ადიქცია ქვიარ ადამიანებში: დამოკიდებულების ზეგავლენა, შედეგები და დაძლევის გზები

ავტორი: ნინო ბექაია

ადიქცია ინგლისური სიტყვა ,,addiction”-დან მოდის და დამოკიდებულებას ნიშნავს. დამოკიდებულება შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ნივთიერებაზე, საშუალებასა და ქცევაზე, მაგალითად, ალკოჰოლზე, თამბაქოზე, საჭმელზე, კომპიუტერულ თამაშებზე, გამოიხატოს ნივთების ჭარბი დაგროვებით და ა.შ. ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება აბსტინენციის სინდრომის სახით, როდესაც ადამიანი განიცდის ფიზიკურ დისკომფორტს ნივთიერების შეწყვეტის შედეგად. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიხატება ძლიერ ლტოლვასა და სურვილში დამოკიდებულების ობიექტის მიმართ.

აღნიშნულ სტატიაში მიმოვიხილავ ადიქციას ქვიარ თემში და მის სპეციფიკას, რა მდგომარეობაა ადიქციების მხრივ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ძირითადად, შევეხები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას – როგორია დამოკიდებულების ზეგავლენა ადამიანზე და დაძლევის რა მექანიზმები არსებობს, ასევე, რა კონკრეტული ტექნიკები გამოიყენება პრაქტიკაში.

ადიქცია ქვიარ თემში

ისტორიულად ითვლებოდა, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება მაღალია ქვიარ ადამიანებში, რაც დასტურდება ემპირიული კვლევებით. ამერიკის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ეროვნული ცენტრის თანახმად, 18 წლის და ზევით ქვიარ ადამიანების მესამედზე მეტი (37,6%) აღნიშნავდა, რომ მოიხმარდა მარიხუანას. ასევე, მაღალია თამბაქოს ნაწარმის მოხმარება ლგბტ მოზარდებში ჰეტეროსექსუალ თანატოლებთან შედარებით. ამერიკის ადიქციის ცენტრის მონაცემებით, ქვიარ ადამიანები თამბაქოს 200%-ით მეტს მოიხმარენ, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ადამიანები.

20-დან 20%-მდე ქვიარ ადამიანს აქვს ალკოჰოლზე საშუალო და მძიმე დამოკიდებულება. გეი კაცები 3,5-ჯერ მეტად მოიხმარენ მარიხუანას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი კაცები და ქვიარები 12,2-ჯერ მეტად მოიხმარენ ამფეტამინებს ჰეტეროსექსუალ ადამიანებთან შედარებით.

ქვიარ ადამიანებში დამოკიდებულების მაღალ მაჩვენებლებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს:

  • დისკრიმინაცია და სოციალური სტიგმა

ბევრი ქვიარ ადამიანი განიცდის გარკვეული დონის სტიგმასა და ჰომოფობიას. შესაძლოა, მტრული დამოკიდებულება მოდიოდეს ნაცნობებისგან, მეზობლებისგან, კოლეგებისა და ოჯახის წევრებისგანაც კი. მუდმივი სტრესი, სამუშაოს დაკარგვის შიში ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მუდმივი საფრთხე, ხშირად განაპირობებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას.

  • ინტერნალიზებული ჰომოფობია

ჰომოფობია ნეგატიურად აისახება ადამიანებზე, განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება სიძულვილი ქვიარ ადამიანებსა და მათ თვითშეფასებაზე. ჰომოფობიურ გარემოში ზოგჯერ რთულია მიიღო საკუთარი იდენტობა. საზოგადოებაში არსებული ძლიერი სტიგმა აიძულებს ბევრ ჰომოსექსუალს, მიმართოს თავდაცვის გზებს, დაარწმუნოს თავი, რომ ის ჰეტეროსექსუალია და ავლენდეს აგრესიას ჰომოსექსუალების მიმართ. ზოგჯერ იქცევა როგორც ჰეტეროსექსუალი, ანუ რაც მიღებულია ,,ნორმალურ ქცევად”. ინტერნალიზებული ჰომოფობია ასევე ვლინდება იზოლაციაში, თვითდესტრუქციულ ქცევასა და აპათიაში, რასაც მივყავართ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის განადგურებამდე.

  • ფსიქიკური აშლილობები

კლინიკური დეპრესია, სტრესი და შფოთვითი აშლილობები ხშირია ლგბტქი წევრებს შორის ჰომოფობიური გარემოსა და სტიგმის გამო. ასევე, ხშირია კვებითი დარღვევებიც. ამას თან ერთვის ხშირად ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც. შედეგად, ქვიარ ადამიანები შვებას ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში ეძებენ.

  • მხარდაჭერის ნაკლებობა/არქონა

ბევრი ქვიარ ადამიანი მალავს საკუთარ იდენტობას დისკრიმინაციისგან თავის ასარიდებლად. დაფარულმა ცხოვრების წესმა, შესაძლოა, შექმნას მარტოობისა და შფოთვის განცდა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქვიარ ადამიანი გადაწყვეტს, აღარ დაიმალოს და გამომზეურდეს საჯაროდ, ხშირად ამას თან ერთვის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან მიუღებლობა. მუდმივი სტრესისგან თავის დასაღწევად კი, ხშირად იყენებენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

ასევე, პრობლემაა ქვიარ ადამიანების მიმართვიანობა ჯანდაცვის სპეციალისტებთან. იმის გამო, რომ ექიმის მხრიდან ხშირად ხდებიან განსჯის ან დისკრიმინაციის ობიექტები, ბევრი თავს იკავებს მედიკოსთან მისვლისგან, ბარიერს წარმოადგენს ფინანსური ხელმისაწვდომობაც. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზეგავლენა და მავნე შედეგები გამოიხატება როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, რომლის მკურნალობა დამოკიდებულია ადამიანის ფინანსებზე.

ადიქციების განვითარებას, ზოგადად, ხელს უწყობს გავრცელებული მითები და სტერეოტიპები. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა მიიჩნევს, რომ მარიხუანა ნარკოტიკი არ არის, სიგარეტის მოწევა მხოლოდ მავნე ჩვევაა და მწეველის არჩევანი, თამბაქო ეხმარება სტრესის დაძლევასა და დამშვიდებაში, კლუბური ნარკოტიკი არც ისე საშიშია და ა.შ. სიგარეტი, ალკოჰოლი და კლუბური ნარკოტიკიც ხშირად გამოიყენება ,,განტვირთვის” და გართობის მიზნით.

რა არის დამოკიდებულება და რა ზეგავლენას ახდენს ადამიანზე

სინამდვილეში, მარიხუანა, ნიკოტინი და კლუბური ნარკოტიკიც, ფსიქოატიური საშუალებებია და იწვევენ ცნობიერების მდგომარეობის ცვლილებას, რაც შემდეგ ზეგავლენას ახდენს მენტალურ პროცესებსა და ქცევაზე.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ჯგუფებია: ჰალუცინოგენები, ოპიატები, დეპრესანტები და სტიმულატორები.

ჰალუცინოგენების ჯგუფში შედის, მაგალითად, კანაფი (ჰაშიში, მარიხუანა) LSD და PCP. აღნიშნული ჰალუცინოგენები ცნობიერების ყველაზე ფუნდამენტურ ცვლილებას იწვევენ. ოპიატების ჯგუფში შედის, მაგალითად, ჰეროინი და მორფინი, მათში შემავალი ნივთიერებები იწვევს ნერვული რეცეპტორების ძლიერ სტიმულირებას და მოქმედებს ტვინის დოფამინურ ნაწილზე. დეპრესანტების ჯგუფში შედის ბარბიტურატები და ალკოჰოლი, რომლებიც თრგუნავენ გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული იმპულსების გადაცემის შეკავებით ან შემცირებით. დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ხანმოკლე პერიოდში იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის გადატვირთვას. სტიმულატორებს მიეკუთვნება ამფეტამინი, კოკაინი, ნიკოტინი და კოფეინი. აღნიშნული ნივთიერებები მოქმედებს დოფამინურ სისტემაზე და იწვევს ეიფორიასთან მიახლოებულ გუნება-განწყობილებას, მოჭარბებულ ენერგიასა და ჰიპერაქტიურობას. მაგალითად, ნიკოტინი იკავებს ბუნებრივი ნეირომედიატორების ადგილს ტყვინში და იწვევს ძლიერ მიჩვევას. ნიკოტინის უარყოფითი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე ხშირად აღემატება სხვა ნივთიერებების ზემოქმედებას, აღებულს ერთად.

დამოკიდებულების სხვადასხვა განმარტება არსებობს. ის განსხვავდება ემოციებისგან და კონკრეტული რწმენებისგან. დამოკიდებულება გლობალური შეფასებაა საგნებისა და მოვლენების, რომელიც ჩვენ მეხსიერებაში შედარებით მყარად არსებობის შედეგად წარმოიქმნება.

დამოკიდებულება ხშირად განიხილება, როგორც დამოკიდებულების ობიექტზე კოგნიტური, აფექტური და ქცევითი რეაქციების განხორციელებისადმი წინასწარი მზაობა. აღნიშნული სამკომპონენტიანი ხედვა ქმნის დამოკიდებულების ბაზისს.

  • აფექტური ანუ ემოციური კომპონენტი – მოიცავს იმ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც აქვს ინდივიდს დამოკიდებულების ობიექტის მიმართ. (დადებითი, სასამოვნო)
  • ქცევითი კომპონენტი – როგორც კი საშუალება აქვს დამოკიდებულ ადამიანს, მოიხმარს ნივთიერებას ან ახორციელებას იმ ქცევას, რაც წარმოადგენს დამოკიდებულების ობიექტს.
  • კოგნიტური კომპონენტი – ინდივიდის რწმენები და იდეები დამოკიდებულების ობიექტის მიმართ (პოზიტიური შეფასება დამოკიდებულების ობიექტს). მაგალითად, “მოწევა მამშვიდებს”, “ალკოჰოლი მეხმარება სტრესის დაძლევაში”.

ზიანი, რომელსაც ფსიქოატიური ნივთიერებები იწვევს, ვარირებს მსუბუქიდან ძლიერამდე, არის მოკლევადიანი და გრძევადიანი და ზემოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთლობაზე და ამძიმებს ადამიანების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას. მენტალური პრობლემებიდან, ყველაზე ხშირად ვლინდება დეპრესია, შფოთვა, პარანოია.

  • დეპრესია – არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კავშირს ფსიქოატიურ ნივთიერებების მოხმარებასა და დეპრესიას შორის. ნივთიერებების ზემოქმედება ტვინის გარკვეულ უბნებზე იმდენად დიდია, რომ მათი ავადმოხმარება იწვევს დეპრესიასა და სხვა აშლილობებს.
  • შფოთვა – ზოგიერთი მასტიმულირებელი ნივთიერებები, მაგალითად, კოკაინი და ნიკოტონი, იწვევს შფოთვით აშლილობებს და პანიკურ შეტევებსაც კი.
  • პარანოია – კოკაინის და მარიხუანას გრძელვადიანმა მოხმარებამ, შესაძლოა გამოიწვიოს პარანოია. ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ბევრი ნარკოტიკი არალეგალურია და მომხმარებელს აქვს მუდმივი შიში იმისა, რომ ერთ დღეს დაიჭერენ.

ფიზიკური ზიანი, რომელსაც განიცდის ადამიანი ფსიქოატიური ნივთიერებების შედეგად, ყველაზე ხშირად გამოიხატება შემდეგი სახით:

  • თირკმელები

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გრძელვადიანმა გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება – დეჰიდრატაცია, კუნთების ფუნციის მოშლა, სხეულის ტემპერატურის მატება ზიანს აყენებს თირკმელების მუშაობას, რომელიც დროთა განმავლობაში ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.

  • ღვიძლი

ცნობილია, რომ ალკოჰოლის ჭარბად და დიდხანს გამოყენება ზიანს აყენებს ღვიძლს. თუმცა, ოპიადებისა და სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებაც იგივენაირად ზემოქმედებს ღვიძლზე, როგორც ალკოჰოლი. ღვიძლი ზიანდება ნაწიბურების, ნეკროზებისა და ქრონიკული ანთების შედეგად.

  • გული

გულის ფუნქცინირებაზე ბევრი ფსიქოატიური ნივთიერება ზემოქმედებს. ზიანი მრავალნაირია, გულსცემისა და არტერიული წნევის მატებით დაწყებული, თრომბოზითა და ინსულტით დამთავრებული.

  • ფილტვები

ფილტვებს დიდ ზიანს აყენებს როგორც თამბაქოს ნაწარმის მოხმარება, ასევე, მარიხუანა და კოკაინი. გარდა პირდაპირი დაზიანებისა, ისეთი ნარკოტიკი, როგორიცაა ჰეროინი, რომელიც იწვევს სუნთქვის შენელებას, ასევე იწვევს ფილტვების სერიოზულ პრობლემებს.

  • ფსიქოატიური ნივთიერებები იწვევს მოკლევადიან ზიანსაც, რომელიც გამოიხატება თავბრუსხევაში, თავის ტკივილში და ა.შ. აქვეითებს იმუნიტეტს.

ქცევითი ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების შედეგად, შემდეგია:

  • დამოკიდებული ადამიანი იღებს მედიკამენტის იმაზე მეტ დოზას და მეტხანს, ვიდრე აქვს დანიშნული
  • დამოკიდებული ადამიანი ვერ ახერხებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შეწყვეტას მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი სურვილი აქვს შეწყვეტის
  • აქვს ნივთიერების გამოყენებისა და მოპოვების ძლიერი სურვილი
  • არ შეუძლია დავალებების/სამუშაოს შესრულება ნივთიერების ავადმოხმარების გამო
  • აგრძელებს ნივთიერების მოხმარების მიუხედავად ინტერპერსონალური ურთიერობების გაუარესებას
  • სახეზეა ნივთიერების მოხმარების გამო, სამსახურისა და სოციალური კავშირების შეწყვეტა
  • აგრძელებს ნივთიერების მოხმარებას მიუხედავად იმისა, რომ იცის და აცნობიერებს, როგორ აზიანებს ნარკოტიკი მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას

ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება, გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხარიხის გაუარესებისა, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ალკოჰოლისა და თამბაქოს შეძენაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეტად აღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი უჯდებათ ადამიანებს და სახელმწიფოსაც.

საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები საკმაოდ საგანგაშოა. მაგალითად, ალკოჰოლის გასინჯვის მინიმალური ასაკი 10 წელია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგადი მოსახლეობის ალკოჰოლის ავადმოხმარების გამო 1,6%-ს ესაჭიროება მიმართვა შესაბამის სამკურნალო სერვისებში. საქართველოში თამბაქოს მომხმარებელია მოსახლეობის 31%. თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური ასაკია კაცებში – 7, ხოლო ქალებში 9 წელი. რესპონდენტთა 15,9% აცხადებს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია მარიხუანა, მისი მოხმარების მინიმალური ასაკი კაცებში 9, ხოლო ქალებში 12 წელია. აზარტულ თამაშებში ჩართულობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღნიშნა რესპონდენტთა 31,3%-მა. აქვე უნდა აღინიშნოს პოზიტიური ფაქტიც, NCDC-ის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში მწეველთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა, ხოლო შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება 10%-მა, რაც, დიდწილად, ახალი კანონმდებლობის დანერგვამ განაპირობა.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება და სხვადასხვა დამოკიდებულებებთან ბრძოლა დღემდე გამოწვევად რჩება მსოფლიოში. დასავლეთის ქვეყნებში ადიქციებთან მუშაობის გამოცდილება დაგროვდა, რომელსაც, გარკვეულწილად, საქართველოც იზიარებს საკანონმდებლო დონეზე. (მაგალითად, საჯარო ადგილებში თამბაქოს ნაწარმის მოხმარების აკრძალვა, ტაქსებში და მანქანებში ბავშვის თანდასწრებით მოწევის აკრძალვა) ასევე, გაჩნდა დამოკიდებულებებთან მომუშავე სერვისები. რიგ ქვეყნებს საქართველოსთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, მაგალითად, პოლონეთის 2018 წლის მონაცემებით მწეველთა რაოდენობა 26%-ია, ბრიტანეთში 2020 წელს მილიონმა ადამიანმა შეწყვიტა მოწევა. თუმცა, მსოფლიოში დღემდე გამოწვევად რჩება მოზარდების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების პოპულაციის 8,4% 15 წლის და ზევით მოსახლეობა აცხადებდა, რომ იღებდა ალკოჰოლს ყოველ დღე. ადიქციების მიმართ ცნობიერების გაზრდა, რაც გულისხმობს მათ შორის მავნეობის შესახებ ინფორმაციას, დამოკიდებულებებთან მომუშავე სერვისების არსებობა, მოქნილი საკანონმდებლო პოლიტიკა – ეს არის იმ მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც მსოფლიოს სსვადასხვა ქვეყანაში მუშაობს ეფექტურად და რომლისკენაც უნდა მივილტვოდეთ.

რატომ ვიყენებთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს

ფსიქოაქტიური ნივთიერებებს ადამიანები უძველესი დროიდან მოყოლებული მოიხმარდნენ. რამდენი ხანიც არსებობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრობლემა, პარალელურად, არსებობს კითხვა – რატომ? რატომ მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს? ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. მეცნიერების სხვადასხვა დარგები და მიმდინარეობები გვთავაზობენ ჰიპოთეზებს და დაძლევის მექნიზმებს. თუმცა, სანამ განვავრცობ აღნიშნულ ჰიპოთეზებს, მინდა აღვნიშნო, რომ საჭიროა, გავმიჯნოთ ორი სხვადასხვა საკითხი:

1. რატომ იწყებს ადამიანი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას/გასინჯვას?

2. რატომ აგრძელებს ნივთიერების მოხმარებას?

მეორე კითხვაზე პასუხი დამოკიდებულების ბუნებაშია. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ფსიქოატიურ ნივთიერებას ახასიათებს მასზე როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ხშირად გვსმენია ადამიანებისგან – ,,ალკოჰოლი კარგ ხასიათზე მაყენებს, ვდუნდები”, ,,სიგარეტი მიყვარს, მომწონს მისი გემო”, ,,მინდა და ვეწევი, როცა აღარ მომინდება, შევწყვეტ მოწევას”.

სინამდვილეში, ფსიქოაქტიურ ნივთიერებების მოხმარება არც სიყვარულის ისტორიაა და არც რომანტიკასთან აქვს რაიმე საერთო. სამწუხაროდ, მარტო სურვილიც არ კმარა დამოკიდებულების დასაძლევად და პრაქტიკაში ,,როცა მოვინდომებ, მაშინ დავანებებ” ძალიან იშვიათად ხდება. ყველა ილუზორული აზრი, რომელიც ფსიქოატიურ ნივთიერებასთან მიმართებით არსებობს, სათავეს დამოკიდებულებისგან იღებს. ფიზიოლოგიური დამოკიდებულება არის ,,პროცესი, როდესაც ორგანიზმი ეჩვევა და დამოკიდებული ხდება მოცემულ ნივთიერებაზე მისი ქრონიკული გამოყენების შედეგად.” ფიზიოლოგიური დამოკიდებულების შედეგად იცვლება ტვინის ფუნქციონირება, დამოკიდებულება ზემოქმედებს აღქმაზე, მეხსიერებასა და ქცევაზე. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ეს არის ,,ქცევითი ტენდენცია, რომელიც უბიძგებს ადამიანს მოიხმაროს ნარკოტიკი”. ცხადია, დამოკიდებულების დროს ზედმეტია ისაუბრო საკუთარ არჩევანსა და დამოკიდებულების ობიექტის სიყვარულზე. ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ცვლის ადამიანის აზრებს, ფიქრებს/დამოკიდებულებას ობიექტის მიმართ და ცვლის შესაბამისად ქცევასაც. როდესაც დამოკიდებული ადამიანი ვერ იღებს ნივთიერებას, განიცდის ძლიერ დისკომფორტს და ყველა გზით ცდილობს, მოიპოვოს ის.

რომ მივუბრუნდეთ კითხვას – რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული? რატომ იწყებს ნივთიერების გასინჯვას? არსებობს სხვადასხვა თეორიები.

გამოვყოფ რამოდენიმე ფაქტორს:

ბიოლოგიური: ერთ-ერთი ჰიპოთეზა, თუ რატომ მოიხმარენ ნარკოტიკს ეფუძნება იმას, რომ ადამიანებს მემკვიდრეობით გადაეცემა ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების განწყობა. ოჯახებსა და იდენტურ ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგჯერ, ერთი ოჯახის რამოდენიმე წევრი ხდება დამოკიდებული ნივთიერებაზე, თუმცა აღნიშნული თეორია არ გამორიცხავს გარემოს ძლიერ ფაქტორს და მის ზემოქმედებას ინდივიდზე.

ფსიქოლოგიური: ქცევითი ანუ ბიჰევიორული ფსიქოლოგია ქცევას განიხილავს, როგორც რექაციას ამა თუ იმ სტიმულზე. თითქმის ყველა ქცევა დასწავლილია და დასწავლა ხორციელდება იმის მიხედვით, რას იღებს ადამიანი ქცევის შედეგად – დაჯილდოვებას თუ დასჯას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კონკრეტული ნივთიერების მიღებას მოყვა გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სავარაუდოა, რომ იზრდება ქცევის განმეორების ალბათობა.

კოგნიტური ფსიქოლოგია, რომელიც შემეცნებით პროცესებს (აღქმა, შეგრძნება, აზროვნება, მეხსიერება და ა.შ.) შეისწავლის, ამბობს, რომ ადამიანის აზრები/კოგნიციები საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ განაპირობებს, მათ შორის, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. მაგალითად, აზროვნების პატერნმა – ,,სიგარეტი მეტად თავდაჯერებულს გამხდის და ბევრი მეგობარი მეყოლება”, შესაძლოა, თამბაქოს დამოკიდებულებამდე მიიყვანოს ადამიანი.

პიროვნების ფსიქოლოგია ნივთიერებების ავადმოხმარებას ადამიანის პიროვნულ თვისებებს უკავშირებს. აიზენკი თვლიდა (Eysenck, 1997), რომ ფსიქოტიციზმი, ნევროტიციზმი და ექსტრავერსია დაკავშირებული იყო დამოკიდებულების განვითარებასთან. ფსიქოტიციზმს ახასიათებს აგრესია, ეგოცენტრულობა, იმპულსურობა. ნევროტიციზმი ხასიათდება უხასიათობით, შფოთვითა და გაღიზიანებით. ექსტრავერსია გულისხმობს დადებით ემოციებს, სოციალურიბას. ზოგიერთმა კვლევებმა დაადასტურა კორელაცია აღნიშნულ პიროვნულ თვისებებსა და დამოკიდებულებას შორის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ექსტრავერტი ადამიანი ცალსახად მიდრეკილია განუვითარდეს ესა თუ ის დამოკიდებულება. ასევე, არსებობს თეორია, რომლის მიხედვით, ადამიანი, რომელიც გაურბის არსებულ ყოფას, პასუხისმგებლობასა და სიმძიმეს, ვერ პოულობს საზრისს, ,,შვებას” ეძებს სხვადასხვა ნივთიერებაში.

კითხვაზე – რატომ იწყებს ადამიანი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას, ცალსახა პასუხი არ არსებობს. კონკრეტულ შემთხვევაში, გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ექსპერიმენტირება, გარემოსა და სოციუმის ზეგავლენა, ხელმისაწვდომობა ან სხვა ფაქტორი/ფაქტორები. ასევე, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ იმპულსურ და ეგოცენტრულ, ან შფოთვისკენ მიდრეკილ ადამიანს ცალსახად აქვს მაღალი პრედისპოზია ნარკოტიკების მოხმარებისადმი.

კითხვაზე – რატომ აგრძელებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებას ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ აცნობიერებს მის მავნე ზეგავლენას, პასუხი დამოკიდებულების ბუნებაშია. აგრძელებს მოხმარებას, რადგან დამოკიდებულია ადიქციის ობიექტზე ფსიქოლოგიურად და რიგ შემთხვევაში, ფიზიკურადაც. ფიზიკური დამოკიდებულება გამოიხატება აბსტინენციის სინდრომის (ე.წ. ,,ლომკის”) სახით. მაგალითად, სიგარეტის შეწყვეტის შემდეგ, ზოგჯერ ადამიანი გრძნობს გაღიზიანებას, თავბრუსხვევას, სისუსტეს, ხველებას და ა.შ. თუ სიგარეტის შემთხვევაში აბსტინენციის სინდრომის ფიზიკური გამოხატულება მაქსიმუმ 5 დღეში გაივლის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების შემთხვევაში გაცილებით რთულად მიმდინარეობს და აუცილებლად მოითხოვს სპეციალისტების ზედამხედველობას

ადიქციის დაძლევის მექანიზმები

დამოკიდებულების დაძლევისა და მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად, დღეს კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოლოგია ითვლება. აღნიშნული მიდგომა ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ადამიანის რწმენები და აზრები დიდ გავლენას ახდენს მის ქცევაზე, შესაბამისად, დამაზიანებელი ქცევის შეცვლისთვის საჭიროა შევცვალოთ მისი გამომწვევი დამაზიანებელი აზრები/რწმენები. მაგალითად, თამბაქოზე დამოკიდებულების შემთხვევაში, მკურნალობის ყველაზე ოპტიმალური გზა ფსიქოთერაპიისა და ფარმაკოთერაპიის კომბინაციაში გამოყენებაა. ფარმაკოთერაპია ზოგჯერ აორმაგებს დამოკიდებულების დაძლევის შანსებს. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემთხვევაში, გამოყოფენ მკურნალობის რამოდენიმე საშუალებას: დეტოქსიკაცია, ჩანაცვლებითი თერაპია (მეთადონითა და ბუპრენორფინით), ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. ფსიქოაქტიურ ნივთიერებების მკურნალობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თავად რეაბილიტაციის ხანგრძლივობა, რაც ზრდის რემისიის შანსებს. დამოკიდებულებას ახასიათებს რეციდივები, რაც შეიძლება გამოიხატოს ძლიერი სტრესით, დეპრესიით ან შფოთვით, ამიტომ ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დამოკიდებულების დასაძლევად ხშირად მიმართავენ ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ, გააზიარონ საკუთარი გამოცდილება. ასევე, სხვისი გამოცდილების გაზიარება იძლევა რეფლექსიის დამატებით საშუალებას და ეხმარება მკურნალობის პროცესში. ადიქციისგან განთავისუფლების შემდეგ, ხშირად თავადაც ერთვებიან ადამიანები სხვების დახმარების პროცესში, რაც სასარგებლოა თავად ყოფილი დამოკიდებულისთვის და პაციენტებისთვისაც.

ადიქციის დაძლევისთვის, საჭიროა თანმიმდევრული ეტაპების გავლა. მკურნალობა კი მრავალშრიანი და კომპლექსურია დამოკიდებულების ობიექტიდან და ადიქციის სიმძიმიდან გამომდინარე.

გთავაზობთ რამოდენიმე გზას, რომლებიც დაგეხმარებათ ადიქციის დაძლევაში:

გადაწყვეტილების მიღება – ნებისმიერი დამოკიდებულების დაძლევა იწყება გადაწყვეტილების მიღებით, რომელსაც წინ უსწრებს დამოკიდებულების დაძლევის სურვილი. გადაწყვეტილების მიღება თავად ასრულებს ერთ-ერთ ძლიერი მოტივატორის როლს დანებებისა და რეაბილიტაციის პროცესშიც. გადაწყვეტილება რაც უფრო მტკიცეა, მით მეტია მიზნის მიღწევის შანსი.

მოტივაციასანამ კონკრეტულ ნაბიჯებზე გადახვალთ, იმუშავეთ საკუთარ თავდაჯერებულობაზე. გაიხსენეთ წარსულში წარმატებული და შესრულებული მიზნები, როდესაც მაქსიმალური გააკეთეთ მათ მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებლად მიგაჩნდათ. საკუთარი მოტივატორების გაწერა მნიშვნელოვანია. ძლიერი მოტივაცია შესაძლებელია იყოს საკუთარი ჯანმრთელობა, ოჯახის წევრების კარგად ყოფნა და ა.შ. თუმცა, რაც უფრო დავაკონკრეტებთ მოტივაციას, მით უკეთესი. მაგალითად, “შევძლებ უკეთესად ვარჯიშს”, “დავიძინებ სრულფასოვნად და მშვიდად”, “არ შემაწუხებს ტკივილი” და ა.შ.

დამოკიდებულების შეწყვეტის დაგეგმვადაგეგმვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და მოიცავს როგორც ინფორმაციის მოძიებას საკუთარი დამოკიდებულების შესახებ (როგორ მოქმედებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანჰმრთელობაზე, რა სახის ზიანი მოაქვს კონკრეტულად), ასევე კონკრეტული თარიღის დათქმას (მაგალითად მოწევის შეწყვეტის შემთხვევაში) და საკუთარი დაძლევის საშუალებების შემუშავებას კონკრეტულ ტრიგერებზე. (აქ შეიძლება შედიოდეს სხვადასხვა სავარჯიშოები, სუნთქვითი ვარჯიში, მედიტაცია, სეირნობა და ა.შ.)

ვიზუალიზაცია წინასწარ წარმოიდგინეთ და დაინახეთ საკუთარი თავი, როგორც დამოკიდებულებისგან თავისუფალი ადამიანი. როგორ იქცევით კონკრეტულ სიტუაციაში? რას გრძნობთ? აუცილებელი პირობაა, წარმოიდგინოთ თავი, როგორც ბედნიერი/თავისუფალი. ხშირად ივარჯიშეთ მსგავს ვიზუალიზაციაზე.

შეცდომაში შემყვანი აზრების იდენტიფიცირებაწლების განმავლობაში ადიქციის ობიექტს იყენებდით გამკლავების მექანიზმად. სინამდვილეში, ის არ წარმოადგენს გამკლავების მექნიზმს და მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაშია, რომელიც განმტკიცებულია როგორც გარე ფაქტორებით (მაგალითად დამკვიდრებული აზრი, რომ სიგარეტი/ალკოჰოლი/სხვა ნივთიერება სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება) ასევე ჩვევის დონეზე. მოიძიეთ სანდო ინფორმაცია, დააკვირდით საკუთარ თავს, სხვა დამოკიდებულ ადამიანებს. ილუზორული აზრები ნაცვლდება ფაქტებზე დაყრდობით მოპოვებული ინფორმაციით.

თარიღის დათქმა და დათქმულ თარიღზე ფსიქოატიური ნივთიერების მოხმარების შეწყვეტაზოგისთვის დამოკიდებულების დაძლევა შედარებით მარტივია, ზოგისთვის კი ძალიან რთული. სიტუაციას ართულებს წარსული გამოცდილება და ჩავარდნილი მცდელობები. მნიშვნელოვანია, არ ჩავეჭიდოთ წარსულ მარცხს და ვცადოთ კიდევ და კიდევ, რადგან ყოველ შემდეგ ჯერზე გვაქვს მეტი გამოცდილება, ვართ მეტად ინფორმირებული და მტკიცე. მიიღეთ დახმარება, პროფესიონალური და ახლობელი ადამიანების. თუ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა შესაძლებელია საკუთარი ძალებითაც, მძიმე ნარკოტიკული ნივთიერების შემთხევაში აუცილებელია შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართვა.

რეაბილიტაციის პერიოდში ფხიზლად ყოფნა – ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის შემდგომ, შესაძლოა, თავი შეგახსენოთ ნეგატიურმა აზრებმა და ტრიგერებმა. ტრიგერი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: სტრესი, შფოთვა, სოციალიზაცია, სტრესული სიტუაციები, კონკრეტული ადამიანები და ა.შ. სურვილის შესახებ წამოსული აზრები უპირველეს ყოვლისა დააიდენტიფიცირეთ და დაუყოვნებლივ დაბლოკეთ. არ მისცეთ მათ ზემოქმედების საშუალება. ჩაანაცვლეთ ისინი პოზიტიური აზრებით. არსებობს უამრავი ბენეფიტები, რომელსაც დამოკიდებულების შეწყვეტის შედეგად მიიღებთ. შეგიძლიათ ჩამოწეროთ და ყოველთვის გახსოვდეთ ისინი, როდესაც ტრიგერი ან ნეგატიური აზრი შეგაწუხებთ.

დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება სპეციალისტებისა და ახლობლებისგან ხშირად აუცილებელი ხდება სპეციალისტების ჩართვა დამოკიდებულების დაძლევისთვის და ეს საჭიროებს ფინანსური და სხვა რესურსების მობილიზებას. ასევე, მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა. ხშირად ჩვენი ახლობლები ვერ ხვდებიან და არ იციან, როგორ დაგვეხმარონ და ჰგონიათ, რომ ფრაზები “დაანებე სიგარეტს თავი!” ან “გეყოს სმა!” დაეხმარება დამოკიდებულ ადამიანს. თუ ჩვენი ოჯახის წევრი დამოკიდებულია, მხარდაჭერა შეგვიძლია, გამოვხატოთ მსგავსი ფრაზებით: “ვიცი რომ რთულია, მაგრამ მე შენს გვერდით მიგულე”, “შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს”, “მე დაგეხმარები რითიც შემიძლია”. ხანდახან უბრალო მოსმენაც კი უადვილებს ყოფას ადამიანს. გულახდილად ესაუბრეთ თქვენ დამოკიდებულებაზე და ემოციებზე სანდო ადამიანებს და უთხარით, რა სახის მხარდაჭერა იქნებოდა თქვენთვის დამხმარე კონკრეტულ მომენტში.

დამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია, ამისთვის კი გარკვეული სამუშაოს გაწევა არის საჭირო. ფსიქოაქტიური ნივთიერებისგან გათავისუფლება არ არის ერთჯერადი აქტი, არამედ ეს არის პროცესი, სადაც თითოეულ ეტაპს გადის ადამიანი თანმიმდევრობით და იმდენჯერ, სანამ არ იქნება მიღწეული მიზანი.

ადიქციის პრევენცია

პრევენცია ინგლისური სიტყვა “prevention” მოდის და ითარგმნება, როგორც პრობლემის თავიდან აცილება. განასხვავებენ უნივერსალურ (პირველად), მიზანმიმართულ (მეორეულ) და შერჩევითი (სელექტიურ) პრევენციას.

პირველადი ანუ უნივერსალური პრევენცია გულისხმობს პრევენციას ზოგადად მოსახლეობისთვის, თემებისთვის და ა.შ. მაგალითად, სკოლაში ფსიქოატიური ნივთიერებების შესახებ სწავლება, მშობლის მიერ აღმზრდელობითი საქმიანობის გაწევა, რათა ბავშვმა არ დაიწყოს ნარკოტიკის გამოყენება. 10-12 წლიდან ბავშვებთან ნივთიერებების მავნეობაზე და რისკებზე შასაძლებელია საუბარი, მანამდე კი სწორი აღმზრდელობითი სამუშაოს შედეგად ნარკოტიკების მიმართ მდგრადობას უნდა ჩაეყაროს საფუძველი. მეორეული ანუ მიზანმიმართულიპრევენცია გულისხმობს ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენასა და ჩარევის განხორციელებას. იგულისხმება დამოკიდებულების მიზეზების დაიდენტიფიცირება და მათზე მუშაობა. შერჩევითი ანუ სელექტიური პრევენცია გულისხმობს წამალდამოკიდებულების მქონე მაღალი რისკის მქონე ჯგუფების შერჩევასა და მათთან მუშაობას. პრევენციაში ჩართული უნდა იყოს როგორც ოჯახი, ისე სკოლა, საზოგადოება და სახელმწიფო. თითოეული აღნიშული რგოლი ქმნის მნიშვნელოვან ერთობას პრევენციის სახით.

პრევენცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან მოზარდობაში გასინჯული ფსიქოატიური საშუალებები ხშირად ხელს უწყობს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ზრდასრულ ასაკში და ხშირად ცხოვრების ბოლომდე რჩებიან ამა თუ იმ ნივთიერებაზე დამოკიდებული. ადიქციის კომპლექსურიბიდან გამომდინარე, პრობლემის გადაწყვეტის გზებიც მრავალშრიანია. პრევენცია გულისხმობს როგორც ბავშვებში კონკრეტული უნარ-ჩვევების, ფასეულობებისა და რწმენების განვითარებას, ასევე პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას ადიქციიების კუთხით. ფსიქოაქტიური ნივთიერებების/ნაწარმის ხელმისაწვდომობის შემცირებასა და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვასა და კულტივირებას სკოლებში.

გამოყენებული მასალა:

  1. ბექაია ნ. (2021). ჰომოფობია – შიში, ზიზღი, მითები და რეალობა

https://queer.ge/Articles/Details/15

  1. გუგუშვილი ნ. (2016). ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ელექტრონული ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოძიებულია 29.09.2021 http://dictionary.css.ge/content/psychological-dependence
  2. ხეჩუაშვილი ლ. (2016). ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ელექტრონული ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოძიებულია 29.09.2021 http://dictionary.css.ge/content/psychoactive-drugs
  3. ხეჩუაშვილი ლ. (2016).დამოკიდებულება. ელექტრონული ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოძიებულია 29.09.2021 http://dictionary.css.ge/content/attitude
  4. ხეჩუაშვილი ლ. (2016). ფიზიოლოგიური დამოკიდებულება. ელექტრონული ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოძიებულია 29.09.2021 http://dictionary.css.ge/content/physiological-dependence
  5. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში. (2015). NCDC

https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=f44c364d-a2f4-462b-a82a-bc952a8e50b9

  1. ჯავახიშვილი ჯ. (2011). ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია.

https://www.researchgate.net/profile/Darejan-Javakhishvili/publication/303738751_Drug_Abuse_Prevention_Manual_for_School_Personnel_in_Georgian_language/links/5750251d08ae5c7e547a8af5/Drug-Abuse-Prevention-Manual-for-School-Personnel-in-Georgian-language.pdf

  1. Alcohol consumption statistics. 2019

https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Alcohol_consumption_statistics

  1. Maree Teesson et.al (2011). Theories of addiction: Causes and maintenance of addiction. Theories of addiction: Causes and maintenance of addiction.
  2. Long-term drug addiction effects. American Addiction Centers. https://drugabuse.com/addiction/long-term-effects/
  3. Substance Use and SUDs in LGBTQ* Populations. National InstiTute on Drug abuse. https://www.drugabuse.gov/drug-topics/substance-use-suds-in-lgbtq-populations

2019 National Survey on Drug Use and Health: Lesbian, Gay, & Bisexual (LGB) Adults. (2019). Substance Abuse and Mental Health Services Administration U.S. Department of Health and Human Services. https://www.samhsa.gov/data/sites/default/files/reports/rpt31104/2019NSDUH-LGB/LGB%202019%20NSDUH.pdf

ილუსტრაციები: http://nandasyavira.blogspot.com/2016/05/schizophrenia-spectrum.html

https://www.everydayhealth.com/addiction-pictures/the-8-most-surprising-addictions.aspx

https://www.statnews.com/2021/08/03/punishing-drug-use-heightens-the-stigma-of-addiction/

https://www.statnews.com/2021/05/03/people-recover-from-addiction-they-also-go-on-to-do-good-things/

https://online.alvernia.edu/articles/habit-vs-addiction/

https://www.additudemag.com/addictive-behaviors-adhd/

წინა

ევროსაბჭო: საქართველოს მთავრობამ უნდა დაიცვას ლგბტქ ადამიანები ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან

შემდეგი

ნობელის პრემიის მფლობელი ქალი მწერლები ლიტერატურის დარგში

ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook5Tweet0Shares5 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook16Tweet0Shares16 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook29Tweet0Shares29 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

Facebook26Tweet0Shares26 ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით,

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook13Tweet0Shares13 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,