დეკემბერი 2022 - Page 3

ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობაზე სრულ და თანაბარ ხელმისაწვდომობას ითხოვენ – მანიფესტი

არაკომერციული ორგანიზაციისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის, ევროპა დონა საქართველო და კავკასიის ონკოსაზოგადეობა Hope სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმაზე, manifest.ge, პეტიციას ავრცელებენ.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.

პეტიციის განმცხადებელი ორგანიზაციები და მისი ხელმომწერები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას მიმართავენ, უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა კიბოს მკურნალობაზე და აცხადებენ, რომ, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის, ონკოლოგიურ პაციენტებს, საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული აქვთ უფლება, ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება.

დღევანდელი, 24 დეკემბრის მდგომარეობით, პეტიციას 3058 ხელმოწერა აქვს. პეტიციას საჭირო რაოდენობის ხელმოწერების მიღწევამდე, 5000-მდე, ხელმომწერთ კიდევ 38.84% აშორებს.

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ აღიარებს „მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარ ხელმისაწვდომობას“; საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ზოგადი მიზანი განსაზღვრულია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით!”, – ვკითხულობთ პეტიციის შესავალ ნაწილში.

პეტიციის მიხედვით, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭიროა დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედება, რათა პაციენტებმა პერსონალიზებული, დაავადებაზე მორგებული, სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება შეძლონ, ხოლო დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედებამდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მკურნალობისთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტის გაორმაგება მოიაზრება, წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზების მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ არ მოუწიოთ მკურნალობის შეწყვეტა ფინანსების ამოწურვის გამო.

პეტიციაში განხილულია ონკოდაავადებების მართვაში არსებული მდგომარეობა, ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები:

პირველ პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სრულფასოვანი  ონკოლოგიური მკურნალობისთვის გამოყოფილი  ბიუჯეტი არასაკმარისობა სახელდება. პეტიციის შემდგენ ორგანიზაციათა თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ლიმიტი (25 ათასი ლარი) სრულად ფარავს ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის მკურნალობის ხარჯებს, თუმცა არ არის საკმარისი ინოვაციური მედიკამენტით სრულყოფილი მკურნალობის ჩასატარებლად, რის გამოც პაციენტები ლიმიტის ამოწურვის შემდეგ წყვეტენ მკურნალობას ან არჩევენ ნაკლებ ეფექტურ, მაგრამ ფინანსურად დამზოგველ რეჟიმებს, რაც წარმოადგენს არაეფექტური მკურნალობის და ბიუჯეტის ნაკლებ ეფექტური ხარჯვის მიზეზს.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისას პერსონალიზებულ მიდგომა და დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების გამოყენება და  დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გამოყოფილი წლიური ბიუჯეტის გაორმაგება სახელდება წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის.

მომდევნო პრობლემა, რომელსაც ონკოდაავადებათა მართვაში პაციენტები აწყდებიან ეს კერძო დაზღვევა შეუთავსებლობაა. კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას პაციენტებისთვის, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით და არ არიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მინიმალურია. საქართველოს მოქალაქე, რომელიც სარგებლობს კერძო დაზღვევით, ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში განწირულია მძიმე ფინანსური ტვირთისთვის.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად შემდეგი საფეხურები სახელდება:  საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის აღიარება სავალდებულო ბაზისურ  ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვის, რაც აღმოფხვრის საქართველოს მოქალაქეებისთვის ონკოლოგიურ  სერვისებზე წვდომის უთანასწორობას.

ასევე, საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობა,  მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.

ორგანიზაციების განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების დანერგვის მეშვეობით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობა, გამოიწვევს საერთო გადარჩენადობის გაზრდას, სიკვდილიანობის შემცირებას, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას და ჯიბიდან გადახდის შემცირებას.

ტესტი — გამოიცანი ლგბტქი დროშები

ტესტი — გამოიცანი ლგბტქი დროშები

შოტლანდიაში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის ლეგალური შეცვლა მარტივდება

/

შოტლანდიის პარლამენტმა 22 დეკემბერს დაამტკიცა რეფორმა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს გენდერის ლეგალურად შეცვლას უადვილებს. რეფორმის მიხედვით, გენდერის შეცვლისთვის გენდერული დისფორიის სამედიცინო დიაგნოზის ქონის აუცილებლობა მოიხსნება, ხოლო მინიმალური ასაკი, როცა ტრანსგენდერი ადამიანები გენდერის შეცვლას შეძლებენ, 18-დან 16 წლამდე მცირდება.

გენდერული აღიარების რეფორმის კონტროვერსიულმა კანონპროექტმა 86 ხმა მიიღო 39-ის წინააღმდეგ. შედეგად, შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც გენდერის შეცვლისთვის თვითიდენტიფიკაციის პროცესი საკმარისი გახადა.

შედეგების გამოცხადებისას, საჯარო გალერეაში გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა რეპლიკები ისმოდა. “გრცხვენოდეთ”, — ყვიროდნენ შეკრებილი მომიტინგეები, თუმცა, შეძახილების საპირწონედ, რეფორმის მხარდამჭერთა ოვაცია და აღტაცეუბლი ხმაური ისმოდა.

თვითიდენტიფიკაციის სისტემა მათთვისაა, ვისაც გენდერის შეცვლა სამართლებრივად და ლეგალურად სურს. რეფორმის მიხედვით, ადამიანებს 16 წლიდან შეეძლებათ გენდერის აღიარების სერტიფიკატის გამოთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიაში ადამიანებს 2005 წლიდან შეუძლიათ გენდერის კანონიერი ცვლილება, აღნიშნული ქმედება ამ დრომდე თვითიდენტიფიკაციის პროცესს არ ეფუძნებოდა. რეფორმის თანახმად, რომლებიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, გენდერის აღიარების სერტიფიკატის აპლიკანტებს პროცესის ბოლომდე მიყვანისთვის არა ორი წელი, არამედ 3-დან 6-თვემდე დასჭირდებათ, თავიანთი ასაკის შესაბამისად.

რეფორმა ითვალისწინებს “რეფლექსიის პერიოდსაც” ტრანზიციის პროცესში მყოფი ადამიანებისთვის. აღნიშნულ პერიოდს 3 თვე ეთმობა და ამ დროს ადამიანებს აზრის შეცვლის საშუალება მიეცემათ. გენდერის შეცვლის სერტიფიკატისთვის ნებისმიერი ცრუ აპლიკაცია სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რეფორმის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება დეტრანზიციაც, გენდერის შეცვლის სერტიფიკატის სააპლიკაციო პროცესების თავიდან გავლის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის შოტლანდია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციის პროცესს უმარტივებს, ვესტმინისტერის მთავრობის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული რეფორმის კანონად გადაქცევას, მისი საკამათო ბუნების გამო, ხელი შეეშალოს სამეფო უარით. აღნიშნული პროცესი დიდწილად ფორმალურია და შოტლანდიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაერთიანებული სამეფოს მმართველის თანხმობას ითვალისწინებს.

“დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ მცდელობას, შეარყიოს შოტლანდიის პარლამენტის დემოკრატიული ნება, მტკიცედ გავასაჩივრებთ!” განაცხადა შოტლანდიის მთავრობის სპიკერმა, გამოხატული შეშფოთებების საპირწონედ.

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შოტლანდიის მმართველმა და სხვა პარტიებმა, ხოლო მასთან დაპირისპირებული კონსერვატიული და ქალთა უფლებების დამცველი ზოგიერთი პარტია აღმოჩნდა. მოწინააღმდეგეთა განცხადებით, ცვლილებები პოტენციურად საფრთხისშემცველია ქალებისა და გოგოებისათვის, მაგალითად, ისეთ სივრცეებში, როგორიც ერთი გენდერისთვის განკუთვნილი საჯარო ტუალეტებია.

შოტლანდიის იუსტიციის მინისტრმა, შონდა რობინსონმა, განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსმა ცვლილებამ ტრანსგენდერ ადამიანებს მხოლოდ სიკეთე მოუტანა და მათ მიმართ ძალადობა შეამცირა.

“ვფიქრობ, ჩვენ ყველას შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ, რომ ტრანსგენდერი ადამიანები შოტლანდიაშიც შეძლებენ ისარგებლონ რეფორმის პოზიტიური შედეგებით, რადგან კანონი მათ აცილებს ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლით იმაში, რომ თავიანთი უფლებებით ისიამოვნონ”, — განუცხადა პარლამენტს რობინსონმა.

წყაროები:
BBC, Reuters.

პარლამენტმა სახალხო დამცველობის არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა

/

საქართველოს პარლამენტში დღეს სახალხო დამცველობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა. დეპუტატებმა ყველა კანდიდატურა ჩააგდეს. კენჭისყრის დაწყებამდე ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ისინი წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, რადგან კონსენსუსი ვერ შედგა.

იმისთვის, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა პარლამენტმა დაამტკიცოს, საჭიროა 90 ხმა, თუმცა არც ქართულ ოცნებას და არც ოპოზიციას ამ რაოდენობის დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არ ჰყავთ. შესაბამისად, საჭიროა შეთანხმება, თუმცა მმართველი პარტია უარს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების (ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი) მხარდაჭერაზე და ოპოზიციას 5 სხვა კანდიდატს სთავაზობს. ოპოზიცია აბაშიძეს, ბურჯანაძეს და ჯანეზაშვილს უჭერს მხარს. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგა.

დღევანდელი კენჭისყრის შედეგები ასეთია:

  1. ანა აბაშიძე — 12 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  2. მარიკა არევაძე — 1 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  3. გიორგი ბურჯანაძე — 16 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  4. ლელა გაფრინდაშვილი — 5 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  5. სოფიო დემეტრაშვილი  — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  6. თინათინ ერქვანია — 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  7. ევგენია თავაძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  8. ალექსანდრე კობაიძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  9. ლევან კოკორაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  10. ნუგზარ კოხრეიძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  11. გიორგი მარიამიძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  12. სერგო მახარაძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  13. მაკა მინდიაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  14. ჯემალ ნათელაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  15. ნიკოლოზ ნიკოლაძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  16. ქეთევან ჩაჩავა — 2 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  17. გიორგი ცობეხია — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  18. იაგო ხვიჩია — 11 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  19. ნაზი ჯანეზაშვილი — 8 მომხრე, 2 წინააღმდეგი

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომავალი წლიდან უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი პროცედურული ბარიერების დაძლევა და შეთანხმება ისეთ კანდიდატზე, რომელი ყველასთვის მისაღები იქნება.

“მმართველმა გუნდმა არ დაასახელა თავისი კანდიდატები. გამორიცხვის მეთოდით ჩამოვედით 8-მდე ყველანი ერთად და თქვენ ამბობთ მაინც და მაინც ის 3 აირჩიეთ, რომლებიც ჩვენ გვინდაო. ეს არის ულტიმატუმი. ჩვენ გთავაზობთ, რომ 5 ადამიანიდან ერთი, რომელიც გნებავთ, მოდი, ამოვირჩიოთ. თქვენ ამას არ აკეთებთ. […] მაინც და მაინც ამ ორ გვარს უნდა გადააყოლოთ ევრო რეკომენდაციები, აბაშიძეს და ბურჯანაძეს, და ჯანეზაშვილს კიდევ ზემოდან. ამაში არ უნდა შევსულიყავით, თორემ წამგებიან პოზიციაში ხართ და ნუ შევდივართ ამ თემაში, დამიჯერეთ”, — მიმართა მან ოპოზიციას.

ვინ არიან და რას ფიქრობენ სხვადასხვა საკითხზე სახალხო დამცველობის კანდიდეტები, შეგიძლიათ იხილოთ ქვიარის სტატიებში:

ესპანეთში ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულება დაკანონდა

ახალი კანონის თანახმად, ესპანეთში ქალებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მენსტრუირებენ (ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანები), ანაზღაურებად მენსტრუალურ შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ.

ესპანელმა კანონმდებლებმა კანონპროექტი 13 დეკემბერს მიიღეს. დოკუმენტის მიხედვით, ქალები და ადამიანები, რომელიც მენსტრუირებენ და თვის ამ პერიოდში ძლიერი ტკივილი აწუხებთ, ანაზღაურებად შვებულებაში გასვლას შეძლებენ. ანაზღაურებად მენსტრუალურ შვებულებაში გასვლისთვის ექიმის ნებართვაა საჭირო, რომლის ხარჯსაც სახელმწიფო სრულად დაფარავს.

ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულების გარდა, კანონის მიზანია, რომ აბორტი მეტად ხელმისაწვდომი გახდეს საჯარო საავადმყოფოებში ქვეყნის მასშტაბით. ევრონიუსის ცნობით, ქვეყანაში ჩატარებული აბორტების საერთო რაოდენობასთან მიმართებით, საჯარო საავადმყოფოებში აბორტების მხოლოდ 15% კეთდება, რის მთავარ მიზეზად ექიმების მიერ წინააღმდეგობები სახელდება. კანონი ასევე ითვალისწინებს 16 და 17 წლის არასრულწლოვნებისთვის აბორტზე მშობლების ნებართვის საჭიროების გაუქმებას, რაზეც გადაწყვეტილება წინა, მეტად კონსერვატიული მთავრობის მართვის პირობებში გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში.

აბორტი ესპანეთში 1985 წელს დეკრიმინალიზდა, ხოლო 2010 წელს ლეგალიზდა, თუმცა, აბორტი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, კათოლიკური ტრადიციების მქონე ქვეყანაში, მოსახლეობისთვის კვლავაც დავის საგნად რჩება.

კანონის მომდევნო ფუნდამენტური ნაწილი სკოლებში სექსუალური განათლების გაძლიერებასა და კონტრაცეპტივებისა და მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტების უფასო დისტრიბუციას ეხება.

ესპანეთის თანასწორობის მინისტრისა და რადიკალური მემარცხენე პარტიის, Podemos წევრის, ირენე მონტეროს განცხადებით, ახალი კანონი ფემინისტური მონაპოვარია.

“ჩვენ ვცნობთ მენსტრუალურ ჯანმრთელობას როგორც ჯანმრთელობის უფლებაზე წვდომის ნაწილს და ვიბრძვით სტიგმისა და დუმილის წინააღმდეგ”, – განუცხადა ირენე მონტერომ დეპუტატთა კონგრესს.

კანონის მიღების შემდეგ, ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელიც ქალებსა და ადამიანებს, რომლებიც მენსტრუირებენ, მენსტრუალური შვებულების აღების უფლებას აძლევს. ამ ეტაპზე ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულების უფლება აზიის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ კი, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ინდონეზიაში აქვთ.

ჩვენივე ამბის მოყოლა ყველას შეგვიძლია — მოლდოვის ქვიარ კინოფესტივალის შესახებ

1-4 დეკემბერს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ყოველწლიური ქვიარ კინოფესტივალი, Queer Voices (ქვიარ ხმები) მეხუთედ გაიმართა, რომელსაც ქვიარის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კინოფესტივალი (თუ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ასე შეიძლება ეწოდოს მრავალმხრივი აქტივობებით დახუნძლულ ფესტივალს) ძირითადად დოკუმენტურ ფილმებზეა ორიენტირებული და მოლდოველი თუ მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ლგბტქია+ ადამიანების ხმებს აჟღერებს. რაც მთავარია, ფესტივალი ადგილობრივ თემის წევრებს შთაგონებასა და გამოცდილებას აძლევს, რომ საკუთარი ამბის მთხრობელებად თვითონ იქცნენ.

„კინოს ადამიანების შთაგონება შეუძლია. ეკრანს აქვს ეს გამორჩეული ძალა, ადამიანს იმ მოგზაურობისკენ მიუძღვის, რომელიც მრავალ ჭეშმარიტებას გვასწავლის. საშუალებას გვაძლევს, სხვის გამოცდილებაში არეკლილ ჩვენს ფიქრებს დავაკვირდეთ. ამიტომ, მჯერა, რომ კინოს აქვს ძალა, მათ შორის, ქვიარ უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით“, — ამბობს მაქსიმ კარლანი, მოლდოველ-ბერძენი რეჟისორი, სცენარისტი და აქტივისტი, რომელმაც შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით პირველი და ერთადერთი მოლდოვური ქვიარ ფესტივალი, ქვიარ ხმები 5 წლის წინ წამოიწყო.

ამ სტატიაში თქვენც გაგიზიარებთ იდეას, რომელიც დეკემბრის თოვლიან კიშინიოვში შესანიშნავ ქვიარ ფესტივალზე (შემთხვევით) მოხვედრილს ამეკვიატა და დღემდე თავს არ მანებებს — ყველას გვაქვს ამბავი, რომელიც მოყოლად ღირს და მას ჩვენზე უკეთ ვერავინ მოჰყვება. ამასთან, ვეცდები დაწვრილებით გიამბოთ ფესტივალის დაფუძნების იდეასა და პროგრამაზე, რომელიც კიდევ დიდხანს მემახსოვრება.

„კიშინიოვს სჭირდება ქვიარ კინოფესტივალი, რატომაც არა?!“

„ქვიარ კინოფესტივალის იდეა დოკუმენტური ფილმების ფესტივალის, Moldox-ის ორგანიზებით დაიწყო, რომელიც სოციალურ ცვლილებებს ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში, სამხრეთ მოლდოვაში მდებარე ჩემს მშობლიურ პატარა ქალაქში ლგბტქი ფილმის ჩვენება გადავწყვიტეთ, რაც მარტივი არ ყოფილა. არ ვიცოდით, როგორი რეაქცია ექნებოდა ხალხს, თუმცა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მეც გეი ვარ და ხალხის ყურადღების ლგბტქი საკითხებისკენ მიმართვა მინდოდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული შიში მქონდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გავმართეთ და კონსერვატიულმა საზოგადოებამ ეს ფაქტი კარგად მიიღო, მეტიც, გამოხმაურება შესანიშნავი იყო — არავის დაუტოვებია დარბაზი, არავის გაუპროტესტებია. ამიტომ, ვიფიქრეთ, რატომ არ გვაქვს სრულფასოვანი ქვიარ კინოფესტივალი კიშინიოვში? რატომაც არა?!“, — აღნიშნავს მაქსიმი.

მისი თქმით, ფესტივალის პირველ წელს ახალი, მისთვის უცნობი სახეების ხილვას, ფართო აუდიტორიის დაინტერესებას არ ელოდა, თუმცა პირველ ფესტივალს უამრავი ადამიანი დაესწრო, რომელიც იქამდე ლგბტქი უფლებადაცვით ღონისძიებებში აქტიურად არ მონაწილეობდა.

“მათ ფილმების ნახვა უნდოდათ, თემის მხარდაჭერის სურვილი და ჩართულობისთვის მზაობა ჰქონდათ. მას შემდეგ ფესტივალი უფრო და უფრო იზრდება და ძლიერდება”.

ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ზამთრის პერიოდშია, გაყინულ, გაურემონტებელ ისტორიულ ნაგებობაში, Muzeul Zemstvei-ში იმართება, რაც თავდაპირველად დისკომფორტსაც კი გაგრძნობინებს, მაგრამ მალევე ხვდები, რომ თემის წევრები, ორგანიზატორები, ყველა ადამიანი, რომელიც ამ სივრცის ერთგულია, ფესტივალს ერთად ქმნის. როგორც მაქსიმმა მოგვიანებით სიტყვებითაც დამიდასტურა, „გამოწვევების მიუხედავად და იქნებ სწორედ ამის გამოც, ღონისძიება ყველა სხვა გამოცდილებისგან გამორჩეულია და მეტიც, ერთგვარად ხელშემწყობიც კი“.

თითოეული ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით იქმნება გამოცდილება, რომელსაც ვერაფერს შეადარებ. ცხადად ჩანს, ხედავ კავშირებს, მეგობრობას, რომელიც თემის წევრებს შორის არსებობს და ისიც ზუსტად იცი, რომ ამ ერთიანობის გამო, გამორიცხულია, ფესტივალმა წარმატებით არ ჩაიაროს.

მცირე ხანია, რაც ქვიარ ხმებს კიდევ ერთი სიახლე, ქვიარ კაფე შეემატა, რომელიც იმავე შენობაში მდებარეობს და კვირაში სამი დღე მუშაობს. ადგილობრივი თემის წევრების თქმით, ეს ერთადერთი ლგბტქი გასართობი სივრცეა კიშინიოვში.

„ქვიარ კაფეს გახსნა ქვიარ ხმების დამსახურებაა. წინა წელს კაფეს სივრცე უბრალოდ მოსასვენებელი ადგილი იყო, სადაც ფილმის ჩვენებებს შორის შუალედებში დალევა და განტვირთვა შეგვეძლო. ფესტივალი ზამთარშია, შენობაში ცივა და ფილმიდან ფილმამდე ხალხის შენარჩუნება პრობლემა იყო. ვიფიქრეთ, რომ მსგავსი სივრცე დაგვემატებინა, რამაც თემის გაძლიერებას, სოციალიზაციას ხელი შეუწყო, ამიტომ ფესტივალის ფარგლებში მოწყობილმა სივრცემ არსებობა განაგრძო და ხალხის დაახლოებას ხელი შეუწყო“, — აღნიშნავს მაქსიმი.

ყველას შეუძლია გადაიღოს კინო, მთავარი სურვილია

Queer Voices

ქვიარ ხმების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საერთაშორისო და ადგილობრივი ფილმების ჩვენებებია. თუმცა, ფესტივალის მთავარი მიმართულება მაინც სამუშაო შეხვედრებია, რომლის მონაწილეები ფილმების იდეებს და მოკლე ვიდეო მონახაზს წარადგენენ და იმედისმომცემი პროექტების ავტორებს მომდევნო ფესტივალისთვის სრულმეტრაჟიანი ნამუშევრების მომზადება შეუძლიათ. ამ პროცესში კი აქტიურად არიან ჩართული ქვიარ ხმების გუნდის პროფესიონალი წევრები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას დამწყებ რეჟისორებს უზიარებენ.

„ხმა უნდა ამოვიღოთ და მოვყვეთ ჩვენი ამბები. სხვა ვის ადარდებს ჩემი ამბავი, თუ არა — მე“

აღარც კი მახსოვს, ფესტივალის პროგრამაში ჩართულ რომელ ფილმში მოვისმინე ეს ფრაზა, რომელიც ტელეფონის ნოუთებში ჩავინიშნე, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარი ისაა, რომ ქვიარ ხმები სწორედ ამ იდეის ირგვლივ ვითარდება და მიზნად ისახავს თემის წევრების გაძლიერებას, მათი გამოცდილებების, სათქმელის მოყოლას, საავტორო დოკუმენტური კინოს კეთების სურვილის მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას, რათა საბოლოო შედეგი კონცეპტუალურად გამართული და აუდიტორიისთვის საინტერესო გამოვიდეს, დამწყებ შემოქმედებს კი შესაძლებლობა მისცეს, რომ პროფესიულად კიდევ უფრო განვითარდნენ და კინოინდუსტრიაში თუ აქტივიზმში თავის დამკვიდრება შეძლონ.

ყოველი ფესტივალის მიმდინარეობისას, დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი ფილმის იდეის წარდგენა, სამუშაო შეხვედრების შედეგად თემების დამუშავება და 5-დღიან პერიოდში მცირე ვიდეო სინოფსისის მომზადება შეუძლიათ, რომლებსაც ფესტივალის დასკვნით დღეს აუდიტორიას წარუდგენენ. იმედისმომცემ პროექტს სპეციალური ჟიური ასახელებს და ინდუსტრიის გამოცდილ ადამიანებთან ერთად სრულმეტრაჟიან პროექტზე მუშაობის პროცესი იწყება. ყველა ადამიანს თანაბრად აქვს შანსი, რომ საკუთარი ხმა გააჟღეროს და ფილმის სცენარისა და გადაღების პროცესში ჩაერთოს, რომლის პრეზენტაცია ისევ ფესტივალის მიმდინარეობისას, მომდევნო წელს შედგება.

როცა ქვიარ ფესტივალი თუ ლგბტქი ორგანიზაცია თვითონ არის თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და მიზნად ისახავს უფლებრივი მდგომარეობისა და ხილვადობის გაუმჯობესებას ამასთან, ცდილობს, რომ ლგბტქი ადამიანები პასიური როლიდან გამოიყვანოს, მათ გაძლიერებაზე იზრუნოს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობება მისცეს და მაქსიმალური გააკეთოს, რომ ადამიანებმა მათივე გამოცდილება აქციონ პროგრესისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ასე ვთქვათ, ცდილობს, შექმნას გარემო, რომელიც ადამიანების ყურადღებას მოქმედებისკენ, გამოწვევებზე დაფიქრებისკენ მიმართავს, პროგრესის მიღწევა ბევრად მარტივდება. ქვიარ ხმებს სწორედ აღნიშნული ღირებულებები გამოარჩევს.

2022 წლის ფესტივალზე შედგა 2020 წლის სამუშაო შეხვედრების გამარჯვებული იდეის მიხედვით გადაღებული ფილმის, Happy Land-ის პრემიერა, რომელიც სამი ქალი რეჟისორის: ვასილუტა ვასილაჩეს, ელენა კულიკისა და ტომა პანის დოკუმენტური ნამუშევარია. Happy Land ერთ მთავარ კითხვაზე პასუხს იკვლევს — რა არის ბედნიერება და იმსახურებს თუ არა ყველა? ფილმის მსვლელობისას კიშინიოვის ლგბტქი თემს ვეცნობით, ქვიარ მეგობრულ ადგილებს ვსტუმრობთ და ამ სივრცეებში დანახული ურთიერთსიყვარულის, პატივისცემის, ოჯახური, მეგობრული თუ ადამიანური ბედნიერების ამბებს ვიგებთ, რომლის საპირწონედ ქუჩის გამოკითხვის სცენებს ვხედავთ, რომელთა ნაწილში სამწუხარო შერჩევითი დამოკიდებულება მჟღავნდება — “ბედნიერებას იმსახურებს ყველა, თუმცა ქვიარ ადამიანები ნაკლებად“.

წლევანდელი ფესტივალის კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ასევე 2020 წლის სამუშაო შეხვედრების შედეგად დამუშავდა, არის Between Two Worlds, რომელიც ახალგაზრდა ქვიარ ადამიანის, დოის ისტორიას გვიყვება. დოი ცდილობს, საკუთარი თავი ბინარულობის ჩარჩოს მიღმა დაინახოს და სოციალური წნეხისა და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების მიუხედავად, თვითგამორკვევის, საკუთარი თავის შეყვარებისა და ტრანზიციის ემოციურად დამღლელ გზაზე შემართება არ დაკარგოს. ფილმის რეჟისორები თვითონ დოი-რომანტა დოჩიტანი და ანა გურდიში არიან, რომლებმაც მნახველების ყურადღება სექსუალობისა და გენდერული იდენტობის მიღების ინდივიდუალური გამოცდილების გააზრებისკენ მიმართეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თემის არაერთი წევრის ამბავთან იქნება თანაზიარი.

2021 წლის ფესტივალის სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დამუშავებული კიდევ ერთი ფილმის, Queerky Town-ის სამუშაო ვერსიის პრემიერაც წლევანდელ ფესტივალზე შედგა. რეჟისორი კრისტიან დოროფტეი კიშინიოვის მცხოვრებლების გამოკითხვის, იუმორის განვითარების გზის გააზრებისა და აბსურდული, სახუმარო ჩანართების საშუალებით ყოველდღიური ცხოვრების ხუმრობანარევ სარჩულს იკვლევს. დოროფტეი ცდილობს, იუმორი ჰეტერონორმატიული აღქმის მიღმა დაინახოს და მკითხველი ქვიარ ქალაქის ქუჩებში ამოგზაუროს.

2022 წლის ფესტივალის სამუშაო შეხვედრების გამარჯვებული სტელა როქსანას, დამწყები ტრანსგენდერი რეჟისორის იდეა გახდა, რომელმაც საკუთარი იდენტობის მიღების, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და ტრანზიციის თანმდევი გამოწვევების მოყოლა განიზრახა. როქსანას მიერ შექმნილი სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ფესტივალზე შედგება.

ქვიარ ხელოვნების წარდგენა

ქვიარ ხმების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადგილობრივი ლგბტქი სცენის განვითარების ხელშეწყობაა, ამიტომ ღონისძიების ორგანიზატორები ყოველი ფესტივალის განმავლობაში გეგმავენ სხვადასხვა კულტურულ და სასწავლო აქტივობას, რომელიც თემის წევრების დაინტერესებას შეუწყობს ხელს. ასეთი იყო, მაგალითად, ვოგის გაკვეთილები, რომელიც 2021 წლის ფესტივალზე ჩატარდა.

მაქსიმის თქმით, უნდათ, რომ „ადგილობრივებში დაინტერესების მარცვალი გააღვივონ”, რათა ფესტივალის დასრულების შემდეგ ადამიანებს სურვილი და მონდომება გაუჩნდეთ, რომ ქვიარ ხელოვნებაში უკეთ გაერკვნენ და თვითონაც იქცნენ პერფორმერებად.

2022 წლის ქვიარ ხმების ფარგლებში სამი სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა — დრეგ შოუ, ბალრუმი და პერფრომატიული პოეზიის საღამო.

მოლდოვას ადგილობრივი დრეგ სცენა განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ ერთეულ დრეგ არტისტს თუ ნახავთ. ამიტომ, დრეგ შემსრულებლები საბერძნეთიდან ჩამოიყვანეს. მათ ფესტივალის სტუმრებს შოუ წარუდგინეს, დრეგ ხელოვნებას აზიარეს, საკუთარი დრეგ სახლები გააცნეს და ამ გზით ადგილობრივებს დრეგ სცენის მუშაობის სპეციფიკა წარუდგინეს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ბალრუმი იყო, რომლის ჟიურის წევრები და წამყვანი ასევე არ იყვნენ ადგილობრივები. სამი სხვადასხვა ქვიარ სახლის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ბალრუმის ისტორია და სპეციფიკა გააცნეს. ბალრუმებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა კატეგორიებში ადგილობრივებმა მიიღეს მონაწილეობა.

ყველაზე დიდი სიახლე, რომელიც ფესტივალის განმავლობაში ვნახეთ, ბერლინური ქვიარ სახელოვნებო ჯგუფების, “Queerdos” პერფორმანსი იყო — ერთგვარი მცდელობა, ეკვლიათ, რა ადგილი აქვს ქვიარ სხეულსა და იდენტობას საჯარო სივრცეში, როგორია ჩაგვრის ისტორია და როგორია ბრძოლა ხილვადობისთვის რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩაგვრის პირობებში.

ბერლინიდან ჩამოსულმა შემსრულებლებმა პერფორმანსისას აითვისეს კიშინიოვის ქუჩები, კაფეები, სასწავლო სივრცეები და პოეტური მანიფესტები გააჟღერეს. პერფორმერებთან ერთად მოვიარეთ ქუჩები, სხვადასხვა ლოკაციაზე მათ სათქმელს მოვუსმინეთ, ჩვენც ვიქეცით პერფორმანსის ნაწილად და ბოლოს აუდიო-ვიზუალური პერფორმანსის გზით მიმღებლობისა და, ზოგ შემთხვევაში, უხილავი ჩაგვრების შესახებ მოყოლილი ამბების შემსწრე გავხდით.

როგორია ქვიარ ხმების მომავალი

ქვიარ კინოფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფილმების ჩვენებაც იყო. ფესტივალის პროგრამა სამხრეთ ამერიკულ, აზიურ თუ ევროპულ ფილმებს აერთიანებდა, რომლების შესახებ  ქვიარის ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ. გარდა ამისა, ყველა საფესტივალო დღე ითვალისწინებდა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ფესტივალის ამ ნაწილზე ცალკე სტატიაში შეძლებთ წაკითხვას.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მაქსიმმაც აღნიშნა, მოლდოვამ ლგბტქი უფლებების გაუმჯობესების გზაზე გარკვეული პროგრესის გზა უკვე გაიარა, ჯერ კიდევ პრობლემაა „საზოგადოების მხრიდან მიმღებლობის თვალსაზრისით. დაბალია ხელოვნებაში ქვიარ რეპრეზენტაცია. ჩვენ, ფაქტობრივად, არ ვარსებობთ ზოგადი სოციუმისთვის და აგრესიული თავდასხმების სიმცირის მიუხედავად, ოჯახების, სასწავლო სივრცეების, გარემოს იმგვარად ადაპტაცია, რომ ქვიარ ადამიანები გარიყულად არ გრძნობდნენ თავს, ჯერ კიდევ პრობლემაა“. ამიტომ, ფესტივალი ახლა არანაკლებ საჭიროა, თუ უფრო მეტადაც არა.

„ჩვენ ძლიერი თემი ვართ და არ ვგულისხმობ მხოლოდ ლგბტქი თემს. გვინდა, უფრო მეტი ადამიანი გავაერთიანოთ. დიდი იმედი გვაქვს, თუნდაც ეს სივრცე, სადაც ახლა შევიკრიბეთ, ასე ვთქვათ, მეინსტრიმული თავშეყრის ადგილი გახდება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის დიალოგს შევუწყობთ ხელს, შევქმნით მოცემულობას, რომელშიც ყველა ადამიანი მიღებულად იგრძნობს თავს. ამასთან, გვინდა, მოლდოვური ქვიარ კულტურა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც გავრცელდეს“, — აღნიშნავს მაქსიმი ფესტივალის შორსმიმავალ მიზნებთან დაკავშირებით.

მაქსიმმა ისიც გამიზიარა, რომ ისურვებდა რეგიონის, მოლდოვის მსგავსი გამოცდილების მქონე ქვეყნების პროცესში მეტად ჩართვას, საერთო გამოცდილებების გაზიარების გზით მხარდამჭერი სისტემის შექმნას და სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ქართული კულტურის უკეთ გაცნობას, რათა დავინახოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეგიონში გარემოს უკეთესობისკენ გარდაქმნა შევძლოთ.

ფესტივალის დასრულების შემდეგ კიშინიოვში კიდევ ერთი დღით დავრჩით, კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ იმ ქალაქის ქუჩები, რომელიც თითქოს დროში გაიყინა — ქალაქის ცენტრშიც კი შეხვდებით შენობების ნანგრევებს, რომელთა გვერდით შუშის ახალ, მახინჯ შენობებს თუ ევროპული ქვეყნებისთვის სახასიათო არქიტექტურის ძეგლებს ნახავთ. აქ სხვადასხვა დრო, განსხვავებული ისტორიისა და ღირებულების მქონე ძეგლები თანაარსებობენ, თუმცა ზედაპირზე ბოლომდე არ ჩანს ის, რაც უმთავრესია — საზოგადოება ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ვითარდება, მიმღებლობისკენ სვლა გრძელდება და ეს პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ თემის აქტიური წევრები, თითოეული ლგბტქი ადამიანი მთელი მონდომებით ცდილობს, მაქსიმალურად ჩართული, ქმედითი, საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის უკეთესობის მომტანი იყოს. იქნებ, ეს სულაც გარე დამკვირვებლის თვალით დანახული რეალობის ფრაგმენტებია, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ძალის დაკარგვა და დანებება ამ პროცესში ხელს თუ არ შეგვიშლის, ჩვენც შეგვიძლია პროგრესისკენ მყარად სვლა განვაგრძოთ.

ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აეკრძალათ

/

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აეკრძალათ. უმაღლეს განათლებაზე წვდომის შეზღუდვაზე ინფორმაციას ავღანეთის უმაღლესი განათლების მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

ბრძანების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა, იკრძალება უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ქალი სტუდენტების მიღება მომდევნო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

აკრძალვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რამდენიმე ქალმა საპროტესტო აქცია მოაწყო.

“დღეს ქაბულის ქუჩებში გამოვედით, რათა ხმა ავიმაღლოთ უნივერსიტეტებში ქალების სწავლის აკრძალვის წინააღმდეგ!” –  განაცხადა ავღანელ ქალთა სოლიდარობის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

მცირერიცხოვანი დემონსტრაცია თალიბანმა მალევე დაშალა.

ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლის განუსაზღვრელი დროით აკრძალვის ბრძანებას საერთაშორისო პროტესტიც მოჰყვა.

“თალიბანმა პირობა კვლავ დაარღვია. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ქალების უფლებები სისტემატურად ირღვევა. ეს მხოლოდ განათლებას არ ეხება. ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ ან იმუშაონ საჯარო ადგილებში. ქალები საჯარო დებატებშიც ვერ მონაწილეობენ”, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან
დუჟარიკმა.

ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, თალიბებმა ავღანელ ქალებს ბნელი მომავალი მიუსაჯეს.

“ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, როდესაც მისი მოსახლეობის ნახევარი დაკავებულია. განათლება არის საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლება და ის აუცილებელია ავღანეთის ეკონომიკური ზრდისთვის, მისი განვითარებისა და სტაბილურობისთვის”, – განაცხადა პრაისმა.

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასულ 2021 წელს ხელისუფლებაში თალიბანი დაბრუნდა, გოგოებს საშუალო სკოლებში სწავლაც აეკრძალათ. გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანაში ქალებისთვის ხელმისაწვდომ განათლების დონედ მხოლოდ დაწყებითი განათლება დარჩა. ავღანეთის განათლების სამინისტრომ პირობა დადო, რომ საშუალო სკოლები გოგოებისთვის “ისლამური კანონისა და ავღანური კულტურის” შესაბამისი გეგმის შემუშავების შემდეგ გაიხსნებოდა, თუმცა გეგმის შემუშავებასა და საშუალო სკოლების გახსნას გოგოები დღემდე ელოდებიან.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, ქვეყანაში თებერვლიდან ზოგიერთი უნივერსიტეტი გაიხსნა, თუმცა ქალი სტუდენტებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვებს შორისაა შესასწავლი საგნების ქალებისთვის წინასწარ განსაზღვრა და დაშვება, რადგან მათ საგნების სრულ ჩამონათვალზე, კაცებისგან განსხვავებით, წვდომა არ აქვთ. ასევე, გენდერული ნიშნით დაიყო როგორც აუდიტორიაში სტუდენტების განთავსება, ასევე, უნივერსიტეტების შესასვლელები.

გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, გასულ ნოემბრის თვეში ქალებს გართობის ადგილებში, პარკებში, სპორტულ დარბაზებსა და და საზოგადოებრივ აბანოებში სიარულიც აეკრძალათ. აკრძალვა უკავშირდება თალიბანის წევრებისა და ავღანელი სასულიერო პირებისთვის მიუღებელი ქცევას. მათი იდეოლოგიის თანახმად, ქალებისთვის მსგავს ადგილებში ყოფნა დაუშვებელია.

პოლიტიკური იდეოლოგიების ზოგადი მიმოხილვა

/

პოლიტიკურ იდეოლოგიებზე საუბრისას, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია განვმარტოთ პოლიტიკა და იდეოლოგია, როგორც ცალკეული ტერმინები.

იდეოლოგია იდეებისა და აზროვნებათა მიმართულებების სხვადასხვაგვარობის ერთგვარი სისტემაა, რომელიც  პოლიტიკური ქმედებების საყრდენია. ის მიზნად ისახავს არსებული ძალაუფლების შენარჩუნებას, სახეცვლილებას ან დამხობას.

სახელმწიფოებრივ ჭრილში, პოლიტიკა იმ იდეოლოგიების ნაერთია, რომლებიც მოიაზრებს როგორც სახელმწიფოს შიდა პროცესების მართვას ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, ასევე, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობასაც. უფრო მასშტაბური გაგებისას, პოლიტიკა შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც ნებისმიერი სოციალური წარმონაქმნის არსებობისთვის საჭირო ინსტრუმენტი, ვინაიდან ის აყალიბებს აღნიშნული ჯგუფების ფუნქციონირებისთვის საჭირო წესებს და უზრუნველყოფს მათ აღსრულებას.

პოლიტიკურ აქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობს და ჩართულია ამ პროცესების მართვაში. ტრადიციულად, საერთო იდეოლოგიის მქონე ადამიანები ქმნიან პოლიტიკურ პარტიებს  და საერთო ხედვის საფუძველზე, ცდილობენ თავიანთი დღის წესრიგი პრიორიტეტული გახადონ ქვეყნის მართვისას.

პოლიტიკურ იდეოლოგიებზე საუბრისას მართებულია, გავმიჯნოთ ერთმანეთთან დაპირისპირებული და ერთმანეთისაგან განსხვავებული იდეოლოგიები. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი მსგავსი დაყოფა დიდწილად პირობითია და ნებისმიერი პარტიისა თუ ინდივიდის მსოფლმხედველობრივი მიკუთვნებულობა ინდივიდუალურ დონეზე განისაზღვრება.

ისტორიულად, პოლიტიკურ იდეოლოგიებს ორ ძირითად — მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობად ყოფენ. პოლიტიკური იდეოლოგიების კატეგორიზაცია გავრცელებული მეთოდია მემარცხენე და მემარჯვენე ფრთის გასამიჯნად და მოქალაქეების პოლიტიკური მიკუთვნებულობის საილუსტრაციოდ.


პოლიტიკური დაყოფის  წრფივი სპექტრის მიხედვით, უნდა განვასხვაოთ პოლიტიკური მრწამსის ორი პოლარული მიმართულება — უკიდურესად მემარცხენე და უკიდურეს მემარჯვენე. ვინაიდან მემარცხენეობა და მემარჯვენეობაც სპექტრია, მათ შორის ზღვარი გადის ე.წ. ცენტრისტებზე, რომლებიც შედარებით ნეიტრალურები არიან.
იდეოლოგიათა ევოლუციის შედეგად, ხშირად ვაწყდებით ორი ან მეტი იდეოლოგიის ერთმანეთთან თანაკვეთას, კონკრეტულ სოციალურ საკითხზე მათი მიდგომის კომბინირებას და ა.შ. ასეთ შემთხვევებში საქმე სწორედ ცენტრისტულ მიმდინარეობასთან გვაქვს. ცენტრისტების იდეები ნაკლებად რადიკალურია და ისინი სპექტრის შუა ნაწილშია განლაგებული.

საფრანგეთი, 1789 წელი, გენერალური შტატების სხდომა

ტერმინები მემარცხენე და მემარჯვენე 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის სახელს უკავშირდება. გენერალური შტატების კრებაზე გადაწყდა, რომ სხვადასხვა სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს, სტატუსის მიხედვით, ადგილები სტრატეგიულად უნდა დაეკავებინათ. არისტოკრატები, თავად-აზნაურობა და სასულიერო პირები, რომლებიც მონარქიული მმართველობას უჭერდნენ მხარს, მეფის მარჯვნივ განთავსდნენ, ხოლო მისგან მარცხნივ — შედარებით უფრო რადიკალური იდეების მქონე მესამე წოდების წევრები: ბურჟუაზია და რიგითი მოქალაქეები, რომელთა იდეები რესპუბლიკის შექმნასა და სეკულარიზმის გაძლიერებისაკენ იყო მიმართული.

ტერმინების თანამედროვე გაგება, გარკვეულწილად, ჩამოშორდა მის პირვანდელ მნიშვნელობას და სახე იცვალა, თუმცა, თავდაპირველ გაგებას ფუნდამენტურ დონეზე კვლავ ინარჩუნებს.

მემარცხენე იდეოლოგიის წარმომადგენლები იბრძვიან სოციალური თანასწორობის მისაღწევად. უთანასწორობის აღმოფხვრის, ეგალიტარიზმისა და პროგრესულობისკენ სწრაფვა, იერარქიების მიმართ დაუმორჩილებლობა და სხვა — ეს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელია, რომელსაც მემარცხენეების სახელდებისთვის ვიყენებთ, ეპოქისა და ლოკაციის სხვადასხვაობის მიხედვით.

მემარჯვენეები ნაციონალისტური და ტრადიციული ფასეულობის გარშემო ერთიანდებიან. ისინი ბევრად კონსერვატიულები არიან, ვიდრე მემარცხენეები. მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები ძლიერი სახელმწიფოს იდეას უჭერენ მხარს, რომლის ქვაკუთხედსაც მორალური ღირებულებები, მართლწესრიგის დაცვა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს.

მემარჯვენეები ემიჯნებიან სახელმწიფოს ჩარევის იდეას კერძო საკუთრებაში და მხარს სახალხო კაპიტალის პრივატიზაციას უჭერენ. პოლიტიკური სპექტრის უკიდურეს ბოლოში განთავსებული მემარჯვენეები აცხადებენ, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და ემხრობიან კაპიტალისტურ იდეებს, რომელთა  მიხედვითაც საზოგადოებაში თავისუფალი ბაზარი უნდა არსებობდეს. მეორე მხრივ, კომუნისტებისთვის, როგორც ულტრამემარცხენეებისთვის, საზოგადო კაპიტალში სახელმწიფოს ჩარევა და რეგულაციების დაწესება იდეოლოგიურ ჭრილში ერთ-ერთი გადამწყვეტი პრინციპია.

წრფივი სპექტრი

პოლიტიკურ მიკუთვნებულობის იდენტიფიცირებისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ სპექტრს განარჩევენ. წრფივი სპექტრი სივრცეში მარცხნიდან მარჯვნივ შემდეგნაირად განლაგდება: კომუნიზმი > სოციალიზმი > ლიბერალიზმი > კონსერვატიზმი > ფაშიზმი.

განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი  იდეოლოგია, რომელთაგანაც ზოგიერთი მემარცხენე ფრთისკენ იხრება, ზოგი — მემარჯვენე, ხოლო ზოგიც ცენტრისტული.

სოციალიზმი

სოციალიზმი, რომელიც ცალსახად მემარცხენე ფრთისკენ გადახრილი პოლიტიკური იდეოლოგიაა, სოციალურ თანასწორობის მიღწევას ემსახურება. სოციალისტურ საზოგადოებრივ სისტემაში წარმოების მექანიზმები სახალხო საკუთრებაშია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტები არ კრძალავენ კერძო საკუთრების ფლობის უფლებას, ისინი ცდილობენ მინიმუმამდე შეამცირონ მოქალაქეებს შორის ეკონომიკური დიფერენციაცია. ეკონომიკური სხვადასხვაობისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად, სოციალისტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებას უჭერენ მხარს. გარდა ამისა, სოციალისტები ებრძვიან ადამიანების ნებისმიერი ფორმით ექსპლუატაციას, ვინაიდან ამ იდეოლოგიის ადამიანები ერთიანდებიან იმ იდეის გარშემო, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ხელშეუხებელი უნდა იყოს.

სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია

სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია სპექტრის მემარცხენე, თუმცა შედარებით ცენტრისტულ პოზიციას იკავებს. სოციალ-დემოკრატია სოციალიზმის ახალ, სახელცვლილ ფორმაციას წარმოადგენს. სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის წარმომადგენლები მიისწრაფვიან არსებული კაპიტალისტური რეჟიმის სოციალისტურ იდეებთან თანხმობაში მოყვანისკენ, რის შედეგადაც, მათი აზრით, იდეალურ სოციალ-დემოკრატიულ სამყაროში, წარმოების მეთოდიკის შენარჩუნებით, საზოგადოებაში მიიღწევა საყოველთაო კეთილდღეობა და ეკონომიკური დემოკრატია თითოეული მოქალაქისათვის.

ლიბერალიზმი

ლიბერალიზმი თავისუფლებისა და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეოლოგიაა. ამ იდეოლოგიის დომინირების პირობებში, სახელმწიფოს მთავარ მამოძრავებელ ძალად ინდივიდის აზროვნების თავისუფლება და საზოგადოების თითოეული წევრის პიროვნული პასუხისმგებლობა მიიჩნევა. ლიბერალური იდეოლოგიისათვის ადამიანის უფლებების დაცვა უზენაესია. ლიბერალიზმისთვის პროგრესი და რეფორმები მისაღებია, ხოლო კონსერვატიული მოსაზრებები — არა. კლასიკური ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით, სახელმწიფო მხოლოდ იმ სფეროებს განაგებს, რომელთა ფუნქციონირება და მართვა ინდივიდების დონეზე შეუძლებელია. კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევრები კერძო მეწარმეობასა და ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებს ანიჭებენ უპირატესობას, როცა მემარცხენე ლიბერალებისთვის სახელმწიფოს მიერ თავისუფალი ბაზარზე კონტროლის დაწესება და მეტი ჩართულობა უფრო მისაღებია. მემარცხენე ლიბერალების აზრით, საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნა მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა, რაც სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნვასაც ითვალისწინებს.

თუ ლიბერალიზმს პოლიტიკურ იდეოლოგიად მიიჩნევენ, ნეოლიბერალიზმი ეკონომიკურ იდეათა ერთობლიობა უფროა, ვიდრე პოლიტიკური. აღნიშნული იდეოლოგია ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეებზე დაყრდნობით დაფუძნდა. ნეოლიბერალური იდეების მიხედვით, მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზრის არსებობა, რომელზეც სახელმწიფო რეგულაციებს წვდომა სრულად ექნება შეზღუდული. ნეოლიბერალიზმის ფუნდამენტურ ასპექტად ქონების პრივატიზაცია მიიჩნევა. მსგავსი იდეოლოგიის დომინირების პირობებში, ინდივიდებზე შეზღუდვები მაქსიმალურად შემცირებულია. ნეოლიბერალიზმი არსით სოციალიზმს ეწინააღმდეგება — თუ სოციალისტები ფიქრობენ, რომ მუშახელის უფლებების დაცვა და სოციალურ უთანასწორობის აღმოფხვრა პრიორიტეტი უნდა იყოს, ნეოლიბერალების აზრით, პროფკავშირთა პოლიტიკის გატარება მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული. 

კონსერვატიზმი

კონსერვატიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, მემარჯვენეობასთან ასოცირდება. კონსერვატიზმის წარმომადგენლებისთვის ტრადიციული ფასეულობები ხელშეუხებელია. შესაბამისად, ისინი უარს აცხადებენ რეფორმების გატარებაზე და ცდილობენ ისეთი ინსტიტუტების შენარჩუნებასა და აღზევებას, როგორებიცაა ოჯახი და ეკლესია. კონსერვატიული მმართველობისას სახელმწიფოსთვის კონსტიტუციონალიზმი პრიორიტეტულია. აბსოლუტურად მიუღებელია მთავრობის ჩარევა ინდივიდების ყოფაში, ვინაიდან კერძო საკუთრება უმნიშვნელოვანესია. კონსერვატორების აზრით, სოციალური უთანასწორობა ბუნებრივი მოვლენაა და შესაბამისად, არ ცდილობენ მის აღმოფხვრა რაიმე სახით.

ფაშიზმი

ფაშიზმი პოლიტიკური სპექტრის უკიდურეს მარჯვენა მხარეს იკავებს და რადიკალური იდეებს აერთიანებს. ისტორიულად ფაშიზმი მარქსისტული სოციალიზმის და ლიბერალ-დემოკრატიული კაპიტალიზმის ალტერნატივას უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ულტრამემარჯვენე იდეოლოგისთვის დამახასიათებელია იერარქიული და მილიტარისტული წყობებისადმი პატივისცემა. ფაშიზმი “ნაციონალისტურ უპირატესობას” ემყარება და ერს მოუწოდებს ტრადიციების დასაცავად გაერთიანებისაკენ. ამ აქტით, ფაშისტების აზრით, ერი წინ აღუდგება გარეშე მტერს, რომელიც მათი თვითმყოფადობის განადგურებას ცდილობს. ამ მიზეზით იდევნება და იზღუდება ნებისმიერი ინდივიდუალური შეხედულების ქონა საზოგადოებაში, რის შედეგადაც, ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

კომუნიზმი

კომუნიზმი ფაშიზმისგან პოლარულად დაპირისპირებულ, უკიდურეს მარცხენა მხარეს იკავებს და ამით ულტრამემარცხენე პოლიტიკურ იდეოლოგიად მოინიშნავს თავს. კომუნიზმი დაფუძნებულია წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში გადასვლაზე, ხოლო გაუქმებულია როგორც სახელმწიფო, ასევე, საზოგადოების კლასობრივი დანაწევრება. თუ სოციალიზმი არ ეწინააღმდეგება კერძო საკუთრების იდეას, კომუნიზმი კრძალავს ნებისმიერ კერძო საკუთრებას. კომუნისტური რადიკალური იდეების გატარების შედეგად, კომუნისტების აზრით, სამყაროში სრულად აღმოიფხვრება სოციალური უთანასწორობა. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული რადიკალური მიდგომები, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა აღსრულების ტოტალიტარულ რეჟიმის ბუნებაში გადაიზარდოს, რაც, თავის მხრივ, ებრძვის კომუნიზმის თავდაპირველ მიზანს და ადამიანების უფლებებს ხელყოფს.

ანარქიზმი

ანარქიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო ხელისუფლებას ნებისმიერი ფორმით. ანარქიზმი პიროვნების აბსოლუტურ თავისუფლებას ქადაგებს. ამას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლება და ხელისუფლების მნიშვნელობის არსი დასაწყისიდანვე ინდივიდზე ძალადობას მოიაზრებს ბუნებით. ამის აღსაკვეთად სწორ გზად ანარქისტები ხელისუფლების გაუქმებას მიიჩნევენ. ანარქისტების აზრით, ხალხი თავად უნდა ქმნიდეს თვითორგანიზებულ ჯგუფებს, ხოლო მის ჯანსაღ ფუნქციონირებას ინდივიდის არჩევანზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უზრუნველყოფდეს.

წყაროები:
სამოქალაქო განათლება ყველასთვის, “პოლიტიკური იდეოლოგიები და რეჟიმები”, 2017;
ქართული ფაბიანური საზოგადოება,  „ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია“, 2015;
Claes, G., “Encyclopedia of Modern Political Thought”, 2013;
Freire, A., “Bringing Social Identities Back In: The Social Anchors of Left-Right Orientation in Western Europe”, 2006.

დაბრუნება საკუთარ სხეულთან — ლინდას ისტორია

არ მახსოვს, როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი, დიდი გარდატეხა არასდროს ყოფილა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და რაღაც უნდა შემეცვალა იმისთვის, რომ საკუთარი სხეული, საკუთარი ხმა მეპოვა და დამეწერა საკუთარი ისტორია. სწორედ ამიტომ, 15 წლის ასაკში, ისე, რომ არც არაფერი ამიხსნია მშობლებისთვის, გავწყვიტე ოჯახთან კომუნიკაცია, წამოვედი სახლიდან და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე.

დამოუკიდებელი ცხოვრება და ტრანზიციის პროცესის დასაწყისი

თავიდან ყველაფერი ძალიან რთულად მიდიოდა, ბევრი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა დამჭირდა — სად აღარ ვიცხოვრე, თბილისის თითქმის ყველა უბანში. მაშინვე მომიწია სექს სამუშაოში ჩაბმა. ყველაფერი უცხო იყო, პატარაც ვიყავი, ერთდროულად ბევრ რამეს განვიცდიდი — ახალი გარემო, ტრანზიციის პროცესი, ოჯახთან დაშორება, მაგრამ დღეს მაინც ამაყი ვარ, რომ ეს გზა ავირჩიე — რთული, მაგრამ ღირსეული.

ძალიან მეცინება, როცა ტრანზიციის პირველ ეტაპებს ვიხსენებ. საშინლად გამოვიყურებოდი, მაკიაჟის კეთება საერთოდ არ ვიცოდი, ალბათ ძალიან სასაცილო სანახავი ვიყავი, მაგრამ ძალიან მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს მე ვიყავი. ნელ-ნელა ყველაფერი გამიმარტივდა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ჰორმონების თერაპია. ტრანსგენდერი ადამიანისთვის თავის მოვლა განსაკუთრებით რთულია, მით უმეტესს, როცა სექს სამუშაოში ხარ ჩართული.

შუშანიკ წამებულის ისტორია

სახელი ძალიან სპონტანურად შევარჩიე — ლინდა დავირქვი. მეგობრები კი შუშანიკს მეძახიან. ყოველთვის მიყვარდა ჰაგიოგრაფია და შუშანიკ წამებული, ჩემთვის მისი ისტორია ძალიან ახლობელი იყო. მასაც ჩვენსავით, ტრანსგენდერი ადამიანებივით რთული და წინააღმდეგობრივი გზა ჰქონდა, ბევრი რამის გამოვლა მოუწია, ბევრი დამცირების, შეურაცხყოფის, თუმცა მაინც მტკიცე იყო და არ გადაუხვევია თავისი გზიდან. ტრანსგენდერი ქალების ცხოვრებაც ასეთია — ჩვენთანაც ბევრია დამცირება, სისხლი, ღალატი, თუმცა ჩვენ მაინც არ ვნებდებით და ვცდილობთ გადარჩენასა და განვითარებას.

ყველაზე რთული ტრანზიციის პროცესში ალბათ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებაა. ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა მენტალურად და ფიზიკურად ისედაც ძალიან რთულია, დიდ ნებისყოფას და ძალისხმევას მოითხოვს და კიდევ უფრო რთულდება საქმე, როცა საზოგადოების დამოკიდებულება ემატება. ვეღარ ხვდები, რომელ ერთზე ინერვიულო — იმ პროცესებზე, რისი გავლაც გიწევს თუ ხალხის რეაქციებზე.

ტრანსგენდერი ადამიანების გარშემო არსებული სტიგმები

ტრანსგენდერი ადამიანების გარშემო უამრავი სტიგმა არსებობს, საზოგადოების უმრავლესობას არ უნდა აღიაროს, რომ ჩვენც გაგვაჩნია უფლებები და ჩვენთვისაც არის ყველა ის სიკეთე, რითაც სარგებლობს დანარჩენი საზოგადოება. მათთვის გაურკვეველი არსებები ვართ, რომლებსაც ვერავინ, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ უპოვა ადგილი. თითქოს ჩვენი ფუნქცია მხოლოდ სექსუალური მომსახურების გაწევაა. ეგზოტიკური არსებებად აღგვიქვამენ, მუდმივად ხდება მედიით თუ სხვა საშუალებებით ჩვენი დემონიზება. თემის წევრებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ასე თუ ისე მგრძნობელობა აქვთ ლგბტქ+ საკითხებზე, უჭირთ აღიარონ, რომ ჩვენც ქალები ვართ.

ძალიან მიჭირს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის რამე რჩევის მიცემა. შემიძლია ვუთხრა, რომ მოლოდინი არ ჰქონდეთ, რომ მარტივი გზა იქნება — აუცილებლად მოგიწევთ უამრავი დაბრკოლების გადალახვა და ამისთვის მზად უნდა იყოთ, ძალიან მტკიცე უნდა იყოთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის. მიუხედავად ბევრი დამცირებისა, არ ვნანობ ამ ნაბიჯს. კაცად დარჩენა უფრო რთული იქნებოდა ჩემთვის, ტყუილში ცხოვრებას მწარე სიმართლეში ცხოვრება მირჩევნია.

სამომავლო გეგმები

სანამ ოჯახიდან წამოვიდოდი, მებაღეობა მიტაცებდა, მომწონდა მცენარეებზე ზრუნვა და მოვლა. ამ ეტაპზე სამომავლო გეგმები არ მაქვს, სექს სამუშაომ მთელი ჩემი ცხოვრება თითქოს ჩაყლაპა, დრო აღარ მრჩება იმისთვის, რომ მომავალზე ვიფიქრო, გეგმები დავსახო და თუნდაც მინიმალური გავაკეთო ამ გეგმების შესრულებისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეთი ცხოვრება არ მინდა. უფრო მშვიდ და წყნარ ცხოვრებას ვისურვებდი, ნაკლები რისკებით და სირთულეებით. 18 წლის ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი წინ არის, ბევრი რამ მელოდება.

მორიგი დრეგ მეჯლისი “All Stars” 30 დეკემბერს გაიმართება

/

თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის პროექტის The Drag Ball ფარგლებში, 30 დეკემბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება, რომელზეც განსაკუთრებულ სტუმრად ქართული ჯაზის ლეგენდა, გიული ჩოხელი სახელდება. გარდა ამისა, დამსწრეებს სპეციალურ პერფორმანსს შესთავაზებს მაქსიმე მაჩაიძე (Luna997).

დრეგ მეჯლისში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქვიარ თემისა და მხარდამჭერი ადამიანებისათვის ცნობილი ქვინები, ასევე, სხვადასხვა განსაკუთრებული სტუმარი. ქვინებს შორის იქნებიან: Sofio McQueen, Lucrezia, Gerilyn Stone, LiLe LARA, Rafaela Toxikana, Queen Vanilla Ice, Evil Queen.

“დაივიწყეთ ყველაფერი, რაც აქამდე წვეულებების შესახებ იცოდით, რადგან 30 დეკემბერს წლის ყველაზე დაუჯერებელი, დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი გამოცდილება გელოდებათ!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

პროექტი The Drag Ball დაფუძნებულია თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ. პროექტი უნიკალური ღამეების სერიაა, რომელიც დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერიების მეშვეობით, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას, ბოლის კულტურის განვითარებასა და უსაფრთხო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად.

დრეგ ბოლი კლუბ ხიდის სივრცეში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ბმულზე