აგვისტო 2022 - Page 3

საკუთარი თავის შეყვარება, აქტივიზმი და მუსიკა – ანრი კერესელიძის გამოცდილება

„ახლა რომ ვფიქრობ, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ყოველთვის ვიცოდი, სხვადასხვა ნიშნით შეიძლებოდა იმის მიხვედრა, რომ გეი ვარ. თუმცა, ინფორმაციის არქონის გამო რაღაცების განსაზღვრა რთული იყო და რაც ჩემამდე აღწევდა, ძირითადად, შეურაცხმყოფელ ტერმინებში იყო მოქცეული, როგორც რაღაც არასწორი”, — იხსენებს დამწყები მუსიკოსი და ქვიარ აქტივისტი, ანრი კერესელიძე. მან ჯერ კიდევ ბავშვობაში გააცნობიერა ისიც, რომ ამაზე სხვებთან ღიად საუბარი საფრთხისშემცველი იყო.

„ჯერ კიდევ ბავშვური თამაშებისას, და მსგავსი გამოცდილება, ვთვლი, რომ გარშემო ბევრს ჰქონია, რაღაცების გაზიარება, ღიად თქმა მინდოდა, თუმცა თავიდანვე მივხვდი, რომ სხვები სწორად ვერ გაიგებდნენ. ეს ის პერიოდი იყო, როცა პირველად ჩავიკეტე და არასწორადაც კი მივიჩნიე მისწრაფებები, რომლებზე ღიად საუბარიც მჭირდებოდა“, — ამბობს ანრი.

ანრი კერესელიძემ საკუთარ თავთან ბრძოლის გზა გაიარა, რასაც სექსუალურ ორიენტაციაზე მეგობართან საუბარი, შემდეგ ლგბტქი ორგანიზაციების ღონისძიებებზე სიარული და ანდერგრაუნდ სივრცეში საკუთარი თავის შეყვარება მოჰყვა. ერთ დღეს კი ეს გზა აქტივისტურ საქმიანობამდე მივიდა.

საკუთარ თავთან ბრძოლა, პირველი სიყვარული და ქამინგაუთი

სტიგმის გამო, ლგბტქი ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სოციალიზებაც არ მინდოდა. იმ ადამიანებთან არავითარი კავშირი არ მინდოდა მქონოდა, რომლებიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბრობდნენ.

რადგან გარემო ისეთი იყო, რომ იდენტობაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე კითხვების დასმაც კი არასწორად მიიჩნეოდა, საკუთარ თავთან ბრძოლა დავიწყე. სხვადასხვა გზა მოვსინჯე და ვიყენებდი ყველა რესურსს, რაც იმ დროს გამაჩნდა. დავიწყე ეკლესიაში სიარული, სტიქაროსანი გავხდი და მოლოდინი მქონდა, რომ ამ გზით რაღაცების გადაფარვას შევძლებდი.

საკუთარ თავთან ბრძოლამ სრულწლოვანებამდე გასტანა, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ რაღაცები შეიცვალა. იქამდე ჩემს იდენტობაზე არავისთან მისაუბრია, ანონიმური ფეისბუკ ანგარიში მქონდა და მხოლოდ იქ ვბედავდი, რომ რაღაცებზე მეწერა, ამ აზრებს კი სხვა ანონიმურ ანგარიშებს ვუზიარებდი. ეს ანონიმური სივრცე იქცა საკუთარი თავის გამომზეურების პირველ საშუალებად.

პირველი შეყვარებული სწორედ ანონიმური ფეისბუკის მეშვეობით გავიცანი. მაგ დროს მივხვდი, ეს ის მოცემულობა იყო, რომელშიც საკუთარი თავი ვიპოვე. იქამდე საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ ბისექსუალი ვიყავი, რაც ერთგვარი ხელჩასაჭიდი იყო. საკუთარ თავთან არსებული უამრავი კითხვის გამო პირველი სექსი ქალთან მქონდა და ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ გეი ვარ.

საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე პირველად მეგობართან ვისაუბრე, რომელიც იქამდე თვითონ გამომიტყდა. ის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი გახდა, რადგან ერთმანეთს ვშველოდით, ღიად საუბარი შეგვეძლო. ამ ადამიანმა შემაძლებინა საუბარი ისეთ თემებზე, რომლებზე ღიად საუბარიც იქამდე არ შემეძლო. ამიტომ დღემდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეგობარია.

ლგბტქი ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სოციალიზებაც არ მინდოდა, რადგან სტიგმის გამო იმ ადამიანებთან არავითარი კავშირი არ მინდოდა მქონოდა, რომლებიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბრობდნენ. შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მძიმე პერიოდი მქონდა და საჭიროებიდან გამომდინარე დავუკავშირდი თანადგომის სოციალურ მუშაკს.

იმავე პერიოდში WISG-ის შეხვედრებს ვესწრებოდი, რომელთა შესახებაც მეგობრისგან, ლესბოსელი გოგოსგან გავიგე, მაგრამ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში ისევ ვიყავი. მცირე ასაკიდან იმდენად გვაჩვევენ, რომ საკუთარი თავი ღიად არ უნდა გამოვხატოთ, რომ შიში და უხერხულობა მქონდა. შეხვედრებზე იდენტობაზე, სხვა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობდნენ, რაზეც იქამდე წარმოდგენა არ მქონდა. მაშინ გავიგე, რომ გენდერი და სექსუალობა სხვადასხვა ცნებებია და საკუთარი თავის შენება ფაზლივით დავიწყე. მივხვდი, რომ ცისგენდერი (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც ბიოლოგიურ სქესთან თანხვედრაშია) ვარ, რომლისთვისაც მასკულინობა კომფორტულია.

ანდერგრაუნდ სივრცეები, რომლებმაც საკუთარი თავის სიყვარული შეაძლებინა

მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სიახლის მიღების გამბედაობა, რადგან შიში საკუთარი და სხვების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს.

