აპრილი 2022 - Page 4

მოლდოვაში ტრანსგენდერი მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა

/

მოლდოვური პროევროპული მმართველი პარტიის ლიდერმა, დენ პერსიუნმა თქვა, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა ლგბტქი ადამიანებმა თავიდან აიცილონ ბულინგი და დამცირება.

განცხადება ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მოლდოვაში 16 წლის ტრანსგენდერმა მოზარდმა თანაკლასელების დაცინვის და დამცირების გამო თავი მოიკლა.

,,ტრანსგენდერი გოგონას შემთხვევა, რომელმაც თავი მოიკლა თანაკლასელების ბულინგის გამო, ცხადყოფს, რომ აუცილებელია, არსებობდეს ბულინგის წინააღმდეგ კანონპროექტი, რომელიც პასუხისმგებლობას დააკისრებს მოძალადეებს”, –  თქვა პესიუნმა.

პოლიციის წინასწარი გამოძიების თანახმად, მოზარდი კიშინიოვში, საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართულიდან გადახტა. ინფორმაცია მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ მოლდოვურმა არასამთავრობო ორგანიზაცია Genderdoc-M გაავრცელა, რომელიც მოლდოვაში ლგბტქი თემის გაძლიერებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას ემსახურება.

მოზარდი  Genderdoc-M-ის, ტრანსგენდერთა და მოზარდების მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია არ აკონკრეტებს, ზუსტად რა გახდა ტრანსგენდერი გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი, თუმცა განცხადებაში წერია, რომ ის იყო სისტემური ძალადობის მსხვერპლი თავისი გენდერული იდენტობის გამო. განცხადების მალევე გამოეხმაურა პოლიციის დეპარტამენტი და განათლების სამინისტრო, მათ თებერვალში დაიწყეს საქმის გამოძიება.

დეპუტატი პერსიუნსი ამბობს, რომ სექსიზმი, ჰომოფობია და აგრესია ჩვეულებრივი მოვლენაა მოლდოვის საზოგადოებაში.

“ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსხვერპლმა თავი დაცულად იგრძნოს და საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე”, – დაამატა დეპუტატმა.

ბულინგის დანაშაული, რომელიც განისაზღვრება, როგორც ფსიქოლოგიური დაშინება, მოლდოვის საგანმანათლებლო კოდექსში თებერვლის შუა რიცხვებში შევიდა.

გაეროს ბავშვთა სააგენტოს, UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოლდოვაში 6-12  კლასის მოსწავლეების 86.8% ბულინგის მსხვერპლია.

 

 

 

 

ჩინეთში “ჯადოსნური ცხოველების” მორიგი ფილმიდან დამბლდორის გეი სცენები ამოჭრეს

სულ ახლახანს ლონდონში ჰარი პოტერის პრიქველის, “ჯადოსნური ცხოველების” მორიგი ნაწილის პრემიერა შედგა, ფილმი ჩინეთის კინოგაქირავების სახლებმაც შეიძინეს, თუმცა ფენტეზის ჟანრის ფილმიდან ის კადრები ამოჭრეს, სადაც დამბლდორი თავის სექსუალურ იდენტობაზე საუბრობს.

ჯადოსნური სამყაროს ფანები ნიუტ სკამანდერს, რომლის როლსაც ოსკაროსანი ედი რედმეინი ასრულებს, 2016 წელს შეხვდნენ. ფრენჩაიზის მესამე ფილმში ვხვდებით გელერტ გრინდელვალდს, რომლის როლსაც მეორე ნაწილში ჯონი დეპი ასრულებდა, თუმცა შემდეგ მედს მიკელსენით ჩაანაცვლეს. ”ჯადოსნური ცხოველების” მორიგ ფილმს “დამბლდორის საიდუმლოებები” ჰქვია და მასში აღწერილია დამბლდორის ახალგაზრდობის წლები, მათ შორის, რომანტიკული ურთიერთობა გრინდელვალდთან.

ინტერნეტში გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთში ის დიალოგები, სადაც დამბლდორი თავის სექსუალურ იდენტობაზე საუბრობს, ამოჭრილია და ეს სრულიად ცვლის ფილმის შინაარს, რადგან ფილმს “დამბლდორის სიადუმლოებები” ჰქვია და მასში აღწერილია ჰოგვორტსის დირექტორისა და პოტერის მენტორის ის მხარეები, რომლებიც ჰარი პოტერის წიგნებში არ გვინახავს.

ცენზურასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელდა Warner Brothers-მა:

“ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ფილმის მთლიანობა, თუმცა სენსიტიური მიზეზების გამო სხვადასხვა ბაზარზე აუცილებელი ხდება ნიუანსური ჭრების გაკეთება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ფილმებს ისე გავუშვებთ მსოფლიო კინოთეატრებში, როგორც მისმა შექმნელებმა მოიტანეს ჩვენამდე, თუმცა ხანდახან იძულებულები ვართ, პატარა რედაქტირებები შევიტანოთ ფილმებში. Fantastic Beast-ის შემთხვევაში მოითხოვეს 6-წამიანი ცვლილებები ადგილობრივი მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ ფილმის სულისკვეთება ხელუხლებელი რჩება”.

ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 14 აპრილს შედგება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა

/

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 2021 წელს არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 

ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოში უფლებადაცვითი, მედიის თავისუფლების, უფლებადამცველთა უსაფრთხოების ტენდენციები და აღნიშნულია, რომ ხშირად ხელისუფლების არაეფექტური ღონისძიებები და განცხადებები ძალადობრივი ქმედებების ხელშემწყობია.

„5 ივლისს, პოლიციამ სათანადოდ არ იმოქმედა, რათა ღირსების მარშში მონაწილეთა შეკრების თავისუფლება დაეცვა. 3 ათასამდე ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტი ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა, კონტრაქციის მონაწილეების შეკრების ადგილს ანადგურებდა, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს უტევდნენ და 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს, რასაც პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები მოჰყვა, რომელმაც დაგეგმილ ღირსების მარშს ,,გაუმართლებელი” უწოდა და სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის განზრახვად შეაფასა. პრემიერის მტკიცებით, ქვეყნის პოპულაციის 95% ღონისძიების წინააღმდეგი იყო და ძალადობაზე პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს დააკისრა. 

ანგარიშები და ვიდეოები ცხადყოფს, რომ პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც პოლიციას, ჟურნალისტებს, ღირსების მარშთან და დასავლურ ღირებულებებთან ასოცირებულ ინდივიდებს თავს ესხმოდნენ, ძალადობისთვის ვერ/არ დააკავა. ოფიციალურმა უწყებებმა ორგანიზატორებს ღირსების მარშის გაუქმებისკენ მოუწოდეს, რადგან, მათი თქმით, მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში და საუბარია 6 ივლისის სოლიდარობის აქციაზეც, რომლის პარალელურად შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფები „მშვიდობიან დემონსტრანტებს და პოლიციას ქვებს, ბოთლებს, ასაფეთქებელ საშუალებებს ესროდნენ, მაგრამ პოლიციამ ისევ არ მოუყარა თავი ეფექტურ საპროტესტო კონტროლის აღჭურვილობასა და პერსონალს“. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები არ დაუკავებიათ.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 5 ივლისის ძალადობრივმა ქმედებებმა ლგბტქი ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და საკუთარი ხმის გაჟღერების შესაძლებლობა შეუზღუდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ 2021 წელს ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევებმა იმატა და ჩამოთვლილია სიძულვილით მოტივირებული კონკრეტული დანაშაულები, რომლებზეც სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება ჰქონდა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ „მთავარი პროკურორის ოფისის მონაცემებით, 2021 წლის პირველ 9 თვეში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიზეზით ჩადენილი დანაშაულების გამო 64 ადამიანის წინააღმდეგ გაატარეს აღმკვეთი ღონისძიება, თუმცა ლგბტქი ადამიანების მიმართ ოჯახში თუ საჯარო ადგილებში ძალადობა კვლავ სერიოზული გამოწვევაა და სახელმწიფო საპასუხოდ სათანადოდ არ მოქმედებს. ლგბტქი ორგანიზაციებმა, არასამთავრობოებმა და სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების არაეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა ლგბტქი თემს სახელმწიფო უწყებების ნდობას უკარგავს, მათივე თქმით, პოლიტიკოსების ჰომოფობიური კომენტარები თემის სიძულვილს და ტოლერანტობის არქონას განაპირობებს“.

ვრცელი ანგარიში მშრომელთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის, დევნილთა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული დამოკიდებულებების, მათ შორის, სახელმწიფოს გულგრილობის, აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის კრიტიკულ მდგომარეობის შეფასებას მოიცავს, რაც აივ-პრევენციას ართულებს. ასევე, დოკუმენტში საუბარია პოლიციელთა პასუხისგებაში არმიცემის ან ნაადრევად გათავისუფლების, გაუპატიურების შესახებ კანონის გაუმართაობის,  ბავშვთა და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევების, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის მარკის შეცვლის წინაპირობის გაუმართაობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ.

ეთიკის ქარტიის ტრენინგი გენდერისა და ლგბტქი საკითხების გაშუქების შესახებ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის წარმომადგენლებისთვის გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს ატარებს.

პირველ ონლაინ ტრენინგს 14-15 აპრილს ტელეკომპანია ფორმულას ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორი, ტოქშოუს წამყვანი, სალომე უგულავა, ხოლო მეორეს – საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა რეალური სივრცის ავტორი და წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი, 17-18 აპრილს ჩაატარებს.

ტრენინგზე მედიის წარმომადგენლები უკეთ გაიგებენ, რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟი, რატომ არის ამ საკითხებზე მუშაობა მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მომზადდეს, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება და როგორ უნდა იმოქმედონ ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ორგანიზებულ ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 12 აპრილი, 18:00 საათია. რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ.

ამ საზოგადოების წევრი ვარ და პასუხისმგებლობა მაკისრია, ჩემი ქვეყანა უკეთესისკენ შევცვალო – თამარ ჯაყელი

მე ვარ თამარ ჯაყელი, თავგადასავლების მოყვარული, გულღია და სპონტანური ადამიანი.

 

პირველი მოგზაურობა

დიდწილად, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ღრმა ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონებები მშობლებთან ერთად მოგზაურობას და სხვადასხვა თავგადასავალს უკავშირდება. როცა მე გამაჩინეს, ჩემი მშობლები გერმანიაში სწავლობდნენ, შემდეგ კი, დაახლოებით 3-4 წლის რომ ვიყავი, მანქანით წამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა, რომელმაც შემდეგ განსაზღვრა ჩემი ცხოვრება, ჩემი ლტოლვა თავგადასავლებისადმი. მახსოვს, როგორ მეთამაშებოდა უკანა სავარძელზე დედა ცხენებით, მახსოვს ფერადი ბურთებით სავსე ოთახი გემზე, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია, მახსოვს, როგორ გადავეშვი თავით შადრევანში, საიდანაც მამაჩემმა მაისურით ამომქაჩა… გერმანიაში ცხოვრების რამდენიმე დეტალიც მახსოვს, მაგალითად, როგორ გვეძინა მე და ჩემს მშობლებს პირდაპირ მატრასზე და როგორ ვმღეროდით სამივე ერთად „ცაში ახედეს“ ძილის წინ. მახსოვს, როგორ დავყავდი მამაჩემს უნივერსიტეტში, როგორ მაჭმევდა შოკოლადის ,,ბულკებს,’’ რის გამოც მოთხუპნული სახით დავსეირნობდი ჰანოვერის ქუჩებში, მახსოვს საოცარ საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები და ჭოკებზე მოსიარულე კაცი. საქართველოში ჩამოსვლის მერე კი, ღრმა ბავშვობიდან ის მახსოვს, თუ როგორ დავდიოდი ეზოში და როგორ ვესალმებოდი სათითაოდ ყვავილებს, როგორ ჰარმონიაში ვიყავი სამყაროსთან. გულღია, აქტიური, ენერგიული ბავშვი ვიყავი.

ჩემი უმთავრესი ჰობი კითხვა იყო და, შეიძლება ითქვას, ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში ჩემი უახლოესი მეგობრები წიგნის პერსონაჟები იყვნენ. უფრო სათავგადასავლო ჟანრს ვანიჭებდი უპირატესობას, ყველაზე მეტად კი, ალბათ, მაინც დიუმა მიყვარდა – თავს ხან დ’არტანიანად, ხან, გრაფ მონტე კრისტოდ წარმოვიდგენდი. ქმედითი ცხოვრება მსურდა.

ბავშვობაში ჩემი როლური მოდელი ქალები მულანი და ჟანა დ’არკი იყვნენ, რადგან მე თვითონ ვოცნებობდი რაინდობასა და ხიფათიან ცხოვრებაზე. ახლა ჩემი როლური მოდელები უკრაინელი ქალები არიან, ყველა იმ როლში, რასაც ისინი ასრულებენ თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად.

 

ჰომოფობია, მისგან გამოწვეული ზიანი და ამასთან გამკლავების მთავარი გზა 

საბედნიეროდ, ჩემ გარშემო ადამიანები დადებითად ან ნეიტრალურად არიან განწყობილი ჩემ მიმართ და ჰომოფობიას პირად ურთიერთობებში ძალიან იშვიათად ვაწყდები. თუ ვიცი, რომ ადამიანი ჰომოფობიურადაა განწყობილი, მასთან ძალიან გამიჭირდება ურთიერთობა და მაქსიმალურად მოვერიდები.

თუმცა, ჰომოფობიური გარემოს გამო ფსიქოლოგიური და სოციალური ზიანი მეც მიმიღია. 15-16-17 წლის ასაკში, როცა ვფიქრობდი, რომ ვერავის გავუმჟღავნებდი საკუთარ გრძნობებს და მთელი ცხოვრება ჩემი სურვილების დათრგუნვა მომიწევდა, ხშირად მიპყრობდა სასოწარკვეთა, შიში, სევდა. შემდეგ 2013 წლის 17 მაისი მოხდა და ჩემი შიში კიდევ უფრო გაძლიერდა. ვუყურებდი კადრებს, თუ როგორ ვძულდით ჩემნაირი ადამიანები საზოგადოების დიდ ნაწილს, როგორ გვიმეტებდა ხალხი საცემად, მოსაკლავადაც, როგორ გვთვლიდა გარყვნილად და უღირსად. ამას დაემთხვა ის, რომ პირველად ვიყავი შეყვარებული გოგოზე, რომელსაც საპასუხო გრძნობები არ აღმოაჩნდა და ბიჭთან დაიწყო ურთიერთობა. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო დაამძიმა ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. საბოლოოდ, მძაფრმა გრძნობებმა იმისკენ მიბიძგა, რომ ქამინგაუთის პროცესი დამეწყო. შემდეგი წლების განმავლობაში, ვიპოვე გარშემომყოფებში მხარდაჭერა, გამოვცადე ორმხრივი სიყვარული, მივიღე საკუთარი თავი და ახლა, 26 წლის ასაკში, ბევრად ძლიერი ვარ.

რა თქმა უნდა, ზაფხულში, 5 ივლისის მოვლენებმა მძლავრად შეარყია ჩემი ნაშენები ბედნიერება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ახლა კარგად ვარ. თუმცა, არ შეიძლება, აქვე არ ვახსენო, რომ ორივე შემთხვევაში, 2013 წელსაც და 2021 შიც, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდი წვლილი საზღვარგარეთ ცხოვრებას მიუძღვის. 2013 წლის აგვისტოში ამერიკაში წავედი სრული სტიპენდიით ოთხი წლით, ხოლო 2021 წლის აგვისტოში შვედეთში დავბრუნდი, სადაც ახლა მაგისტრატურას ვამთავრებ, ასევე სრული სტიპენდიით. შეიძლება ითქვას, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებამ გამაძლიერა და საკუთარი თავის მიმღებელი გამხადა, რადგან ამერიკაშიც და შვედეთშიც  თითქმის საერთოდ აღარ მიწევს ფიქრი ჩემს ქვიარობაზე. როდესაც მიღებული ვარ, მაშინ ჩემი სექსუალობა ჩემი იდენტობის ერთ-ერთი ასპექტია და არა უმთავრესი.

გარემოს შეცვლა იყო ჩემთვის გამკლავების მთავარი გზა. განსაკუთრებით, ამერიკაში გატარებულმა წლებმა მომცა ახალი მეგობრები, უამრავი შესაძლებლობა, საჭირო უნარები, პირველი სერიოზული ურთიერთობა. 16 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ წავედი და 21 წლის ასაკში დავბრუნდი. ამ გადმოსახედიდან, ეს ხუთი წელი უმთავრესი და უძვირფასესი იყო ჩემი პიროვნების ფორმირებისთვის და გაძლიერებისთვის. საქართველოში რომ დავბრუნდი, აქტიურად ჩავერთე ფემინისტურ, ქვიარ და მწვანე აქტივიზმში და მაქსიმალურად ვეცადე, პროგრესულ წრეებში გავრეულიყავი, მეც ჩემი აგური დამედო ამ ქვეყნის უფრო დემოკრატიულ, უფრო თანასწორ და სამართლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.

 

თანასწორობა, თანაბარი შესაძლებლობები და ქვიარი ქალები  

თანასწორობა თანაბარი შესაძლებლობების მიცემად წარმომიდგენია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის, ასევე, სპეციფიკური ბარიერების ნაკლებობად. მაგალითად, ქალები და კაცები შესაძლოა თეორიულად სარგებლობენ თანაბარი წვდომით განათლებაზე,  თუმცა ქალების შემთხვევაში, მათ შეიძლება ხელი შეუშალოს სპეციფიკურმა გარემოებებმა, როგორიცაა, მაგალითად,  საშინაო შრომის ვალდებულება. შესაძლოა, სამსახურში ქალსაც და კაცსაც ჰქონდეს თანაბარი პოზიცია, თუმცა ქალს შეიძლება ნაკლები გადაუხადონ ზუსტად იგივე შრომაში. ასევე, ქალი შეიძლება ნაკლებად დააწინაურონ იმ არგუმენტით, რომ მას საოჯახო ვალდებულებებიც აქვს და იმდენ დროს ვერ დაუთმობს სამსახურს. მოკლედ, თანაბარი უფლება არ ნიშნავს, რომ რეალურად ქალები დისკრიმინაციას არ აწყდებიან ცხოვრების ყველა ნაბიჯზე.

კიდევ უფრო რთულია ამ მხრივ ქვიარ ქალების მდგომაროება, რადგან ამ შემთხვევაში ჩაგვრის მიზეზი ხდება ხოლმე როგორც გენდერი, ასევე სექსუალობა. ქალებს, და მათ შორის ქვიარ ქალებს, აქვთ მძიმე გამოცდილებები ოჯახში ძალადობის, სამსახურში დისკრიმინაციის და შევიწროების, სიღარიბის, სილამაზის სტანდარტების ტირანიის და ა.შ. ქვიარ ქალების შემთხვევაში, ამ ყველაფერს ხშირად ემატება ოჯახის მიერ გარიყვა და ხანდახან სახლიდან გამოგდებაც, მუდმივი შიში და მალვა, საკუთარ თავთან გაუცხოება და საკუთარი თავის მიუღებლობა, სამსახურში და სასწავლებელში სექსუალობაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია და ა.შ.

მტრულ გარემოში მცხოვრებ ქალებს ვეტყოდი, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი შეიძლება გარკვეული შინაგანი ძალის პოვნა და საკუთარი გარემოს გარდაქმნა, შემდეგ კი სხვებისთვის მაგალითის მიცემა.

 

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ქვიარებისთვის, ქვიარებმა კი უკეთესი გარემოსთვის

სახელმწიფოს მოეთხოვება ქვიარ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება კონკრეტული ნაბიჯებით. ეს მოიცავს როგორც ღირსების მარშის და სხვა საჯარო გამოხატვის დაცვას, ასევე, ისეთი საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორიცაა საცხოვრებელი, სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობა, უმაღლესი განათლება, დასაქმება და სამსახურში დისკრიმინაციის აღმოფხვრა. სახელმწიფომ სათანადოდ უნდა დასაჯოს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, შეზღუდოს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის მზაობა არ ჩანს, რადგან მმართველი ძალა თავად აქეზებს და ხელს აფარებს ამ ძალადობრივ დაჯგუფებებს.

ქვიარებმა, პირველ რიგში, ინდივიდუალურ დონეზე, საკუთარი თავი უნდა მივიღოთ და შემდეგ გახსნილად ვისაუბროთ ჩვენს გამოცდილებებზე  დანარჩენ საზოგადოებასთან. კოლექტიურ დონეზე კი მხარდაჭერის სისტემები უნდა შევიმუშაოთ/დავხვეწოთ, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ და როგორც თემი, გააზრებულად და პასუხისმგებლობით შევიდეთ დანარჩენ საზოგადოებასთან დიალოგში.

 

,,პასუხისმგებლობა მაკისრია, რომ ჩემი ქვეყანა უკეთესისკენ შევცვალო”

ჩემთვის თავისუფლება, პრაქტიკულ დონეზე, არის სივრცე, რომ თავად განვსაზღვრო ჩემი ცხოვრების დიდი და მცირე ნაბიჯები, მეტწილად მაინც. მჯერა, რომ სრული თავისუფლება ილუზიაა, რადგან ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ეპოქა, და თუნდაც ჩვენი ბიოლოგია წინასწარ ზღუდავს ზოგ შესაძლებლობას და პირიქით, გაქანებას აძლევს სხვა შესაძლებლობებს. ამის მიუხედავად, მუდამ ვცდილობ, თავად განვკარგო საკუთარი ცხოვრება. ოღონდ განვკარგო არა მხოლოდ საკუთარ სურვილებზე დაყრდნობით, არამედ ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების წევრი ვარ და პასუხისმგებლობა მაკისრია იმაზე, რომ ჩემი ქვეყანა უკეთესისკენ შევცვალო.

რა მაძლევს ძალას, რომ არ დავთმო საკუთარი თავი? სურვილი, რომ მაგალითი ვიყო სხვებისთვის და საქართველოში ადამიანების (და არა მხოლოდ ქვიარ ადამიანების) ცხოვრება უკეთესი გავხადო, ჩემი წვლილი შევიტანო იმ ცვლილებებში, რაც ქვეყანაში ასე ძალიან გვჭირდება. ახლაც, მაგისტრატურას რომ დავამთავრებ, ვაპირებ შვედეთიდან საქართველოში დავბრუნდე, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია ცხოვრება, მით უმეტეს, ქვიარ ადამიანისთვის.

 

რჩევები ქვიარებს

ყველა ქვიარ ადამიანს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ვურჩევდი, რომ გამოიყენოს ის და ცოტა ხნით მაინც დატოვოს საქართველო.  ახლა ახალგაზრდებისთვის უამრავი სტიპენდიაა, გაცვლითი პროგრამებია, მოხალისეობის შესაძლებლობებია. საზღვარგარეთ ცხოვრება და მოგზაურობა ნამდვილად კარგი გზაა საკუთარი თავის მიღების და სხვადასხვა საჭირო უნარის შეძენისთვის.

ზოგადად კი, ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ვცდილობ, პერიოდულად მაინც მოვწყდე სოციალურ მედიას და ახალ ამბებს, რომელიც ტრაგედიების დაუსრულებელი ქრონიკაა. მობილური გამოვრთო და გავისეირნო, ლაშქრობაში წავიდე, გიტარაზე დავუკრა, ხან, ჩემს ძაღლებს მოვეფერო. შვედეთში ყოფნისას, რეგულარული ვარჯიში დავიწყე დარბაზში, რაც ძალიან მეხმარება, როგორც ფიზიკურად, განსაკუთრებით კი მენტალურად კარგად ყოფნაში.

მივიღოთ საკუთარი თავი და მეტი დრო დავუთმოთ მასზე ზრუნვას. შევქმნათ მხარდაჭერის სისტემები, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიყოთ მინდობილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვიჭირს. გავაძლიეროთ შიდა კავშირები ქვიარ თემში და ადამიანურ დონეზე მაინც დავალაგოთ ურთიერთობები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რადგან, საბოლოოდ, მაინც საერთო ბრძოლა გვაქვს. შევიყვაროთ ცხოვრება, თავისი ავკარგიანობით და ყოველდღიურად ჩავებღაუჭოთ რაიმე მარტივ ბედნიერებას, როგორიცაა ახლობელ ადამიანთან საუბარი, ჩახუტება, ფინჯანი ყავა, მზის სინათლე, ხანდახან კი წვიმა, ჭიქა ღვინო, ამაღელვებელი მელოდია, გემრიელი დესერტი… ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ღიმილს მოგგვრის, გულს აგვიჩქროლებს და წამით მაინც მოგვცემს ჩვენი ცხოვრების რომანტიზების საშუალებას.

 

 

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

ფოტოები: ვახო ქარელი

 

 

 

ფლანგვის დეტექტორმა ალტ-ინფოს ფინანსები და ქართულ ოცნებასთან კავშირები შეისწავლა

/

ფლანგვის დეტექტორმა პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის ფინანსები და მთავრობასთან ურთიერთობა შეისწავლა, რომლითაც ქართულ ოცნებასთან სავარაუდო კავშირები იკვეთება. 

კონსერვატიული პარტიის ოფისების გახსნას პროტესტი არაერთ ქალაქში მოჰყვა, თუმცა ფლანგვის დეტექტორის თანახმად, ზოგიერთ ქალაქში პარტიამ საოფისე ფართის ქირაობა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების დახმარებით შეძლო.

წყალტუბოს რეგიონული ოფისი ალტ-ინფომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ მხეიძის შვილისგან, რეზო მხეიძისგან იქირავა. აღსანიშნავია, რომ ფართის თანამესაკუთრე რუსეთის მოქალაქე, აკაკი ლორთქიფანიძეა. გარდა ამისა, კონსერვატიული მოძრაობის რეგიონული ოფისების რამდენიმე ხელმძღვანელი და პარტიის წევრი ადგილობრივი მერიის ა(ა)იპ-ებშიც არიან დასაქმებული.

ფლანგვის დეტექტორმა კონსერვატიული მოძრაობის ფინანსებიც შეისწავლა და დაადგინა, რომ დაჯგუფების თქმით, პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი ალტ-ინფოს ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ორჯერ არის ნასამართლევი. პირველად წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ქონების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით, რა დროსაც მისი ადვოკატი ქართული ოცნების ამჟამინდელი ლიდერი მამუკა მდინარაძე იყო. მორგოშია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მეორედ 2016 წელს არის შემჩნეული, როცა პატრიოტთა ალიანსს კანონით გათვალისიწნებულ წლიურ შემოწირულობაზე, 60 ათას ლარზე მეტი თანხა შესწირა. მორგოშიას 180 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რაზეც უარი განაცხადა და ამის გამო 2017 წლიდან მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული.

მორგოშიას ქონება ვერ დაუყადაღეს, რადგან საკუთარ სახელზე არც აქტივები და არც უძრავი ქონება აქვს გაფორმებული. ალტ-ინფოს ლიდერი მამიდის, ციალა მორგოშიას და ძმის, გიორგი მორგოშიას დახმარებით წარმართავს ფინანსურ ოპერაციებს.

გარდა ამისა, ფლანგვის დეტექტორის მიგნებით, მორგოშიების ოჯახი მერიასთან კავშირებშია შემჩნეული. გიორგი მორგოშია მერიასთან დეველოპერული კომპანიის შუამავალი იყო და ამ გარიგების წყალობით 800 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და $110 ათასი გადაეცა. ალტ-ინფოს ლიდერის ძმამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად 3 თვე მოითხოვა, რაც აღნიშნული გარიგებისთვის მცირე დროა, ამასთან ის არქიტექტურის სამსახურის ჩანაწერებში არ იძებნება. გიორგი მორგოშია მერიასთან შუამავლის როლში კიდევ ერთ ეპიზოდში გვევლინება, რომლისთვისაც 400 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მიიღო.

ფლანგვის დეტექტორის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საეჭვოა, რადგან 2021 წელს გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებს ჰგავს, რომელშიც ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და სხვა პრორუსული დაჯგუფების, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე საუბრობენ, როგორ მისცა კახა კალაძემ კონსტანტინე მორგოშიას უკანონო მშენებლობის უფლება ორჯერ.

ფლანგვის დეტექტორის მიერ მომზადებული სრული მასალის ნახვას აღნიშნულ ლინკზე შეძლებთ.

 

გორის ქალთა გუნდის ნამუშევრები მთვარეზე გაიგზავნება

„ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია! გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მთვარეზეა!“ — ვკითხულობთ გორის ქალთა კამერული გუნდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

Keep Reading

ტალისა გარსია – პირველი ტრანსგენდერი ქალი მსახიობი დისნეის სამყაროში

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანია ”დისნეიმ” სტრიმინგ სერვისის, Disney+ -ის სერიალში, მთავარი როლის შემსრულებლად ტრანსგენდერი მსახიობი ქალი, ტალისა გარსია შეარჩია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკული გიგანტური კომპანია ტრანსგენდერ მსახიობს თავის პროექტში გადაიღებს.

ტალისა გარსიას მაყურებელი სულ მალე იხილავს სერიალში – Willow, რომელიც 1988 წლის ამავე სახელწოდების ფილმს ეფუძნება და ახალგაზრდა ფერმერზე გვიყვება, რომელიც ტყეში ნაპოვნი ჩვილის გამო სახიფათო თავგადასავალში გაეხვევა და ბოროტ დედინაცვალთან დაპირისპირება მოუწევს.

სერიალში წარმოშობით ჩილელი მსახიობი დედოფლის როლს შეასრულებს. ეს ასევე პირველი შემთხვევაა დისნეის სამყაროში, როცა ტრანსგენდერი ადამიანი სისგენდერი ქალის როლს ასრულებს.

ტალისა გარსიას მაყურებელი BBC-ის კრიმინალური სერიალიდან – ”ბაპტისტიდან” იცნობს. The Independent-თან ინტერვიუში მსახიობი ჰყვება, რომ ტრანსფორმაციის პროცესი 18 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში უწევდა თავისი იდენტობის დამალვა, ინდუსტრიის სტანდარტებს რომ მორგებოდა.

2021 წელს პატი ჰარისონი პირველი ტრანსგენდერი მსახიობი აღმოჩნდა, რომელმაც დისნეის ანიმაციურ ფილმში – ”რაია და უკანასკნელ დრაკონი”, ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა. ამასთან ერთად, დისნეის მფლობელობაში მყოფი კომპანიის, ”მარველის” ფილმში – ”ადამიანი ობობა: სახლიდან შორს” – 2019 წელს ტრანსგენდერი მამაკაცი ზაკ ბარაკი გადაიღეს.

ასევე, ცნობილია, რომ გიგანტური კომპანია კიდევ ერთ ტრანსგენდერ მსახიობს ეძებს ”მარველის” სამყაროსთვის.

ტალისა გარსიას ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა ინტერნეტში, რაც ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა საკამათო კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ფლორიდის შტატში უნდა აკრძალულიყო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული საკითხების სწავლება.

„Don’t Say Gay“ (არ თქვა, ,,გეი“) ამ სახელით ცნობილ კანონპროექტს მალევე მოჰყვა ამერიკაში წინააღმდეგობა აქტივისტებისგან და გაირკვა, რომ დისნეი აფინანსებდა კანონპროექტის მხარდამჭერებს, მათ შორის, რონ დესანტის.

მასიური გამოსვლებისა და თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ, დისნეის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ ჩაპეკმა ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ დისნეი იქნებოდა გამაერთიანებელი ძალა და წარმოაჩენდა ლგბტქი ადამიანებს ეკრანზე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოვა სერიალი.

9 აპრილის ტრაგედია და თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანებული საქართველო

33 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. იმ დღიდან, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა და საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. Keep Reading

ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარკეტი იმართება

9 და 10 აპრილს, 14:00 საათიდან, ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

თუ შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარება, ლამაზი ნივთების შეძენა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გსურთ, ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.

„ამ მძიმე ამბების ფონზე, მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატური სახე მივცეთ“ — ღვინის ქარხანა

ღონისძიების მიზანი ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად თანხის შეგროვება, არსებულ რესურსებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება-გაცვლა, საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერა და  უკრაინისთვის ორგანიზაციების, ინდივიდების, ბიზნესების გაერთინებაა.

ადგილზე დაგხვდებათ საუკეთესო ქართული ვენდორები, ფუდმარკეტი, ღვინო და კოქტეილები, სახალისო აქტივობები ბავშვებისათვის და რაც მთავარია – უკრაინული მუსიკა.

შემოსული თანხა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეძენას მოხმარდება.