მაისი 2022 - Page 4

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას, ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ.

როგორც ყოველთვის, კვირეულს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც შეუერთდა და მიმდინარე კვირის განმავლობაში თბილისის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში და სხვა დიდ ქალაქებში უფასო ტესტირება იქნება შესაძლებელი.

მობილური ამბულატორიები მოეწყო თბილისში: კოსტავას 46/50 ნომერში, ჩუბინიშვილის ქუჩის 75 ნომერში, წინამძღვრიშვილის 110-ში, ასევე გამრეკელის 10 ნომერში. გარდა ამისა, კვირეულის მიმდინარეობისას ტესტირებები ჩატარდება რუსთავში (კოსტავას ქ. 8, ბ2), ქუთაისში (პუშკინის #10), სამტრედიაში (ეგრისის #12), ზუგდიდში (პეტრე უბერის #1), ფოთში (ბ. კოკაიას #39), ბათუმში (გორგილაძის #66, ბ51), ოზურგეთში (26 მაისის ქუჩა #11), გორსა (ბესიკის #3/6) და თელავში (ნინოშვილის #39)

აივ და ჰეპატიტების სტატუსის დროულად გაგების შემთხვევაში, მდგომარეობა მართვას მარტივად ექვემდებარება და ადამიანს, პრაქტიკულად, ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, რეგულარული ტესტირება სწორი სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

They/Them – გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებენ

ონლაინ სტრიმინგ სერვისი Peacock გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებს.

ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კევინ ბეკონი შეასრულებს, ლგბტქი+ ადამიანების ისტორიას გვიამბობს, რომლებიც ერთი კვირით ე.წ. გამოსასწორებელ ბანაკში ჩადიან და მალევე აღმოაჩენენ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ და მათი ოჯახის წევრებს წარმოედგინათ.

გარდა იმისა, რომ ბანაკის გამოსასწორებელი პროგრამა ექსტრემალური და შემაშფოთებელია, ახალგაზრდა ქვიარები და ტრანს ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ბანაკის ტერიტორიაზე იდუმალი მკვლელი ცხოვრობს.

გარდაქმნის თერაპიაზე აქამდეც არაერთი ფილმი გადაღებულა (But I’m a Cheerleader, The Miseducation of Cameron Post, Boy Erased), თუმცა ეს პირველი ფილმია, რომელიც 80-იანი წლების პოპულარული ჟანრის, სლეშერების ტრადიციას აგრძელებს.

ფილმზე სცენარისტი ჯონ ლოგანი მუშაობს, რომლისთვისაც ფილმი სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარია, თუმცა აქამდე უმუშავია ისეთი ფილმების სცენარებზე, როგორებიცააა: „გლადიატორი“, „უკანასკნელი სამურაი“, „ავიატორი“, „რანგო“, „ჰიუგო“ და ჯეიმს ბონდის 2012 წლის და 2015 წლის ადაპტაციები.

თეო ჟერმენი, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია Netflix-ის სერიალით ,,პოლიტიკოსი”, ახალ ფილმში ტრანს და არაბინარული იდენტობის მქონე ჯორდანის როლს შეასრულებს. ჯორდანი რელიგიური ოჯახიდანაა, ის დარწმუნებულია, რომ გარდაქმნის თერაპია არ მუშაობს და სწორედ ამიტომ დათანხმა ოჯახს ბანაკში წასვლაზე, მშობლებისგან კი პირობა მიიღო, რომ ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ წნეხისგან გაათავისუფლებდნენ.

ბანაკის კიდევ ერთი სტუმარი ტრანსგენდერი გოგო ალექსანდრაა (ქუი ტანი), რომლის მშობლებიც გოგონას სახლიდან გაგდებით ემუქრებიან. ოსტინ კრუტი კი ტობის, გეი ბიჭის როლს შეასრულებს, რომელსაც მშობლები დაჰპირდნენ, რომ თუ გარდაქმნის თერაპიას დათანხმდებოდა, ნიუ-იორკში გაუშვებდნენ სამოგზაუროდ.

ვერონიკა (მონიკ კიმი) ბისექსუალია, რომელსაც უნდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ბრძოლა საკუთარ იდენტობასთან, ხოლო კიმი (ანა ლორი) ლესბოსელია, რომელიც საკუთარ თავსაც ვერ უტყდება თავის იდენტობაში.

ფილმში ასევე ვიხილავთ სტუს (კუპერ კოხი), ფეხბურთის მოთამაშეს, რომელიც ფიქრობს, რომ თავისი იდენტობის გამო ვერ მიიღებს სტიპენდიას პრესტიჟულ სპორტულ სკოლაში და გაბრიელი, (დარვინ დელ ფაბრო) რომელიც თავისი ნებით დათანხმდა გარდაქმნის თერაპიას, რადგან დაიღალა ბულინგით მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

ფილმში ბანაკის ლიდერის როლში ლეგენდარული კევინ ბეკონი მოგვლევლინა, რომელიც ცოლთან (ქერი პრესტონი) ერთად უძღვება ბანაკს.

გარდაქმნის თერაპია ფსევდო-სამედიცინო ან რელიგიური პროცესია, რომელიც სხვადასხვა ძალადობრივი და სასტიკი მეთოდით ცდილობს ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლას.

გარდაქმნის თერაპია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული და ის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლგბტქი+ ადამიანების უფლებებსა და უსაფრთხოებას.

პირველი ქვეყანა, რომელმაც  1999 წელს საკანონმდებლო დონეზე აკრძალა ე.წ. გარდაქმნის თერაპია, ბრაზილიაა. ბრაზილიის ამ გადაწყვეტილებას მალევე მიჰყვა სამოა და წყნარი ოკეანის სახელმწიფო – ფიჯი. ტაივანი, არგენტინა, ურუგვაი, ეკვადორი, მალტა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრალია, ჩილე, ინდოეთი, კანადა, საფრანგეთი და ახალი ზელანდია ასევე კრძალავენ გარდაქმნის თერაპიას.

იმ ქვეყნების სია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ძალადობრივ მიდგომას, ყოველწლიურად იზრდება.

ახალი ფილმი 5 აგვისტოს გამოვა ეკრანებზე.

 

Netflix-ის ახალი ქვიარ სერიალი ვამპირებზე

თინეიჯერებისა და არა მარტო თინეიჯერების პოპულარული ჟანრი ბრუნდება!

გოგო მისტიკურ ბიჭს ხვდება და მათ ერთმანეთი მალევე უყვარდებათ, თუმცა ფილმის/სერიალის პირველ ნახევარში ირკვევა, რომ ბიჭი ვამპირია. ალბათ, გეცნობათ სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც არაერთი ფილმი გადაღებულა გასულ ათწლეულებში.

სისხლის მსმელი მითიური არსებები კვლავ მოხიბლავენ მაყურებლებს მარადიული სილამაზით, ოღონდ ამჯერად არა გოგოს და ბიჭის ისტორიას, არამედ ორი გოგოს, ვამპირი ჯულიეტისა და მონსტრებზე მონადირე კალიოპეს სიყვარულის ისტორიას ვიხილავთ.

სერიალი ამერიკელი მწერლის, ვიქტორია შვაბის მოთხრობას ეფუძნება, რომელიც ორი საგვარეულო ტომის, ვამპირებისა და ვამპირებზე მონადირეების ისტორიას გვიამბობს. ჯულიეტი ვამპირების ოჯახიდანაა, ხოლო კალიოპე – ვამპირებზე მონადირეების ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენელია. მათ ერთი რამ აერთიანებთ, ისინი იძულებულები არიან, მოკლან, რათა გააგრძელონ ოჯახური ტრადიცია. სწორედ ამ მიზნით ხვდებიან ვამპირი და მონადირე გოგოები ერთმანეთს…

Netflix-ის ახალ თინეიჯერულ სერიალში სარა კეტრინ ჰუკი და აიმან ლიუისი მონაწილეობენ.