ჩემს პირველ ჰორუმნაითზე (ყოველთვიური ქვიარ მუსიკალური საღამოების სერია, რომელსაც კლუბი ბასიანი მასპინძლობს) მარტო წავედი და ულამაზესი სცენა, დრეგ შოუ ვნახე, რომელმაც შემძრა. ეს შვება იყო. იქ პირველად მივხვდი, რომ მარტო არ ვარ. ეს იყო სივრცე, რომელში შესვლამაც საკუთარი თავის შეყვარება, ჩახუტება, დანახვა შემაძლებინა. ბევრისთვის ეს რთული პროცესია და მთელი ცხოვრება ვერ ახერხებენ, მაგრამ იმ მომენტში რატომღაც გამიმარტივდა.

იმავე პერიოდში იყო გალერის ღონისძიებები, მოგვიანებით საქსესი და სულ უფრო მეტად, ამ სივრცეების გავლით ვიღებდი საკუთარ თავსაც და არაერთი ადამიანიც ვიპოვე. რაც არ უნდა იკითხო, რამდენად დიდი წარმოდგენაც არ უნდა გქონდეს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ, თუ ადამიანებთან პირადად ურთიერთობის გამოცდილება არ გაქვს, რთულია რაღაცებს ბოლომდე მიხვდე. მუდმივად არასწორ წარმოდგენებს გილექავენ ქვიარ ადამიანების შესახებ და სტიგმების მსხვრევა ამ სოციალიზაციის სივრცეების გარეშე რთულია. იქამდე ტრანსფობი, ჰომოფობიც ვიყავი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სიახლის მიღების გამბედაობა, რადგან შიში საკუთარი და სხვების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. 

საქსესში მივდიოდი და სწრაფადვე უკან მოვდიოდი. მერე უფრო გავიხსენი და ადამიანებთან ურთიერთობა, საკუთარი თავის ღიად გამოხატვა დავიწყე, მეგობრები შევიძინე, რომელთაც ჩემი ესმოდათ. სოციალიზაცია საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ამ სივრცეებით არის შემოსაზღვრული.

ანდერგრაუნდ სივრცეში მუსიკის სიყვარულით აღმოვჩნდი, ბავშვობიდან მუსიკალური ადამიანი ვიყავი, მერე უკვე მუსიკის წერაც დავიწყე. ახალი, ხარისხიანი მუსიკის მოსმენა და სოციალიზაცია ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. მუსიკამ და იდენტობამ რაღაცნაირად გამაერთიანა. მერე უკვე ყველა შეხვედრას, ორგანიზაციების აქტივობებს ვესწრებოდი — იდენტობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თუ აქტივიზმის შესახებ.

სხვების დახმარების პირველი მცდელობები და გულისწყვეტა

გრძელი პროცესია — ჯერ საკუთარ თავს ემალები, მერე იღებ. საკუთარ თავს შეიყვარებ და ცდილობ, სხვებსაც დაანახო, ვინ ხარ რეალურად, რატომ არის გაუმართლებელი ვერმიღება მხოლოდ ორიენტაციის გამო.

გავაცნობიერე, რომ ყველაზე საჭირო მომენტში ცენტრ თანადგომას თანამშრომლისთვის რომ არ მიმეწერა, ეს შესაძლებლობა რომ არ მქონოდა, ჩემი ცხოვრების იმ პერიოდის უკან მოტოვება ბევრად გამიჭირდებოდა. ამან მიმახვედრა, რამდენად მნიშვნელოვანია აქტივისტების საქმიანობა.

შეხვედრებზე რასაც ვისმენდი, ვუზიარებდი ყველას — მიმოწერისას თუ პაემნებისას და ეს არანაკლებ საჭირო ჯაჭვია. მაშინ უბრალოდ ვფიქრობდი, რომ თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს და გინდა, რომ კარგი მოქალაქე იყო, სხვებსაც უნდა გააგებინო ის, რაც შენ გაიგე, მიიღე. მიმაჩნდა, რომ ეს ჩემი ვალი იყო. მაგ დროს ერთ-ერთ მღვდელთანაც მქონდა პაემანი, რომელიც საკუთარი თავის ვერ მიღების გამო მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. მაშინ მისი გაგება მიჭირდა, ვერ ვხვდებოდი, ადამიანს საკუთარი ბედნიერების სანაცვლოდ მსგავსი გადაწყვეტილება რატომ უნდა მიეღო. გული მწყდებოდა, რომ სხვებს არ შეეძლოთ ის, რაც მე შევძელი. ახლა ვიცი, რომ წნეხი ამ ყველაფერს ართულებს და ადამიანების გამოცდილების გაგება უნდა ვცადოთ.

თანასწორობის მოძრაობის აქტივისტურ ბანაკშიც ვიყავი, მერე კვლევებსაც ვაკეთებდი, ექიმებთან და სოციალურ მუშაკებთან მიმუშავია და ვხედავდი, რამდენად არასწორი განწყობები იყო. ამ გამოკითხვებისას რეაქცია არ უნდა გამემჟღავნებინა და ამავდროულად ვისმენდი ჩემთვის იქამდე რთულად წარმოსადგენ დამოკიდებულებს.

საქსესში ვმუშაობდი და ჰომოფობიური განწყობებთან შეჯახება მუდმივად მიწევდა. ესეც ძალიან სენსიტიური იყო, რადგან საკუთარი თავის მიღების გზა გავლილი მქონდა და ვერ ვიგებდი აგრესიას, რომელიც მოდიოდა.

რაღაც გრძელი პროცესია — ჯერ საკუთარ თავს ემალები, მერე იღებ. საკუთარ თავს შეიყვარებ და ცდილობ, სხვებსაც დაანახო, ვინ ხარ რეალურად, რატომ არის გაუმართლებელი ვერმიღება მხოლოდ ორიენტაციის გამო. მაგ პერიოდში მუდმივად, ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადამიანისთვის დავიწყე ახსნა, რომ ის ფაქტი, რომ გეი ვარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ვარ. თან ხშირად ისე ხდებოდა, რომ მისაუბრია არაერთ ადამიანთან, რომელსაც გეისთან საუბარი პირველად ჰქონდა. უამრავ კითხვას მისვამდნენ და მეც ვპასუხობდი, ვხვდებოდი, რომ ბევრისგან განსხვავებით, სოციალიზაციის „ფუფუნება“ მქონდა. ადამიანები განწყობებს არარეალურ წარმოდგენების მიხედვით, სხვადასხვა სატელევიზიო შოუდან იქმნიდნენ. პირისპირ აღმოჩნდები და გეუბნებიან, რომ შენ კი კარგი ხარ, მაგრამ სხვები არა. ვუხსნიდი, რომ ანალოგიურად ზოგიერთი ჰეტეროსექსუალი კარგია, სხვები ნაკლებად და ამ აბსურდულ მოსაზრებას არ უნდა დააფუძნოს საკუთარი განწყობა. სამართლიანი ადამიანი ვარ, ჩემი სიმართლის შებღალვას ვერავის შევარჩენ, ალბათ ახსნასაც ამიტომ ვუთმობდი დიდ დროს.

Tbilisi Pride-ში მუშაობა და ლგბტქი თემში არსებული უთანხმოება

პრორუსული ძალები ლგბტქი ადამიანებთან ბრძოლით ცდილობენ ფონს გასვლას. ეს სიძულვილის პოლიტიკა, როცა ჩემი არსებობა ვიღაცისთვის მანიპულაციის საგანია, ამაზრზენია.

მერე თბილისი პრაიდში მივედი და აღმოვჩნდი იმ მხარეს, რაც ერთ დროს წარმოუდგენლად მიმაჩნდა. პრაიდში მისვლა ხილვადობის გაძლიერების სურვილმა განაპირობა, კამპანიურ წამოწყებებშიც ამიტომ ჩავერთე. მიმაჩნია, რომ რთული გამოცდილებები გავიარე – ბავშვობიდან დალექილ არასწორ წარმოდგენებს დღემდე ვებრძვი, ამიტომ აუცილებელია, რომ სხვებს, ახალგაზრდებს შევუქმნათ გარემო, რომელშიც საკუთარი თავის გამოხატვას ბევრად თავისუფლად შეძლებენ. ხშირად ისიც კი ძალიან რთულია, საკუთარ თავს გამოუტყდე, რომ ქვიარი ხარ. აუცილებელია, ღიად ვისაუბროთ, ყოველდღიურად და იმ ადამიანებსაც, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილი ან ინერტულები არიან, დავანახოთ, რომ მათთან საუბარი გვინდა.

პრაიდში მუშაობისას პირდაპირ შევეჯახე მოცემულობას, რომ ლგბტქი საზოგადოებაშიც არსებობს ორი პოლუსი – ისინი, ვინც ხილვადობის პოლიტიკით იბრძვიან და ისინი, ვინც ღიაობის პოლიტიკას ემიჯნებიან. მე კი მგონია, რომ სხვადასხვა აზრზე მყოფი ადამიანების შრომა თანაბრად მნიშვნელოვანია და საერთო წერტილების გამონახვა უნდა შეგვეძლოს. 

ხშირად ვფიქრობ, რა ვისწავლეთ 2013 წლის გამოცდილებიდან, გასული წლის 5 ივლისისგან?

2021 წლის ხუთმა ივლისმა ორნაირი შედეგი მოიტანა — სამწუხარო დღეები გავიარეთ და ამავდროულად, ღიად დავინახეთ, რომ ძალადობრივი ჯგუფი არის მცირე, ორგანიზებული და მათ ხელისუფლება, ეკლესია უმაგრებს ზურგს. შეიძლება ითქვას, რომ ომს გავდივართ და ამ პროცესში საკუთარი თავის ფლობა არ უნდა დავკარგოთ.

ალტ-ინფო რუსეთთან არის კავშირში, მაგრამ თითქოს ხალხმა დაივიწყა რუსეთ-საქართველოს გამოცდილება, რუსული აგრესია. ახლა იმავეს უკრაინა გადის და ომის დაწყების მიზეზად რუსეთის ეკლესიის პატრიარქმა ქვიარ ადამიანები დაასახელა. იგივეა ჩვენთანაც — პრორუსული ძალები ლგბტქი ადამიანებთან ბრძოლით ცდილობენ ფონს გასვლას. ეს სიძულვილის პოლიტიკა, როცა ჩემი არსებობა ვიღაცისთვის მანიპულაციის საგანია, ამაზრზენია.

6 ივლისს კი აღმოჩნდა, რომ იმაზე ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე იქამდე მეგონა და თანამოაზრეებიც ბევრად მეტნი არიან. თუმცა ხელისუფლების მხარდაჭერის არარსებობა ართულებს თანასწორობის იდეის მქონე ადამიანების მხრიდან პოზიციის ღიად დაფიქსირებას. 

მე ვგრძნობ ძვრებს და განწყობების ცვლილებას და ეს თითოეული ორგანიზაციის, თითოეული ადამიანის დამსახურებაა, რომელიც ღიად საუბრობს; ყველა ადამიანის, რომელიც ანდერგრაუნდში მუშაობს, რომელსაც თუნდაც ერთი ადამიანისთვის აუხსნია, რომ სიძულვილი გამართლებული არ არის.

5 ივლისის შემდეგ პოსტტრავმული სტრესი დამეწყო, მაგრამ იმ დღეებში მედგრად ვიდექი, გაბრაზებული ვიყავი და შემართებით. ჩვენ შიშველი ხელებით, მშვიდობიანად გვინდა გასვლა და ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი, საპირისპირო მხარეს კი ძალადობას ვხედავთ.

5 ივლისის შემდეგ ერთ ბიჭთან მქონდა პაემანი და აღმოჩნდა, რომ ის მაშინ ჩვენ წინააღმდეგ იდგა — ამის მიზეზი შიში, თავდაცვა, იქნებ სულაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან შანტაჟია.

სამომავლო გეგმები, რომლებიც მუსიკას უკავშირდება და ქვეყნიდან წასვლა, როგორც საკუთარ თავზე ზრუნვის გზა

სექტემბრის ბოლოს ანრი კერესელიძის, (სასცენო სახელი Henry Keller) პირველი ალბომი გამოვა. ალბომის გარეკანი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შესრულებული.

აქტივიზმი და მუსიკა ჩემთვის ერთმანეთთან კავშირშია და მინდა უკეთესი შესაძლებლობები მოვნახო, საიდანაც უფრო მძლავრად შევძლებ, რომ არასწორ წარმოდგენებს შევუტიო.

მუსიკის კეთება ბავშვობიდან მინდა. როგორც მუსიკაში ვიპოვე თავი, ისე ვერსად, მაგრამ საქართველოში ამით შემოსავლის ქონა რთულად წარმოსადგენია, თანაც უფლებების დაცვაზე, საკუთარი თავის გაძლიერებაზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე ფიქრი საკმარის დროს აღარ გიტოვებს. არადა, ჩემთვის მუსიკაც რაღაცებზე ღიად საუბრის, პროტესტის მძლავრი გზაა. ხშირად მოტივაციას ვკარგავ, მაგრამ მერე როგორღაც გადატვირთვას ვახერხებ. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა შემოტრიალების წერტილი მაქვს, შევძელი და ალბომი — Glitters and Pain ჩავწერე, რომლის პრეზენტაციაც სექტემბრის ბოლოს შედგება. უკვე მზად მაქვს მეორე ალბომი, რომლის პრემიერაც მოგვიანებით, ესპანურ ჩენელზე იქნება. ჩემი კარიერული მიზნები აუცილებლად კიდევ უფრო განვითარდება, მაგრამ ვფიქრობ, სხვა ქვეყანაში.

Henry Keller-ის ერთ-ერთი ტრეკი არტისტის მეორე ალბომიდან — GAYISNTREAL:

საქართველოში რაც მაკლია, ერთმანეთზე ზრუნვა და სამართლიანობაა. ადამიანში რესურსის დანახვას არავინ ცდილობს, შესაძლებლობების მიცემა გვიჭირს და შედეგის მისაღწევად ხშირად მხოლოდ შრომაც არაა საკმარისი – მუდმივად მტკიცების პოზიციაში ყოფნა გიწევს. ერთმანეთის დანახვა გვიჭირს, მოტივაციის მიცემა, დაფასება. მინდა, ვიპოვო ადგილი, სადაც თავს კარგად ვიგრძნობ, შესაძლებლობებს ვიპოვი.

უკან როცა ვიხედები, რა თქმა უნდა, ისევ ვფიქრობ, რომ ბრძოლას აზრი აქვს, მაგრამ მოტივაცია მეკარგება და მგონია, რომ ჩემი ინტერესები მუდმივად რაღაცას ეწირება და ამასობაში დროს ვკარგავ, ამიტომ წასვლა მინდა და რაღაცების მოსინჯვა. არ მაქვს ილუზია, რომ წავალ სადმე და ყველაფერი მარტივად იქნება, განსაკუთრებით ქვიარ ადამიანებისთვის არ არსებობს იდეალური ადგილი. ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში შეყვარებულისთვის ხელჩაკიდებულს რამეს მოგაძახებენ, თუმცა განსხვავებულია ის, რომ უფლებრივი მდგომარეობა უკეთესია ხოლმე. 

წასვლა არ ნიშნავს, რომ აქტივიზმს ოდესმე მივატოვებ, თანაც უკვე ვახსენე, რომ აქტივიზმი და მუსიკა ჩემთვის ერთმანეთთან კავშირშია და მინდა უკეთესი შესაძლებლობები მოვნახო, საიდანაც უფრო მძლავრად შევძლებ, რომ არასწორ წარმოდგენებს შევუტიო, რასაც ჩემი ბავშვობა, მენტალური ჯანმრთელობა შეეწირა და ბევრი იარაც დამიტოვა.


თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ადამიანებს ვურჩევ, რომ სხვა ქვიარ ადამიანებთან ურთიერთობა იქონიონ, რადგან საუბრით ბევრად მარტივად იცვლება წარმოდგენები. იარონ თავშეყრის ადგილებში, ტრენინგებზე, შეხვედრებზე. ხშირად ძალიან არასწორი მითები არსებობს, თითქოს სხვადასხვა სივრცეში, საგანმანათლებლო შეხვედრებზე სიარული საფრთხეს უქმნის ადამიანს და შეიძლება ვინმემ შენი ორიენტაცია სხვებს გაუზიაროს, რაც ასე არაა, ქვიარ ადამიანებს დიდი მხარდაჭერა შეგვიძლია.

ჩვენს მოწინააღმდეგეებს უნდათ, რომ ქვიარ ადამიანები ერთმანეთთან დაპირისპირებული ვიყოთ, მაგრამ ბევრად ძლიერები ვიქნებოდით, თუ შევძლებთ ერთობლივად რაღაცების კეთებას, უფრო ღიად საუბარს.

და მაინც, იდეალური იქნებოდა, იარლიყებს რომ არ გვაწებებდნენ, ახსნა არ გვიწევდეს, წინასწარგანწყობები არ ჰქონდეთ ადამიანებს და ჰეტეროსექსუალი ადამიანებისგან განსხვავებით, მუდმივად რაღაცის მტკიცება არ გვიწევდეს.

ტრანსგენდერი ახალგაზრდების ტრანზიციის მიზეზი სოციალური გავლენა არ არის — კვლევა

The Fenway Institute-ის ახალი კვლევა გავრცელებულ ტრანსფობიურ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანები ტრანზიციას „სოციალური გავლენის“ ან იმის გამო გადიან, რომ აღნიშნული იდეა მათ თანატოლებში პოპულარულია.

სოციალური გავლენის იდეას ანტი-ტრანს მოძრაობები უკვე დიდი ხანია იარაღად იყენებენ, რათა ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის გენდერის კვლავმინიჭების ზრუნვაზე შეზღუდვა დაწესდეს. ანტი-ტრანსმოძრაობები ტრანზიციაზე სოციალურ გავლენას ანორექსიასა და თვითდაზიანებასთან ათანაბრებენ, რაც აბსურდულია, რადგან ანორექსია მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა, ხოლო ტრანზიცია სუიციდის მცდელობათა რიცხვს 65%-ით ამცირებს. 

ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული ყველაზე დიდი კვლევა უპირისპირდება აქამდე გავრცელებული წინააღმდეგობრივი და მეთოდოლოგიური ხარვეზებით ჩატარებულ კვლევას, რომელიც მიანიშნებდა, რომ სოციალური გავლენა რეალური ფენომენი იყო. აღნიშნული არასანდო კვლევის ფარგლებში არ გამოკითხულან ტრანსგენდერი ახალგაზრდები და ის მხოლოდ 256 მშობლის მოსაზრებას ემყარებოდა. the Fenway Institute-მა 2 წლის განმავლობაში 200 ათასზე მეტი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანი გამოკითხა, რის საფუძველზეც მტკიცდება, რომ იქამდე გავრცელებული მოსაზრებები საეჭვოა.

„ჰიპოთეზა, რომ ტრანსგენდერი და არაბინარული ახალგაზრდები, რომელთათვის დაბადებისას მინიჭებული სქესი გოგოა, სოციალური გავლენის გამო გადიან ტრანზიციას, ახალ შესწავლას არ შეესაბამება, ამიტომ მოზარდებისთვის გენდერის კვლავმინიჭების ზრუნვის საწინააღმდეგოდ გამოყენება გაუმართლებელია“, — აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი ალექს კუროგოლიანი წინა კვლევის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ის მოზარდები, რომელთა დაბადებისას განსაზღვრული სქესი გოგოა, სოციალური გავლენის ქვეშ მეტად ექცევიან.

გარდა ამისა, ახალი კვლევის მიხედვით, გენდერულ დისფორიას შედარებით ხშირად განიცდიან მოზარდები, რომელთათვისაც დაბადებისას მინიჭებული სქესი მამრობითია. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, ტრანსგენდერი ახალგაზრდები ბულინგის სამიზნე ბევრად ხშირად ხდებიან და ცისგენდერ თანატოლებთან შედარებით სუიციდის მცდელობაც ბევრად ხშირია. ანტი-ტრანსმოძრაობა იმასაც ამტკიცებდა, რომ მოზარდები ტრანზიციას იმიტომ გადიან, რომ ჰომოფობიურ ბულინგს თავი აარიდონ, თუმცა კვლევის კიდევ ერთი ავტორის, დოქტორ ჯეკ ტურბანის თქმით, „ის იდეა, რომ სექსუალურ უმიცრესობებთან დაკავშირებული სტიგმის გამო თინეიჯერები ტრანსგენდერად ქამინგაუთდებიან — უბრალოდ აბსურდულია. მაშინ, როცა ანტი-ტრანს დისკუსია მომატებულია და ტრანსფობიური დანაშაულებიც გახშირებული, ჩაგვრისგან თავის არიდების მიზნით ტრანზიცია ალოგიკურია”.

„მსგავსი კვლევის ჩატარებას მივესალმებით. სიახლე არაა, რომ ტრანს იდენტობა სოციალურ გავლენასთან კავშირში არაა და ამ იდეის უარყოფა წლებია, მოხდა, თუმცა ვიმედოვნებთ, ამ მასშტაბისა და ხარისხის კვლევა ტრანსგენდერ ახალგაზრდებთან დაკავშირებული მცდარი მოსაზრებების გაქარწყლებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ტრანს-იდენტობის, ისევე, როგორც ნებისმიერი იდენტობის ახსნა კომპლექსური, მათ შორის, გენეტიკური, ენდოკრინოლოგიური, ბუნებითი, კულტურული, ქცევითი ფაქტორების შედეგად არის შესაძლებელი. გენდერის ჩვენეული აღქმა თაობიდან თაობამდე იცვლება და ჯერ კიდევ არ ვიცით ბოლომდე, როგორ ვითარდება ადამიანის გენდერული იდენტობა“, — აღნიშნავს კლეო მადელინი, British trans youth charity Gendered Intelligence-ის კომუნიკაციების ოფიცერი.

გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ არ გვაქვს, თუმცა დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ სოციალური გავლენის მცდარი თეორია „მოქცევის თერაპიასა“ და მსგავს მახინჯ პრაქტიკებს უმაგრებს ზურგს.

წყარო: Dazed

აირჩიე პროფესია — პროფესიული განათლების კურსები 2022

საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს, სხვადასხვა სფეროში 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ. მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სთავაზობს სრული ზოგადი განათლების მიღებასაც. აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ.

„თანამედროვე მსოფლიოში, ეკონომიკის განვითარება სწორედ პროფესიულ განათლებაზე დგას, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების 80% ამ სეგმენტს უჭირავს“, — აცხადებს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, თამარ ქიტიაშვილი.

პროფესიული უნარების სააგენტო კერძო სექტორთან ერთად დაფუძნდა და კერძო სექტორის მიერ სახელმწიფოსთან ერთად იმართება.

სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს სთავაზობენ:

  • სწავლის სახელმწიფო დაფინანსებას;
  • სწავლის პერიოდში ანაზღაურებად სამუშაოს;
  • სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს;
  • მინიმუმ 2-წლიან სამუშაო გამოცდილებას;
  • დასაქმების ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების რეალურ შანსს;
  • სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას.

პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მთელი საქართველოს მასშტაბით.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე, ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ აქ.

რეგისტრაცია 2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

სახელმწიფო პროფესიული კურსები უფასოა და საქართველოს სხვდასხვა რეგიონში განთავსებულ პროფესიული სწავლების სკოლებში ჩატარდება.

ჯო ლოკის მოწოდების შემდეგ, კუნძული მენი სისხლის დონაციაზე შეზღუდვებს აუქმებს

დიდი ბრიტანეთის გვირგვინის მიწა, თვითმმართველი ტერიტორია, კუნძული მენი სისხლის დონაციაზე გეი კაცებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს.

ჯანმრთელობის მინისტრმა, ლორი ჰუპერმა განაცხადა, რომ მზად არიან, სისხლის გაცემის შესაძლებლობა ყველას თანაბრად მისცენ და შეზღუდვები ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით გადაწყვიტონ.

ამჟამად, კაცებს, რომელთაც სექსუალური ურთიერთობა კაცებთან აქვთ, სისხლის დონაციის უფლება არ აქვთ.

80 ათასი მოქალაქით დასახლებულმა კუნძულმა შეზღუდვების გადახედვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნეთფლიქსის შოუს, Heartstopper-ის ვარსკვლავმა, ჯო ლოკმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელიც ქალაქ დაგლასში, ყოველწლიურ პრაიდზე გააჟღერეს.

„კუნძული მენი გეი კაცებს დღემდე არ აძლევს საშუალებას, რომ სისხლი გაიღონ, რაც აივ/შიდსის გავრცელების დროინდელი არქაული წესების გამო ხდება“, — ამბობს ლოკი ვიდეოში.

ჯანმრთელობის მინისტრის თქმით, აღნიშნული შეზღუდვის გადახედვას ისედაც აპირებდნენ, მაგრამ ეცდებიან, რომ პროცესი დააჩქარონ.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, აივ-ვირსუსის გავრცელების პერიოდში, გეი და ბისექსუალ კაცებს სისხლის დონაციაზე შეზღუდვა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა მას შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდა და სისხლის გაცემა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზეც მარტივი პროცესია, შეზღუდვის გადახედვა არაერთ ქვეყანაში მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყეს.

წყარო: BBC

პედრო ალმოდოვარი საკუთარ ქვიარ ვესტერნს იღებს

ერთხელ, ესპანეთის კინოს მეფეს, პედრო ალმოდოვარს ფილმი კუზიანი მთის რეჟისორობა შესთავაზეს, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა და მის მაგივრად ფილმის გადაღება რეჟისორ ენგ ლის ხვდა წილად. პედროს სურდა, ფილმის ვერსიაში გეი სექსი ყოფილიყო.

„ამ ორი ბიჭის ურთიერთობა ცხოველურია. ეს იყო ფიზიკური კავშირი“, — განაცხადა ალმოდოვარმა წარუმატებელი თანამშრომლობის შესახებ IndieWire-სთან.

ჰოლივუდმა რეჟისორის იდეა არ მოიწონა. საბედნიეროდ, მას არასოდეს უთქვამს უარი თავისი ამბიციებისთვის, შეექმნა ქვიარ ვესტერნი, რომლის გადაღებაც ახლახან დაიწყო. ფილმის სახელწოდებაა Strange Way of Life.

ტილდა სუინტონის მონაწილეობით 2020 წელს გამოსული The Human Voice-ის შემდეგ, Strange Way of Life პედრო ალმოდოვარის მეორე ინგლისურენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ის სენ ლორანის ენტონი ვაკარელოსთან თანამშორმლობით იქმნება. ის ფილმის პროდიუსერი და კოსტუმების დიზაინერია. Strange Way of Life ისეთი ცნობილი მსახიობებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც არიან პედრო პასკალი და ითან ჰოუკი.

ამჟამად ისინი ფილმის გადასაღებად ესპანეთში, ალმერიის რეგიონში არიან შეკრებილები.

„იმის გარდა, რომ ის ჩემი იქნება, არ ვიცი, როგორი გამოვა“, — განუცხადა პედრომ IndieWire-ს.

30-წუთიანი ფილმის სიუჟეტი IMDb-ზე აიტვირთა: 25 წლის შემდეგ სილვა (პედრო პასკალი) თავისი მეგობრის, შერიფ ჯეიკის (ითან ჰოუკი) მოსანახულებლად ცხენით უდაბნოში გადის. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, მაგრამ მეორე დილით ჯეიკი სილვას ეტყვის, რომ მისი მოგზაურობის მიზეზი მათი მეგობრობის მოგონებების გახსენება არ არის.

პროდიუსერისა და პედრო ალმოდოვარის ძმის, აგუსტინის წყალობით, ფილმის გადაღებებიდან რამდენიმე კადრი გავრცელდა.

ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ პედრო ალმოდოვარი მჭიდროდ არის დაახლოებული ისეთ ვარსკვლავურ ფესტივალებთან, როგორიცაა კანის კინოფესტივალი და ვენეციის კინოფესტივალი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა, ეკრანებზე 2023 წლიდან, ამ ფესტივალების პერიოდში გამოჩნდეს.

ძლიერი ტრანსგენდერი ქალი — მარშა პ. ჯონსონი

მარშა პ. ჯონსონი აფროამერიკელი ტრანსგენდერი ქალი, ლგბტქი უფლებების აქტივისტი, დრეგ ქვინი და ფერადკანიანი ტრანსგენდერი ადამიანების დამცველი იყო. 1969 წელს ის სათავეში ჩაუდგა ცნობილ სთოუნვოლის აჯანყებას, ხოლო მოგვიანებით, სილვია რივერასთან ერთად ქუჩის ტრანსგენდერული მოძრაობის რევოლუციონერები დააარსა, რომელიც მიზნად ისახავდა უსახლკარო ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას ნიუ-იორკში. 1992 წლის 6 ივლისს, 46 წლის ასაკში, ჯონსონი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხოვრება მრავალ წიგნში, დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმში აღიბეჭდა.

მარშა პ. ჯონსონი ნიუ ჯერსიში დაიბადა. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდის გამო მისი ბავშვობა რთული გამოდგა. მან ადრეულ ასაკშივე დაიწყო ქროსდრესინგი, რაც საპირისპირო სქესთან ასოცირებული ტანსაცმლის ტარებას გულისხმობს. ამის გამო მარშას ხშირად საყვედურობდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად ნიუ-იორკში მდებარე გრინვიჩ ვილიჯში გადავიდა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო.

მარშა უსახლკარო იყო, ამიტომ თავის გადარჩენის მიზნით სექსსამუშაოში ჩაერთო. ღამის ცხოვრების ფონზე, ერთადერთი სიამოვნება დრეგ ქვინობაში აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ჯონსონი თავად ქმნიდა საკუთარ კოსტიუმებს. ის მოკლე დროში ლგბტქი თემის გამოჩენილი პირი გახდა, რომელიც ეხმარებოდა უსახლკარო და მებრძოლ ლგბტქი ახალგაზრდებს და Hot Peaches-თან (დრეგ თეატრი ნიუ იორკში) ერთად მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში, როგორც წარმატებული დრეგ ქვინი.

„სანამ დრეგ ქვინი გავხდებოდი, არავინ ვიყავი. ესაა ის, რამაც შემქმნა ისეთად, როგორიც ვარ ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და სამყაროში“, — მარშა პ. ჯონსონი

მარშა ჯონსონი ექსცენტრიული, უშიშარი და თამამი ქალი იყო, ცნობილი თავისი უცნაური ქუდებითა და გლამურული საკმაულებით. მიუხედავად ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პოლიციასთან მრავალრიცხოვანი შეტაკებებისა, როდესაც ეკითხობედნენ, რას ნიშნავდა მის სახელში “P”, ან როდესაც მის სქესსა და სექსუალობაზე საუბრობდნენ, ის პასუხობდა: “Pay it no mind”. პირდაპირმა ბუნებამ და სიძლიერემ მარშა აიძულა უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აემაღლებინა.

1969 წლის 28 ივნისს, ერთ-ერთ გეი ბარ Stonewall Inn-ში, კრისტოფერ სტრიტზე, მოვლენები ძალადობრივი მას შემდეგ გახდა, როდესაც რამდენიმე ლგბტქი ადამიანი პოლიციამ საეჭვო ბრალდებით დააკავა. მათ ხელბორკილები დაადეს და პოლიციის მანქანებში ძალით ჩასვეს. ლგბტქი თემს პოლიციის სამიზნედ ყოფნა მობეზრდა. საჯარო დაკავებების ხილვამ პროტესტი გამოიწვია, რომელიც სხვა ქუჩებსაც მოედო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დღემ გადამწყვეტი როლი შეასრულა ლგბტქი ისტორიაში და სთოუნვოლის აჯანყების სახელით გახდა ცნობილი. თვითმხილველების თქმით, მარშა ჯონსონი აჯანყების ერთ-ერთი მთავარი წამქეზებელი და ლიდერი იყო, ამიტომ ის აღიარეს გეი განმათავისუფლებელი მოძრაობის მოწინავე ადამიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აფროამერიკელი ტრანსგენდერი ქალი, ჯონსონი მუდმივად შეუმჩნეველი რჩებოდა, როგორც სთოუნვოლის აჯანყების მონაწილე და უფრო მეტად, როგორც ლგბტქი აქტივისტი. მას შემდეგ, რაც გეი და ლესბოსური მოძრაობა თეთრკანიანი სისგენდერი კაცებისა და ქალების ხელში გადავიდა, ფერადკანიანი ტრანსგენდერი ადამიანები ჩრდილში აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, სთოუნვოლში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჯონსონმა და მისმა მეგობარმა, სილვია რივერამ ქუჩის ტრანსგენდერული მოძრაობის რევოლუციონერები (STAR) დააარსეს და თემის მთავარ იმედად გადაიქცნენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა უსახლკარო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. 1970-იანი წლების დასაწყისში STAR უსახლკაროებს თავშესაფარს სთავაზობდა, მაგრამ საბოლოოდ, დაიშალა.

1992 წლის 6 ივლისს, 46 წლის მარშა ჯონსონის ცხედარი მდინარე ჰუდსონში იპოვეს. მიუხედავად მისი მეგობრებისა და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წევრების მტიკიცებისა, რომ ის თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი არ იყო, პოლიციამ სიკვდილის მიზეზად სუიციდი დაასახელა.

ოლიმპიური ჩემპიონი ელია გრინი ტრანსგენდერ კაცად დაქამინგაუთდა

ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და დაბადებისას მინიჭებული სქესი შესაძლოა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდეს.

დაახლოებით 20 წლის შემდეგ, 2016 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი და ავსტრალიის ქალთა რაგბის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი კაცად ტრანზიცირდა.

გრინმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, გააცნობიერა, რომ გამოცდილების გაზიარება შესაძლოა სასარგებლო აღმოჩენილიყო სხვებისთვის, ამიტომ Bingham Cup-ის საერთაშორისო სამიტის მონაწილეებს სპორტში ტრანსფობიისა და ჰომოფობიის დასრულებაზე საჯარო ვიდეო უჩვენა.

სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი სპორტსმენების შესახებ უმრავი ნეგატიური კომენტარის დანახვამ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერ ქალებს ქალთა რაგბში მონაწილეობა აეკრძალათ, გრინს ბიძგი მისცა. მან ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ბავშვს მიადგეს.

29 წლის გრინმა აღიარა, რომ 2021 წლის ბოლოს, რაგბიდან წასვლისას „სიბნელეში“ იმყოფებოდა, რადგან სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში იმყოფებოდა და დეპრესია ტანჯავდა.

ელია გრინი ახლა ბევრად უკეთესად გრძნობს თავს პარტნიორთან, ვანესა თერბნულ-რობერტსა და მათ პატარა ქალიშვილთან, ვაიტუსთან ერთად.

„ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სპორტში მონაწილეობის აკრძალვა სამარცხვინო და მავნელებია. ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სუციდის შემთხვევების მატების საწინდარია“, — აღნიშნავს გრინი.

მას სხვების დახმარება სურს და ხაზს უსვამს ზიანს, რომელიც სპორტული აკრძალვების შემოღებამ შეიძლება მოიტანოს. მისი აზრით, ასეთი პოლიტიკა არ უნდა აძლიერებდეს ნეგატივს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.

მთავარის ჟურნალისტი გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს; 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს; 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ნაკაიძე გუშინ, 16 აგვისტოს დააკავეს.

დღეს განცხადება გაავრცელა მთავარმა არხმა, სადაც წერია, რომ წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ტელევიზია თავს ვალდებულად მიიჩნევს შეაჩეროს ნაკაიძესთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა. მათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა.

“მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”, – აცხადებენ ტელევიზიაში.

განახლება: პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული .. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა..-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე”, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვენ.

