ამ საზოგადოების წევრი ვარ და პასუხისმგებლობა მაკისრია, ჩემი ქვეყანა უკეთესისკენ შევცვალო – თამარ ჯაყელი

მე ვარ თამარ ჯაყელი, თავგადასავლების მოყვარული, გულღია და სპონტანური ადამიანი.

 

პირველი მოგზაურობა

დიდწილად, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ღრმა ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონებები მშობლებთან ერთად მოგზაურობას და სხვადასხვა თავგადასავალს უკავშირდება. როცა მე გამაჩინეს, ჩემი მშობლები გერმანიაში სწავლობდნენ, შემდეგ კი, დაახლოებით 3-4 წლის რომ ვიყავი, მანქანით წამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა, რომელმაც შემდეგ განსაზღვრა ჩემი ცხოვრება, ჩემი ლტოლვა თავგადასავლებისადმი. მახსოვს, როგორ მეთამაშებოდა უკანა სავარძელზე დედა ცხენებით, მახსოვს ფერადი ბურთებით სავსე ოთახი გემზე, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია, მახსოვს, როგორ გადავეშვი თავით შადრევანში, საიდანაც მამაჩემმა მაისურით ამომქაჩა… გერმანიაში ცხოვრების რამდენიმე დეტალიც მახსოვს, მაგალითად, როგორ გვეძინა მე და ჩემს მშობლებს პირდაპირ მატრასზე და როგორ ვმღეროდით სამივე ერთად „ცაში ახედეს“ ძილის წინ. მახსოვს, როგორ დავყავდი მამაჩემს უნივერსიტეტში, როგორ მაჭმევდა შოკოლადის ,,ბულკებს,’’ რის გამოც მოთხუპნული სახით დავსეირნობდი ჰანოვერის ქუჩებში, მახსოვს საოცარ საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები და ჭოკებზე მოსიარულე კაცი. საქართველოში ჩამოსვლის მერე კი, ღრმა ბავშვობიდან ის მახსოვს, თუ როგორ დავდიოდი ეზოში და როგორ ვესალმებოდი სათითაოდ ყვავილებს, როგორ ჰარმონიაში ვიყავი სამყაროსთან. გულღია, აქტიური, ენერგიული ბავშვი ვიყავი.

ჩემი უმთავრესი ჰობი კითხვა იყო და, შეიძლება ითქვას, ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში ჩემი უახლოესი მეგობრები წიგნის პერსონაჟები იყვნენ. უფრო სათავგადასავლო ჟანრს ვანიჭებდი უპირატესობას, ყველაზე მეტად კი, ალბათ, მაინც დიუმა მიყვარდა – თავს ხან დ’არტანიანად, ხან, გრაფ მონტე კრისტოდ წარმოვიდგენდი. ქმედითი ცხოვრება მსურდა.

ბავშვობაში ჩემი როლური მოდელი ქალები მულანი და ჟანა დ’არკი იყვნენ, რადგან მე თვითონ ვოცნებობდი რაინდობასა და ხიფათიან ცხოვრებაზე. ახლა ჩემი როლური მოდელები უკრაინელი ქალები არიან, ყველა იმ როლში, რასაც ისინი ასრულებენ თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად.

 

ჰომოფობია, მისგან გამოწვეული ზიანი და ამასთან გამკლავების მთავარი გზა 

საბედნიეროდ, ჩემ გარშემო ადამიანები დადებითად ან ნეიტრალურად არიან განწყობილი ჩემ მიმართ და ჰომოფობიას პირად ურთიერთობებში ძალიან იშვიათად ვაწყდები. თუ ვიცი, რომ ადამიანი ჰომოფობიურადაა განწყობილი, მასთან ძალიან გამიჭირდება ურთიერთობა და მაქსიმალურად მოვერიდები.

თუმცა, ჰომოფობიური გარემოს გამო ფსიქოლოგიური და სოციალური ზიანი მეც მიმიღია. 15-16-17 წლის ასაკში, როცა ვფიქრობდი, რომ ვერავის გავუმჟღავნებდი საკუთარ გრძნობებს და მთელი ცხოვრება ჩემი სურვილების დათრგუნვა მომიწევდა, ხშირად მიპყრობდა სასოწარკვეთა, შიში, სევდა. შემდეგ 2013 წლის 17 მაისი მოხდა და ჩემი შიში კიდევ უფრო გაძლიერდა. ვუყურებდი კადრებს, თუ როგორ ვძულდით ჩემნაირი ადამიანები საზოგადოების დიდ ნაწილს, როგორ გვიმეტებდა ხალხი საცემად, მოსაკლავადაც, როგორ გვთვლიდა გარყვნილად და უღირსად. ამას დაემთხვა ის, რომ პირველად ვიყავი შეყვარებული გოგოზე, რომელსაც საპასუხო გრძნობები არ აღმოაჩნდა და ბიჭთან დაიწყო ურთიერთობა. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო დაამძიმა ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. საბოლოოდ, მძაფრმა გრძნობებმა იმისკენ მიბიძგა, რომ ქამინგაუთის პროცესი დამეწყო. შემდეგი წლების განმავლობაში, ვიპოვე გარშემომყოფებში მხარდაჭერა, გამოვცადე ორმხრივი სიყვარული, მივიღე საკუთარი თავი და ახლა, 26 წლის ასაკში, ბევრად ძლიერი ვარ.

რა თქმა უნდა, ზაფხულში, 5 ივლისის მოვლენებმა მძლავრად შეარყია ჩემი ნაშენები ბედნიერება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ახლა კარგად ვარ. თუმცა, არ შეიძლება, აქვე არ ვახსენო, რომ ორივე შემთხვევაში, 2013 წელსაც და 2021 შიც, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდი წვლილი საზღვარგარეთ ცხოვრებას მიუძღვის. 2013 წლის აგვისტოში ამერიკაში წავედი სრული სტიპენდიით ოთხი წლით, ხოლო 2021 წლის აგვისტოში შვედეთში დავბრუნდი, სადაც ახლა მაგისტრატურას ვამთავრებ, ასევე სრული სტიპენდიით. შეიძლება ითქვას, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებამ გამაძლიერა და საკუთარი თავის მიმღებელი გამხადა, რადგან ამერიკაშიც და შვედეთშიც  თითქმის საერთოდ აღარ მიწევს ფიქრი ჩემს ქვიარობაზე. როდესაც მიღებული ვარ, მაშინ ჩემი სექსუალობა ჩემი იდენტობის ერთ-ერთი ასპექტია და არა უმთავრესი.

გარემოს შეცვლა იყო ჩემთვის გამკლავების მთავარი გზა. განსაკუთრებით, ამერიკაში გატარებულმა წლებმა მომცა ახალი მეგობრები, უამრავი შესაძლებლობა, საჭირო უნარები, პირველი სერიოზული ურთიერთობა. 16 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ წავედი და 21 წლის ასაკში დავბრუნდი. ამ გადმოსახედიდან, ეს ხუთი წელი უმთავრესი და უძვირფასესი იყო ჩემი პიროვნების ფორმირებისთვის და გაძლიერებისთვის. საქართველოში რომ დავბრუნდი, აქტიურად ჩავერთე ფემინისტურ, ქვიარ და მწვანე აქტივიზმში და მაქსიმალურად ვეცადე, პროგრესულ წრეებში გავრეულიყავი, მეც ჩემი აგური დამედო ამ ქვეყნის უფრო დემოკრატიულ, უფრო თანასწორ და სამართლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.

 

თანასწორობა, თანაბარი შესაძლებლობები და ქვიარი ქალები  

თანასწორობა თანაბარი შესაძლებლობების მიცემად წარმომიდგენია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის, ასევე, სპეციფიკური ბარიერების ნაკლებობად. მაგალითად, ქალები და კაცები შესაძლოა თეორიულად სარგებლობენ თანაბარი წვდომით განათლებაზე,  თუმცა ქალების შემთხვევაში, მათ შეიძლება ხელი შეუშალოს სპეციფიკურმა გარემოებებმა, როგორიცაა, მაგალითად,  საშინაო შრომის ვალდებულება. შესაძლოა, სამსახურში ქალსაც და კაცსაც ჰქონდეს თანაბარი პოზიცია, თუმცა ქალს შეიძლება ნაკლები გადაუხადონ ზუსტად იგივე შრომაში. ასევე, ქალი შეიძლება ნაკლებად დააწინაურონ იმ არგუმენტით, რომ მას საოჯახო ვალდებულებებიც აქვს და იმდენ დროს ვერ დაუთმობს სამსახურს. მოკლედ, თანაბარი უფლება არ ნიშნავს, რომ რეალურად ქალები დისკრიმინაციას არ აწყდებიან ცხოვრების ყველა ნაბიჯზე.

კიდევ უფრო რთულია ამ მხრივ ქვიარ ქალების მდგომაროება, რადგან ამ შემთხვევაში ჩაგვრის მიზეზი ხდება ხოლმე როგორც გენდერი, ასევე სექსუალობა. ქალებს, და მათ შორის ქვიარ ქალებს, აქვთ მძიმე გამოცდილებები ოჯახში ძალადობის, სამსახურში დისკრიმინაციის და შევიწროების, სიღარიბის, სილამაზის სტანდარტების ტირანიის და ა.შ. ქვიარ ქალების შემთხვევაში, ამ ყველაფერს ხშირად ემატება ოჯახის მიერ გარიყვა და ხანდახან სახლიდან გამოგდებაც, მუდმივი შიში და მალვა, საკუთარ თავთან გაუცხოება და საკუთარი თავის მიუღებლობა, სამსახურში და სასწავლებელში სექსუალობაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია და ა.შ.

მტრულ გარემოში მცხოვრებ ქალებს ვეტყოდი, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი შეიძლება გარკვეული შინაგანი ძალის პოვნა და საკუთარი გარემოს გარდაქმნა, შემდეგ კი სხვებისთვის მაგალითის მიცემა.

 

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ქვიარებისთვის, ქვიარებმა კი უკეთესი გარემოსთვის

სახელმწიფოს მოეთხოვება ქვიარ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება კონკრეტული ნაბიჯებით. ეს მოიცავს როგორც ღირსების მარშის და სხვა საჯარო გამოხატვის დაცვას, ასევე, ისეთი საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორიცაა საცხოვრებელი, სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობა, უმაღლესი განათლება, დასაქმება და სამსახურში დისკრიმინაციის აღმოფხვრა. სახელმწიფომ სათანადოდ უნდა დასაჯოს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, შეზღუდოს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის მზაობა არ ჩანს, რადგან მმართველი ძალა თავად აქეზებს და ხელს აფარებს ამ ძალადობრივ დაჯგუფებებს.

ქვიარებმა, პირველ რიგში, ინდივიდუალურ დონეზე, საკუთარი თავი უნდა მივიღოთ და შემდეგ გახსნილად ვისაუბროთ ჩვენს გამოცდილებებზე  დანარჩენ საზოგადოებასთან. კოლექტიურ დონეზე კი მხარდაჭერის სისტემები უნდა შევიმუშაოთ/დავხვეწოთ, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ და როგორც თემი, გააზრებულად და პასუხისმგებლობით შევიდეთ დანარჩენ საზოგადოებასთან დიალოგში.

 

,,პასუხისმგებლობა მაკისრია, რომ ჩემი ქვეყანა უკეთესისკენ შევცვალო”

ჩემთვის თავისუფლება, პრაქტიკულ დონეზე, არის სივრცე, რომ თავად განვსაზღვრო ჩემი ცხოვრების დიდი და მცირე ნაბიჯები, მეტწილად მაინც. მჯერა, რომ სრული თავისუფლება ილუზიაა, რადგან ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ეპოქა, და თუნდაც ჩვენი ბიოლოგია წინასწარ ზღუდავს ზოგ შესაძლებლობას და პირიქით, გაქანებას აძლევს სხვა შესაძლებლობებს. ამის მიუხედავად, მუდამ ვცდილობ, თავად განვკარგო საკუთარი ცხოვრება. ოღონდ განვკარგო არა მხოლოდ საკუთარ სურვილებზე დაყრდნობით, არამედ ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების წევრი ვარ და პასუხისმგებლობა მაკისრია იმაზე, რომ ჩემი ქვეყანა უკეთესისკენ შევცვალო.

რა მაძლევს ძალას, რომ არ დავთმო საკუთარი თავი? სურვილი, რომ მაგალითი ვიყო სხვებისთვის და საქართველოში ადამიანების (და არა მხოლოდ ქვიარ ადამიანების) ცხოვრება უკეთესი გავხადო, ჩემი წვლილი შევიტანო იმ ცვლილებებში, რაც ქვეყანაში ასე ძალიან გვჭირდება. ახლაც, მაგისტრატურას რომ დავამთავრებ, ვაპირებ შვედეთიდან საქართველოში დავბრუნდე, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია ცხოვრება, მით უმეტეს, ქვიარ ადამიანისთვის.

 

რჩევები ქვიარებს

ყველა ქვიარ ადამიანს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ვურჩევდი, რომ გამოიყენოს ის და ცოტა ხნით მაინც დატოვოს საქართველო.  ახლა ახალგაზრდებისთვის უამრავი სტიპენდიაა, გაცვლითი პროგრამებია, მოხალისეობის შესაძლებლობებია. საზღვარგარეთ ცხოვრება და მოგზაურობა ნამდვილად კარგი გზაა საკუთარი თავის მიღების და სხვადასხვა საჭირო უნარის შეძენისთვის.

ზოგადად კი, ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ვცდილობ, პერიოდულად მაინც მოვწყდე სოციალურ მედიას და ახალ ამბებს, რომელიც ტრაგედიების დაუსრულებელი ქრონიკაა. მობილური გამოვრთო და გავისეირნო, ლაშქრობაში წავიდე, გიტარაზე დავუკრა, ხან, ჩემს ძაღლებს მოვეფერო. შვედეთში ყოფნისას, რეგულარული ვარჯიში დავიწყე დარბაზში, რაც ძალიან მეხმარება, როგორც ფიზიკურად, განსაკუთრებით კი მენტალურად კარგად ყოფნაში.

მივიღოთ საკუთარი თავი და მეტი დრო დავუთმოთ მასზე ზრუნვას. შევქმნათ მხარდაჭერის სისტემები, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიყოთ მინდობილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვიჭირს. გავაძლიეროთ შიდა კავშირები ქვიარ თემში და ადამიანურ დონეზე მაინც დავალაგოთ ურთიერთობები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რადგან, საბოლოოდ, მაინც საერთო ბრძოლა გვაქვს. შევიყვაროთ ცხოვრება, თავისი ავკარგიანობით და ყოველდღიურად ჩავებღაუჭოთ რაიმე მარტივ ბედნიერებას, როგორიცაა ახლობელ ადამიანთან საუბარი, ჩახუტება, ფინჯანი ყავა, მზის სინათლე, ხანდახან კი წვიმა, ჭიქა ღვინო, ამაღელვებელი მელოდია, გემრიელი დესერტი… ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ღიმილს მოგგვრის, გულს აგვიჩქროლებს და წამით მაინც მოგვცემს ჩვენი ცხოვრების რომანტიზების საშუალებას.

 

 

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

ფოტოები: ვახო ქარელი

 

 

 

წინა

ფლანგვის დეტექტორმა ალტ-ინფოს ფინანსები და ქართულ ოცნებასთან კავშირები შეისწავლა

შემდეგი

ეთიკის ქარტიის ტრენინგი გენდერისა და ლგბტქი საკითხების გაშუქების შესახებ

ბოლო სიახლეები

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მხარდამჭერი დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანების სასარგებლოდ

FacebookTweetLinkedInEmail 28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების

პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ორი კაცი დააკავეს

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს. 1960 წელს დაბადებულს კაცს

მამუკა მდინარაძემ „გეი პროპაგანდის“ კანონით აკრძალვა დააანონსა

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული