მარტი 2022

ქვიარის 11 სტატია, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების გამოცდილებებზე ჰყვება

31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღეა, რომელიც 2009 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ იხსენებს ლგბტქი უფლებებისთვის მებრძოლი მამაცი ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებას და ფიქრობს იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ტრანსგენდერი ადამიანები არიან.

ამ სტატიაში გამოცემა ქვიარის მომზადებულ სტატიებს გაგახსენებთ, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების გამოწვევებზე, ტრანსფობიურ დანაშაულებზე, ტრანზიციის რთულ პროცესზე და სახელმწიფოს გულგრილობაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ. იმ გულგრილობაზე, რომელიც ხშირად ტრანსგენდერ ადამიანებს ორ არჩევანს შორის აყენებს – ქვეყნის დატოვება თვითგადარჩენისთვის ან სექს-სამუშაოში ჩართვა. 

1. სიყვარულით დაწყებული ტრანსფორმაციის ისტორია 

სტატიის გმირი ტრანსგენდერი კაცი 11 წლის ასაკში დაწყებულ თვითგამორკვევის პროცესზე ჰყვება, რომელიც 25 წელი გაგრძელდა და სტატიაში საუბრობს სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობის სირთულეზე, იმ გზებზე, რომლითაც სხვა ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირება შეძლო, ოჯახის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს მიდგომაზე, რომელიც ქვიარ ადამიანების დასაცავად არაფერს აკეთებს.

2. მონიკა

„აღზრდის სისტემის ნაწილი არ არის საკუთარი თავის სიყვარულის და პატივისცემის სწავლება ბავშვებისთვის, ჩვენი მშობლებიც ამ ცოდნის გარეშე გაიზარდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ განვვითარდეთ და არ შევიყვაროთ ჩვენი თავები ისეთი, როგორიც ვართ“, – აღნიშნავს მონიკა 17 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბლოგში, რომელიც ტრანსგენდერი ქალის ტრანსფობიურ ქვეყანაში ცხოვრების სირთულეზე და თვითგადარჩენისთვის ქვეყნიდან წასვლის გზაზე გვიყვება.

3. #ტრანსფორმაციისისტორია: 100 ლარით დაწყებული ახალი ცხოვრება

26 წლის ტრანსგენდერი ქალის, მარია კასენკოს მცირე ასაკიდან დაწყებული თვითგამორკვევის ამბავი ბევრი ადამიანისთვის გახდება სამაგალითო. 11 წლის ასაკში სახლიდან წამოსვლის, ტრანზიციის პროცესის, მითებისა და სტიგმების ამბავი ბევრი ტრანსგენდერი ადამიანის გამოცდილებას აერთიანებს და ჰყვება ძალადობრივ, სასტიკ გარემოზე რის გამოც „ჩვენს ქვეყანაში არცერთ ტრანსგენდერ ქალს არ დასცალდა სიბერემდე მისვლა, მათი ცხოვრება ნაადრევად დაასრულა ტრანსფობიამ და ჩვენმა სახელმწიფომ, რომელიც ასე ახალისებს ძალადობას“.

4. მე ვარ ამანდა, ტრანსგენდერი ქალი

მე ვარ ამანდა, ტრანსგენდერი ქალი. იძულებითი სექსმუშაკი და მხატვარი“, – ამ სიტყვებით იწყება ტრანსგენდერი ქალის ძალადობრივ გარემოში გაზრდისა და მცირე ასაკიდან სექს-სამუშაოში ჩართვის ამბავი, რაც თვითგადარჩენის ერთადერთ გზად იქცა. ამანდას ისტორია ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე და სისასტიკეზე დაგაფიქრებთ, რომლის გამოც ლგბტქი ადამიანები ქვეყანას ტოვებენ.

5. ტრანსგენდერი კაცის ახალი ცხოვრება ესპანეთში – ანტონ შადურის ისტორია

ანტონ შადურის ესპანეთში დაწყებული ტრანზიციის პროცესი და ის გზა, რომელიც ტრანსგენდერმა ბიჭმა საბჭოთა საქართველოდან ესპანეთამდე გაიარა, ასახავს ადამიანთა უფლებების კუთხით არსებულ განსხვავებებს, რომლებიც საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებობს და ნათლად გვიჩვენებს ჩვენი ქვეყნის აწმყოს, რომელიც ადამიანთა თანასწორობას მნიშვნელობას არ ანიჭებს.

6. ნატა – ერთმანეთის სიძულვილით ვერაფერს გავხდებით

ნატა ტალიკიშვილი, პირველი ტრანს აქტივისტი, რომელმაც 2018 წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემია მიიღო, ბოლო წლებში ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კოვიდპანდემიის პერიოდში არსებულ დაბრკოლებებზე და ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევებზე ჰყვება, რომელთა გამოძიების ნების არარსებობა სახელმწიფოს მანკიერებებს ნათელს ჰფენს.

7. კატალინა – იდენტობით არ უნდა განისაზღვრებოდეს ჩვენი პიროვნება, ეს ჩვენი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია

კატალინას მონათხრობი თვითგამორკვევის, მეგობრების, ოჯახთან იძულებით ქამინგაუთის, სასტიკი პატრიარქატის თემებს ეხება და გვიყვება რიგ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოების წევრების გარიყვის, ძალადობის, უთანასწორობის საძირკველია.

8. ბედნიერი უნდა ვიყო! – ტრანსგენდერი ბიჭის ამბავი

18 წლის ტრანსგენდერი ბიჭი კი პირველ სიყვარულზე გვიყვება, მეგობრობიდან დაწყებულ თვითაღმოჩენების პერიოდზე, იდენტობის შეცვლის მიზნით ფსიქოლოგთან იძულებით სიარულზე და იმ მარტოობაზე, რომელიც თვითგამორკვევის პროცესს თან ახლავს. ეს არის ამბავი ადამინსა და გარემოცვას შორის გაჩენილ ბზარზე, რომელიც სულ უფრო იზრდება.

9. ნატა მაჭარაშვილი – რთულია, იცხოვრო იქ, სადაც ჰომოფობია მძვინვარებს

ნატა მაჭარაშვილი რეგიონში გატარებულ მოზარდობაზე, 14 წლის ასაკში დაწყებულ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, პოლიციისა და საზოგადოების გულგრილობაზე და ემიგრაციაზე ჰყვება, რომლის შემდეგაც „ყველაფერი შეიცვალა, თითქოს  სამყარო გადატრიალდა“. 

10. სელენა ბუხაიძე – არ გავქცეულვარ, სიცოცხლე გადავირჩინე

 „მე არ გავქცეულვარ, სიცოცხლე გადავირჩინე“, – აღნიშნავს სელენა ბუხაიძე, ტრანსგენდერი ქალი, რომელიც თვითგამორკვევის დამაბნეველ პროცესზე, ტრანზიციაზე, სექსსამუშაოსა და ემიგრაციაზე ჰყვება.

11. პირველი ტრანსგენდერი ქალი სომხეთის პარლამენტში – ლილიტ მარტიროსიანის ისტორია

სომეხი ტრანსგენდერი აქტივისტის, ლილიტ მარტიროსიანის შთამაგონებელი ამბავი სომხეთსა და საქართველოს შორის მსგავსება-განსხვავებების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სომეხი ლგბტქი ადამიანების პრობლემების შესახებ არის. აუცილებლად უნდა გაიცნოთ ლილიტი, პირველი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც შეძლო და სომხეთის პარლამენტის წინაშე ისტორიული სიტყვით გამოვიდა.

ყველაფერი, რაც ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე ყოველ 31 მარტს აღინიშნება და ტრანსგენდერი საზოგადოების გაძლიერებასა და მიღწევებს ეძღვნება. ამ დღეს ვზეიმობთ ტრანსგენდერი ადამიანების არსებობას ჩვენ შორის და ვცდილობთ, გავზარდოთ ცნობიერება მათი პრობლემების შესახებ Keep Reading

რუსეთის ლგბტქი საზოგადოება პოლიციის რეიდებისა და ცენზურის გამო ქვეყანას ტოვებს

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბუნდოვანი გახდა, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ქვიარ ადამიანები შიშობენ, რომ უკრაინის ომში წაგების „პასუხისმგებლობა“ მათ დაეკისრებათ Keep Reading

Stream for Pride – Tbilisi Pride-ის წამოწყება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

Tbilisi Prideმა ახლახან აუდიტორიას ახალი წამოწყების შესახებ ამცნო, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ქვიარ სცენის განახლებას, ქვიარ არტისტების მხარდამჭერი პლატფორმის შექმნასა და ლგბტქი ადამიანების გასაძლიერებლად ფონდების მოძიებას ისახავს მიზნად.

Stream for Pride ონლაინ სტრიმინგის სერიაა, რომლის  მსმენელებსაც თანხის გადარიცხვა მთელი მსოფლიოდან შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ პირველი სტრიმიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ლგბტქი ადამიანების დასახმარებლად.

Tbilisi Pride-ის პირველი სტრიმი კაფე გალერიში ჩაიწერა, სივრცე კი ვიზუალურმა არტისტმა ATIRAMA-მ გააფორმა. სტრიმინგ სერია პერიოდულად გაიმართება, პირველ სტრიმში კი არტისტების – NASI, GWÄN და 2HS (CrimeB2BSpeedball) – მოსმენას შეძლებთ, ამისთვის 31 მარტს, საღამოს 20:00 საათიდან Tbilisi Pride-ის, KyivPride-ისა და InterPride-ის გვერდებს უნდა მიადევნოთ თვალი, წამოწყებას ქვიარიც შეუერთდა, ამიტომ სტრიმის მოსმენას ჩვენი ფეისბუკ გვერდიდანაც შეძლებთ.

ალტ-ინფოს ონის ოფისი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს

/

მთის ამბების ცნობით, ალტ-ინფოს რაჭაში, ქალაქ ონში მდებარე ოფისი მოქალაქეებმა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს და ოფისის კარზე წარწერა – Z დატოვეს, რომელიც რუსული სამხედრო სიმბოლოა.

ქვიარი

მთის ამბებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნული პროტესტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო ღიად პრორუსული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, რადგან თვლიან, რომ ალტ-ინფოს გავლენის განმტკიცება სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოფისებს ხსნის, რასაც არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვა მოჰყვა — მესტიაში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, რასაც პრორუსულმა ძალამ აგრესიით უპასუხა და 10-მდე ადამიანი სცემეს, იგივე განმეორდა ქობულეთშიც, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე კონსერვატიული მოძრაობის 12 წევრი და მხარდამჭერი დააკავეს, მოქალაქეთა ორგანიზებით მოეწყო აქცია ოზურგეთსა და ზუგდიდშიც. ალტ-ინფოს ოფისის გახსნა ამბროლაურშიც გააპროტესტეს, გორში ოფისის შენობას წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს, ხულოსა და შუახევში კი პრორუსულ ძალას ოფისები გახსნის დღესვე დაატოვებინეს.

ლგბტქი ინკლუზიური ფილმები კინოგაქირავებაში ბევრად წარმატებულნი არიან – კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით ლგბტქი ინკლუზიური ფილმები კინოგაქირავებაში ბევრად დიდ წარმატებას აღწევენ. კვლევის ფარგლებში 4126 ფილმის შემოსავალი შეისწავლეს, რომლითაც დადგინდა, რომ ლგბტქი ფილმები ან ფილმები, რომლებშიც ქვიარ პერსონაჟებიც გვხვდებიან, ბევრად მაღალშემოსავლიანები არიან.

„ჩვენი მიგნების თანახმად, ლგბტქი ინკლუზიურ ფილმებს 29%-ით უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ, ვიდრე იმ ფილმებს, რომლებიც ქვიარ გამოცდილებებს არ ასახავენ. 2019 წლის ლგბტქი ინკლუზიური ფილმების საერთაშორისო შემოსავალმა $42 მილიარდი შეადგინა“, – აღნიშნავს იამინ ჩენგი, კვლევის ხელმძღვანელი.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ლგბტქი ფილმები, რომლებიც სრულად არიან ორიენტირებული ქვიარ გამოცდილებების ასახვაზე ნაკლებ შემოსავალს მოიპოვებენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ინკლუზიური ფილმები ბევრად დიდ აუდიტორიასთან ახერხებენ კავშირის დამყარებას.

უკრაინელი ფოტოგრაფების საქველმოქმედო ფოტო-პროექტი უკრაინის დასახმარებლად

26-27 მარტს უკრაინელმა ფოტოგრაფებმა მარინა კარპიიმ და ევგენი ეფანოვმა გააკეთეს პროექტი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. Keep Reading

ლგბტქი თავშესაფრებს დახმარება სჭირდებათ – უკრაინელი აქტივისტის წერილი

უკრაინელმა აქტივისტმა, ანდრიი ჩერნიშევმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩერნივცის, კიევის, დნეპრისა და სხვა ქალაქების თავშესაფრებში მყოფი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებზე წერს. Keep Reading

არიანა დებოუსი პირველი ფერადკანიანი ქვიარ ოსკაროსანი გახდა

არიანა დებოუსიმ ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოსკარი მოიგო და პირველი ფერადკანიანი ქვიარ ქალი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო, ასევე ის არის მეორე ლათინოამერიკელი მსახიობი ქალი, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. 

პირველი ლათინოამერიკელი ოსკაროსანი ქალი რიტა მორენო გახდა 60 წლის წინ, იმავე როლის შესრულებისთვის, რომლითაც არიანა დებოუსიმ გაიმარჯვა. არიანა დებოუსიმ ოსკარი სტივენ სპილბერგის West Side Story-ში შესრულებული როლისთვის მოიპოვა, რომელიც 1961 წლის ფილმის ხელახალი ადაპტაციაა.

„წარმოიდგინეთ პატარა გოგო ფორდ ფოკუსის უკანა სავარძელეზე, ჩახედეთ თვალებში: თქვენ ხედავთ ქვიარს, ღიად ქვიარ ფერადკანიან ქალს, აფრო-ლათინას, რომელმაც სასიცოცხლო ძალა ხელოვნებაში იპოვა. და, ვფიქრობ, აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ეს ვიზეიმოთ. და, ასე რომ, ყველას, ვისაც ოდესმე საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებით კითხვები გაგჩენიათ ან თვლით, რომ გარდამავალ რეალობაში ცხოვრობთ, პირობას გაძლევთ: ამ სამყაროში ჩვენთვის ადგილი არის“, – აღნიშნა მსახიობმა ჯილდოს მიღებისას.

თბილისში ყოველთვიური დრეგ მეჯლისის პირველი საღამო გაიმართა

მეჯლისები ქვიარ კულტურის ნაწილად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იქცა. აფრიკელ-ამერიკელი და ლათინო ლგბტქი ადამიანების მიერ დაწყებული ქვიარ საღამოები ერთადერთი თავშესაფარი იყო მარგინალიზებული ადამიანებისთვის, რომელთაც დრეგ მეჯლისზე მცირე ხნით მაინც შეეძლოთ საკუთარი იდენტობის უსაფრთხოდ გამოხატვა.

დრეგ მეჯლისებისთვის დამახასიათებელია საპირისპირო სქესთან ასოცირებული ტანსაცმლის ტარება, საცეკვაო ნომრები, ვოგინგი, მუსიკალური ნომრების შესრულება, ლიფ სინქი და სხვა. დრეგ მეჯლისების 50-60-იანი წლებიდან კიდევ უფრო განვითარდა და იმდროინდელი სოციუმისგან გარიყული ბევრად მეტი ადამიანი გააერთიანა.

ქვიარ საღამოების შესახებ ფართო საზოგადოებამ 1990 წლის დოკუმენტური ფილმით – Paris is Burning – გაიგო, იმავე წელს გამოვიდა მადონას სიმღერა – Vogue, რაც ქვიარ ანდერგრაუნდ სივრცეების განუყოფელი ცეკვის მიმდინარეობის საყოველთაო აღიარება იყო. ვოგინგი სტილიზებული ცეკვა, გნებავთ, პოზირებაა, რომელიც იმეორებს მოდელების მოძრაობებს, რომელთა გავლენითაც ის შეიქმნა, მეტიც, ვოგინგი სცდება ამ ჩარჩოს და ქმნის გამოცდილებას, რომელშიც მრავალი ინსპირაცია ახლებური, თავბრუდამხვევი სანახაობით არის გაერთიანებული.

დრეგ კულტურა მეინსტრიმულ სივრცეებში სულ უფრო აქტიურად მკვიდრდება, რასაც ხელი ლეგენდარული დრეგ ქვინის, რუპოლის რეალითი შოუმ შეუწყო.

ვახო ქარელი / ქვიარი

მიუხედავად მზარდი გავლენისა, იმ ქვეყნებში, სადაც ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, დრეგ კულტურა სულ უფრო ნელა ვითარდება, ამიტომ დავით გოგიშვილის, ვატო კერძაიას, გიორგი ჩემინავას და მათე ხიდეშელის მიერ ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფის იდეა, რომ საქართველოში ყოველთვიური დრეგ მეჯლისები გაემართათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ლგბტქი ადამიანებისთვის. საინიციატივო ჯგუფის წამოწყებას Tbilisi Pride-იც შეუერთდა და ერთობლივი ძალებით იდეა რეალობად აქციეს.

ვახო ქარელი / ქვიარი

24 მარტს, მტკვარზე პირველი დრეგ მეჯლისი გაიმართა, რომლის თემატიკა ვედრება და ყვავილები იყო. საღამომ დრეგ მეჯლისების ხანგრძლივი ისტორიისთვის დამახასიათებელი არაერთი კულტურული თავისებურება გაიმეორა – დრეგ პერფორმანსი, დრეგ ქვინების შეჯიბრი, პოზირება, ვოგინგი და, რა თქმა უნდა, ცეკვა, რომელმაც ლგბტქი ადამიანები და მხარდამჭერები უსაფრთხო სივრცეში გააერთიანა.

დრეგ შემსრულებლების შეჯიბრება თვეში ერთხელ გაიმართება და „მიზნად ისახავს საქართველოში ბალის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას, სადაც ყველას შეეძლება თვითგამოხატვა თავისუფლად და შეუზღუდავად“.

პირველ დრეგ მეჯლისზე საკუთარი ნამუშევარი შეასრულა ქვიარ არტისტმა / მომღერალმა THE MADLENA-მ, რომლის სიმღერის – Manifest – განახლებული ვერსია მეჯლისის სტუმრებმა უკრაინის მხარდამჭერი ვიზუალური გაფორმების ფონზე მოისმინეს. უკრავდნენ ქართული ელექტრონული სცენის გამორჩეული არტისტები Moku T და Kravai.

ვახო ქარელი / ქვიარი

რაც ყველაზე მთავარია, Matt Shelly-ს მასპინძლობით გამართულ დრეგ შეჯიბრში 8 დრეგ შემსრულებელი მონაწილეობდა, რომლებიც ჟიურის და აუდიტორიის წინაშე სანახაობრივი ლიფ სინქებით წარსდგნენ. ლიფ სინქ ნომრები პოლიტიკურ სიტუაციას, სოციალურ გამოწვევებს, მენტალურ ჯანმრთელობას, ურთიერთობის პრობლემებს ეხმიანებოდა.

შეჯიბრის პირველ ტურში BIPOLARA, Lile, Pusseidon, Lucy Lou, Gerilyn Stone, Sofio McQueen და Not So Virgin Mari მონაწილეობდნენ, მათ შორის სამმა ჟიურის ერთნაირი ქულები დაიმსახურა და მეორე ტურში გამარჯვებულის გამოსავლენად ლიფ სინქის შესრულება ერთდროულად მოუწიათ. ჟიურის რჩეული Gerilyn Stone გახდა, საკუთარი რჩეული დაასახელეს კონსულებმა, მათი რჩეული Lile გახდა, რომელიც დრეგ ქვინების ფავორიტადაც დასახელდა, საკუთარი რჩეული გამოავლინა Tbilisi Pride-მაც.

ვახო ქარელი / ქვიარი

დრეგ მეჯლისი ვოგინგით გაგრძელდა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

პირველ დრეგ მეჯლისზე არსებული დონაციის ყუთებიდან და QR კოდის დასკანერებით შემოსული თანხა KyivPride-ს გადაერიცხება და უკრაინაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ: „ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც უკრაინელ ხალხს მათ ბრძოლაში, რადგან ომი, რომელშიც ისინი ჩაებნენ, არ არის ომი ორ ქვეყანას შორის. ეს არის სიმართლის და სიცრუის, კეთილისა და ბოროტის ომი. ამ ომში წყდება: ადამიანის უფლებებს დაიცავენ თუ ფეხქვეშ გათელავენ; ვიცხოვრებთ უსაფრთხო გარემოში თუ ქიმიურ და ბირთვულ კატასტროფას მივიღებთ. ეს ჩვენი ომიცაა. ამ ომში უკრაინელი ქვიარ ადამიანები მამაცურად იბრძვიან და პირველ ღამეს შემოსული შემოწირულებები სწორედ მათ დასახმარებლად გადაირიცხება“.

თუ პირველ დრეგ მეჯლისს დააკლდით, გული ნუ დაგწყდებათ, მომდევნო ქვიარ საღამო ერთ თვეში ისევ მტკვარზე გაიმართება, თანაც,  24 მარტს შეჯიბრში მონაწილე დრეგ შემსრულებლების ნიჭი ქართული დრეგ სცენის იმედისმომცემ მომავალს გვპირდება, რომელიც, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს და, ალბათ, დრეგ მეჯლისები ახალ შემსრულებლებსაც გაუხსნის გზას.