უკრაინელი გეი ჯარისკაცი ომის დღეებში ნაპოვნი სიყვარულისა და სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ ჰყვება

უკრაინელმა გეი ჯარისკაცმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთთან ომის დღეებზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, შიშებზე დაწერა და ხალხს ამ მძიმე დროს ნაპოვნ სიყვარულზე მოუყვა, რომელიც მიუხედავად ქვიარ ჯარისკაცების მიერ გაღებული მსხვერპლისა, ბევრისთვის კვლავ მიუღებელია. 

იურა უკრაინის სპეციალური დაცვის სამსახურის წევრია, რომელიც ომის დაწყების მეორე დღესვე არმიაში გაწევრიანდა.

წაიკითხეთ მისი პოსტი სრულად:

Військові ЛГБТ та наші союзники Ukrainian LGBT Soldiers and our Allies

თავდაპირველად ამ პოსტის დაწერა არ მინდოდა, ვინმესთვის რაიმეს ახსნა, მტკიცება, მაგრამ რომ გეუბნებიან, რატომ “გამოდიხარ” მაშინ, როცა ომში შეძენილი შენი ძმები კვდებიან, გაჩუმება ძნელია. და ამიტომ, შენ — გუშინ ბიზნესმენი, მზარეული, ათლეტი, მასწავლებელი კომპიუტერთან ჯდები და წერას იწყებ. ყველა წინადადებას ისე გამოიღებ მეხსიერებიდან, როგორც ნამსხვრევებს. ფიზიკურად რთულად ხარ, გტკივა და ეს ტკივილი, ბრაზი, განრისხება გადაგაქვს ეკრანზე, ქაღალდზე, პოსტში. იხსენებ მათ — მანქანაში ცოცხლად რომ დაიწვნენ, სიკვდილის წინ ტყვეობაში რომ ტიროდნენ, იმ ნამსხვრევების ამოღებისას რომ იტანჯებოდნენ, რომელთა ამოღება უკვე შეუძლებელია… იხსენებ და ხვდები – გაჩუმება არ შეიძლება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ სხვებთან ერთად ვიღუპებით, სიგიჟით ატანილები, სიკვდილადევნებულები, მოგონებებდაცხრილულები – ჩვენ ვარსებობთ.

ჩვენ, ბიჭები, რომელთა „დანაშაული“ ერთმანეთის სიყვარულია, ისე სასაცილოდ არ გამოვიყურებით, როგორც ზოგიერთ მოკრიმინალოს მოეწონებოდა. ცხოვრება კი იმაზე ბევრად ფხიზელი, რეალურია, ვიდრე ჩვენი ფანტაზიები.

ჩემი და იაროსლავის გაცნობის ისტორია ისე დაიწყო, რომ ამის წარმოდგენაც კი რთული იქნებოდა.

7-წლიანი ურთიერთობა ახალი დასრულებული მქონდა და დავიფიცე, რომ გამარჯვებამდე არავის გავიცნობდი. მით უმეტეს, ფრონტზე გატარებული ძალიან რთული პირველი კვირების მერე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ომს ვერ გადავურჩებოდი. ომის დაწყებისას ჩემი მეგობარი მოკვდა, ჩვენი რაოდენობა იკლებდა, საკმარისი ხალხი არ იყო, მეგობრები, რომლებთანაც წლები მაკავშირებდა, უკვე დაღუპულები იყვნენ. ამ ყველაფერმა დიდი დარტყმა მომაყენა. 

ანდრეის დაღუპვის შემდეგ პოსტი გამოვაქვეყნე, რომელშიც ვწერდი, რომ მალე ერთმანეთს შევხვდებოდით. იარიკმა, რომელიც მას იცნობდა, კომენტარი დამიწერა და დამაიმედა, რომ ერთად ყავას ისევ დავლევდით. ასე გავიცანით ერთმანეთი, მან სიტყვა შეასრულა. აღმოჩნდა, რომ სპეცრაზმში მსახურობდა და ბუჩადან 8 ადამიანი გამოიყვანა, იმ დროს ქალაქი უკვე ოკუპირებული იყო. ქალაქის იმ რაიონში ვინც დარჩა, დაიღუპნენ. ორივემ ვიცოდით, რომ ამ ყველაფერს ვერ გადავიტანდით…  და მე ის შემიყვარდა. აღმოჩნდა, რომ მასაც.

ერთხელაც, იმ რაიონში ჩამოვიდა, სადაც ვმსახურობდი. მეგობრის დახმარებით ჩუმად გამიყვანა შეხვედრაზე და ისე, რომ ამას არ ველოდი, გამოჩნდა, ჩამეხუტა და ბეჭდების გაცვლა შემომთავაზა. დავთანხმდი. მოგვიანებით ის სამხრეთის ფრონტს დაუბრუნდა და დანაყოფთან ერთად კიდევ რამდენიმე ტყვე გაათავისუფლა, მათ შორის, აზოველებიც, რომლებიც ხერსონში ჰყავდათ დატყვევებულები.

ძალიან რთულია იმის გადმოცემა, რის გადატანა გიწევს – როგორ ნერვიულობ, როცა იცი, რომ რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებით. ყოველთვის ის… ვწმენდ იარაღს და მახსენდება მისი გრილი, არაშემაწუხებელი სუნამო. დღე-ღამის განმავლობაში უძილოს, საშინლად დაღლილს მისი სიტყვები მახსენდება ბოლო მესიჯიდან. როცა ნერვები დაწყვეტაზე მაქვს და მესმის მისი ლაპარაკი, თითქოს მათრობს მისი ხმა. მადლობა მას ერთად ყოფნისთვის. ამას მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვისაც იგივე გამოუცდია. ამაზე უნდა ვწეროთ ბევრი და ალბათ ყველას გვექნება ჩვენი ისტორია.

და ამ ყოველივეს მერე, ვიღაც არსებამ უნდა მითხრას, მასთან ყოფნის უფლება მაქვს თუ არა, რომელიღაც ჰომოფობმა. 

ხალხო, ჩვენ გავიმარჯვებთ. მაგრამ თავისუფლები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როცა თითოეული ადამიანის თავისუფლებას ვაღიარებთ.

დიდება უკრაინას!

საფრანგეთის პრემიერი ქვეყანაში LGBTQI უფლებების ელჩის თანამდებობას ქმნის

Keep Reading