აგვისტო 2022

60-იანი წლების ქვიარ წინააღმდეგობები — მოვლენები, რომელთა კულმინაციად სტოუნვოლი იქცა

1969 წლის 28 ივნისს, გამთენიისას, პოლიციამ Stonewall Inn-ის, ნიუ-იორკში მდებარე გეი ბარის დარბევა დაიწყო, რასაც ადგილზე მყოფი ქვიარ ადამიანების წინააღმდეგობა მოჰყვა. ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიის ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი მომენტი ერთგვარი შემობრუნების წერტილია, რომელმაც გავლენა იქონია არამხოლოდ გასული საუკუნის აშშ-ის ლგბტქი გამათავისუფლებელ მოძრაობაზე ან მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე, არამედ საერთოდ შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა ქვიარ ადამიანების ყოველდღიურობა დღეს, რომ არა სტოუნვოლის აჯანყება თუ წინააღმდეგობა.

JUSTIN J WEE / THE NEW YORK TIMES/REDUX

ხშირად, მშვიდობიანი პროტესტით დაწყებულ ამ აჯანყებას სპონტანურ შემთხვევას უწოდებენ, რომელმაც აშშ-ში გეი უფლებებისთვის ბრძოლის მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. გარდა იმისა, რომ  ეს მოსაზრება ფაქტობრივად არასწორია, ამის მტკიცება 1969 წლამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული წინააღმდეგობების, ქვიარ ადამიანების პროტესტის, მოძრაობების უგულებელყოფაც არის. 

მსგავსი დარბევა პოლიციის სისასტიკისა და დამამცირებელი მოპყრობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და არც ეს იყო ქვიარ წინააღმდეგობის საწყისი. სტოუნვოლის აჯანყება, ასე ვთქვათ, კულმინაციაა, რომელსაც ლგბტქი ადამიანების ხანგრძლივი, შეთანხმებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპონტანური ამბოხი უძღოდა წინ. 

ლგბტქი მოძრაობების ისტორია მე-19 საუკუნის მიწურულიდან იწყება, თუმცა ქვიარ წინააღმდეგობის ჩანასახოვან ეტაპზე თვალის მიდევნება საკმაოდ რთულია. ერთი კი ცალსახაა — აშშ-ში სტოუნვოლამდე განვლილი ათწლეული მზარდი შეუგუებლობის, ბრაზის მომწიფების, სულ უფრო ხილული ბრძოლის პერიოდია, რომელიც მუდმივი ჩაგვრის, დამცირების, სიცოცხლისთვის საშიში მოპყრობის დაგმობის აუცილებლობამ განაპირობა. 

Cooper Do-nuts — პირველი თანამედროვე აჯანყება აშშ-ის ისტორიაში 

კადრი კენტ მაკენზის ფილმიდან — The Exiles (1961)

Cooper Do-nuts ლოს ანჯელესში, გეი ბარებს შორის მოქცეული სადონატე იყო, რომელსაც ტრანსგენდერი ქალები, დრეგ ქვინები, ლესბოსელი ქალები თუ გეი კაცები ხშირად სტუმრობდნენ. ინკლუზიური ადგილი ქვიარების, სექს-მუშაკებისა და ფერადკანიანი ტრანსგენდერი ადამიანების თავშეყრის ადგილი იყო. ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე შეკრებილებს გამუდმებით შეურაცხმყოფლად ექცეოდნენ, უსაფუძვლოდ აჩერებდნენ და ოფიციალურ დოკუმენტებს უმოწმებდნენ, რათა საბუთებში აღნიშნული გენდერის და ვიზუალური მახასიათებლების თანხვედრა გადაემოწმებინათ. 

1959 წელს, მწერალი ჯონ რეჩი და მისი მეგობრები პოლიციამ გააჩერა, დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა და უსაფუძვლოდ დააკავა. ადგილზე მყოფებმა პროტესტი წამოიწყეს და პოლიციას დონატები და ყავის ფინჯნები დაუნიშნეს. პოლიციამ დამხმარე ძალა გამოიძახა და ამბოხის არაერთი მონაწილე დააკავა. აღნიშნული ისტორია მეტწილად ჯონ რეჩის მონათხრობს ეყრდნობა — მწერალმა ჯერ 1963 წლის ნაწარმოებში – „ღამის ქალაქი“ გააკეთა მინიშნება რამდენიმე წლით ადრე მომხდარ აჯანყებაზე, 2005 წელს კი ინტერვიუში უფრო მეტი დეტალი გაიხსენა. ისტორიკოსთა ნაწილი Cooper Do-nuts-ის აჯანყების შესახებ არსებული ფაქტების სიმწირისა და რეჩის მიერ მოთხრობილი ფაქტების უზუსტობათა გამო მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, იმ პერიოდში წინააღმდეგობას მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა 46 წლის დაგვიანებით მოყოლილ ამბის ნდობა ბოლომდე არ შეიძლება. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით კი, აღნიშნული მოვლენა აშშ-ის ლგბტქი ისტორიაში პირველი თანამედროვე აჯანყებაა. 

დაპირისპირება გეი ბარში — The Black Nite

Wisconsin LGBT History Project

გეი ბარი Black Nite ქვიარ ადამიანების თავშეყრის ადგილად 1959 წელს, მას შემდეგ იქცა, რაც მისი მართვა მილოუკიში მცხოვრებმა ფინანსისტმა, ჰარი კამინსკიმ დაიწყო. ამ ადგილას არსებული ტავერნის მეპატრონე მეზობელი გართობის ადგილებიდან ქვიარ მომხმარებლების შემოდინების წინააღმდეგი იყო, მაგრამ კამინსკი იმ ადამიანებისთვის მომსახურების შეთავაზების ფინანსურმა სარგებელმა მოხიბლა, რომელთაც წასასვლელი არსად ჰქონდათ, ამიტომ ტავერნის მფლობელს განუცხადა — „თუ ვერ დავამარცხებთ, შევუერთდეთ“. ამ დღიდან ტავერნა ქვიარ ადამიანების თავისუფალი გამოხატვის სივრცედ იქცა — ეწყობოდა დრეგ შოუები, კარი ღია იყო ნებისმიერი სექსუალური და გენდერული გამოხატვის ადამიანისთვის. 

1961 წელს, 5 აგვისტოს ღამეს, მეზობელი ბარიდან გამოსულმა საზღვაო ფლოტის მსახურმა ოთხმა კაცმა გეი ბარში შესვლა გადაწყვიტა, რაზეც უარი მიიღო. ფლოტის მსახურები დრეგ შემსრულებლის, ჯოსი კარტერის ქმარს ლუდის ბოთლებით დაესხნენ თავს. კარტერმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, შედეგად თავდამსხმელთაგან 2 კაცი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მალევე ადგილზე საზღვაო ფლოტის სხვა ჯარისკაცებიც მოვიდნენ, რასაც საპასუხო შეტევა მოჰყვა. 70-ზე მეტი ლგბტქი ადამიანი მოძალადეების წინააღმდეგ გამოვიდა. ბარის ინტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა, სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ადგილზე მყოფი ლგბტქი ადამიანები არ დააკავა, რაც იმდროინდელი სამართალდამცავების მხრიდან იშვიათობა იყო და საპატიმროში მხოლოდ ბარზე თავდამსხმელები გადაიყვანა. 1961 წლის 5 აგვისტო — დღე, როცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ვიხილეთ ლგბტქი ისტორიაში, Black Nite-ის აურზაურით არის ცნობილი. 

60-იანი წლების პიკეტირებები

Kay Tobin Lahusen / NYPL

60-იან წლებში, უფრო ზუსტად კი 1964 წლიდან, ოფიციალური უწყებების, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების პიკეტირებების პერიოდი იწყება. ორგანიზებული წინააღმდეგობა, რომელიც მეტწილად ახალგაზრდებისგან შედგებოდა, ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელისუფლების პოზიციას აპროტესტებდა.

1964 წელს, აქტივისტმა რენდი უიკერმა აშშ-ის სამხედრო ძალების მხრიდან გეი ადამიანების მიმართ უთანასწორო მოპყრობის გასაპროტესტებლად ვაითჰოლ სთრითზე მდებარე ახალწვეულთა ცენტრის პიკეტირების ორგანიზება გადაწყვიტა. ეს მომენტი აშშ-ში გეი უფლებების დაცვის პირველ დემონსტრაციად ითვლება. იმავე წლის დეკემბერში აქტივისტებმა ფსიქოანალიტიკოსის ლექცია ჩაშალეს, რომელიც ჰომოსექსუალობას განიხილავდა, როგორც მენტალურ აშლილობას. 1965 წელს კი თეთრი სახლისა და გაეროს შენობების პიკეტირება მოხდა — აქტივისტები კუბაში ჰომოსექსუალების შრომით ბანაკებში გაგზავნას აპროტესტებდნენ. 

1965 წელს დაიწყო ECHO-ს მიერ ორგანიზებული პიკეტების სერია. აქტივისტები ლგბტქი უფლებრივი უთანასწორობის გასაპროტესტებლად სახელმწიფო უწყებებს აქცევდნენ ალყაში. პიკეტირებების სერია 1969 წლამდე გაგრძელდა. 

The Mattachine Society-ის პროტესტი ალკოჰოლის მოთხოვნით

Fred W. McDarrah / Getty Images

The Mattachine Society-ის, აშშ-ის ერთ-ერთი პირველი ლგბტქი უფლებადაცვითი ჯგუფის წევრები დიკ ლიჩი, კრეიგ როდველი და ჯონ ტიმონსი ნიუ იორკის რეგულაციას ეწინააღმდეგებოდნენ, რომლის მიხედვითაც, გაცხადებული ჰომოსექსუალებისთვის ალკოჰოლის მიყიდვა იკრძალებოდა. ამიტომ, აქტივისტებმა ბარების შემოვლა, საკუთარი ორიენტაციის გაჟღერება და ალკოჰოლის მოთხოვნა გადაწყვიტეს. 

The Mattachine Society-ის წევრებს ბარ Julius-ში მომსახურებაზე უარი უთხრეს. ლიჩმა ადგილობრივ ალკოჰოლის კონტროლის სამსახურს საჩივარი გაუგზავნა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა დიდი გამარჯვება იყო ქალაქის ადამიანის უფლებათა კომისიის განკარგულება, რომლის თანახმადაც, მსგავსი დისკრიმინაცია დაუშვებელია და არ უნდა გაგრძელდეს.

ღირსების მარში მოტოების კოლონით

Feature Shoot

1970 წლის 28 ივნისს, სტოუნვოლის აჯანყებიდან ერთი წლის თავზე, ლოს ანჯელესში და ჩიკაგოში მსვლელობა, კრისტოფერ სთრითის გამათავისუფლებელი დღე მოეწყო და ეს თარიღი პირველ ლგბტქი ღირსების მარშად ითვლება. ამ გარდამტეხ დღემდე 4 წლით ადრე, 1966 წელს, ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაციების კოალიციამ შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ერთდროული დემონსტრაცია დაგეგმა. ლოს ანჯელესის ჯგუფმა მოტოების კოლონით ჩამოიარა, სხვა ქალაქებში კი პიკეტირებები მოეწყო. მცირე მასშტაბის დემონსტრაცია, შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში პირველ ქვიარ მარშად ჩაითვალოს. 

კომპტონის კაფეტერიის ამბოხი

გასული საუკუნის სამოციან წლებში, აშშ-ში „ქალის განსახიერებისთვის“ დაპატიმრებები გავრცელებული იყო. ხშირად, კაფეებისა და ბარების მეპატრონეები ქვიარ მომხმარებლების თავიდან მოშორების მიზნით პოლიციას ურეკავდნენ და „მართლსაწინააღმდეგო ქმედების“ შესახებ ატყობინებდნენ. 

1966 წელს, კომპტონის კაფეტერიის თანამშრომელმა პოლიციაში დარეკა და დაწესებულებაში მყოფი ტრანსგენდერი ქალის მხრიდან წესრიგის დარღვევის შესახებ განაცხადა. ადგილზე მისულმა პოლიციელმა ტრანსგენდერი ქალის დაპატიმრება სცადა. ქალმა პოლიციელს ყავის ფინჯანი ესროლა. მოწმეების მონათხრობის მიხედვით, ადგილზე შეკრებილები ფანჯრებსა და პოლიციელებს ჭურჭელს ესროდნენ, მაგიდებს აყირავებდნენ. პოლიციელებმა დამხმარე ძალის გამოძახება სცადეს, რასაც ქუჩაში დაპირისპირება მოჰყვა. აჯანყებულებმა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის საპასუხოდ პოლიციის მანქანა დააზიანეს და ახალი ამბების ჯიხურს ცეცხლი წაუკიდეს. 

მომდევნო დღეს პროტესტს კიდევ უფრო მეტი ტრანსგენდერი ადამიანი, სექს-მუშაკი, ქუჩის მაცხოვრებელი შეუერთდა. მათ კომპტონის კაფეტერია ალყაში მოაქციეს. ახლა ეს ადგილი სან ფრანცისკოელი ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგობის საწყის წერტილად ითვლება. 

The Black Cat-ის აჯანყება 

ONE National Gay and Lesbian Archives / USC Libraries

1966 წელს, ლოს ანჯელესში The Black Cat ტავერნა გაიხსნა და თავიდანვე ქვიარ ადამიანების სოციალიზაციის ადგილად ითვლებოდა, რაც, უკვე ნახსენები წინააღმდეგობების ისტორიას თუ გავიხსენებთ, უსაფრთხო არ იყო. იმავე წელს, ახალი წლის წინა დღეს, პოლიციელები ბარში ფორმის გარეშე შეიპარნენ, შუაღამემდე მოიცადეს და დამხმარე ძალები დაწესებულებას თავს დაესხნენ. უამრავი ქვიარ ადამიანი სასტიკად სცემეს. დაპირისპირება და ძალადობა მეზობელ ბარებშიც გაგრძელდა, რაც სიახლე არ იყო. 

თუმცა, ახალი წლის ღამეს დაწყებული წინააღმდეგობა ბევრად მძლავრი აღმოჩნდა – ბარის ერთგულმა სტუმრებმა, ახალდაარსებული ჯგუფის, PRIDE-ის წევრებმა, 1967 წლის თებერვალში საპროტესტო ტალღა წამოიწყეს, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა. მიზანი „პოლიციის უკანონობის“ დაგმობა იყო. მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ პოლიციის შეიარაღებული ოფიცრების ბატალიონი გამოვიდა. წინააღმდეგობამ მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ 2 კაცი საჯარო სივრცეში კოცნისთვის დააპატიმრეს.


ლგბტქი ისტორიაზე ერთი თვალის გადავლებით მხოლოდ განსაკუთრებით მძლავრი, გარდამტეხი მომენტების მოხელთება შეგვიძლია, მაგრამ ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ნებისმიერი ქვაკუთხედი მრავალწლიანი წინააღმდეგობის, ორგანიზებული პროტესტის — თუნდაც იმ სოციალურ სივრცეებზე უფლების ჩამორთმევის საპასუხოდ არდანებების შედეგია, რაც საბოლოოდ ბევრად ძლიერი მოძრაობების ფორმირებას უწყობს ხელს.

ჩვენი უნარების დამცრობა უნდოდათ, მაგრამ დრეგ ქვინებმა საპირისპირო დავამტკიცეთ — ჯინქს მონსუნი

Rupaul’s Drag Race-ის ორგზის გამარჯვებულმა დრეგ ქვინმა, მსახიობმა და კომიკოსმა, ჯინქს მონსუნმა Vulture-ის პოდკასტში სტუმრობისას დრეგ კულტურის მზარდ გავლენაზე და რუპოლის სატელევიზიო შოუს სხვა კონკურსანტების წარმატებაზე ისაუბრა. დრეგ ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ “ყველამ, ვისაც სურთ დრეგ ქვინების შესაძლებლობების დაკნინება, სარეპეტიციო ოთახი უნდა დატოვოს, რადგან მათი დრო წარსულს ჩაბარდა”.

„ბიანკა დელ რიო ვიმბლის სტადიონზე, კარნეგი ჰოლში, სხვა შესანიშნავ სცენებზე გამოდის და დარბაზებს ავსებს. თუ რომელიმე კომიკოსს მისი კლასიფიცირება რამე სხვა სიტყვით უნდა და არა უბრალოდ სთენდაფ კომიკოსად მოხსენიება, მინდა, ვკითხო, თქვენ გაგივსიათ კარნეგი ჰოლი, ვიმბლის სტადიონი?“, — აღნიშნა ჯინქს მონსუნმა და სხვა დრეგ ვარსკვლავების წარმატების შესახებაც გააკეთა კომენტარი — „ალასკამ და ტრიქსიმ საკუთარი მუსიკით ჩარტებში ლიდერის პოზიციები მოიპოვეს. ტრიქსიმ მოტელი იყიდა, რენოვაცია დაიწყო და ამის შესახებ საკუთარი სატელევიზიო შოუ შექმნა. ბობ ზე დრეგ ქვინის, შენჯელას და იურიკა ო’ჰარას შოუმ ახლახან ემი მოიგო და უკვე მესამე სეზონის ჩაწერა დაიწყეს”.

ჯინქსის თქმით, დრეგ ქვინებმა უკვე დაამტკიცეს, რისი მიღწევის უნარი აქვთ.

„რა გზებითაც არ უნდა ეცადათ ჩვენი მიღწევებისა და უნარების შელახვა, საპირისპირო უკვე დავამტკიცეთ. დრეგ რეისში 10 წლის წინ გამოვჩნდი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ისეთი პოპულარული და ახლა უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს. მინდა, იმავე მასშტაბის მიღწევა მქონდეს სამსახიობო კარიერაში, როგორიც ბიანკას, ალასკას, ტრიქსის, ბობს, შენჯელას თუ იურიკას თავის სფეროში აქვთ. მე და ბენ დელა ქრემმა საშობაო შოუ დავწერეთ და სამომავლოდ ბევრად დიდი, საავტორო შოუს გაკეთება მინდა“, — თქვა მონსუნმა Vulture-თან საუბრისას.

Rupaul’s Drag Race ეკრანებზე 2009 წელს გამოჩნდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა. სატელევიზიო შეჯიბრების ტიპის შოუს ამჟამად ემის 56 ნომინაცია და 24 მოგება აქვს. დრეგ რეისის სპინოფი კი აშშ-ის გარდა 9 ქვეყანაში გამოვიდა, ამ რიცხვს სულ მალე 5 ახალი სპინოფი შეემატება.

ჯინქს მონსუნის Vulture-სთვის მიცემული ინტერვიუს სრულად მოსმენას ამ ლინკზე შეძლებთ.

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახის ცნება ქვიარ წყვილებსაც მოიცავს

ინდური მედიის ცნობით, ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ოჯახი აუცილებლად ქალისა და კაცის ტრადიციული წყვილისგან“ არ შედგება და მოიცავს წყვილებს, რომელთაც ქორწინების გარეშე პარტნიორობა აქვთ გაფორმებული, ასევე ქვიარ ურთიერთობებს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ქვეყანაში ოჯახთან დაკავშირებულ ცნებას აფართოებს და ლგბტქი წყვილების შვილად აყვანისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

„ოჯახური ურთიერთობები ერთად ცხოვრებას, ქორწინების გარეშე პარტნიორობასა და ქვიარ ურთიერთობებსაც მოიცავს“, — აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.

2014 წელს, ინდოეთმა ტრანსგენდერი ადამიანები მესამე გენდერის წარმომადგენლებად აღიარა, 2018 წელს კი კაცებს შორის სქესობრივი კავშირის დეკრიმინალიზება მოხდა. ოჯახის ცნებასთან დაკავშირებული სიახლე კი ქორწინების თანასწორობისკენ გადადგმული ნაბიჯია, რასთან დაკავშირებითაც საქმის განხილვა ინდოეთის ქვედა პალატის სასამართლოში სამომავლოდ შედგება.

ბელგრადის პრაიდის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

ონლაინ პლატფორმაზე All Out, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველს ლგბტქი უფლებებისთვის საკუთარი პეტიციის შექმნის საშუალებას აძლევს, ბელგრადის პრაიდის მხარდასაჭერად პეტიცია გამოქვეყნდა.

გთავაზობთ პეტიციის მიმართვას უცვლელად, რომელსაც ევროპრაიდის ორგანიზატორთა ასოციაცია უჭერს მხარს.

„სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერმინისტრს ანა ბრნაბიჩს:

ლგბტქი თემი დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანაში უამრავ სირთულეს ებრძვის და ისეთი პრობლემების წინაშეა, როგორიცაა პირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, ხისტი მთავრობები, რომლებიც შეთავაზებული კანონების მიღებაზე უარს ამბობენ.

ევროპრაიდი 2022 რეგიონში მცხოვრები საზოგადოებისთვის არის შანსი თანასწორობისთვის ბრძოლაში საერთაშორისო ყურადღების მიქცევით გააუმჯობესოს თავისი პოზიცია, არსებული გამოწვევების შესახებ აამაღლოს ცნობიერება.

ჩვენ, ბელგრადის პრაიდი და ევროპრაიდის ორგანიზატორების ასოციაცია, ვთხოვთ სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს, მხარი დაუჭიროს ევროპრაიდი 2022-ის მასპინძლობას ბელგრადში, ხოლო სერბეთის პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩს, შეასრულოს თავისი ვალდებულება, რაც დაადასტურებს მათ ერთგულებას თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში იმ ქვეყნისათვის, რომელსაც ლიდერობენ.

ღონისძიების გაუქმება ან გაუქმების რეკომენდაციის გაცემა მათი მუქარის გამო, ვინც ეწინააღმდეგება თანასწორობასა და ადამიანის უფლებებს, მათ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. სიძულვილს არ აქვს გამარჯვების უფლება და ევროპრაიდი სერბეთის მთავრობის მხარდაჭერით უნდა გაგრძელდეს“.

ბელგრადი ლგბტქი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება. ევროპრაიდის მარში 2022 წლის 17 სექტემბერს არის დაგეგმილი, მაგრამ ღონისძიება რისკის ქვეშ დგას.

ბელგრადის პრაიდს ორგანიზებას უწევენ ლგბტქი უფლებადამცველი ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ლგბტქი საზოგადოების ხილვადობის ამაღლებისათვის, ცრურწმენებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ, თანასწორობისთვის იბრძვიან.

2019 წლის სექტემბერში ბელგრადმა ისტორიულ ტენდერში გაიმარჯვა ბარსელონას, დუბლინისა და პორტუგალიის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ევროპრაიდი 2022 ბელგარდში უნდა გამართულიყო.

2019 წლის დასაწყისში, სერბეთის პრემიერმინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა, რომელიც პირველი ღიად ქვიარი ქალია ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ხელი მოაწერა მხარდაჭერის წერილს ბელგრადის მიერ ევროპრაიდი 2022-ის მასპინძლობის შესახებ. წერილში ნათქვამია:

„ამ მხარდაჭერით მინდა ხაზი გავუსვა მთავრობის გადაწყვეტილებას, იბრძოლოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ დადასტურდეს ჩვენი მიზანი, ავაშენოთ უკეთესი და თანასწორი ქვეყანა ყველასთვის. მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ყველა მოქალაქის უფლებებს უზრუნველყოფს და გპირდებით, რომ ბელგრადის პრაიდის ორგანიზატორებს ევროპრაიდის უსაფრთხო და წარმატებულ ორგანიზებაში დავეხმარებით“.

2022 წლის 27 აგვისტოს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ანა ბრნაბიჩი სერბეთის პრემიერმინისტრად კიდევ ერთი ვადით დანიშნა. მედიასთან გამოსვლისას ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპრაიდი გაუქმდება“. განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების, აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე სერბეთში.

„სახელმწიფოს, კონკრეტულად პოლიციას, ევროპრაიდის მარშის ჩაშლა შეუძლია, მაგრამ მას ვერ გააუქმებენ. ასეთი გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ევროპრაიდი 2022-ისთვის დახურულ სივრცეებში დაგეგმილი ღონისძიებები არ აიკრძალება. ველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას, რომელსაც გავასაჩივრებთ“ — განაცხადეს ევროპრაიდის ორგანიზატორებმა და დასძინეს, რომ მზადება ყველა დაგეგმილი ღონისძიებისთვის გრძელდება.

პრაიდის გამართვა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. პრაიდის „აკრძალვის“ ნებისმიერი მცდელობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევაა, რომელიც ხელმოწერილია სერბეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მიერ.

შევცვალოთ გარემო უკეთესი მომავლისთვის — ტრენინგი

ორგანიზაცია „მწვანეები“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, Future Changemakers for a Better Future პროექტის ფარგლებში 4-დღიან ტრენინგს ატარებს, რომელიც მონაწილეებს ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხების ირგვლივ ახალი ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ორგანიზაცია „მწვანეები“ მწვანე მოძრაობაა, რომელიც სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის იბრძვის.

ტრენინგები 23-26 სექტემბერს, ქალაქგარეთ ჩატარდება და განკუთვნილია აქტივისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის.

4-დღიანი ტრენინგების მთავარი თემები იქნება:

  • კლიმატის ცვლილება, გამომწვევი მიზეზები და სოციალური ასპექტები;
  • გარემოსდაცვითი პრობლემები საქართველოში;
  • ეკოაქტივიზმი და გარემოსდაცვითი მოძრაობები საქართველოში და გლობალურად;
  • კამპანიების დაგეგმვა და წარმართვა, ახალგაზრდების მობილიზება ეკოლოგიის და კლიმატის საკითხების ირგვლივ;
  • არაფორმალური განათლების მეთოდები;
  • გარემოსდაცვითი განათლება.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი, რომლის შევსებასაც ბმულზე გადასვლით შეძლებთ.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ტრენინგის მონაწილეებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან იწვევენ, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭებათ აპლიკანტებს რეგიონებიდან.

ევროკავშირის ახალგაზრდული ქსელი — პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის

EU Neighbours East აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

EU4Youth-ის საგრანტო პროექტების, Youth in Action-ის, ევროპული სოლიდარობის კორპუსის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა ახალგაზრდული პროექტების მონაწილე ახალგაზრდებს ქსელში ჩართვა და ადგილობრივ დონეზე სხვა, მათ შორის, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების მობილიზებისთვის ინიციატივებზე მუშაობა შეეძლებათ. ახალგაზრდული ქსელის მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს საკუთარი სოციუმის, თემის განვითარების, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების პროცესში.

ქსელის თითოეული მონაწილე ახალგაზრდებთან მუშაობის პროფესიონალი მენტორის მხარდაჭერას მიიღებს, რომელიც ინიციატივის განხორციელების პროცესში დაეხმარება. მენტორისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის გარდა, ახალგაზრდა ლიდერები აუცილებელი ხარჯებისთვის საჭირო თანხასაც მიიღებენ. ამასთან, პროექტებზე მუშაობის პერიოდში, ქსელის ღონისძიებებზე დასწრების, შუალედური შეხვედრის, თემატურ სამუშაო შეხვედრებსა და საბოლოო შეფასების ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ. ქსელი მონაწილეებს აქტიური წევრობის თუ შემდგომ პერიოდში საინტერესო განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებს.

ახალგაზრდული ქსელი ახალგაზრდებთან მუშაობის, სოციუმის საჭიროებების ანალიზის, აქტივობების დაგეგმვის, აქტიური მოქალაქეობის გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობაა, თანაც ინიციატივის წარმატებით განხორციელების შემდეგ ევროკომისიის სერთიფიკატს მიიღებთ.

ახალგაზრდულ ქსელში ჩართვა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც:

  • 18-35 წლამდე არიან;
  • ფინანსური და სხვა სახის საჭიროებების მქონე ახალგაზრდებთან, ასევე საკუთარ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მოტივაცია აქვთ;
  • სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის, ან უკრაინის მოქალაქეები არიან — განიხილება იმ ადამიანების განაცხადებიც, რომლებიც ბელარუსიდან ან უკრაინიდან არიან, თუმცა ამ დროისთვის სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ;
  • მზად არიან, თვეში 2-4 დღე ქსელის მოხალისეობრივ საქმიანობას დაუთმონ;
  • არიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების ან სხვა რეგიონული თუ ეროვნული პროგრამის ყოფილი მონაწილეები თუ კოორდინატორები და ახალგაზრდებთან, ახალგაზრდების საჭიროებებზე მუშაობენ;
  • ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივების ბენეფიციარები არიან;
  • დაინტერესებულნი არიან ფინანსური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებთან მუშაობით და კომპეტენციის გაღრმავებით და მზად არიან, რომ 9-თვიან (2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივნისამდე) პერიოდში სულ მცირე 10 თემის წევრი ჩართონ ინიციატივის განხორციელების პროცესში.

