სექტემბერი 2023 - Page 2

ლუის რუბიალესი თანამდებობიდან გადადგა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ქალთა გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთი პირველად გახდა, სადაც ფინალში 1-0 გაიმარჯვა ინგლისის გუნდთან. დაჯილდოების ცერემონიაზე კი, ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა.

რუბიალესის ქმედება მალევე გააკრიტიკეს როგორც ფეხბურთელებმა, ასევე ფემინისტებმა და გულშემატკივრებმა. ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფეხბურთთან დაკავშირებული ყველა აქტივობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე 90 დღით შეუჩერა. რუბიალესი აცხადებდა, რომ არანაირ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია და მსგავსად შეიძლება ეკოცნა მისი შვილებისთვისაც.

რამდენიმე კვირის წინ ლუის რუბიალესმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, დატოვოს ფეხბუფრთის ფედერაციის თანამდებობა, რათა შეინარჩუნოს ღირსება და ზიანი არ მიაყენოს ახლობელ ადამიანებსა და საქმიანობას, რომელიც უყვარს.

 

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/09/10/luis-rubiales-resignation-kissing-controversy/

 

 

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხატია ჯანაშიას მიმართ გამოცემული ორდერი

/

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ალტ-ინფოს მხარდამჭერის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი.

საქმე შეეხებოდა ხატია ჯანაშიას მიერ არასრულწლოვნის ვიდეოს გამოყენებას, დამონტაჟებას და გავრცელებას იმგვარად, რომ საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა თითქოს არასრულწლოვანი საუბრობდა წიგნზე, რომელიც ლგბტქ თემატიკაზეა დაწერილი, რითაც წარმოიშვა საფრთხე არასრულწლოვნის მიმართ კონსერვატიული და ულტრა მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. არასრულწლოვანის უფლებებს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR იცავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორდერი გამოცემული იყო კანონიერად. ორდერი გამოცემულია 9 თვის ვადით. ხატია ჯანაშიას აეკრძალა არასრულწლოვნის გამოსახულების გამოყენება და გავრცელება. ასევე, ყველა სახის მედია საშუალებების (მათ შორის – სოციალური მედიის) და სოციალური ქსელების გამოყენებით, არასრულწლოვნის შესახებ საუბარი.

ქვიარ “სტრიტ არტი”

/

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება და ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად. ქვიარ “სტრიტ არტი” ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომელიც გაფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

არტისტ ლუჩადორას “The other colors” ფლორენციაშია. ეს გახლავთ არტისტისა და ხელოვნებისა და კულტურის ასოციაციის (A Testa Alta E.T.S.) კოლაბორაცია, რომელიც 2021 წლის პრაიდის თვეში დაარსდა და მიზანი ინკლუზიურობისა და ცნობიერების ამაღლება იყო.

ნიუ იორკში, ღამის კლუბთან “3 Dollar Bill” განთავსებულია მურალი, რომელიც 2019 წელს შეიქმნა “World Pride Mural Project” ფარგლებში, რომელიც სტოუნვოლის აჯანყებიდან 50-ე წლისთავს აღნიშნავდა. ნახატის ავტორი უცნობია.

არაბინარული არტისტის, სემ კირკის “Be true” როკფორდში მდებარეობს, ილიონოისის შტატში. ნამუშევარი ასახავს ქვიარების ექსპრესიას ცეკვის მეშვეობით.

ქუჩის ეს ნიშანი კლეტ აბრაჰამს ეკუთვნის და ფლორენციაშია. ავტორის ქვიარ ნამუშევრებს ტოსკანას ქუჩებშიც მრავლად შეხვდებით.

ფლორიდას შტატში შეხვდებით მურალს “Pride & Love”, რომლის ავტორიები არიან ჩედ მაიზი და ჯეი ჰოფი. ლეგოს სტილში შესრულებული ნამუშევარი გამოხატავს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას.

მილანში, კონკრეტულად კი პორტა ვენეციაში შეხვდებით პატარა ვარდისფერ კაცუნას, რომლის ავტორია ალუა. ავტორის თქმით, ვარდისფერი კაცუნებს არ აქვთ რომელიმე იდენტობა და გამოხატავენ თანასწორობასა და სიყვარულს.

კოპენჰაგენში შეხვდებით მატარებლის გრაფიტის, რომელიც All EDES-ს ეკუთვნის. ავტორმა ნამუშევარი ჰომოფობიას მიუძღვნა და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის არის.

ვოშინგტონში მდებაროებს ცნობილი მურალი “Love”, რომელიც  Lisa Marie studio-ს ეკუთვნის. ნამუშევარი 2017 წელს შეიქმნა, რომელიც ერთიანობასა და თანასწორობას გამოხატავს.

დევიდ ლი პერეირას “Yes” ავსტრალიაში, კერძოდ მელბურნში მდებარეობს. ნამუშევარი 2017 წელს შეიქმნა, რომლის მიზანი იყო მოეწოდებინა პარლამენტისთვის, შეუერთდნენ მსოფლიოს და აღიარონ ქვიარების უფლებები და გეი ქორწინება.

კეიტ ჰარინგის ცნობილი ნამუშევარი “Tuttomondo” იტალიაში, პიზაში მდებაროებს, რომელიც თანასწორობის  ერთ-ერთი სამაგალითო გამოხატულებაა.

 

წყარო: https://quiikymagazine.com/en/gay-street-art/?fbclid=IwAR0SRLQtVx-Rl8kxukBFb_ortxU1NZxX-5cy5uJoabmtegJFq-kk7VLwoHc

ორმაგი ფემიციდი თბილისში – შსს-ს თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

//

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. კაცმა მკვლელობა ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა.

მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არის თუ არა უსაფრთხო ელექტრონული სიგარეტი და აიქოსი

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული პროდუქტები უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და წარმოადგენს სიგარეტისთვის თავის დანებების ალტერნატიულ საშუალებას.

სტატიაში განვიხილავთ, რას წარმოადგენს ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო და რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული პროდუქტები.

ელექტრონული სიგარეტი (ე.წ. “ვეიპი”) შეიცავს სითხეს. სითხის გახურების შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომელსაც ჩაისუნთქვას ადამიანი. ელექტრო სიგარეტის უმეტესობა შეიცავს ნიკოტინს, ასევე, პროპილენ გლიკოლს, გლიცერინს, სხვადასხვა კარცენოგენულ ნივთიერებებსა და დანამატებს. ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც შედის ელექტრონული სიგარეტის შემადგენლობაში, ასოცირებულია ფილტვების დაავადებებთან და კიბოსთან.

ელექტრონული სიგარეტის დაახლოებით 15000-მდე არომატი არსებობს და მოწყობილობის დიზაინიც განსხვავებულია. ბოლო ათწლეულებში ელექტრო სიგარეტის მოხმარება საკმაოდ გაზრდილია როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულებში.

ბოლო პერიოდში საკმაო პოპულარობით სარგებლობს ელექტრონული სიგარეტის ახალი ბრენდი JUUl. მას აქვს USB ფლეშ დრაივის ფორმა. სხვა ელექტრონული სიგარეტებისგან განსხვავებით JUUl-ს აქვს მაღალი ნიკოტინის შემცველობა. მისი ერთი კაფსულა შეიცავს იმდენივე ნიკოტინს, რამდენსაც ერთი კოლოფი სიგარეტი. ამიტომ აღნიშნული პროდუქტი განსაკუთრებით საშიში და ზიანის მომტანია.

ელექტრო სიგარეტი ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, განიხილება როგორც თამბაქოს პროდუქტი, ისევე, როგორც სიგარეტი.

გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი, როგორიცაა აიქოსი, წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას. ის ელექტრონული სიგარეტისგან განსხვავებით წვის ნაცვლად ახურებს თამბაქოს ფოთოლს გარკვეულ ტემპერატურამდე, რათა გამოიყოს ნიკოტინი, შედეგად კი, გამოიყოფა აეროზოლი, რომელსაც შეისუნთქავს მომხმარებელი.

აიქოსი შეიცავს ნიკოტინს, რომლის რაოდენობა სიგარეტისგან განსხვავებით შედარებით ნაკლებია (0,3 – 0,8 მგ), თუმცა, რადგან აიქოსის შემთხვევაში ხდება არა თამბაქოს ფოთლის წვა, არამედ წვის პროცესამდე გახურება, მომხმარებელი შესუნთქვისას შეიწოვს მეტ ნიკოტინს.

ელექტრონული სიგარეტი და აიქოსი შედარებით ახალი პროდუქტებია და ამჟამად მიმდინარეობს მათი კვლევა. თუმცა, უკვე სახეზეა ფაქტები, რაც არსებული კვლევების შედეგად ცნობილია. მაგალითად:

  • ელექტონული სიგარეტის მოხმარება არ არის უსაფრთხო;
  • ელექტრონული სიგარეტის უმეტესობა შეიცავს ნიკოტინს;
  • ელექტრონულ სიგარეტში და აიქოსში შემავალი ნიკოტინი და სხვა მავნე ნივთიერებები განსაკუთრებით აზიანებს ახალგაზრდებს, რადგან მათი ტვინი განვითარების პროცესშია;
  • ელექტრონული სიგარეტი ნიკოტინის გარდა შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მავნებელია ჯანმრთელობისთვის;
  • ახალგაზრდები ვინც მოიხმარენ ელექტრო სიგარეტს ან აიქოსს, აქვთ მომატებული რისკი, რომ მომავალში გახდებიან კლასიკური სიგარეტის მწეველები.

ვეიპებისა და აიქოსის მწარმოებელი კომპანიები იყენებენ  მიმზიდველ არომატებსა და დიზაინს არაპირდაპირი რეკლამირების გზით. კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ახალგაზრდა სინჯავს აიქოსსა და ვეიპს ინტერესის გამო. აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად ელექტრონულ სიგარეტებში აიკრძალა გარკვეული არომატებისა და მენთოლის გამოყენება.

 

გამოყენებული მასალა:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. (2023). https://www.ncdc.ge/#/pages/file/02af3037-538c-470a-b7f1-ccc064c7dcc5

Centers for Disease Control and Prevention. https://www.cdc.gov/tobacco/basic_information/e-cigarettes/Quick-Facts-on-the-Risks-of-E-cigarettes-for-Kids-Teens-and-Young-Adults.html

ბელგრადში პრაიდი ჩატარდა

//

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრაიდზე ასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის ლიდერებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ალტილგბტ გზავნილების ფონზე. პრაიდის მარშზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო.

მარშის მონაწილეებს თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები. პრაიდის პარალელურად იმართებოდა ჰომოფობიური აქცია.

გასულ წელს ბელგრადის პრაიდს დაპირისპირება მოჰყვა ანტილგბტ ჯგუფსა და პოლიციას შორის.

22-24 სექტემბერს თბილისში ფემინისტური ფორუმი ჩატარდება

2023 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში ტარდება, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ორგანიზებული, ფემინისტური ფორუმი.

წლევანდელი ფემინისტური ფორუმის წამყვანი თემაა ცოდნა. ცოდნა, რომელიც, ორგანიზატორთა განმარტებით, არ დაიყვანება დასავლურ ფილოსოფიამდე, არამედ ლოკალურია, იქმნება კონკრეტული სოციალური პოზიციიდან, წარმოადგენს სოციალურ პრაქტიკასა და პოლიტიკურ პროცესს.

“ფემინისტური ფორუმის 3 დღის განმავლობაში, ვორქშოპ-სახელოსნოებით, პანელური დისკუსიებით, ფილმის ჩვენებებით და მოხსენებებით ჩავეფლობით ფემინისტურ, ქვიარ და დეკოლონიურ კრიტიკასა და რეფლექსიაში; ვიმსჯელებთ ცოდნის გაბატონებულ სისტემებსა და ინსტიტუტებში ჩვენი რეალური გამოცდილებების მარგინალიზების, გაუფასურების ან ინსტრუმენტალიზების მექანიზმებზე; ცოდნის ინსტრუმენტალიზებაზე იმპერიული რეჟიმების მიერ; მოვხაზავთ წინააღმდეგობის სტრატეგიებს და ერთად წარმოვიდგენთ, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქმნებოდეს ცოდნა, რომელიც ძალას მოგვცემდა მრავალხმიანი, მრავალფეროვანი და სამართლიანი სამყაროს შექმნისთვის.” – მითითებულია ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებაში.

ფორუმში მონაწილეობისთვის, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2023 წლის 18 სექტემბრამდე, შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://wisg.org/ka/events/detail/307

 

 

 

გოდოლაძემ მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

//

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. მან საჩივარი შეიტანა თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების წინააღმდეგ, თეიმურაზ შერგელაშვილი მისი ყოფილი პარტნიორია.

გოდოლაძის ადვოკატი, ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

ადვოკატის თქმით, ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას 4 სექტემბერს გადაუგზავნეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

რუსთავი 2-მა 22 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. გოდოლაძემ ამ ბრალდებას “შეთითხნილი” უწოდა. გოდოლაძემ მაშინ დაწერა, რომ რეალურად, მასზე ყოფილმა პარტნიორმა იძალადა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები შეთითხნა. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ ინფორმაციის არასწორად გავრცელებით მის გაჩუმებას ცდილობს, რაც არ გამოუვა.

ფემინისტური ბრაზი: მნიშვნელობა და შესაძლებლობები

///

სტატიის ავტორი: მეგი თედორაძე

დეფინიცია და მიზნები

ბრაზის განმარტება მრავალწახნაგოვანია, თუმცა იგი ყველაზე ხშირად განისაზღვრება, როგორც უსიამოვნების მძაფრი შეგრძნება, მტრული დამოკიდებულება თავისი ობიექტის მიმართ, ან საერთოდაც – აგრესია. ამის გამო, უმეტესად ბრაზზე, როგორც ინდივიდუალურ ემოციაზე, ისე ვსაუბრობთ და მას იმ ქცევასთან ვაიგივებთ, რომელიც პერსონალურ დისკომფორტს უკავშირდება. ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი ინტერპერსონალური ურთიერთობით გამოწვეული ბრაზი თუ გაღიზიანება, კონფლიქტი მეგობრებთან თუ პარტნიორთან და სხვა.

თუმცა, ამასთანავე, ბრაზი შესაძლოა, მეტად კოლექტიური, სოციალური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი დადებითი მუხტის მატარებელი ემოციაც იყოს, რომლის მიზანსაც პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა წარმოადგენს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკური ბრაზი ხშირად გვაფრთხილებს უსამართლობის, დამცირებისა და მოყენებული ზიანის შესახებ და გვკარნახობს, რომ სოციალურ ველში ცვლილებაა საჭირო. შესაბამისად, იგი პასუხისმგებლობასთან, პოლიტიკურ სამართლიანობასა და ხშირად თანასწორობასთანაც შეიძლება დავაკავშიროთ.

ამ სტატიაში იმ ბრაზზე ვისაუბრებთ, რომელიც თან ინდივიდუალურია და თანაც სოციალურად განიცდება. ეს არის ბრაზი იმ ზიანის გამო, რომელსაც კონკრეტული ჯგუფის ადამიანები გამუდმებით იღებენ ინსტიტუციებისა თუ სხვა ჯგუფების ადამიანებისგან. მთავარი ფოკუსი, რომელშიც ამგვარ კოლექტიურ ბრაზს განვიხილავთ – ფემინიზმია. ვინაიდან ფემინიზმის უამრავი განსხვავებული განმარტება არსებობს, საჭიროა, აქვე მოვხაზოთ ჩვენი მსჯელობის საზღვრები და ვთქვათ, რომ ამ სტატიაში ფემინიზმი განხილული იქნება თავისი ყველაზე ზოგადი დეფინიციით, როგორც ფილოსოფია და მოძრაობა, რომლის მიზანსაც სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანასწორობა წარმოადგენს. 

Photo by Fred Murphy,  Article “Women’s Anger and the art of the feminist manifesto”,  Magazine – The new political and independence voices of Athens.

ბრაზიანი ფემინისტის სახე 

ბრაზიანი ფემინისტის სახე მყარი სოციალური კლიშეა, რომელიც ადამიანების ნაწილს ხშირად ნეგატიური კონოტაციებით უბიძგებს საკუთარი თავი არა ფემინისტურ, არამედ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან გააიგივონ. მაგალითად, ხშირად გვესმის, რომ ფემინისტები რადიკალურები არიან, მუდმივად ბრაზობენ, არაფერს თმობენ, მათთან ლაპარაკი გაუსაძლისია და რადგან უბრალოდ ყველაფერი სძულთ და არაფრით არიან კმაყოფილები. სამწუხარო ფაქტია, რომ იმ ადამიანების ნაწილი, რომელთაც პოლიტიკურად ფემინისტური შეხედულებები აქვთ, სწორედ ამ სახე-ხატის გამო იკავებს თავს ფემინისტურ მოძრაობასა თუ აქტივიზმში ჩართვისგან.

საინტერესოა, რატომ არის ამდენად შემაბრკოლებელი თუ შემაწუხებელი გაბრაზებული ფემინისტის ან სულაც, გაბრაზებული ქალის დანახვა და რა დისკომფორტებთან ხდება მისი დაკავშირება. ისტორიულად ქალებს ხშირად მიეწერებოდათ ისეთი მახასიათებლები, რომლებიც „ზედმეტ ემოციურობას“ მოიაზრებდა, მათ შორისაა, ისტერიულობა, ირაციონალობა, სიგიჟე და მრავალი სხვა. ეს სახელმდები ტერმინები ხშირად იმისთვის გამოიყენება, რომ ქალებმა ნაკლები ადგილი დაიკავონ სოციალურ ველში, ნაკლებად ხმაურიანები და ნაკლებად მომთხოვნები იყვნენ და შესაბამისად, მასკულინობის შეუპოვრობას საფრთხე არ შეუქმნან. არსებობს მრავალი კვლევა იმის შესახებ, რომ მამაკაცი პოლიტიკური ლიდერები ბრაზის ან ნებისმიერი სხვა მძაფრი ემოციის გამოხატვისას სოციალურად და პოლიტიკურად ჯილდოვდებიან და ხშირად ქარიზმატული ლიდერის სტატუსაც მოიპოვებენ. თუმცა, მეორე მხრივ, ქალი პოლიტიკოსების მიერ იმავე ემოციების გამოხატვა ხშირად ისევ ისტერიულობასა და არაპროფესიონალიზმთან კავშირდება. 

Photo by Aditi Shah, Article  – This Angry Feminist Isn’t Going To “Calm Down”, Magazine Feminism in India.

გარდა არაერთი პოლიტიკური მაგალითისა, შეგვიძლია, გავიხსენოთ ლიტერატურული მაგალითებიც, რომელთა შორისაც აუცილებლად მოხვდება მედეა, რომელმაც ჯერ შვილები მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა; ანტიგონე, რომელმაც თავისი მოღალატე ძმა ქალაქის წესებისგან საწინააღმდეგოდ მაინც დაკრძალა და შესაბამისად, საფრთხე შეუქმნა მეფის, კრეონის, ავტორიტეტს; შეგვიძლია, გავიხსენოთ უფრო გვიანდელი ტექსტებიც, მაგალითად სილვია პლათის „ზარხუფი“, რომელშიც თვითმკვლელობის არაერთი მცდელობა და ღრმა დეპრესიაა აღწერილი; ფილმები „Gone Girl”, “Midsommar”, “Hereditary”, “Promising Young Woman” და მრავალი სხვა. მთავარი ნიშანი, რომელიც აქ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ტექსტებსა თუ ფილმებს აერთიანებს ისაა, რომ თითოეულ მათგანში ქალები, რომლებიც საკუთარი აგენტობის განმტკიცებას სხვადასხვა ინსტიტუციის შიგნით ცდილობენ, იმავე ტექსტებში სხვა პერსონაჟების მიერ (რომლებიც უმეტესად წარმოადგენენ კიდეც ინსტიტუციურ სახეს) სახელდებულები არიან როგორც ირაციონალურები, შეშლილები, გაუწონასწორებლები ან უბრალოდ სრულიად აცდენილები თავიანთი რეალობის კონტექსტებს. მაგალითისთვის, გავიხსენოთ „ზარხუფში“ აღწერილი მკურნალობის მეთოდები ფსიქიატრიულ კლინიკაში და ესთერის, მთავარი პერსონაჟის, საუბრები ფსიქიატრ კაცთან. 

Why Does Medea Kill Her Sons Before Fleeing to Athens to Marry Aegeus? Blog at Classical Literature

ბრაზიანი ან ემოციური ქალისა თუ ფემინისტის სახეს ხშირად ვხვდებით პოპ-კულტურასა თუ თანამედროვე ულტრანაციონალისტურ, მიზოგინურ დისკურსში, სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ბრალს სდებენ თავიანთი ქცევის, ჩაცმულობის, ან საერთოდ, ხმის ამოღების გამო ამ ძალადობაზე. ისეთი დიდი პოლიტიკური მოძრაობებიც კი, როგორიც მაგალითად იყო #MeToo, საზოგადოების ნაწილის მიერ უბრალოდ ათვალწუნებულია ზედმეტად სიჩუმის დარღვევის, ბრაზის თუ ტკივილის საჯარო გამოხატულების გამო. შესაბამისად, მარტივად რომ შევაჯამოთ, ქალების გრძნობების ვილანიზაციის (დემონიზების – რედ.) უზარმაზარი ისტორია გვაქვს, თუმცა მაინც გვჯერა, რომ ეს გრძნობები ვალიდურია და ბრაზი ინსტრუმენტული, უდიდესი მუხტის მატარებელი და რეალური ცვლილების გამომწვევი შეიძლება იყოს.  

Article “The #MeToo Movement and its Impact on Employment Law, By Laura Crocker.

ემოცია და საპროტესტო მოძრაობები

მანამ, სანამ ფემინისტურ კვლევებში ბრაზის მნიშვნელობაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, უნდა ავხსნათ ემოციების ზოგადი როლი კოლექტიურ, კონკრეტულად კი საპროტესტო მოძრაობებში. ბერკლის სოციოლოგიის პროფესორი, ჯეიმს ჯასპერი, თავის კვლევაში საპროტესტო მოძრაობებში ემოციების მნიშვნელობის შესახებ წერს: „ბოლო დეკადაში, პოლიტიკასა და პროტესტში ემოციების კვლევა დაიწყო იმ ცხადი პროცესის გააზრების შედეგად, რომ სხვადასხვა სახის ემოცია იწვევს პოლიტიკურ მოქმედებას“ (Jasper 611).

ხოლო ბრაზთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „ბრაზი და გაღიზიანება, განსაკუთრებით, მორალში დაფუძნებული ბრაზის ფორმა (მორალური ბრაზი), არსებითად მნიშვნელოვანია პროტესტის მრავალი ასპექტისთვის. ეს ემოციები არამხოლოდ კარნახობენ ადამიანებს მონაწილეობის მიღების საჭიროების შესახებ, არამედ ბრალეულობას სოციალური პრობლემებისკენ მიმართავენ, რომლითაც პროტესტის მონაწილეთა შორის სიმპათია და ურთიერთპატივისცემა ჩნდება, რაც, თავის მხრივ, სტრატეგიული გადაწყვეტილებების განმაპირობებელი შეიძლება გახდეს. მიუხედავად ამისა, ბრაზი ხშირად მოუხელთებელია და ჩვენს თანამედროვე საზოგადოებებში აგრესიასაც უკავშირდება“ (Jasper 208). 

ჯასპერის კვლევაზე დაყრდნობით და არამხოლოდ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნებისმიერ საპროტესტო მოძრაობას აქვს თავისთვის დამახასიათებელი ემოციების რეზერვუარი, რომლის გამოც პროტესტის მონაწილეები როგორც ერთმანეთის, ისე პროტესტის ობიექტის მიმართ უამრავ განსხვავებულ ან მსგავს ემოციას შეიძლება განიცდიდნენ. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია, მეოცე საუკუნის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული ქალთა გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელში მონაწილე პროტესტანტებს შორისაც არსებითად გაიყო დამოკიდებულება ქვიარ ადამიანების ფემინისტურ მოძრაობაში ჩართვის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ემოციები და ბრძოლის ტაქტიკები განსხვავდება ერთანეთისგან, რამაც ხშირად ჯგუფის შიგნით სეპარაციაც შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ის, რომ მოძრაობების აბსოლუტური უმრავლესობა აფექტურად განცდილ, კოლექტიურ ემოციებზეა დაფუძნებული შეგვიძლია, სწორად მივიჩნიოთ.

Protest in New York. March for women’s liberation, 1971 United States

ბრაზის მნიშვნელობა ფემინიზმისთვის

რატომ არის მნიშნველოვანი ბრაზი და ემოცია ფემინიზმისთვის და რა არის ის გამოწვევები თუ სიკეთეები, რომლებსაც მსჯელობის ეს რაკურსი გვკარნახობს? პირველ რიგში, გავიხსენოთ ბრაზიანი ფემინისტის სახე რომელსაც გენდერისა და ქვიარ თეორიის ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე მკვლევარი, სარა აჰმედი, ფემინისტ სიხარულის მკვლელს უწოდებს (Feminist Killjoy). ამ სუბიექტის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ იგი  ზედმეტად ხმამაღალია, ყველგან თავის აზრს აფიქსირებს და მაშინ, როცა ადამიანების უმეტესობა მშივდად მუსაიფობს ვახშამთან ერთად, ნებისმიერ სიხარულს, რომელიც მარეპრესირებელი დისკურსიდან შეიძლება ვითარდებოდეს, ადგილზევე კლავს. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ნარატივები ჰეტერონორმატიულობის და სექსიზმის შესახებ, რომელსაც ფემინისტი სიხარულის მკვლელი მომენტალურად შეეწინააღმდეგება.

ტექსტში „ფემინისტურად ცხოვრება“ აჰმედი წერს, რომ „სიხარულის მკვლელს ხშირად აკრავენ ემოციურის, ზედმეტად ემოციურის, იარლიყს; ამბობენ, რომ გრძნობები განსჯაში გვიშლის ხელს. სინამდვილეში კი გრძნობები ამბოხის ველია.“ (Ahmed, 246) ამბოხის ველი კვლავაც იმ ველთან არის კავშირში, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური შეიძლება იყოს, ან ისევ ფემინისტურ დისკურსს თუ მოვიშველიებთ, ინდივიდუალურობის შემთხვევაშიც კი პოლიტიკურია.


აჰმედი საუბრობს იმაზეც, რომ ეს ემოციები სექსისტურ დისკურსში ხშირად როგორც ზედაპირული, ბავშვური და ნაივური, ისე მოიაზრება: „მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი იმ მოსაზრებას, რომ ფემინისტი სიხარულის მკვლელები ზრდასრულები გახდებიან, გაიზრდებიან, და ეს ზრდასრულობა ნაკლებ ინტენსიურობასაც იგულისხმებს. ამ კონტექსტში, ზრდასრულობა ცალსახად არასწორი ტერმინია. ეს წარმოდგენა კი, რომ ზრდასრულობა ფემინისტი სიხარულის მკვლელს დაატყდება თავს, გულისხმობს ან იმედოვნებს, რომ ფემინიზმიც – ის ფემინიზმი, რომელიც ყოველთვის ფემინისტურ განცხადებებს აკეთებს და ისიც, რომელიც გაბრაზებული და კონფრონტაციულია – უბრალოდ ფაზაა, რომელიც ასევე გაივლის.“ (Ahmed, „Killjoy in Crisis“) თუ გავიხსენებთ ისტორიას ქალების გრძნობების ვილანიზაციის შესახებ, არ გაგვიჭირდება იმის დანახვაც, რომ დისკურსი, რომელზეც აჰმედი აქ საუბრობს, ფემინისტური ემოციების ინფანტილურობას, რაციონალობის სიმცირესა და არასანდოობას უკავშირდება.

არაჩვეულებრივი ამერიკელი შავკანიანი ლესბოსელი აქტივისტი, მწერალი და პოეტი, ოდრი ლორდი, თავის სიტყვით გამოსვლაში „ბრაზის შესაძლებლობები“ რასიზმისა და თეთრკანიანი ფემინიზმის კავშირზე საუბრობს – ამ გამოსვლაში ლორდი ახსენებს იმას, რომ ხშირად თეთრკანიანი ქალები ნებით თუ უნებლიეთ უგულებელყოფენ თავიანთი შავკანიანი „დების“ ჩაგვრას. ბრაზი კი ამ მდგომარეობაზე საპასუხოდ, ლორდის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური და ინსტრუმენტული ემოციაა. 

Audre Lorde, FEM  Newsmagazine

ლორდი წერს: „თითოეულ ქალს აქვს ბრაზის დიდი მარაგი, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი გახდეს იმ პერსონალური თუ ინდივიდუალური ჩაგვრის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელმაც თავისთავად გამოიწვია ამ ბრაზის არსებობა. თუკი მას სიფრთხილით დავაკვირდებით, იგი შესაძლოა ენერგიის იმგვარ მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს, რომელიც პროგრესსა და ცვლილებას შეუწობს ხელს. და როცა ცვლილებაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მარტივ ცვლილებას პოზიციებს შორის, ან დაძაბულობების დროებით შემსუბუქებას, არც იმის უნარს, რომ გავიღიმოთ ან უკეთ ვიგრძნოთ თავი. მე ვსაუბრობ ფუნდამენტურ და რადიკალურ ცვლილებაზე ყველა იმ დაშვებისა, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას განაპირობებენ.“ (Lorde 8)

როგორც ვხედავთ, ამ მონაკვეთში ლორდი, ერთი მხრივ, ბრაზის გამომწვევ მიზეზებზე, მეორე მხრივ კი მის პოტენციალზე საუბრობს – თუკი ბრაზი სისტემური ჩაგვრით არის გამოწვეული, მისი მიმართვა შესაძლებელია ამავე სისტემისკენ იმგვარად, რომ არსებითი, გრძელვადიანი გადაჭრები მივიღოთ და არა დროებითი გამაყუჩებლები. იმავე გამოსვლაში ლორდი ერთმანეთისგან განასხვავებს ბრაზსა და სიძულვილს, რაც, ვფიქრობ ძალიან მნიშველოვანია ჩვენი მსჯელობისთვისაც. იმის გამო, რომ ბრაზი ხშირად აგრესიასთან კავშირდება, შესაძლოა, იგი გაიგივდეს სიძულვილთანაც: 

„მაშინ, როცა ერთმანეთის ბრაზის მტკივნეულ სახეებს განვსჯით, გთხოვთ, გავიხსენოთ, რომ ჩვენი ბრაზი არ გაიძულებთ ჩაკეტოთ კარი ღამით, და არც ჰარტფორდის ქუჩებში მარტო სიარულს გაიძულებთ. ის, რაც ამ ქუჩებში დაძრწის, სიძულივილია – ეს სურივილი, რომ ყველა ჩვენგანი განადგურდეს. (…) თქვენი სიძულვილი და ჩვენი ბრაზი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. სიძულვილი იმათი მრისხანებაა, ვინც ჩვენს მიზნებს არ იზიარებენ და რომელთა მიზანსაც სიკვდილი და ნგრევა წარმოადგენს. ბრაზი გლოვაა და მის მიზანს ცვლილება წარმოადგენს.“ (Lorde 8)

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ლორდი გულისხმობს, რომ სიძულვილის მიზანი ჩაგვრა, ნგრევა და განადგურებაა, ბრაზი კი მხოლოდ პასუხია ამ სიძულვილზე. სწორედ ამის გამო, იგი ამბობს: „ჩვენ ვერ დავრთავთ ბრაზის შიშს იმის უფლებას, რომ გვაცდუნოს, ბრუტალურ სიმართლეზე ნაკლებს დავთანმხდეთ. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ ეს ემოცია და ბრაზები, რომლებიც მასთან კავშირდება, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ოპონენტები ძალიანაც სერიოზულები არიან ჩვენსა და იმის სიძულვილში, რის გაკეთებასაც [პოლიტიკურად] ვცდილობთ.“ (Lorde 8)

Audre Lorde

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბრაზი, ისევე როგორც ნებისმიერი ემოცია, რომელიც კოლექტიურად განიცდება, არსობრივად ინსტრუმენტული შეიძლება იყოს, რაშიც მათი დახმარებით ჩაგრული ჯგუფების გაერთიანება და საერთო ამბოხის სურვილის აღმოცენება მოიაზრება, ამიტომ მიუხედავად მისი მრავალი ფორმისა, იგი [ბრაზი] შესაძლოა, ძალიან დადებითი მამოძრავებელიც გახდეს. თუკი რაიმეს შეცვლა გვინდა, უნდა გავბრაზდეთ, მაგრამ ამას ჩვენი მთლიანი იდენტობა არ უნდა დავაკავებინოთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრაზით შეკავშირება სეპარაციის გამოწვევასაც გულისხმობს, რის თავიდან ასარიდებლადაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთის განსხვავებებისა და ჩაგვრის ინტერსექციულობისა თუ ინსტიტუციურობის დანახვა.

კაცი 15 წლის გოგოს ინტიმურ ფოტო/ვიდეოებს ყიდდა, ის დააკავეს

//

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

მათი ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა. ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, იგი მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება, არასრულწოვნის კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი იქნა 2003 წელს დაბადებული მამაკაცი, რომლის მობილური ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეობი, ასევე მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერები იქნა ამოღებული”, – აცხადებენ უწყებაში/

ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ზუგდიდის რაიონში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.