აგვისტო 2022 - Page 5

ნეტფლიქსის 8 საუკეთესო ლესბოსური ფილმი

თავგადასავლებით სავსე ზაფხულის პერიოდში, როდესაც სიცხე თავის ზენიტს აღწევს, განტვირთვა და დასვენება არც ისეთი რთულია, თუ გავიხსენებთ, რომ საღამოს სიგრილეში საინტერესო ფილმის ამორჩევა და მეგობრებთან ერთად მათი ნახვა შეგვიძლია.

გთავაზობთ ლესბოსური ფილმების ჩამონათვალს, რომლებსაც შეგიძლიათ ნეტფლიქსზე უყუროთ:

 

The Half of It

ელი დავალებებს წერს სხვა სტუდენტებისთვის, რათა მამას გადასახადების გადახდაში დაეხმაროს. ის საეჭვო მეგობრობას იწყებს სპორტსმენ პოლთან, მას შემდეგ, რაც პოლი თავისი შეყვარებულისთვის, ასტერისთვის, სასიყვარულო წერილების დაწერას სთხოვს. მალე ელიც იწყებს ასტერის შეყვარებას.

 

A Secret Love

რაიან მერფის მიერ გადაღებული ეს ორიგინალური დოკუმენტური ფილმი ხანდაზმული წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც ერთად 65 წელი გაატარეს. ისინი მოგვიანებით დაქამინგაუთდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ანტი-ლგბტქი კანონმდებლობის გამო და შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ მათ სიყვარულს ნებისმიერი გამოწვევის დამარცხება შეეძლო, რაც გზაზე შეხვდებოდათ.

 

The Prom

 

 

რაიან მერფის მორიგი პროდუქტი “The Prom” – მიუზიკლი, რომლის მოქმედებაც ინდიანას პატარა ქალაქში ვითარდება. ბროდვეის დიდი ვარსკვლავები საშუალო სკოლის მოსწავლეს, ემას ეხმარებიან, რადგან მას გამოსაშვებ საღამოზე შეყვარებულთან ერთად დასწრება აუკრძალეს.

 

I Care A Lot

მარლა გრეისონი თავისი მიზნებისთვის ხანშიშესული ქალის გამოყენებას ცდილობს, რომელსაც კავშირი აქვს გავლენიან განგსტერთან. მარლა არ არის ფილმის ყველაზე საყვარელი გმირი, მაგრამ ფრენთან მისი რომანი ამ პერსონაჟსაც შეგაყვარებთ.

 

Duck Butter

ქალები, რომლებიც დანგრეული ურთიერთობებისგან დაიღალნენ, დადებენ შეთანხმებას, რომ 24 საათი უწყვეტად ერთად გაატარონ და საბოლოოდ მიაღწიონ ურთიერთობის ახალ სიმაღლეებს.

 

Tig

ეს გულწრფელობით სავსე დოკუმენტური ფილმია, რომელსაც მაყურებელი კომიკოს თიგ ნოტაროს სამყაროში მას შემდეგ გადაჰყავს. თიგმა 2015 წელი მძიმედ გადაიტანა, თუმცა დაამარცხა სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია. ის კვლავ დარდობს დედის უეცარი გარდაცვალების გამო. ამასთანავე, თიგს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მან თავისი ტკივილის ძალად გადაქცევა შეძლო და კომედიურ საზოგადოებასა და მის ფარგლებს გარეთ მხარდამჭერები აღმოაჩინა.

 

Let It Snow

როდესაც შობის ღამეს პატარა ქალაქს თოვლის ქარიშხალი ატყდება, საშუალო სკოლის უფროსკლასელების ჯგუფი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ მათი მეგობრობა და სასიყვარულო ცხოვრება ერთმანეთს კვეთს. ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი ორი გოგოს სასიყვარული ისტორიას მოიცავს. ერთი დაქამინგაუთებულია, მეორე კი – არა.

 

Ride or Die

იაპონური ფილმი “Ride or Die” გვიყვება ქალზე სახელად რეი, რომელსაც წლების განმავლობაში უყვარდა თავისი მეგობარი. მის დასაცავად რეი მოძალადე ქმარს კლავს. მეგობრები ერთად ცდილობენ გაექცნენ კანონს, რა დროსაც ერთმანეთის მიმართ ძლიერი გრძნობები გაუჩნდებათ.

პრაიდის თვეზე თურქეთში ჰომოფობიის დემონსტრირება მოხდა — HRW

/

Human Rights Watch ივნისში, სტამბოლში პრაიდზე გამოსულ აქტივისტებზე ხელისუფლების მხრიდან თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, ლგბტქი უფლებები წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს საფრთხეს უქმნის მორალურ, რელიგიურ და ოჯახურ ფასეულობებს.

ივნისში, სტამბოლიდან იზმირამდე პრაიდის თვის აღსანიშნად ათასობით თურქი აქტივისტი, ლესბოსელი, გეი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი ადამიანი გამოვიდა. თურქეთის ხელისუფლებამ გამოსვლებს ლგბტქი აქტივისტებზე, იურისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების სერიით უპასუხა. თურქული ლგბტქი უფლებათა დამცველი ჯგუფის “Kaos GL” თქმით, მთავრობამ აკრძალა 10 ლგბტქი ღონისძიება და მხოლოდ 37 დღეში 530-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

Human Rights Watch-ის განცხადებით, სტამბოლის პრაიდზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი — ეკეთათ ხელბორკილები და ისხდნენ მანქანებში საკვებისა და წყლის გარეშე. ისინი ღამით დააკავეს. პოლიციამ ადვოკატებს ხელი შეუშალა დაკავებულებთან დროულად შეხვედრაში, რაც დაკავებულთა ადვოკატთან წვდომის უფლების დარღვევაა. მათთან შეხვედრის უფლება მხოლოდ ორ ადვოკატს მიეცა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც, ადვოკატმა სასამართლოს მიმართა.

თავდასხმების ეს ბოლო სერია არის თურქეთის მთავრობის მხრიდან საჯაროდ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შელახვა მათთვის, ვინც მხარს უჭერს ლგბტქი ადამიანებს და იცავს მათ უფლებებს, ნათქვამია განცხადებაში.

Human Rights Watch წერს, რომ 2015 წლიდან თურქეთის მთავრობამ დაიწყო კამპანიის წარმოება საჯარო ლგბტქი ღონისძიებების ჩასაშლელად, მათ შორის, პრაიდის მსვლელობისა და ანკარაში დაგეგმილი ლგბტქი ღონისძიებების. მთავრობამ, ასევე, დააწესა ცენზურა და დააჯარიმა ის მედიები, რომლებიც ლგბტქი ადამიანებს დადებითად წარმოაჩენდნენ. მთავრობის წარმომადგენლები საჯაროდ გამოდიოდნენ, რათა ლგბტქი ადამიანები თურქეთის ღირებულებების, ოჯახისა და ბავშვებისთვის საფრთხედ გამოეცხადებინათ.

“თურქეთის ხელისუფლების მუდმივი მცდელობა, ლგბტქი უფლებები წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს საფრთხეს უქმნის მორალურ, რელიგიურ და ოჯახურ ფასეულობებს, არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ მთლიანი სურათი: პოლიტიკური კონტექსტი და ანტი-უფლებათა დღის წესრიგი, რომელიც მთავრობის მიერ ლგბტქი აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების დარბევას ემყარება. ლგბტქი უფლებების დარღვევა თურქეთის მთავრობის გააქტიურებული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციის გაჩუმებასა და დემოკრატიული გარანტიების გაუფასურებას”, – ამბობს Human Rights Watch.

Human Rights Watch ასევე წერს, რომ ბოლო წლებში თურქეთის ხელისუფლება პოლიტიკურ უთანხმოებებს მტრობით შეხვდა, აკავებდა და უთვალთვალებდა უფლებადამცველებს, ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტებს, სტუდენტებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებს. მთავრობამ და მისი კონტროლის ქვეშ მყოფმა ორგანოებმა დააწესეს სადამსჯელო სანქციები დამოუკიდებელი რადიოებისთვისა და ტელევიზიებისთვის. ადამიანებს დევნიდნენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებშიც ისინი არ ემხრობოდნენ ძალადობას. პროკურორები მათ ბრალს სდებდნენ ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა „პრეზიდენტის შეურაცხყოფა“ და „საზოგადოებრივი მტრობის წაქეზება“. ბოლო 5 წლის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლებამ 349000-ზე მეტი ვებ-გვერდი აკრძალა.

როგორც Human Rights Watch აღნიშნავს, თურქეთის ავტორიტარიზმის სანგრებში ღრმად ჩაძირვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვისაც პროტესტის გამოხატვა და დემოკრატიული მომავლის ძებნა სურს ქვეყნისთვის, რომელშიც ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნება.

როგორ დაიწყო ფემინურობის მიღება ჯეიკობ ელორდიმ

“Euphoria”-ს ერთგული მაყურებლები ჯეიკობ ელორდს კარგად იცნობენ. ის სერიალში ნეით ჯეიკობსის როლს ასრულებს. “Euphoria” ეკრანებზე 2019 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება, რადგან რეჟისორმა და სცენარის ავტორმა, სემ ლევინსონმა შეძლო, ახლებური ხედვით გადმოეცა თინეიჯერების ირგვლივ განვითარებული ამაღელვებელი ისტორია.

ჯეიკობსი “GQ”-ს პირველი გამოცემის, “Hype”-ის გარეკანზე მოხვდა. ინტერვიუში ის სერიალში მონაწილეობის შესახებ საუბრობს და კრიტიკოსებსაც პასუხობს.

Eli Russell Linnetz / GQ

ზოგიერთი სერიალის შემქმნელსა და რეჟისორს, სემ ლევინსონს გადაღებების მოედანზე მსახიობების ხანგრძლივი და დატვირთული რეჟიმის გამო აკრიტიკებდა. როგორც აღმოჩნდა, ჯეიკობ ელორდის ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

“ჩემთვის ეს მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა. როდესაც სემთან ვმუშაობ, ეს ჰგავს მასთან ერთად სანგარში ყოფნას, ვენდობი და ბოლომდე ვიხარჯები მისთვის. ზოგიერთი ამბობს, რომ ხელოვნებისთვის ბოლომდე დახარჯვა არ უნდა გვიწევდეს, რადგან ეს ცუდია იმიჯისთვის. მაგრამ მე ეს მსიამოვნებს”.

Eli Russell Linnetz / GQ

ელორდი განმარტავს, რომ სხვების გამოცდილების დაკნინებას არ აპირებს, თუმცა გრძნობს, რომ ის ელემენტები, რომლებმაც შოუ წარმატებული გახადეს, სწორედ სერიალის ინტენსიური სტილიდან გამომდინარეობს.

„ის, რასაც ტელევიზიით ყველა ხედავს — კადრები, რომლებზეც ადამიანები საუბრობენ; გრძნობები, რომლებსაც ისინი იღებენ; საუბარი შოუს ირგვლივ, — ეს იმის დამსახურებაა, რომ ზოგიერთი კადრის გადაღებას დიდი ძალისხმევა სჭირდება“.

ელორდი მსახიობობამ ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გაიტაცა. სკოლის პერიოდში იყო როგორც მსახიობი, ასევე სპორტსმენი. ის სკოლის რაგბის გუნდში თამაშობდა, რაც დაეხმარა, დაცულად ეგრძნო თავი, როდესაც სხვა ბავშვები მასზე ამბობდნენ, რომ ფემინური იყო და ეჭვქვეშ აყენებდნენ მის სექსუალობას.

„სკოლის სპექტაკლში მონაწილეობის მომენტიდან „გეის“ მეძახდნენ, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა მქონდა, რადგან ორივეს გაკეთება შემეძლო — ვიყავი საკმაოდ კარგი სპორტსმენი და ამავდროულად, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი მსახიობი. ვგრძნობდი, რომ მათზე მაღლა ვიდექი, ან ამან თავი მათზე უფროსად და ჭკვიანად მაგრძნობინა. არასდროს ვნერვიულობდი იმაზე, რომ ჩემი თანატოლები იფიქრებდნენ, თითქოს კაცზე რაიმეთი ნაკლები ვიყავი. გოგონათა სკოლების სპექტაკლებშიც ვიღებდი მონაწილეობას, შაბათ-კვირას მეზობელი სკოლის ყველაზე ლამაზ ქალებთან ერთად ვატარებდი და ვკითხულობდი ყველაზე რომანტიკულ სიტყვებს, რაც კი ოდესმე დაწერილა“.

Eli Russell Linnetz / GQ

ელორდი ასევე ჰყვება, როგორ გაუმკლავდა საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, როდესაც ფერიების მეფის როლს ასრულებდა “A Midsummer Night’s Dream”-ში.

„როდესაც ჩემზე თქვეს, რომ გეი ვიყავი, მახსოვს, მაკიაჟს ვიკეთებდი. ვიფიქრე, თუ ვიქნებოდი ფერიების მეფე, მაშინ ვიქნებოდი ყველაზე მაგარი ფერიების მეფე მეფეებს შორის, რომელიც ოდესმე გინახავთ… დავიწყე ფემინურობის მიღება და დავიწყე დრამის რეალურად თამაში“.

ელორდი თავისი ბოლოდროინდელი პოპულარობის შესახებ ამბობს, რომ არ სურს დაკარგოს ის, ვინც პატარაობაში იყო. სურს დარჩეს უმცროს საკუთარ თავთან.