დეკემბერი 2023

ცხოველებზე ზრუნვის 22 წელი – მაია თაბაგარი საუბრობს გამოწვევებზე

//

ქვიარი იწყებს პუბლიკაციების ახალ სერიას, რომელიც ცხოველების დამცველების საქმიანობას ეძღვნება. საქართველოში მიუსაფარი ცხოველების უფლებების საკმაოდ მძიმე მდგომარეობის ფონზე, ვეცდებით გამოვკვეთოთ ძირითადი გამოწვევები, რათა მათი გადაჭრის შესაძლებელი გზებიც ერთად დავინახოთ.

„ძაღლი ცოცხალი არსებაა, რომელსაც შია, წყურია, მოფერება, სიყვარული უნდა. თუ ადამიანს არ აქვს ცხოველების მიმართ შინაგანი სიყვარული და გრძნობა, ვერასოდეს გააკეთებს ამ საქმეს. ხშირად ვისმენ ჩემი მისამართით: „ნეტა შეეშვებოდე ამ ძაღლებს.“ ბევრს არ ესმის თუ რაში მჭირდება ის რასაც ვაკეთებ. მე კი ვთვლი, რომ ყველა ადამიანი ღმერთის მიერ რაღაც საქმისთვის, მსახურებისთვისაა არჩეული. მე ამისთვის ამირჩია ღმერთმა.“ – „ქვიართან“ საუბარში ამბობს ცხოველების დამცველი აქტივისტი მაია თაბაგარი.

მაიას ცხოვრების ჩვეული მიმდინარეობა 22 წლის წინ შეიცვალა, როდესაც მის სახლში ცუგამ პირველად შედგა ფეხი. მაიკოს თქმით, „ოთხფეხა სიყვარულმა“ ისეთი სითბო და ერთგულება აგრძნობინა, რომ მას შემდეგ ყველა ძაღლის მიმართ და განსაკუთრებით კი მიუსაფარი ცუგების მიმართ სენსიტიური და მხარდამჭერი გახადა.

ამ წლების განმავლობაში, მან ათასზე მეტი ცუგა გადაარჩინა შიმშილს, დაძინებას, სიცივეს, დაავადებებისგან, ადამაინების მიერ და ავარიის შედეგად მიყენებული დაზიანებებითა და ჭრილობებით გამოწვეულ წამებასა და სიკვდილს. მაია ცხოველების უფლებების სხვა დამცველებთან ერთად სრულიად მოხალისეობრივად არის ჩართული ძაღლების და კატების სტერილიზაციის პროცესშიც.

ჩვენ ვკითხეთ მაიას თუ რა გამოწვევებს აწყდებიან ცხოველების დამცველები და რამდენად ეხმარება მათ სახელმწიფო ან საზოგადოება იმ საქმის კეთებაში, რომელზეც წესით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. პრობლემების სია საკმაოდ ვრცელია და მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება

მოსახლეობაში მიუსაფარი ცხოველების და მათზე მზრუნველი ადამიანების მიმართ ზიზღი, ბავშვობიდან ცხოველების მიმართ შიშის დასწავლა შემდგომში გამოიხატება ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში, ცხოველების დამცველების მიმართ აგრესიაში, მათ დაცინვაში, დამცირებასა და დაშინებაში.

ჩვენი საზოგადოება ზოგადად ძალიან სასტიკია და გულგრილი მიუსაფარი ცხოველებისადმი. პრობლემად აღიქმება ცხოველის არსებობა და არა მისი საჭიროებები. მონიტორინგის სამსახურისგან ხშირად ითხოვებ მიუსაფარი ცხოველის მოშორებას რომელიღაც კონკრეტული ტერიტორიიდან, სადაც ის უკვე მიჩვეულია და ცხოვრობს. მონიტორინგის სამსახურს გადაჰყავს ცხოველი სხვა ტერიტორიაზე, სადაც ის არ არის ადაპტირებული, კარგაცს კავშირს იმ ადამიანებთან, რომლებიც მას კვებავენ. ამასთან, ახალ ტერიტორიაზე ასეთ ძაღლებს ფიზიკურად თავს ესხმიან სხვა ძაღლები, რომლებიც იცავენ საკუთარ ტერიტორიას, რაც ხშირად ძალიან ცუდად მთავრდება „გადასმული“ ცხოველისთვის.

