მენსტრუალური სიღარიბე მილიონობით აფრიკელ მოზარდს ჯანმრთელობისა და განათლების პრობლემებს უქმნის

მას შემდეგ, რაც განელ მოსწავლეს, ჯულიეტ ოპოკუს სკოლის ფორმაზე დამჩნეული სისხლის ლაქების გამო დასცინეს, ის ყოველთვიურად აცდენს სკოლას. მის მშობლებს სანიტარული საფენების შესაძენად საკმარისი ფული არ აქვთ.

გასული წლის შემდეგ, დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, რომელშიც ინფლაცია 32%-ს აღწევს, სანიტარული საფენების ფასი 5-დან 12 სედამდე (1 სედი=0,29 ლარი) გაიზარდა, ამიტომ ოჯახებს საკვებსა და სანიტარულ პროდუქტებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.

რა ვიცით

მენსტრუალური სიღარიბის გამო, სუბსაჰარულ აფრიკაში 10-დან 1 გოგო სკოლას აცდენს და დაცინვის სამიზნე ხდება. აღნიშნულ გამოწვევაზე მეტი ინფორმაციის მიღება ადამიანების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს და ჩვენივე სოციუმში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის საჭირო ცოდნით მოგვამარაგებდა.

„სკოლას ვაცდენ, რადგან ერთხელ ფორმა დამილაქავდა და ბიჭებმა დამცინეს. ამან ჩემს თავდაჯერებაზე გავლენა იქონია. ჰიგიენური საფენები ძალიან ძვირია… ზოგჯერ, მენსტრუაციის დღეებში ტუალეტის ქაღალდს, ბავშვის საფენს ან ნაჭრის ტილოს ვიყენებ“, — ამბობს ტომსონ როიტერის ფონდთან საუბრისას 15 წლის ოპოკუ, რომელსაც უნდა, რომ ექთანი გახდეს.

ინფლაციის გლობალურმა პრობლემამ ჰიგიენური საშუალებების ფასების მატება აფრიკის არაერთ ქვეყანაში გამოიწვია, რის გამოც მოზარდებს სკოლის გაცდენა ან ნაკლებად ჰიგიენური საშუალებების გამოყენება უწევთ, რასაც ინფექციის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მოშლაც კი შეიძლება მოჰყვეს.

ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია ActionAid-ის მონაცემებით, იანვართან შედარებით, აპრილში ზიმბაბვეში საფენების შეკვრის ფასი 117%-ით იყო გაზრდილი, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი 50%-ით.

საქველმოქმედო ორგანიზაციების აზრით, ეს მოცემულობა შეიძლება მილიონობით აფრიკელ გოგოზე მძიმედ აისახოს, მათ შორის, გავლენა იქონიოს მათ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, ღირსებაზე ან ფულის სანაცვლოდ სქესობრივი კავშირების მიზეზად იქცეს, საბოლოოდ კი გენდერული თანასწორობის პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდეს.

„ფასების მატებასთან ერთად, ვშიშობთ, რომ ქალებს არჩევანის გაკეთება ჯანმრთელობასა და საკვებს შორის მოუწევთ და ისინი ოჯახების დასახმარებლად საკუთარ თავს ნაკლებად გაუფრთხილდებიან. ამან შეიძლება გოგოებს სკოლაში სიარულში ხელი შეუშალოს, ქალებს კი მუშაობაში“, — ამბობს Catholic Relief Services-ის წარმომადგენელი, სუგანია კიმბრუგი.

მისი განცხადებით, მზარდი სიდუხჭირის გამო ოჯახებს საკვებზე წვდომის პრობლემა უკვე აქვთ.

რა არის მენსტრუალური სიღარიბე

მენსტრუალური სიღარიბე ხშირად განისაზღვრება, როგორც მენსტრუალური ჰიგიენის შესახებ ინფორმაციაზე, პროდუქტებზე და სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა. ის სუბსაჰარულ აფრიკაში ფართოდ არის გავრცელებული. ამასთან, სტიგმის გამო გოგოებს სკოლის ყოველთვიურად გაცდენა ან სწავლაზე საერთოდ უარის თქმა უწევთ.

