ივნისი 2023 - Page 3

დღეს მაღაროელების ნაწილი შიმშილობას თბილისში გააგრძელეს – დაიგეგმა მხარდამჭერი აქციაც

//

დღეს 16:00 საათიდან მაღაროელების ნაწილი თბილისში გადაინაცვლებს და შიმშილობას პარლამენტის წინ გააგრძელებს.

პარალელურად, დაგეგმილია მათი მხარდამჭერი აქცია.

ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-14 დღეა, გაფიცულები არიან, მათი ნაწილი მე-8 დღეა, შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს ერთ-ერთმა, პროტესტის ნიშნად, თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა კი ვენები გადაიჭრა.

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებასა და ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნებას ითხოვენ. რამდენჯერმე გაიმართა შეხვედრა მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს შორის, თუმცა, უშედეგოდ დასრულდა.

ჯორჯიან მანგანეზში ამბობენ, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისის ფონზე თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობებს, კერძოდ, ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთავაზობენ, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3 382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.

პოსტჰუმანიზმი, გენდერის დასასრული და თანასწორობის შესაძლებლობა

//

პოსტჰუმანიზმიის ტერმინია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ხშირად გვხვდება განვითარებული ქვეყნების როგორც ვიწროდ აკადემიურ, ისე საჯარო დისკურსში. წლიდან წლამდე ტექნოლოგიის მნიშვნელოვანმა განვითარებამ ურთიერთშედეგობრივად გამოიწვია არა მხოლოდ უშუალუდ ამ მიმართულებით დაინტერესებული, არამედ ყველა იმ ადამიანის ყურადღებაც, ვისაც ინტერნეტსა და ტექნოლოგიასთან აქვს წვდომა

2023 წლის 13 მარტს OpenAI-ის მიერ გამოშვებული ChatGPT-4 მხოლოდ ერთეული მაგალითია იმ მრავალი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტისა, რომელსაც უკვე ხშირად ვიყენებთ ყოველდღიურობაში. ეს ხელსაწყოები არა მხოლოდ აღტაცებისა და უკეთესი, უფრო მოსახერხებელი და ინკლუზიური მომავლის სიახლოვის განცდას, არამედ ხშირად სერიოზულ შფოთსაც იწვევს

ამ სტატიაში უარყოფით მოლოდინებზე მეტად, იმ დადებით შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც ტექნოლოგიის განვითარება ფემინისტური და ქვიარ პროექტებისთვის ხსნის. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტატია მხოლოდ ტექნოლოგიას არ შეეხება. ჩვენი მთავარი აზროვნების ჩარჩო ერთი მხრივ გენდერის პერფორმატიულობა, მეორე მხრივ კი ფილოსოფიური პოსტჰუმანიზმია, რომელიც, ცხადია, ტექნოლოგიის განვითარებადობის პრინციპზე დგას, თუმცა, ამასთანავე, მრავალ სხვა მნიშვნელოვან კონცეპტუალურ დაშვებასაც გულისხმობს

რა არის პოსტჰუმანიზმი

ტერმინი პოსტჰუმანიზმიქოლგა ტერმინია, რომელიც რამდენიმე განსხვავებულ სააზროვნო ჩარჩოს აერთიანებს: ფილოსოფიური, კულტურული ან/და კრიტიკული პოსტჰუმანიზმი; ლიბერალური ან/და დემოკრატიული ტრანსჰუმანიზმი; ახალი მატერიალიზმი; ანტიჰუმანიზმი; საგნების ონტოლოგია; მეტაჰუმანიზმი

თითოეული მიმართულება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პოლიტიკურ პროექტს ეფუძნება და განსხვავებულ იდეალებზე დგას, თუმცა ყოველი მათგანი იზიარებს დაშვებას იმის შესახებ, რომ ადამიანი არ წარმოადგენს სამყაროს ცენტრს და ანთროპოცენტრული აზროვნება არასწორი, მოძველებული და დამაზიანებელია. შესაბამისად, პოსტჰუმანიზმის, როგორც გამაერთიანებელი ტერმინის, მთავარ მიზანს იმ უთანასწორო კავშირების რღვევა წარმოადგენს, რომელიც ადამიანებს, ცხოველებსა და ტექნოლოგიას შორის არსებობს. ამის მიღმა, კვლავ ის მოიაზრება, რომ ადამიანი პოსტჰუმანისტურ (ადამიანის შემდგომ, თუკი პირდაპირ ვთარგმნით) სამყაროში, სამყაროს თეორიული ღერძიც კი არ შეიძლება იყოს, ხოლო შეხედულება იმის შესახებ, რომ იგი ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი სახეობაა ბოლომდე უნდა გაკრიტიკდეს. ამის მაგალითები, რასაკვირველია, არა მხოლოდ პოსტჰუმანისტურ, არამედ ანთროპოლოგიურ დისკურსშიც შეგვიძლია ვიპოვოთ, რომელშიც უკვე მრავალი ათწლეულია ადამიანი, ამ შემთხვევაში ჰომო საპიენსი, არა ყველაზე განვითარებული სახეობა, არამედ უბრალოდ ერთერთი სახეობაა მრავალთაგან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოსტჰუმანიზმი და მისი პროექტი ადამიანის შემდგომი (პოსტჰუმანისტური) მომავლის კიდევ უფრო მეტად გაფართოვებულ ხედვას გვთავაზობს, სადაც არა მხოლოდ ორგანული სახეობები, არამედ არაორგანული საგნები და ტექნოლოგიური სუბიექტებიც მოიაზრებიან

პოსტჰუმანისტური იდეალის ერთერთ ადრეულ განსხეულობას ფემინისტი ფილოსოფოსის, დონა ჰარავეის კიბორგი წარმოადგენს, მისი ცენტრალური ნაშრომიდან კიბორგის მანიფესტი” (1985). ჰარავეის კიბორგი, ავტორის მიხედვით, უტოპიური, ფემინისტური და სოციალისტური მითის სახეა. კიბორგი ორგანული და მექანიკური ნაწილებით გაერთიანებული არსებაა, რომელიც არღვევს მკაფიო საზღვარს ორგანიზმსა და მანქანას, ფიზიკურსა და არაფიზიკურს და, რაც ყველაზე მთავარია, ტექნოლოგიასა და სუბიექტს/თვითს შორის. ჰარავეის აზრით, სწორედ კიბორგი უნდა იქცეს თანასწორობის მთავარ იარაღად

ზუსტად იმავე პრინციპით, პოსტჰუმანიზმიც არღვევს მკაფიო საზღვრებს ადამიანსა და არა ადამიანს, კაცსა და ქალს, ფიზიკურსა და ვირტუალურს, ბუნებასა და კულტურას შორის, რაც არსებითია პოსტმოდერნული ფემინისტური პროექტისთვის, რომელიც, თავის მხრივაც, ეჭვქვეშ აყენებს, ერთი შეხედვით, სტაბილურ იდენტობის კატეგორიებს, რაზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ

ამგვარად, პოსტჰუმანიზმი არ დგას საპირისპიროთა შორის კავშირზე, არამედ, პირიქით, იგი სრულიად გამორიცხავს მოუქნელ დუალისტურ აზროვნებას. ადამიანი დეკონსტრუქციის გზით, კარგავს ბატონის როლს, ხოლო ჰუმანიზმი აღარ უნივერსალიზდება კონკრეტული ჯგუფის ადამიანებამდე.

რა მოიაზრება ამის მიღმა? – ადამიანზე საუბრისას მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ისტორიულად ადამიანი (human) არ წარმოადგენდა ადამიანების მარტივ ერთობას, არამედ სრულიად ექსკლუზიურად მოიაზრებდა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის ადამიანებს, რის გამოც, ადამიანთა უთვალავი კატეგორია რჩებოდა და დღემდე რჩება ჰუმანიზმის დისკურსის მიღმა

ვინ წარმოადგენს ჰუმანიზმის სუბიექტს

ვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ეწინააღმდეგება პოსტჰუმანიზმი, ანუ რა წარმოადგენს იმას რისი შემდგომიც (post) ხდება იგი. თუმცა მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ტერმინის მეორე ნაწილზეც – “ჰუმანიზმი”. 

ჰუმანიზმი პირდაპირ კავშირშია ადამიანთან, თუმცა ადამიანი ჰუმანიზმისჩარჩოში არ წარმოადგენს ყველა ცოცხალი თუ არაცოცხალი ადამიანის ერთობას. როგორც უკვე ვახსენეთ, თუკი ჩვენს ისტორიულ წარსულს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანის კატეგორია უმეტესად ადამიანების ძალიან კონკრეტულ ჯგუფს მოიაზრებდა. დასავლურ სამყაროში ეს ჯგუფი ექსკლუზიურად თეთრკანიან ჰეტეროსექსუალ კაცებს მოიცავდა და თავისი განსაზღვრების მიღმა ტოვებდა ისტორიულად ჩაგრულ ჯგუფებს ქალებს, ქვიარებს, არათეთრკანიან ადამიანებს და ა.

იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ პოსტჰუმანისტური პროექტის მნიშვნელობის აღქმა, უნდა დავსვათ შეკითხვა როგორ ახერხებდნენ ისტორიულად დეჰუმანიზებული (ადამიანის კატეგორიის მიღმა დარჩენილი) ჯგუფის წარმომადგენლები საკუთარ ადამიანობასთან გამკლავებას? ამ პრობლემას არა მხოლოდ პოსტჰუმანისტური წარმოდგენა, არამედ ფემინისტური აზროვნებაც სვამს. ქალების გასაგნება, ტრანსგენდერი ადამიანების დისკურსიდან სრული გამორიცხვა, არაბინარული იდენტობების აუღიარებლობა მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ პრობლემისა, რომელსაც ჰუმანიზმისვიწრო კატეგორია აჩენს

გენდერი და ჰუმანიზმი 

გენდერსა და ადამიანის კონცეპტის ისტორიულ გააზრებას შორის მრავალი პარალელის გავლება შეგვიძლია. ამის მიზეზი ისაა, რომ ისტორიულად იდენტობის კატეგორიების ნორმალიზების შესაძლებლობა მხოლოდ ჰეგემონურ ჯგუფებს შეეძლოთ. ამ ჯგუფებს კი ისინი წარმოადგენდნენ, ვისაც უკვე ჰქონდათ პრივილეგია ადამიანისკატეგორიაზე, ამიტომ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, კატეგორიიდან აპრიორულად ირიცხებოდნენ სხვები”.  თუმცა აღნიშნულის საილუსტრაციოდ უფრო მეტად დაგვეხმარება ერთერთი ადრეული ფემინისტური ტექსტი, რომელიც უამრავჯერ გადაიხედა, სხვადასხვა ფორმა თუ მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა კონცეპტუალურად, ჯერ კიდევ არ კარგავს მნიშვნელობას. ეს ტექსტი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის, სიმონ დე ბოვუარის, მთავარი ნაშრომია – “მეორე სქესი” (1949), სადაც იგი წერს ყველაზე ცნობილ ფრაზას ფემინისტურ კვლევებში: “ადამიანი კი არ იბადება ქალად, არამედ ხდება ქალი”. შემდეგ კი აგრძელებს: “არავითარი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ფაქტორი არ განაპირობებს მდედრობითი სქესის ადამიანის როლს საზოგადოებაში. ამ არსებას ცივილიზაცია, როგორც ერთიანობა, აწარმოებს.” 

ამგვარად, დე ბოვუარი აღწერს ქალს, როგორც პროცესს და არა ესენციას. ბოვუარის მიხედვით, ქალად დაბადება და ქალად ჩამოყალიბება ორი განსხვავებული რამაა: პირველს ბიოლოგიასთან აქვს კავშირი, მეორეს კი კულტურასთან (უნდა აღინიშნოს, რომ ეს წარმოდგენა მნიშვნელოვნად გაკრიტიკდა ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, რაზეც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ). კულტურაზე საუბრისას, ისიც უნდა გავიმეოროთ, რომ კულტურლ პარადიგმებს იმ დაშვებების ერთობა და სუბიექტური წინასწარგანწყობები ქმნის, რომელთაც ადამიანების მხოლოდ გარკვეული ნაწილი აყალიბებს ისტორიულად, კაცები. დავუბრუნდეთ ბოვუარს იგი მეორე სქესშიქალს, როგორც სხვას”, ისე მოიხსენიებსრას ნიშნავს ტერმინი სხვა”? – ბოვუარი აღნიშნავს, რომ ქალისგანსაზღვრება ჩამოყალიბდა მისი ურთიერთობით კაცის მიმართ. ამგვარად, კაცის კონცეპტუალური ჩარჩო მდგრადობას, ინდივიდუალურობას გულისხმობდა, ქალი კი სხვაიყო ამ უკვე არსებულ ჩარჩოსთან მიმართებით. ამგვარად, ქალი მეორეხარისხოვანი, “სხვაადამიანის ფუნქციით იყო აღქმული და შესაბამისად, არ ჰქონდა წვდომა კულტურის წარმოების სადავეებზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კაცი თვითგანსაზღვრული იყო, ქალი კი მხოლოდ კაცთან მიმართებით განისაზღვრებოდა იგი ან ჰარმონიაში, ან წაინააღმდეგობაში მოდიოდა კაცის კულტურულ სახესთან და ამგვარად, არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ სუბიექტს

როგორც ვხედავთ, ბოვუარის ეს ჩარჩო დღემდე რელევანტურია, თუმცა პოსტჰუმანისტური თვალსაზრისით, მას ერთი მთავარი პრობლემა აქვს. ბოვუარი, როგორც ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, მიმართებას ინდივიდსა და სხვასშორის არა მხოლოდ კაცი/ქალი დიქოტომიაში, არამედ კულტურის სხვა ნაწილებშიც პოულობს. დიქოტომიური აზროვნება (დუალიზმი, როგორც ზემოთ ვუწოდეთ) კი პრობლემურია პოსტჰუმანიზმისთვის, რადგან იგი მხოლოდ ორ პოლუსს მოიაზრებს და გამორიცხავს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ამ ორ უკიდურეს პოლუსს შორის ან საერთოდაც, მათ მიღმა, არსებობს

თუკი მოცემულობად მივიღებთ იმას, რომ ადამიანი არის არა ერთი ან მასზე დამოკიდებული მეორე, არამედ მრავალი, დავინახავთ, რომ ადამიანის კატეგორიები არა ცალმხრივად, არამედ ერთობლივად აწარმოებენ, ქმნიან ერთმანეთს. ამგვარად, პოსტჰუმანიზმი ადამიანების (ინკლუზიური განსაზღვრებით), ცხოველებისა და ტექნოლოგიების ერთმანეთზე დამოკიდებულების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამით არღვევს დუალისტურ წარმოდგენას გენდერის შესახებაც

გენდერის პერფორმატიულობა 

გენდერის ანტიდიქოტომიურ განსაზღვრებაზე საუბარი შეუძლებელია პერფორმატიულობის ხსენების გარეშე. ვფიქრობ, ამ ტერმინის გამოყენება დაგვეხმარება, ერთი მხრივ, კვლავ დავეჭვდეთ გენდერის ობიექტურ რეალობაში. მეორე მხრივ კი შევძლოთ, სოციალური გენდერული ნორმების დეკონსტრუქცია და უფრო მკაფიოდ დავინახოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც პოსტჰუმანიზმი თანასწორობის მიღწევის გზაზე გვთავაზობს

გენდერის პერფორმატიულობათანამედროვეობის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოსტმოდერნისტი ფილოსოფოსისა და გენდერის მკვლევრის, ჯუდით ბატლერის მიერ შემოღებული ტერმინია. თავის ფუნდამენტურ ნაშრომში გენდერზე შფოთვა: ფემინიზმი და იდენტობის სუბვერსია (1990) ბატლერი აყალიბებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ გენდერი არა მხოლოდ კულტურული კონსტრუქტი, არამედ ადამიანის არსებობის სრულიად არასტაბილური და მერყევი მახასიათებელია. აქედან გამომდინარე, იგი წერს

გენდერი არანაირად არ წარმოადგენს სტაბილურ იდენტობას ან აგენტობის ლოკუსს, რომლიდანაც სხვადასხვა აქტი გამომდინარეობს; არამედ, ეს არის იდენტობა კონსტრუირებული დროში იდენტობა, რომელიც განხორციელდება ქმედებების სტილიზებული განმეორებით.1 

გენდერზე შფოთვასბატლერი ფემინიზმზე საუბრით, უფრო სწორად, კი მისი კრიტიკით იწყებს.2  თანამედროვე ფემინიზმის მთავარ პრობლემად იგი სუბიექტის იდენტიფიცირების სურვილს ასახელებს და წერს, რომ, სინამდვილეში, არ არსებობს კატეგორია, რომელსაც ქალსვუწოდებდით.3 სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმას, რომ ამ ნაწილში, იგი არ არის ორიგინალური და ეყრდნობა არა პირად, არამედ უამრავი სხვა ფემინისტი ავტორის მოსაზრებას, რომლებიც ქალისკონცეპტის გაანალიზებას მანამდეც ცდილობდნენთუმცა, განსხვავებით დანარჩენებისგან, ბატლერის აზრით, ფემინიზმმა უნდა გააუქმოს თავისი სუბიექტი და ტერმინ ქალისგარეშე მოიაზროს იმ ჯგუფის მრავალფეროვნება, რომლის სახელითაც ილაპარაკებს: “იდენტობის კატეგორიები რეგულაციური რეჟიმების ინსტრუმენტებს წარმოადგენენ, განურჩევლად იმისა, ისინი მჩაგვრელი სტრუქტურების ნორმალიზებული კატეგორიებია თუ გამაერთიანებელი წერტილები ამავე ჩაგვრისგან გამათავისუფლებელ ბრძოლაში.”4 

ბატლერი, რა თქმა უნდა, არ უარყოფს იმას, რომ ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებში საჭირო იყო ქალთა ჯგუფის სუბიექტივიზაცია და ბრძოლისთვის სწორედ ამ მეთოდის შერჩევა, თუმცა ფიქრობს, რომ ამის საჭიროება აღარ არსებობს და ეს მეთოდი უფრო მეტ ზიანს მოიტანს ვიდრე სიკეთეს, ვინაიდან ფემინისტური პროექტით ვერ გააერთანებს იმ ადამიანებს, რომლებიც იდენტობის, ერთი შეხედვით, მყარი კატეგორიების მიღრმა რჩებიან

პერფორმატიულობა და განმეორების აქტი, რომელიც ერთერთი მთავარი მახასიათებელია გენდერული იდენტობისა”, შეიძლება, გულისხმობდეს იმას, თითქოს, სუბიექტისაკუთარ კულტურაში მოცემული კოდების განმეორებით აგებსგენდერს. თუმცა ბატლერის თეორიის ფარგლებში ეს დაშვება სრულიად არასწორია. სინამდვილეში, მისი აზრით, სუბიექტი კი არ ქმნის საკუთარ გენდერს, არამედ პირიქით, გენდერის შექმნის პროცესშივე ყალიბდება სუბიექტად. ამრიგად, ქმედების [გენდერის შექმნა] მიღმა არავითარი მოქმედი პირი არ არსებობს. ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულწილად აუქმებს სუბიექტს, რომელსაც გენდერის არჩევაშეუძლია

სწორედ აქ გვიჩვენებს ბატლერი არსებით განსხვავებას პერფორმანსსა (რომელიც სუბიექტის წინასწარ/წინმსწრებ არსებობას გულისხმობს) და პერფორმატიულობას (რომელსაც ეს არ სჭირდება) შორის. მისი აზრით, პერფორმატიულობა არ გულისხმობს იმას, რომ სუბიექტი საერთოდ არ არსებობს, არამედ მანიშნებელია იმისა, რომ სუბიექტი არ არის იქ, სადაც მას მოველით ანუ წინ არ უძღვის ქმედებას

სქესის პერფორმატიულობა 

სქესისკატეგორია ადამიანს მონად აქცევს.5 

თავის მეორე არანაკლებ გავლენიან ტექსტში მატერიალური სხეულები ბატლერი განავრცობს გენდერის თეორიას და აყალიბებს მოსაზრებას, რომ სქესიც კულტურულად არის კონსტრუირებული ხოლო ის, თუ რას ნიშნავს სქესი რეალურად”, სრულიად გაუგებარია

მატერიალურ სხეულებშიბატლერი წერს, რომ სამყარო მხოლოდ კულტურულად მოგვეცემა, ხოლო თუ კლასიკური განმარტებით კულტურას გენდერი წარმოადგენს (გავიხსენოთ ბოვუარის პოზიცია), სქესს კი ბუნება (ბიოლოგია), გამოდის, რომ ჩვენ, რამდენადაც მხოლოდ კულტურაზე გვაქვს წვდომა და პრეკულტურულის შესახებ არაფერი ვიცით, არანაირი წარმოდგენა არ შეიძლება გვქონდეს სქესზე და ამიტომ, სქესსაც კულტურულად გავიაზრებთ. სწორედ ესაა ბატლერის მთავარი არგუმენტი, როცა იგი აყალიბებს მოსაზრებას, რომ სქესი გენდერირებული კატეგორია

ბატლერი ამ ნაწილში მთლიანად გამომდინარეობს სხეულის პოლიტიკის იმ დაშვებიდან, რომ სხეული დისკურსს მიღმა არ არსებობს. მისი აზრით, ყველაფერი, რაც სამყაროში მოგვეცემა, უკვე არის კულტურა. ხოლო რადგანაც სქესისხეულის პოლიტიკური და კულტურული ინტერპრეტაციაა, არავითარი სქესი/გენდერი დაყოფა არ არსებობს; გენდერი ჩაშენებულია სქესში და ამგვარად, მტკიცდება, რომ სქესი თავიდანვე გენდერი ყოფილა.6 

თითოეული ეს კონცეპტი, რასაკვირველია, ბადებს შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი პერფორმატიული გენდერის რღვევა? ერთი მხრივ, თუკი სუბიექტი არ აყალიბებს გენდერს, არამედ გენდერი ყალიბდება განმეორებითი სხეულებრივი აქტების დახმარებით 

(მაგალითად, ჩაცმულობა, მიხვრამოხვრა, საუბრის მანერა და ა..), როგორ არის შესაძლებელი პარადიგმის შემობრუნება [სუბვერსია] და ამ უკვე არსებული წესრიგის რღვევა? უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება არსებობდეს წინააღდეგობა, თუკი გენდერის შექმნის პროცესში სუბიექტები საერთოდ არ არიან ჩართულნი? – სწორედ ის, რომ სუბიექტი წინასწარარსებული არ არის, ხოლო იდენტობები კონსტრუირებულია, გვაძლევს იდენტობების რეკონსტრუირების შესაძლებლობას ისე, რომ ისინი ძალაუფლების სტრუქტურებს შეეწინააღმდეგონ

ბატლერის აზრით, სუბვერსიის ერთერთი გზა ჰეტეროსექსუალობისა და სქესიგენდერის ფორმების პაროდიულობის ჩვენებაა. იგი ადრეულ შრომებში ფიქრობს, რომ ამას საუკეთესოდ დრეგ კულტურა ახერხებს: “გენდერის იმიტირებით დრეგი იმპლიციტურად ააშკარავებს თავად გენდერის იმიტაციურ სტრუქტურას ისევე, როგორც მის შემთხვევითობას”. ამგვარად, მისი აზრით, შესაძლებელია გენდერული ნორმების აპროპრიაცია ისე, რომ ისინი მათსავე ისტორიულად დალექილ ეფექტებს შეეწინააღმდეგონ და ამით იმავე ისტორიაში ამბოხის მომენტი ჩამოაყალიბონ მომენტი, რომელიც მომავალს წარსულის რღვევით დაფუძნებს.7 

გენდერის დასასრული და თანასწორობის შესაძლებლობა 

ერთი მხრივ, გენდერის პერფორმატიულობის დაშვებით, მეორე მხრივ კი პოსტჰუმანიზმთან მიბრუნებით, უნდა დავსვათ მთავარი შეკითხვა: რას ნიშნავს გენდერის დასასრული და რა შესაძლებლობები იხსნება პოსტჰუმანისტურ სამყაროში გენდერის დეკონსტრუქციით? ერთი მხრივ, შეკითხვის ამგვარი ფორმულირება იმთავითვე პრობლემურია, ვინაიდან დასასრული ავტომატურად მოიაზრებს გენდერის არსებობას მანამდე, ხოლო თუკი ვამტკიცებთ, რომ გენდერი ობიექტურად არ არსებობს, როგორ შეიძლება მისი დასრულება”? სინამდვილეში, გენდერის დასასრულში ვგულისხმობთ არა რაიმე ობიექტურ რეალობას, არამედ კულტურულად უკვე კონსტრუირებული გენდერის ფორმების არასტაბილურობის გააზრებას, მათი პერფორმატიული ხასიათის ინსტრუმენტალიზებასა და წინააღმდეგობის ახალი გზების ჩამოყალიბებას

პოსტჰუმანიზმი წინააღმდეგობის უთვალავ გზას ხსნის. ერთი მხრივ, გავიხსენოთ დონა ჰარავეის კიბორგი, რომელიც ფიზიკური ნაწილების აპროპრიაციით აყალიბებს არამხოლოდ ჰიბრიდულ არსებას ადამიანსა და მანქანას შორის, არამედ არსებას, რომელიც ვერ ჩაეწერება ქალიკაცი დიქოტომიაში და ბუნებრივად გამორიცხავს მტკიცე, სტაბილური გენდერისა თუ სქესის არსებობას ნახევრადმექანიკურ სხეულში. თავად ჰარავეის თუ დავესესხებით, კიბორგს სქესი საერთოდ არ გააჩნია

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰარავეის კიბორგი მატერიალური არსებაა, რომელიც მატერიალურ სამყაროში არსებობს. პოსტჰუმანიზმი კი მატერიის სტაბილურობის მითსაც არღვევს და ციფრული სამყაროს მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ვინ არიან ციფრული სამყაროს სუბიექტები? რა არის მათი არსი/ესენცია? შესაძლებელია თუ არა ვირტუალურ არსებას თვითი გააჩნდეს? შესაძლებელია თუ არა მას გენდერი, ან მეტიც სქესი გააჩნდეს? ეს ის კითხვებია, რომელთაც პასუხი მრავალი პრიზმიდან შეიძლება გაეცეს, თუმცა ერთი რამ ცალსახაა გენდერი, რომელიც მკაფიოდ არაბინარულია და სპექტრულად მოიაზრებს სხვადასხვა იდენტობას, იმთავითვე დესტაბილიზებული და დეკონსტრუირებულია. არ არსებობს სტაბილური გენდერული იდენტობა”. ამგვარად, არც ბოვუარისეული კაცი თუ მისი სხვა” – ქალი არსებობს. არსებობს მხოლოდ პერფორმატიულობა, მუდმივი ფლუქტუაცია და წინააღმდეგობის ასეულობით გზა

შემაჯამებლად, შეიძლება ითქვას, რომ, ერთი მხრივ, გენდერის პერფორმატიული ხასიათი, რომელიც სრულიად გამორიცხავს მის დაფუძნებას მატერიალიზმში, მეორე მხრივ კი პოსტჰუმანიზმი, რომელიც მატერიის შეცვლასა ან სრულიად გაუქმებაზე დგას, გვთავაზობს შესაძლებლობებს ადამიანთა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ისტორიულად, გამუდმებით რჩებოდნენ ჰუმანიზმის [ადამიანობის] ჩარჩოს მიღმა. ამ ორი სააზროვნო ლოკუსის გაერთიანებით, ყალიბდება პერფორმატიული პოსტჰუმანიზმი, სადაც პერფორმანსის მატერიალურობა ან ობიექტურობა სრულიად კარგავს მნიშვნელობას, ადამიანი ცენტრალურ არსებას აღარ წარმოადგენს, ზღვარი ცოცხალსა და არაცოცხალს, ქალსა და კაცს შორის კი სრულიად იშლება და თანასწორობის ახალი, ბევრად საინტერესო გზები იბადება.

1 Butler, “Performative Acts And Gender Constitution,” 519.
2 Butler, Trouble, 3.
3Ibid, 3-44. 
4Judith Butler, “Imitation and Gender Insubordination”, in Inside Out: Lesbian Theories, Gay Theories, ed. Diana Fuss (London: Routledge, 1991), 13–14. 
5 Butler, Trouble, 147.
6 Butler, Trouble, 144. 
7Judith Butler, Excitable Speech: A politics of the performative (New York and London: Routledge, 1997), 174.

 

სტატიის ავტორი – მეგი თედორაძე

 

გამოყენებული ლიტერატურა 

Beauvoir, Simone De. The Second Sex. Translated by Constance Borde and Sheila Malovany-Chevallier. 1st edition. New York: Vintage, 2011. 

Butler, Judith. Bodies That Matter: On the Discursive Limits of Sex. 1st ed. Routledge, 2011. ———. Gender Trouble: Feminism and the Subversion of Identity. Routledge, 2011. ———. “Imitation and Gender Insubordination”. Cultural Theory and Popular Culture: An Anthology, (2009). 

Ferrando, Francesca. Philosophical Posthumanism: : Theory in the New Humanities. 1st ed. Theory in the New Humanities. Bloomsbury Publishing, 2019. 

———. “Posthumanism, Transhumanism, Antihumanism, Metahumanism, and New Materialisms: Differences and Relations” 8, no. 2 (2013). 

Haraway, Donna. A Cyborg Manifesto. University of Minnesota Press, 1985. 

Hayles, N. Katherine. How We Became Posthuman: Virtual Bodies in Cybernetics, Literature, and Informatics. Chicago, Ill: University of Chicago Press, 1999.

ნია ვაშაკიძის ისტორია და დამარცხებული სტერეოტიპები

/

ნია ვაშაკიძე არის ბადიბილდინგისა და ფიტნესის ტრენერი, საქართველოს IFBB ნაციონალური მსაჯი და  2021 წლის საქართველოს IFBB ,, სპორტული თამაშები”მონაწილე.

იგი ამ სფეროში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს, თუმცა თავიდან საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა უწევდა, რადგან დაახლოებით 10 წლის წინ ამ სფეროში ცოტა ქალი იყო. იგი ვიდეოში საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და მოუწოდებს ქალებს, რომ უფრო და უფრო მეტნი ჩაერთონ ამ სფეროში.

ვიდეოზე მუშაობდნენ მაშიკო გიორგობიანი და ნინი ვანიშვილი.

გორში ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, ორკები შეიჭრნენ გირჩის ბანაკში

//

დღეს დილით გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ.

პარტიის პრესსამსახურის, ანა ყურაშვილის ცნობით, თავდასხმა გორის სმარტთან მოხდა.

“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში”, – დაწერა მან.

მალევე პარტიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბორჯომში, მათ ბანაკში ორკები მიცვივდნენ და ახალგაზრდებს თავს დაესხნენ. მოძალადეებმა ქვები დაუშინეს სასტუმროს შენობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფებს.

ადგილზე გამოჩნდა ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ ჯაფარიძეს “პატრიარქსა და ეკლესიაზე შეურაცხყოფისთვის მოხვდა”.

პანელური დისკუსია – ქართული ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურა

///

15 ივნისს კაფე გალერიში თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსია გაიმართა ქართველ ქალ მწერლებთან. მოწვეულ მწერლებს შორის იყვნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, ნანა აბულაძე, მაგდა კალანდაძე, ლელა კურტანიძე და მაია ცირამუა. დისკუსიის თემა კი ქართული ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურა იყო.

შეხვედრის განმავლობაში მწერლებმა განიხილეს ის გზა, რომელიც ქართულმა ლიტერატურამ დღემდე გაიარა ქალებისა და ქვიარების სათქმელის დასაფიქსირებლად.

ფოტოგრაფი: მაშიკო გიორგობიანი

პანელმა დააფიქსირა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ლიტერატურის დრო ყოველთვის არის.

“მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ლიტერატურის დრო ყოველთვის არის, თუმცა ლიტერატურასა და სააგიტაციო პლაკატს შორის განსხვავება უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთვევაში, ლიტერატურის ბოროტულად გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მხარეს”, – ამბობს ანა კორძაია სამადაშვილი

მწერლებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებებზე, როგორია, იყო ქალი მწერალი საქართველოში და ეხმიანებოდე თემებს, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ჯერ კიდევ მარგინალურია.

ამის შესახებ თამთა მელაშვილი ამბობს: “თუ მწერალი არის ქალი და ეკუთვნის რომელიმე არადომინანტურ ჯგუფს, მისი ტექსტი არის ფემინისტური მნიშვნელობით პოლიტიკური. სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია”.

შეხვედრის ბოლოს, თბილისი პრიაიდის წარმომადგენლებმა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დააანონსეს.

მაკდონალდსი მორიგ განცადებაში ორიენტაციის გამო ადამიანის დისკრედიტაციას გმობს

//

მაკდონალდსი მორიგ განცადებაში ორიენტაციის გამო ადამიანის დისკრედიტაციას გმობს და წინა განცხადებაში ბუნდოვანების გამო ბოდიშს იხდის.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ „მაკდონალდს საქართველოს“ მისამართით გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიისა და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვას.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ დღიდან დაარსებისა, „მაკდონალდს საქართველოს“ მთავარი ფასეულობა იყო ადამიანებზე ზრუნვა და სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო თუ სოციალური კამპანიით ვცდილობთ ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას, ბავშვების გახალისებას და მოტივირებას. წლების განმავლობაში ჩვენს მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000-მდე შემეცნებითი წიგნი და ვამაყობთ, რომ ამით წვლილი შევიტანეთ ბავშვების კითხვით დაინტერესებაში.

Happy Meals Reader-ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გლობალურად ხორციელდება, მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრებისა და წარმატების ისტორიების გაცნობას და ამით ერთგვარად წახალისებას, რომ შრომითა და ცოდნით მათაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. წიგნებში მოთხრობილი ისტორიები, სოფი ბიერისა და ემი ბლექველის ავტორობით შექმნილი წიგნის – “Little people, big dreams”-ის სერიიდანაა აღებული.

ჰეფი მილის წიგნების (Happy Meal Readers) სერიაში სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანების ისტორიებს შეხვდებით, რომლებსაც დიდი ოცნებები ჰქონდათ. მათ ბევრი იშრომეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ და ლეგენდები გამხდარიყვნენ. Happy Meal readers-ი წარმოგიდგენთ ისეთი დიდი ადამიანების ცხოვრებას როგორებიც არიან: ალბერტ აინშტაინი, მუჰამედ ალი, მარტინ ლუთერ კინგი, ელა ფიცჯერალდი და მრავალი სხვა.

Happy Meal Readers წიგნები გამოცემულია Frances Lincoln Children’s books-ის ლიცენზიით, არის საერთაშორისო, ყველა ქვეყნის „მაკდონალდსისთვის“ ერთნაირი კონტენტით იბეჭდება ჩინეთში და ლიცენზიის პირობებით, დაუშვეველია მისი შინაარსის ან კონტექსტის შეცვლა.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოიცა მორიგი წიგნი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, მომღერალისა და პიანისტის, სერ ელტონ ჯონის ისტორია, მის წარმატებასა და მუსიკის სიყვარულზე მოგვითხრობს.

გვსურს მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და მაკდონალდსის გუნდის ბრალდებაში, თითქოს რაიმე სახის პროპაგანდას ვეწევით.

ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას. წინა პოსტის ბუნდოვანების გამო, გიხდით ბოდიშს”, – ნათქვამია ახალ განცადებაში.

წინა განცხადებაში კომპანიამ ელტონ ჯონზე წიგნის გამო ბოდიში მოიხადა.

მაკდონალდსმა ელტონ ჯონზე წიგნის გამო ბოდიში მოიხადა

//

განახლება: ამ დროისთვის მაკდონალდსის განცხადება აღარ იძებნება

 

კომპანია მაკდონალდსმა ელტონ ჯონზე ბიოგრაფიული წიგნის გამო, რომელიც ქართულ ოცნებას და საპატრიარქოს არ მოეწონა, ბოდიში მოიხადა.

კომპანიის განცხადებით, “გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი”.

“ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „მაკდონალდს საქართველო“ ეწევა რაიმე სახის პროპაგანდას. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „მაკდონალდს გლობალის“ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა Happy Meal Readers ემსახურება ერთადერთ მიზანს – ჩვენს პატარა მომხმარებელს საინტერესო ისტორიებითა და ცნობილი ადამიანების წარმატების მაგალითებით გავუღვივოთ ცოდნის შეძენის სურვილი და მივცეთ მოტივაცია, თავადაც გახდნენ წარმატებულები.

Happy Meal Readers-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ლიცენზირებული წიგნი „პატარა ადამიანები, დიდი მიზნები“ საბავშვო მწერლების სოფი ბიერისა და ემი ბლიქვილის ავტორობით. წიგნი, რომელშიც ცნობილი ბრიტანელი მომღერლის და მუსიკოსის, სერ ელტონ ჯონის ცხოვრება და კარიერაა აღწერილი, ჩინეთში დაიბეჭდა და იდენტური შინაარსით გავრცელდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის „მაკდონალდსში“, შესაბამისი ქვეყნების ენაზე ნათარგმნი.

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, „მაკდონალდს საქართველოს“ აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება.

აქვე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წიგნის გამოცემის სრულ პროცესზე, მათ შორის თარგმნაზე, რედაქტირებასა და კონტექსტზე მუშაობდა მხოლოდ “მაკდონალდს საქართველოს” ადმინისტრაციის გუნდი. პროცესის შინაარსობრივ ნაწილში არც კომპანია “კოკა-კოლას” და არც ბატონ თემურ ჭყონიას მონაწილეობა არ მიუღიათ.
ამასთან, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „მაკდონალდს საქართველო“ დღიდან მისი დაფუძნებისა, მხარს უჭერს ქვეყანაში წიგნიერების განვითარებას და დღემდე სხვადასხვა შემეცნებითი წიგნებით, პროგრამებითა თუ კამპანიებით ხელს უწყობს პატარებში კითხვის შეყვარებას. ჩვენს მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000 შემეცნებითი შინაარსის წიგნი, რომელმაც წაახალისა ბავშვებში კითხვის სიყვარული.

„მაკდონალდს საქართველოსთვის“ ისევე, როგორც მისი დამფუძნებლისთვის, ბატონ თემურ ჭყონიასთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და სწორედ ადამიანის გარშემო აშენებს ბრენდს, რომელიც თითქმის 25 წელია, მილიონობით მომხმარებლის ერთგულია”, – წერია განცხადებაში.

ელტონ ჯონზე წიგნში ეწერა – “დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა”.

მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები კინოცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებენ

//

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები კინოცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებენ. მხარდამჭერ წერილს გამოცემა პუბლიკა ავრცელებს.

ისინი წერენ:

“ბოლო რამდენიმე წელია ქართული კულტურის სადამსჯელო ოპერაცია მიმდინარეობს:

გვახსოვს წიგნის ცენტრის დახურვა.

გვახსოვს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების დაუსაბუთებელი და უსამართლო გათავისუფლება და მეცნიერების საეჭვო გამოცდილების მქონე ხალხით ჩანაცვლება. მათთვის საცავებზე წვდომის შეზღუდვა.

გვახსოვს სამინისტროსთვის მიუღებელი ლიტერატურული პერიოდიკისთვის დაფინანსების შემცირება და საბოლოოდ შეჩერება.

გვახსოვს თეატრების ხელმძღვანელების გათავისუფლება და ხელისუფლების ერთგული ჩინოვნიკებით ჩანაცვლება.

გვახსოვს ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“, რომლის კონტროლიც სამინისტრომ სცადა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

გვახსოვს გელათის გადარეცხილი და ასევე მიტოვებული ფრესკები.

და სხვა მრავალი.

სანაპიროს ქუჩაზე მდგარი კულტურის სამინისტროს შენობა იქცა ციხედ, სადაც ხმა აღარც შედის და აღარც გამოდის.

კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი მინისტრმა პირად ქონებად ჩათვალა და თავისი შეხედულებისამებრ ანაწილებს.

ახლა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ჯერია. კინოცენტრი ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუციაა, რომელიც ქართულ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

კინოცენტრიდან გაათავისუფლეს და ახლაც ათავისუფლებენ პროფესიონალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ წარმატებისთვის მუშაობდნენ. მათ ანაცვლებენ სასჯელაღსრულების ოფიცრებით და საეჭვო გამოცდილების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხით.

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები სრულად ვუჭერთ მხარს კინოს პროფესიონალებს დამოუკიდებელი კინოცენტრის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

მოგიწოდებთ ყველას სოლიდარობისკენ – გუშინ მუზეუმი გაქრა, დღეს კინოცენტრი ქრება, ხვალ კი შეიძლება თქვენთანაც მოვიდნენ”, – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ:

  • ეკატერინე ტოგონიძე
  • ნინია ნადირაძე
  • ნესტან კვინიკაძე
  • რატი ამაღლობელი
  • რატი მუჯირი
  • ნინა სურამელაშვილი
  • თამთა მელაშვილი
  • მაია კუდავა
  • ზვიად კვარაცხელია
  • რუსუდან რუხაძე
  • ლანა კალანდია
  • თაკო ლონდარიძე
  • თამარ კვიჟინაძე
  • ნატო ალხაზიშვილი
  • ნატო გორდელაძე
  • შოთა იათაშვილი
  • დალილა გოგია
  • მიხეილ ციხელაშვილი
  • ანა კოპალიანი
  • ეკა ქევანიშვილი
  • ზაალ ანდრონიკაშვილი
  • ირაკლი კაკაბაძე
  • თეონა დოლენჯაშვილი
  • მანანა მათიაშვილი
  • მარი ბექაური
  • თეონა ჭანიშვილი
  • ლექსო ქურხული
  • ლელა კოდალაშვილი
  • მაია ცირამუა
  • ვასო გულეური
  • ლელა დუმბაძე
  • თორნიკე სიბაშვილი
  • ტორესა მოსი
  • ლაშა ბუღაძე
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი
  • ნიკა ჩერქეზიშვილი
  • ია ჯინჭარაძე
  • გვანცა ჯობავა
  • ნათია გიორგაძე
  • ქეთი ქანთარია
  • ზურა პაპიაშვილი
  • ბესო სოლომანაშვილი
  • გია გოკიელი
  • გიო ლომიძე
  • ხათუნა თავდგირიძე
  • გიორგი შონია
  • კოკა ქამუშაძე
  • სოფიო შამანიდი
  • ბელა ჩეკურიშვილი
  • ლელა კურტანიძე
  • ნათია მიქელაძე
  • მარინა ცხადაია
  • მაია ალუდაური
  • გიორგი არაბული
  • მათე სარალიშვილი
  • ანი მილაშვილი

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოსტები გააუქმა და რეორგანიზაცია გამოაცხადა.

იქამდე განცხადება გაავრცელეს ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც წერდნენ, რომ ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, ეს განცხადება მალევე წაიშალა.

ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მან ფორმულასთან თქვა, რომ კინოცენტრში “რეორგანიზაციაში ჩაერთვება”.

საია: სტრასბურგმა ოჯახში ძალადობის საქმეზე დაადგინა, რომ საქართველომ მსხვერპლი ვერ დაიცვა

//

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და დადგინდა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა მსხვერპლი ძალადობისაგან და ეს საქმე სათანადოდ არ გამოიძია.

მისი თქმით, მსხვერპლი ქალი მეუღლის (და შემდგომ ყოფილი მეუღლის) მხრიდან განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომლისგან დასაცავადაც, 5 წლის მანძილზე, მას 16-ჯერ ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ამის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებებმა არ გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული ეფექტიანი ღონისძიებები.

“2017 წლის თებერვალში მსხვერპლი გარდაცვლილი იპოვეს და მისი ყოფილი მეუღლე პასუხისგებაში მისცეს თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო (თუმცა, უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე საბოლოდ ოჯახში ძალადობად გადააკვალიფიცირა).

ბოლო 2 წელში ეს უკვე მესამე გადაწყვეტილებაა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ ფემიციდის შემთხვევებზე საქართველოს წინააღმდეგ მიიღო. აქედან 2 საქმეს საია აწარმოებდა. ეს გადაწყვეტილებები ადასტურებს სისტემურ გამოწვევებს, რომლებიც სხვა საქმეებშიც ვლინდება. ყველა მსგავსი შემთხვევა სტრასბურგამდე ვერ აღწევს. როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების სტატისტიკით გაზომავენ, უნდა შევახსენოთ, რომ შეფასების ინდიკატორი არასწორად შეარჩიეს. უფრო მნიშვნელოვანია იმის შეფასება და მონიტორინგი, როგორ აღასრულებს საქართველო ამ და სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს გამოაქვს”, – წერს ქურდოვანიძე.

ამ საქმეზე საია-ს განცხადება სრულად.

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს

/

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული, 40 წლამდე კაცი დაკავებულია.

საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.