აგვისტო 2022 - Page 2

ჟურნალისტები და აქტივისტები, რომელთაც რუსეთი დევნის საფრთხის გამო დატოვეს

/

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ჟურნალისტი კარენ შაინიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღიად გეი ადამიანი იყო რუსულ ჟურნალისტიკაში. იმ ქვეყანაში, რომელშიც 2013 წლიდან „გეი პროპაგანდის“ მუხლით ადამიანებს ასამართლებენ, კარენი ლგბტქი ადამიანების ცხოვრების შესახებ წერდა.

შაინიანი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო პირველ საპროტესტო გამოსვლებს ომის დაწყებისთანავე შეუერთდა და რუსული ტანკების საზღვრის მიღმა შეყვანას გმობდა. მალევე მან მშობლიური ქვეყნიდან წასვლის გზების ძიება დაიწყო.

„უცხო ქვეყნის ჯაშუშთა სიაში შემიყვანეს, რამაც ჩემი ცხოვრება რუსეთში გაართულა, მეტიც საშიშად აქცია“, — აღნიშნა ჟურნალისტმა ტომას როიტერის ფონდთან საუბრისას. ინტერვიუ ბერლინში შედგა, ქალაქში, რომელშიც კარენი და მისი შეყვარებული ამჟამად ცხოვრობენ.

რუსეთი „უცხო ქვეყნის ჯაშუშის“ იარლიყს იყენებს და გმობს ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურობას უცხოეთის ფინანსური მხარდაჭერით ახერხებს.

„აქ ვარ, რადგან რუსეთში ქვიარ უფლებებზე მუშაობა უსაფრთხო აღარაა“, — ამბობს ის.

ბერლინში მცხოვრები შაინიანი შეყვარებულზე დაქორწინებას აპირებს, მაგრამ ამისთვის დანიაში უნდათ გადასვლა, რადგან იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაქორწინება ბევრად მარტივია. ის ომის შედეგად დამდგარი რეალობის გამო რუსეთისგან გარიდებას დიდი ხნით გეგმავს.

„მივხვდი, რომ მოსკოვი, რომელიც მენატრება, არ არის მოსკოვი, რომელში დაბრუნებასაც ვერ შევძლებ, რადგან… ჩემი გარშემომყოფების უმეტესობა იქ აღარაა. ჩემი მოსკოვი ახლა ყველგანაა“, — ამბობს შაინიანი.

კარენის მსგავსად, რუსი ლგბტქი ადამიანების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა, მათ შორის, ჟურნალისტებმა, იურისტებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა. მათ რუსეთიდან წასვლა მას შემდეგ მოუწიათ, რაც მოსკოვმა, მათივე სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო, თუმცა როგორც უკრაინა, ისე მსოფლიოს დიდი ნაწილი უწოდებს, ეს არის ომი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობს.

რუსეთში სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისების დარბევა 24 თებერვალს, თავდასხმის დაწყებისთანავე დაიწყო. მიზანი ერთი იყო – დაეპატიმრებინათ ყველა, ვისაც რუსული ჯარის შესახებ „ყალბი“ ამბების გავრცელებაში, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დამნაშავედ მიიჩნევდნენ.

არაერთმა დამოუკიდებელმა მედიამ მაუწყებლობა შეწყვიტა ან შეაჩერა, მათ შორის, Novaya Gazeta-მ და Znak.com-მა. უფლებადამცველთა თქმით, სამიზნეები აღმოჩნდნენ ლგბტქი ადამიანთა დაცვის ჯგუფებიც.

ახლა კი, რუსული პარლამენტის ქვედა პალატის წევრები გამოდიან იდეით, რომ 2013 წლის აკრძალვა „არატრადიციული სექსუალური კავშირების“ შესახებ ზრდასრულებზეც გავრცელდეს. აქამდე შეზღუდვა მხოლოდ არასრულწლოვან აუდიტორიას მოიცავდა.

„ახლა აქტივისტების დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვების საფუძველიც კი მოუსპეს, რადგან ზოგი ორგანიზაციის ლიკვიდირება მოხდა ან არასასურველ უწყებებად დასახელდნენ, რომლებიც უცხოეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ“, — აღნიშნავს, სვეტლანა შაიტანოვა, Quarteera-ს, ბერლინში არსებული ლგბტქი ორგანიზაციის პრესსპიკერი, რომელიც რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებებზე მუშაობს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების უფროსის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ, 300 ათასზე მეტმა რუსმა ქვეყანა დატოვა. ის ოფიციალური კიევისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილის ინიციატივის წინააღმდეგია, რომლითაც რუსებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა უნდა აეკრძალოთ.

პეტერბურგში დაარსებული ორგანიზაციის Coming Out-ის დირექტორის, ალექსანდრ ვორონოვის თქმით, ლგბტქი რუსების დიდმა ნაწილმა თავშესაფარი იმ ქვეყნებში იპოვა, სადაც უვიზოდ შეუძლიათ გამგზავრება, მათ შორის, თურქეთში, სომხეთსა და საქართველოში. ვორონოვმა ქვეყანა ჯერ კიდევ მარტში დატოვა და ამჟამად ლიეტუვას აფარებს თავს.

იაროსლაველმა ტრანსგენდერმა ბიჭმა, ალექსანდრ დერეკმა თქვა, რომ პუტინის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტივიზმის გამო რისკებს გრძნობდა და ქვეყნის დატოვება ამჯობინა. 23 წლის დერეკი და მისი შეყვარებული სომხეთის დედაქალაქ ერევანში ცხოვრობენ. მათ სათემო ცენტრის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან ლტოლვილი ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„სომხეთში ბევრად თავისუფალი ვარ, თუმცა ეს მდგომარეობა სრულყოფილისგან შორს არის“, — ამბობს დერეკი.

ILGA-Europe-ის მონაცემების თანახმად, სომხეთი ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით ევროპაში 47-ე ადგილზეა, რუსეთი 46-ზე, ხოლო თურქეთი 48-ზე. ამ სიაში საქართველო 34-ე პოზიციას იკავებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე უკეთესი მაჩვენებელიც კი აქვს, მათ შორის, ლიეტუვაზე, რუმინეთსა და პოლონეთზე.

საქართველოში, აჭარაში იმყოფება სტასია ეკმანი. მისი თქმით, ბევრად დაცულად გრძნობს თავს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ რუსეთში მდებარე ქალაქი ჩერეპოვეცი დატოვა.

„ობიექტურად, ბევრად დაცული ქვეყანაა, ციხეში მოხვედრის, ცემის ან გაუპატიურების შიში გაქრა. გრძნობ, რომ არ მოგკლავენ. მიუხედავად ამისა, პატრიარქატი, გენდერული სტერეოტიპები და ჰომოფობია მაინც შესამჩნევია. მადლიერი ვარ, რადგან საქართველომ მიგვიღო, მაგრამ ახლა გზის გაგრძელების დროა“, — აღნიშნავს სტასია, არაბინარული იდენტობის მქონე ლესბოსელი ადამიანი. 24 წლის ვებ დიზაინერი და მისი პარტნიორი დისტანციურად მუშაობენ და ორ ძაღლთან და ორ კატასთან ერთად სანაპიროზე ცხოვრობენ.

ბევრი რუსი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიეტუვას ირჩევს. ოფიციალური მონაცემებით, დროებით ცხოვრების უფლების მისაღებად 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2 200-მა ადამიანმა შეავსო განაცხადი, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყანა ევროკავშირში მიმდინარე განხილვის ეპიცენტრიც არის, რომლის თანახმადაც, რუს ტურისტებს ვიზის მიცემაზე უარი უნდა ეთქვათ. აღნიშნულ წინადადებას ესტონეთი და ფინეთი უჭერენ მხარს, რაც აქტივისტების თქმით, თავშესაფრის მაძიებელ ლგბტქი ადამიანებს ავნებს.

38 წლის მაქს პოლიაკოვმა ლიეტუვაში ჩასვლიდან ერთ თვეში ჟურნალისტის ვიზა მიიღო და ამ გზით საკუთარი პროფესიით მუშაობის გაგრძელება შეძლო. მედიასაშუალების ვებგვერდი, რომლისთვისაც პოლიაკოვი რუსეთში მუშაობდა, მარტის დასაწყისში დაიბლოკა, რადგან უარი განაცხადეს იმ მასალის აღებაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსი ჯარისკაცების გაუსაძლის პირობებს ამხელდა. მათ არ ჰქონდათ წინდები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები

მისი კოლეგების დიდი ნაწილი ასევე ლიეტუვას აფარებს თავს და ეძებენ გზებს, რომლითაც კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლას შეძლებენ, ამავდროულად ცდილობენ, რუსულენოვან აუდიტორიას ტელეგრამის გავლით მიაწვდინონ ხმა. ამბობენ, რომ ვილნიუსში ცხოვრების ხელახლა დაწყება მარტივი არ ყოფილა.

„იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელშიც აქამდე არ ვყოფილვარ. არ მესმის ენა, ჩემი მომავალი გაურკვეველია, ვის ენდომება ასეთ ბიჭთან ურთიერთობა?“, — ამბობს პოლიაკოვი.

