Lincoln Agnew / LAMag

60-იანი წლების ქვიარ წინააღმდეგობები — მოვლენები, რომელთა კულმინაციად სტოუნვოლი იქცა

1969 წლის 28 ივნისს, გამთენიისას, პოლიციამ Stonewall Inn-ის, ნიუ-იორკში მდებარე გეი ბარის დარბევა დაიწყო, რასაც ადგილზე მყოფი ქვიარ ადამიანების წინააღმდეგობა მოჰყვა. ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიის ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი მომენტი ერთგვარი შემობრუნების წერტილია, რომელმაც გავლენა იქონია არამხოლოდ გასული საუკუნის აშშ-ის ლგბტქი გამათავისუფლებელ მოძრაობაზე ან მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე, არამედ საერთოდ შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა ქვიარ ადამიანების ყოველდღიურობა დღეს, რომ არა სტოუნვოლის აჯანყება თუ წინააღმდეგობა.

JUSTIN J WEE / THE NEW YORK TIMES/REDUX

ხშირად, მშვიდობიანი პროტესტით დაწყებულ ამ აჯანყებას სპონტანურ შემთხვევას უწოდებენ, რომელმაც აშშ-ში გეი უფლებებისთვის ბრძოლის მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. გარდა იმისა, რომ  ეს მოსაზრება ფაქტობრივად არასწორია, ამის მტკიცება 1969 წლამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული წინააღმდეგობების, ქვიარ ადამიანების პროტესტის, მოძრაობების უგულებელყოფაც არის. 

მსგავსი დარბევა პოლიციის სისასტიკისა და დამამცირებელი მოპყრობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და არც ეს იყო ქვიარ წინააღმდეგობის საწყისი. სტოუნვოლის აჯანყება, ასე ვთქვათ, კულმინაციაა, რომელსაც ლგბტქი ადამიანების ხანგრძლივი, შეთანხმებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპონტანური ამბოხი უძღოდა წინ. 

ლგბტქი მოძრაობების ისტორია მე-19 საუკუნის მიწურულიდან იწყება, თუმცა ქვიარ წინააღმდეგობის ჩანასახოვან ეტაპზე თვალის მიდევნება საკმაოდ რთულია. ერთი კი ცალსახაა — აშშ-ში სტოუნვოლამდე განვლილი ათწლეული მზარდი შეუგუებლობის, ბრაზის მომწიფების, სულ უფრო ხილული ბრძოლის პერიოდია, რომელიც მუდმივი ჩაგვრის, დამცირების, სიცოცხლისთვის საშიში მოპყრობის დაგმობის აუცილებლობამ განაპირობა. 

Cooper Do-nuts — პირველი თანამედროვე აჯანყება აშშ-ის ისტორიაში 

კადრი კენტ მაკენზის ფილმიდან — The Exiles (1961)

Cooper Do-nuts ლოს ანჯელესში, გეი ბარებს შორის მოქცეული სადონატე იყო, რომელსაც ტრანსგენდერი ქალები, დრეგ ქვინები, ლესბოსელი ქალები თუ გეი კაცები ხშირად სტუმრობდნენ. ინკლუზიური ადგილი ქვიარების, სექს-მუშაკებისა და ფერადკანიანი ტრანსგენდერი ადამიანების თავშეყრის ადგილი იყო. ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე შეკრებილებს გამუდმებით შეურაცხმყოფლად ექცეოდნენ, უსაფუძვლოდ აჩერებდნენ და ოფიციალურ დოკუმენტებს უმოწმებდნენ, რათა საბუთებში აღნიშნული გენდერის და ვიზუალური მახასიათებლების თანხვედრა გადაემოწმებინათ. 

1959 წელს, მწერალი ჯონ რეჩი და მისი მეგობრები პოლიციამ გააჩერა, დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა და უსაფუძვლოდ დააკავა. ადგილზე მყოფებმა პროტესტი წამოიწყეს და პოლიციას დონატები და ყავის ფინჯნები დაუნიშნეს. პოლიციამ დამხმარე ძალა გამოიძახა და ამბოხის არაერთი მონაწილე დააკავა. აღნიშნული ისტორია მეტწილად ჯონ რეჩის მონათხრობს ეყრდნობა — მწერალმა ჯერ 1963 წლის ნაწარმოებში – „ღამის ქალაქი“ გააკეთა მინიშნება რამდენიმე წლით ადრე მომხდარ აჯანყებაზე, 2005 წელს კი ინტერვიუში უფრო მეტი დეტალი გაიხსენა. ისტორიკოსთა ნაწილი Cooper Do-nuts-ის აჯანყების შესახებ არსებული ფაქტების სიმწირისა და რეჩის მიერ მოთხრობილი ფაქტების უზუსტობათა გამო მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, იმ პერიოდში წინააღმდეგობას მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა 46 წლის დაგვიანებით მოყოლილ ამბის ნდობა ბოლომდე არ შეიძლება. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით კი, აღნიშნული მოვლენა აშშ-ის ლგბტქი ისტორიაში პირველი თანამედროვე აჯანყებაა. 

დაპირისპირება გეი ბარში — The Black Nite

Wisconsin LGBT History Project

გეი ბარი Black Nite ქვიარ ადამიანების თავშეყრის ადგილად 1959 წელს, მას შემდეგ იქცა, რაც მისი მართვა მილოუკიში მცხოვრებმა ფინანსისტმა, ჰარი კამინსკიმ დაიწყო. ამ ადგილას არსებული ტავერნის მეპატრონე მეზობელი გართობის ადგილებიდან ქვიარ მომხმარებლების შემოდინების წინააღმდეგი იყო, მაგრამ კამინსკი იმ ადამიანებისთვის მომსახურების შეთავაზების ფინანსურმა სარგებელმა მოხიბლა, რომელთაც წასასვლელი არსად ჰქონდათ, ამიტომ ტავერნის მფლობელს განუცხადა — „თუ ვერ დავამარცხებთ, შევუერთდეთ“. ამ დღიდან ტავერნა ქვიარ ადამიანების თავისუფალი გამოხატვის სივრცედ იქცა — ეწყობოდა დრეგ შოუები, კარი ღია იყო ნებისმიერი სექსუალური და გენდერული გამოხატვის ადამიანისთვის. 

1961 წელს, 5 აგვისტოს ღამეს, მეზობელი ბარიდან გამოსულმა საზღვაო ფლოტის მსახურმა ოთხმა კაცმა გეი ბარში შესვლა გადაწყვიტა, რაზეც უარი მიიღო. ფლოტის მსახურები დრეგ შემსრულებლის, ჯოსი კარტერის ქმარს ლუდის ბოთლებით დაესხნენ თავს. კარტერმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, შედეგად თავდამსხმელთაგან 2 კაცი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მალევე ადგილზე საზღვაო ფლოტის სხვა ჯარისკაცებიც მოვიდნენ, რასაც საპასუხო შეტევა მოჰყვა. 70-ზე მეტი ლგბტქი ადამიანი მოძალადეების წინააღმდეგ გამოვიდა. ბარის ინტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა, სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ადგილზე მყოფი ლგბტქი ადამიანები არ დააკავა, რაც იმდროინდელი სამართალდამცავების მხრიდან იშვიათობა იყო და საპატიმროში მხოლოდ ბარზე თავდამსხმელები გადაიყვანა. 1961 წლის 5 აგვისტო — დღე, როცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ვიხილეთ ლგბტქი ისტორიაში, Black Nite-ის აურზაურით არის ცნობილი. 

60-იანი წლების პიკეტირებები

Kay Tobin Lahusen / NYPL

60-იან წლებში, უფრო ზუსტად კი 1964 წლიდან, ოფიციალური უწყებების, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების პიკეტირებების პერიოდი იწყება. ორგანიზებული წინააღმდეგობა, რომელიც მეტწილად ახალგაზრდებისგან შედგებოდა, ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელისუფლების პოზიციას აპროტესტებდა.

1964 წელს, აქტივისტმა რენდი უიკერმა აშშ-ის სამხედრო ძალების მხრიდან გეი ადამიანების მიმართ უთანასწორო მოპყრობის გასაპროტესტებლად ვაითჰოლ სთრითზე მდებარე ახალწვეულთა ცენტრის პიკეტირების ორგანიზება გადაწყვიტა. ეს მომენტი აშშ-ში გეი უფლებების დაცვის პირველ დემონსტრაციად ითვლება. იმავე წლის დეკემბერში აქტივისტებმა ფსიქოანალიტიკოსის ლექცია ჩაშალეს, რომელიც ჰომოსექსუალობას განიხილავდა, როგორც მენტალურ აშლილობას. 1965 წელს კი თეთრი სახლისა და გაეროს შენობების პიკეტირება მოხდა — აქტივისტები კუბაში ჰომოსექსუალების შრომით ბანაკებში გაგზავნას აპროტესტებდნენ. 

1965 წელს დაიწყო ECHO-ს მიერ ორგანიზებული პიკეტების სერია. აქტივისტები ლგბტქი უფლებრივი უთანასწორობის გასაპროტესტებლად სახელმწიფო უწყებებს აქცევდნენ ალყაში. პიკეტირებების სერია 1969 წლამდე გაგრძელდა. 

The Mattachine Society-ის პროტესტი ალკოჰოლის მოთხოვნით

Fred W. McDarrah / Getty Images

The Mattachine Society-ის, აშშ-ის ერთ-ერთი პირველი ლგბტქი უფლებადაცვითი ჯგუფის წევრები დიკ ლიჩი, კრეიგ როდველი და ჯონ ტიმონსი ნიუ იორკის რეგულაციას ეწინააღმდეგებოდნენ, რომლის მიხედვითაც, გაცხადებული ჰომოსექსუალებისთვის ალკოჰოლის მიყიდვა იკრძალებოდა. ამიტომ, აქტივისტებმა ბარების შემოვლა, საკუთარი ორიენტაციის გაჟღერება და ალკოჰოლის მოთხოვნა გადაწყვიტეს. 

The Mattachine Society-ის წევრებს ბარ Julius-ში მომსახურებაზე უარი უთხრეს. ლიჩმა ადგილობრივ ალკოჰოლის კონტროლის სამსახურს საჩივარი გაუგზავნა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა დიდი გამარჯვება იყო ქალაქის ადამიანის უფლებათა კომისიის განკარგულება, რომლის თანახმადაც, მსგავსი დისკრიმინაცია დაუშვებელია და არ უნდა გაგრძელდეს.

ღირსების მარში მოტოების კოლონით

Feature Shoot

1970 წლის 28 ივნისს, სტოუნვოლის აჯანყებიდან ერთი წლის თავზე, ლოს ანჯელესში და ჩიკაგოში მსვლელობა, კრისტოფერ სთრითის გამათავისუფლებელი დღე მოეწყო და ეს თარიღი პირველ ლგბტქი ღირსების მარშად ითვლება. ამ გარდამტეხ დღემდე 4 წლით ადრე, 1966 წელს, ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაციების კოალიციამ შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ერთდროული დემონსტრაცია დაგეგმა. ლოს ანჯელესის ჯგუფმა მოტოების კოლონით ჩამოიარა, სხვა ქალაქებში კი პიკეტირებები მოეწყო. მცირე მასშტაბის დემონსტრაცია, შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში პირველ ქვიარ მარშად ჩაითვალოს. 

კომპტონის კაფეტერიის ამბოხი

გასული საუკუნის სამოციან წლებში, აშშ-ში „ქალის განსახიერებისთვის“ დაპატიმრებები გავრცელებული იყო. ხშირად, კაფეებისა და ბარების მეპატრონეები ქვიარ მომხმარებლების თავიდან მოშორების მიზნით პოლიციას ურეკავდნენ და „მართლსაწინააღმდეგო ქმედების“ შესახებ ატყობინებდნენ. 

1966 წელს, კომპტონის კაფეტერიის თანამშრომელმა პოლიციაში დარეკა და დაწესებულებაში მყოფი ტრანსგენდერი ქალის მხრიდან წესრიგის დარღვევის შესახებ განაცხადა. ადგილზე მისულმა პოლიციელმა ტრანსგენდერი ქალის დაპატიმრება სცადა. ქალმა პოლიციელს ყავის ფინჯანი ესროლა. მოწმეების მონათხრობის მიხედვით, ადგილზე შეკრებილები ფანჯრებსა და პოლიციელებს ჭურჭელს ესროდნენ, მაგიდებს აყირავებდნენ. პოლიციელებმა დამხმარე ძალის გამოძახება სცადეს, რასაც ქუჩაში დაპირისპირება მოჰყვა. აჯანყებულებმა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის საპასუხოდ პოლიციის მანქანა დააზიანეს და ახალი ამბების ჯიხურს ცეცხლი წაუკიდეს. 

მომდევნო დღეს პროტესტს კიდევ უფრო მეტი ტრანსგენდერი ადამიანი, სექს-მუშაკი, ქუჩის მაცხოვრებელი შეუერთდა. მათ კომპტონის კაფეტერია ალყაში მოაქციეს. ახლა ეს ადგილი სან ფრანცისკოელი ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგობის საწყის წერტილად ითვლება. 

The Black Cat-ის აჯანყება 

ONE National Gay and Lesbian Archives / USC Libraries

1966 წელს, ლოს ანჯელესში The Black Cat ტავერნა გაიხსნა და თავიდანვე ქვიარ ადამიანების სოციალიზაციის ადგილად ითვლებოდა, რაც, უკვე ნახსენები წინააღმდეგობების ისტორიას თუ გავიხსენებთ, უსაფრთხო არ იყო. იმავე წელს, ახალი წლის წინა დღეს, პოლიციელები ბარში ფორმის გარეშე შეიპარნენ, შუაღამემდე მოიცადეს და დამხმარე ძალები დაწესებულებას თავს დაესხნენ. უამრავი ქვიარ ადამიანი სასტიკად სცემეს. დაპირისპირება და ძალადობა მეზობელ ბარებშიც გაგრძელდა, რაც სიახლე არ იყო. 

თუმცა, ახალი წლის ღამეს დაწყებული წინააღმდეგობა ბევრად მძლავრი აღმოჩნდა – ბარის ერთგულმა სტუმრებმა, ახალდაარსებული ჯგუფის, PRIDE-ის წევრებმა, 1967 წლის თებერვალში საპროტესტო ტალღა წამოიწყეს, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა. მიზანი „პოლიციის უკანონობის“ დაგმობა იყო. მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ პოლიციის შეიარაღებული ოფიცრების ბატალიონი გამოვიდა. წინააღმდეგობამ მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ 2 კაცი საჯარო სივრცეში კოცნისთვის დააპატიმრეს.


ლგბტქი ისტორიაზე ერთი თვალის გადავლებით მხოლოდ განსაკუთრებით მძლავრი, გარდამტეხი მომენტების მოხელთება შეგვიძლია, მაგრამ ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ნებისმიერი ქვაკუთხედი მრავალწლიანი წინააღმდეგობის, ორგანიზებული პროტესტის — თუნდაც იმ სოციალურ სივრცეებზე უფლების ჩამორთმევის საპასუხოდ არდანებების შედეგია, რაც საბოლოოდ ბევრად ძლიერი მოძრაობების ფორმირებას უწყობს ხელს.

წინა

ჩვენი უნარების დამცრობა უნდოდათ, მაგრამ დრეგ ქვინებმა საპირისპირო დავამტკიცეთ — ჯინქს მონსუნი

შემდეგი

მადონა ერთადერთი ქალია, რომლის ალბომები ჩარტების სათავეში 5 ათწლეულია უწყვეტად ხვდება

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების