სექტემბერი 2023

ლაზარე გრიგორიადისი სააზოგადოებას მიმართავს და წერილს ავრცელებს

ლაზარე გრიგორიადისი გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. წერილი ადამიანის უფელბათა ცენტრმა გაავრცელა.

“საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ძალაუფლება ჩვენს ხელშია და ის დამოკიდებულება, რომ რა აზრი აქვს, მაინც იმას იზამენ, რაც უნდათ, არასწორია. ხელისუფლებას ძალაუფლება მივეცით ჩვენ, მარტის აქციებიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები შევაცვლევინოთ. მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. რეპრესიებს ახორციელებენ ყველა მხარეს და რაც მეტს გააგრძელებენ, მით უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ იმიტომ, რომ ეს ხალხს აერთიანებს.

მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ. ხელისუფლება ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს, ჩვენი დანაშაულია. მყიფე და მიზანმიმართული რეაგირება არ ვაჩვენეთ მათ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, თორემ დღის წესრიგს დღეს ჩვენ მოვიყვანდით. ამ რეალობის შეცვლა კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

Star Wars-იდან ერთი quote მახსენდება: ამბოხებულების პირველი ხომალდი რომ ფრინდება გეილუ ნერსეს ქალიშვილი ეუბნება თავის პატარა გუნდს: მებრძოლი ბრძოლას ერთი ბასრი ჩხირითაც მოიგებს თუ დასაკარგი არაფერი აქვსო. ამ მენტალიტეტით თუ მივუდგებით, მოგება გარანტირებულია. მადლობა ყველას თანადგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა დიდ მოტივაციას მაძლევს. წარმატება ყველას უსამართლობასთან წამოწყებულ საქმეში!” – წერს ლაზარე.

რაკმდენიმე დღის წინ ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის საქმეზე სასამართლომ  1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ორგანიზაცია „თავისუფლების თემი“ Freedom Community (ყოფილი „თანასწორობა 17“) წევრების მისაღებად კონკურსს აცხადებს

ქვიარ და ფემინისტური, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანასწორობა 17“ (ახლა უკვე “თავისუფლების თემი”) დღეს 7 წლის გახდა. გასული პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში:

  • სამართლებრივი დახმარება გაეწია ოჯახში ძალადობის მსხვეპლ 300-ზე მეტ ქალს, გოგონას და ლგბტქი თემის წევრს;
  • გამოიცა 22 შემაკავებელი ორდერი;
  • სახელმწიფო თავშესაფარში განთავსდა ან/და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა მოხდა 31 ადამიანის შემთხვევაში;
  • ორგანიზაციის მიერ ნაწარმეობ საქმეებზე დადგინდა დისკრიმინაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქმეებზე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით: ქუთაისის სასჯეაღსრულების დაწესებულების დირექტორის მიმართ, კერძო ბინათმესაკუთრის მიმართ, საკვები ობიექტის ადმინისტრაციის მიმართ, სახალხო დამცველის მიერ გაიცა რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ;
  • პანდემიის პერიოდში სოციალური დახმარება, საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, გაეწია 43 პენსიონერ ქალს;
  • ჩატარდა 7 ტრენინგი გოგოებისთვის, ქალებისთვის და ლგბტქი ადამიანებისთვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში და ზუგდიდში;
  • ჩატარდა 4 სოციაულური სპექტაკლი ქვიარ და ფემინისტურ თემატიკაზე: „თავისუფლების ფასი“, „ჩემი საძინებელი – ჩემი საკანი“, „ბედნიერი უფლისწული“, „კავკასიური მეტამორფოზა“;
  • ლგბტქი თემატიკაზე შეიქმნა 2 დოკუმენტური ფილმი: „კავკასიური მეტამორფოზა“ და „სხვა სახლი“;
  • გამოიცა სტრესის მართვის სახელმძღვანელო „სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ“
  • ამუშავდა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საადვოკაციო ინტერნეტ გამოცემა „Queer/ქვიარი“ და „Cognita/კოგნიტა“

ორგანიზაციის საქმიანობის მხარდამჭერი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებია: OSGF, WFG, ILGA – Europe, FNF, UNDP,  EED, IMS.  რაც ყველაზე ღირებულია, ორგანიზაციის ინიციატივებში მონაწილეობა მიიღო უამრავმა გულანთებულმა ადამიანმა, ვისაც სჯერა, რომ  ადამიანის უფლებების დაცვაზე და ლიბერალური ღირებულებების  მხარდაჭერაზე გადის ქვეყნის განვითარება.

„თანასწორობა 17“- ს დაფუძნებიდან დღემდე ხელმძღვანელობს ლესბოსელი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე. 7 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ორგანიზაციაში დასაქმებული ყოფილა 50-ზე მეტი ადამიანი. ამჟამად „თანასწორობა 17“-ში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც შეეხება ორგანიზაციის სახელის და მართვის სტრუქტურის ცვლილებას. ორგანიზაციის ახალი სახელწოდებაა „თავისფულების თემი“ Freedom Community, ხოლო მართვის სტრუქტურა მოიცავს ორგანიზაციის მართვის უმაღლეს ორგანოებს – ორგანიზაციის წევრებისგან შემდგარ საერთო კრებას და გამგეობას. შესაბამისად ცხადდება კონკურსი ორგანიზაციის საერთო კრების და გამგეობის წევრების პოზიციებზე.

საერთო კრების წევრობის ასევე გამგეობის წევრობის მსურველებმა, გთხოვთ 31 ოქტომბრამდე მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე [email protected] შემდეგი ინფორმაცია:

  • სამოტივაციო წერილი
  • რეზიუმე/CV
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემი
  • საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის საერთო კრების წევრის კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები:

  • ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
  • ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა;
  • ორგანიზაციის გამგეობის წევრების არჩევა;
  • ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილების მიღება.

გამგეობის წევრის კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები:

  • ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ორგანიზაციის შიდა საორგანიზაციო პროტოკოლების შემუშავება/დამტკიცება;
  • აღმასრულებელი დირექტორის არჩევა და მისი საქმიანობის ზედამხედველობა;
  • ყოველწლიური ნარატიული და ფინანსური ანგარიშების განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის მართვა. კრიზისული სიტუაციების მართვა.

გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ შერჩეული ვაკანსიის სახელწოდება „საერთო კრების წევრის კანდიდატი“ ან „გამგეობის წევრის კანდიდატი“.  გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 

ვილნიუსში ლგბტქი დემონსტრანტები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

//

28 სექტემბერს ვილნიუსში ლგბტ ორგანიზაცია LGL-ის მიერ ჩატარებული პროტესტის მიზანს წარმოადგენდა ლიტვის იუსტიციის მინისტრის წინადადების მხარდაჭერა, რომლის მიხედვით უნდა გაუქმდეს ლიტვის კანონის დებულება არასასურველი საჯარო ინფრომაციისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და ხაზგასმულია ინკლუზიური განათლების საჭიროება.

მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს აქციის ჩატარებაში ხელი შეუშალეს ე. წ. „ტრადიციული ოჯახის ღირებულებების“ დამცველი ჯგუფების წარმომადგენლებმა. მათ 28 სექტემბერ,  დილის საათებში ფიზიკურად დაიკავეს აქციის ჩატარების ადგილი, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეშლის მიზნით.

მარგინალური დაჯგუფების მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს ადგილზე მისული ლგბტქი აქტივისტები, აყენებდნენ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდნენ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას, გაანადგურეს აქციაზე მიტანილი ცისარტყელისფერებიანი დროშა.  შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგნელები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი აქტივისტები პოლიციელებს სთხოვდნენ დახმარებას, ისინი უმოქმედოდ იყვნენ. ორგანიზაცია LGL-ის ხელმძღვანელის, ვლადიმერ სიმონკოს განცხადებით, ეს იყო დამამცირებელი გამოცდილება, რომელმაც აჩვენა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს უნარი დაიცვას მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება.

ინფორმაციის წყაროა ლიტვური ორგანიზაცია LGL-ის საიტზე განთავსებული სტატია: https://www.lgl.lt/en/?p=27266

დააკავეს კაცი, რომელსაც ორი გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი, ბაია პატარაია ავრცელებს ინფორმაციას კაცის დაკავების შესახებ, რომელსაც ორი ახალგარზრდა ქალი ძალადობაში ბადანაშაულებს.

ორგანიზაცია “საფარი” იცავს ორი აქხალგაზრდა ქალის ინეტერსებს, რომელთა მიმართ იკვეთება 60 წლის მამაკაცის მხრიდან ჩადენილი შემდეგი დანაშაულების ნიშნები: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი. სავარაუდოა, რომ იგივე პირი სხვა არასრულწოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს.

„ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ – ინტერვიუ მიხეილ აბრამიშვილთან

//

ბიოგრაფია

1983 წელს, თბილისში დავიბადე. წელს 40 წელი შემისრულდა. ოჯახს რაც შეეხება, დედაჩემი რუსული ენის პედაგოგია სკოლაში, მამა – მხატვარი. ძალიან ვღიზიანდები, როცა ამბობენ რომ მამის კვალს გავყევი. ჩემი და მეცნიერების თეორიის მიხედვით, ტვინს არ გააჩნია რაღაც წინასწარგანსაზღვრული ნიჭების კრებული, ნიჭი გენეტიკით არ გადადის, მთავარი არის გარემო. რა თქმა უნდა ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი როგორ ხატავდა მამა, დედასაც ბევრი მხატვარი მეგობარი ჰყავდა, რეალურად, ხატვა ასე ისწავლება და არა აკადემიასა და სასწავლებლებში ჯდომით.

ერთი ასეთი თვისება მაქვს, რასაც დავიწყებ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო. მუსიკალურ სკოლაში  შვიდწლედი დავამთავრე, სადაც ვიოლინო შევისწავლე, მერე ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ვისწავლე, რომელმაც ძალიან კარგი ბაზისური ცოდნა მომცა, გავაგრძელე სწავლა სამხატვრო აკადემიაში, იქვე დავასრულე მაგისტრატურაც. შემდეგ კი, კონსერვატორიაში, ვოკალზე ჩავაბარე. სტუდენტობიდან ვმღერი, ვთამაშობ სპექტაკლებში, მაქვს პერფორმანსები და ექსპერიმენტალური გამოსვლები. არადა, მუსიკის ნიჭი ჩემს მშობლებსა თუ წინაპრებს არასდროს ჰქონიათ, არანაირი შეხება არ ჰქონიათ სცენასთან. ეს ისევ იმის პასუხად, რომ ნიჭი მემკვიდრეობითი ნამდვილად არაა.

შენში როდის გამოვლინდა ეს ნიჭი?

ამ კითხვას ხშირად მისვამენ. დაახლოებით იმ მომენტიდან ვიცოდი რომ ხელოვანი-არტისტი უნდა ვყოფილიყავი, რა მომენტშიც ადამიანი აღმოაჩენს ხოლმე როგორი თვალის, თმის ან კანის ფერი აქვს. ნებისმიერ სფეროში, რომელშიც აქტიურად შრომა მიწევს, ჩემთვის მთავარი არის შემოქმედებითი მიდგომა. მაგალითად, ძალიან კარგ კულინარადაც ვარ აღიარებული და ასევე ძალიან მაღიზიანებს, როცა რეცეპტს მეკითხებიან, იმიტომ რომ რეცეპტი არ მაქვს. კერძს ყოველთვის იმ მასალით, იმ შინაარსითა და იმ წუთის განწყობით ვაკეთებ. ამას თავმდაბლობის გამო არ ვამბობ, ჭეშმარიტებად მგონია რომ ყველას ყველაფერი შეუძლია. არაფერი იქიდან, რასაც მე ვაკეთებ, სიმღერა იქნება ეს თუ ხატვა, სასწაულად არ მიმაჩნია. 

ანუ, შენი აზრით, შემოქმედებითი ნიჭი განვითარებითი უნარია?

ნიჭი ყველა ადამიანშია, არ არსებობს ის არ გაგაჩნდეს. ადამიანმა საკუთარ თავში ჩაძიებით, კვლევით უნდა აღმოაჩინოს ეს ნიჭი. აუცილებლად ყველაფერს შემოქმედებითად უნდა მიუდგე, პურის გამოცხობაც რომ პურის გამოცხობაა, მაგასაც. ჩემი სლოგანია „რეცეპტები არ არსებობს“ (ერთ სპექტაკლში ვამბობ კიდეც ამას), რეცეპტები თავადვე უნდა გამოიგონო. პური რომ პურია, ნამცხვარი რომ ნამცხვარია, ქანდაკება კი ქანდაკება, ეს მოცემულობაა. აუცილებლად უნდა ეცადო ეს მოცემულობა განავითარო და არა დაჯდე და ამით დატკბე. ჩემი საყვარელი მწერლის გამონათქვამია: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ნებისმიერი რაღაცის პროცესი თუ არ გაბედნიერებს იმის შედეგიც აღარ უნდა გაინტერესებდეს, სხვა რაღაცაზე უნდა გადაერთო და ის განავითარო.

როგორ ფიქრობ ამ ფილოსოფიას რამ შეუწყო ხელი? საყვარელმა ავტორებმა თუ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებმა?

ცხადია, კითხვაც მიყვარს. ქართველი მწერლებიდან ძალიან მიყვარს რეზო ინანიშვილი, ოთარ ჭილაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გურამ დოჩანაშვილი. კინორეჟისორებიდან ჩემი საყვარელი ალმადოვარია, ვოცნებობ მის ფილმში მოვხვდე. მთლად უტოპიური ოცნებაც არ არის, შესაძლოა ახდეს კიდეც ეს ყველაფერი. ამ ადამიანების ყურებით, მოსმენითა და წაკითხვით ჩამომიყალიბდა ეს ფილოსოფია. მიყვარს ყველაფერი ახალი, რაც სიკეთესა და სიყვარულს ქადაგებს და არის ორიგინალური, თვითმყოფადი და არა ვიღაცის მიბაძვა. არ არის აუცილებელი მარტო ერთ სფეროში რეალიზდე, შენს შემოქმედებით პოტენციალს ერთ ნამუშევარში ხომ ვერ მოაქცევ. ერთი კერძის მომზადებისასაც ხომ ყველა მასალას არ იყენებ? ყველაფერს გემოვნებით აზავებ, როგორც ამას გრძნობა გკარნახობს, ამიტომაც არის უნიკალური ის რასაც ქმნი. სწორედ ასეთმა შემოქმედებმა მიბიძგეს რომ ყოველთვის საჭიროა შინაგანი ძიება. ზოგჯერ ადამიანს ამაში მედიტაცია და ლოცვაც ეხმარება, ასევე, გულწრფელი ურთიერთობა, სეირნობა, ბუნება, დაკვირვება, კითხვა, სპექტაკლების ყურება, შრომა.

როგორც თქვი, რასაც აკეთებ ბოლომდე მიმყავსო, შესაბამისად, ალბათ დიდ შრომას დებ ამ ყველაფერში, ხომ ასეა? 

იმდენად დიდ შრომას ვდებ ყველაფერში, რომ ჩემს მთავარ ნიჭადაც ეს მიმაჩნია. ძალიან ბევრს ვშრომობ და მგონია, რომ როდესაც ბევრს შრომობ და ბევრ რაღაცას აკეთებ, შეუძლებელია იქიდან რამე არ გამოვიდეს, ეს ყველაფერი აუცილებლად რეალიზდება რაღაც ენერგიაში. ამას არა მაინცდამაინც მატერიალური, გაყიდვის, კუთხით ვგულისხმობ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ, ჩვენ, ხელოვანებიც, ისევე როგორც ყველა, მატერიალურადაც რეალიზებულები უნდა ვიყოთ და ამაში სასირცხვილო არაფერია, პირიქით, საამაყოცაა. გამოდის რომ ვიღაცას მოსწონს ნამუშევარი, რადგან ყიდულობს, ვიღაც შენი ნამღერის მოსასმენად მოდის, მიზანიც ხომ ესაა – შენი შემოქმედება გავრცელდეს და ხალხმა ისიამოვნოს შენით.

პირადად შენ რას იღებ, როცა რეალიზდები როგორც მხატვარი, ან როცა მღერი და სპექტაკლს თამაშობ?

რამდენიმე ექსპერიმენტული სპექტაკლში მითამაშია, ფილმშიც გადამიღეს. ყველაფერი ეს, ხატვისა და სიმღერის ჩათვლით, ისეთ სიამოვნებას იწვევს ჩემში, ვერც აღვწერ. ყველა ჩვენგანი შეიძლება იყოს ძალიან კარგი მწერალი, მოცეკვავე, მაგრამ ამას მიღწევა სჭირდება და ყველამ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს. მე ვერასოდეს გავხდები მაგალითად, რაგბისტი, ისევე როგორც ბებიაჩემი ვერ იქნებოდა ბალერინა. მაინც მგონია რომ ყველა ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის რასაც მოისურვებს. თეატრში არსებობს ასეთი ტერმინი – „ამპლუა“. გინდა თუ არა ეს, საზოგადოება ყოველთვის გახვევს თავს ათას რაღაცას, მაგრამ ყველაზე უკეთ თავად იცი რა ამპლუაში ხარ და რა დიაპაზონში შეგიძლია მოღვაწეობა. არ უნდა გქონდეს უტოპიური იდეები – მთვარეზე გაფრენა, კოსმოსში გაფრენა – ამაზე ოცნებას არავინ ითხოვს. საკუთარი შესაძლებლობები ყველაზე უკეთ ადამიანმა იცის. სხვათა შორის, ხშირად ვუსმენ საინტერესო ადამიანების ლექციებს ტვინის შესაძლებლობებსა და გონებაზე. ძალიან მეხმარება ვიზუალიზაციის მეთოდი, ეს ცნობილი ხერხია, როდესაც ადამიანი თავის თავს სცენაზე წარმოიდგენს, გონებას თურმე შეუძლია ისე მოემართოს რომ ეს მერე მართლა მოხდეს. მაგალითად, ახლახან საცხოვრებელი სახლი გამოვიცვალე და ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ამით. მანამდე ვიჯექი და წარმოდგენილი მქონდა ახალ გარემოში, ახალ სახლში, ჩემი ნამუშევრების გარემოცვაში ყოფნა და შედეგად, ეს ახდა კიდეც. ეს სასწაულად არ მიმაჩნია, ეს მართლა შედის ადამიანის გონების შესაძლებლობებში. მე ეს მინდოდა და ამის პოტენციალიც მქონდა, ხომ არ წარმომიდგენია უზარმაზარი აუზიანი ვილა. მე ეს მაკმაყოფილებს, ასეც ბედნიერი ვარ. აქვე, სანამ მკითხავ, მივადგები იმ თემას, თუ რატომ არ მივდივარ ევროპაში. ხშირად მეკითხებიან რატომ არ მიდიხარ აქა თუ იქ, მე კი პროტესტი მიჩნდება. ცოტა პარადოქსულია, თუ ასეთი კარგი ვარ რატომ არ გინდა რომ ჩვენივე ქვეყანაში დამაკავო? და მაგზავნი სადღაც სხვაგან, სადაც გასაგებია, რომ უფრო დიდი ბაზარია და კარგად გავიყიდები, მაგრამ რადგან არ მნდომებია არსად წასვლა, ე.ი ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს ასეთი ცხოვრების წესი და ეს მაბედნიერებს, ჩემი ახლობლების გარემოცვაში, ამ გარემოსა და ბუნებაში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ბევრი სირთულეა.

რას იღებენ ადამიანები შენი მოღვაწეობით, როცა ნახატებს სახლებში კიდებენ, კონცერტზე ან სპექტაკლზე მოდიან, როგორი უკუკავშირია? რა არის ის, რასაც ადამიანებს შენი შემოქმედებით აძლევ?

უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ტაშს გიკრავენ და გაქებენ, გეუბნებიან რომ ისიამოვნეს და მოეწონათ შენი ნამუშევარი. სხვა რა უნდა უნდოდეს ხელოვანს. თუმცა, აქამდე მოსასვლელად დიდი გზაც გამოვიარე. ჩემი ხმიდან გამომდინარე, ძალიან დიდი პრობლემები მქონდა, მათ შორის, კონსერვატორიაში სწავლის პერიოდშიც. მე უფრო სოპრანისტი ვარ, უხეშად რომ ვთქვათ, მამაკაცის ხმა, რომელიც ქალის დიაპაზონში მღერის და ვარ კონტრ ტენორი, ვმღერი ძველებურ, ბაროკოს პერიოდის მუსიკას, თუმცა არც თანამედროვეს გავურბივარ და ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, სიახლეები, ნებისმიერ ექსპერიმენტზე ვთანხმდები თუ მარტივი, ბანალური და თითიდან გამოწოვილი არ არის.

რას გამოარჩევდი ბოლო პერიოდის შემოქმედებიდან, რომელ ექსპერიმენტს? 

ბოლო პერიოდიდან ჩემი და უტა ბექაიას პროექტებს გამოვყოფდი, რომელთა ფარგლებშიც ვმღეროდი ბაროკოს არიებს, რაც უშუალოდ ჩემი ხმისთვის არის დაწერილი და ამ ამპლუაში ისე ვარ, როგორც თევზი წყალში, აბსოლუტურად თავისუფალი. უტამ კი, აბსოლუტურად ორიგინალური კოსტიუმები შექმნა. სწორედ ასეთ ორიგინალობაზე ვსაუბრობ, მისი ნამუშევრები არის გამორჩეული, ინდივიდუალური, ერთადერთი და განუმეორებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბაროკოს ვმღერი არ ნიშნავს რომ ბაროკოს კოსტიუმები მეცვას, ყველანაირად ვეცადეთ, რომ შესრულება ავთენტური ყოფილიყო ინსტრუმენტებით, ხმით, კოსტიუმებითაც. შეიძლება ძველი კოსტიუმები გამოიყენო, მაგრამ ახალი სიცოცხლე შესძინო. არაამქვეყნიური და კოსმოსური ტიპის კოსტიუმები, რომლებიც მეცვა, ძალიან მოუხდა ერთმანეთს. ჩემი კონცეფციაც ეს არის, ვერ ვიტან ყველაფრის ერთმანეთთან შეხამებას, ყოველთვის მიყვარს აცდენილი ემოციებიცა და ფერებიც. ყველა ფერი ერთმანეთს უხდება. სიჭრელე და ეკლექტიკაა ჩემთვის მთავარი. 

შენი ნახატებიც ხომ საკამოდ ფერადია, ეს არის შენი ხიბლი?

ბევრს მოსწონს ხოლმე რომ მრავალი სტილი და მიმართულება მაქვს, მაგრამ ჩემს ნამუშევრებს ალბათ მაინც გამოარჩევენ. ჩემი განსაკუთრებულობაც იმაში მინდა იყოს, რომ ერთ სტილში მუშაობა არ შემიძლია, შეიძლება პერიოდები მქონდეს და ერთ სტილში ვიმუშავო, მერე სხვაზე გადავიდე და მერე ისევ დავუბრუნდე. არ არსებობს სამყაროში ორი ერთნაირი რამ, არც ნახატი, არც ნამღერი შეიძლება იყოს ერთნაირი ემოციით. მინდა ბევრნაირი გამოცდილება და ემოცია მივიღო, ისევე როგორი ბობოქარი და მრავალფეროვანიც არის ცხოვრება. 

როგორ ფიქრობ, რაში ეხმარება ან შეიძლება ეხმარებოდეს თანამედროვე საზოგადოებას სიახლისა და მრავალფეროვნებისკენ სწრაფვა? 

რა თქმა უნდა, მზა რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ადამიანმა დაინახა რომ შემოქმედებითი არსებაა და ყველაფერს შემოქმედებითად მიუდგება, ტოლერანტულიც იქნება, არც მრავალფეროვნების შეეშინდება, არც რაიმე სიახლის ან ჩარჩოს მიღმა გასვლის. ახლა ხელოვნებაში ძალიან პოპულარულია სოციალური თემატიკა, რაც გასაგებიცაა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიმართულება. ჩემს ხელოვნებას შეიძლება სალონურიც ვუწოდოთ. ცოტა ხნის წინ მეგობარს ვეუბნებოდი, მეც სოციალური არტისტი ვარ-მეთქი, თუნდაც მარტო იმიტომ რომ ნამუშევრებს დაბალ ფასში ვყიდი. რა არის იმაზე მეტი სოციალური მესიჯი, რომ ხელოვნება ხელმისაწვდომი გახდეს. ადამიანს შეიძლება ჩემი გვირილა, ჭიამაია თუ ბაბუაწვერა აბედნიერებდეს და ეს მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ყველაფერი მაინცდამაინც აქციებზე სიარული ხომ არ არის. ასევე, დიდი სიამოვნებით, ბედნიერებითა და ენთუზიაზმით ვერთვები საქველმოქმედო გამოფენებსა თუ კონცერტებში. ჩემი მიმართულება მაინცდამაინც სოციალურ თემატიკაზე ხატვა არ არის, ხშირად მეკითხებიან რატომ არ ვხატავ, მაგალითად, თუნდაც ლგბტ ან მაღაროელების თემატიკაზე. ჩემი პასუხია რომ ამის საჭიროებას არ ვგრძნობ. ვიღაცები ამაზე უკვე ხატავენ და ზოგჯერ ძალიანაც მომწონს მათი ნამუშევრები, მაგრამ მეც მაინცდამაინც მათნაირი ხომ არ უნდა ვიყო. მე ჩემი ცხოვრების გზა და მიმართულება მაქვს, მთავარია არ ემსახურებოდე ბოროტებას, არამედ, ემსახურებოდე ადამიანს.

რამ შეგიწყო ხელი, რომ საკმაოდ კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებასა და შესაბამისად, სახელოვნებო სფეროშიც, სირთულეების მიუხედავად, რეალიზებულიყავი?

არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ეს ყველაფერი მარტო ჩემი დამსახურებაა. ადამიანებს ყოველთვის ყველაფერს ვუფასებ და მადლიერი ვარ მათი გვერდში დგომისთვის. მაგრამ როცა თავიდან სცენაზე გამოვდიოდი, მე ვმღეროდი და ბევრი იცინოდა. მხატვრის თვალი მაქვს და ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავ, ნელ-ნელა ეს შემცირდა და თითქმის გაქრა. უბრალო ადამიანები უფრო კარგად მაფასებენ და მათი დაფასება და მადლიერება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალების. როცა დაცინვებმა იკლო, ბევრი მეუბნებოდა რომ აღფრთოვანებას მარტო ჩემი გამბედაობით ვიმსახურებდი, თუმცა ძალიან არ მინდა ტრაბახში გადამივიდეს. მეც ძალიან ბევრი რამ გადავლახე, რომ დღეს ადამიანებისთვის სცენიდან თავისუფლად მეყურებინა.

შეიძლება ითქვას, ადამიანების რწმენა დაგეხმარა. იმიტომ რომ, თუ ეს რწმენა არ გექნებოდა, ძალიან გაგიჭირდებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ისევე, როგორც მჯერა, რომ პურის გამოცხობა ყველას შეუძლია და როგორი პურიც არ უნდა გამოაცხოს, ეს კარგი და საუკეთესო იქნება თავისთვისაც და სხვებისთვისაც, ასევე მჯერა რომ ადამიანს სიკეთის ფორმულა იმთავითვე აქვს საკუთარ თავში და არ არსებობს აბსოლუტურად ბოროტი ადამიანი. ადრე სცენაზე შავი კოსტიუმით, აკადემიურად გამოვდიოდი, ახლაც გამოვალ თუ საჭიროა, მაგრამ როცა იმგვარ კოსტიუმსა და ამპლუაში ვარ, სადაც გენდერი წაშლილია, უფრო თამამად ვმღერი და დარბაზიდან წამოსული ემოციით ვგრძნობ ხოლმე რომ ყველა მათგანი ჩართულია და უსმენს. რაც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ვისწავლე ისაა, რომ ეს არ არის მხოლოდ ემოციის, არამედ დიდი პროფესიონალიზმის შედეგიც.

რა ემოციებს აღძრავს, შენი აზრით, მსმენელებში შენი შესრულება?

კონცერტის დროს, ვივალდი ჰენდელი (ბაროკო) ჟღერდება, რაც დიდ სენტიმენტებს იწვევს, თითქოს მარტივი მელოდიაა, მაგრამ იმდენად გენიალური რომ ძალიან დიდ ემოციებს აღძრავს და შესაძლოა, კათარსისიც გამოიწვიოს ხალხში. იმ დროს, როდესაც სცენაზე მსახიობი ან მომღერალი – შემსრულებელი – გამოდის, მაყურებელი ღმერთის პოზიციაშია, ის სკამზე ზის, გაკვირდება და გიყურებს, ხან გაიცინებს ხან იტირებს. შენ კი, ამ დროს ნამდვილი ადამიანი ხარ, რომელიც თამაშობს ან მღერის, შენ კი არ ხარ ღმერთი სცენაზე გამოსვლისას, არამედ სწორედ მაშინ ხარ ადამიანი და ღმერთები გაკვირდებიან. სცენაზე გასვლისას აბსოლუტური სიშიშვლის შეგრძნება მაქვს, როგორც აბანოში. სწორედ ამიტომაც არის ღელვაც და კანკალიც.


მე მოსმენისას ცხოვრების წარმომავლობის შესახებ სევდას მახსენებს.

ხელოვნებაც ხომ დაკარგული სამოთხის ძიებაა, ჩვენც ასე ვართ და ალბათ სწორედ ეს აისახება მუსიკაშიც. 

თუ დაკვირვებიხარ, შენი ნახატების შეძენით ძირითადად ვინ არის ხოლმე დაინტერესებული? 

ჩვეულებრივი ადამიანები, ძირითადად ქალები ჭარბობენ. ქალები არიან ისინიც, ვინც თამამად მეუბნებიან კომპლიმენტებს, თამამად ტირიან და ნამუშევრების შეძენითაც უფრო ქალები არიან დაინტერესებულნი, თუმცა კაცებიც გამოერევიან ხოლმე. კაცებს უფრო უჭირთ ემოციის გამოხატვა, მაგალითად, თუნდაც ფეისბუქზე გულის დაწერა.

როგორც ვიცი, ახლა პერსონალური გამოფენა გაქვს, ხომ ასეა?

დიახ, პერსონალური გამოფენა მაქვს, რომელიც 22 სექტემბერს, 18:00 საათზე იხსნება და 1 თვე გაგრძელდება. თემატურადაც ბევრი ნახატი გამოვფინე, სტილისტურადაც – მინიმალისტური უზარმაზარი აბსტრაქციებიდან დაწყებული, მინიატურებით დამთავრებული. ასევე გამოვა ჩემი ნახატებით გაფორმებული წიგნი, რომლის ავტორიც საბავშვო მწერალი ვასო გულეურია. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ილუსტრირებული პირველი წიგნი გამოიცემა. „ქარის მოყოლილი ამბები“, ასე ჰქვია და მალე ჩაეშვება გაყიდვაშიც. ბედნიერებად მიმაჩნია, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერში მეტნაკლებად რეალიზებული ვარ და დაფასებასაც ვხედავ. 

რომელ წლებში შესრულებული ნახატები იქნება გამოფენილი? 

ძველებიდან მოყოლებული, რამდენიმე დღის წინ შექმნილიც. არსებობს ასეთი Living Museum, მსოფლიოშიც არსებობს ასეთი მუზეუმები, სადაც ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა და რთული მდგომარეობა, არტ თერაპიით ეხმარებიან. ამ იდეით ნათია ფანჯიკიძე დამიკავშირდა, რომელსაც ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი „კამარა“ აქვს გახსნილი. პაციენტები ყველა ასაკობრივი კატეგორიის არიან და მათ ექიმები, ფსიქიატრები ეხმარებიან. ამ მუზეუმში, რომელსაც ტკივილების მუზეუმი დავარქვი, მუდმივმოქმედი გამოფენები იქნება, რომლის ფარგლებში 3-4 მხატვრის გამოფენა იქნება, „ლივინგ მუზეუმის“ მეგობრები და ავტორი. ამ გალერეაში სახლური სიტუაციის შესაქმნელად, გამოვფინე ნამუშევრები, რომლებშიც ყველაფერი სახლში ხდება და „ოთახები“ დავარქვი. აქ არის ყველაფერი – მაგიდაზე დალაგებული ჩემი ნამცხვრები, შინაური ცხოველები თუ ფანჯრიდან დანახული სამყარო თუ მცენარეები. ბევრი ნამუშევარია, მგონი 100-ზე მეტი. დიდი ხანი, დაახლოებით 5 წელია რაც გამოფენა არ მქონია, ადრე ხშირად ვაკეთებდი, წელიწადში 2-3-ჯერ. კონცერტზე მეტი პასუხისმგებლობა გამოფენაა და უფრო დამღლელიცა და ემოციურიც. 

რადგან კონცერტებიც ახსენე, ბოლო 5 წლის განმავლობაში რომელ შენს შესრულებას გამოყოფდი? 

თითქმის 40 წლის ასაკში პირველად ვიმღერე ჩვენი ოპერის თეატრის სცენაზე. ჩემი ხმის სპეციფიკიდან და იმ ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც არის, იდგმება ნაწარმოებები მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან მე-20-ს დასაწყისამდე, ერთი მთლიანი საუკუნეც კი არა. არ არსებობს ინტერესი დაიდგას უფრო გვიანდელი, მაგალითად, ბაროკო ან მოცარტი, მე-20 საუკუნის მუსიკა. ცოტა ხნის წინ კი, ექსპერიმენტი მოხდა დადგეს „კარმინა ბურანა“ ბალეტთან ერთად და ჩემი ხმა დასჭირდათ. კამერულ ორკესტრებთან არაერთხელ მაქვს ნამღერი, ვახტანგ კაციძე ჩემი უდიდესი გულშემატკივარია, ხოლო ჩემი ვოკალის პედაგოგია ქეთი ელიავა. მათთან დღემდე ვაგრძელებ ინტენსიურ თანამშრომლობასა და მეგობრობასაც.

ინტერვიუს ავტორი: ნინო ბოლქვაძე

რედაქტორი: მარიამ პაიჭაძე

კაცი, რომელსაც 2 გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, შსს-მ ელექტრონული სამაჯურითა და შემაკავებელი ორდერით გაუშვა

ორგანიზაცია “საფარი” იცავს ორი აქხალგაზრდა ქალის ინეტერსებს, რომელთა მიმართ იკვეთება 60 წლის მამაკაცის მხრიდან ჩადენილი შემდეგი დანაშაულების ნიშნები: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი. სავარაუდოა, რომ იგივე პირი სხვა არასრულწოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს.

“ახალგაზრდა ქალებმა პოლიციას 19 სექტემბერს მიმართეს. ამის მიუხედავად, ერთი მათგანი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ და Მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება არ დაწყებულა. შესაბამისად, არ ჩატარებულა საგამოძიებო მოქმედებები, არ ამოუღიათ მტკიცებულებები. რაც შეეხება მეორე ქალს – მისი დაცვის მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მოძალადეზე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა. “საფარი” მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ეს სრულიად არასაკმარისი ღონისძიებაა ქალის დასაცავად.

გარდა ამისა, ახალგაზრდა ქალი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე.
გამოკითხვისას პოლიციელები გამოძიებისთვის სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს უსვამდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც მისთვის დამატებითი სტრესი იყო.” აცხადებენ ორგანიზაციაში.
“საფარი” მოითხოვს, ინტიმური შინაარსის პირადი და პერსონალური ინფორმაციის მოპოვება-შენახვა-გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს, სხვა დანაშაულები კი გადაეცეს თბილისის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს. ასევე მიიჩნევენ, საჭიროების შემთხვევაში საქმეში ჩაერთოს არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოც. “საფარი” მიმართავს სახალხო დამცველსაც, დაინტერესდეს ამ საქმით და გამოძიების პროცესს გაუწიოს შესაბამისი მონიტორინგი.

დონა და პაულეტის ისტორია

1974 წელს დონა დირი, სამხედრო მოსამსახურე ქალი შეხვდა პაულეტ გრინს, მის სახლში, ნიუ იორკში და ეს იყო საბედისწერო შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ორივე ურთიერთობაში იმყოფებოდა, დიდი დრო არ დასჭირვებიათ ერთად ყოფნისთვის. მათ იცხოვრეს წლების განმავლობაში ჯერ აზიაში, შემდეგ კი კვლავ შეერთებულ შტატებში, მერილენდში.

წყვილი ამჟამად მერილენდის ფერმაში ცხოვრობს, სახლში, სადაც ოდესღაც პაულეტის ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. სახლს დიდი ხნის ისტორია აქვს. ზუსტად ამ სახლში ოდესღაც ცნობილმა შავკანიანმა აქტივისტმა ქალმა – ჰარიეტ ტაბმენმა მისი ოჯახი და მეგობრები მონობიდან იხსნა.

ამჟამად დონა და პაულეტის ცხოვრების ისტორიაზე მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს იღებენ. რეჟისორები პაულეტის დისშვილები არიან, ფერმერი, აქტივისტი და არტისტი Jeannine Kayembe-Oro  და არტისტი Charlyn Griffith-Oro. ფილმში მოთხრობილია როგორც წყვილის ისტორია და ჰარიეტ ტაბმენის მემკვიდრეობა,  ასევე ფერმაში წყვილის მიერ მიმდინარე მნიშვნელოვანი სამუშაოები, რაც კლიმატის ცვლილებების შემცირებისკენ არის მიმართული. ფილმის სახელწოდებაა “The Aunties: From the North Star to the Poplar.”

“შავკანიან ქვიარებზე და მითუმეტეს, შავკანიან ქვიარ კლიმატის აქტივისტებზე არც თუ ისე ბევრი ისტორიაა ცნობილი”- ამბობს რეჟისორი. Jeannine Kayembe-Oro მიიჩნევს, რომ დონა და პაულეტის შესახებ დოკუმენტური ფილმი ბევრი ქვიარისთვის იქნება ინსპირაცია. “ვინც ხშირად ეკითხება საკუთარ თავს – როგორი შეიძლება იყოს ჩემი მომავალი, ვფიქრობ, იპოვის პასუხებს” – ამბობს რეჟისორი.

 

 

წყარო: https://www.them.us/story/the-aunties-doc-harriet-tubmans-farm

ცარიელი ფურცლის გამო დაკავებული სამართალდამრღვევად ცნეს

2 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბანერისა და ცარიელი ფურცლის ჭერის გამო. დაკავებულები დღეს მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო.

4 დაკავებულს მოსამართლემ 500 ლარიანი ჯარიმები დააკისრა, ხოლო ერთ-ერთ დაკავებულს – 2000 ლარიანი ჯარიმა.

2 ივნისს პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით, მშბდობიან აქციაზე კი დაკავებები დაიწყო. დაკავებულებს შორის იყვნენ გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, ასევე დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი და ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით “ირაყლი”.

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას. შენელებულია კავშირი კოორდინაციასა და კონცენტრაციაზე. მათი დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ღებინება, უგონო მდგომარეობა და სიკვდილი.

ოპიოდიები მოიცავს მაგალითად ფენტანილს. ოპიატები – ჰეროინს, მორფინს, კოდეინს და ა.შ.

საქართველოში ოპიატების მოხმარება დღემდე გამოწვევად რჩება. 2014 წლისთვის ქვეყანაში ინექციურ მომხმარებელთა საშუალო რაოდენობა განისაზღვრა 49,700 პირით, ხოლო პრევალენტობა 2,02%-ით, 18-64 წლის მოსახლეობაზეგადათვლით. 2019 წლის მონაცემებით კვლევაში ჩართული რესპონდემტების 55%-ის მიერ, ბოლო 30 დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად მოხმარებულ ნარკოტიკულ ნივთიერებად სასახელდა ჰეროინი/სირეცი, ხოლო 36%-ის მიერ კი ინექსიურად მოხმარებით ე.წ. ქუჩის სუბუტექსი.

ოპიოიდებს/ოპიატებს ხშირად ტკივილგამაყუჩებლად იყენებენ, ორგანიზმი მალე ეჩვევეა მას და უყალიბდება  ტკივილზე მაღალი მგრძნობელობა. ადამიანს აღარ ჰყოფნის თავდაპირველი დოზა, რადგან ის ვერ ერევა ტკივილს და იწყებს ნივთიერების დოზისა და სიხშირის გაზრდას. ზოგადად, ოპიოიდებზე მალე ყალიბდება ტოლერანტობა, რის შედეგად ადამიანი ზრდის ნივთიერების დოზასა და სიხშირეს. ადვილია ზედოზირება, რაც შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს. ხშირად ადიქციის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხდება ზედოზირება ხშირია ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრილი ადამიანი პატიმრობის პერიოდში არ მოიხმარს ოპიოდებს, გამოსვლის შემდეგ კი იყენებს იმ დოზას, რომელსაც მოიხმარდა პატიმრობამდე. ამ პერიოდისთვის ტოლერანტობა საგრძნობლად არის შემცირებული, ჩვეული დოზა კი სასიკვდილო აღმოჩნდება ხოლმე.

ოპიატების ჯგუფიდან ერთ-ერთი გავრეცელებული ნივთიერება არის ჰეორინი. ის ურთიერთქმედებს თავის ტვინში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებთან, რის შედეგადაც იწვევს ისეთ ეფექტებს, როგორებიცაა ტკივილის შემსუბუქება, სხეულისა და გონების მოდუნება და კმაყოფილების შეგრძნება.

ჰეროინი გვხვდება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის თეთრი ფხვნილისა და გრანულების სახით.

ჰეროინს მოიხმარენ ინტრავენურად, ეწევიან ან ამატებენ სიგარეტს, კოკაინსა და კანაფს.

ჰეროინის ეფექტები დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • სიმაღლე, წონა და ჯანმრთელობა
  • მიღებული ნოივთიერების დოზა
  • ნივთიერების სიძლიერე და ხარისხი
  • ჰეროინის სხვა ნივთიერებასთან ერთად მიღება
  • ტოლერანტობა (რამდენად მიჩვეულია ჩვენი ორგანიზმი ამ ნივთიერების მიღებას)

ჰეორნის ეფექტებია:

  • ტკივილის შემსუბუქების გრძნობა
  • მოდუნება, ძილიანობა და მოუხერხებლობა
  • პირის სიმშრალე
  • რეალობისგან მოწყვეტის შეგრძნება
  • შენელებული მეტყველება
  • შენელებული სუნთქვა და გულისცემა
  • დაწვრილებული გუგები
  • ღებინების შეგრძნება
  • ინტრავებული გამოყენება ზრდის ინფექციების რისკს, ხოლო ნემსის გაზიარება B და C ჰეპატიტისა და აივის რისკებს.

ჰეორინის ხანგრძლივი და რეგულარული მოხმარების ეფექტებია:

  • გაუარესებული გუნება-განწყობა
  • ქალების შემთხვევაში ხშირია არარეგულარული მენსტრუაცია და დაფეხმძიმების სირთულე
  • დამოკიდებულების განვითარება
  • ლიბიდოს დაქვეითება
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება
  • ინსომნია
  • ვენების დაზიანება და კოლაფსი
  • პირის ღრუს პრობლემები
  • გულის, ფილტვების, ღვიძლის პრობლემები
  • სამსახურეობრივი, სამუშაო ან სოციალური პრობლემები

ჰეროინით ზედოზირება საკმაოდ გავრცელებულია. ზედოზირება შესაძლოა გამოიწვიოს მისმა მაღალი დოზით ან სხვა ნივთიერებასთან ერთად გამოყენებამ. ზედოზირების სიპმტომებია: სუნთქვის შენელება, გულის წასვლა, არარეგულარული გულისცემა, კონცენტრაციის პრობლემები.

ჰეროინით ზედოზირებისას გამოიყენება ნალოქსონი, იგივე ნარკანი. ის კეთდება კუნთში ან პირის ღრუში შესხურებით და ანეიტრალებს ჰეროინის ეფექტებს.

მორფინი ოპიატების ჯგუფის ერთ-ერთი გავცრელებული ნარკოტიკული ნივთიერებაა, მათ შორის საქართველოში. ის ჰეორინის მსგავსად ხშირად გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება და მალე ყალიბდება მის მიმართ ტოლერანტობაც. ადამიანს ძალიან მოკლე პერიოდში შესაძლოა დასჭირდეს ათჯერ მეტი დოზა, რაც ზრდის მორფინით ზედოზირებისა და სიკვდილიანობის რისკებს.

მორფინის მოხმარების ეფექტები და ზედოზირების სიმპტომები ჰეორინის მსგავსია. ზედოზირებისას მორფინის შემთხვევაშიც გამოიყენება ნალოქსონი, თუმცა ნებისმიერი ნივთიერების შედეგად ზედოზირებისას აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

ოპიოიდებზე/ოპიატებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება მეთადონი, ბუპრენორფინი და ფსიქო-სოციალური თერაპია.

ფსიქოლოგიური მკურნალობა მოიცავს: 12 ნაბიჯის მეთოდს, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, გეშტალტ თერაპიას, არტ-თერაპიას. ფსიქოანალიზსა და EMDR თერაპიას,  ასევე, ფსიქოგანათლებასა და თვითდახმარების ჯგუფებს.

ბუპრენორფინით მკურნალობა აქტიურად გამოიყენება მაგალითად, საფრანგეთსა და ესპანეთში. საფრანგეთში აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობა თავისუფალია გადასახადისგან. ბუპრენორფინი ამცირებს ნარკოტიკის მიმართ ლტოლვას და აქვს გარკვეული უპირატესობები მეთადონთან შედარებით, კერძოდ, მისი ხანგრძლივი ეფექტურობა და გამოყენების მოქნილი გრაფიკი, ასევე მისი შეწყვეტით გამოწყვეული აღკვეთის სიმპტომები მეტად მსუბუქია.

საქართველოში ნარკოტიკებისგან თავისუფლებაზე ორიენტირებული მკურნალობის მიღება შესაძლებელია 9 კლინიკაში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხონი). ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ხელმისაწვდომია 5 სარეაბილიტაციო ცენტრში, მათ შორის, კამარაში, თანადგომასა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

 

გამოყენებული მასალა:

კოენი უ.ე. (2017). ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები.

ნარკოვითარების წლიური ანგარიში. (2019). ნარკოვიტარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

https://altgeorgia.ge/media/uploads/drug-situation-2019.pdf  

J. P. Moatti et al. (2000). Adherence to HAART in French HIV-infected injecting drug users: the contribution of buprenorphine drug maintenance treatment.

https://nida.nih.gov/publications/drugfacts/heroin 

 

ალტ-ინფო “ანტი მაიდანის” ორგანიზებით იმუქრება

/

გასული ორი დღის განმავლობაში ალტ-ინფოს წარმომადგენლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია ახალი მოძრაობის “ანტი მაიდანის” ორგანიზებას აანონსებენ. ისინი სთხოვენ მოქალაქეებს ფულადი თანხების შეწირვას “ანტი მაიდანისთვის”, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს აარიდებს უკრაინის ბედს.

“მაიდანს” ზურა მახარაძე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას არქმევს და მოუწოდებს მოქალაქეებს არ შეუერთდნენ და დაუპირისპირდნენ ამ პროცესს. “თუ არ გინდა, რომ დამწვარ თბილისს უყურო და შენი ოჯახის წევრები დაფლეთილები ეყარონ ქუჩაში, მოგიწევს ბრძოლა” – აცხადებს ზურა მახარაძე.  მისივე თქმით, საჭიროა ადამიანთა ჯგუფების მობილიზება “ანტი მაიდანისთვის” წინააღმდეგობის გასაწევად.