დეკემბერი 2021

კატო მიქელაძის ჯილდო ბაია პატარაიას, ელისო რუხაძესა და თოზუ გულმამედლის გადაეცათ

კატო მიქელაძის ჯილდო წელს ბაია პატარაიას, ელისო რუხაძესა და თოზუ გულმამედლის გადაეცათ, რომელთაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში ორგანიზაცია “საფარი” აერთიანებთ.

ბაია პატარაია ფემინისტი აქტივისტი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სპეციალისტია. მას აქვს ადამიანის უფლებათა სამართლის მაგისტრის ხარისხი და 2013 წლიდან ხელმძღვანელობს არასამათავრობო ორგანიზაცია „საფარს“. ბაია წლების მანძილზე ცდილობს და მხარს უჭერს ქალების და გოგოების გაძლიერებას, მათთვის თანასწორი, უსაფრთხო გარემოს შექმნას და სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას. ის არის არაერთი პუბლიკაციის, კვლევის და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორც ეროვნული ექსპერტი. 2014 წლიდან ბაია პატარაია არის არაფორმალური ფემინისტური ჯგუფის „ქალთა მოძრაობის“ დამფუძნებელი და აქტიური წევრი.

თოზუ გულმამედლი უფლებადამცველი და აქტივისტია. თოზუმ დააარსა იორმუღანღლოს სათემო ცენტრი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. მას, როგორც აზერბაიჯანელ, მუსლიმ ქალს, არაერთი სირთულე ხვდება, როდესაც ცდილობს დაიცვას საკუთარი და სხვების უფლებები და ღიად ისაუბროს ისეთ თემებზე, რომლებიც განსაკუთრებით ტაბუირებულია აზერბაიჯანულ თემში.

ელისო კავშირის ,,საფარი,, იურისტია, სადაც ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების, გოგონების და ბავშების უფლებებს 2017 წლიდან იცავს. ელისოს დიდი წვლილი შეაქვს ქალთა უფლებების დაცვის ჯანსაღი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და ძალადობის დაძლევაში. ის ძალებს არ იშურებს არა მხოლოდ ბენეფიციარი ქალების დასაცავად, არამედ მათი რესოციალიზაციისა თუ ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

წყარო: Women’s Fund in Georgia

შვეიცარია ტრანსგენდერ ადამიანებს სქესის კანონიერად შეცვლის უფლებას აძლევს

ახალი წლიდან შვეიცარიაში ტრანსგენდერი ადამიანები სქესის კანონიერად შეცვლას შეძლებენ.

შვეიცარია უერთდება ისეთი ევროპული ქვეყნების რიცხვს, როგორიც დანია, ნორვეგია, მალტა, ლუქსემბურგი, ირლანდია, ისლანდია და პორტუგალია არიან. ამ ქვეყნებში ადამიანებს საშუალებას აძლევენ, სქესი და სახელი ლეგალურად შეიცვალონ.

Keep Reading

12 ქვიარ მუსიკოსი, რომელთა გარეშე 2021 წელი ბევრად მოსაწყენი იქნებოდა

/

2021 წელი მრავალი გამოწვევით იყო სავსე, თუმცა ერთ-ერთი ნათელი წერტილი ქვიარ არტისტების არაერთი კარგი ნამუშევარი იყო. Lil Nas, St. Vincent, Demi Lovato თუ სხვა მუსიკოსები მთავარ სასაუბრო თემად იქცნენ და ჩარტებში ლიდერობაც მოიპოვეს. ამ სტატიაში ჩამოთვლილი 12 ალბომიდან, ალბათ, ნაწილი უკვე გსმენიათ, ზოგიერთსაც ახლა აღმოაჩენთ და მერწმუნეთ, დიდხანს იღიღინებთ.

12. Demi Lovato – Dancing with the Devil… the Art of Starting Over

2021 წელს დემი ლოვატომ ერთგულ ფანებს მრავალი სიახლე გაუზიარა. წლის დასაწყისში გამოსულ დოკუმენტურ სერიებში ნარკოტიკების ზედოზირების, სექსუალური ძალადობისა და დამოკიდებულების გადალახვის რთულ პროცესზე ისაუბრა, მოგვიანებით კი, საკუთარ გენდერულ იდენტობაზე ალაპარაკდა და თქვა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე არტისტია. შეიძლება, მისი მუსიკა ნაკლებად მოგწონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მომღერალმა საკუთარი პლატფორმა არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე სასაუბროდ გამოიყენა, რაც მის ალბომში – Dancing with the Devil… the Art of Starting Over – გაგრძელდა. „ვეძებდი პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც პასუხები არ არსებობს, ჯოჯოხეთი გამოვიარე“, – მღერის ლოვატო ყველაზე გულწრფელ ალბომში, რაც აქამდე ჩაუწერია და ცდილობს, მსმენელებს ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის გზა დაანახოს.

11. Cavetown – Man’s Best Friend

23 წლის ბრიტანელი არტისტი სასცენო სახელით – Cavetown, ახალ ალბომში მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებზე, დაშორებაზე, საკუთარი თავის ხელახლა შენებაზე მღერის. ინდი პოპ-როკ ალბომს სიმშვიდე, გულწრფელობა და იმედიანი ტექსტები გამოარჩევს, რაც, შესაძლოა, მსმენელს მსგავსი გამოწვევების გადალახვაში დაეხმაროს. თუ Cavetown-ის საუკეთესო ალბომი ჯერ არ მოგისმენიათ, შანსი აუცილებლად უნდა მისცეთ, შეიძლება, ზოგიერთმა სიმღერამ თქვენს ფლეილისთშიც დაიკავოს ადგილი.

10. St. Vincent

2 გრემის მფლობელმა St. Vincent-მა 2021 წელს გამოსული ალბომისთვის – Daddy’s Home, კიდევ ერთი ნომინაცია მოიპოვა. საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის ნომინირებული მუსიკოსი 70-იანების როკ-ენ-როლს მიაგებს პატივს და სასიყვარულო ურთიერთობაზე მღერის, რაც ხშირად საშიში და მოულოდნელობებით აღსავსეა. ალტერნატიული ჟღერადობის ალბომი მშობლობაზე, დაშვებულ შეცდომებს და შვილის ყოლასთან დაკავშირებულ შიშებზეა და 2021 წლის საუკეთესო ალბომებში ღირსეულად იკავებს ადგილს.

9. Girl in Red – if i can make it go quiet

22 წლის ნორვეგიელი მუსიკოსი ყველა იმ გამოწვევაზე მღერის, რომელიც ჯენზი თაობას ყველაზე მეტად აღელვებს. მენტალური ჯანმრთელობა, საკუთარი იდენტობის ძიება და ურთიერთობები ახალგაზრდა არტისტის მთავარი სათქმელია, რასაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და გულწრფელობით ახერხებს. Girl in Red ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მნიშვნელოვანი ფორმისა და შინაარსის ძიების საუკეთესო მაგალითია და ალბომის არაერთი სიმღერა შეძლებს თქვენს გონებაში კარგა ხანს დარჩეს.

8. Doja Cat – Planet Her

რამდენიმე წელია Doja Cat-ის სიმღერები ტიკტოკ ტრენდებად იქცა. პოპ შემსრულებლის მარტივად დასამახსოვრებელი ტექსტები და მუსიკა, რომელიც ცეკვის ხასიათზე დაგაყენებთ, თანამედროვე პოპ კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მომღერალი საკუთარ სიმღერებში დისკო ჟღერადობის და ფანკის გავლენის ასახვას შესანიშნავად ახერხებს და Planet Her ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

7. Adult Mom – Driver

შეყვარებულთან დაშორების, გულისტკივილის და რთული პერიოდის გადალახვის, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღების შესახებ ჩაწერილი Driver – შესანიშნავი ალბომია, რომელშიც ორგანულად არის ჩაშენებული სოციალური კომენტარი თუ მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები, რასაც კარგი იუმორი, საინტერესო ჟღერადობა და გამორჩეული ვოკალი ერთვის. შესაძლოა, ეს ალბომი ჯერ არ მოგისმენიათ, მაგრამ გირჩევთ, დღესვე ჩართოთ და მოზარდობის საყვარელი მუსიკის გავლენები და ახალი სათქმელიც აღმოაჩინოთ.

6. Joy Oladokun – In defense of my own happiness

ახალგაზრდა ქვიარ მუსიკოსის ეს ალბომი საკუთარი თავის მიღების, იდენტობის და ბედნიერების ძიებაზეა. გულწრფელი ტექსტები, შესანიშნავი ვოკალი და მარტივი, თუმცა საინტერესო ინსტრუმენტალური თანხლება ამ ალბომს გამორჩეულ სიამოვნების წყაროდ აქცევს. თუ არტისტს საკუთარი თავის ძიების გზაზე წაჰყვებით და ალბომს მოუსმენთ, მიხვდებით, რომ რაღაც ახალი თქვენი გამოწვევების შესახებაც ისწავლეთ.

5. Brockhampton – Roadrunner: New Light, New Machine

ჰიპ-ჰოპი მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჰეტერონორმატული ნარატივების გაჟღერების მთავარი წყარო იყო, თუმცა ბოლო წლებში ეს მდგომარეობა იცვლება, რისი დადასტურებაც Blockhampton-ია. ჰიპ-ჰოპ დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა სექსუალური იდენტობის და ეთნიკური წარმომავლობის არტისტებს აერთიანებს, აქამდე არსებულ ნარატივს ცვლის და ახალ სათქმელს ამბობს, თანაც, ამას საინტერესო მუსიკის შექმნით ახერხებს. დაჯგუფების ახალი ალბომი ამის კიდევ ერთი მაგალითია – ჰიპ-ჰოპ ტრადიციების გამეორება და სათქმელის ახლებურად მოყოლა ალბომის მოსმენას შესანიშნავ გამოცდილებად აქცევს.

4. Japanese Breakfast – Jubilee

მუსიკოსის თქმით, ბედნიერების დიდებაზე დაწერილი Jubilee ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც 2000-იანების საუკეთესო პოპ ნამუშევრებსაც გაგახსენებთ, ინდი მუსიკის ხიბლსაც გაგრძნობინებთ და ახალ ჟღერადობებს და სათქმელსაც გაგიზიარებთ. „როგორი გრძნობაა საკუთარი ძალაუფლების მწვერვალზე დგომა, ყველა გულის მოხიბლვა?“ — მღერის Japanese Breakfast და მსმენელსაც უზიარებს ბედნიერებას, რომელიც რთული პერიოდის დასრულებას მოსდევს.

https://youtu.be/zqrEVwTnlF4

3. Mykki Blanco – Broken Hearts and Beauty Sleep

კიდევ ერთი გამორჩეული ქვიარ არტისტი, რომელიც მეინსტრიმის ნაწილი არ არის, თუმცა ყველასგან გამორჩეულ მუსიკას ქმნის და ბევრად დიდ ყურადღებას იმსახურებს, რეპერი Mykki Blanco-ა. მუსიკოსი რეპის, ფანკის, ფოლკის, R&B-ს გაერთიანებას ახერხებს, მაგრამ ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, სიმარტივის, ჩამთრევი რითმებისა და ტექსტების შენარჩუნებას ახერხებს. დამსხვრეული გულებისა და გამაჯანსაღებელი ძილის შესანიშნავი მუსიკალური ამბავი ნებისმიერ მსმენელს კარგა ხანს დაამახსოვრებს თავს.

2. Tune-Yards – Sketchy.

თუ დიდი სიამოვნების მისაღებად და საცეკვაოდ მზად ხართ, ეს ალბომი უნდა მოისმინოთ, რომელიც ისეთ თემებზე მოგიყვებათ, როგორიც გენდერული დისფორია, კლიმატის ცვლილება, აბორტის უფლება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი სათქმელია, მაგრამ ამას თავბრუდამხვევი სიმსუბუქით შეძლებს. ქაოტური, ერთმანეთში აზელილი ჟღერადობები, შეძახილები, ინსტრუმენტები ალბომის მოსმენას სულაც არ ართულებს, მეტიც, 37 წუთი ისე გაივლის, ვერ შეამჩნევთ და ხელახლა მოსმენას მოგანდომებთ.

1. Lil Nas X – MONTERO

MONTERO ამ სიის ჩემი ფავორიტი ალბომი არაა, მაგრამ 2021 Lil Nas-ის წელი იყო. 22 წლის რეპერმა არაერთი ქვეყნის ჩარტების ლიდერობა მოიპოვა და 5 გრემის ნომინაცია მიიღო. საკუთარ იდენტობაზე ღიად მოსაუბრე არტისტი საკუთარი მუსიკით ცვლილებებს იწვევს, რაც ამ ალბომს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ძალას ანიჭებს. ამ ალბომის რომელიმე სიმღერა მაინც აუცილებლად მოსმენილი გექნებათ და მოგწონთ თუ – არა, თავს დაგამახსოვრებთ, ცეკვის განწყობაზე დაგაყენებთ, სიმარტივით მოგხიბლავთ. მეტი რა უნდა ქნას 22 წლის არტისტმა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო?!

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

6 რჩევა მშობლებისთვის – როგორ დავუჭიროთ მხარი ქვიარ შვილებს

უამრავი მშობელი ეძებს პასუხს იმაზე, როგორ დაამყაროს კომუნიკაცია საკუთარ შვილთან, რომელიც საუბარს იწყებს თავის სექსუალობაზე, აკეთებს ქამინგაუთს და დამალვას აღარ ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ყველა ოჯახს ამის მარტივად მიღება არ შეუძლია, არსებობს გზები, რომ შვილებმა მშობლებისგან მიიღონ ის, რისი საჭიროებაც აქვთ და ამავე დროს, დისკომფორტი არც მშობლებმა იგრძნონ.

Keep Reading

ქვიარ რეპრეზენტაციის საუკუნოვანი ისტორია და სიახლე, რომელთან შეჩვევაც რთულია

კინო ის მედიუმია, რომელთან ერთადაც მცირე ასაკიდან ვიზრდებით. ბავშვობის და მოზარდობის საყვარელი ფილმები არა მხოლოდ ჩვენს კინოგემოვნებას განსაზღვრავს, არამედ სამყაროს აღქმასაც აყალიბებს. სპაიდერმენი, ბეტმენი, ინდიანა ჯონსი თუ სხვა თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი, დაკუნთული კაცები, რომელთაც ბოროტების დამარცხება, გადამრჩენის როლის მორგება საუკეთესოდ შეეძლოთ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყვნენ. ზოგიერთი ზრდასრულობაში გმირებს კი ივიწყებს, მაგრამ წარსულში სანუკვარი პერსონაჟების მსგავს ნიშნებს ახალ, ყოველდღიური საზრუნავის მოგვარებით დაკავებულ გმირებშიც ეძებს. რაც უფრო ვიზრდებით, სიახლის მიღება უფრო რთულია, თანაც, საუკუნოვანი კინოგამოცდილება მსგავსი სიუჟეტებისა და პერსონაჟების სათქმელის ირგვლივ დატრიალდა.

პოპკულტურაში გავრცელებული ნარატივები ისე გვაყალიბებს, გვიცვლის წარმოდგენებს, განსაზღვრავს სამყაროს აღქმას, რომ ამას ვერც კი ვხვდებით. ალბათ, ყველას მოგვისმენია მოსაზრება, რომ ნეთფლიქსის შოუებში ქვიარ ადამიანების გამოცდილებების ასახვა ზედმეტად ხელოვნურად ხდება, მაგრამ, იქნებ, სულაც არ არის ასე?! შეგვიძლია ერთად გადავავლოთ თვალი საუკუნოვან კინოგამოცდილებას და დავფიქრდეთ – იქნებ, ხელოვნური ის კინო იყო, რომელმაც ჩვენი ბავშვობა, მოზარდობა თუ ზრდასრულობა უფრო ჯადოსნურად აქცია.

Making Love (1982) – [20th Century Studios]

1982 წლის ფილმი – Making Love პირველი ფილმი იყო, რომელმაც გეი კაცის გამოცდილება პოზიტიურ ჭრილში ასახა, იქამდე კი მრავალი წლის განმავლობაში ქვიარ პერსონაჟები უარყოფით როლში გვევლინებოდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისის კომედიური ფილმები ქვიარ პერსონაჟებს სტერეოტიპულად წარმოაჩენდნენ, ამას ჰეისის კოდი მოჰყვა, ჰოლივუდის კინოსტუდიების შინაგანაწესი, რომელიც 1934-1968 წლებში მოქმედებდა და თვითცენზურას ემსახურებოდა. კოდი გულისხმობდა სიშიშვლის, სექსის სცენების, ასევე, ქვიარ ურთიერთობების ასახვის აკრძალვას. კოდი თავდაპირველად რეკომენდაციის სახით არსებობდა, თუმცა მალევე დაუწერელ კანონად იქცა, რამაც კინოში მხოლოდ „მოკრძალებული“ ჰეტეროსექსუალების ადგილი დატოვა. ქვიარ პერსონაჟებს მხოლოდ მინიშნებებით თუ ამოიცნობდით, ისიც ნეგატიურ ჭრილში. ამ წლების ერთ-ერთი ტენდენცია ბოროტმოქმედების და ჰომოსექსუალობის დაკავშირება იყო, რასაც არაერთი სახელოვანი რეჟისორი აქტიურად იყენებდა, მაგალითად, ჰიჩკოკი, რომლის ფილმები – Rope Rebecca, Strangers on a Train თუ Psycho პირდაპირ კი არ გვეუბნება, რომ ფილმის მთავარი ბოროტმოქმედები ქვიარები არიან, რადგან ეს შინაგანაწესს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ უკვე დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე აგებდა პერსონაჟებს. ბოროტებასა და სექსუალურ ორიენტაციას კი ხშირად ერთმანეთთან შეჭიდულ ორ ფენომენად წარმოგვიდგენდა.

უარყოფითი ქვიარ პერსონაჟების რეპრეზენტაცია პრობლემა სულაც არ არის, თუ არ გავითვალისწინებთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს – თუ პოზიტიური რეპრეზენტაცია, ფაქტობრივად, არ არსებობს, ისედაც სტერეოტიპებზე დამყარებულ მოსაზრებებს ქვიარ ადამიანების მუდმივად ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა კიდევ უფრო ამძაფრებს.

The Rocky Horror Picture Show (1975) – [Twentieth Century Fox]

ჰეისის კოდის შემდეგ პერიოდში სიტუაცია უკეთესობისკენ კი შეიცვალა, მაგრამ ახალი ათწლეულები მაინც ცალსახად პრობლემური იყო – 70-იანმა წლებმა ქვიარ ადამიანების ცხოვრება, როგორც თავბრუდამხვევი, ეგზოტიკური სანახაობა, ისე წარმოგვიდგინა. წლების განმავლობაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქება მარგინალიზებული, კინოდან განდევნილი ადამიანების რადიკალური დაბრუნებით გაგრძელდა. ამ პერიოდის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნამუშევრები The Rocky Horror Picture Show თუ თრეშ კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის, ჯონ უოტერსის ფილმები იმდროინდელი მაყურებლისთვის შოკისმომგვრელიც კი იყო, რამაც ქვიარ გამოცდილებების კინოში ხმამაღლა გაჟღერება განაპირობა, მაგრამ მიუჩვეველ აუდიტორიას ის განცდაც გაუმძაფრა, რომ ქვიარ ადამიანების ცხოვრება ფერადოვანი, გიჟური ამბების კარუსელია.

Longtime Companion (1989) – [American Playhouse]

80-იან წლებში ქვიარ გამოცდილებებზე გადაღებული არაერთი შესანიშნავი ფილმი გამოვიდა, რომელთა შორის Kiss of the Spider Woman, My Beautiful Laundrette, Before Stonewall, Victor / Victoria და პედრო ალმოდოვარის ფილმები გამორჩეულია, ათწლეულის ბოლოს გამოსული კიდევ ერთი კარგი ფილმი Longtime Companion კი აივ-ინფექციის აფეთქების პერიოდს ასახავდა და გეი მეგობრების თავს დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ჰყვებოდა. აივ-ინფექციამ ქვიარ ადამიანებს დიდი დარტყმა კი მიაყენა, მაგრამ ამ თემაზე გადაღებული ყველაზე ცნობილი ფილმების სიუჟეტი გეი კაცების გამოცდილებების ირგვლივ დატრიალდა და იმ არასწორი მოსაზრების განმტკიცებას შეუწყო ხელი, რომ – „აივ-ინფექცია გეი კაცების დაავადებაა“. ამ საზიანო აზრის განმტკიცებას 90-იანი წლების Philadelphia-მ და 2000-იანების ვარსკვლავებით დახუნძლულმა მინი-სერიალმა – Angels in America – ხელი შეუწყო.

Paris is Burning (1990) – [Art Matters Inc.]

მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში გადაღებული გამორჩეული ნამუშევრები: My Own Private Idaho, Priscilla, Queen of the Desert, Brokeback Mountain ჰეტეროსექსუალების მიერ მოყოლილი ამბებია, ჰეტერო მსახიობებით მთავარ როლებში, ბოლრუმ კულტურაზე გადაღებული ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმიც კი, როგორიც Paris is Burning-ია ქვიარ ადამიანების ექსპლუატაციის შედეგად შეიქმნა.

70-იანი წლებიდან მოყოლებული, 4 ათწლეულის განმავლობაში ქვიარ კინოში სასიკეთო ძვრები ხდებოდა და ამის საპირწონედ, აუდიტორიის არასწორი მოლოდინებისა თუ გარკვეული ტენდენციების გამო, სტერეოტიპები მძაფრდებოდა.

Pariah (2011) – [MBK Entertainment]

თუ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, პედრო ალმოდოვარის სახით ერთადერთი ქვიარ ხმა გვესმოდა, 2010-იან წლებში ქვიარ რეჟისორები, ქვიარ მსახიობები უფრო მომძლავრდნენ და წარსული მანკიერი გამოცდილებების უკან მოტოვება დაიწყეს. Pariah, Tangerine, 120 BPM, ქსავიე დოლანის ფილმები ამის ნათელი მაგალითია, სერიალ Pose-ის სამსახიობო გუნდი სრულად ტრანსგენდერი და გეი მსახიობებით არის დაკომპლექტებული, მართალია, წინა ათწლეულის ყველაზე ცნობილი ფილმები Moonlight, Blue Is the Warmest Colour თუ Pride მაინც ჰეტეროსექსუალის მზერით გვანახებს ქვიარ გამოცდილებებს, მაგრამ ცვლილებები ნელ-ნელა მაინც ხდება.

ამ სტატიაში ნახსენები ფილმების უმეტესობას კიდევ ერთი საერთო აქვს, ისინი მნიშვნელოვან, დიდ გამოწვევებს ასახავს, რომელთა წინაშეც ქვიარები არიან, რაც რეალობის ასახვაა – საკუთარი იდენტობის ძიება, ძალადობრივ გარემოში ცხოვრების, შიშების მოყოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელიც მხოლოდ არაერთი გამოწვევის გამო კი არ არის საინტერესო, არამედ შეუძლია სუპერგმირად იქცეს და სხვათა გადამრჩენად მოგვევლინოს, კომიკური ამბები გადახდეს თავს, საშინელებათა ფილმებში ბოლო გადარჩენილი პერსონაჟი აღმოჩნდეს ან, სულაც, თვითონ იყოს იდუმალი მკვლელი.

თითქმის წარმოუდგენელია, გავიგოთ, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფილმის რიმეიქს იღებენ და ერთ-ერთი პერსონაჟი თეთრკანიანი ჰეტერო აღარ იქნება და ამ სიახლეს კრიტიკა არ მოჰყვეს, უამრავი ადამიანი ისტორიის გაყალბებას, პირველწყაროს შეურაცხყოფას მოიგონებს მიზეზად და ჯერარგამოსულ ფილმს დაგმობს. ახლა, როცა ინფორმაციაზე წვდომა ყველაზე გამარტივებულია, ნებისმიერი მომხდარი ფაქტი აღირიცხება, ჩვენი ბავშვობის ფილმებიც ათას სხვადასხვა წყაროში იძებნება – ისტორიას როგორ გადაწერ?!

კარგად ნაცნობი ამბების ახლებურად მოყოლა იმ დანაკლისის შევსების მცდელობაა, რომელიც ქვიარ ადამიანებს ბავშვობის ანიმაციების, ფილმების, სერიალების ყურებისას გვქონდა. ამიტომ, თუ ერთ დღეს გაიგებთ, რომ ახალ ფილმში ბეტმენი აღმოაჩენს, რომ ქვიარია, თავზე ჩამონგრეულ ბავშვობას ნუ დაიტირებთ – უბრალოდ, კარგად ნაცნობი ფილმით დატკბით და სხვებს აცადეთ მოზარდობის გმირები ახალი, მათთვის ბევრად ახლობელი გამოცდილებებით იხილონ.

ან, როცა ახალი შოუს ყურებას დაიწყებთ და მიხვდებით, რომ ქვიარ პერსონაჟი საკუთარ გამოწვევებზე კი არ ჰყვება, უბრალოდ, სხვების გვერდით თანაარსებობს, ჩვეულებრივი მოსაწყენი პერსონაჟია ან, სულაც, ნერვებისმომშლელი, არც ეგ იქნება არაორგანული, აქამდე თუ მხოლოდ გამოწვევებთან, სირთულესთან ვიყავით თანაზიარნი, ნელ-ნელა მეინსტრიმის ნაწილად ვიქეცით, რომელმაც რეალობა ბევრად უკეთ უნდა ასახოს.

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

გაცნობის აპლიკაციის მომხმარებლები უსახლკარო მოზარდებს ეხმარებიან

ამ ზამთარს, ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Gaydarი თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ ლგბტ+ ადამიანებს, რომლებიც თავშესაფრის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ არიან. Gaydar ერთ-ერთი პირველი ონლაინ გაცნობის პლატფორმაა, რომელმაც ქვიარ ადამიანების გაერთიანებას შეუწყო ხელი.

Keep Reading

გაერთიანებული სამეფოს ქრისტიანი ლიდერები გარდაქმნის თერაპიის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან

დიდ ბრიტანეთში ქრისტიანმა მღვდლებმა, რომელთა რაოდენობაც უკვე 2000-ს აღემატება, ხელი მოაწერეს ღია წერილს ქრისტიანული სწავლების შეზღუდვების წინააღმდეგ, რომელიც გარდაქმნის თერაპიის აკრძალვის კანონპროექტის ნაწილია.

Keep Reading

ველი იმ დღეს, როცა სხვას მაინც ვნახავ თავისუფალს ამ არარსებული ციხიდან

როდის აღმოაჩინე საკუთარ თავში შენი იდენტობა და პირველად რა განცდა დაგეუფლა?

ზუსტ ასაკს ვერ გეტყვით, მაგრამ ადრეულ ასაკშივე ვიცოდი, რომ რაღაც სხვანაირად იყო. არ ვგულისხმობ ბავშვობის ადრეულ წლებს, საუბარი მაქვს დაახლოებით 13-15 წლებზე. მაშინ ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, შესაბამისად, ბევრი კითხვაც არ გამჩენია, არც ჩემ გარშემო სვამდნენ ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებულ კითხვებს, თუმცა აუთსაიდერი ვიყავი ბევრ სიტუაციაში, სკოლაში, ეზოში და ა.შ. მიჭირდა საერთო ენის მოძებნა, თითქოს, შემთხვევით ვიყავი კონკრეტულ სიტუაციებში მოხვედრილი.

Keep Reading

ასექსუალების დროშის ფერები და ისტორია

პანსექსუალების დროშის მსგავსად, ასექსეუალების დროშაც 2010 წელს შეიქმნა და ის რამდენიმე იდენტობას გამოხატავს, მათ შორის, დემისექსუალობას. დემისექსუალია ადამიანი, რომელსაც სექსუალური მიზიდულობა სხვის მიმართ აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ შორის ემოციური კავშირი არსებობს.

Keep Reading

5 რჩევა – როგორ დავიცვათ საკუთარი სხეული არდადეგების დროს

Ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა სხეულმა ბევრი რამ განიცადა. Ავადმყოფობიდან, მწუხარებიდან და პანდემიის შედეგად გამოწვეული დანაკარგებიდან დაწყებული, ხელახალი სიხარულისა და შვების განცდით დამთავრებული. Რჩება ისეთი შეგრძნება, თითქოს, უკლებლივ ყველამ გადავიტანეთ ძალიან დიდი მარცხი და ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ ამ მდგომარეობიდან.

Keep Reading