ნოემბერი 2022 - Page 5

მწვანეები ქვიარ და ფემინისტურ პარტიას აფუძნებენ

/

საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები პირველ ქვიარ და ფემინისტურ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან. როგორც თანადამფუძნებელი, თამარ ჯაყელი ქვიართან ამბობს, მათი მთავარი მიმართულება იქნება მწვანე პოლიტიკა, ეკოლოგია, კლიმატის ცვლილება და თანასწორობა, ქვიარ უფლებები, ფემინიზმი, სოციალური პოლიტიკა.

“უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობთ ამ იდეაზე ახალგაზრდა მწვანეები, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ჯერ არ ვართ ამისთვის მზად, არ არის ამისთვის კარგი პოლიტიკური სიტუაცია, არ გვაქვს დაფინანსება, ძლიერი მხარდაჭერა და ა.შ. ბევრჯერ გადავდეთ სამომავლოდ, მაგრამ წელს უკვე მივხვდით, რომ არ ღირს დაცდა და ახლავე უნდა დავიწყოთ, თუნდაც პატარა ნაბიჯებით და შევქმნათ პარტია, რომელიც მართლა იქნება მწვანე და მართლა იქნება თანასწორობისთვის”, — ამბობს ჯაყელი.

თორნიკე კუსიანი, რომელიც ასევე პარტიის თანადამფუძნებელია, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არის უთანასწორო გარემო ქვიარებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, ქალებისთვის და ახალი პარტია სწორედ ამ უთანასწორობის აღმოფხვრას შეეცდება.

თორნიკე კუსიანი
თორნიკე კუსიანი

“რაც გვინდა პარლამენტში გავაკეთოთ, ეს, პირველ რიგში, უნდა წამოვიდეს იმ ადამიანებისგან, ვინც მხარს დაგვიჭერს, ვინც მოვა ყრილობაზე და ვინც განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რომლითაც მწვანეებმა უნდა ვიმუშაოთ. ჩვენთვის თანამონაწილეობითი დემოკრატია არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ცხადია, როგორც გუნდს, გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი არის თანასწორობისთვის ბრძოლა, შესაბამისად, პრიორიტეტული იქნება ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანასწორობას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას. მწვანეებისთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტები, რომლებიც დაცლილია კორუფციისგან და რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ რეგულაციების გზით განახორციელოს სწორი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა”, — აღნიშნავს კუსიანი.

როგორც თამარ ჯაყელი ამბობს, იციან, რომ წინ რთული გზა ელოდებათ, მაგრამ საქართველოში სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება და საზოგადოება ასე თუ ისე მზადაა ცვლილებისთვის.

“თუმცა ამ ცვლილების აგენტები ამ დროისთვის დიდად არ ჩანან ჰორიზონტზე. ხალხი დაიღალა ძველი პარტიებით, ერთი და იმავე სახეების ყურებით და მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში ახლებური ტიპის პოლიტიკისთვის მზაობა არსებობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყურადღება მივმართოთ საზოგადოების პროგრესული პოლიტიკის მომთხოვნი სეგმენტისთვის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ბევრად ეკომეგობრული ქვეყანა, იყოს მეტი მწვანე სივრცე, მოწესრიგდეს ტრანსპორტი, უარი ითქვას ისეთ არამიზნობრივ ენერგოპროექტებზე, რომელთა მიმართ სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულება აქვს და კარგად არ აფასებს სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს. გარდა ამისა, ჩვენი პარტია იქნება ღიად ქვიარი, ღიად ფემინისტური. სამწუხაროდ, საქართველოში ფუფუნებაა, რომ ღიად ქვიარ ადამიანებმა გადაწყვიტონ პოლიტიკაში წასვლა და პარტია ღიად ფემინისტურ იდეებს ატარებდეს”, — ამბობს ჯაყელი.

თამარ ჯაყელი
თამარ ჯაყელი

მისივე ინფორმაციით, ახალი პარტია აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას შშმ პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ყველა იმ ჯგუფის უფლებებს, რომლებიც თავს ჩაგრულად მიიჩნევენ.

ახალი პარტიის სახელწოდებაა მწვანეები, მთავარი სლოგანით — თანასწორობისთვის. პირველი ყრილობა 27 ნოემბერს გაიმართება. როგორც მწვანეების წარმომადგენლები ქვიართან აღნიშნავენ, აპირებენ მონაწილეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და იმედი აქვთ, რომ პარლამენტში მოხვდებიან. თამარ ჯაყელის თქმით, ცდილობენ, რეალისტური იმედები დაისახონ.

“რეალისტურია ერთი კანდიდატი, თუკი სწორად ვიმუშავებთ და მოსახლეობას სწორად მივაწვდით მესიჯებს. და რომც ვერ მივაღწიოთ ამ მიზანს, ეს საარჩევნო კამპანია კარგი გამოცდილება იქნება და გვეცოდინება, რა უნდა შევცვალოთ, რადგან არცერთი არ ვართ პოლიტიკოსი. ყველა ვართ ახალგაზრდა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებით მოდის”, — ამბობს თამარ ჯაყელი.

თორნიკე კუსიანის თქმით, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მწვანეებს სპეციფიკური ამომრჩეველი ჰყავს: ახალგაზრდები, ქალები, ქვიარ ადამიანები. მისივე თქმით, მწვანეებს სჯერათ, რომ ქვეყანაში უთანასწორო გარემოს შეცვლისთვის აუცილებელია მოქალაქეების გაერთიანება ერთი და იმავე ღირებულებების გარშემო. ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკას სჭირდება ტრანსფორმაცია და საერთოდ უნდა დავივიწყოთ ის ტრადიციები, რომლითაც ქვეყანაში პოლიტიკა წარიმართება.

“ჩვენ ვქმნით მწვანე პლატფორმას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ უთანასწორობა, გარემოს დაცვა, დემოკრატიის პრობლემა ქვეყანაში და სწორედ ამ ადამიანებთან ერთად ვხედავთ საკუთარ თავს 2024 წლის არჩევნებში. ჩვენი პლატფორმა ღიაა ყველასთვის, ვისაც შეუძლია ორიენტირდეს საერთო ენის გამონახვაზე, ვისთვისაც ქვეყნის და პლანეტის მომავალი არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკა დიდი ხნის განმავლობაში ასოცირებულია ბინძურ აქტივობასთან. სახეზე გვაქვს პოლარიზაცია, პოლიტიკას აკეთებენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები და გვინდა ეს შევცვალოთ. გვჯერა, რომ პოლიტიკა უნდა აკეთონ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ღირებულებები, ჩვეულებრივმა ადამიანებმა უნდა გააკეთონ პოლიტიკა”, — ამბობს ის.

თორნიკე კუსიანი აღნიშნავს, რომ მწვანეები 2008 წელს დაფუძნდნენ, როგორც საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და ეს იყო მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ფრთა, თუმცა განსხვავებებიდან გამომდინარე, პარტიას გამოეყვნენ და 14-წლიანი გზა გაიარეს იქამდე, რომ დაეფუძნებინათ პროგრესული, მემარცხენე ცენტრისტული მწვანე პარტია. პარტიის დაფუძნების შემდეგ, მწვანეები აპირებენ გახდნენ ევროპის მწვანეთა პარტიის წევრები, რაც, მათი თქმით, არის გარანტია, რომ ევროპის მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. თამარ ჯაყელის თქმით, ჯერ დრო არის და ახლა ძირითადად იდეებისა და ღირებულებების განხილვა მიმდინარეობს.

გზა ანდერგრაუნდ სცენიდან დიდ სცენამდე — MADLENA

/

მე ვარ მადლენა, ქვიარ არტისტი და შემსრულებელი. ჩემი მთავარი ინსპირაცია არის ჩემი გრძნობები და ემოციები, ყოველთვის ვცდილობ, მოვუსმინო ჩემს სურვილებს, უკეთ გავიცნო საკუთარი თავი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შთაგონება არის ის ოცნებები და სურვილები, რომლებიც ყოველთვის ჩემთან იყო — ადრეული ასაკიდან ვცეკვავ, ვიყავი ქორეოგრაფი, დიზაინერი. ახლა იმის დრო დადგა, რომ დიდ სცენაზე დავდგე და მუსიკალური კომპოზიციებით მოვყვე ჩემი ისტორია.

ვარსკვლავის დაბადება და სიყვარულის მანიფესტაცია

მადლენა დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ, ის ცხოვრობდა მხოლოდ ღამის ცხოვრებით. მადლენა იყო ანდერგრაუნდ სივრცეების ნამდვილი დივა, რომელიც ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, ხვდებოდა უამრავ ადამიანს და მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება და დაფასება არასდროს აკლდა არც ქართულ და არც არაქართულ სივრცეებში, ის არ იყო შემსრულებელი და არტისტი — მადლენას ცხოვრება მზის შუქზე მთავრდებოდა.

მეგობრები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ნიჭი და ენერგია მხოლოდ ანდერგრაუნდ სივრცეებში არ უნდა დახარჯულიყო და ფეხი უნდა დამედგა დიდ სცენაზე, რის გამოც მათი ძალიან მადლიერი ვარ. ამ ძალიან ნიჭიერმა ადამიანებმა: დათუნა სულიკაშვილმა, გრიგორ დევეჯიემმა, ირაკლი რუსაძემ მიბიძგეს, რომ მადლენა მიწისქვეშეთიდან ამოსულიყო და გამხდარიყო მსოფლიო ვარსკვლავი. თავიდან ცოტა შემეშინდა, რადგან ყველა საქმეს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, მაგრამ იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი მათგან, რომ ძალიან მალევე გაქრა ყველა შიში.

ძალიან იღბლიან ადამიანად ვთვლი თავს, რადგან ჩემს პირველ სინგლზე საქართველოში ყველაზე წარმატებულმა ვიდეომეიქერმა და კომპოზიტორმა, გრიგორი დევეჟიევმა და სტეფანემ იმუშავეს. სტეფანემ შექმნა კომპოზიცია, ხოლო გრიგორიმ მუსიკალური ვიდეო გადაიღო და ასე გაჩნდა MANIFEST. ის ზუსტად ასახავს ჩემს პიროვნებას, ტრანსგენდერი ქალის მებრძოლ და დაუმორჩილებელ სულს, რომელიც სიყვარულის მანიფესტაციას აკეთებს პოლიტიკური ტრიბუნიდან. ეს სიმღერა ჩემი სავიზიტო ბარათია და ჰყვება ძლიერი ქალის ისტორიას, რომელსაც შეუძლია საკუთარ უფლებებზე და საჭიროებებზე საუბარი, რომელიც მოითხოვს მშვიდობას, თანასწორობას და ერთმანეთის პატივისცემას.

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი და პირველი შეხვედრა გულშემატკივრებთან

მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შედგა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რამხელა ნაბიჯს ვდგამდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ამ ყველაფერზე ფიქრისთვის დრო არ გვქონდა, თუმცა დღეს, კლიპის პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ,ვხვდები, რომ სინამდვილეში ძალიან დიდი მოვლენა იყო ქართულ რეალობაში მადლენას გამოჩენა და ის, რომ თბილისის ყველაზე ძველ და ისტორიულ საკონცერტო დარბაზში ტრანსგენდერი ადამიანის კლიპის პრეზენტაცია შედგა. საღამომ მშვიდობიანად ჩაიარა, არ ყოფილა არანაირი აგრესია. პირიქით, მივიღე უამრავი დადებითი ენერგია ჩემი გულშემატკივრებისგან. სხვა მოლოდინი არც მქონია, რადგან ეს სიმღერა ძალიან დიდი სიყვარულით შეიქმნა და მჯეროდა, რომ შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნებოდა.

უფრო დიდი გამოწვევა Monohall-ის საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტი იყო, რომელსაც სამი ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ძალიან ვნერვიულობდი, მოლოდინიც მქონდა, რომ ბევრი ჰომოფობი ადამიანი იქნებოდა, თუმცა ამ საღამომაც მშვიდობიანად ჩაიარა. რატომღაც ჩემ მიმართ ყოველთვის დადებითი განწყობაა, სიყვარული სულ თან დამყვება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ლგბტქი ადამიანის ისტორია იგივეა. ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰომოფობია განსაკუთრებით მძვინვარებს, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, მადლენაც ამის დასტურია ჩემთვის. მონოჰოლში სიმღერას მოვრჩი თუ არა, ჩემთან უამრავი ადამიანი მოვიდა, იღებდნენ ფოტოებს, მათ შორის, ბევრი სთრეითი ადამიანი ან ისეთები, ვისზეც შორიდან ვიცოდი, რომ არ იყვნენ კეთილგანწყობილი ქვიარ ადამიანების მიმართ. ის ღამე განსაკუთრებული იყო ჩემთვის, ერთგვარი ნიშანი, რომ აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა ჩემი საქმის კეთება და წინსვლა.

ქართული ანდერგრაუნდ სივრცეები და სწრაფად ცვლადი რეალობა

ქართული ანდერგრაუნდ კულტურა 90-იანი წლებიდან იწყება. მეგობრებთან ერთად გავხსენი პირველი ქართული გეი კლუბი აურა, სადაც სხვადასხვა არტისტთან, მათ შორის, ირაკლი ჩარკვიანთან ერთად ვაკეთებდით შოუებს, ვუკრავდით ტექნოს ჟანრის ელექტრონულ მუსიკას. თავიდან ამ ყველაფერს ბევრი წინააღმდეგობა მოჰყვა, თუმცა მალევე აურა ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა და უამრავი ადამიანი გააერთიანა. ვის აღარ ნახავდით იქ — ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანებს, ყოფილ ჩინოვნიკებს, გეებს, ლესბოსელებს. ჩვენს სივრცეში ყველა ახერხებდა საერთო ენის გამონახვას და იშვიათად იქმნებოდა რამე პრობლემა. პრობლემა მხოლოდ პოლიციისგან გვქონდა, თუმცა საბოლოოდ, ვერც მათ შეგვაშინეს და მაინც ვაკეთებდით ივენთებს.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დღეს უკვე ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია ჩვენ გარშემო და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ვიღებ უამრავ წერილს მათგან და ჩემიანებად აღვიქვამ. გაჩნდა უამრავი ახალი სივრცე ქვიარ ადამიანებისთვის, მათ შორის Drag Ball, სადაც ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი თავი, გამოხატონ გრძნობები და ისაუბრონ იმ პრობლემებზე თუ გამოწვევებზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მაბედნიერებს, რომ ყველაფერი სწრაფად იცვლება და ამ ცვლილების ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ.

მადლენა სცენის მიღმა და სამომავლო გეგმები

მადლენა სცენის მიღმაც ზუსტად ისეთივეა, როგორც სცენაზე. ალბათ იმიტომაც მაქვს ამხელა სიყვარული ადამიანებისგან და წარმატება, რადგან არ ვთამაშობ და არ ვიტყუები, ვარ ის, რაც ვარ. ამ ყველაფრისთვის ბევრი წელი, ბევრი შრომა და ბევრი ენერგიის დახარჯვა მომიწია. მაყურებელიც გრძნობს ამას. ამჯერად ვმუშაობ კიდევ ორ სიმღერაზე, ერთ-ერთი იქნება თურქულ ენაზე და გათვლილია თურქი მსმენელებისთვის, მეორე კი გერმანიისთვის. გაჩერებას არ ვაპირებ, მინდა, წინსვლა არასდროს შევწყვიტო.

ბევრი წლის შემდეგ, ადამიანებმა მინდა ჩემგან მაგალითი აიღონ და დამინახონ მებრძოლ და რევოლუციურ პიროვნებად, რომელსაც არ აშინებს საზოგადოების წნეხი, ნორმები თუ საზღვრები. მინდა, რომ მაგალითი ვიყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც ეშინიათ დიდი ნაბიჯების გადადგმის, ეშინიათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობის, მიღების, აღიარების. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეუბნება, რომ ჩემმა ისტორიამ და შემოქმედებამ ბიძგი მისცა, უფრო უკეთესები გამხდარიყვნენ. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის.

ტექსტის ავტორი: ზურა აბაშიძე

შეძრწუნებული იმ კაცის ქმედების გამო კი არ ვარ, ხალხი რომ აქეზებდა, ეს იყო საშინელება — ლუკა აბლოთია

გუშინ 6 ნოემბერს, 17 წლის ღიად ქვიარ მოზარდს, ლუკა აბლოთიას საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავს დაესხნენ. ლუკამ გამოიძახა პოლიცია და თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-ზეც. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ლუკა აბლოთია ქვიართან საუბრისას შემთხვევის დეტალებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მოძალადე ჩაცმულობის ან აქსესუარის გამო დაესხა თავს.

„ჩაცმულობის გამო დამიპირისპირდა, ღილზე მიმითითა, შეიკარიო, მაგრამ ხელში თანასწორობის ჩანთა მეკავა და მაგასაც უყურებდა უცნაურად. კი ვიეჭვე, ჩემთვის რაღაცის თქმა უნდა-მეთქი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ამ კაცისთვის. ჩემთვის ვუსმენდი რაღაცას ყურსასმენებით, არც ვაქცევდი ყურადღებას, რაღაცას მეკითხებოდა და ვკითხე, რა უნდოდა, ღილები შეიკარიო და ვუპასუხე, არ შევიკრავ-მეთქი“, — იხსენებს ლუკა.

მისი თქმით, დაპირისპირების საფრთხის დანახვისთანავე დარეკა 112-ში, მაგრამ პოლიციამ დაიგვიანა და ამასობაში თავდამსხმელი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა.

„როცა ხელის დარტყმის რისკი დავინახე, როცა ყვირილი და გინებები დაიწყო, მაშინვე დავრეკე პოლიციაში, რათა ეს ადამიანი ჩემგან გაერიდებინათ. მძღოლს ცხელ ხაზზე არ დაურეკავს, პრობლემები შემექმნებაო და არ მარეკვინებდა არც მე, ყველა მეუბნებოდა, არ დარეკოო, მაგრამ მაინც დავრეკე. ამის შემდეგ 10 წუთი მაინც ველოდებოდით პოლიციას, დიდუბის მეტროსთან უნდა მოსულიყვნენ, თუმცა არ მოვიდნენ მანდ. მე დიდუბეში უნდა ჩამოვსულიყავი და ეს კაცი მემუქრებოდა, რომ ჩამოხვალ აგჩეხავო. ავტობუსი დიდუბესაც გასცდა და ისევ დავრეკე პოლიციაში, სანამ სახალხო დამცველი არ ჩაერევა, იქამდე არ გექნებათ რეაგირება-მეთქი? მერე რამდენიმე წუთში პოლიციაც გამოჩნდა, მაგრამ ამასობაში ამ კაცმა ხელი დამარტყა, იძალადა და გაიქცა. პოლიციამ ძალიან დააგვიანა“, — ამბობს ლუკა.

17 წლის მოზარდი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი და ავტობუსის სხვა მგზავრები ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„დანის დარტყმით, მოკვლით მემუქრებოდა, მეუბნებოდა, რომ მომდევნო დღე არ გამითენდებოდა. თითქმის მთელი ავტობუსი, მათ შორის, ეს კაცი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ. რთულია იმ მომენტების გახსენება, მაგრამ მახსოვს რაღაც შეურაცხმყოფელი ტერმინები — საქართველოში ამათი ადგილი არ არის, როგორ მომრავლდნენ და ა.შ. მაგრამ დაზუსტებით მაინც ვერაფერს ვამბობ“, — ამბობს ის.

17 წლის მოზარდი აღნიშნავს, რომ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეოს გარდა, კიდევ ერთი ვიდეო აქვს, რომელსაც გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულ კადრებში ავტობუსის სხვა მგზავრების მხრიდან თავდასხმის ფაქტებიც ჩანს. 

ლუკა აბლოთიას სამედიცინო შემოწმებას დღეს ჩაუტარებენ. ამბობს, რომ თითი სტკივა, თუმცა თავდასხმა განსაკუთრებით რთულია ემოციურად.

„შეძრწუნებული ამ კაცის ქმედების გამო კი არ ვარ, იმის წინასწარი მოლოდინიც მქონდა, რომ შესაძლოა ერთ დღეს მსგავსი თავდასხმა მოხდებოდა, მაგრამ რაც ავტობუსში ხდებოდა, ეს ხალხი რომ აქეზებდა, ჩემკენ მოსვლის, თავდასხმის საშუალებას რომ აძლევდნენ, ეგ იყო საშინელება. თანაც, როცა უკვე ხელი დამარტყა და პოლიციასთან საუბრისას ამის შესახებ ვეუბნებოდი, იყო ერთი ქალი, რომელიც ყვიროდა, არ დაურტყამსო და ვუთხარი, რატომ იტყუებით, თქვენს შვილისთვის გაეკეთებინათ იგივე, რას იზამდით-მეთქი და მითხრა, ჩემი შვილი ღირსი იქნებოდაო. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, 100 ადამიანი რომ იყოს და 90 თავს გესხმოდეს“, — ამბობს ლუკა აბლოთია და აღნიშნავს, რომ ავტობუსში მყოფთაგან სულ რამდენიმემ დაუჭირა მხარი — „ავტობუსში ერთი უცხოელი ბიჭი იყო, რომელიც მხარდაჭერას ცდილობდა, მეუბნებოდა, რომ დავმშვიდებულიყავი, ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ ეცადე დამშვიდდე და ყურადღება არ მიაქციოო. იყო ორი ახალგაზრდა გოგოც, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და ხალხს ეუბნებოდნენ, რა დღეში ხართო“.

დაზარალებულის თქმით, არასრულწლოვანთა გამომძიებლები, რომლებიც საქმეში პირველი ეკიპაჟის ადგილზე მისვლის შემდეგ ჩაერთნენ, მის მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ.

„ეკიპაჟი, რომელიც მოვიდა, დიდად არ მომეწონა, თუმცა როცა უკვე გადამიყვანეს და არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი გამომძიებლები ჩაერთნენ, ისინი ძალიან კარგები იყვნენ, საჩივრის დაწერაშიც დამეხმარნენ, მხარდაჭერა გამომიცხადეს, თავისი საკონტაქტო ნომრებიც ჩამაწერინეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დავურეკო, მათთან პრობლემა არ მაქვს“, — გვეუბნება ლუკა.

ლუკა აბლოთიას თქმით, მისი ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერ-ჯერობით დაკავებული არაა, თუმცა ადვოკატი დღეს გაარკვევს დამატებით დეტალებს და საქმეს იქამდე არ შეწყვეტს, სანამ მოძალადე არ დაისჯება.

ლუკა აბლოთიას თქმით, ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

17 წლის ქვიარ მოზარდი, ლუკა აბლოთია Facebook-ზე წერს, რომ ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.

“ეს “კაცი” თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რა შენი საქმეა მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია მერე, კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა.

მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი, სადაც 112 დავრეკე. ეს კაცი მოვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი “ქალი” მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს რადგან ცუდად ვარ, ამას რომ ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს. ამ ნაძირალას და ყველას იმ ავტობუსში, ვინც ჩემი უფლებები შელახა, აუცილებლად ვგებინბ პასუხს!”, — წერს ლუკა აბლოთია და ამ ვიდეოს აქვეყნებს:

ქვიარი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პროტესტი, ეიფორია და ქვიარ გამოღვიძება — გაიცანით ქართველი დრეგ ქვინი BIPOLARA

/

არსებობს კლიშე, რომ თუ დრეგ ქვინი ხარ, აუცილებლად უნდა უყურებდე რუპოლის დრეგ შეჯიბრებას, ყველა ქვინის სახელი და ბიოგრაფია ზეპირად იცოდე და ა.შ. მე ამ ჯგუფს არ მივეკუთვნები — დრეგი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე რუპოლის შოები და უფრო მეტი მოლოდინები მაქვს ამ ყველაფრისგან, ვიდრე ტაშის დაკვრა და ადამიანების სიყვარული.

არასდროს მიფიქრია, ამხელა არტისტიზმი თუ იმალებოდა ჩემში. დრეგის გარეშე თითქოს ძალიან უნიჭო ვარ, მაგრამ საკმარისია ერთი ლაინერი გავისვა თვალზე და ყველაფერი იცვლება — ახალი ადამიანი იბადება, რომელსაც უფრო მეტი უნარები და შესაძლებლობები აქვს.

“პირველი და უკანასკნელი შოუ” — ბიპოლარას დაბადება

ფოტო: ვახო ქარელი

ყველაფერი 2020 წელს, პანდემიის დროს დაიწყო. სამსახურიდან აღმოვჩნდი United We Stream-ის ერთ-ერთ ლაივზე, რომელიც მთლიანად დრეგ ქვინებს ეძღვნებოდა. მაშინ ქვიარ საზოგადოებასთან დიდი შეხება არ მქონია, ვიყავი ასაკით უფრო პატარა, ყველაფერი გაჩერებული იყო და ძალიან მომეწონა ის გარემო და ადამიანები, რომლებიც იქ დამხვდნენ. მაშინ არც მიფიქრია, რომ ცოტა ხანში მეც ერთ-ერთი მათგანი გავხდებოდი.   

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როცა ლოქდაუნი მორჩა და ქვიარ სივრცეები უფრო აქტიურად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ვნახე ჩემი უახლოესი მეგობრის, Matt Shally-ის შოუ, რომელიც ძალიან მომეწონა. დავფიქრდი, მეც ხომ არ მინდოდა იმავეს გაკეთება. მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ვუსმენდი იმ მუსიკას, რომელზეც მათემ შოუ გააკეთა. ვფიქრობდი, მე როგორ გავაკეთებდი ამ სიმღერაზე შოუს, როგორი იქნებოდა ჩემი შესრულება და ა.შ. მათეს შოუს მალევე მოჰყვა ნია გვათუას შემოთავაზება — მთხოვა შოუ გამეკეთებინა საქსეს ბარში, თავიდან ვყოყმანობდი, არ ვიყავი მზად, თუმცა ბოლოს მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი იმ პირობით, რომ ეს იქნებოდა ჩემი პირველი და უკანასკნელი შოუ, დავიკმაყოფილებდი ჩემს სურვილებს და ამით მორჩებოდა.

მაყურებლების ოვაციები და უფრო თამამი ბიპოლარა

ფოტო: KOI
ფოტო: KOI

პირველ შოუზე, ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ მინერვიულია, ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნია დამეხმარა ჩემი იდეების სრულყოფაში. მაყურებლისგანაც ძალიან დადებითი ემოციები მივიღე შოუს დასრულების შემდეგ, არ წყდებოდა ტაში და ოვაციები. მითხრეს, რომ გარეთ უამრავი ადამიანი დარჩა, რომლებიც შიგნით შემოსვლას და ჩემი შოუს ნახვას ცდილობდნენ. ამ ადამიანებმა და მათმა ემოციებმა შემახსენა, რომ სინამდვილეში იქ ვიყავი, სადაც ბავშვობიდან მინდოდა ყოფნა და ის ემოციები მივიღე, რაც ყოველთვის მაკლდა. დღის ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი დრეგ პერფორმერობა აქ არ დასრულდებოდა და მომავალშიც აუცილებლად გავაკეთებდი შოუებს.

ძალიან ახლო მეგობრების გარდა, როგორც წესი, არავინ იცის, როგორი იქნება ჩემი შოუ, არ არსებობს წინასწარი მოლოდინები. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი შევთავაზო ჩემს გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თვალს ადევნებენ ქართული დრეგის განვითარებას. ჩემი დრეგ პერსონაც მუდმივად განიცდის ცვლილებას, ვცდილობ, არ ვიყო ერთფეროვანი და სწორხაზოვანი. ჩემი შოუები ყოველთვის სხვადასხვა თემატიკას ეძღვნება, იცვლება მესიჯები, ჩემი გამოხატვის ფორმები. პირველი შოუ 1992 წლის ფილმიდან, Death Becomes Her-იდან გავაკეთე, სადაც მთავარ როლს მერილ სტრიპი ასრულებს. შოუს დასაწყისში ბიპოლარა გაუბედავი, შეშინებულია, დგას სარკესთან და სასოწარკვეთილი უყურებს საკუთარ გამოსახულებას, თუმცა შოუს მსვლელობის დროს, პოულობს ძალას და განსხვავებულ მხარეს ავლენს, უფრო თამამს, ძლიერსა და დაუმორჩილებელს.

ეიფორიის განცდა, რომელიც დრეგის კეთებას ახლავს

ფოტო: KOI

შოუს დასრულების შემდეგ, ყოველთვის მინდა, არ მორჩეს ბიპოლარა, გამყვეს ის ემოცია თუ ეიფორიის განცდა, რაც დრეგის კეთებას ახლავს. ვცდილობ, დაძინებამდე არ მოვიხსნა პარიკი, არ მოვიშორო მაკიაჟი და ცოტა ხნით გავიხანგრძლივო ბედნიერების განცდა. მერე ვიძინებ და გაღვიძებისას თითქოს ახალი ადამიანი ვარ. ყოველი პერფორმანსის შემდეგ ახალი ადამიანი იბადება, რომელიც მაქსიმალურად დაცლილია იმ შიშებისგან, რაც დრეგის კეთებამდე მქონდა.

ყოველი შოუს მერე ვგრძნობ, რომ უფრო უკეთესი ვარ, უფრო თამამი, უფრო ძლიერი. როგორც იქნა, საკუთარი თავის ფასი ვისწავლე, უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ. ვისწავლე, როდის უნდა ვთქვა რაღაცაზე უარი, როდის უნდა დავთანხმდე. დრეგმა საკუთარი თავის მოსმენა და დაფასება მასწავლა. ბევრი ისეთი რამე გამოვიტანე გარეთ, რასაც ბევრი წლის განმავლობაში ვჩქმალავდი, ყურადღებას არ ვაქცევდი. ყველაფერი უფრო მარტივი გახდა.

ქართველი დრეგ ქვინების და ქართული დრეგის უნიკალური მახასიათებლები

ფოტო: KOI
ფოტო: KOI

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა იმ ადგილების რაოდენობა, სადაც ქვიარ ადამიანებს და ქვიარ კულტურას უთმობენ დროს. ყველა კლუბს აქვს თავისი ქვიარ ღამეების სერია, რამაც გამოიწვია ქართველი დრეგ ქვინების რაოდენობის ზრდა და რაც ყველაზე სასიხარულოა ჩემთვის, არცერთი დრეგ ქვინი არ ჰგავს ერთმანეთს, ყველანი თავისებურად გამორჩეულები არიან. მიჭირს ერთი რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა, ყველას შრომას და შემოქმედებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიხარია, რომ ასეთი მრავალფეროვნები არიან, სტილით, ვიზუალით, გემოვნებით, არტისტული უნარებით, მანერებით და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს მრავალფეროვნება მომავალში დიდ სიკეთეს მოგვიტანს ყველას, ვინც დრეგ კულტურის ნაწილად აღვიქვამთ თავს.

ჩემი დაკვირვებით, ქართული დრეგი ტრადიციული დრეგისგან იმით განსხვავდება, რომ ქართველი დრეგ ქვინების შოუებში უფრო მეტი პერფორმანსია და არ არის მხოლოდ კლასიკური დრეგი ლიპსინქით და მოძრაობებით. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, რადგან არ ვართ ჩარჩოებში მოქცეულები და უფრო მეტი გასაქანი გვაქვს საკუთარი განცდების თუ გამოცდილების გაზიარებისთვის. მაყურებელიც მოგებულია, რადგან არასდროს იცის, რა დახვდება კონკრეტული დრეგ შემსრულებლის შოუზე.

პროტესტი, ქვიარ გამოცდილება და რჩევები დამწყებ დრეგ ქვინებს 

ყოველთვის ვცდილობ, შოუებში მქონდეს ის პროტესტი, რომელიც ცხოვრებაში მიგროვდება. შეიძლება ამას ყველა ვერ ამჩნევდეს, მაგრამ დაკვირვებული თვალი აუცილებლად შენიშნავს, რომ ჩემი შოუები ირეკლავს იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვიწევს ცხოვრება. ამას ვერ გავექცევით, ქართველი ქვინების შოუებში პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის არის გადმოცემული ის ტკივილი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში განვიცდით. დრეგი არ არის მხოლოდ ფერადი კოსტიუმები და გასართობი სანახაობა, ჩვენთვის დრეგი პირველ რიგში არის საშუალება, მოვყვეთ ჩვენი ისტორია.

დრეგი ჩვენს ქვეყანაში რისკებთან არის დაკავშირებული, არცერთი დრეგ ქვინი არ არის დაცული ჰომოფობიური საზოგადოებისგან. ჩემი მაგალითიც ასეთია — ოჯახისგან არ მაქვს მხარდაჭერა, თუმცა მაინც გავრისკე და გადავდგი ეს ნაბიჯი. სხვა ადამიანებსაც ამას ვურჩევდი. ვისაც სურვილი აქვს ქართული დრეგ ოჯახის ნაწილი იყოს, აუცილებლად უნდა გარისკოს და გადადგას ნაბიჯი. ვიცი, რომ მარტივი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დრეგმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დაშვებას ვაკეთებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა შედეგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა და იმაზე ბევრად მეტი მივიღე, ვიდრე წარმოვიდგენდი: უამრავი ადამიანი გავიცანი, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა, სიყვარული. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა გასულ კვირას, კლუბ TES-ში JAMPROJECT-ის ორგანიზებით გამართულმა ეროტიკული ღამეების სერიამ TURPHA, სადაც ჩემი პირველი სიმღერის პრეზენტაცია შედგა. რისკი და ნერვიულობა ამ ყველაფრად ღირდა.

 

ტექსტის ავტორი: ზურა აბაშიძე

Heartstopper-ის ვარსკვლავი, კიტ კონორი ბისექსუალად დაქამინგაუთდა

ფანების ნაწილის მხრიდან კრიტიკის შემდეგ, ნეტფლიქსის სერიალის, Heartstopper-ის ვარსკვლავი, კიტ კონორი იძულებული გახდა საკუთარი ბისექსუალობის შესახებ საჯაროდ ესაუბრა.

“გილოცავთ, რომ 18 წლის მოზარდი აიძულეთ, დაქამინგაუთებულიყო. ვფიქრობ, ზოგიერთმა თქვენგანმა სერიალის მიზანი ვერ გაიგო”, — დაწერა მან Twitter-ზე.

კონორის ტვიტს კოლეგებისა და ფანების მხარდაჭერა მოჰყვა. კომენტარი დაწერა ნეტფლიქსის სერიალის ავტორმა, ელის ოსმანმაც:

“გაუგებარია, როგორ შეუძლიათ ადამიანებს უყურონ Heartstopper-ს და შემდეგ მხიარულად გაატარონ დრო სხვების სექსუალობის შესახებ მსჯელობაში და სტერეოტიპების მიხედვით განსჯაში”.

კონორის განცხადებას წინ უძღოდა ფანების ნაწილის მხრიდან მსახიობის “ქვიარბეითინგში” დადანაშაულება, რადგან არსებობდა ჭორები მისი ურთიერთობის შესახებ ერთ-ერთ ფილმში მის პარტნიორთან. “ქვიარბეითინგი” მხატვრული ლიტერატურისა თუ გართობის ინდუსტრიის მარკეტინგული ტექნიკაა, ასევე, ცნობილი ადამიანების მიერ ერთგვარი სატყუარას გადაგდება, როცა მიანიშნებენ, თუმცა არ ასახავენ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობებს თუ ლგბტქი თემის რეპრეზენტაციას. მიზანი უფრო მეტი აუდიტორიის მოზიდვაა.

ომბუდსმენობის კანდიდატის, მაკა მინდიაშვილის ჰომოფობიური მოსაზრებები პარლამენტში

/

სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე ტარიელ ნაკაიძის კითხვის საპასუხოდ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.

პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ მაკა მინდიაშვილს ჰკითხა, უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის რა გახმაურებული ფაქტი ახსენდებოდა. სახალხო დამცველობის კანდიდატმა პასუხად სატელეფონო ზარი გაიხსენა, რომლის დროსაც იგივე კითხვა დაუსვეს და მისი თქმით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას დაიცავს, ოღონდ ერთი პირობით — პრაიდის მომხრე არაა.

„გუშინ იყო, სხვათა შორის, ზარი ჩემთან, ელგებეტეს წარმომადგენელმა დამირეკა და მეკითხება, მე დავიცავ თუ არა მათ უფლებებს, თუ გავხდი სახალხო დამცველი. რა თქმა უნდა, მე დავიცავ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის უფლებას, ოღონდ ერთი პირობით-თქო რა და რა არისო და პრაიდის მომხრე არ ვარ-თქო. მე არ მომწონს, როცა პროვოცირებას უ… ანუ პროპაგანდას უკეთებ იმას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები და მიზანშეწონილი“[სტილი დაცულია], — აღნიშნა მაკა მინდიაშვილმა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯაროდ შეკრების უფლებით სარგებლობის შესახებ საუბრისას.

სახალხო დამცველობის კანდიდატმა სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე ჰომოფობიური კომენტარებიც გააკეთა.

„კი ბატონო, იყავი როგორიც ხარ, მაგრამ შენ ნუ მოახვევ შენს ქმედებას დავუშვათ სხვას და ნუ ჩაითრევ იმ ქმედებაში, რაც თუნდაც შეგნებით არასწორად მიგაჩნია, მაგრამ შეიძლება რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, ეს გააკეთო, თუმცა ყოფილა შემთხვევა. ასეთ ტიპ ადამიანებს ორ ჯგუფად დავყოფდი, რომლებიც ანუ დაბადებიდანვე ესეთები არიან და მე მათ არც სამკურნალოებად მივიჩნევ და არც, დავუშვათ, რაღაც გადახრებით — არა, ისინი ბუნებამ დაბადა ასეთი და ასეთები არიან და მეორე ჯგუფია, რომლებიც ცხოვრებამ ანუ ეტაპობრივად გახდნენ ასეთები, იყვნენ ვაჟკაცურები, დავუშვათ, ან ქალი — პირიქით და გახდნენ, ცხოვრებამ გახადა ესეთი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე აუცილებლად დავიცავ მათ უფლებებს“ [სტილი დაცულია], — განაცხადა მაკა მინდიაშვილმა.

მაკა მინდიაშვილის კომენტარი სატელეფონო ზარის შესახებ შეიძლება შეეხებოდეს 31 ოქტომბერს, ქვიარის ჟურნალისტთან სატელეფონო ინტერვიუს, რომლის დროსაც სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლგბტქი ადამიანებისთვის საზიანო კომენტარები გააკეთა. მაკა მინდიაშვილის ხედვას ლგბტქი უფლებების შესახებ ქვიარის ვრცელ სტატიაში სულ მალე ნახავთ.  

მაკა მინდიაშვილი 2012 წელს გურჯაანის რაიონში გამგებლის კანდიდატი იყო, 2013 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, იმავე პარტიის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის წევრი იყო 2018 წელს, 2020 წელს კი კოორდინატორი სოფელ ახაშენში. 2013 წლის დეკემბრიდან გახდა თავისუფალი ზონის წევრი. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო, მის პარტიას შეუერთდა. პოლიტიკური პარტიის დატოვების შემდეგ, თავისუფალ ზონაში დაბრუნდა და მოგვიანებით საკუთარი ორგანიზაცია, ხალხის ხმა დააარსა. 2021 წელს გურჯაანის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.