Andrej Cukic

ბელგრადის პრაიდის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

ონლაინ პლატფორმაზე All Out, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველს ლგბტქი უფლებებისთვის საკუთარი პეტიციის შექმნის საშუალებას აძლევს, ბელგრადის პრაიდის მხარდასაჭერად პეტიცია გამოქვეყნდა.

გთავაზობთ პეტიციის მიმართვას უცვლელად, რომელსაც ევროპრაიდის ორგანიზატორთა ასოციაცია უჭერს მხარს.

„სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერმინისტრს ანა ბრნაბიჩს:

ლგბტქი თემი დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანაში უამრავ სირთულეს ებრძვის და ისეთი პრობლემების წინაშეა, როგორიცაა პირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, ხისტი მთავრობები, რომლებიც შეთავაზებული კანონების მიღებაზე უარს ამბობენ.

ევროპრაიდი 2022 რეგიონში მცხოვრები საზოგადოებისთვის არის შანსი თანასწორობისთვის ბრძოლაში საერთაშორისო ყურადღების მიქცევით გააუმჯობესოს თავისი პოზიცია, არსებული გამოწვევების შესახებ აამაღლოს ცნობიერება.

ჩვენ, ბელგრადის პრაიდი და ევროპრაიდის ორგანიზატორების ასოციაცია, ვთხოვთ სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს, მხარი დაუჭიროს ევროპრაიდი 2022-ის მასპინძლობას ბელგრადში, ხოლო სერბეთის პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩს, შეასრულოს თავისი ვალდებულება, რაც დაადასტურებს მათ ერთგულებას თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში იმ ქვეყნისათვის, რომელსაც ლიდერობენ.

ღონისძიების გაუქმება ან გაუქმების რეკომენდაციის გაცემა მათი მუქარის გამო, ვინც ეწინააღმდეგება თანასწორობასა და ადამიანის უფლებებს, მათ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. სიძულვილს არ აქვს გამარჯვების უფლება და ევროპრაიდი სერბეთის მთავრობის მხარდაჭერით უნდა გაგრძელდეს“.

ბელგრადი ლგბტქი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება. ევროპრაიდის მარში 2022 წლის 17 სექტემბერს არის დაგეგმილი, მაგრამ ღონისძიება რისკის ქვეშ დგას.

ბელგრადის პრაიდს ორგანიზებას უწევენ ლგბტქი უფლებადამცველი ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ლგბტქი საზოგადოების ხილვადობის ამაღლებისათვის, ცრურწმენებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ, თანასწორობისთვის იბრძვიან.

2019 წლის სექტემბერში ბელგრადმა ისტორიულ ტენდერში გაიმარჯვა ბარსელონას, დუბლინისა და პორტუგალიის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ევროპრაიდი 2022 ბელგარდში უნდა გამართულიყო.

2019 წლის დასაწყისში, სერბეთის პრემიერმინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა, რომელიც პირველი ღიად ქვიარი ქალია ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ხელი მოაწერა მხარდაჭერის წერილს ბელგრადის მიერ ევროპრაიდი 2022-ის მასპინძლობის შესახებ. წერილში ნათქვამია:

„ამ მხარდაჭერით მინდა ხაზი გავუსვა მთავრობის გადაწყვეტილებას, იბრძოლოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ დადასტურდეს ჩვენი მიზანი, ავაშენოთ უკეთესი და თანასწორი ქვეყანა ყველასთვის. მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ყველა მოქალაქის უფლებებს უზრუნველყოფს და გპირდებით, რომ ბელგრადის პრაიდის ორგანიზატორებს ევროპრაიდის უსაფრთხო და წარმატებულ ორგანიზებაში დავეხმარებით“.

2022 წლის 27 აგვისტოს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ანა ბრნაბიჩი სერბეთის პრემიერმინისტრად კიდევ ერთი ვადით დანიშნა. მედიასთან გამოსვლისას ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპრაიდი გაუქმდება“. განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების, აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე სერბეთში.

„სახელმწიფოს, კონკრეტულად პოლიციას, ევროპრაიდის მარშის ჩაშლა შეუძლია, მაგრამ მას ვერ გააუქმებენ. ასეთი გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ევროპრაიდი 2022-ისთვის დახურულ სივრცეებში დაგეგმილი ღონისძიებები არ აიკრძალება. ველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას, რომელსაც გავასაჩივრებთ“ — განაცხადეს ევროპრაიდის ორგანიზატორებმა და დასძინეს, რომ მზადება ყველა დაგეგმილი ღონისძიებისთვის გრძელდება.

პრაიდის გამართვა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. პრაიდის „აკრძალვის“ ნებისმიერი მცდელობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევაა, რომელიც ხელმოწერილია სერბეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მიერ.

წინა

შევცვალოთ გარემო უკეთესი მომავლისთვის — ტრენინგი

შემდეგი

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახის ცნება ქვიარ წყვილებსაც მოიცავს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების