ივნისი 2023 - Page 5

112-ში ზარები შეფერხებით შედის

/

ტექნიკური ხარვეზის გამო 112-ში ზარები შეფერხებით შედის.

გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

  • 599842206
  • 598087761
  • 577011139
  • 577011174
  • 591544384
  • 591946840
  • 591946870
  • 591544375
112-ის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

ფილმის Paris is Burning-ის ჩვენება Kantora Bar-ში

///

5 ივნისს Kantora Bar-ში გაიმართა ფილმის ჩვენება. ორგანიზატორი ქართველი დრეგ ქუინი Mariko Kardashian იყო.

“პარიზი იწვის” ინოვაციური დოკუმენტური ფილმია, რომელიც გამოვიდა 1990-იანი წლების დასაწყისში. ფილმის რეჟისორია ჯენი ლივინგსტონი. ის იკვლევს ნიუ-იორკის მიწისქვეშა დრეგ კულტურას, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია აფროამერიკელ და ლათინო ქვიარ და ტრანსგენდერ ადამიანებზე.

ფილმს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ქვიარ საზოგადოებისთვის, რადგან ის იკვლევს იდენტობის, თვითგამოხატვის, მდგრადობისა და მიმღებლობის სწრაფვას საზოგადოებაში, რომელიც ხშირად მარგინალიზებს და თრგუნავს ინდივიდებს, რომლებიც არ ჯდებიან სოციალურ ნორმებში.

კანტორა ბარის მფლობელი ქვიართან ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კიდევ იგეგმება მსგავსი აქტივობები.

ვიდეოზე მუშაობდნენ ნინი ვანიშვილი და მაშიკო გიორგობიანი.

საფარი: ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

/

ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ქალის გაუპატიურება სცადა.

მათი ცნობით, საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა ქალმა და მსჯავრდებულმა კაცმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდათ. ქალის თქმით, კაცი მას ატყუებდა, რომ განქორწინებული იყო. 2022 წლის 3 ივლისს, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. კაცმა მას საკუთარ მანქანაში საუბარი შესთავაზა. საუბრის დროს კაცმა მისი ნების საწინააღმდეგოდ მანქანის კარი ჩაკეტა და ძალით წაიყვანა ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი გაუპატიურება სცადა. საქმის მასალებშია შეტყობინებები, რომლებიც შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კაცმა ქალს გაუგზავნა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში ფიზიკური ძალადობით დაემუქრა.

სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო გაუპატიურების მცდელობაში (მე-19; 137-ე მუხლი), მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტი).

დაზარალებული ქალის ინტერესებს საფარის იურისტი ნელი ქარელი იცავს.

შსს: მარნეულში “ცოლად შერთვის მიზნით” არასრულწლოვანი მოიტაცეს, დაკავებულია 2 პირი

/

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ცოლად შერთვის მიზნით” მარნეულის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი, 2007 წელს დაბადებული გოგო მოიტაცეს.

მათი ცნობით, საქმეზე ორი პირი დააკავეს – 1981 და 1994 წელს დაბადებული კაცები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია მიიღო . რეზოლუციას 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდამ მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება უფრო კიდევ უფრო გააუარესა.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.
გასული წლების მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 64 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.

“ქართული მხარის მიერ ინიცირებული IDP რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის (CANS – კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის სახელით), ლიეტუვის (NORDIC/BALTIC სახელით), ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და უკრაინის დელეგაციებმა და გაეროს წევრ ქვეყნებს საქართველოს IDP რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი,

გვატემალა, უნგრეთი,ისლანდია, ირლადია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლიუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია,პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ.

ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში – კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

/

თბილისში ფემიციდის მორიგი შემთხვევა მოხდა. კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში მოკლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი განცხადებით, კაცმა დანაშაულის დაფარვის მიზნით მეორე დღეს ცხედარი ნაქირავებ მანქანაში მოათავსა და ხევში გადააგდო.

უწყების ინფორმაციით, ის მალევე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სასამართლომ ბაღის მხრიდან მცირეწლოვნის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

//

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მცირეწლოვანმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. მშობლების მტკიცებით, მათი 3 წლის შვილი ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

“გ.გ 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე სწავლობდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო ბაღში. გ.გ-ს აღენიშნება განვითარების ეტაპების დარღვევა, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, მისთვის შეზღუდვების დაწესება არ ყოფილა საჭირო. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე მას არ აძლევდა შესაძლებლობას სრულად ჩართულიყო საბავშვო აქტივობებში.

გ.გ-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღის სხვა აღსაზრდელები მზიან დღეს საბავშვო აუზში ერთობოდნენ, ის კი ოთახში იყო, თანატოლებისგან განცალკევებით”, – ამბობენ საია-ში.

საქმის მიმდინარეობისას, საიას მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოში სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარადგინა.

მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. დაადგინა, რომ მოპასუხე კერძო ბაღის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი მოსარჩელის დისკრიმინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით 2000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

მშობლები მთავრობის მხრიდან დროის ხელოვნურად გაწელვაზე საუბრობენ

//

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის მხრიდან დროის ხელოვნურად გაწელვაზე საუბრობენ.

ფორმულას ეთერში ერთ-ერთ მშობელი ქეთი ბეგიაშვილი საუბრობს, რომ ამ ეტაპზე “გასახარი არაფერია”. მისი თქმით, საბჭოს შედგენილ პროტოკოლში შეცდომები იყო. მაგალითად, მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია ასაკობრივმა ზღვარმა – პროტოკოლში მითითებული იყო მკურნალობის ასაკობრივი ზღვარი 5 წლიდან, როცა ევროკავშირის ქვეყნებში 2 წლიდან იწყება.

მისი განცხადებით, უკვე 1 თვე გავიდა, რაც მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა წამლის მომწოდებელ კომპანიასთან დაკავშირებით, ასევე, იმაზე, თუ რა ეტაპზეა სახელმწიფო, ინფორმაცია მშობლებამდე არ მიდის.

“შიში გვაქვს მშობლებს, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაწელვა და ზუსტად, როგორც გვითხრა მინისტრმა, რომ 2024 წლიდან ჩასვამდნენ ბავშვებს მკურნალობაში, ზუსტად ამის განხორციელებას გეგმავენ. ამას არც ერთი მშობელი არ შევეგუებით, ჩვენს შვილებს ყოველ დღეს უკარგავენ.

გვაინტერესებს, უშუალოდ როდის იქნება წამალი ამ ბავშვებისთვის, რომ დამთავრდეს ეს ტანჯვა. კიდევ ვიძახით, ვთხოვთ, ვეხვეწებით, რომ ნუ გვაიძულებენ, ისევ დავბრუნდეთ იქ, სადაც 19 დღე ვიყავით. ძალიან რეალური ეჭვი გვაქვს იმის, რომ ისევ ყველაფერი ჭიანურდება, არ გვეუბნებიან კონკრეტულ დროს. შესწორებას რამდენი ხანი სჭირდება, რომ პროტოკოლის საბოლოო სახე დასრულდეს, გადაეცეს საბჭოს შესამოწმებლად, შემდეგ მინისტრს დასამტკიცებლად, ამასაც წელავენ, აღარ დამთავრდა, დავიღალეთ, წელიწადი და 8 თვე გვესმის უახლოესი დღეები, უახლოესი დღეები. ჩვენი ნერვებით თამაშობენ”, – განაცხადა ბეგიაშვილმა.

23 მაისს აქონდროპლაზია იაშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში დაემატა.

ნახეთ: რა ეტაპზეა აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში შემოტანის საკითხი

რეტროს მფლობელი მიმტანზე ძალადობისთვის დააკავეს

//

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმტანზე ძალადობის ბრალდებით რესტორან რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე დააკავეს.

გუშინ, 5 ივნისს რეტროს ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობს. ქალმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მეპატრონემ რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანა, რის შემდეგაც მათი უფლებები ხშირად ირღვეოდა.

“პოსტს ვწერ ძალიან აღელვებული, გაბრაზებული, თუმცა სრულიად რაციონალური გონებით.

მინდა ჩემი და იმ ადამიანების გამოცდილება მოგიყვეთ, რომელთაც ერთი სამუშაო სივრცე, რესტორანი რეტრო, გვაერთიანებდა. ვფიქრობ, რომ არ უნდა დავაყოვნო და ყველაფერი მოვყვე. გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ ისტორია.

მე, პირადად, რესტორან „რეტროში“ მენეჯერის პოზიცია მეკავა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევამდეც არ სუფევდა რესტორანში სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა, მაგრამ მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე, მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდოPR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს. მათი აყვანიდან მალევე დაიწყო ამ ხალხის უპირატესად წარმოჩენა და გამუდმებით ჩვენი დაკნინება (გამომდინარე მფლობელის პრორუსული დამოკიდებულებიდან).

ამ სიტუაციაში რამდენიმე თვე მომიწია მუშაობა, თუმცა მთავარი მაშინ დაიწყო, როდესაც რეტროს მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ პიკის საათებში, როდესაც უამრავი სტუმარი იყო რესტორნის შუა დარბაზში, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით „შემამკო“. თავი დამცირებულად ვიგრძენი და სამსახური მაშინვე დავტოვე.

გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელიით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა.

საშინელი შიშის შეგრძნება მაწუხებს. ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც რესტორანის მფლობელი ხელით ეხება თანამშრომლებს. ძალიან ბევრი რამის თქმა არის შესაძლებელიამ ამბით მათზე და ასევე სხვებზეც.

მთელი ქვეყანა, რომ რუსეთის ჯიბის რესტორნად იქცა, ფაქტია. ჩვენ კი, მათ პირად მოსამსახურეებად. ამ ერთი ამბიდანაც კი მარტივად შეგიძლიათ დაასკვნათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების რეალისტურობა. კაცი, რომელიც არის გავლენიანი, პრივილეგირებული რომელსაც გუშინ ხელით შეეხო და ჰგონია, რომ როგორც აქამდე, ახლაც მარტივად გაუვა თავისი გავლენების გამო.

გთხოვთ რითიც შეძლებთ დაგვეხმაროთ და გავაგებინოთ ადამიანებს რა ხდება ყველაზე პოპულარულ რეტროში. სცემა გუშინ ადამიანი რესტორნის მფლობელმაა სცემააა მიმტანი”, – დაწერა მარია ზოიძემ.

ამ დროისთვის რეტრო დახურულია და იქ შრომის ინსპექციაა შესული. როგორც ცნობილია, რესტორანი ყველა თანამშრომელმა დატოვა.

2 ივნისს დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს

//

48 საათის იზოლატორში გატარების შემდეგ 2 ივნისს დაკავებული აქტივისტები და უფლებადამცველები გაათავისუფლეს. ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებული საბა ბრაჭველი ავრცელებს. მასთან ერთად გაათავისუფლეს ედუარდ მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე.

“უღრმესი მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელიც სრული საინფორმაციო ვაკუუმის მიუხედავად, ჩვენამდე აღწევდა, გულს გვითბობდა და გვაძლიერებდა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძალისხმევა ღირდა იმად, რომ საქართველო არ იქცეს ისეთ ქვეყნად, სადაც ადამიანებს სუფთა ფურცლის გამო ციხეში უშვებენ.

48-საათიანი დაკავების ვადა ისე გავიდა, სასამართლოში არ გაგვიყვანეს. ეს გასაგებია – მათ არ უნდათ, რომ ჩვენ საჯარო ტრიბუნაზე ვთქვათ ჩვენი სათქმელი. არაუშავს, მე აქ დავწერ ჩემს სიტყვას, რომელიც სასამართლოზე უნდა მეთქვა და რაკი ხელისუფლება ყრუა, დაე თქვენ – საზოგადოება იყავით ჩვენი მოსამართლეც, მსაჯულიც და მართლმსაჯულებაც”, – დაწერა ბრაჭველმა.

2 ივნისს პოლიციამ აქციის მონაწილეებს ბანერები წაართვა, მოგვიანებით კი მათი ნაწილი დააკავა, მათ შორის უფლებამდაცველები. ბანერებზე ძირითადად ირაკლი ღარიბაშვილი იყო გამოსახული, მოქალაქეები დააკავეს თეთრი ფურცლის გამოც.