მაისი 2022 - Page 2

არაინკლუზიური სასწავლო გარემო და დისკრიმინაციული კანონის არაეფექტური აღსრულება — IGLYO-ს ანგარიშის მიგნებები

ლგბტქი ახალგაზრდებისა და მოსწავლეთა საერთაშორისო ორგანიზაცია — IGLYO-მ, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ლგბტქი ინკლუზიური განათლების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც ასახავს.

კვლევის თანახმად, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს ინკლუზიური მიდგომა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტური აღსრულებაც არ ხდება. 

 „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი კრძალავს დისკრიმინაციას, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით და სოგის საფუძველსაც ითვალისწინებს, თუმცა სქესობრივი მახასიათებლები გათვალისწინებული არაა. ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონიც კრძალავს დისკრიმინაციას, მაგრამ არ ითვალისწინებს SOGIGESC [სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, გენდერული გამოხატვა და სქესობრივი მახასიათებლები] საფუძველს. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის იმპლემენტაცია ეფექტურად არ ხდება“, — ვკითხულობთ IGLYO-ს ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს ანტი-ლგბტქი ბულინგთან ბრძოლისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობის ეროვნული პოლიტიკა ან სამოქმედო გეგმა, ამასთან, „SOGIGESC საკითხები სასწავლო კურიკულუმის ნაწილი არაა და როცა მათი ჩართვა ხდება, ძირითადად, ნეგატიური კუთხით განიხილება. მაგალითისთვის, 2020 წელს, სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს იმ სახელმძღვანელოების ჩანაცვლების რეკომენდაცია მისცა, რომლებიც ლგბტქი ადამიანებს ნეგატიურ, მასტიგმატიზებელ ჭრილში მოიხსენიებდა. უნივერსიტეტი დათანხმდა, იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვიარ თეორიის სალექციო კურსი შემოიღეს. საქართველოში ისევ არ არის სავალდებულო სქესობრივი განათლება, სამოქალაქო განათლება და ადამიანის უფლებათა კურიკულუმი, რომელიც SOGIGESC საკითხებს ფარავს. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ანგარიშში ჯერ კიდევ 2019 წელს ისაუბრა. ბოლო წლებში SOGIGESC საკითხების კურიკულუმში ასახვაზე დისკუსია გააქტიურდა, რასაც ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ეწინააღმდეგებიან და სიძულვილის ენას ავრცელებენ”.

ანგარიში მასწავლებელთათვის ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით სავალდებულო ტრენინგების არარსებობაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნულია ისიც, რომ „მასწავლებლებისა და ლგბტქი მუშაკებისთვის შესაბამისი გზამკვლევი არ არსებობს. ზოგიერთმა სკოლამ, შესაძლოა, თემისა და ახალგაზრდული აქტივობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა ეს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ლგბტქი საკითხების შემცველი საინფორმაციო ბროშურები და პოსტერები სკოლის ტერიტორიაზე დაუშვებელია“. 

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ანტი-ლგბტქი ბულინგის შესახებ სტატისტიკას არ აწარმოებს, მეტიც, „2018 წელს, თანასწორობის მოძრაობას უნდოდა, რომ მასწავლებელთა ლგბტქი ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შესახებ კვლევა მოემზადებინა, თუმცა სკოლებმა და განათლების სამინისტრომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს“.  ასევე, მხარდაჭერის სისტემებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ სკოლებს პირდაპირი მხარდაჭერის სისტემა კი აქვთ, თუმცა „არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ისინი SOGIGESC საკითხებზე სპეციფიკურ ტრენინგს არ გადიან. ადგილობრივი უწყებები მოსწავლეებს არაპირდაპირი მხარდაჭერის სისტემით არ უზრუნველყოფენ“.

საქართველოში ინკლუზიური სასკოლო გარემოს ნაწილში ანგარიში დისკრიმინაციისა და ძალადობის ფესვგადგმულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს და დისკრიმინაციის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვისას WISG-ის 2016 წლის კვლევას იშველიებს. 

„დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში კვლავ გავრცელებულია. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები დაუსჯელები რჩებიან. WISG-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა 16%-ს სკოლაში დისკრიმინაცია გამოუცდია, რისი მიზეზიც ხშირად იმგვარი გენდერული გამოხატვა იყო, რაც სოციალურ ნორმებთან თანხვედრაში არაა. კურიკულუმის გარდა დამატებითი აქტივობები სკოლაში არაა და ლგბტქი ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებს სკოლის ტერიტორიაზე შეხვედრის ჩატარების უფლება არ ეძლევათ“, — ნათქვამია ანგარიშში.

IGLYO-ს კვლევის სრულად ნახვა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.

TIME-მა დემნა გვასალია 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

23 მაისს ჟურნალმა TIME-მა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა და ამ სიაში ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია მოხვდა.

„დემნას მიერ შექმნილი Balenciaga-ს კოლექციის დათვალიერების დროს, ყოველთვის გული მიჩქარდება. ეს ზუსტად იმ შეგრძნებას ჰგავს, როცა პატარაობაში დედაჩემის მოდის ჟურნალებს ვფურცლავდი. მის ნამუშევრებში ვგრძნობ ზრუნვას და პატივისცემას Balenciaga-ს ისტორიის, მემკვიდრეობის და მისი შემქმნელის, კრისტობალის მიმართ. დემნას გაწეული შრომა ერთდროულად ახალია და თან, დროს უსწრებს.

ერთი წლის წინ, მერგო პატივი, მომერგო Balenciaga-ს სამი ლუქი “ეიფორიას” პრემიერისთვის და მე ვიგრძენი, როგორი დელიკატურად რთული, მაგრამ, ამავდროულად, კომფორტული იყო მისი შექმნილი კოსტიუმები. დემნას ტანსაცმელში ძლიერად და დამოუკიდებლად გრძნობ თავს. მისი სილუეტები – მოშვებული თუ მჭიდრო, თითქოს სხეულის ყველა ნაწილს ერგება. ორბუნოვნება, რომელსაც დემნა გვთავაზობს, არა მარტო ასახავს დროს, არამედ წინ, მომავლისკენ მიისწრაფვის. მისი განზრახვები უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ პროდუქტის გაყიდვა და სწორედ ამიტომ, Balenciaga-ს ეფექტი მთელს მსოფლიოში იგრძნობა“.

ვკითხულობთ ჟურნალის ოფიციალურ გვერდზე, სადაც „ეიფორიას“ ვარსკვლავი, ალექსა დემი განმარტავს, თუ რატომ მოხვდა ამ სიაში Balenciaga-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ჟურნალი TIME გავლენიანი ადამიანების სიას 1999 წლიდან ყოველწლიურად ადგენს და მასში მოხვედრა ძალიან დიდ პატივად ითვლება. სიაზე ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი და ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ სიაში მოხვდნენ.

2022 წლის სიაში, დემნა გვასალიასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ტიმ კუკი, ოპრა უინფრი, ჯო ბაიდენი, ადელი და ზენდეიაც მოხვდნენ.

100 ადამიანისგან შედგენილ სიაში ასევე მოხვდა არიანა დებოუსი, ოსკაროსანი ქვიარ მსახიობი, რომელიც მაყურებელმა სტივენ სპილბერგის მიუზიკლიდან, „ვესტსაიდური ამბიდან“ გაიცნო.

TIME ყოველკვირეული ამერიკული ჟურნალია, რომელიც თითქმის საუკუნის ისტორიას ითვლის. ის 1923 წელს გამოჩნდა დახლებზე და გაყიდვების რაოდენობით მეთერთმეტე ჟურნალია ამერიკაში.

პარლამენტში ქალთა მიმართ ძალადობასა და ჰომოფობიურ სიძულვილზე ისაუბრეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებმა, მათ შორის, ხათუნა სამნიძემ, მიხეილ სარჯველაძემ და ბექა ლილუაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, საკუთარ გამოსვლაში 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ეს დღე ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ კარგად გააცნობიეროს, არ შეიძლება, სძულდეთ ადამიანები, მით უმეტეს, გამოხატავდნენ ამ სიძულვილს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ გემოვნებას არ შეესაბამებიან და ისიც იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან. მით უფრო მიუღებელია, გვიწევდეს ამ ადამიანების უფლებების არსებობის მტკიცება და მათი ვანდალიზმისგან დაცვის საჭიროებაზე საუბარი“.

სარჯველაძემ 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალის სიცოცხლის მოსპობის და 23 მაისს, გაჩერებაზე ქალის დაჭრის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ასეთი საზარელი და მხეცური ფაქტები უნდა გვაფიქრებდეს იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვეძლო და ვერ შევძელით, რათა ასეთი ფაქტები თავიდან აგვეცილებინა… უნდა გაათმაგდეს ჩვენი ძალისხმევა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი ამოიძირკვოს ჩვენი საზოგადოებიდან, სადაც მას ფესვები მკვიდრად აქვს გადგმული“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ იმ ომს, რომელსაც ქართული ოცნება ყურადღებას არ აქცევს, ბოლო დღეებში 2 ქალის სიცოცხლე შეეწირა.

„ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა. ბოლო სტატისტიკით, შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა და სასამართლო გაცემულ ორდერებს აუქმებს. ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ უმძიმესი ტრაგედია იხილა. ქალთა მიმართ ძალადობა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა და ეს ომი არ სრულდება. იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პირებმა სპეციალური ზომები მიიღონ, განცხადება მაინც გააკეთონ, ხელისუფლება გადართულია იმ პროპაგანდაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი თურმე ოპოზიციის ბრალია. ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, ეს ომი არის მუდმივი, ამ ქვეყანაში ქალები კვდებიან. ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია და უნდა არსებობდეს სპეციალური ზომები, პროგრამები ცნობიერების ამაღლებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა“,  — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა, ბექა ლილუაშვილმაც, რომელმაც პანდემიის პერიოდში ქალთა უსაფრთხოების დაცვის გართულებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა, ყველა პოლიტიკური პლატფორმა და მხარდაჭერა გამოიყენონ, რათა ქალთა მიმართ ძალადობა შემცირდეს.

შოტლანდიის ეკლესიამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირა

შოტლანდიის ეკლესიის საერთო ყრილობაზე მხარი დაუჭირეს საეკლესიო კანონის ცვლილებას, რაც ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლებას მიანიჭებს. Keep Reading

მაიმუნის ყვავილი — დაავადება, რომელიც გეი და ბისექსუალი მამაკაცების სტიგმატიზაციის რისკს ზრდის

მაიმუნის ყვავილის ამჟამინდელი ეპიდემიის პირველი შემთხვევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 7 მაისს დააფიქსირა. დაინფიცირებული პირი დიდ ბრიტანეთში ნიგერიიდან (სავარაუდოდ, სადაც დაინფიცირდა) ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. Keep Reading

Heartstopper-ის მეორე და მესამე სეზონი დამტკიცდა

ნიკის, ჩარლის, ელის, ტაოს, ტარას, დარსის და ტორის ისევ ვიხილავთ მცირე ეკრანებზე!

Netflix-ის ახალი სერიალი Heartstopper მეორე და მესამე სეზონით დაუბრუნდება მაყურებელს.

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება Netflix-ის საკომუნიკაციო არხებში 20 მაისს გავრცელდა და ფანების სიხარულს საზღვარი არ აქვს.

სერიალი, რომელიც ელის ოსმანის გრაფიკული რომანების სერიას ეფუძნება, 22 აპრილს გამოვიდა ეკრანებზე და გვიამბობს სკოლის ორი მოსწავლის, ნიკოლასის და ჩარლის სიყვარულის ისტორიას.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოვა ახალი სეზონი და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, თუმცა თუ გრაფიკული რომანების სერიას დავეყრდნობით, სერიალში კვლავ ვიხილავთ ნიკოლას(კიტ კონორი), ჩარლის (ჯო ლოკს), ტაოს (უილიამ გაო) და ელის (იასმინდა ფინი).

სერიალი, რომელიც ქვიარ გამოცდილებას განსხვავებული კუთხიდან გვაჩვენებს, ძალიან წარმატებული გამოდგა სტრიმინგ სერვისისთვის და მალევე შეიყვარა მაყურებელმა, Netflix-ის მონაცემების მიხედვით, სერიალს პრემიერიდან ორ დღეში მომხმარებლები 14.55 მილიონი საათის განმავლობაში უყურებდნენ.

სხვადასხვა გამოცემის შეფასებით, სერიალი ძალიან კარგად აღწერს მოზარდების სიყვარულს და გვაჩვენებს ქვიარ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება იყოს სასიამოვნო და ნაკლებად მტკივნეული.

 

შენი სიჩუმე კლავს! —22 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში აქცია-პერფორმანსი გაიმართება

დღეს, საქართველოს სამ ქალაქში — თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში ქალთა სიცოცხლის დასაცავად აქცია პერფორმანსი — შენი სიჩუმე კლავს! — გაიმართება.

21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლს სიცოცხლე შვილების თვალწინ მოუსპო. „ამ ტრაგიკული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებული ადამიანები, ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღაამდეგ… ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად“ გამოსვლას გეგმავენ.

სამ ქალაქში დაგეგმილი აქცია-პერფორმანსი 22 მაისს გაიმართება: ზუგდიდში აქცია 15:00 საათზე, სკეიტპარკის ტერიტორიაზე გაიმართება, თბილისში ფილარმონიის წინ, 18:00 საათზე, ხოლო ბათუმში 6 მაისის პარკის მთავარ შესასვლელთან, 18:00 საათზე.

აქცია-პერფორმანსში მონაწილეობისთვის იხილეთ აღნიშნული ღონისძიება

აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორები საქართველოს შემეცნებითი ცენტრი, ქალთა ასოციაცია — გვირილა და Femina არიან.

ჯეიკ დენიელსი — ღიად გეი ფეხბურთელი, რომელიც ბარიერების ნგრევას ხელს უწყობს

საფეხბრუთო გუნდ ბლექფულის თავდამსხმელმა ჯეიკ დენიელსმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბარი გადაწყვიტა და დიდ ბრიტანეთში ერთადერთ აქტიურ, ღიად გეი, პროფესიონალური ლიგის კაც ფეხბრუთელად იქცა.

17 წლის დენიელსმა გადაწყვეტილება „შვებად“ შეაფასა და ცნობილი ფეხბურთელებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების, მათ შორის, გარი ლინეკერის, ჰარი კეინისა და სერ იან მაკკელენის მხარდაჭერაც მიიღო. მისი გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და პრინცმა უილიამმაც მოიწონა, რომელმაც აღნიშნა, რომ დენიელსის ღიად საუბარი „ბარიერების ნგრევას ხელს შეუწყობს“.

პირველი პროფესიონალური ფეხბურთის წარმომადგენელი, რომელმაც საკუთარ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა ჯასტინ ფაშანუ იყო. დენიელსის მიმართ მხარდაჭერა 1990 წლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ფაშანუს გადაწყვეტილებას ჰომოფობიური გამოხმაურებები მოჰყვა და ფეხბურთელმა 1998 წელს, 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სტატუსით უნდა წარმდგარიყო და თვლიდა, რომ ჰომოსექსუალობის გამო სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.

ზოგადად სპორტში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში ჰომოფობიური განწყობები ჯერ კიდევ მძლავრია და ლგბტქი ათლეტებისთის უსაფრთხო სივრცედ არ ითვლება.  House of Commons-ის 2017 წლის კვლევის მიხედვით, „მიუხედავად იმისა, რომ გასულ 30 წელში სოციუმის დამოკიდებულება ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამ პროგრესის ანარეკლი საფეხბურთო სამყაროში მცირედით თუ აისახა“.

პროფესიონალური ფეხბურთი დიდი ბრიტანეთის სამ ყველაზე პოპულარულ სახეობას შორის ბოლოა, რომლის მოთამაშემაც საკუთარ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა. 2009 წელს, მორაგბე გარეთ ტომასი გახდა პირველი ათლეტი, რომელმაც ღიად ისაუბრა ხოლო 2011 წელს — კრიკეტის მოთამაშე სტივენ დეივისი. ეს გაჭიანურებული პროცესი უცნაური არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰომოფობიურ შეძახილებს სპორტის მოყვარულები დღემდე აქტიურად იყენებენ. დენიელსის გადაწყვეტიელბასაც მოჰყვა ჰომოფობიური განწყობები, რომელიც ლგბტქი უფლებადაცვითმა ჯგუფმა, Stonewall-მა დაგმო. მიუხედავად მცირე ნეგატიური გამოხმაურებისა, გასულ ათწლეულებში მიღწეული კულტურული ცვლილებებისა და კამპანიების, ასევე გულშემატკივრებში მიმღებლობის ზრდის წყალობით ლგბტქი ადამიანების სპორტში მონაწილეობაზე წარმოდგენები შეიცვალა.

2008 წელს, ერთ-ერთმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ The Justin Campaign წამოიწყო, რომელიც კაცების ფეხბრუთში ჰომოფობიაზე დისკუსიის გაატქიურებას ისახავდა მიზნად. კამპანიის სამიზნე ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ, რომლებიც სკოლისა და უნივერისტეტის შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. აღნიშნულ წამოწყებას ფეხბურთისა და ჰომოფობიის შესახებ PrideSports-ის წამოწყებული ინიციატივა მოჰყვა, რომელიც დღემდე აქტიურად ცდილობს სპორტში დამოკიდებულებების ცვლილებას ხელი შეუწყოს. ინგლისისა და უელსის ფეხბურთის მაკონტროლებელმა ორგანომ პირველი ანტიჰომოფობიური ინიციატივა 2012 წელს წამოიწყო, თუმცა ითვლება, რომ მაკონტროლებელი ორგანოს ინიციატივები არაეფექტურია და რეალური ცვლილებების მოტანას ხელს ვერ უწყობს. რთულია იმის განსაზღვრა, მსგავსი კამპანიების შესახებ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ცოდნა რამდენად აქვთ, თუმცა 2017 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდებში ინკლუზიური მიდგომა იზრდება და ათლეტები ჰომოფობიას თუნდაც ინდივიდუალურ შემთხვევებში უპირისპირდებიან.

ჰომოფობიური შეძახილები თამაშის მიმდინარეობისას საკმაოდ გავრცელებულია, რაც გარკვეულ შემთხვევებში ცხადად ჰომოფობიურ შინაარსს გულისხმობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მიკროაგრესიის გამოვლინებად ითვლება. მიკროაგრესია ყოველდღიური საუბრის ფორმა თუ ქმედებაა, რომელიც მარგინალიზებულ ჯგუფებს მიემართება და მიმღებლობის ნაკლებობასა და დისკრიმინაციულ განწყობას ააშკარავებს. მსგავსი აგრესია უმცირესობის წარმომადგენელი ათლეტებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია.

უნდა ითქვას ისიც, რომ სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის გულშემატკივართა დაჯგუფებებმა ინკლუზიური გარემოს შენება დაიწყეს, თუმცა ეს ცვლილება მაკონტროლებელი ორგანოს ქმედებებში ნაკლებად ვლინდება და ხშირად უბრალოდ არ სცნობენ ჰომოფობიას. ამის მაგალითი FIFA-ს მსოფლიო თასიც არის, რომელმაც ღონისძიების ჩატარება ყატარში, ანტი-ლგბტქი კანონმდებლობის მქონე ქვეყანაში გადაწყვიტა.

ქალთა ფეხბურთში მდგომარეობა ბევრად უკეთ არის. 2019 წლის ქალთა მსოფლიო თასზე 40 ღიად ლესბოსელი და ბისექსუალი მოთამაშე, მწვრთნელი და მენეჯერი იყო ჩართული. ამის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ ქალების სპორტში სექსისტურ და ჰომოფობიურ განწყობებთან გამკლავება მრავალი ათწლეულია უწევთ.

წყარო: The Conversation

ყველას უფლებები თანაბარია — ევროკავშირის ელჩი სომხეთში

/

ერევანში მიმდინარე დემოკრატიის ფორუმის მონაწილეებისთვის სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას.

მისი თქმით, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული და ეს ურთიერთკავშირი ერთიმეორეს აძლიერებს. დემოკრატია არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური მუშაობის შედეგი და მნიშვნელოვანია, მასში ყველამ მიიღოს მონაწილეობა. მან განმარტა, რომ დემოკრატია არის გარემო, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს თანაბარი უფლებებით, გამოხატოს თავისუფალი ნება, ჰქონდეს გადაწყვეტილებებში ხმის მიცემის შესაძლებლობა და შეძლოს, პასუხისმგებლობა დააკისროს ხმის მიმღებ პირებს. დემოკრატია ნიშნავს ხელისუფლების საქმიანობაში აქტიურ ჩართულობას კანონის უზენაესობის შესაბამისად. ელჩმა განაცხადა, რომ ამის მიღწევა ერთბაშად არ არის შესაძლებელი და გრძელვადიან ძალისხმევას მოითხოვს.

ვიქტორინის თქმით, არსებობს გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ დემოკრატიაზე მთელს მსოფლიოში. ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე სომხეთიც დადგა, მაგალითად, როგორიცაა, კოვიდ-პანდემია, 44-დღიანი ომი, ომის შემდგომი ვითარება და ბოლო დროს რუსეთის ომის გავლენა უკრაინაში. მან აღნიშნა, რომ არ არსებობს მშვიდობა და უსაფრთხოება დემოკრატიის გარეშე. ამ გამოწვევებს მნიშვნელოვანი სოციალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური შედეგები მოაქვს, ხოლო მათი დაძლევა ადამიანის უფლებების დაცვისას რთულია. ელჩმა უმნიშვნელოვანეს მიღწევად 2021 წელს ჩატარებული გამჭვირვალე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება დაასახელა, მიუხედავად მოკლე წინასაარჩევნო დროისა და პანდემიისა.

ვიქტორინმა აღნიშნა, რომ არჩევნები ასახავს ხალხის ნებას ქვეყანამ დემოკრატიული გზისა და რეფორმებისკენ გააგრძელოს სვლა, რაშიც დიდია თავისუფალი მედიის როლი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, როგორც თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს და ღია და თავისუფალი დებატების ფორუმს.

სომხეთს სჭირდება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თქვა ვიქტორინმა. პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. მან აღნიშნა, რომ უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქალებისა და ბავშვების უფლებებს იცავენ, ოჯახში ძალადობას ებრძვიან და მხარს უჭერენ ლგბტქი თემს, კრიტიკისა და სიძულვილის სამიზნეები გახდნენ. ელჩმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია არ არის შერჩევითი, ყველას უფლებები თანაბარია, განურჩევლად ადამიანის რასის, ეროვნების, რელიგიის, გენდერული იდენტობის თუ სექსუალური ორიენტაციისა.

ვიქტორინმა პოზიტიურ ნაბიჯად მოიხსენია 2020 წელს პარლამენტის მიერ ძალადობის კრიმინალიზაცია და განმარტა, რომ სომხეთ-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობის თანახმად, ევროკავშირი სომხეთს დემოკრატიის გაძლიერებაში, კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნაში ეხმარება.

 

 

26 მაისს დრეგ მეჯლისის მესამე ღამე გაიმართება

26 მაისს Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით დრეგ შეჯიბრის მორიგი საღამო გაიმართება.

მესამე დრეგ მეჯლისის თემატიკა დისნეი იქნება და მასში მონაწილეობას 8 დრეგ ქვინი, Mariko Kardashian, Bipolara, Evil Queen, Homo Erectus, Lee, Pusseidon და Gerilyn Stone მიიღებენ.

მეჯლისზე სპეციალური დრეგ პერფორმანსით წარსდგება გასული შოუს გამარჯვებული Sofia McQueen, ხოლო მუსიკალური ნორმებით STEPHANE და LUA.

საღამოს მასპინძელი Matt Shally იქნება.

THE DRAG BALL “თბილისი პრაიდის” და საინიციატივო ჯგუფის პროექტია, დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ბალის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას.

ბილეთების მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია თბილისი პრაიდის ვებ-გვერდზე.