აპრილი 2022 - Page 2

ზურა მახარაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

ულტრამემარჯვენე პრორუსული „ალტ-ინფოს“ სახე ზურა მახარაძე პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, პარტიამ ამის შესახებ განცხადება 28 მარტს შეიტანა.

11 აპრილს საქართველოს საჯარო რეესტრმა ზურა მახარაძის შემცვლელად, კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარედ, გიორგი ქარდავა დაამტკიცა. მანამდე ქარდავა გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა. ამ ეტაპზე მისი ადგილი შოთა მარტინენკოს ერგო. 11 აპრილის ცვლილებების მიხედვით, შეიცვალა პარტიის სახელიც. მას „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ დაარქვეს.

„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მახარაძე რუსეთში უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაემგზავრა, მაგრამ დამატებით განმარტებაზე უარი განაცხადა. 13 მარტს, მორგოშიამ საინფორმაციო გამოცემა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ზურასთან დაკავშირებით პარტიას სხვა გეგმები აქვს, ის რჩება პარტიაში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე.

„ალტ-ინფომ“ თავისი პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ გასული წლის ნოემბერში წარადგინა. საზოგადოებამ ხელისუფლებას მოუწოდა უარი ეთქვა მათ რეგისტრაციაზე, რადგან პარტიის ლიდერები 2021 წლის ივლისში, მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ და ყოველთვის გამოირჩევიან აგრესიით, ძალადობრივი ქმედებებითა და პრორუსული განცხადებების გავრცელებით.

თებერვალსა და მარტში იყო მცდელობები, რომ „ალტ-ინფოს“ რეგიონული ოფისები ვერ გაეხსნა. ზოგიერთ შემთხვევაში ჯგუფის მხარდამჭერებმა საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს ძალადობით უპასუხეს, მათ შორის, ქობულეთსა და ზუგდიდში.

მსოფლიოში პირველი ღიად გეი მონარქი ინდოეთში „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვისთვის იბრძვის

ინდოეთის პრინცი მანვენდრა სინგ გოჰილი, რომელიც სამეფო ოჯახის მსოფლიოში პირველ ღიად გეი წარმომადგენლად ითვლება, „გარდაქმნის თერაპიის“ წინააღმდეგ იბრძვის.

56 წლის პრინცი 2006 წელს „დაქამინგაუთდა“, იმ დროისთვის ინდოეთში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებული იყო და პრინცის თქმით, ელექტროშოკით და სხვა მეთოდებით ცდილობდნენ მისი ორიენტაციის შეცვლას.

„ჩემმა მშობლებმა ჩათვალეს, რომ შეუძლებელი იყო, გეი ვყოფილიყავი, რადგან კულტურით მდიდარ გარემოში გავიზარდე. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ სექსუალობა და აღზრდა ერთმანეთთან კავშირში არაა. მათ ექიმებს მიმართეს და ჩემს ტვინზე ზემოქმედება განიზრახეს, რათა ჰეტეროსექსუალად ვექციე, რამაც ელექტროშოკის თერაპიამდე მიმიყვანა“, — აღნიშნა პრინცმა იმ მომენტის გახსენებისას, როცა მშობლებს სექსუალური ორიენტაცია გაუმხილა.

„გარდაქმნის თერაპიის“ მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ მშობლებმა პრინცზე საჯაროდ თქვეს უარი და წოდება ჩამოართვეს. მედიასაშუალებებში იწერებოდა, რომ პრინცის წოდება „საზოგადოებისთვის მიუღებელი“ ქმედებების გამო ჩამოერთვა.

პრინცმა არასამთავრობო ორგანიზაცია, Lakshya Trust დააფუძნა, რომელიც ლგბტქი უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. BBC-ის თანახმად, 2018 წელს პრინცმა წინაპრების სახლი მხარდამჭერ ოფისად გარდაქმნა, რომელიც თემის წევრებს სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია ინდოეთში ქვიარ ურთიერთობები ლეგალურია, „გარდაქმნის თერაპია“ აკრძალული ჯერაც არაა. ამიტომ, პრინცი მანვენდრა არაეთიკური პრაქტიკის აკრძალვას ითხოვს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია იმ ადამიანებმა, რომელთაც საჯარო პლატფორმა აქვთ, „გარდაქმნის თერაპიის“ წინააღმდეგ საუბარი დაიწყონ. მისი თქმით, ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლა დაუსრულებელი ციკლია, ამიტომ გაჩერებას არ აპირებს.

