მაისი 2022 - Page 5

პაპი ფრანცისკე: ღმერთი მამაა, რომელიც არცერთ შვილს არ უარყოფს

5 მაისს იეზუიტმა მოძღვარმა ჯეიმს მარტინმა პაპ ფრანცისკეს ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაუგზავნა. მარტინს სურდა, პაპისგან მოესმინა პასუხები კითხვებზე, რომლებითაც ლგბტქი თემის წევრები და მათი ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ.

„ესპანურენოვან წერილში პაპს სამი კითხვა დავუსვი და მივწერე, რომ შეეძლო, მოკლე პასუხები გაეცა. ვიცოდი, რომ პაპი მუხლის ტკივილს უჩიოდა და მინდოდა, მისთვის პასუხების გაცემა გამემარტივებინა. 3 დღის შემდეგ, ხელნაწერი საპასუხო წერილი მივიღე. პაპი ფრანცისკე მწერდა — „თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივია“, — ამბობს ჯეიმს მარტინი.  

ჯეიმს მარტინი: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ლგბტქი ადამიანებმა ღმერთის შესახებ უნდა იცოდნენ?

პაპი ფრანცისკე: ღმერთი მამაა, რომელიც არცერთ შვილს არ უარყოფს. ღმერთის „სტილი“ სიახლოვე, წყალობა და სინაზეა და ამ გზით ღმერთის პოვნას შეძლებთ. 

ჯეიმს მარტინი: რა უნდა იცოდნენ ლგბტქი ადამიანებმა ეკლესიაზე?

პაპი ფრანცისკე: ვურჩევ წაიკითხონ, საქმე წმიდათა მოციქულთა [ახალი აღთქმის ეს წიგნი ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულთა სამისიონერო მოღვაწეობაზე ჰყვება]. ამ წიგნში ისინი ეკლესიის ნამდვილ სახეს იპოვიან.

ჯეიმს მარტინი: რას ეტყოდით ლგბტქი კათოლიკეებს, რომელთაც ეკლესიისგან უარყოფა გამოუცდიათ?

პაპი ფრანცისკე: მინდა, ეს ეკლესიის უარყოფად კი არ ჩათვალონ, არამედ ეკლესიის მსახურთა მხრიდან უარყოფად. ეკლესია დედაა, რომელიც ყველა შვილს აერთიანებს… „შერჩევითი“ ეკლესია წმინდა დედა ეკლესია კი არაა, სექტაა. 

წყარო: Outreach

Heartstopper-ის ჯო ლოკს სურს, რომ დისნეის პირველი გეი პრინცის როლი შეასრულოს

სულ რამდენიმე კვირის წინ Netflix-ის პლატფორმაზე ახალი ქვიარ სერიალი, Heartstopper გამოჩნდა. სერიალი ორი მოზარდი ბიჭის სიყვარულის ისტორიას გვიამბობს.

სასკოლო რომანტიკულ კომედიაში მთავარი როლის შემსრულებელი ჯო ლოკი უკვე გახდა მრავალი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა მაყურებლის საყვარელი მსახიობი.

18 წლის ჯო ლოკისთვის ეს როლი პირველია, ბრიტანელმა მსახიობმა როლის მისაღებად ძალიან დიდი გზა გაიარა, ნიჭის და ქარიზმის დამსახურებით, ის 10 000 მსახიობიდან შეარჩიეს Netflix-ის ახალ ქვიარ რომ-კომში მთავარი როლის შემსრულებლად.

The Independent-თან საუბარში, მსახიობი ამბობს, რომ ის სიხარულისგან ყვიროდა, როცა გაიგო, რომ როლი მისი იყო: „ეს სერიალი ჩემთვის არის ლამაზი ისტორია მიმღებლობასა და სიყვარულზე, მეგობრობასა და ბედნიერებაზე“.

სერიალი აჩვენებს ქვიარობის დადებით მხარეებს, ქვიარ ადამიანები იზრდებიან იმ განცდით, რომ ისინი არ იმსახურებენ სიყვარულს, რადგან ვერ სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით, რა პრივილეგიებითაც სარგებლობენ ჰეტეროსექსუალი ადამიანები. Heartstopper-ში ყველაფერი პირიქითაა და ცდილობს, ის მისცეს პერსონაჟებს, რაც ასე აკლიათ ქვიარ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში.

მსახიობი იმედოვნებს, რომ სერიალის მეორე სეზონსაც გადაიღებენ, თუმცა ჯერჯერობით Netflix არ ავრცელებს ინფორმაციას მეორე სეზონთან დაკავშირებით.

კუნძულ მენიზე დაბადებული მსახიობი ასევე მოუთმენლად ელის ახალ როლებს და სურს, რომ დისნეის პირველი გეი პრინცის როლი შეასრულოს.

https://twitter.com/joelocke03/status/1522498154238824448

მსახიობმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ქასთინგში მონაწილეობა მეგობრების და ოჯახის წევრების რჩევით მიიღო და უეცრად მთელი მისი ცხოვრება შეიცვალა- ,,ასე მგონია, ჩემი ოცნებები ხდება.”

სერიალი ელის ოსმანის გრაფიკული რომანების სერიას ეფუძნება და მომდევნო ნაწილებში უფრო კარგად ჩანს მთავარი გმირის, ჩარლის მენტალური პროლემები.

ჯო ლოკი ამბობს, რომ  მოზარდების სერიალები მენტალურ პრობლემებს ძალიან ბნელი კუთხიდან წარმოაჩენს – ,,ჩვენი მიზანია, ოპტიმისტურად ვაჩვენოთ  ის პრობლემები, რომლებიც დღეს მოზარდებს აქვთ.”

Heartstopper-ის პირველი სეზონის ნახვა Netflix-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

შუტი გატვა შემდეგი Doctor Who იქნება

Sex Education-ის ფანებისთვის კარგი ამბავი გვაქვს! ყველასათვის საყვარელი ერიკი Doctor Who-ის ახალ სეზონში მეთოთხმეტე დოქტორის როლს შეასრულებს!

სამი სეზონის განმავლობაში ფანები თვალს ადევნებდნენ ლეგენდარული სერიალის მეცამეტე, შოუს ისტორიაში პირველი ქალი დოქტორის თავგადასავალს ჯოდი ვითთეკერის შესრულებით.

უკანასკნელი სეზონის გამოსვლის შემდეგ, ფანებს აინტერესებდათ, ვინ შეცვლიდა ჯოდის სერიალის მორიგ სეზონში, ვარაუდობდნენ, რომ როლს ოლი ალექსანდერი, ომარ დუგლასი ან ლიდია ვეტი შეასრულებდნენ.

თუმცა ვარაუდები არ გამართლდა და რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ შოუს ისტორიაში სატიტულო პერსონაჟის როლს პირველად შეასრულებს ფერადკანიანი მსახიობი.

შუტი გატვა რუანდელ-შოტლანდიელი მსახიობია, რომელიც მაყურებელმა Netflix-ის გახმაურებული სერიალიდან, Sex Education-დან გაიცნო. მსახიობი სერიალში მთავარი გმირის, ოტისის გეი მეგობრის როლს ასრულებს, უკვე სამი სეზონია, მაყურებელი თვალს ადევნებს მის განვითარებას და იზიარებს პერსონაჟის ქვიარ გამოცდილებას.

„მიჭირს სიტყვების პოვნა იმ ემოციების გადმოსაცემად, რასაც ახლა განვიცდი. ძალიან აღელვებული, ამაყი და ცოტათი შეშინებული ვარ“, – თქვა მსახიობმა ოფიციალურ განცხადებაში.

„ეს შოუ და როლი ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის მთელი მსოფლიოს გარშემო განსაკუთრებით ძვირფასია. ყველა წინამორბედმა დოქტორმა უდიდესი შრომა და ნიჭი ჩადო მასში, ვეცდები, მეც მაქსიმალური გავაკეთო ამ როლისთვის“.

სერიალის მორიგი სეზონის სცენარისტმა, რასელ ტ. დეივიესმა აღნიშნა, რომ შუტი გატვამ როლს საოცრად გაართვა თავი კასტინგებზე.

Doctor Who სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალია, რომელიც BBC-ის ეთერში 1963 წლიდან გადის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოვა ლეგენდარული შოუს ახალი სეზონი.

კიევისა და ვარშავის პრაიდი ერთობლივად ჩატარდება

Kyiv Pride-სა და Warsaw Pride-ის წევრებმა ერთობლივი მსვლელობა დააანონსეს – „მარში მშვიდობისთვის“, რომელიც ვარშავაში გაიმართება რუსული აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. Keep Reading

ქვიარ ქალების მასკულინური სილამაზე ფოტოგრაფიაში

“The Colors We Don’t See at The End of The Rainbow” — ეს ახალი ჟანრია ბრუკლინში დაბადებული ფოტოგრაფისა და კინორეჟისორის, ლინდსი პერიმენისგან. Keep Reading

მეორე პუბერტატი – ლორენს ფილომენის ფოტოები ტრანზიციის პროცესის აღსაწერად

პუბერტატი, იგივე სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ეს ის დროა, როცა მოზარდის სხეულში იწყება ნამდვილი რევოლუცია და ისევე როგორც ჰორმონალურ სისტემაში, თავის ტვინშიც ძალიან რთული და კომპლექსური ცვლილებები ხდება.

სქესობრივი მომწიფების პერიოდი 16 წლამდე, ზოგ შემთხვევაში, 18 წლამდე გრძელდება და ამ პროცესის დროს მოზარდის სხეულში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკვეთრი ზრდა შეინიშნება, იცვლება სხეულის კომპოზიცია, ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და სასუნთქი სისტემები.

ეს ის დროა, როცა მოზარდის ხასიათი ხშირ შემთხვევაში რადიკალურად იცვლება და თითქოს სრულიად სხვა ადამიანს ემსგავსება, ამ პერიოდში ადამიანების უმეტესობა ბევრ დროს უთმობს საკუთარ გარეგნობას და ცდილობენ, თავიანთი თანატოლებისგან აღიარება მოიპოვონ.

მრავალი ტრანსგენდერი ადამიანის შემთხვევაში, რომლებიც უკვე ზრდასრულ ასაკში იწყებენ ტრანზიციის პროცესს, პუბერტატის პერიოდი თითქოს მეორდება და იმ ნაცნობ შეგრძნებებთან და ცვლილებებთან ბრუნდებიან, რომლებიც ერთხელ უკვე გამოსცადეს მოზარდობაში.

ლორენს ფილომენის, კანადელი ფოტოგრაფის ფოტო-წიგნი, „პუბერტატი“, ზუსტად ამ პროცესს აღწერს და თვალისმომჭრელი კადრებით გვიყვება მეორე პუბერტატის პერიოდს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის.

არაბინარული იდენტობის მქონე არტისტი ფოტოგრაფიით 2012 წლიდან არის დაინტერესებული და მისი მიზანია, ფოტოგრაფიის საშუალებით მეტი გაიგოს გენდერულ იდენტობასა და სექსუალობაზე.

ფოტოგრაფი წლების განმავლობაში ასახავს თავისი ტრანზიციის პროცესს და ცდილობს, საკუთარი თავი არა მარგინალიზებულ ადამიანად, არამედ ხელოვნების ნიმუშად აღიქვას.

299-გვერდიანი ფოტო-წიგნი ლორენსის ყოველდღიურობას ჯადოსნურ ელფერს აძლევს, ფოტოგრაფის მიზანია, ადამიანებს აჩვენოს, რომ ტრანზიცია უნივერსალური გამოცდილებაა და ჩვენ ყოველდღიურად ტრანსვფორმირდებით რაღაც ახალში, ჩვენს გარეგნობაში თუ შინაგან სამყაროში ყოველთვის ხდება ცვლილებები და ეს არ არის მხოლოდ ტრანს გამოცდილება.

ამასთან ერთად, ცვლილებებს მუდმივად განიცდის ბუნებაც, სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა კანადელი არტისტის შემოქმედებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ბუნებას. იგი თავის ტრანზიციის პროცესს სახლის მცენარის მოძრაობას ადარებს, რომელიც ცდილობს, მზისკენ გადაიხაროს.

ლორენსი სხვადასხვა დროს ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: ნეტფლიქსი, BEATS, Converse, VSCO, AirBnb. მისი ფოტოები 40-ზე მეტ გამოფენაზე მოხვედრილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო მის სოლო გამოფენას უმასპინძლა კანადამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა.

 

ფოტო: ლორენს ფილომენი

რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული უკრაინელი ქვიარები და თემის ერთობა საზღვრებს მიღმა — ინტერვიუ ლენი ემსონთან

KyivPride-ის დირექტორი ლენი ემსონი ერთ-ერთია იმ მრავალ ლგბტქი თემის წევრსა და აქტივისტს შორის, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღიდან, ლგბტქი ადამიანების დახმარებას ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის რუსული აგრესიისგან დასაცავად. ლენი ემსონი ომის გამო შეცვლილ დღის წესრიგზე, ლგბტქი უკრაინელების საჭიროებებზე, ომის დღეებში ქვიარების ერთიანობაზე და იმ ორმაგ ფრონტზე გვესაუბრა, რომლის წინაშეც ლგბტქი ადამიანები არიან — ქვეყნის შიგნით არსებული ჰომოფობიური ჯგუფები და რუსული ძალმომრეობა.

KyivPride ომამდე და რუსეთის თავდასხმის შემდეგ შეცვლილი დღისწესრიგი

კიევის ღირსების მარში ლგბტქი უფლებების მხარდასაჭერად

რუსეთის თავდასხმისთანავე მივხვდით, რომ ყველა ჩვეული აქტივობა უნდა გადაგვეფასებინა და ამასთან, გაგვეგრძელებინა თემის მხარდაჭერა, სრული დატვირთვით გვეფიქრა თემის წევრების საჭიროებებზე. Პირველი, რაც გავაკეთეთ, პირდაპირი დახმარების გზების ძიება იყო, იქნებოდა ეს დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, საკვებზე ხელმისაწვდომობა თუ მედიკამენტებით მომარაგება, — ლენი ემსონი.

კიევპრაიდი უფლებადაცვითი ორგანიზაციაა და ამიტომ თემს, მოძრაობასა და ხელისუფლებას შორის კონტაქტის დამყარებას ვუწყობთ ხელს. Ასევე, ხელს ვუწყობთ სამართლებრივი დღის წესრიგის შეცვლას, ინფორმაციის კამპანიურ ფორმატში გაზიარებას და ქვეყანაში ადვოკატირების ყველაზე დიდ ღონისძიებას — ღირსების მარშს ვატარებთ დედაქალაქში. რუსეთის თავდასხმისთანავე მივხვდით, რომ ყველა ჩვეული აქტივობა უნდა გადაგვეფასებინა და ამასთან, გაგვეგრძელებინა თემის მხარდაჭერა, სრული დატვირთვით გვეფიქრა თემის წევრების საჭიროებებზე. Პირველი, რაც გავაკეთეთ, პირდაპირი დახმარების გზების ძიება იყო, იქნებოდა ეს დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, საკვებზე ხელმისაწვდომობა თუ მედიკამენტებით მომარაგება. პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად თემის წევრების საკვებით მომარაგება დავიწყეთ და ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფა გადავწყვიტეთ, თავდაპირველად დედაქალაქში არსებულ იმ შენობაში, რომელიც უკვე გვქონდა, შემდეგ უფრო შესაფერისი და უსაფრთხო დაწესებულებაც მოვნახეთ, თუმცა მცირე სივრცეა, ამიტომ ახლა უფრო დიდი შენობის ძიების პროცესში ვართ. ვფიქრობთ, რომ საკუთარი საცხოვრისის დატოვება კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოუწევს. ხალხი აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უფრო უსაფრთხო ადგილს ეძებს, რადგან რუსეთი ამ რეგიონებს ყველაზე მძლავრად უტევს, რის გამოც ადამიანებს საცხოვრებლის დატოვება უწევთ და ამას მომზადებულები უნდა დავხვდეთ. ამასთან, ბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებმაც უკრაინის დასავლეთს და ევროპას შეაფარეს თავი, ამიტომ პირდაპირი დახმარება მუდმივად საჭიროა. სოციალურ ქსელებში ვაქტიურობთ, ვცდილობთ, ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და როგორც მსოფლიოს, ისე უკრაინას გავაგებინოთ, როგორია ლგბტქი უკრაინელების მდგომარეობა ომის დროს. ამასთან, გვინდა ხალხს გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თემი ომის დღეებში, როგორ ვიბრძვით უკრაინისთვის. ახლახან ლესბოსელთა ხილვადობის დღე იყო და არაერთი ლესბოსელი სამხედროს ისტორია გავავრცელეთ, რომლებიც სამშობლოს დასაცავად იბრძვიან. 

ნარატივები, რომლებიც საერთაშორისო მედიით ვრცელდება და ლგბტქი თემი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად იბრძვის

ვერ ავუდივართ მოხალისეების მსურველთა შეტყობინებებს, რომლებიც გვწერენ, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არიან და დახმარებას გვთავაზობენ, უნდათ, რაიმე ფორმით ჩაერთონ თემის, ზოგადად ქვეყნის დახმარების საქმეში, — ლენი ემსონი.

საერთაშორისო მედია აკეთებს განსაკუთრებით დიდ აქცენტს ლგბტქი ადამიანების მიერ ქვეყნის დატოვებაზე, რასაც მხარს ვუჭერთ – თუ ადამიანებს უნდათ, რომ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და ქვეყანას ტოვებენ, ვეხმარებით ამ პროცესში, საევაკუაციო გზების გამარტივებას ვცდილობთ და ისეთ თავშესაფრებთან ვაკავშირებთ, რომლებიც ლგბტქი ადამიანებისთვის უსაფრთხოა. თუმცა არავინ საუბრობს, რომ როცა საზღვრიდან ვბრუნდებით, თან გვახლავს უამრავი თემის წევრი, რომელიც უკრაინაში ბრუნდება და ქვეყნის დასახმარებლად ერთიანდება. თემის უდიდესი ნაწილი უკრაინაშია და ქვეყნის გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს. ვერ ავუდივართ მოხალისეების მსურველთა შეტყობინებებს, რომლებიც გვწერენ, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არიან და დახმარებას გვთავაზობენ, უნდათ, რაიმე ფორმით ჩაერთონ თემის, ზოგადად ქვეყნის დახმარების საქმეში. თემის არაერთი წევრი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, რაც განსაკუთრებით სადარდებელია, ეს მათთვის ძალიან საშიშია. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული მხარე აქტივისტების, უფლებადამცველების სიებს აწარმოებდა, ამიტომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ თემის წევრებს შესაძლოა წამება ელოდეთ, ისინი პირველი სამიზნე არიან. ქვეყნის სხვადასხვა წერტილში არსებულ ორგანიზაციებს ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რათა ქვეყანაში მყოფ თემის წევრებს მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ, დავეხმაროთ გოგოებს, ბიჭებს თუ არაბინარულ სამხედროებს. კონტაქტი შევინარჩუნოთ თემის წევრებთან, რომელთაც ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ, საკვებით და მედიკამენტებით მოვამარაგოთ ადამიანები, რომლებიც ომმა ყოველგვარი რესურსის გარეშე დატოვა. ამასთან, ვცდილობთ, მხნეობა შევინარჩუნოთ და ამაში ადამიანებსაც დავეხმაროთ, რათა ქვეყანაც უკეთესობისკენ წავიყვანოთ.

ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებმაც ომის დღეები ლგბტქი თემზე თავდასხმისთვის გამოიყენეს

It's Even Worse Than Before': How The 'Revolution Of Dignity' Failed LGBT Ukrainians
ანტი-ლგბტქი პროტესტის მონაწილეები ლგბტქი დროშას წვავენ — ფოტო 2017 წლის კიევის ღირსების მარშიდან. Reuters

ფრონტის ორმაგი ხაზის პირისპირ ვართ — ერთ მხარეს რუსული ძალა დგას, რომელიც ჩვენს ქალაქებს ანადგურებს და მეორე მხარეს, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც თემის წევრებზე ნადირობენ, — ლენი ემსონი.

ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ჯგუფები ომამდეც იყვნენ ქვეყანაში და ეს ადამიანები ომის დაწყების შემდეგ უბრალოდ ხომ არ გამქრალან, ისინი კვლავ ჩვენ გვერდით არიან და მათ ნაწილს ომმა ძალაუფლებაც კი აგრძნობინა, ზოგიერთი სასაზღვრო დაცვის დანაყოფებს შეუერთდა და ჰომოფობიურ თავდასხმებსაც კვლავ აგრძელებს. არაერთმა ამბავმა მოაღწია ჩვენამდე, რომლებშიც საუბარია დამამცირებელ მოპყრობაზე, დისკრიმინაციაზე, წამების შემთხვევებზე. ეს უბრალოდ ასე ხდება – არმიაში უამრავი ადამიანი გაწევრიანდა, მათ შორის, აგრესიული, ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც აჩერებენ ადამიანებს, ამოწმებენ მათ ტელეფონებს. ასეთი სამწუხარო ამბავი თემის წევრ ბიჭს გადახდა, რომლის ტელეფონშიც შეყვარებულ ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტო იპოვეს და მისი დამცირება, დაცინვა, მისი მისამართით შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება დაიწყეს. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ორი გეი ბიჭი 6 საათით გამოკეტეს სარდაფში სამხედრო დანაყოფის წევრებმა და სცემეს, აწამეს. ომმა თემის წევრებისთვის საშიში რეალობა შექმნა, რომლის დროსაც ის თემის წევრები, რომლებიც სოციალურად მიღებულ გენდერულ გამოხატვასთან შესაბამისობაში არ არიან, იმ აგრესიული ჯგუფების სამიზნეები ხდებიან, რომელთაც ძალაუფლება იგრძნეს. რატომღაც ამ მძიმე დროს ისევ ჩვენზე თავდასხმისთის იყენებენ, ამიტომ ფრონტის ორმაგი ხაზის პირისპირ ვართ — ერთ მხარეს რუსული ძალა დგას, რომელიც ჩვენს ქალაქებს ანადგურებს და მეორე მხარეს, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც თემის წევრებზე ნადირობენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი თემის წევრების წინაშე არსებული საშიში რეალობა

სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას ხელს უშლიან, რაც მედიკამენტების, პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდებას აფერხებს და ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებზე აისახება, ვინც ამ დროს განსაკუთრებით მოწყვლადია. იმ ადამიანებს, რომელთაც ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, აივ-მედიკამენტები, ჰორმონების მიღება სჭირდებათ ან პრეპით უზრუნველყოფა, თავდასხმისას ყველაზე მეტად ზარალდებიან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას, მაგრამ უკრაინული მხარის კონტროლირებად ტერიტორიებზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები გამართულად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანები მკურნალობის მიღმა არ დარჩნენ. თემის წევრებმა შეძლეს, რომ შეექმნათ ერთგვარი ხიდი, რომლის მეშვეობითაც აუცილებელი მედიკამენტები ქვეყანაში შემოვიდოდა და შემდეგ მისი ქვეყნის მასშტაბით მიწოდება გახდება შესაძლებელი. ეს ერთგვარი ქსელია, რომელიც თემის წევრების საჭიროებების ეფექტურად და სწრაფად დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.

აქტივიზმი ომის დღეებში და გამკლავების მექანიზმები

KyivPride / Facebook

ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც ასეთია გამკლავების გზა — მუდმივი მოხალისეობა, ხალხთან კავშირი, ემოციების გაზიარება,  — ლენი ემსონი.

ახლა ჩემს სახეზე ღიმილს ხედავთ, მაგრამ იმ დროს როცა კიევის რეგიონი ოკუპირებული იყო და ირპენში და ბუჩაში შემზარავი ამბები ხდებოდა, გამკლავებას ვეღარ ვახერხებდი. პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამკლავების გზა აქტიურად მუშაობა და თემის წევრებთან მუდმივი კომუნიკაციაა. როცა დაკავებული ხარ, დასახმარებლად ყველაფერს აკეთებ, გრძნობ, რომ გაცემული ენერგია უკან გიბრუნდება. ეს შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალას გაძლევს, განაგრძო შრომა. გეხმარება, რომ არ ჩაიძირო, წყლის ზედაპირზე დარჩე. ამიტომ, გამკლავების გზა ისევ და ისევ საქმიანობაა, სხვების დახმარებაა. ვიცი, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც ასეთია გამკლავების გზა — მუდმივი მოხალისეობა, ხალხთან კავშირი, ემოციების გაზიარება. 

ლგბტქი თემის საჭიროებები და გზები, რომლითაც უკრაინის დახმარება შეგიძლიათ

ახლა თემის წევრების მთავარი საჭიროება დაცულობა და უსაფრთხოებაა, ამიტომ სხვადასხვა გზით ვცდილობთ ამ პროცესში ჩართვას, ვცდილობთ, ერთგვარი შემაკავშირებელი რგოლიც ვიყოთ და პირდაპირი დახმარებაც გავუწიოთ ადამიანებს, რათა დაცულ ადგილამდე მიღწევა შეძლონ, რაც ისეთ საცხოვრისს მოიაზრებს, სადაც თვითგამოხატვა თავისუფლად შეეძლებათ და არ განსჯიან, პატივისცემით მოეპყრობიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭიროება საკვებით, ასევე ფინანსური უზრუნველყოფაა. ომში ვართ, უამრავი კომპანია დაიხურა და ადამიანები სამსახურების გარეშე დარჩნენ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელი საჭიროებებით ადამიანების მომარაგება შევძლოთ. საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, ქართველებს ამ მიმართულებით დახმარება შეუძლიათ და ასევე ინფორმაციის გავრცელებაში მხარდაჭრა, თუნდაც სოციალურ ქსელებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა შეიძლება იყო დახმარების გზა. გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში და გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელსაც რეგულარულად ვაქვეყნებთ, აუცილებელია, რომ მეტი უკრაინულენოვანი მასალა და ნაკლები რუსული ნარატივი გავრცელდეს. რუსეთი საინფორმაციო ომს მომზადებული შეხვდა, რადგან ისედაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას და სოციალურ ქსელებში ადამიანთა განწყობების მართვას. სამწუხაროდ, ლგბტქი თემის წევრებიც კი ხშირად რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები არიან და უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას სხვებსაც უზიარებენ. დაუღალავად ვცდილობთ ხელისუფლებასთან მუშაობას და ტრანსფობიასთან, ჰომოფობიასთან ბრძოლას, თემის წევრებისთვის უკეთესი გარემოს შენება გვსურს და პროგრესიც გვაქვს, მაგრამ მაინც ვრცელდება ნარატივი, თითქოს უკრაინა ლგბტქი ადამიანებისთვის საშიში ქვეყანაა, ამიტომ ხალხს მინდა მოვუწოდო, რომ გაავრცელონ ინფორმაცია იმ შრომაზე, რასაც ლგბტქი ორგანიზაციები მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად სწევენ. ჩვენ აქ ვართ, ომის მიუხედავად, მუშაობას ვაგრძელებთ და თემის წევრების, სამშობლოს დაცვას ვცდილობთ.

ასევე ნახეთ: გზები, რომლითაც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას შეძლებთ

მომავლის იმედი, ხილვადობის პოლიტიკა და ლგბტქი თემის ერთობა, რომელიც საზღვრებს არ სცნობს

არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს. ჰომოფობიური ჯგუფები მუდამ მოგვაწერენ, რომ ქვეყანას ვტოვებთ, ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერს ვაკეთებთ, რაც სიმართლე არაა და ამას ყოველდღიურად ვამტკიცებთ სხვა ადამიანების დახმარების მცდელობით, ქვიარ სამხედროები ბრძოლის ველზე იცავენ სამშობლოს. ამასთან, აუცილებლად გავაგრძელებთ ხილვადობის პოლიტიკას და პრაიდის თვეშიც არ შევწყვეტთ აქტიურობას. გვჯერა, რომ ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს იქნება სიტუაციის შესაბამისი — მიმართული უკრაინის მხარდაჭერაზე, გამარჯვებაზე, მშვიდობის აუცილებლობაზე. ალბათ, სწორედ ეს პროცესი გვიჩვენებს, როგორია რეალური მდგომარეობა, როგორ შეიცვალა საზოგადოების განწყობა, ასევე მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ომის დაწყების შემდეგ განწყობების ცვლილების დინამიკა როგორია, სიძულვილის ენის გამოყენება გაზრდილია თუ — არა. ახლა ყველაფრის განჭვრეტა რთულია, რადგან ისეთი ხილვადები აღარ ვართ, როგორც უწინ.

მინდა, მადლობა გადავუხადო თემის რიგით წევრებს, აქტივისტებს, რადგან ომმა დაგვანახა, რომ მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში, ევროპაში, ცენტრალურ აზიაში თუ კავკასიაში თემი ერთსულოვანია. მუდმივად გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, როგორ შეუძლიათ დახმარება და რა არის საჭირო. მჯერა, რომ დახმარების უდიდესი ნაწილი, რაც ლგბტქი ორგანიზაციებმა მივიღეთ, თემის წევრებისგან მოდის. რა თქმა უნდა, მადლიერების ვართ დონორების, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანების მხრიდან დახმარების, მხარდაჭერის დანახვაა. მიხარია, რომ ერთმანეთი გვყავს. დავინახე, რომ ლგბტქი თემს ერთმანეთისგან საზღვრები, ენობრივი ბარიერი ვერ გვყოფს და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვეხმარებით. ეს არის ისეთი მძლავრი ერთიანობის შეგრძნება, როგორიც წლებია, არ მქონია. 

საქართველოში ლგბტქი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ განწყობები პოზიტიურად იცვლება — WISG

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) ახალი, მასშტაბური კვლევა  — წინარწმენიდან თანასწორობამდე გამოაქვეყნა, რომელიც ლგბტქი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების შესახებ 2016 წლის კვლევის ანალოგიურია და საზოგადოებრივი განწყობების ცვლილების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გამოკითხვას ემყარება, საზოგადოებრივი განწყობები პოზიტიურად იცვლება.

25%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა აეკრძალოთ და 53%-ს შეადგენს, ხოლო მსგავს შეზღუდვას მიუღებლად 27,1% თვლის. ამასთან, 20,6%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ლგბტქი თანასწორობის საკითხებზე საუბარი პროპაგანდად მიაჩნიათ.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 38,6% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით (სოგი) დანაშაულებზე სათანადოდ არ რეაგირებს, 30,7%-ის აზრით, სახელმწიფოს რეაგირება სათანადოა. ისევ მკვეთრად ნეგატიურია საზოგადოების განწყობა აქტივისტების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა გაუმჯობესება ამ მიმართულებითაც აშკარაა და ნეგატიური განწყობა 20%-ით 56,8%-მდეა შემცირებული. ამასთან, 25,4%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ თუ საზოგადოება ხმამაღლა არ დააფიქსირებს, რომ ჰეტეროსექსუალობა ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა, ჰომოსექსუალთა რიცხვი მოიმატებს.

გენდერის მკვლევარმა, ეკატერინე აღდგომელაშვილმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ კვლევა მოიცავდა კითხვებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში ყველაზე ფესვგადგმულია, მათ შორის, შვილად აყვანისა და ქორწინების შესახებ. მისი თქმით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ რიგ საკითხებზე პასუხის გაცემა უჭირთ ან საერთოდ უარს ამბობენ პასუხის გაცემაზე, რისი მიზეზიც, შესაძლოა, „ჰომოფობიური განწყობების ღიად დაფიქსირების შესახებ განწყობის ცვლილება იყოს“.

გამოკითხულთა 28% ჰომოსექსუალობას დაავადებად არ მიიჩნევს, 23,2% მიიჩნევს, ხოლო 33,8%-ს უჭირს პასუხის გაცემა ან თავს არიდებს. ასევე, 17,6%-ით შემცირდა და 60,8% შეადგინა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ჰომოსექსუალების მიმართ ყველგან და ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება იყო და არსებობს“.

გეი/ლესბოსელი წყვილების მიერ შვილად აყვანისა და ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ოჯახაში აღზრდის შესახებ მოსაზრებები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 36,6% არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ჰომოსექსუალების ოჯახში გაზრდილი ბავშვი აუცილებლად ჰომოსექსუალი იქნება, 15,2%-ს ნეიტრალური პოზიცია აქვს, 31,2% კი დებულებას ეთანხმება; გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის შვილად აყვანის მოწინააღმდეგეთა რიცხვი 14%-ით შემცირდა, მომხრეთა რაოდენობა კი 15%ით გაიზარდა; 

გეი-ქორწინების მოწინააღმდეგეთა პროცენტული წილი 15,4%-ით 74,6%-მდე შემცირდა, მომხრეთა წილი კი 5,6%-ით გაიზარდა.

ქორწინებასთან დაკავშირებულ კითხვები მოიცავდა საზოგადოებაში გავრცელებულ ნარატივს იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გეი-ქორწინების დაკანონებას გულისხმობს. გამოკითხულთა 73,5%-ს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად გეი-ქორწინების დაკანონება არ მიაჩნია, რაც 2016 წლის შედეგს 7,3%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის მსურველთა რიცხვი 8%-ით არის გაზრდილი და 53%-ს შეადგენს. ამასთან, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ან იგივენაირი ურთიერთობა გამოკითხულთა 77,7%-ს სურს, რაც 2016 წლის შედეგს 21%-ით აღემატება. აშშ-სთან უფრო მჭიდრო (49,9%) ან იგივენაირი (26,4%) ურთიერთობა გამოკითხულთა 76,3%-ს სურს, რაც 2016 წლის შედეგს 25,9%-ით აღემატება.

თითქმის უცვლელია რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებული განწყობა, თუმცა უფრო მჭიდრო ურთიერთობის მსურველთა რიცხვი 11%-ით არის შემცირებული და 27,1%-ს შეადგენს.

2016 წლის კვლევის მიხედვით, ლგბტქი ადამიანების მიმართ განწყობასა და საგარეო კურსს შორის ცხადი კავშირი არ არსებობდა, 2021 წლის მონაცემების მიხედვით კი, ეს ტენდენციაც შეცვლილია.

კვლევა მომზადდა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებენ.

მადონა ახალ ალბომს, Finally Enough Love-ს აანონსებს

მადონამ დააანონსა, რომ სულ მალე გამოუშვებს ახალ ალბომს, რომელსაც Finally Enough Love ერქმევა. რეტროსპექტიული ალბომი ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის ჰიტების რემიქსებით იქნება დაკომპლექტებული.

ბილბორდის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 63 წლის მადონა ერთადერთი არტისტია, რომელმაც თავისი შემოქმედების განმავლობაში მოახერხა ისეთი 50 სინგლის გამოშვება, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა ბილბორდის ჩარტებში.

სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად გამოუშვებს არტისტი ორ ალბომს, 50 რემიქსისგან შემდგარ Finally Enough Love: 50 Number Ones და 16 ტრეკისგან შემდგარ ვერსიას – Finally Enough Love.

აღსანიშნავია, რომ რემიქსების უმეტესობას, რომლებიც მადონამ თვითონ შეარჩია, პირველად მოისმენენ. 50-სიმღერიანი ალბომი ქრონოლოგიური პრინციპით არის დალაგებული, 1983 წლიდან 2019 წლამდე.

თითოეული რემიქსი დამუშავებულია მაიკ დინის მიერ, რომელიც აქტიურად მუშაობდა მადონას ბოლო ალბომებზე – Madame X და Rebel Heart. ახალ ალბომში ასევე იქნება არტისტის კოლაბორაცია პოპ პრინცესასთან, ბრიტნი სპირსთან და სხვა მუსიკოსებთან.

ახალი ალბომის ონლაინ ვერსია 24 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მისი შეძენა ფიზიკურ ფორმატში 19 აგვისტოდან დაიწყება.

 

10 ქვიარ სერიალი, რომლებიც მაისში გამოვა ეკრანებზე

ტრილერი, კომედია, დრამა, რეალითი შოუ – მაისის თვე ახალი ქვიარ სერიალებით ან უკვე გამოსული სერიალების ახალი სეზონებით გვანებივრებს.

თვალი გადაავლეთ სერიალებს, რომლებიც მაისის თვეში გამოვა ეკრანებზე:

The Staircase – 5 მაისი

The Staircase HBO Max-ის ტრილერის ჟანრის ახალი სერიალია, რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნება და 5 მაისს გამოვა ეკრანებზე.

სერიალში მთავარ როლს ოსკაროსანი კოლინ ფერტი ასრულებს, რომელიც ქვიარი მწერლის, მაიკლის როლს ასრულებს. მას შემდეგ, რაც მაიკლის ცოლს, კეტლინს, მკვდარს იპოვიან, მაიკლს ბრალი ედება ცოლის მკვლელობაში…

https://www.youtube.com/watch?v=TftAFQflBy8

 

The Wilds  – 6 მაისი

The Wilds კიდევ ერთი ქვიარ სერიალია, რომლის მეორე სეზონსაც მოუთმენლად ელოდება მაყურებელი.

სერიალი გვიამბობს გოგონების ჯგუფზე, რომელიც ავიაკატასტროფის შემდეგ დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდება და გადარჩენას ცდილობს. სერიალმა არაერთი დადებითი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისგან და ვარაუდობენ, რომ მეორე სეზონიც ისეთივე დრამატული და დაძაბული იქნება, როგორც პირველი.

Hacks – 12 მაისი

Hacks HBO Max-ის 2021 წლის ჟანრის სერიალია, რომელმაც გასული სატელევიზიო სეზონის დროს არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, მათ შორის, ოქროს გლობუსი საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში.

კომედიისა და დრამის ჟანრის სერიალი გვიყვება ახალგაზრდა მწერლის, ბისექსუალი ეივასა და ლას-ვეგასის ლეგენდარული კომედიანტის, დებორას ისტორიას.

სერიალის ახალი, მეორე სეზონი 12 მაისს გამოვა მცირე ეკრანებზე.

https://www.youtube.com/watch?v=QIg9MuEbpoM

 

New Heights– 13 მაისი

New Heights ნეტფლიქსის ახალი შვედური დრამაა, რომელიც შვედი ფერმერების ცხოვრებას უფრო უკეთ გაგვაცნობს.

სერიალში მოქმედება მიჩის გარშემო ვითარდება, ის გაექცევა ჰომოფობიურ გარემოსა და ფერმერების ოჯახს და დიდ ქალაქში ღიად ცხოვრებას დაიწყებს. თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა გეი მამაკაცს ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო უკან დაბრუნება უწევს.

 

Couples Therapy – 13 მაისი

Couples Therapy Showtime-ის რეალითი შოუა, რომელშიც წყვილები თავიანთი ურთიერთობის გადარჩენას წყვილების თერაპიის გზით ცდილობენ.

მაყურებელმა უკვე იხილა სერიალის 2 სეზონი და მალე კიდევ უფრო საინტერესო ახალი სეზონი გამოვა ეკრანებზე, სადაც ჰეტეროსექსუალ წყვილებთან ერთად ქვიარ წყვილებსაც ვიხილავთ და მათთან ერთად ვეცდებით, კიდევ ერთხელ ამოვხსნათ ურთიერთობების თავისებურებები.

Conversations with Friends – 15 მაისი

Conversation With Friends მილენიალების საყვარელი ავტორის, სალი რუნის სადებიუტო რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც სულ მალე გამოვა ეკრანებზე.

სერიალი ორი მეგობარი გოგოს ისტორიას გვიყვება, რომლებიც რთულ და წინააღმდეგობრივ, ამასთან ერთად, ქვიარ ურთიერთობაში ჩაებმებიან ასაკით უფროსს დუბლინელ წყვილთან. აღსანიშნავია, რომ სერიალზე ზუსტად ის შემოქმედებითი ჯგუფი იმუშავებს, რომელმაც გასულ წელს სერიალი Normal People გადაიღო.

Lovestruck High – 18 მაისი

Lovestruck High კიდევ ერთი რეალითი შოუა, რომელიც დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება მაყურებელს.

რეალითი შოუში 15 სრულწლოვანი „მარტოხელა“ ბრიტანელი ახალი თავგადასავლებისა და სიყვარულის საპოვნელად ამერიკულ სკოლაში აღმოჩნდება და ეცდება, სასკოლო მეჯლისის დედოფლისა და მეფის სტატუსი მოიპოვოს. ან მეფისა და მეფის, დედოფლისა და დედოფლის.

და, რაც ყველაზე მთავარია, რეალითი შოუში ნარატორის როლში ლეგენდარული ლინდსი ლოჰანი მოგვევლინება.

Legendary – 19 მაისი

Legendary რეალითი შოუა, რომლის ორი დაუვიწყარი სეზონი უკვე იხილა მაყურებელმა და სულ მალე ახალი სეზონით დაგვიბრუნდება.

ვოგინგ რეალითი შოუ ბოლის კულტურაზეა დაფუძნებული და სეზონის განმავლობაში 8 ნიუ-იორკული ლგბტ სახლი ერთმანეთს ეჯიბრება 100 000 ამერიკული დოლარის მოსაპოვებლად. თითო კვირას თითო ოჯახი ტოვებს შოუს. რეალით შოუში ყველაფერია, რაც ბოლის კულტურას განსაკუთრებულს ხდის. ცეკვა, მუსიკა, დაუვიწყარი კოსტუმები, სხვადასხვა დავალებები და ა.შ.

Legendary-ის ახალი სეზონი 19 მაისს დაბრუნდება ეკრანებზე.

https://www.youtube.com/watch?v=jvBRCKmzBJU

RuPaul’s Drag Race: All Stars: Season 7 – 20 მაისი

ლეგენდარული რუპოლი ამჯერად მორიგი All Star შეჯიბრებით ბრუნდება და არაერთ დაუვიწყარ ეპიზოდს გვპირდება.

დრეგ შეჯიბრის მორიგ სეზონში სხვადასხვა სეზონში გამარჯვებული 8 ქვინი დაუპირსპირდება ერთმანეთს 200 000 ამერიკული დოლარის მოსაპოვებლად. რეალითი შოუ 12 სერიისგან შედგება და პირველი ორი სერიის პრემიერა 20 მაისს შედგება.

Stranger Things: Season 4 – 27 მაისი

Netflix-ის საკულტო სერიალი Stranger Things თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, ახალი, მეოთხე სეზონით ბრუნდება.

სერიალი, რომელიც სტრიმინგ სერვისის ერთგვარ პლასტიკურ ბარათადაც ითვლება, გვიამბობს გამოგონილ ქალაქ ჰოუკინგში მიმდინარე უცნაურ ამბებსა და სამეცნიერო კვლევებზე, რომელთა  საშუალებითაც, პარალელური სამყაროს აღმოჩენას ცდილობენ, თუმცა ამ კვლევების ჩატარებას არაერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება და სწორედ ამ ბოროტებას უპირისპირდება 4 თინეიჯერი მეგობარი და სუპერძალებით დაჯილდოებული მათი ახალი მეგობარი, ილევენი.

სერიალის მესამე სეზონში ახალი პერსონაჟი, რობინი გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ გოგოები მოსწონს და ფანები მოუთმენლად ელოდებიან, როგორ განვითარდება მისი ისტორია ახალ სეზონში.

https://www.youtube.com/watch?v=yQEondeGvKo&t=108s