ახალგაზრდული ქსელი 90-მდე ახალგაზრდას გააერთიანებს, თითოეული ქვეყნიდან დაახლოებით 15-ს და მათ ღია შერჩევის პროცესით აირჩევენ. განაცხადების გაგზავნა 2022 წლის 7 სექტემბრამდე, აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმის შევსებით შეგიძლიათ.

EU4Youth ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდა ადამიანების საზოგადოებრივ აქტიურობასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას, ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერას, ანტერპრენერული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, რასაც კავშირების გაძლიერებით, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებითა ახორციელებს.

მსახიობი ჯენა მელოუნი პანსექსუალად დაქამინგაუთდა

ჯენა მელოუნი, რომელიც მსოფლიომ ყველაზე უკეთ ფილმ „შიმშილის თამაშებიდან“ გაიცნო, პანსექსუალად დაქამინგაუთდა.

პანსექსუალი არის ადამიანი, რომელიც რომანტიკულ, სექსუალურ, სულიერ და ფიზიკურ ლტოლვას განიცდის ნებისმიერი სქესისა და იდენტობის მქონე ადამიანის მიმართ.

მსახიობმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც ინტერპრეტაციულ ცეკვას ასრულებს. ვიდეოს აღწერაში კი მელოუნი მსოფლიოს სექსუალობისა და იდენტობის შესახებ საკუთარ მოგზაურობას უზიარებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jena Malone (@jenamalone)

„ვფიქრობ, ჰეტეროსექსუალი კაცი ვიყავი ქალის სხეულში. ვიზუალურად წარმოვაჩინე მისი სურვილები და ჩემში მოვათავსე, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ჩემთვის განკუთვნილი მთლიანი ისტორია. ჩემს სექსუალურ იდენტობას მეტი აქვს სასწავლი და სათქმელი. ვიპოვე ისეთი სიტყვები, რომლებიც უფრო სწორად გამოხატავდნენ ჩემს სათქმელს. პანსექსუალობა. საპიოსექსუალობა. პოლიამორია“ — წერს ჯენა.

მელოუნი ორი დედის – ბიოლოგიური დედისა და მისი შეყვარებულის გაზრდილია. ჯენას დამ, რომელიც ასევე ქვიარია, პოსტის კომენტარებში ხუმრობით აღნიშნა, რომ მისი მთელი ოჯახი ქვიარი გამოდის.

37 წლის მსახიობმა The Hollywood Reporter-თან საუბრისას საკუთარ მოგზაურობას „ლამაზი“ უწოდა.

„მიყვარს საკუთარი თავისა და სხვების შესახებ მეტის შესწავლის პროცესი. ეს ხსნის ფანჯრებს, რომლებიც იქცევა კარად, საბოლოოდ კი, ისეთ ადგილას აღმოჩნდები, სადაც საუკეთესო რაღაცების პოვნაა შესაძლებელი. ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, საკუთარი თავის შესახებ მეტის გაგება მიყვარს“ — ამბობს მსახიობი.

საკუთარი თავის აღმოჩენა არასდროს არის გვიან. ცნობილი ადამიანების მიერ გავრცელებული საჯარო შეხსენებები, რომლებიც თავად გადიან იმავე გზას, შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს სხვებისთვის, რათა საკუთარი თავის შეცნობა განაგრძონ.

ჯენა მელოუნიც ერთ-ერთი ასეთია ვარსკვლავია, რომელიც ამბობს, რომ მას უყვარს ადამიანები და სულ ეს არის.

ფსიქოლოგი ნინო ბექაია სტრესის დაძლევის ტრენინგის შესახებ

ფსიქოლოგი ნინო ბექაია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია აქტივიზმში და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ონლაინ გამოცემა „ქვიარისთვისაც“ ხშირად წერს, სტრესის დაძლევისა და მართვის პროგრამის შესახებ გვიყვება, რომელიც 1-4 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდება.

„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მომეცა, რომელიც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს. თეორიული ნაწილი არის ფსიქოგანათლება, რაც გულისხმობს: განსხვავებული სტრესის ამოცნობას, მათ განმარტებებს, რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულ მათგანს და როგორ აისახება ის ადამიანზე ფიზიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად. მათ შორის, ადიქციებსაც შევეხებით, რადგან ის პირდაპირ კავშირშია სტრესთან. ადიქციას ადამიანები ხშირ შემთხვევაში „გამკლავების მექანიზმად“ იყენებენ, თუმცა ის პირიქით, ხელს უწყობს სტრესის გაღრმავებას და დიდწილად, სწორედ ის იწვევს მას. ალკოჰოლი, სიგარეტი, სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლებსაც სტრესის წინააღმდეგ იყენებენ, სინამდვილეში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს“, – ამბობს ნინო ბექაია.

ტრენინგზე აქცენტი სტრესის მართვასა და შემცირებაზე იქნება დასმული. თეორიული ფსიქოგანათლების გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს, რომელზეც ნინოს კოლეგა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა იმუშავებს. მონაწილეებს წინ ერთი მხრივ ძალიან საინტერესო, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან საჭირო და სასარგებლო აქტივობები ელოდებათ.

როგორც ნინომ აღნიშნა, ტრენინგში მონაწილეობას აქტივისტები, უფლებადამცველები, ქვიარ ქალები იღებენ, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან სტრესს.

„სიტუაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაურესდა – გამოვიარეთ პანდემია, ამას დაემატა ომი. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა და გართულდა აქტივისტების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა“.

ნინო ბექაიას თქმით, როდესაც სხვას ეხმარები, უფრო მარტივია პროფესიული გადაწვა დაგემართოს, გამოიფიტო და ვეღარ მოახერხო ძალების აღდგენა. როგორც წესი, საკუთარი თავის დახმარება და შველა ასეთ მომენტებში რთულდება, ამიტომ სტრესთან დაკავშირებულმა თემებმა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, წინ წამოიწია.

„მსგავსი პროექტები საქართველოში კიდევ ხორციელდება და ასეთი ჰოლისტური მიდგომა მისასალმებელია. დიდი ხანი ვფიქრობდით ამ ტრენინგის ჩატარებაზე და როდესაც შანსი მოგვეცა, ის ხელიდან არ გავუშვით“.

როგორც ნინო ამბობს, პროექტის ფარგლებში აქცენტი არა თბილისზე, არამედ ზოგადად, საქართველოს რეგიონებზე, ამ რეგიონებში მცხოვრებ აქტივისტ ქალებზე გააკეთეს.

„ჩვენი სურვილი აჭარაში მყოფ ქვიარ აქტივისტებთან შეხვედრა და სხვადასხვა რეგიონიდან ქალების ჩართულობა იყო, რაც ხელს შეუწყობდა ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებას. ამას გარდა, ზაფხული, ზღვა და მზე დადებითად აისახება ადამიანზე. ჩვენს აპლიკანტებს ტრენინგში მონაწილეობის გარდა, დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაც ექნებათ“.

ტრენინგის მიმართ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა ინტერესი. მომართვიანობა სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ტრენინგი იძლეოდა საშუალებას.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა პროექტს მიღმა. ასეთი დაინტერესება ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო წლების განმავლობაში ადამიანებს საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწიათ – პანდემია, ომი და ამას დამატებული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“.

როგორც ნინო ამბობს, საქართველოს  მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი ტიპის ტრენინგების საჭიროება დგას. ბოლო პერიოდში, ამ კუთხით გარკვეული ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც მსგავს ტრენინგებს ატარებენ. მისი თქმით, ასეთი ტრენინგი ქვიარ ადამიანებისთვისაც ჩატარდა.

„ასეთი ტიპის აქტივობები არასდროს არის ბევრი და საკმარისი, რადგან ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომელთან დაკავშირებითაც ყოველთვის უნდა ვისაუბროთ, გავავრცელოთ ინფორმაცია. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომის საშუალება, იქნება ეს ფსიქოგანათლება თუ პრაქტიკული ნაწილი, რომ შემდეგ ადამიანმა მარტივად შეძლოს თვითდახმარება ან პროფესიონალთან დაკავშირება“.

ნინო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ისეთი მდგომარეობები, მაგალითად, ქრონიკული სტრესი, რომელიც ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საშიშია. ეს განსაკუთრებით ხშირია ისეთ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სოციალურ მუშაკებად, ადვოკატებად.

„ზოგადად, პროფესიული გადაწვა შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ მეტი შანსია ქვიარ ადამიანებთან მომუშავე ადამიანებში, ან თავად ქვიარ აქტივისტებში გამოვლინდეს“.

პროგრამა იმგვარადაა შედგენილი, რომ ტრენერებმა მაქსიმალურად მიიღონ ის ეფექტი, რომელიც მიზნად დაისახეს. მათი ძირითადი მიზანი ქვიარ ქალებისა და აქტივისტების ერთმანეთთან დაახლოება, ასევე, მონაწილეებისთვის ფსიქიკურ, მენტალურ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების გამომუშავებაში ხელშეწყობაა. ამას გარდა, ტრენინგზე შეეხებიან ფიზიკური უსაფრთხოების საკითხსაც.

„გვაქვს ქვეამოცანა, რომ ჰოლისტური მიდგომა და მისი კონცეფცია მაქსიმალურად გასაგები აღმოჩნდეს ჩვენი მონაწილეებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარ, ოჯახის წევრების, თანამოაზრეებისა და თანამშრომლების ფიზიკურ თუ სხვა ტიპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სამუშაო სივრცის ორგანიზება. იყონ მეტად დაცულები, საჯარო შეკრების, თუნდაც სამოქალაქო აქციების დროს. ისინი მიიღებენ ისეთ ცოდნას, როგორიცაა ნერვული სისტემის მუშაობა, როგორ აირიდონ სტრეს-ფაქტორები და დაზიანება, ისწავლიან პროფესიული გადაწვის სიმპტომების იდენტიფიცირებას, მის მართვას და ასევე, თავიდან არიდებას, ადიქციური ქცევების დაძლევის ეფექტურ სტრატეგიებსა და ტექნიკებს. ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო ქცევების დანერგვას, გაუზაირებენ ერთმანეთს გამოცდილებას, გამოწვევებსა და შთაბეჭდილებებს. ამ 4 დღის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან ყველაფერს, რაც მიზნად გვაქვს დასახული“.

ნინო ბექაია იმ ადამიანებსაც აძლევს რჩევებს, რომლებიც ტრენინგში მონაწილოებას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იღებენ და აღნიშნავს, რომ სტრესის დროს თვითდახმარება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ადამიანებს მაინც უჭირთ სტრესის იდენტიფიცირება.

„სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ დონეზე, მაგალითად: თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, სუნთქვის გაძნელება, უსიამოვნო შეგრძნება ყელის არეში, ასევე ემოციურადაც, მაგალითად: მოიწყინოთ, დაგეუფლოთ უიმედობის განცდა და აპათია, შეგექმნათ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. სტრესის დროს რამდენიმე სიმპტომი ერთად იყრის თავს. თუ ეს ყველაფერი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდება, აუცილებელია ყურადღების მიქცევა. არის მომენტები, როდესაც თვითდახმარებით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სიმპტომებს, მაგრამ ხანდახან თვითდახმარება აღარ არის საკმარისი და ამ დროს სპეციალისტს უნდა მიმართოთ, მაგალითად მაშინ, როდესაც ყოველდღიური ფუნქციონირება რთულდება, ან გერევათ დღის რეჟიმი“.

ხშირად სტრესის დახმარებაში ფიზიკური აქტივობებიც გვეხმარება – 20 წუთი მუსიკის თანხლებით ფეხით გასეირნება, ტრენაჟორებით დატვირთვა, იოგა, ვარჯიში, ცეკვა. მთავარია, ხანდახან საკუთარ თავს გარკვეულ ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა დავაძალოთ. ეს ეხმარება ჰორმონალური ბალანსის აღდგენას.

„სტრესის დროს ადრენალინი და კორტიზოლი გამოიყოფა, რომელსაც საერთოდ სხვა რეჟიმში გადავყავართ, ამიტომ ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად ფიზიკური დატვირთვაა საჭირო. როდესაც ძალიან დასტრესილები ვართ, მოქმედება გვიჭირს, თუმცა მოქმედების დასაწყებად საკუთარ თავს ძალა უნდა დავატანოთ, რადგან მოქმედებამდე მისვლა აუცილებელია. ხანდახან გვგონია, რომ არაფერი დაგვეხმარება, მაგრამ პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი მიგვიყვანს იმ მიზნისკენ, რაც არის კომფორტი, შინაგანი სიმშვიდე და სისავსე. მოქმედებად შეიძლება ჩავთვალოთ დახმარების თხოვნაც – მეგობართან დალაპარაკება, არასახარბიელო მდგომარეობის გაზიარება, შესაძლოა, ხანდახან ერთი ჩახუტებაც საკმარისი აღმოჩნდეს. მოქმედება, ინფორმაციის მიღება, სიმპტომებზე დაკვირვება, საკუთარი სხეულისა და ემოციების მოსმენა – აი, რაშია გამოსავალი“.

სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგის გარდა, ნინო ბექაიამ სტრესთან დაკავშირებული კიდევ ერთი გეგმა გაგვაცნო. მისი თქმით, იგეგმება ბროშურის გამოცემა, რომელიც საშუალებას იძლევა ვიზუალური მასალით კარგად გამოიკვეთოს სტრეს-ფაქტორები, სიმპტომები და ადამიანისთვის, რომელიც მას გადაშლის, ბევრ საინტერესო კითხვას გაეცეს პასუხი, დაეხმაროს მას თვითგამორკვევაში.

„ბროშურა ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქვიარ ადამიანისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები ჩართულები იქნებიან თუ არა აქტივიზმში. მისი მოცულობა დაახლოებით 30 გვერდს შეადგენს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე დაბეჭდილი სახით თბილისსა და რეგიონებში. ეს არის უახლოესი გეგმა, რომლის განხორციელებასაც „ქვიართან“ ერთად შემოდგომაზე ვაპირებთ“.

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი „თანასწორობა 17“-ის ორგანიზებითა და „ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„თუ მსგავსი ტრენინგები კიდევ დაიგეგმება, სხვა დროსაც დიდი სიამოვნებით გავაზიარებდი ჩემს ცოდნას, გამოცდილებასა და რესურსს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს მართლა სჭირდებათ“, — ამბობს ნინო ბექაია.

ვიეტნამმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის

ვიეტნამის ხელისუფლების განცხადებით, ჰომოსექსუალობა დაავადებად არ უნდა ითვლებოდეს და მისი მკურნალობა დაუშვებელია. აღნიშნული ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული საკვანძო სიახლეა, რომელიც ქვეყანაში მოხდა.

ჯანმრთელობის მინისტრის თქმით, სამედიცინო მუშაკები ლგბტქი ადამიანებს პატივისცემით უნდა მოეპყრონ და გარანტიები შექმნან, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდეს.

პროვინციებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გაგზავნილ ანონსში და ხელისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ლგბტქი ქოლგა „ავადობას“ არ გულისხმობს და შესაბამისად, მისი „განკურნების“ საჭიროება არ არსებობს, არც ადამიანების „მოქცევაა“ (მოქცევის თერაპია სასტიკი სამედიცინო პრაქტიკაა, რომელიც ლგბტქი ადამიანების სექსუალური ორიენტაციის “შეცვლას” ისახავს მიზნად და ქვიარ ადამიანების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ანგრევს) შესაძლებელი.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ სამედიცინო პერსონალმა „არ უნდა განახორციელოს ან აიძულოს“ ლგბტქი პაციენტები, რომ მკურნალობაში ჩაერთონ.

ჯანმრთელობის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მხოლოდ ფსიქოლოგთან და იმ ადამიანებთან გასაუბრებაა დასაშვები, რომელთაც სექსუალურ იდენტობაზე ცოდნა აქვთ“.

აღნიშნული მიღწევა ლგბტქი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მრავალწლიანი შრომის შედეგია. გასული წლის ნოემბერში საზოგადოებრივი, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სწავლების ინსტიტუტის კამპანიის, Live with Pride-ის ფარგლებში პეტიცია გავრცელდა, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოუწოდეს, ოფიციალური ვიეტნამისთვის მიემართათ და აეხსნათ, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის. გავრცელებულ კამპანიურ ვიდეოში ისმის კითხვა — თუ ქვიარობა დაავადებაა, ვიეტნამელ ლგბტქი ადამიანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების გამოყენება რატომ არ უნდა შეეძლოთ? 

აპრილში, ჯანმოს წარმომადგენელმა ვიეტნამში, კიდონგ პარკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ლგბტქი ადამიანების სექსუალური ორიენტაციის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა „სამედიცინო საფუძველს მოკლებული და მიუღებელია“.

„გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ცვლილება უმნიშვნელოვანესია. დამოკიდებულებები ერთ დღეში არ იცვლება, მაგრამ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიეტნამის ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო უწყების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება სოციალურ წარმოდგენებზე უზარმაზარ გავლენას იქონიებს“, — აღნიშნა კაილ ნაითმა, Human Rights Watch-ის უფროსმა მკვლევარმა ჯანმრთელობისა და ლგბტქი უფლებების საკითხებში.

მენსტრუალური სიღარიბე მილიონობით აფრიკელ მოზარდს ჯანმრთელობისა და განათლების პრობლემებს უქმნის

მას შემდეგ, რაც განელ მოსწავლეს, ჯულიეტ ოპოკუს სკოლის ფორმაზე დამჩნეული სისხლის ლაქების გამო დასცინეს, ის ყოველთვიურად აცდენს სკოლას. მის მშობლებს სანიტარული საფენების შესაძენად საკმარისი ფული არ აქვთ.

გასული წლის შემდეგ, დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, რომელშიც ინფლაცია 32%-ს აღწევს, სანიტარული საფენების ფასი 5-დან 12 სედამდე (1 სედი=0,29 ლარი) გაიზარდა, ამიტომ ოჯახებს საკვებსა და სანიტარულ პროდუქტებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.

რა ვიცით

მენსტრუალური სიღარიბის გამო, სუბსაჰარულ აფრიკაში 10-დან 1 გოგო სკოლას აცდენს და დაცინვის სამიზნე ხდება. აღნიშნულ გამოწვევაზე მეტი ინფორმაციის მიღება ადამიანების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს და ჩვენივე სოციუმში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის საჭირო ცოდნით მოგვამარაგებდა.

„სკოლას ვაცდენ, რადგან ერთხელ ფორმა დამილაქავდა და ბიჭებმა დამცინეს. ამან ჩემს თავდაჯერებაზე გავლენა იქონია. ჰიგიენური საფენები ძალიან ძვირია… ზოგჯერ, მენსტრუაციის დღეებში ტუალეტის ქაღალდს, ბავშვის საფენს ან ნაჭრის ტილოს ვიყენებ“, — ამბობს ტომსონ როიტერის ფონდთან საუბრისას 15 წლის ოპოკუ, რომელსაც უნდა, რომ ექთანი გახდეს.

ინფლაციის გლობალურმა პრობლემამ ჰიგიენური საშუალებების ფასების მატება აფრიკის არაერთ ქვეყანაში გამოიწვია, რის გამოც მოზარდებს სკოლის გაცდენა ან ნაკლებად ჰიგიენური საშუალებების გამოყენება უწევთ, რასაც ინფექციის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მოშლაც კი შეიძლება მოჰყვეს.

ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია ActionAid-ის მონაცემებით, იანვართან შედარებით, აპრილში ზიმბაბვეში საფენების შეკვრის ფასი 117%-ით იყო გაზრდილი, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი 50%-ით.

საქველმოქმედო ორგანიზაციების აზრით, ეს მოცემულობა შეიძლება მილიონობით აფრიკელ გოგოზე მძიმედ აისახოს, მათ შორის, გავლენა იქონიოს მათ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, ღირსებაზე ან ფულის სანაცვლოდ სქესობრივი კავშირების მიზეზად იქცეს, საბოლოოდ კი გენდერული თანასწორობის პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდეს.

„ფასების მატებასთან ერთად, ვშიშობთ, რომ ქალებს არჩევანის გაკეთება ჯანმრთელობასა და საკვებს შორის მოუწევთ და ისინი ოჯახების დასახმარებლად საკუთარ თავს ნაკლებად გაუფრთხილდებიან. ამან შეიძლება გოგოებს სკოლაში სიარულში ხელი შეუშალოს, ქალებს კი მუშაობაში“, — ამბობს Catholic Relief Services-ის წარმომადგენელი, სუგანია კიმბრუგი.

მისი განცხადებით, მზარდი სიდუხჭირის გამო ოჯახებს საკვებზე წვდომის პრობლემა უკვე აქვთ.

რა არის მენსტრუალური სიღარიბე

მენსტრუალური სიღარიბე ხშირად განისაზღვრება, როგორც მენსტრუალური ჰიგიენის შესახებ ინფორმაციაზე, პროდუქტებზე და სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა. ის სუბსაჰარულ აფრიკაში ფართოდ არის გავრცელებული. ამასთან, სტიგმის გამო გოგოებს სკოლის ყოველთვიურად გაცდენა ან სწავლაზე საერთოდ უარის თქმა უწევთ.

ბილ და მელინდა გეითსების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის თანახმად, კენიაში იმ ადამიანების 65%-ს, რომელთაც სანიტარული საფენები სჭირდებათ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ და სოფლებსა და გარეუბნებში მდებარე სკოლების მხოლოდ 32%-ს აქვს ისეთი პირადი სივრცე, სადაც მოზარდები საფენი გამოცვლას შეძლებენ.

გაეროს დაანგარიშებით, სუბსაჰარულ აფრიკაში 10-დან 1 გოგო მენსტრუაციის დღეებში სკოლას აცდენს, რაც შეიძლება სასკოლო წლის 20%-საც კი შეადგენდეს. სულ რომ სკოლის დამთავრება შეძლონ, ისინი სასკოლო პროგრამის ისევე ათვისებას ვერ შეძლებენ, როგორც მათი თანატოლი მოზარდები, რომელთაც მენსტრუაცია არ აქვთ. მენსტრუალური სიღარიბის დაძლევის მიმართულებით მომუშავე აქტივისტები ამბობენ, რომ ეს მონაცემები სასკოლო სისტემაში არსებულ უთანასწორობას ცხადყოფს.

ჰიგიენის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების რისკები

ჯანმრთელობის ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ როცა გოგოები ალტერნატიულ საშუალებად ქაღალდებს, ძველ ხალიჩებს, ფოთლებს, ძროხის გამომშრალ ტყავსაც კი იყენებენ, რეპროდუქციული და შარდსადენი სისტემის ინფექციების რისკი იმატებს.

„გოგოები ბაქტერიული ინფექციების რისკის წინაშე არიან, როცა ნაჭრის ტილოს იყენებენ. თუ ზრუნვა სწორად არ მოხდა, მენჯის ანთებითი დაავადების ან, თუნდაც, უშვილობის საფრთხე არსებობს“, — აღნიშნავს საყოველთაო ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, ანიტან ასამოა.

მენჯის ანთებითი დაავადება ქალის რეპროდუქციული ორგანოების ინფექციური დაავადებაა, რომელიც სექსუალური გზით გადამდები დაავადებების ან სხვა ინფექციების შედეგად ვითარდება და დაორსულების გართულებას ან საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკებს ზრდის.

ჰიგიენური საშუალებებისთვის საჭირო ფულის არ ქონის გამო, ზოგიერთი გოგო სექს-სამუშაოში ჩართვის გადაწყვეტილებას იღებს, რაც ერთადერთ არჩევანად ესახებათ. ეს მათ ექსპლუატაციას იწვევს, რაც შეიძლება არასასურველ ორსულობამდე და ნაადრევ დედობამდე მივიდეს.

„კაცები ფულის სანაცვლოდ სექსზე ითანხმებენ, რის შედეგადაც სანიტარული საშუალებების ყიდვას შეძლებენ. ბევრი მოზარდი ნაადრევი და დაუგეგმავი ორსულობის მსხვერპლიც კი არის“, — ამბობს აჯოა ნიანტენგ იენი, რომელიც გაეროს პოპულაციის ფონდში მოზარდთა სქესობრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მუშაობს.

კენიის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის კვლევისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის მიხედვით, კენიის სოფლებში 15 წლის გოგოების 10%-ს კაცთან სქესობრივი კავშირი მენსტრუალური პროდუქტებზე წვდომისთვის ჰქონია.

როგორ შეიძლება მენსტრუალური სიღარიბის აღმოფხვრა

THOMSON REUTERS FOUNDATION/Kent Mensah

მენსტრუალური სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით მომუშავე აქტივისტები აფრიკის ქვეყნებს ჰიგიენურ საშუალებებზე საშემოსავლო გადასახადის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, რაც ხშირად დასავლურ ფასებზე ორჯერ მეტია, ამიტომ ნაკლებად ხელმისაწვდომი. ეს რეკომენდაცია მხოლოდ აფრიკის ქვეყნების მცირე ნაწილმა — კენიამ, რუანდამ და სამხრეთ აფრიკამ გაითვალისწინა.

განაში იმპორტის გადასახადი 20%-ს შეადგენს, რასაც დამატებით გაყიდვის ღირებულების 12,5% ემატება. განაში ქალის ჰიგიენური საფენები ფუფუნების ნივთების კატეგორიაში გადის.

აქტივისტები იმასაც ამბობენ, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო საფენების მიწოდების მიდგომა მეტმა ქვეყანამ უნდა შემოიღოს. ეს კენიაში, სამხრეთ აფრიკაში, ბოცვანაში და ზამიბიაში უკვე გავრცელდა. ამასთან, აუცილებელია უფრო იაფი, მრავალჯერადი გამოყენების საცვლები, რომელთაც მენსტრუაციის საშუალება აქვს დატანილი და გარეცხვა შეიძლება, ასევე მენსტრუალური ჭიქები.

„მენსტრუალური სიღარიბის დასაძლევად ხელმისაწვდომი, მრავალჯერადი გამოყენების საშუალებების გავრცელება უნდა დაიწყოს. აუცილებელია, დღის წესრიგის შემოქმედთა ყურადღება მრავალჯერადი გამოყენების ისეთი საშუალებებისკენ მივმართოთ, როგორიც მენსტრუალური ჭიქაა. ეს სტრატეგია იმუშავებს“, — ამბობს კოფი კიერემატენგი, CouldYou?-ს დირექტორი, ორგანიზაციის, რომელიც განაში მარგინალიზებული ჯგუფების წევრი მოზარდებისთვის სილიკონის მენსტრუალური ჭიქების მიწოდებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, მენსტრუალური ჭიქის გამოყენება 10 წლამდეც კი შეიძლება.

ქალის ჰიგიენურ საშუალებებზე, პროდუქტებზე, საპირფარეშოებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა ის გამოწვევაა, რომელიც აფრიკის მასშტაბით სულ უფრო უარესდება, რის გამოც მოზარდები და ზრდასრულები, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას, განათლებას, დასაქმების შესაძლებლობებს თმობენ.


არა ამ სიმწვავით, თუმცა პრობლემა დგას ევროპის ქვეყნებშიც. სწორედ ამის გამო, რამდენიმე ქვეყანაში ჰიგიენური საშუალებები უფასო გახდა. 

ჰიგიენური საშუალებების ფასები გაიზარდა საქართველოშიც. თუმცა სტიგმის გამო, ამაზე საუბარი არც ისე ხშირია.

„ძალიან ცუდი სიტუაციაა. მე პირადად, გადავედი „დოლარ სთორების“ უხარისხო, გაურკვეველ საფენებზე იმიტომ, რომ ერთი და ორი შეფუთვა არ მყოფნის ჩემი მენსტრუაციის სიმძიმიდან გამომდინარე. უცნობია, რამდენად ტოქსიკური და საზიანო შეიძლება იყოს ჩემი ჯანმრთელობისთვის ამ საფენების გამოყენება. არადა, დაზოგვა ნამდვილად მოუწევს ყველა ქალს, ვისაც მძიმე” მენსტრუაცია აქვს. ორი და სამი შეფუთვა საფენი თვეში 20-25 ლარამდე ზედმეტი ხარჯია მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ“, – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ერთ-ერთი რესპონდენტი.

თუ მენსტრუალურ სიღარიბეზე მეტის გაგება და მის დასრულებაში წვლილის შეტანა გსურთ, შეგიძლიათ მოძრაობას შეუერთდეთ — End Extreme Poverty NOW.