რუსეთში ჰომოფობიური განწყობები ფართოდ არის გავრცელებული, რასაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო უმაგრებენ ზურგს. 2013 წლიდან აიკრძალა “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა” არასრულწლოვანთა შორის. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კი ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა უკრაინაში ომი ლგბტქი ადამიანთა უფლებებს დაუკავშირა, რომელთა დაცვა დასავლური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. რუსული ომის დაწყების შემდეგ მოიმატა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე იერიშებმა და გაძლიერდა ცენზურა, რამაც უფლებადამცველები და ჟურნალისტები სამიზნეებად აქცია.

წყარო: The Thomson Reuters Fund

სიტყვა „გეის“ შეურაცხყოფის მიზნით გამოყენებისთვის ფეხბურთელი დააჯარიმეს

შვეიცარიული ფეხბურთის გუნდის, ლუცერნის მეკარე, მარიუს მიულერი სიტყვა “გეის” შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებისთვის დააჯარიმეს.

მიულერი 13 აგვისტოს უკმაყოფილო დარჩა თავისი გუნდის წაგებით და მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში დაცვაში გუნდის რბილი თამაშის აღსანიშნად სიტყვა „გეი“ გამოიყენა.

შვეიცარიის საფეხბურთო ლიგამ ფეხბურთელი 2 000 დოლარით დააჯარიმა და გადაწყვიტა, რომ ის თამაშისთვის გარკვეული დროითაც არ ჩამოეშორებინათ, რადგან შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისკენ ყოფილა მიმართული.

„მარიუს მიულერის სიტყვებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ის ჰომოფობიურ იდეებს ავრცელებს. ეს დაუფიქრებელი განცხადება იყო, რომელიც ჰომოსექსუალების შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად“, — განაცხადა ლიგის წარმომადგენელმა.

მან დასძინა, რომ ეს იყო დაცვაში ცუდად თამაშის გამო იმედგაცრუების გამოხატვა თანაგუნდელების მიმართ.

29 წლის ფეხბურთელმა და მისმა გუნდმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადეს:

„მინდა ბოდიში მოვიხადო თამაშის შემდეგ გაკეთებული განცხადებისთვის, რომელიც სულელური და სრულიად უადგილო იყო. ეს არ ასახავდა ჩემს დამოკიდებულებასა და ღირებულებებს, რომლითაც ყოველდღე ვცხოვრობ“.

ფეხბურთის კლუბმა ლუცერნიმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც გულწრფელი ბოდიში მოიხადა მარიუს მიულერის შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური განცხადებისთვის და აღნიშნა, რომ კლუბი ერთგულია ღია და მრავალფეროვანი საზოგადოების მიმართ, ხოლო ამ საკითხს გუნდის შიგნით კიდევ ერთხელ ნათლად განიხილავდნენ.

 

ავღანელი გეი ბიჭის ამბავი, რომელმაც ქვეყნიდან გააღწია და პაკისტანში ცხოვრობს

2021 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც თალიბანმა, ულტრაკონსერვატულმა ისლამურმა დაჯგუფებამ ავღანეთის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო, Openly-იმ გეი კაცის დღიური გამოაქვეყნა. გავრცელებულ ჩანაწერებს დიდი გავლენა ჰქონდა – დღიურის მონაკვეთები დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დებატებისას ავღანელი ლგბტქი ლტოლვილების საკითხის განხილვის დროსაც კი წაიკითხეს.

ინგლისურის მასწავლებელმა გეი კაცმა სამსახური დაკარგა და შესაძლო მკვლელობას ემალებოდა — ქაბულის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ, Openly დღიურის ავტორს ისევ დაუკავშირდა, რათა გაეგო, როგორ განვითარდა მოვლენები. ახალ, 3-ნაწილიან დღიურში კაცმა, რომლის სახელიც მისივე დასაცავად არის დაფარული, მოჰყვა ავღანეთის დატოვების, მეზობელ პაკისტანში გადასვლისა და დასავლეთით წასვლის მცდელობის შესახებ.

ნაწილი I: ცხოვრება ავღანეთში

Jim Huylebroek / New York Times

გასული წლის 15 აგვისტოს, ქაბულში, სახლში ვიჯექი და ვუსმენდი ახალ ამბებს, როგორ დაამყარა თალიბანმა კონტროლი ქვეყნის 65%-ზე. შემდეგ რადიო გამოირთო. ოთახში დედაჩემი შემოვიდა. “თალიბანმა დედაქალაქი აიღო, ჯარებმა კი საპასუხოდ ბრძოლა არ გამოუცხადეს”, – თქვა მან. ვიცოდი, რომ მეც მომაკითხავდნენ, რადგან სკოლაშიც მაბულინგებდნენ, გეის მეძახდნენ. სახლი დაუყოვნებლივ უნდა დამეტოვებინა. ზურგჩანთა ავიღე და ყველა ოფიციალური დოკუმენტი ჩავყარე, რომლებიც ვიფიქრე, დამჭირდებოდა. ჩემი მშობლები შეშფოთებულები იყვნენ.

„ასე უცნაურად რატომ იქცევი? ასე რის გეშინია?“, – მკითხეს.

სანამ თალიბანი ქვეყანას აიღებდა, ცხოვრება სრულყოფილი არ იყო, მაგრამ რაღაცები თითქოს გამომდიოდა. ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობდი და ცხოვრება კარგი იყო. საკვები არ მაკლდა და არც ოჯახს ვაკლებდი ყურადღებას. იმ დროისთვის ჩემი ოცნება, მიზანი უნივერსიტეტში ჩაბარება და ბაკალავრის ხარისხის მოპოვება იყო. მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა.

15 აგვისტოს თალიბანი მოვიდა და მთელი ქვეყანა აიღო. უცებ ლგბტქი ადამიანებისთვის ადგილი არსად აღმოჩნდა. დაზაფრული ვიყავი. პირველი ფიქრი ის იყო, როგორ გამეღწია. ვიცოდი, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი მათ ყოფილ თანამშრომლებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ. ვფიქრობდი, თუ აეროპორტამდე მივიდოდი და როგორღაც ქვეყნიდან გავაღწევდი, ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას შევძლებდი, სადაც მომავლის იმედი შეიძლებოდა მქონოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ლგბტქი ადამიანებიდან თითქმის არავის გაუღწევია მარტივად. ყველა ჩავრჩით. 

ბევრი შავბნელი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სრულიად მიგვატოვა. თალიბანმა მხოლოდ ქვეყანა კი არა, მედიაც სრულად ჩაიგდო ხელში. მაშინ დაქამინგაუთებული არ ვიყავი — ყველამ იცის, რომ ეს ავღანეთში შეუძლებელია, ასე იყო თალიბანის მოსვლამდეც. სკოლაში იმის გამოც კი მაბულინგებდნენ, რომ სხვებს არ ვგავდი. კლასელები საჯაროდ მეძახდნენ გეის და სკოლაში სწავლის პერიოდში ჩემს თავს უთვალავი საშინელება დატრიალდა. ახლა ეს ბულერები ხელისუფლების შეუცვლელ მსახურებად, ოფიცრებად იქცნენ.

ოქტომბრის დასაწყისში, ისინი ჩემი მშობლების სახლში ჩემი დაკავების ოფიციალური უწყებით მოვიდნენ და მშობლებს უთხრეს, რომ უნდა დავეპატიმრებინე, რადგან გეი ვარ. იღბლის წყალობით, ვხვდებოდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა და მშობლების სახლი იქამდე დავტოვე, ნათესავთან გადავედი. ვეცადე, პასპორტი და ვიზა მომეპოვებინა, რათა ქვეყნიდან გამეღწია. თუმცა, ფინანსები მჭირდებოდა, შემოსავალი აღარ მქონდა და ვერც ვიმუშავებდი. იმ პირველ თვეებში ვერ გადავრჩებოდი, ჩემი ბრიტანელი მეგობრები რომ არ დამხმარებოდნენ (პირველი დღიურის გამოქვეყნების შემდეგ, ავღანელი გეი კაცს ბრიტანეთის ორი მოქალაქე ფინანსურად ეხმარება).

ვიცოდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. გამიგია, რომ თალიბანი ლგბტქი ადამიანების სახელების სიას აწარმოებდა და ვშიშობდი, რომ ჩემი სახელიც იმ სიაში იქნებოდა. თანაც, ვიცოდი, მეძებდნენ.

ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, სულ რაღაც 20-ის, ცხოვრების დიდი გამოცდილებაც არ მაქვს. უბრალოდ, ძალიან მეშინოდა, დასტრესილი ვიყავი, შფოთვა გაუსაძლისი იყო. ჩემი ნათესავის სახლში შიშისა და წუხილის 10 უგრძესი თვე გავატარე. უამრავ ლგბტქი ორგანიზაციას დავუკავშირდი, ვუხსნიდი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.

„დამეხმარეთ“, მივმართავდი მათ, „დამეხმარეთ, სანამ ჩემი ცხოვრების უმძიმესი გამოცდილება დამდგომია: გაუპატიურება, წამება ან სიკვდილი”. მაგრამ საშველი არ იყო. შეყვარებულის დაკარგვა საშინელება იყო. ერთად კარგები ვიყავით და ჩვენი ურთიერთობაც გასაოცარი იყო. დღიურში ვწერდი, რომ განუყოფელნი ვიყავით, მაგრამ დისტანციამ ყველაფერი წაგვართვა. ცხოვრების სიყვარული დავკარგე.

ნაწილი II – გეი კაცი ავღანეთს ტოვებს

Kiana Hayeri / New York Times

ქაბულში, ნათესავის სახლში ვიყავი, როცა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. თალიბანის მიერ ძალაუფლების მოპოვებიდან 2 კვირაზე ნაკლები იყო გასული. ერთ-ერთი ლგბტქი ორგანიზაცია იყო, რომელსაც დასახმარებლად ვეკონტაქტებოდი. მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში, ღამით, ქაბულში, კონკრეტულ ადგილზე უნდა მივსულიყავი, რათა ავტობუსს აეროპორტამდე გავყოლოდი. ვერაფრის იმედს ვერ მაძლევდნენ. თუ რამე მოხდებოდა, და ამის წარმოდგენა თავისთავად შემზარავი იყო, ეს მათი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა. ვიცოდი, რომ საშიში იყო, მაგრამ არჩევანი არ მქონდა. საკუთარ თავს ვუთხარი, „მოდი, რისკზე წავიდეთ, იქნებ ეს ამად ღირს“. ორი ღამე არ მიძინია.

როცა მივედი და ავტობუსი ვნახე, უფრო შემეშინდა. ავედი და სხვა ლგბტქი ადამიანები დავინახე — ჩემი ადამიანები. შეშინებული სახეები შემომცქეროდნენ. იმ შფოთვას, რაც მათ სახეზე ვიხილე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ავტობუსის მოძებნამდე ყველაფერი გავყიდე: ჩემი ძვირიანი ლეპტოპი სულ რაღაც 100$-ად, მაგრამ მაშინ ეგ ვის ადარდებდა.

ცხელოდა: 38 გრადუსი იქნებოდა. ქალაქის ხმები მიინავლა. იმ მომენტში ტერორი, წუხილი, შიში ვიგრძენი. ავტობუსის კარი დაიხურა და გავიფიქრე, ეს რა ვქენი. საკუთარი თავი მამაცი ადამიანი არასდროს მეგონა. ღარიბი ოჯახი მყავდა და მცირე ასაკიდან უნდა მემუშავა. განათლება წარმატების ერთადერთ გზად მესახებოდა და თავდაუზოგავად ვცდილობდი, რომ მიზნებისთვის მიმეღწია. მერე თალიბანი მოვიდა და მხოლოდ გადარჩენა გახდა მთავარი. ავტობუსში სანამ ჩავჯდებოდი, წარმოუდგენელი სტრესი იყო. სიცოცხლე მინდოდა, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ რთული იყო, ძალიან რთული. საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ ამ სირთულეებთან გამკლავება გადარჩენისთვის აუცილებელი იყო.  მთელი ღამე ავტობუსში გავატარეთ, შემოწმების რამდენიმე პუნქტი გავიარეთ.

მახსოვს, აისის დადგომასთან ერთად, ქალაქის თავზე ასული კვამლი დავინახე. რაღაც აფეთქება იყო და მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსის ფანჯრები ჩაკეტილი იყო, პირი და ცხვირი უნდა დაგვეფარა, რათა სუნი დაგვეხშო. მაგრამ ყველამ ერთად, ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსში მსხდომებმა, ჩავთვალეთ, რომ ამ რისკზე თუ წავიდოდით, კარგად ვიქნებოდით, გაღწევას შევძლებდით. 

ასე არ მოხდა. 7-საათიანი ლოდინის შემდეგ, გვითხრეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტის ბომბის რისკი ემუქრებოდა ყველას, ვინც აეროპორტთან იცდიდა. ამიტომ წამოვედით. სახლში დაბრუნების შემდეგ დამცირებული და განადგურებული ვიყავი. იმედი დავკარგე, ყველა ოცნება და მომავლი გეგმა გაქრა. თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს საკუთარ დაკრძალვას ვესწრებოდით. ამაზე შელახული არასდროს ვყოფილვარ. საკუთარ სახლში დავბრუნდი, შევხედე გიტარას, რომელზეც ბავშვობაში ვუკრავდი და თვითმკვლელობაზე რეალურად დავფიქრდი.

ვფიქრობდი, რომ საკუთარი სიცოცხლის მოსპობა უკეთესი იქნებოდა, ვიდრე თალიბანის წევრების მიერ ჩემი მკვლელობა მხოლოდ ჩემი სექსუალური ორიენტაციის გამო. ვცდილობდი მეპოვა რამე მიზეზი სიცოცხლისთვის, მაგრამ იმ დროს ყველაფერი გაქრა. ნათესავის სახლში დავჯექი და დღიური დავწერე. გამიხარდა, როცა ბრიტანეთის პარლამენტში ჩემი დღიური წაიკითხეს. 

იმ ღამეს არ მეძინა, ჩავთვალე, რომ რომელიმე ორგანიზაცია დამიკავშირდებოდა, ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებდი, მაგრამ — არაფერი.

დღიურის გამოქვეყნებამ ვერ დამიხსნა, მაგრამ დამეხმარნენ. დიდ ბრიტანეთში ვიღაცებმა ჩემი დღიური წაიკითხეს და შემეხმიანნენ, დამიმეგობრდნენ. ორმა ადამიანმა საკვებისა და ავღანეთიდან გაღწევისთვის ფული გამომიგზავნა.

ქვეყნის დასატოვებლად პასპორტი მჭირდებოდა. ნოემბერში ვიღაც ბიჭი მოვძებნე, რომელმაც მითხრა, რომ პასპორტის შოვნაში დამეხმარებოდა, 150 დოლარი წინასწარ გადავუხადე. წაიღო ფული და გაქრა.

ბნელ ოთახში 9-თვიანი მალვის შემდეგ, როცა მრავალჯერ ისე ცუდად გავხდი, რომ მეგონა ასე დავასრულებდი სიცოცხლეს, ერთი კაცი შემეხმიანა, რომელსაც იქამდე დახმარებისთვის ვეკონტაქტებოდი. სასწაულს ჰგავდა. მითხრა, რომ ეს ამბავი ჩემით უნდა მომეგვარებინა, საპასპორტო ოფისში უნდა მივსულიყავი, ხელისუფლებისთვის გადამეხადა და პასპორტი ამეღო. პაკისტანის ვიზას თითქმის სამი თვე ველოდი. როცა ყველაფერი დამთავრდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აღვწერ. ავღანეთს ვტოვებდი და თავისუფლებისკენ მივემართებოდი.

ნაწილი III – გეი კაცის ცხოვრება პაკისტანში

NOORULLAH SHIRZADA/AFP/GETTY IMAGES

პაკისტანი ჯოჯოხეთია.

ოჯახი უნდა მიმეტოვებინა, მეგობრები, ყველაფერი, რისთვისაც ვშრომობდი — პროფესია, განათლება, კარიერა. თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წასვლის გარდა სხვა არჩევანი არ მქონია. ოჯახის მიტოვება ყველაზე რთული იყო. ის ადამიანი ვიყავი, რომელიც მათ ფინანსურად უზრუნველყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ და-ძმებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ვარ. ჩემი ძმები უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ამიტომ ქირას და საკვების ფულს მე ვიხდიდი. დედას ვუთხარი, რომ სასწავლო ვიზა ავიღე, რათა პაკისტანში მესწავლა.

თვეების განმავლობაში მეკითხებოდა ჩემი უცნაური ქცევის მიზეზს, მაგრამ რეალური მიზეზის თქმა, რა თქმა უნდა, არ შემეძლო. ვუთხარი, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიმიღეს — მისთვის მოტყუება საშინელება იყო, მტკივნეული. საბედნიეროდ, ჩემი ერთ-ერთი ძმა ამჟამად მუშაობს და ოჯახზე ზრუნვას ახერხებს, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. ისინი მენატრებიან. როცა ისლამაბადის აეროპორტში აღმოვჩნდი და პოლიციის ოფიცრებს შევეჩეხე, შემეშინდა. მოგზაურობის გამოცდილება იქამდე არ მქონია, ქვეყნიდან პირველად გავედი. პაკისტანში გატარებულ პირველ დღეებში უბედურად ვგრძნობდი თავს.

ბრიტანელ მეგობარს დავურეკე, რომელიც დღიურის გამოქვეყნების შემდეგ მეხმარებოდა. ვუთხარი, რომ სახლში მინდოდა დაბრუნება, მაგრამ მან გადამარწმუნა, რომ სწორად მოვიქეცი. ვიცოდი, ავღანეთში მომავალი, განათლების ან უბრალოდ სიცოცხლის შანსი არ მქონდა. ვიცოდი ისიც, რომ შეიძლებოდა მოვეკალი, მაგრამ სახლში წასვლა მაინც საოცრად მინდოდა. ახლა კი პაკისტანში ვცხოვრობ, ამ ჯოჯოხეთში.

პაკისტანში ჩამოსვლამდე ვფიქრობდი, რომ საერთაშორისო ლგბტქი ორგანიზაციები დამეხმარებოდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩვენთვის პროგრამა საერთოდ არ იყო. საკვები, საცხოვრისი — ყველაფერი ძალიან ძვირია და ყოველდღიურად იმაზე ვფიქრობ, ამ ყველაფერს როგორ გავწვდები. როცა ჩამოვედი, 42-გრადუსიანი სიცხე იყო. კონდიციონერიან სასტუმროს ოთახში ვიყავი, მაგრამ სიამაყის გამო დავტოვე, ბრიტანელი მეგობრების მოწყალებაზე ვერ ვიქნებოდი დამოკიდებული, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ახლა პატრა ოთახში ვხოვრობ, რომელსაც პაწაწინა სააბაზანო აქვს. ერთ კუთხეში საწოლია, კედელზე კარადაა მიდგმული და ტუმბო — სულ ესაა. ასეთია ჩემი ცხოვრება: ერთ ოთახამდე დავიწროვდა. ოთახში კონდიცირება არის, მაგრამ ისეთი ხმაურიანი, რომ ვერ ვიძინებ.