სერიალი Netflix-ის პლატფრომაზე 10 ივნისს დაემატება.

 

 

 

 

 

ესპანეთი ქალებისთვის სამდღიანი მენსტრუალური შვებულების შემოღებას აპირებს

ესპანეთში ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, სამდღიანი მენსტრუალური შვებულების დაწესება იგეგმება. მთავრობა ახალი რეფორმის დამტკიცებას მომავალ კვირას აპირებს. Keep Reading

მეორე ოთახი – მაგდა კალანდაძის ღიად ქვიარ რომანი

თხელტანიან წიგნს ლურჯ-თეთრი ყდით ახალი წლის ღამეს Instagram Story- ზე გადავაწყდი, ,,Et cetera’’-ს სერიის წიგნების დიზაინით მაშინვე გამოვარჩიე და გონებაში მოვინიშნე. წიგნი რამდენიმე დღეშივე ვიყიდე და როგორც ამბობენ, ერთ ამოსუნთქვაში შემომეკითხა. ყველა გრძნობასთან ერთად (რომელთა დალაგებასაც ქვემოთ შევეცდები), პროცესი სახალისოც გახდა: ვიცოდი, ჩემი მეგობრებისთვის ეს წიგნი აუცილებლად უნდა მეთხოვებინა და პატარ-პატარა წარწერებს ვუკეთებდი.

თავიდან ვიფიქრე, რომ რეცენზიას (ან რაიმე მსგავსს) დავწერდი, მაგრამ ,,როგორ დავწეროთ რეცენზიის’’ დაგუგლვამაც კი უკვე ჩარჩოებში მომაქცია, დამძაბა და გადავწყვიტე, უბრალოდ დავმჯდარიყავი და ყველაფრის გარეშე, დამეწერა, რა ვიგრძენი, როცა ჩემთვის ყველაზე პირველი (ვამბობ ,,ჩემთვის’’, რადგან თავს არ ვდებ, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას საუკეთესოდ ვიცნობ) ღიად და რაც მთავარია, მთლიანად ქვიარ ტექსტი წავიკითხე. მეორე პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაფანტული (და გადასარევი) ქვიარ პერსონაჟები ქართველ ავტორებთანაც შემხვედრია და ძალიან(აც) გამხარებია, მაგრამ ასე შეკრულად ქვიარული და თან არა საშინლად ეგზოტიზიცირებული ტექსტი ნამდვილად პირველად წავიკითხე.

ქვიარ ლიტერატურას საუკეთესოდ ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ ფილმებსა და სერიალებში პერსონაჟების ეგზოტიციზაცია ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემაა. გამოცნობაც უმარტივესია, აი, როგორც ფემინისტურ ტექსტებს გამოარჩევ მარტივად – თუ თავს ქალად აიდენტიფიცირებ და კითხვის დროს პერსონაჟთან კავშირს გრძნობ, ანუ პერსონაჟიც ნამდვილია (ალბათ, სხვა და უკეთესი ,,ამოცნობის’’ ხერხებიც არსებობს, მაგრამ მე ეს მიყვარს და მეკომფორტულება ყველაზე მეტად). ჰოდა, ქვიარ პერსონაჟების ,,ამოცნობაც’’ ძალიან იოლია ხოლმე ჩემთვის და ის კავშირი, რომელიც ვახსენე, ,,მეორე ოთახში’’ პირველივე გვერდებიდან ვიგრძენი.

მაგდა კალანდაძე
ფოტო: ნინო ბაიდაური, ქალები საქართველოდან

ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ინტერნალიზირებული ჰომოფობიის პრობლემა ქართულ ლიტერატურაში ასე ღიად დადგა (ისევ: შეიძლება ასეთივე იდეის ტექსტები არსებობს, მაგრამ ასე ღიად მე ჯერ ნამდვილად არსად წამიკითხავს) და განა სადმე შორიდან და დისტანციიდან, არამედ მთელი პლოტი ამ პერსპექტივიდან აიგო. თან, იმდენად ბუნებრივად, რომ კითხვის დროს, თუ საკმარისად გაცნობიერებული არ გაქვს, რას ნიშნავს ინტერნალიზირებული ჰომოფობია, ელენეს, ნარატორის, ფიქრებსა და მიდგომებში რამე საგანგაშო შეიძლება ვერც კი დაინახო.

აქვე, არ უნდა გამომრჩეს, თუ როგორ კარგად არის გაშლილი ადამიანის შეხედულებებსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების საკითხი. ელენეს ყველა ურთიერთობა – თუნდაც მხოლოდ დედასთან (და ასეთი დედები სახლში თუ არა, კარის მეზობლად მაინც გვყავს ყველას ) – ტრავმატული გამოცდილებით სრულდება  და ბოლოს, ანუ მაშინ, როცა მკითხველი ელენეს გაცნობას იწყებს, იმ მენტალურ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომელიც ყველასთვის და მათ შორის, ლენასა და მისი მეგობრებისთვის, შეუმჩნეველი ხდება. საერთოდ, კითხვისას ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ ელენეზე არავინ ზრუნავს და არც არასდროს არავის უზრუნია, გარდა ლილისა (ალბათ, ჩემი საყვარელი პერსონაჟისა), რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაზე ჯანსაღი ადამიანია ელენეს გარემოცვაში.

ახალ პერსპექტივასთან ერთად, ტექსტი ახალ სივრცეს ქმნის აქტივიზმისთვის და განსაკუთრებით ქვიარ აქტივიზმისთვის, რაც ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ძალიან საინტერესოა. ლენას და მის მეგობრებს სტატიებიდან, ბლოგებიდან, ვიდეორგოლებიდან ვიცნობ და მათი ხედვაც ჩემთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია – ელენეს, ანუ ამ ყველაფრისგან დისტანცირებული ადამიანის გადმოსახედიდან, მთლიანი სურათი კი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 17 მაისის, როგორც ქართული ქვიარ აქტივიზმის ერთგვარი სახის გამოტანა, რამაც ჩემთვის, გარკვეულწილად, ქართული სივრცის შეგრძნება შექმნა – ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი (სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე) გრძნობა იყო, რაც კითხვის პროცესში გამიჩნდა.

რადგან პატარ-პატარა სპოილერებს თავი ვერ ავარიდე, მაინც ვეცდები, მთავარს გვერდი ავუარო და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დასასრულის დაბნეულობა ვერაფერმა გამიფანტა, სანამ სულ ცოტა ხნის წინ მაგდა კალანდაძის ბლოგი არ წავიკითხე და რაღაცები ერთმანეთს მეტ-ნაკლებად დავუკავშირე.

დასკვნების წერა არასდროს გამომდის, ეს სტატიაც ვერანაირ ჩარჩოში მოვაქციე – მოკლედ, ჩემი 2022 წელი ღიად ქვიარ რომანით დავიწყე და იმედია, წელსაც და შემდეგ წლებშიც მხატვრული ლიტერატურის ქართულ სივრცეში უფრო მეტი ღიად ქვიარ ტექსტი შეიქმნება, მანამდე კი მაგდა კალანდაძის ,,მეორე ოთახი’’ არავითარ შემთხვევაში გამოტოვოთ.

 

 

ავტორი: ანამარია 

 

საბერძნეთმა „გარდაქმნის თერაპიაში“ არასრულწლოვანთა ჩართვა აკრძალა

საბერძნეთმა „გარდაქმნის თერაპიაში“ არასრულწლოვანთა (თემის წევრებისა და სამედიცინო ექსპერტების მიერ მკაცრად დაგმობილი პრაქტიკა, რომელიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლას ისახავს მიზნად) ჩართვა და სარეკლამო მასალების გავრცელება აკრძალა.

ახალი კანონის თანახმად, რომელიც საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო, ფსიქოლოგებსა და სამედიცინო მუშაკებს საზიანო პრაქტიკის ჩასატარებლად ადამიანის ცხადი და გაცნობიერებული თანხმობა დასჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ელით.

„ყალბი მკურნალობის მეთოდები ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანთა სექსუალური ორიენტაციის შეცვლა შესაძლებელი იყო და მშობლების მიმართვის შემთხვევაში, ბავშვების „განკურნება“ შეეძლოთ. ამ პრაქტიკას არც თერაპიასთან აქვს რაიმე საერთო და არც მეცნიერულად გამართლებულია“, — აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრისმა პარლამენტში გამოსვლისას.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2025 წლამდე გენდერული თანასწორობის მიმართულებით ცვლილებებს ისახავს მიზნად.

პლევრისის თქმით, საბერძნეთი ინტერსექსი და ატიპური ქრომოსომებით დაბადებული ბავშვებისთვის ოპერაციის ჩატარებასაც აკრძალავს, რადგან მსგავსი ჩარევა რეპროდუქციულ ანატომიაზე გავლენას ახდენს.

წყარო: Reuters

გაიცანი უფლებადამცველი: ნათია გვიანიშვილის მრავალწლიანი ბრძოლა ლგბტქი უფლებებისთვის

თუ ღვინო, დუდუკი, ქალები, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ქვიარების, ნათია გვიანიშვილისა და თინი ნოღაიდელის „ჟიზნენი პოდკასტი-სუფრა“ არ მოგისმენიათ, ქვიარ და ფემინისტური თემების, მათ შორის, ქართული სოციალური თავისებურებების, წარსულის გამოცდილებებისა და ხშირად, კომიკური სიტუაციების შესანიშნავი იუმორით განხილვას მოკლებიხართ. თანაც, პოდკასტის ავტორები საკუთარ პირად თუ აქტივისტურ გამოცდილებას იშველიებენ და რთულ თემებზე მსუბუქად, ყველასთვის გასაგებად ჰყვებიან.

ნათია გვიანიშვილი, ჩვენი სტატიის გმირი, 8 წლის განმავლობაში ქართულ ქვიარ და ფემინისტურ აქტივიზმში იყო ჩართული, სანამ ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტდა, მაგრამ ადამიანის უფლებებისთვის შრომა არც ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მიუტოვებია. ამ წლების განმავლობაში მის თვალწინ თითქმის ყველა იმ მნიშვნელოვანმა ამბავმა გაიარა, რომელმაც ლგბტქი უფლებების გაუმჯობესება მოიტანა. უფლებადაცვით საქმიანობამდე კი იყო თვითგამორკვევის პროცესი და გადაწყვეტილება, რომ აქტივიზმში ჩართულიყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლგბტქი თემებზე საჯაროდ საუბარი განსაკუთრებით საფრთხილო იყო. 

თვითაღმოჩენა გარემოში, რომლისთვისაც ქვიარ საკითხები არ არსებობს

თანასწორობის მოძრაობა

იმ დროს ლგბტქი თემის ნებისმიერი წარმომადგენელი ორ — ლესბოსელისა და გეის კატეგორიაში იხარშებოდა და, ფაქტობრივად, არ არსებობდა საუბარი ტრანსგენდერ ადამიანებზე. ეს განხილვა ხდებოდა ძირითადად ჩურჩულით და ნეგატიურ ჭრილში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გამო, ბევრად დიდი დრო დამჭირდა თვითგამორკვევისთვის, ვიდრე, როგორც წესი, დღევანდელ ახალგაზრდებს სჭირდებათ.

„მე, როგორც 1986 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს, ზოგად საშინელ მდგომარეობას და უინტერნეტობას მოესწრო, ინფორმაციაზე წვდომის ბევრად ნაკლები შესაძლებლობა მქონდა. სექსუალობის შესახებ დამოუკიდებლად რომ მოგეპოვებინა ინფორმაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და ამასთან, სასკოლო მასალებში საერთოდ ვერ იპოვიდი სექსუალური განათლების საკითხებს. იმ დროს ლგბტქი თემის ნებისმიერი წარმომადგენელი ორ — ლესბოსელისა და გეის კატეგორიაში იხარშებოდა და, ფაქტობრივად, არ არსებობდა საუბარი ტრანსგენდერ ადამიანებზე. ეს განხილვა ხდებოდა ძირითადად ჩურჩულით და ნეგატიურ ჭრილში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გამო, ბევრად დიდი დრო დამჭირდა თვითგამორკვევისთვის, ვიდრე, როგორც წესი, დღევანდელ ახალგაზრდებს სჭირდებათ. საბედნიეროდ, გამიმართლა და ჩემს ოჯახში ჰომოფობიური განწყობები არ იყო. როცა მოზარდობისას ვიკითხე, რა იყო ჰომოსექსუალობა, დედაჩემმა დამსვა და ნეიტრალურად, მეცნიერული ტერმინებით ამიხსნა. იმას არ ვამბობ, რომ ჩემს მშობლებს სტერეოტიპული განწყობები არ ჰქონდათ, ბუნებრივია, ექნებოდათ იმ ინფორმაციისა და ცოდნიდან გამომდინარე, რომელიც თავის დროზე მათ საბჭოთა სისტემაში მიიღეს. მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან უარყოფის და სიძულვილის დამოკიდებულება არ ყოფილა, რამაც საკუთარი თავის მიღება გამიადვილა“, — ჰყვება ნათია 90-იან წლებზე, როცა ლგბტქი თემებს არ განიხილავდნენ, ან განიხილავდნენ ნეგატიურ ჭრილში – ჩურჩულით, და იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა საკუთარ სექსუალობაზე კითხვები პირველად დასვა.  

„პირველად იმაზე ფიქრი, რომ ჰეტეროსექსუალი არ ვარ, 15-16 წლის ასაკში დავიწყე, მაგრამ ძალიან დიდი ხანი ეს მეგონა ფაზა, რომელიც ჩემი განვითარების ერთ-ერთი ნაწილი იყო და „გამივლიდა“. ამიტომ ამ თემაზე მეგობრებისთვისაც კი არ მითქვამს რამე, ველოდი, როდის მომეწონებოდა ბიჭი, რაც, რა თქმა უნდა, არა და არ ხდებოდა. მერე უკვე იმის გაცნობიერება მოვიდა, რომ ეს ფაზა არ არის, რომელიც გადაივლის. რაღაც კონვერსიული დახმარების ძიება არასდროს დამიწყია, რადგან ვთვლიდი, რომ ან გამივლიდა, ან მომიწევდა დათანხმება, რომ ეგაა, რაცაა. საბოლოოდ, საკუთარ თავთან თანხმობა ვიპოვე და 22-23 წლის ვიქნებოდი, როცა ორგანიზაციაში მივედი. პროცესი ამგვარი იყო და რთულია, როცა მარტო ხარ, მაგრამ კარგია ის, რომ ოჯახისგან წნეხი არ მქონია. როცა თავიდან კითხვები დავსვი, ეს ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილად აღვიქვი და გარეთ პასუხების ძიება არ დამიწყია, თუმცა სექსუალობასთან დაკავშირებით ქართულენოვანი მასალები ფაქტობრივად არც არსებობდა და წყარო უცხოენოვანი იყო. ჩემი თავდაპირველი მიდგომა, რაც, ალბათ, ერთგვარი თავდაცვა იყო, პასუხების ძიებაზე უარის თქმა იყო, მოგვიანებით ფონდი ინკლუზივი და ჟურნალი „მე“ იქცა იმ წყაროებად, რომლებიც საკუთარ სექსუალობაზე ინფორმაციის ძიების გზად იქცა ბევრისთვის. სტუდენტობისას ბევრად გაიოლდა ინფორმაციის მოძიება და ბევრი ადამიანიც გავიცანი, პირველი ადამიანიც, რომელიც მომეწონა ქვიარ სოციალური სიტუაციიდან არ გამიცნია. სულ სხვა ჯგუფიდან გავიცანით ერთმანეთი და იმის დაფიქსირებაც მარტივად მოხდა, რომ ერთმანეთი მოგვწონს. მისგან ბევრ რამეს ვიგებდი და ორგანიზაციის შესახებაც მოგვიანებით მისგან გავიგე“.

ფონდ ინკლუზივში მისვლა — აქტივისტური საქმიანობის დასაწყისი

ნეტგაზეთი

ვხვდებოდი, რომ საზოგადოება მაჩუმებდა და ამასთან შეგუება მიჭირდა. მინდოდა, რომ ჩემთვის საჭირბოროტო საკითხები, ნაცნობებისთვის მნიშვნელოვანი თემები თუ იმ ადამიანების გამოცდილებები, რომლებიც ოფისში მოდიოდნენ, საჯაროდ თემის წევრს გაეჟღერებინა.

აქტივიზმში 2009 წლიდან ჩაერთო. უფლებადაცვითი საქმიანობით ფონდ ინკლუზივისა და WISG-ის საერთო ოფისში მისვლიდან მალევე დაინტერესდა და რისკების მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ესაუბრა. როგორც იხსენებს, ლგბტქი საკითხების განხილვა ქვიარ ადამიანების გარეშე, ხშირად ნაკლები მგრძნობელობით ხდებოდა და ვერ უმკლავდებოდა განცდას, თითქოს საზოგადოება მის გაჩუმებას ცდილობდა.

„აქტივიზმში 2009 წლიდან ვიყავი ჩართული. როცა ორგანიზაციაში მივედი, ფონდი ინკლუზივი და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) იზიარებდნენ ოფისს, სადაც კინოჩვენებები, დისკუსიები ეწყობოდა და თემის წევრები უბრალოდ უსაფრთხო სივრცეში ერთიანდებოდნენ. იქამდე ხელს მიწყობდა ის ფაქტი, რომ ინგლისური ვიცოდი და ინფორმაციის ძიება შემეძლო, თუმცა მაგ პერიოდში ადამიანები გავიცანი, ფემინისტური აქტივიზმით, ქვიარ და ფემინისტური თეორიითა თუ დისკუსიით დავინტერესდი. თავიდან შეხვედრების ორგანიზებაში თუ სხვა აქტივობებში ვიღებდი მონაწილეობას, მოგვიანებით იდენტობა დაარსდა და იქ ვმუშაობდი, მერე ისევ WISG-ში დავბრუნდი.

რისკების მიუხედავად, აქტივიზმში ჩართვა და საჯაროდ ქამინგაუთი რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე: პირველი ის იყო, რომ ოჯახში იცოდნენ ჩემი ორიენტაციის შესახებ და მიუხედავად მათი ლოგიკური შიშისა, არ მიწევდა რაღაცების მალვა, რაც საჯაროდ საუბრის თავისუფლებას მაძლევდა, მეორე ფაქტორი ის იყო, რომ ქამინგაუთის სირთულის გამო, ნებისმიერი სახის დისკუსია ჩვენ გარეშე ხდებოდა და ან ჰომოფობები საუბრობდნენ ჩვენს უფლებებზე ან თემის მხარდამჭერები. ერთეული იყო შემთხვევები, როცა თემის წევრები მედიასაშუალებებით აქტიურად განიხილავდნენ ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც უსუსურობის განცდას მიქმნიდა. ვხვდებოდი, რომ საზოგადოება მაჩუმებდა და ამასთან შეგუება მიჭირდა. მინდოდა, რომ ჩემთვის საჭირბოროტო საკითხები, ნაცნობებისთვის მნიშვნელოვანი თემები თუ იმ ადამიანების გამოცდილებები, რომლებიც ოფისში მოდიოდნენ, საჯაროდ თემის წევრს გაეჟღერებინა და ხალხს ჩვენი ხმა გაეგო“, — გვიყვება ნათია აქტივისტური საქმიანობის დასაწყისისა და საჯაროდ ქამინგაუთის შესახებ საუბრისას. 

პირველი შეჯახება სისტემასთან და ქვიარ ადამიანებზე თავდასხმა, რომელიც სახელმწიფოს არ აღელვებდა

გიორგი გოგუა / ლიბერალი

ქართველი ლგბტქი ადამიანისთვის არცერთი ხელისუფლება არაა და იმ დროს მით უფრო არასერიოზულად ეკიდებოდნენ ქვიარ ადამიანებზე თავდასხმას.

ერთ-ერთი პირველი ღიად ლესბოსელი ადამიანი იყო, რომელიც ლგბტქი უფლებებისთვის აქტიურად მუშაობდა კვლევების, სათემო მობილიზაციის თუ ადვოკატირების მიმართულებით. აქციაზე იყო 2012 და 2013 წლებშიც, როცა ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები მოხდა, თუმცა სისტემის გულგრილობას, მეტიც, ძალმომრეობას, პირველად მაშინ შეეჯახა, როცა 2009 წელს ფონდ ინკლუზივის ოფისი დაარბიეს.

„2009 წელს, როცა ფონდი ინკლუზივის ოფისი პოლიციამ დაარბია, უკვე ჩართული ვიყავი აქტივიზმში. დახურული გამოფენისთვის ვემზადებოდით და ხშირად საღამოებს ოფისში ვატარებდით. იმ დღეს არ ვიყავი ადგილზე და მეგობრებს ვწერდი, რომლებიც არ მპასუხობდნენ, მერე ერთ-ერთმა მეგობარმა მომწერა, რომელმაც მითხრა, რომ ოფისში პოლიცია შეიჭრა. კარგა ხნის განმავლობაში ვერაფერს ვიგებდით, მერე აქტივისტებს ტელეფონებიც ჩამოართვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში დამამცირებელი მოპყრობის, საჯაროდ დაქამინგაუთების მუქარის ატანა უწევდათ. მეორე დღეს მივედი ადგილზე და ოფისიც ამოტრიალებული იყო. ლგბტქი თემები საქართველოში პოლიტიკური სპეკულაციის იარაღია და ისიც ვიცოდი, რომ ჰომოფობიურ გარემოში გვიწევდა ყოფნა, თუმცა ეს იყო პირველი შეჯახება სისტემასთან, რომელმაც ეს არასამართლებრივი ქმედებები არც კი გამოიძია. ქართველი ლგბტქი ადამიანისთვის არცერთი ხელისუფლება არაა და იმ დროს მით უფრო არასერიოზულად ეკიდებოდნენ ქვიარ ადამიანებზე თავდასხმას“, — იხსენებს ფონდ ინკლუზივის დარბევას და ჰყვება ხელისუფლების გულგრილობის საპირწონედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის შესახებ.

ქვეყნის დასავლური კურსი და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა

File:European Gay Flag.png - Wikimedia Commons

ლგბტქი ადამიანები ვარსებობდით ყოველთვის და ყველგან, როცა ხელისუფლებისგან ვერავითარ დახმარებას ვერ ხედავ, მხარდაჭერას ეძებ სხვაგან.

„2009 წელს ადვოკატირების პროცესში ჯერ კიდევ არ ვიყავი აქტიურად ჩართული, თუმცა იმ დროიდანვე საერთაშორისო საზოგადოება იყო ქვიარ ორგანიზაციების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. აქტივისტურ საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის ანაზღაურება, ოფისი,  უწყებებთან ურთიერთობისას დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მაშინ უკვე არსებობდა დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობები. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, ქვეყანა აშკარად გამოხატავდა დასავლურ სივრცესთან დაახლოების სურვილს და ვალდებულებებიც არსებობდა, დასავლელი პარტნიორებისგან მხარდაჭერაც მუდმივად იყო, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ინკლუზიური ხდება ეს პროცესი. ამის მიზეზი იმ საზოგადოებების ცვლილებაა, რომლებსაც სხვადასხვა უფლებადაცვითი ინსტიტუტები წარმოადგენენ. 2012 და 2013 წელსაც დიდი მხარდაჭერა არსებობდა, რადგან ძალადობის ცალსახა ფაქტები არსებობდა და ასევე, საუბარი იყო შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვაზე, ძალადობისგან თავისუფალ საცხოვრებელ პირობებზე, ამიტომ საერთაშორისო პარტნიორების, საელჩოების გამოხმაურება აქტიური იყო’’, — გვეუბნება ნათია და ამატებს — „ლგბტქი უფლებებს დასავლეთის გასაშავებლად ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფები აქტიურად იყენებენ, თითქოს ლგბტქი საკითხები დასავლეთის „შემოგდებული“ თემაა, რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. ლგბტქი ადამიანები ვარსებობდით ყოველთვის და ყველგან, როცა ხელისუფლებისგან ვერავითარ დახმარებას ვერ ხედავ, მხარდაჭერას ეძებ სხვაგან, მათ შორის, იმ ქვეყნებთან, რომელთაც იგივე პროცესი უკვე გაიარეს“. 

შეუქცევადი პროგრესი და პოლიტიკური პროცესი, რომელიც თანასწორობის მიღწევას ართულებს

თბილისი პრაიდის 2019 წლის მარში. ანა ზურაბაშვილი-წურწუმია

2013 წელს კონტრაქციაზე იყო ბევრი ადამიანი, რომელსაც ცალსახად ვერ მიაკუთვნებდი მობილიზებულ ჯგუფს, ხოლო 5 ივლისს კარგად ორგანიზებული, ადგილზე ხალხის საცემრად მისული ულტრამემარჯვენე ადამიანთა ჯგუფი ვიხილეთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ძალადობრივ ჯგუფებს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვთ.

2000-იანი წლებიდან დღემდე მიღწეულ პროგრესზე საუბრისას, არაერთ მნიშვნელოვან მიღწევას იხსენებს. მისი თქმით, უმთავრესი ცვლილება სოციალიზაციის სივრცეების გაჩენა და ინფორმაციაზე წვდომის გაიოლებაა.

„პროგრესი შეუქცევადი პროცესია, ახალგაზრდებს ბევრად უკეთ აქვთ გააზრებული თანასწორობის მნიშვნელობა, ინფორმაციის მოძიების და დამუშავების ბევრად მეტი შესაძლებლობა არსებობს და შეიძლება პოლიტიკური პროცესი შენელდეს, თუმცა ცვლილებებს ვერ შეაჩერებ. 2009 წელს, როცა ინკლუზივის ოფისში მივდიოდი და რა შფოთვაც მქონდა, რომ შეიძლება ვინმე ნაცნობს გადავყროდი, დღეს ნაკლებად რელევანტურია. იმ დროს სივრცეები არ არსებობდა, ახლა კი არა მხოლოდ ლგბტქი ორგანიზაციების ოფისებია უსაფრთხო, ბარები, კლუბები, ინიციატივები არსებობს, რომლებშიც ინტერესების მიხედვით ერთიანდებიან ადამიანები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონებში არსებული ინიციატივებია, რაც აქტივისტებს გაძლიერების საშუალებას აძლევს, რადგან ხშირად ეს პროცესი მაინც ცენტრალიზებულია და თუმცა მცირე ოდენობის, მაგრამ რეგიონებში არსებული წამოწყებები მდგომარეობას მნიშვნელოვნად ცვლის. თემიც მნიშვნელოვნად შეიცვალა და იდეოლოგიური ხაზები უკეთ გამოიკვეთა, რის გამოც შეიძლება სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ ეს საინტერესო პროცესია, რომელიც ხილვადობის პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დისკუსიას უწყობს ხელს. ცალსახაა, რომ ბევრად მეტი ძლიერი ორგანიზაცია და ინდივიდუალური აქტივისტები არსებობენ, თბილისში თუ რეგიონებში, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია. საკანონმდებლო ბაზაც, განსაკუთრებით რაღაც პერიოდში, აქტიურად უმჯობესდებოდა, რაც ისევ ორგანიზაციებისა და აქტივისტების დამსახურებაა“, — ამბობს ნათია და მედიის მიმართულებით მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზეც ჰყვება, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მიღწეული პროგრესი ხშირად საგანმანათლებლო სივრცეში თუ საკანონმდებლო ბაზაში ფართოდ არ აისახება — „ასევე, მედიაგარემო გარდაიქმნა და ბევრად მეტი მედიასაშუალება არსებობს, რომელიც ქვიარ საკითხებს ბევრად ობიექტურად აშუქებს. სკანდალური გაშუქებისკენ მიმართული, ფასადურად ობიექტური მიდგომა ისევ არსებობს, როცა ითვლება, თითქოს უფლებადაცვითი მიმართულებით მომუშავე ადამიანები და გურამ ფალავანდიშვილი ორი მხარეა, თუმცა შედარებით შემცირებულია. პრობლემა ისაა, რომ ეს ცვლილებები საგანმანათლებლო სისტემაში ფართოდ არსად აისახება. დიდი გავლენა აქვს საპატრიარქოს და ქართული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა მთავრობაში მყოფი ადამიანები, ქვიარ და ფემინისტური საკითხების მიმართ კონსერვატორები არიან. მაინც მგონია, რომ ხალხის აზრი იცვლება და ხვდებიან, რომ ქვიარ საკითხებით სპეკულაცია და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ სტერეოტიპების განმტკიცება რეალობას აცდენილია. 2013 წლის 17 მაისსა და გასული წლის 5 ივლისს შორის დიდი განსხვავებაა. 2013 წელს კონტრაქციაზე იყო ბევრი ადამიანი, რომელსაც ცალსახად ვერ მიაკუთვნებდი მობილიზებულ ჯგუფს, ხოლო 5 ივლისს კარგად ორგანიზებული, ადგილზე ხალხის საცემრად მისული ულტრამემარჯვენე ადამიანთა ჯგუფი ვიხილეთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ძალადობრივ ჯგუფებს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვთ, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი აღსანიშნავი ცვლილება სოციო-ეკონომიკურ უფლებებზე საუბრის გააქტიურებაა, რადგან აქტივისტური საქმიანობის დასაწყისში იდენტობის პოლიტიკა იყო ცენტრი და მყისიერ საფრთხეებზე რეაქცია, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდით, ჩაგვრას სოციო-ეკონომიკური საფუძველი ამძაფრებს. პანდემიისას კიდევ უფრო გამოიკვეთა ქვიარ თემში სიღარიბის პრობლემა და დისკუსია გააქტიურდა. ყოველივე ზემოთაღნიშნული პროგრესის მანიშნებელია, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ გაუმჯობესებას ანელებს, ხელისუფლება ცვლილებებს ხელს არ უწყობს, სოციალურ ცვლილებებზე, თუნდაც საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებით, საკანონმდებლო ბაზის დახვეწითა და იმპლემენტაციით არ ზრუნავს“.

აქტივისტურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის წაშლილი ზღვარი

სალომე ცოფურაშვილი

ჩემი ცხოვრება სრულად აქტივიზმით იყო მოცული, რაც ბუნებრივი ჩანს, ლესბოსელი ქალი ვარ და ჩემი ყოველდღიური საქმიანობა პირდაპირ ეხება ჩემს ცხოვრებას, ჩემი მეგობრების ცხოვრებას, რომელთა დიდი ნაწილი თემის წევრია. თუმცა, ეს მდგომარეობა ადამიანისგან ტოვებს მხოლოდ აქტივისტურ ნაწილს და აუფასურებს ნებისმიერ სხვა ღირებულებას.

აქტივისტური საქმიანობა მუდმივ სტრესში ყოფნას გულისხმობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვეთრად ჰომოფობიური გარემოს გარდაქმნას ცდილობ და საკუთარ რესურსს ვეღარ ანაწილებ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელზე საუბარი და შრომა მნიშვნელოვანია. ნათია გვიანიშვილი გვეუბნება, რომ წლების განმავლობაში არ ჰქონია გამკლავების არავითარი მექანიზმი, რამაც, ფაქტობრივად, მოშალა ზღვარი აქტივისტურ საქმიანობასა და მის პირად ცხოვრებას შორის, ეს კი გადაწვის წინაპირობად ექცა. 

„გამკლავების მექანიზმების მნიშვნელობასთან დაკავშირებით გაკვეთილი მწარედ ვისწავლე, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ მქონია არავითარი ხერხი. ხშირად მქონდა ბრაზი, რომელთან გამკლავების გზა ამ აგრესიის კონსტრუქციულ ენერგიად გარდაქმნა იყო, ცვლილებების მოტანის საშუალებად ქცევა. ბევრ რამეს არ ვუფიქრდებოდი, მათ შორის, უდიერად ვეპყრობოდი საკუთარ რესურსს, ფაქტობრივად, წაშლილი მქონდა ზღვარი პირად ცხოვრებასა და აქტივიზმს, სამუშაოს შორის. ჩემი ცხოვრება სრულად აქტივიზმით იყო მოცული, რაც ბუნებრივი ჩანს, ლესბოსელი ქალი ვარ და ჩემი ყოველდღიური საქმიანობა პირდაპირ ეხება ჩემს ცხოვრებას, ჩემი მეგობრების ცხოვრებას, რომელთა დიდი ნაწილი თემის წევრია. თუმცა, ეს მდგომარეობა ადამიანისგან ტოვებს მხოლოდ აქტივისტურ ნაწილს და აუფასურებს ნებისმიერ სხვა ღირებულებას გარდა აქტივიზმისა, სწორედ ამან მოიტანა გადაწვა, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, რასთან გამკლავებასაც დღემდე ვცდილობ. ჩემი გამოცდილების გამო სხვებსაც ვურჩევ, რომ, პირველ რიგში, დაფიქრდნენ, როგორია მათი გამკლავების მექანიზმები, ეს შეიძლება მარტივად დასვენება, სოციალური ქსელებისგან მოწყვეტა იყოს ან მიმდინარე პროცესებზე რაღაც პერიოდულობით თვალის მიდევნება, რადგან შეუძლებელია, 24 საათის განმავლობაში აქტივიზმით იყო დაკავებული, ეს აიტანო, რაღაც მომენტში ძირს არ დაგაგდოს“, — იხსენებს ნათია.

საკუთარი თავის აქტივიზმის მიღმა დანახვის სურვილით ქვეყნიდან წასვლა

მე ნათია ვარ, მე განსხვავებული ვარ
დათო ქორიძე / რადიო თავისუფლება

განცდა შემექმნა, რომ წრეზე ვტრიალებ, რაღაცებს ინერციით ვაკეთებ და ვეღარ ვვითარდები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თავი აქტივიზმის მიღმაც დამენახა, რასაც ვერ ვახერხებდი.

ნათია გვიანიშვილი 2017 წელს სასწავლებლად შვედეთში წავიდა, რასაც წინ უძღოდა აქტივისტური საქმიანობის 8-წლიანი გამოცდილება და არაერთი უსამართლობა, რომელთან დაკავშირებითაც სამართალს ვერ პოულობდნენ. მიხვდა, რომ სურდა, საკუთარი თავი აქტივიზმის მიღმაც დაენახა და სასწავლო პროგრამით საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა.

„2017 წელს, როცა ქვეყანა დავტოვე ისევ გადაწვის ზღვარზე ვიყავი. უკვე მომხდარი იყო 2012 და 2013 წლის ამბები, სადაც ვერავითარი სამართალი ვიპოვეთ, ამას დაემატა რამდენიმე თემის წევრის, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალება, რომელთა ნაწილი ძალადობრივად მოკლეს ან სოციალური მდგომარეობა, სიღარიბე იქცა გარდაცვალების მიზეზად. ყველაფერმა ერთად ჩემზე იმოქმედა და განცდა შემექმნა, რომ წრეზე ვტრიალებ, რაღაცებს ინერციით ვაკეთებ და ვეღარ ვვითარდები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თავი აქტივიზმის მიღმაც დამენახა, რასაც ვერ ვახერხებდი. ამას ემატებოდა არასამთავრობო სექტორში მუშაობისას მუდმივი გადატვირთვა, საკეთებელი საქმის სიმრავლე და რესურსი, რომელიც საკმარისი არ არის. სხვადასხვა გზებითა და პროექტებით გიწევს დანაკლისის შევსება და მუდმივმა სტრესმა მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ დროებით რაღაც უნდა შემეცვალა. შვედეთში გლობალური პოლიტიკის სწავლისთვის სტიპენდია მოვიპოვე, რაც ადვოკატირების გამოცდილების გამო საინტერესო იყო. ვფიქრობდი, რომ ერთი წელი გავჩერდებოდი, გამოვერკვეოდი, მაგრამ სწავლისას გამოჩნდა ადგილობრივ ორგანიზაციაში დასაქმების შესაძლებლობა, რომელიც საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგომარეობაზეც აკეთებს აქცენტს. საქართველოში აქტივისტურ სივრცეში ბევრი მიცნობდა და აქ დიდი გამოწვევა იყო ისიც, რომ ფაქტობრივად ნულიდან უნდა დამეწყო ყველაფერი, რაც კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც ვაკანსიამ დამაინტერესა, თანაც, ზოგადად, რეგიონში არსებული მდგომარეობა მაინტერესებს და მინდოდა, საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებზეც მემუშავა. ახლაც ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ ადვოკატირების მიმართულებით, გაეროს სტრუქტურებთან ვურთიერთობ აქტიურად და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხებზე ვმუშაობ, ამჟამად კონკრეტულად უკრაინის მდგომარეობაზე“, — ამბობს ნათია ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას და ამბობს, რომ ამ ამბავს თან სინდისის ქენჯნა ახლდა. საქართველოში ის თემი დარჩა, რომელთანაც დიდი ბმა აქვს, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თემებზე მუშაობას არანაკლებ მნიშვნელოვნად თვლის — „ქვეყნიდან წამოსვლას თან ახლდა სინდისის ქენჯნა, რადგან ვიცოდი, რომ საქართველოში დარჩენილებს ბევრად მძიმე ყოველდღიურობის ატანა უწევდათ. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მიმეღო ფაქტი, მეც ადამიანი ვარ და უფლება მაქვს ჩემთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღო, თანაც აქტივიზმიდან არ წავსულვარ და მგონია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მუშაობა ზრდის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ჩემი კონტრიბუციაც მნიშვნელოვანი მგონია. ჩემი თემი საქართველოშია, ბევრად დიდი ბმა მაქვს და წამოსვლის მერე კიდევ უფრო გადავაფასე და დავაფასე ბევრი რამ, შორიდან უკეთ დავინახე, რამდენად დიდი პროგრესი მიიღწა და იმ თანამებრძოლების შრომაც აღვიქვი, რომლებიც ბევრ რამეს აკეთებდნენ, აკეთებენ და ცვლილებების მოტანას ხელი შეუწყვეს. მიჭირდა და ჯერ კიდევ მიჭირს იმის გაანალიზება, რა ფორმით შეიძლება ვიყო ქართულ აქტივიზმში ჩართული, თან მგონია, რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს აუცილებლად უნდა ეთქმოდეთ სიტყვა, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ იმ ყოველდღიურობაში აღარ ვართ, რომელშიც საქართველოში დარჩენილი თემის წევრები არიან. მე აღარ მაქვს 100%-იანი აღქმა იმ პროცესების, რაც მანდ ყოველდღიურად მიმდინარეობს, ყოველდღიურად კი ვეცნობი მდგომარეობას, მაგრამ განცდის დონეზე მაინც მოწყვეტილი ვარ გარემოს. შესაბამისად, რთულია ბალანსის დაცვა, იმ პოზიციის განსაზღვრა, რომლიდანაც ადგილობრივ თემებზე საუბარს თავისუფლად შევძლებ. მუდამ ვეძებ ჩართულობის გზებს, თუმცა, პირველ რიგში, პატივისცემის საკითხია, რომ ვინმეს ჭკუა არ ვასწავლო და დაშვებები არ ვაკეთო“.

ქვიარ პოდკასტით გამოთავისუფლებული სათქმელი

ღვინო, დუდუკი, ქალები

ქვიარობა ძალიან რთულია, მაგრამ ბევრი ბედნიერებაც არის და ადამიანები ახერხებენ, რომ ეს აღმოჩენები გააკეთონ, რაღაცები პოზიტიურად დაინახონ.

თინი ნოღაიდელისა და ნათია გვიანიშვილის ქვიარ და ლესბოსური პოდკასტი გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ნათიას თქმით, ეს იყო საქართველოში დარჩენილ თემის წევრებთან კონტაქტის, წლების განმავლობაში დაგროვებული ცინიზმის გამოთავისუფლებისა და მწვავე თემებზე იუმორით საუბრის შესაძლებლობა.

„ფემინსტრიმის პოდკასტების სერიაში ვიყავი ჩართული და იმ პერიოდიდან მიყვარს კეთება, ადამიანებთან საუბარიც მიყვარს და ამავდროულად, ქართულ თემთან ურთიერთობის დანაკლისის შევსებაც იყო ღვინო, დუდუკი, ქალები. დიდი ხნის წინ მქონდა ანონიმური ბლოგი, რომელზეც სექსუალობაზე ვწერდი და უამრავი ადამიანი მიკავშირდებოდა და მეუბნებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს აქტივობა, მერე უკვე, როცა საჯაროდ დავიწყე საუბარი და უცნობი თემის წევრებისგან დადებით უკუკავშირს ვიღებდი, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. მიმაჩნია, რომ გარკვეულ თემებზე მსგავსი კონტენტის შექმნა მომგებიანია. მე და თინიმ ერთმანეთი სტოკჰოლმში გავიცანით და დავმეგობრდით. ერთ საღამოს აქტივიზმზე ვსაუბრობდით და პოდკასტის იდეაც მანდედან, რეალურად, ხუმრობებიდან დაიბადა. თინი ექსპრესიული, ექსტრავერტი ადამიანია, მე ბევრად მშვიდი, უფრო ინტროვერტი და პოდკასტშიც მსგავსი დინამიკა იგრძნობა, ერთმანეთს ვაბალანსებთ. ჩემთვის სათქმელის იუმორის მეშვეობით გაჟღერება მნიშვნელოვანი იყო, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, როცა მუდმივად სტრესში ვიყავი, რიგ საკითხებზე ხუმრობა მიჭირდა, ზედმეტად სერიოზულად ვუყურებდი ყველაფერს. წლების განმავლობაში დაგროვებული სარკაზმი პოდკასტმა გამომათავისუფლებინა, თან ამ პროცესს თვითკრიტიკა, თვითირონიაც ახლავს. იუმორი სერიოზული თემების ხალხამდე მარტივად მიტანას უწყობს ხელს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარემო მძიმეა. ძირითადად, ქვიარ საკითხები ძალადობრივი ამბების გაშუქებამდე დადიოდა და ბოლო დროს პოზიტიური ხილვადობის ზრდა მნიშვნელოვანია, რასაც ამ პოდკასტითაც ვუწყობთ ხელს“, — გვიყვება ნათია პოდკასტზე და საუბრის დასასრულს ქართველ ქვიარებს სოლიდარობას უცხადებს — „თემის წევრებს უკუკავშირისთვის, მოწონებისთვის მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან ეს მანიშნებს, რომ რაღაცებს სწორად ვშვრებით. მინდა, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოში მყოფი თემის ნებისმიერი წევრის მიმართ, რადგან ქვიარობა ძალიან რთულია, მაგრამ ბევრი ბედნიერებაც არის და ადამიანები ახერხებენ, რომ ეს აღმოჩენები გააკეთონ, რაღაცები პოზიტიურად დაინახონ“.

ღვინო, დუდუკი, ქალების მოსმენა dudukiqalebiii.buzzsprout.com-ზე, Spotify-ზე და Amazon Music-ზე შეგიძლიათ.

ლიდია მეტრალი – ფოტოგრაფი, რომელიც ქვიარ ადამიანების ხმების გაძლიერებას ცდილობს

,,ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სხვანაირი ვიყავი, რაღაც ,,არასწორი” ხდებოდა ჩემ თავს”, – ამბობს ფოტოგრაფი ლიდია მეტრალი – ,,მე ვერასოდეს შევასრულებ საზოგადოების მოთხოვნებს საკუთარ გენდერთან და ფემინურობასთან მიმართებაში”. სწორედ ამ ემოციამ, საზოგადოებასთან შეუსაბამობამ და საზოგადოების მოთხოვნებზე უარის თქმამ, აიძულა ლიდია, შეექმნა თავისი ფოტო სერია Les insouciants (უდარდელი).  მას სურდა აღებეჭდა ის ახალგაზრდები, რომლებიც თავს განსხვავებულად გრძნობენ, ადამიანები, რომლებიც ვერ თავსდებიან საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებში და ცდილობენ, თავი დააღწიონ მათ მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს. ლიდიამ ჩათვალა, რომ საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებულ კითხვებს სხვა, მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების გადაღებით უპასუხებდა.

საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი არტისტი იხსენებს, რომ პატარა ასაკიდან გარემოცული იყო ხელოვნების სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმით. ლიდიას მამა და ბებია-ბაბუა ფოტოგრაფიისა და კომიქსების დიდი მოყვარულები არიან და სწორედ მათ აზიარეს კომიქსებისა და ანიმეების კულტურას, კინოს და სატელევიზიო სერიალებს. მან ფოტოების გადაღება მეგობრების აღბეჭდვით დაიწყო. თავდაპირველად, მისი მიზანი არ ყოფილა რამე ღირებულის შექმნა, უბრალოდ, თავისი მოგონებების შენახვა სურდა.

2010-იანი წლების დასაწყისში, 25 წლის ლიდიამ დაიწყო ზრუნვა, რომ თავისი ფოტოგრაფიული უნარები და პრაქტიკები მეტად დაეხვეწა. ამავე დროს ის მუშაობდა ბიზნესთან და ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპანიაში, იტანჯებოდა დეპრესიით და ფიქრობდა, თავი დაეღწია რუტინული საქმისთვის და ვიზუალურ ხელოვნებასთან უფრო მჭიდროდ დაეკავშირებინა თავისი ცხოვრება. სწორედ ამ მიზნით, დაიწყო თეატრის შესწავლა, რაც, მისი შეფასებით, ,,კათარსისული გამოცდილება” აღმოჩნდა. ლიდია იღებდა ახალგაზრდა მსახიობების პორტრეტებს და აღბეჭდავდა თავის ურთიერთობას იმდროინდელ შეყვარებულ გოგოსთან, რომელმაც უბიძგა ფოტოგრაფიისთვის მეტი დრო დაეთმო და გააცნო ნან გოლდინის შემოქმედება, რომლის ფოტოებიც დიდი შთაგონება აღმოჩნდა არტისტისთვის.

სხვადასხვა სერიაზე მუშაობისას, ლიდიამ მხოლოდ ანალოგში მუშაობა გადაწყვიტა – მას სურდა, მეტად ფოკუსირებულიყო და ეკრანს არ მიეცა ყურადღების გაფანტვის საშუალება: ,,ახლა მე ვიღებ უფრო ნაკლებ ფოტოს, ვიდრე ვიღებდი ციფრულ ფორმატში, თუმცა მეტად კონცენტრირებული ვარ დეტალებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ვუკავშირდები ჩემს მოდელებს”. არტისტი ყოველთვის ცდილობს, კომფორტი შეუქმნას თავის მოდელებს და სწორედ ამიტომ იმ სივრცეებში იღებს, სადაც ისინი უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს – ,,ვცდილობ, მაქსიმალურად ვიზრუნო მათზე, ასევე, ვიზრუნო იმაზე, თუ როგორ წარმოვაჩენ მათ”.

ეს მიდგომა კარგად ჩანს მის ერთ-ერთ საყვარელ ფოტოში, ვირჯინიას პორტრეტში. ფოტოში ვირჯინია კამერას უყურებს, ხელებით შიშველ მკერდს იფარავს. ლიდია განმარტავს, რომ ამ ფოტოს ძალა ვირჯინიას დიდსულოვნებაშია, მას არ ენანება გაზიარება. ერთ საღამოს ვირჯინიამ არტისტი სახლში დაპატიჟა ვახშამზე, სახლში ლიდიას ვირჯინია და ვირჯინიას დედა დახვდნენ, ისინი ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ: ,,ფოტოების გადაღებაზე მეტად, ჩემს მოდელებთან დროის გატარება მიყვარს”.

არტისტის თქმით, ფოტოების სერიის შედეგად, მან ძალიან ბევრი გაიგო თავისი საზოგადოების შესახებ – ,,მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თემის წევრი იყო, მარტივი დასაშვებია, რომ შენი აღქმა შეზღუდული იყოს და გჭირდებოდეს ახალი პერსპექტივების დანახვა, დღეს უფრო მეტად გათვითცნობიერებული ვარ”. ლიდია მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩაგრულებს გააჩნდეთ თავიანთი სივრცეები და პლატფორმები, სადაც ცრუ შთაბეჭდილებებისა და ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლა შეეძლებათ. ,,ჩემი მიზანია, ვაჩვენო ეს მშვენიერი ადამიანები, გავაძლიერო მათი ხმა და დავეხმარო თავიანთი სივრცის პოვნაში“ , – აჯამებს ლიდია.

ფოტო: ლიდია მეტრალი

წყარო: IT’S NICE THAT

 

 

 

 

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 34-ე ადგილზეა

ILGA-Europe-ის განახლებული რუკის მიხედვით, რომელიც ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით ევროპაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა.

2021 წლის რუკაზე საქართველო ლგბტქი უფლებადაცვითი კუთხით არსებული 27%-იანი კოეფიციენტით, 32-ე ადგილზე იყო, ახლა კი, 25%-იანი ინდექსით, პოზიცია 2 საფეხურით გაუარესდა. საქართველოს ყველაზე მაღალი, 53%-იანი კოეფიციენტი თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს კუთხით აქვს, რასაც 50%-იანი შედეგით სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფალი სივრცეებზე ხელმისაწვდომობა მოჰყვება, 26%-იანი კოეფიციენტი გვაქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის გამოყენების მიმართულებით, ამას მოსდევს ოჯახური მდგომარეობის მიმართულებით არსებული 11%-იანი ინდექსი და გენდერის სამართლებრივად აღიარების კუთხით არსებული 6%-იანი შედეგი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი ევროპის რუკაზე ბოლო 4 ადგილს ინაწილებენ. 2,41%-იანი კოეფიციენტით ბოლო, 49-ე ადგილზე აზერბაიჯანია, 48-ე ადგილზე 4%-იანი კოეფიციენტით თურქეთია, 47-ეზე სომხეთია 7,5%-ით, ხოლო 46-ეზე რუსეთი, რომლის ლგბტქი უფლებების კოეფიციენტი 8,45%-ს შეადგენს. 

ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიმართულებით არსებული მდგომარეობით პირველ ათეულში მალტა (92,02%), დანია (73,78%), ბელგია (71,51%), ნორვეგია (68,3%), ლუქსემბურგი (68,03%), შვედეთი (67,97%), საფრანგეთი (64,18), მონტენეგრო (63,43%), ისლანდია (62,88%) და პორტუგალია (62,03%) არიან. 

ამასთან, ევროპის მასშტაბით, ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიმართულებით არსებული კოეფიციენტი 38%-ს შეადგენს, ხოლო ევროკავშირში ეს ინდექსი 48%-ს აღწევს.

ინდოელი ექიმის თქმით, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციით ტრანსგენდერ ქალს შვილის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს

ინდოელი ექიმის თქმით, იმედისმომცემი მოლოდინი აქვს, რომ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის საშუალებით ტრანსგენდერ ქალებს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. 

„მსოფლიოს მასშტაბით, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის 70-ზე მეტი პროცედურაა ჩატარებული და სულ მცირე, 23 ბავშვი ამ გზით დაიბადა. ეს მიანიშნებს, რომ ამის საშუალებით ბავშვის გაჩენა შესაძლებელია და შვილად აყვანისა და სუროგაციის გარდა, კიდევ ერთი მეთოდი არსებობს, თუმცა პროცედურას მნიშვნელოვანი რისკები ახლავს თან, მათ შორის, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევები და მედიკამენტები, რომლებიც იმუნურ სისტემას განგებ ასუსტებს, რათა ორგანიზმმა საშვილოსნო არ უარყოს. ტრანსპლანტაციის წარუმატებლობის რისკი ამ დროისთვის 30%-ს აღწევს“, — აღნიშნულია 2021 წლის ანგარიშში.

პირველი წარმატებული ტრანსპლანტაციის პროცედურა 2014 წელს შვედეთში შედგა, მომდევნო კი 2 წლის შემდეგ, აშშ-ში. 

ახლა კი ექიმი ნარენდრა კაუშიკი საშვილოსნოს ტრანსპლანტაციას ტრანსგენდერი ქალის ორგანიზმში გეგმავს.

„ეს მომავალია. ზუსტად არ ვიცით, როდის, მაგრამ ეს ძალიან მალე მოხდება. გეგმები და პოზიტიური მოლოდინი დიდი ხანია გვაქვს“, — აღნიშნა ექიმმა The Mirror-თან საუბრისას.

ისაბელა თალუნდმა, დანიელმა ტრანსგენდერმა ქალმა, ინდოეთში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა ექიმ კაუშიკის დახმარებით, პროცედურა ჩაიტაროს. მისი თქმით, „ეს ახდენილი ოცნება იქნება“.

აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია ჯერ კიდევ ექსპერიმენტული, სარისკო პროცედურაა, რომელიც იშვიათად კეთდება და ძალიან ძვირი ჯდება.

წყარო: Gay Times