ბილ და მელინდა გეითსების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის თანახმად, კენიაში იმ ადამიანების 65%-ს, რომელთაც სანიტარული საფენები სჭირდებათ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ და სოფლებსა და გარეუბნებში მდებარე სკოლების მხოლოდ 32%-ს აქვს ისეთი პირადი სივრცე, სადაც მოზარდები საფენი გამოცვლას შეძლებენ.

გაეროს დაანგარიშებით, სუბსაჰარულ აფრიკაში 10-დან 1 გოგო მენსტრუაციის დღეებში სკოლას აცდენს, რაც შეიძლება სასკოლო წლის 20%-საც კი შეადგენდეს. სულ რომ სკოლის დამთავრება შეძლონ, ისინი სასკოლო პროგრამის ისევე ათვისებას ვერ შეძლებენ, როგორც მათი თანატოლი მოზარდები, რომელთაც მენსტრუაცია არ აქვთ. მენსტრუალური სიღარიბის დაძლევის მიმართულებით მომუშავე აქტივისტები ამბობენ, რომ ეს მონაცემები სასკოლო სისტემაში არსებულ უთანასწორობას ცხადყოფს.

ჰიგიენის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების რისკები

ჯანმრთელობის ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ როცა გოგოები ალტერნატიულ საშუალებად ქაღალდებს, ძველ ხალიჩებს, ფოთლებს, ძროხის გამომშრალ ტყავსაც კი იყენებენ, რეპროდუქციული და შარდსადენი სისტემის ინფექციების რისკი იმატებს.

„გოგოები ბაქტერიული ინფექციების რისკის წინაშე არიან, როცა ნაჭრის ტილოს იყენებენ. თუ ზრუნვა სწორად არ მოხდა, მენჯის ანთებითი დაავადების ან, თუნდაც, უშვილობის საფრთხე არსებობს“, — აღნიშნავს საყოველთაო ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, ანიტან ასამოა.

მენჯის ანთებითი დაავადება ქალის რეპროდუქციული ორგანოების ინფექციური დაავადებაა, რომელიც სექსუალური გზით გადამდები დაავადებების ან სხვა ინფექციების შედეგად ვითარდება და დაორსულების გართულებას ან საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკებს ზრდის.

ჰიგიენური საშუალებებისთვის საჭირო ფულის არ ქონის გამო, ზოგიერთი გოგო სექს-სამუშაოში ჩართვის გადაწყვეტილებას იღებს, რაც ერთადერთ არჩევანად ესახებათ. ეს მათ ექსპლუატაციას იწვევს, რაც შეიძლება არასასურველ ორსულობამდე და ნაადრევ დედობამდე მივიდეს.

„კაცები ფულის სანაცვლოდ სექსზე ითანხმებენ, რის შედეგადაც სანიტარული საშუალებების ყიდვას შეძლებენ. ბევრი მოზარდი ნაადრევი და დაუგეგმავი ორსულობის მსხვერპლიც კი არის“, — ამბობს აჯოა ნიანტენგ იენი, რომელიც გაეროს პოპულაციის ფონდში მოზარდთა სქესობრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მუშაობს.

კენიის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის კვლევისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის მიხედვით, კენიის სოფლებში 15 წლის გოგოების 10%-ს კაცთან სქესობრივი კავშირი მენსტრუალური პროდუქტებზე წვდომისთვის ჰქონია.

როგორ შეიძლება მენსტრუალური სიღარიბის აღმოფხვრა

THOMSON REUTERS FOUNDATION/Kent Mensah

მენსტრუალური სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით მომუშავე აქტივისტები აფრიკის ქვეყნებს ჰიგიენურ საშუალებებზე საშემოსავლო გადასახადის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, რაც ხშირად დასავლურ ფასებზე ორჯერ მეტია, ამიტომ ნაკლებად ხელმისაწვდომი. ეს რეკომენდაცია მხოლოდ აფრიკის ქვეყნების მცირე ნაწილმა — კენიამ, რუანდამ და სამხრეთ აფრიკამ გაითვალისწინა.

განაში იმპორტის გადასახადი 20%-ს შეადგენს, რასაც დამატებით გაყიდვის ღირებულების 12,5% ემატება. განაში ქალის ჰიგიენური საფენები ფუფუნების ნივთების კატეგორიაში გადის.

აქტივისტები იმასაც ამბობენ, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო საფენების მიწოდების მიდგომა მეტმა ქვეყანამ უნდა შემოიღოს. ეს კენიაში, სამხრეთ აფრიკაში, ბოცვანაში და ზამიბიაში უკვე გავრცელდა. ამასთან, აუცილებელია უფრო იაფი, მრავალჯერადი გამოყენების საცვლები, რომელთაც მენსტრუაციის საშუალება აქვს დატანილი და გარეცხვა შეიძლება, ასევე მენსტრუალური ჭიქები.

„მენსტრუალური სიღარიბის დასაძლევად ხელმისაწვდომი, მრავალჯერადი გამოყენების საშუალებების გავრცელება უნდა დაიწყოს. აუცილებელია, დღის წესრიგის შემოქმედთა ყურადღება მრავალჯერადი გამოყენების ისეთი საშუალებებისკენ მივმართოთ, როგორიც მენსტრუალური ჭიქაა. ეს სტრატეგია იმუშავებს“, — ამბობს კოფი კიერემატენგი, CouldYou?-ს დირექტორი, ორგანიზაციის, რომელიც განაში მარგინალიზებული ჯგუფების წევრი მოზარდებისთვის სილიკონის მენსტრუალური ჭიქების მიწოდებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, მენსტრუალური ჭიქის გამოყენება 10 წლამდეც კი შეიძლება.

ქალის ჰიგიენურ საშუალებებზე, პროდუქტებზე, საპირფარეშოებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა ის გამოწვევაა, რომელიც აფრიკის მასშტაბით სულ უფრო უარესდება, რის გამოც მოზარდები და ზრდასრულები, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას, განათლებას, დასაქმების შესაძლებლობებს თმობენ.


არა ამ სიმწვავით, თუმცა პრობლემა დგას ევროპის ქვეყნებშიც. სწორედ ამის გამო, რამდენიმე ქვეყანაში ჰიგიენური საშუალებები უფასო გახდა. 

ჰიგიენური საშუალებების ფასები გაიზარდა საქართველოშიც. თუმცა სტიგმის გამო, ამაზე საუბარი არც ისე ხშირია.

„ძალიან ცუდი სიტუაციაა. მე პირადად, გადავედი „დოლარ სთორების“ უხარისხო, გაურკვეველ საფენებზე იმიტომ, რომ ერთი და ორი შეფუთვა არ მყოფნის ჩემი მენსტრუაციის სიმძიმიდან გამომდინარე. უცნობია, რამდენად ტოქსიკური და საზიანო შეიძლება იყოს ჩემი ჯანმრთელობისთვის ამ საფენების გამოყენება. არადა, დაზოგვა ნამდვილად მოუწევს ყველა ქალს, ვისაც მძიმე” მენსტრუაცია აქვს. ორი და სამი შეფუთვა საფენი თვეში 20-25 ლარამდე ზედმეტი ხარჯია მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ“, – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ერთ-ერთი რესპონდენტი.

თუ მენსტრუალურ სიღარიბეზე მეტის გაგება და მის დასრულებაში წვლილის შეტანა გსურთ, შეგიძლიათ მოძრაობას შეუერთდეთ — End Extreme Poverty NOW.

წინა

ჟურნალისტები და აქტივისტები, რომელთაც რუსეთი დევნის საფრთხის გამო დატოვეს

შემდეგი

ვიეტნამმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის

ბოლო სიახლეები

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

FacebookTweetLinkedInEmail ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

FacebookTweetLinkedInEmail „პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების