მარტი 2022 - Page 5

პრორუსულ ალტ-ინფოს ოფისი შუახევშიც გახსნამდე დაახურინეს

/

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, პრორუსულ და ძალადობრივ პარტია ალტ-ინფოს ოფისი გახსნამდე დაახურინეს. ბანერის ჩამოხსნის ამსახველი ვიდეო სოსო ზოიძემ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.

შუახევამდე ძალადობრივ პარტიას ოფისი ხულოშიც დაახურინეს. პრორუსული პარტიის ოფისების გახსნას პროტესტი მოჰყვა სხვა ქალაქებშიც: გორში პარტიის ოფისს წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები დატოვეს. სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ კი პეტიცია გაავრცელა, რომლითაც საქართველოში ალტ-ინფოსა და რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის მაუწყებლობის შეჩერებას ითხოვენ. პეტიციას 10 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

იღლიები ამომივიდა სახეზე თითქოს – ინტერვიუ ანდრო დადიანთან

/

ანდრო დადიანი თანამედროვე ქართველი ხელოვანია, რომელიც მუდმივად ცდილობს, მისთვის დამახასიათებელი სინაზითა და ჩაღრმავებით, მგრძნობიარე და ზოგჯერ უხეში ენით ილაპარაკოს თავის პერსონალურ და საზოგადო პრობლემებზე. პოეზია, პერფორმანსი, ვიზუალური ობიექტები, ფოტოები, თეატრი, ეს არასრული ჩამონათვალია მედიუმების, რომლებშიც საკუთარი ძალები მოუსინჯავს ხელოვანს

გთავაზობთ ინტერვიუს ანდრო დადიანთან:

 

ბევრგან გილაპარაკია ნიღაბზე, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე არ გაქვს ამოწურული სათქმელი – რატომ ნიღაბი და რატომ ანდრო დადიანი? – ჩვენს დიალოგში შესასვლადაც მარტივი იქნება ამაზე პასუხი.      

ჰო, თითქმის ყველა ინტერვიუ ამ კითხვით იწყება, მაგრამ რახან მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა ეს შებურვა, კიდევ ვილაპარაკოთ – ჩემთვის ფსევდონიმიც ნიღბის ნაირსახეობაა და ალბათ ესაა ანდრო დადიანთან ამ გამომეტყველების ორგანულობა, სამკაული ან აქსესუარი კი არაა ის, საკუთარი იდენტობის და ეგოს შთამნთქმელი მოწყობილობაა, ამ ვნებების გარეშე უფრო დისტანცირებულად შემიძლია შევხედო კოლექტიურსაც და პირადსაც. ნიღაბი საკუთარ თავში ჩატრიალებული მზერაცაა, რაც პერსონალურ და იმპერსონალურ ქვედინებებთან მაახლოებს; წონასწორობის საშუალებაა, რომ არ დავეცე, კუთხეში ზურგით დაყენებაა, რაც მაიძულებს, ინტუიციას და ფიქრს მოძრაობაც შევუყენო.

პირველი მოგონება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანსო, რახან შენი პერსონა და პირველსაწყისი ახსენე, შენს პირველ მოგონებაზე მინდა გკითხო…

ჰო, ჩვენი ბავშვობა ჩვენი წარმოშობის ადგილიაო, ამ მხრივ, არც ისე სახარბიელო წარმომავლობა მაქვს… დაახლოებით ორი წლის ვიყავი, დედა ლოგინად ჩავარდა, მთელი ორგანიზმი გაეთიშა, როგორც იციან ხოლმე, „ზალა“ გაარემონტეს და ელოდნენ, რომ რაიონში ჩამოასვენებდნენ, გამოსამშვიდობებლად თბილისში, ბოლო შეხვედრაზე წამიყვანეს მასთან, მახსოვს, პალატაში მის საწოლზე დამაჯინეს, სანიტარი იატაკს წმენდდა, მე კი დედაჩემის ნარინჯისფერ წიგნაკში ვჯღაბნიდი რაღაცას. ის მზიანი პალატა, სიკვდილ-სიცოცხლის აიწონა-დაიწონათი, არის ჩემი პირველი მოგონება.

ღრმა ბავშვობის შემდეგი განცდა ფოტოდან მოდის – დედა გადარჩა, მაგრამ ვერ დადიოდა, ბაღში ფეთხუმ მამაჩემს დავყავდი, ფოტოზე საახალწლო კონცერტია, ყველა გაპრანჭულია, სქელი მუყაოსგან გამოჭრილი გვირგვინები, ზედ მიწებებული დამსხვრეული სათამაშოებით, ადგათ თავზე, რომ იბრწყინონ, მე კი მკერდამდე აწეულ შარვალში გახუნებული სვიტრი მაქვს ჩატანებული და გულზე გაურკვეველი ფორმის „საზეიმო“ მავთული მკიდია. დღემდე ვერ ვხსნი, რა არის ეს რაღაც. შეიძლება ამ უცნაურ ნივთს უნდა ვუმადლოდე ჩემი კონცეპტუალური აზროვნების უნარებს, წლებია  უტრიალებს ჩემი ტვინი იმ საგანს, მილიონი ინტერპრეტაცია გამოვიმუშავე, რა შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა აზრს სუფისტური ფინალი აქვს – „ალაჰმა უწყის!“

 

სუფისტური პასუხი არ ექნება ალბათ მომდევნო კითხვას, რატომ აირჩიე პერფორმანსი შენს ერთ-ერთ მედიუმად?

კი, ალაჰმა უწყის ეგეც! გულწრფელად გითხრა, არცერთ მედიუმში მისი ფლობით ფეხი არ შემიდგამს, მეტიც, პერფორმანსის არსებობა მას შემდეგ გავიგე, რაც პირველი პერფორმანსი გავაკეთე, მერე მარინა აბრამოვიჩი მანახეს, ეს ცნობილი პერფორმერიაო, მე სახელებს ვერ ვიმახსოვრებ და კარგა ხანს ,,მანანა აბრამოვიჩს” ვეძახდი და ვეძებდი ინტერნეტში. ასე პოეზიაშიც: მითხრეს, შენს გამოცდილებაზე დაგვიწერეო და გაგზავნილ ტექსტზე მომწერეს, რომ მუსიკალურია ჩემი ვერლიბრი, მადლობა გადავიხადე და მერე დავგუგლე, რას ნიშნავდა სიტყვა „ვერლიბრი“.

განცდების შემგროვებელი ადამიანი ვარ, მთავარია გრძნობა და ის თავად  ქანდაკდება ლექსად, ფოტოდ, ობიექტად ან პერფორმანსად. ერთს, რასაც სხვადასხვა მედიუმებში მოძრაობისას თავს ვთხოვ, ისაა, რომ ფოტოგრაფისთვის კარგად დაკვრით და პიანისტისთვის კარგად წერით არ დაკმაყოფილდეს… თავგანწირვა და საკუთარი თავის სათქმელში ჩაფენა უნდა ახლდეს ხელოვნების აქტს, იმ მედიუმისადმი პატივისცემა, რომელითაც ფიქრი ხმოვანდება. თუკი საკუთარი ღირსება, კანი და ზოგჯერ სიცოცხლეც კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სათქმელის ამოთქმა, ჯობია არც ითქვას, მაინც არ ექნება ძალა ადამიანის ყურს მისწვდეს, შეაჩეროს და აზრისკენ მოახედოს.

როგორ ემზადები პერფორმანსებისთვის? როგორ ჩნდება იდეები და რა პროცესებს გადიხარ, სანამ ადამიანებამდე მიიტან შენს ნამუშევრებს?

შესამეცნებელი საგნები მხოლოდ სიყვარულის იდეით შეიძლება იყოს შემეცნებულიო – ფაქტობრივად, ეს ცხოვრებასთან შეთქმულებაა და თან როგორი ლამაზი?! მეც ვცდილობ, ზიზღის მარხვაზე და სიყვარულის ყველიერზე ვიყო. განსაკუთრებულად არაფრისთვის ვემზადები, ბრძოლით საფუძველი იღლება, უბრალოდ ვხვდები, როგორც მიწა გაზაფხულს. მთავარი სამუშაო გემოვნების მუდმივი დახვეწა და მასთან დაწევაა, ვცდილობ, მზად დავხვდე წუთს, როცა ფიქრი აზრად უნდა იქცეს და მერე ფორმა, მანერა, გრძნობა შევძინო.

 

 

ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოება აქტიურად საუბრობს ჰომოფობიაზე, თუმცა ყოველთვის მრჩება განცდა, რომ ეს მსჯელობა არ ითვალისწინებს ჰომოფობიის კომპლექსურ ბუნებას. რა არის ჰომოფობია და სად ხედავ მისგან გამოსავალს? 

ეს ქვეყანა საზოგადოებისა და ინდივიდის ჰარმონიულობის წინააღმდეგ მიმართული ენერგიით იმართება, ასეთ გარემოში ის უფრო მაფიქრებს, რომელი უკმაყოფილება არ შეიძლება გარდაქმნას უცბად მმართველმა ჰომოფობიურ ენერგიად. ჰომოფობია ის შავი ჯიპია, რითაც სულიერად გაძვალტყავებული ეკლესია და მთავრობა გადაადგილდება მშიერ ხალხში. ამ გარეწრების მიღმა ღარიბ ხალხს პროპაგანდამ დაასწავლა, რომ პრობლემაზე კი არ ილაპარაკონ, რამდენიმე ათეულ ჰომოსექსუალს აედევნონ და იქ დახარჯონ ბრაზი. ასეთ გარემოში ყავარჯნებად შემოთავაზებული ზიზღის გარეშე გადაადგილება ძნელია, რთულად დასატოვებელი კომფორტია მტრის ხატის დაშლა და მისგან მოძმის გამოძერწვა მაშინ, როცა ჰომოფობია არ აწუხებს ადამიანს და უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებშია ჩაფლული ის.

პროვინციაში ორსული ქალი საავტომობილო გზაზე წვება, გზას კეტავს,  რომ სოციალური დახმარება აღუდგინოს სახელმწიფომ, ამ დროს ჩვენ მთავრობის სახლის წინ გვიჭირავს სიტყვები „მრავალფეროვნება“, „თავისუფლება“, „თანასწორობა“, „პატივისცემა“ – და ვის მივმართავთ ამ სიტყვებით? საზოგადოებას, რომელმაც ორსული ქალი მიატოვა და თავის პურის ფულს ჯართიდან ჩიჩქნის, თუ ოთხბორბლიანი მავზოლეუმებით, ჯიპებით რომ გადაადგილდებიან? სოციალური პრობლემებია ერთადერთი, რამაც შეიძლება ყველა გაგვაერთიანოს, როცა ეს პრობლემები მოგვარდება, ჰომოფობიური განწყობებიც ურთიერთპროპორციულად შემცირდება.

რისი გეშინია ყველაზე მეტად?

სიმაღლის მეშინია, სივიწროვის, მარტოობის, კმაყოფილების.

კმაყოფილება და „ეჭვშეუვალი“ ცხოვრება ლპობას თუ არა, ადგილზე გაჩერებას, გაქვავებას, გაძეგლებას ნიშნავს; ეჭვიანობა მარტოობად ხურდავდება, მარტოობას ნიშნავს; მარტოობა თავისუფლების პირობაა – თავისუფლება მარტოობაა; მარტოობა სიმაღლეა, ცერა თითებზე დგომა, დაძაბულობა და თრთოლა; სიმაღლეზე ყოფნა სიმაღლის შიშია, წნევა, სიცივეც და უჰაერობაც.

რა მახასიათებლები აქვს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და რა არის ის მთავარი მესიჯები, რომელიც თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებში შეიძლება ამოიკითხო აქ?   

კორექტულობა, გარიყვის შიში, საერთო თხრობაში ჩართვის მცდელობა და თავზე ხელის მოცაცუნების სურვილი. როგორც ადამიანს ადამიანის, მესმის ეს და, ცხადია, თანავუგრძნობ კიდეც, მაგრამ სწორედ ასეთი კორექტულობაა არაპოლიტკორექტული. ეს დინამიკა კოლექტიური ცნობიერების განმტკიცებელია და სულის, აზრის, ინდივიდის მნიშვნელობას ერთთავად სპობს. თავისუფლება თვალსაზრისების განსხვავებას აყენებს მის ცენტრში, ჩვენ კი პოლიტკორექტული უმრავლესობის დიქტატი გვადგას თავზე, სადაც პროპაგანდის მიერ ინდივიდუალურობის თვითრწმენით გაჯერებული -„განსხვავებულთა მარშები“ გადაადგილდებიან.

ტოტალიტარიზმისთვის პლაკატურობაა დამახასიათებელი და სწორედ ამას ვუყურებთ ახლა, ყველაფრის სათავე დესტრუქცია ჰგონიათ, ამ იკონოგრაფიის საყრდენი ქაოსია და ცდილობენ, ამით გადაიფაროს თეზის არცოდნა. ხვდები, რამხელა შინაგანი წინააღმდეგობითაა სავსე ეს დინამიკა? ძეგლის დადგმის სურვილია, მაგრამ მთავარი – შინაარსი-კარკასი არ არის. ამიტომ ეცემიან ხელოვნური ფორმების უხერხემლო რუპორები.

გასულ წელს შენი პოეტური კრებული, განსაწმენდელი გამოვიდა, მინდა, ამ წიგნზე მელაპარაკო, ასევე ეს ნაშრომი კონკურს „ლიტერაზე“ გაგზავნე, მერე კი ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც მოხსნა წიგნი კონკურსიდან, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი? 

ამ წიგნზე მუშაობამ ჩემსგან და ჩემი მეგობრებისგან დიდი ენერგია წაიღო, წლების მანძილზე მატყუებდნენ გამომცემლობები, რომ დაბეჭდავდნენ, ნერვების ომი გავიარე და, როგორც იქნა, 4 წლის შემდეგ გამომცემლობა „კალმოსანში“ დავასრულე ეს გზა. გულახდილად გითხრა, ორწამიანი სიხარულიც კი ვერ განვიცადე, ისე ვიყავი მოთენთილი სირთულეებით. ჩემთვის მულტიდისციპლინარულია ეს ნამუშევარი, მის ნაწილად მოვიაზრებ ოთხდღიანი პერფორმანსით პრეზენტაციას. წიგნი თავს უყრის პოეტურ „ready-made“-ებს, საუნდპოეზიის და ვიზუალური პოეზიის ექსპერიმენტებს, ასევე თავისთავად წიგნის, როგორც ნივთის კონცეპტუალურ და პერფორმატიულ სტრუქტურას.

რაც შეეხება კონკურსებს – ხელოვნებაში შეჯიბრზე მაღალი აზრის არ ვარ, უბრალოდ, პოლიტიკურად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ჩვენი, ხმაწართმეული და სახეწართმეული, დეკლასირებული ადამიანების კულტურაში შეყვანის მცდელობა, ეს იყო მიზეზი კონკურში მონაწილეობის. მნიშვნელოვანად ჩავთვალე ასევე, არ მიეღო წიგნს მონაწილეობა, მისი შინაარსის საწინააღმდეგო, პარტიული ცენზურით მართულ პროცესში. სიყრმეშივე დამორჩილების სურვილი ამოძრავებს დიქტატურას და ასე ამხელს მის ვინაობას, ამ პროცესმა გვაჩენა ისიც, რომ თურმე პოეტების ეშინია მთავრობას, ჩვენ კი დიდიხნის მკვდარი გვეგონა პოეზია. ვაშა, ვაშა და ვაშა! დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესი ადამიანში თავისუფლებას და მოთხოვნებს ზრდის, ძველს აპროტესტებს და მომავალს აპროექტებს წარმოსახვით; მთავრობა, რომელიც აწმყოსაც ვერ ეწევა, ცხადია, შიშით უყურებს ისეთ ხვალინდელ დღეს, სადაც მათი ადგილი არ იძებნება, ამიტომაცაა რომ მეფე ჰეროდესავით დასდევენ სიახლეს და მომავლის იდეას.