სახელმწიფოს მხრიდან კანონის არ აღსრულება

არ ხდება ძაღლების მეპატრონეების კონტროლი და მათ მიმართ კანონის აღსრულება, რომელიც ცხოველის დაჩიპვას ავალდებულებს. ცხოველების გარეთ გაგდების პრაქტიკა ძალიან ხშირია. ზოგჯერ ძაღლი მიჰყავთ „ბავშვისთვის სათამაშოდ“, ხოლო როცა ის იზრდება უშვებენ გარეთ. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ცხოველის გამოკვებას ვერ ახერხებენ, ან უბრალოდ მობეზრდათ, ან დაბერდა და გასამრავლებლად აღარ ადგებათ და ა. შ.

 

კიდევ ერთი დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველებს ყრიან ტრასაზე, სრულიად დაუსახლებელ, ხანდახან მიუვალ ადგილებში, სადაც არაფერია – არც საკვები, არც წყალი. იქ ცხოველი ვერ გადარჩება, თუ მასზე არ იზრუნე.

ზოგიერთი პატრონი ეზოში აშენებულ ჯიხურში, სიცივეში და სისველეში ამყოფებს ძაღლს, მოკლე საბელზე, რაც წამების ტოლფასია. ასეთი მოპყრობისთვის პირველადი ჯარიმა სულ 8 ლარს შეადგენს, განმეორებითი კი 50 ლარს, რასაც ცხადია არანაირად არ გააჩნია შემაკავებელი ეფექტი.

თავშესაფრების პრობლემა

სახელმწიფო თავშესაფარი საჭიროა, თუმცა ის რაც უკვე არის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. „ეს ჩვეულებრივი სასაკლაოა“ – ამბობს მაია. კერძო თავშესაფრებში ადგილები და რესურსები საკმაოდ შეზღუდულია.

სტერილიზაციის პროცესის ხარვეზები

ძაღლების სტერილიზაციის პროცესში ხშირად მოხალისედ არიან ჩართულნი მოქალაქეები, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება მათი მხარდაჭერა სათანადოდ. მაგალითად მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს არ აქვთ ხოლმე ცხოველების გადასაყვანი გალიები, ასევე ცხოველის დროებით მოსადუნებლად გამოსაყენებელი სპეციალური თოფი.

არასაკმარისი ზრუნვა დაავადებულ ცხოველებზე

კიდევ ერთი საჭიროებაა დემოდეკოზით დაავადებული ძაღლების სამკურნალო პრეპარატი, რომელიც საკმაოდ ძვირია და რომლის გარეშე ცხოველი ძლიერ ტკივილს განიცდის და მკურნალობის გარეშე იღუპება.

 

ზოგადად მკურნალობის სამედიცინო ხარჯი ძალიან ძვირია. ვეტერინარული კლინიკების უმეტესობა მიუსაფარ ცხოველების მკურნალობისთვის კომერციულ საფასურს ითხოვენ. ძალიან იშვიათია, როდესაც ექიმები და კლინიკები სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ და შეღავათიანი პირობებით ან სულაც მოხალისეობრივად მკურნალობენ ოთხფეხა პაციენტებს. სამედიცინო დახმარება ცხოველებს ხშირად მანქანით დაჯახების შედეგადაც ესაჭიროებათ.

ენტერიტი წარმოადგენს გამოწვევას, განსაკუთრებით თუ ცხოველები ერთ ტერიტორიაზე მრავლად არიან და ერთმანეთისგან გადაედებათ. მკურნალობაც რთულია და შედეგიც ხშირად ფატალურია.

ცხოველების დამცველების გადაწვა და დაქსაქსულობა

ცხოველების უფლებების დამცველები რთულ მდგომარეობაში არიან ვინაიდან მწირი რესურსებით უწევთ კომპლექსური, რთული პრობლემების გადაჭრა. ისინი ხშირად განიცდიან მწვავე სტრესს დასახიჩრებული, მძიმედ ავადმყოფი, მომაკვდავი ცხოველების მოვლის გამო. შედეგად ზიანდება მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობაც, ხოლო საზოგადოების მხრიდან აქაც არ აქვთ მხარდაჭერა – არც სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა. ფსიქოთერაპიაც კი ძალიან ძვირია. სამოქალაქო აქტივისტები კი, როგორც წესი საკუთარ გამომუშავებულ სახსრებსაც ახმარენ საერთო საქმეს.

მაიას აზრით, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ საჭიროა ცხოველთა მოყვარული თემის გაერთიანება და შეთანხმებულად მოქმედება. “მხოლოდ ჩვენი ერთიანობით არის შესაძლებელი ცვლილებების მიღწევა,” ამბობს ცხოველების უფლებების დამცველი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კატო მიქელაძის პრემიის 10 წლიანი ისტორია

/

 

კატო მიქელაძის სახელობის პრემია ქალი უფლებადამცველებისთვის „ქალთა ფონდმა საქართველოში“ 2013 წელს დააწესა. კონკურსი ყოვეწლიურია და მიზნად ისახავს საქართველოში მომუშავე ქალი უფლებადამცველების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი თემის უფლებების დამცველი ქალების შრომისა და თავდადების აღნიშვნას.

პრემიის  პირველი გამარჯვებული გახდა ქვიარ ორგანიზაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი ეკა აღდგომელაშვილი გახდა.

2014 წლის კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული გახდა ქალთა ფონდი “ტასო”-ს გენერალური დირექტორი, მარინა თაბუკაშვილი.

2015 წლის კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატი გახდა ლია უკლება – ფემინისტი მხატვარი-აქტივისტი.

2016 წელს პრემია გადაეცა ეკატერინე სხილაძეს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს და სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს.

2017 წლის კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული გახდა ქეთევან ხიდაშელი, გურიის რეგიონიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე.

2018 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი იდა ბახტურიძე გახდა, ხოლო ტრანს* აქტივისტს ნატა ტალიკიშვილს სპეციალური ჯილდო გადაეცა სამომავლო საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა.

2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ფემინისტი აქტივისტი მარიამ ქაჯაია გახდა.

2021 წლის კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ ბაია პატარაია, თოზუ გულმამედლი და ელისო რუხაძე, კავშირი “საფარი”-ს გუნდის წევრები.

2022 წელს  ღონისძიებამ დაჯილდოებისა და ნომინანტების გარეშე ჩაიარა. ქალთა ფონდის გადაწყვეტილებით, ეს წელი დაჯილდოების შინაარსობრივი თუ ტექნიკური ნაწილის გადასინჯვას, რეფლექსიასა და განახლებას დაეთმო.

2023 წელს კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული გახდა ქვიარ და ფემინისტი აქტივისტი, ქვიარ ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომელი ალა პარუნოვა.

ქვიარ მეგობრული ეკლესია ქრისტეს შობას აღნიშნავს

//

 

 

24 დეკემბერს თბილისის ანგლიკანური ეკლესიის სამრევლო საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრო.

წმინდა ნინოს სახელობის ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში 2018 წლის 21 აპრილს დაარსდა ლიბერალურად მოაზროვნე ქრისტიანთა ჯგუფის  მიერ. მართლმადიდებლური, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიებიდან ადამიანებმა გადაწყვიტეს შეერთებოდნენ ანგლიკანურ ეპისკოპალურ ეკლესიას, ვინაიდან სჯერათ, რომ ეს ეკლესია ინარჩუნებს ქრისტიანულ რწმენას და ამავდროულად აღიარებს მეცნიერულ ცოდნას და თანხვედრაშია სოციალურ ცვლილებებთან.

2019 წლიდან თბილისის ეპოსკოპალური თემი შევიდა ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ. დაარსების შემდეგ ეკლესიას ძალიან დიდი დახმარება ბაპტისტურმა ეკლესიამ გაუწია, დაუთმო შეკრებებისთვის შენობა -მშვოდობის კათედრალი.

დღეის მდგომარეობით, ეკლასიაში გაერთიანებულია სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და ასაკის 100-მდე წევრი, თუმცა ახალგაზრდები ჭარბობენ. ეკლესიას ხელმძღვანელობს თომა ლიპარტიანი – ეკლესიის დამაარსებელი წევრი, განათლებით ფსიქოლოგი და თეოლოგი. გამოცემა AT-თან მიცემულ ინტერვიუში თომა ლიპარტიანი ამბობს:

„ეს არის ეკლესია, რომელიც გარეგნულად ძლიერ ჩამოჰგავს რომის კათოლიკურ ეკლესიას მისი ტრადიციებითა და კულტურით, ხოლო შინაგანად საოცრად პროგრესული და ცოცხალია.“

 

ბრიტანული კოლონიალიზმის შედეგად და ანგლიკანური სამისიონერო საზოგადოების ხელშწყობით, ანგლიკანური ეკლესია გავრცელდა აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და ამერიკის კონიტენტებზეც. ის დღეს მსოფლიო მასშტაბით 80 მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. იმ ქვეყნებში, სადაც ანგლიკანურმა ეკლესიამ დაკარგა ინგლისური ნაციონალური იდენტობა, ეს ეკლესია „ეპისკოპალურ ეკლესიად“ იწოდება.

აშშ-ს, კანადისა და შოტლანდიის ეკლესიები ღიად უჭერენ მხარს ლგბტქ+ ადამიანების სრულ ჩართულობას საეკლესიო ცხოვრებაში.

წმინდა ნინოს სახელობის თბილისის ანგლიკანურ ეპისკოპალურ ეკლესიაშიც ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს შეუძლიათ გახდნენ დიაკვანები, მღვდლები, ეპისკოპოსები, ერთნაირსქესიან წყვილებზე აღასრულონ ჯვრისწერის საიდუმლო. მღვდელმსახური შეიძლება იყოს ქალი.

„ჩვენ ვთვლით, რომ ღვთის ხატად შექმნილი ყოველი ადამიანი თანასწორია და, რომ სექსუალური ორიენტაცია ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რის გამოც დისკრიმინაცია ველური და ბარბაროსული აქტია.“ – ამბობს თომა ლიპარტიანი.

ცნობილია, რომ ანგლიკანური ეკლესიის მრევლის წევრები საქართველში მე-19 საუკუნის ბოლოდან ცხოვრობენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ანგლიკანებმა ბათუმში ააშენეს ეკლესიაც – ბერძნულ სტილში თეთრი ფერის კედლებითა და ლურჯი გადახურვით. საბჭოთა პერიოდში ეკლესია დახურული იყო, თუმცა დანგრევას გადარჩა, შეინარჩუნა სამრეკლოც და ჯვარიც. მას შემდგომ რაც ეკლესია გადავიდა საპატრიარქოს მფლობელობაში მათ მოანგრიეს ეკლესიის გუმბათი, სამრეკლო, შეცვალეს ინტერიერი და დაამსგავსეს ტიპიურ პატარა მართლადიდებლურ ეკლესიას, როგორიც ძალიან ბევრია საქართველოში, მათ შორის ბათუმში.

წმინდა ნინოს სახელობის თბილისის ანგლიკანური ეკლესიის წევრებს დღეს ორი ძირითადი გამოწვევა აქვთ – არ აქვთ ეკლესიის საკუთარი შენობა და სახელმწიფო, დიდი ალბათობით დისკრიმინაციული მოტივით, არ აძლევს შესაძლებლობას დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

 

Love Lies Bleeding 2024 წელს სანახავი ფილმების სიაშია

/

Love Lies Bleeding ახალი თრილერია კრისტენ სტიუარტის მონაწილეობით, რომლის თრეილერი უკვე ხელმისაწვდომია. ფილმი 2024 წელს გამოვა. ფილმში მოისმენთ და ნახავთ 80-იანი წლების მუსიკას, კრისტენ სტიუარტს, კეთი ო’ბრაიანს, სექსის სცენებს პირველივე წუთებიდან და სხვა ქვიარ ამბებს.

კრისტენ სტუარტის გმირი ლუ სპორტული დარბაზის მენეჯერია, რომელსაც შეუყვარდება ბოდიბილდერი ჯეკი (კეთი’ობრაიანი). თუმცა ფილმი არ არის მხოლოდ სასიყვარულო ისტორია, ის გრძელდება მკვლელობით, FBI-ის გამოძიებით და მძაფრსიუჟეტიანი სცენებით.

 

გრაინდერი 2023 წელს აჯამებს

გაცნობის აპლიკაცია გრაინდერი პოპულარობით სარგებლობს გეი კაცებს შორის მთელ მსოფლიოში და მისი მომხამერბელთა რიცხვი მზარდია. გრაინდერმა 2023 წლის ტენდენციები და ტრენდები შეაჯამა.

მომხმარებელთა ანონიმურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ქვეყნები ე.წ. “Top” და “Bottom”-ის მიხედვით. ტრინიდადი და ტობაგო, კენია, ჩინეთი, მაინმარი და საბერძნეთი ლიდერობს “Top”-ის არჩევანით, ხოლო სამხრეთ კორეა, იაპონია, დანია და ფინეთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით უპირატესობას ანიჭებს “Bottom”-ს.

ფეტიშების მხრივ, 2023 წლის ტენდენციებში ლიდერობდა ტყავის, ფეხის ტერფისა და ხელების ფეტიში.

გრაინდერის მომხმარებლებს შორის გამოვლინდა ყველაზე პოპულარული არტისტები, ფილმები, ტელე შოუები და ა.შ. არტისტებიდან ლიდერობენ ბიონსე და ტეილორ სვიფტი. ფილმებიდან დასახელდა “ბარბი” და “ოპენჰაიმერი”. პოპულარობით სარგებლობს კაილი მონოუგის ალბომი “Tension”. “Gay gasp” კატეგორიაში ლიდერია რესპუბლიკელი ყოფილი კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი.

სელინ დიონს ნევროლოგიური დაავადების გამო კუნთების კონტროლი უჭირს

/

სელინ დიონის და კლოდეტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მომღერალს უჭირს კუნთების კონტროლი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ კუნთებზე და რა ტიპის შეზღუდვებზეა საუბარი. გასული წლის დეკემბერში სელინ დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავდება –  რიგიდული პერსონის სინდრომი  დაუდგინდა, რომელიც მილიონიდან ერთ ადამიანს აქვს. დაავადება იწვევს კუნთების მოდუნებას, სპაზმებს, ტკივილს, მეტყველების შეფერხებას და სიარულის გართულებას. მიმდინარე პერიოდში მომღერალი ინტესიურ თერაპიას გადის, რაც ზოგჯერ სიმპტომების გაუარესებას იწვევს.

დიაგნოზის დასმის შემდეგ სელინ დიონი იძულებული იყო, ყველა დაგეგმილი კონცერტი გაეუქმებინა და მკურნალობა დაეწყო. ბევრი არ არის ცნობილი რიგიდული პერსონის სინდრომის შესახებ, თუმცა სხვადასხვა თერაპიული საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია სიმპტომების მართვა.

ცოტა ხნის წინ სელინ დიონი თავის სამ შვილთან ერთად ჰოკეის თამაშს ესწრებოდა. ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებს და ერთ დღეს მომღერალი სცენაზე დაბრუნებასა და სიმღერას შეძლებს.

 

ზურა ნიჟარაძის წერილი ციხიდან

/

სასტიკი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი ზურა ნიჟარაძე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების საახალწლო სურვილების ასახდენად, ციხიდან წერილს ავრცელებს. გთავაზობთ წერილიდან ამონარიდს:

“პირველ რიგში, გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ, თქვენში დაისადგუროს სიმშვიდემ, სიყვარულმა,  სიკეთემ!  დიდი ტექსტებით არასდროს გამოვირჩეოდი, შესაბამისად, პირდაპირ საქმეზე გადავალ! ვისაც ჩემი „პატივისცემა“ ან „პერედაჩა“ გსურდათ, შეგიძლიათ ამ საქმეში მიიღოთ მონაწილეობა! დედაჩემის ანგარიშზე „მოაბილიზეთ“ თანხა და ამ ბავშვებს გაულამაზეთ ერთი დღე! ბავშვებს უნდა სჯეროდეთ სიკეთის და სასწაულების. მეტი ბედნიერი ბავშვიკი სამყაროს!“

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშებზე:
BOG
#GE36BG0000000498900068
TBC
#GE58TB7241645064300011

გეი ფეხბურთელი ჯოშ კავალო ჰომოფობიურ მუქარებს პასუხობს

//

24 წლის ავსტრალიელი მცველი ჯოშ კავალო ინსტაგრამ პროფილზე აქვეყნებს კომენტარს ჰომოფობიური მუქარების საპასუხოდ. ფეხბურთელმა ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა და მას შემდეგ აქტიურ კამპანიაშია ჩართული, რაც ქვიარ სპორტსმენების მხარდაჭერას მოიცავს. ბოლო პერიოდში კავალომ არაერთი ჰომოფობიურო მუქარა მიიღო სოციალური ქსელის მეშვეობით, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

“ძალიან ვამაყობ ჩემი საფეხბურთო კლუბითა და ლგბტქი თემით, ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. თუმცა, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. 2 წლის წინ გავაკეთე საჯარო ქამინგ აუთი სოციალური მედიის საშუალებით, რათა დავხმარებოდი და გამეძლიერებინა ქვიარ ადამიანები. იმისთვის, რომ იყვნენ ისინი, ვინც არიან და იყვნენ კომფორტულად საკუთარ თავთან. მუქარებმა და სიძულვილის ენამ იმაზე მეტი ზიანი შეიძლება მოიტანოს, ვიდრე გვგონია”- წერს ფეხბურთელი და მოუწოდებს სოციალურ მედია პლათფორმებს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ქვიარ თემის მხარდასაჭერად.

კავალო წარსულშიც საუბრობდა მის ჰომოფობიურ გამოცდილებაზე და აკრიტიკებდა FIFA-ს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა კატარში გადაწყდა, სადაც ჰომოსექსუალობა დასჯადია. გასულ წელს კი ავსტრალიის საფეხბურთო გუნდი დაჯარიმდა მას შემდეგ, რაც მათმა გულშემატკივრებმა ჯოშ კავალოს ჰომოფობიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ ფეხბურთელმა ჰომოფობიაზე  საპასუხოდ განაცხადა, რომ ამაყობს იმით, ვინც არის და “სიძულვილი ვერასდროს გაიმარჯვებს”.

ინგლისის ანგლიკანურ ეკლესიაში პირველად ქვიარ წყვილმა მიიღო კურთხევა

/

ინგლისის ანგლიკანურ ეკლესიაში 17 დეკემბერიდან დაიწყო ქვიარ წყვილების დალოცვა, თუმცა ქორწინება კვლავ შეუძლებელია. ზოგიერთ ეპისკოპალურ ეკლესიაში შესაძლებელია ერთნაირსქესიანი წყვილების ჯვრისწერა, თუმცა ეს უფრო იშვიათია.  რთულია იმის განსაზღვრა, როდის იქნება ანგლიკანურ ეკლესიაში ლგბტქი წყვილების ქორწინება შესაძლებელი, თუმცა კურთხევის შესაძლებლობა წინ გადადგმული პატარა ნაბიჯია.

პირველი წყვილი, ვინც ინგლისის ანგლიკანურ ეკლესიაში კურთხევა მიიღო 17 დეკემბერს, კატერინ ბონდი და ჯეინ პირსი არიან. ორივე მათგანი ასოცირებული მღვდელია.

18 დეკემბერს, რომის პაპმა პრანცისკემ განაცხადა, რომ მღვდლებს ეძლევათ უფლება დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები “განსაკუთრებულ შემთხვევებში”, რომელიც არ ექნება სისტემატური, რეგულარული ხასიათის და არ იქნება რელიგიური რიტუალების ნაწილი. ასევე, დალოცვა არ ეხება სამოქალაქო გაერთიანებებსა და ქორწილებს.

ახალი საახალწლო ფილმი ქვიარ ქალების შესახებ

//

Friends and Family Christmas – ახალი საახალწლო ფილმია, რომელშიც მთავარ როლს Humberly Gonzalez და Ali Liebert ასრულებენ.

ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი დანიელა ნიუ-იორკში გადადის საცხოვრებლად და ფოტოგრაფის კარიერის გასაგრძელებლად. შობის მშობლების სახლში გატარების ნაცვლად, ის გადაწყვეტს დარჩეს ნიუ-იორკში და ახალი წელი მეგობრებთან ერთად აღნიშნოს. ამელია ნიჭიერი იურისტია, რომელიც არშემდგარი ნიშნობის შემდეგ ფოკუსირებულია სამსახურსა და კარიერაზე. საშობაოდ მშობლების მოულოდნელი სტუმრობისას დანიელა მათ ეტყვის, თითქოს ის და ამელია ერთად არიან, ხოლო ამელიას უწევს მისი პარტნიორის თამაში. დროთა განმავლობაში, ერთმანეთის უკეთ გაცნობის შემდეგ დანიელასა და ამელიას შორის რომატიული, სასიყვარულო ურთიერთობა იწყება.

ფილმის ნახვა Hallmark-ზეა შესაძლებელი.