მაისი 2022

სტივენ ფრაი მეორე მსოფლიო ომის ქვიარ გმირებზე დოკუმენტურ ფილმს აანონსებს

Yahoo! News-ის ცნობით, ბრიტანელი მსახიობი და კომედიანტი სტივენ ფრაი ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ბრიტანული არხისთვის, Channel 4-ისთვის მზადდება, გვიამბობს ორი ქვიარ არტისტის ისტორიას და ბრძოლას ნაცისტების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს.

„მანამ, სანამ რიკ კარმიქაელი და ჯონ ჰეი გამომიგზავნიდნენ ამ არაჩვეულებრივ კვლევას, მე არაფერი მსმენოდა ვილემ არონდეუსისა და ფრიდა ბელინფანტეს – მეორე მსოფლიო ომის ნამდვილი გმირების შესახებ“, – ამბობს 64 წლის მსახიობი.

ახალ დოკუმენტურ ფილმს „ვილემი და ფრიდა: წინააღმდეგობის ისტორია“ ერქმევა და მოგვიყვება არტისტი ვილემისა და ჩელისტი ფრიდას ისტორიას, რომლებიც ჰოლანდიაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა და ნაცისტების აღზევებამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და არტისტებმა გადაწყვიტეს, კარიერა მიეტოვებინათ და ებრაელებს დახმარებოდნენ.

ქვიარ არტისტები ერთად მუშაობდნენ, აყალბებდნენ დოკუმენტებს ებრაელებისთვის და სახელმწიფო უწყებების შენობებს აფეთქებდნენ, რათა ნაცისტებს ებრაელების გაყალბებული პასპორტები ვერ გადაემოწმებინათ.

,,მარტო ის ფაქტი, რომ არტისტები ღიად ქვიარები იყვნენ 1930-იან წლებში, უკვე საკმარისზე მეტია, თუმცა ჩემთვის კიდევ უფრო გასაოცარი აღმოჩნდა მათი ძალა და გამბედაობა, როცა ნაცისტებმა ებრაელების დევნა დაიწყეს”, – ამბობს ფრაი Yahoo! News-თან – ,,ამ კითხვას ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს – რას ვიზამთ, თუ ჩვენს ქვეყანას მტერი დაიპყრობს? ვიბრძოლებ თავისუფლებისთვის თუ დავნებდები და თავს ავარიდებ უბედურებას? მე ვფიქრობ, მსოფლიოს სჭირდება ვილემისა და ფრიდას, უბრალო ადამიანების მაგალითი, რომლებმაც იპოვეს არაჩვეულებრივი შინაგანი რესურსები”.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოვა ახალი დოკუმენტური ფილმი, თუმცა ცნობილია, რომ სტივენ ფრაი, ახალი ფილმის ნარატორი, იმ პრობლემებსა თუ გამოწვევებზეც ისაუბრებს, რომლებიც დღეს ლგბტქი ადამიანებს აქვთ.

 

პრაიდ კვირეული 2022 — ერთმანეთზე ზრუნვის, სოლიდარობისა და იარების მოშუშების წელი

ამ ზაფხულს, 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისი პრაიდის კვირეული კიდევ ერთხელ ბრუნდება და ლგბტქი თემის წევრებს, თანამოაზრეებს, მხარდამჭერებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანასწორობის სწამს, კიდევ ერთხელ გააერთიანებს. ეს წელი იქნება „იარების მოშუშების, ძალის მოკრების, სოლიდარობის, გაერთიანების, ერთმანეთზე ზრუნვის, მიღწეული შედეგების დაფასების, სტრატეგიების გამრავალფეროვნებისა და გაფართოების წელი. ამავდროულად, კვირეული იქნება ხმამაღალი, პოლიტიკური, ემოციური, მრავალფეროვანი და თავს მოუყრის ყველას, ვისაც თანასწორობის სწამს“.

წლევანდელი კვირეული 3 ღონისძიებას აერთიანებს, რომლებიც ლგბტქი თემს საგანმანათლებლო, გამოცდილების გაზიარების, გართობის უსაფრთხო სივრცეებს შესთავაზებს. 

„2021 წლის 5 ივლისის უმძიმესმა გამოცდილებამ სრულად გააშიშვლა უმოქმედო, მოძალადე, თანაგრძნობისგან დაცლილი სისტემა, რომელიც უარს ამბობს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და საჯარო სივრციდან რიყავს ლგბტქ ადამიანებს. Სწორედ ჰომოფობიის საფუძველზე ჟურნალისტებზე უპრეცედენტო თავდასხმას შეეწირა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე. ჩვენ კვლავ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ახალისებს ქუჩებში მოთარეშე ძალადობრივ ჯგუფებს, არ სჯის ძალადობის მთავარ შემოქმედებს და არ აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას.

წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთანავე, ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, როგორებიცაა განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არ აღიარება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია. თუმცა გვწამს, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლითა და თანადგომით ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით“,  — აღნიშნულია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, ანა სუბელიანის თქმით, წელს სტრატეგიების გადახედვა, გაფართოება და განსხვავებული ფორმატით ღონისძიების ჩატარება უსაფრთხოების მიზნების გამო გადაწყვიტეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენივე სტრატეგიების გადახედვა, გადაფასება და არსებული მოცემულობისა და კონტექსტის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღება შევძლოთ. უცვლელი პოლიტიკური ვითარება და, მათ შორის ის, რომ წინა წლის 5 ივლისის ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზატორები არ დასჯილან, გვაფიქრებინებს, რომ საჯაროდ შეკრებისთვის სივრცე ნაკლებადაა. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც საჯაროდ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ ეძლევა. ამის გამო, არ ვაპირებთ, რომ ხილვადობის პოლიტიკიდან გადავუხვიოთ, ნაკლებად ხმამაღალი ვიყოთ ან იმ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გადავუხვიოთ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლგბტქი უფლებების განმტკიცებისთვის, წელს, უბრალოდ, განსხვავებულ სტრატეგიას ვირჩევთ, ვიტყოდი, რომ ვაფართოებთ სტრატეგიებს“, — ამბობს ანა სუბელიანი.

ანა სუბელიანის თქმით, „რეგიონული კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ და მეზობელი რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს მსგავსი გეოპოლიტიკური გამოწვევები, რაც რუსული პოლიტიკის, ომის, ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგია და განსაკუთრებით ლგბტქი თემს აზიანებს“.

წელს ისევ ბრუნდება მუსიკალური პრაიდ ფესტივალი, რომელიც წინა წელსაც გაიმართა და თანამოაზრეები კარგი მუსიკის ფონზე თანასწორ, მშვიდ და ამაღელვებელ გარემოში შეკრიბა. ანა სუბელიანის თქმით, წლევანდელი ფესტივალი უფრო მასშტაბური იქნება და 2022 წელს მიზანი პატარა გამარჯვებების გადაფასება და ერთმანეთზე ზრუნვაა.

„ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, რათა ქვიარ ადამიანების და თანასწორობის მხარდამჭერების ერთ სივრცეში გაერთიანება, გაძლიერება შევძლოთ. ფესტივალი იმ შეგრძნებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მარტო არ ვართ, იმ პოზიტიური ცვლილებებისა და გამოცდილებების გადაფასებისთვის, რაც გვაქვს და ამ სასიკეთო ცვლილებებს ბოლოდროინდელი კვლევებიც ადასტურებს. წელს, პატარა გამარჯვებების გადაფასება გვჭირდება, რათა უფრო მომზადებულები შევხვდეთ ახალ გამოწვევებს. 2022 ერთმანეთზე ზრუნვის, გაძლიერების, სოლიდარობის, თანასწორობის განმტკიცების, მრავალფეროვანი სტრატეგიების შემუშავების წელი იქნება“,  — ამბობს ანა სუბელიანი.

ფესტივალი კვირეულის მთავარი ღონისძიება იქნება და გარდა გემოვნებიანი მუსიკისა, გააერთიანებს ინფორმაციულ, საგანმანათლებლო ნაწილს თუ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც წარსული გამოცდილების გადაფასებასა და სამომავლო გეგმების დასახვას შეუწყობს ხელს.

„ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი მუსიკა იქნება, რაც არტისტებს, განსაკუთრებით ქვიარ არტისტებს, მისცემს შესაძლებლობას, რომ ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ. ასევე იქნება გამოფენები, სადაც ვიზუალური ნამუშევრების დათვალიერებას შევძლებთ, ამ მიმართულებითაც ვცდილობთ, განსაკუთრებით ქვიარ არტისტებს მივცეთ პლატფორმა. გარდა ამისა, იქნება ვორქშოპები, საგანმანათლებლო აქტივობები, სიღრმისეული დისკუსიები, მათ შორის, 5 ივლისთან და 15 მაისებთან დაკავშირებული ტრავმული გამოცდილებების შესახებ, ასევე 16-წლიანი აქტივიზმის ისტორიის გადაფასება და იმ მიღწევების გაანალიზება, რომლებიც გასულმა წლებმა მოიტანა. მაგალითად, მოეწყობა კუთხე, რომელში ქართული ქვიარ ისტორიის მნიშვნელოვანი ადამიანების ხილვის თუ საერთაშორისო მოძრაობების მნიშვნელოვანი ფიგურების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას შექმნის. ფესტივალის უმთავრესი მიზანი ემოციების გაზიარება, პოზიტიური გამოცდილების შექმნა, იმ საზოგადოების მოდელის დანახვა იქნება, რომლის შენებასაც ვცდილობთ“, — აღნიშნავს ანა პრაიდ ფესტივალზე საუბრისას.

2021 წლის 5 ივლისი მძიმე გამოცდილება იყო როგორც თემის წევრების, ისე მხარდამჭერებისთვის, თუმცა წინა წლის კვირეულის ტრაგიკულ მოვლენებამდე კინოჩვენება და პრაიდ ფესტივალი უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. ანა ამბობს, რომ ხელისუფლებასთან წელსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, რათა დახურულ სივრცეებში ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის გარანტიები შექმნან.

„ნებისმიერი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რაც ვფიქრობ, არ არსებობს, თუმცა ხელისუფლებას დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს. წინა წელს ხელისუფლებამ უკეთ დაიცვა დახურული ღონისძიებები და წელსაც მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ და ვხედავთ, რომ უსაფრთხოების დაცვისთვის მზაობაც აქვთ. გავაგრძელებთ მუდმივ ჩართულობას, რათა დაცვის გარანტიები შევქმნათ“, — ამბობს ანა სუბელიანი.

ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში არაფერი უნდა დაგეგმოთ და პრაიდის კვირეულს შეუერთდეთ, თუ თვლით, რომ „თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სიყვარულისთვის, ხილვადობისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის, წართმეული ხმის დასაბრუნებლად“ ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. თუ მიაგჩნიათ, რომ „სიძულვილთან, რუსულ პროპაგანდასთან, ძალაუფლების უთანასწორო ღერძებთან, ჩაგვრასთან, დისკრიმინაციასა და გარიყვასთან“ ბრძოლა ყველა სოციალური ჯგუფისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია და ეს საერთო გამარჯვებისთვის აუცილებელია.

მიუხედავად იმისა, რომ პრაიდ კვირეულის ღონისძიებებზე დასწრება უფასოა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დასწრებას Tbilisi Pride-ის საიტზე წინასწარი რეგისტრაციით შეძლებთ, ამიტომ Tbilisi Pride-ის ფეისბუკ გვერდს თვალი უნდა ადევნოთ.

ჯოდი ფოსტერს „ნამდვილი დეტექტივის“ მეოთხე სეზონში ვიხილავთ

ქვიარ მსახიობი ჯოდი ფოსტერი სატელევიზიო ეკრანებს უბრუნდება.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი HBO-ს გახმაურებული სერიალის, „ნამდვილი დეტექტივის“ მეოთხე სეზონში მთავარ როლში მოგვევლინება და ლიზ დენვერის როლს შეასრულებს. ახალ სეზონს „ნამდვილი დეტექტივი: ღამის ქვეყანა“ ერქმევა.

,,როდესაც ენისში, ალასკაში, ზამთრის გრძელი ღამე მოდის, ექვსი კაცი, რომლებიც ცალალის არქტიკულ კვლევით სადგურში მუშაობენ, უგზო-უკვლოდ ქრებიან. საქმის გასახსნელად მარადიული ყინულის ქვეშ სასტიკი ჭეშმარიტების გათხრა და საკუთარ სიბნელესთან დაპირისპირება დეტექტივ ლიზ დენვერსა და ევანჯელინა ნავაროს მოუწევთ”, – წერია ახალი სეზონის სინოფსისში.

მრავალი ჯილდოს მქონე სერიალის მეოთხე სეზონი ჯერჯერობით კვლავ ელოდება HBO-ს მწვანე შუქს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მასზე სცენარისტები, ისსა ლოპეზი (Tigers Are Not Afraid) და ალან პეიჯ არიაგა (Fear the Walking Dead) იმუშავებენ.

„ნამდვილი დეტექტივის“ პირველ სეზონში მთავარ როლს მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ, მოქმედება კი ლუიზიანაში ვითარდება. მეორე სეზონში სერიალმა კალიფორნიაში გადაინაცვლა და მასში კოლინ ფარელი მოგვევლინა მთავარ როლში რეიჩელ მაკდამსთან ერთად, სერიალის ბოლო, მესამე სეზონში, მოქმედება არკანზასში მიმდინარეობს და მთავარ როლს მაჰერშალა ალი ასრულებს.

 

ხორვატიაში ქვიარ წყვილებს შვილის აყვანის უფლება მიენიჭათ – გეი წყვილის სასამართლო დავა გამარჯვებით დასრულდა

ხორვატიის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების თანახმად, ხორვატიაში ქვიარ წყვილებს უფლება ექნებათ, ბავშვი აიყვანონ.

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციის გათვალისწინებთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისადმი განსხვავებული მოპყრობა, ექსკლუზიურად მათი სექსუალურ ორიენტაციის საფუძველზე, წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას”, – ნათქვამია 26 მაისის გადაწყვეტილებაში.

სასამართლო დავა გეი წყვილმა, მლადენ კოჟიჩმა და ივო შეგოტამ მას შემდეგ დაიწყო, რაც უარი ეთქვათ შვილის აყვანაზე. წყვილი 6 წლის განმავლობაში იბრძოდა და საბოლოოდ, სასამართლო მათი გამარჯვებით დასრულდა.

ხორვატიაში ქვიარ წყვილებს 2014 წლიდან შეუძლიათ სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება, თუმცა ეს პარტნიორობა არ მოიაზრებს შვილის აყვანის შესაძლებლობას, სწორედ ამიტომ უთხრეს უარი წყვილს შვილის აყვანაზე.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სოციალურმა ცენტრებმა უნდა მიიღონ განცხადებები ქვიარ წყვილებისგან, თუ ისინი შესაფერისი კანდიდატები აღმოჩნდებიან, უნდა შევიდნენ მომლოდინეთა სიაში და მიეცეთ შვილის აყვანის შესაძლებლობა.

 

 

ნიუ-იორკი პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტში X გენდერის მარკერს დაამატებს

ნიუ-იორკის ამჟამინდელმა გუბერნატორმა, კეთი ჰოჩულმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკის შტატში მცხოვრებ ადამიანებს მალე შეეძლებათ პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტში მამაკაცისა და ქალის გენდერთან ერთად, X გენდერის მარკერის დამატება.

ცვლილება ძალაში 24 ივნისიდან შევა და „სახელმწიფოს გენდერული აღიარების აქტით“ განხორციელდება.

ამასთან ერთად, ნიუ-იორკელებს შესაძლებლობა ექნებათ, შეცვალონ თავიანთი სქესის დამადასტურებელი მარკერი მართვის მოწმობაში და ყველა სხვა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში.

გუბერნატორმა ჰოჩულმა თქვა, რომ ეს ისტორიული ცვლილება და კიდევ ერთი გამარჯვებაა ნიუ-იორკის ბრძოლაში ლგბტქ+ ადამიანების თანასწორობისა და პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

,,ყველა ადამიანი, განურჩევლად გენდერული იდენტობისა და გამოხატვისა, იმსახურებს, ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ზუსტად ასახავს, ვინ არის იგი”, – ამბობს ჰოჩული – ,,ჩემი ადმინისტრაცია ყოველთვის უზრუნველყოფს და უერთგულებს იმ იდეას, რომ ნიუ-იორკი იყოს პატივისცემისა და სიყვარულის ადგილი ლგბტქ+ საზოგადოების წევრებისთვის“.

,,ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ნიუ-იორკში ტრანსგენდერი, არაბინარული იდენტობისა და გენდერს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის და მათი თანასწორობისთვის”, – თქვა კარლ ჩარლსმა, Lambda Legal-ის უფროსმა ადვოკატმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, რომ ქვიარ ადამიანებს ნიუ-იორკში ეს შესაძლებლობა ჰქონოდათ.

 

 

 

გამთენიისას 5 ტრანსგენდერ ქალს საცხოვრებელთან 30-მდე კაცი თავს დაესხა

დღეს, გამთენიისას, ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს 30-მდე კაცი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მოხუც ქალსაც, რომლისგანაც ტრანსგენდერი ქალები ბინას ქირაობენ.

როგორც ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი ფორმულასთან იხსენებს, სახლში დაბრუნებისას, კაცი დახვდა და სქესობრივი კავშირი მოსთხოვა, უარის თქმის შემდეგ კი ძალადობით დაემუქრა.

„ღამის 2 საათი იყო, სახლში დავბრუნდი და ჩემთვის უცნობი კაცი დამხვდა და სექსუალური ურთიერთობა შემომთავაზა, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და ბინიდან გავაგდე. ისევ დაბრუნდა და მოკვლით დამემუქრა. მითხრა, ვიცი, რომ მარტო არ ცხოვრობო“, — იხსენებს დაზარალებული ფორმულასთან საუბრისას და ამბობს, რომ მაშინვე 112-ში დარეკა და რამდენიმე გამომძიებელი ადგილზე მივიდა — „თითქოს ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, შემდეგ ჩემი 2 დაქალი ბრუნდებოდა სახლში და მათზე მალაკნების ხიდთან, ჯერ 3 კაცის მხრიდან მოხდა თავდასხმა. ამ კაცებს სხვებიც მოჰყვნენ, სულ 30-მდე მაინც იქნებოდნენ“.

ტრანსგენდერი ქალის თქმით, გარეთ დღისითაც ვეღარ გავა, რადგან თავდამსხმელები სახეზე ცნობენ მასაც, მის მეგობრებსაც და მათი მისამართიც იციან.

კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თავდამსხმელები ხიდთან იდგნენ და მათ გადაადგილებას აკვირდებოდნენ.

„ეს იყო დაგეგმილი, ჩემს ერთ მეგობარს ბლოკი ესროლეს და მოტრიალება რომ არ მოესწრო, სახეში მოხვდებოდა, იქამდე დაეჯახნენ და დაეცა“, — აღნიშნავს თავდასხმაზე საუბრისას ტრანსგენდერი ქალი.

ბინის მეპატრონემ თავდასხმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ შემთხვევა გარიჟრაჟზე მოხდა, ყვირილის ხმა გაიგეს, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ტრანსგენდერი ქალებისთვის ბინის მიქირავების გამო პასუხს სთხოვდნენ.

„მეუბნებოდნენ — „გაწყობს შენ ეს?“ — მე ბებია ვარ, შვილთაშვილებიც მყავს. მეცოდებიან, შემოსავალი, საშუალება არ აქვთ, მე ვასადილებ ხოლმე. არავის არაფერს უშავებენ ან უფუჭებენ. მეზობელმაც დაიწყო ყვირილი [თავდამსხმელების მისამართით], „არა გრცხვენიათ, რა გინდათ მაგ ხალხისგან“. იმუქრებოდნენ, კიდევ მოვალთო“, — ამბობს ფორმულასთან ბინის მეპატრონე.

გამოძიება სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ჯგუფური მუქარის მუხლით დაიწყო. დაზარალებულები დაკითხვაზე არიან გადაყვანილი, საქმეში ჩართული არიან იურისტებიც.

განახლება: დაზარალებული ქალებს სამართლებრივ დახმარებას თანასწორობის მოძრაობა უწევს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე, ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

Grey’s Anatomy-ში სისხლის დონაციაზე დისკრიმინაციული აკრძალვის საზიანო გავლენა განიხილეს

Grey’s Anatomy-ის ბოლო, მე-18 სეზონის ფინალურმა, მე-20 სერიამ მაყურებლის ყურადღება კიდევ ერთხელ მიმართა იმ დისკრიმინაციულ მიდგომაზე, რომელიც არამხოლოდ ქვიარ ადამიანებისთვის არის საზიანო, ამჯერად სერიალი სისხლის დონაციაზე გეი და ბისექსუალი კაცებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

სერიალის მე-18 სეზონი კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს შეეხება და ბოლო სერიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სისხლის მარაგის ამოწურვა იყო. გრეი-სლოუნის კლინიკა გამოწვევაზე საპასუხოდ თანამშრომლებს ნებაყოფლობით სისხლის გაცემას სთავაზობს, თუმცა რეზიდენტი ლევი შმიტი იმის გამო, რომ ბოლო 3 თვეში კაცთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა დონაციას ვერ ახერხებს.

„ჩემი სისხლი ისეთივე გამოსადეგია, როგორც ნებისმიერი სხვის. ის პლაზმის, სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, ფირფიტებისგან და… ამ კლინიკისთვის სისხლი აქამდე ბევრჯერ გამიღია და ახლახან დიდი ოდენობით სისხლი ვნახე, რომელიც ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის აპარატში გადის და ვიცი, ნებისმიერი წვეთის გამოყენება შეგვიძლია, რომელიც გვაქვს. და დახმარება არ შემიძლია, არ შემიძლია ამ… მცდარი წარმოდგენის გამო. ეს აბსურდული, საზიზღარი იდეა, რომ ჩემი სისხლი, ჩემი სექსუალურად აქტიური გეი სისხლი… ჩემი სისხლი ისეთივეა, როგორიც ყოველთვის იყო“, — ამბობს ჯეიკ ბორელის პერსონაჟი, როცა გამოუვალი მდგომარეობით აღელვებული  ქირურგიული განყოფილების უფროსს ესაუბრება.

მე-18 სეზონის ფინალურ სერიაში სისხლის დონაციაზე დაწესებული დისკრიმინაციული მიდგომა კიდევ ერთხელ ხდება განხილვის თემა, როცა სისხლის მარაგის გადაზიდვისას ავარიის გამო მარაგის დიდი ნაწილი ქუჩაში იღვრება, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები საუბრობენ:

ბენი: ბოლო თვეში შენ გაიღე სისხლი?

— მე გეი ვარ, ბენ, მათ ჩემი ბინძური, გეი სისხლი არ სჭირდებათ.

ბენი: კი, ეს აივ-პანდემიის დანატოვარი შიშია.

— ვიცი, ეს რისი დანატოვარია, მაგრამ მეცნიერება განვითარდა. აივ-ტესტირება მარტივად შეგვიძლია, მაგრამ მიდგომა მაინც იგივეა, რაც სიზარმაცე და საზიზღრობაა. ეს სისულელეა, რადგან არავინ ცდილობს იმდენს, რამდენსაც გეი ადამიანები. სისხლის მარაგის შემცირების პრობლემა ერთ კვირაში დასრულდებოდა, თუ კანონს შეცვლიდნენ. სისხლის გაცემის მარათონზე წვეულებას გავმართავდით.

2015 წელს, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ შეამცირა შეზღუდვა, რომლითაც იმ კაცებს, რომელთაც იმავე სქესის ადამიანებთან აქვთ სექსი, სისხლის გაცემის უფლება არ ჰქონდათ და ეს ვადა 90-დღიან პერიოდამდე დაწია. ჯეიკ ბორელის თქმით, არც ეს მიდგომაა სწორი.

„ეს აკრძალვა გაფიქრებინებს, თითქოს მოწამლული სისხლი გაქვს, რაც მეცნიერულად არაზუსტია. სისხლის უსაფრთხოების ტესტირების გრძელი გზა გავიარეთ და აკრძალვის მიზეზი აღარ არსებობს. ეპიზოდისთვის მზადებისას ხალხს ვესაუბრე და განსაკუთრებით ჰეტეროსექსუალ ადამიანებს აქვთ დამოკიდებულება, რომ აკრძალვა მთელი ცხოვრების განმავლობაში აღარ არსებობს, მაგრამ როცა სისხლის მარაგის პრობლემაა, ვახსენდებით და წესების შეცვლას იწყებენ“, — აღნიშნავს ბორელი Advocate-თან საუბრისას.

სისხლის დონაციაზე დაწესებული აკრძალვა 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა აივ-პანდემიის შესახებ არც ცოდნა არსებობდა და არც შესაბამისად გამართული სამედიცინო აღჭურვილობა, რაც სისხლის ტესტირებას მარტივს გახდიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მეცნიერება მნიშვნელოვნად განვითარდა, აკრძალვა უამრავ ქვეყანაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ქვეყანამ სისხლის დონაციაზე შეზღუდვის გაუქმება ან შემსუბუქება სწორედ პანდემიისას დაიწყო, როცა სისხლის მარაგის პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტიურად დადგა.

პირველი ტრანსგენდერი ბარბი ლავერნა კოქსის პატივსაცემად

ემის ოთხგზის ნომინანტი ტრანსგენდერი მსახიობის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია Mattel-მა ლოურენს კოქსის ბარბის თოჯინა გამოუშვა.

ეს Barbie-ის ისტორიაში პირველი თოჯინაა, რომელიც ტრანსგენდერი მსახიობის პატივსაცემად შეიქმნა, კომპანია იმედოვნებს, რომ ეს დაეხმარება იმ ბავშვებს, რომლებიც ტრანსგენდერად აღიქვამენ თავს. კომპანიას ასევე სურს, რომ მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერ ადამიანებს და მათ, ვინც ტრანსგენდერთა უფლებებისთვის იბრძვის.

ამასთან ერთად, Barbie დონაციას გააკეთებს და ფულს გადაურიცხავს არასამთავრობო ორგანიზაცია TransFamilySOS, რომლის მისიაცაა, გააუმჯობესოს საზოგადოება და შექმნას თანაბარი პირობები ტრანსგენდერი ადამიანებისთვის.

ლავერნა კოქსის თოჯინას დამზადებით, კომპანიას სურს, ბავშვებს აჩვენონ, რომ ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან, რომ ტრანს ადამიანები იმსახურებენ პატივსცემას და ტრანსგენდერი გოგონების ადგილი ბარბის სამყაროშიც არის.

კომპანია Mattel და Barbie თოჯინას დამზადებისას მუშაობდნენ კოქსთან, კოქსმა ტანსაცმელი თავისი წითელი ხალიჩის ლუქებიდან შეარჩია, კომპანიამ ასევე გაითვალისწინა მსახიობის საყვარელი აქსესუარები და მაქსიმალურად ეცადა, ზუსტად გადმოეტანა თოჯინაზე მსახიობის კანის ფერი.

„წლებია, ვოცნებობ, რომ Barbie-სთან მემუშავა და ჩემი თოჯინა მქონოდა”, – თქვა კოქსმა განცხადებაში – „ერთი სული მაქვს, როდის შეძლებენ ჩემი გულშემატკივრები, თავიანთ კოლექციას ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი თოჯინა შემატონ. იმედი მაქვს, რომ ადამიანები ამ თოჯინას შეხედავენ და მათი ოცნებებიც ისეთივე გაბედული იქნება, როგორიც ჩემი. ოცნების და მანიფესტაციის სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა ჩვენი დასახული მიზანი ავიხდინოთ.

ამ სამყაროში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ტრანსგენდერი გოგონა ცხოვრობს, რომელსაც სურს, თოჯინა ჰქონდეს – ახლა უკვე არსებობს თოჯინა, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის დამზადდა”.

Barbie-ის საკოლექციო, სპეციალურ სერიაში, უკვე დამზადდა ლიუსილ ბოლის და დედოფალი ელიზაბეტის თოჯინების, Orange is the New Black-ის ვარსკვლავი მესამეა, რომელიც სპეციალურ სერიას შეუერთდა.

თოჯინა უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში.

 

 

 

 

 

ტომ დეილი მამობაზე, ქამინგაუთსა და ოლიმპიურ ჩემპიონობაზე

შვილის შეძენა ტომ დეილის ოლიმპიურ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მიღებაში დაეხმარა: „რაც მამა გავხდი, მივხვდი, რომ სპორტული კარიერა არ არის ყველაფერი“.

„როგორც კი მამა ხდები, შენი შვილი ხდება პრიორიტეტი“, – ამბობს 28 წლის მყვინთავი ქვიარ გამოცემა Advocate-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. სპორტსმენმა ახლახან გამოსცა წიგნი სახელწოდებით – „ამოყვინთვა ჰაერისთვის: რა ვისწავლე სპორტისგან, დიდებისა და მამობისგან” (Coming Up for Air: What I Learned from Sport, Fame and Fatherhood). მრავალი წელია, ოლიმპიური ჩემპიონი დაქორწინებულია ოსკაროსან სცენარისტზე, დასტინ ბლექზე. წყვილს 4 წლის ვაჟი, რობერტ რეი ბლექ-დეილი ჰყავს.

„მამომა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩემთვის“, – ამბობს დეილი – „რაც მამა გავხდი, ყველაფერს სხვანაირად ვხედავ, როცა ცუდი დღე მაქვს საცურაო აუზზე, მახსენდება, რომ ყველაფერი ჩემი კარიერით აღარ შემოიფარგლება“.

„ამ პერსპექტივის გაჩენამ ძალიან გამიმარტივა ცხოვრება, წინა წელს, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდებოდი, ძალიან დიდი სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა მოხდებოდა… ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სახლში დამხვდებოდა ჩემი ოჯახი, რომელიც ყოველთვის დამიჭერს მხარს”.

ტომ დეილიმ და მისმა მყვინთავმა პარტნიორმა, მეთი ლიმ, ოქროს მედალი ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე  2020 წელს მიიღეს. ისინი დიდი ბრიტანეთის სახელით ასპარეზობდნენ მამაკაცების სინქრონულ 10-მეტრიან საცურაო აუზზე.

დეილი ძალიან ბედნიერია, რომ გასულ ოლიმპიადაზე ქვიარ ათლეტების დიდი რაოდენობა იყო, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება: „ძალიან მიხარია, რომ გასულ წელს ტოკიოში იმაზე მეტი ღიად ქვიარი ათლეტი იყო, ვიდრე ეს იყო მთლიანად ჩემპიონატის ისტორიაში, პროგრესი აშკარად სახეზეა, მახსოვს, 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე სულ 23 ღიად ქვიარი ათლეტი იყო, მე იმ ადამიანების სიაში ვიყავი, ვინც ვერ ამბობდა საჯაროდ თავის ორიენტაციას“.

„ჯერ კიდევ უამრავი ქვეყანაა, სადაც ქვიარობა კრიმინალიზებულია და ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ადგილი არსადაა, ოლიმპიურ ჩემპიონატზე ამდენი ღიად ქვიარი ათლეტი მათ იმედს მისცემს, რომ ცხოვრება მათთვისაც იქნება ღირსეული“, – ამბობს დეილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყენებს თავის სოციალურ პლატფორმებს, რათა ისაუბროს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ აძლევენ ქვიარ ადამიანებს თანასწორი ქორწინების საშუალებას – „არ მგონია, რომ ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხილვადობის გაზრდით და ჩვენი პლატფორმების გამოყენებით, შეგვიძლია, ადამიანებს ვუთხრათ, რომ ისინი არსებობენ და მათაც ეკუთვნით ამ სამყაროში თავიანთი ადგილი“.

მემუარების დაწერა ერთგვარი სავარჯიშო იყო 28 წლის დეილისთვის. „ამ წიგნში თითქოს უკან წავედი და დეტალურად მივყევი ჩემს წარსულს. ეს იყო უცნაური გამოცდილება, მოგონებებიდან და ისტორიებიდან ბევრი ახალი რამ ამოტივტივდა. ყველა ოლიმპიურ ჩემპიონატზე დღიურებს ვწერდი და ძალიან საინტერესო იყო ამ დღიურებთან მიბრუნება, თითქოს ჩემს ბავშვობის ხმებს დავუბრუნდი და დავინახე, როგორ გავიზარდე და გავხდი ზრდასრული ათლეტი. ძალიან სასიამოვნო იყო ამის გააზრება“.

ათლეტი ცოტა ნერვიულობდა, როგორ მიიღებდნენ მისი ბებია და ბაბუა ამ ახალ წიგნს, მეგობრების და ოჯახის წევრების უმეტესობა მხარდაჭერას უცხადებს დეილის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ვერ ეგუება სპორტსმენის სექსუალურ ორიენტაცია – „ოჯახის სხვადასხვა წევრისთვის სხვადასხვა დრო და პროცესების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ ბოლომდე მიიღონ შენი ორიენტაცია, ჩემი ურთიერთობა ოჯახის ყველა წევრთან ნელ-ნელა უმჯობესდება, მყავს ბიძაშვილი, რომელიც ახლახან დაქამინგაუთდა და ჩვენმა ოჯახმა აღარ დაუშვა ის შეცდომები, რომლებიც ჩემთან დაუშვეს. ეს ყველასთვის ერთგვარი მოგზაურობა იყო, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მივდივართ დანიშნულებამდე”.

 

 

ავსტრია სისხლის დონაციაზე ლგბტქი ადამიანებისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ მიდგომას აუქმებს

ავსტრია სისხლის დონაციაზე ლგბტქი ადამიანებისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ მიდგომას აუქმებს. შემოდგომიდან, სისხლის გაცემაზე აკრძალვის დაწესების საფუძველი ინდივიდუალური სარისკო ქცევა იქნება.

„მოძველებულ დისკრიმინაციულ მიდგომას ვაუქმებთ. თუ ვინმეს სისხლის გაცემა სურს, არ არსებობს მიზეზი, რომ უარი ეთქვათ, მხოლოდ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიზეზით“, — განაცხადა იოჰანეს რაუჩმა, ავსტრიის სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის მინისტრმა.

2019 წელს, ავსტრიამ დისკრიმინაციული მიდგომა, რომლითაც ქვიარ ადამიანებს სისხლის დონაციაზე უფლება სრულად აკრძალული ჰქონდათ, შეარბილა და სისხლის გაცემამდე 12-თვიანი სექსუალური ურთიერთობის არქონის საფუძველი შემოიღო. ეს ცვლილება დე ფაქტო იყო, რადგან 12-თვიანი შუალედი, ფაქტობრივად, სპობდა სისხლის გაცემის შესაძლებლობას.

დისკრიმინაციული მიდგომა ახლა საერთოდ უქმდება და აკრძალვას უწესებს ყველას, ვისაც ბოლო 3 თვის განმავლობაში 3 პარტნიორზე მეტთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. ამჯერად, ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებსაც შეეძლებათ სისხლის გაცემა, აქამდე გეი და ბისექსუალ კაცებს სექსის არქონის შემთხვევაში შეეძლოთ, თუმცა არა აღნიშნულ ჯგუფებს.

„სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ვცდილობთ, საზოგადოების ყურადღება მიგვემართა იმისკენ, რომ სისხლის დონაციაზე შეზღუდვა ინდივიდუალურ სარისკო ქცევაზე დაყრდნობით უნდა დაწესებულიყო და არა სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის გამო“, — აღნიშნა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ანდრეა ბრუნერმა, AIDS Help Vienna-ს დირექტორმა.

HOSI Vienna, ავსტრიის უძველესი ლგბტქი ადვოკატირების ორგანიზაცია, ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კანონის გვერდის ავლით დისკრიმინაციულ მიდგომას ყურადღება მიაქციონ და დონაციის ცენტრებს მკაცრი ზედამხედველობა დაუწესონ.

მოსალოდნელია, რომ ჩასწორებული კანონი ძალაში შემოდგომაზე შევა და მის მიღებას წინააღმდეგობა არ შეხვდება, რადგან პარლამენტის დიდი მხარდაჭერაც აქვს.

ცნობისთვის, სისხლის დონაციაზე შეზღუდვების ტალღა გასული საუკუნის 80-იან წლებში, აივ-ინფექციის გავრცელებისას დაიწყო და ბევრ ქვეყანაში დღემდე მოძველებულ დისკრიმინაციულ მიდგომას იყენებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 30-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნული მიდგომა შეიცვალა და სისხლის გაცემა ინდივიდუალური სარისკო ქცევის იდენტიფიცირების მიხედვით ხდება.

წყარო: Xtra Magazine