დეკემბერი 2021 - Page 3

პრაღაში ლგბტ+ საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება

Prague Pride-მა ლგბტ+ ადამიანებისთვის ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა – ცისარტყელას სახლი.

„ახალი სივრცის მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რომელშიც ყველას შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი თავი, მიუხედავად ორიენტაციისა, თუ გენდერული იდენტობისა,“ – ამბობს ჰანა ტრეშტიკოვა, პრაღის საკრებულოს მრჩეველი კულტურის საკითხებში.

Keep Reading

Wonder Woman DC-ის ახალ ლიმიტირებულ სერიაში ქვიარ სასიყვარულო ისტორიით ბრუნდება

ჯერ კიდევ ნოემბერში, DC Comics-მა კრიტიკოსების მიერ აღიარებული კომიქსის, Dark Knights of Steel-ის პირველი ნომერი გამოუშვა.

ახალი ამბავი უკვე კარგად ნაცნობ გმირებზე მოგვითხრობს, რომლებიც შუა საუკუნეებში მცხოვრები რაინდები არიან. სერიაში ახალი პერსონაჟებიც გამოჩნდებიან, მაგალითად, სუპერმენის და ზალა-ელი.

Keep Reading

ქართველი უფლებადამცველების 2021 – გამოწვევებისა და საჭიროებების შეფასება

9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ღონისძიება გამართა, რომელზეც უფლებადამცველების წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და 2021 წლის მდგომარეობა მიმოიხილეს, ასევე ლექსოს პრემიის პირველი გამარჯვებულებიგამოავლინეს, რომელიც უფლებადაცვით მასალებზე მომუშავე მედია პროფესიონალების საქმიანობას მიაგებს პატივს.

ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ღონისძიების მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, უფლებადამცველთა როლზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა.

„თუ უფლებადამცველების თავისუფალ გარემოში საქმიანობა არ იქნება უზრუნველყოფილი, თუ მათ შეექმნებათ პრობლემები, ეს აუცილებლად აისახება საზოგადოების ფართო ფენების უფლებრივ მდგომარეობაზე. შარშან აპარატმა შეიმუშავა ადამიანის უფლებათა საკითხზე მუშაობის სახელმძღვანელო, რომელიც უფლებადამცველის ცნების განმარტებას ისახავს მიზნად და იმ სირთულეების აღმოფხვრას, რაც ამ ცნების ინტერპრეტაციას უკავშირდება, ასევე გამოკვეთს ხელისუფლების ვალდებულებას, დაიცვას უფლებადამცველთა საქმიანობა და ხელი შეუწყოს მათ. გარდა ამისა, გვქონდა არაერთი საინფორმაციო კამპანია და გამოვეცით საინფორმაციო ბროშურა უფლებადამცველთა საქმიანობის შესახებ. ჩვენმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ წლების განმავლობაში, უფლებადამცველები მრავალგზის გახდნენ თავდასხმის მსხვერპლი – იქნება ეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან წამოსული სიტყვიერი თავდასხმები თუ დისკრედიტაციის მცდელობები, ისე თბილისი პრაიდის დღეებში მიმდინარე განსაკუთრებით მძიმე მოვლენები, როცა ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი ვიხილეთ, რასაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე ემსხვერპლა. მიუხედავად ამისა, თავდასხმის ორგანიზატორები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

უფლებადამცველთა წინაშე არსებულ გამოწვევებს ღონისძიებაზე წარდგენილი კვლევებიც ადასტურებს. ორგანიზაცია „საფარის“ კვლევა – უფლებადამცველების საჭიროებების კვლევა უფლებადამცველების „უსაფრთხოების მართვის“ კულტურის შესწავლას, ქართველი უფლებადამცველების სამუშაო გარემოს შესწავლას, ქართველ უფლებადამცველებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების გამოვლენას, ასევე იმ საფრთხეებისა და რისკების შესწავლას ისახავდა მიზნად, რომელიც კოვიდ 19-ის პერიოდში არსებობს.

რაოდენობრივი კვლევა 5 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, ამიტომ 2021 წლის მდგომარეობას სრულად არ ასახავს, თუმცა გამოკითხული 81 უფლებადამცველიდან, 57% საქმიანობას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, ხოლო 43% – საშუალოდ საფრთხის შემცველად, ამასთან, უფლებადამცველთა მხოლოდ 29%-ის საქმიანობაა სრულად ანაზღაურებადი, 30%-ის საქმიანობა კი სრულად მოხალისეობრივია.

ჩატარებული კვლევის კიდევ ერთი საგანგაშო ასპექტი მმართველი პარტიისგან (70%) და რელიგიური ლიდერებისგან (69%) მტრული დამოკიდებულების განცდაა, გარდა ამისა:

  • გამოკითხულთა 82% თვლის, რომ ქართველ უფლებადამცველს საზოგადოებისგან ნეგატიური დამოკიდებულება ემუქრება;
  • 78% თვლის, რომ ფიზიკური საფრთხე ემუქრება;
  • 78%-ს სახელმწიფოსგან უგულებელყოფის მოლოდინი აქვს;
  • ხოლო 69% -ს ფინანსური გაჭირვების;
  • 67%-ის აზრით, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის წინაშე არიან.

კვლევაში ასახული ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები ფინანსური პრობლემების, მტრული დამოკიდებულებისა და პანდემიური რეალობის რისკების გამოძახილია. გამოკითხულთა უმრავლესობა პროფესიული გადაწვის, შფოთვისა და სხვა მენტალური ჯანმრთელობის რისკების წინაშე არიან, ამასთან, გამოკითხულ რესპონდენტთა 55% აღნიშნავს, რომ პროფესიული გადაწვისთვის დამახასიათებელი ნიშნები უკვე აღენიშნებათ.

უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს წარმოდგენილი კიდევ ერთი ანგარიში იმ იურიდიული დახმარების სტატისტიკას შეეხებოდა, რომელიც უფლებადამცველებს ბოლო 5 თვეში გაეწიათ. ანგარიშის თანახმად, ბოლო თვეებში იურიდიული დახმარება 117 პირს გაეწია – 62 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს შეეხებოდა, 40 საქმე კი ოქტომბერ-ნოემბრის აქციებზე დაკავებული პირების ქეისებია. დაკავების საფუძვლებთან და კანონიერებასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გარდა, საგანგაშოა ის, რომ ხშირად მტკიცებულებად მხოლოდ პოლიციელის ჩვენება გამოიყენება, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეჭვქვეშ აყენებს, ამიტომ 9 განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, თბილისი პრაიდის საქმეზე კი ანგარიში მზადდება, რომელიც არაადამიანური მოპყრობისა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას შეეხება.

ღონისძიებაზე უფლებადამცველთა უსაფრთხოების გზამკვლევის პრეზენტაციაც შედგა, რომელიც ქართველ უფლებადამცველებს მათ ხელთ არსებული ბერკეტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს, ასევე სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას გააერთიანებს და გამოწვევების შესახებ ინფორმაციას მოუყრის თავს.

კიდევ ერთი სიახლე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ მომზადებული ახალი საიტია – Defenders.ge, რომელიც უფლებადამცველთა საქმიანობის შესახებ ცნობადობის ზრდას ემსახურება, ასევე იმ რესურსებისა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც უფლებადამცველებს პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარება. საიტზე აღრიცხული იქნება უფლებადამცველებზე თავდასხმის შემთხვევები და ყოველწლიური სტატისტიკის წარმოებაც შესაძლებელი გახდება.

მთავარი ფოტო: NewsClick

ლექსოს პრემია 2021 – საუკეთესო უფლებადაცვითი ნამუშევრების გამარჯვებული ჟურნალისტების ვინაობა ცნობილია

9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ღონისძიება გამართა, რომელზეც ქართველი უფლებადამცველების  წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს.

ღონისძიებაზე ლექსოს პრემიის გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. პრემია ყოველწლიური იქნება და იმ ჟურნალისტებს მიაგებს პატივს, რომლებიც პროფესიული საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვას ცდილობენ.

დაჯილდოებას უფლებადამცველი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თავმჯდომარე, ბაია პატარაია უძღვებოდა. მისი თქმით, პრემიის დაწესების იდეა 5 ივლისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გაჩნდა.

„მიხარია, რომ ამ პრემიის დაწესების იდეა გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ლექსო ლაშქარავას პრემიის დაწესების იდეა 5 ივლისის მოვლენების გამოძახილია, როცა 50-მდე ჟურნალისტს თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევებს აშუქებდნენ. ჟურნალისტები, რომლებიც ადამიანის უფლებადაცვის კუთხით არსებულ დარღვევებზე მუშაობენ, ხშირად თვითონ ხდებიან სამიზნეები, რაც ხელისუფლების უმოქმედობისა და პოლიციის პასიურობის ბრალია. ამის მაგალითი 5 ივლისს განვითარებული მოვლენებია, რაც დიდი დანაკლისის მიზეზად იქცა. ლექსო ლაშქარავას სახელისთვის პატივის მიგების მიზნით, აღნიშნული პრემიის დაწესება გადავიწყვიტეთ“, – თქვა ბაია პატარაიამ.

ლექსოს პრემიის ნომინანტები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ:

საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი:

  • ქეთი ნადიბაიძე – ტელეკომპანია „ფორმულა“;
  • გუგა მაისურაძე – „TV პირველი“;
  • თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე – „რადიო თავისუფლება“.

ლექსოს პრემიის გამარჯვებულები რადიო თავისუფლების ჟურნალისტები – თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე გახდნენ, სიუჟეტისთვის – ცრურწმენა და სიამაყე, რომელიც 5 ივლისის მოსამზადებელ პერიოდსა და განვითარებულ მოვლენებს ასახავდა.

თორნიკე მანდარიას თქმით, ადამიანის უფლებები ჟურნალისტური საქმიანობის ქვაკუთხედია და იმედი აქვს, მათი სიუჟეტი სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება.

„ჟურნალისტური საქმიანობა მთელ მსოფლიოში გართულებულია, ჩვენს რეგიონში და საქართველოში კი, სადაც მედიის მდგომარეობა არასდროს ყოფილა იდეალურთან ახლოსაც კი, დღეს განსაკუთრებით იგრძნობა სირთულეები. ჩვენ გვიწევს სოციალურ სტიგმებთან, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვასთან, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმასთან და დისკრედიტაციის მცდელობებთან გამკლავება. 5 ივლისს კი, როცა თანასწორობისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე აღმოვჩნდით, მასობრივი ფიზიკური თავდასხმის სამიზნედ ვიქეცით. ადამიანის უფლებები ჟურნალისტური საქმიანობის ქვაკუთხედია და იმედი მაქვს, იმ კადრების ნახვა, რომლის დამონტაჟებაც ფიზიკური დაზიანების პირობებში მოგვიწია, მალე ბევრ ადამიანს გაუჩენს სირცხვილის გრძნობას და ემპათიას გამოიწვევს“, – აღნიშნა სამადლობელ სიტყვაში თორნიკე მანდარიამ.

ლექსოს პრემიის მეორე კატეგორია საუკეთესო უფლებადაცვით სტატიებს აერთიანებდა. ნომინანტებს შორის რეგიონული მედიის წარმომადგენლები ვიხილეთ, რომელთა ნამუშევრები LGBTQI+ ადამიანთა წინაშე არსებულ გამოწვევებს და ბავშვთა უფლებებს ასახავდა.

2021 წლის საუკეთესო უფლებადაცვითი სტატიის ნომინანტები:

  • ლიზა ტოროსიანი – Aliq Media;
  • ნინო ვართაპეტიანი – ტელეკომპანია „ბორჯომი“;
  • გიულგუნ მამედხანოვა – OC Media.

პრემიის მფლობელი ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტი, ნინო ვართაპეტიანიგახდა. სტატია ბავშვებში არსებულ შფოთვასა და დეპრესიაზე ჰყვებოდა, რაც პანდემიურმა რეალობამ გაამწვავა.

ნინო ვართაპეტიანმა სტატიის მომზადების პროცესზე ისაუბრა.

,,ეს არის დიდი პატივი და მოტივაცია, რომ მეტი მონდომებით ვიმუშაოუფლებადაცვით მასალებზე. ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში ის პრობლემაა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. რეგიონებში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სიმცირეა, აღნიშნულ თემებზე ნაკლები სიხშირით მუშაობენ. ვეცადე, კვლევები მომეშველიებინა, ამ მიმართულებით მომუშავე ფსიქოლოგები გამომეკითხა და რესპონდენტების ნაამბობით უკეთ წარმომეჩინა პრობლემა“, – თქვა ნინო ვართაპეტიანმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას.

ნინო ვართაპეტიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი პრემიის არსებობა უფლებადამცველი მედიის დაფასება და დამატებითი მოტივაციაა.

„ეს პრემია მოტივაციას გაზრდის, რომ იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც ისედაც მუშაობენ უფლებადაცვითი კუთხით, მეტად გააშუქონ ის პრობლემები, რომელიც, შესაძლოა, ზედაპირზე არ ჩანს. იმ მონდომებისა და სირთულეების დაფასება, რომელთა წინაშეც უფლებადაცვითი მედია იმყოფება, პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს, მათ შორის, რეგიონულ მედიას წაახალისებს, რომელიც ბევრად დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. რეგიონებში ბევრად მეტი შრომა გჭირდება, რათა პრობლემის არსი გამოკვეთო, დიდია წინააღმდეგობაც“, – აღნიშნა ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტმა.

ლექსოს პრემია ყოველწლიური იქნება და პატივს მიაგებს იმ მედია პროფესიონალების შრომას, რომლებიც უფლებადაცვითი საქმიანობით არიან დაკავებული და ცდილობენ, გამოწვევები დიდ აუდიტორიამდე მიიტანონ.

ტოკიომ ლგბტ+ წყვილების პარტნიორობას დაუჭირა მხარი

იაპონიის დედაქალი ტოკიო სისტემას შექმნის, რომელიც ლგბტ+ წყვილების პარტნიორობას აღიარებს. სისტემა ძალაში 2022 წლის აპრილიდან შევა.

ქალაქის მერმა, იურიკო კოიკემ განაცხადა, რომ ლბგტ+ წყვილების პარტნირობის სისტემა მოსახლეობის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინების შემდეგ შეიქმნა.

მერმა ასევე დაამატა, რომ ცვლილება გაუმარტივებს ცხოვრებას ლგბტ+ წყვილებს ქონების მართვისას და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების დროს.

იაპონელი აქტივისტები უკვე ზეიმობენ ამ ცვლილებას და ამბობენ, რომ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია იაპონიის საზოგადოებისთვის.

ლგბტ+ აქტივისტმა და არასამთავრობო ორგანიზაცია Marriage for All Japan-ის ბორდის წევრმა, მასა იანაგისავამ თქვა, რომ კონსერვატორთა ჯგუფმა უკვე გამოხატა უკმაყოფილება და ივარაუდეს, რომ ეს ნაბიჯი ზიანს მიაყენებს იაპონიის ტრადიციებს.

კრიტიკა გაჩნდა იმის მიმართაც, რომ ეს სიმბოლური ფურცელი დიდად არ შეცვლის ქვიარ ადამიანების ცხოვრებას, უთანასწორობა საგადასახადო სისტემაში უცვლელი დარჩება ლგბტ+ წყვილებისთვის.

აქტივისტების ნაწილს მიაჩნია, რომ 2020 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა, რომელიც ტოკიოში გაიმართა, ხელი შეუწყო ახალი ინიციატივის შემოღებას.

უცვლელი რჩება ქორწინება, რომლითაც მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილები სარგებლობენ ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ  ტაივანი ერთადერთი ქვეყანაა აზიაში, სადაც ლგბტ+ წყვილების ქორწინება დაშვებულია.

WECF-ის მედია დაჯილდოების – თანასწორი მედიისთვის გამარჯვებულები ცნობილია

WECF საქართველოს მედია დაჯილდოების – #მედიათანასწორობისთვის 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

2021 წლის გამორჩეული ნამუშევრები 4 კატეგორიაში გამოვლინდა: საუკეთესო რეგიონული მედიაპროდუქტი, საუკეთესო კონტენტი სოციალურ მედიაში, საუკეთესო ვიზუალური პროდუქტი და საუკეთესო ეროვნული მედიაპროდუქტი.

კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: ჟურნალისტი – ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს თავმჯდომარე და რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელი – კამილა მამედოვა, ფოტოგრაფი – ანა გოგუაძე, ქვიარ აქტივისტი და გენდერის ექსპერტი – ლევან ბერიანიძე, ჟურნალისტი – ნათია კუპრაშვილი, გენდერისა და მედიის ექსპერტი – მაიკო ჩიტაია, ერთი ხმა კი WECF-ის გუნდის წევრებს ჰქონდათ.

კატეგორიაში  საუკეთესო რეგიონული მედიაპროდუქტი, ნომინანტები იყვნენ:

  • ლელა დუმბაძე – გაზეთი „ბათუმელები“
  • მარიამ ტაკიძე – „აჭარის ტელევიზია“, გადაცემა „ჰეშთეგი“
  • მარიტა ტყეშელაშვილი – რადიო „ძველი ქალაქი“

საუკეთესო რეგიონული მედიაპროდუქტისთვის ჯილდო „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემას – „ჰეშთეგი“ გადაეცა.

კატეგორიაში საუკეთესო კონტენტი სოციალურ მედიაში, ნომინანტები იყვნენ:

  • ესმა გუმბერიძე – პლატფორმა „ფემინსტრიმი“
  • ქეთევან ვაშაგაშვილი – „CHAI KHANA“
  • ლაშა ცერცვაძე – კონტენტის შემქმნელი
  • ონლაინ გამოცემა „Queer.ge“
  • მულტიმედიური პლატფორმა „GRLZWAVE“

კატეგორიის გამარჯვებული კონტენტის შემქმნელი, ლაშა ცერცვაძე გახდა.

საუკეთესო ვიზუალური პროდუქტისთვის ნომინირებულები იყვნენ:

  • დინა ოგანოვა – დოკუმენტალისტი, ფოტოგრაფი
  • თაკო რობაქიძე – ფოტოგრაფი, Chai Khana
  • თინა წოწოლაშვილი-ჩერტოვა – მხატვარი

აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება დინა ოგანოვამ მოიპოვა.

საუკეთესო ეროვნული მედიაპროდუქტის კატეგორიაში კი სამი ნომინანტი იყო:

  • ეკა ქევანიშვილი – „რადიო თავისუფლება“
  • ხატია ღოღობერიძე – „On.ge“
  • თამთა კახაბერიძე – „On.ge“

საუკეთესო ეროვნული მედიაპროდუქტისთვის ჯილდო თამთა კახაბერიძეს გადაეცა.

WECF-ის წარმომადგენელის, იდა ბახტურიძის თქმით, აღნიშნული დაჯილდოების მიზანი თანასწორი მედიის წახალისებაა.

„შემთხვევითი არ არის, რომ დაჯილდოება – მედია თანასწორობისთვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში იმართება. ჩვენ ამ დაჯილდოებით ვეცდებით, თანასწორი მედია წავახალისოთ. ჯერ კიდევ მრავალ პრობლემას ვაწყდებით გენდერულად სენსიტიური თემების გაშუქებისას, ხშირია არაეთიკური მიდგომები და იმედი გვაქვს, ეს დაჯილდოება სასიკეთო ცვლილებებს შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა იდა ბახტურიძემ.

მედია დაჯილდოება კონფერენციით გაიხსნა, რომელსაც ონლაინ და სატელევიზიო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია პროფესიონალებმა თანასწორობის განმტკიცებაში გენდერულად მგრძნობიარე და ეთიკური მედიის როლი განიხილეს და იმსჯელეს იმ გზებზე, რომლითაც ქალის როლის პოზიტიურად წარმოჩენას უნდა შეეწყოს ხელი. მედია დაჯილდოების გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდო და ფულადი პრიზი, 1 500 ევრო გადაეცათ.

როგორ უნდა შევძლოთ თავშეყრის ადგილებთან ხელახლა ადაპტირება

პანდემიურმა რეალობამ სოციალური ურთიერთობების უნარი მეტ-ნაკლებად ყველას დაგვიქვეითა. Ზოგიერთი ჩვენგანი იმასაც მიხვდა, რომ ჩვენი სახლის კომფორტიდან სამყაროსთან ურთიერთობა ბევრად მარტივია, ზოგისთვის კი პირიქით – ემოციების, სათქმელის რეალურ სივრცეში გაზიარების ნაკლები შესაძლებლობაა დამღლელი.

ქვიარ ადამიანებისთვის საკუთარი იდენტობის ღიად დაფიქსირებისთვის კიდევ უფრო ნაკლები სივრცე არსებობს და ხშირად, ყველაზე უსაფრთხო ონლაინ საუბრებია, ამიტომ იმ მცირე თავშეყრის ადგილების არსებობა, სადაც თავისუფლად არსებობას შეძლებ, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ქართული საკლუბო სივრცეები ის უსაფრთხო ადგილებია, სადაც თანასწორი გართობის შესაძლებლობა ყველაზე მეტად იყო, სანამ კორონავირუსის გამო ყველაფერი თავდაყირა არ დადგა. 17 დეკემბრიდან კლუბების კარი ისევ იხსნება და ერთად ცეკვის, კომუნიკაციის შესაძლებლობაც ისევ გვექნება, მაგრამ 2 წლით შეწყვეტილი ღამის ცხოვრებისთვის ხელახლა ფეხის აწყობა შეიძლება მარტივი სულაც არ იყოს.

ფოტო: Electronic Beats

საკლუბო ცხოვრების მოყვარულ ახალგაზრდებთან და ფსიქოთერაპევტ, ლიკა ბარაბაძესთან ერთად, ვეცდებით, უკეთ გავიაზროთ ის შიშები, მოლოდინები და თავშეყრის ადგილებში უშფოთველად შეკრების ხერხები, რომელიც, შესაძლოა, ბევრ ადამიანს დაეხმაროს, ხელახლა გავიდეს სახლიდან და საცეკვაო მოედანზე თამამად შეაბიჯოს.

ლიკა ბარაბაძის თქმით, გასულმა ორმა წელმა გაგვიმძაფრა საფრთხის შეგრძნება, რაც მცირე დოზით გასაგებია, თუმცა შიშების გადალახვა რესოციალიზაციისთვის აუცილებელია.

„განვლილმა დრომ სოციალური უნარ-ჩვევები შეცვალა, ხალხთან ურთიერთობას გადავეჩვიეთ და ახლა უკვე საფრთხედ აღვიქვამთ თავშეყრის ადგილებს. შესაძლოა, ვერც ვაცნობიერებდეთ, რომ სოციალური ურთიერთობები საფრთხის შემცველია, რადგან ეს ერთგვარ ავტომატურ მექანიზმად იქცა, რაც რესოციალიზაციაში ხელს გვიშლის. Ზოგმა ისიც აღმოაჩინა, რომ სახლში ყოფნა და ადამიანების მცირე ჯგუფთან ურთიერთობა მისი კომფორტის ზონაა, რასაც პატივი უნდა ვცეთ და საკუთარ თავს აღარ მოვუწოდოთ იმისკენ, რომ აღმოვჩნდეთ ისეთ სივრცეებში, რომელიც სტრესულია“, – ამბობს ლიკა.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი თვლის, რომ ინტროვერტია და ამბობს, რომ პანდემიურმა რეალობამ, მხოლოდ ახლო მეგობრებთან ურთიერთობამ და დისტანციურად მუშაობამ, სასურველი კომფორტი მიანიჭა, თუმცა თავშეყრის ადგილებში პერიოდულად გასვლის შესაძლებლობის არქონის გამო ნებისმიერი სოციალური ურთიერთობის უნარი დაკარგა.

„ისედაც ყოველთვის სახლში მეჩქარებოდა და პანდემიის დასაწყისში სახლში ყოფნა გამიხარდა კიდეც. რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ახალი სიტუაცია, ცეკვა, ფლირტი, ემოციებისგან დაცლა მინდოდა და მხოლოდ მეგობრებთან ჭორაობა საკმარისი არ იყო. მაგ დროს ვერსად გავდიოდი, ამიტომ სრულ ჩაკეტილობას როგორღაც შევეჩვიე. მერე, როცა ბარები გაიხსნა და მეგობარმა ერთ-ერთ მუსიკალურ ღონისძიებაზე ფეისბუქ მოწვევა გამომიგზავნა, შფოთვა დამეწყო. არ ვიცოდი, რა მოლოდინები უნდა მქონოდა, რა სიტუაცია დამხვდებოდა ან ისევ შევძლებდი თუ არა ჩემი პერიოდული გასართობად გასვლები ძველებურად გამეგრძელებინა. პირველი შიშები გადავლახე, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ სულ სახლში ჯდომას ვერ გავაგრძელებდი და წავედი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ვაქცინირებული ვიყავი, მაგრამ უბრალო ჩახველებაც კი მაშინებდა. ფლირტი არც კი მახსოვდა, თავისუფლად ცეკვაც ვერ შევძელი, ამიტომ მალევე სახლში წამოვედი“, – გვეუბნება ანა.

ფოტო: Barclay Bram / Dazed

ლექსოსთვის ყველაფერი პირიქით იყო, ჩაკეტილობის ყოველი დღე უმძიმდა და ერთი სული ჰქონდა, როდის დაუბრუნდებოდა ყველაფერი ძველებურ მდგომარეობას, თუმცა თვლის, რომ თავშეყრის ადგილებისთვის მაინც უფრო მეტად მომზადებული უნდა ყოფილიყო.

„პირველი ლოქდაუნის დროს, ალბათ, 3-4 დღე ვიყავი კარგად, მერე მივხვდი, რომ გარეთ მალე თუ არ გავიდოდი, სახლში ვეღარ ვძლებდი. ჯერ სეირნობა დავიწყე, მეგობრებს ვნახულობდი, მარტო ყოფნისას ვცეკვავდი ან ვინმეს ვურეკავდი და საათობით ველაპარაკებოდი. ზაფხულში, როცა ბარებში გასვლა შევძელი, ამოვისუნთქე, სასურველ ყოველდღიურობას მარტივად დავუბრუნდი, მაგრამ ისევ ყველაფერი ჩაიკეტა, თანაც, ბევრად დიდი ხნით და მაგ პერიოდს როგორ გავუძელი, არც კი ვიცი. ნელ-ნელა რაღაც ფესტივალები რომ განახლდა, თითქმის არცერთი გამომიტოვებია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ანდერგრაუნდში ჩატარებულ ღონისძიებას დავესწარი და იქ მივხვდი, რომ რაღაცები მაინც შეიცვალა – სხვებთან ცეკვა, ხალხისთვის გვერდის ავლა და რაც მთავარია, ახალი ნაცნობების გაჩენა უცებ ბარიერად იქცა. მეგობრებთან უშუალო, მსუბუქ საუბარზე, უკბილო ხუმრობებზე ვიყავი გადართული, მაგის გამო თავიდან უცხო ადამიანებთან საერთო ენას ვეღარ ვპოულობდი. მუსიკის მოსასმენად და მეგობრებთან დროის გატარების ხათრით, მაინც განვაგრძე გარეთ გასვლა და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა”, – გვიხსნის ლექსო.

ლიკა ბარაბაძე გვეუბნება, რომ სოციალურ სივრცეებში რეინტეგრაცია ძალდატანების გარეშე, ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და გავიაზროთ –  რომელიმე თავშეყრის ადგილი იმდენად სტრესული ხომ არ იქნება, რომ უკან დაგვხიოს.

„კომფორტის ზონიდან გამოსვლა განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია, ჩვენთვის კომფორტული გარემოებები კარგად გვქონდეს გააზრებული და ამ წერტილიდან დავიწყოთ ათვლა. რეინტეგრაციის პროცესი ნელ-ნელა უნდა წარიმართოს, უნდა განვსაზღვროთ სტრესის ის დონე, რომლის დაძლევაც შეგვიძლია. რესოციალიზაციისას არ უნდა მოვინდომოთ ერთბაშად იმდენი, რომ ამ პროცესში უფრო დავზიანდეთ. ჯერ მცირე ჯგუფებში უნდა დავტესტოთ ჩვენი უნარები, შემდეგ კი უფრო დიდ თავშეყრის ადგილებში ვეცადოთ გასვლას, მაგრამ გავაცნობიეროთ ახალი სიტუაციის მასშტაბები და საკუთარ თავს არცერთ ეტაპზე ვაიძულოთ რაიმე ისეთის გაკეთება, რისი ამტანობაც არ გვაქვს. თუ სასურველ ღონისძიებაზე წასვლამდე ერთი კვირა ვშფოთავთ და გასვლის შემდეგ ერთი კვირა გონზე მოსასვლელად გვჭირდება – იქნებ, ეს მცდელობა ამად არც ღირს. ჯერ მცირე საუბრებით უნდა დავიწყოთ რეინტეგრაცია, შემდეგ მსუბუქი შიშების გადალახვაზე ვიზრუნოთ და ნელ-ნელა დავუბრუნდეთ იმ სოციალურ სივრცეებს, რომელში ყოფნის გამოცდილებაც დიდი ხანია შეწყვეტილია”, – გვირჩევს ლიკა.

ლექსო იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბედავენ გასართობად გასვლას, მოუწოდებს, „ჯერ მცირე ნაბიჯები გადადგან ან ცოტა ხნით მაინც გაიარონ სხვადასხვა ღონისძიებაზე და ნელ-ნელა გაიხსენონ დროის სასიამოვნოდ გატარების შეგრძნება“.

ანა კი გვეუბნება, რომ თავშეყრის ადგილებს ერთ შანსს ისევ მისცემს, მაგრამ ეცდება, მეგობრები შემოიკრიბოს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ განაახლოს დავიწყებული უნარ-ჩვევები.

17 დეკემბერს საკლუბო სივრცეები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუ ცეკვა და ადამიანებთან ურთიერთობა მოგინდებათ, შეგიძლიათ, სახლის კომფორტს მოსწყდეთ და სხვა ადამიანების რჩევების გამოყენებით, ხელახლა დაიწყოთ სოციალური ცხოვრება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის საჭიროა.

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

მთავარი ფოტო: Barclay Bram / Dazed

ყველაფერი, რისიც გეშინიათ, უკვე ისედაც ხდება

საკუთარ თავს თუ დავახასიათებ, ვიტყვი, რომ ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. ყოველთვის აკადემიურ სივრცეში წარმომედგინა თავი – ბავშვობიდან მინდოდა, სიღმისეულად, ექსპერტულად მცოდნოდა კონკრეტული დარგი, მეტი ცოდნა მიმეღო და სხვებისთვისაც გადამეცა. ჩემი გატაცებებიც, ძირითადად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს უკავშირდება: მაინტერესებს სოკოები, მიკოლოგია, ვაშენებ სხვადასხვა სახეობას, ვაკვირდები მიკროსკოპით… მიყვარს ტყეებში ხეტიალი, მცენარეების შეგროვება, ჩახატვა.

ამ სასიამოვნო გამოცდილებების მიღმა, მე ასევე ქვიარ ქალი ვარ, უფრო ზუსტად, პანსექსუალი არაბინარული პიროვნება, რაც ნიშნავს, რომ მიზიდავენ ადამიანები და არა მათი გენდერი, თავად კი, ბოლომდე ვერცერთ გენდერთან ვერ ვიდენტიფიცირდები. ბავშვობიდან გაუცხოება მქონდა იმ გენდერულ კონსტრუქტებთან, რასაც გარემო მაწვდიდა. ბაღის პერიოდში გადაწყვიტე, რომ ბიჭი ვიყავი, ბიჭის სახელი დავირქვი და ყველას ვთხოვდი, ამ სახელით მოემართათ, არ ვიცვამდი კაბებს, არ ვთამაშობდი გოგოებთან. ამის გამო ბაღში ხშირად მსჯიდნენ და საკუჭნაოში მკეტავდნენ, სახლში ამის შესახებ არ ვყვებოდი, მეგონა, ისევ მე დამადანაშაულებდნენ და უარესად მეჩხუბებოდნენ.

თუმცა ისიცაა, რომ გენდერისგან გაუცხოების გარდა, ბიჭობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მინდოდა, გოგო ვყოფილიყავი – გოგოობა არცთუ ისე მომხიბვლავი პერსპექტივა იყო. ძვირადღირებულ ბაღში დავდიოდი და 90-იანებში ყველა ბავშვისთვის სანატრელი სათამაშოები გვქონდა. სათამაშო სივრცე გოგოებისა და ბიჭების სივრცედ იყო გაყოფილი, გოგოებს რეალური ზომის სამზარეულო, პლასტმასის ბოსტნეული, თოჯინები, მათი საწოლი და გამოსათვლელი მაგიდა ჰქონდათ. ბიჭებს კი კუბიკები, კონსტრუქტორები, ასაწყობი თვითმფრინავები თავისი სქემებით – ეს ყველაზე მეტად მიყვარდა.

ჰოდა, გადაწყვიტე, რომ თუ გოგოობა პლასტმასის ბოსტნეულის დაჭრა და ბავშვისთვის საფენების გამოცვლა იყო, სულაც არ ვიქნებოდი გოგო და უფრო საინტერესო რამეს გავაკეთებდი. აქედან ჩამოყალიბდა ჩემი მიზოგინური შეხედულებებიც, რომ გოგოებს უაზრო ინტერესები ჰქონდათ და მე მათ არ ვგავდი. აღმზრდელი ერთმანეთის სათამაშოებით თამაშს გვიკრძალავდა და იმის გამო, რომ კაბებს არ ვიცვამდი, განსაკუთრებით ზეიმებზე, ხშირად მამცირებდა და მსჯიდა. ბავშვებიც ეჭვის თვალით მიყურებდნენ.

თუმცა ჩემს არაბინარულ პიროვნებას ბოლომდე ამ გამოცდილებებს არ ვუკავშირებ. რაც ამ გამოცდილებასთან კავშირშია, ჩემი ქალის გენდერთან მიკუთვნებულობის განცდაა – თუ ვამბობ, რომ მე ქალი ვარ, ეს ბავშვობიდან სოციალიზაციის პერიოდში დღემდე განცდილ ჩაგვრას მოიაზრებს. ჩემი რეპროდუქციული სისტემის ქრონიკულ დაავადებას, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს, რომლისთვისაც წესიერი მკურნალობა აღმოჩენისთანავე ვერ მივიღე, რადგან როდესაც ქალის ჯანმრთელობაზე საუბრობენ, საუბრობენ ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე.

ამას მოზარდობის პერიოდში ჰეტერონორმატიული ურთიერთობების წნეხი დაემატა. დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ქალები მომწონდა. ჩემი ოჯახი სერიალს უყურებდა, სადაც ერთ-ერთი ქვე-ფაბულა ლესბოსელების ურთიერთობა იყო. ეს ურთიერთობა იმხელა აგრესიას იმსახურებდა მამაჩემის მხრიდან, ყოველი ძილის წინ ვტიროდი, მეშინოდა, რომ თუ „ასეთი“ ვიქნებოდი, ჩემი ცხოვრება დამთავრდებოდა. საბოლოოდ, საკმაოდ დიდი გზა გავიარე, რომ საკუთარი თავი მიმეღო და შემეყვარებინა, როგორც ქალის სხეულის მქონე არაჰეტეროსექსუალ ადამიანს.

რა თქმა უნდა, ჰომოფობია საქართველოში მწვავე პრობლემაა, მაგრამ გეი კაცები თუ მაშინ იჩაგრებიან, როდესაც თავისივე სქესის მიმართ აქვთ სექსუალური ლტოლვა, ქალებისთვის კაცებთან სექსიც კი მიუღებელია. პირველად, როგორც ქალი, სწორედ ამ მიზეზით გავხდი ჩაგვრის მსხვერპლი – ჩემმა ძმამ ჩემი ელ.ფოსტა „გატეხა“ და ფოტოები ნახა ჩემს იმდროინდელ შეყვარებულ კაცთან. შედეგად, ჯერ მაშანტაჟებდა, რომ მამაჩემს აჩვენებდა, ხოლო როცა ლეპტოპის გამორთმევა ვცადე, მუშტი დამარტყა სახეში და თვალი ჩამილურჯა. პოლიცია გამოვიძახე, ძალიან ცუდად ვიყავი, ისტერიკულად ვტიროდი. პოლიციელმა მიყვირა, ნუ ხარ ისტერიკაში და ,,ქალურად” ნუ მანიპულირებ, როგორ შეიძლება, ძმას უჩივლო, ის ხომ შენზე ზრუნავსო. დედაჩემმა ეს ამბავი არ შეიმჩნია, მამაჩემმა – იმსახურებდიო და დალურჯებულ თვალზე დამცინოდა. იმ პერიოდში პირველ კურსზე ვიყავი და ვერც სამსახური ვიშოვე, სახლიდან რომ წამოვსულიყავი, ვერც ვერავის მივმართე. ჩემი იმდროინდელი შეყვარებულიც არასერიოზულად მოეკიდა ცემის ამბავს, რას ინახავდი ფოტოებსო, აქეთ დამადანაშაულა.

რაღაც პერიოდი გავიდა, თითქოს ძმასთან ურთიერთობა დალაგდა, თუმცა რამდენიმე წლის მერე თითქმის იგივე განმეორდა, ამჯერად, ჩემს მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მომწონდა. ჩემმა ძმამ იეჭვა, რომ ბოლომდე მეგობრული ურთიერთობა არ გვქონდა. ფსიქოლოგიური ძალადობით, გინებით, მუქარით, შანტაჟით დაიწყო, მერე ეზოში გამოგვკეტა და სახლში არ გვიშვებდა. კვლავ პოლიციას მივმართე, განყოფილებაში წაგვიყვანეს. გამომძიებელმა ისარგებლა ჩემი მდგომარეობით და მითხრა, რომ ოქმში ჩამეწერა, თითქოს ჩემმა ძმამ სხვებიც ჩაკეტა, ამით სასჯელი დაუმძიმდება, მაგრამ რატომ უნდა გაუშვა ძმა ციხეში, მოდი, შემაკავებელ ორდერს გამოვწერ და მაგით დავამთავროთო. მეც დავთანხმდი. მერე ჩემი ძმისთვის უთქვამს, თუ რამე, იქით მოედავები, რომ ცრუ ჩვენება მისცა და შენს დას გავუშვებთ ციხეშიო.

ყველაზე მტკივნეული ამ ამბავში დედაჩემის რეაქცია იყო – ჩემს ძმას სახლში მოსვლა შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა, როდესაც პოლიცია ამის შესამოწმებლად მოვიდა, დედაჩემმა ტირილი დაიწყო, ეს (მე) წავიდეს სახლიდან, ჩემი ბიჭის სახლიც ხომაა, რამე შარს არ გადაეყაროს, წესიერად ლუდი ვერ დაულევია მეგობრებთანო. მეც ავდექი და წავედი. მერე, როდესაც დედაჩემს კიბო დაემართა, მისი მოვლის ვალდებულება ისევ მე, როგორც ქალს, დამეკისრა. სახლში მომიწია დაბრუნება. ჩემმა ძმამ ისევ იგივე გაიმეორა, ჩემი მეგობარი იყო ამოსული და ამოიჩემა, რომ სექსი გვქონდა და იარაღით ემუქრებოდა. პოლიციაში აღარ დამირეკავს.

საზოგადოება და სახელმწიფო ერთი ორგანიზმია. საზოგადოებას სძულს ყველა, ვინც არ არის სისგენდერი ჰეტეროსექსუალი კაცი. დიახ, სძულს, სძულს საკუთარი ქალიშვილები. შესაბამისად, პოლიციელები, გამომძიებლები, რომლებიც ასეთ საქმეებზე მუშაობენ, ხშირად მოძალადის მიმართ უფრო მეტად განიცდიან ემპათიას. არც მისი ზემდგომია უფრო ჰუმანური. არ ვიცი, ვის რა უნდა მოვთხოვო. ჩემთვის ერთადერთი გამოსავალი ისევ აქტივიზმი და რადიკალური პროტესტით სახელმწიფოს იძულებაა, რომ ადამიანებად ჩაგვთვალოს და კანონი ყველა შემთხვევაში აღსრულდეს.

ხშირად, ძალადობის მსხვერპლებს გვაჯერებენ, რომ ეს დავიმსახურეთ, უნდა მოვითმინოთ მეგობრების, ოჯახის წევრების, მათი კეთილდღეობის გამო. გვაკისრებენ მზრუნველის ფუნქციას, როდესაც თავად ჩვენზე არავინ ზრუნავს, როდესაც გვაუპატიურებენ, გვარცხვენენ და შიშით ხმას ვერ ვიღებთ.

გვეშინია, რომ მოგვხვდება ტალახი, რომ ვიღაცას აღარ ვეყვარებით, რომ აღარ ვიქნებით სასურველები. მინდა, გითხრათ, რომ ყველაფერი, რისიც გეშინიათ, უკვე ისედაც ხდება. ვინც გაჩუმებთ, თქვენი დუმილით თავის კომფორტს ინარჩუნებს, ის ისედაც არ გიღებთ, მისთვის ისედაც სულერთია, როგორ იქნებით. დასაკარგი არაფერია. პრიორიტეტი კი თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობაა, რისთვისაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.

ილუსტრაცია: Linda Liu

HBO „ბონი და კლაიდის“ ქვიარ ვერსიას გადაიღებს

სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ონლაინ სტრიმინგ სერვისი HBO Max „ბონი და კლაიდის“ ქვიარ ვერსიას გადაიღებს.

ფილმს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია, „ბანი და კლაიდი“ ერქმევა და მასში მთავარ როლებს Cole Escola და Jeffery Self შეასრულებენ.

ფილმი ბანისა და კლაიდის, ორი კრიმინალის ისტორიას მოგვიყვება. კლაიდი (Self) 30 წელს გადაცილებული ღარიბი გეია, რომელიც ბიპოლარული აშლილობით იტანჯება, ხოლო ბანი (Escola) არაბინარული კაბარეს მოცეკვავეა.

კომედიური ჟანრის კრიმინალურ ფილმში მოქმედება მას შემდეგ დაიძაბება, როცა ბანსა და კლაიდს მეორე შანსი მიეცემათ ბედნიერებისთვის, გარდაცვლილი მამაკაცის სახლს დაეპატრონებიან და პალმ სპრინგსის საზოგადოებაში ახალი იდენტობით დაიწყებენ ცხოვრებას.

„ბონი და კლაიდი“ 1967 წლის საკულტო ჟანრის კრიმინალური დრამაა, რომელიც რეალურ ამბავს, კერძოდ, ბონი პარკერისა და კლაიდ ბაროუს ისტორიას ეფუძნება. ბონი და კლაიდი ამერიკის დიდი დეპრესიის დროინდელი ცნობილი მძარცველები არიან, რომლებსაც ერთმანეთთან რომანტიკული გრძნობები აკავშირებდათ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა ფილმი ეკრანებზე.

 

ზენდაიას სურს, შექმნას რომანტიკული ქვიარ ამბავი ორ ფერადკანიან გოგოზე

პოპულარული სერიალის, Euphoria-ს მსახიობმა, ზენდაიამ, საკუთარ მისწრაფებებსა და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი, როგორც მსახიობმა.

მან თქვა, რომ კარიერული თვალსაზრისით განსაკუთრებული გეგმები არ აქვს და სურს, ყურადღება ისეთ საკითხებს დაუთმოს, რომელიც მას, როგორც მსახიობს, ახარებს, ავსებს და სიამოვნებას ანიჭებს. ასევე, აღნიშნა, რომ რეჟისორობის იდეამ მასში დიდი ინტერესი გამოიწვია.

„რეჟისორობის მცდელობის იდეა ჩემში მღელვარებას იწვევს, ამიტომ ვატარებ გადასაღებ მოედანზე დიდ დროს. მაშინაც კი, როდესაც მე არ მიღებენ, ვცდილობ, იქ ვიყო და ვისწავლო. იმედი მაქვს, ერთ დღესაც შევძლებ, შევქმნა ისეთი რამ, რისი ნახვაც თავად მსურს“, – ამბობს ზენდაია.

მსახიობის სურვილია, გადმოსცეს უბრალო სიყვარულის ისტორია ორ ფერადკანიან გოგონაზე – რაღაც მარტივი და მშვენიერი, რაც გააბედნიერებს და თავს შეაყვარებს ნებისმიერ ადამიანს – „მომეწონა მოზარდების ისტორია, რომელშიც უხერხული და სასაცილო მომენტები იქმნება, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდის ცხოვრებაში, რომელიც საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობს.“

ზენდაიამ აღიარა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვლის, რომ მსახიობობითა და თავისი სიუჟეტებით ხმა შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოს.

მან აღნიშნა, რომ ,,ეიფორიაში’’ რუს როლის შესრულებამ დიდი გამოცდილება შესძინა და დააფიქრა ადამიანებზე, რომლებიც ებრძვიან დამოკიდებულებებს. ის იმედოვნებს, რომ სერიალი ბევრ ადამიანს დაეხმარება, თავი ნაკლებად იგრძნონ მარტო და საჭიროების შემთხვევაში, არ მოერიდოთ, ითხოვონ დახმარება.

ზენდაიამ გაიხსენა გულშემატკივრებიც, რომლებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ,,ეიფორია’’ მათ ბევრ რამეში დაეხმარა.

„ჩვენ ვცვლით სამყაროს. ხელოვნებას ნამდვილად შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანების ცხოვრებაზე – ესაა მისი მთავარი მიზანიც“, – აღნიშნა მან.

თინეიჯერული დრამის, Euphoria-ს მეორე სეზონი 2022 წლის იანვარში გამოვა.