აპრილი 2022 - Page 6

დიდი ბრიტანეთი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გარდაქმნის თერაპიას არ აკრძალავს

გაერთიანებულ სამეფოში ლგბტქი გარდაქმნის თერაპიის დასრულების მრავალწლიანი დაპირების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა წინა კვირაში გამოაცხადა, რომ თერაპია აიკრძალებოდა, მაგრამ არა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. Keep Reading

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 19 პირს პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებული 27 პირიდან 19-ს პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა) და 225 მუხლის მე-2 ნაწილით (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) ჰქონდათ ბრალი წარდგენილი. დაკავებულების ნაწილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ჰქონდათ წარდგენილი.

რუსთავი 2-ის ოპერატორ ბექა ათაბეგაშვილზე, მთავარი არხის ჟურნალისტ დეა მამისეიშვილზე და ოპერატორ დავით ახალაძეზე, ფორმულას ჟურნალისტ რატი წვერავაზე, იმედის ჟურნალისტ დიმიტრი ყირიმლიშვილზე და ოპერატორ შოთა კერვალიშვილზე, ტაბულას ჟურნალისტ მაკა ჯაბუაზე, რადიო თავისუფლები ჟურნალისტ თორნიკე მანდარიაზე და ოპერატორ დავით ქორიძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი ჯარიმა დააკისრა.

რომეო კეკუტიას, გიორგი კახიანს, გიორგი ნასყიდაშვილს და ზაზა მჭედლიძეს 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს 1 წლით და 2 თვით, ხოლო უშანგი დათუნაშვილს 5 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ფორმულას ფოტოგრაფ ვახტანგ ქარელზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე, ნიუ პოსტის ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძეზე, რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თამარ თათარაშვილზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირი მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა დამნაშავედ ცნო და შვიდივეს პატიმრობა შეუფარდა.

თედო ბურდულს, გიორგი ხეჩუაშვილსა და გენო გერმანიშვილს 3-3 წლით, გიორგი წერუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს 1 წლითა და 3 თვით, ხოლო მურად დევლარიშვილსა და ზაზა ჭაავას 1 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

დღესვე გაიმართა ტვ პირველის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული 6 პირის სასამართლო პროცესი. მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ექვსივე პირი – აკაკი ნაკაშიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, ოთარ გელაშვილი და გია გიგუაშვილი დამნაშავედ ცნო და 5-5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 2 აქცია გაიმართა – ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული აქცია, რომლითაც ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული პირების დასჯას ითხოვდნენ და ძალადობაში ბრალდებული პირების მხარდასაჭერი აქცია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ორ აქციას ერთმანეთისგან ჯებირები ყოფდა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გრემის სცენიდან მსოფლიოს მიმართა

/

გასულ ღამეს ლას-ვეგასში გრემის 64-ე დაჯილდოვება გაიმართა. დაჯილდოვების ყოველწლიურ ცერემონიას ვიდეო მიმართვით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდა. ემოციურ მიმართვაში ის მსოფლიო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინის მხარდაჭერისკენ

 

„ომი. რა არის მუსიკის საპირისპირო? მოკლული ადამიანებისა და განადგურებული ქალაქების სიჩუმე. ჩვენი ბავშვები ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავების ნაცვლად, ციდან ჩამოვარდნილ ბომბებს ხატავენ. 400-მდე ბავშვი მძიმედ დაზიანდა, 153 გარდაიცვალა. ჩვენ ვეღარასდროს ვნახავთ მათ, როგორ ხატავენ. ჩვენი მშობლები ბედნიერები არიან, დილაობით ბომბებისგან დამცავ თავშესაფრებში რომ იღვიძებენ და ცოცხლები არიან. ჩვენმა საყვარელმა ადამიანებმა არ იციან, ისევ ერთად ვიქნებით თუ არა. ომი არ გვაძლევს საშუალებას, ავირჩიოთ, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგების ნაცვლად დამცავი ჯავშნები აცვიათ და დაშავებულებს უმღერიან საავადმყოფოებში. მათაც კი, ვისაც არ ესმით, რადგან მუსიკას შეუძლია გარღვევა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას – რომ ვიცხოვროთ, რომ გვიყვარდეს, რომ ისმოდეს ჩვენი ხმა. ჩვენს მიწაზე ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელსაც მოაქვს საშინელი სიჩუმე თავისი ბომბებით, მომაკვიდენებელი სიჩუმე. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით, შეავსეთ დღესვე, მოჰყევით ჩვენს ისტორიას. მოჰყევით ისტორიას ამ ომზე თქვენს სოციალურ ქსელებში, ტელევიზორში. მხარი დაგვიჭირეთ ნებისმიერი ფორმით. ნებისმიერით – მაგრამ არა სიჩუმით. და მერე მშვიდობა მოვა. ყველა ქალაქში, რომელსაც ომი ანადგურებს. ჩენნიჰივი, ხარკივი, ვოლნოვახა, მარიუპოლი და სხვები. ისინი უკვე ლეგენდები არიან. მაგრამ მე მაქვს ოცნება, რომ ამ ქალაქებმა იცოცხლონ და იყვნენ თავისუფლები. ისეთი თავისუფლები, როგორიც თქვენ ხართ გრემის სცენაზე.’’

გრემის დაჯილდოვებაზე უკრაინის მხარდასაჭერად ახალი სიმღერა შეასრულა ამერიკელმა არტისტმა, ჯონ ლეგენდმა, „ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, რომ დიდი სახელმწიფოები ძვირადღირებული იარაღით აწარმოებენ ომს“ – თქვა ჯონ ლეგენდმა პერფორმანსის შემდეგ. „FREE მას შემდეგ დავწერე, რაც ვნახე რუსეთის მორალურად გაუმართლებელი, ბრუტალური და უაზრო შეჭრის კადრები უკრაინაში“.

 

 

ლგბტქი უკრაინელებმა თეთრ სახლთან აქცია გამართეს

ლგბტქი უკრაინელების ჯგუფმა და მათმა მხარდამჭერებმა კვირას თეთრი სახლის წინ აქცია გამართეს. Keep Reading

ნადირობა ტრანსგენდერ ადამიანებზე – სესილი ცომაიას ისტორია

მე ვარ სესილი ცომაია, ტრანსგენდერი ქალი, დავიბადე ქალაქ ფოთში, 10 წელი ვცხოვრობდი თბილისში. 4 ივლისის მოვლენების შემდეგ, გადავწყვიტე, საცხოვრებლად ბელგიაში გადავსულიყავი, რადგან არაერთხელ დამესხნენ თავს, სამჯერ გადავურჩი სიკვდილს, რადგან სამოქალაქო აქტივისტი ვიყავი და 5 ივლისის აქციაში მივიღე მონაწილეობა.

 

ქამინგაუთი, საკუთარი თავის აღმოჩენა და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის

9 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ სექსუალური გრძნობები და ლტოლვა მიჩნდებოდა მამაკაცების მიმართ, დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა სურვილი გამიჩნდა, ჩამეცვა ქალის ტანსაცმელი, წამესვა ტუჩსაცხი. ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, რადგან არ მქონდა არანაირი ინფორმაცია და მეგონა, რომ სამყაროში ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც მსგავსი სურვილები ჰქონდა. ძალიან პატარა ვიყავი და ყველაფერში გარკვევა დამოუკიდებლად მიწევდა.

15 წლის ასაკში გავხსენი ერთ-ერთი სოციალური ქსელის ანგარიში, სადაც გავიცანი ადამიანი, რომელიც ანალოგიურ სიტუაციაში იყო, თუმცა ბევრად ზრდასრული და გაცნობიერებული. ამ ადამიანმა ძალიან დიდი სტიმული მომცა და დამეხმარა, რომ უფრო მარტივად მიმეღო ეს ინფორმაცია, სტრესის და ზედმეტი კითხვების გარეშე. მისი დახმარებით გავიგე, რომ მარტო არ ვარ და ჩემნაირი ძალიან ბევრია, რომ აქ არაფერი იყო საპანიკო, ეს არ იყო სირცხვილი.

ამის შემდეგ ვცდილობდი, საკუთარი თავი დამოუკიდებლობისთვის მომემზადებინა, მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა და ჩემს ცხოვრებაზე გავლენა არავის აზრს არ მოეხდინა. ვემზადებოდი იმისთვის, რომ გამეკეთებინა ქამინგაუთი. როგორც კი 18 წლის გავხდი, ოჯახში ქამინგაუთი გავაკეთე, ვთქვი, რომ ტრანსგენდერი ვიყავი და მინდოდა, ტრანსფორმაციის პროცესი დამეწყო. შემდეგ თბილისში საცხოვრებლად გადმოვედი.

ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა და ტრანსგენდერი რომ არ გავმხდარიყავი, ალბათ, ჩემი ცხოვრება იმაზე უფრო ჯოჯოხეთური იქნებოდა, ვიდრე ტრანსგენდერის ცხოვრება, ვიცხოვრებდი სხვების დასანახად, მოვიყვანდი ცოლს იმისთვის, რომ სხვებს თითი არ გამოეშვირათ ჩემკენ და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. ჩემი ცხოვრება ამ ნაბიჯის გარეშე განწირული იყო სრული გაურკვევლობისთვის, ალბათ, მალევე დავასრულებდი სიცოცხლეს სუიციდით ან, უბრალოდ, ვიცხოვრებდი უმიზნოდ, ცხოვრებას არ ექნებოდა არანაირი აზრი და უბრალოდ ვეწერებოდი ცოცხლების სიაში.

 

პირველი ნაბიჯები, ახალი სამყარო და ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები

ტრანსგენდერ ადამიანს საწყისს ეტაპზე ყველაზე მეტად საზოგადოების მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება. მე კი, სხვა ბევრ ტრანსგენდერ ადამიანთან ერთად, იმ რეალობაში აღმოვჩნდი, სადაც საზოგადოებას კი არა, თვითონ თემის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ტრანსგენდერების საკითხებზე და ყველაფერში გარკვევა დამოუკიდებლად გვიწევდა. იმ დროში არც ბევრი ორგანიზაცია იყო, რომელიც ტრანსგენდერების საჭიროებებზე ზრუნავდა და ჩვენ გვიწევდა საკუთარი ძალებით თავის გადარჩენა. ყველანი ვუზიარებდით ინფორმაციებს ერთმანეთს, ვისაც რა გაეგო და როგორც შეეძლო. სოროებში ვიყავით შემძვრალები და საზოგადოებრივი სიკეთე, სოციალური პლატფორმები ჩვენგან შორს იყო,  ერთადერთი, რაც გვინდოდა, იყო გადარჩენა. ვერავინ ვფიქრობდით, რას და როგორ გავაკეთებდით მომავალში, მთავარი იყო ის ერთი დღე, რომელიც მშვიდობიანად, სიცოცხლის მოსპობის გარეშე უნდა დაგვესრულებინა.

დღემდე მახსოვს პირველი გარდასახვა, როცა ქალის ტანსაცმელი ჩავიცვი და ქუჩაში გავედი. მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო და ეს ცხოვრება არ იქნებოდა მარტივი. უკვე ვიცნობდი ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს, რომლებსაც სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ საკუთარი თავის გამოხატვა და ვიცოდი, რა ფასის გადახდა მომიწევდა იმისთვის, რომ ის ვყოფილიყავი, ვინც ვარ. იმ პერიოდში ქართულ მედიაში ბუმი იყო ტრანსგენდერ ადამიანებზე და საზოგადოებას ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული ჩვენზე. არ ვიცი, მაშინ რა ადამიანმა გაიღვიძა ჩემში და როგორ გადავდგი ეს ნაბიჯი, თუმცა, ცხადია, რომ ძალიან მყარი და უშიშარი აღმოვჩნდი და მრავალი დამცირების მიუხედავად, მაინც ფეხზე ვდგავარ.

 

ჯანდაცვის სისტემის უუნარობა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის

საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენთვის, ტრანსგენდერი ქალებისთვის, სრულიად  ჩამოშლილია და არ არსებობს სერვისები, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ ყველას დამოუკიდებლად გვიწევს ბრძოლა საკუთარი მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა ჩვენთვის ძალიან პრობლემურია, რადგან, რაც არ უნდა არ გეტყობოდეს, რომ ტრანსგენდერი ხარ, საკმარისია ექიმთან მიხვიდე, დახედავენ შენს პასპორტს და შეიძლება ყველას სალაპარაკო გახდე. სწორედ ამიტომ, ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის, რაც, საბოლოოდ, სავალალო შედეგებით სრულდება. საქართველოს მთავრობისთვის, მიცვალებულს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ტრანსგენდერ ადამიანს.

ჰორმონები, რომლებსაც ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში უნიშნავენ ტრანსგენდერ ადამიანებს, ძალიან ტოქსიკურია და გრძელვადიან დროში ძალიან დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ეს ჰორმონები ძალიან მოძველებულია და ევროპის ბევრ ქვეყანაში ის უკვე ჩანაცვლებულია სხვა  უფრო ეფექტური და ნაკლებად საზიანო მედიკამენტებით. როცა ბელგიაში ჩამოვედი და დავიწყე ჰორმონოთერაპია, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო და ნაკლებად სტრესული იყო, იმიტომ რომ აქ შესაძლებლობა გაქვს, ადამიანურად იცხოვრო, შეხვდე ყოველ დილას მზის სხივებს, ისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გადაადგილდე ქუჩაში იმ სტრესის გარეშე, რომ ვიღაც შენკენ თითს გამოიშვერს.

საქართველოში ამ ყველაფერს ტრანსგენდერი ადამიანები მოკლებული არიან და ჰორმონოთერაპიის დაწყება უფრო რთულია, რადგან ჰორმონოთერაპიის კურსი იწვევს ბევრ ცვლილებას ჩვენს სხეულში, ამას ემატება გარე სტრესი, რაც უფრო ართულებს სიტუაციას, აღარ გაქვს სიმშვიდე, ვეღარ გძინავს. თერაპიის გავლის შემდეგ ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი განიცდის დეპრესიას, შფოთვას, უძილობას და ა.შ.

 

4 ივლისი, აქტივისტური საქმიანობა და ნადირობა ტრანსგენდერ ადამიანებზე

საქართველოში ცხოვრების დროს აქტიურად ვიყავი ჩართული აქტივიზმში, სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით ვსაუბრობდი ჩვენს საჭიროებებზე, ვესწრებოდი აქციებს და მოვითხოვდი თანასწორ უფლებებს ყველასთვის, არ ვერიდებოდი საჯარო სივრცეებში გამოჩენას, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვიყავი აქტიური და ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, ვცდილობდი, ადამიანებისთვის მეჩვენებინა, ჩვენი, ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები.

2021 წლის 17 მაისის აქციები როცა დაანონსდა, ტრანსგენდერ ადამიანებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა, ეს იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები, ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად ვიღებდით მუქარის შემცველ წერილებს. უამრავი ტრანსგენდერი ადამიანია ჩართული სექსსამუშაოში, ისინი იღებდნენ მომხმარებლებისგან წერილებს, თითქოს მომსახურებით სარგებლობა სურდათ, მოძალადე ჯგუფის წევრები იგებდნენ მისამართებს და მიდიოდნენ მათ მოსაკლავად, ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

ამ ყველაფერს წინ უსწრებდა საპატრიარქოს და ჩვენი პრემიერმინისტრის განცხადება, რომელიც პირდაპირ მწვანეს უნთებდა მოძალადე ჯგუფებს. ჩვენ, ტრანსგენდერმა ადამიანებმა, ვცადეთ, სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ჟურნალისტებისთვის 5 ივლისს და აქციაზე გავსულიყავით, სადაც ჟურნალისტებს სასტიკად უსწორდებოდნენ და შევეჯახეთ რეალობას, სადაც ორგანიზებული ჯგუფები სასტიკად გვისწორდებოდნენ და პოლიცია არაფერს აკეთებდა ჩვენს დასაცავად.

საქართველოს სანამ დავტოვებდი, ჩვენი ცხოვრება ძალიან გართულდა, ბევრჯერ გავხდი ძალადობის მსხვერპლი, რამდენჯერმე მანქანამ მიზანმიმართულად დამარტყა, ერთი ჩემი მეგობარი ტრანსგენდერი ქალი ჩემ თვალწინ მოკლეს მანქანის დაჯახებით, გვხვდებოდნენ სახლში და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ, ერთხელ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობაც კი მომაყენეს თავში, რამაც საკმაოდ მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ბედნიერი ცხოვრების პერსპექტივა ბელგიაში

ბელგიაში ტრანსგენდერი ქალები ძალიან ლაღები და ჰარმონიულები არიან. მათი ქცევები და მანერები რადიკალურად განსხვავდება ქართველი ტრანსგენდერი ადამიანებისგან, რადგან მათ უფრო ნაკლებ სტრესში უწევთ ცხოვრება. ქართველი ტრანსგენდერები ყოველთვის დაძაბულები და თავდაცვის რეჟიმში არიან, იმდენად მიჩვეულები არიან დამცირებას, რომ ჩვეულებრივ, უწყინარ კომპლიმენტზეც ფიქრობენ, რომ ის აუცილებლად აგრესიის შემცვლელია.

ბელგიაში საცხოვრებლად გადასვლისას, პირველი ერთი თვე  გაუცხოების მომენტი მქონდა, მეგონა რომ ოთახში ვიყავი გამოკეტილი, მახსოვს, ყველა ხმა უცებ გაჩერდა გონებაში და მომეცა საშუალება, სიმშვიდესა და სიწყნარეში კარგად დავფიქრებულიყავი ჩემს ცხოვრებაზე და დამეცალა გონება ზედმეტი სტრესებისგან. პირველად გამიჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ ყველაფერს, ყველა მიზანს, რასაც დავისახავდი, აუცილებლად მივაღწევდი. დიდი ხნის შემდეგ, პირველად გათენდა ისეთი დილა, როცა აღარ უნდა მეფიქრა სექსსამუშაოზე და იმაზე, თუ რომელი „კლიენტი“ დამირეკავდა, რომ მეორე დღეს ბინის ქირა გადამეხადა. გამოჩნდა შანსი, რომ სამსახური დავიწყო, შანსი, რომ ყოველ დილას ვიღვიძებდე და არ ვფიქრობდე ფიზიკურ გადარჩენაზე.

 

ოცნებები და სამომავლო გეგმები

ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვოცნებობდი პატარა სახლზე, პატარა ეზოზე, სადაც ყვავილებს დავრგავდი, საყვარელ მამაკაცთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად მშვიდ ცხოვრებაზე, წარმოვიდგენდი ყოველდღიურ ცხოვრებას, მეგონა, რომ ცხოვრება იმ სისასტიკეების გარეშე ჩაივლიდა, რისი გამოვლაც მომიწია, წარმოვიდგენდი, როგორ დავდივარ პაემანზე ჩემს საყვარელ მამაკაცთან ერთად, როგორ აღვნიშნავ სხვადასხვა დღესასწაულს მასთან ერთად, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც  ტრანსგენდერი ადამიანისთვის ეს ოცნებები დამსხვრევისთვისაა განწირული.

ბელგიაში უკვე ნახევარ წელზე მეტია ვცხოვრობ, ვცხოვრობ სოციალურ ბინაში, ჩამოვშორდი სექსსსამუშაოს, რომელიც ყოველთვის არასასურველი იყო ჩემთვის და მიჩნდებოდა პროტესტი, ახლა ვიწყებ სკოლაში სიარულს, ფრანგული ენა უნდა ვისწავლო, მექნება საშუალება, ვისწავლო პროფესიულ კოლეჯში და გავხდე make up არტისტი და სტილისტი, რაც ყოველთვის იყო ჩემი კიდევ ერთი ოცნება, ამ ყველა მიზნის მიღწევის შემდეგ, შევძლებ, ვიმუშაო და გავიკეთო ყველა საჭირო ოპერაცია ტრანსფორმაციის დასასრულებლად.

ბელგიაში ტრანსგენდერების სამედიცინო მომსახურება ძალიან კარგად არის გამართული, გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხები, ეს დამეხმარება, ჩავიტარო სასურველი პლასტიკური პროცედურები. რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს, არის ის, რომ აღარასდროს მომიწევს სექსსამუშაოში ჩართვა და ვიცხოვრებ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს საჭიროებებზე ზრუნავს. რამდენიმე წელში შემეძლება ვთქვა, რომ მე ჩემი შრომით, ჩემი ცხოვრებით, ჩემი ძალებით შევძელი და მივაღწიე დასახულ მიზანს. შემეძლება, ამაყად ვთქვა – მე ტრანსგენდერი ქალი ვარ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც ახალ წესებს ადგენენ პოპულარულ კულტურაში

31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა. დღესდღეობით პოპ კულტურაში და კინო ინდუსტრიაში მრავალი ტრანსგენდერი ადამიანია, რომლებიც ისტორიას ცვლიან და ახალ სამყაროს ქმნიან, რომელიც უფრო მეტად მრავალფეროვანი და თანასწორია.

გაიცანით ტრანსგენდერი მსახიობები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ ლგბტქი ადამიანების გაძლიერებას თავიანთი აქტივიზმით თუ შესრულებული როლებით.

ემჯეი როდრიგესი

ემჯეი როდრიგესს ტელემაყურებლები რაიან მერფის გახმაურებული სერიალიდან, Pose-დან იცნობს, სადაც ის აივ დადებითი პერსონაჟის როლს ასრულებს, რომელიც 80-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობს და ბოლრუმის კულტურას ქმნის. მსახიობი პირველი ტრანსგენდერი ადამიანია, რომელსაც ოქროს გლობუსის ჯილდო გადაეცა.

ბრაიან მაიკლ სმიტი

ბრაიან მაიკლ სმიტი კიდევ ერთი ვარსკლავია, რომელიც გასულ წელს პოპულარული ამერიკული ჟურნალის გამოკითხვის შედეგად ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა სატელევიზიო ინდუსტრიაში. მსახიობი ნიუ იორკ ტაიმსთან ინტერვიუში საუბრობს,  რომ პატარაობაში იზოლაციაში იზრდებოდა და ფიქრობდა, რომ თავის ოცნებებს ვერ აიხდენდა. ის ვერ ხედავდა ტრანსგენდერ მამაკაცებს მედიაში, ტელევიზიაში და კინოში.

ჰანტერ შაფერი

ჰანტერ შაფერი კიდევ ერთი ტრანსგენდერი მსახიობი და მოდელია, რომელიც საზოგადოებამ HBO-ს სერიალიდან, „ეიფორიიდან“ გაიცნო. 23 წლის მსახიობისთვის სერიალში შესრულებული როლი პირველი იყო, მანამდე ის სამოდელო კარიერით იყო დაკავებული და თანამშრომლობდა ისეთ გავლენიან მოდის სახლებთან, როგორებიცაა Prada, Miu Miu, Dior, Calvin Klein, Maison Margiela და Vera Wang. 2020 წელს პრაიდის 50-ე, საიუბილეო მარშზე ჰანტერ შაფერი ონლაინ გამოცემა Queerty-იმ 50 ადამიანს შორის დაასახელა, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას ლგბტქი ადამიანების მიმღემლობაში.

ლავერნ კოქსი

ლავერნ კოქსი ლგბტ აქტივისტი და მსახიობია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უწევს ადვოკატირებას ლგბტქი ადამიანებს. მსახიობის კარიერაში გარდამტეხი Netflix-ის სერიალში, Orange is the New Black-ში შესრულებული როლი აღმოჩნდა. სერიალში მოქმედება ქალთა ციხეში ვითარდება, სადაც ლავერ კოქსის პერსონაჟი ტრანსგენდერი პატიმრის როლს ასრულებს. მსახიობმა შესრულებული როლისთვის Emmy-ის ნომინაციაც მიიღო.

ელიოტ ფლეთჩერი

ელიოტ ფლეთჩერი კიდევ ერთი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელსაც მაყურებლები პოპულარული ამერიკული სერიალიდან, Shameless-იდან (უსირცხვილო) იცნობენ. 25 წლის მსახიობი ლოს ანჯელესში დაიბადა და 17 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი და დაიწყო ტრანსფორმაციის პროცესი. ამჟამად მსახიობი მონაწილეობს Hulu-ს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ Y: The Last Man.

კეიტლინ ჯენერი

კეიტლინ ჯენერი ამერიკელი სატელევიზიო სახე და ოლიმპიური ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია, რომელიც 23 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში კარდაშიანების დედასთან, კრის ჯენერთან. ყოფილმა სპორტმსენმა 2015 წელს, 66 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და Vanity Fair-ის ყდაზე გამოჩნდა.

ვაჩოვსკები

დები ვაჩოვსკები გავლენიანი კინორეჟისორები არიან, რომლებსაც საზოგადოება „მატრიცას“ ცნობილი სერიიდან იცნობენ. ფიოდორ დოსტოევსკის, ჰომეროსის და ჰერმან ჰესსეს შემოქმედებით შთაგონებულ კინორეჟისორებს საზოგადოება მრავალი წელი მამაკაცად იცნობდნენ, თუმცა 2016 წელს მათ ოფიციალურად გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ ტრანსგენდერები არიან.

ელიოტ პეიჯი

ელიოტ პეიჯი კიდევ ერთი მსახიობია, რომელმაც 2020 წელს სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა ქამინგაუთი და თქვა, რომ ის ტრანსგენდერი მამაკაცია და აპირებს ტრანზიციის პროცესის დაწყებას. ამასთან ერთად მსახიობი პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Time-ის ყდაზე აღმოჩნდა. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ეწევა ლგბტქი საკითხების ადვოკატირებას და ცდილობს თავისი პლატფორმები გამოიყენოს ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემების გასაჟღერებლად.

ჩაზ ბონო

ჩაზ ბონო პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელმაც ამერიკულ „ცეკვავენ ვარსკლავებში“ მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარული ჩერის და სონი ბონოს შვილმა ჩაზ ბონომ გასული საუკუნის 90-იან წლებში გააკეთა საჯარო ქამინგაუთი, როგორც ლესბოსელმა ქალმა და გამოსცა წიგნი, სადაც ლგბტქი ადამიანებს უზიარებდა თავის გამოცდილებას ქამინგაუთზე.

 

5-6 ივლისის საქმე სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად დაარეგისტრირა – თბილისი პრაიდი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად დაარეგისტრირა საქმე: „თბილისი პრაიდი“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს. Keep Reading

აშშ-ს მოქალაქეები ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერად X-ის მონიშვნას შეძლებენ

11 აპრილიდან, აშშ-ის მოქალაქეებს პასპორტში გენდერის მარკერის გასწვრივ X-ის მონიშვნა შეეძლებათ. მომავალი წლიდან იგივე ცვლილების შეტანა სხვა ოფიციალურ დოკუმენტებშიც იქნება შესაძლებელი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავიაკომპანიებთან და სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, რათა მათ სისტემაშიც გაჩნდეს X გენდერის მარკერი. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ჩამოთვლილ გენდერის მარკერს მათთვის შეუსაბამოდ თვლიდნენ, შეეძლებოდათ მარკერის გამარტივებული შეცვლა. სიახლე კი 31 მარტს, ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეს გავრცელდა.

წყარო: CNN

9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსი, რომელიც თანასწორობისთვის იბრძვის

/

ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაში ტრანსგენდერი ადამიანების როლი გამორჩეულია. პროტესტებისა და აქტივიზმის, ცვლილებების სათავეში ხშირად სწორედ ტრანგენდერი უფლებადამცველები იყვნენ, მათმა ნაწილმა კი პოლიტიკური საქმიანობით სცადა თანასწორობისთვის ბრძოლა.

ამ სტატიაში 9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსის შესახებ გაიგებთ, რომელთაც საკუთარი კარიერით ისტორიული ცვლილებები გამოიწვიეს და დღემდე აქტიურად იბრძვიან ლგბტქი უფლებების დასაცავად.

ჯოელ დე სუზა

ჯოელ დე სუზა, ტრანგენდერი და ქვიარ ადამიანების უფლებებისთვის, ასევე ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტია ტრინიდადი და ტობაგოდან, რომელიც პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელმაც ხელისუფლებას დამამცირებელი მოპყრობისთვის უჩივლა. 2022 წლის თებერვალში დე სუზა გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი სენატორი.

პეტრა დე სატერი

Paudal

პეტრა დე სატერი გინეკოლოგი და ლგბტქ+ აქტივისიტია, რომელიც გასული წლიდან ფლამანდიის მწვანე პარტიის წარმომადგენელია ევროპარლამენტში, ასევე, არის პროფესორი გენტის უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. 57 წლის პოლიტიკოსი პირველი ტრანსგენდერი ვიცე-პრემიერი და ბელგიის პარლამენტის პირველი ტრანსგენდერი წევრია.

ანა გროძკა

Dazed

პოლონელი პოლიტიკოსი ანა გრძოკა 2011 წელს პოლონეთის ისტორიაში პირველი და მსოფლიოში მესამე ტრანსგენდერი პარლამენტარი გახდა. გროძკამ 2008 წელს ორგანიზაცია ტრანსფუზია დაარსა, რომელიც პოლონეთის მოქალაქე ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ორგანიზაცია ტრანსგენდერ ადამიანებსა და მათ ახლობლებს ტრანზიციის პროცესში ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევს, ასევე სამართლებრივ რჩევებს აძლევს და გენდერის სამართლებრივი შეცვლის პროცესში დახმარებას სთავაზობს. 

ჯორჯინა ბეიერი

Saxton

ყოფილი დრეგ შემსრულებელი და სექსმუშაკი, ლგბტქი ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლი ჯორჯინა ბეიერი მსოფლიოში პირველი ღიად ტრანსგენდერი პარლამენტარია. ის საჯარო გამოსვლებში საუბრობდა ტრანზიციის პროცესზე, ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისივე დამსახურებით, ახალ ზელანდიაში სექსსამუშაო ლეგალური გახდა.

ვლადიმირ ლუქსურია

Corriere

იტალიელი მსახიობი, აქტივისტი და პოლიტიკოსი, ვლადიმირ ლუქსურია, რომელმაც 1994 წელს იტალიის პირველი ღირსების მარშის ორგანიზება შეძლო, 2006 წელს მსოფლიოში მეორე ტრანსგენდერი პარლამენტარი გახდა. ლუქსურია, რომელიც მუდამ აქტიურად საუბრობდა ტრანსგენდერი, გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ქვიარ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, იტალიაში პოლიტიკური ცვლილებების მომტანი გახდა. 

ლინა აქსელსონ კილბლომი

Kristian Pohl

შვედეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელი, შვედეთის სკოლების მინისტრი, ლინა აქსელსონ კილბლომი ადვოკატი, განათლების ექსპერტი და აქტივისტია. 2015 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში ღიად ისაუბრა მოზარდობაზე, რომელიც გამოწვევებით იყო სავსე და ტრანზიციაზე, რომელიც საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა.

ტესა განსერერი და ნიკ სლავიკი

DNA Magazine

ტესა განსერერმა და ნიკ სლავიკმა 2021 წელს გერმანიის ისტორიაში პირველად შეძლეს, რომ ბუნდესტაგის პირველი ტრანსგენდერი წევრები გამხდარიყვნენ. მწვანეთა პარტიის წევრები ანტიდისკრიმინაციულ კანონს უჭერენ მხარს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრთა ნახევარი ქალი უნდა იყოს, ასევე აქტიურად მუშაობენ, რათა სქესის სამართლებრივი შეცვლის პროცესი თვითიდენტიფიკაციაზე გახდეს დამოკიდებული და შეიქმნას რასიზმთან, სექსიზმთან, ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.

ტორი კუპერი

Getty Images

კუპერი აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლია აივ-ინფექციის მართვის მიმართულებით. ტრანსგენდერი ადვოკატი და აივ-ინფექციის მართვის მიმართულებით ხანგრძლივი გამოცდილების მქონე აქტივისტი პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადამიანია, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველთა გუნდშია.