიენტი, ტრანსგენდერ ქალთან, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ. მისი მოსვლიდან 1-2 საათში, ჩვენ საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ მოაწყო რეიდი. მე იმ დროისთვის სახლში არ ვიმყოფებოდი. პოლიციამ დააკავა სავარაუდო დამნაშავე და ასევე დააპატიმრა ჩემი მეგობარი, წაუყენა ბრალი ნარკოდანაშაულში, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამავდროულად პოლიციამ გაჩხრიკა სახლი და ამოიღო იქიდან ჩემი პირადი ნივთები –  საზღვარგარეთის პასპორტი, დაბადების მოწმობა, სამხედრო დოკუმენტი და ნოუთბუქი. ამის შემდგომ პოლიციამ, უკანონო ფორმატით, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, მოითხოვა ჩემგან ჩამებარებინა ნარკოტესტი, რაც მე გავაკეთე. მე ასევე დამკითხეს, მოწმის სტატუსით პროკურატურის ოფისში. აგვისტოს თვეში პოლიციამ ისევ დამიბარა, დამიბრუნეს ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები, თუმცა ამჯერად ჩამომართვეს პირადი ტელეფონი. მიზეზად დაასახელეს ის, რომ აპირებენ ჩემ დაბარებას სასამართლოში. დარწმუნებული ვარ ისინი გეგმავენ ჩემ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, მე გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება, რადგან შეშინებული ვარ და ვფიქრობ, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია.” 

“თქვენ დგახართ სიმართლისა და თავისუფლებისთვის!”

/

გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე დეკლარაციის მიღებიდან 25 წელი გავიდა.

საბინე ლოითჰოისერ-შნარენბერგერ Sabine Leutheusser-Schnarrenberger გერმანიის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდი თავისუფლებისთვის გამგეობის წევრი ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ჟურნალისტებს. მისი თქმით, „ჟურნალისტები დიდი ხანია, რაც გახდნენ ადამიანის საყოველთაო უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი დამცველები.“

ქვემოთ მოყვანილი სიტყვით ის ხსნის მსოფლიო მასშტაბით ჟურნალისტების მხარდამჭერ პუბლიკაციას. გთავაზობთ ტექსტის თარგმანს უცვლელად.

“მსლოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჟურნალისტებს ემუქრებიან, დევნიან და კლავენ კიდეც. ისინი არ არიან უსაფრთხოდ მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ ჟურნალისტის პროფესია. უკრაინაში, ომის წინა ხაზზე მედიის წარმომადგენლები ზედმიწევნით აშუქებენ ომს, მათ შორის  ომის დანაშაულებრივ ქმედებებს, აღწერენ მდგომარეობას რუსეთში და მათი გაჩუმება შეუძლებელია.

მედიის წარმომადგენლები, რომლებიც არ კარგავენ სამუშაო ეთიკას და აგრძელებენ მოვლენების ობიექტურად გაშუქებას, მათ შორის, ადამიანების უფლების დარღვევებზე, საშინელ უსამართლობებზე, იღებენ ფილმებს, მიყავთ პოდკასტები და საუბრობენ ყველა ფორმატში, ხდებიან თავდასხმის მსხვერპლი როგორც ციფრულ, ისე რეალურ სამყაროში. მათზე და მათ ოჯახის წვერებზე  ხორციელდება ზეწოლა და დაშინება. ჟურნალისტებს აპატიმრებენ ან უწევთ სხვა ქყვეყნებში გაქცევა.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსია, თურქეთი და მექსიკა, რთულია იყო ადამიანის უფლებათა აქტივისტი ან საგამოძიებო ჟურნალისტი. ჟურნალისტები დიდი ხანია, რაც გახდნენ ადამიანის საყოველთაო უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი დამცველები.

თავისუფალ სამყაროში, სადაც ღია საზოგადოებაა, ჩვენ ვალდებული ვართ მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებისთვის შექმნილ სახიფათო მდგომარეობაზე. სწორედ ინფორმაციის საჯაროობა დაეხმარება და მისცემს საშუალებას ჟურნალისტებს გააგრძელონ ბრძოლა თავისუფალი აზრისათვის. ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის და მისი პროგრამა “ჟურნალისტთა საერთაშორისო და მედია დიალოგის” მიზანი ემსახურება მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერას.

ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ მედიის წარმომადგენლების ხმები არ იყოს ჩახშული. ეს პირველ რიგში, ჩვენს ინეტერებსაც ემსახურება, რათა გავაძლიეროთ ოპოზიციის წარმომადგენლები და  აქტივისტები, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანაში დემოკრატიას, მიზნად ისახავენ კორუფციის შემცირებას და ებრძვიან ავტოკრატიულ, ტოტალიტარულ სისტემას.

ჩვენი თავისუფლება დაცულია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიცავთ მას. მედიისა და აზრის თავისუფლება იყო, არის და დარჩება განმსაზღვრელი იმისა, თუ რამდენად თავისუფალია ხალხი რეალურად.

როდესაც საზოგადოებაში წლების განმავლობაში დომინირებს პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ხდება ის, რასაც დღეს ვუყურებთ რუსეთში და სხვა ქვეყნებში. პროპაგანდა და დაზინფორმაცია ამახინჯებს და ჩრდილს აყენებს ჭეშმარიტებას.

სიმართლისა და თავისუფლებისთვის დგახართ თქვენ! – მამაცი ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც არ ნებდებიან და აგრძელებენ მუშაობას საფრთხის მიუხედავად.

ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ გაეროს დეკლარაციის მიღებიდან 25 წლისს შემდეგ, ამ პუბლიკაციას ვუძღვნით ჟურნალისტის პროფესიას.

დააკავეს ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ნარკოტის ყიდდა

//

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. მათი ცნობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ., ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ., ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა. კერძოდ, ის რეალიზაციის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან” მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი” იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2,5 ლიტრი ,,მეტადონის” ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული.

პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, “შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” დალუქა.

მათივე ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მწერლები კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სალხს ბოიკოტს უცხადებენ

//

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლს, რომლის ხელმძღვანელად თეა წულუკიანმა ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან დუმბაძე დანიშნა, ბოიკოტს უცხადებენ და მათთან რაიმე სახით თანამშრომლობას გამორიცხავენ.

მათი თქმით, ბოიკოტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მწერალთა სახლის ხელმძღვანელს არ აირჩევს დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია.

“ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ამ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებთ და ვაცხადებთ, რომ:

ქართული ლიტერატურა საერთო ეროვნული ფასეულობაა და მისთვის მუშაობა ნიშნავს ეროვნული ინტერესების სამსახურში ყოფნას. ლიტერატურა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას, რამდენად მნიშვნელოვნადაც არ უნდა მიაჩნდეთ ეს ინტერესები თავად ამ პარტიის წარმომადგენლებს.

ლიტერატურული პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და ქმნიდეს ნდობას მასში მონაწილე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური თუ იდეოლოგიური მრწამსის მქონე საქართველოს მოქალაქისთვის. შესაბამისად, ინსტიტუციები, რომელიც წარმართავს კულტურულ პოლიტიკას და ლიტერატურულ პროცესს, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური, იმართებოდეს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით.

მწერალთა სახლი წლების განმავლობაში წარმოადგენდა სწორედ ასეთ, ღია და დემოკრატიულ ორგანიზაციას და ის ცენტრალურ როლს იკავებდა ქვეყნის ლიტერატურულ პროცესში.

მწერალთა სახლის დირექტორად მმართველი პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის და სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ძალაუფლების მქონეთა ავტოკრატიული მისწრაფებების გამოხატულებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ.

ვაცნობიერებთ რა, ქართული ლიტერატურის საერთო ეროვნულ მნიშვნელობას, მის განსაკუთრებულ როლს ეროვნული უსაფრთხოების საქმეში და ჩვენს ვალდებულებას გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველომ გაარღვიოს მის გარშემო რუსეთის მიერ შექმნილი კულუტურული იზოლაციის კედელი, წინამდებარე განცხადებაზე ხელმოწერით უარს ვამბობთ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან.

ჩვენი ბოიკოტი გულისხმობს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას, განურჩევლად მათი ფორმისა და შინაარსისა, იქნება ეს: ადგილობრივი წიგნის პრეზენტაციები და სხვა საჯარო ღონისძიებები, მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამები, თუ სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრობები, საერთაშორისო ფესტივალები და სხვა მნიშვნელოვანი ფორუმები, რომელშიც აქამდე საქართველოს ეროვნული სტენდით და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეებად ვიყავით წარმოდგენილნი.

ქართული ლიტერატურული პროცესის სიცოცხლე და მუდმივი განვითარება ჩვენი ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესია და ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა ქართულ კულტურაში მიმდინარე სახიფათო ავტორიტარული ტენდენციები ცხადი გახდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ერთგული მეგობრებისთვის, ამავდროულად უზრუნველვყოფთ რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვიყოთ წარმოდგენილი ალტერნატიული ფორმით, ისევე როგორც შევეცდებით თავად მოვიპოვოთ დაფინანსების წყაროები მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამების, საერთაშორისო პლატფორმებში ჩართვის და ქართული ლიტერატურისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელი მუშაობისთვის.

ჩვენი ბოიკოტი დაიწყება 2023 წლის 4 სექტემბრიდან, იმ დღიდან, როდესაც მწერალთა სახლს მმართველი პარტიის მიერ დანიშნული კანდიდატი ჩაიბარებს და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მის ხელმძღვანელს არ აირჩევს დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია.

ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!”, – ნათქვამია წერილში.

ხელს აწერენ:

  1. ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე)
  2. რატი მუჯირი
  3. დავით გორგილაძე
  4. ლელა კოდალაშვილი
  5. ნათია გიორგაძე
  6. ნინო ჭინჭარაული
  7. თორნიკე სიბაშვილი
  8. მაკა კასრაძე
  9. ნატო ალხაზიშვილი
  10. ბესო სოლომანაშვილი
  11. ირაკლი ლომოური
  12. მაკა ლდოკონენი
  13. ზაალ ანდრონიკაშვილი
  14. ირინე ჭოღოშვილი
  15. თაკო ლონდარიძე
  16. ეკატერინე ტოგონიძე
  17. გიორგი ხარაიშვილი
  18. ელენე ჯაფარიძე
  19. ზურა პაპიაშვილი
  20. ლელა დუმბაძე
  21. ნატო დავითაშვილი
  22. მაშო სამადაშვილი
  23. მაია კუდავა
  24. ზვიად კვარაცხელია
  25. ნათია ორმოცაძე
  26. თინა მამულაშვილი
  27. ხათუნა თავდგირიძე
  28. ანდრო დადიანი
  29. ლიკა  ჩაფიძე
  30. მედეა იმერლიშვილი
  31. თეკლა ქველაძე
  32. ნანა აბულაძე
  33. მაია ლიპარტელიანი
  34. ნინო ნადირაძე
  35. ქეთევან ყანჩაშვილი
  36. ნესტან კვინიკაძე
  37. გია გოკიელი
  38. ნატო გორდელაძე
  39. დალილა გოგია
  40. ნუკა ღამბაშიძე
  41. გიორგი კაკაბაძე
  42. მაიკო დანელია
  43. შორენა ლებანიძე
  44. თამარ ფოლადაშვილი
  45. თამთა მელაშვილი
  46. მაკო ჯანჯიბუხაშვილი
  47. თეონა დოლენჯაშვილი
  48. სოფიო კუბლაშვილი
  49. მარინა ცხადაია
  50. ქეთი ნიჟარაძე
  51. ნინა სურამელაშვილი (რატი რატიანი)
  52. რატი ამაღლობელი
  53. გვანცა ჯობავა
  54. იუნონა გურული
  55. ანა ჯავახიშვილი
  56. ნინო კიკნაძე
  57. არჩილ ქიქოძე
  58. ლაშა ბუღაძე
  59. მაია ცირამუა
  60. ბექა ქურხული
  61. იოანე ფეზუაშვილი
  62. მარიამ კიკაჩეიშვილი
  63. სოფიო შამანიდი
  64. მარი ბექაური
  65. გიორგი მასხარაშვილი
  66. ზურაბ ლეჟავა
  67. გიორგი შონია
  68. ნიკოლოზ აგლაძე
  69. ბექა ადამაშვილი
  70. სოფიო ელიაშვილი
  71. რუსუდან რუხაძე
  72. გაგა ნახუცრიშვილი
  73. დათო ქარდავა
  74. კოკა ქამუშაძე
  75. ნინო ყაველაშვილი
  76. ლია შალვაშვილი
  77. მაია ბადრიძე
  78. მაგდა ნოვაკოვსკა
  79. ნინო თარხნიშვილი
  80. რუსუდან კაიშაური
  81. გიორგი მაისურაძე
  82. ანა ყიასაშვილი
  83. ამირან რამიშვილი
  84. მარიამ კვიციანი
  85. ქეთი ქანთარია
  86. Ბუბა კუდავა
  87. თაკო ბაქრაძე
  88. ხათუნა ცხადაძე
  89. ლანა კალანდია
  90. პაატა შამუგია
  91. ბელა ჩეკურიშვილი
  92. ეკა ტაბლიაშვილი
  93. Ლელა კოდალაშვილი
  94. ვარლამ ჯმუხაძე
  95. Ხათუნა ცხადაძე
  96. Ია ჯინჭარაძე
  97. Მიხეილ ციხელაშვილი
  98. Სანდრო ნავერიანი
  99. Ნატალია ბუკია-პეტერს
  100. Მაია ალუდაური
  101. Თინა ასათიანი
  102. Ნიკი თარხან-მოურავი
  103. დავით კაკაბაძე
  104. ეკა ჩაჩხიანი
  105. ანა მარგველაშვილი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან დუმბაძე 10 აგვისტოს დანიშნა. აქამდე მწერალთა სახლს ნატა ლომოური ხელმძღვანელობდა, თუმცა, მიუხედავად სურვილისა, სამინისტრომ მას უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელა.

დასაქმების მნიშვნელობა რეაბილიტაციის გზაზე

ნივთიერებების მოხმარების აშლილობისგან გამოჯანმრთელების გზა, ხშირად, სავსეა გამოწვევებით. რეციდივის რისკით დაწყებული და საზოგადოების მხრიდან სტიგმატიზაციით, იზოლაციით დამთვრებული. წარმატების მისაღწევას დაგჭირდებათ მიზანდასახულობა და თანმიმდევრული გეგმაც. რთული პერიოდის გადატანის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რეაბილიტაციის პერიოდში იყოთ დასაქმებული. 

დასაქმება გრძელვადიანი სიფხიზლის, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სოციალური რეინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრობლემური მოხმარება შეიძლება უარყოფითად აისახებოდეს თქვენ პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე, რეაბილიტაციის პერიოდში კი სამსახური მოგცემთ შესაძლებლობას დაიბრუნოთ კონტროლი. 

მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ რეაბილიტაციის პერიოდში დასაქმების უპირატესოები:

სამუშაო გვაძლევს მიზნის განცდას

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ულრიხის აზრით, საზრისის შეგრძნება სამუშაო ადგილზე დიდი იმედის და მიზნის მომცემია. სამუშაო პროცესი დაგეხმარებათ საკუთარი პიროვნების აღდგენაში, ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაში და პიროვნულ ზრდაში. ცხოვრების საზრისის, საკუთარი მიზნების პოვნა არ არის ადვილი და შესაძლოა ამ პროცესმა მოითხოვოს თქვენგან ბევრი ენერგია და თვითრეფლექსია.

სამუშაო გვმატებს თავდაჯერებულობას 

ადამიანებს, ვინც ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ავად მოიხმარენ, ხშირად აქვთ თავდაჯერებულობის და თვითშეფასების პრობლემები. შესაძლოა სწორედ ამ პრობლემებმა განაპირობეს კიდეც ნივთიერებების მოხმარება, როგორც სირთულეების დაძლევის მექანიზმი. ანაზღურებადი შრომა ამაღლებს თავდაჯერებულობას, თვითშეფასებას და მეტად პროდუქტიულს ხდის ადამიანს. 

სამუშაო უზრუნველყოფს შემოსავალს

ცხადია, დასაქმების ყველაზე თვალსაჩინო სარგებელი სტაბილურ შემოსავალში გამოიხატება. საიმედო შემოსავლის წყარო თვითკმარობის და ფინანსური მდგრადობის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  გარდა ამისა, სტაბილური სამუშაო იძლევა მიმდინარე გადასახადების დაფარვის შესაძლებლობას, აქედან გამომდინარე მეტ დამოუკიდებლობას და ახალი ფინანსური მიზნების დასახვის შესაძლებლობასაც. 

სამუშაო გაძლევთ სტაბილურობას

სამსახურეობრივი განრიგი უზრუნველყოფს გარკვეული რუტინის გამომუშავებას. ერთიდაიგივე დროს გაღვიძება, სამსახურში წასვლა და სხვა გაწერილი დღისწესრიგი დაგეხმარებათ სიფხიზლის შენარჩუნებაში. ამასთან ზედმეტად ბევრმა თავისუფალმა დრომ შეიძლება დააპროვოციროს რეციდივი. თუმცა კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა არ არის მარტივი. შესაძლოა სამსახურის ძიების პერიოდში, დღისწესრიგის გამოსამუშავებლად, კარგი აზრი იყოს მოხალისეობრივი ჩართულობა. 

დისციპლინის და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამომუშავება

ადიქციის მქონე ადამიანებისთვის გამოწვევას წარმოადგენს ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან სრული ნდობის დაბრუნება. ამ პრივილეგიით სარგებლობაში დაგეხმარებათ იმის ჩვენება, რომ კვლავ ახერხებთ საკუთარი სიტყვის შესრულებას, დასახული მიზნების მიღწევას. ამავდროულად, ჯობია არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად და მორალურად, არ გამოიფიტოთ და არ დაისტრესოთ ზედმეტად, რათა თავად  არ შექმნათ რეციდივის რისკი. 

სამუშაო იძლევა ნორმალურობის განცდას 

შეგრძნება, რომ თქვენ, სხვების მსგავსად ცხოვრობთ საკუთარი ცხოვრებით, პასუხიემგებლიანად მიყვებით ყოველდღიურ რუტინას, შეგიქმნით ნორმალურობის განცდას, რომელიც დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში. 

 

გამოყენებული მასალა: THE BENEFITS OF WORKING WHILE GOING THROUGH RECOVERY, , Paula Nicola, M.D.Addiction Medicine, 2023

 

არასრულწლოვანთან სექსუალური ქმედებისთვის სკოლის მძღოლს პატიმრობა მიუსაჯეს

//

პროკურატურის ინფორმაციით, 9 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს, რომელმაც 16 წლის გოგოსთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

“სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექასუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, კაცი სკოლის დირექტორის ქმარია, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი ქალმა პოსტი დატოვა.

NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება შეწყვიტოს

//

NGO-ების განცხადებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება, დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, არის თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე.

მათი თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს.

“საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე – მთავრობას, მიიღოს ყველა ზომაევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში.

სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

დემოკრატიის მცველები
თბილისი პრაიდი
სასამართლოს გუშაგი
საფარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
უფლებები საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

5 ქვიარ წიგნი, რომელიც შემოდგომით გამოვა

//

2023 წელი უკვე საინტერესოდ დაიწყო ქვიარ წიგნების მოყვარულებისთვის. მიუხედავად იმისა რომელი ჟანრი გიყვართ შემოდგომით იმედგაცრუებულები არ დარჩებით, რადგან ძალიან ბევრი ახალი ქვიარ წიგნი გამოდის. სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

Inverse Cowgirl by Alicia Roth Weigel — 19 სექტემბერი

ალისია როტ ვეიგელი არის ადამიანის უფლებათა კომისარი ქალაქ ოსტინში და ინტერსქესი უფლებების აქტივისტი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ორ პროცენტზე მეტი ინტერსქესუალური თვისებებით იბადება, ინტერსქესის საკითხების ძირითადი ცნობიერება პრაქტიკულად არ არსებობს. ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრი ადამიანი, ვინც იბადება ინტერსქესი, ექვემდებარება არასაჭირო და არაკონსენსუალურ ოპერაციებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ აიძულონ მათი სხეული მკაცრი მამრობითი ან მდედრობითი სქესის ორობითობას მოერგონ. ესეების სერიის საშუალებით ვეიგელი გვიზიარებს მძაფრ, ძლიერ და ხშირად სასაცილო ისტორიებს ცხოვრებისა და სხვისი უფლებებისთვის ბრძოლის შესახებ.

Kween by Vichet Chum – 3 ოქტომბერი

Kween-ში, კამბოჯელი ამერიკელი დრამატურგის ვიშეტ ჩუმის სადებიუტო რომანში, ტინეიჯერ გმირ სომას ბევრი რამ აქვს გასაბრაზებელი. წიგნში მხოლოდ სომა და მისი და დარჩნენ შეერთებულ შტატებში. მაშინ, როცა სომას და უნდა ზრუნავდეს მასზე, ის ზედმეტად დაკავებულია ქორწილის დაგეგმვით, რომ სომას პრობლემებზე ზრუნავდეს.

როგორ უმკლავდება სომა სიბრაზის და მარტოობის გრძნობებს? მისი სლემის პოეზიით. სომას მეგობრები და მასწავლებლები მოუწოდებენ, უფრო შორს წაიყვანოს წერა Spoken Word-ის კონკურსში მონაწილეობით. მაგრამ სომა არ არის დარწმუნებული, რომ მზად არის თავისი ოჯახის საკითხები ყველამ ნახოს. ეს რომანი არის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც აღნიშნავს უცნაურობას, ქმერულ იდენტობას და გამოხატავს ყველაზე ავთენტურ მეს.

Being Ace edited by Madeline Dyer — 10 ოქტომბერი

ასექსუალური ისტორიები, განსაკუთრებით ასექსუალური სიყვარულის ისტორიები, ხშირად არასწორად არის გაგებული და წარმოდგენილი. Being Ace არის ასექსუალური სიყვარულის ისტორიების უსაზღვრო შესაძლებლობებზე. წიგნში ერთიანდება რამდენიმე ასექსუალი მწერლის დაწერილი ისტორიები, რომლებიც რომანისტმა და პოეტმა მადლინ დაიერმა დაარედაქტირა.

ეს ანთოლოგია უდასტურებს მკითხველს, რომ ასექსუალური გამოცდილება მრავალფეროვანი და რთულია. თოთხმეტი მოთხრობის გმირების ყველა ისტორია ღირებულია, მიუხედავად იმისა რა გარემოში არიან და რას აკეთებენ. ყველა პერსონაჟი სიყვარულის ღირსია.

10 Things That Never Happened by Alexis Hall — 17 ოქტომბერი

წიგნის მთავარი გმირია საცალო ვაჭრობის მენეჯერი სემ ბეკერი. სამსახურის დაკარგვის შიშით სემი იტყუება, რომ ამნეზია აქვს და ყველაფერი დაავიწყდა, მათ შორის ის დაგეგმილი საუბარიც, რომელიც უფროსთან ჰქონდა. სემმა იცოდა, რომ ამ საუბრის დროს უფროსი ჯონათან ფორესტი სამსახურიდან გაათავისუფლებდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ სემმა არ იცის რამდენ ხანს შეუძლია იცხოვროს უფროსის მოტყუების დანაშაულით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯონათანი ასეთი საყვარელი აღმოჩნდა.

Pritty by Keith F. Miller Jr — 14 ნოემბერი

კეიტ ფ. მილერის სადებიუტო რომანი Pritty არის შავკანიანი ქვიარ სიყვარულის ძლიერი ისტორიაა. ჯეი მუდმივად ცხოვრობს უფროსი ძმის ჩრდილში, რომელიც უფრო მასკულინური და ათლეტურია, ვიდრე ჯეი ოდესმე იმედოვნებდა. ჯეისთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ვინმეს მოეწონოს, განსაკუთრებით მის ძმასთან შედარებით. თუმცა ლეროი ხედავს მას.

ჯეისა და ლეროის სიყვარულის ისტორია გართულებულია მათი ოჯახური დინამიკით და სავანას უბნების ომით. ვიღაც ცდილობს გაანადგუროს „შავი ბრილიანტები“, რომლებმაც თავიანთ საქმედ აქციეს შავკანიანი საზოგადოების დაცვა. ძალადობა არ შეჩერდება, სანამ ჯეი და ლეროი არ აღმოაჩენენ ვინ არის ის. ლეროის უიმედოდ სურს ჯეის დაცვა და მან იცის, რომ ერთადერთმა გამოსავალმა შეიძლება მათი ურთიერთობა დაასრულოს.

 

© Emily Martin/Them

პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში

ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტები, სხვა ნარკოტიკული საშუალებები) მოხმარების აშლილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ დამოკიდებულ ადამიანზე, არამედ მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეც. ურთიერთობებს ხშირად თან ახლავს სტრესი, ემოციური გამოფიტვა, ძალადობა და სხვადასხვა სირთულეები.

დამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრები ხშირად ხდებიან მის ქცევაზე დამოკიდებულნი. ისინი უგულებელყოფენ საკუთარ საჭიროებებს, სურვილებსა და ემოციებს. უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება და ზიანდება მათი ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი. ტერმინი თანადამოკიდებულება აღწერს ადიქციის მქონე ადამიანის ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მდგომარეობას, რომელიც ემოციურად არის დამანგრეველი ან/და ძალადობრივი.

როდესაც პარტნიორი ან მეგობარი დამოკიდებულების დაძლევის გზას გადის და რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება, მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

როგორ დავეხმაროთ ახლობელს ისე, რომ რეაბილიტაციის პროცესში გავაძლიეროთ და არ დავაზიანოთ არც ის, და არც საკუთარი თავი?

  • პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი პარტნიორის/მეგობრის დასახმარებლად არის ადიქციის არსის გაგება, ცოდნა იმისა, თუ რას ნიშნავს იყო დამოკიდებული. ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულება გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე, რაც აისახება ადამინის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ოპერირებს ადიქციის მქონე ადამიანი კონკრეტულ დროს, კონკრეტულ სიტუაციაში, რა გავლენას ახდენს მასზე სოციუმი, რა მკურნალობის გზები არსებობს და ა.შ.  მეტად გაგიადვილებთ ახლობელთან ურთიერთობას. ასევე, საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. 
  • სტიგმისა და სირცხვილის გრძნობის გამო, რაც თან ახლავს ადიქციებს, შესაძლოა დამოკიდებული ადამიანი გახდეს იზოლირებული და გარიყული. მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ რეაბილიტაციის პროცესში მარტო არ არის. ზოგჯერ, უბრალოდ კითხვა – “როგორ გრძნობ თავს” და მოსმენაც კი უმსუბუქებს ყოფას. თუ შეუძლია, გაისეირნეთ მასთან ერთად, მოინახულეთ სასიამოვნო ადგილები. სოციალიზაცია ახლობელ ადამიანებთან რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. 
  • აღიჭურვეთ მოთმინებით, თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა არ იყოს ძალიან მარტივი და ხანმოკლე. თუმცა არ არის აუცილებელი მუდმივად მტანჯველ პროცესად იქცეს. ახლობლის მხარდაჭერის პროცესში არ დაგვავიწყდეს საკუთარ თავზე ზრუნვა. თუ ჩვენ  ვართ უსაფრთხოდ და ვინარჩუნებთ/ვზრუნავთ საკუთარ კეთილდღეობაზე, ასეთ შემთხვევაში შევძლებთ სხვის სრულფასოვან დახმარებას.
  • კომუნიკაცია ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. როცა მეგობარს/პარტნიორს ვეხმარებით რეაბილიტაციის პროცესში, სასურველია სიფრთხილით მოვეკიდოთ სიტყვებს. მაგალითად, “ამდენს ვაკეთებ შენთვის”, ან “რით ვერ გამოჯანმრთელდი” ვერ იქნება დამოკიდებული ადამიანისთვის დამხმარე. სამაგიეროდ, ფრაზები – “რით შემიძლია დაგეხმარო?”, “მე მჯერა შენი, რადგან…(აქ შეიძლება ხაზი გავუსვათ მის ძლიერ უნარებს)” ხელს შეუწყობს და გააძლიერებს მას.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პარტნიორი/მეგობარი იღებს პროფესიონალურ დახმარებას, რომელიც სჭირდება. ადიქციის მკურნალობა და რეაბილიტაცია კომპლექსურია და ხშირ შემთხვევაში საჭიროებს სხვადასხვა სახის ინტერვენციას. 

პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი. ეს კი შესაძლებელია, მათ შორის, დამოკიდებულების დაძლევის და რეაბილიტაციის გზაზე მყოფ პარტნიორთან/მეგობართან ერთად, გუნდური მუშაობისა და მხარდაჭერის შედეგად. 

გამოყენებული მასალები: American Addiction Centers. (2023). Living With an Addict: How To Deal With an Addicted Spouse. Kelly F. John (2018). 8 Ways to Help When Loving Someone With an Addiction. Psychology Today.