წყარო: news24

რუსულმა სასამართლომ ყველაზე დიდი ლგბტქი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა

პეტერბურგის სასამართლომ რუსული ლგბტქი ორგანიზაციის, Sphere-ის ლიკვიდაციის ნებართვა გასცა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ თებერვალში შეიტანა სარჩელი, რომლითაც იმ ორგანიზაციის ლიკვიდაციას ითხოვდა, რომელიც რუსული ლგბტქი ქსელის მუშაობას უზრუნველყოფდა. სამინისტროს მტკიცებით, ორგანიზაცია „ტრადიციულ ღირებულებებთან“ წინააღმდეგობაში იყო.

სამინისტრომ ორგანიზაცია „ლგბტქი აზრების“ გავრცელებაშიც დაადანაშაულა, ასევე 18 წელს მიუღწეველ ადამიანებთან თანამშრომლობაში და „ლგბტქი მოძრაობის სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციული მოწყობის შეცვლის მცდელობაში“ — სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, „გეი პროპაგანდის“ შესახებ კანონის დარღვევაში.

2011 წელს დაარსებულ ორგანიზაციას 2016 წელს ოფიციალურმა უწყებებმა „უცხოეთის ჯაშუში“ უწოდეს, 2021 წელს იმავე სახელით მოიხსენიეს ლგბტქი ქსელი და Sphere-ის დამფუძნებელი, იგორ კოჩეტკოვი. იმავე დროს სახელმწიფო მედიებმა ლგბტქი მოძრაობის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს.

„ ორგანიზაციის 11-წლიან ისტორიაში Sphere არცერთი რეგულაციის დარღვევაში ყოფილა შემჩნეული. სახელმწიფოს მხრიდან საწინააღმდეგოს მტკიცება იდეოლოგიურია და კანონთან შესაბამისობაში არაა. არ ვტირი, ამაყი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც გასულ 11 წელში გავწიეთ. ცალსახაა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება არა სამართლებრივ საფუძველზე, არამედ იდეოლოგიური მიზეზებით მიიღო. რუსული კანონმდებლობა არ კრძალავს იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც „ღირებულებებზე“ კომენტარს არ აკეთებენ. კანონმდებლობაში უბრალოდ არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის საფუძველი. მუშაობას მაინც გავაგრძელებთ. მათი ხელები ბინძურია, მაგრამ ზედმეტად მოკლე, რომ ჩვენი დაბლოკვა შეძლონ“, — აღნიშნა კოჩეტკოვმა.

ხელისუფლების ზეწოლის გამო არაერთი ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია მუშაობას წყვეტს ან იძულებით კრძალავენ. რუსული ხელისუფლება ადამიანის უფლებაზე მომუშავე ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის, ლგბტქი მოძრაობის შეჩერებას ცდილობს. სწორედ ამიტომ მრავალი უფლებადაცვითი ორგანიზაცია და აქტივისტი „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხეს და მათ წინააღმდეგ დევნა დაიწყეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად მუშაობა შეუფერხებლად შეძლონ.

წყარო: LA Blade

სირიელი ლგბტქი ადამიანების აუტანელი ყოფა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება დუმს

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ჰომოფობია კვლავ მძვინვარებს. ამ რეგიონების უმეტეს ქვეყანაში ლგბტქი თემის უფლებებს არ აღიარებენ და ქვიარ კავშირები კრიმინალიზებულია. სირიელი ლგბტქი ადამიანები დისკრიმინაციის სამიზნე ყოველდღიურად ხდებიან, ამას სახელმწიფო პოლიტიკა და კანონმდებლობა უმაგრებს ზურგს, რომელიც სიძულვილსა და ნებისმიერი იმ ადამიანის მიმართ აგრესიას აღვივებს, რომლებიც სოციალურ სტანდარტებსა და მოლოდინებთან შესაბამისობაში არ არიან. სირიული კანონმდებლობის 520-ე მუხლი გეი ურთიერთობებზე სანქციებს აწესებს და ლგბტქი ადამიანებს 3 წლამდე პატიმრობის საფრთხესაც კი უქმნის.

ჰაზემმა (აქ და შემდეგ ისტორიებშიც სახელები შეცვლილია), სირიელმა გეი კაცმა, Al-Monitor-თან საუბრისას აღნიშნა — „ვიღაცამ დამასმინა, რის შემდეგაც დამაკავეს და 8 თვის განმავლობაში წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი. როდესაც ამნისტიით გამომიშვეს, [ოპოზიციასთან დაკავშირებულ] სირიის ეროვნული არმიის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავედი, რადგან განმეორებით დაკავების შიში მქონდა. ჩემი სექსუალური ორიენტაციისა და არატოლერანტული საზოგადოების გამო სამსახურის ვერ ვპოულობ. იძულებული ვარ, სრულებით დავმალო ჩემი იდენტობა, რადგან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანის საფრთხე მემუქრება“.

მაჯდიც გეი კაცია, რომელიც ახლა თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს. ის ჰყვება — „თურქეთში 6 წელზე მეტია დავსახლდი, რადგან სირიაში სექსუალური იდენტობის გასაიდუმლოება და შიშში ცხოვრება მიწევდა. მდგომარეობა არც თურქეთშია ბევრად უკეთესი — ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში სამსახური 2018 წელს დავკარგე, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გეი ვარ. ახალ სამსახურს იმავე მიზეზის გამო ვერ ვიწყებ. ახლახან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადი გავგზავნე. ჩემი შიში და უარყოფის განცდა უსასრულოა და მას შემდეგ, რაც თურქეთი სტამბულის კონვენციიდან გავიდა, კიდევ უფრო გამძაფრდა. განსაკუთრებით მაშინ ვშიშობ, როცა სახელმწიფო უწყებებთან მიწევს შეხება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ჰომოსექსუალობა აკრძალული არაა, საზოგადოება მაინც ნეგატიურად არის განწყობილი. თურქეთში ჰომიციდის შემთხვევები განსაკუთრებით მაღალია, ხელისუფლებამ კი ყველა ლგბტქი თემთან დაკავშირებული ღონისძიება აკრძალა. მინდა, ეს ქვეყანა დავტოვო და ნორმალური, უსაფრთხო ცხოვრებით ვიცხოვრო, სანამ ძალიან გვიან იქნება“.

ქვიარ ადამიანების სამწუხარო გამოცდილებების პარალელურად, სირიელი ლგბტქი აქტივისტები კამპანიებს გეგმავენ, რათა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები შეიცვალოს და უფლებებზე საუბარი გააქტიურდეს. მსგავსი ინიციატივები, უმეტეს შემთხვევაში, დასახულ მიზანს ვერ აღწევს და დაგეგმვის სირთულეების, განგრძობითი ხასიათის არარსებობის გამო, ამ ინიციატივებს მალევე ივიწყებენ.

24 მარტს, სირიელმა აქტივისტებმა და ლგბტქი თემის ნაწილმა სირიული ორგანიზაცია Guardians of Equality Movement (თანასწორობის მოძრაობის მცველები) დააარსეს, რომელიც მიზნად ლგბტქი ადამიანთა უფლებების დაცვას ისახავს. აღნიშნული ორგანიზაცია პირველი ნაბიჯია სირიელი ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ განმეორებითი დანაშაულების შესაჩერებლად და დაცვის გარანტიების შესაქმნელად.

„GEM განსაკუთრებით მოწყვლადი სირიელი ლგბტქი ადამიანების დაცვასა და ადამიანის უფლებების ადვოკატირებას ისახავს მიზნად, როგორც სოციალურ, ისე დიპლომატიურ დონეზე და არ ითვალისწინებს ადამიანთა პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ კუთვნილებას. ჩვენი პროგრამები სირიელი ლგბტქი ადამიანების აუცილებელ საჭიროებებს უზრუნველყოფს და მათ, მათ შორის, ნაკლებად უსაფრთხო გარემოში, ჰოლისტური დაცვის სერვისებს აწოდებს, აღვრიცხავთ ლგბტქი უფლებების დარღვევებს, ვატარებთ კვლევებს და ადვოკატირებას ვუწევთ ლგბტქი უფლებების დაცვას“, — ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებსაიტზე.

Al-Monitor-თან საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა და თქვა — „წარსულში ორიენტაციის გამო დამაკავეს და იძალადეს, ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ სირიაში ლგბტქი უფლებების დაცვისთვის არცერთი ორგანიზაცია არ მუშაობდა. ამან მიბიძგა, რომ თანამოაზრეები, აქტივისტები შემომეკრიბა და GEM დამეარსებინა. სამიზნე აუდიტორიამდე მედიის, სოციალური მედიის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ჩვენივე წევრების დახმარებით ვაღწევთ. ბენეფიციართა უსაფრთხოების და ანონიმურობის დასაცავად მონაცემთა დაცვის ძლიერ მექანიზმებს ვიყენებთ. მას შემდეგ, რაც ძალადობის ფაქტს გამოვიძიებთ, მსხვერპლებს ფინანსურ დახმარებას და უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ვთავაზობთ.

„გასულ წელს დროებით დამაკავეს. ოჯახთან კონტაქტი და ადვოკატის აყვანა შემიზღუდეს. დაკავებიდან 4 დღეში, როცა ცემის გამო ჩემი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, კლინიკაში გადამიყვანეს და ამის შემდეგ გამომიშვეს. არც მერე მომასვენეს და ჩემს სახლს გამუდმებით არბევდნენ. GEM-ისგან $7-ათასიანი გრანტი მივიღე და ქალაქგარეთ გადავცხოვრდი. ახლა თურქეთში გაღწევა და ევროპაში გადასვლა მინდა“, — აღნიშნა ლგბტქი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა. 

სირია ათწლეულზე მეტია, სისხლიან კონფლიქტშია ჩართული და ამ დროის განმავლობაში ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის, მათ შორის, გატაცების, დაკავების, სექსუალური ძალადობის შემთხვევები სირიის არაერთ რეგიონში გახშირდა. საერთაშორისო ორგანიზაციები გამოსავლის პოვნას ვერ ახერხებენ, საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების დახმარება რომ შეძლონ, რასაც ძალადობის ფაქტებზე საერთაშორისო მედიის დუმილი ემატება. სირიის ლგბტქი თემის შესახებ მიახლოებული სტატისტიკაც კი არ არსებობს, რადგან უმეტესობა საკუთარი იდენტობის გამხელას ერიდება.

ფადელ აბდულ განი, ადამიანის უფლებათა დამცველი სირიული ქსელის დირექტორი აღნიშნავს, რომ უფლებადაცვით საქმიანობას სირიაში არსებული უარყოფის მდგომარეობა და საზოგადოების ლგბტქი თემის საწინააღმდეგო განწყობა ართულებს, ამიტომ „ორგანიზაციები ადამიანთა დაცვას ვერ ახერხებენ. ლგბტქი სირიელებზე თავდასხმების, მათ შორის, მკვლელობის, წამებისა და იძულებითი გასახლების შემთხვევები გრძელდება, სანამ უფლებადაცვითი ორგანიზაციები მდგომარეობის დიდ აუდიტორიამდე მიტანისგან თავს იკავებენ“.

წყარო: AL-Monitor

სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ გეი ჯარისკაცების არასამუშაო საათებში სექსისთვის გასამართლება დაგმო

სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო, რომლითაც გეი ჯარისკაცები სამხედრო ბაზის გარეთ სქესობრივი კავშირისთვის დამნაშავედ სცნეს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება სცდებოდა სამხედრო კანონმდებლობაში „სოდომის ცოდვის“ ჩარჩოებს, რომელსაც სამოქალაქო ჯგუფები აქტიურად აკრიტიკებენ.  

უზენაესის გადაწყვეტილება, რომ საქმე შეიარაღებული ძალების სასამართლოსთვის განსახილველად კიდევ ერთხელ გადაეცათ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფებმა მოიწონეს. აქტივისტები ქვეყნის მიერ 1962 წელს მიღებულ კანონმდებლობას დიდი ხანია აპროტესტებენ, რომელიც სამხრეთ კორეის კაცების სიმრავლით გამორჩეულ შეიარაღებულ ძალებში გეი სექსს კრძალავს.

კანონმდებლობით ჯარისკაცებს შორის „ანალური სქესობრივი კავშირი“ და „ნებისმიერი სხვა მიუღებელი აქტი“ ორ წლამდე პატიმრობით ისჯება. მოსამართლის მსჯელობის თანახმად, არასამუშაო საათებში ნებაყოფლობით სექსზე შეზღუდვები არ უნდა ვრცელდებოდეს.

„ის იდეები, რომლებიც მიუღებლად ითვლებოდა, დროის და საზოგადოების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა. ხედვა, რომ კაცებს შორის სქესობრივი კავშირი დამამცირებელი და ამორალურია, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი დროის მორალურ სტანდარტებთან და მისაღები არ არის“, — აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.

სასამართლომ მოგვიანებით პრესრელიზიც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან „მიუთითებს, რომ ერთი და იმავე სქესის სამხედრო მოსამსახურეებს შორის ნებაყოფლობითი სექსი დასჯადი აღარ უნდა იყოს“.

ისტორიული საქმე ლეიტენანტსა და სერჟანტს შორის არსამუშაო დროს სქესობრივ კავშირს შეეხებოდა. 2017 წლის საქმე ერთ-ერთია, სულ მცირე, ცხრა ჯარისკაცის საქმისგან, რომლებსაც „არმიის მიერ გეი კაცებზე აგრესიული თავდასხმა“ უწოდეს.

სამხრეთ კორეულმა სასამართლომ გასული წლის ოქტომბერში ტრანსგენდერი ჯარისკაცის წინააღმდეგ არაკანონიერი დისკრიმინაციაც დაადგინა. ჯარისკაცი ჯარიდან ქირურგიული ოპერაციის გაკეთების გამო გაათავისუფლეს. სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯარისკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

წყარო: abc News

ნორვეგიამ გეი მოქალაქეებს წარსულის შეცდომებისთვის ბოდიში მოუხადა

ნორვეგიის ხელისუფლებამ გეი მოქალაქეებს ქვეყანაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის 50 წლისთავზე ბოდიში მოუხადა. 

