დეკემბერი 2022 - Page 2

ვისკის რეკლამა, რომელიც ტრანსგენდერი ქალის შესახებ გვიყვება

ახალი არაა, რომ ქვიარ თემით, თემის სიმბოლიკითა და რიგ შემთხვევაში, უკვე არსებულ პროდუქტზე უბრალოდ ცისარტყელის ფერებიანი სტიკერის მიტყეპებით, არაერთი კომპანია ახდენს კომერციალიზაციას. ქვიარ თემით კაპიტალიზაცია განსაკუთრებით პრაიდის თვესა და საყოველთაო დღესასწაულებზე იმატებს. სწორედ მსგავსი შემთხვევებია ტერმინის “ცისარტყელა კაპიტალიზმი” (იგივე ვარდისფერი კაპიტალიზმის ან გეი/ჰომო კაპიტალიზმი) დეფინიცია — კაპიტალიზმისა და კონსუმერიზმის ჩართულობა ლგბტქი+ მოძრაობებში, როცა კორპორაციები და კომპანიები, პროგრესულობის სახელით, მოგებას მოწყვლადი ჯგუფების, ამ შემთხვევაში კი ლგბტქი+ ადამიანების, გამოყენების ხარჯზე ზრდიან.

ცხადია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება დამაზიანებელი და დამღლელია ქვიარ თემისთვის, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, კომპანიები მხოლოდ მოგებაზე არ ორიენტირდებიან და არც მათ მიერ დაკვეთილი რეკლამის ან/და კამპანიის უკან იმალება ასეთი ზრახვები. მსგავს რეკლამათა შორის არაერთს ჰქონია საზოგადოების ცნობიერებასა და მიმღებლობის ზრდაზე დადებითი გავლენა. წელს ქვიარ ინკლუზიურ კამპანიებს შორის ესპანური კომპანიის, J&B Whiskey-ის რეკლამა აღმოჩნდა, რომელიც ზეიმობს და მხარს უჭერს ტრანს თემის წევრებს.

გარდა სწორი მესიჯისა, რომელსაც რეკლამა სადღესასწაულოდ უზიარებს ადამიანებს, ის პოლიტიკურად აქტუალურია და სწორ დროსაა შექმნილი. რეკლამაზე მუშაობის პერიოდიდან დღემდე, ქვეყანაში კენჭი ეყრება კანონპროექტს, რომელიც ესპანელი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის აღიარების პროცესებს ამარტივებს. აღსანიშნავია, რომ გენდერის ლეგალური ცვლილების თაობაზე კანონი უკვე მიიღეს შოტლანდიაში.

J&B-ის ოფიციალურ საიტზე კამპანიასთან დაკავშირებულ ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული კამპანია ერთჯერადი არაა და მოგების ზრდას არ ემსახურება. რეკლამა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სამუშაოსი, რომელსაც კომპანიაში ყოველწლიურად ეწევიან ქვიარ თემის მიმღებლობის გასაზრდელად.

რეკლამა სახელწოდებით She, რაც ინგლისურ ენაში მდედრობით ნაცვალსახელს აღნიშნავს, ვირუსული თავისი გულისამაჩუყებელი თხრობის ხაზით გახდა. რეკლამის სლოგანია “ჯადოსნობა მხოლოდ შობისას არ არის. ის ჩვენშიცაა”.

მოქმედება ესპანური სოფლის სივრცეში იხსნება, რომელშიც ბაბუა ცოლის მაკიაჟის ჩანთიდან ჩუმად იპარავს პომადას, ხოლო თვალის ჩრდილების პალიტრას ადგილობრივ მაღაზიაში მალვით ყიდულობს. მაკიაჟის კეთების შესწავლის მცდელობების შედეგად, ვხედავთ, რომ ბაბუა ნელ-ნელა მიზანს აღწევს და დაოსტატდება. სადღესასწაულოდ, ბებიასა და ბაბუასთან ოჯახის სხვა წევრები ჩამოდიან. მათ შორისაა 26 წლის ალვარო. მოგვიანებით, ბაბუა და ალვარო აბაზანაში შედიან, სადაც ბაბუა თავის ახალშესწავლილ მაკიაჟის უნარებს შვილიშვილზე გადაიტანს, მას წითელ პომადასა და ფრთიან ლაინერს წაუსვამს. ამის შემდეგ, ისინი საშობაო სადილს უერთდებიან და ალვარო უკვე ანად გვეცნობა  ტრანსგენდერი ქალად, რომელსაც ოჯახთან ქამინგაუთი აქვს. თვალცრემლიანი ოჯახის წევრები ანას იღებენ და გულში იკრავენ, ბოლოს კი J&B-ის ვისკით სადღეგრძელოს სვამენ.

ვერ ვიტყვით, რომ რეკლამა სტერეოტიპებისგან დაცლილია. მაგალითად, სცენები, რომლებშიც ტრანსგენდერ ქალს, ანას მაკიაჟს ბაბუა უკეთებს. ცხადია, სტერეოტიპული და დრომოჭმულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერ ქალებს მაკიაჟის წასმა და ტრადიციული გენდერული ექსპრესია სჭირდებათ იმისთვის, რომ თავი ქალებად იგრძნონ. მიუხედავად ამისა, მომღერლის, Elvis Costello სიმღერის, She მუსიკის ფონზე ნაჩვენები კადრები ბევრისთვის აღმოჩნდა გულისამაჩუყებელი და საყვარელი: მიმდინარე მონაცემებით, ვიდეოს YouTube-ზე 2.6 მილიონი ნახვა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ტრანს მსახიობმა, Ella Di Amore, რომელიც რეკლამაში ანას როლს ასრულებს, განაცხადა, რომ იმედოვნებს, საკუთარი ტრანზიციის პერიოდში, აღნიშნული რეკლამის მეშვეობით, ლგბტქი+ ადამიანთა უფლებებსა და ხილვადობას დაეხმარება. მისი თქმით, ყოველდღიურობაში ყველაფერს აკეთებს, რომ ქვიარ თემის უფლებები დაიცვას და იცის, რომ ანას პერსონაჟის მეშვეობით, ბევრ ადამიანს დაეხმარება, რადგან რეკლამაში მოყოლილი რეალობა საკმაოდ გავრცელებულია.

მსახიობი და პოლიტიკოსი, Carla Antonelli, რომელიც ესპანეთის კონგრესის პირველი ტრანს წევრი გახდა, რეკლამის შესახებ აცხადებს, რომ საუკეთესო კამპანიაა სიყვარულით, ემპათიითა და პატივისცემით ტრანს თემის მიმართ, ხოლო J&B-ის მშობელი კომპანიის, Diageo მარკეტინგის დირექტორმა, Ursula Meija-Melgar-მა რეკლამას მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პროექტი უწოდა. მისი თქმით, გლობალურმა სარეკლამო ბაზარმა 593 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ სარეკლამო ბაზრის ძალა სოციალურ ნარატივს ცვლის, აძლევს ხმასა და ხილვადობას სხვადასხვა საკითხს, შესაბამისად, მათ, მარკეტერებს, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

ახალი წელი — მისი აღნიშვნის მნიშვნელობა და ფსიქოლოგიური ფაქტორები

საახალწლოდ სასიამოვნოდ ღელავ და ელოდები აღნიშვნას თუ თავს გრინჩად გრძნობ? 31 დეკემბერს, 00:00 საათზე, შაბათ დღეს შეცვლის კვირა დღე და წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული აუცილებლად შევა ძალაში პიროტექნიკისა და წვეულებების თანხლებით. ეს გვამცნობს, რომ რაღაც გამოცდილება დასრულდა, იწყება ახალი და იმედი გვაქვს, მისგან განსხვავებულიც. წელიწადის ამ დროს ვიყურებით უკან, ვაკეთებთ რეფლექსიას, ვაჯამებთ გასულ წელს და ვგეგმავთ მომავალს.

ახალი წლის აღნიშვნის სადღესასწაულო ნაწილი ალბათ ცხადი და გასაგებია, ისევე, როგორც დაბადების დღის აღნიშვნისას — ვაცნობიერებთ, რომ მორიგი 365 დღე გავიდა და ისევ აქ ვართ, ცოცხლები ვართ (რა შვების მომტანია, ჰუჰ!). თუმცა, ცოცხლად გადარჩენის გარდა, არის გარკვეული ფაქტორები, რაც საფუძვლად უდევს დღესასწაულების, კონკრეტულად კი, ახალი წლის აღნიშვნას.

რატომ აღვნიშნავთ დღესასწაულებს, მათ შორის, ახალ წელს

ახალი წლის დღესასწაული აღინიშნება იმდენი ხანია, რაც არსებობს კალენდარი და სათავეს გაცილებით ადრეულ პერიოდში იღებს. განსხვავდება საახალწლო ტრადიციები და რიტუალები.

ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესასწაულების აღნიშვნა, მათ შორის, ახალი წლისაც, წარმოადგენს ადამიანის სურვილს, ჰქონდეს გარკვეული კონტროლი მოვლენებზე, რადგან არ იცის, რა მოხდება მომავალში. ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება მომდევნო წელს, განსაკუთრებით, პანდემიისა და ომის ფონზე, ამიტომ ვგეგმავთ და ვისახავთ მიზნად, რომ მომავალი წლიდან დავიცავთ ჯანსაღ კვებას, დავიწყებთ ვარჯიშს, შევწყვეტთ მოწევას, გავხდებით მეტად ჯანმრთელები, ბედნიერები და დავისახავთ სხვა მიზნებს, რადგან ეს ყველაფერი გვაძლევს კონტროლის განცდას გაურკვეველ და ბუნდოვან მომავალზე.

ყოველ წელს ახალი წლის აღნიშვნა და მისი განმეორებადობა ამცირებს შფოთვას არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ ბავშვებშიც. მოზარდები წლის ამ პერიოდში მეტად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და იზრდება მიკუთვნებულობის განცდაც.

ახალი წლის რიტუალი მოიცავს სოციალიზაციასაც — წვეულებაზე ყოფნას, ადამიანების გაცნობასა და მეგობრების ნახვას, მილოცვასა და კეთილ სურვილებს. სოციალიზაცია და სიკეთის გაცემა უკავშირდება გადარჩენასა და შფოთვის შემცირებასა. “მოექეცი სხვებს ისე, როგორც გსურს, რომ მოგექცნენ შენ” — გადარჩენის მშვენიერი სტრატეგიაა.

გარდა კონტროლის შეგრძნებისა, რიტუალების აღნიშვნისას აქტიურდება ჩვენი სენსორული სისტემა. ახალ წელს სახლში უხვად არის მოხალული ნიგვზისა და სხვა საჭმლის სუნი, გარშემო ყველგან საახალწლო ნათურები, ლამაზი სათამაშოები და მორთული ნაძვის ხეებია. გვესმის მუსიკა, ვმღერით, ვცეკვავთ, ვაგემოვნებთ კერძებს, ვესაუბრებით საყვარელ ადამიანებს. ეს ყველაფერი კი ქმნის მოგონებებს, რომლებსაც გრძელვადიან მეხსირებეაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს და ხშირად ასეც ხდება — ეს დღეები ჩვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოგონებებად რჩება.

საინტერესოა, რა ბედი ეწევა ახალ წელს დასახულ მიზნებსა და გეგმებს მომავალი წლისთვის. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელების 41%-მა დაისახა და გაწერა მიზნები მომდევნო წლისთვის და წლის ბოლოს მათი მხოლოდ 9% მიიჩნევდა, რომ დასახული გეგმები წარმატებით განახორციელა. მანამდე ჩატარებულ კვლევაში კი (2007 წელს), წლის დასაწყისში 52% მიიჩნევდა, რომ წარმატებით განახორციელებდა ახალ წელს დასახულ მიზნებს, წლის ბოლოს კი 12% იყო კმაყოფილი განხორციელებული გეგმებით.

წარმატების/მარცხის მაჩვენებელი ექვსი თვის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ისინი, ვინც მიზნებსა და გეგმებს ისახავს საახალწლოდ, ერთი კვირის შემდეგაც 75% წარმატების მიჰყვებიან გეგმებს;
  • ორი კვირის შემდეგ გეგმებზე წარმატებით მიყოლის რიცხვი იკლებს 71%-მდე;
  • ერთი თვის შემდეგ 64%-ზე ეცემა;
  • ექვსი თვის შემდეგ კი, 46% კვლავ ინარჩუნებს ახალ წელს გაწერილ გეგმებს და წარმატებით მიჰყვება მათ.

იმ ადამიანების მხოლოდ 4% მიჰყვა და განახორციელა თავისი მიზნები ექვსი თვის შემდეგ, ვისაც ჰქონდა მსგავსი გეგმები/მიზნები, მაგრამ ახალ წელს არ გაწერა და არ დაგეგმა.

საახალწლოდ დასახული მიზნების განუხორციელებლობის მიზეზებად დასახელდა:

  • არარეალური მიზნების ქონა (35%);
  • მიზნების მიღწევის პროცესზე არასათანადო თვალ-ყურის მიდევნება და კონტროლი (33%);
  • საახალწლოდ დასახული მიზნების დავიწყება (23%);
  • ერთდროულად ბევრი მიზნის ქონა (10 გამოკითხულიდან ერთი).

ყველაზე გავრცელებული საახალწლოდ დასახული მიზნებია:

  • ჯანსაღი კვება;
  • ვარჯიში;
  • დანაზოგის ქონა;
  • ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
  • სიგარეტის მოხმარების შეწყვეტა.

2022 წლის საახალწლო მიზნებში ჭარბობდა ჯანმრთელობის, პიროვნული გაუმჯობესებისა და ბედნიერებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, წონის კლება.

საინტერესოდ გამოიყურება დემოგრაფიული სტატისტიკაც:

  • “ბუმერების” ძირითადი საახალწლო მიზნები დაკავშირებული იყო წონის კლებასა და დანაზოგის გაკეთებაზე;
  • “მილენიალების” ყველაზე თავდაჯერებულები და დარწმუნებულები იყვნენ ყველა საახალწლო მიზნის მიღწევაში და დასახული გეგმებიც მრავალფეროვანი იყო;
  • “ჯენ ზის” ძირითადი საახალწლო გეგმები პარტნიორის/საყვარელი ადამიანის პოვნას უკავშირდებოდა.

გარდა იმისა, რომ რიტუალები, მათ შორის, ახალი წლის აღნიშვნა და სამომავლო გეგმების გაწერა ამცირებს შფოთვასა და შიშს გაურკვეველი მომავლის მიმართ, გეგმების შედგენა ზრდის მათი განხორციელების შანსსაც (იხილეთ სტატია queer.ge-ზე დაგეგმვასა ეფექტურად განხორციელების შესახებ.

თოვლის ბაბუა და გრინჩი

ზოგი ჩვენგანი სიხარულით ელოდება ახალ წელს და ამისთვის არაერთი მიზეზი აქვს, ზოგს კი დღესასწაულის გაგონებაც კი ზარავს. საახალწლო დღესასწაულის სიყვარულიცა და არ სიყვარულიც ნორმალურია და ორივეს თავისი მიზეზები აქვს.

მე ზოგადად დღესასწაულები და განსაკუთრებით კი, ახალი წელი მიყვარს და მიხარია. არ დაგიმალავთ, ჩემთან უკვე ოქტომბრის ბოლოდან ჰორიზონტზე გამოჩნდება და წამიერად გამკრავს ხოლმე საახალწლო სამზადისის სასიამოვნო განცდა, რაც სახლში ფუსფუსს, დასვენებას, გემრიელი საკვების მომზადება/ჭამას და საყვარელი ფილმების ყურებას მოიცავს (აქ ახალი წლის მოყვარულები და არ მოყვარულები მგონი ერთ აზრზე ვართ). დეკემბრის დასაწყისში უკვე ვარჩევ დეკორაციებს, ვყიდულობ სათამაშოებს, საჩუქრებს, სანათებს და ვრთავ სახლს. ჩემი შინაგანი ბავშვი სიხარულისგან ცმუკავს და ბედნიერია — შესაბამისად, მეც.

ახალი წლის დღესასწაული ბევრისთვის, შესაძლოა, სტრესთან და მომატებულ შფოთვასთანაც ასოცირდებოდეს და ამას ბევრი მიზეზი აქვს:

  • წლის ბოლოს, როგორც წესი, გროვდება ბევრი გასაკეთებელი საქმე, დაუსრულებელი პროექტები და დედლაინები, შესაბამისად იზრდება სტრესი;
  • გეგმავ სად და როგორ შეხვდე, ვისთან ერთად, რა ჩაიცვა, რა ჭამო და ა.შ. ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსური და სხვა რესურსის მობილიზებასთან, რაც, ცხადია, იწვევს შფოთვას;
  • შენგან ყველა ელოდება, რომ ახალი წელი გიხაროდეს, იყო ბედნიერი და მაქსიმალურად სოციალიზდე. სწორედ აღნიშნული მოლოდინები ხდება ხშირად იზოლაციისა და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან კონფლიქტის მიზეზები;
  • ხშირად საახალწლო დღესასწაულის აღნიშვნისთვის იმდენად ემზადები და ისეთი მაღალი მოლოდინები გაქვს, დიდი შანსია, ეს იმედი გაგიცრუვდეს და მომავალი წლისთვის იმედგაცრუებამ გრინჩის მოყვარულთა სიაში შეგიყვანოს;
  • საახალწლო პერიოდი მეტად საოჯახო დღესასწაულია, რაც ითვალისწინებს ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარებას. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთან/წევრებთან დაძაბული ან არც თუ ისე მშვიდი ურთიერთობა გაქვს, ცხადია, მათთან ბევრი სოციალიზაცია და ამის მოლოდინიც კი იწვევს შფოთვასა და სტრესს.

ხშირად, ახალი წლის დღესასწაული ერთდროულად სიხარულსა და სოციალიზაციასაც მოიცავს და სტრესსაც. მას ბედნიერების განცდაც ახლავს თან და შფოთვაც. ცოტა ძალისხმევა და დაგეგმვა აქაც დადებით როლს თამაშობს და გვეხმარება, მივიღოთ მეტი სიამოვნება დღესასწაულისგან და შევამციროთ სტრესი.

ცოტა რამ იმაზე, როგორ ვფოკუსირდეთ საკუთარ თავზე ახალ წელს

იმისთვის, რომ მომავალი წლის გეგმები დავსახოთ, დღესასწაულისგან სიამოვნება მივიღოთ, სტრესი მინიმუმამდე შევამციროთ და ფუნქციურიც დავრჩეთ, გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და ემპირიულ მიგნებებს.

  • როგორც აღმოჩნდა, ცვლილებების მიმართ მზადყოფნა და თვითეფექტურობა განაპირობებს დადებით შედეგებს მათთვის, ვინც საახალწლო გეგმებსა და მიზნებს ისახავს. თვითეფექტურობის განცდა საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რწმენას მოიცავს, ხოლო რაც უფრო მეტად სწამს და სჯერა ადამიანს საკუთარ შესაძლებლობების, მით მეტია გეგმების განხორციელების შანსიც.
  • ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მონაწილეები თავიანთ მიზნებს აღწევდნენ მაშინ, როდესაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათ განხორციელებაში, მიზნების მიღწევა კი მოიცავდა მცირე ნაბიჯებს და იყო გაზომვადი. მაგალითად, ერთ კვირაში დავიკლებ 1,5 კილოს განსხვავდება შემდეგი ფორმულირებისგან — მომავალ წელს დავიკლებ წონაში. ეს უკანასკნელი უფრო ზოგადი და ბუნდოვანია. გეგმების მეტად დაკონკრეტება და მათი გაზომვის შესაძლებლობა ზრდის განხორციელების შანსს.
  • საახალწლო სტრესისა და შფოთვის შემცირებაზე დადებითად მოქმედებს საჩუქრების შერჩევის და ჩუქების პროცესი. საკუთარი რამდენიმეწლიანი გამოცდილებით, შერჩევის პროცესი მოიცავს პატარა ანალიზს და გეგმის ქონას. ვიწყებთ, ცხადია, იმის გარკვევით, რა გაუხარდება ადრესატს, რა ინტერესები აქვს, რა სჭირდება და ა.შ. შეგვიძლია ამაში ადრესატის ახლობელიც დავიხმაროთ. შემდეგი ნაბიჯია მისი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლო პროდუქტების იდენტიფიცირება და ბიუჯეტის განსაზღვრა. ამის მერე უშუალოდ აქტივობაზე გადავდივართ და შესაბამის მაღაზიებში ვათვალიერებთ და ვეძებთ სასურველ ნივთებს. არაფერი შეედრება იმ სასიამოვნო განცდას, როცა საბოლოდ, შესაძლოა, ბიუჯეტურ და ამავე დროს, ისეთ საინტერესო და კარგ ნივთს შეარჩევ ადრესატისთვის, უკვე წინასწარ იცი,  როგორ გაახარებ, როცა საჩუქარს გადასცემ.
  • საახალწლო სოციალიზაცია და წვეულებებზე წასვლა/არ წასვლა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტრესის შემცველია. ბევრი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ნაკლები მოლოდინები გაქვს დღესასწაულისა და მისი აღნიშვნის მიმართ, მით მეტია შანსი, იყო მშვიდი და კმაყოფილი. საყვარელი ფილმების ყურებისა და დასვენების გარდა, უმეტესობას მაინც აქვს სურვილი, თუნდაც ქალაქგარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად გავიდეს და ის სოციალიზაცია ჰქონდეს, რაც მისთვის კომფორტულია. საკუთარ თავთან წინასწარ იმის გარკვევა, ვისთან, როდის და სად გინდა იყო ახალი წლის დღეებში, აადვილებს ცხოვრებას. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ქმედებაზე გადასვლა.

სანამ 31 დეკემბერი მოვა, გავეხვევით თბილ საბანში, გემრიელ საჭმელებს გავსინჯავთ და დავისვენებთ, მოდით, ავწიოთ შამპანურის ჭიქა და ჩვენ სიცოცხლეს გაუმარჯოს. მორიგი 365 დღე გავიდა, აქ ვართ და რა ბედნიერებაა. (გაუმარ-ჯოს-ჯოს-ჯოს!)

გამოყენებული მასალა:

ავტორი: ნინო ბექაია

თემიდა — 2022 წლის დეკემბრის მიმოხილვა

თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის. ორგანიზაციის  მიზანია ტრანსი ადამიანებისთვის ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობა, სადაც მათი საჭიროებები, წუხილები, გამოწვევები და უფლებები აღიარებულია და მხარდაჭერილი სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.

წარმოგიდგენთ თემიდას აქტივობებს 2022 წლის დეკემბრის თვეში:

დასაქმების ვორკშოპი

დეკემბრის თვეში, 10 და 24 დეკემბერს, ქვიარ ასოციაცია თემიდამ თემის წევრებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გამართა 2 ვორკშოპი.

ორგანიზაცია ყოველთვიურად მართავს ანალოგიურ ვორკშოპებს, რომლებიც განკუთვნილია ტრანს* და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირებისთვის.

დასაქმების ვორკშოპების მიზანია, სამუშაოს მაძიებელ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობებზე, მათ შრომით უფლებებზე, ხელი შეუწყოს იმ უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას.

მეტი მოქნილობისა და თემის წევრების საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, 10 დეკემბერს ვორკშოპი გაიმართა ონლაინ ფორმატში, რათა დაინტერესებული პირების იმ ნაწილსაც შესძლებოდა ინფორმაციის მიღება, რომელიც ვერ ახერხებს ფიზიკურ შეხვედრებზე დასწრებას.

24 დეკემბერს გამართულ დასაქმების ვორკშოპს, გარდა დასაქმების კონსულტანტისა, უძღვებოდა იურისტი, რომელმაც თემის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია შრომითი უფლებებისა და იმ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რომლებიც დასაქმებულს იცავს ან/და უნდა იცავდეს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში.

თემიდა თემის წევრებს ასევე სთავაზობს პროფესიული კონსულტირების და კარიერის დაგეგმვის ინდივიდუალურ მომსახურებას.  საქმიანობა ხორციელდება ორგანიზაციის ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით.

ინდივიდუალური კონსულტაციის ჩასანიშნად ან ყოველთვიურ ვორკშოპზე დასასწრებად მიმართეთ ორგანიზაციას Facebook  გვერდზე  ან დაუკავშირდით ნომერზე: +995 555 95 81 16

მედიაკამპანია

დეკემბრის თვეში ორგანიზაცია თემიდამ დაიწყო სოციალური მედიაკამპანია, რომელიც შეეხება ტრანს* და ქვიარ თემის მდგომარეობასა და გამოწვევებს დასაქმების სფეროში. კამპანიის მიზანია, წინ წამოსწიოს თემის საჭიროებები და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილზე ანტიდისკრიმინაციული და თემის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის აქტუალიზებასა და დანერგვას.

სოციალურ ქსელებში თემიდას გვერდზე უკვე განთავსდა კამპანიის ფარგლებში მომზადებული პირველი ვიდეო: ლგბტქ თემის გამოწვევები შრომის ბაზარზე: არსებული მდგომარეობა და გამოსავლები. ვიდეოში ადამიანის უფლებების იურისტი, ლელა გვიშიანი საუბრობს შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე და იმ ბარიერებზე, რომელსაც ქვიარ თემის წევრები აწყდებიან სამუშაო ადგილის ძიების პროცესში ან/და უშუალოდ დასაქმების ადგილზე. ლელა გვიშიანი მიმოიხილავს სახელმწიფოს პოლიტიკასა და იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც თემის წევრებისათვის წარმოქმნის მნიშვნელოვან ბარიერებს და ტოვებს მათ შრომის ბაზრის მიღმა, ან სთავაზობს მხოლოდ დაბალ ანაზღაურებად, არაფორმალურ სექტორში მუშაობის შესაძლებლობას.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ასევე მომზადდება და თემიდას Facebook და Instagram გვერდებზე განთავსდება კიდევ რამდენიმე თემატური ვიდეო და საინფორმაციო პოსტერი.

თანასწორობის მოძრაობა — 2022 წლის ანგარიში

თანასწორობის მოძრაობა არის ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ლგბტქი თემისა და ქალების სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. თანასწორობის მოძრაობა იბრძვის საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭიროებებზე დაფუძნებულ სოციალური თუ სამართლებრივი სერვისებისა მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე, მუშაობს საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და პოლიტიკის ადვოკატირებისთვის.

იხილეთ თანასწორობის მოძრაობის 2022 წლის დეტალური ანგარიში.

2022 წლის განმავლობაში თანასწორობის მოძრაობა აქტიურად მუშაობდა ლგბტქი თემის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე. წელს ორგანიზაცია 11 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში არსებული მრავალი გამოწვევისა და დაბრკოლების მიუხედავად, თანასწორობის მოძრაობა დღეს ყველაზე დიდ ლგბტქი სათემო ორგანიზაციას წარმოადგენს კავკასიის რეგიონში: მისი სერვისები ფარავს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქს და ორგანიზაცია მონაწილეობს ყველა იმ მთავარ საადვოკაციო პროცესში, რომელიც ლგბტქი ადამიანებისთვის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარემოს ცვლილებას ემსახურება.

“ჩემი ოთახი”, საფესტივალო წარმატებები და კინო საქართველოში — ინტერვიუ თაკი მუმლაძესთან

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული, “ჩემი ოთახი” გახდა. ფილმი, რომლის რეჟისორი სოსო ბლიაძეა, ხოლო სცენარისტები თაკი მუმლაძე და სოსო ბლიაძე, ორი ახალგაზრდა ქალის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს.

“24 წლის თინა ოჯახისთვის მიუღებელი საქციელის გამო საცხოვრებელ ადგილს იცვლის და ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის ცხოვრების წესიც სრულიად განსხვავდება თინასგან” — როგორი შეიძლება იყოს ორი სრულიად განსხვავებული გამოცდილების მქონე ქალის ერთ სივრცეში თანაცხოვრება და რა ძალა აქვს ქალების გვერდში დგომას, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს პანდემიის დროს გადაღებული ფილმი, რომელმაც უკვე არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა და ბრიტანეთის კინო ინსტიტუტმა 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.

გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ და სცენარისტ თაკი მუმლაძესთან, რომელიც ქვიარს ფილმის საფესტივალო მოგზაურობაზე, ქალების კინოში ჩართულობაზე, ქართულ საპრემიერო ემოციებზე და ფილმის შექმნაზე ესაუბრა.

— რა ისტორიას გვიყვება ფილმი “ჩემი ოთახი” და შენ, როგორც ფილმის სცენარისტს და მთავარი როლის შემსრულებელს, ვისი დანახვა გაგიხარდება ყველაზე მეტად ფილმის ჩვენებისას კინოდარბაზში?

— ხელოვნება ჩვენს მოცემულობაში ძალიან ლოკალურია. შეიძლება ეს არ არის ჩვენი განზრახვა, მაგრამ ხშირად მაინც ისე ხდება, რომ ხელოვნებას ერთი და იგივე ადამიანებისთვის ვაკეთებთ — თეატრში დადის ერთი და იგივე ხალხი, კინოშიც. ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი გასცდეს ცენტრს და მხოლოდ დიდი ქალაქებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი. როცა ფილმზე მუშაობა დავიწყეთ, გვინდოდა, რეგიონებშიც გვეჩვენებინა. იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს თემები ასე თუ ისე მაინც ნაცნობია, ხოლო თბილისს გარეთ უფრო ნაკლები შანსია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს და ამის გარშემო ქალებმა დასვან კითხვები. პატრიარქალური მოდელი ქალების და პრინციპში, კაცების შემთხვევაშიც ძალიან მავნებლურია, მავნებლურ მოდელებში გვიწევს ცხოვრება და ვიზრდებით არასწორი შეხედულებებით. ჩვენზე ბევრი რამ ახდენს გავლენას — რელიგია, ტრადიციები, პოსტ-საბჭოთა ტრავმები, საზოგადოება და ა.შ. ეს ყველაფერი სამყაროს მიმართ წარმოდგენებს გვიყალიბებს, გვეუბნება, სად არის ჩვენი ადგილი, რისი უფლება გვაქვს, რისი — არა, თითქოს რაღაცას გვართმევს, თავს გვახვევს ცხოვრებას, რომელიც ჩვენი არჩეული შეიძლება არც კი იყოს. ბევრი სხვა ქალის მსგავსად, დღემდე ვცდილობ ამ გავლენებისგან გათავისუფლებას და მუდმივად კითხვებს ვსვამ.

ეს ფილმიც ერთგვარი მცდელობაა, ვუპასუხო ამ კითხვებს და გავიგო, სად არის ჩემი, როგორც ქალის ადგილი, რის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს და აქედან წამოვიდა ამ ორი ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ქალის სახეები, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზუსტად ამით — სად როგორ ხედავენ საკუთარ თავს სამყაროსთან მიმართებაში, როგორი ცხოვრების უფლება ჰგონიათ, რომ აქვთ. ძალიან დიდი პრივილეგია და ფუფუნებაა, იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, არჩევანით, გქონდეს შეცდომების დაშვების უფლება, იპოვო შენი სექსუალობა და ა შ. მეგი უფრო მეტად ღია და თავისუფალია, უკეთესად იცნობს საკუთარ თავს, თინა კი, რომელიც ინერციით ცხოვრობს, ერთ შეცდომას უშვებს, თუ ამას შეცდომა შეიძლება ვუწოდოთ, და მთელი ცხოვრება თავზე ენგრევა. ამ განსხვავებების მიუხედავად, მათი ბრძოლა მაინც საერთოა, ორივე ცდილობს იპოვოს ამ სამყაროში საკუთარი ადგილი და იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით.

თუ კაცს ეპატიება, რომ მილიონი სისულელე გადაიღოს, ქალების შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, თითქოს რაღაც შანსი ეძლევათ და უნდა დაადასტურონ, რომ ნამდვილად იმსახურებენ კინოს გადაღებას. ეს ძალიან დიდი ზეწოლაა.

— ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ეტაპების გავლა მოგიწიათ, სანამ ფილმზე მუშაობას დაასრულებდით. როგორი იყო ფილმის გადაღების პროცესი?

— ფილმის გადაღების იდეა პანდემიამ გვაჩუქა. მე და მარიკა ხუნდაძე, მეორე მთავარი როლის შემსრულებელი, ერთად ვცხოვრობდით იმ სახლში, სადაც ფილმია გადაღებული. ყველაფერი გაჩერებული იყო, არაფერი ხდებოდა და ჩვენმა მეგობარმა და ფილმის რეჟისორმა, სოსო ბლიაძემ შემოგვთავაზა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება ორ გოგოზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. მე ძალიან მეშინია ხოლმე ქალების შესახებ გადაღებული ფილმების, რომლებიც მთლიანად კაცის პერსპექტივიდან არის ნაჩვენები. ამდენი საუკუნეა ლაპარაკობენ კაცები ჩვენზე ჩვენ მაგივრად და მათი აღქმა ხშირად არ არის ხოლმე ახლოს რეალობასთან, ამიტომ შევთავაზე, რომ მეც დავეხმარებოდი სცენარის დაწერაში, მქონდა წერის გამოცდილება და ორივე, მეც და სოსოც, უფრო მშვიდად ვიქნებოდით, თან ფილმში გაჟღერებული საკითხები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად ამ საკითხებზე ვფიქრობ და არ გამჭირვებია ამ გადაწყვეტილების მიღება.

თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ფილმი მოკლემეტრაჟიანი იქნებოდა, თუმცა ვიცოდით, რომ სრულმეტრაჟიანად იქცეოდა. გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, არ არსებობდა არანაირი იერარქია — ყველა აკეთებდა იმას, რაც შეეძლო, ოპერატორსაც ჰქონდა შესაძლებლობა, სცენარში ცვლილება შეეტანა, ყველა რგოლი იყო უმნიშვნელოვანესი და ერთიც რომ გამოგეცალა, ალბათ მთლიანი პროცესი ჩაფლავდებოდა და ამ ფილმს ვერ გადავიღებდით. ჩვენი მიზანი იყო, ეს ორი გოგო ძალიან რეალური ყოფილიყო. არ ვიყენებდით გრიმს, მთლიანი ფილმი გადაღებულია განათების გარეშე და თან იმდენად კარგად არის ყველაფერი გაკეთებული, რომ საერთოდ არ ეტყობა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის ოპერატორს, დიტო დეკანოსიძეს.

— როგორც ვიცი, ფილმმა უკვე მოასწრო სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. როგორ მიიღო ქართველმა და არაქართველმა მაყურებელმა “ჩემი ოთახი” და როგორი იყო ქართული საპრემიერო ემოციები? თუ ხედავდით რამე განსხვავებას მაყურებლების ემოციებში ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს მიღმა?

— ფილმის პრემიერა შედგა კარლოვი ვარის ფესტივალზე, ძალიან ემოციური დღეები იყო. ყველაზე მოულოდნელი დიდ ბრიტანეთში გამართული ჩვენება იყო, არც მე და არც მარიკა არ ველოდით ასეთ დადებით ემოციებს იქაური აუდიტორიისგან, ძალიან მომზადებული იყო მაყურებელი და სწორი აქცენტები ჰქონდათ დასმული, სწორად აღიქვამდნენ ფილმს. ქართულ პრემიერამდე ცოტა დაძაბული ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ შეხვდებოდა მაყურებელი ფილმს, თუმცა ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. წელს ფესტივალს ჩართული ჰყავდა სტუდენტები, რომლებმაც სრულიად ახალი ხმა შემოიტანეს და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სიცოცხლე საფესტივალო პროცესში, სხვანაირად ფხიზლად არიან და სხვანაირად უყურებენ სამყაროს — მიუხედავად იმისა, რომ მეც არ ვარ ასაკობრივად ძალიან დაშორებული მათგან, ძალიან საინტერესო და ახალი პერსპექტივები დამანახეს. ძალიან იმედისმომცემი და მამოტივირებელი აღმოჩნდნენ ეს ადამიანები და ფესტივალის ეს გადაწყვეტილება. დანარჩენი მაყურებლისგანაც ძალიან დადებითი შეფასებები მივიღეთ. როგორც წესი, ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით მკაცრია ქართული კინოს მიმართ, სწორედ ამიტომ, არ მეგონა ამხელა მხარდაჭერას და სიყვარულს თუ მივიღებდით. ყოველი ჩვენების დროს გვეგონა, რომ ეს მაქსიმუმია, ამაზე დიდ ემოციებს ვეღარ მივიღებთ, თუმცა ქართულმა პრემიერამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და მგონი ყველაზე მეტად ეს გვაკლია დღეს ადამიანებს — მხარდაჭერა და სოლიდარობა.

დიდი ბრძოლა მომიწია, რომ ამ ფილმში ქალის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საერთოდ ვინმეს ესაუბრა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვგრძნობდი აქსესუარად. მერე მივხვდი, რომ დათმობას აზრი არ აქვს და ჩემს შრომაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო.

— ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მომრავლდა ფილმები ქვიარ თემატიკაზე, თითქოს ამ თემების გაჟღერება ძალიან მომგებიანია. “ჩემი ოთახის” ყურებისას განსხვავებული განცდები გიჩნდება, ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, რასთან გაქვს საქმე — უყურებ ფილმს, რომელიც ორი ქალის მეგობრობაზე გვიამბობს თუ უყურებ ფილმს, რომელიც ლესბოსელი ქალების ისტორიას გადმოგვცემს. არის თუ არა “ჩემი ოთახი” ქვიარ ფილმი და ზოგადად არსებობს თუ არა ქართული ქვიარ კინო? 

ბოლო პერიოდში ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ვნახე, სადაც ლევან გელბახიანი არაჩვეულებრივად ასრულებს როლს, საოცარ პერსონაჟს ქმნის, კაცის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა ქართულ კინოში. მან ძალიან რთულ დავალებას გაართვა თავი. ასევე, ვნახე ელენე ნავერიანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქვიარ თემატიკაზე, რომელიც ძალიან გამორჩეული იყო. მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე ვილაპარაკოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია ლევან აკინის ფილმს და ცხელი საპრემიერო დღეების გავლა, რომლის დროსაც ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ მობილიზებულები, მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ამხელა აგრესია არსებობს და ვიღაც სკამით გამომეკიდება პრემიერაზე. მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ამაზე მაღლა დგას. იმედია, ოდესმე ვისწავლით ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრებას.

რაც შეეხება ჩვენს ფილმს, საკუთარ თავს ჯერჯერობით ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ ლესბოსელებზე გადავიღო ფილმი, ძალიან საფრთხილოა ეს თემა ჩემთვის და არსებობს საშიშროება, რომ ავცდები რეალობას. ამაზე მან უნდა ილაპარაკოს, ვისაც უკეთ ესმის ეს საკითხი. ჩვენ არ ვპოზიციონირებთ, რომ ეს ფილმი ლესბოსელებზეა. იმ კონკრეტულ სცენაში ჩემთვის მეგის სხეულს თინასთვის რაღაცნაირად გამაყუჩებლის ფუნქცია აქვს, გადარჩენის წყაროა. ასევე, ეს სცენები ჩემთვის საკუთარი სექსუალობის, სექსუალური გემოვნების ძიებაც არის. ჩვენი მიზანი იყო ფილმში დაგვეტოვებინა იმის სივრცე, რომ მაყურებელს თვითონ გაეკეთებინა დასკვნა, რაზეა ეს ფილმი.

— როგორ შეაფასებდი თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რა თემები იყო დომინანტური და რა ტენდენციები გამოიკვეთა წელს?

— თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის ყოველთვის დღესასწაული იყო. ყოველთვის განსაკუთრებით ველოდებით ამ დღეების მოახლოებას და სიმართლე გითხრა, არასდროს ბევრი არ მიფიქრია, როგორია ჩვენი კინოფესტივალი — უბრალოდ მიყვარდა ფილმების ყურება და სულ ეს იყო, უფრო ემოციურად ვუდგებოდი. წელს რამდენიმე ქვეყნის ფესტივალზე მომიწია დასწრება და ყველგან ვაკვირდებოდი, რა თემებზე საუბრობს ფესტივალი, რა მესიჯებს აჟღერებენ. ჩემთვის რთულია პოლიტიკის და ხელოვნების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ბევრ ფესტივალზე ახსენებდნენ ქალებს, მაგრამ ერთი სიტყვა არ თქმულა ირანში მიმდინარე მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, სიამაყით ავივსე, როცა თბილისის 23-ე ფესტივალი უკრაინის დროშით გაიხსნა და როცა დავინახე, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი ირანელი ქალი რეჟისორი იყო, რომელიც ქვიარ ფილმის გადაღების გამო სამი წელი დაპატიმრებული იყო. ფესტივალზე მისი ფილმიც იყო ნაჩვენები. ძალიან მაღალ დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული და ბევრი წამყვანი ქვეყნის ფესტივალს სჯობდა ხარისხით, ვგულისხმობ ისეთ ფესტივალებს, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ამ ფესტივალის უკან დგანან და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე აკეთებენ ყველაფერს. მადლობა მათ.

— დასავლეთის ქვეყნები და განსაკუთრებით ჰოლივუდი აქტიურად საუბრობს ქალების როლზე და ჩართულობაზე კინოში, აქტიურად მიდის დისკუსიები ამ თემების გარშემო. რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით? არაერთი გამორჩეული რეჟისორი თუ სცენარისტი ქალი გვყავს, რომლებიც ბევრი წელია აკეთებენ კინოს, თუმცა საინტერესოა, შიგნიდან დანახული რეალობა — როგორია გადასაღები მოედანი ქალებისთვის საქართველოში?

— მართლაც ბევრი ქალი რეჟისორი თუ სცენარისტი გვყავს და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ამ საკითხებზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია, თუმცა მე მაინც მახარებს, რომ კინოში ქალების მიმართ ინტერესი არ წყდება. იმედია, მალე იქამდეც მივალთ, რომ ქალი რეჟისორების თუ სცენარისტების ფილმების მიმართ ავტომატური მოლოდინი არ იქნება, რომ აუცილებლად შედევრი უნდა გააკეთონ — თუ კაცს ეპატიება, რომ მილიონი სისულელე გადაიღოს, ქალების შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, თითქოს რაღაც შანსი ეძლევათ და უნდა დაადასტურონ, რომ ნამდვილად იმსახურებენ კინოს გადაღებას. ეს ძალიან დიდი ზეწოლაა.

რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე იერარქია ყოველთვის არსებობს, თუმცა ქალების შემთხვევაში კიდევ ერთი ფაქტორი გემატება — ჩემი და სოსოს შემთხვევა რომ გავიხსენო, ყოველთვის ვაკვირდები, რა კითხვები მოდის ჩემი მიმართულებით, როცა ფილმზე ვსაუბრობთ და რა კითხვებს უსვამენ ხოლმე სოსოს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სცენარისტები ვიყავით, ფილმზე ერთად ვიმუშავეთ და ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, მაინც ერთი და იგივე — “რას გრძნობდი სოსო ბლიაძესთან მუშაობის დროს?”, ხოლო უფრო „სერიოზული“,  საქმიანი კითხვები სოსოს მიმართულებით მიდიოდა. დიდი ბრძოლა მომიწია, რომ ამ ფილმში ქალის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საერთოდ ვინმეს ესაუბრა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვგრძნობდი აქსესუარად. მერე მივხვდი, რომ დათმობას აზრი არ აქვს და ჩემს შრომაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო. ეს არ არის ეგოცენტრიზმი და ამით სხვა ქალებს გავუმარტივებ საქმეს, რომლებიც ამ სფეროში აპირებენ თავიანთი ძალების მოსინჯვას. ძალიან დიდი გზის გავლა მომიწია, სანამ საკუთარ თავში ამ ძალას და გამბედაობას ვიპოვიდი.

— რას უნდა ველოდოთ შენგან მომავალში, აგრძელებ თუ არა კინოსცენარებზე მუშაობას?

— თებერვალში თეატრში მექნება პრემიერა. გარდა ამისა, ვმუშაობ ახალ სცენარზე — მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება მინდა, თუმცა „ჩემი ოთახის“ შემდეგ ყველა ელოდება, რა იქნება შემდეგი და ამ მოლოდინებმა ცოტა შემაშინა. მინდა, დაძაბულობისა და მოლოდინების გარეშე ვიმუშაო, ბევრი შეცდომაც დავუშვა და ბოლომდე მივიღო პროცესისგან სიამოვნება. მომდევნო ფილმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მთელი ცხოვრების ფიქრის შედეგი და განსაკუთრებით ფრთხილად ვეკიდები, რადგან ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა მარტოობა, მენტალური ჯანმრთელობა და როგორ რეაგირებს ქალი ამ ყველაფერზე.

თერაპიის სრული კურსი ქალებისთვის — უფასო სერვისი

ქალთა შრომითი უფლებების დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია გააღვიძე აქტივიზმი ქალებს ფსიქოლოგის უფასო მომსახურებას, თერაპიის სრულ კურსს სთავაზობს. პროექტი ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობა უხილავი პრობლემა ფარგლებში, ქალთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

ორგანიზაციის განცხადებით, ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მწვავე თუ მსუბუქი პრობლემები დღევანდელობაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ადამიანების უმრავლესობას ეხება და ხშირ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს მათ ყოველდღიურობაზე.

“ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, მოწყვლადს ხდის მრავალი კუთხით, მათ შორის ძალადობასთან მიმართებითაც, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი და ხილულია”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სერვისით სარგებლობა შეუძლიათ 30 წლამდე ქალებს (მათ შორის ქვიარ და ტრანს ქალებს), რომელთაც აქვთ ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, სექსუალური ან სხვა ტიპის ძალადობის გამოცდილება და სურთ მიიღონ ფსიქოლოგის კონსულტაცია. ისინი შეძლებენ უფასოდ ისარგებლონ სპეციალისტის დახმარების სრული კურსით – 12 შეხვედრით.

სერვისის მიმღებთათვის კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული, ხოლო კურსის ფარგლებში არსებული თითოეული შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ, ასევე Online ფორმატში.

სერვისის მისაღების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ან დარეკონ შემდეგ ნომერზე: +995 557 75 81 52

თბილისი პრაიდი — 2022 წლის დეკემბრის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.

წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2022 წლის დეკემბრის თვეში:

  • დეკემბერი თბილისი პრაიდმა შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის დასკვნითი ღონისძიებით დაიწყო, რომელიც Youth Peace Ambassador Network-თან თანამშრომლობით ჩატარდა. მათი ორგანიზებით, პირველ დეკემბერს ლგბტქი თემის წევრები, ახალგაზრდები, მხარდამჭერები და აივ/შიდსის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები Cafe Gallery-ში შეიკრიბნენ და ისაუბრეს ისტორიასა და თანამედროვე გამოწვევებზე. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა Netflix-ის ძალიან ინფორმატიული და ემოციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის, History 101 — AIDS-ის, ჩვენება. ღონისძიების ყველა დამსწრეს ჰქონდა უფასო აივ ტესტირების შესაძლებლობა.
  • დეკემბერში ორგანიზაციამ გააგრძელა ტრადიციული სათემო შეხვედრები თბილისი პრაიდის ოფისში, რომელიც თემის თავშეყრის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცა:
    • 15 დეკემბერს თბილისი პრაიდმა უმასპინძლა შეხვედრას პარტიულ საქმიანობაში ქვიარ ადამიანების ჩართვისა და ამასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ. შეხვედრაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, მამუკა ჯუღელმა საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრა და დამსწრეებს რჩევები მისცა.
    • 23 დეკემბერს ორგანიზაციამ უმასპინძლა შეხვედრას გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სულ ცოტა ხნის წინ გამოიტანა გადაწყვეტილება. შეხვედრაზე სტუმრად საქმის ერთ-ერთი მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია-ს) წარმომადგენლები იყვნენ.
  • ორგანიზაცია მთელი თვის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა წლის ყველაზე დაუვიწყარი და გრანდიოზული დრეგ მეჯლისისთვის — THE DRAG BALL: ALL STARS — რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება კლუბ KHIDI-ზე და რომლის ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ tkt.ge-ზე. დრეგ მეჯლისში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქვიარ თემისა და მხარდამჭერი ადამიანებისათვის ცნობილი ქვინები, ასევე, სხვადასხვა განსაკუთრებული სტუმარი. ქვინებს შორის იქნებიან: Sofio McQueen, Lucrezia, Gerilyn Stone, LiLe LARA, Rafaela Toxikana, Queen Vanilla Ice, Evil Queen. გარდა ამისა, დამსწრეებს სპეციალურ პერფორმანსს შესთავაზებს მაქსიმე მაჩაიძე (Luna997), IAMNIKITA და Body Pressure. მეჯლისს გახსნის განსაკუთრებული სტუმარი — ქართული ჯაზის ლეგენდა, გიული ჩოხელი. იხილეთ ღონისძიება Facebook-ზე.
  • დეკემბერში ორგანიზაციამ დაასრულა განვლილი წლის შეჯამება და შექმნა საახალწლო ცნობის ფურცელი, რომელშიც 2022 წლის მნიშვნელოვანი ამბებია თავმოყრილი.

იანვარში თბილისი პრაიდი გამორჩეულ სათემო შეხვედრებს გეგმავს და გაასაჯაროებს ახალ, სრულიად განსხვავებულ პროექტს, რომლის პირველი ნაწილიც უკვე მზადაა.

ქალთა ფონდი საქართველოში — 2022 წლის დეკემბრის მიმოხილვა

ფონდი „ქალთა ფონდი საქართველოში“ 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის.

წარმოგიდგენთ ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ აქტივობებს 2022 წლის დეკემბრის თვეში:

  • დეკემბერში ფონდის მიერ დაფინანსებული და დაწყებული პროექტების რაოდენობა იყო 26: უკრაინელი და ბელორუსი სამოქალაქო აქტივისტი ქალების მხარდასაჭერად; ინტერსექციული ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობისთვის.
  • ფონდს ბოლნისში, დმანისსა და გარდაბანში გენდერული თანასწორობის საბჭოებთან ჰქონდა შეხვედრები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. ორგანიზაციამ სტუმრებს გააცნო კონცეფცია, ტერმინები და განმარტებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს აქვს რატიფიცირებული. ორგანიზაციის ერთ-ერთმა გრანტის მიმღებმა გარდაბანში პაპილომავირუსზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა, მეორემ — ბოლნისში 500 ქალი წაიყვანა სკრინინგზე.
  • ფონდმა მოამზადა ვიდეო პაპილომავირუსისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. ასევე გაკეთდა მეორე ვიდეო ქალების, როგორც მშობიარე პაციენტების, უფლებებზე.
  • ფონდი აგრძელებს ვიდეოების სერიას კამპანიით ქალთა შრომითი უფლებების შესახებ, რომელიც ძირითად ფოკუსს გააკეთებს დასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული გარემოს აუცილებლობასა და სიკეთეებზე. უკვე მზადაა ვიდეოები: მენსტრუაციული შვებულების, ტრანს* ადამიანების დასაქმების პროგრამის, სამუშაო ადგილას ლაქტაციის ოთახისა და ჰიჯაბიანი ადამიანების დასაქმებასთან დაკავშირებით.
  • ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა კატო მიქელაძის პრემიის ტრანსფორმაციისთვის. გარდა ამისა, ამ ერთი წლის განმავლობაში ფონდი მხარდამჭერებს გაახსენებს ან გააცნობს პრემიის მფლობლებს და ამისთვის პირველ ვიდეოზე მუშაობის დასრულება მალე იგეგმება.

პაპილომავირუსი, საშვილოსნოს ყელის კიბო და პრევენცია

ნანა ბუხნიკაშვილმა 11 წლის შვილს ცოტა ხნის წინ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთა. ეს ვაქცინა 18 წლამდე გოგოებისთვის საქართველოში უფასოა და საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს. 

“მე ბავშვობაში აცრილი ვარ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც მაშინდელ კალენდარში იყო მონიშნული. სამწუხაროა, რომ მაშინ არ იყო პაპილომას აცრა, თორემ მასაც დიდი სიამოვნებით გამიკეთებდნენ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუკი რომელიმე დაავადების პრევენცია შესაძლებელია, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ამიტომაც ჩემს შვილს ჩატარებული აქვს ყველა გეგმური აცრა, რომელიც მის ასაკს შეესაბამება. გარდა ამისა, ჩვენ ყოველწლიურად ვიტარებთ გრიპის ვაქცინაციასაც. პაპილომას გამოსარიცხად, მეც მუდმივად ვიკეთებ საშვილოსნოს ყელის სკრინინგს და რომ ავაცილო ნაწილობრივ მაინც ჩემს შვილს, სწორედ ამიტომ მივიღე აცრის გადაწყვეტილება”.

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. შემთხვევათა 95%-ს პაპილომავირუსი იწვევს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო მესამე ადგილზეა ქალების კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა შორის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის გლობალური სტრატეგიის ფარგლებში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გლობალურად, ყოველ ორ წუთში ერთი ქალი კვდება საშვილოსნოს კიბოს მიზეზით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზი სწორედ საშვილოსნოს ყელის კიბოა. ავადობისა და სიკვდილიანობის დიდი უმრავლესობა სიღარიბეში მცხოვრებ ქალებში ვლინდება და ამის მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ეფექტური პროგრამების შეზღუდული ხელმისაწვდომობაა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები გვიან, კრიტიკულ სტადიაზე ვლინდება. საწყის ეტაპებზე ის თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ართულებს პრობლემის შემჩნევას.

კრიტიკულ სტადიას ახასიათებს არარეგულარული სისხლდენა; სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს; ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში; გადაღლილობა, წონაში კლება და მადის დაკარგვა; ვაგინალური დისკომფორტი და სპეციფიკური სუნის მქონე გამონადენი.

მიუხედავად შემაშფოთებელი სტატისტიკისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამ სტატისტიკის შეცვლა და საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მიერ შემუშავდა გლობალური ძალისხმევა, რომელიც დაავადების ელიმინაციისკენ იყო მიმართული. კამპანიის ფარგლებში სამეცნიერო ჟურნალში Lancet Oncology გამოქვეყნდა კვლევა, რომლის დასკვნითაც, ვაქცინაციისა და რეგულარული სკრინინგის პირობებში, შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორანტისა და გინეკოლოგის დოქტორანტის, სოფიო ბოჯგუას განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო (GACVS) კომიტეტმა შეისწავლა ამერიკაში, ავსტრალიისა და იაპონიაში ჩატარებული ვაქცინაციის ეპიდზედამხედველობის მონაცემები და ყველა წყარო ადასტურებს ვაქცინაციის დადებით შედეგსა და უსაფრთხოებას. GACVS-მა დაასკვნა, რომ აპვ ვაქცინა უსაფრთხოა.

“მშობლებს ვურჩევ, დროულად ჩაუტარონ თავიანთ შვილებს, გოგოებსაც და ბიჭებსაც იმუნიზაცია. დროულად იმიტომ, რომ უმჯობესია ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩატარდეს. 15 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებს აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორჯერადად, 6-თვიანი ინტერვალით სჭირდებათ. 15 წლის და უფროსი ასაკში აცრა მიზანშეწონილია სამჯერადი გრაფიკით მოხდეს. თუმცა ≥15  გოგოების ორჯერადი აცრაც ადეკვატურია. გასათვალისწინებელია, რომ აცრებს შორის ინტერვალი 12-15 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა!” – განუცხადა ქვიარს სოფიო ბოჯგუამ.

რა არის ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ)?

ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) ვირუსების ჯგუფია, რომლებიც კანის ან ლორწოვანი გარსების ინფიცირებას იწვევს. სწორედ პაპილომავირუსის სპეციფიკური ონკოგენური ტიპებითაა (16 და 18 გენოტიპი) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, რომელიც უმეტესად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი ხდება და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა საერთო რაოდენობის 70%-ს შეადგენს.

პაპილომავირუსის 200-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი და მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის გენოტიპები ნაკლებად ასოცირდება სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებთან და ხშირად თვითგანკურნებაც ახასიათებთ, ხოლო მაღალი რისკის გენოტიპები ონკოგენურია. ონკოგენურ ტიპებს შორის მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებიდან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. პაპილომა ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ტიპებს შორისაა მე-6 და მე-11 ტიპი. ეს არ იწვევს სიმსივნეს, მაგრამ ასოცირებულია გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან. 

აპვ გავრცელებულია როგორც ქალებში, ასევე, კაცებში, განურჩევლად სექსუალობისა. არავაქცინირებული ქალების დაახლოებით 80% 45 წლამდე ასაკში ინფიცირდება ვირუსის ერთი ან მეტი შტამით.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ეფექტური გზა ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგია.

პრევენციულ ღონისძიებათა რიცხვს განეკუთვნება კონდომებისა და სხვა ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენებაც, თუმცა, მათი გამოყენებით პაპილომავირუსის გადაცემის რისკი მხოლოდ მინიმუმამდე მცირდება, რადგან ბარიერული კონტრაცეპტივები კანს ნაწილობრივ ფარავს.

ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგი ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად არის მიჩნეული.

2020 წლის 17 ნოემბრიდან საქართველო საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის დაჩქარების გლობალური სტრატეგიის მონაწილე ქვეყანა გახდა. საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საკვანძო საკითხია.

ახალ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსახლეობაში სერვისების ინტეგრირებული განხორციელების საჭიროებას, ქალებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას და ფინანსური დაცვის უზრუნველყოფას.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ასაკის ქალებში უფასოა და 3 წელში ერთხელ ტარდება.

სკრინინგისას პაპილომავირუსისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ:

  • პაპილომავირუსის (პაპ) ტესტი;
  • კიბოსწინარე მდგომარეობის ან კანცერული დაზიანებების გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას;
  • შემთხვევის საჭიროებებიდან გამომდინარე, ატიპიური სურათის შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.

“საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგ პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ჩვენი აზრით, ეს სერვისები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქალებისათვის, განსაკუთრებით კი სოფლად და ძნელად მისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისათვის, რათა მივაღწიოთ კიბოს სკრინინგის მაღალ მოცვას და გადავარჩინოთ სიცოცხლე”, ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.

ვაქცინაცია

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრას, ის მსოფლიოში პირველი სიმსივნური დაავადებაა, რომლის პრევენციაც ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი. 

მსოფლიოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2006 წლიდან დაიწყო და ამ დროისთვის 100-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი. მათ შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი და სხვა.

რაც შეეხება საქართველოს, პირველადი პრევენციის მიზნით, საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თავდაპირველად 9-12 წლის გოგოებისთვის იყო შესაძლებელი, მოგვიანებით კი ეს შეიცვალა და დაემატა 13-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფიც. 10-12 წლის გოგოებში აცრების კურსი ორდოზიანია, ხოლო 13-18 წლის გოგოების ასაკობრივ ჯგუფში საჭიროა ასევე ორი ან სამი დოზაც. ასაკის მიხედვით განისაზღვრება აცრებსშორისი ინტერვალიც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება ოთხვალენტიანი ვაქცინით, რომელიც წარმოებულია აშშ-ში დაფუძნებული გლობალური ჯანდაცვის კომპანიის, Merck & Co., Inc-ის მიერ.

ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევებით. გარდა ამისა, ვაქცინაცია ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ვაქცინა მაღალეფექტურია — აცრილების თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი და საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები იმისთვის, რომ პაპილომავირუსის ვაქცინაში შემავალი ვირუსის შტამებით დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულნი, რის შედეგადაც, მცირდება ინფექციის და მისგან გამოწვეული კიბოს შემთხვევები. წარმოქმნილი ანტისხეულები ორგანიზმში ბევრი წლის განმავლობაში რჩება და ავითარებს საპასუხო რეაქციას რეალური პაპილომავირუსის ინფექციის დროს.

“აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში აპვ ვაქცინის ჩართვას, რითაც იგი ხელმისაწვდომი გახდა 9-13 წლის გოგოებისთვის. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად”, — აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე.

რადგან პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რეკომენდებულია მოზარდებში, სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყებამდე. ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყების შემდეგაც, თუმცა ისეთივე ეფექტური ვერ იქნება, როგორც სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყებამდე იქნებოდა.

სოფიო ბოჯგუას განმარტებით, 2014 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის სტრატეგიის საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) განიხილა აპვ-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის აქამდე რეკომენდებული აპვ-ის ვაქცინაციის გრაფიკი შეცვალა. კერძოდ, კვლევებზე დაფუძნებული შედეგების, ხარჯების დაზოგვისა და პროგრამული უპირატესობის გათვალისწინებით, ჯანმო აპვ-ის საწინააღმდეგო სამჯერადი ვაქცინაციის ნაცვლად, ორჯერადი ვაქცინაციის რეკომენდაციას გვაძლევს.

არსებობს აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი და მეორე რიგის სამიზნე ჯგუფები. პირველი რიგის სამიზნე ჯგუფს 9-13 წლის ასაკის გოგოები წარმოადგენენ, რადგან  ვაქცინა უფრო ეფექტურად მოქმედებს, ხოლო მეორე რიგის სამიზნე ჯგუფს უფრო მეტი ასაკის მოზარდი გოგოები მიეკუთვნებიან. ჯანმო-ს რეკომენდაციით, აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველი რიგის სამიზნე ჯგუფში სრული მოცვით უნდა ჩატარდეს, მეორე რიგის სამიზნე ჯგუფში მხოლოდ რეალური ხელმისაწვდომობისა და ხარჯთეფექტურობის შემთხვევაში.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო აცრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში, პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. პირველ ყოვლისა, საჭიროა ოჯახის ექიმთან ვიზიტი, რათა აცრა დაიგეგმოს და პაციენტი შესაბამის კლინიკაში გადამისამართდეს.

“სქესობრივად აქტიურ ქალსაც შეუძლია იმუნიზაციის ჩატარება. ამ შემთხვევაში, საჭიროა მასთან გამოვრიცხოთ ვირუსის არსებობა პაპ ტესტი და HPV გენოტიპირების გზით. შემდეგ პაციენტს ჩვეულებრივ ვუწევთ რეკომენდაციას ვაქცინაციაზე. თუმცა, ვაქცინაცია უფრო ეფექტიანია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე და ასევე, 15 წლიდან ზემოთ საჭიროა 3 დოზით ვაქცინაცია”, – ამბობს სოფიო ბოჯგუა.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და პროგრამაში არსებული ხარვეზები

ქვიარი რამდენიმე მშობელს ესაუბრა, რომლებმაც თავიანთი შვილების ვაქცინაცია გადაწყვიტეს. ისინი პროგრამის მთავარ ხარვეზად ინფორმაციაზე ნაკლებ ხელმისაწვდომობასა და ბიუროკრატიას ასახელებენ. უმრავლესობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აცრა უფასოა, ამის შესახებ ინფორმაცია პედიატრებსა და გინეკოლოგებს მათთვის არ მიუწოდებიათ.

“ჩემს შვილს ახლახან გავუკეთე აცრა. ეს გადაწყვეტილება პაპილომავირუსით ინფიცირების სტატისტიკიდან გამომდინარე მივიღე. ზოგადად, ამ ვირუსის შესახებ ძალიან მშრალი ინფორმაციაა ყველგან. ბევრი კითხვა მიჩნდებოდა, როცა სხვადასხვა სტატიას ვკითხულობდი, თუმცა თითქოს ყველგან ერთი და იგივე ინფორმაციაა სამედიცინო ენაზე. ვესაუბრე ჩემს გინეკოლოგს, მადონა ჯუღელს, რადგან ის მიმაჩნია ყველაზე კომპეტენტურად. შედეგად, მივიღე აცრის გადაწყვეტილება და ეს ავუხსენი ბავშვებსაც”, — გვიყვება ნანა აბაშიძე.

ნანა იხსენებს, რომ აცრამდე 4 საათის განმავლობაში პოლიკლინიკაში რიგში დგომა მოუწიათ, სადაც იყვნენ სხვა სერვისის მისაღებად მისული ადამიანებიც. ქვიარის რესპონდენტების თქმით, მართალია, ასეთი დეტალები ძალიან დამაბრკოლებელი არ არის, თუმცა მათი მოგვარება შეიძლება. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია დაინერგოს საინფორმაციო კამპანიები, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობაში დაარწმუნებენ.

კიდევ ერთი რესპონდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაპილომავირუსი გავრცელებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, უფასო ვაქცინაცია მხოლოდ გოგოებისთვისაა.

“სამი შვილი მყავს, ერთი გოგო და ორი ბიჭი. გოგო 11 წლის ასაკში ავცერი, რადგან ვიცი, რომ აუცრელობამ შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიოს. ბიჭებზე ვერაფერი მოხერხდა. არ არის უფასოო, მითხრეს. დღემდე არ არიან აცრილები, რადგან აცრის სრულად ჩატარებას ვერ გავწვდით”, — გვითხრა მან.

კიდევ ერთი მშობელი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვისაც ეძებს კლინიკას, რომელიც მის ბიჭს უფასოდ აცრის.

2017 წლის მონაცემებით, პაპილომა ვირუსის ვაქცინა იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში 11-მა ქვეყანამ შეიტანა ბიჭებისთვისაც.

ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების ღირებულება დაახლოებით 2 000 ლარია. ამ თანხის გადახდა მოუწევთ როგორც ბიჭი შვილის მშობლებს, ასევე, 18 წელზე უფროს ქალებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საერთო მოსახლეობის 17.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა. შესაბამისად, მსგავს პირობებში, მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის, იმის ალბათობა, რომ  2 000 ლარს გადაიხდიან ვაქცინაში, რომლის შესახებ ინფორმაციაც არ აქვთ, მკვეთრად მცირდება.

ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ქვიარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, თუ არსებობს მონიტორინგი და შესაბამისად, სტატისტიკა უკვე შესყიდული ვაქცინების გამოყენების შესახებ. ჩვენი კითხვა იყო ისიც, დაბალი მიმართვიანობის გამო, ხომ არ ფუჭდება ვაქცინები და შესაძლებელია თუ არა გამოუყენებელი დოზების უფასოდ გაცემა. NCDC-ის პასუხს დაახლოებით ერთი თვეა ველოდებით, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის (WHO, UNFPA, UNICEF, C/Can City Cancer Challenge)  ეროვნული მექანიზმების შესამუშავებლად ითანამშრომლა, რომლებიც საჭიროა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ორგანიზებული პროგრამების პროგრესული განხორციელებისთვის საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ტვირთის შესამცირებლად. მხარეებმა აიღეს ვალდებულება განახორციელონ მომდევნო ნაბიჯები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიის შესაბამისად საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის მიზნით.

ქვიარის რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ქვიარის რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან ამ პოზიციაზე თამარ რუხაძე შეცვალა. ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, ქარტიის ყოველწლიურ, რიგით მეთოთხმეტე საერთო კრებაზე აირჩიეს საბჭოს სამი ახალი წევრი:

  • თათია ხალიანი — პუბლიკა (თბილისის კვოტით)
  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე — რადიო მარნეული (რეგიონების კვოტით)
  • საბა წიწიკაშვილი — შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (რეგიონების კვოტით)

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი — თბილისს. საბჭო საკუთარი განცხადებით დატოვა თამარ რუხაძემ, რომელიც ირმა ზოიძემ შეცვალა. ზვიად ქორიძეს, ნათია ზოიძეს და ნინა ხელაძეს საბჭოს წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ.

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • ხატია ღოღობერიძე
  • მაია წიკლაური
  • მანანა ქველიაშვილი
  • ირმა ზოიძე 
  • გულო კოხოძე
  • სოფო ჟღენტი
  • თათია ხალიანი
  • საბა წიწიკაშვილი
  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე 
 ქარტიის წევრებმა დღესვე სარევიზიო კომისიის სამი ახალი წევრიც აირჩიეს:
  • კამილა მამედოვა
  • მალხაზ რეხვიაშვილი
  • ნინო შუბითიძე

საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს წევრი, მანანა ქველიაშვილი, სარევიზიო კომისიის​ წევრი, მარიკა დუდუნია და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2022 წლის გამარჯვებულებიც.