მარტი 2022 - Page 6

უკრაინის მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების დასაცავად უმნიშვნელოვანესია – GLAAD

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილი და დეზინფორმაცია უმაგრებს ზურგს და განსაკუთრებით მძიმე გავლენა აქვს უკრაინელ ლგბტქი ადამიანებზე, რომელთაც ცოტა ხანია, რაც ხილვადობა მოიპოვეს და თანასწორობისკენ გადადგეს  ნაბიჯები.

როცა რუსეთის ჯარმა უკრაინას შეუტია, უკრაინელთა დიდი ნაწილი ქვეყნის დასაცავად გაერთიანდა.

„ვხედავთ, რომ ლგბტქი უკრაინელები გმირულ ბრძოლაში ერთვებიან და ქვეყნის თავისუფლების დაცვას ცდილობენ. უკრაინის მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების დასაცავად უმნიშვნელოვანესია. ეს დეზინფორმაციაზე დამყარებული ომია, რომლის სამიზნეც უკრაინა, დემოკრატია და ლგბტქი თემია. ვაგრძელებთ ლგბტქი თემთან დაკავშირებულ ტყუილებთან და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლას, როგორც სახლში, ისე საზღვარგარეთ“, – აღნიშნა როს მიურეიმ, GLAAD-ის მედია ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა.

GLAAD თვალყურს ადევნებს ადგილობრივ აქტივისტებს და ლგბტქი უკრაინელების დასახმარებლად მიმდინარე კამპანიებს მხარს უჭერს. ომის დროსაც კი რუსეთი ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ საზიანო ინფორმაციის გავრცელებისთვის იცლის. კრემლმა ისტერია უწოდა აშშ-ის განცხადებებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მოლოდინებთან დაკავშირებით და უარყო იმ უკრაინელი ინდივიდებისა თუ ჯგუფების სიის ქონა, რომელთა მოკვლას ან ბანაკებში გაგზავნასაც აპირებდნენ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. სია მოიცავს ლგბტქი ადამიანებსა და ჯგუფებს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს. რუსეთში დააკავეს ქვიარ კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის მსხვერპლი გახდა. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ კი ომის დაწყება გეი ღირსების მარშის წინააღმდეგ დონბასელთა განწყობებს დაუკავშირა.

სანამ ლგბტქი უკრაინელები იბრძვიან ან ქვეყანას ტოვებენ, ტრანსგენდერი ქალები და არაბინარული უკრაინელები იძულებულნი არიან, ომში ჩაებან, რადგან მათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის მარკერის გასწვრივ ,,მამრობითი” წერია. მრავლად არის ქალი და ლგბტქი ადამიანი, რომელიც არმიას უერთდება, მაგრამ უმეტესობას არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს. ლგბტქი ლტოლვილები კი მეზობელ კონსერვატიულ ქვეყნებში დისკრიმინაციის სამიზნე ხდებიან. დამატებით, არაერთ შავკანიან სტუდენტს ექმნება პრობლემა ქვეყნის დატოვებისას, რადგან რასიზმი და ქსენოფობიური განწყობები გაძლიერებულია.

უკრაინელების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დახმარება იმ ჰუმანიტარული ორგანიზაციების გავლით შეგიძლიათ, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან, მაგალითად:

უკრაინაში ლგბტქი ადვოკატირებამ შედეგი გამოიღო და განწყობები ნელ-ნელა იცვლებოდა. თავდაპირველად ღირსების მარშები ძალადობრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ ქვეყანაში პროგრესი შეინიშნებოდა, რასაც საომარი სიტუაცია ართულებს.

წყარო: GLAAD

ხულოში ალტ-ინფოს ოფისი გახსნის დღესვე დაიხურა

/

გუშინ ხულოში პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ოფისი გაიხსნა, თუმცა ადგილობრივებმა დაჯგუფების წევრებს ფართი იმავე დღესვე დაატოვებინეს. აღნიშნული ინფორმაცია სოლიდარობის თემის წევრმა, ედო ჯავახიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა.

„სხვების არ ვიცი, მაგრამ ხულოში გახსნის დღესვე მივახურეთ ალტ-ინფოს ოფისი. დათო სოლომონიძეს შევატყობინე თუ არა, ვინ იყვნენ, მაშინვე მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გაუშვა თავისი ფართიდან“, – დაწერა ჯავახიძემ ფეისბუკზე.

ალტ-ინფოს ოფისების გახსნას პროტესტი მოჰყვა სხვა ქალაქებშიც: გორში პრორუსული დაჯგუფების ოფისს წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში კი ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს. ამასთან, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ პეტიცია გაავრცელა, რომლითაც საქართველოში ალტ-ინფოსა და რუსული სახელმწიფო არხებისთვის მაუწყებლობის შეჩერებას ითხოვენ. პეტიციას 10 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

ბრიტანელი ჯაშუშები Grindr-ს რუსი ჯარისკაცების თვალყურის დევნებისთვის იყენებენ

ბრიტანული დაზვერვის სამსახურები უკრაინაში რუსი ჯარისკაცების შემოჭრის მონიტორინგს სოციალური ქსელების გამოყენებით (მათ შორის, გეი გაცნობის აპლიკაცია Grindr-ის საშუალებით) დაეხმარნენ. Keep Reading

რუსეთის პატრიარქმა უკრაინაზე თავდასხმაში დასავლური საზოგადოება და ღირსების მარში დაადანაშაულა

/

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილემ საკვირაო წირვაში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაზე ისაუბრა და ლიბერალური დასავლური ღირებულებები დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, გეი ღირსების მარშს უჭერს მხარს.

პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი 24 თებერვალს წამოიწყო, პუტინთან დაახლოებულმა პატრიარქმა კი განაცხადა, რომ „ღირსების მარშები იმის დემონსტრირებისთვის შეიქმნა, რომ ცოდვა ადამიანური ქცევის ნაწილია და, თუ ამ ქვეყნების კლუბში გაწევრიანება გინდა, ღირსების მარში უნდა ჩაატარო”.

კირილეს თქმით, დონბასის რეგიონში „ამ ღირებულებებს“ უარყოფენ, ამიტომ ომი ღმერთის ღირებულებების არჩევად შეაფასა.

,,8 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, გაენადგურებინათ ის, რაც დონბასში არსებობს. დონბასში კი იმ ღირებულებებს ფუნდამენტურად უარყოფენ, რომელთაც ძალაუფლების მქონენი სთავაზობენ. თუ კაცობრიობა ცოდვას საღვთო კანონების დარღვევად კი არა, ადამიანურ ქცევად მიიჩნევს, ეს ცივილიზაციის დასასრული იქნება“, – თქვა კირილემ, რომელმაც კონფლიქტი „პოლიტიკაზე ბევრად მნიშვნელოვან მოვლენად’’ შეაფასა.

უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომზე ილია მეორემაც ისაუბრა, თუმცა არც უკრაინა ახსენა და არც რუსეთი.

„აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ. ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა სიტუაციის გამწვავებაში’’, – აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებაში.

Netflix რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს

/

გიგანტური სტრიმინგ სერვისი Netflix უერთდება სხვა მსხვილ თუ მცირე ბიზნესებს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუშაობას აჩერებს.

„არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მომსახურება რუსეთში.“ – განაცხადა Netflix-ის სპიკერმა კვირას.

როგორც CNBC იტყობინება, რუსეთის ფედერაციაში Netflix-ის გამომწერების რაოდენობა 1 მილიონსაც არ აღემატება, საიტის გამომწერების რაოდენობა მთელს მსოფლიოში კი 222 მილიონს შეადგენს.

ამასთან ერთად, ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა,  სტრიმინგ სერვისმა  შეაჩერა პროექტები და შესყიდვები რუსეთთან. ომის წამოწყებამდე Netflix-ისთან თანამშრომლობით ოთხი რუსულენოვანი სერიალის წარმოება და პოსტპროდუქცია მიმდინარეობდა. Netflix-მა ასევე უარი თქვა ახალი ამბების გაშუქებისას თავის გადაცემებში რუსული წესების დაცვაზე.

აღსანიშნავია, რომ Netflix არ არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა, უკრაინაში რუსეთის ჯარების შესვლის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერა არაერთმა გიგანტურმა კომპანიამ თუ მცირე ბიზნესმა გამოუცხადა და შეაჩერა გაყიდვები და მომსახურება რუსეთის ტერიტორიაზე.

სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა კინოკომპანიამ, Walt Disney Picture-მა, თავის შვილობილ კომპანიებთან  ერთად შეწყვიტა კინოგაქირავება რუსეთში.

ომის ვეტერანი ქართველი ქალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი სნაიპერი ქალი, 63 წლის დარეჯან მაისურაძე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

დარეჯან მაისურაძე Prime Time-თან ინტერვიუში ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა, უკრაინის დაცვის პირობა კი ბევრად ადრე, აფხაზეთის ომის დროს დადო.

მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დარეჯან მაისურაძის ზუსტ ადგილმდებარეობას, სადაც ახლა ის უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ იარაღით იბრძვის, არ ვაკონკრეტებთ… ამბობს, რომ მან უკრაინისთვის ბრძოლის პირობა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს დადო. მერე ბრძოლის ჟინი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, კიდევ უფრო გაუღრმავდა და ახლა ის მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილშია.

,,ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლისთვის და იმ უკრაინელებისთვის, ვინც ჩვენს მხარდამხარ აფხაზეთში იომა, რუსებზე შური უნდა ვიძიოო”, – ამბობს ქართველი მებრძოლი.

„სოხუმის დასაცავად დნეპროპეტროვსკის ოლქიდან, სხვა უამრავ უკრაინელთან ერთად, საბრძოლველად ერთი კაცი – სერგეი, ორ შვილთან ერთად იყო ჩამოსული. რუსებმა მაშინ მას ერთი ბიჭი მოუკლეს, აფხაზეთის ბრძოლის ველზე დაეცა… სერგეიმ შვილის ცხედარი უკრაინაში გადაასვენა და აფხაზეთში საომრად დაბრუნდა.

როცა ვკითხე, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, როგორ შეძელი უკან დბრუნება და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა-მეთქი, მიპასუხა: თუ ახლა რუსეთს აქ, აფხაზეთში არ შევაჩერებთ, აუცილებლად მოვა დნეპრშიცო. ახლა, როცა რუსული საოკუპაციო ძალები ხარკოვს ანადგურებენ, როცა კიევს უტევენ და დნეპრს უახლოვდებიან, სულ ამ უკრაინელი კაცის სიტყვები ჩამესმის… რუსეთი ახლა დნეპრთან უნდა შევაჩეროთ! მაშინ ფიცი დავდე, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, მე აუცილებლად ვიომებდი იმ უკრაინელებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის ომის დროს ბრძოლის ველზე არ მიგვატოვეს და ჩვენს მხარდამხარ იბრძოდნენ. ჩვენ, ქართველებს, მათი ვალი გვაქვს და მე ახლა აქ სწორედ ამ ვალს ვიხდი“, – აღნიშნავს დარეჯან მაისურაძე Prime Time-თან საუბარში და იმასაც ამბობს, რომ საქართველოს გადარჩენისთვის უკრაინის გვერდით ბრძოლაა აუცილებელი.

წყარო: Prime Time

უკრაინელი ლგბტქი ლტოლვილები მეზობელ ქვეყნებში დისკრიმინაციის საფრთხის წინაშე არიან

ხუთშაბათს, Budapest Pride-ის კომუნიკაციების დირექტორი ვიქტორია რადვანი უნგრეთ-უკრაინის საზღვართან, შეყვარებულთან ერთად გაემგზავრა. მათი მიზანი 4 ლგბტქი ლტოლვილის ბუდაპეშტამდე მიყვანა იყო, რათა უსაფრთხო თავშესაფრით, საკვებითა უზრუნველეყოთ და ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიათ.

რადვანი რომელიმე ჰუმანიტარული ჯგუფის წევრი არაა და არც ლტოლვილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე უმუშავია, მაგრამ როგორც კი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შესახებ გაიგო, მიხვდა, რომ დასახმარებლად რაიმე უნდა გაეკეთებინა.

„ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომის საშინელება ყველას თანაბარ ზიანს აყენებს, ცდებიან. მასშტაბური კრიზისის დროს, მოწყვლადი ჯგუფები კიდევ უფრო მოწყვლადნი ხდებიან, ეს აქამდეც ვიცოდით“, – აღნიშნა რადვანიმ და დაამატა, რომ მისი ლგბტქი თანამოქალაქეები დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ, ლტოლვილებს თავისუფალ ოთახს უთმობენ ან, სულაც, დივანს.

შეიარაღებული კონფლიქტი უმცირესობების უფლებების დაცვას სათუოს ხდის და იმის რეალურ რისკს ქმნის, რომ ძალადობის სამიზნედ იქცევიან. გაეროს ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე კომისრის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ლგბტქი ადამიანებს ძალადობასთან, მარტივი საჭიროებებით სარგებლობის სირთულეებთან, სამართალდამცავ უწყებებთან და სხვა სახის დისკრიმინაციულ მოპყრობასთან გამკლავება უწევთ.

უკრაინაში არაერთი ტრანსგენდერი ქალი აწყდება პრობლემას ქვეყნის დატოვებისას, რადგან ოფიციალურ ჩანაწერებში მათი გენდერის მარკერის გასწვრივ კაცია მონიშნული, კაცები კი ვალდებულნი არიან, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ომის დროს დარჩნენ და მტრის წინააღმდეგ იბრძოლონ. უკრაინის არმიაში ქალებიც არიან, გეი და ტრანსგენდერი ადამიანების უარყოფაც არ ხდება, მაგრამ არც თანასწორი მოპყრობაა.

მრავალი უკრაინელი პოლონეთში და უნგრეთში მიდის და აქტივისტების თქმით, ლგბტქი ადამიანები სირთულეებს სწორედ ამ დროს აწყდებიან, რადგან ორივე ქვეყანა, რომელსაც თავშესაფრისთვის მიმართავენ ევროკავშირმა ანტი-გეი კანონების გამო გააკრიტიკა. პოლონეთში გეი წყვილებს დაქორწინება არ შეუძლიათ, არც სამოქალაქო კავშირის ქონა ან ბავშვის შვილად აყვანა. 2019 წლის გამოკითხვის მიხედვით, პოლონელების მეოთხედი ლგბტქი ადამიანების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების მხარდამჭერი არაა, ქვეყანაში კი არსებობს ე.წ. ლგბტქი-თავისუფალი ზონები.

ჯულია მაკიოჩა, Warsaw Pride-ის აქტივისტი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ლტოლვილთა დასახმარებლად და შესაძლო დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად მალევე მიიღო ზომები.

„არ გვინდა, რომ ლგბტქი ადამიანები ლტოლვილთა ბანაკებში ან დიდ კომუნებში იყვნენ, სადაც ჰომოფობიური განწყობების მეტი ალბათობაა. გვსურს, ისინი იმ ადამიანებთან იყვნენ, რომელთაც მათი საჭიროებები ესმით“, – აღნიშნა აქტივისტმა.

მაკიოჩა თვლის, რომ შესაძლო დისკრიმინაციის შიშით მრავალი ლგბტქი ლტოლვილი პოლონეთისა და უნგრეთის დატოვებას მოინდომებს და თავშესაფრის ძებნას დასავლეთ ევროპაში გააგრძელებენ, სადაც მეტად ტოლერანტული კანონმდებლობაა – „ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათი პირველ ეტაპზე დახვედრაა“.

აარონ მორისი, აშშ-ში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების უფლებებზე მომუშავე აქტივისტი, რომელიც ემიგრაციის თანასწორობის კუთხით მუშაობს, აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოცდილება ხშირად ჰქონია. ლგბტქი ლტოლვილები, რომლებიც თურქეთს, სირიას, ავღანეთს თუ ცენტრალურ ამერიკას ტოვებდნენ თავდასხმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

„ხშირად, როცა ისინი ქვეყანას იმისთვის ტოვებენ, რომ თავი დაცულად იგრძნონ, საზოგადოებისგან პასუხად უარყოფას იღებენ. ოჯახის მხარდაჭერა არ აქვთ, არც ის რელიგიური ინსტიტუტები უდგანან გვერდში, რომლებიც სხვა უმცირესობებს მხარს უჭერენ“, – აღნიშნა მორისმა.

მისი თქმით, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ შეერთებული შტატების თუ სხვა ქვეყნების მთავრობებმა ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგან, მიიღონ ლგბტქი ადამიანები ან სხვა ქვეყნებს მოსთხოვონ, რომ უსაფრთხო გარემო უზრუნველყონ. ევროპის ლგბტქი ორგანიზაციები დასახმარებლად სხვების მიერ ნაბიჯების გადადგმაზე არ არიან დამოკიდებული, აქტივისტებმა დაიწყეს მოლაპარაკებები, რათა თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის, სამედიცინო დახმარების გაწევისთვის, ტოლერანტულ ქვეყნებში ადამიანთა გადაყვანისთვის რაიმე ხერხი მოეძებნათ.

მიუხედავად უკვე გატარებული ღონისძიებებისა, აქტივისტები ლგბტქი ლტოლვილების ნაწილის ბედზე და უკრაინაში დარჩენილი ადამიანების ბედზე ღელავენ.

„არავინ იცის, რა მოხდება. ამიტომ, ეს კითხვის ნიშნები, ეს სათუო გარემოებები ყველაფერს ძალიან, ძალიან ართულებს“, – აღნიშნა რადვანიმ.

წყარო: npr

ომამდე და ომის შემდეგ: ფოტოები უკრაინიდან

/

24  თებერვალს რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და  ომი წამოიწყო. ომმა, რომელიც ერთი კვირა გრძელდება უკვე შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ბევრ უკრაინელს მოუწია თავისი მიწის დატოვება და მეზობელი სახელმწიფოებისთვის თავის შეფარება. ადამიანები მთელი მსოფლიოდან ყოველდღიურად თვალს ადევნებენ, როგორ ანადგურებს რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს, შენობებს და როგორ იცვლება უკრაინის ისტორიას.

მუნიციპალური საბჭოს შენობა, ხარკივი

 თავისუფლების მოედანი, ხარკივი

ხარკივის მუნიციპალური შენობა

კარაზინის უნივერსიტეტი, ხარკივი

კონსტიტუციის მოედანი, ხარკივი

აფეთქებული ხიდი ირპინში

საცხოვრებელი კომპლექსი კიევში

საწარმოო შენობა იასინოვატაიაში .

საავადმყოფოს შენობა კიევში

10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კიევში

საცხოვრებელი შენობა ირპინში

საიუველირო მაღაზია ხარკივში

საცხოვრებელი შენობა კიევში

ხარკივი

საცხოვრებელი კორპუსი, ლენინის ქუჩა, ბოროდიანკა

კიევი

 

უკრაინელი ქალების გზა სამხედრო სამსახურში მოსახვედრად

რუსების შემოჭრის დაწყებიდანვე უკრაინის წინააღმდეგობამ საერთაშორისო აუდიტორია დაიპყრო. სამოქალაქო პირების ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ისინი აკერებენ უნიფორმებს, ამზადებენ იარაღსა და თხრილებს, უკრაინელი ხალხის მებრძოლი სულის დემონსტრირებაა. Keep Reading

საბჭოთა პოსტერები, რომლებიც რუსეთში დღესაც აქტუალურია

/

24 თებერვალს, პუტინის რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო აგრესიაა. პუტინმა მოქმედებები სპეციალურ სამხედრო ოპერაციად, გნებავთ, სამშვიდობო მისიად შეაფასა. პუტინის დეზინფორმაციის მანქანაც მაშინვე ამუშავდა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ერად გამოცხადებას შეეცადა, რაც მარტივი არ აღმოჩნდა. დეზინფორმაციის სიმართლედ გასაღება ციფრულ ეპოქაში ბევრად რთულია. „საბჭოთა დიდებით“ შეპყრობილი პუტინისთვის კი კვლავაც ათწლეულების წინანდელი მდგომარეობაა სამაგალითო, ამიტომ რუსეთში საბჭოთა დროის პროპაგანდისტული პოსტერები ახლაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ძველად.

კომუნიზმის მოჩვენება ევროპაში ისევ დაეხეტება, პუტინის 22-წლიანი ერთპიროვნული მმართველობაც ხომ ამის დადასტურებაა. პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, რუსეთის იმპერიის საზღვრები გააფართოოს იქამდე, სადამდეც ხელი მიუწვდება. თუმცა, თუ რუსეთის აგრესიას წლების განმავლობაში დასავლური საზოგადოება სათანადოდ არ აფასებდა, უკრაინისკენ მიმართული აგრესიის დროს პუტინის რუსეთი 1-2 მეგობარი სახელმწიფოს იმედად დარჩა, დანარჩენი მსოფლიო კი რუსეთის წინააღამდეგ ამხედრდა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებსავარაუდოა, კომუნიზმის მოჩვენებამ რეალობად ქცევა შეძლოს.

მეომრებს უკრაინა დღესაც ელის, თუმცა არა გაშლილი ხელებით, როგორც ეს პუტინს ეგონა. რუსეთი, უკვე დიდი ხანია, მხსნელად აღარავის (თითქმის აღარავის) მიაჩნია. საბჭოთა გავლენებისგან თავისუფალი უკრაინა კი რუს აგრესორებს საბრძოლო შემართებით დახვდა, რომლის გატეხაც ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც პუტინს წარმოედგინა.

მეტიც, დასავლეთის სანქციებმა პუტინის ერთგული მხარდამჭერებიც კი „დიდებული ლიდერის“ წინააღმდეგ აამხედრა. რუბლის გაუფასურებამ, პროდუქტებზე ფასების მატებამ, დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში ნაგროვები კაპიტალის გაყინვამ ოლიგარქები მიახვედრა, რომ რუსეთის აგრესია მათ მიერ მოხვეჭილ ქონებაზე საზიანოდ მოქმედებს.

ამიტომ, პუტინმა გადაწყვიტა, ყველა საწინააღმდეგო მოსაზრებისთვის ცენზურა დაედო, „ლაყბობა“ ხომ დიქტატურის ყველაზე დიდი მტერია. კრიტიკულ მედია საშუალებებს მაუწყებლობა შეეზღუდათ, სხვა ქვეყნებიდან ინფორმაციის ნაკადის შესამცირებლად ღონისძიებები გატარდა, კიდევ უფრო გაძლიერდა პროპაგანდისტული მედიის როლი, თუმცა ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციაზე კონტროლის დამყარება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორიც ეს საბჭოთა დროს იყო. ამის მაგალითად გუგლ მეპში სხვადასხვა რუსული კვების ობიექტების შეფასებებსა თუ ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალში გავრცელებული სწორი ინფორმაციაც გამოდგება, რომელსაც მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ავრცელებენ.

უცოდინარი მართლაც ბრმაა, პუტინს კი საკუთარ რუსეთში რაც შეიძლება მეტი უცოდინარი ადამიანის ყოფნა აწყობს, რომლებიც მის ერთ მოწოდებაზე სამშობლოს დასაცავად გაემართებიან. თუმცა, უცოდინარ ადამიანებს წარუმატებლობა და უბედურება ელით, რაც უკრაინაზე თავდასხმისასაც გამოჩნდა – ომი, რომელსაც უკრაინის ბედი პირველ დღეებში უნდა გადაეწყვიტა, ბევრად დიდხანს გაგრძელდა, რუსი ჯარისკაცები კი სულ უფრო კარგავენ შემართებას, რადგან ხშირად ისიც არ იციან, საით მიდიან და რა გამართლება მოეძებნება რუსეთის მიერ სხვა ქვეყნის მიწაზე წამოწყებულ ომს.

პუტინის მიზანი ერთია – ბერლინი, კიევი, თბილისი და ყველა სხვა ქალაქი, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამ მიზანს შესრულება არ უწერია. მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, რუსი ხალხის მიზნად თუ საბოლოო დანიშნულების ადგილად საქართველო იქცა. ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიაზე ხმას არ იღებდნენ, დღეს სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს.

იგივე ელის ყოყოჩ პუტინსაც, თანაც, რუსეთის პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც მასავით გაითავისებენ რუსული იმპერიალიზმის დიდებულ მიზნებს. საერთაშორისო მედია პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს „განწირულ მცდელობას“ უწოდებს. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინი ვერ შეძლებს ევროპის ნახევრის დაპყრობას, როგორც ეს მისმა ნაცისტმა წინაპარმა მოახერხა.

დღეს პუტინია ქალების, ბავშვების, იმ ადამიანების ყველაზე ბოროტი მტერი, რომელთაც მშვიდობიანი ცხოვრება სურთ, სწორედ ამიტომ ჩაერთო მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პუტინი რუსი ხალხის მტერიც არის, ამაზე იმ დედებისა და რუსი ჯარისკაცების ჩანაწერებიც მეტყველებს, რომელთაც არაფერი იციან საკუთარი ოჯახის წევრების საომარ ველზე გაგზავნის შესახებ. რუსეთში გამართულ აქციებზე კი ასობით მოქალაქე დააკავეს, თუმცა რუსების დიდმა ნაწილმა ჯერაც არ იცის, ვის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ ან, უბრალოდ, პუტინის წინააღმდეგ ხმის ამოღებით თავის შეწუხება არ სურთ.

დღეს პუტინი რუსებს დედა-სამშობლოს სახელით იხმობს და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაწყებულ ომში ჩართვას ავალებს, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან წასვლას, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლისთვის გეგმებს აწყობენ. რუსებს დედა-სამშობლო იხმობს, მაგრამ ამ ძახილს მოქალაქეთა უმეტესობა არ მიჰყვება და არმიაში ჩაწერასაც სხვადასხვა ქვეყნებში გაურბიან.