აპრილი 2022 - Page 3

28 აპრილს დრეგ მეჯლისის მორიგი საღამო გაიმართება

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 28 აპრილს მეორე დრეგ მეჯლისი გაიმართება.

დრეგ მეჯლისის თემატიკა 7 მომაკვდინებელი ცოდვა იქნება და მასში მონაწილეობას შვიდი დრეგ ქვინი, BIPOLARA, Lile, Pusseidon, Sofio McQueen, Dally, Vanilla Ice და Hot Paflocki მიიღებენ.

მეჯლისის ღამეზე სპეციალურ პერფორმანსებს შემოგვთავაზებს DRO და მოწვეული დრეგ ქვინები, Gerilyn Stone და Queen Yulia.

დრეგ მეჯლისის ღამეზე გაიმართება Matt Shally-ისა და Nikita-ს ახალი ტრეკის პრეზენტაცია.

საღამოზე დაგხვდებათ Vogue პერფორმანსები.

დრეგ მეჯლისის ღამეს კლუბი „მტკვარზე“ უმასპინძლებს. საღამოზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

THE DRAG BALL “თბილისი პრაიდის” და საინიციატივო ჯგუფის პროექტია, დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ბალის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას.

 

 

5 ივლისს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არის მიმართული, რომელმაც „არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 18 აპრილს სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულასა და TV პირველის, ასევე On.ge-ს  დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, რომელთა წინაშეც სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა“, – აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების დაცვა ვერ შეძლო, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს და მორალური, ასევე ტექნიკის განადგურებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს.

სიყვარული, ტყუილები, სისხლდენა – კრისტენ სტიუარტს ახალ ქვიარ ფილმში გადაიღებენ

ქვიარ მსახიობ კრისტენ სტიუარტს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ოსკარის ნომინანტი გახდა, ახალ ქვიარ ფილმში გადაიღებენ.

ახალ ფილმს „სიყვარული, ტყუილი, სისხლდენა“ (Love Lies Bleeding) ჰქვია და მასზე ბრიტანელი რეჟისორი, როს გლასი იმუშავებს.

როგორც ცნობილია, რომანტიკულ ქვიარ ტრილერში მოქმედება ბოდიბილდერების სამყაროში განვითარდება და ამერიკულ ოცნებასა და ეგოთი ნაკარნახევ სურვილებზე მოგვიყვება.

ფილმში კრისტენ სტიუარტი ერთ-ერთი ბოდიბილდერი ქალის შეყვარებულის როლს შეასრულებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება სტიუარტის მეწყვილის როლში.

როგორც ფილმის შემქმნელები ამბობენ, ფილმი ბოდიბილდერების რთულ და დაუნდობელ ცხოვრებას გვაჩვენებს.

„სიყვარული, ტყუილები, სისხლდენა“ როს გლასის მეორე ფილმია. რეჟისორს ეკუთვნის 2019 წლის ფსიქოლოგიური ჰორორი „წმინდა მაუდი“ (Saint Maud).

კრისტენ სტიუარტმა ოსკარის პირველი ნომინაცია გასულ წელს მიიღო ფილმისთვის „სპენსერი“, რომელშიც მსახიობი პრინცესა დიანას როლს ასრულებს.

მსახიობი ოსკარის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე თავის საცოლესთან, დილან მეიერთან ერთად გამოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა ახალი ფილმი ეკრანებზე.

 

რუსეთმა ცნობილი ჟურნალისტები და ლგბტქი აქტივისტები „უცხოელი აგენტების“ სიაში დაამატა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების რეესტრში რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის, ცნობილი ჟურნალისტი და იუთუბერი, იური დუდი (მან გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი A Man in Time of War იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან რუსები უკრაინელ ლტოლვილებს ბუდაპეშტში); Keep Reading

გაიცანი უფლებადამცველი: ჯავიდ ნაბიევის ბრძოლა აზერბაიჯანელი ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის

Rainbow Europe-ის 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანი ევროპაში ბოლო, 49-ე ადგილზეა. გენდერის მარკერის სამართლებრივი ცვლილების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის, ოჯახში მიმღებლობის თუ ქვიარ ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფის კუთხით, წლებია, ქვეყანას პროგრესისთვის არ მიუღწევია.

სტატისტიკის თანახმად, უკეთესი მდგომარეობაა შეკრების თავისუფლების კუთხით, რაც კანონმდებლობით არის გარანტირებული, მაგრამ ეს კანონები პრაქტიკაში არ მუშაობს.

2020 წლის 8 მარტს მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყო, რომლის მონაწილეებსაც 4 მოთხოვნა ჰქონდათ:

  1. ყველა ადამიანის უფლებების დაცვა მისი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად;
  2. საზოგადოებრივი ჩართულობისთვის თანაბარი პირობების შექმნა;
  3. განათლებაზე ხელმისაწვდომობის ყველასთვის უზრუნველყოფა;
  4. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეზოლუციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მსვლელობის 10 მონაწილე პოლიციამ დააკავა და მოგვიანებით, გობუსტანის რეგიონში, უდაბნოში გაათავისუფლეს. 8 მარტის პროტესტს ინტერნეტშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2 დღის შემდეგ, ფემინისტმა აქტივისტმა აისელ ალექფერზადემ თვითმკვლელობა სცადა.

ოჯახური სისასტიკის, სიცოცხლის მოსპობის მუქარების, პოლიციის ძალმომრეობისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ამსახველი 2020-2021 წლის კვლევა აზერბაიჯანში ლგბტქი ადამიანების მდგომარეობას უფრო ნათლად გვაჩვენებს. 

წლებია, ლგბტქი ადამიანებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ – ამის მაგალითია ისა შახმარლის საქმე, რომელმაც 2014 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და წერილი დატოვა, რომელშიც წერდა – „გტოვებთ. ყველაფრისთვის მომიტევეთ. ეს ქვეყანა და მსოფლიო ჩემთვის არაა… ჩემს სიკვდილში ყველა დამნაშავე ხართ. მსოფლიომ ჩემი ნამდვილი ფერები ვერ დაიტია“. ასევე, 2017 წლის მასობრივი დაკავებების სერია, რომლის დროსაც 100-მდე თემის წევრი დააკავეს და მათ არაადამიანური მოპყრობის გამოვლა მოუწიათ.

ლგბტქი უფლებების მძიმე მდგომარეობის ბოლო მაგალითი კი 2022 წლის 22 თებერვალს, აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჟურნალისტისა და ლგბტქი აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაა. ჰაფიზლი ნათესავმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა და გენიტალიები მოჰკვეთა. 

ლგბტქი აქტივისტმა, ჯავიდ ნაბიევმა გვითხრა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახში მისულ კოლეგებსა და მეგობრებს სხეულის ნახვის უფლება არ მისცეს.

აქტივისტური საქმიანობა და აზერბაიჯანის იძულებით დატოვება

javid-nabiyev.jpg (780×439)
CBC

ევროპაში წასვლა გადავწყვიტე, რათა ძალები აღმედგინა, ყველაფერი გამეანალიზებინა, თუნდაც, უფრო გავზრდილიყავი, შემეძინა ის უნარები, რომლითაც უკეთ შევძლებდი საქმიანობის გაგრძელებას და მოვმზადებულიყავი აზერბაიჯანში დასაბრუნებლად. ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა სამუდამოდ წასვლა, – ჯავიდ ნაბიევი.

ჯავიდ ნაბიევი წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა. აქტივისტს ქვეყნის დატოვება მაშინ მოუწია, როცა ჯავიდისა და მისი შეყვარებულის საქორწინო ფიცის დადების მცირერიცხოვანი ცერემონიის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა და რამდენიმე დღე იზოლირებული იყო.

ჯავიდი შევიწროების, დამამცირებელი მოპყრობის სხვა შემთხვევებზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ ნეგატიური გამოცდილებების გამო იმ ზღვარზე მივიდა, როცა ქვეყნის დატოვება გარდაუვალი გახდა.

„2012 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ლგბტქი უფლებების დაცვაში, იქნებოდა ეს გაშუქება, დოკუმენტების შეგროვება თუ მონიტორინგი, ვთანამშრომლობდი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადამიანების უფლებების კუთხით მომუშავე არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. უფლებადაცვითი საქმიანობის გამო ჩემზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდებოდა, 2012-2015 წლებში ხელისუფლება განსაკუთრებით სასტიკი იყო ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. Ზღვარი იყო პოლიციის განყოფილებაში ჩემზე სექსუალური ძალადობა. ევროპარლამენტის წარმომადგენლების ჩართულობით მინისტრთა სხდომა უნდა გამართულიყო, რომელზეც ილჰამ ალიევი სიტყვით აპირებდა გამოსვლას, ამიტომ წამოვიწყე კამპანია, რომლის მიზანიც კონკრეტული კითხვებით მისთვის მიმართვა იყო. ეს იქცა პირველ წითელ ხაზად, რომელიც გადავკვეთე. დამიბარეს განყოფილებაში და მითხრეს, რომ არ მქონდა უფლება, პრეზიდენტი ამ უხერხულ სიტუაციაში ჩამეყენებინა, ამის მიუხედავად, უფლებებისთვის ბრძოლა გავაგრძელე. პარალელურად, ჩემი იმდროინდელი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია და ამას სოციალურ ქსელში ყველა აქტიურად განიხილავდა. გარემო მტრული იყო, მეზობლების გამო რამდენიმე დღე საკუთარ ბინაში იზოლირებულმა გავატარე, წასასვლელი აღარსად მქონდა, ამიტომ ჯერ საქართველოში ჩამოვაღწიე. საქართველოში დარჩენას ვაპირებდი, რადგან აზერბაიჯანთან ახლოს იყო და ვფიქრობდი, რომ აზერბაიჯანელ ლგბტქი ადამიანების დახმარებას უფრო მარტივად შევძლებდი. 3-4 თვე ვცხოვრობდი საქართველოში, თუმცა დარჩენის უფლება არ მომცეს. დავდექი არჩევანის წინაშე – ან აზერბაიჯანში უნდა დავბრუნებულიყავი ან გამეგრძელებინა მოგზაურობა”, – იხსენებს ჯავიდი და ამბობს, რომ ქვეყნის სამუდამოდ დატოვება მისი გეგმა არ ყოფილა – „ევროპაში წასვლა გადავწყვიტე, რათა ძალები აღმედგინა, ყველაფერი გამეანალიზებინა, თუნდაც, უფრო გავზრდილიყავი, შემეძინა ის უნარები, რომლითაც უკეთ შევძლებდი საქმიანობის გაგრძელებას და მოვმზადებულიყავი აზერბაიჯანში დასაბრუნებლად. ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა სამუდამოდ წასვლა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი და გავაგრძელებდი უფლებადაცვით საქმიანობას ჩემი თემისთვის, საზოგადოებისთვის და საკუთარი თავისთვის“. 

ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და გაჭიანურებული პროგრესი

There are reports that over 100 LGBT+ people have been arrested in Azerbaijan | SBS Sexuality
SBS TV

ლგბტქი თემის წევრები სახელმწიფოსთვის ცალკე სოციალურ ჯგუფად არ ითვლება, რომელიც ბევრად მოწყვლადია, ვიდრე სხვები, – ჯავიდ ნაბიევი.

აზერბაიჯანში დარჩენილ ლგბტქი ადამიანებზე ფიქრი და აქტივისტური საქმიანობა არც გერმანიაში ცხოვრებისას შეუწყვეტია, მუდმივად თვალს ადევნებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მისი დაკვირვებით, მას შემდეგ, რაც 2001 წელს ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ურთიერთობის დეკრიმინალიზებას არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია.

„2001 წელს ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის კავშირის დეკრიმინალიზება მოხდა და აქედან მოყოლებული, არც სამართლებრივი ცვლილებები განხორციელებულა და არც სამოქმედო გეგმა შექმნილა.

მსუბუქად თუ ვიტყვით, აზერბაიჯანი ლგბტქი ადამიანებისთვის საცხოვრებლად კარგი ქვეყანა არაა – იქნება ეს დასაქმება, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობა, ეფექტური საგამოძიებო პროცესი თუ სხვა სერვისები. ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები თუ ცნობადი სახეები აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას, ეს მდგომარეობა ტოტალურია და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც არის ასახული.

აზერბაიჯანში, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვაა გამოწვევა, რაც ხშირად საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმართაობის ბრალია და აზერბაიჯანის ნებისმიერ მოქალაქეს ეხება. მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია, როცა ლგბტქი ადამიანი ხარ და სახელმწიფოს მხრიდან დაცვა გჭირდება. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ცნობადმა პირმა ტრანსგენდერი ადამიანის მისამართით სიძულვილის ენა და მუქარა გამოიყენა, აქტივისტებმა მიმართეს სამართალდამცავ უწყებებს, მაგრამ ოფიციალური პასუხი იყო, რომ ვერაფერს მოიმოქმედებდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ლგბტქი თემის წევრები სახელმწიფოსთვის ცალკე სოციალურ ჯგუფად არ ითვლება, რომელიც ბევრად მოწყვლადია, ვიდრე სხვები”, – აღნიშნავს ჯავიდი აზერბაიჯანში ლგბტქი ადამიანების მდგომარეობაზე საუბრისას.

ხელისუფლებისა და პოლიციის გულგრილობა

Aziz Karimov

ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს ლგბტქი გამოწვევები, რადგან კონსტიტუციით ყველა თანასწორია, ხოლო დამატებითი სამართლებრივი ჩარჩო სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის – არასაჭირო. რეალური გამოცდილებები კი სულ სხვაა, – ჯავიდ ნაბიევი.

უთანასწორობის მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან ნების არქონას, მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საზიანო განცხადებებს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ლგბტქი თემს სოციალურ ჯგუფად არ თვლის, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლადია.

„2 წლის წინ, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის ცერემონიაზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ევროპასთან ინტეგრაციაზე საუბრისას თქვა, რომ ინტეგრაცია იმ სივრცესთან, რომელიც ქალსა და კაცს თანასწორად თვლის, საეჭვოა. ეს ფაქტიც ნათელს ჰფენს იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია. როცა სახელმწიფოს მეთაური მსგავს განცხადებას აკეთებს, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ლგბტქი ადამიანების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით?! 

ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს ლგბტქი გამოწვევები, რადგან კონსტიტუციით ყველა თანასწორია, ხოლო დამატებითი სამართლებრივი ჩარჩო სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის – არასაჭირო. რეალური გამოცდილებები კი სულ სხვაა, 2017 წელს ვიხილეთ ლგბტქი ადამიანების დაკავებების სერია და დარბევები, ხშირია წამების, არაადამიანური მოპყრობის, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის თუ სიტყვიერი თავდასხმის შემთხვევები.

დასავლელი პარტნიორები სარეკომენდაციო ხასიათის ანგარიშებში თუ რეზოლუციებში მუდამ აღნიშნავენ, რომ ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ სახელმწიფო ამას არ ასრულებს“, – გვიყვება ჯავიდი და ლგბტქი ადამიანების პოლიციის მიმართ უნდობლობაზეც საუბრობს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს – „აზერბაიჯანელ ლგბტქი ადამიანებს მტრულ გარემოში უწევთ ცხოვრება, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ატანა და ამ დროს ოფიციალური უწყებებისთვის მიმართვა მაინც თავისუფლად უნდა შეეძლოთ, თუმცა ხშირად ადამიანები ვერ ბედავენ პოლიციაში მისვლას, რადგან მათი მხრიდან დისკრიმინაციის მოლოდინი აქვთ, შიში, რომ პოლიციელების გამო იძულებითი ქამინგაუთის საფრთხე შეექმნებათ ან, უბრალოდ, სერიოზულად არ აღიქვამენ. წლების წინ თავდასხმის არაერთი შემთხვევა მქონდა და ერთ-ერთი შემთხვევისას, როცა პოლიციას მივმართე, თვეების განმავლობაში საქმე არ დაძრულა და მითხრეს კიდეც, რომ ლგბტქი ადამიანის [პოლიციელის მხრიდან გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი ტერმინი] საჩივარს ხელს არავინ მოჰკიდებს“.

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და თემის წევრების სოლიდარობა

1lgbt.jpg (940×529)
34mag

სასიკეთო ნიშნებს ვამჩნევ, შეიცვალა ენა, რომელსაც ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას იყენებენ, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ღიად გმობენ, – ჯავიდ ნაბიევი.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს, პოლიციის, საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტქი უფლებების დაცვას ართულებს, ჯავიდი ამბობს, რომ მაინც შესამჩნევია საზოგადოების აქტიური წევრების ღია მხარდაჭერა და თემის შიგნით სოლიდარობის გაზრდა, რაც ბოლო წლებში მიიღწა.

„საზოგადოება ღირებულებების, ტრადიციებისა და რელიგიური გრძნობებისთვის საშიშ ადამიანებად მიგვიჩნევს და ამის პარალელურად, არ არსებობს სახელმწიფო დაცვის გარანტიები. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში თემში მაინც გაიზარდა ხილვადობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები ცდილობენ, რომ აქტიურად ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ლგბტქი ადამიანებს აზერბაიჯანში აქვთ, იბრძვიან უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მიუხედავად სირთულეებისა, სოლიდარობა უფრო მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით აქტივისტებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავი ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ბევრად ღია და აქტიურები არიან, რათა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ. ადრე სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფრთხილი იყო და ღიად მხარდაჭერას ვერ ბედავდა, ახლა ეს მდგომარეობა მცირედით მაინც იცვლება. სასიკეთო ნიშნებს ვამჩნევ, შეიცვალა ენა, რომელსაც ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას იყენებენ, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ღიად გმობენ.

შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა ღიად ამბობენ, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებს გამართლება არ აქვს, თუმცა ეს ფასადურია და მიმართულია საერთაშორისო საზოგადოების გულის მოგებისკენ და არა ადგილობრივ დონეზე ცვლილებებისკენ“, – გვეუბნება ჯავიდი სასიკეთო ცვლილებებზე და ამატებს, რომ კიდევ ერთი პოზიტიური ამბავი მედია მგრძნობელობის გაზრდაა – „კიდევ ერთი სასიკეთო ცვლილება მედიის მუშაობაა, რომელიც ახლა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების გაშუქებისას სწორ ტერმინოლოგიას იყენებს და ზიანის შემცირებაზე ფიქრობს. ეს ცვლილება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობამ და თავისუფალი მედიის გაძლიერებამ გამოიწვია, თუმცა სახელისუფლებო მედიები ისევ ნეგატიურ ჭრილში აშუქებენ ლგბტქი ადამიანებს, თითქოს ცდილობენ, რომ ნეიტრალურები იყვნენ, თუმცა საზიანო საქმეს აკეთებენ. საბედნიეროდ, თავისუფალი მედია ნეიტრალური აღარ არის და ლგბტქი უფლებებზე საუბრისას პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდება. აქტიურად მუშაობს უმცირესობების უფლებებზე მომუშავე მედიაც, რომელიც აჟღერებს იმ ხმებს, რომელიც მეინსტრიმულ სივრცეში ნაკლებად ისმის“, – აღნიშნავს ჯავიდი.

სამშობლოში დაბრუნება

May be an image of 5 people, people standing and outdoors
Javid Nabiyev / Facebook

ვფიქრობ, მეზობელი ქვეყნების თემის წევრებმა, აქტივისტებმა ერთმანეთს სოლდარობის მაგალითები უნდა ვუჩვენოთ, მოვყვეთ ამბებს, რომლებიც ჩვენგან ძალიან ახლოს ხდება, გავზარდოთ ცნობადობა, გავაშუქოთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და ვეცადოთ, მეტად გავიგოთ, რა ხდება მეზობლად, – ჯავიდ ნაბიევი.

გერმანიაში გატარებული 6 წლის შემდეგ ჯავიდ ნაბიევი აზერბაიჯანში დაბრუნდა. უნდა, რომ გერმანიაში ყოფნისას მიღებული გამოცდილება და ცოდნა ლგბტქი თანამოქალაქეების უფლებებზე მუშაობას მოახმაროს.

„აზერბაიჯანში ხელახლა დაბრუნება, სიტუაციასთან შეჩვევა, უფლებდაცვითი მიმართულებით მომუშავე ადამიანებთან დაკავშირება, მდგომარეობის გაანალიზება რთული პროცესი იყო, თანაც, აღმოვაჩინე, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება იმავე ნიშნულზეა, რაც ჩემს წასვლამდე იყო“, – გვეუბნება ჯავიდი.

სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე კოლეგის, ავაზ ჰაფიზლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე მოუწია ფიქრი, საკუთარ ფეისბუკზე მკვლელობის სათანადოდ გამოძიებას და საქმისთვის სათანადო კვალიფიკაციის მიცემას ითხოვს.

2022 წლის 8 მარტის მსვლელობისას, რომელშიც ფემინისტი აქტივისტები და ლგბტქი თემის წევრები მონაწილეობდნენ, ჯავიდს ცისარტყელის პირბადის ტარების გამო პოლიციასთან დაპირისპირება მოუწია. აქტივისტს პირბადის მოხსნა მოსთხოვეს, ერთ-ერთ აქტივისტს კი დროშა წაართვეს. მოგვიანებით, სახელისუფლებო მედიაში გავრცელდა ნარატივი, რომ ქვიარ სიმბოლიკის ტარება კანონმდებლობას და ეროვნულ რელიგიურ გრძნობებს ეწინააღმდეგება.

„ცისარტყელას პირბადე რიგით დღეს, ქალაქის ცენტრში სეირნობისას არ მკეთებია. 8 მარტის მსვლელობისას გამოვიყენე, როცა აქციის მონაწილეები შევიკრიბეთ ან, უფრო სწორად თუ ვიტყვით, ალყაში ვიყავით მოქცეულები… ჩემი, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქის თავისუფლად გადაადგილების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება პოლიციამ შეზღუდა. უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა ცისარტყელას ფერების მქონე პირბადის ტარებას არ ზღუდავს და როგორც ვხვდები, არც ლგბტქი დროშაზეა რაიმე ჩანაწერი. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, აზერბაიჯანი დემოკრატიული, სამართლებრივი, სეკულარული, უნიტარული რესპუბლიკაა და რელიგია და პოლიტიკური მმართველობა განცალკევებულია“, – დაწერა ჯავიდმა ფეისბუკზე.

აზერბაიჯანელ აქტივისტს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქვეყანასთან ხელახლა შეჩვევა და პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან, კოლეგის მკვლელობის სტრესთან და ამასთან, ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლა უწევს.

საუბრის დასასრულს გვეუბნება, რომ ჩვენ, მეზობელი ქვეყნების თემის წევრებმა, აქტივისტებმა მეტი უნდა გავიგოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე და ერთმანეთს სოლიდარობის მაგალითები ვუჩვენოთ.

„ვფიქრობ, მეზობელი ქვეყნების თემის წევრებმა, აქტივისტებმა ერთმანეთს სოლდარობის მაგალითები უნდა ვუჩვენოთ, მოვყვეთ ამბებს, რომლებიც ჩვენგან ძალიან ახლოს ხდება, გავზარდოთ ცნობადობა, გავაშუქოთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და ვეცადოთ, მეტად გავიგოთ, რა ხდება მეზობლად. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ასე ახლოს ვართ, ხშირად არ ვიცით, რა ხდება სხვა ქვეყანაში“.

ევროკომისიის საქართველოსთვის გამოგზავნილი კითხვარი ლგბტქი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ კითხვებს მოიცავს

/

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი გაასაჯაროვა, რომლის დიდი ნაწილი ადამიანის უფლებებს, თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შესახებ კითხვებს ეთმობა.

დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებისა და თანასწორი მოპყრობის, მათ შორის, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისა და ადამიანების, ასევე შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის ქვეთავში საუბარია იმ სამართლებრივ ბერკეტებზე, რომლითაც დისკრიმინაციის აღმოფხვრა და მასთან ბრძოლა ხდება, ასევე ზოგად სამოქმედო სტრატეგიაზე.

დოკუმენტი გენდერის მარკერის ცვლილების სამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ კითხვებსაც ითვალისწინებს. შეკრების თავისუფლების დაცვის გამოცდილებაზე საუბრისას ნათქვამია, „ტარდება თუ არა, ვთქვათ, გეი პრაიდი და მსგავსი ღონისძიებები თავისუფლად?“. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ონლაინ სივრცეში დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს ხელშეწყობის შესახებ შეკითხვა.

ევროკომისიის დოკუმენტში დასმულია კითხვები, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისთვის არსებულ ტრენინგებზე, რომლებიც ქალთა, ბავშვთა, მოხუცთა, შშმ პირთა, ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტქი ადამიანთა უფლებებს ეხება. ამასთან, როგორ ხდება სასტიკად მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებული გამოძიებების წარმართვა და „როგორ არის ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება გარანტირებული, მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორების შემთხვევაში?“

კითხვარის ცალკე ქვეთავი გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებს ეთმობა. აღნიშნულ ქვეთავში არსებული კითხვები სახელმწიფოს მხრიდან თანასწორობის ხელშეწყოვისთვის გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, დასაქმების, სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების თანასწორობასა და სერვისებზე თანაბარ წვდომას ეხება. ასევე, პოლიტიკურ ნებას, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევისკენ არის მიმართული, პოლიტიკაში, სამართლებრივ ინსტიტუტებში და აღმასრულებელ ორგანოში, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში ქალთა მონაწილეობის საკითხებს.

კითხვარში ვხვდებით კითხვებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერის ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისთვის არსებული სერვისების, ასევე იმ სერვისების შესახებ, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებობს.

კითხვარის პირველი, 42-გვერდიანი დოკუმენტი პოლიტიკური მდგომარეობის, კონსტიტუციის ევროპულ მოდელთან შესაბამისობის, საპარლამენტო მუშაობის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების, სასამართლო სისტემის მუშაობის, განათლების ხელმისაწვდომობის, ბავშვთა უფლებების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების, რასიზმისა და ქსენოფობიის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ კითხვებს მოიცავს.

თბილისი პრაიდისა და GDI-ს ლგბტქი აქტივისტური ბანაკი მათთვის, ვისაც თემის აქტიური წევრობა სურს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და თბილისი პრაიდი გაეროს ფონდის მხარდაჭერით ლგბტქი აქტივისტურ ბანაკს გამართავენ. 3-დღიანი ტრენინგი 26, 27 და 28 აპრილს კახეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობა, ასევე ტრანსპორტირება, უფასო იქნება.

ტრენინგს დარგის სპეციალისტები და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირები, მათ შორის, გიორგი მშვენიერაძე, ედუარდ მარიკაშვილი, მარი კაპანაძე, მარიამ კვარაცხელია და სხვები გაუძღვებიან.

ბანაკში აქტივიზმის, მათ შორის ლგბტქ აქტივიზმის ისტორიისა და მისი მნიშვნელობის, უფლებათა დაცვის მექანიზმების, დაკავებულ პირთა უფლებების, დაზარალებულ პირთა უფლებების, ეროვნული ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი, გამოხატვის თავისუფლებისა და სიძულვილის ენის თეორიულ და პრაქტიკულ ჭრილში განხილვა შეგეძლებათ.

ბანაკის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ, თუ ხართ, ან გინდათ, ლგბტქი თემის აქტიური წევრი, თემის ლიდერი ან აქტივისტი გახდეთ, განაცხადი უნდა შეავსოთ.

Queer as Folk ეკრანებზე 9 ივნისს დაბრუნდება – ნახეთ ფოტოები ახალი სერიალიდან

პოპულარული ბრიტანული ქვიარ სერიალი Queer as Folk ეკრანებზე 9 ივნისს დაბრუნდება.

საკულტო სერიალი, რომლის პრემიერაც 1999 წელს შედგა, რასელ ტ დეივისს ეკუთვნის და  2000-2005 წლებში მისი ამერიკული ვერსიაც გადაიღეს.

QUEER AS FOLK — ” ” Episode 103 — Pictured: Devin Way as Brodie — (Photo by: Alyssa Moran/Peacock)

სერიალის გაცოცხლების შესახებ ინფორმაცია პირველად 2018 წელს გავრცელდა, როგორც ცნობილია, ახალ სერიალში მოქმედება არა პიტსბურგში ან მანჩესტერში, არამედ ნიუ-ორლეანში განვითარდება და მოგვიყვება ქვიარ მეგობრების ისტორიას, რომელთა ცხოვრებაც ტრაგედიის შემდეგ რადიკალურად იცვლება.

სერიალში ერთ-ერთ მთავარ გმირად მომხიბვლელი და ქაოტური ბროდი მოგვევლინება, რომელიც ტრაგედიის შემდეგ გადაწყვეტს, დარჩეს ნიუ-ორლეანში და გააგრძელოს ცხოვრება.

QUEER AS FOLK — ” ” Episode 104 — Pictured: (l-r) Jesse James Keitel as Ruthie, CG as Shar — (Photo by: Alyssa Moran/Peacock)

ფინ ანგუსი მინგუსის, თავდაჯერებული სკოლის მოსწავლის როლში მოგვევლინება. ხოლო ჯესი ჯეიმსი ტრანსგენდერი გოგონას როლს შეასრულებს, რომელსაც რეალობისთვის თვალის გასწორება და დაუსრულებელი წვეულებებიდან ზრდასრულობაში გადასვლა უჭირს.

QUEER AS FOLK — ” ” Episode 102 — Pictured: (l-r) Devin Way as Brodie, Jesse James Keitel as Ruthie — (Photo by: Peacock)

სერიალში ასევე ვიხილავთ არაბინარული იდენტობის პროფესორს და წარმატებულ ადვოკატ ნოას.

სერიალში მთავარ როლში ვიხილავთ Netflix-ის სერიალის, Special-ის მსახიობ რაიან ო კონელს, რომელიც ცერებრალური დამბლის მქონე პერსონაჟის როლს შეასრულებს. მსახიობი სერიალის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერიცაა.

ასევე ცნობილია, რომ სერიალში ეპიზოდურ როლებს შეასრულებენ “სექსი დიდ ქალაქშის” მსახიობი კიმ კეტრელი, არმანდ ფილდსი, American Next Top Model-ის გამარჯვებული ნაილ დიმარკო და ლუკას ქეიჯი.

QUEER AS FOLK — ” ” Episode 104 — Pictured: Ryan O’Connell as Julian — (Photo by: Alyssa Moran/Peacock)

სერიალის შექმნელი ამბობს, რომ „ქვიარ საზოგადოება 1999 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა, მეტად რადიკალურები გავხდით, მეტი აღმოჩენა გავაკეთეთ და ვიპოვეთ ახალი სიტყვები ამ ყველაფრის ასახსნელად. გვყავს ახალი მტრები და მეგობრები, ძალიან ბევრი სათქმელი დაგროვდა.”

მისი განმარტებით, ახალი Queer as Folk სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს ქვიარ სერიალი, მეტად მრავალფეროვანია, გიჟური და თავისუფალი.

QUEER AS FOLK — ” ” Episode 105 — Pictured: Fin Argus as Mingus — (Photo by: Alyssa Moran/Peacock)

როგორც სერიალის ერთ-ერთი სცენარისტი და პროდიუსერი ჟაკლინ მური განმარტავს, ქვიარ ადამიანების და განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანების ისტორიები ხელოვნებაში უკიდურესი ფორმებით არის ნაჩვენები და არ ასახავს მათ რეალურ პრობლემებსა თუ ცხოვრების წესს.

„ჩვენ გვსურდა, აღგვეწერა ისეთი ქვიარ ადამიანები, რომლებიც არიან რთულები და კომპლექსურები, რომლებიც არიან მხიარულები და მზრუნველები, თუმცა, ამასთან ერთად, არიან ეგოისტები, მაგრამ მაინც იმსახურებენ სიყვარულს. მაინც იმსახურებენ იმას, რომ მათი ისტორია მოვყვეთ.”

QUEER AS FOLK — ” ” Episode 106 — Pictured: Armand Fields as Bussey — (Photo by: Alyssa Moran/Peacock)

Queer as Folk Peacock-ის სტრიმინგ სერვისზე 9 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი.

QUEER AS FOLK — ” ” Episode 101 — Pictured: Eric Graise as Marvin — (Photo by: Alyssa Moran/Peacock)

 

 

 

ძალადობის შესახებ კანონში ოჯახის წევრთა კატეგორიას „ინტიმური პარტნიორი“ დაემატება

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. Keep Reading

გერმანიამ ლგბტქი ღონისძიებებისთვის სამინისტროს შენობებზე ცისარტყელას დროშის აღმართვის თანხმობა გასცა

გერმანიამ პრაიდის მსვლელობის, ან საერთაშორისო ლგბტქი ღონისძიებების აღსანიშნავად, მთავრობის შენობებზე ცისარტყელას დროშის აღმართვის უფლება გასცა. Keep Reading