ნოემბერი 2022 - Page 2

სათემო ორგანიზაციები: გენდერის სამართლებრივად არ აღიარების გამო ტრანს ქალები ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციით ვერ ისარგებლებენ

ლგბტქი სათემო ორგანიზაციების საქართველოს მთავრობის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის“ დამტკიცებას გამოეხმაურნენ, რომლით სარგებლობასაც ტრანსგენდერი ქალები ვერ შეძლებენ. 

მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი განმარტებულია, როგორც „პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულში და რომელმაც უშუალოდ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება ან რომელიც გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გარდაიცვალა“. დამტკიცებული წესის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზიანებად განიხილება ფსიქიკური ტანჯვით მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანიც. 

ლგბტქი სათემო ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ტრანს ადამიანებისთვის თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი არ არსებობს, რაც ძალადობის მსხვერპლ ტრანსგენდერ ქალებს კომპენსაციით სარგებლობის შესაძლებლობას ართმევს. 

“დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ტრანს ადამიანი, რომელიც სქესის დამადასტურებელ ქირურგიულ ოპერაციას ჩაიტარებს და აღნიშნულის დამადასტურებელ ცნობას სამედიცინო დაწესებულებიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგენს, ნებისმიერი დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, მარტივად იცვლის სქესის აღმნიშვნელ ჩანაწერს დაბადების სააქტო ჩანაწერში. რაც შეეხება ტრანს ადამიანებს, ვისაც ქირურგიული ოპერაციის ჩატარება არ სურთ, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება არ შეუძლიათ, ან ამ ძვირადღირებული ოპერაციისთვის საჭირო მატერიალური რესურსი არ გააჩნიათ, დამკვიდრებული პრაქტიკით გენდერის სამართლებრივი აღიარების უფლება შეზღუდული აქვთ”, — აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები: თანასწორობის მოძრაობა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, პერიფერია და თემიდა სახელმწიფოს ახსენებენ, რომ სტამბულის კონვენციის ხელმოწერისას ნაკისრი ვალდებულების 30-ე მუხლის შესრულების მიუხედავად, “არ ასრულებს სტამბულის კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებას იმაზე, რომ მსხვერპლთა უფლებების დამცველი ზომების მიღება ნებისმიერი (მათ შორის, გენდერული იდენტობის) ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი“. 

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ იმასაც, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერ ქალებს ხელი არ მიუწვდებათ ძალადობის აღკვეთის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ადმინისტრაციულ გარანტიებზეც. 

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს საქართველოში მცხოვრები ტრანს ადამიანებისა და სათემო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი საკანონმდებლო მექანიზმის შემუშავებისკენ, საქართველოს მთავრობას თვითიდენტიფიცირებაზე დაფუძნებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმის აღსრულების უწყებათა ინტერსექტორული თანამშრომლობით მხარდაჭერისკენ, ხოლო იუსტიციის სამინისტროს თვითიდენტიფიცირებაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებისა და შექმნისკენ მოუწოდებენ.

დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ“, — აღნიშნულია შსს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობას, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი ხელშეუხებლობის თავისუფლების წინააღმდეგ რეგისტრირებულია 396 დანაშაული, მათ შორის 137 გაუპატიურება.

საქართველოს სტატისტიკა: ფემიციდი, ძალადობა, გაუპატიურება, შემაკავებელი ორდერები

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ქალები ოჯახში, სამსახურში, გართობის სივრცეებში თუ საჯარო ადგილებში განიცდიან შევიწროებას, არიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ სხვა სახის ძალადობის რისკის წინაშე. ხშირად სახელმწიფო მათ დაცვას ვერ ახერხებს, რასაც ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 8 თვეში ქვეყანაში 13 ქალი მოკლეს. სახალხო დამცველის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით კი, ათ თვეში 18 ქალი.

პროკურატურის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებულ სტატისტიკაში წერია ფემიციდის (ქალების მკვლელობა გენდერული ნიშნით) მონაცემები წლების მიხედვითაც:

  • 2014 წელს საქართველოში მოკლეს 33 ქალი
  • 2015 წელს საქართველოში მოკლეს 17 ქალი
  • 2016 წელს საქართველოში მოკლეს 28 ქალი
  • 2017 წელს საქართველოში მოკლეს 22 ქალი
  • 2018 წელს საქართველოში მოკლეს 18 ქალი
  • 2019 წელს საქართველოში მოკლეს 15 ქალი
  • 2020 წელს საქართველოში მოკლეს 22 ქალი
  • 2021 წელს საქართველოში მოკლეს 18 ქალი

ამავე სტატისტიკით, 2014-2022 (აგვისტოს ჩათვლით) წლებში საქართველოში 186 ქალი მოკლეს. უწყება ამბობს, რომ “ოჯახური ნიშნით” ჩადენილია 92 ქალის მკვლელობა, ხოლო “სხვა მოტივით” – 94 ქალის მკვლელობა.

ამავე პერიოდში პროკურატურას აღრიცხული აქვს ქალის მკვლელობის მცდელობის 129 შემთხვევა, შორის “ოჯახური ნიშნით” 79, ხოლო “სხვა მოტივით” — 50.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) გამოიცა 6 520 შემაკავებელი ორდერი და სხვადასხვა ფორმის ძალადობის ჯამურად 7 921 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის:

  • ფიზიკური ძალადობის 1 662 შემთხვევა;
  • ფსიქოლოგიური ძალადობის 6 004 შემთხვევა;
  • ეკონომიკური ძალადობის 130 შემთხვევა;
  • სექსუალური ძალადობის 30 შემთხვევა;
  • იძულების 54 შემთხვევა;
  • უგულებელყოფის 41 შემთხვევა.

2021 წელს გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა კი 9 376 იყო და სხვადასხვა ფორმის ძალადობის ჯამურად 11 529 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის:

  • ფიზიკური ძალადობის 2 494 შემთხვევა;
  • ფსიქოლოგიური ძალადობის 8 627 შემთხვევა;
  • ეკონომიკური ძალადობის 203 შემთხვევა;
  • სექსუალური ძალადობის 50 შემთხვევა;
  • იძულების 72 შემთხვევა;
  • უგულებელყოფის 83 შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს პროკურატურამ გენდერული დისკრიმინაცია სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე 732 ბრალდებულის შემთხვევაში გამოკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი ხელშეუხებლობის თავისუფლების წინააღმდეგ რეგისტრირებულია 396 დანაშაული, მათ შორის 137 გაუპატიურება, ხოლო 259 სხვა დანარჩენი. გახსნის მაჩვენებლად შსს-ს 64% აქვს მითითებული. რაც შეეხება წინა წელს, რეგისტრირებული იყო 395 ფაქტი, მათ შორის 133 გაუპატიურება, ხოლო 262 სხვა დანარჩენი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი ნახევარზე ნაკლები, 48%-ია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, გაუპატიურება არის “პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით”.

ქალთა მოძრაობა კანონის შეცვლას ითხოვს და აცხადებს, რომ “ქალს არ უნდა სჭირდებოდეს ამტკიცოს, რომ ის არის ნაცემი, იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ის არის გაუპატიურებული”.

სახალხო დამცველის განცხადებით, კანონმდებლობის დონეზე კვლავ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, გაუპატიურების არსებული დეფინიციის ცვლილება და მასში თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის კომპონენტის განსაზღვრა.


ასევე ნახეთ: გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება — ქალების გამოცდილება და კანონი


დღეს, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა მოძრაობა საპროტესტო მარშს გამართავს და ღონისძიების სხვა მონაწილეებთან, შემოქმედებით სივრცეებთან, ღამის კლუბებთან, მუსიკალურ ფესტივალებთან ერთად გაუპატიურებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.

“ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს, არის თუ არა გამოხატული ქალის ნება და თანხმობა. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო კონვენციებს, მათ შორის, სტამბოლის კონვენციას, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს. ჩვენ მოვითხოვთ კანონის ცვლილებას. ქალს არ უნდა სჭირდებოდეს ამტკიცოს, რომ ის არის ნაცემი, იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ის არის გაუპატიურებული”, — განაცხადა მარშის დაანონსებისას ქალთა მოძრაობის აქტივისტმა, მარი კურტანიძემ.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბებიან, რათა საკანონმდებლო ორგანოსთან მოთხოვნები გააჟღერონ.

გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება — ქალების გამოცდილება და კანონი

8 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით ბიძა დააკავეს; 13 წლის გოგოზე 60 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა; 14 წლის ბავშვი 25 წლამდე ასაკის კაცმა გააუპატიურა, რის შემდეგაც მამა გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა; 12 წლის ბავშვმა იმშობიარა — ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომელთა შესახებ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახდა ცნობილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი ხელშეუხებლობის თავისუფლების წინააღმდეგ რეგისტრირებულია 396 დანაშაული, მათ შორის 137 გაუპატიურება, ხოლო 259 სხვა დანარჩენი. რაც შეეხება წინა წელს, რეგისტრირებული იყო 395 ფაქტი, მათ შორის 133 გაუპატიურება, ხოლო 262 სხვა დანარჩენი.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც წესი, სტატისტიკა იმაზე მძიმეა, ვიდრე ცნობილი ხდება ხოლმე. ნაკლები მიმართვიანობის მიზეზი შეიძლება იყოს სტიგმა, უნდობლობა სამართალდამცავი სისტემებისადმი და ა.შ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2021 წლის კვლევის მიხედვით, მთელ მსოფლიოში სამიდან ერთი ქალს გამოუვლია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა პარტნიორისგან ან სექსუალური ძალადობა არაპარტნიორისგან. ძალადობა უფრო ხშირია პარტნიორის მხრიდან. WHO ამბობს, რომ 15-49 წლის ქალების თითქმის მესამედს, 27%-ს გამოუცდია ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის ესა თუ ის ფორმა პარტნიორის მხრიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს იმასაც, რომ ძალადობა ნეგატიურად აისახება ქალის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 15-64 წლის ქალების 26,2% გამოვლილი აქვს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც: სექსუალური ძალადობა არაპარტნიორისგან, სექსუალური ძალადობა ბავშვობისას და სექსუალური შევიწროება.

ქალებზე ძალადობენ ბავშვობიდან. ძალადობენ ოჯახის წევრებიც და უცნობებიც. ქვიარი ესაუბრა ქალებს, რომლებიც თავიანთი გამოცდილების შესახებ ჰყვებიან.

გაფრთხილება: რესპონდენტების მიერ მოთხრობილი ამბები ეხება სექსუალურ ძალადობას და დეტალები, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, მძიმე წასაკითხი იყოს.

ანა დარბაიძე

ანამ სექსუალური ძალადობა 4-ჯერ გამოიარა. მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ის შემთხვევა აღმოჩნდა, რომელიც ქუთაისში მოხდა. ანა მეგობართან იმყოფებოდა, სახლი ტყესა და მდინარესთან იყო ახლოს. მეგობრები ტყეში სოკოს მოსაგროვებლად გავიდნენ, ანა ტელეფონზე საუბრისას მდინარესთან მარტო შემორჩა.

“მეთევზე კაცი გამოჩნდა. გამოლაპარაკება სცადა და მოსაწევიც შემომთავაზა. ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი, თან ვუღიმოდი, ასაკიანი კაცია-მეთქი. მალევე დავემშვიდობე, ვუთხარი, გოგოები ახლოს არიან და უნდა წავიდე-მეთქი. ერთი წუთით მოდი, რაღაცას გაგატანო. ვიფიქრე, რომ ჩემს მეგობრებს იცნობდა, რადგან იმ ტერიტორიებზე მათ გარდა სახლი არავის აქვს, მეთევზეები და მეცხვარეები კი იცნობენ მათ. მეგონა, რომ ნამდვილად აპირებდა რაღაცის გატანებას. მივუახლოვდი თუ არა, ხელში მტაცა ხელი და თავისკენ მიმათრევდა. ხელით შევიმაგრე თავი და სახეში ტელეფონი ჩავარტყი. მაშინვე მივხვდი, რასაც აპირებდა. გამიმართლა, რომ ჩემი რეაქცია ასეთი იყო და არა შიში და უმოქმედობა. ფიზიკურად იმდენად მოვაქციე ტკივილის ქვეშ, რომ გამიშვა. თან მეუბნებოდა, შენ ვის ურტყამ, გოგოო!”, — იხსენებს ანა.

მისი თქმით, სწორედ აბსოლუტური აგრესიული მოქმედება გახდა მისი გადარჩენის საფუძველი — მოძალადეს რომ გაეაზრებინა, რომ ანაზე ფიზიკურად ბევრად ძლიერი იყო, იმდენად შორს იყვნენ, ვერავინ დაეხმარებოდა.

ძალადობის მეორე შემთხვევა ანას 4-5 წლის წინ, ერთ-ერთ კლუბში ჰქონდა. იხსენებს, რომ პერიოდულად მცირე ხნით იძინებდა, რაც ენერგიას მატებდა და შემდეგ საცეკვაოდ ბრუნდებოდა. როგორც ამბობს, მოძალადისგან თავის დაღწევა იმის დამსახურებით მოახერხა, რომ ფხიზელი იყო — არც ალკოჰოლს მოიხმარდა და არც ნარკოტიკს.

გვიყვება, რომ მძინარემ იგრძნო, როგორ ეხახუნებოდა ვიღაც და მისთვის შარვლის გახსნას ცდილობდა. გამოფხიზლებისთანავე გაიაზრა, რომ უცნობი კაცი მის გაუპატიურებას ცდილობდა. ანას თქმით, შოკის გამო, იმ მომენტში, ვერც გაიაზრა, რის გაკეთება შეეძლო, ამიტომ უბრალოდ გაიქცა. მოგვიანებით, როცა მომხდარის შესახებ მეგობრებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს მოუყვა, მათ უთხრეს, რომ აღნიშნულ პირს დაცვის გამოყენებით კლუბის ტერიტორიას დაატოვებინებდნენ, რადგან სხვა ადამიანების შემთხვევაშიც არაერთხელ მოქცეულან ასე. ანას თქმით, მხოლოდ კლუბის ტერიტორიის დატოვება საკმარისი არ არის იმის საპირწონედ, რასაც მოძალადე კაცი აკეთებდა, თუმცა იმ მომენტში არჩია, რომ საფრთხისშემცველ გარემოსა და სიტუაციას უბრალოდ გასცლოდა.

დანარჩენი ორი შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. ანა აღნიშნავს, რომ არც ერთ შემთხვევაში მგზავრებმა მხარი არ დაუჭირეს, ხოლო ერთ-ერთმა კაცმა მოძალადის დაცვაც კი სცადა. ის ამ შემთხვევაშიც საკუთარ აგრესიულ თავდაცვას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ  ძალადობის თითოეულ შემთხვევაში ეს ეხმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე მეთევზის სახე ანას ცხადად ახსოვდა, ხოლო ტრანსპორტში მოძალადე კაცს სურათიც გადაუღო, რომელიც დღემდე აქვს შენახული, ამბობს, რომ სისტემისადმი უნდობლობის გამო, პოლიციისთვის არ მიუმართავს. მისი თქმით, სამართალდამცავები გაუპატიურებულ ქალებს სერიოზულად არ აღიქვამენ და მას, რომელმაც ძალადობას თავი დააღწია, მით უმეტეს არ დაეხმარებოდნენ.

სალომე (სახელი შეცვლილია)

იმის გამო, რომ ძალადობა გამოვლილი ქალები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, ქვიარის კიდევ ერთმა რესპონდენტმა მკითხველისთვის ანონიმურად დარჩენა ამჯობინა. სწორედ ამიტომ, სტატიაში მისი სახელი შეცვლილია.

სალომე იხსენებს, რომ 15 წლისა მთელ სკოლაში ყველაზე მამაცი გოგო იყო და არავისი ეშინოდა, თუმცა სექსუალური ძალადობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

2015 წელს, არასრულწლოვანი სალომე მეგობრის დაბადების დღიდან სახლში ბრუნდებოდა და რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაევლო. მალე იგრძნო, რომ ვიღაც მიჰყვებოდა, მაგრამ უკან არ მიუხედავს. როდესაც გზის შედარებით ბნელ ნაწილს მიუახლოვდა, თმა იმდენად ძლიერად მოქაჩეს, რომ ძირს დაეცა. წაქცეულს უცნობმა კაცმა ხელები შეუკრა და პირზე ხელი ააფარა.

სალომე იხსენებს, რომ სკოლის ყველაზე მამაცი გოგო შეშინებულ ბავშვად გადაიქცა, ძალადობის მომენტში მოქმედების უნარი დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. ის კაცს ხან ეხვეწებოდა, რომ გაჩერებულიყო და ხანაც ემუქრებოდა, რომ უჩივლებდა, თუმცა არაფერმა გაჭრა. ფიზიკური დაზიანებების მიყენებისა და სექსუალური ძალადობის შემდეგ, მოძალადემ შიშველი, დასისხლიანებული გოგო ადგილზე დატოვა. სალომე იხსენებს, რომ იმ ღამეს ძლივს იპოვა ფიზიკური და მენტალური ძალა, რომ სახლამდე მიეღწია. მის მეხსიერებაში მოძალადის სახე, ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, სრულიად წაიშალა.

ეს არ ყოფილა სექსუალური ძალადობის ერთადერთი შემთხვევა მის ცხოვრებაში. რამდენიმე წელში სოფლიდან ქალაქისკენ ავტოსტოპით მოუწია წასვლა და გზაში აღმოაჩინა, რომ მანქანაში მჯდომი სამი კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

“ახალგაზრდა, 29-30 წლის ბიჭები იყვნენ. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. უცებ  საჭესთან მჯდომი ბიჭი შემობრუნდა და მითხრა, მაღაზიაში რაღაცას ვიყიდიო. ჩავიდა და ლუდებით დაბრუნდა. ვუთხარი, რომ ძალიან მეჩქარებოდა და თუ გაჩერებას აპირებდნენ, სხვას გავყვებოდი. ვიჩქარებო, მიპასუხა. ვთხოვე, გამიჩერე აქვე, სადაც ვართ-მეთქი. პანიკაში ჩავვარდი. მამშვიდებდა, მაგრამ ისეთი სახით, აი, ადამიანებს ბოროტი განზრახვა თვალებში რომ ეტყობათ. პოლიციაში დავრეკავ-მეთქი, ტელეფონი ვაჩვენე. ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და სიცილი დაიწყო. ვუთხარი, რომ გადავხტებოდი, მაგრამ არ აჩერებდა. მანქანის კარები ჩაკეტა და სადღაც გადაუხვია. სამნი იყვნენ, სამივე ერთმანეთს უყურებდა და იცინოდა. უკან მჯდომმა ხელების ფათური დამიწყო, ხან მხარზე დამადებდა ხელს და გავაწევინებდი, ხან — ფეხზე. ბოლოს დავარტყი ამ ბიჭს. ჩემი დარტყმა და მისი მხრიდან დარტყმაც ერთი იყო. მანქანა გააჩერა და თმებით გადამათრია. ვცდილობდი, რამე დამერტყა და როგორმე მომეშორებინა. ვხვდებოდი, რასაც აპირებდნენ და ისე მეშინოდა, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ვკანკალებდი, ვეღარ ვსუნთქავდი, წინა გაუპატიურება გამახსენდა. გონებას ვკარგავდი, მაგრამ ის ნაბიჭვარი სახეში მირტყამდა, შენი ყვირილის გაგონება გვინდა, რომელსაც ჩვენ გარდა ვერავინ გაიგებსო. ვინ სად მეხებოდა, ვინ სად მირტყამდა, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. სამივემ გამაუპატიურა”.

მისი თქმით, დღემდე უწევს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტები და მედიკამენტების მიღება, თუმცა იმ ზიზღსა და შიშს ვერაფერი შველის, რომელსაც კაცებთან სიახლოვე იწვევს.

პატრისია გოგელია

პატრისია გოგელია სექსუალურ შევიწროებაზე ბევრი წლის განმავლობაში ღიად საუბარს ვერ ახერხებდა, რადგან საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ბრაზობდა, რომ ვერაფერი მოიმოქმედა. ის 14 წლის იყო, როცა ავტობუსში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

“მეგობართან ვიყავი ნაჩხუბარი და მთელ გზას მაგაზე ფიქრში გავატარებდი, რომ არა ჩემთვის უცხო, გაურკვეველი შეგრძნება საჯდომის მიდამოში. თავიდან მეგონა, რომ რომელიმე მგზავრის ჩანთა მეხებოდა, თუმცა ეს შეგრძნება იმდენად უცნაური და არასასიამოვნო იყო, რომ ჩემს სახლამდე 5 გაჩერებით ადრე ჩამოვედი და გზა ფეხით გავაგრძელე. სახლში რომ შევედი, მივედი სარკესთან, ხელი ზურგს უკან წავიღე და დაახლოებით იმ ადგილას მივიდე, სადაც, ჩემი აზრით, ჩანთა მედებოდა. მივხვდი, რომ ის, რაც უკან მეხებოდა, ჩანთა სულაც არ იყო. როგორც კი გავიაზრე მომხდარი, ტირილი ამივარდა, აბაზანაში შევვარდი და ისტერიულად ვცდილობდი ჩამომებანა ჭუჭყის ის შეგრძნება, რაც მომენტალურად გამიჩნდა”.

რამდენიმე დღეში იმავე ავტობუსში კვლავ იგრძნო შეხება.

“მეგონა, ამჯერად მაინც მოვიმოქმედებდი რამეს, მაგრამ შიშისგან და სირცხვილისგან გავშეშდი. ისევ გამოვვარდი ავტობუსიდან 5 გაჩერებით ადრე, მაგრამ ამჯერად უკან გავიხედე და დავინახე ბაბუას ასაკის კაცი, რომელიც უცოდველი კრავის თვალებით მიყურებდა და მიღიმოდა”.

პატრისიას თქმით, სანამ ნაცნობმა მსგავსი ისტორია არ გაუზიარა, ამ ფაქტის შესახებ საუბარი არ შეეძლო. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ მის გარშემო მცხოვრებ ქალებს შორის თითქმის ყველას გამოუვლია სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა სივრცეში.

გადავსებული ტრანსპორტით მგზავრობა დღემდე არ შეუძლია. ყოველ ჯერზე, როცა ვინმე მის უკან დგება, სუნთქვა ეკვრის. მისი თქმით, წარსულ თავთან საუბარი რომ შეეძლოს, 14 წლის პატრისიას ეტყოდა, რომ ის არაფერშია დამნაშავე და რომ მთელი სიბრაზე იმ ადამიანისკენ უნდა მიემართა, რომელმაც არასრულწლოვანთან მსგავსი მოპყრობა გაბედა.

არ აქვს მნიშვნელობა, სად და რა ვითარებაში მოხდა ძალადობა, რა ეცვა ქალს, ფხიზელი იყო თუ არა — არ არსებობს მიზეზი, რომელიც ძალადობას ამართლებს. თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა. 

ქალთა მოძრაობა რეაგირებას ითხოვს. პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმულ ერთ-ერთ აუცილებელ ნაბიჯად მათ გაუპატიურების შესახებ კანონის ცვლილება ესახებათ. ამასთან, ქალთა მოძრაობის წევრები თანხმობის მნიშვნელობასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, თანხმობა გადამწყვეტია, ხოლო თანხმობის არარსებობა — გაუპატიურება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, გაუპატიურება არის “პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით”.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მოძრაობამ გაუპატიურების ხარვეზიანი მუხლი შეცვლა პარლამენტისგან არაერთხელ მოითხოვა. 2020 წლის ნოემბერში აქტივისტებმა პარლამენტს ღია წერილითაც მიმართეს, რომელშიც ისინი გაუპატიურების მუხლში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის კომპონენტის შესვლას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ არსებული კანონმდებლობა არაერთ დანაშაულს დაუსჯელს ტოვებდა.

წერილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებას  ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობით ჩადენილ დანაშაულად განსაზღვრავს და არა თანხმობის არარსებობის ელემენტით, რაც მიუღებელია.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი და საბჭოური მტკიცებულებითი სტანდარტები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების გამო ისჯებიან დამნაშავეები, სადაც მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს”, — წერია ღია წერილში.

ქალთა მოძრაობა

დღეს, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა მოძრაობა საპროტესტო მარშს გამართავს. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით წავლენ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრების შემდეგ კი კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. მოთხოვნას უერთდებიან შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები.

“ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს, არის თუ არა გამოხატული ქალის ნება და თანხმობა. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო კონვენციებს, მათ შორის, სტამბოლის კონვენციას, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს. ჩვენ მოვითხოვთ კანონის ცვლილებას. ქალს არ უნდა სჭირდებოდეს ამტკიცოს, რომ ის არის ნაცემი, იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ის არის გაუპატიურებული”, — განაცხადა მარშის დაანონსებისას ქალთა მოძრაობის აქტივისტმა, მარი კურტანიძემ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი, ნატალია კანემი აცხადებს, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ჯერ კიდევ ბევრ მათგანს ტოვებს ღირსებისა და კეთილდღეობის მიღმა და ართმევს მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას. მისი თქმით, ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქალების უფლებები და არჩევანი კაცების უფლებებთან და არჩევანთან შედარებით მეორეხარისხოვნად განიხილება, და იქამდე, ვიდრე მათი სხეული მათივე საკუთრებად არ იქნება მიჩნეული.

“თითქმის არ დარჩა სივრცე და ადგილი, სადაც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა არ იჩენს თავს. ქალებსა და გოგოებზე ძალადობენ ოჯახებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სპორტულ მოედნებზე და, სულ უფრო და უფრო, ონლაინსივრცეში. ამ ფორმის ძალადობის გამოვლინებების ზრდას ხელს უწყობს კლიმატის ცვლილება და ომი. ქალები და გოგოები ვერსად გრძნობენ თავს სრულიად უსაფრთხოდ და დაცულად. მათ მიმართ ძალადობა რჩება მსოფლიოში ყველაზე მოუშორებელ, ყველაზე დამანგრეველ, ადამიანის უფლებების ყველაზე შეუმჩნეველ და უგულებელყოფილ დარღვევად”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლის დღედ 25 ნოემბერი 1981 მოინიშნა. თარიღი უკავშირდება პოლიტიკურ აქტივისტ ქალებს, დებ მირაბალებს: პატრია, მინერვა და მარია ტერეზა, რომლებიც დომინიკის რესპუბლიკაში რაფაელ ტრუჰიოს დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. 1960 წლის 25 ნოემბერს, სამივე და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა, ხოლო 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ სწორედ მათ პატივსაცემად შეირჩა.

საერთაშორისო თუ ორგანიზაციები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ყოველ წელს ატარებენ. იგეგმება და ეწყობა სხვადასხვა ტიპის აქტივობა: აქცია, მარში, პერფორმანსი და სხვა სახის პროტესტი. თითოეულ წელს აქტივისტები ირჩევენ ძირითად თემას, რომელიც გადაწყვეტს, რაზე ფოკუსირდებიან მიმდინარე წლის კამპანიაში.

გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა არის გენდერული ძალადობის ნებისმიერი აქტი, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ზიანი ან ტანჯვა, მათ შორისაა, მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა საჯარო თუ პირად ცხოვრებაში.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმადაც, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

5 ქვიარ წიგნი ქართულ ენაზე

უძველესი ანტიკური ტრაგედია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დიდი ბრიტანეთი, შორეული ინდოეთი და  გასული საუკუნის 70-იანი წლების როკ-ენროლის ჰანგებით გაჟღენთილი ნიუ იორკი — გთავაზობთ 5 წიგნს ქართულ ენაზე, რომელშიც ქვიარ თემატიკა სხვადასხვა კუთხით არის წარმოჩენილი და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც ლგბტქ+ ადამიანები სხვადასხვა დროს აღმოჩენილან.

სიმღერა აქილევსზე — მადელინ მილერი

სიმღერა აქილევსზე მადელინ მილერის სადებიუტო რომანია, რომელიც ქართულ ენაზე სულ რამდენიმე თვის წინ ითარგმნა  (მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე). როგორც ავტორი ამბობს, წიგნის დაწერის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დედამ ჰომეროსის ილიადა წაუკითხა. მართლაც, 2011 წელს გამოცემული რომანი ილიადას ერთგვარი ადაპტაციაა. მთხრობელი პატროკლესია, რომელსაც რომანტიკული გრძნობები აქვს ტროას ომის გმირის, აქილევსის მიმართ.

მედელინ მილერი 44 წლის ამერიკელი ავტორია, რომელმაც ბრაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად, ავტორს სულ ორი რომანი: სიმღერა აქილევსზე და კირკე ეკუთვნის. ორივე რომანი ძველ ბერძნულ მითოლოგიას ეფუძნება და მკითხველს ახალი პერსპექტივიდან სთავაზობს უკვდავი გმირების თავგადასავლებს.

ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა — რობერტ მუზილი

ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა ავსტრიელი ავტორის და ფილოსოფოსის, რობერტ მუზილის პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. წიგნი აღმზრდელობითი ჟანრის ლიტერატურას განეკუთვნება და გვიამბობს ახალგაზრდა კაცის მცდელობის შესახებ, იპოვოს საკუთარი გზა და მორალური ღირებულებები ძალადობრივ სამყაროში.

ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვაში მოქმედება ბიჭების სკოლა-ინტერნატში ვითარდება და ცენტრალურ ფიგურად ტერლესი გვევლინება, რომელსაც უჭირს მშობლებისგან მოშორებით, უცხო გარემოში ადაპტირება. ლიტერატურის ბევრი მკვლევრის აზრით, სადებიუტო რომანი ავტორის ადრეულ წლებს ეფუძნება, თუმცა მუზილი სიცოცხლის ბოლომდე უარყოფდა ამ ფაქტს. ამასთან, რომანი შეიძლება ერთგვარ წინასწარმეტყველებადაც მივიჩნიოთ, სადაც ფაშიზმის დაბადება და აღზევება წინასწარ არის განჭვრეტილი.

ბრაიდსჰედში დაბრუნება — ივლინ ვო

ბრაიდსჰედში დაბრუნება ივლინ ვოს 1945 წელს გამოცემული რომანია, რომელიც დღეს ბრიტანული ლიტერატურის კლასიკად არის მიჩნეული და რომლის მიხედვითაც სხვადასხვა დროს არაერთი კინო, რადიო თუ სატელევიზიო ადაპტაცია იხილა მაყურებელმა. წიგნში მთხრობელად ჩარლზ რაიდერი გვევლინება, რომელიც მრავალი წლის შემდეგ ოქსფორდში სწავლისას გადახდენილ თავგადასავალს იხსენებს და კიდევ ერთხელ, ამჯერად მოგონებებით უბრუნდება სებასტიანს ფლაიტს და მის ოჯახს, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს წიგნის პროტაგონისტის ცხოვრება. წიგნი ქართულად ლალი ყუშიტაშვილმა თარგმნა.

ივლინ ვო ბრიტანელი რომანისტი, ბიოგრაფი და ლიტერატურის კრიტიკოსი იყო, რომელსაც დღესდღეობით მკითხველთა უმეტესობა სწორედ ამ რომანით იცნობს. წიგნი არაერთხელ გამხდარა დავის საგანი. მათ შორის, როცა 2004 წელს ალაბამას შტატის მკვიდრმა კანონმდებელმა საკანონმდებლო ორგანოს მიმართა მოთხოვნით, რომ სასკოლო პროგრამიდან და ბიბლიოთეკებიდან ამოეღოთ ყველა ის წიგნი, რომელიც შეიცავდა ქვიარ პერსონაჟებს, სიაში იყო ივლინ ვოს ბრაიდსჰედში დაბრუნებაც.

უბრალოდ ბავშვები — პატი სმიტი

1967 წელს 21 წლის ასაკში ლეგენდარულმა ამერიკელმა მომღერალმა, პოეტმა და მხატვარმა, პატი სმითმა მშობლიური ქალაქი დატოვა და ბედის საძიებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა. სწორედ მანჰეტენზე, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში მუშაობისას გაიცნო ფოტოგრაფი რობერტ მეპლთორპი. წყვილის მოულოდნელმა შეხვედრამ სამუდამოდ შეცვალა ორი ახალგაზრდა არტისტის ცხოვრება და სამუდამოდ დააკავშირა მათი ბედი ერთმანეთთან.

პატი სმიტის მემუარები გასული საუკუნის 60-80-იანი წლების ნიუ-იორკზე, როკ-ენროლის აღმავლობის ხანაზე და სექსუალურ რევოლუციაზე გვიამბობს, რომელსაც ფონად სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია გასდევს. წიგნში ვის ან რას აღარ შეხვდებით: ჯენის ჯოპლინს, ჯიმი ჰენდრიქს, სასტუმრო ჩელსის, ენდი ვორჰოლს და სხვა ლეგენდარულ სახელებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ხელოვნების უახლეს ისტორიაში. უბრალოდ ბავშვები ქართულად ანა და ბიძინა მაყაშვილებმა თარგმნეს.

უზეშთაესი ბედნიერების სამინისტრო — არუნდატი როი

უზეშთაესი ბედნიერების სამინისტრო 2017 წელს გამოცემული რომანია, რომელიც ინდოელ ავტორს, პოლიტიკურ აქტივისტს და პუბლიცისტს, არუნდატი როის ეკუთვნის. რომანში მოქმედება მრავალი წლის განმავლობაში, მრავალ ლოკაციაზე ვითარდება და ცენტრალურ გმირებს შორის ვხვდებით ინტერსექს ჰიჯრას, ანჯუმს. მკითხველი სწორედ მისი გაცნობით იგებს ინდოეთის ბობოქარი და წინააღმდეგობებით სავსე უახლესი ისტორიის შესახებ.

უზეშთაესი ბედნიერების სამინისტრო ინდოელი მწერლის მეორე რომანია, რომელსაც მკითხველი 20 წლის განმავლობაში ელოდა. წიგნი ქართულად თამარ ჯაფარიძემ თარგმნა. წვრილმანების ღმერთის ავტორი რომანში არ ერიდება თავისი პოზიციების დაფიქსირებას და ინდოეთში განვითარებულ მოვლენებზე დაუფარავად, შელამაზების გარეშე თხრობას. თუმცა ამ ყველაფერს მიღმა მკითხველი მაინც ხედავს ავტორის უსაზღვრო სიყვარულს ინდური კულტურის, ენისა და ხალხის მიმართ.

კატარში ბრაზილიის შტატის დროშა LGBT დროშაში აერიათ და ჟურნალისტს წაართვეს

ბრაზილიელ ჟურნალისტს, რომელიც კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებდა, ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს. ვიქტორ პერეირას განცხადებით, ეს მატჩის შემდეგ, სტადიონის დატოვებისას მოხდა. მისი თქმით, ადგილობრივებს შტატის დროშა ლგბტქი დროშაში აერიათ.

ვიქტორ პერეირა იხსენებს, რომ მას თეთრკაბიანი კაცი მიუახლოვდა, პერნამბუკუს დროშა გამოჰგლიჯა, ძირს დააგდო და ფეხით შედგა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ტელეფონი ამოიღო და ვიდეოს გადაღება სცადა, ადგილობრივმა ტელეფონიც წაართვა და უთხრა, რომ ტელეფონს მხოლოდ ვიდეოს წაშლის შემთხვევაში დაუბრუნებდა.

“შემდეგ ოფიცერი მოვიდა და ჩარევა სცადა. მან ბიჭს ტელეფონი გამოართვა და ვიდეოს წაშლა მიბრძანა”, — ამბობს პერეირა.

პერეირა პოლიციელის ბრძანებას დაემორჩილა. მისი თქმით,  საჭირო იყო, დარწმუნებულიყო, რომ ტელეფონს დაიბრუნებდა და მუშაობის გაგრძელებას შეძლებდა.

ინციდენტის შესახებ ცნობილი სამშაბათს, 22 ნოემბერს გახდა, მას შემდეგ, რაც პერეირამ მომხდარის შესახებ ვიდეო ტვიტერზე განათავსა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, პერეირას მხარდაჭერა პერნამბუკუს გუბერნატორმა, პაულო კამარამ გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ კატარში ლგბტქი ურთიერთობები კრიმინალიზებულია  და 7  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისლამური შარიათის კანონით კი, ჰომოსექსუალ ადამიანებს, რიგ შემთხვევაში, სიკვდილით სჯიან. 

გერმანიის ნაკრებმა FIFA-ს მიერ LGBT სამკლავურის აკრძალვა გააპროტესტა

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებთან თამაშის წინ FIFA-ს ანტი-ლგბტქი გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად პირი ხელით დაიფარეს. მათ მოთელვის ვარჯიშებისას მაისურებზე ლგბტქი დროშა ჰქონდათ დატანილი. 

FIFA-მ ქვიარ ადამიანებისთვის საშიშ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისას გერმანიის ნაკრებს ლგბტქი მხარდამჭერი სამკლავურის ტარებაზე უარი უთხრა. საპასუხოდ, გერმანიის საფეხბურთო ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აკრძალვა მათთვის ხმის წართმევაა და პოზიციას არ დათმობენ. 

გერმანიის ნაკრების პროტესტს მხარი დაუჭირა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა, რომელსაც თამაშის მიმდინარეობისას ლგბტქი სამკლავური ეკეთა და FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გვერდით იჯდა. 

Friedemann Vogel / EPA

“ჩვენ გვსურდა, რომ ნაკრების კაპიტანს სამკლავური ეტარებინა, რომელიც გერმანიის ნაკრების ღირებულებებს გამოხატავდა — მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემის მხარდაჭერას. ჩვენ, სხვა გუნდებთან ერთად გვსურდა, რომ ხმა გაგვეჟღერებინა. ეს პოლიტიკური განაცხადი არ არის — ადამიანის უფლებები გარიგების საგანი არაა. ის ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არაა. ამიტომ, ეს გზავნილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია’, — აღნიშნულია გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში. 

Ricardo Mazalán / AP

გერმანიის სასტარტო თერთმეტეულის 6 ფეხბურთელს, მათ შორის, ილკაი გუნდოღანსა და მანუელ ნოიერს ბუცებზე ცისარტყელას ფერები ჰქონდათ გამოსახული. 

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 7 ნაკრებს, მათ შორის, გერმანიას, ინგლისს, დანიასა და უელსს სამკლავურის ტარება აუკრძალა და გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სანქციები არ ასცდებოდათ. 

მსოფლიო ჩემპიონატის ნაკრებებმა სანქციების შიშით დაარღვიეს ლგბტქი უფლებების მხარდამჭერი სამკლავურის ტარების პირობა. თუმცა, დანიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორის, ჯაკობ იენსენის თქმით, ნაკრებები ცდილობენ მონახონ შესაძლებლობები, რათა FIFA-ს აკრძალვისთვის გვერდის ავლა შეძლონ.

ასევე წაიკითხეთ:

სტრესის მართვის სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ — სახელმძღვანელო

ლესბოსელი აქტივისტის, ნინო ბოლქვაძის ავტორობით, პრაქტიკული სახელმძღვანელო “სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ” გამოიცა.

წიგნი გამოცემულია ონლაინ მედია ქვიარის მიერ, ორგანიზაცია Urgent Action Fund for Women’s Human Rights-ის მხარდაჭერით.

წიგნში თავმოყრილია, როგორც თეორიული ინფორმაცია სტრესისა და მასთან გამკლავების შესახებ, ასევე, პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც მკითხველს წიგნში აღწერილი ტექნიკების ცხოვრებაში ინტეგრირებაში ეხმარება. შესავლის მიხედვით, წიგნი ჩაფიქრებულია, როგორც საკუთარ თავთან სამუშაო ეფექტური ინსტრუმენტი.

ნინო იხსენებს, რომ მისთვის რიგი ქრონიკული დაავადებების განმაპირობებელ მიზეზად  პროფესიული გადაწვა იქცა. მისი თქმით, სამუშაო პროცესში ვერ ამჩნევდა, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, იმიტომ, რომ იცოდა, თემის წევრებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწეოდა. საბოლოოდ, ქრონიკული სტრესის გამო, მას საადვოკატო პრაქტიკაზე უარის თქმა მოუწია.

ნინო 5 წელია რეაბილიტაციის ეწევა და ამ პროცესში დღემდეა ჩართული. რეაბილიტირების გზაზე, მან გაიცნო სასარგებლო ადამიანები, რომლებსაც ავტორი შესავალ ნაწილში მადლობას უხდის: ფსიქოლოგი ქალები — მანანა სოლოღაშვილი, მაია ცირამუა და ნინო ბექაია, რომლებმაც მას სახელმძღვანელოს შექმნისთვის საჭირო ცოდნა გაუზიარეს.

ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის რთულ გზაზე ფიქრობდა, როგორ შეეძლო დაგროვილი ცოდნის სხვა ადამინებისთვის გაზიარება. გასულ ზაფხულში, ქალთა ფონდის დაფინანსებით, ქვიარ ქალებისთვის განკუთვნილ ტრენინგზე, მან საბოლოოდ გადაწვყიტა, რომ მიღებული პრაქტიკული რჩევები ბროშურის სახით გაეერთიანებინა. ნინოს თქმით, როგორც ფიზიკური სავარჯიშოების გაკეთებაა საჭირო ადამიანებისთვის, ასევე — მენტალურის და მას სწორედ mindfulness ტექნიკები დაეხმარა ურთულესი მდგომარეობის დროს, რომ ცხოვრებისა და გარემოს მიმართ იმედი და ნდობა არ დაეკარგა.

ილუსტრატორი – სოფია ბერიძე

ავტორის განცხადებით, სტრესის მართვა ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მეტ-ნაკლებ ხარისხში, თუმცა ეს საჭიროება გაძლიერებულია უმცირესობების შემთხვევაში. ქვიარ ადამიანებისა და აქტივისტებისთვის სტრესის მართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან არსებობს სტრესის შემდეგი სახე — უმცირესობათა სტრესი.

“როდესაც გარემო მუდმივად უარყოფითად გაფასებს, გამორიცხულია, რომ შენ ქრონიკული სტრესი არ გქონდეს. კი, დრო იცვლება და ჩემზე უფრო პატარა თაობა უკეთესად მართავს თავს. ძალიან კარგები და ყოჩაღები არიან ამ კუთხით. საკუთარი თავის მიღება ჩემს თაობას უფრო გაუჭირდა. ჩვენ ვირეკლავთ ამ უარყოფით განწყობას და შესაძლოა, ვერც კი ვხვდებოდეთ, რატომ არ ვართ საკუთარი თავით კმაყოფილი. შეიძლება ეს არ იყოს ინტერნალიზებული ჰომოფობია, მაგრამ მაინც მუდმივად უკმაყოფილების განცდა გვაქვს. ჩემთან ასე იყო, რომ მე ყოველთვის მეტისთვის უნდა მიმეღწია, მისაღები რომ ვყოფილიყავი. ეს მთელი ცხოვრება ასე მომყვება და მანამ არ გავჩერდი, სანამ ძალიან არ დავზიანდი და გავიარე ეს საკითხები ფსიქოთერაპევტთან ერთად”, — ამბობს ნინო.

უმცირესობათა სტრესთან დაკავშირებით,  ავტორი საჯარო სივრცეში არსებულ მუდმივი საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, პოსტტრავმული სტრესი გავლენით, სხეულს თითოეული ტრავმული გამოცდილება ახსოვს. თუ ვინმემ გცემა და მოგვიანებით გესმის, რომ ადამიანს ქუჩაში თავს დაესხნენ, ფაქტობრივად, იმავეს განიცდი. სხეული სხვადასხვა გამოცდილების საფუძველზე ქმნის ტრიგერებს — ასეთ დროს შესაძლოა, სხეულებრივ დონეზე იძაბებოდე და ვერ ამჩნევდე ამას.

ნინოს თქმით, 35 წლამდე სულ სევდიანობდა, მარტოსული იყო  და დაბალი ხარისხის ცხოვრება ჰქონდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ქამინგაუთის შემდეგ, იყო სირთულეები, მიკუთვნებულობამ და იმის აღმოჩენამ, რომ თურმე კონკრეტული ოჯახის წევრი ვარ, კონკრეტული ჯგუფის წევრი ვარ, სრულიად ახალი ძალები მომცა და ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი გახადა, ბედნიერი გახადა,” – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

ამის გათვალისწინებით, ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ კოლექტიური ზრუნვის გამოცდილება დამკვირდეს და წიგნზე ხელმისაწვდომობა თემის ნებისმიერ წევრს ჰქონდეს, განსაკუთრებით, კი რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს.

ავტორი ღიაა მკითხველის რჩევებისა და კრიტიკისადმი და მათ უკუკავშირისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ექპერიმენტულია და შესაძლებელია, მისი გაგრძელების ან სახეცვლილი, მეტად რაფინირებული ვერსიის გამოცემა.  

ამ ეტაპზე წიგნის ნაბეჭდი ვერსიის მხოლოდ 400 ეგზემპლარი გამოიცემა და სათემო ორგანიზაციებში იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის ონლაინ ვერსია კი ქვიარის საიტსა და სხვადასხვა სოციალურ მედიაში განთავსდება.

ცაბუნია ვართაგავა — ხვალვე მთა თუ ვერ გადადგი, შეგიძლია ერთი ნაბიჯით წინ წახვიდე

„აქტივიზმს არ ვუყურებ ასე, რომ მაინცდამაინც მთა უნდა გადავდგა. ეს მოლოდინი მქონდა ალბათ ათი წლის წინ, როცა ვიწყებდი. ახლა 16, 17, 18 წლის ადამიანს რომ ვუყურებ, რომელსაც უნდა, რომ ხვალვე გააკეთოს და ხვალვე მთა გადადგას, მაშინდელი ჩემი თავი მახსენდება ხოლმე და ვეუბნები, რომ შეიძლება გაუცრუვდეს იმედი, მაგრამ ხვალვე მთა თუ ვერ გადადგი, შეგიძლია ერთი ნაბიჯით წინ წახვიდე. პრინციპში, ჩემს შემთხვევაშიც ასეა ხოლმე. ვფიქრობ, თუ ერთი ჰომოფობი ადამიანი მაინც აღარ არის ჰომოფობი ჩემი დამსახურებით ან ვთქვათ, თემის ერთი წევრი მაინც თუ გამოვარიდე ძალადობრივ გარემოს, ეს უკვე ძალიან დიდი შედეგია“, — ამბობს ცაბუნია ვართაგავა, ლგბტქი აქტივისტი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ხეთადან, რომელიც 10 წელზე მეტია თანასწორი უფლებების ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. გვეუბნება, რომ ეს არის საქმე, რომელსაც აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.

ცაბუნიას აქტივისტური საქმიანობა ჟურნალისტობაზე ოცნებით დაიწყო, თუმცა თსუ-ში სწავლისას სოციალური მუშაობის შესავალი გაიარა, მისთვის სრულიად  უცნობი პროფესია. მისი თქმით, მესამე თაობა იყო, ვინც საუნივერსიტეტო სივრცეში ამ მიმართულებით ისწავლა და მაშინ მიხვდა, რომ შეეძლო უფრო კარგი სოციალური მუშაკი ყოფილიყო, ვიდრე ჟურნალისტი —  „აქედან მოდის დანარჩენი აქტივიზმი“.

გაიცანით უფლებადამცველი, რომელმაც საქმიანობა პრობაციის ეროვნული სააგენტოდან დაიწყო და ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლა მას შემდეგ არ შეუწყვეტია.

ცაბუნია აქტივიზმამდე და პირველი ნაბიჯები უფლებადაცვითი მიმართულებით

ფოტო: ვახო ქარელი

როცა ვიწყებდი, სოციალური მუშაობა ლგბტქი მიმართულებით საერთოდ არ იყო, ჯერ კიდევ იდგამდა ფეხს. თემის წევრებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სახლებში იკრიბებოდნენ. მაშინ, ფაქტობრივად, თემიც არ იყო, რასაც ახლა მთელი თავისი შინაარსით შეიძლება თემი ვუწოდოთ.

„ადამიანის უფლებები, რაც თავი მახსოვს, მადარდებდა, მაგრამ მაშინ ეს არ იყო გააზრებული. თეორიული ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ არ მქონდა, თუმცა ყოველთვის, მაგალითად, კლასელები თუ იჩაგრებოდნენ, თუნდაც სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, აქციებიც მომიწყვია ხოლმე. რაც შეეხება ქვიარ უფლებებს, უნივერსიტეტის პერიოდში დავფიქრდი ამ მიმართულებით. იქამდე სოფელში ვიზრდებოდი, ჩაკეტილ თემში, სადაც ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და არც ვიცოდი. უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა, რომ დამეწყო ის, რასაც უკვე აქტივიზმს დავუძახებდი“, — იხსენებს ცაბუნია ბავშვობის პერიოდს და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად უსამართლობას აპროტესტებდნენ კლასელებიც და მარტო არ ყოფილა, თანაც, იმის გამო, რომ კარგი მოსწავლე იყო, საპროტესტო აქტივობების გამო პასუხს ნაკლებად სთხოვდნენ.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქვიარ ადამიანებთან ინტერვიუებმა, ასევე, კულტურული მრავალფეროვნების კურსმა, რომლის ფარგლებშიც ლგბტქი თემთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ემუშავა, პირველ ქართულ ლგბტქი ორგანიზაციაში, ინკლუზივში მიიყვანა და მაშინვე მიხვდა, რომ სამომავლოდ ლგბტქი უფლებების მიმართულებით მუშაობა უნდოდა.„მეორე დღეს გავიღვიძე და ვთქვი, რომ ლგბტქი უფლებები არის მიმართულება, რაზეც, როგორც სოციალური მუშაკი და ადამიანი, ვიმუშავებ. როცა ვიწყებდი, სოციალური მუშაობა ამ მიმართულებით საერთოდ არ იყო, ჯერ კიდევ იდგამდა ფეხს. თემის წევრებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სახლებში იკრიბებოდნენ. მაშინ, ფაქტობრივად, თემიც არ იყო, რასაც ახლა მთელი თავისი შინაარსით შეიძლება თემი ვუწოდოთ და მხოლოდ ინკლუზივი ახერხებდა ადამიანების შეკრებას“, — ამბობს ცაბუნია და იხსენებს, რომ ინკლუზივის დახურვის შემდეგ, ახლად შექმნილი სათემო ორგანიზაციის, იდენტობის სხვადასხვა აქტივობას, საჯარო გამოსვლებსა და ლექციებსაც ესწრებოდა. პროფესიულად ლგბტქი საკითხებს კი მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც 2013 წელს, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა.

„სამეგრელოს რეგიონში ვმუშაობდი პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო იყო ცალკე, სადაც სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები იყვნენ გაერთიანებულნი და სხვადასხვა საკითხში ვეხმარებოდით პირობით მსჯავრდებულებს, მაგალითად, დანაშაულის გააზრებაში, ბრაზის მართვაში და ა.შ. მერე მოხდა ისე, რომ შეიქმნა საჭიროება, თვითონ თანამშრომლები, მაგალითად, პრობაციის ოფიცრები გადაემზადებინათ, როგორ უნდა ემუშავათ ეთიკურად ბენეფიციარებთან. აღმოჩნდა, რომ ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვინც ლგბტქი საკითხები ასე თუ ისე იცოდა. ამიტომ, შევიმუშავე ტრენინგ მოდული, რომელიც შემდეგ პრობაციის ოფიცრებისთვის გახდა საბაზისო ტრენინგი. როცა ახალი თანამშრომელი მოდიოდა პრობაციის სააგენტოში, ყველა გადიოდა ამ მოდულს და იქ იყო ერთ-ერთი საკითხი, როგორ უნდა ემუშავათ პრობაციის ოფიცრებს ეთიკურად ლგბტქი თემთან, მაგალითად, ვინმე თუ იქნებოდა პირობითი მსჯავრდადებული, როგორი უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია“, — გვიყვება ცაბუნია.

ამბობს, რომ ლგბტქი საკითხების საჯარო უწყების დღის წესრიგში დაყენება სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩენამ განაპირობა, რადგან „გადაწყვეტილებების მიმღები ვინც იყო იმ დროს, თვითონაც სოციალური მუშაკი იყო და ხვდებოდა ამ საკითხებზე მუშაობის საჭიროებას“. 

ცაბუნიას თქმით, საწყის ეტაპზე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ლგბტქი საკითხებზე რამდენიმე ტრენინგის ჩატარება თვითონვე მოუწია, რასაც გამოწვევებიც ახლდა თან.

„იყო ჰომოფობიური რეპლიკები, ზოგჯერ ჩაშლის პირასაც ყოფილა სესია, მაგრამ რაღაცნაირად ვუმკლავდებოდით, თან ისეთი სავარჯიშოები იყო ხოლმე, რომლებიც დააფიქრებდა ადამიანებს რაღაც სენსიტიურზე, ისეთზე, რაც თვითონაც ეხებოდათ და ამ დროს რა გამოწვევების წინაშე იყვნენ ლგბტქი ადამიანები. ახლა შეხება აღარ მაქვს პრობაციასთან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ დროს რაღაც მარცვალი მაინც ჩავაგდე ამ მიმართულებით“, — გვეუბნება ცაბუნია.

რეგიონში აქტივისტური საქმიანობის თანმდევი გამოწვევები

ფოტო: ვახო ქარელი

ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია, რატომ ხდება, რომ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ — სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ერთობა მნიშვნელოვანია, თანაც, ჩაგვრებიც საერთო გვაქვს.

ჯერ კიდევ პრობაციის ეროვნული სააგენტოში მუშაობისას, სოციალურ ქსელებში აქტიურად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, არ ერიდებოდა სხვადასხვა უწყების კრიტიკას, „რაც საჯარო სამსახურის თანამშრომლისთვის ცოტა უცნაური იყო“. 

სწორედ იმ დროს, თანასწორობის მოძრაობა ზუგდიდში ოფისის გახსნას გეგმავდა და თანამშრომლობა შესთავაზეს. დაუფიქრებლად დათანხმდა ახალ გამოწვევას და საჯარო სამსახურის შემდეგ მისი საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციას პირველად დაუკავშირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით ნაკლები ანაზღაურება იყო იქ, სადაც მივდიოდი, მაინც წავედი, რადგან მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი. ასე აღმოვჩნდი ღიად ლგბტქი აქტივიზმში. დასაწყისი იყო ძალიან რთული, ყველგან არ ვამბობდი, რომ ლგბტქი ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიყავი ან ამ ოფისში არის ლგბტქი ორგანიზაცია. იცოდნენ, რომ იყო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობდა აივ-ინფექციის პრევენციაზე, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა ხალხიც მოვიკრიბეთ, მხარდამჭერები, მათ შორის, მედიებიც დავიმეგობრეთ, რომლებიც ჩვენზე აკეთებდნენ პოზიტიურ სიუჟეტებს ან წერდნენ პოზიტიურ სტატიებს და ამის შემდეგ, იმ უსაფრთხო სივრცეში ხალხი თავს კარგად რომ გრძნობდა, მოჰყავდათ მათი მეგობრები. ნელ-ნელა გავძლიერდით და მერე უკვე ძალიან თამამად, ყოველთვის პირველ პირში ვსაუბრობდით, ნებისმიერ საჯარო სივრცეს ვიყენებდით ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ გამოწვევები ყველგან იყო. მაგალითად, თუ საჯარო მოხელეებს გავაკრიტიკებდით რაიმე არაეთიკური გამოთქმის გამო, ჩვენ წინააღმდეგ ჰომოფობიურ ენას იყენებდნენ“, — აღნიშნავს ცაბუნია და გვიყვება, რომ სწორედ თანასწორობის მოძრაობაში მუშაობის პერიოდში მიხვდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე უფლებადამცველებსაც კი ჰქონდათ ჰომოფობიური განწყობები, რაც მისთვის „დღემდე ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“.

„როცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებზე მრგვალ მაგიდასთან ვისხედით ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და ჩვენ ლგბტქი საკითხებზე ვიწყებდით საუბარს, ამ დროს იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირჯვრის გადაწერას იწყებდნენ. მათი ნაწილი უამრავი წელია ქალთა უფლებებზე მუშაობს. არის საერთო, გადამკვეთი ჩაგვრები და ამას უნდა ვიაზრებდეთ“, — იხსენებს ცაბუნია და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის ურთიერთსოლიდარობის მნიშვნელობაზეც საუბრობს — „ზუგდიდში თუ თბილისში, ინდივიდუალური აქტივისტებიც და ორგანიზაციებიც, როცა სხვა ადამიანების პრობლემებს ეხება ხოლმე საქმე, ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზეც ყოველთვის ვიღებდით ხმას და სხვა ნებისმიერ, პოლიტიკურ საკითხზეც. თუნდაც, ვიღაც თუ პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა, მასაც ზუსტად ისე ვუჭერდით მხარს და მიწის რეგისტრაციის პრობლემა ვისაც ჰქონდა, იქაც კი ყოველთვის ვიდექით და ხშირად იმავეს ვერ ვიღებდი. ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია, რატომ ხდება, რომ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ — სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ერთობა მნიშვნელოვანია, თანაც, ჩაგვრებიც საერთო გვაქვს“.

ცაბუნიას მიაჩნია, რომ „პრობლემა იქ უნდა მოგვარდეს, სადაც ეს პრობლემა არის, რადგან შეიძლება ცენტრიდან რაღაცები ისე არ ჩანდეს, როგორც ადგილზე“. ამიტომ, როცა საქმიანობას იწყებდა და თბილისსა და რეგიონს შორის არჩევანიც ჰქონდა, დაუფიქრებლად გადაწყვიტა, რომ სამეგრელოში, სახლში დაბრუნებულიყო და ცვლილებებისთვის შრომა ადგილზე დაეწყო.

„შეიძლება ცოტა პატივმოყვარეობად ჟღერდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრად ხელშესახებ რაღაცას ვაკეთებ იქ, ვიდრე გავაკეთებდი აქ. აქ ვიქნებოდი საშუალო სტატისტიკური სოციალური მუშაკი, რომელიც მუშაობს და შეიძლება კარგადაც მუშაობს, მაგრამ მგონია, რომ იქ უფრო მეტს ვაკეთებ, რადგან სრულიად მოშიშვლებული არეა და არაფერი ხდება“, — ამბობს ცაბუნია და რეგიონში აქტივისტური საქმიანობის თანმდევ რისკებზეც საუბრობს — „აქტივიზმს ზოგადად ახლავს გარკვეული რისკები, მაგრამ ლგბტქი საკითხებზე და უფრო ჩაკეტილ საზოგადოებაში, რეგიონებში კიდევ უფრო რთულია ხმის ამოღება. მით უმეტეს, თუ ქალი ხარ და სოფელში ცხოვრობ, ბევრი ურთიერთგადამკვეთი გამოწვევა ემატება ამ ყველაფერს. ვერ ვიტყვი, რომ არის რაღაც ისეთი დამატებითი სტრესი, რაც თბილისის აქტივიზმისგან განასხვავებს, მაგრამ შეიძლება იყოს ის, რომ ნაკლები თანამოაზრე მყავს. მაგალითად, თუ თბილისში შემეძლებოდა, რომ ჩემი დარდების შესახებ გამეზიარებინა ვინმესთვის, ამის საშუალება იქ არ მაქვს; მაგალითად, თუ აქ არის განტვირთვის სივრცეები, იქ ასეთი ადგილები არ არის. ეს არის ჩემი, როგორც ერთი აქტივისტის გამოწვევა“.

ცაბუნია ლგბტქი თემის მობილიზებისა და რეგიონში ლგბტქი აქტივიზმზე საუბრისას ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რეპრეზენტაციაა, რადგან „თემის არცერთი საჯაროდ დაქამინგაუთებული წევრი სამეგრელოში არ არის, შეიძლება ჩემთან, ზოგიერთ მის მეგობართან ან ცალკეულ ოჯახის წევრთან იყოს დაქამინგაუთებული, მაგრამ ზოგადად არა. ესეც განსხვავებაა ცენტრისგან. თბილისში რომ მოდიან, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. ამას განაპირობებს, რა თქმა უნდა, ის ჩაკეტილი სივრცე, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და სადაც მეზობლებიც კი აკონტროლებენ ჩვენს ცხოვრებას“.

ხილვადობის პოლიტიკა

ფოტო: ვახო ქარელი

საჯაროდ ჩემი ყოველი გამოჩენის შემდეგ, სვანეთიდან ან სამეგრელოს სოფლებიდან მწერს ვინმე, რომელმაც იმ წუთას გაიგო, რომ მარტო არ არის ამ სამყაროში.

„ქვიარ თემშიც და ორგანიზაციებშიც ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო ხოლმე, გვჭირდება თუ არა ხილვადობის პოლიტიკა და როგორც უკვე ვახსენე, რეგიონში შეიძლება სხვა გამოწვევა იყოს და ყოველთვის ვამტკიცებდი ზუსტად ამ ჩემი გამოცდილებიდან, რომ კი, ჯერ-ჯერობით დღის წესრიგში ისევ უნდა გვქონდეს ხილვადობის პოლიტიკა, რადგან შეიძლება თბილისში ისეთი მნიშვნელოვანი, აქცენტის გასაკეთებელი აღარ არის, მაგრამ რეგიონში ჯერ თემი ჯერ კიდევ არ არის ხილვადი. მაგალითად, საჯაროდ ჩემი ყოველი გამოჩენის შემდეგ, სვანეთიდან ან სამეგრელოს სოფლებიდან მწერს ვინმე, რომელმაც იმ წუთას გაიგო, რომ მარტო არ არის ამ სამყაროში და უი, თურმე ვიღაც სხვა ადამიანებიც არსებობენ და თურმე ორგანიზაციაც კი არსებობს, რომელიც ლგბტქი უფლებებს იცავს. მერე გამოჩნდა თბილისი პრაიდი, რომელიც აქცენტს ასევე აკეთებდა ამ საკითხზე და ამიტომ, იქამდეც კი, სანამ ჩამოყალიბდებოდა, როგორც ორგანიზაცია ან როგორც მოძრაობა, უკვე იდეასაც ვუჭერდი მხარს, მერე ბორდის წევრიც ვიყავი ცოტა ხნით და ახლა უკვე თანამშრომელი ვარ“, — აღნიშნავს ცაბუნია ხილვადობის პოლიტიკაზე საუბრისას და თბილისი პრაიდთან თანამშრომლობის დასაწყისს იხსენებს — „ყოველთვის მქონდა ისეთი სამსახური, სადაც ხელფასს მიხდიდნენ იმაში, რისი კეთებაც ისედაც მსიამოვნებდა და ხელფასის გარეშეც სიხარულით გავაკეთებდი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ანაზღაურებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რათა ვიარსებოთ. ამიტომ, ვფიქრობდი, აი, რა შეიძლება გავაკეთო, სად წავიდე, თან იყო საკითხები, რომლებზეც არასდროს ვიმუშავებდი, მაგალითად, გადაწყვეტილი მქონდა, რომ საჯარო სამსახურში არასდროს მივბრუნდები. ამ პერიოდში თბილისი პრაიდიდან დამიკავშირდნენ და თანამშრომლობა შემომთავაზეს. გეგმა იყო ასეთი, რომ თბილისში უნდა წამოვსულიყავი და აქ ვყოფილიყავი ადვოკატირების ოფიცერი. მე უკვე ვგლოვობდი, სამეგრელოდან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. თუმცა მერე მითხრეს, რომ არ უნდოდათ დაეკარგათ აქტივისტი ადგილობრივ დონეზე და შემომთავაზეს, იქ მეკეთებინა საქმე“.

თბილისი პრაიდში ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს — საზოგადოების სხვადასხვა წევრს, სტუდენტებს თუ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წარმომადგენლებს ხვდება და ცდილობს, ლგბტქი საკითხებისკენ ხალხის ყურადღება მიმართოს.

„ზუგდიდში გვაქვს უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტებსაც უკვე არაერთხელ შევხვდი და ვისაუბრე როგორც ლგბტქი უფლებებზე, ასევე ზოგადად აქტივიზმზე და მის აუცილებლობაზე. ასევე, ვხვდები სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, საკრებულოს წევრებს და ყველას ვესაუბრები ამ საკითხზე, ვცდილობთ, რომ სხვადასხვა სფეროდან ბევრი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ. გამოწვევები ამ დროისთვის იმდენად აღარაა, როგორც ადრე — უკვე 5 წელია ამ საკითხზე ვმუშაობ და რა გამოწვევებიც იყო, უკვე გადავლახე. ჩემს სამეგობროს რომ გავცდი და პროგრესულ ძვრებს ვხედავ იმ ადამიანებშიც, ვისთანაც აქამდე ინდივიდუალურად არასდროს არავის უმუშავია და არავის აუხსნია, რა არის ლგბტქი თემები, სასიხარულოა“, — გვეუბნება ცაბუნია.

ლგბტქი ადამიანებისა და აქტივისტების მიმართ არსებული დამოკიდებულებები

ფოტო: ვახო ქარელი

მთავარი ხელშესახები მომენტი დადგება მაშინ, როცა ადამიანები მიხვდებიან, რომ თავიანთ სახლებში, სამეგობროში, სამეზობლოშიც ცხოვრობენ ლგბტქი თემის წევრები და საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ცაბუნია ბოლო წლებში განწყობის უკეთესობისკენ ცვლილებაზე საუბრობს, აღნიშნავს იმასაც, რომ საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ მათ სახლში, სამეგობროში, სამეზობლოში ცხოვრობენ ლგბტქი ადამიანები, რომლებიც საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები არიან. მისი აზრით, ადამიანებს შორის პირადი ნაცნობობა, შესაძლოა, ჰომოფობიური განწყობების გადაფასების წინაპირობაც კი გახდეს.

„ადამიანებს ეშინიათ ყველაფერი უცხოსი — რაც მათთვის უცხოა, რაზეც პასუხები არ აქვთ, მათთვის არის საშიში და ვინც შემხვედრია ხოლმე, მაგალითად, ზუგდიდში შეხვედრებზე ადამიანები ამბობდნენ, მეზიზღება გეი და ლესბოსელი ხალხი, ჩემთან ეგეთი არავინ არ არის, ჩემს სამეგობროშიც ეგეთი არავინ არ არის, ჩემს ქუჩაზეც კი არავინ ეგეთი არ ცხოვრობსო. მათ თეორიულად ვუხსნიდი, იმიტომ არ იცნობთ ქვიარ ადამიანებს, რომ როცა ასე გძულთ, არავინ მოვა და გეტყვით, მე გეი ვარ ან მე ლესბოსელი ვარო. პრინციპში, ეს თეორიული ცოდნა იმდენად ეფექტური არ არის, შეიძლება რაღაც მომენტში მარცვალი ჩააგდო ადამიანში, მაგრამ შემდეგ ეს მარცვალი აღარ გაღვივდეს, მაგრამ, მაგალითად, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ყველაზე მძაფრად რაც მახსოვს, გვერდით მეჯდა მეგობარი, რომელმაც, ამ გოგოებს, რომლებიც იძახდნენ, მინდა მოკვდეს, დაიწვას ეს ხალხიო, უთხრა: „ახლა შენ მე მოსაკლავად გამიმეტე, შენი სიტყვებით მომკალი”. იმ გოგოს შოკი ჰქონდა, გაჩერდა, ვერაფერი თქვა და მერე ტირილი დაიწყო, ბოდიშებს უხდიდა და თქვა, რომ აი, მივხვდი, რომ არ ხართ არც ისეთი კაციჭამია და არც არაფერი გადმომედო, ერთი კვირაა ერთად ვართო“. ადამიანი თუ მზად არ არის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაქამინგაუთდეს, რადგან ამას ბევრი გამოწვევა ახლავს თან და არავინ იფიქროს, რომ ახლა მე ვიტყვი, რომ თემის წევრი ვარ და აქ მორჩება ყველაფერი. მერე იწყება მთავარი გამოწვევები. მაგრამ, მგონია, რომ მთავარი ხელშესახები მომენტი დადგება მაშინ, როცა ადამიანები მიხვდებიან, რომ თავიანთ სახლებში, სამეგობროში, სამეზობლოშიც ცხოვრობენ ლგბტქი თემის წევრები და საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები არიან“, — ამბობს ცაბუნია.

ცაბუნიამ აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიმართ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მათ ხედავს, როგორც ადამიანებს, რომლებიც ხმაურობენ, ყვირიან და „შეიძლება არ ესმოდეთ, რის გამო ჩხუბობ. ეს ძალიან ხშირად შემიმჩნევია. მერე მიწევს ახსნა, რომ აი, ეს მაბრაზებს და მაყვირებს და მაჩხუბებს”

„სტატისტიკურადაც თუ შევხედავთ, ლგბტქი ადამიანები და აქტივისტები არც ისე ცოტანი ვართ, ამ საზოგადოების ნაწილი ვართ. მაინც კაპიტალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანი, ყველა სხვა ღირებულებასთან ერთად, არის დოვლათის შემქმნელი და ამ გაგებით, თუ მე ვიქნები სტრესში, თუ ვერ მივიღებ განათლებას იმის გამო, რომ მჩაგრავენ, ვერ შევქმნი დოვლათს თავის დროზე და ვერ შევიტან წვლილს სახელმწიფოს მშენებლობაში. მინიმუმ ამის გამო არ უნდა დამჩაგრონ და არ უნდა გამაუბედურონ, რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა არ უნდა შემიზღუდონ. შემიძლია ასეც ვთქვა — წმინდა კაპიტალისტურად, სხვა თუ არაფერი ესმით, იქნებ ის მაინც გაიგონ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ყველა ადამიანს აქვს უფლება განვითარების, სიყვარულის უფლება და მთელი საზოგადოება კარგავს უზარმაზარ რესურსს თემის წევრების სახით“, — აღნიშნავს ცაბუნია.

ქართული ლგბტქი მოძრაობის ხარვეზებზე საუბრისას აქტივისტი მიუთითებს იმაზე, რომ ხშირად „საკუთარ ვიწრო წრეში ვიხარშებით”. მისი თქმით, შეხვედრებზე მიდიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ღია არიან ამ საკითხების მიმართ, ისესაც იციან რა გამოწვევებია თემში.

“ჩავიკეტეთ, ჩვენთვის კომფორტული სივრცეები მოვინიშნეთ და ბედნიერები ვართ, რომ აი, პატარა რაღაცას მივაღწიეთ — აღარ გვცემენ, ტაბურეტით აღარ მოგვდევენ და ეგ გვიხარია. მაგრამ ვერ ვხვდები ხოლმე, აი, სოფლებში რომ გავიდე, მერე რა უნდა ვქნა, სოფლებში რომ მივაღწიო ვიღაც ხალხთან, რომელიც ჩემთან არასდროს მოვა (იქაც უნდა მივიდე, ეს ვიცი)… მაგრამ აქ წყდება აზრი. მერე რას ვაკეთებ? ამაზე ხშირად მეფიქრება“.

გადაწვა, მოტივაცია და რჩევები მათ, ვინც ახლა იწყებს

ფოტო: ვახო ქარელი

თუ თავს არ გაუფრთხილდებით და არ დაისვენებთ, ვერც სხვებს დაეხმარებით და ვერც საკუთარ თავს. ამ ბრძოლაში საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ.

აქტივისტურ საქმიანობას იმედგაცრუება, სტრესი, გადაწვის სდევს თან და საქმიანობის დასაწყისში წარმოდგენილი სწრაფი პროგრესის იდეაც ნელ-ნელა ხუნდება. ცაბუნიასთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებები 17 მაისს უკავშირდება, თუმცა, მისი თქმით, ინდივიდუალურ დონეზეც ყოფილა გულისწყვეტა, რომელიც რთულად გადასალახია.

„ადამიანი ძალადობისთვის გამომირიდებია, მგლის ხახაში შემიყვია თავი და მერე ეს ადამიანი მომიტრიალდა სხვანაირად. ბევრი მსგავსი შემთხვევა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ საქმიანობას არ ვუყურებ მადლობის მოლოდინით და ამას რადგან არ ველი, შესაბამისად, იმედგაცრუებებიც შედარებით ნაკლებია. მშველის ის, რომ დაფასებას და გვირგვინს არ ველოდები“, — გვიყვება ცაბუნია.

გადაწვის შესახებ საუბრისას აქტივისტი აღნიშნავს, რომ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნაა, რომლებთანაც ყველაფრს გაზიარებას შეძლებ.

„სერიოზული გადაწვის პირას რამდენიმეჯერ ვყოფილვარ, მაგრამ გადაწვის საწინააღმდეგო სესიები, გაზიარება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგ დროს. ირგვლივ უნდა გყავდეს ადამიანები, რომლებსაც ამ ყველაფერს გაუზიარებ. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ასეთი მეგობარი მყავს ადგილზე, ვისაც ვუზიარებ, მაგრამ არის რამდენიმე, რომელთანაც ემოციური „ვენტილაცია“ შემიძლია მქონდეს. გადაწვის სესიებზეც ვყოფილვარ და თავისი შედეგი მაგასაც აქვს, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების უკუკავშირიც, ვისთანაც მუშაობ და ვისთვისაც იბრძვი — თუნდაც მესიჯები რომ მომდის, რომლითაც მადლობას მიხდიან ან მეუბნებიან, რა კარგია, რომ იქ ეს თქვი და ჩემი სათქმელიც თქვი, დამატებით ენერგიას მაძლევს“, — ამბობს ცაბუნია.

ცაბუნიას აზრით, აქტივისტი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მცირედით მაინც ცდილობს სასიკეთო ცვლილების მიღწევას, მაგალითად, ერთ ადამიანს მიუთითებს, რომ ქუჩაში ნაგავი არ დაყაროს.

“შეზღუდვა არ არსებობს და მინიმალური აქტივობაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს“. 

მათ კი, ვინც საკუთარ პროფესიად აქტივიზმს ხედავს, რჩევებსაც აძლევს:

„ადვილი ნამდვილად არაა. პირველ რიგში, უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის, მაგრამ ბევრსაც ნუ მოსთხოვენ. ესეც ძალიან ბევრი აქტივისტის პრობლემაა, რომ იმაზე ბევრს ვითხოვთ საკუთარი თავისგან, ვიდრე შეგვიძლია. ეს იმის გამო ხდება, რომ გარემოც ბევრს გვთხოვს — “იმ თემაზე თუ ხმაურობ, ამ თემაზე რატომ არ ხმაურობ”, სხვებიც მაგას გვაძახებენ ხოლმე. ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ, იმიტომ, რომ ყველანი ადამიანები ვართ, ოდესღაც ყველანი ვიღლებით და პაუზის გაკეთებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პასუხისმგებლობებს მოსდევს მერე გადაწვა და გადამწვარი ადამიანიც სულ ცდილობს, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე რაღაცები აკეთოს. თუ თავს არ გაუფრთხილდებით და არ დაისვენებთ, ვერც სხვებს დაეხმარებით და ვერც საკუთარ თავს. ამ ბრძოლაში საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ“.

საუბრის ბოლოს, აქტივისტი გვიზიარებს მთავარ გზავნილსა, რომლის საზოგადოებამდე მიტანასაც ისურვებდა: „პატივი ვცეთ ერთმანეთს, ადამიანს, როგორც ერთ ინდივიდს. ყველას ყველა ვერ ეყვარება, მაგაშიც დარწმუნებული ვარ, მაგრამ მინიმუმ რაღაც ზღვრები გვქონდეს, რომელსაც არ გადავალთ და არ დავარღვევთ სხვების უფლებებს. როცა ერთ ადამიანს, როგორც ინდივიდს აღვიქვამთ, მერე ყველაფერი კარგად იქნება“.

კატარი: მსოფლიო ჩემპიონატი და ლგბტქი უფლებები

20 ნოემბერს კატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 დაიწყო. ეს არის პირველი მუნდიალი, რომელიც არაბულ სამყაროში ტარდება. ის მთელი მსოფლიოდან მილიონობით გულშემატკივარს მასპინძლობს.

თუმცა კატარი არაერთხელ გაკრიტიკდა ადამიანთა უფლებების დარღვევის, მათ შორის ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების აკრძალვის გამო. სწორედ ამიტომ, ფეხბურთის ზოგი ლგბტქი გულშემატკივრისთვის წარმოიქმნა მორალური დილემა — არჩევანი მათ საყვარელ თამაშსა და თვითგამოხატვის თავისუფლებას შორის.

კატარის კანონები ურთიერთობების თანასწორობაზე

კატარში ჰომოსექსუალობა არალეგალურია, რადგან ისლამური შარიათის კანონის მიხედვით, ეს ამორალურად მიიჩნევა. ლგბტქი ადამიანები ქვეყანაში ისჯებიან ჯარიმებით, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ზოგჯერ — ჩაქოლვითაც კი.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „ყველას მიიღებენ“ და, მათი თქმით, არავის ემუქრება დისკრიმინაცია. მიუხედავად ამისა, „კატარი 2022-ის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნასერ ალ-ხატერი ამბობს, რომ ჰომოსექსუალობის შესახებ კანონი არ შეიცვლება და რომ მსოფლიო ჩემპიონატის სანახავად ჩამოსულმა ვიზიტორებმა პატივი უნდა სცენ მათ კულტურას.

Human Rights Watch-ის ბოლოდროინდელი ანგარიშის მიხედვით, კატარელი სამართალდამცავები აგრძელებენ გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი მოქალაქეების დაპატიმრებას, ზოგჯერ კი მათ გარდაქმნის თერაპიის გავლასაც აიძულებენ — იმ ფსევდომეცნიერული პრაქტიკის, რომელიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული ექსპრესიის “შეცვლას” ცდილობს, რათა ის ჰეტეროსექსუალურ და სისგენდერულ ჩარჩოებს მოარგოს. კატარის თქმით, ეს ანგარიში ცრუ ბრალდებებს შეიცავს.

ფეხბურთის გულშემატკივრის ისტორია

კატარის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული მორალური დილემა ძალიან კარგად ესმის ფეხბურთის ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მსგავსი მიდგომების მქონე მეზობელი ქვეყნიდან გაიქცა.

ამ ადამიანმა, რომელმაც ანონიმურობა ისურვა, BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა, როგორია, იყო ქვიარ ადამიანი ისეთ ქვეყანაში, რომელშიც „ამაზე საუბრის ყველას ეშინია“.

„საკუთარი თავის შეცვლას ვცდილობდი“

„მთელი ცხოვრება შიშში ყოფნა ისეთი რამაა, რასაც შენს ყველაზე დაუძინებელ მტერსაც კი არ უსურვებდი. შიში, მუდმივი ტყუილი, თავის მოჩვენება — ეს ჩემი ცხოვრების მოკლე შეჯამებაა.

სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერი არ ვიყავი. მაშინ ვფიქრობდი, რომ რაღაც მჭირდა და ამას არ ვიღებდი. საკუთარი თავის შეცვლას ვცდილობდი — ჩვენ ასე გვზრდიან. ჩვენ გარშემო ყველა ამბობს, რომ გეიდ ყოფნა არასწორია და რომ ღმერთი ამის გამო დაგვსჯის. ჩემი სამშობლო რელიგიური ქვეყანაა, ეს რელიგია კი ისლამია.

საკუთარი თავის მისაღებად დიდი დრო დამჭირდა. როდესაც კომფორტულად ვიგრძენი თავი და საკუთარი თავი ისეთად მივიღე, როგორიც ვარ, სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი და ძალიან დიდი შვება ვიგრძენი.

გარემო, რომელშიც ვცხოვრობდი, ამაში ხელს არ მიწყობდა. უფროსმა თაობამ არაფერი იცის ლგბტ ხალხზე, რადგან ტელევიზიასა და რადიოს მთლიანად მთავრობა აკონტროლებს.

ახალგაზრდა თაობას ინტერნეტის მეშვეობით აქვს ამაზე ინფორმაცია, თუმცა ეს მაინც არაა საკმარისი საიმისოდ, რომ საკუთარი თავი იყო — ვინმემ თუ გაიგო, რომ გეი ხარ, ან ციხეში მოგიწევს წასვლა, ან შენი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგება.

გეი ხალხი არსებობს, მაგრამ ამაზე საუბრის ყველას ეშინია“.

გაქცევა გაერთიანებულ სამეფოში

„ძალიან რთული იყო იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ სხვა ქვეყანაში წავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, გაერთიანებულ სამეფოში საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვა შემეძლებოდა.

მთელი ცხოვრება სამშობლოში გავატარე. იქ მყავს ოჯახი და მეგობრები, რომლებიც მიყვარს, თუნდაც მათ მხარი არ დამიჭირონ, თუკი დავქამინგაუთდები.

მათი ბრალი არაა, რომ მე და სხვა ადამიანებს ჩვენი სექსუალობის გამო არ მიგვიღებენ. ისინი ასე აღზარდეს და თვალის დახამხამებაში ამის შეცვლა ძალიან რთულია. ამას დრო დასჭირდება.

რთულია იმის ახსნა, თუ რა შეგრძნებაა, როცა შეგიძლია, იყო საკუთარი თავი და არ გიწევდეს მუდმივად სიცრუეში ცხოვრება. რაც აქ ჩამოვედი, ყველასგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და თითქმის სამი წლის შემდეგ, გარშემო ახალი ხალხი და მეგობრები მყავს. ჩემს მეგობრებს ოჯახის წევრებად მივიჩნევ და ძალიან გამიმართლა, რომ გვერდით ისინი მყავს, განსაკუთრებით ადგილობრივი ქვიარ თემის წარმომადგენლები“.

სწორი და არასწორი

„დაქამინგაუთების არ მეშინია, თუმცა ვიცი, ამას რა შედეგებიც მოჰყვება. ვიცი, რისი გავლა მოუწევთ ჩემი ოჯახის წევრებს და როგორ დაიდანაშაულებენ ისინი თავს — იფიქრებენ, რომ მათი ბრალია, რომ მე ასეთი ვარ.

ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი, ჩემს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუკი უცხო ქვეყანას სტუმრობ, მის წესებსა და კანონებს პატივი უნდა სცე, თუნდაც ისინი არასწორი იყოს. არ შეგიძლია, უბრალოდ მიხვიდე და ისინი დაარღვიო. ასე თუ მოიქცევი, შედეგებისთვისაც მზად უნდა იყო.

იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გავჩუმდეთ. ჩემი აზრით, ყველამ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. მე FIFA-ს ვადანაშაულებ იმაში, რომ კატარს [მსოფლიო ჩემპიონატის] მასპინძლობის უფლება მისცა, როცა მათ მშვენივრად იციან, რომ იქ ადამიანთა უფლებებს პატივს არ სცემენ.

თუმცა, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა საიმისოდ, რომ კატარში ადამიანთა უფლებების თემა ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ“.

წყაროები: BBCBBC