სულ ვფიქრობ, სახლში დაბრუნება ხომ არ სჯობს. აქ მეგობრები არ მყავს. ჩემთვის, როგორც გეი კაცისთვის, პაკისტანიც საშიშია – აქ ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია. არჩევანი შეზღუდული მაქვს. ვცდილობ, კანადაში ან დიდ ბრიტანეთში გავაღწიო, მაგრამ რთულია.

ყოველდღიურობა რაიმეთი უნდა შემევსო და ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტირებისთვის დავიწყე მომზადება, რაც დიდ ბრიტანეთში ან კანადაში გადასვლაში დამეხმარება. ჩემს ოთახში სწავლა მიჭირდა, რადგან საშინლად ცხელოდა – უბრალოდ ვერ ვკონცენტრირდებოდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ტესტი წარმატებით გავიარე. ეს უნივერსიტეტებში განაცხადის გაგზავნის შესაძლებლობას მომცემს, მაგრამ სულ რომ თანხმობა მივიღო, შეიძლება ქვეყანაში არ შემიშვან. 

პაკისტანში ცხოვრება უკეთესია, ვიდრე ავღანეთში, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება მომდევნო დღეს. მოტივაცია უნდა შევინარჩუნო, განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობა. ყოველდღიურად დიდ გამოწვევებთან გამკლავება მიწევს. მადლიერი ვარ მეგობრების, რომლებიც წინსვლის ძალას მაძლევენ. მაინც ყველაფერი რთულია, ძალიან რთული. კანადაში, დიდ ბრიტანეთში წასვლის, ცხოვრების ხელახლა დაწყების იმედი მაქვს. ავღანეთშიც მქონდა ოცნებები, მიზნები. ახლა კი უბრალოდ მათი დაბრუნება მინდა.

ავღანელი გეი ბიჭის ამბავი Openly-ის რედაქტორმა, ჰუგო გრინჰალგმა შეასწორა და მეტი სიცხადისთვის შეამცირა.

ბელგრადში დაგეგმილი ევროპრაიდი არ გაუქმდება — ორგანიზატორები

2022 წელს დაგეგმილი ევროპრაიდი, რომელსაც სერბეთი მასპინძლობს, არ გაუქმდება.

გაუქმებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოწოდებების საპასუხოდ, ევროპრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კრისტინ გარინამ, რომელიც ევროპრაიდს ლიცენზიას გასცემს, განცხადება გააკეთა:

„არც ევროპრაიდ 2022 წლის მასპინძელი, ბელგრადის პრაიდი და არც ჩვენ, ლიცენზიის გამცემები, ბელგრადში ევროპრაიდს არ გავაუქმებთ.

პრაიდის გამართვა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. პრაიდის „აკრძალვის“ ნებისმიერი მცდელობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევაა, რომელიც ხელმოწერილია სერბეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მიერ.

გარდა ამის, უნდა აღინიშნოს, რომ ბელგრადში ევროპრაიდის მოწინააღმდეგეები მოძველებულ მეთოდებს, უზუსტობებსა და ცრუ ინფორმაციას იყენებენ იმის დისკრედიტაციისთვის, რაც ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის გამოვლინებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ოჯახური ფასეულობების წინააღმდეგები ვართ, როდესაც ყველა ოჯახიდან მოვდივართ და უამრავ ჩვენგანს საკუთარი ოჯახიც ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ ბავშვებზე ვძალადობთ, როცა თითოეული ჩვენგანი მტკიცედ გმობს ბავშვებზე ძალადობას. ისინი აცხადებენ, რომ სერბეთის ხელისუფლებამ ევროპრაიდის ჩასატარებლად 40 მილიონი ევრო გაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას ამაზე მცირე თანხა დასჭირდა, რომელიც მთავრობისგან არ მიუღია. მათი ყოველი პრეტენზია სიცრუესთანაა დაკავშირებული, ხოლო ევროპრაიდის აკრძალვის მცდელობის შემთხვევაში, ხელისუფლება მათ სიცრუეს დამორჩილდება.

ბელგრადში დაგეგმილი ევროპრაიდი არ გაუქმდება. ის გააერთიანებს ათასობით ლგბტქი ადამიანს მთელი ევროპიდან სერბ ლგბტქი ადამიანებთან ერთად და მეტიც, დასავლეთ ბალკანეთიდან. იგი გაამდიდრებს ადგილობრივ ეკონომიკას და სერბეთს საშუალებას მისცემს, აჩვენოს, რომ პროგრესულ, ევროპისკენ მიმავალ გზას ადგას. სერბეთის ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა მტკიცედ დადგეს მოძალადეების წინააღმდეგ და ღონისძიება დაიცვას“.

ევროპრაიდი 2022 ბელგრადში 12-18 სექტემბერს გაიმართება.

სერბეთის დედაქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე, ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, პირველი ქალაქი იქნება, რომელიც ლგბტქი საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს.

დასავლეთ ბალკანეთში ლგბტქი თემი უთანასწორობისა და დისკრიმინაციის წინაშე დგას. ევროპრაიდი ბელგრადში გარდამტეხი მომენტია რეგიონში, რომელიც ლგბტქი აქტივისტების თანასწორობის მისაღწევად ჩადებულ ძალისხმევას გაუსვამს ხაზს და მათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელების სტიმულს მისცემს.

მიზოგინი ინფლუენსერი სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს — ვინ არის ენდრიუ ტეიტი

ენდრიუ ტეიტი ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ულტრა-მემარჯვენე, ქალებზე ძალადობაში და გაუპატიურებაში მრავალჯერ დადანაშაულებული ყოფილი კიკბოქსერი და რეალითი შოუს მონაწილეა,  რომლის ანგარიშებიც სოციალურმა ქსელებმა — ტვიტერმა, ფეისბუკმა, ინსტაგრამმა, ტიკტოკმა და იუთუბმა გააუქმეს. მიზოგინი (ადამიანი, რომელსაც სძულს ქალები ან მცდარი წარმოდგენები, წინასწარგანწყობები აქვს და ქალთა უფლებებს არ აღიარებს) ინფლუენსერის მიერ მოხვეჭილი პოპულარობა და კონტენტი, რომელიც სოციალური ქსელებით კვლავაც აქტიურად ვრცელდება, ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის ხარვეზებზე და სხვადასხვა პლატფორმის შინაგანაწესის არაეფექტურ მუშაობაზე მიგვანიშნებს, რაც ახალგაზრდებზე, და არამხოლოდ, საზიანო გავლენის, ძალმომრეობის ონლაინ და რეალურ სივრცეებში ზრდის რისკებს შეიცავს.

ვინ არის ენდრიუ ტეიტი

ენდრიუ ტეიტი ყოფილი კიკბოქსერია, რომელიც კარიერის ნაადრევად დასრულების შემდეგ, 2016 წელს, რეალითი შოუს, Big Brother-ის მონაწილედ მოგვევლინა. აქედან დაიწყო მისი პოპულარობის გზა, რომელიც, თითქოს, დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო. ტეიტი შოუდან გააძევეს, რადგან მისი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ქალს ქამრით სცემს. მალევე მისი მეორე ვიდეოც გასაჯაროვდა, რომელშიც ტეიტი ქალს ეუბნება, რომ სხეულზე, სავარაუდოდ, მის მიერ მიყენებული დალურჯებები დაითვალოს. ენდრიუ ტეიტმაც და ქალმაც უარყვეს ბრალდებები და თქვეს, რომ ვიდეოებში ორივესთვის სასურველი სექსის შედეგები იყო ასახული.

ენდრიუ ტეიტს “ქალთა გულთამპყრობლის” იმიჯი აქვს მორგებული, რომელიც მდიდრული ცხოვრებით ტკბება და მიიჩნევს, რომ ქალები სახლში უნდა იყვნენ, მანქანის ტარება არ შეუძლიათ და კაცის საკუთრება არიან. ის იმასაც ფიქრობს, რომ გაუპატიურების მსხვერპლებს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ტეიტი ამბობს, რომ 18-19 წლის გოგოებს ხვდება, რადგან მათზე გავლენის მოპოვებას მარტივად შეძლებს. ის ქალების ცემის ფაქტებზე, დახრჩობაზე, მათი ნივთების გადაყრაზე, გარეთ გასვლის აკრძალვაზე საუბრობს.

ენდრიუ ტეიტი ღიად საუბრობდა, როგორ მოკლავდა ქალს, თუ ღალატში დაადანაშაულებდა, როგორ გადაყრიდა ქალის ნივთებს ფანჯრიდან, ერთ-ერთ ვიდეოში კი ყოფილ შეყვარებულს, რომელმაც ცემაში დაადანაშაულა, „უტვინო ძუკნა“ უწოდა.

ტეიტის საეჭვო ქმედებები რეალითი შოუში მონაწილეობის დროს გავრცელებული ვიდეოებით არ დასრულებულა. მის ტვიტერის გვერდზე ჰომოფობიური და რასისტული შინაარსის ტერმინები იპოვეს. 2017 წელს, ენდრიუ მენტალური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, რადგან ყოფილმა კიკბოქსერმა დეპრესიის შესახებ თქვა, რომ „არარეალურია“. მომდევნო თვეში კი ტეიტი #Metoo კამპანიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქალებმა „გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“ გაუპატიურების შემთხვევებზე — ამ და სხვა განმეორებითი მოსაზრებების გამო ტეიტი ტვიტერმა დაბლოკა.

აღნიშნულმა ინციდენტებმა ტეიტის კარიერას, პოპულარობას ხელი შეუწყო და ის დონალდ ტრამპსაც კი შეხვდა, რის შემდეგაც ფეისბუკზე დაპოსტა — „ტეიტების ოჯახი ტრამპს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“.ფეისბუკ ფოტოები ტეიტის ანტი-ისლამურ აქტივისტ, სტივენ იაქსლი-ლენონთან კავშირსაც ცხადყოფს. ტეიტმა იაქსლი-ლენონი ერთ-ერთ პოდკასტში “კეთილი გულის” მქონე “კარგ ტიპად” მოიხსენია, რომელთან ერთადაც “დრო უთვალავჯერ უტარებია”. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც ტეიტი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის, მაიკ სტაჩბერის სახლთან შენიშნეს, პოლიცია გამოიძახეს. იქამდე რამდენიმე დღით ადრე, იაქსლი-ლეონმაც იგივე ქნა. აღნიშნული ფაქტების გამო ჟურნალისტის ცოლს პანიკური შეტევა ჰქონდა. ამან საცხოვრებლად დიდი ბრიტანეთიდან გერმანიაში გადასვლის შესახებ ოჯახის გადაწყვეტილებაზეც იქონია გავლენა.

ქალთა უფლებებთან დაკავშირებით ტეიტის მოსაზრებები ტიკტოზე მოპოვებულ პოპულარობამდე ბევრად ადრე გახდა ცნობილი. ჯერ კიდევ 2018 წელს, ტეიტმა Heathrow-ს აეროპორტში ნანახი პოსტერის შემდეგ, რომელიც „ქალებს მოსიყვარულე დედის და ერთგული ცოლის როლის მორგების ნაცვლად დასასვენებლად წასვლისკენ მოუწოდებდა“, ფეისბუკზე დაწერა, რომ ეს „დასავლური ცივილიზაციის დაცემის“ ნიშანი იყო.

ენდრიუ ტეიტის წინააღმდეგ არსებული ოფიციალური ბრალდებები

ენდრიუ ტეიტი ღიად საუბრობდა ქალებზე ძალადობის ბრალდებების შესახებაც, თუმცა არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ის რომელიმე ბრალდების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგა. ტეიტი თავადვე იხსენებდა შემთხვევას, როცა კლუბში ქალმა ტელეფონი წაართვა, რის შემდეგაც ქალს დაარტყა და ყბა მოსტეხა. კიდევ ერთ ვიდეოში მან აღნიშნა, რომ პოლიცია ქალზე შესაძლო ძალადობის მიზეზით მის სახლში შეიჭრა და გაჩხრიკა. ინფლუენსერს ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს და 2 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა ტეიტი ძალადობას უარყოფდა.

დიდ ბრიტანეთში მის წინააღმდეგ 11 სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევის გამო იყო საქმე აღძრული. გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ტეიტმა მართლმსაჯულების სისტემისგან თავის არიდების მიზნით დატოვა ბრიტანეთი და რუმინეთში გადავიდა საცხოვრებლად. მან გამგზავრების მიზეზზე ვიდეოში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზით გაუპატიურებისთვის მის წინააღმდეგ შესაძლო განაჩენისთვის თავის არიდება სურდა. ამბობდა იმასაც, რომ ეს მისი რუმინეთში გადასვლის მიზეზების მხოლოდ „40%-ს შეადგენდა“ და დაამატა — „არ ვარ ადამიანი, რომელიც ქალებს აუპატიურებს, მაგრამ მომწონს იდეა, რომ შემიძლია გავაკეთო, რაც მინდა. თავისუფლება მიყვარს“.

მართალია, ტეიტს მიაჩნდა, რომ რუმინეთის ოფიციალური უწყებები თავისუფლებას ნაკლებად შეუზღუდავდნენ, მაგრამ მისი დანაშაულებრივი საქმიანობით დაინტერესება არ დასრულებულა.

იანვარში, ტეიტმა და მისმა ძმამ, ტრისტანმა მილიონები გააკეთეს სხვადასხვა საიტზე, რომლებზეც კაცების მოტყუებას მოდელების ცრუ სამწუხარო ისტორიებით ახერხებდნენ. მოგვიანებით ამ წამოწყებას თავადვე უწოდეს „სრული თაღლითობა“.

აპრილში, ძმების სახლი პოლიციამ გაჩხრიკა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ მათ 21 წლის ამერიკელი ქალი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰყავდათ დატყვევებული. ტეიტები დაკითხვაზე წაიყვანეს, ისინი ბრალდებას უარყოფდნენ. რუმინული ოფიციალური უწყებების განცხადებით, მოგვიანებით გამოძიება ბევრად მასშტაბურ ბრალდებებზეც დაიწყო, რაც ადამიანთა ტრეფიკინგსა და გაუპატიურების ბრალდებებს გულისხმობდა.

ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში ტრისტანმა და ენდრიუმ ახლო აღმოსავლეთიდან გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ტეიტები ამბობდნენ, რომ — „ძმები ტეიტები დედამიწაზე ქალთა უმანკოების ხანას დააბრუნებენ“. აღსანიშნავია, რომ ქალთმოძულე ძმების დამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დისტანცირებულიყო ძმებისგან.

ქალთმოძულე ინფლუენსერის ონლაინ პოპულარობის გზა

ენდრიუ ტეიტის ცხოვრებასთან დაკავშირებულმა მუდმივმა ხმაურმა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ბრალდებებმა, რომელთა შესახებაც არაერთ ვიდეოში თვითონვე საუბრობდა, ხელი ვერ შეუშალა ფანების არმიის მოპოვებას. მეტიც, რაც უფრო მძიმე იყო გავრცელებული ბრალდებები, მით უფრო იზრდებოდა მისი მხარდამჭერების რაოდენობა და სიძულვილის შემცველი კონტენტიც უკონტროლოდ ვრცელდებოდა.

არაძალადობრივ პლატფორმებსა და საიტებზე, რომლებიც გავრცელებული კონტენტის შინაარსის კონტროლისთვის შინაგანაწესს იყენებენ, ტეიტმა ბოლო პერიოდში არნახული ონლაინ აუდიტორია მოიზიდა  – მისი იდეები ტვიტერის, ფეისბუკის, ინსტაგრამის, ტიკტოკის თუ ფეისბუკის საშუალებით ვრცელდება.

წლების განმავლობაში მიცემული ინტერვიუების, პოდკასტების, მის მიერვე ჩაწერილი ვიდეოების მონაკვეთები სოციალური ქსელებით უკონტროლოდ ვრცელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ტეიტის ვიდეოებში მიზოგინიის აშკარა ნიშნები იკითხება, რომელთაც კაცებზე და ახალგაზრდა ბიჭებზე საზიანო გავლენის მოხდენა შეუძლია, რაც შესაძლოა რეალური ძალადობის შემთხვევების წინაპირობაც კი გახდეს. ტიკტოკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის ვიდეოებს ჯამურად 11,6 მილიარდი ნახვა აქვს.

“თვითგანვითარებაზე ორინეტირებული გურუს” იმიჯს ამოფარებული ტეიტი კაცებს გამდიდრების, ქალების მოხიბვლისა და „მატრიციდან თავდაღწევის“ ხერხებს უზიარებს. ტიკტოკ ინფლუენსერი მცირე აუდიტორიიდან მსოფლიოში ყველაზე განხილვად ადამიანად რამდენიმე თვეში იქცა. მაგალითისთვის, ივლისში მის სახელს გუგლის საძიებო სისტემაში უფრო ხშირად ეძებდნენ, ვიდრე დონალდ ტრამპს თუ კიმ კარდაშიანს. მხოლოდ აგვისტოს თვეში კი ტიკტოკზე მის სახელთან დაკავშირებულ კონტენტს მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

ტეიტის ცნობადობის სწრაფი ზრდა შემთხვევითობის წყალობით არ მომხდარა. The Observer-მა წარადგინა მტკიცებულებები, რომ ტეიტის გამომწერები სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებდნენ მის ყველაზე საკამათო ვიდეოებს, რათა მაქსიმალური ნახვები და ჩართულობა გამოეწვიათ.

ტეიტის ვიდეოების ნახვისას, თუ მათ ზედაპირულად შეხედავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ უგემოვნო ან შავი იუმორით საუბრობს, საკუთარ მოსაზრებებს შეულამაზებლად აჟღერებს, თუმცა ტიკტოკზე გავრცელებული კონტენტიც ცხადყოფს, რომ დიდი ნაწილი სიძულვილითაა სავსე, რაც ტიკტოკის შინაგანაწესთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია — „აღმერთებს, განადიდებს, მხარს უჭერს ნებისმიერ სიძულვილის იდეოლოგიას“, მათ შორის, მიზოგინიას. ტიკტოკის წესდებაში ისიც წერია, რომ უნდა დაიბლოკოს მასალები, რომლებიც სხვა ადამიანის მიერ შექმნილ კონტენტს იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ ტეიტის კონტენტი ტიკტოკის წესებს აშკარად არღვევს — მიზოგინიას ავრცელებს და ქალთმოძულე ინფლუენსერის ფანები მის კონტენტს სხვა ანგარიშებით აზიარებენ, ვიდეო პლატფორმას არც მისთვის და არც ფანებისთვის შეზღუდვები თვეების განმავლობაში არ დაუწესებია. მეტიც, ტიკტოკის ალგორითმმა ტეიტის იდეები მეინსტრიმის ნაწილად აქცია და ახალგაზრდა მომხმარებლებიც უწყვეტად ეცნობოდნენ ინფლუენსერის კონტენტს.

The Observer-მა ექსპერიმენტი ჩაატარა – მათ თინეიჯერი ბიჭის ყალბი ანგარიში შექმნეს, მარტივად მოძებნეს ტეიტის კონტენტი და სულ რაღაც 2 ვიდეოს ნახვის შემდეგ, რეკომენდაციებში ტეიტის სხვა კონტენტი ნახეს, მათ შორის, მასალები, რომლებშიც მიზოგინურ იდეებს აჟღერებს. პლატფორმით მომდევნო სარგებლობისას პირველი 4 ვიდეო იყო მონაკვეთები ტეიტის ინტერვიუებიდან, რომლებიც 4 სხვადასხვა ანგარიშს ეკუთვნოდა.

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ტეიტის სახელისა და ფოტოს მქონე ანგარიშიდან ვრცელდებოდა, თაღლითი ინფლუენსერი საუბრობს იმ მოლოდინებზე, რაც მეგობარი გოგოსგან აქვს – “ჩემი ქალისგან მოვითხოვ, ველი აბსოლუტურ ერთგულებას. ჩემი გოგო სხვა ბიჭებს არ უნდა ესაუბროს, არ უნდა მოეწონოს. ჩემი გოგოები კლუბებში ჩემს გარეშე არ დადიან, სახლში სხედან”. 

ენდრიუ ტეიტის ონლაინ აკადემია — ძალადობა, როგორც ფულის კეთების გზა

ენდრიუ ტეიტის ფანების თავდაუზოგავი მცდელობა, რომ ქალთმოძულე ინფლუენსერი მეინსტრიმის ნაწილად აქციონ, გულანთებული მხარდამჭერების შეუთანხმებელი მოქმედებების შედეგი არ არის. ამის უკან ტეიტის საიდუმლო ონლაინ აკადემიის წევრები და ტეიტის შთაგონებით შექმნილი ტიკტოკ ანგარიშები დგას, რომლებიც. ექსპერტების თქმით, ტიკტოკის „ალგორითმით მანიპულაციას“ ისახავდნენ მიზნად, რათა ენდრიუ ტეიტის კონტენტი მაქსიმალურად გავრცელებულიყო. აღნიშნული სტრატეგიის დახმარებით, სამ თვეზე ნაკლებ დროში, ინფლუენსერმა გამომწერების არმია მოაგროვა და დიდი ფულიც გამოიმუშავა. მისი ონლაინ აკადემიის წევრები ყოველთვიურად საწევროს იხდიან, ის ადამიანები კი, რომლებიც ტეიტის ჯგუფში ახალ ადამიანებს ამატებენ, ამ თანხის ნახევარს გამოიმუშავებენ. 

ენდრიუ ტეიტი საკუთარი ანგარიშით ვიდეოებს ნაკლებად ავრცელებს, თუმცა ასობით ანგარიში მის სახელსა და ფოტოს იყენებს. მისი აკადემიის წევრები, რომელთა შორის 13 წლის მოზარდი ბიჭებიც კი არიან, დარწმუნებულნი არიან, რომ ტეიტის სწავლებით კრიპტო ინვესტიციების მიმართულებით დიდძალი თანხის გამომუშავებას შეძლებენ და დამატებითი სარგებლის მიღება ახალი ადამიანების მოზიდვითაც შეუძლიათ.

მათი მიზანია, დაჯგუფებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააწევრიანონ, ამიტომ საკაათო კონტენტის ვირუსულად გავრცელება აწყობთ. ენდრიუ ტეიტის ონლაინ აკადემიის ერთ-ერთი გზამკვლევი „სტუდენტებს“ პირდაპირ ეუბნება, რომ „კომენტარებისა და კონტროვერსიის“ გამომუშავება წარმატების გასაღებია: „იდეალურ შემთხვევაში 60-70% ფანებისა და 40-30% ჰეითერის მოზიდვისკენ უნდა ისწრაფოდეთ. დაპირისპირება, ომი თქვენთვისვეა უკეთესი“.

ტეიტის კრიტიკოსების თქმით, მისი აღზევება ონლაინ მიზოგინიასთან დაკავშირებით განგაშის ნიშნებს შეიცავს და პოტენციური რადიკალიზების შესაძლებლობაც არსებობს. ერთ-ერთი ქალი ტეიტს “ინტერნეტის ყველაზე საშიშ კაცს უწოდებს”. სხვა კი ონლაინ ფორუმზე წერდა, რომ მისი შეყვარებულის დამოკიდებულება და მოსაზრებები ტეიტის ვიდეოების ნახვის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

კოალიცია End Violence Against Women-ის დირექტორი, ანდრეა სიმონი აღნიშნავს, რომ ტიკტოკი “უმოქმედობით ხელს უწყობს და სარგებელს ნახულობს ახალგაზრდა ბიჭებში რადიკალური იდეების გავრცელებით”.

“მოზარდობისას მსგავსი მასალების ნახვამ შესაძლოა ბავშვების დამოკიდებულებები, ხედვა განსაზღვროს, რაც სამომავლოდ ქალებისა და გოგოებისთვის საზიანო აღმოჩნდება, როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში“, — ამბობს ჰანა რაჩენი, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საზოგადოების წევრი.

როგორია ტიკტოკის პოზიცია

ტეიტის აღზევება იმის მანიშნებელიც არის, რა მარტივად შეიძლება ტიკტოკის ალგორითმით მანიპულაცია და მისი გამოყენება საზიანო იდეების გავრცელებისთვის.

„საშიში ისაა, რომ მისი კონტენტი ყურადღებას იქცევს, ტიკტოკის ალგორითმი კი საკმაოდ აგრესიულია და კონკრეტულ ვიდეოზე თუნდაც მცირე ხნით დაყოვნების შემდეგ, მსგავს კონტენტს ისევ და ისევ გთავაზობს… ახლა ტიკტოკზეა დამოკიდებული, რამდენად მიაქცევს საზიანო კონტენტსა და მანიპულაციას ყურადღებას, კითხვა კი რჩება — აქამდე როგორ ვერ შენიშნეს? ან რატომ აქამდე არ იმოქმედეს?“, — აღნიშნავს კოლამ ჰუდი, ციფრულ სიძულვილთან ბრძოლის ცენტრის კვლევების ხელმძღვანელი.

ტიკტოკის პრესსპიკერმა კი განაცხადა: „მიზოგინია და სიძულვილისშემცველი სხვა იდეოლოგიები თუ ქცევა ტიკტოკისთვის მისაღები არ არის და ვმუშაობთ მასალების შესწავლისთვის, რათა დარღვევების საპასუხოდ ვიმოქმედოთ. ვაგრძელებთ მუშაობას შინაგანაწესის კიდევ უფრო დახვეწისთვის და მეტი ეფექტურობისთვის, მათ შორის, რეკომენდაციებზე მეტად დაცული სისტემის შესაქმნელად“.

პრესსპიკერმა პლატფორმის ალგორითმით მანიპულირების შესახებ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ კონკრეტული ვიდეოს ნახვისას აირჩიონ — „არ ვარ დაინტერესებული“ და იმ ანგარიშის მასალები აღარ შეხვდებათ, რომელსაც მათთვის ნაკლებად სასურველი ვიდეო ეკუთვნოდა.

ტიკტოკის პრესსპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, რომლის თანახმადაც, ვიდეო კონტენტის გაფილტვრა მომხმარებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ენდრიუ ტეიტის ირგვლივ არსებულმა ხმაურმა და პლატფორმის კრიტიკოსების მზარდმა რაოდენობამ გარკვეული შედეგი გამოიღო — ტეიტის ტიკტოკ ანგარიში დაბლოკეს.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელები ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ ენდრიუ ტეიტის ანგარიშებს, მაგრამ მისი მოსაზრებები მაინც უკონტროლოდ ვრცელდება. ქალთმოძულე ინფლუენსერის კონტენტის მთავარი გამავრცელებლები ფანები არიან, ენდრიუ ტეიტის ძალმომრეობის პირამიდა უწყვეტად ახერხებს ახალი ადამიანების მოზიდვას, ამიტომ მის შესაჩერებლად ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ენდრიუ ტეიტის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების შედეგს მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ონლაინ მომხმარებლები კვლავ სვამენ კითხვას — არის თუ არა მისი სოციალური ქსელებიდან დაბლოკვა მიზოგინური იდეების გავრცელების დასასრული? 12 მილიარდ ნახვაზე მეტი მხოლოდ ტიკტოკზე, მისი ონლაინ აკადემიის ათასობით წევრი, რომლებიც კონტენტს ვირუსულად ავრცელებენ და ის გავლენა, რაც ქალთმოძულე ინფლუენსერმა სხვებზე იქონია, აღნიშნულ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემას ართულებს.

თუმცა, ცხადია, რომ სოციალურმა ქსელებმა მეტად ეფექტური მეთოდები, შინაგანაწესი უნდა შეიმუშაონ, რათა დაინტერესებულმა ადამიანებმა ალგორითმის „გაცურება“ და ამ გზით საკუთარი ინტერესის შესრულება სამომავლოდ მაინც ვეღარ შეძლონ.

წყარო: The Latch / The Guardian

ახალი რეალითი შოუსთვის მარტოხელა ლგბტქი ადამიანების კასტინგი გამოცხადდა

დაქშენ კომპანია, Ain’t That Something Entertainment ლგბტქი რეალითი შოუსთვის კასტინგს აცხადებს, რომელიც მარტოხელა ქვიარ ადამიანების გაცნობაზე იქნება ორიენტირებული. კომპანიის ინსტაგრამ გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეპიკური შოუსთვის, რომლის მსგავსიც აქამდე არავის გაუკეთებია, “დინამიურ, თანამედროვე, ღიად ლგბტქი ადამიანებს” ეძებენ, რომლებიც “მარტოხელები არიან და სიყვარულის პოვნა უნდათ”.

Ain’t That Something Entertainment-ს აქამდე ისეთ შოუების კასტინგზე უმუშავია, როგორიც Real Housewives of Beverly Hills, Real Housewives of Orange County და Basketball Wives არის. კომპანიას შოუები აქვს მომზადებული MTV-ის, VH1-ის, TLC-ის, Syfy-ისა და სხვა არხებისთვის.

ლგბტქი ადამიანების გაცნობაზე ორიენტირებული რეალითი შოუს შექმნის წარუმატებელი მცდელობები აქამდე ყოფილა, თუმცა Ain’t That Something Entertainment-ის წარმატებული პროექტები ახალი წამოწყების რეალურად განხორციელების შანსებს ზრდის.

ორ მოსკოველ ბიჭს „გეი პროპაგანდის“ კანონით ბრალი წაუყენეს — მათ 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ორ მოსკოველ ბიჭს “გეი პროპაგანდის” მუხლით ბრალი წაუყენეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობელ სახლში მცხოვრები ბავშვების თქმით, სავარაუდოდ, წყვილი ღია ფანჯრიდან სქესობრივი აქტის დროს შენიშნეს. დაკავებული ბიჭები ამას უარყოფენ. ინფორმაციას ტელეგრამ არხი ბაზა ავრცელებს.

ბაზას ცნობით, ბავშვების დედამ პოლიციას მიმართა. შედეგად, 21 წლის ტიმური და 22 წლის დანიილი მოსკოვის პოლიციამ დააკავა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციელებმა ბინაშივე აიყვანეს, ხოლო მეორე თავად მივიდა განყოფილებაში.

დაკითხვისას ერთ-ერთმა დაკავებულმა აღნიშნა, რომ ბავშვებს რაღაც მოეჩვენათ. ის ამტკიცებს, რომ მეგობრებმა სააბაზანოში გაფუჭებული მილის შესაკეთებლად გაიხადეს, რადგან დასველება არ სურდათ. ერთ-ერთი მათგანის დედა ამბობს, რომ მის შვილს გოგო შეყვარებული ჰყავს. ტიმურიც და დანიილიც აცხადებენ, რომ ჰეტეროსექსუალები არიან.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თავად ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, რომ ორივე ბიჭი მათთვის “ადეკვატური და კარგი ჩანდა”. ბაზას ცნობით, მშობლები განცხადების გატანას და სიტუაციის შემსუბუქებას ცდილობენ.

„მუხლის ნაწილი, რომლითაც მათ ბრალი ედებათ, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ეხება, რის გამოც წყვილს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, — წერს ბაზა.

ამჟამად, ისინი 2 თვის ვადით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 2013 წელს „არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდა“ აიკრძალა. კანონი ლგბტქი ადამიანების დევნის მიზნით გამოიყენება და შედეგად, რუსეთში გაიზარდა მტრული დამოკიდებულება თემის წევრების მიმართ, რომლებიც ისედაც დიდი ხნის განმავლობაში წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. Human Rights Watch-ის შეფასებით, ეს კანონი პოლიტიკური ჰომოფობიის კლასიკური მაგალითია.

„ეროვნულ კანონმდებლობაში დისკრიმინაციის განმტკიცებით, რუსეთის „გეი პროპაგანდის“ კანონი ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. საერთაშორისო ორგანოებმა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ამ მიზეზით კანონი მკაცრად დაგმეს“, — აცხადებს Human Rights Watch.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ივლისში, დუმას საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტის შემუშავება დაიწყო, რომელიც ასაკის მიუხედავად, კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას“. კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ ასეთი აკრძალვა დღეს მხოლოდ ბავშვებს ეხებათ, რაც საკმარისად არ მიაჩნია.

კანონს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე განიხილავენ.

როგორ გახდა ცისარტყელას დროშა ლგბტქი სიმბოლო

საქართველოში საზოგადოების ჰომოფობიური განწყობებიდან გამომდინარე, იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით ცისარტყელას დროშებს, რომლებიც შეიძლება შენობების, ბარების აივნებიდან იყოს გადმოფენილი, ან თუნდაც, გამოსახული იყოს მაისურებსა და სტიკერებზე. ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სიყვარული სიყვარულია და სხვა დანარჩენს ნაკლები ყურადღება ენიჭება.

საინტერესოა, ვინ შექმნა ცისარტყელას დროშა და როგორ გადაიქცა ის ლგბტქი თემის მთავარ სიმბოლოდ.

ცისარტყელას დროშა 1978 წელს სანფრანცისკოში შეიქმნა. მისი ავტორია მხატვარი, დიზაინერი, ვიეტნამის ომის ვეტერანი და დრეგ შემსრულებელი გილბერტ ბეიკერი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ლგბტქი საზოგადოების სიამაყის სიმბოლოს შექმნის იდეა გილბერტს გამოჩენილმა გეი პოლიტიკოსმა, ჰარვი მილქმა მიაწოდა, თუმცა დროშის შექმნაზე ის 2 წლით ადრე ფიქრობდა. გილბერტი შთაგონებული იყო 1976 წელს ამერიკის 200 წლის იუბილეს აღნიშვნის დღესასწაულებით და 2015 წლის ინტერვიუში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან თქვა, რომ დროშაზე გამოსახული ვარსკვლავებისა და ზოლების (აშშ-ს დროშა) ცქერამ, გააცნობიერებინა მსგავსი კულტურული საჭიროება გეი საზოგადოებისთვის.

Spencer Platt / Getty Images

როგორც დრეგ შემსრულებელი, რომელიც საკუთარი სამოსის დამზადებას იყო მიჩვეული, საკულტო სიმბოლოს შექმნა არ გასჭირვებია. იმ დროისთვის ყველაზე ხშირად ლგბტქი მოძრაობის სიმბოლოდ ვარდისფერ სამკუთხედს იყენებდნენ, რომლითაც ნაცისტები ჰომოსექსუალებს აიდენტიფიცირებდნენ. ბნელი და მტკივნეული წარსულის მქონე სიმბოლოს გამოყენება ბეიკერის არჩევანი არასდროს ყოფილა, ამიტომ საკუთარი შთაგონების წყაროდ ცისარტყელა აქცია.

თავდაპირველად, დროშა 8 ფერისგან შედგებოდა: ვარდისფერი, წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი, მწვანე, ფირუზისფერი, ინდიგო და იასამნისფერი. მოგვიანებით რვაფერიან დროშას 2 ფერი გამოაკლდა. დროშის სხვადასხვა ფერი ერთიანობას ქმნიდა, რადგან ლგბტქი ადამიანები ყველა რასის, ასაკისა და სქესის წარმომადგენლები არიან, ხოლო ცისარტყელა ბუნებრივი და ლამაზია. თითოეული ფერი განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი იყო:

  • ვარდისფერი – სექსუალობა
  • წითელი – ცხოვრება
  • სტაფილოსფერი – ჯანმრთელობა
  • ყვითელი – მზის შუქი
  • მწვანე – ბუნება
  • ფირუზისფერი – ხელოვნება
  • ინდიგო – ჰარმონია
  • იასამნისფერი – სული

30-მდე მოხალისესთან ერთად, რომლებიც სანფრანცისკოში, გეი საზოგადოების ცენტრის სხვენში მუშაობდნენ, ბეიკერმა ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი ცისარტყელას დროშის პირველი ესკიზის შექმნა შეძლო. ის პირველად 1978 წლის 25 ივნისს, სანფრანცისკოს გეი აღლუმზე გამოჩნდა. დროშის გამოჩენის შემდეგ აღლუმის მონაწილეებმა ახალი სიმბოლო სოლიდარობის ნიშნად ამაყად ააფრიალეს.

გილბერტ ბეიკერმა დროშის დიზაინი Paramaount Flag Company-ში მიიტანა, რომელმაც დროშის ახალი ვერსია – ვარდისფერისა და ფირუზისფერის გარეშე, ლურჯი ფერის დამატებით გაყიდა.

 

1978 წლის 27 ნოემბერს, ჰარვი მილქის მკვლელობის შემდეგ, ცისარტყელას დროშებზე მოთხოვნა უფრო გაიზარდა. პოპულარობამ 10 წლის შემდეგაც იმატა, როდესაც დასავლეთ ჰოლივუდის მკვიდრმა თავის მემამულეს მისი რეზიდენციის გარეთ დროშის დაკიდების უფლებაზე უჩივლა.

ცისარტყელას დროშაზე მოთხოვნა წლების განმავლობაში იზრდებოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ახლა კი, ის მთელს მსოფლიოში ლგბტქი თემის პოზიტიურ სიმბოლოდ აღიქმება. მისი კილომეტრიანი ვერსია 2 მნიშვნელოვანი მოვლენის 25 წლის იუბილეს აღსანიშნად შექმნეს: სთოუნვოლის აჯანყებისა და ბეიკერის მიერ დროშის შექმნის დღეს.

გილბერტ ბეიკერი 2017 წლის 31 მარტს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2 წლის შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი და იგივე სქესის წყვილთა ქორწინება ლეგალური გახდა. მისი დატოვებული მემკვიდრეობა ექვსფერიან დროშაში ცოცხლობს, რომელიც ლგბტქი პრაიდებზე ყოველ წელს ამაყად ფრიალებს.

ცოდნის გაზიარება მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზების შესახებ – სასწავლო კურსი

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა სამოქალაქო აქტივისტებისთვის 5-დღიან სასწავლო კურსს ატარებს, რომელიც მონაწილეებს არაძალადობრივი პროტესტის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მიდგომებს გააცნობს.

სასწავლო კურსი, რომელიც 26-30 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება, იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც საკუთარ თემში ან რეგიონში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ცვლილებებზე უკვე მუშაობს, თანამოაზრეებს ეძებს, ახალი ცოდნის მიღებისა და გავრცელების სურვილი აქვს.

„ხუთდღიანი კურსის პროცესში მონაწილეები შეიმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებს და კურსის შემდგომ მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განხორციელების ან/და ტრენინგზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად“, — ნათქვამია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ვებგვერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

5-დღიანი ასწავლო კურსის თემების სრული ჩამონათვალი ასეთია:

  • საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მკაფიო მომავლის ხედვაზე მუშაობა;
  • საზოგადოებაში ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოკვლენა;
  • სამოქალაქო მორჩილება,  სამოქალაქო მორჩილების განსხვავებული ფორმებისა და გზების ანალიზი;
  • ცვლილების მექანიზმები – როგორ დავარწმუნოთ ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში;
  • მიზანმიმართული კომუნიკაცია – ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების და სხვა.

სასწავლო კურსს ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სერბული ორგანიზაციის, CANVAS-ის, გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრის ტრენერები გაუძღვებიან.

პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ სამოქალაქო აქტივისტები, რომელთაც აქვთ:

  • სამოქალაქო აქტივიზმის/სამოქალაქო ინიციატივების ინიციირებისა და განხორციელების გამოცდილება სათემო, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ბოლო სამი წლის განმავლობაში;
  • კონკრეტულ პრობლემაზე/გამოწვევაზე მუშაობის სურვილი;
  • ახალი ცოდნის მიღების და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მოტივაცია;
  • სხვა რეგიონებში და განსხვავებულ თემებზე მომუშავე სამოქალაქო აქტივისტებთან თანამშრომლობის და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ინტერესი.

თუ თანამოაზრეებთან დაკავშირება, მომიჯნავე მიმართულებით მომუშავე აქტივისტთა გამოცდილების გაზიარება, საქმიანობისთვის ინდივიდუალური ან/და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება გსურთ, 6 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე –  [email protected] – რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ან ვიდეო უნდა გაგზავნოთ, სადაც ისაუბრებთ:

  • რატომ ხართ დაინტერესებული ამ სასწავლო კურსით?
  • რა არის ის გამოწვევა/პრობლემა თქვენს თემში/ქალაქში/რეგიონში/ქვეყანაში, რაზეც ახლა მუშაობთ და სასწავლო კურსის გავლის შემდეგაც გააგრძელებთ მუშაობას?
  • ამ სასწავლო კურსის თემებიდან რომლის ცოდნა დაგეხმარებათ ყველაზე მეტად თქვენი ინიციატივის უფრო ეფექტიანად განხორციელებაში?

რეგიონში მცხოვრები აქტივისტების თბილისამდე ტრანსპორტირებასა და განთავსების ხარჯებს პროგრამის ორგანიზატორები დაფარავენ.

ჰარი სტაილსი სექსუალობაზე, საჯარო ურთიერთობებსა და ქვიარ ფილმზე

ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, ჰარი სტაილსმა, წარსულშივე გასაგები გახადა, რომ არ სურს, საჯაროდ საუბრისას თავისი სექსუალობა რომელიმე ტერმინით განსაზღვროს. მისი შეხედულებები არც ახლა შეცვლილა, თუმცა Rolling Stones-ის ბოლო ინტერვიუში მან ღიად დააფიქსირა, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.

მაგალითად, აუდიტორიის დამოკიდებულება მსახიობ ოლივია უაილდთან ურთიერთობის მიმართ. ჰარისა და ოლივიას ურთიერთობა კამათის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც იანვარში გაირკვა, რომ შესაძლოა, ისინი ერთად არიან. ბევრი გულშემატკივარი მხარს უჭერს და პატივს სცემს ჰარი სტაილსის არჩევანს, თუმცა სხვები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას და აყალიბებენ საკუთარ ნარატივებს ამ ურთიერთობის შესახებ – თითქოს უაილდი ბოროტმოქმედია, ხოლო სტაილსი მის ქსელში გახვეული მსხვერპლი.

„ეს თავს ცუდად მაგრძნობინებს. თვალსაჩინოდ შემზარავი შეგრძნებაა, როდესაც ჩემთან ახლოს ყოფნა ტვიტერის ერთი მხარისთვის თავის შეწირვასთან ასოცირდება. მე უბრალოდ სიმღერა მინდოდა. არ მსურდა, გავმხდარიყავი ამ ყველაფრის ნაწილი, თუ ხალხს გულს ვატკენდი“, — ამბობს ჰარი.

Neil Mockford / GC Images

ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ სტაილსს გადაწყვეტილი აქვს, როცა ურთიერთობებზე ჰკითხავენ, დუმილით უპასუხოს.

„დიდი ხნის განმავლობაში, ერთადერთი, რაც მართლა მე მეკუთვნოდა, ჩემი სექსუალური ცხოვრება იყო“, — ნათქვამი აქვს ჰარის ადრინდელ ინტერვიუებში.

ის ამ თემას Rolling Stones-სთანაც შეეხო და დაადასტურა, რომ მხოლოდ ქალებს ხვდებოდა. სტაილსი თავის ქვიარ იდენტობაზე მინიშნებებს იძლევა, თუმცა საკუთარი სექსუალობისთვის იარლიყის მიწებების სურვილი არ აქვს.

„ხანდახან ხალხი ამბობს, რომ საჯაროდ მხოლოდ ქალებთან ვყოფილხარ, მე კი, ვფიქრობ, რომ საჯაროდ არავისთან ვყოფილვარ. თუ ვინმესთან ერთად ფოტოს გიღებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მასთან საჯარო ურთიერთობა გაქვს“, — ამბობს მომღერალი.

შესაძლოა, სტაილსის პასუხმა გულშემატკივრები, რომლებიც უფრო კონკრეტულ პასუხებს ეძებენ, ვერ დააკმაყოფილოს, მაგრამ ეს არის ის, რაც ჰარის სურს, მსოფლიოს გაუზიაროს.

ჰარი სტაილსი დიდი სიამოვნებით საუბრობს ფილმზე My Policemen (ჩემი პოლიციელი), რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა. ის ბისექსუალი პოლიციელის, ტომ ბერჯესის როლს ასრულებს, რომელიც ქალზე დაქორწინდება (ცოლის როლს ემა კორინი თამაშობს), რადგან კაცი იმ დროს შეუყვარდება, როცა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობას ჯერ კიდევ უკანონოდ თვლიან. ფილმში მოვლენები რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ვითარდება, როდესაც ტომის ყოფილი შეყვარებული დაქორწინებული წყვილის ცხოვრებაში ადგილს ხელახლა იკავებს.

„ვფიქრობ, ყველას, მათ შორის მეც, საკუთარი გზის გავლა გვიწევს სექსუალობის გამორკვევასა და მასთან ერთად უფრო კომფორტულად ცხოვრებისთვის“ — ამბობს სტაილსი ფილმთან დაკავშირებით.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორია სექსი ორ მამაკაცს შორის, კონკრეტულად, რამდენად ნაზი შეიძლება იყოს ის.

„უმეტეს ფილმში გეი სექსი სინაზეს მოკლებულია. რეჟისორს სურდა, ამ ფილმით ეჩვენებინა, რომ ის ნაზი, სათუთი და სენსიტიური შეიძლება იყოს“, — აღნიშნა ჰარიმ.

ფილმის პრემიერა პრაიმ ვიდეოზე 21 ოქტომბერს შედგება.