მაისი 2022 - Page 6

ნიგერიელი ქვიარები საპირისპირო გენდერთან ასოცირებული ტანსაცმლის ტარების ამკრძალავ ინიციატივას აპროტესტებენ

ლგბტქი აქტივისტები ნიგერიის დედაქალაქ აბუჯას ქუჩებში გამოვიდნენ და საკანონმდებლო ინიციატივა გააპროტესტეს, რომელმაც შესაძლოა აკრძალოს ისეთი ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც სოციალურად მიღებულ გენდერულ ნორმებთან შესაბამისობაში არ მოდის. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „კანონდამრღვევებს“ 6 თვემდე პატიმრობა ან ფულადი ჯარიმა ელით, რაც განსაკუთრებით დიდ საფრთხეს ტრანსგენდერ ადამიანებს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა შეიცავს იმის საფრთხეს, საპირისპირო გენდერთან ასოცირებული ტანსაცმლის ჩაცმა როგორც საჯარო, ისე დახურულ სივრცეებშიც აიკრძალოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ჯერ საწყის ეტაპზეა, აქტივისტებმა პროტესტის წამოწყება გადაწყვიტეს, რათა საშიში რეალობის დადგომამდე შეძლონ მისი ჩაგდება.

აქტივისტებმა დედაქალაქის ქუჩებში ცეკვით, მუსიკალური ნომრებითა და ლგბტქი და ტრანს-დროშებით გააპროტესტეს საზიანო ინიციატივა, ამასთან, ნიგერიელ პოლიტიკოსებს მოუწოდეს, რომ რეალურ პრობლემებზე: სამართლის უზენაესობის ხარვეზებზე, უთანასწორობის აღმოფხვრასა და საკვების უსაფრთხოებაზე იფიქრონ.

Ani Kayode

„ადამიანებმა შესაძლოა სამსახურები დაკარგონ, სასიცოცხლო საფრთხე დაუდგეთ, საცხოვრებლის იძულებით დატოვება მოუწიოთ იმის გამო, რომ ნიგერიაში დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმები არ არსებობს. თუ ეს ინიციატივა კანონად იქცევა, ძალადობის შემთხვევები იმატებს და ოჯახისა და დამსაქმებლების მხრიდან დისკრიმინაცია და მიმღებლობის არქონა კიდევ უფრო წახალისდება“, — აღნიშნა ანი კაიოდე სომტოჩკუვუმ, პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ PinkNews-თან საუბრისას.

ანიმ და მისმა თანამოაზრეებმა პროტესტის მოწყობა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მსოფლიოსთვის ეთქვათ, ნიგერიელი ქვიარები არსებობენ და მათი გაჩუმების მცდელობების წინააღმდეგ გამოსვლის არ ეშინიათ.

„აუცილებელია, ხალხმა დაგვინახოს, გაიგონ, რომ აქ ვართ და საკუთარ უფლებებს ვიცავთ. დამკვიდრებულია ნარატივი, თითქოს არ ვარსებობთ და მხოლოდ სოციალურ ქსელებში ვაპროტესტებთ ძალმომრეობას, ამიტომ აუცილებელი იყო შეკრება, რათა გაგვებათილებინა აზრი, რომ ქვიარობა აფრიკაში არარსებულია“, — ამბობს ანი.

პროტესტის შემდეგ ნიგერიელმა ქვიარებმა სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცველი შეტყობინებები მიიღეს, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და იმედოვნებენ, რომ ხალხი დაინახავს, „თუ ქვიარ ლიბერალიზაციისთვის არ ვიბრძოლებთ, ეს უბრალოდ არ მოხდება“.

წყარო: PinkNews

ევროკავშირის პრიზის 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები ცნობილია

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა, რომელიც თავისუფალი მედიის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გადაწყვიტა, სწორედ ამ დღეს გამოევლინა კონკურსის — ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში — 2021 წლის გამარჯვებულები.

მედიასაშუალება ინდიგოს ავტორებმა პრიზის მოპოვება სამ კატეგორიაში შეძლეს: თამარ ბაბუაძემ კატეგორიაში — საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში, თინათინ ნაჭყებიამ კატეგორიაში — ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში და გიორგი შენგელიამ კატეგორიაში — დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს.

კატეგორიაში — საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში ჯილდო რადიო თავისუფლების ავტორმა ანასტასია სლოვინსკაიამ მოიპოვა.

საუკეთესო საგამოძიებო სტატიის ან სიუჟეტისთვის ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში ჯილდო თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტ ზურაბ მოდებაძეს ერგო.

ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გამოქვეყნებული საუკეთესო ბლოგის, საავტორო სტატიის ან სვეტის ავტორად On.ge-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე დასახელდა.

კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის კი newcaucasus.com-ის ჟურნალისტი ზვიად მჭედლიშილი დაჯილდოვდა.

გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დააჯილდოვა.

„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია. წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს. ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც  სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან“, — აღნიშნა ჰარცელმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვილსას.

 

 

პანდემიისას ლგბტქი თემის წევრების ყოველთვიური შემოსავალი სამჯერ შემცირდა — კოალიცია თანასწორობისთვის

არაფორმალურმა გაერთიანებამ — კოალიცია თანასწორობისთვის — 2021 წელს დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ბავშვთა, შშმ პირების, ქალების, ლგბტქი ადამიანების, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების, ეთნიკური უმცირესობების, უცხოელების, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა და დევნილების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების, უსახლკარო პირების, ასევე მედიის მდგომარეობის მიმოხილვას მოიცავს. 

ლგბტქი თემის წინაშე 2021 წელს არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდში თემის წევრების ყოველთვიური შემოსავლების მედიანური მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 300 ლარი შეადგინა, რასაც სახელმწიფოს ანტიკრიზისულ პოლიტიკაში ლგბტქი ადამიანების საჭიროებების გაუთვალისწინებლობა ამწვავებს. ამასთან, WISG-ის სამედიცინო და სოციალური სერვისის მიმღებ პირთა ჯგუფზე დაკვირვებით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წამსვლელი თემის წევრების მზარდი რაოდენობა აღინიშნება.

ანგარიშში საუბარია სოგის (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის) ნიშნით სამართლებრივი დევნის გაზრდილ მაჩვენებელზე, თუმცა აღნიშნულია, რომ „სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწ­ყე­ბე­ბის მიერ გა­მოვ­ლე­ნილ სოგი-ს ნი­შან­სა და თე­მის წევ­რე­ბის მიერ გან­ცდი­ლი ძა­ლა­დო­ბის სტა­ტის­ტიკას შო­რის“ არსებითი სხვაობაა.

გარდა ამისა, ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ნათქვამია, რომ არ არსებობს ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისები და გაიდლაინები, პრობლემად რჩება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების არარსებობა, ლგბტქი თემს არ ეძლევა შეკრების თავისუფლებით სარგებლობის უფლება, ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, რომელშიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ანგარიში საქართველოს მთავრობის, გენერალური პროკურატურის, პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რიე­ბი­დან დევნილთა, შრომის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცია­ლუ­რი დაც­ვის სამინისტროს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნიე­რე­ბის სამინისტროს მისამართით რეკომენდაციებსაც მოიცავს, რაც ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის, უსაფრთხოების გარანტიების უკეთ დაცვის, ინკლუზიური ჯანდაცვისა და განთელბის სერვისების ხელმისაწვდომობისკენ არის მიმართული.

კოა­ლი­ცია თა­ნას­წო­რო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ღია სა­ზო­გა­დოე­ბის ფონ­დის ხელ­შეწ­ყო­ბით შექმნილი არა­ფორ­მა­ლუ­რი გაერ­თია­ნე­ბაა, რო­მელიც სა­ქარ­თვე­ლოს ღია სა­ზო­გა­დოე­ბის ფონ­დს, სო­ცია­ლური სა­მარ­თლია­ნო­ბის ცენ­ტრს, უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ფა­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცია­ციას, ქალთა ინი­ცია­ტი­ვე­ბის მხარ­დამ­ჭე­რ ჯგუ­ფს, პარ­ტნიო­რო­ბა ადა­მია­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტიუ­ლ ინი­ცია­ტი­ვას, ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტს, ადა­მია­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს და თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რაო­ბას აერთიანებს.

 

უნგრეთის მსგავს ანტი-ლგბტქი კანონპროექტზე რუმინეთმა უარი უნდა თქვას

პარასკევს, რუმინულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც სკოლებში ე.წ ,,გეი პროპაგანდას” კრძალავს. მათ აღნიშნეს, რომ ეს ლგბტქი თემის მიმართ დისკრიმინაციის პირდაპირი ლეგიტიმაციაა, რაც უნგრეთისა და რუსეთის დღევანდელ რეალობას ასახავს.

ჯგუფებმა პარლამენტის ქვედა პალატას, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნის, კანონპროექტის უარყოფისკენ მოუწოდეს. კანონპროექტი სკოლებში ჰომოსექსუალობისა და გენდერული ცვლილებების ხელშეწყობის მასალების გამოყენებას კრძალავს.

რამდენიმე უნგრელმა დეპუტატმა უმცროსი მმართველი კოალიციური პარტიიდან, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ, ამბობდნენ, რომ ეს ბავშვებზე ძალადობის თავიდან აცილებას შეუწყობდა ხელს. ამას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროკომისიის მხრიდან და საქმე სასამართლომდე მივიდა.

„ბუდაპეშტის განათლების სისტემაში არსებული ცენზურა არ უნდა განმეორდეს ბუქარესტში, რუმინეთმა თავი უნდა აარიდოს არალიბერალურ პროპაგანდას, რაც მკაცრად კონტროლდება ევროკავშირის მიერ. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის ცენზურის გზით მიღება რუმინეთის სირცხვილია, ამიტომ ქვედა პალატამ მხარი უნდა დაუჭიროს დისკრიმინაციის წაქეზების შეჩერებას“, — განაცხადა ლგბტქი უფლებების ჯგუფმა ACCEPT.

ACCEPT და ადგილობრივი ლგბტქი უფლებების დამცველი ჯგუფი MozaiQ შიშობენ, რომ ცვლილებები ლგბტქი თემის შესახებ ფილმებისა და სიახლეების ცენზურასა და საჯარო მსვლელობების და ღონისძიებების შეზღუდვას გამოიწვევს.

ქვიარ ვარსკლავები 2022 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე

/

გასულ ღამეს ნიუ-იორკში 2022 წლის Met Gala-ს საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა. 2022 წლის გამოფენა ერთგვარი გაგრძელება იყო 2021 წლის სექტემბერში გამართული გამოფენისა.

გამოფენის თემატიკა იყო In America: An Anthology of Fashion.

გამოფენის წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკლავმა მოიყარა თავი, მათ შორის, ქვიარ ვარსკლავებმაც:

ქლოი გრეის მორეცი 

კარა დელევინი 

ქონან გრეი

ჯანელ მონე

ჯორდან როთი 

ემა ქორინი

ფიბი ბრიჯერსი

მელისა კინგი 

სამუელ და ენ ლებოვიცები 

ტომ ფორდი

ტომი დორფმანი

ბენ პლატი

სინტია ერივო 

ემჯეი როდრიგესი და ჯერემი სკოტი

არიანა დებოუსი 

ტესა ტომპსონი 

 

,,მე არ ვარ გეი” – ახალ რუსულ შოუში 8 მამაკაცი ცდილობს დაამტკიცოს, რამდენად მამაკაცურები არიან

რუსული მედია აძლიერებს სიძულვილის შემცველი შინაარსის გადაცემების გავრცელებას და ახალ რეალითი შოუს აანონსებს, სადაც 8 მამაკაცი ცდილობს დაამტკიცოს, რომ გეი არ არის.

შოუს თანაწამყვანი ვიტალი მოლინოვია, რუსი პოლიტიკოსი, რომელიც უდიდესს დროს უთმობს ანტი-ლგბტქი+ პროპაგანდის კანონის პოპულარიზაციას რუსეთში. ახალ რეალითი შოუს ,,მე არ ვარ გეი” (Я не гей) ჰქვია.

როგორც შოუს აღწერაში ვკითხულობთ, შოუში რვა მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას და ისინი ყოველკვირეულად დაამტკიცებენ, თუ რამდენად მამაკაცურები არიან. შოუს ყოველ კვირაში თითო მამაკაცი დატოვებს, სანამ საბოლოოდ არ გამოვლინდება, რომელია მათ შორის ფარული გეი.

რუსეთში ლგბტქი ადამიანების უფლებები სავალალო მდგომარეობაშია. თანასწორი ქორწინება ქვეყანაში არალეგალურია, ღირსების აღლუმები – აკრძალული და ტრანსგენდერი ადამიანები მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. ამასთან ერთად, ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტქი პროპაგანდას. Moscow Times-ის გამოკითხვის შედეგად, ყოველი 5 რუსიდან, 4-ისთვის მიუღებელია გეი სექსი.

რუსული სატელევიზიო სივრცისთვის დამახასიათებელია ლგბტქი პირების დაცინვა, დამცირება, სიტყვიერი ან ფიზიკური ძალადობის მიყენება ეთერში. ,,მე არ ვარ გეის” კონკურსანტებს შოუში სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ, მათ შორის, მაყურებელს უნდა დაუმტკიცონ, რომ მამაკაცები მათთვის მიმზიდველები არ არიან, ან პირიქით, ისინი ძალიან მიმზიდველები არიან ქალებისთვის. შოუ ერთგვარი დაცინვაა ყველა იმ ადამიანის, ვინც არ არის ჰეტეროსექსუალი.

შოუს პირველი ეპიზოდი 52-წუთიანია და შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

https://www.youtube.com/watch?v=5UKrHUbw0nY

სამოქალაქო მოძრაობა ,,ხმა” მშრომელებისთვისა და სტუდენტებისთვის სოციალური კაფეს გახსნას გეგმავს

სამოქალაქო მოძრაობა — ხმა, რომელიც მშრომელთა უფლებებისთვის იბრძვის, სოციალური კაფეს დაარსებას აპირებს, სადაც უმასპინძლებენ სტუდენტებს, მშრომელებს, მშრომელ სტუდენტებსა და ყველას, ვისაც აზრების გაცვლისთვის, სოციალური გარდაქმნებისთვისა და საჯარო ლექციებისთვის ორგანიზების სივრცე სჭირდება. 

„ჩვენი მიზანი ფულის შოვნა არაა. ჩვენი მიზანია, გვქონდეს საერთო ადგილი, შეხვედრის სივრცე, სადაც იქნება იაფი საკვები ყველასთვის, აზრი ყველასთვის, უკეთესი საზოგადოებისთვის ბრძოლაში ჩართვის შესაძლებლობა ყველასთვის“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ხმა თანამოაზრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და იმ ნივთების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომლითაც კაფეს მშენებლობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ. ფულადი დონაციისთვის კი მოძრაობის ფეისბუკ გვერდს უნდა მიადევნოთ თვალი.

No photo description available.
ხმა

სამოქალაქო მოძრაობა — ხმა მშრომელთა უფლებებისთვის, უკეთესი სამუშაო პიროებებისთვის, ანაზღაურებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვის, ასევე გვერდში უდგანან იმ სტუდენტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებამ პრობლემა შეუქმნა და თსუ-სგან ჰიბრიდული სწავლების ფორმატს ითხოვენ.

GDI-ის და Tbilisi Pride-ის აქტივისტური ბანაკი — ცოდნისა და გამოცდილებების ოჯახურ გარემოში გაზიარების შესაძლებლობა

ლგბტქი თემის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის სოციალიზაციისა და ერთმანეთის რეალურ სივრცეში გაცნობის ნაკლები შესაძლებლობები არსებობს. კიდევ უფრო შეზღუდულია ისეთი სივრცეები, სადაც ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებთ, ერთმანეთის გაძლიერებაზე ვიზრუნებთ და თანასწორობისთვის ბრძოლის საერთო გეგმას დავსახავთ, რაც ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლისთვის ბევრად მყარ წინაპირობას შექმნის.

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით არსებული დანაკლისი შეევსო და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) დაფინანსებისთვის მიმართა. GDI-იმ ლგბტქი აქტივისტური ბანაკის მოწყობა გადაწყვიტა და ამ პროცესში Tbilisi Pride-იც ჩართო, რომელიც ორგანიზაციას თემის აქტიურ წევრებთან და მომავალ აქტივისტებთან, თანასწორობის კუთხით მომუშავე ადამიანებთან კავშირის დამყარებაში დაეხმარა.

UNDP-ისთან ერთად შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი 3-დღიანი ბანაკი 26-28 აპრილს კახეთში მოეწყო და მასში 30-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. თავისუფალი და თანასწორი საგანმანათლებლო გარემო თემის წევრების ერთმანეთთან დაკავშირებას, ახალი ცოდნებისა და გამოცდილებების მიღებას და იმ ბერკეტებით აღჭურვას ისახავდა მიზნად, რაც აქტივისტურ საქმიანობაში დაეხმარებათ.

აქტივისტური ბანაკი, ზოგადად აქტივიზმის ისტორიის, მათ შორის, ქართული ლგბტქი აქტივიზმის ისტორიის, უფლებათა დაცვის მექანიზმების, დაკავებულ პირთა უფლებების, ასევე ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკისა და სასამართლო პროცესის, დაზარალებულ პირთა უფლებებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, გამოხატვის თავისუფლებისა და სიძულვილის ენის შესახებ ცოდნის მიმოცვლასა და დისკუსიას ითვალისწინებდა. ბანაკის წევრებთან აღნიშნული თემები გამოცდილმა პროფესიონალებმა – გიორგი მშვენიერაძემ, მარი კაპანაძემ, ედუარდ მარიკაშვილმა და მარიამ კვარაცხელიამ განიხილეს.

GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დირექტორის, მარი კაპანაძის თქმით, მსგავსი ბანაკების გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში მომატებული აგრესიის ფონზე და მიმართულია თემის წევრებისა და მხარდამჭერების იმ ბერკეტებით აღჭურვისკენ, რომლებიც მათ დაეხმარებათ, მათ შორის, ოფიციალურ უწყებებთან ურთიერთობისას. 

„იმის ფონზე, რომ ქვეყანაში აგრესიული ფონი მომატებულია და ვხედავთ, რომ სახელმწიფო ძალადობის ფაქტებზე არ რეაგირებს, მეტიც, თვითონ უშლის ხელს აქტივისტებს, რომ შეკრების თავისუფლებით ისარგებლონ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცოდეს საკუთარი უფლებები, რათა თავი დაიცვას და არ გახდეს მოწყვლადი, როცა ურთიერთობა მოუწევს პოლიციასთან, სამართალდამცავ უწყებებთან თუ ნებისმიერი სხვა უწყების წარმომადგენელთან. მსგავსი ინფორმაციის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართული არიან აქტივიზმში და პოლიციასთან ან აგრესიულ ჯგუფებთან უწევთ შეხება“, — აღნიშნა მარი კაპანაძემ და დაამატა, რომ „ბანაკის გარემო არამხოლოდ ცოდნის მიღებას, სოციალიზაციას, ურთიერთმხარდაჭერას, კომუნიკაციის გაძლიერებას, არაფორმალურ გარემოში ახალი იდეების განვითარებას უწყობს ხელს, რაც, ვფიქრობ, დადებითი შედეგის მომტანი იქნება ქვეყანაში არსებული აგრესიული ფონის შესაცვლელად, რადგან ამ ცვლილებებში მთავარი წვლილი იმ ადამიანებს შეაქვთ, რომლებიც თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა“.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორმა, მარიამ კვარაცხელიამ კი აღნიშნა, რომ ბანაკის გარემო თემის წევრების დაახლოებას, ერთმანეთის გაძლიერებას, თანამებრძოლების შეძენას უწყობს ხელს.

„ამ ბანაკში, ძირითადად, ლგბტქი აქტივისტები მონაწილეობდნენ, ასევე ადამიანები მომიჯნავე სფეროებიდან, მათ შორის, აქტივისტები, რომლებიც დემოკრატიის განმტკიცებაზე მუშაობენ. მგონია, რომ ასეთი აქტივობები თემის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლგბტქი ადამიანები ვართ ბევრნი, მაგრამ ხშირად ერთმანეთს არ ვიცნობთ ან არ გვაქვს წარმოდგენა ერთმანეთის ღირებულებებზე, იდეებზე, მიდგომებზე. მსგავსი ბანაკები, ერთის მხრივ, გაწვდის ცოდნას, უნარ-ჩვევებს, გაძლიერებს, მეტი არგუმენტით აღგჭურვავს, რის შემდეგაც თანასწორობის მხარდამჭერი ბევრად ძლიერი ნარატივი გაქვს. ამავდროულად, ადამიანებს ხვდები და თანამოაზრეებს იძენ. რაც უფრო მეტი ვიქნებით, უკეთ შევკავშირდებით, უკეთ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, რაც თანასწორობისთვის ბრძოლას, ლგბტქი ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას, უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შენებას გულისხმობს. მაქვს შეგრძნება, რომ ბანაკის დღეებმა ნაყოფიერად ჩაიარა, ბევრი საინტერესო ლექცია მოვისმინეთ, დისკუსიები გავმართეთ, ერთმანეთი გავიცანით, დავმეგობრდით. მსგავსი ღონისძიებები ბევრად ხშირად უნდა ჩატარდეს, არ არის მარტივი, დიდი ფინანსური რესურსია საჭირო, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა, ვეცდებით, რომ მსგავსი შეკრებები, ბანაკები, აქტივისტური აკადემიები ჩავატაროთ“, — გვითხრა მარიამ კვარაცხელიამ.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორის აზრს იზიარებს მარი კაპანაძეც და აღნიშნავს, რომ GDI-ისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებში მონაწილეობა მნიშნველოვანია და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ღონისძიებები სამომავლოდაც გაიმართება.

„GDI ორი მიმართულებით მუშაობს, როგორც ადვოკატები, სამართლებრივად ვეხმარებით გამოკითხვის პროცესში, როცა სისხლის სამართლის საქმეზე როგორც დაზარალებულს, ისე  კითხავენ ან აქციაზე ადმინისტრაციული წესით აკავებენ, მეორე მიმართულება კი სწორედ მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივებია, რომლითაც ჩვენს გამოცდილებას, ცოდნასა და ინფორმაციას ვუზიარებთ ადამიანებს, რასაც სამომავლოდაც გავაგრძელებთ“,  — გვითხრა მარიმ.

თემის წევრების ბანაკის გარემოში შეკრება მონაწილეეებისთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა. ერთ-ერთი მონაწილის, ნინის თქმით, ბანაკში მონაწილეობამ იმ გარემოსგან მცირე ხნით დისტანიცრების საშუალება მისცა, რომელიც თავისუფლად თვითგამოხატვის საშუალებას არ იძლევა, თანაც, ადგილზე ოჯახური გარემო დახვდა.

„ამ 3 დღის განმავლობაში ბევრი ისეთი ინფორმაცია მივიღეთ, რაც აქტივისტურ საქმიანობაში გამოგვადგება, თანაც, ბანაკურმა სივრცემ ოჯახური, თბილი გარემო შექმნა, რასაც თემის არაერთი წევრი ხშირად მოკლებულია. მიხარია, რომ ერთად ვართ, ერთმანეთს ვაძლიერებთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ხნით მაინც სწყდები იმ გარემოს, რომელიც თავისუფლად თვითგამოხატვის შესაძლებლობას არ გაძლევს“, — გვეუბნება ნინი.

ნიკასთვის [სახელი შეცვლილია] განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვადასხვა გამოცდილებების მქონე ადამიანების გაცნობა იყო, ამასთან, თვლის, რომ მიღებული ინფორმაცია პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარება.

„განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ აქ ყველა ადამიანს განსხვავებული გამოცდილებები აქვს. ზოგიერთი აქტივისტია ან სხვა მიმართულებით მუშაობს, არაერთს აქციაში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს. მე აქამდე არცერთ აქციაში მიმიღია მონაწილეობა, მხოლოდ 6 ივლისს ვიყავი სოლიდარობის აქციაზე. უმთავრესი რაც მივიღე, თემის წევრების, იმ ადამიანების გაცნობაა, რომლებიც საერთო აზრს იზიარებენ, საერთო ბრძოლაში არიან ჩაბმული, გარდა ამისა, აქ მიღებულ ინფორმაციას სამომავლოდ პროფესიაშიც გამოვიყენებ და ბევრად უკეთ განვსაზღვრავ ბევრ რამეს“, — აღნიშნავს ნიკა.

ბანაკის კიდევ ერთი წევრი, მარიამი, სოციალური მუშაკია, რომელიც ლგბტქი თემის მხარდამჭერია და ბანაკში მონაწილეობის შემდეგ უფრო აქტიურად აპირებს, რომ თემის გაძლიერებაზე იზრუნოს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივ საკითხებზე მქონდეს სათანადო ცოდნა და ეს თემის წევრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი მათგანს აქვს გარკვეული რისკები, რომელთაგან თავის დაზღვევისთვისაც სათანადო ინფორმაცია სჭირდება. თემის წევრებმა უკეთ უნდა იცოდნენ, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს, როგორ უნდა შეძლონ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა. ამასთან, რაც უფრო მეტი მსგავსი შეხვედრა იქნება, ცნობიერება მით უფრო გაიზრდება და ცოდნას სხვებსაც გავუზიარებთ. ამ ბანაკში, თემის წევრების გარდა, სოციალური მუშაკები, იურისტები თუ ფსიქოლოგებიც ვმონაწილეობდით და ხშირად ნაკლები ცოდნა გვაქვს თემის წევრების საჭიროებებზე, გარკვეული პროფესიული შეხება ლგბტქი ადამიანებთან მქონია, მაგრამ ბანაკმა უკეთ დამანახა, რა შეიძლება გავაკეთო. იმისთვის, რომ როგორც ღირსეულ საზოგადოებად შევდგეთ, ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოფხვრაზე უნდა ვიზრუნოთ და ვაპირებ, ამ კუთხით ბევრად აქტიურად ვიმუშაო და ჩემი წვლილი შევიტანო თანასწორობის განმტკიცებაში“, — ამბობს მარიამი.

მარიამის, ნიკას და ნინის აღფრთოვანებას ბანაკის სხვა წევრებიც იზიარებენ და ამას შემაჯამებელ შეხვედრაზე გაკეთებული კომენტარებიც მოწმობს, ყველა აღნიშნავს, რომ ეს ის გამოცდილება იყო, რომელმაც თემის წევრებთან, თანამოაზრეებთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობა მისცა, საკუთარი იდენტობის ღიად დაფიქსირება გაუადვილა და სამომავლო აქტივობებზეც დააფიქრა, რაც თემის წევრებისთვის უკეთესი გარემოს შენებაში დაეხმარებათ.

თუ მსგავს აქტივობებში აქამდე მონაწილეობა არ მიგიღიათ ან ახალ წამოწყებებში ჩართვას თავს არიდებთ, სამომავლოდ Tbilisi Pride-ის ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდს თვალი უნდა ადევნოთ და თქვენთვის მიმზიდველ ინიციატივას შეუერთდეთ.

მარიამ კვარაცხელიას თქმით, Tbilisi Pride ღიაა ყველასთვის, ვისაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ მოსწონს და სურს, გარემო უკეთესობისკენ შეცვალოს.

„ვფიქრობ, რომ ლგბტქი თემის წევრები თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა უნდა, რომელიც თვლის, რომ ქვეყნაში არსებული მდგომარეობა არ არის ჯანსაღი, არ გვაქვს თავისუფალი და თანასწორი გარემო, ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვისაც პოლიტიკური პოლარიზაცია აწუხებს და თვლის, რომ მისი, მისი მეგობრების უფლებები ირღვევა და თანასწორი გარემოს შექმნა სურს, მსგავს აქტივობებში უნდა ჩაერთოს და მეტი ცოდნა შეიძინოს, რათა მეტი არგუმენტი ჰქონდეს, აქტივისტური ტაქტიკა გამოიმუშავოს და უკეთ გაიგოს, როგორ უნდა აკეთოს აქტივიზმი სწორად, როგორ უნდა იბრძოლოს ცვლილებებისთვის, როგორ უნდა გარდაქმნას მდგომარეობა. ასევე, მეტი თანამებრძოლი შეიძინო და გაიცნო ადამიანები, რომლებსაც იგივე პრობლემები აწუხებს. ამ ბანაკში არაერთი ადამიანი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ არ იცნობდა თემის წევრებს, აქამდე მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია და აღფრთოვანებული იყო, რომ მსგავსი გარემო დახვდა. მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, ჩვენ არ ვართ მარტო, ერთმანეთი გვყავს, ერთმანეთის გამხნევება, ცოდნებისა და გამოცდილებების გაზიარება შეგვიძლია, გეგმის გაწერა და ერთობლივი ბრძოლა თანასწორობისთვის. თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი მნიშვნელოვანია, მსგავს აქტივობებს უნდა შემოუერთდეთ“, — აღნიშნავს მარიამი და იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლო აქტივობებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი, თემის წევრი თუ მხარდამჭრი ჩაერთვება, რომელიც მიღებულ ცოდნას სხვებსაც გაუზიარებს.