„მინდა, ნორვეგიის ხელისუფლების სახელით ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ გეი ადამიანებს ისე ვეპყრობოდით და ვასამართლებდით, როგორც დამნაშავეებს“, — აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა ჰონას გარ სთორმა უფლებადამცველი ჯგუფების მიერ გამართულ ღონისძიებაზე. 

სახელმწიფო მონაცემების თანახმად, 1902-დან 1950 წლამდე, ნორვეგიაში 119 კაცი გაასამართლეს სხვა კაცებთან სქესობრივი ურთიერთობის ბრალდებით. გეი სექსის კრიმინალიზების კანონი 1972 წელს გაუქმდა. 

გეი სექსი პატიმრობით ისჯებოდა, გარდა ამისა, აღნიშნულმა მიდგომამ საზოგადოებაში სტიგმის გამყარებას შეუწყო ხელი.

„კანონმდებლობას უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რამაც ქვიარ ადამიანების დაგმობას, დისკრიმინაციას, დამცირებასა და შანტაჟს ხელი შეუწყო. ადამიანების პირადი ცხოვრების გამო დამნაშავეებად გამოცხადება და დასჯა, ჯანმრთელი ადამიანების სამედიცინო მკურნალობაში ჩართვა, კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობის წართმევა ჩვენი ღირებულებების უხეში დარღვევაა“, — ნათქვამია ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აქტივისტებმა ოფიციალური მობოდიშება მოიწონეს და უფლებადაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მიანიშნეს, როგორიც „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვა, მესამე გენდერის სამართლებრივი აღიარება და ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვისა და ზრუნვის სერვისებზე მეტი ხელმისაწვდომობაა.

„მრავალი ჩვენგანისთვის ეს დაგვიანებულია. ვიცით, რომ მრავალი ადამიანი ცხოვრობდა და კვლავ ცხოვრობს სტიგმით დაღდასმული“, — აღნიშნა ინგე ალექსანდერ გიესტვანგმა, გეი უფლებადაცვითი ორგანიზაციის — FRI-ს ლიდერმა TV2-თან საუბრისას. 

ILGA-ს 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჰომოსექსუალობა 69 ქვეყანაში იყო დასჯადი, მათ შორის 11-ში კი ქვიარ ადამიანებს სიკვდილით სჯიან.

წყარო: The Local

10 საბავშვო ანიმაციური სერიალი, რომლებშიც ქვიარ პერსონაჟებს შეხვდებით

2010 წლამდე ქვიარ რეპრეზენტაცია სატელევიზიო სერიალებში ძალიან სუსტი იყო, ლბგტქი ადამიანები ხშირად არასწორად ან სწორხაზოვნად იყვნენ წარმოჩენილები. საბედნიეროდ, დღეს ეს ყველაფერი იცვლება, ქვიარ პერსონაჟები საბავშვო ანიმაციურ სერიალებში გამოჩნდნენ და არაერთ დაუვიწყარ ისტორიას სთავაზობენ პატარა მაყურებლებს.

გთავაზობთ ათ საბავშვო ანიმაციურ სერიალს, რომელშიც  ქვიარ პერსონაჟებს შეხვდებით:

Sailor Moon

შეუძლებელია, ქვიარ ანიმაციები ვახსენოთ და არ გაგვახსენდეს 90-იანი წლების პოპულარული იაპონური ანიმე, რომელიც ნაოგო ტაკეუჩის მანგას ეფუძნება. ანიმე სკოლის მოსწავლე უსაგი ტსუკინოს, იგივე Sailor Moon-ის ისტორიას გვიყვება, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად პლანეტა დედამიწის დასაცავად ბოროტებას ებრძვის.

ჟანრის კლასიკად მიჩნეულ ანიმეში ქვიარ პერსონაჟები ჯერ კიდევ იმ დროიდან გვხვდება, როცა სხვა საბავშვო სერიალებში ერიდებოდნენ ამ თემების წინ წამოწევას. სერიალში ბაჩი და ფემინური ლესბოსელების წყვილს, Sailor Uranus-ს და Sailor Neptune-ს ვხვდებით, რომლებიც ინგლისურენოვან დუბლირებაში ბიძაშვილებად არიან ნათარგმნი.

 

თავგადასავლების დრო 

,,თავგადასავლების დრო” 2010-2018 წლის ანიმაციური სერიალია, რომლის 9 სეზონიც იხილა მაყურებელმა. სერიალში მოქმედება პოსტ-აპოკალიპტურ, გამოგონილ სამყარო Ooo-ში ვითარდება, სადაც ფინი და წელვადი ძაღლი ჯონი მუდმივად დაუვიწყარ თავგადასავლებში ეხვევიან.

Cartoon Network-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტში ბაბლგამ პრინცესის და მარსელინის, ვამპირების დედოფლის სიყვარულის ისტორია მრავალი სეზონის განმავლობაში ვითარდებოდა და საბოლოოდ, სერიალის ფინალში გოგონების წყვილმა ერთმანეთს აკოცა კიდეც.

 

ავატარი: ლეგენდა კორაზე

2000-იან წლებში ავატარის ლეგენდამ აანგზე უამრავი ბავშვის გული მოიგო. სერიალის სამი სეზონი იხილა მაყურებელმა და მას შემდეგ დიდი მოლოდინი გაჩნდა, თუ როგორ შეიძლებოდა გაგრძლებულიყო ცეცხლის, ჰაერის, მიწისა და წყლის სამყაროში შემდეგი ავატარის ისტორია.

ავატარის გაგრძელება Nickelodeon-ზე 2012 წელს გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ სერიალი თვისობრივად განსხვავდება წინამორბედისგან, მასში უფრო მეტი დრო დაეთმო ქვიარ რეპრეზენტაციას, ახალი ავატარი კორა ანიმაციურ სერიალში ბისექსუალია და სერიალის მსვლელობისას რომანტიკული გრძნობები უჩნდება ასამი სატოს მიმართ.

 

სტივენ იუნივერსი

https://www.youtube.com/watch?v=RGcRotPd5xk

„სტივენ იუნივერსი“ Cartoon Network-ის კიდევ ერთი ანიმაციური სერიალია, რომლის შემქმნელიც არაბინარული იდენტობის რებეკა შუგარია. სერიალში მოქმედება გამოგონილ ქალაქ Beach City-ში ვითარდება და გვიამბობს პატარა ბიჭუნას, სტივენ იუნივერსის ისტორიას, რომელზე მზრუნველობაც უცხლოპლანეტელთა ტრიოს აქვს აღებული.

მთავარი პერსონაჟი თავისი ქმედებებით ბავშვებს ასწავლის, როგორ შეიძლება დავძლიოთ ტოქსიკური მასკულინობა, ამასთან ერთად, სერიალში ძალიან დიდი დრო ეთმობა ქვიარ პერსონაჟების რეპრეზენტაციას, მათ შორის, საფირის და რუბის ურთიერთობას.

 

OK K.O! მოდი ვიყოთ გმირები

„OK K.O! მოდი, ვიყოთ გმირებში“ მოქმედება შორეულ 201X წელში ვითარდება და გვიამბობს K.O.-ს ისტორიას, რომელსაც სურს, იყოს გმირი ვიდეოთამაშის მსგავს სამყაროში და მუშაობას იწყებს Car’s Bodega-ში, სადაც თავის საუკეთესო მეგობრებთან, რადთან და ენიდთან ერთად, ბოროტმოქმედებს ებრძვის.

სერიალში მნიშვნელოვანი როლი ეთმობა ქვიარ თემატიკის წინ წამოწევას, ანიმაციის ბოლო სეზონში არაერთი ქვიარ პერსონაჟი იხილა პატარა მაყურებელმა, როგორც გმირების მხარეს, ასევე ბოროტმოქმედების მხარეს, თუმცა სერიალი სამი სეზონის შემდეგ გაუქმდა.

 

ხმაურიანი სახლი

„ხმაურიანი სახლი“ Nickelodeon-ის კიდევ ერთი სერიალია, სადაც მოქმედება თერთმეტი წლის ლინკოლნ ლაუდის გარშემო ვითარდება, ბიჭუნა დიდ სახლში მშობლებთან და  10 დასთან ერთად ცხოვრობს. სერიალი დიდი და ხმაურიანი ოჯახის სახალისო და ფათერაკებით სავსე ისტორიას გვიამბობს. სერიალში ერთ-ერთ მთავარ გმირად ლინკოლნის საუკეთესო მეგობარი, კლაიდიც გვევლინება.

სერიალი არხის ისტორიაში პირველია, სადაც დაქორწინებული გეი წყვილია ნაჩვენები, რომელთა შვილთანაც ხმაურიანი სახლის ბინადარი, ლინკოლნი მეგობრობს. სერიალში ლინკონლის ერთ-ერთ დას, ლუნას, რომანტიკული გრძნობები უჩნდება თავისი თანატოლი გოგონას, სემის მიმართ.

 

დენჯერი და ეგგსი  

„დენჯერი და ეგგსი“ ამაზონის 2017 წლის საბავშვო სერიალია, რომელიც ორი მეგობრის, დ.დ. დენჯერის და გიგანტური კვერცხის, ფილიპის ისტორიას გვიამბობს. მეგობრები მუდმივად ეძებენ დაუვიწყარ თავგადასავლებს და ათასგვარ ხათაბალაში ეხვევიან.

როგორც მისი შემქმნელი, აიდი პეტოსკი აღწერს, სერიალი არის გენდერისგან თავისუფალი მდედრობითი სქესის ლესბოსელი ბავშვის და მისი გიგანტური კვერცხი მეგობრის ისტორია. ამასთან ერთად, ის ამბობს, რომ სერიალის მიზანია, ესაუბროს ბავშვებს ლგბტქი თემებზე ქარაგმების, მეტაფორების და სიმბოლიკების გარეშე.

 

She-Ra: ძალაუფლების პრინცესა

„She-Rა და ძალაუფლების პრინცესა“ 80-იანი წლების კლასიკური ანიმაციური ფილმის რებუტია, სადაც მოთხრობილია ობოლი გოგონას ისტორია, რომელსაც ჯადოსნური ხმალი უძლეველ გმირად, ში-რად გადააქცევს. გოგონა ჯადოსნური ძალების მიღების შემდეგ აჯანყებას იწყებს ბოროტების დასამარცხებლად.

გარდა იმისა, რომ სერიალი ფემინისტურ მესიჯებს ატარებს და პატარა გოგოებს აჩვენებს ისეთ ქალ პერსონაჟს, რომელიც არ არის მოლოდინის რეჟიმში, როდის გამოჩნდება პრინცი მის ცხოვრებაში, ამასთან ერთად, სერიალში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქვიარ რეპრეზენტაციას და მრავალი სეზონის განმავლობაში თვალს ვადევნებთ კატრასა და ადორას სიყვარულის ისტორიას.

 

კიპო და საოცარი მონსტრების ეპოქა

„კიპო და საოცარი მონსტრების ეპოქა“ 2015 წლის ვებკომიქსების სერიას ეფუძნება და გვიამბობს მომავლის სამყაროზე, შორეულ 23-ე საუკუნეზე, სადაც ადამიანები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ. მთავარი პერსონაჟი კიპო კი ერთ დღესაც გადაწყვეტს, მიწისქვეშეთიდან ხმელეთზე ამოვიდეს და მოძებნოს თავისი დაკარგული ოჯახი მაშინ, როცა სამყარო სავსეა მოლაპარაკე, ანთროპომორული ცხოველებით.

გარდა იმისა, რომ სერიალმა უამრავი ჯილდო და აღიარება მოიპოვა თვალისმომჭრელი დიზაინისა და სიუჟეტური ხაზის გამო, სერიალში დიდი ადგილი ეთმობა სხვადასხვა კანის ფერის ადამიანის და სექსუალური იდენტობების რეპრეზენტირებას. „კიპო“ პირველი სერიალია, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი, ბენსონი ამბობს, რომ გეია და უყვარს მეორე პერსონაჟი ტროი.

 

ბუს სახლი

„ბუს სახლი“ დისნეის 2020 წლის ანიმაციური სერიალია, რომელიც გვიამბობს დომინიკელი-ამერიკელის, ლუზ ნოკედას ისტორიას. ფენტეზიზე შეყვარებული გოგონა ერთ დღესაც მოულოდნელად ჯადოსნური პორტალის საშუალებით აღმოჩნდება „მდუღარე კუნძულების“ სამყაროში, სადაც უამრავი საინტერესო თავგადასავალი გადახდება.

„ბუს სახლი“, გარდა იმისა რომ ჯადოსნურ მოგზაურობას სთავაზობს პატარა მაყურებლებს დაუვიწყარ კუნძულებზე, ამასთან ერთად, მნიშვნელოვან თემებზეც ბავშური ენით ესაუბრება, მთავარ პერსონაჟ გოგონას, ლუზს, სერიალის მსვლელობისას ემოციური გრძნობები უჩნდება ემიტის მიმართ.

 

 

სოლიდარობა სოციალურ მოძრაობებს შორის: რა გვასწავლა რიონის მცველების მაგალითმა

/

ბოლო პერიოდის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი ,,არა ნამახვანჰესს!” 2020 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გაიშალა პირველი საპროტესტო კარავი ჰესების აშენების წინააღმდეგ. პროტესტმა სტარტი სოფელ ჟონეთში აიღო, იმ ადგილას, სადაც კომპანია ენკას ტექნიკა მუშაობდა. Keep Reading

Pabllo Vittar – პირველი დრეგ ქვინი კოაჩელას ფესტივალზე

Pabllo Vittar პირველი დრეგ ქვინია, რომელმაც კოაჩელას ფესტივალზე იმღერა. ყოველწლიური ფესტივალი კალიფორნიაში აპრილში გაიმართა.

28 წლის ბრაზილიელი არტისტი ფესტივალზე 2020 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა კოვიდ-რეგულაციების გამო თარიღი შეიცვალა.

Pabllo მეორე ბრაზილიელი არტისტია, რომელიც კოაჩელას სცენაზე მილიონობით მაყურებლის წინაშე წარსდგა. პირველი ბრაზილიელი არტისტი Anitta-აა.

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს დღე დადგებოდა, მადლობა ღმერთს, ძალიან ბედნიერი ვარ“, – შოუმდე რამდენიმე საათით ადრე დაპოსტა პაბლომ – „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ეს შოუ თქვენია, ჩემი თემის წევრების, ჩემი ფანების, ჩემი ოჯახისა და მეგობრების”.

Pablo Vittar 1993 წელს დაიბადა სან-ლუისში, თუმცა ფინანსური სირთულეების გამო ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილების შეცვლა და სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება.

ადრეულ წლებში არტისტი თავისი ფემინური გარეგნობის და ხმის გამო ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი. მომავალ მომღერალს სკოლაში ცხელი წვნიანით სავსე ჯამიც კი ესროლეს.

13 წლის ასაკში პაბლომ ოჯახური შეკრებებისა და სასკოლო დადგმებისთვის  ქავერების შესრულება დაიწყო და კათოლიკური ეკლესიის მგალობლების გუნდს შეუერთდა.

18 წლის ასაკში პაბლო საცხოვრებლად უბერლანდიაში გადავიდა, სადაც მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო. პირველი წარმატება მუსიკალურ კლიპს, Open Bar-ს მოჰყვა, რომელმაც მილიონობით ნახვა დააგროვა ინტერნეტში.

დღესდღეობით, პაბლოს 4 მუსიკალური ალბომი აქვს ჩაწერილი. ის ძირითადად პორტუგალიურ ენაზე მღერის. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია არეტა ფრანკლინმა, ტინა ტერნერმა, დონა სამერმა, უიტნი ჰიუსტონმა და რუპოლმა.

ერთ-ერთ ინტერვიუში პაბლომ თქვა, რომ მან მამაკაცის სასცენო სახელი აირჩია, რადგან არ სურდა, მსმენელები შეცდომაში შეეყვანა და ეფიქრათ, რომ ტრანსგენდერი ადამიანია, პაბლო დრეგ ქვინია.

შეიძლება ითქვას, რომ პაბლო ყველაზე წარმატებული დრეგ შემსრულებელია ფოლოვერების რაოდენობით, სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე მის შემოქმედებას მილიონობით ნახვა აქვს. პაბლოს წარმატება სახელოვან რუპოლსაც კი უსწრებს.

კოაჩელა ამერიკული მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 1999 წლიდან იმართება. ფესტივალი ყოველწლიურად უამრავ არტისტს მასპინძლობს ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან.

კოაჩელას სცენაზე ისეთ არტისტებს უმღერიათ, როგორებიც არიან როჯერ უოთერსი, პრინცი, ბიონსე, The Cure, Daft Punk.

 

 

#ArmUkraineNow — ახალი კამპანია უკრაინის დასახმარებლად

უკრაინულ-ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Razom-მა , რომელიც ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს, უკრაინის მხარდასაჭერი ახალი კამპანია — #ArmUkraineNow წამოიწყო. კამპანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებით მომარაგებას ისახავს მიზნად და უკრაინის მხარდამჭერებს მოუწოდებს:

  1. გადაიღონ ფოტო, რომელზეც გამოჩნდება სლოგანი — #ArmUkraineNow;
  2. გააზიარონ ფოტო სოციალური ქსელებით, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ან, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის განკუთვნილ მცირე მიმართვას დაურთავენ. რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ უკრაინის მძიმე შეიარაღებით მომარაგება მოითხოვონ და მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენისკენ მოუწოდონ;
  3. ფოტოს აღწერაში ჰეშთეგი გამოიყენონ და მონიშნონ სამი მეგობარი, რათა კამპანია ვირუსულად გავრცელდეს.

„უკრაინის დამატებითი შეიარაღებით აღჭურვის გარეშე ეს ომი დაუსრულებელი და სისხლისმღვრელი იქნება, რაც უიმედობას, ტანჯვას, კიდევ უფრო მეტ სიკვდილს მოიტანს. ომის დანაშაულები მარიუპოლის, ბუჩას და კრამატორსკის მიღმაც გავრცელდება. ომის გლობალური გავლენა მსოფლიოში ყველასთვის გაართულებს ცხოვრებას და გასცდება უკრაინის საზღვრებს. რაც უფრო მალე შეიარაღდება უკრაინა, მით უკეთესი ყველასთვის“, — აღნიშნულია Razom-ის განცხადებაში.

უკრაინის მხარდასაჭერ კამპანიაში საზოგადოება უკვე ჩაერთო, მათ შორის, უკრაინელი ლგბტქი მებრძოლები, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან.