ნოემბერი 2022 - Page 3

7 რამ, რაც არომანტიკული ადამიანების შესახებ უნდა ვიცოდეთ

მსოფლიო მუდმივად გვახსენებს, რომ არსებობს ერთი უნივერსალური რამ, რაც ყველას გვაერთიანებს: რომანტიკული სიყვარული. მაგრამ რა ხდება, თუკი ამას არავის მიმართ არ გრძნობთ? ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ არომანტიკულობის სპექტრზე ხართ — სხვების მიმართ რომანტიკულ მიზიდულობას არ გრძნობთ ან რომანტიკული შეგრძნებების ცვალებადი დონეები და ფორმები გაქვთ. არომანტიკული ადამიანი ამავდროულად შეიძლება იყოს ან არ იყოს ასექსუალი.

თუკი არომანტიკული ხართ, ისეთი დღესასწაულები, როგორიც ვალენტინობაა, შეიძლება იმის ყოველწლიური შემახსენებელი გახდეს, რომ სხვებისგან განსხვავდებით. თუმცა, არომანტიკული და ასექსუალი ადამიანები საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს და მათ შესახებ საერთო მითები და მცდარი წარმოდგენები არსებობს.

ამ სტატიაში მოცემულია 7 ფაქტი, თუ რას ნიშნავს, იყო არომანტიკულობის სპექტრზე და რა უნდა ვიცოდეთ არომანტიკულობის შესახებ:

1. არომანტიკულობა არის ორიენტაცია, რომლის დროსაც ადამიანი არ გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას. არომანტიკულობა ხშირად ეშლებათ ასექსუალობაში, თუმცა ასექსუალობა მხოლოდ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობა ან არქონაა და არა — რომანტიკულის. ყველა ასექსუალი არ არის არომანტიკული და ყველა არომანტიკული ადამიანი არ არის ასექსუალი.

2. ყველა არომანტიკული ადამიანი სულაც არ არის მარტოსული. ბევრ ალორომანტიკულ ადამიანს (იმ ადამიანებს, რომლებიც არომანტიკულობის სპექტრზე არ არიან) მიაჩნია, რომ ადამიანის ბედნიერებისთვის აუცილებელია რომანტიკული სიყვარული, რადგან მათ ამის სურვილი თავად გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, არომანტიკულ ადამიანებს, როგორც წესი, ამის მოთხოვნილება არ აქვთ და მათთვის საკმარისია ის სიყვარული, რომელსაც ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისა თუ შინაური ცხოველებისგან იღებენ.

3. ზოგ არომანტიკულ ადამიანს ჰყავს პარტნიორი. ასეთი პარტნიორობები შეიძლება მოიცავდეს საზიარო სახსრებს, ერთად ცხოვრებას, რესურსების გაერთიანებას, ზოგჯერ კი, სულაც, ქორწინებასა და ბავშვების ერთად აღზრდას. ეს ურთიერთობები შეიძლება იყოს ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანთან, მათი ფორმა კი შეიძლება იყოს მონოგამიური ან პოლიამორიული. ზოგი ადამიანი ამ ურთიერთობების აღსაწერად ტერმინ „ქვიარპლატონურს“ ან „კვაზიპლატონურს“ იყენებს. ქვიარპლატონური ურთიერთობები შეიძლება ალორომანტიკულ და ალოსექსუალ (არაასექსუალ) ხალხსაც ჰქონდეს.

4. არომანტიკულობა სპექტრია! მართალია, ზოგი ადამიანი პირდაპირ არომანტიკულად იდენტიფიცირდება, თუმცა სხვებმა შეიძლება საკუთარი გამოცდილების აღსაწერად სხვა ტერმინი გამოიყენონ. ყველაზე ხშირად გამოყენებად ტერმინებს შორისაა:

  • დემირონატიკული: ადამიანი, რომელიც რომანტიკულ მიზიდულობას მხოლოდ მას შემდეგ განიცდის, რაც ვინმესთან ძლიერ ემოციურ კავშირს დაამყარებს.
  • ლითრომანტიკული ან აკოირომანტიკული: ადამიანი, რომელიც რომანტიკულ მიზიდულობას გრძნობს, თუმცა არ აქვს იმის სურვილი, რომ იგივე გრძნობით უპასუხონ, ან გრძნობს ისეთ რომანტიკულ მიზიდულობას, რომელიც ქრება, თუკი იმავეთი უპასუხებენ.
  • გრეი-არომანტიკული: უფრო ზოგადი ტერმინი იმის აღსანიშნავად, რომ ადამიანი იშვიათად ან მხოლოდ სპეციფიკური პირობების არსებობის შემთხვევაში განიცდის რომანტიკულ მიზიდულობას.
  • კვორომანტიკული (ინგლ. Quoiromantic): ადამიანი, რომელიც რომანტიკულ და პლატონურ მიზიდულობას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს.
  • კუპიორომანტიკული: არომანტიკული ადამიანი, რომელსაც მაინც სურს რომანტიკული ურთიერთობა.

5. მართალია, ასექსუალობაზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული და არცერთი ოფიციალური კვლევა სპეციფიკურად არომანტიკულობაზე არ ფოკუსირდებოდა, თუმცა ასექსუალი თემის 2015 წლის აღწერის მიხედვით, ასექსუალი რესპონდენტების 25% არომანტიკულად იდენტიფიცირდებოდა. ამგვარად, არომანტიკულობა ყველაზე პოპულარული რომანტიკული ორიენტაციაა ასექსუალ რესპონდენტებს შორის. მას მოსდევს ჰეტერორომანტიკული (23.9%) და პან/პოლირომანტიკული (22.22%) ორიენტაციები. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არომანტიკული ადამიანები ასექსუალთა თემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

6. იმ იდეას, თითქოს რომანტიკული მონოგამიური ურთიერთობა აუცილებელია ბედნიერებისთვის და ის ყველას სურს, ამატონორმატიულობა ეწოდება. ამატონორმატიულობა არამხოლოდ არომანტიკული ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის საზიანოა, რადგან ის უბიძგებს ხალხს, დაიწყონ ან დარჩნენ არაჯანსაღ ურთიერთობებში და იწვევს მათ დისტანცირებას სხვა ადამიანებისგან, როდესაც ისინი ურთიერთობაში არიან. ის ასევე ხელს უწყობს დეპრესიას და სოციალურ იზოლაციას ყველა იმ ადამიანში, რომელიც არ არის რომანტიკულ ურთიერთობაში, იქნება ეს საკუთარი სურვილით თუ გარემოებებიდან გამომდინარე.

7. არომანტიკული ადამიანები უემოციოები სულაც არ არიან. არომანტიკული ადამიანები არ არიან ცივები და უგრძნობები. რომანტიკულ მიზიდულობას არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანის პიროვნულ თვისებებთან. არომანტიკული ადამიანები შეიძლება ბედნიერებას პოულობდნენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში, თავიანთ ჰობებსა თუ ინტერესებში და მათ შეიძლება გაუხარდეთ სხვა ადამიანების რომანტიკული ურთიერთობები. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და არომანტიკულად ყოფნა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად რაიმე პიროვნული თვისება გაქვს ან რაიმენაირად იქცევი.

წყარო: Them.us

თემიდას ტრანს* კონფერენცია — ღონისძიება, რომელიც გამოწვევების შესახებ ცნობადობის ზრდას ისახავს მიზნად

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ქვიარ ასოციაცია – თემიდამ 2-დღიანი ტრანს კონფერენცია — საჯარო გრძნობები და ტრანს* აქტივიზმი გამართა. ღონისძიება ტრანს* ადამიანის ხილვადობის, ტრანს* საკითხებისა და გამოწვევების შესახებ მგრძნობელობისა და ინფორმირებულობის ზრდას ემსახურებოდა.

„როგორ უნდა გავერთიანდეთ საერთო გამოწვევების წინაშე? როგორც შეგვიძლია ცვლილებების შანსი და ღირსეული არსებობის შესაძლებლობები გავაჩინოთ? ვინ ქმნის სიმართლესა და ცოდნას ჩვენი ცხოვრების შესახებ? როგორ შეგვიძლია ჩვენი ყოფა პოლიტიკურად ვთარგმნოთ? რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებად ვიქცეთ, ვისი ხმაც ისმის და ვის სხეულსაც ფასი აქვს?“, — ამ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, ტრანს* კონფერენციამ მიზნად დაისახა, „შეიქმნას სივრცე, რომელიც პატივისცემით ეპყრობა და თვალსაჩინოს ხდის ტრანს* გამოცდილებებს, ისტორიებსა და პოლიტიკას”.

კონფერენცია ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსებით და საქართველოში ნიდერლანდების ელჩის, მაიკე ვან კოლდამის, გაეროს განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლის, ემა სმითის გამხსნელი სიტყვით დაიწყო, რომელმაც სოგის (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობა) მიმართულებით ევროსაბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.

ნახევრად აკადემიური ტრანს* კონფერენცია მნიშვნელოვან ტრანს* საკითხებზე თეორიულ პერსპექტივებსა და აქტივისტების ცოცხალ გამოცდილებებსა და ხედვებს მოიცავდა და  4 თემატურ პანელად იყო დაყოფილი, რომლის წევრებმაც მოდერატორებთან ერთად განიხილეს ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებული არაერთი გამოწვევა, სახელმწიფოს მიდგომა და პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ტრანს* ადამიანების მიმართ გულგრილობითა და მათი გარიყვით გამოირჩევა.

პირველი პანელის მონაწილეებმა, ნიკოლო ღვინიაშვილმა და ლანა მირუაშვილმა ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებული ის ყოველდღიური გამოწვევები განიხილეს, რომლებიც ტრანს* ადამიანებისთვის მნიშვნელოვან წინაღობად იქცევა. მათ შორის, გენდერის სამართლებრივი აღიარების მიმართულებით არსებული ხარვეზები საკანონმდებლო ჩარჩოში, გენდერის მარკერის ცვლილებისთვის სქესის კვლავმინიჭების მოთხოვნა, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ, ტრანს* ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი განწყობებისა და სახელმწიფოს გულგრილობის გამო ხშირ შემთხვევაში ხელი რთულად ან საერთოდ არ მიუწვდებათ ღირსეული ანაზღაურებისა და პირობების მქონე დასაქმების ადგილებზე. გარდა ამისა, მათ ისაუბრეს იმაზეც, რომ კანონი არ ითვალისწინებს იმ ტრანს* ადამიანებს, რომელთაც არ სურთ ტრანზიციის სამედიცინო კუთხით გავლა ( ჰორმონალური თერაპია, ოპერაციები და ა.შ.),

პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებული მიდგომა ტრანსგენდერ ადამიანებს პრობლემას უქმნის მოგზაურობისას, დასაქმებისას, პენიტენციალურ სისტემაში მოხვედრისას, განათლების თუ ჯანდაცვის სერვისების მიღებისას. ამასთან, კონფერენციაზე განხილული იყო ტრანს* სპეციფიკური ჯანდაცვის პოლიტიკის არარსებობა, რაც ტრანსგენდერ ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

მეორე პანელი, ცოდნის წარმოება და ტრანს* ადამიანები შეეხებოდა თეორიულ ცოდნის წარმოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე იმ გახლეჩილობას, რომელიც წარმოებულ ცოდნას აშორებს იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც და ვის შესახებაც ეს ცოდნა იქმნება. პანელის ფარგლებში, ასევე, განხილული იყო ტრანს* საკითხებთან დაკავშირებით არსებული ცოდნა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო ნდობის მქონე ორგანიზაციებშიც კი ნაკლებად გვხვდება. 

თემიდა

კონფერენციის კიდევ ერთი პანელი, სუბიექტურობა და ტრანს* მობილიზაცია, ტრანსგენდერი ადამიანების მობილიზებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შეეხებოდა და, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მომუშავე აქტივისტების გამოცდილებას ასახავდა. მომხსენებლებმა ისაუბრეს ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებულ ყოფით გამოწვევებზე, იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს თემის წევრების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა მათი მხრიდან ჩართულობის შესაძლებლობასა და სურვილზე. პანელის მონაწილეები ასევე შეეხნენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც თავად სათემო ორგანიზაციები დგანან და რომელთა გადალახვასაც მუდმივად ცდილობენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოიცვან დაა დაფარონ როგორც თემი, თავისი მრავალფეროვნებითა და განსხვავებებით, ასევე თემის წევრების საჭიროებები.

თემიდა

კონფერენციის სტუმრებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეულ აქტივისტებს, ვუსალა ჰაჯიევას, ჰმაიაკ ავეტისიანსა და ჰამიდა გიასბაილისაც მოუსმინეს, რომელთაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათი სიცოცხლისთვის საშიშ განწყობებსა და ტრანსფობიურ სახელმწიფო მიდგომებზე ისაუბრეს.

ტრანს*კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იყო ტრანს* ადამიანებისთვის აივ/შიდსის ყოვლისმომცველი პაკეტის და აღნიშნული სოციალური ჯგუფის ცალკე სამიზნე ჯგუფად გამოყოფის აუცილებლობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები.

გარდა ამისა, კონფერენციაზე შედგა თემიდას TikTok კამპანიის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს ტრანს* საკითხებისკენ საზოგადოების ყურადღების მიმართვას., ასევე, მოხდა ორგანიზაციის განახლებული ვებგვერდის წარდგენა.

ირანის ნაკრების წევრებმა პროტესტის ნიშნად მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიმნი არ იმღერეს

დღეს, 21 ნოემბერს, ირანის ეროვნული ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს შეხვდა. ირანის ეროვნული ნაკრების წევრებმა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად გადაწყვიტეს, რომ მატჩის დაწყებამდე ირანის ჰიმნი არ ემღერათ. ნაკრების ყველა წევრი ჩუმად იყო მაშინ, როცა ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ირანის ჰიმნი ჟღერდა.

ინგლისის ნაკრებთან შეხვედრამდე ნაკრების კაპიტანმა, ეჰსან ჰაისაფმა ირანში განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მხარს უჭერენ გარდაცვლილთა ოჯახებს.

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთა წევრებიც გარდაიცვალნენ. უნდა იცოდნენ, რომ მათ გვერდით ვართ, მხარს ვუჭერთ და ვეთანხმებით… უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სწორი არაა და ჩვენი ხალხი ბედნიერი არ არის… ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ხმა ვერ ვიქნებით, რომ მათი პატივისცემა არ შეგვიძლია. იმედი მაქვს, მდგომარეობა ხალხის მოლოდინებისამებრ შეიცვლება“, — აღნიშნა ჰაისაფმა.

უფლებადამცველთა თქმით, ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების 400 მონაწილეზე მეტი მოკლეს და 17 ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მაჰსა ამინი, ირანის მოქალაქე 22 წლის გოგო, ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააპატიმრეს და მოკლეს. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ „აჯანყებები“ ქვეყნის გარე მტრების მიერ არის მართული.

ომბუდსმენობის კანდიდატები — მოსმენაზე არ მისვლის გამო კომიტეტმა ჯანეზაშვილს მხარი არ დაუჭირა

/

დღეს, 21 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ, ფრაქციის გადაწყვეტილებით, კანდიდატებისთვის ხმის მიცემა-არმიცემის საკითხი წყდებოდა მხოლოდ იმით, მიიღო თუ არა კანდიდატმა მონაწილეობა პროცესში, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

შესაბამისად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მხოლოდ ოთხ კანდიდატს: ნაზი ჯანეზაშვილს, რომელმაც უარი თქვა გასაუბრებაზე მისვლაზე და ასევე, ჯემალ ნათელაშვილს, ნიკოლოზ ნიკოლაძესა და გიორგი ცობეხიას, რომლებმაც მოხსნეს კანდიდატურები.

მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ 19-ივე კანდიდატს უყრიან კენჭს.

იხილეთ აგრეთვე:

20 ქვიარ ინსტაგრამერი, რომელიც გამოცდილებას ათასობით ადამიანს უზიარებს

ადამიანების უფლებების გაძლიერებასთან ერთად, ქვიარ თემების წინ წამოწევას სოციალურ ქსელების გამოჩენასაც შეიძლება ვუმადლოდეთ. დღესდღეობით უამრავი Instagram მომხმარებელი არსებობს, რომლებიც თავიანთ უნიკალურ გამოცდილებას მილიონობით გამომწერს უზიარებენ.

გაიცანით ქვიარ მოგზაურები, აქტივისტები, ოჯახები, მსახიობები და მოდელები, რომლებიც ქვიარ სამყაროში თავიანთ მოგზაურობას Instagram-ის მომხმარებლებს გულუხვად უზიარებენ.

OriolPamies — გეი აქტივისტი და მოგზაური

ორიოლი ესპანელი მოგზაურია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეწევა აქტივისტურ საქმიანობას. ინფლუენსერსა და ტურისტული სააგენტოს, Queer Destination-ის დამფუძნებელს 133 000 გამომწერი ჰყავს და ესპანურ ენაზე გამოცემული აქვს წიგნი, რომელშიც მოთხრობილია მისი ქამინგაუთის ისტორია.

DadnDaddies — Devon და მისი ოჯახი

Devon ამერიკელი ინსტაგრამერი და ინფლუენსერია, რომელიც 188 000 გამომწერს ყოველდღიურად უზიარებს თავის გამოცდილებას 2 შვილის მარტოხელა მამობაზე. Instagram გვერდთან ერთად, Devon აქტიურად იყენებს YouTube არხს, სადაც პერიოდულად აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც მარტოხელა გეი მამობის სირთულეები და სიხარულია აღწერილი.

AsianMapleLeaf — გეი მოგზაური

Barry კანადელი ინფლუენსერი და მოგზაურია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უზიარებს თავის აუდიტორიას მოგზაურობისა და შეყვარებულთან, Teraj-თან თანაცხოვრების დეტალებს. ის ხშირად ჭამს უცნაურ საჭმელებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ბერი მოგზაურობით ბავშვობაში დაინტერესდა, როცა პირველად ჰონკონგში იმოგზაურა.

Krystian Gabrielle – კრისტიანი და მისი ოჯახი

კრისტიანი კიდევ ერთი Instagram ინფლუენსერია, რომელიც მომხმარებლებს თავისი ოჯახის ისტორიებს უზიარებს. Instagram ინფლუენსერს ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს და თავის პოსტებში ხშირად საუბრობს, თუ როგორია ისეთი ოჯახი, რომელიც დაცლილია ტოქსიკური მასკულინობისგან. კრისტიანი ასევე ხშირად ჰყვება, რამდენად დამანგრეველია გენდერული ნორმები და როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები ისე, რომ ამ ნორმებისგან თავისუფლები იყვნენ.

ProbablyThis — ვიდეოები სახლისა და ბაღის ინტერიერზე

Beau და Matt კიდევ ერთი წყვილია ნიუ ორლეანიდან, რომლებიც თავიანთ გამომწერებს უზიარებენ, როგორ გააუმჯობესონ სახლი და ბაღი. წყვილი თავიანთ გვერდზე ხშირად უკეთებს რეკლამას იმ ნივთებს, რომლებიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ინტერიერის გამრავალფეროვნებისთვის და მოგზაურობისთვის.

TheTravellingGays — გეი მოგზაურობა

დაგი და სანჯაი დაქორწინებული გეი წყვილია, რომლებიც 2009 წლის მანჩესტერის პრაიდზე შეხვდნენ ერთმანეთს და მალევე იქორწინეს. წყვილი Instagram-ის გვერდის საშუალებით სოციალური ქსელის მომხმარებლებს თანაცხოვრებისა და მოგზაურობის ისტორიებს უზიარებს.

TheAngelinos — არიანას და ჰანას სიყვარული

არიანა და ჰანა ლესბოსელი წყვილია ლოს ანჯელესიდან, რომლებმაც 2016 წელს ტინდერის საშუალებით გაიცნეს ერთმანეთი და მალევე გახდნენ წყვილი. Instagram-ის გვერდის საშუალებით წყვილი ხშირად გვიზიარებს თანაცხოვრების ისტორიებს, რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით და ვინტაჟური ნივთების მიმართ საერთო სიყვარულს.

MichaelandMatt — გეი მოგზაურობა

მაიკლი და მეთმა ურთიერთობა YouTube-ს ქამინგაუთ ვიდეოს შემდეგ დაიწყეს და მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი. მეთი ექთანია, ხოლო მაიკლი სტომატოლოგი. ისინი Instagram-ის საშუალებით ხშირად გვიზიარებენ თავიანთი ცხოვრების ისტორიას და მოგზაურობის თავგადასავლებს.

Keenanblogger — მომღერალი და მსახიობი

ენდრიუ კინანი ამერიკელი მომღერალი და მსახიობია, რომელიც ბროდვეის სცენაზე მრავალი წლის განმავლობაში თამაშობს. 2010 წელს არტისტმა ონლაინ კომედია Submissions Only შექმნა, რომლითაც არაერთი გულშემატკივარი შეიძინა. ენდრიუ ხშირად უზიარებს თავის გამომწერებს ისტორიებს თავის ქმარზე, მოგზაურობაზე და ბროდვეის ბექსთეიჯზე.

TylerandTodd — ახალი სიცოცხლე ძველი სახლებისთვის

ტაილერი და ტოდი კანადელი წყვილია, რომლებიც ძველ სახლებს ახალ სიცოცხლეს სძენენ და შემდეგ აქირავებენ. 2019 წელს წყვილმა 1996 წლის მანქანა-სახლი იყიდა და ორ ძაღლთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში მოგზაურობა გადაწყვიტა. სწორედ ამ გამოცდილებას უზიარებენ დღემდე თავიანთ გამომწერებს. ამასთან ერთად, წყვილი ხშირად პოსტავს ვეგანური საჭმელების რეცეპტებს.

Kit Williamson — რეჟისორი და მწერალი

Kit Williamson ინფლუენსერია, რომელმაც თავდაპირველად საზოგადოების შემოწირულებებით გადაიღო YouTube შოუ Eastsiders — შავი კომედია ლგბტქ+ თემატიკაზე. შოუთი მალე დაინტერესდა გიგანტური სტრიმინგ სერვისი Netflix და საავტორო უფლებები შეიძინა. კიტი Instagram გვერდზე ხშირად გვიზიარებს თავის გამოცდილებას ურთიერთობების, სუბსტანციებზე დამოკიდებულების დაძლევისა და სექსუალური ჯანმრთელობის გარშემო.

Raffinee – ლესბოსელი წყვილის ვიდეოები ვეგანობაზე და ოჯახზე

რაფინი და მიკაელა კიდევ ერთი LGBT+ ოჯახია, რომლებიც სამ შვილს, მატეოს და ტყუპებს, ლუკასა და ლოლას ზრდიან. ლესბოსელი წყვილი Instagram-ის და პირადი ბლოგის საშუალებით თავიანთ გამომწერებს ვეგანურ ცხოვრების წესს, მათი თანაცხოვრების დეტალებს და მცირეწლოვანი შვილების ისტორიებს უზიარებს. წყვილმა ერთმანეთი სან-ფრანცისკოში, ერთ-ერთ კლინიკაში, ხელოვნური განაყოფიერების დროს გაიცნო და მალევე შექმნეს ოჯახი.

Zakartwins — ამაყი გეი ძმები ერაყიდან

მაიკლი და ზაკი ერაყელი ტყუპები არიან, რომლებიც Instagram-ის გვერდის საშუალებით 104 ათას გამომწერს თავიანთი ცხოვრების დეტალებს უზიარებენ და ცდილობენ, არაბული სამყაროს მიმართ არსებული სტერეოტიპები და ნორმები დაამსხვრიონ. ბიჭები დეტროიტში, იმიგრანტი მშობლების ოჯახში დაიბადნენ და თავიანთ ქამინგაუთზე წიგნიც გამოსცეს, რომელსაც Pray the Gay Away ჰქვია.

Team2Moms — ოჯახის ცხოვრება ნიუ-იორკში

დენისი და იბონი სამი შვილის ძლიერი დედები არიან, რომლებიც თავიანთი Instargram-ის გვერდის საშუალებით გამომწერებს უზიარებენ ისტორიებს მათი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ნიუ-იორკში. მათი მიზანია, საზოგადოებაში საკუთარი თავის მიმღებლობის გაზრდა და ადამიანების წახალისება, იყვნენ ისინი, ვინც რეალურად არიან. Instagram-ის გვერდთან ერთად, წყვილი საკმაოდ აქტიურია TikTok-ისა და YouTube-ის გვერდებზეც.

Nellykin1 — დრეგ მოდელი

Nellykin დრეგ მოდელი და პერფორმერია, რომელიც განაში დაიბადა და შემდეგ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. არტისტი Instagram-ის გვერდის საშუალებით გამომწერებს თავის გამოცდილებას უზიარებს, მათ შორის, მაკიაჟის გაკეთების ტუტორიალებს.

Popo Vaz — ტრანსგენდერი მოდელი

პაულო ვასი ტრანსგენდერი მოდელია, რომელიც თავისი არხების საშუალებით გამომწერებს დიდი ხანია უზიარებს ტრანზიციის პროცესს, მის სირთულეებსა და დადებით მხარეებს. პაულო წარმოშობით ბრაზილიიდანაა, ის ბიოლოგიურად ქალია, თუმცა მცირე ასაკიდან თავს კაცად აღიქვამდა. გარშემო არსებული სირთულეების გამო,  ტრანზიციის პროცესი 25 წლამდე ვერ დაიწყო. დღესდღეობით პაულო მუშაობს ხელოვნების, დიზაინის, მოდისა და პროდაქშენის მიმართულებით და ათასობით გამომწერს დიდი სიხარულით უზიარებს თავის მოგზაურობას გენდერის სამყაროში.

OnceUponAJrny — ლესბოსელი მოგზაურები

Rox და Maartje ჰოლანდიელი წყვილია. ისინი ამსტერდამში ცხოვრობენ და თავიანთ გამომწერებს მოგზაურობის ჯადოსნურ ისტორიებს უზიარებენ. წყვილი მრავალი წლის განმავლობაში მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ცდილობს, მოგზაურობას ზღაპრული ელფერი შესძინოს.

Terrel and Jarius — გეი მშობლობა

ტერელი და იარიუსი არამარტო მიმზიდველი წყვილი, არამედ ტყუპების, ეშტონისა და არიას ძალიან მოსიყვარულე მშობლები არიან. წყვილმა ერთმანეთი კოლეჯში სწავლისას გაიცნო და მათი სიყვარულიც მალევე დაიწყო, ოჯახის შექმნის შემდეგ კი სუროგაციას მიმართეს და ორი არაჩვეულებრივი შვილის მშობლები გახდნენ. Instagram-ის და YouTube-ის საშუალებით ისინი აღწერენ, როგორია გეი მშობლობა, რა გზის გავლა მოუწიათ, სანამ ოჯახს შექმნიდნენ და ბედნიერ თანაცხოვრებას დაიწყებდნენ.

ReadyToStare — Plus Size მოდელი

ალის დალესანდრო სანტიაგო, ან როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს — Petite Plus Model, კიდევ ერთი ქვიარ ინფლუენსერია, რომელმაც კარიერა ონლაინ ვინტაჟური მაღაზიით დაიწყო და მას შემდეგ მრავალ ადამიანს შეაყვარა თავი. მოგზაური ბლოგერი, ლგბტქი ინფლუენსერი, მწერალი, დიზაინერი და პროფესიონალი სპიკერი თავის ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად დღესდღეობით ოჰაიოში ცხოვრობს და საკუთარი ცხოვრების დეტალებს Instagram-ის საშუალებით მრავალ ადამიანს უზიარებს.

Maxism — მოდელი და აქტივისტი

მაქსი ამერიკელი მოდელი და აქტივისტია, რომელიც თავისი Instagram-ის საშუალებით ცდილობს გეი უფლებების ადვოკატირებას. ამასთან, მაქსი მწერალი, პროდიუსერი, რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი და მსახიობია. იგი ეპიზოდურ როლშიც მოგვევლინა რაიან მერფის გახმაურებულ სერიალ Glee-ში. 2017 წელს მაქსმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, Hooked გადაიღო, რომელიც უსახლკარო გეი კაცის ისტორიას გვიამბობს.

წყარო: NomadicBoys

დავით კახაბერი: როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა გვქონდეს, მტერი ერთია

მე ვარ დავით კახაბერი, თანასწორობის მოძრაობის დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონია განცდა და სურვილი, ყველაფერი მიმეტოვებინა და ხელები ჩამომეშვა, მაინც ვერ შევძელი და ბოლოს მაინც უკან ვბრუნდები ხოლმე. ალბათ ამის მიზეზი არის იმედი, რომ რაღაცას შეცვლი. ე იმედი მქონდა 2011 წელს, როცა ლგბტ საქართველოს ვაფუძნებდით; ეს იმედი მქონდა 2013 წლი 17 მაისსაც, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა; ე იმედი მქონდა 2016 წელს, როცა ჰორუმს ვაკეთებდით და აქტიურად ვიყავი ჩართული თეთრი ხმაურის მოძრაობაში, როგორც ამაყი გეი აქტივისტი;  იმედი მქონდა 2019 წელსაც, როცა ანასწორობის მოძრაობა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და ეს იმედი მაქვს დღესაც, რომ რაღაცას შევცვლი. არ ვიცი, როდემდე გამყვება ენთუზიაზმი, რადგან ამ გზაზე სულ არის იმედგაცრუება და ფრუსტრაცია. ამას ვეძახი აქტივისტის წყევლას ­ ერთხელ თუ შეხვედი აქტივიზმში, ბრაზდები, მოდიხარ, მაგრამ მერე ისევ ბრუნდები.

ბავშვობა

დავიბადე თბილისში. ვსწავლობდი 51-ე სკოლაში და რომ მკითხონ, რომელია დედამიწაზე ყველაზე საშინელი ადგილი თურქეთის გოქჩენის აეროპორტის შემდეგ, ვიტყოდი, რომ ეს არის 51-ე სკოლა.

სკოლიდან არ დამრჩენია არცერთი კარგი მოგონება. თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ბულინგის მსხვერპლი ვიყავი არა კლასელების, არამედ მასწავლებლების მხრიდან.

ქართული ეკლესია არის მედალი, რომელსაც ორი მხარე არ აქვს, მხოლოდ ბოროტებაა. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ჩემს განვითარებაში დიდი როლი ითამაშა.

მახსოვს ზოოლოგიისა და ბოტანიკას მასწავლებელი, რომელიც ძალიან მიყვარდა და მეგონა, რომ ჩემი მხარდამჭერი იყო. უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა დედაჩემი მომიყვა, რომ სკოლაში სწავლის დროს დაიბარა და ჩემზე უთხრა, რაღაც სჭირს და იქნებ ექიმთან მიიყვანოთო. ბავშვობაში ძალიან ფემინური ვიყავი და ეს შეაფასა ასე, ჰომოსექსუალობას გულისხმობდა.

მეორე შემთხვევა იყო მათემატიკის მასწავლებელთან. მაშინ ტელეკომპანია მზის ეთერში გადიოდა საშინელი გადაცემა, ერქვა ტაბუ და იქ ერთ-ერთ ადამიანი დაქამინგაუთდა, როგორც გეი კაცი. მეორე დღეს მთელ ქალაქში ცნობილი გახდა, რომ თურმე ვიღაცა ერთი ცალი გეი არსებობს ამ ქვეყანაში. ამაზე ლაპარაკობდნენ სკოლაშიც. მათემატიკის გაკვეთილი, ფაქტობრივად, არ ჩაგვტარებია, მთელი 40 წუთი ეს მასწავლებელი იდგა, თვალებში მიყურებდა და ლაპარაკობდა, ზოგადად რა საშინელება ხდება საქართველოში, როგორ მომრავლდნენ“ გეები, თუ ცისფერებს ამბობდა, აღარ მახსოვს. პრაქტიკულად მთელ კლასს ეუბნებოდა, რომ აი, თქვენთანაც ზის ასეთი ადამიანი. საბედნიეროდ, გამიმართლა და კლასელებს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ, მაგრამ ეს 40 წუთი ჩემს ცხოვრებაში დარჩა, როგორც საშინელი მომენტი, როცა ვიაც გიყურებს, რაღაცაში გდებს ბრალს და ვერ ხვდები, დანაშაული რაშია.

დავით კახაბერი
ფოტო: ვახო ქარელი

რაღაცაში რომ ვერ ჯდები, პოულობ ადამიანებს და გარემოს, რომელიც შენთან უფრო ახლოსაა. მაშინ გავიცანი ჩემი ბავშვობის მეგობარი, 2003 წელს. ბავშვობის მეგობარზე მხოლოდ ეს ადამიანი მახსენდება და არა ჩემი რომელიმე კლასელი ან მეზობელი. მისი გაცნობის შემდეგ, საერთოდ სხვანაირი ცხოვრება დაიწყო, რადგან მასთან ერთად ჩემს ცხოვრებაში სხვა ხალხი შემოვიდა. იმ პერიოდში სიახლე იყო ინტერნეტი, აქტიური იყო ფორუმები. გარდა ამისა, მახსოვს, რომ შაბათს თუ კვირას რუსთაველის გამზირი იკეტებოდა და როკ ჯგუფების კონცერტები იმართებოდა. იქ გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი და აღმოჩნდა, რომ ისინი რადიკალურად განსხვავდებოდნენ იმათგან, ვისაც მანამდე ვიცნობდი. ეს ჩემთვის სკოლის მეგობრების ალტერნატივა იყო.

ეს ხალხი და სივრცეები ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ადრეულ ასაკშივე მიმეღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვიყავი, არ მქონოდა ბრალეულობის განცდა. მომავალში ქამინგაუთი რომ გავაკეთე, მათი დამსახურება მგონია. მიუხედავად იმისა, რომ ახლ პიროვნულად ცოტა ადამიანი მხსოვს, მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ როგორც პიროვნება, ჩამოვყალიბებულიყავი.

მერე უკვე უნივერსიტეტში ჩავაბარე, თან ფილოსოფია მაინტერესებდა. მაშინ ფილოსოფოსობა “ქულ” იყო და რაღაც მომენტში ის უფრო მომწონდა, რომ ფილოსოფოსი ვიყავი, ვიდრე ის, რომ ფილოსოფიას ვსწავლობდი. ამის შემდეგ იყო სწავლა საფრანგეთში, შემდეგ ჩეხეთში.

თვითგამორკვევა და ქამინგაუთი

თვითგამორკვევის პროცესი არ მახსოვს. ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია. ერთადერთი, რაც მახსოვს, ვიყავი ფემინური, რასაც ვეძახით ფემინურს პატრიარქალურ საზოგადოებაში. თან ყოველთვის მაღალი ვიყავი და შესაბამისად, ყოველთვის ვჩანდი. ამის გამო სულ თითით საჩვენებელი ვიყავი. ეს გარეგნულად, თორემ შინაგანად არ მახსოვს. სულ იყო ხუმრობები, დაცინვა ამ ფემინურობაზე, მაგრამ დიდი ბულინგის მსხვერპლი არ ვყოფილვარ.

საბოლოოდ ალბათ 12-13 წლის ასაკში მივხვდი, ვინ ვიყავი.

აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ მტერი არის ერთი. შესაბამისად, როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა გვქონდეს, არის მომენტები, როცა ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, იქნება ეს 5 ივლისი, 17 მაისი თუ სხვა თარიღები.

ქამინგაუთი პირველად მეგობართან, ლევან სუთიძესთან გავაკეთე. ძალიან ბევრი საერთო გვქონდა, მართლა ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო და დღემდე არის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე და ის სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებზე ვართ. ჩემთვის დღემდე მართლა ძმასავით არის, რომელთან ერთადაც გავიზარდე. მინდოდა, ის ყოფილიყო პირველი, ვისაც ეს ცოდნა ექნებოდა ჩემ შესახებ. თვითონ ამაყი ადამიანია, შეიძლება არ აღიაროს, მაგრამ ჩემი მხრიდან ყოველთვის იყო ის, რომ I Always looked up to him, მნიშვნელოვანი იყო, რას მეტყოდა, რას მირჩევდა. დღემდე ასე ვარ სხვათა შორის, როცა ვხვდები ხოლმე, რომ რაღაც ჩიხში შევდივარ, მას ვეკითხები აზრს. მართალია, ეს ყველაფერი ჩემი დაცინვით მთავრდება, მაგრამ მაინც (იცინის).

ოჯახსაც თავად ვუთხარი. მყავს დედა, მამა და და, რომელიც ჩემი დაბდებიდან 9 წლის მერე გაჩნდა და რომელიც ძალიან მიყვარს. გამიმართლა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს ოჯახისგან. დედაჩემი ძალიან აქტიურადაა ჩართული ბევრ რამეში, ის არ არის აქტივისტი, მაგრამ ყოველთვის საჯაროდ პოზიციონირებს, განსაკუთრებით, თუ უკრაინას ეხება საქმე. სულ აპროტესტებს რაღაცას. მამა უფრო მშვიდი ადამიანია და ჩუმად მიჭერს მხარს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ხოლო ჩემი და ყველაფერ იმაში არის ჩართული, რაშიც მე.

მჯერა, რომ ის პრივილეგიები, რაც მაქვს, როგორც აქტივისტს და როგორც ადამიანს, არის იმის დამსახურება, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერდა. არ ვგულისხმობ მხოლოდ იდენტობის გამო მხარდაჭერას. ოჯახის ფინანსების მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ჩემი განათლება და ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა, ბავშვობიდან ვსწავლობდი ფრანგულს, ინგლისურს, რუსულს და სამივე ამ ენას დღემდე ვიყენებ საქმიანობაში. 90-იან წლებზე ვსაუბრობთ, პერიოდზე, როცა სახლში ნავთის “კერასინკით” ვთბებოდით, მაგრამ ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მაგალითად, ცურვაზე მევლო. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან რომ მოდიან ბენეფიციარები, ხშირად პრობლემები იმიტომ აქვთ, რომ მშობლებმა მათი მხარდაჭერა ადრეულ ასაკში შეწყვიტეს.

საჭიროა პოლიტიკურად ძლიერი ლგბტქი თემი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ — ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. არ არის საკმარისი უბრალოდ გეი ვარ და დროშა მინდა ვიქნიო. რას ვითხოვთ?

ეს მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, დიდი ალბათობით, საერთოდ სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრება. ზოგადად, ყოველთვის, როცა რაღაცას მივაღწევ, მშობლებს მადლობას ვუხდი ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი და პირველი სამსახური 19 წლის ასაკში მქონდა.

ეკლესია

ჩემს ცხოვრებას ორ ნაწილად ვყოფ ხოლმე — ეკლესიაში ყოფნის პერიოდი და ცხოვრება წამოსვლის შემდეგ. ძირეული განსხვავება კი არის ის, რომ მაშინ მჯეროდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის და დღეს აღარ.

დავით კახაბერი
ფოტო: ვახო ქარელი

ჩემი მაშინდელი რწმენა ალბათ სკოლამაც განაპირობა. დამრიგებლები იყვნენ ღრმად მორწმუნე ქალები, რომლებიც რელიგიას თავს გვახვევდნენ, მაგალითად, “მამაო ჩვენოს” ვკითხულობდით ხშირად და ა.შ. ძალიან მიყვარს ფენტეზი და ბავშვობაში რელიგიასაც ვუყურებდი ისე, როგორც ამ ჟანრის წიგნებსა თუ ფილმებს: მასწავლებლები გვიყვებოდნენ, მაგალითად, ანტიქრისტეს ბეჭედზე, სერაფიმე საროველზე, დათვებს რომ ელაპარაკებოდა სადღაც ტყეში და ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი. მერე, როცა გავიზარდე, დავინტერესდი უშუალოდ რელიგიით, შევისწავლე და გულწრფელად მჯეროდა.

5 წლის განმავლობაში ვიყავი სტიქაროსანი. ჩემი მშობლები რელიგიურები არ არიან, მაგრამ მე ვიყავი. თუ სხვებს მშობლები ეჩხუბებიან “ცოლი მოიყვანე”, ჩემთან ჩხუბი იყო “მღვდელი არ გახდე”.

აქამდე ამაზე არ მიფიქრია, რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში. სულ ვამბობ, რომ ქართული ეკლესია არის მედალი, რომელსაც ორი მხარე არ აქვს, მხოლოდ ბოროტებაა. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ჩემს განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. მათ შორის იმის გამოც, რომ როცა გამიჩნდა პროტესტი და დავიწყე ალტერნატივის ძებნა.

მაშინ დავდიოდი კავკასიურ სახლში, სადაც ტარდებოდა ლექციები რელიგიურ საკითხებზე, მათ შორის, ე.წ. ლიბერალი მორწმუნეების მიერ, რომლებიც ეკლესიისთვის ძალიან მიუღებელნი იყვნენ. ეს იყო ინტელექტუალური რესურსი მქონე ხალხი, რომელთა ნაწილთან დღემდე მაქვს ურთიერთობა და დიდ პატივს ვცემ. იქ გავიცანი ბასილ კობახიძე, რომელმაც ძალიან ბევრი წიგნი მაჩუქა, იმდენი, რომ არ ვიცოდი, ტაქსიში როგორ ჩამედო. მთელი ზაფხული იმ წიგნებს ვკითხულობდი და ჩემს ხედვებში მაშინ ძალიან ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა. 17-18 წლის ვიქნებოდი, როცა მივხვდი, რომ სხვა რაღაც უნდა მეპოვა ცხოვრებაში. მალევე მივედი ფონდ ინკლუზივში.

მეორე მხრივ, დღემდე ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგალითად, პავლე მოციქული — მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიურად სრული წინააღმდეგობა მაქვს მასთან, ძალიან საინტერესო ფიგურა მგონია ევროპის ისტორიაში, რადგან, მინიმუმ, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების იდეა ეკუთვნის ამ კაცს. ესთეტიკურად ქრისტიანობა დღემდე ძალიან მომწონს, სხვა რელიგიებზე იმავეს ვერ ვიტყოდი, ბუდიზმის გარდა, რომელიც ალბათ უფრო ფილოსოფიაა, ვიდრე რელიგია.

აქტივიზმი

2008 წელს მე და ჩემი მეგობარი მივედით ფონდ ინკლუზივში. ეს იყო პირველი ლგბტ ორგანიზაცია საქართველოში. იქ ბევრ რამეში ვიყავი მოხალისეობრივად ჩართული, მათ შორის, თემის წევრების შეხვედრები, რომელიც პარასკევობით იმართებოდა ხოლმე და ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო ერთადერთი სივრცე, სადაც შეგვეძლო შეკრება და კარგი დროის გატარება. მაშინ 18 წლის ვიყავი.

დავით კახაბერი
ფოტო: ვახო ქარელი

ინკლუზივის მთელი ხიბლი იყო იმაში, რაც დღეს დავკარგეთ და რაც ბუნებრივია, რომ დაიკარგებოდაპარასკევ დღეს ველოდებოდით, რადგან ვიცოდით, რომ დაგვხვდებოდა ძალიან საინტერესო ადამიანის ერთსაათიანი მოხსენება ან დისკუსია და მერე ძალიან კარგი ღონისძიება, სადაც გვექნებოდა გართობის, ერთმანეთთან საუბრის საშუალება. მოდიოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და საუბრობდნენ საინტერესო თემებზე, იმართებოდა კინოჩვენებები და ოთახი სულ სავსე იყო. რაღაცნაირი სული ჰქონდა ამ ყველაფერს, რომელიც, სამწუხაროდ, ვერცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მეტიც, დიდმა გეი ფართებმაც ვერ შევინარჩუნეთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინ ეს ხდებოდა იმის ხარჯზე, რომ ი ადამიანების უმრავლესობა, ვინც იქ დავდიოდით, ვმალავდით იდენტობასა და ორიენტაციას.

შემდეგ იყო ორგანიზაცია იდენტობა, სადაც ასევე მოხალისეობრივად ვიყავი ჩართული. 2011 წელს კი მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მეორე ორგანიზაცია, რომელიც ქნებოდა უფრო მეტად სათემო, ლგბტ საქართველო (მომავალში თანასწორობის მოძრაობა). დირექტორი იყო დავით მიხეილ შუბლაძე. იმდენად პატარა ორგანიზაცია იყო, რომ მახსვს, მასთან ვიყავით სახლში, ერთოთახიან ბინაში და შევკეტეთ სამზარეულოში, გამგეობის სხდომისას ინტერესთა კონფლიქტი რომ არ ყოფილიყო. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ 11 წლის შემდეგ ეს ორგანიზაცია იქნებოდა არამხოლოდ საქართველოში, არამდ რეგიონში ყველაზე დიდი, ამდენი სერვისით, ალბათ ვერ დავიჯერებდი.

მალე იდენტობაში მოხდა ბევრი სამწუხარო რამ. 2016 წელს იყო ძლიერი ორგანიზაციის საჭიროება, რადგან თემი იზრდებოდა. ამას ემთხვევა ის პერიოდი, როდესაც მე და ემმა მეგობრებმა გადავწყვტეთ პირველი ქვიარ ფართების სერიის, ჰორუმ ნაითსის დაწყება. უცებ ხალხი გაჩნდა თიქოს არსაიდან, თითქოს ყველა იმალებოდა, ან ჩვენ გვეგონა, რომ იმალებოდნენ, მაგრამ პირველ ღონისძიებაზე მოვიდა 1000 ადამიანი. ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი შოკიც. თანასწორობის მოძრაობა იყო პასუხი მოთხოვნაზე თემი ასებობს, ამ ხალხს აქვს გამოწვევები, სჭირდებათ სერვისი და რას აკეთებ შენ, როგორც აქტივისტი? გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმუმი გაგვეკეთებინა, რათა ამ ადამიანებისთვის ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე მიგვეწოდებინა ის, რაც უნდოდათ.

“საჭიროა პოლიტიკურად ძლიერი ლგბტქი თემი”

ჰომოფობიის დასამარცხებლად საჭოროა, სახელმწიფოს ჰქონდეს ნება. როცა სახელმწიფოს აქვს ნება, მას გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რითაც შეუძლია წარმატებებს მიაღწიოს. დღეს, სამწუხაროდ, ეკლესია და ხელისუფლება ვალსს ცეკვავენ, რაც გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფოს ეს ნება უახლოეს მომავალში ექნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივახვედროთ ხელისუფლება — შეიძლება არ უნდოდეთ, მაგრამ ვალდებულება აქვთ და მინიმუმი მაინც უნდა გააკეთონ.

მნიშვნელოვანია ხალხის დასაქმებაც. ადამიანს არ უნდა ეცალოს, რომ 17 მაისს, პარასკევ დღეს გამოვიდეს რუსთაველზე ვიღაცის საცემად.

ამ წლების მანძილზე, ყველა ფრუსტრაციას მოჰყვებოდა ძალიან დიდი ზრდა და ამ ყველაფრის მერე უფრო ძლიერები ვართ. ერთადერთი, რაც მაშინებს, არის ის, რომ ხალხი მიდის საქართველოდან. მალე აქტივიზმი გახდება ძალიან რთული.

სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს, რომ ის, რასაც ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციები, არის მათი პასუხისმგებლობა, იქნება ეს ნორმალური ჯანდაცვა, ნორმალური სამართლებრივი სივრცე თუ სხვა. უბრალოდ შეუძლებელია, რომ მოქალაქეები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად, კოვიდის დროს რჩებოდნენ ქუჩაში და ორგანიზაციებისთვის მიმართვა უწევდეთ, რომ იქნებ რამე ვუშველოთ. მიუხედავად იმისა, რომ მეამაყება ეს ორგანიზაცია, შვილივით არის ჩემთვის და ყველა ის აქტივობა, რასაც ვაკეთებთ, უმნიშვნელოვანესია, იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღეს აღარ იქნება საჭირო, ადამიანები იყვნენ ჩვენს იმედად.

გარდა ამისა, საჭიროა პოლიტიკურად ძლიერი ლგბტქი თემი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ — ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. არ არის საკმარისი უბრალოდ გეი ვარ და დროშა მინდა ვიქნიო. რას ვითხოვთ? ამიტომ მგონია, რომ პირველ რიგში სამუშაოა სწორედ თემის გაძლიერებაზე.

ძლიერი თემი თუ არ გეყოლება, აქტივიზმზე საუბარი შეუძლებელია — დავრჩებით ის პრივილეგირებული ადამიანები, რომლებსაც, საბედნიეროდ, გვქონდა მხარდაჭერა ან ადამიანები, რომლებსაც სხვა გზა აღარ დარჩათ. ძლიერ თემს სჭირდება კარგი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.

დაპირისპირება თემში

ამაში ქართველები არ ვართ განსაკუთრებულები, ყველა ქვეყანაში არსებობს ასეთი გამოცდილება, ორგანიზაციებს აქვთ განსხვავებული ხედვები. მეორე მხრივ, ბევრი პიროვნული პრობლემაც იყო, ეს კონფლიქტები არ ეფუძნებოდა სუფთად იდეოლოგიურ დაპირისპირებას. ეს პიროვნული რაღაცები, სამწუხაროდ, დღემდე არ არის გადალახული, მე თვითონაც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ალბათ მეტი დროა საჭირო.

ჩვენი გვაქვს პრინციპი “არ ავნო” და ყოველთვის გამოვდივართ თემი წევრების ინტერესებიდან, რადგან სათემო ორგანიზაცია ვართ. მესმის, რომ ვიღაცას შეიძლება რაღაცი გაკეთება მოუნდეს, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტული არის ვიცოდეთ, რომ ეს თემის სურვილია და არა რამდენიმე კერძო ადამიანის. თუმცა ეს კერძო ადამიანებიც თემის წევრები არიან და ამიტომ, იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, ჩვენი პოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი, რომ სხვა ორგანიზაციებისთვის რამეში ხელი შეგვეშალა. სხვა საკითხია, რამდენად ჩავერთვებით რაღაცაში.

დავით კახაბერი
ფოტო: ვახო ქარელი

გამიჭირდება ვქვა, რა და როგორ იქნება მომავალში, კონტექტი იცვლება. ერთი წლი წინ საერთოდ სხვა პოლიტიკური კონტექსტი იყო, დღეს სულ სხვაა. მე რისიც მჯერა, არის ის, რომ მიუხედავად გახლეჩისა, როგორიც, მაგალითად, 2018 წელს მოხდა, მე ამ პროცესს ცალსახად ნეგატიურად არ შევაფასებდი. აქტივიზმი გადახალისდა. უმჯობესია, იყოს ბევრი ორგანიზაცია, ბევრი ხედვა და სტრატეგია, უბრალოდ, აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ მტერი არის ერთი. შესაბამისად, როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა გვქონდეს, არის მომენტები, როცა ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, იქნება ეს 5 ივლისი, 17 მაისი თუ სხვა თარიღები. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი ასე არ დარჩება და ამ კონფლიქტების მოგვარებაში წინსვლა გვექნება.

2008 წლიდან დღემდე

2008 წელთან შედარებით, დღეს თემი არის უფრო დიდი. 2013 წელს ვიყავით მაქსიმუმ 30 დაქამინგაუთებული ადამიანი, ალბათ მაგდენიც არა. დღეს, როცა ვლაპარაკობთ ქვიარ თემზე, ვლაპარაკობთ ათასობით ადამიანზე, რომლებიც სხვადასხვა კუთხით არიან ჩართულები თემის გაძლიერების პროცესში, მათ შორის, გასართობ სივრცეებში, რაც საკულტოდ იქცა.

დღეს ქალაქში 5 ქვიარ სივრცეა, 6-მდე არასამავრობო ორგანიზაცია ვმუშაობთ, თემის წევრებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი სერვისები, რომლებიც, როგორც წესი, ძვირია ხოლმე. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს დასჭირდა მრავალწლიანი ბრძოლა, რამაც იმსხვერპლა ბევრი აქტივისტის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რადგან მონსტრს ვეჭიდავებით.

ამ წლების მანძილზე, ყველა ფრუსტრაციას მოჰყვებოდა ძალიან დიდი ზრდა და ამ ყველაფრის მერე უფრო ძლიერები ვართ. ერთადერთი, რაც მაშინებს, არის ის, რომ ხალხი მიდის საქართველოდან. მალე აქტივიზმი გახდება ძალიან რთული, რადგან აქტივისტები წასულები არიან.

რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა, ლგბტქი ადამიანები რაღაცნაირად გავხდით სამოქალაქო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

ახლა გვაქვს ფუფუნება, საჯარო დისკუსიები მოვაწყოთ ტერმინოლოგიაზე და ვიმსჯელოთ, რამდენი ფერი უნდა იყოს დროშაზე. ეს ნიშნავს, რომ რაღაცები არის უკეთესად. ამასთან, მგონია, რომ გაცილებით მეტი რამ და უფრო სწრაფად ამ ქვეყანაში მოხდება TikTok-ის დამსახურებით, ვიდრე ჩვენ მოვახერხეთ წლების მანძილზე.

კოლორადოში, გეი ბარში, მასობრივი სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 20 ნოემბერს, კოლორადოში მდებარე გეი კლუბში მასობრივი სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

“დავაკავეთ ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც, ვფიქრობთ, მომხდარის დროს კლუბის სივრცეში იმყოფებოდა”, – განაცხადა პოლიციამ, რომელიც ადგილზე ცხელ ხაზზე შესული არაერთი ზარის შემდეგ მივიდა.

ეჭვმიტანილს, რომელიც პირობით მსჯავრდებული იყო, ასევე აღენიშნება დაზიანებები.

პოლიციას არაფერი უთქვამს დანაშაულის მოტივის შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ საქმეში უკვე ჩაერთო FBI. ადგილზე სასწრაფო დახმარების 11 მანქანა იყო მობილიზებული.

Club Q-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია: “შეძრწუნებულები ვართ თემზე მიტანილი ცივსისხლიანი თავდასხმით”.

ტრანსგენდერი ქალები, რომელთა სიცოცხლე ტრანსფობიურმა განწყობებმა და სისტემამ შეიწირა

20 ნოემბერი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1999 წლიდან აღინიშნება და პატივს მიაგებს ტრანსფობიური გარემოსა და სისტემის გულგრილობის გამო გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას.

ბოლო ათწლეულში საქართველოში არსებულ ტრანსფობიურ განწყობებსა და სისტემურ გულგრილობას არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მკვლელობის შემთხვევების გამოძიების გაჭიანურებული პროცესი, ჯანდაცვის სისტემის გულგრილობა და ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებული ფინანსური გამოწვევები არაერთ ადამიანს გაუსაძლის, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს უქმნის, რომლის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.

სტატიაში კიდევ ერთხელ გავიხსენებთ გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალებს, რომელთა სიცოცხლე სახელმწიფო ნების არარსებობას შეეწირა.

საბი

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს, საკუთარ ბინაში, შსს-ის ინფორმაციით შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. 2015 წლის 7 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლოშვილი ნაწილობრივ გაამართლა და სხივის ნივთის დაზიანებისა [ბრალდებულმა საბი ბერიანის ბინაში ხანძარი გააჩინა] და ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემისთვის თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 

2016 წლის 25 მაისს, სააპელაციო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2016 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბიანკა

2016 წლის 4 თებერვალს, 22 წლის ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ მიზეზად გაზის გაჟონვა დაასახელა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ზიზი

2016 წლის 16 ოქტომბერს, ზიზი შეყილაძეს თავს დაესხნენ და ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და კომაში იმყოფებოდა. 23 ნოემბერს, მიღებული დაზიანებების შედეგად, ზიზი გარდაიცვალა.

2017 წლის 3 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს, განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულისთვის დაკისრებული მსჯავრის შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში სიძულვილის მოტივი არ ფიგურირებდა და დანაშაული შეფასდა, როგორც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დანაშაული.

ლიკა

24 წლის ტრანსგენდერი ქალი, ლიკა 2018 წლის 19 ივლისს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში გარდაიცვალა. ლიკას აივ-ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზის ის ფორმა ჰქონდა, რომელიც გადამდები არ არის. გარდაცვლილის ბებიის თქმით, „გარდაცვლილისგან ბაქტერიების გავრცელების საშიშროება“ არსებობდა, ამიტომ ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან გადაასვენეს და დაკრძალეს, თუმცა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის საავადმყოფოს ფიზიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, დიმიტრი ცეცხლაძემ იმ დღეებში რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ბაქტერიების გავრცელების საშიშროების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ტრანსგენდერ ქალზე სიცოცხლის ბოლო დღეებში ბაბუა ზრუნავდა. აქტივისტების თქმით, ლიკას გარდაცვალება სისტემური გულგრილობის შედეგი იყო.

„იმის გამო, რომ სისტემა მათ საჭიროებებს სათანადოდ ვერ ხედავს, ეს ადამიანები ჯანმრთელობის მრავალი გამოწვევის წინაშე დგებიან და იმ პროგრამებშიც კი, რომლებიც მეტნაკლებად ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის, ვერ ახერხებენ სათანადო ჩართულობას. მკურნალობის მიღებისას მრავალი ხილული თუ უხილავი ბარიერი იქმნება ხოლმე, რის გამოც ხშირად ადამიანები მკურნალობას წყვეტენ და სისტემა მათ იმ დრომდე ვეღარ ხედავს, სანამ ისინი სტაციონარში არ მოხვდებიან. რის შემდეგაც მათ სათანადოდ არ მკურნალობენ, რის გამოც ფატალური შედეგებიც დგება ხოლმე. ტრანსგენდერ ადამიანებს იმ სერვისებშიც კი უწევთ თანხის გადახდა, რაც უფასოდ ეკუთვნით, რადგან სწორი პროფილის გადამისამართება არ ხდება ხოლმე და ყველამ არ იცის, რისი უფლება აქვს და რა უნდა მოითხოვოს ჯანდაცვის კონკრეტული უწყებებისგან“, — აღნიშნავდა გოჩა გაბოძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ტრანსგენდერი ქალი ტაილანდიდან

2021 წლის პირველ ნოემბერს, ვერაზე, მასაჟის სალონში ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს, მეორე ქალი კი დაჭრეს.

მოკლულსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მომხმარებელმა მასაჟის სპეციალისტს, მასაჟის გარდა, დამატებითი სექსუალური ხასიათის მომსახურება მოსთხოვა, რაზეც უარი უთხრეს. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინა.

უსახელო გალერეაში ქალებისა და ქვიარ ადამიანების უფლებების შესახებ გამოფენა გაიმართა

დღეს, 19 ნოემბერს უსახელო გალერეაში გამოფენა “თვალი” გაიმართა. ექსპერიმენტული გამოფენა ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-ის მიერ იყო ორგანიზებული.

გამოფენის მონაწილე ზოგიერთი ხელოვანისათვის “თვალი” სადებიუტო გამოფენაა. ნამუშევართა უმრავლესობა ქალებისა და ქვიარ ადამიანების მიერაა შექმნილი.

GrlzWave-ის თანადამფუძნებლისა და გამოფენის კურატორის, თეკლა თევდორაშვილის განცხადებით, გამოფენა ეხება ქალებისა და ქვიარ ადამიანების უფლებებს, ოჯახში ძალადობას, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ა.შ. თეკლას ნამუშევარს “წმინდა სისხლი” ჰქვია და მენსტრუაციის შესახებაა. ინსტალაციის ფარგლებში დამთვალიერებლებს შეეძლოთ თეკლას მიერ დაწერილ ლექსისათვის მოესმინათ, მოგვიანებით კი ის სიტყვები დაეწერათ, რომლებითაც მათ ან გარშემომყოფებს მენსტრუაცია მოუხსენიებიათ. ნამუშევრის ავტორის თქმით, ინსტალაციის მიზანი მენსტრუაციის კოლექტიურ დესტიგმატიზაციას ემსახურება.

გამოფენა “თვალი” ლოკალური აქტივობის, არტივიზმის 3-დღიანი ვორკშოფის შედეგად შეიქმნა. ვორკშოპში, რომელიც ოქტომბერში House of Reconenxtion-ში ჩატარდა, 15 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგანაც 9 ადამიანის მიერ შექმნილი 8 ნამუშევარი უსახელო გალერეაში გამოიფინა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა დაინტერესებულ პირებს 18-დან 20 სთ-მდე უფასოდ შეეძლოთ.

25 ნოემბერს, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მარში იმართება

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა და „სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები“ ქალთა სხეულებრივი ავტონომიისა და უსაფრთხოების დასაცავად ერთიანდებიან. საპროტესტო მსვლელობის მიზანია ქალთა გაუპატიურების მიმართ არსებული მანკიერი მიდგომების შეცვლა.


„ჩვენი მიზანია, შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოვფხვრათ გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და დავიცვათ ქალები სქესობრივი დანაშაულებისგან.

ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას. ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისგან ყველგან – სახლში, ქუჩაში, საცეკვაო მოედანზე, ნებისმიერი სახის საჯარო თუ პირად სივრცეში“, — აღნიშნულია Facebook ღონისძიების აღწერაში.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ქალის ნამდვილი თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, რაც აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა“.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მოითხოვენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადან „შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისაგან დაცვა დღეს არსებული კანონით“.

ქალთა მოძრაობა აკრიტიკებს საკანონმდებლო ორგანოს, რომელსაც ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა არ აინტერესებს.

„ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს, მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებულად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი. თანხმობა გადამწყვეტია!“ — აღნიშნულია განცხადებაში.

საპროტესტო მსვლელობა გაიმართება 25 ნოემბერს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე.