მაისი 2022 - Page 3

„თბილისი პრაიდის“ ახალი კამპანია — „მე ვიყავი ჰომოფობი“

„მე ვიყავი ჰომოფობი“ — ასე ჰქვია ლგბტქი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ წამოწყებულ ახალ კამპანიას, რომელიც ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილი ლგბტქი თემის მიმართ და საბოლოოდ ჰომოფობია უკან მოიტოვეს, საშუალებას აძლევს, საკუთარ შეცვლილ შეხედულებებსა და დამოკიდებულაზე ისაუბრონ. Keep Reading

პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დასავლური კურსი განიხილეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ერთმანეთს შეხვდნენ და ქვეყნის დასავლური კურსი — მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მეცოლამ და ღარიბაშვილმა ტვიტერზე გამოაქვეყნეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან საქართველოს ევროკავშირის წევრობის საკითხი განიხილა და ,,გეოპოლიტიკური ცვლილებებისას ევროკავშირის კითხვარის შევსება ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის კიდევ ერთი დადასტურებაა”, თუმცა არაფერი უთქვამს იმ საკითხებზე, რომლებიც შეხვედრაზე განიხილეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კი საკუთარ ტვიტერზე აღნიშნა, რომ ,,საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის” და ,,მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ლგბტქი და ადამიანთა უფლებების დაცვა ქვეყნის ევროპულ გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა”.

მეცოლამ ასევე აღნიშნა, რომ ,,ერთსულოვანნი არიან უკრაინის მხარდაჭერაში”.

Heartstopper-ის ტრანსგენდერი მსახიობი იასმინ ფინი Doctor Who-ს ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას

სულ რამდენიმე კვირის წინ Netflix-ის მცირე ეკრანებზე ახალი ქვიარ სერიალი Heartstopper გამოვიდა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ტრანსგენდერი მსახიობი, იასმინ ფინიც ასრულებს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ 18 წლის ბრიტანელი მსახიობის შესრულებული როლით, Doctor Who-ს 2005 წლის რიბუტის შემქმნელი, რასელ დეივისიც მოიხიბლა.

„ჩვენ ყველას შეგვიყვარდა იასმინი ახალ სერიალში, Heartstopper-ში, რომელიც სამყაროს ცვლის, დარწმუნებული ვარ, იასმინი დოქტორის სამყაროსაც შეცვლის“, – თქვა შოუს შემქმნელმა BBC-ისთან ინტერვიუში.

ფინის გმირს სერიალში როუზი ერქმევა, აღსანიშნავია, რომ სერიალში კიდევ ერთი პერსონაჟია ამავე სახელით, რომლის ამბითაც დაიწყო  ახალი დოქტორის ისტორია 2005 წელს.

როუზ ტაილერის, დროში მოგზაური დოქტორის კომპანიონის როლი, ბილი პაიპერმა შეასრულა სერიალის პირველ, მეორე და მეოთხე სეზონებში. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, იმავე როლს შეასრულებს თუ არა ფინი, სერიალის შემქმნელი ამბობს, რომ ამ ყველაფერს 2023 წელს გავიგებთ.

„8 წლის იასმნის ეს ყველაფერი რომ სცოდნოდა, ალბათ, მილიონი წელი ვერ დაიჯირებდა“, – თქვა იასმინმა BBC-სთან ინტერვიუში – „ეს შოუ ბევრი ადამიანისთვის ძალიან ძვირფასია, სწორედ ამიტომ, რასელის ამ გადაწყვეტილებამ, ჩემი, როგორც ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა“.

ასევე, სულ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ სერიალში ახალი დოქტორის როლში, Sex Education-ის მსახიობი, შუტი გატვა მოგვევლინება.

 

ნახეთ Queer As Folk-ის პირველი ტრეილერი

პოპულარული სერიალის, Queer as Folk-ის ახალი ვერსია სულ მალე გამოვა ეკრანებზე.

1999 წლის ბრიტანული სერიალის რიმეიკი ამჯერად პიტსბურგიდან ნიუ-ორლეანში გადაინაცვლებს და ქვიარ მეგობრების ისტორიას მოგვიყვება.

ახალი ლოკაცია ძალიან მნიშვნელოვანია სერიალის შემქმნელისთვის, სტივენ დანისთვის, რომელსაც სურს, რომ ქვიარ გამოცდილება ახალი კუთხით წარმოაჩინოს.

„მინდოდა, შემექნა ნაცნობი ისტორიის ახალი ვერსია. Queer as Folk-ის ახალ ვერსიაში მოქმედება ნიუ-ორლეანში – ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე უნიკალური ქვიარ საზოგადოების შუაგულში განვითარდება, ძალიან ამაყი ვარ, რომ მაყურებელი ახალ და განსხვავებულ პერსონაჟებს შეხვდება. პერსონაჟებს, რომლებიც იდეალურად ირეკლავენ გლობალური საზოგადოების პრობლემებსა და სიხარულს“.

ეს ნიშნავს, რომ სერიალში სხვადასხვა სექსუალური იდენტობისა და გენდერის პერსონაჟებს შევხვდებით. სერიალის შემქმნელისთვის მნიშვნელოვანია, ახალმა სერიალმა ისეთი გავლენა მოახდინოს ადამიანების ცხოვრებაზე, როგორც ეს ორიგინალმა ვერსიამ გააკეთა. მისი თქმით, 1999 წლის სერიალის გამოსვლის შემდეგ, პირველად იგრძნო, რომ ქვიარ ადამიანები და მათი პრობლემები გამოჩნდა.

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერმა, ჯეკლინ მურიმ თქვა, რომ მისთვის ამბის თხრობა ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ უმცირესობების პრობლემები ფართო მასებამდე მივიდეს. „ქვიარ ადამიანების და, განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანების რეპრეზენტაცია, ლიმიტირებულია. ისინი, ხშირ შემთხვევაში, წარმოჩენილი არიან, როგორც გმირ წმინდანებად ან ცალსახა ბოროტმოქმედებად, ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი გმირები, რომლებიც ამ ორს შუა იქნებიან“.

სერიალში მთავარ როლებში ჯესი ჯეიმს კიტელი, ფინ ანგუსი, ჯონი სიბილი, რაიან ო’კონელი, დევინ უეი, არმანდ ფილდსი და „სექსი დიდ ქალაქშის“ ლეგენდარული ვარსკვლავი, კიმ კეტრალი მოგვევლინებიან.

ნახეთ ტრეილერი:

სერიალი 9 ივნისს გამოვა ეკრანებზე

 

 

ლგბტქი სათემო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას საერთო სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩაგვრებზე მიმართავენ

ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს, ლგბტქი სათემო ორგანიზაციებმა — ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, თანასწორობის მოძრაობამ, იდენტობა იუსმა და თემიდამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას ურთიერთგადაჯაჭვული სოციო-ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრებისკენ და იმ უფლებებისკენ მიმართავენ, რომელთა მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებით, ნებისმიერი ნიშნით ჩაგრული ჯგუფების გათავისუფლება წარმოუდგენიათ.

„პანდემიის თითქმის სამწლიანი გამოცდილების და ახლა რუსეთის იმპერიალისტური და ფაშისტური ომის პირობებში, ცხოვრება გვიწევს იმგვარ სახელმწიფო სისტემაში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლებისა და ეკონომიკური რესურსების განმგებთათვის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა არ წარმოადგენს პრიორიტეტს. ლგბტქი ადამიანებისთვის ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავედ აყენებს თვითგადარჩენის და საბაზისო უსაფრთხოების საკითხს.

რადგან გარდა სხვა სისტემური სოციალური და ეკონომიკური წნეხისა (რომელიც შეიძლება მოგვემართებოდეს, როგორც შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებს, მომსახურების სფეროში დასაქმებულებს და ა.შ.), გაბატონებული კულტურული დისკურსი გენდერისა და სექსუალობის ნიშნით კიდევ უფრო გვიზღუდავს წვდომას ისეთ სიკეთეებზე, როგორიცაა ინსტიტუციური მხარდაჭერა როგორც ოჯახებისა და ახლობლებისაგან, ისე სახელმწიფოსგან“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ღირსეული სამუშაოს, ღირსეული ჯანდაცვის, საცხოვრისის, განათლების, უსაფრთხოებისა და საჯარო სივრცეზე წვდომის უფლებაზეა ორიენტირებული.

განცხადებაში საუბარია ქვეყნის რესურსების „ტოტალურ პრივატიზებაზე“, რის გამოც „მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკურ სიდუხჭირეშია. მრავალი წელია არ ჩერდება ქვეყნიდან სამუშაო მიგრაციის ტალღა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ადამიანებს სამუშაო ადგილებს არ უქმნის, კერძო სექტორს კი არ მოეთხოვება მინიმალური ხელფასის დაწესებაც კი, რის გამოც ადამიანთა დიდი ნაწილი თანახმაა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასით, 8 საათზე მეტ სამუშაოს დროსა და ექსპლუატატორულ შრომით პირობებს დათანხმდეს. ლგბტქი ადამიანების შემთხვევაში ამას ემატება სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ან სამუშაოს ძებნის გართულებული პროცესი“.

ღირსეული ჯანდაცვის უფლებაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის კომერციალიზაცია მაქსიმალურ მოგებაზე და მინიმალურ დანახარჯზე ორიენტირებულ საბაზრო ვითარებას ქმნის, სახელმწიფო კი „უარს ამბობს, იყოს ღირსეულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური და კონსტიტუციური უფლების დაცვის გარანტი“. ლგბტქი სათემო ორგანიზაციები საუბრობენ იმ რისკებზეც, რაც სოციალური მხარდაჭერის შესუსტებას მოსდევს — „სოციალური მხარდაჭერის შესუსტებამ, შესაძლოა იქონიოს გავლენა ერთი მხრივ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ კი საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობაზე. მარგინალიზაცია, სტიგმა და უმცირესობათა სტრესი, სხვა სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც ლგბტ(ქ)ი ადამიანების ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე, ისე ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობასა და სპეციალისტებთან მიმართვიანობაზე. ლგბტ(ქ)ი ჯგუფის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში არაა გამოკვლეული და შესწავლილი, შესაბამისად, არ აისახება ჯანდაცვის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში. წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან ტრანს-ჯანდაცვის უარყოფისა და სამედიცინო პროტოკოლების არარსებობის შედეგად მრავალი ადამიანი მიმართავს ჰორმონალური თერაპიის თვითადმინისტრირებას. ეს ყველაფერი კი საშიშია ჯანმრთელობისათვის და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მივიდეს“.

განცხადებაში გაკრიტიკებულია ის ფაქტიც, რომ „არ არსებობს სახელმწიფო საბინაო პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის შესაბამისი საჭიროების საცხოვრისს უზრუნველყოფდა. იქნება ეს თავშესაფრები – ძალადობის მსხვერპლთათვის, საცხოვრებლები – იძულებით გადაადგილებული მოქალაქეებისთვის, თუ რაიონებიდან დიდ ქალაქებში სასწავლებლად წასული სტუდენტებისათვის. ამას ემატება თავშესაფრის არარსებობა მათთვის, ვინც დაკარგა ოჯახის მხარდაჭერა მათი გენდერული იდენტობის და გამოხატვის, თუ სექსუალური ორიენტაციის გამო დღემდე სახელმწიფო არ აღიარებს თავშესაფრის და ბინის საჭიროებას ამ ნიშნით დევნილი ადამიანებისთვის“.

ამასთან, განცხადებაში საუბარია ახალგაზრდების წინაშე არსებულ საგანმანათლებლო გამოწვევებზე, რომელთაც დაურეგულირებელი შრომის ბაზარზე გარანტიების გარეშე უწევთ სწავლისა და სამუშაოს შეთავსება, რათა სწავლის გადასახადისა და ქირის გადახდა შეძლონ, რასაც ლგბტქი ადამიანებისთვის დისკრიმინაციის სახით დამატებითი ბარიერები ემატება და მათ მოწყვლადობას ზრდის.

უსაფრთხოებაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ სახელმწიფო რეპრესიულ აპარატად გვევლინება, რომელიც ლგბტქი თემის წევრებს პოტენციურ საფრთხეებად აღიქვამს და განსაკუთრებული თვალთვალისა და კონტროლის სამიზნეებად აქცევს.

„მიმდინარე ომის კონტექსტში უსაფრთხოება გლობალური გამოწვევაა. თუმცა ვცხოვრობთ ომისა და მილიტარიზმის პროპაგანდის პირობებში, სადაც იარაღით მოვაჭრენი ამ სამყაროს უსაფრთხო მომავალს, ადამიანთა სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირების ხარჯზე, სულ უფრო მეტი შეიარაღების გზით წარმოგვიდგენენ. ადგილობრივად, ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტიტუტები ნაცვლად უსაფრთხოების ანტი-მილიტარისტული, სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული გაგებისა, და შესაბამისი პოლიტიკის წარმოებისა, სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატად გვევლინებიან. ის, რომ ლგბტქი თემის წევრებს ამგვარი ორგანოები კვლავაც პოტენციურ საფრთხეებად აღიქვამენ და განსაკუთრებული თვალთვალისა და კონტროლის ქვეშ აქცევენ, ყველაფერზე მეტყველებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო სივრცეზე წვდომის უფლებაზე საუბრისას კი ნათქვამია, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მეტად ეზღუდებათ, თუმცა, ზოგადად, საზოგადოება დღითიდღე კარგავს საჯარო სივრცეებს, თავშეყრის ადგილებს, პარკებს, მოედნებსა თუ ტყეებს, რომლებიც ინტენსიურად იქცევა პრივატიზებისა და ერთეულთა ეკონომიკური მოგების სამიზნედ“.

განცხადების ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში, 17 მაისს ქუჩაში გამოსვლით ცდილობდნენ ლგბტქი ადამიანების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის საკითხები ემხილებინათ, თუმცა „ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციო-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად, ყველა ანტი-პროგრესული და ანტი-სოციალური პოლიტიკის მწარმოებელი და მხარდამჭერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციისა და ჯგუფის მიერ“.

განცხადების ხელმომწერები თვლიან, რომ „მხოლოდ იმის გაცნობიერებით და სახელდებით, თუ როგორ, რატომ, ვის და რის მიერ გვაქვს ეს უფლებები წართმეული, შევძლებთ, დავინახოთ ჩვენი საერთო თუ განსხვავებული წუხილების საერთო საფუძველი, და გავაღვივოთ რეალური საზოგადოებრივი სოლიდარობა“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს მართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს ატარებს, რომელში მონაწილეობაც თბილისში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

23-24 მაისს, ტრენინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი, ხატია ღოღობერიძე ჩაატარებს, ხოლო 26-27 მაისს, ტელეკომპანია ფორმულას ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორის, თოქშოუს წამყვან სალომე უგულავას ტრენინგი გაიმართება.

„რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას“, — ასეთია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც დამატებითი ინფორმაციის გაგებას შეძლებთ.

მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი ტრენინგი Frontline Georgia-ში ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს 2-დღიან ტრენინგზე დარეგისტრირება მითითებულ ბმულზე შეუძლიათ. პირველ ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 21 მაისს, 18:00 საათამდეა, ხოლო მეორეზე — 24 მაისს, 18:00 საათამდე.

ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის — ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ დღის მიზანს „ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ“.

განცხადებაში საუბარია ლგბტქი თემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და ნათქვამია, რომ გაზრდილი ხილვადობისა და დისკრიმინაციული განწყობების შემცირების მიუხედავად, „ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ“. გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების ხარვეზებზე და ამ მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობის შესახებ.

განცხადებაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ „როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ. 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა“.

საქართველოს სახალხო დამცველმა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს მოუწოდა, „ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“.

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ქართველ ლგბტქი თემს სოლიდარობა გამოუცხადეს.

„ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+)  თემს  საქართველოში.  ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ცნობილიც კი არაა, ხოლო მათი უფლებების დაცვა და რეალიზება კვლავაც გამოწვევად რჩება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია 2021 წლის 5 ივლისის „სამარცხვინო მოვლენების“ წამქეზებელი და ჩამდენი პირების გასამართლება. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ვალდებულია, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ IDAHOBIT [ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე], მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით“.

ასევე, განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია WISG-ის უახლეს კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი პოზიტიურად იცვლება.

„ამავდროულად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა მზარდი რაოდენობა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას და მიაჩნია, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. უახლესი მონაცემებით, საქართველოში მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ლგბტქი+ თემებისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას და თვლიან, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი+ პირების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე.

სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებას. ლგბტქი+ უფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა  ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. ასევე, აუცილებელია სოციალური დაცვის გაძლიერება და ლგბტქი+ თემის მოწყვლადი წარმომადგენლების მხარდაჭერა ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორებიცაა სასურსათო დაუცველობა, უსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის სერვისზე წვდომის სირთულეები“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს „საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში არ დაიშურონ ძალისხმევა დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და ლგბტქი+ თემებთან კონსტრუქციული დიალოგის გზით,  ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად“.

განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის,  სლოვენიის, ფინეთის,  შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ არის აღიარებული. Keep Reading

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, პანელური დისკუსია — 17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — დააორგანიზა.

პანელურმა დისკუსიამ თავი მოუყარა ლგბტქი თემის წევრებს, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს, რათა მომხსენებლებთან ერთად განეხილათ ქართველი ქვიარ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ძალადობის მრავალწლიანი გამოცდილება და გაეაზრებინათ ის პროგრესი, რაც ლგბტქი უფლებადაცვითი მიმართულებით მიიღწა.

თბილისი პრაიდის პირდაპირი ეთერი

უმცირესობების მდგომარეობის, საერთო ჩაგვრებისა და ურთიერთსოლიდარობის მნიშვნელობის შესახებ, მოხსენებით პარლამენტარი, ტარიელ ნაკაიძე წარსდგა. ნაკაიძის თქმით, დემოკრატიული ქვეყნისა და თავისუფალი გარემოს შენება ადამიანის მიმართ სოლიდარობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ დროს არის, როცა სახელმწიფოს მხრიდან ამის ნება არ არსებობს.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ნათელი მომავალი გვქონდეს, დემოკრატიულ ქვეყანაში, თავისუფალ გარემოში ვიცხოვროთ, პირველ რიგში, ადამიანის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ, მიუხედავად მისი ორიენტაციისა თუ ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნისა. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ვერცერთი უმცირესობის მიმართ კარგად მოპყრობას ვერ ვხედავთ, ძნელია რაიმე დაიმაიმედებლის პოვნა, დადებითი კონტექსტის მოძებნა ჭირს, ამიტომ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ამ მომენტში კიდევ უფრო მეტად უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. მთავარი ღირებულება ადამიანია და ინდივიდის უფლებებთან დაკავშირებით მკაფიო, ღია და აშკარა პოზიცია უნდა გვქონდეს. აუცილებელია, რომ საპარლამენტო პროცესებში სულ უფრო მეტი აქტივისტი იყოს ჩართული და მე პირადად მზად ვარ, რომ ხმა ვიყო უმცირესობების, რადგან აუცილებელია, ტაბუდადებულ თემებზე აქტიურად საუბარი დაიწყოს. რთულია თქმა, რამდენად შესაძლებელია ამ პირობებში პროგრესის მიღწევა, თუმცა მგონია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი და ყველა ერთად უნდა დავდგეთ — პოლიტიკოსები, საზოგადოება. ის ცვლილებები, რაც მოქალაქეთა განწყობების მიმართულებით მიიღწა, უნდა გაგრძელდეს და ამაში საკუთარი როლი უნდა შეასრულოს ყველამ, მათ შორის, ჩვენ, პარლამენტარებმა“, — აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ტარიელ ნაკაიძემ. 

პარლამენტარ ხათუნა სამნიძე კი თვლის, რომ უმთავრესი პრობლემა პოლიტიკაში ლგბტქი საკითხებზე საუბრის შიშია, რაც პროგრესის მიღწევას ართულებს.

„პირველ რიგში, პოლიტიკაში ქვიარ თემებზე საუბრის, დისკუსიის, თემთან ურთიერთობის შიში უნდა დაიძლიოს. ლგბტქი საკითხები პოლიტიკის, საპარლამენტო მუშაობის ნაწილი არ არის და ეს მთავარი პრობლემა მგონია. პოლიტიკოსები თავს არიდებენ მსგავს თემებზე მუშაობას და თემთან ურთიერთობას, რაც უნდა შეიცვალოს. თანასწორობის მოპოვება ხანგრძლივი, დამღლელი პროცესია, რაც თემისა და მათი მხარდამჭერებისგან მოთმინებას ითხოვს, თანაც, სახელმწიფო პრობლემას არ აღიარებს, რაც პროგრესის მიღწევასაც ართულებს. საზოგადოებრივი განწყობა იცვლება, რასაც გამოკითხვებიც მოწმობს და თუნდაც მიუღებლობის შემთხვევაში, ძალადობას ბევრი გმობს. თუმცა, ახლა კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ მიღწეული პროგრესი ნათლად დავინახოთ“, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თბილისი პრაიდის პირდაპირი ეთერი

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ, ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობისა და საზოგადოების დამოკიდებულებების შესახებ ისაუბრა. სხილაძემ ჩვენთან საუბრისას ლგბტქი თემის წინაშე არსებული გამოწვევები შეაფასა და აღნიშნა, რომ უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ლგბტქი საკითხები სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი არ არის.

„დღეს ლგბტქი თემის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი არ არის. არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა ვერ პასუხობს დისკრიმინაციის შემთხვევებს თუ სხვა მნიშვნელოვან უფლებადაცვით საკითხებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 17 მაისის აღნიშვნა შეკრებისა და გამოხატვის უფლების დარღვევას დაუკავშირდა. წლებია, თემის წევრები და მათი მხარდამჭერები სახელმწიფო ნების არარსებობის გამო ამ დღის თავისუფალ, უსაფრთხო სივრცეში აღნიშვნას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით მათი პასუხისმგებლობა გაიაზრონ, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ და ამ პროცესის ნაწილი იყვნენ“, — აღნიშნა ეკატერინე სხილაძემ.

თბილისი პრაიდის პირდაპირი ეთერი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა, ჟურნალისტმა ხატია ღოღობერიძემ მოხსენება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დაძლევაში მედიის როლის შესახებ წარადგინა. მისი თქმით, მედიამ უნდა გაიაზროს ის როლი, რაც მას საზოგადოების განათლების მიმართულებით აქვს და ეცადოს, რომ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდოს ისე, რომ ხალხმა დასკვნები სიყვარულისა და სიკეთის სასარგებლოდ გააკეთოს.

„მედიის წარმომადგენლები ინფორმაციას ვაწოდებთ აუდიტორიას და ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ საზოგადოებამ დასკვნები არა სიძულვილის და ბოროტების სასარგებლოდ, არამედ სიყვარულისა და სიკეთის სასარგებლოდ გააკეთოს, მიხვდნენ, რომ ადამიანები არ იმსახურებენ სიძულვილსა და გარიყვას. მედიას საზოგადოების განათლების როლიც აქვს და თუ ჩვენ ფეხს ავუწყობთ საზოგადოების ამდროინდელ განწყობას, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავალი იყოს. ერთი ადამიანის ჩაგვრაც კი არის ნებისმიერი იმ მოქალაქის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის ბედზე წუხს. მედიის როლიც სწორედ ის არის, რომ გაზარდოს მოქალაქეების თვითშეგნება, მოძალადეებს პირდაპირ უწოდოს მოძალადეები და ისინი უფლებადამცველებად არ მოიხსენიოს, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ქუჩაში ადამიანებს დადევნებულ ხალხს მედია უფლებადამცველებად მოიხსენიებდა. მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და ვუწოდოთ ყველაფერს თავისი სახელი, ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. მცირე მიღწევა გვაქვს, თუმცა აუცილებელია, კიდევ უფრო წინ წავიდეთ და საინფორმაციო სივრცის გარდა, კომედიურ თუ გასართობ გადაცემებზე მუშაობისას უკეთ გავაცნობიეროთ, რამდენად ძლიერდება სიძულვილის ფონი, სტიგმა“, — თქვა ხატია ღოღობერიძემ მედიის როლზე საუბრისას.

პანელური დისკუსიის მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ გენდერისა და ადამიანის უფლებების მკვლევარი, აქტივისტი, ლევან ბერიანიძე, რომელმაც 17 მაისების ისტორიის, ხილვადობის პოლიტიკის მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. თანასწორობა 17-ის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ კი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ, ასევე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

პანელური დისკუსიისას, გამხსნელი სიტყვით აუდიტორიას საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე, თეონა ყუფუნიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა მიმართეს.

პანელური დისკუსიის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც მომხსენებლებმა დამსწრეებთან ერთად განიხილეს ის გამოწვევები, რაც ლგბტქი თემს დღეს აქვს და გეგმები, რომლითაც თანასწორობის მიმართულებით პროგრესი უნდა მიიღწეს.