აპრილი 2022 - Page 5

ტრანსგენდერმა ქალებმა ქალთა სპორტში არ უნდა იასპარეზონ — ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ მას მიუღებლად მიაჩნია ტრანსგენდერი ქალების ქალთა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. Keep Reading

ნიუ-იორკში გეი ბარს ცეცხლი წაუკიდეს

გასულ კვირას ნიუ-იორკის ერთ-ერთ გეი ბარს უცნობმა პირმა ცეცხლი წაუკიდა. დაშავდა ორი ადამიანი.

თავდასხმა ბარ Rash-ზე მოხდა, რომელიც ხუთი თვის წინ გაიხსნა ბრუკლინში. ინფორმაცია ბარის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

,,წუხელ, სანამ წვეულება დაიწყებოდა, უცნობი პირი შემოვიდა ბარში, დაასხა ბენზინი და გაუკიდა ცეცხლი, ხანძარმა აფეთქება გამოიწვია და ბარი დაიწვა”, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში –  ,,თავდამსხმელი, რომელსაც შავი კაპიუშონი ეცვა და ზურგჩანთა ეკეთა, შემთხვევის ადგილიდან მაშინვე გაიქცა. ბარის დატოვება ყველამ მოახერხა, თუმცა დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია“.

,,ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ძალადობის ასეთი სასტიკი აქტის დროს, ძალიან სამწუხაროა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი მოტივით თავს დაგვესხას”, – ნათქვამია ბარის განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესხა ბარს თავს, თუმცა ნიუ-იორკის პოლიცია საქმეს უკვე იძიებს.

 

 

 

 

ტრანსგენდერ უკრაინელებს აღარ აქვთ წვდომა სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე – უკრაინელი ტრანსგენდერი აქტივისტი ქალის ინტერვიუ

გასულ კვირას, 5 აპრილს, უკრაინელმა ტრანს აქტივისტმა ანასტასია იევა დომანიმ ინტერვიუ მისცა ბრიტანულ რადიო გამოცემა Gaydio-ს. ანასტასია ტრანსგენდერი აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია Cohort NGO-ს დირექტორია და ტრანსგენდერების უფლებებზე მუშაობს.

ანასტასიამ ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, ქვეყანაში დარჩენილიყო, თუმცა ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს უკრაინაში ეს არჩევანი არც ჰქონიათ.

„მე მაძლიერებს იმის განცდა, რომ ადამიანების დახმარება შემიძლია“, – ამბობს ანასტასია ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ისიც თქვა, რომ უამრავ ტრანსგენდერ ქალს არ შეუძლია ქვეყნის დატოვება, რადგან მათ პასპორტებში ჯერ კიდევ აღნიშნულია, რომ ისინი მამაკაცები არიან.

კითხვაზე, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ტრანს საზოგადოებას უკრაინაში, ანასტასიამ თქვა, რომ ყველაზე მეტად მედიკამენტებისა და ჰორმონების ნაკლებობას განიცდიან.

მედიკამენტური კრიზისი ქვეყანაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც ოკუპანტმა რუსეთმა ბარბაროსულად დაბომბა არაერთი საავადმყოფო, მათ შორის, პედიატრიული კლინიკები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდა, ოკუპანტმა ქვეყანამ 70-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ექიმებზე უკრაინაში. ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

Cohort NGO-ს დამფუძნებელმა ანასტასიამ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე უკრაინაში, მაყურებელს დონაციისკენ მოუწოდა და დაასახელა ის ორგანიზაციები, რომლებიც ლგბტქი ადამიანების უფლებებზე მუშაობენ (Cohort NGO, Kyiv Pride, Trans Generation, Insight).

ანასტასიამ რადიომაუწყებლობის დროს თქვა, რომ არ ეშინია ძალადობის და მისთვის მნიშვნელოვანია, დარჩეს უკრაინაში და უკრაინიდან დაეხმაროს ლგბტქი თემს.

„სადმე სხვაგან რომ წავსულიყავი, ჩემს ადგილს ვერ ვიპოვიდი, ვერ მოვისვენებდი და საკუთარ თავს გავკიცხავდი. აქედან შემიძლია ის ვაკეთო, რაც საჭიროა ჩვენი თემისთვის. ძალიან მაძლიერებს იმის ნახვა, რომ ადამიანებს ვეხმარები.”

უკრაინული მონაცემების მიხედვით, რუსეთის ომის შედეგად, უკრაინაში 20 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა.

 

 

 

ქვიარის ჟურნალისტს ახმეტელის მეტროსთან თავს დაესხნენ

6 აპრილს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიარის ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით, ფიზიკურად იძალადეს. Keep Reading

არ დანებდეთ, დაიღალოთ ან მოგბეზრდეთ უკრაინაში მიმდინარე ამბები – KyivPride-ის დირექტორი

KyivPride-ის დირექტორმა, ლენი ემსონმა ჟურნალ DIVA-სთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის ომისას არსებულ გამოწვევებზე, საფრთხეებზე და იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლითაც უკრაინელების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დახმარებას ცდილობენ.

„მსოფლიო ელოდა, რომ უკრაინა 2 დღეში ოკუპირებული იქნებოდა. ჩვენ, უკრაინელებმა, საპასუხოდ ბრძოლა დავიწყეთ და უკვე ერთი თვეა ომი გრძელდება, ბრძოლას არ შევწყვეტთ. საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, რომ არ დანებდნენ, არ დაიღალონ, არ მოსწყინდეთ მიმდინარე სიტუაცია. განაგრძონ ჩვენი მხარდაჭერა მსვლელობებით, პროტესტებით, უკრაინის დროშებით, რათა ყველას შეახსენონ, რომ უკრაინა ისევ საფრთხეშია. 

რუსეთს სწორედ ის უნდა, რომ ყველა დაიღალოს ომით, რათა უკრაინის დაპყრობა მარტივად შეძლონ. ეს არ უნდა დავუშვათ. თუ მსოფლიო რუსეთს უკრაინის შეჭმის უფლებას მისცემს, შემდეგი ვინ იქნება? მოლდოვა, პოლონეთი, უნგრეთი, ლიტვა? არ მგონია, რომ მსოფლიოს ამ თამაშში ჩართვა უნდა, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ჩვენთან ერთად იბრძოლოთ“, — აღნიშნა ლენიმ.

უკრაინელების უმეტესობას ლენის მსგავსად სჯერა, რომ უფრო მძლავრი საერთაშორისო ქმედებებია საჭირო, რათა რუსულმა ძალებმა უკრაინა დატოვონ.

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აუცილებელია, რათა ომის დაფინანსება ვეღარ შეძლონ. ვიცი, ნატოს განცხადება, რომ ცის დაკეტვა შეუძლებელია, მაგრამ ეს არ გვეხმარება. არ ვიცით, მომდევნო ბომბი რომელ სახლს დაეცემა – მეზობლის სახლს თუ მეგობრის ბინას. ახლა ყველაზე მეტად იმ საფრთხისგან გვჭირდება დაცვა, რომელიც ციდან გვემუქრება“, – ამბობს ლენი.

გაეროს ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 1100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 12 მილიონზე მეტ ადამიანს კი სახლის დატოვება მოუწია. უკრაინის ინფრასტურქტურაზე მიტანილი ზარალი $63 მილიარდს შეადგენს და, სავარაუდოდ, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. 

მიუხედავად იმისა, რომ კიევი, სადაც ლენი ცხოვრობს, საგანგებოდ არის დაცული, აფეთქებების ხმები მუდმივად ისმის.

„ეს ყველასთვის შიშისმომგვრელია. ყველას სიცოცხლე საფრთხეშია. არ აქვს მნიშვნელობა სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას, რელიგიურ მრწამსს, ასაკს – ყველა ყოველდღიური საფრთხის წინაშე ვართ. რუსები ყოველ ღამით ბომბავენ ჩვენს ქალაქებს, რაც რუსულ რულეტს ჰგავს, არ იცი, რომელ სახლს დაეცემა მომდევნო ბომბი. მარიუპოლში ცხოვრება შეჩერდა. ქუჩაში ცხედრებია მიმოფანტული და ადგილობრივებს მათი დაკრძალვა არ შეუძლიათ, რადგან მუდმივი დაბომბვებია. ეს დაუჯერებელი მდგომარეობა უნდა შეწყდეს“, – აღნიშნავს ლენი.

კიევპრაიდი და სხვა ლგბტქი და საქველმოქმედო ორგანიზაციები აქტიურად საუბრობენ რუსეთის დანაშაულებებზე და ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარონ, მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე არიან.

„რუსული ოკუპაცია ლგბტქი თემისთვის უბრალოდ საფრთხე კი არაა, სავარაუდოდ, სრულად გაგვანადგურებენ. ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის 30 წელი ფუჭად ჩავლილი აღმოჩნდება. უკრაინაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1991 წელს მოხდა, 1996 წელს პირველი ლგბტქი ორგანიზაცია დაფუძნდა. დღეს უკრაინაში 20-ზე მეტი ლგბტქი ორგანიზაცია მუშაობს და თითქმის ყველა რეგიონს ლგბტქი ცენტრი აქვს. თემი ძლიერდება, აქტიური ტრანს მოძრაობა გვაქვს და ამ მიმართულებითაც დიდი პროგრესი მიიღწა. ყოველ წელს, უკრაინის რამდენიმე ქალაქში ღირსების მარში ტარდება“, – ჰყვება ლენი ლგბტქი უფლებების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე საუბრისას. 

რუსეთის თავდასხმამდე კიევპრაიდი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე მუშაობდა და ხელისუფლებასთან თანასწორ ქორწინებაზე დიალოგს აპირებდნენ.

„ინიციატივა უკვე მომზადებული გვქონდა და პარლამენტისთვის წარდგენას ვაპირებდით, რა თქმა უნდა, ეს პროგრესი დაიკარგება თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას შეძლებს. ყველაფერი განადგურდება, ჩვენი თემის ჩათვლით. ამიტომ, ახლა გვჭირდება დახმარება მათ შესაჩერებლად. თუ რუსეთი მიზნებს შეასრულებს, ლგბტქი ადამიანების ცხოვრება შეუძლებელი გახდება, ჩვენ ვიქნებით მკვლელობებისა და წამების პირველი სამიზნე. ომი უნდა შეწყდეს, რუსეთი ჩვენს ქვეყანას უნდა შეეშვას. თემის უდიდესი ნაწილი უკრაინაში რჩება და მათ დახმარებას ვცდილობთ. ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა. რეალურად რომ შევხედოთ, 44 მილიონის ევაკუაცია შეუძლებელია, თანაც, აუცილებელია, რომ დავრჩეთ და ვიბრძოლოთ. გვჭირდება საერთაშორისო დახმარებაც“, – ამბობს კიევპრაიდის დირექტორი.

კიევპრაიდი რამდენიმე გზით ცდილობს ზოგადად უკრაინელების და ლგბტქი თემის დახმარებას.

„ვთანამშრომლობთ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც გეი ალიანსია, რათა თავშესაფარი შევთავაზოთ მათ, ვინც კიევში ან კიევის შემოგარენში მოდის ან სხვა ქალაქებისკენ მიემართება. ლგბტქი ორგანიზაციების ხელშეწყობით, დასავლეთ უკრაინაში უსაფრთხო თავშესაფრები მოეწყო, ასევე სხვა რეგიონებში, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს უსაფრთხოდ ცხოვრება შეძლებოდათ. თავშესაფრები ლგბტქი ადამიანებისთვისაც უსაფრთხოა, რადგან მათ განსაკუთრებით სჭირდებათ დაცვა ძალადობრივი ჯგუფებისგან. ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, – აღნიშნავს ლენი.

საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით, თავშესაფრები საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით მარაგდება, მაგრამ ქვეყანა პირველადი საჭიროების ნივთების კრიზისს მაინც განიცდის.

„სიტუაცია მძიმეა. ბევრ ადამიანს საკვები და მედიკამენტები არ აქვს, სხვა აუცილებელი სურსათის მარაგიც სწრაფად ილევა. დედაქალაქიდან 3-5 კილომეტრში მდებარე ქალაქებიც კი იმავე პრობლემების წინაშე არიან. სურსათის მაღაზიებში უზარმაზარი რიგებია, მთავრდება პური, ხორცი და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტი. მედიკამენტებზე წვდომაც გართულებულია, მათ შორის, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საჭირო ჰორმონებზე“, – ამბობს ლენი.

ლენი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის და მუდმივ მხარდაჭერას ითხოვს.

„სამოქალაქო საზოგადოებამ უკრაინის გვერდით დგომითა და მსვლელობებში მონაწილეობით პოლიტიკური ცვლილებების გამოწვევა შეძლო, მათ ქმედებებისკენ მოუწოდეს. საერთაშორისო საზოგადოება უკრაინას დონაციებით, საცხოვრისების დათმობით, საზღვარზე ხალხის დახმარებით, ქვეყანაში დარჩენილებზე ზრუნვით, ასევე სოციალური ქსელებით ინფორმაციის გავრცელებით და პოლიტიკოსების იძულებით დაეხმარა. სწორედ ამან განაპირობა სამხედრო აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. ეს სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს“, – თქვა საუბრის დასასრულს ლენი ემსონმა. 

გზები, რომლითაც უკრაინელების დახმარებას შეძლებთ

წყარო: DIVA

ილუსტრატორების 20 ნამუშევარი ომზე და უკრაინის მხარდასაჭერად

„ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა“ – აღნიშნა ერთ-ერთ გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მართლაც, სიმართლე და სამართლიანობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იზეიმებს. ამ მძიმე პერიოდში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, აუცილებელია ინფორმაციულ ომში უპირატესობის მოპოვება. სწორედ ამიტომ შეიქმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ილუსტრატორებს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი შემოქმედების მეშვეობით უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ.

ამ სტატიაში გთავაზობთ ილუსტრატორების 20 ნამუშევარს, რომლებიც ერთი მთავარი თემის – უკრაინის გარშემოა გაერთიანებული.

 


 

უკრაინა აღდგება

Cláudia H. Abrantes

 

გაერთიანების დროა

Medilė Šiaulytytė

 

გაუტეხელი უკრაინა

Albina Kolesnichenko

 

ლურჯი ფერი

David Bou

 

რუსეთო, გაიღვიძე!

Rute Marta Jansone

 

ყველაზე ცუდი დაბადების დღე

Esli Rosales

 

შეაჩერე ომი 

Jón Ingiberg Jónsteinsson

 

ვინ არის შემდეგი?

Vakarė Kundrotaitė

 

ყველაფრის შემდეგ

David Bou

 

კიევის მოჩვენება

Liudas Barkauskas

 

ის შენი თავისუფლებისთვის იბრძვის

Miglė Kartanaitė

 

უკრაინის გმირები

Eglė Narbutaitė

 

შეაჩერე ომი

Linda Valere Valere

 

პუტინ, ჩვენ გითხარით, სადაც წასულიყავი

Gintarė Razmaitė

 

სოლიდარობა უკრაინას

Jeanine Soares

 

დამირეკე

Nikita Druzinins

 

რასაც დათესავ, იმას მოიმკი

Roy Smith

 

არ არსებობს სახლის მსგავსი ადგილი

Polina Khrystoieva

 

ომი ყოფს ოჯახებს

Doriana Mărășoiu

 

დიდება უკრაინას

Barbora Besh

 


 

უფრო მეტი ილუსტრაციის სანახავად, ან თქვენი ნამუშევრების განსათავსებლად, ეწვიეთ ვებგვერდს.

კვიპროსელი კანონმდებლები და აქტივისტები „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვისთვის იბრძვიან

„გარდაქმნის თერაპიის“ შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ფორმები, მათ შორის, ეგზორციზმი, კვიპროსში დღემდე გამოიყენება, რაც ლგბტქი ადამიანებისთვის განსაკუთრებით ტრავმული გამოცდილებაა.

ახალი ანგარიშის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 100 ადამიანი გამოიკითხა, კუნძულზე კვლავ აქტიურად მუშაობენ ჯგუფები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლიათ.

„მღვდელმსახურმა მსხვერპლს აიძულა, რომ „ჩადენილი ცოდვებისთვის“ მუხლებზე დაჩოქილს ეთხოვა პატიება ღმერთისთვის. ერთ-ერთ გამოკითხულს ენდოკრინოლოგმა ტესტოსტერონის კურსის ჩატარება აიძულა, რადგან, მისი თქმით, პაციენტი „ზედმეტად ფემინური“ იყო“, – ამბობს სტეფანოს ევანგელიდისი, ადვოკატი და ორგანიზაცია Accept-ის წევრი.

გამოკითხულთა შორის არის ადამიანი, რომელსაც „მღვდელმსახურმა ეგზორციზმის [ეშმაკის განდევნის] რიტუალი ჩაუტარა“. მსგავსი მეთოდების გამო, ლგბტქი ადამიანების ნაწილმა თვითმკვლელობაც კი სცადა.

კვიპროსში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1998 წელს მოხდა, დაშვებულია ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობაც, თუმცა არა თანასწორი ქორწინება. ქვეყანაში კი კვლავ დიდი გავლენით სარგებლობს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც „გარდაქმნის თერაპიას“ მიმართავს.

აქტივისტების მიერ მომზადებულმა ანგარიშმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რამაც საპარლამენტო განხილვებს ხელი შეუწყო. პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლითაც „გარდაქმნის თერაპიაში“ მონაწილე ადამიანებს 2 წლამდე პატიმრობა, არასრულწლოვანი ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პრაქტიკის შემთხვევაში კი, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„ახალგაზრდები თუ ზრდასრულები შუა საუკუნეების მიდგომებისგან, დამცირებისა და არაკანონიერი პრაქტიკისგან უნდა დავიცვათ. ლგბტქი თემის წევრები ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არ არიან, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ. სწორედ ეს გზავნილი უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე“, – აღნიშნა გიორგოს კუკუმასმა, ინიციატივის ავტორმა.

საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერენ კვიპროსის ფსიქიატრთა ასოციაცია და ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი მრავალფეროვნების საკითხებში, კოსტა გავრელიდისი.

გამოკითხული ლგბტქი ადამიანები მართლმადიდებელი ეკლესიის „გარდაქმნის თერაპიაში“ მონაწილეობას ადასტურებენ, თუმცა ეკლესია პრაქტიკაში მონაწილეობას უარყოფს.

წყარო: France24

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკრაინას აივის სამკურნალო მედიკამენტებით მოამარაგებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აივ-დადებითი ადამიანებისთვის განსაკუთრებით რთული მოცემულობა დადგა, სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ უკრაინას აივის სამკურნალო პრეპარატებით მოამარაგებს.

5 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომდევნო 12 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწვდის უკრაინას აივის სამკურნალო პრეპარატებს, რომლებსაც სიცოცხლის გადასარჩენად აივ-დადებითი ადამიანები ყოველდღიურად იღებენ.

“შესაძლოა, ამ ომმა შეაფერხოს ბოლო წლებში რთულად მიღწეული პროგრესი ჯანმრთელობის რიგ საკითხებში, მათ შორის, აივ ინფექციასთან ბრძოლაში. ჩვენ არ შეგვეძლო ამის დაშვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აივ/შიდსთან ბრძოლაში”, – განაცხადა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა.

ცნობილია, რომ უკრაინაში დაახლოებით 260 000 ადამიანი ცხოვრობს აივ-დადებითი სტატუსით, მათგან ნახევარი ომამდე იტარებდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას. ამ მონაცემებით, უკრაინა მეორე ადგილზეა ევროპაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით.

ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში პრეპარატის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. გაეროს აივ/შიდსის სააგენტომ მარტში გააკეთა განცხადება, რომ უკრაინას ერთ თვეზე ნაკლები მარაგი ჰქონდა დარჩენილი.

წამლები, რომლებსაც აივ-დადებითი ადამიანები ყოველდღიურად იღებენ, აუცილებელია ვირუსის სამართავად და სხვა ადამიანებზე გადადების პრევენციისთვის. მკურნალობის შეფერხებამ შეიძლება დამაზიანებელი შედეგები გამოიწვიოს.

ჯანმომ დაადასტურა, რომ წამლების პირველმა პარტიამ უკვე გადალახა პოლონეთის საზღვარი და ეტაპობრივად გადანაწილდება სამედიცინო დაწესებულებებში მთელი უკრაინის მასშტაბით.

5-6 ივლისის მოვლენებისას ხელისუფლების უმოქმედობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას ჩრდილს აყენებს – ევროპარლამენტის ანგარიში

/

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020-2022 წლებს მოიცავს.

კრიტიკული ანგარიშის მიხედვით, საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური ვალდებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებს.

ანგარიშში საუბარია ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებებთან დაკავშირებული კითხვების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევების, ოფიციალური უწყებების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ.

„ეფექტური გამოძიების არარსებობა იმ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომლებიც 2019 წლის ივნისში და 2021 წლის ივლისში მოხდა, ცხადყოფს, რომ კანონის აღსრულების კუთხით მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული. 20-21 ივნისს, ძალის გადამტების შედეგად, ჟურნალისტები დაზიანდნენ, მაგრამ 2019 წლის საპროტესტო მსვლელობისას მომხდარი შემთხვევების სათანადო მოკვლევა არ მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მიმართულია კანონის დამრღვევებისკენ და პასუხისმგებლობის მქონე პირების მხრიდან გადაცდომათა მოკვლევა, იმ ოფიციალური პირების იდენტიფიცირება არ ხდება, რომელთაც მსვლელობის დაშლისას ძალას გადაამეტეს. მაგალითად, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მხრიდან ძალმოსილების გადამეტება დაუსჯელია მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა ხელისუფლებას ამისკენ მოუწოდა. უწყებებმა მსგავსი კრახი განიცადეს 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებითაც“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროპარლამენტის ანგარიშის ვრცელი ნაწილი ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს და 2021 წლის ივლისში ღირსების მარშის დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებსაც ეხება, რომლის დროსაც მედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი ფიზიკური თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ღისების მარშისას შეკრებილთა უსაფრთხოების დაცვა, მეტიც, „5 ივლისს მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს თან ახლდა საჯარო პირების, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების ჰომოფობიური კომენტარები. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მოვლენებს „სამწუხარო“ უწოდა და დაამატა, რომ „ძალადობა ყველგან ხდება“. მისი თქმით, ხელისუფლებამ ორგანიზატორები გააფრთხილა, რომ „დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თბილისის მთავარ გამზირზე ჩატარება პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და დაუშვებელი იყო“. აქედან გამომდინარე, განვითარებული მოვლენები და ხელისუფლების პასუხისმგებლობა ჩრდილს აყენებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას და საქართველოს ადამიანის ელემენტარული უფლებების დამცველის იმიჯს“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში. 

ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები და „ხელისუფლების მხრიდან მედიაზე სიტყვიერმა თავდასხმებმა სახიფათო გარემო შექმნა, რამაც ფიზიკური ძალადობისთვის ნიადაგი მოამზადა“.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლიდან დღემდე ქართული მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, გაზრდილია მედიაპოლარიზაცია და ჟურნალისტებიც ბევრად დიდი გამოწვევების წინაშე არიან. გარდა მედიის საქმიანობაში ჩარევის სამართლებრივი მცდელობებზე საუბრისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეინიშნება საგანგაშო ტენდენცია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციურად განწყობილი მედიების დისკრედიტაციას ცდილობენ, რის შედეგადაც „მედია თავისუფლება მნიშვნელოვნად დაზიანდა“. 

ანგარიში განსაკუთრებით ნეგატიურად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აფასებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ალბათ, კანონის უზენაესობის გაუარესების ყველაზე აშკარა მაგალითია. ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე პროცესი, რომლითაც გაუქმება მოხდა, საგანგაშოა, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს დროში შემჭიდროებული პროცესი. განხილვა მას შემდეგ სულ რამდენიმე კვირაში მოხდა, რაც ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის მინისტრსა და მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებაზე პასუხისმგებელ სპეციალურ საპარლამენტო სამსახურს ადმინისტრაციული სანქციები დაუწესა. ამას ემატება ინსპექტორის სამსახურის მძაფრი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან სავარაუდო თვალთვალისა და ადევნების შემთხვევებზე. საქართველოს ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისთვის წამოწყებული პროცედურები მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირმა და ევროსაბჭომ“.

ანგარიში გაუპატიურების შესახებ კანონმდებლობის კრიტიკასაც მოიცავს და ნათქვამია, რომ გაუპატიურების შესახებ კოდექსი არ ითვალისწინებს სურვილის გარეშე სექსუალური კავშირის დამყარებას და მიმართულია ძალის გამოყენებაზე.

ანგარიში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც აკეთებს აქცენტს და ისეთ ფაქტებზე საუბრობს, როგორიც ფიზიკური დასჯა, ბავშვებზე ძალადობა, სექსუალური ექსპლუატაცია, მათ შორის, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვება, მსხვერპლთა იდენტიფიკაციის პროცესის გაუმართაობა, სათანადო მგრძნობელობის არქონა, ბავშვთა დაცვის ეროვნული გეგმის ასამუშავებლად არასაკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსის მიმართვაა. ასევე, საუბარია ბავშვთა იძულებით ქორწინებაზე, რომელზე რეაგირებაც სათანადოდ არ ხდება და ქორწინებისას გაუპატიურების შემთხვევებზე, რომლის შესახებ ფიზიკური მტკიცებულების (როგორიც, მაგალითად, ორსულობაა) არქონის შემთხვევაში გამოძიება არაეფექტურია.

ევროპარლამენტის ვრცელი ანგარიშის ნახვა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით არსებულ უკუსვლაზე თუ გარკვეულ პროგრესზე აკეთებს აქცენტს და რეკომენდაციებს მოიცავს, ევროპარლამენტის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

აივ ინფექცია შესაძლოა მალე გაქრეს – გენეტიკური რედაქტირების უახლესი ტექნიკა

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Exavir Thepeutics-მა, რომელიც აივ და სხვა ვირუსული ინფექციების აღმოფხვრაზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს, სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინოვაციური და იმედისმომცემი პრეკლინიკური კვლევის შედეგები, რომელიც აივ ინფექციისგან განკურნების ახალ გზას გვთავაზობს.

კვლევის თანახმად, აივისგან განკურნების ერთ-ერთი გზა შესაძლოა ინფიცირებული ადამიანის დნმ-დან ვირუსის მთლიანად ამოჭრა იყოს. ეს “ამოჭრა” ლიპიდური ნანონაწილაკებით მიწოდებული CRISPR-Cas9-ის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. CRiSPR-Cas9 ტექნოლოგია არის ეფექტური ბიოლოგიური “მანქანა”, რომლის საშუალებითაც დნმ-ის კონკრეტული მონაკვეთების მოჭრა და მოცილება შესაძლებელი.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, CRISPR-Cas9 არის ერთგვარი მაკრატელი, მიუხედავად იმისა, რომ მაკრატელი შეიძლება ძალიან მჭრელი იყოს, მას მაინც სჭირდება ხელი, რომელიც მაკრატელს აჩვენებს, რა უნდა მოჭრას. ამ შემთხვევაში, რნმ არის ხელი, რომელიც აჩვენებს CRISPR-Cas9 მაკრატელს, სად წავიდეს და რა მოჭრას. ორივე მათგანი განთავსებულია ლიპიდურ ნანონაწილაკებში, ერთგვარ ცხიმის ბურთულაში, რომელიც აგებულია მაკრატლისა და მათი ინსტრუქციების შესანახად. ის ასევე საშუალებას აძლევს CRISPR-Cas9, შევიდეს დნმ-ში, აიღოს კონტროლი, აღმოაჩინოს ვირუსი და ამოჭრას ის.

მას შემდეგ, რაც CRISPR-Cas9 დაასრულებს თავის ამოცანას, მკვლევარები დააკვირდებიან დნმ-ს და დაიწყებენ შესწავლას, რა რაოდენობით დარჩა მასში აივ ინფექცია. კვლევების მიმდინარე შედეგები ძალიან იმედისმომცემია. “ჩვენი სისტემა აჩვენებს, რომ აივის თითქმის მთლიანად გაქრობა შესაძლებელია”, – ამბობს ჰოვარდ გენდელმანი, Exavir Therapeutics-ის თანადამფუძნებელი და ნებრასკას სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.  ეს ნიშნავს, რომ მრავალეტაპიანი კვლევების და ტესტების შედეგად, ვირუსი საიმედოდ და ეფექტურად იქნა ამოღებული დნმ-დან, CRISPR-Cas9-ის ტექნოლოგიამ და რნმ-მა ერთობლივად შეძლეს ვირუსის ზუსტად აღმოჩენა და ამოჭრა.

Exavir-ის თანახმად, ახალმა ტექნოლოგიამ გამოიწვია “ვირუსის 100 პროცენტამდე დათრგუნვა” და დასძინა, რომ მკურნალობის ამ მეთოდს სამომავლოდ აქვს აივ-ის სრულად აღმოფხვრის პოტენციალი.

ახალი ტექნოლოგია შეიძლება რევოლუციური აღმოჩნდეს შიდსთან და აივთან ბრძოლაში. თუმცა, ასევე ცნობილია, რომ მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვამდე კიდევ ბევრი წელი გვაშორებს, რადგან წინ დიდი ეტაპებია გასავლელი, სანამ ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია საბოლოო დასტურს მისცემს მას.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) არის რნმ-ზე დაფუძნებული ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დაავადებას, რომელსაც შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდს) უწოდებენ.

აივი რეგისტრირებულია მსოფლიოს 5 კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, დღეს მსოფლიოში აივ ვირუსით გარდაცვლილია 30 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის).

წყარო: Exavir Therapeutics