 

რას ფიქრობ, არსებობს თუ არა ქართული ქვიარ კულტურა, როგორია ის და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან მას?

ჩემი გაგებით ქვიარ კულტურაა ის, სადაც ადამიანი დგას სოციალურ სტატუსზე და როლზე მაღლა. ამ თვალსაზრისით, ქვიარია მიხეილ ჯავახიშვილი თეიმურაზ ხევისთავის გამო, რადგან თეიმურაზის მიმართ თანაგრძნობას და სიბრაზეს აჩენს, ეს კი ადამიანში ადამიანის დაცვისა და პატივისცემის უმაღლესი გამოვლინება მგონია. ქვიარია ნიკო ფიროსმანი, როცა ორთაჭალის ტურფებს და ცხოველებს ხატავს ზეადამიანური გრძნობით; ვაჟა-ფშაველაც ქვიარია, რადგან ვაჟკაცი მტრის საფლავი ეტირება ქალს – „სიბნელეს უცდის, მივიდეს ჩუმად იტიროს მკვდარიო…“ ამ აზრით, ცხადია, რომ ქართული ქვიარ კულტურა არსებობს და იმაზე ადრეც კი იყო, ვიდრე სიტყვა „ქვიარი“ გაჩნდებოდა ლექსიკონში. ამიტომ, გაუგებარია პათოსი, რომ ქვიარმა უნდა გამოიყვანოს აზიიდან თუ კომუნიზმიდან ქართული კულტურა და დაუბრუნოს თუ მიუერთოს ღირსეულ ევროპულს.

„ქვიარს“, როგორც ჰომოსექსუალური თვითგამოხატვის ენასთან იდენტობას რაც შეეხება, ვიზუალურ ხელოვნებაში და თეატრში ესეც დიდი ხანია გვაქვს, ყეენობა-ბერიკაობაც ესაა მისი გადაცმით, სახის შებურვით, როლების უგულებელყოფით და საბჭოთა ქართული თეატრიც, ოცხელის წყალობით, მერე სტურუას 80-იანი წლების სპექტაკლები მისი ვიზუალურ-სარეჟისორო ენით.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

არ ვიცი, რა გითხრა. ბოლო დროს ზედსართავების გარეშე ვცხოვრობ, არაფერი მნიშვნელოვანი. ფასეულობათა გადაფასების პერიოდი მაქვს, აქამდე ყველა ჩემი გეგმა ადამიანებს უკავშირდებოდა, უცბად ყველაფერი ამოყირავდა, რაღაც ძალამ მთელი მეტალი გაიწოვა ორგანიზმიდან, ნდობა, ინტერესი, მიზიდულობა გამიქრა ადამიანის მიმართ და ხელიდან გამომეცალა გეგმებიც, იღლიები ამომივიდა სახეზე თითქოს, უთვალებო გავხდი და უენო. მხოლოდ ასკეტიზმით შეიძლება საკუთარ თავს გადაუსწროს ადამიანმა, მგონი. მგონი, ყველაზე მეტი პასუხი სიჩუმეს აქვს და ვცდილობ, სიჩუმის ენა ვისწავლო; ნივთებისგან სიმშვიდე მინდა ვისწავლო, ვცდილობ, აღარ ვიყოყიალო, ლარნაკივით პირნათელი და საჭირო დროს ფუნქციური მინდა ვიყო, მინდა, რაც შეიძლება პატარა ადგილი დავიკავო სამყაროში და ჩემი ტემბრი მქონდეს.

 

ფოტო: avadrisT

კვლევა – საქართველოს მოსახლეობის 88%-ს უნდა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს

/

კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანია ACT-მა შემთხვევითობის პრინციპით სატელეფონო კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 87% მიიჩნევს, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“.

მოსახლეობის უმეტესობა (84%) პირდაპირ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „რუსეთი მტერია“. ამ აზრს დაახლოებით 11% არ იზიარებს, ხოლო დანარჩენ 5%-ს ამის შესახებ პასუხი არ აქვს.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (91%) ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს და სიმართლე უკრაინის მხარესაა.

კვლევის თანახმად, რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (49%) არ ელოდა, 17% ფიქრობდა, რომ ომი დაიწყებოდა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო ყოველი მესამე გამოკითხული (31%) ელოდა ომის უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე დაწყებას, მათ შორის, დედაქალაქშიც.

რაც შეეხება ომში გამარჯვებულ მხარეს, 63% მიიჩნევს, რომ გამარჯვება უკრაინას დარჩება, 12%-ს გამარჯვებულად რუსეთი მიაჩნია, 20%-მა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ იცის. ასევე, არიან ადამიანები (5%), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება.

10-დან 9 გამოკითხულს უკრაინის გამარჯვება სურს (88%), რუსეთის გამარჯვების ნახვა კი – ძალიან მცირე რაოდენობას (1%).

საქართველოს მოსახლეობის 51% რუსეთისგან პრობლემებს ნებისმიერ შემთხვევაში მოელის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები და ფიქრობს, რომ რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია საქართველოში შემოჭრა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ომში განვითარებული მოვლენები მოსახლეობისთვის მტკივნეული და აქტუალურია. გამოკითხულთა უმრავლესობა (96%) თანხმდება იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოს ნაწილობრივ ან სრულად ეხება.

კვლევა 4-6 მარტს ჩატარდა და გამოკითხული რესპონდენტების რაოდენობამ 809 ადამიანი შეადგინა, ხოლო შერჩევის ცდომილებამ – 2.4%.

ანდრო დადიანი – პაროლი – Art Interrupted: Further and Closer

ვიდეო ინტერვიუების ციკლი „Art Interrupted: Further and Closer” აღწერს და იკვლევს თუ რა გამოწვევები დგას დღეს საქართველოში კულტურის სფეროს წინაშე. როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება კულტურისა და ხელოვნების მიმართ და რა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორები სახელოვნებო პროცესების განვითარებისთვის.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ანალიტიკური, კრიტიკული კუთხით საუბრობენ იმაზე, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს სახელოვნებო სივრცე. იკვრება ლოგიკურად გამოწვეული კითხვების მთელი ჯაჭვი, რომელიც სახელმწიფოს ეგზისტენციალური პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს და მკაცრად მიუთითებს კულტურის სფეროს შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმისაკენ.

მოცემული ვიდეო ინტერვიუები საქართველოში კულტურულ, პოლიტიკურ პროცესებზე და წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებაზე დაკვირვებისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.

ანდრო დადიანი ქართველი ხელოვანია, რომელიც მუდმივად ცდილობს მისთვის დამახასიათებელი სინაზითა და ჩაღრმავებით, მგრძნობიარე და ზოგჯერ უხეში ენით ილაპარაკოს მის პერსონალურ და საზოგადო პრობლემებზე. პოეზია, პერფორმანსი, ვიზუალური ობიექტები, ფოტოები, თეატრი, ეს არასრული ჩამონათვალია მედიუმების, რომლებშიც ხელოვანს საკუთარი ძალები მოუსინჯავს.

—-

ვიდეო ინტერვიუების ციკლი მომზადდა „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ თანამშრომლობითა და მხარდაჭერით.

დაკეტეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენით გავუმკლავდებით – უკრაინის პირველი ლედის წერილი

/

ბოლო დროს, უამრავი მედიაგამოცემა დამიკავშირდა ინტერვიუს ჩასაწერად. ეს წერილი ყველა ამ მოთხოვნის პასუხია და ჩემი, როგორც მოწმის სიტყვა უკრაინიდან. 

შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც ერთი კვირაზე ცოტა მეტის წინ მოხდა. ჩვენი ქვეყანა მშვიდი იყო; ჩვენი ქალაქები და სოფლები სიცოცხლით სავსე. 24 თებერვალს ყველამ რუსეთის თავდასხმის სიახლით გავიღვიძეთ. ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადმოკვეთეს, თვითმფრინავებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, სარაკეტო დანადგარები ჩვენს ქალაქებს შემოეჯარნენ.

კრემლის პროპაგანდის დასაყრდენი გამოცემების მტკიცების მიუხედავად, რომლებიც ამ მოვლენებს „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ, ფაქტია, რომ ეს უკრაინის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობაა. ალბათ, ამ თავდასხმის ყველაზე შემზარავი და სამწუხარო ნაწილი ბავშვების სიკვდილია –  ოხტირკას ქუჩებში გარდაცვლილი 8 წლის ელისი, რომლის დაცვასაც ბაბუა ცდილობდა. ან პოლინა კიევიდან, რომელიც მშობლებთან ერთად დაბომბვისას გარდაიცვალა. 14 წლის არსენი, რომელსაც თავში ნამსხვრევი მოხვდა და ვერ გადაარჩინეს, რადგან ხანძრის გამო სასწრაფო დახმარება დროულად ვერ მივიდა.

რუსეთი ამბობს, რომ ეს „არ არის ომი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, ამიტომ, პირველ რიგში, მოკლული ბავშვების სახელებს ვახსენებ.

ფოტო აღებულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილიდან

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ნაღმსაწინააღმდეგო თავშესაფრებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. ალბათ, ყველამ იხილეთ კიევის და ხარკოვის მეტროსადგურების ფოტოები, რომლებშიც ხალხი ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად იატაკზე წევს – გამოკეტილები არიან. ზოგისთვის ეს უბრალოდ ომის შედეგია, უკრაინელებისთვის კი – შემზარავი რეალობა. ზოგიერთ ქალაქში ოჯახები თავშესაფრებს დღეების განმავლობაში ვერ ტოვებენ, რადგან განურჩეველი და შეუწყალებელი დაბომბვაა, რომელიც სამოქალაქო ნაგებობებს ანგრევს.

ომის პირველმა ახალშობილმა სარდაფის ჭერი ნახა, პირველად მიწისქვეშეთის ჩახუთული ჰაერი ჩაისუნთქა და პირველი წამების მოწმეები გამოკეტილი, შეშინებული ხალხი იყო. ამჟამად, ათეულობით ბავშვს არასდროს უნახავს მშვიდობა. ეს ომი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და არა მხოლოდ დაბომბვის გამო. ზოგიერთ ადამიანს ინტენსიური ზრუნვა და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, რომელსაც ვერ იღებენ. რამდენად ადვილია ინსულინის გაკეთება სარდაფში? ან ასთმის სამკურნალო საშუალებების მიღება ხანძარში? რომ არაფერი ვთქვათ ათასობით ონკოლოგიურ პაციენტზე, რომელთათვის აუცილებელი ქიმიოთერაპია და რადიაციული მკურნალობა შეწყვეტილია. 

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში უიმედონი არიან. ბევრი ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, მძიმე ავადობის მქონენი და შშმ პირები ოჯახებს დაშორდნენ, არავითარი მხარდაჭერა აღარ აქვთ. ამ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ორმაგი კრიმინალია. ჩვენი გზები ლტოლვილებით არის გადატვირთული. ჩახედეთ ამ გადაღლილ ქალებს თვალებში და ბავშვებს, რომლებიც საყვარელი ადამიანების და იმ ცხოვრების უკან მოტოვების გულისტკივილს დაატარებენ, რომელიც ჰქონდათ. კაცები, რომლებსაც ისინი საზღვრამდე მიჰყავთ, ცრემლებს ვერ იკავებენ, რადგან ოჯახები ერთმანეთს შორდებიან, მაგრამ მაინც გმირულად ბრუნდებიან საომარ ველზე, რათა ჩვენი თავისუფლება დაიცვან. ყველაფრის მიუხედავად, ყველა შემზარავი მოვლენის მიუხედავად, უკრაინელები არ ნებდებიან.

აგრესორ პუტინს ეგონა, რომ უკრაინას ბლიცკრიგით აიღებდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი სათანადოდ ვერ შეაფასა. უკრაინელებმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მშობლიური ენისა, რწმენისა და ეროვნებისა, შეუდარებელი ერთობა აჩვენეს.

კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ უკრაინელები, როგორც გადამრჩენებს, ყვავილებით დახვდებოდნენ, მაგრამ მოლოტოვის კოქტეილებით შეეგებნენ. მადლობელი ვარ იმ ქალაქების მცხოვრებლების, რომლებსაც თავს დაესხნენ, რადგან კოორდინირებული დახმარება გაუწიეს ყველას, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მადლობელი ვარ მათიც, ვინც აფთიაქებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, სოციალურ სერვისებზე მუშაობენ, რადგან აჩვენეს, რომ უკრაინაში სიცოცხლე იმარჯვებს.

უნდა აღვნიშნო ყველა, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა და მადლობა გადავუხადო უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მადლობა მეზობლებს, რომელთაც საზღვრები გახსნეს და ქალები და ბავშვები შეიფარეს, მადლობა, რომ უსაფრთხოდ ამყოფებთ მაშინ, როცა აგრესორმა ამის გაკეთების შესაძლებლობა შეგვიზღუდა.

მადლობა ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობები მოაწყვეს. გხედავთ! თვალს გადევნებთ და ვაფასებთ მხარდაჭერას.

უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ საკუთარ საზღვრებს დაიცავს, საკუთარ იდენტობას და არასდროს დაეცემა. ქალაქებში, რომლებშიც დაბომბვა გრძელდება, რომლებშიც ხალხი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, სარდაფებიდან ვერ ახერხებენ გამოსვლას, უსაფრთხო დერეფნები გვჭირდება, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ევაკუაცია უზრუნველვყოთ. გვჭირდება, რომ მათ, ვისაც ეს ხელეწიფებათ – ცა დაკეტონ!

დაკეტეთ ცა და მიწაზე მიმდინარე ომს ჩვენით გავუმკლავდებით.

მოგმართავთ მედიასაშუალებებს: განაგრძეთ სიმართლის თქმა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება. რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებული ომის პირობებში ყველა მტკიცებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ წერილით ვადასტურებ და ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინაში მიმდინარე ომი „სადღაც მიმდინარე ომი“ არაა.  ესაა ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვართან ახლოს. უკრაინა ცდილობს იმ ძალის შეჩერებას, რომელიც ხვალ შეიძლება აგრესიით შემოიჭრას თქვენს ქალაქებში და ამის გამართლებად მოქალაქეთა დაცვა დაასახელოს. 

გასულ კვირას ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის ეს ყოველივე გადაჭარბებულ შეფასებად ჩანდა, მაგრამ დღეს ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ყოველივე. თუ პუტინს არ შევაჩერებთ, რომელიც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, არსად მსოფლიოში, არავისთვის იარსებებს უსაფრთხო ადგილი.

ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენი ერთიანობის, უკრაინის ერთობლივი სიყვარულის გამო. დიდება უკრაინას!

მოუსმინეთ სიმღერას, რომლითაც Circus Mircus საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენს

Circus Mircus-ის სიმღერის პრემიერა, რომლითაც ბენდი საქართველოს ევროვიზია 2022-ზე წარადგენს, ახლახან შედგა. ბენდმა რუსეთის უკრაინაში მიმდინარე ომის გასაპროტესტებლად, ვიდეოკლიპის ნაცვლად, პრემიერა შავ ვიდეოფონზე მოაწყო, რომელზეც მითითებულია, რომ „არტისტი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას გმობს“.

2020 წელს ჩამოყალიბებული ბენდი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეულ ნამუშევრებს ქმნის. ბენდის მიერ ტვიტერზე გავრცელებული მანიფესტის მიხედვით, Circus Mircus-ის წევრებს დაუვიწყარი გამოცდილების შექმნის სურვილი აერთიანებთ, ჯგუფის ყველა წევრი თანასწორია და ქმნიან მრავალფეროვან მუსიკას.

ევროვიზია 2022 იტალიაში გაიმართება. ნახევარფინალი 10 და 12 მაისს არის ჩანიშნული, ფინალი კი 14 მაისს შედგება. აღსანიშნავია, რომ ევროვიზია 2022-ზე რუსეთი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ემზო კვარაცხელია – დარწმუნებული ვარ უკრაინის გამარჯვებაში

დღეს, ისე როგორც არასდროს, მთელი ცივილიზებული სამყარო არის ერთიანი. ამის ნათელი მაგალითია აქციებიც, სადაც ათასობით ადამიანი გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად. პირადად ჩემთვის, ერთგვარი თერაპიაა და აქციებზე ყოფნით უფრო ახლოს ვარ უკრაინელ ხალხთან. Keep Reading

ლგბტქი უკრაინელები ბრძოლაში არიან ჩართული და რუსეთს არ გაურბიან – KyivPride-ის დირექტორი

„სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ“, – ამბობს KyivPride-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბიგენდერი აქტივისტი ლენი ემსონი Pride Source-თან ინტერვიუში. 

ახლა უკრაინაში ტრანსგენდერი ადამიანები იძულებულნი არიან, ჰორმონალური მედიკამენტების გარეშე იყვნენ, რადგან ლენი ემსონის თქმით, „აფთიაქებში თითქმის ყველანაირი მედიკამენტის მარაგი გამოილია“.

აღნიშნული ინტერვიუ ელენ შანა კნოპოვმა ემსონთან 6 მარტს ჩაწერა.

უკრაინაში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებს რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით რა შიშები აქვთ?

პირველ რიგში, უკრაინელების მიმართ სოლიდარულები ვართ. ვთვლით, რომ თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო და მზად ვართ, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლოთ. რუსული კანონმდებლობის პირობებში არასდროს ვიცხოვრებთ. რუსეთს არასდროს დავემორჩილებით. არ დავუშვებთ ოკუპაციას და არ ვიცხოვრებთ ისე, როგორც რუსეთში: ადამიანური უფლებების, ნებისმიერი უფლების გარეშე, ფაქტობრივად, მუხლებზე მდგარნი.

ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა რუსეთში ბევრად სავალალოა ვიდრე უკრაინაში, როგორ ფიქრობთ, ეს უკრაინელებისთვის საფრთხისშემცველია?

ერთადერთი რისკი, რომელზეც ვფიქრობთ, ლგბტქი ადამიანებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული წნეხი და რეპრესიებია.

ახლა ლგბტქი აქტივისტები არ ვფიქრობთ: „რა უნდა ვქნათ, როცა რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს?“, სულ სხვა ფიქრები გვაწუხებს, მაგალითად: რა უნდა ვქნათ, რომ ეს ასე არ მოხდეს, ასე რომ, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ:

  1. მოწყვლადი ჯგუფების ევაკუაცია – ქვეყნის დატოვებაში ვეხმარებით ტრანსგენდერ ადამიანებს და ლგბტქი თემის წევრებს, რომელთაც ბავშვები ჰყავთ.
  2. ვისაც ბრძოლა, ტერიტორიების დაცვაში დახმარება, არმიაში გაწევრიანება შეუძლია – იბრძვის. 

პირადად ვიცნობ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც არმიას შეუერთდნენ, რათა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლონ, ქვიარ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო დაცვის დანაყოფებს შეუერთდნენ. მინდა, მსოფლიომ გაიგოს, რომ ლგბტქი უკრაინელები ბრძოლაში არიან ჩართული და რუსეთს არ გაურბიან.

რის გაკეთება შეგვიძლია დასახმარებლად?

მადლობელი ვიქნები, თუ დახმარების გზების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებთ. KyivPride ნებისმიერი ადამიანის დახმარებას ცდილობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორია ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა უკრაინაში?

აფთიაქებში თითქმის ყველაფრის მარაგი ამოწურულია. საზღვრებს მიღმა პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა სამედიცინო მედიკამენტების მობილიზება შევძლოთ კიევსა და სხვა ქალაქებში, სადაც ხალხს სჭირდება. ეს პრობლემა ახლახან წარმოიშვა, დაახლოებით ერთი კვირაა.

რა გსურთ, სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ლგბტქი ადამიანებმა უკრაინის ლგბტქი თემზე იცოდეს?

გვინდა იცოდეთ, რომ ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის 30-წლიანი ისტორია გვაქვს. ამ უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ახლაც ვიბრძვით და არასდროს შევწყვეტთ. გასულ წელს, KyivPride-მა კიევის ქუჩებში 7 ათასი ადამიანის მობილიზება შეძლო. ლგბტქი უფლებებისთვის ერთობლივად გამოვედით. ასე რომ, რუსეთზე ძლიერები ვართ და თავისუფლებას ვაფასებთ. რუსეთისგან განვსხვავდებით და რუსულ კანონებს არასდროს დავემორჩილებით, ადამიანის უფლებების შელახვის იმ გამოცდილებას არ მივიღებთ, რაც რუსეთში მრავალი წელია არსებობს.

რა შეუძლიათ ინდივიდებს ან ხელისუფლებებს, რომ მოიმოქმედონ?

ინდივიდების და ხელისუფლების დახმარების გზები ერთმანეთთან არის კავშირში. მოსთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება კარგი საქმის საკეთებლად გამოიყენონ. უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა აუცილებელია, ამ ნარატივს, ფაქტობრივად, ომის დაწყების დღიდან ვაჟღერებთ, რადგან რუსული ბომბდამშენების შეჩერებისთვის რეალური გზაა. ეს ჩვენთვის აუცილებელია, რადგან გვინდა – ვიცოცხლოთ. ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლისთვის ცოცხლები უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ლგბტქი ადამიანების მთავარი მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მიმართ – ცის დაკეტვაა.

ინდივიდებს მხოლოდ დონაციებით დახმარებას კი არა, სიტყვიერ მხარდაჭერასაც ვთხოვთ, მაგალითად, თუ სოციალურ ქსელებში რუსეთის მხარდამჭერ პოსტებს გადააწყდებით ან პროპაგანდას, თითქოს უკრაინაში ომი არაა – დაარეპორტეთ, გააკრიტიკეთ. რუსული პროპაგანდის ადგილი სოციალურ ქსელებში არ უნდა დარჩეს, რუსულ ტყუილებს ინტერნეტში არაფერი ესაქმება. გთხოვთ, ამის გაკეთება შეგიძლიათ და ეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი დახმარება იქნება.

რამეს ხომ არ დაამატებდით?

რთულია რაიმეს თქმა, რადგან ამას არავინ ელოდა. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებების შესახებაც ვიცი, დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში ეს მართლაც მოხდებოდა? ვინ იფიქრებდა, რომ პუტინი ადგებოდა და უკრაინის ქალაქების დაბომბვას დაიწყებდა, ახლაც რთულია დაჯერება, რომ ეს მართლაც ხდება, ყველას გონება ცდილობს, რომ ეს ფაქტი უარყოს. დიდი სტრესია იმის გაცნობიერება, რომ ეს ჩვენ თავს ხდება… სიტყვები ზედმეტია. რა შეიძლება ვთქვათ?

წყარო: Pride Source

ქალთა საერთაშორისო დღის წარმოშობის ისტორია

8 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია – ქალთა საერთაშორისო დღე, რომელიც ქალების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევების აღნიშვნასა და გენდერულ თანასწორობას ეძღვნება. Keep Reading

გეი გაცნობის აპლიკაციის, Romeo-ს მომხმარებლები მზად არიან უკრაინელი დევნილების დასახმარებლად

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გეი გაცნობის აპლიკაცია Romeo-ში შეიქმნა ჯგუფი – Shelter for Ukraine (თავშესაფარი უკრაინისთვის). ჯგუფში ძალიან სწრაფად შეგროვდა ათასობით ადამიანი.

ჯგუფის შექმნის მიზანი იმ ადამიანების გაერთიანება იყო, რომლებიც სხვა უსაფრთხო ქვეყნებში ცხოვრობენ და მზად არიან, დაეხმარონ უკრაინელ დევნილებს საცხოვრებელი ადგილითა და სხვა საჭიროებებით.

გეი გაცნობის აპლიკაციის მომხმარებლები მზად არიან, გაიარონ მრავალი კილომეტრი, რათა საზღვრებზე დახვდნენ როგორც უკრაინელ დევნილებს, ასევე იმ რუსებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ომს და გაურბიან პუტინის მთავრობას.

გაცნობის აპლიკაციის სპიკერი Queerty-სთან ინტერვიუში ამბობს: ,,როცა გავიგეთ უკრაინის დაბომბვის შესახებ, როგორც ბევრ სხვას, ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი, რამე გაგვეკეთებინა და დავხმარებოდით უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვართ ინტერნაციონალური გუნდი სხვადასხვა ეროვნების ადამიანით, ბევრ ჩვენგანს განუცდია ომი და ჩაგვრა. ადამიანების დაკავშირება ჩვენი საქმეა, ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, როგორ შეგვეძლო ჩვენი პლატფორმის გამოყენება გაჭირვებაში მყოფი ადამიანების იმ ადამიანებთან დასაკავშირებლად, ვისაც დახმარება შეუძლია”.

აპლიკაციის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ ,,დღეს უამრავი მამაკაცი რჩება უკრაინაში და აგრძელებს სამშობლოსთვის ბრძოლას. Romeo-ს მომხმარებლები არ სთავაზობენ დახმარებას მხოლოდ გეი მამაკაცებს, ისინი მზად არიან, შეიფარონ მათი მშობლები, დები, შვილები”.

Romeo, იგივე PlanetRomeo, გეი გაცნობის აპლიკაციაა, რომელიც 2002 წელს შეიქმნა ბერლინში და მისი მიზანი გეი მამაკაცების ერთმანეთთან დაკავშირებაა. აპლიკაცია თავდაპირველად მხოლოდ გერმანიაში ფუნქციონირებდა, დღესდღეობით, ის მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის, საქართველოში.