დეკემბერი 2021 - Page 2

ვირუსული ვიდეო, რომელიც თურქეთის ქვიარ ჰიმნის ინსპირაციად იქცა

2021 წლის 26 ივნისს, სტამბულის პრაიდი პოლიციამ დაარბია და ქვიარ ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა. თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა პოზიტიური ცვლილებაც მოიტანა და თურქი ქვიარ ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსოფლიო ალაპარაკდა, რაც ერთი ვირუსული ვიდეოს დამსახურებით მოხდა.

ლიანა გეორგიევა, რომელიც პრაიდზე იმყოფებოდა, პოლიციის კორდონს მიუძღოდა წინ და მიმართავდა: „პატარავ, ვერ ხედავ, ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია. როგორ ვივლი? როგორ და ნელა”. ვიდეო პრაიდის მონაწილეთა მშვიდ დემონსტრაციასა და პოლიციის ზეწოლას ზედმიწევით კარგად ასახავს.

თვეების შემდეგ, გეორგიევამ ვიდეოს ინსპირაციით სიმღერა ჩაწერა და აღნიშნა, რომ სიმღერით LGBTQI+ თემისთვის სიყვარულის ჩვენება სურდა.

„გეი ჰიმნის დაწერის სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ ჩემი თემისთვის სიყვარული ამეხსნა, მეთქვა, რამხელა იმედს და ძალას მაძლევენ, ასევე იმის დაფიქსირებაც მსურდა, რომ ვირუსული ვიდეო მე არ მეხება, ყველას გვეხება – ყველაფერს სიყვარულისთვის და თავისუფლად არსებობისთვის ვაკეთებთ“, – აღნიშნა სიმღერის გამოსვლისას მომღერალმა.

And Just Like That… 50 წლის ასაკში აღმოჩენილი სექსუალური იდენტობა

Sex and the City-ის ახალი სეზონი 17-წლიანი პაუზის შემდეგ, 1 თვის წინ გამოვიდა ეკრანზე და ერთგულ ფანებს ბევრი სიახლე შესთავაზა. განახლებული სერიალი სახელწოდებით – And Just Like That, წარმატებული ნიუ-იორკელი მეგობრების ცხოვრებაზე ჰყვება, რომლებიც 50 წელს გადაცილებულები არიან და თანამედროვე სამყაროს მრავალ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება.

სერიალის მესამე ეპიზოდი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო, რადგან მირანდა ჰობსის თავს დატრიალებული სიახლეები ვიხილეთ. მირანდა, რომელიც ჰეტერო ქორწინებაში იმყოფება და ქმართან კავშირის დაკარგვაზე დარდობს, სერიალის ახალ პერსონაჟთან, ბისექსუალ ჩე დიაზთან დამეგობრდა. სერიალის უახლეს ეპიზოდში კი ჩესთან ჰომოეროტიკული მომენტი ვნახეთ, რომელიც მირანდას სექსუალური აღმოჩენების გზის დასაწყისს მოწმობს.

ევროპულმა სასამართლომ 17 მაისის საქმეზე საქართველოს პასუხისმგებლობა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს პასუხისმგებლობა დააკისრა. სარჩელში 2 LGBT ორგანიზაცია და 35 კერძო პირი მონაწილეობდა. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ევროპული კონვენციის მე-3, მე-11 და მე-14 მუხლები დაირღვა, რაც დისკრიმინაციის აღმოფხვრას გულისხმობს. გამამტყუნებელი განაჩენი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის, ეფექტური საგამოძიებო პროცესის წარმართვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის ნაწილთან დაკავშირებით გამოიტანეს.

სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პრევენციული ზომების მიღება, არ შეუსრულებია პოზიტიური თუ ნეგატიური ვალდებულებები, რასაც შედეგად არაადამიანური მოპყრობა, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა, ამასთან, ინციდენტებთან დაკავშირებით ეფექტური საგამოძიებო პროცესის წარმოება არ შემდგარა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27 ინდივიდის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ისინი სიძულვილის ენისა და აგრესიული ქმედებების სამიზნედ იქცნენ, რაც სახელმწიფომ ვერ აღკვეთა. ოფიციალურმა უწყებებმა მოქალაქეთა მხრიდან გამოვლენილი აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის ეფექტურად წარმართვა ვერ შეძლეს, რაც, შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან ნების არარსებობას მიეწერებოდეს. სასამართლოს მსჯელობის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დღეს აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების მოულოდნელად დიდი ტალღა შეიკრიბა, სახელმწიფოს შეეძლო, წინასწარი ღონისძიებების შედეგად ეფექტურად ემოქმედა, რაც არ მოხდა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, რომელსაც ადამიანთა ღირსების შემლახავი ქმედებები მოჰყვა, ხელისუფლებას სხვადასხვა აპლიკანტისთვის ჯამურად 201 500 ევროს გადახდა დაეკისრა.

 

ბედნიერი უნდა ვიყო! – ტრანსგენდერი ბიჭის ამბავი

„როცა რეგიონში იზრდები, საკუთარი ცხოვრება არ გაქვს. შენი ყველა გადაწყვეტილება ოჯახის, სანათესაოს, სკოლის საქმეა. ხალხი უბრალოდ თვლის, რომ ნებისმიერ მათთვის ნაკლებად მოსაწონ ნაბიჯზე მითითება შეუძლია, რაც საკუთარი თავის აღმოჩენას ისე აძნელებს, რომ თავს იტყუებ, ყველაზე მარტივ არჩევანს აჯერებ“- მეუბნება 18 წლის ტრანგენდერი ბიჭი, რომელმაც საკუთარ სექსუალობაზე კითხვები ჯერ კიდევ 12-13 წლის ასაკში დასვა და უკვე 2 წელია, მიხვდა, რომ საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

„ყოველთვის მარტო ყოფნა მომწონდა და თუ ვინმესთან მეგობრობას ვახერხებდი, ძირითადად, ბიჭებთან, კაბა სულ რამდენიმეჯერ ჩამაცვეს, ყოველთვის ვაპროტესტებდი, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. გარდატეხის ასაკში პირველად მომეწონა გოგო და, ალბათ, იმის გამო, რომ ყოველთვის მარტო ვიყავი, თავი დამნაშავედ არ მიგრძვნია, არც არაბუნებრივად ჩამითვლია რამე. ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის ძიება და იმ დროისთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ლესბოსელი ვარ. როცა მკერდი საგრძნობლად გამეზარდა და გარშემომყოფ გოგოებთან საერთო ნიშნები ცხადად დავინახე, პირველად ვიგრძენი დისკომფორტი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი, რომ ბიჭი ვიყავი“, – ჰყვება საკუთარ ამბავს მე-12 კლასის მოსწავლე ბიჭი, რომელსაც საკუთარი სახელი ჯერ არ შეურჩევია – „არც კი ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს სახელს, 18 წელია ამ სახელით მიცნობს ყველა, რატომ უნდა შევცვალო? ამ სახელთან ერთად გავიზარდე, მოგონებები დავაგროვე, რომელთა დიდი ნაწილიც კარგად მახსენდება, ამიტომ, არა ბიჭის ან გოგოს – ჩემი სახელია“.

ოჯახი, რომელიც დაბრკოლებად იქცა

ილუსტრაცია: Geralt / Pixabay

„სანათესაოს შეკრებები, დიდი სუფრები ჩვენს ოჯახში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, პატარაობიდან ყველა ,,პრინცესას” ან ათას სხვა მოფერებით სახელს მეძახდა, გარდატეხის ასაკი დამეწყო და ყველა იძახდა – ვინმე მოგიტაცებსო, ცოტაც და გაგათხოვებთო – ყველა მსგავსი შემთხვევა მაბრაზებდა. მაგ პერიოდში დაიწყო ოჯახისგან წინააღმდეგობაც, იქამდე მხოლოდ შარვლები თუ მეცვა, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ დაქალების დრო მოვიდა, დედაჩემი სახლში მოდიოდა და ახალი კაბა მოჰქონდა, მაინც არ ვიცვამდი. მამაჩემთან ბევრად უკეთესი ურთიერთობა მქონდა – მანქანის მართვას მასწავლიდა, სამსახურში დავყავდი, მაგრამ ეგეც მოჩვენებითი ურთიერთობა იყო“, – ჰყვება თინეიჯერი ბიჭი და ოჯახისგან ემოციურად დაშორების პროცესზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ნელ-ნელა მიხვდა, ოჯახის წევრები რამდენად შორს იდგნენ ერთმანეთისგან – „ჩემს იდენტობაზე მუდმივად ახალი კითხვები მიჩნდებოდა, რომლებსაც ვერავის ვუზიარებდი, ოჯახთან სულ უფრო გავუცხოვდი, თინეიჯერობის ძირითადი ნაწილი ოთახში გამოკეტილმა გავატარე, ალბათ, მაგ დაშორებამ მიმახვედრა, როგორი უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. დედა და მამა თითქმის არ კონტაქტობდნენ, ჩემი ძმა არასდროს იყო სახლში, მშობლებს კი ერთადერთი სათქმელი ჰქონდათ, უნდა გვესწავლა და ზრდილობა არ დაგვვიწყებოდა, ალბათ, მაგ დეტალების გააზრებამ უფრო გამიმარტივა საკუთარი თავის ბრძოლის გარეშე მიღება“.

მეგობრობით დაწყებული თვითაღმოჩენის ახალი ეტაპი

ილუსტრაცია: Valentin Galmand / Dribbble

„15-ის ვიყავი, როცა კლასელ ბიჭთან დავახლოვდი, ერთსა და იმავე სერიალს ვუყურებდით და მაგ საუბრებიდან ბევრად ხშირ კონტაქტზე გადავედით. არასდროს მიგრძვნია, რომ მოვწონდი, ეგ რომ მეგრძნო, ვერც გავაგრძელებდი მეგობრობას. სკოლაშიც ძმაკაცებად უფრო გვიცნობდნენ, ვიდრე მეგობრებად. გოგოები მომწონს-მეთქი თავიდანვე ვუთხარი, რაც კარგად მიიღო. ახალ ქრაშებზე დაუფარავად ვსაუბრობდით, ყველა ახალ საფიქრალს ვუზიარებდი და ყოველთვის საუკეთესო რჩევებს მაძლევდა. მაგ საუბრების წყალობით, ყველა კითხვას ნელ-ნელა გავეცი პასუხი, რაღაცებზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდი და იმასაც მივხვდი, რომ ზოგ სიახლეს შიშის გამო გავურბოდი – არ მინდოდა, ნაცნობებთან, საკუთარ თავთან ხელახალი ქამინგაუთის წნეხი გამომეცადა”, — გვიყვება თვითაღმოჩენის ამბავს, რომელიც საკუთარი თავისთვის, მეგობრისთვის და მცირე სანაცნობო წრისთვის იმის გაზიარებით დამთავრდა, რომ ბიჭია.

პირველი სიყვარული

ილუსტრაცია: ELEANOR DOUGHTY

„ფეხბურთის წრეზე გავიცანი, თვითონ დამიახლოვდა, ყოველდღიურად მწერდა. იმ პერიოდში იმდენი კითხვა მქონდა, სხვა არაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ ხშირი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი, პირველად თვითონ მითხრა, მომწონხარო და ურთიერთობა დავიწყეთ. ყოველდღიურად ვნახულობდით ერთმანეთს, ჩემს სახლშიც ხშირად მოდიოდა და ოჯახიც კმაყოფილი იყო, რომ გოგო მეგობარი გავიჩინე, მალევე მივხვდი, რომ მიყვარდა. ჯერ კიდევ არ მქონდა ნათქვამი, რომ ბიჭი ვარ და როცა ვუთხარი – მიპასუხა, რომ ეგ არაფერს ცვლიდა, მაგრამ რამდენიმეჯერ მომართვისთვის „გოგო“ რომ გამოიყენა და ვიჩხუბეთ, მერე პირდაპირ მითხრა, რა ვქნა, ბიჭად ვერ აღგიქვამო, მაშინვე დავშორდი“, – იხსენებს პირველ სიყვარულს, რომლის დასრულებასაც დედასთან ქამინგაუთი მოჰყვა – „დაშორების მერე ცუდად ვიყავი, არც გარეთ გასვლა მინდოდა, ერთადერთ მეგობართან კონტაქტიც თითქმის გავწყვიტე და დედაჩემის კითხვებით თავმობეზრებულმა, ერთ დღეს პირდაპირ მივახალე, რომ ბიჭი ვარ. იტირა, მერე ის მითხრა, მამაშენს არ უთხრა, ორივეს დაგვხოცავსო. ნაცნობი ფსიქოლოგი გამომიძებნა, რომელმაც ჩემს იდენტობაზე ყველაფერი უკვე იცოდა და პირველივე სეანსზე იმაზე დამიწყო საუბარი, რომ მსგავს ეტაპებს ბევრი მოზარდი გადის და მალე მივხვდებოდი, რომ გოგო ვარ, უბრალოდ, რთული პერიოდი მქონდა. რამდენიმე თვე ვიარე, ვიჯექი და ვუსმენდი, ველაპარაკებოდი კიდეც, დიდად აღარ მადარდებდა, რას მეტყოდა, მაგრამ დედაჩემს ჩემი „გადარჩენის“ ახალ ხერხებს ვერ მოვაფიქრებინებდი“.

თვითგადარჩენა

ილუსტრაცია: iStock / Getty Images

ფსიქოლოგთან სიარულის პერიოდში მეგობრებთან ურთიერთობა ისევ განაახლა, დედის და ფსიქოლოგის „გარდაქმნის მცდელობებისგან“ მოშორებით დამლაპარაკებელი სჭირდებოდა, რომელიც გაუგებდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ აღარც იქამდე საყვარელ ადამიანებთან ჰქონდა საერთო.

„თავიდან მეგობრებთან ურთიერთობის განახლება ამოსუნთქვა იყო, თავისუფლად საუბარი შემეძლო და ვიფიქრე, რომ ერთ რამეში მაინც გამიმართლა. არ ვიცი, როგორ აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემი ჯანსაღი მეგობრები, სულაც არ იყვნენ ისეთები, როგორადაც მივიჩნიე. ერთ-ერთი საუბრისას თქვეს, რომ მე კი ძმა ვიყავი, მაგრამ სხვა ქვიარებს ვერ გაუგებდნენ. ხუმრობით ათას ჰომოფობიურ სიტყვას იყენებდნენ, რაც იქამდე შემჩნეული არც მქონდა, ყველაფერზე პირდაპირ ვუთითებდი და არაფერი იცვლებოდა. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ასე შეუმჩნევად ჩამოვშორდი ყველას, ერთადერთ ადამიანთან მაქვს ხშირი კავშირი, მაგრამ ისიც არასდროს ცდილობს სხვებისთვის რამის ახსნას, რაც მესმის – ასე ვერ ადგები და ყველას წინააღმდეგ წახვალ, რთულია, მაგრამ პატივისცემა მაინც გეკარგება“, – ჰყვება მეგობრებთან კავშირის გაწყვეტაზე და ამბობს, რომ სამომავლოდ სწავლა მისთვის არჩევანი აღარც კი არის – „ოჯახს უნდა რომ ვისწავლო, გარშემო ყველა მიზნებს ალაგებს და მე მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ აქედან უნდა გავაღწიო, ახლა სწავლის დრო არ მაქვს, თავი უნდა გადავირჩინო. ალბათ, ჩავაბარებ, თბილისში გავაგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ უნივერსიტეტში სიარულზე დროს არ დავკარგავ, უნდა ვიმუშაო, ფული დავაგროვო და ამ ქვეყნიდან გავაღწიო, აქაურობა მანადგურებს და რატომ უნდა დავრჩე?! ვიცი, აუცილებლად ვიპოვნი ადგილს, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. ერთადერთი მიზანი დამრჩა – ბედნიერი უნდა ვიყო და ვიცი, რომ ამას აუცილებლად მივაღწევ“.

მთავარი ილუსტრაცია: Natalie Krick / The New Yorker

ჰორმონალური თერაპია ტრანს ახალგაზრდებში სუიციდის რისკს ამცირებს

ახალი კვლევის მიხედვით, ჰორმონალური თერაპია, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციაში ეხმარება, ახალგაზრდებში სუიციდისა და დეპრესიის რისკს ამცირებს. ახალგაზრდების ჯანმრთელობის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა 9 ათასზე მეტი ტრანსგენდერი და არაბინარული იდენტობის მქონე ახალგაზრდის მონაცემებს აერთიანებს, რომლებიც 13-დან 24 წლამდე არიან. მოზარდთა სურვილის მიუხედავად, ხელმისაწვდომობის პრობლემის გამო ჰორმონალურ თერაპიაშია მცირე ნაწილია ჩართული. იმ ადამიანების პროგრამაში ჩართვა, რომელთაც ამის სურვილი აქვთ, დეპრესიისა და სუიციდის რისკს 40%-ით ამცირებს.

სახელმწიფოთა ნაწილი ტრანსგენდერი მოზარდების ჰორმონალურ თერაპიაში ჩართვას კრძალავს, რაც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაცია ჰორმონალური თერაპიის დაწყების რეკომენდაციას 18 წლიდან იძლევა, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში არასრულწლოვნებისთვისაც დასაშვებად მიიჩნევს. სახელმწიფოთა უმეტესობაში ჰორმონალური თერაპია ლეგალური ასაკიდანაც ნაკლებად ხელმისაწვდომია, დამატებითი დაბრკოლება კი ის სოციალური გამოწვევებია, რაც ახალგაზრდებში იზოლაციის, გარიყვის შიშის და სხვა რისკების გამო მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მიღებას ხელს უშლის.

წყარო: NBC news

ილუსტრაცია: Yoppie

კონსერვატული ხელისუფლების პირობებში პოლონელ LGBTQI+ ადამიანებში დეპრესიის მაჩვენებელი გაიზარდა

პოლონეთში კონსერვატული ღირებულებების მქონე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ LGBTQI+ ადამიანებში დეპრესია 50%-ზე მეტით გაიზარდა. პოლონეთში რელიგიური განწყობების გაძლიერებამ და კათოლიკური ეკლესიის მტკიცებამ, რომ ქვიარ ადამიანები ტრადიციულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნიან, ტოლერანტობის დონეს დიდი დარტყმა მიაყენა.

2020 წლის ბოლოს ვარშავის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვიარ ადამიანების 44%-ს 2019-2020 წლებში დეპრესიის აშკარა სიმპტომები დაეწყო, რაც 2017 წლის მონაცემებს (28%) მნიშვნელოვნად აღემატება.

გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოჯახის წევრები წინა კვლევის შემდეგ ნაკლებ ტოლერანტულნი გახდნენ. 2017 წელს დედების 68% და მამების 59% შვილს მხარს უჭერდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი დედების შემთხვევაში 61%-მდე, მამების შემთხვევაში კი – 54%-მდე შემცირდა.

წყარო: Reuters

11 ქვიარ ფილმი, რომელიც 2022 წელს გამოვა

ქვიარ ფილმების პრემიერის მხრივ, 2021 წელი შესანიშნავი გამოდგა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგი წელი ბევრად უკეთესი იქნება.

წელს ქვიარ შემსრულებლების ისეთი შესანიშნავი პერფორმანსები ვიხილეთ, როგორიცაა – ლეიდი გაგა ფილმში House of Gucci და კრისტენ სტიუარტი ფილმში Spencer. ასევე, აღსანიშნავია ფილმები: BenedettaFleeRide or DieMy Name is Pauli Murray და Fear Street-ის ტრილოგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2022 წელი უფრო მეტს გვპირდება.

Keep Reading

4 ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან, რომელიც ქვიარ გამოცდილებებს ასახავს

/

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. საკონკურსო პროგრამის გამარჯვებული მხატვრული ფილმი სოსო ბლიაძის ოთარის სიკვდილი გახდა, საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი ორი ნამუშევარი დასახელდა – თათია სხირტლაძის დიდება დედოფალს და სალომე ჯაშის მოთვინიერება.

უცხოური ფილმების სექციაში კი არაერთი სახელოვანი თუ დამწყები რეჟისორის ფილმი უჩვენეს, რომელთა შორის ქვიარ გამოცდილებებზე გადაღებული არაერთი ფილმი იყო. ამ სტატიაში თბილისის კინოფესტივალში მონაწილე იმ 4 ფილმის შესახებ წაიკითხავთ, რომელიც ქვიარ ურთიერთობებს ასახავს.

Great Freedom

ფოტო: RohFilm

175-ე პარაგრაფმა, რომლის საფუძველზეც ნაცისტურ გერმანიაში ჰომოსექსუალ კაცებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ, 10 ათასზე მეტი ადამიანის კეთილდღეობა შეიწირა. ამ პარაგრაფის მიხედვით, ბრალდებულთა კასტრაცია და  მათი სიცოცხლის მოსპობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად არ შეწყვეტილა. აღნიშნული მუხლი  საბოლოოდ 1994 წელს გაუქმდა, მაგრამ მასში მრავალი ცვლილება შევიდა. დასავლეთ გერმანიაში კი, 1969 წლამდე, აღნიშნული მუხლით გასამართლებულ კაცებს ციხეში აგზავნიდნენ, რაც მათ ხელახლა აღზრდას ემსახურებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 1969 წლამდე, 100 ათასი ადამიანი წარსდგა სასამართლოს წინაშე ამ პარაგრაფში მითითებული დარღვევების ბრალდებით, 50 ათასამდე ადამიანი კი პატიმრად იქცა. Great Freedom იმ მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლებისთვის პატივის მიგებაა, რომლებიც დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები ჰომოსექსუალი კაცები იყვნენ. ფილმი ჰანსის ისტორიას გვიყვება, რომელიც ჰომოსექსუალობის გამო სამი ათწლეულის განმავლობაში პატიმრობაში არაერთხელ მოხვდა და სასტიკი, დამამცირებელი მოპყრობისა და გარიყვის  მსხვერპლი იყო. ფილმის სახელი მთავარ სათქმელს ყველაზე უკეთ ხსნის – ტოტალურ სისასტიკეში ნაპოვნი სიყვარულის ამბავი ნაცისტური პერიოდის ნარჩენებში სიყვარულის გამარჯვებაზე გვიყვება, რაც სისასტიკეზე ამაღლების, თავისუფლების იმ გარემოში მოპოვების ნიშანია, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელი.

Benedetta

ფოტო:  Pathe

9 წლის ასაკში კათოლიკურ მონასტერში მიბარებული ბენედეტას ისტორია, რომელიც სხვების ბრმა რწმენით მანიპულაციაში დახელოვნების თუ იმ იდეის დაჯერების გზას გაივლის, რომ უფლის რჩეულია, შესანიშნავი სანახაობაა. 83 წლის სახელოვანმა რეჟისორმა, პოლ ვერჰოვენმა, ძალაუფლების სურვილის კვლევა, ეკლესიის მანკიერებებისა და პატრიარქალურ სამყაროში ქალის სექსუალური თვითშემეცნების ამბის ჩვენება დაისახა მიზნად. ფილმის ყურებისას იცინებთ, უხერხულობის განცდა არ მოგასვენებთ, ტრაგიკული ამბების მომსწრე გახდებით და არაერთ კითხვას დასვამთ, რომელზე პირდაპირი პასუხებიც არ არსებობს. შარლოტ რემპლინგი ტაძრის წინამძღოლის როლში გვევლინება, რომელიც ღმერთის მსახურებას ვაჭრობის საგნად იყენებს, ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს და ბენედეტას ცოცხალ წმინდანად შერაცხვის იდეას პირადი სარგებლისთვის იყენებს, სანამ არ მიხვდება, რომ ეს მის ძალაუფლებას აცლის საყრდენს. შავი ჭირის მძვინვარების პერიოდში მიმდინარე მოვლენები, რომლის ფონზეც კათოლიკური ეკლესია ყველა გასაჭირისგან განდგომილ ინსტიტუტად გვევლინება, რომლის მაღალი იერარქიის პირები ცხოვრებით ტკბებიან და ამის საპირწონედ სჯიან ყველას, ვინც მსგავსი „პრივილეგიით“ სარგებლობას მოინდომებს, დღევანდელ პანდემიურ რეალობაზე კომენტარსაც გვთავაზობს. ბენედეტა, რომელიც ქრისტეს საცოლეა, სექსუალური აღმოჩენების გზას მას შემდეგ შეუდგება, რაც ტაძარში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ბართოლომეა დასახლდება. ბენედეტა, რომელიც იესოს ეროტიკულ გამოცხადებებსა და ბართოლომეას მიმართ ვნებებს შორის მერყეობს, საკუთარი სურვილების დასათრგუნად და სხვებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ უფლის რჩეულია, სისასტიკის გამოვლინებებს არ ერიდება, რაც მის სურვილებს კიდევ უფრო ამძაფრებს და ნელ-ნელა უკეთ აცნობიერებს იმ შესაძლებლობებს, რაც ძალაუფლების მოპოვებას თან სდევს. ვერჰოვენი კეთილისა და ბოროტის ცნებას ანგრევს და პერსონაჟების მოულოდნელი გარდაქმნებით გვიჩვენებს, რომ ყველა წარმოდგენა, რომელიც გვაქვს, არამყარია. ფილმის მიმდინარეობისას, იმასაც მიხვდებით, რომ არ არსებობს აბსოლუტური სიმართლე, ყველა ქმედება კომპლექსური და ამოუხსნელია, რომელიც საკუთარ თავში ერთმანეთის საპირისპირო, დამანგრეველ განზრახვას შეიცავს. ალბათ, ქართულ კინოგაქირავებაში ბენედეტას ვერ ვიხილავთ, მაგრამ იმედია, ფილმი ონლაინ სივრცეში მაინც მალე გახდება ხელმისაწვდომი და შეგეძლებათ, თქვენი თვალით იხილოთ ძალაუფლების, შურის, ვნების, ღალატისა და ბრმა რწმენის დამანგრეველი ძალის ამბავი.

The Girl and The Spider

ფოტო: Zürcher Film

გოგო და ობობა ამ სიის ყველაზე სიზმარეული ფილმია, რომელიც მაყურებელს სათქმელს პირდაპირ არ ეუბნება და მხოლოდ მინიშნებებზე არის აგებული, ამიტომ იმ ადამიანებისთვის განსაკუთრებული სიამოვნება იქნება, რომელთაც თავსატეხის ამოხსნა უყვართ. ცვლილებებსა და დანაკარგებზე გადაღებული ფილმი მნახველში დისკომფორტისა და სიცარიელის შეგრძნებას დატოვებს, რაც დანაკარგს ყოველთვის ახლავს. „ლიზა ახალ ბინაში გადადის, მარა კი უკან რჩება. როცა ყუთების გადაზიდვა და ავეჯის გადაადგილება იწყება, უფსკრული იხსნება და ემოციური ატრაქციონი მოძრაობას იწყებს. ტრაგიკომიკური ფილმი. პოეტური ბალადა ცვლილებებსა და წარმავალ კავშირებზე“ – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში, რაც ამ შესანიშავ კინოგამოცდილებაზე მხოლოდ მცირედ წარმოდგენას გვაძლევს. ფილმი გვიყვება იმაზე, რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს სიჩუმე და როგორი არამყარი, გნებავთ, შეუძლებელია სხვა ადამიანებთან დაკავშირება, როგორი შეუმჩნეველი დეტალებით ვლინდება ის დიდი ემოციური ნაკადი, რომელსაც ყველაფრის დანგრევა შეუძლია. ფილმის ყურებისას მრავალ წვრილმანს შეაგროვებთ, რაც ფაზლის აწყობას ჰგავს, თუმცა სიუჟეტის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტში ეს წვრილმანები ხელიდან გამოგეცლებათ და შესაძლოა, იმას მიხვდეთ, რომ ადამიანური ურთიერთობები დაშლილი დეტალებია, რომელიც მთელი არც არასდროს ყოფილა და ვერც გაერთიანდება.

The Hill Where Lionesses Roar

ფოტო: Le Pacte

გორაკი, სადაც ძუ ლომები ღრიალებენ 20 წლის რეჟისორის ფილმია სამ მეგობარზე, რომლებიც უძრავ, უიმედო, დროში გაყინულ კოსოვოში ცხოვრობენ და ერთადერთი საფიქრალი აქვთ – როგორღაც გააღწიონ იმ ქალაქიდან, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებთ.

სასტიკ გარემოში მცხოვრები სამი გოგო, რომელთაც ერთმანეთთან მეგობრობის მეტი არაფერი აქვთ, უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობენ, დღეებს მოლოდინში ატარებენ, თუმცა არც ცვლილებების ძალა აქვთ, თანაც, ქვეყანა კორუფციის, კრიმინალის, პატრიარქალური სისასტიკის ქაოსშია ჩაკარგული, რაც თავის დაღწევას კიდევ უფრო აძნელებს, ამიტომ სამი ახალგაზრდა მეგობრისთვის ერთადერი შვება ძუ ლომების ხროვის ჩამოყალიბებაა, რომელიც ბრაზის და იმედგაცრუებისგან დაცლის შესაძლებლობას აძლევთ. ფილმში იმედის ნაპერწკალსაც კი ვერ შენიშნავთ და მეგობრებიც კრიმინალის გზას ადგებიან. ერთადერთი ნათელი წერტილი კი ძალადობრივ გარემოში გაზრდილ გოგოებს შორის არსებული სინაზის გამოვლინებებია, რაც მცირე ხნით მაინც ამარცხებს ტოტალურ ძალმომრეობას.

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

კატალინა – იდენტობით არ უნდა განისაზღვრებოდეს ჩვენი პიროვნება, ეს ჩვენი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია

ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანი ვარ, ოღონდ, არა – ფსევდო. საკმაოდ დიპლომატიური, ადამიანური და პრინციპულიც ვარ, რაღაცებში ცოტა უნებისყოფოც, მაგრამ დიდი ნებისყოფა გამოვიჩინე, რომ ვიბრძოლე, არ დავნებდი და აქამდე მოვედი.

 

მკაცრი აღზრდა

ალბათ, ჩემი ბავშვობაც ისეთი იყო, როგორიც რაიონში გაზრდილი ყველა ბავშვის. პოსტშევარდნაძის პერიოდი, ქუჩური გაგება, სტერეოტიპები… მაშინაც უსამართლობის წინააღმდეგ ვიყავი, თუ ვიღაცას ჩაგრავდნენ, იმის მხარეს ვიჭერდი და ,,შავი” მენტალიტეტის ხალხთანაც მომდიოდა კონფლიქტები. ვფიქრობდი, რომ დრო გავიდოდა და ეს უწიგნურობა ამ ხალხს სანანებელი გაუხდებოდა.

ვერ ვეგუებოდი ოჯახში მკაცრი აღზრდის მეთოდს მშობლების მხრიდან. იმ დროსაც ვთვლიდი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ასეთი სიმკაცრით არ უნდა ჩარეულიყვნენ და დღესაც მითქვამს მათთვის, რომ, რეალურად, თავის შვილებს არ იცნობდნენ. როდესაც ჩემზე გაიგეს და ეს მათთვის შოკი იყო, მაშინ ვუთხარი, თქვენ რომ თქვენი შვილები გცნობოდათ და ჩვენ მიმართ სადამსჯელო რაზმივით არ ყოფილიყავით, ასე არ მოხდებოდა-მეთქი.

ჩემი მშობლების თაობას ეზიზღება იმ ხალხის თაობა, რომელიც დღეს თავის შვილებთან მეგობრობს. უკვირთ, სკოლაში ბავშვს თუ მასწავლებელი სცემს, ბავშვს რომ პროტესტი უჩნდება ამის მიმართ და მასწავლებელს უჩივის, რატომ უნდა უჩივლოსო – ასეთი ხისტი დამოკიდებულებები აქვთ ბავშვების მიმართ. რა იწვევს ამ გაუცხოებას? მშობლები სხვა ღირებულებებზე არიან გაზრდილი, საბჭოთა კავშირის მენტალიტეტით არიან მოწამლული. ჰგონიათ, რომ თუ ეს ფსევდო-ტრადიციული ღირებულებები ქართველმა ვაჟკაცმა სუფრასთან არ დაიცვა და მერე შვილს არ ასწავლა, ქვეყანა დაიღუპება და განადგურდება. ორკების ენაზე რომ ვთქვათ, მათი დამოკიდებულება ასეთია – ,,ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი!” თავის დროზე, მეც კინაღამ ჩამითრიეს ამაში, მაგრამ საკუთარი თავის გადარჩენა მოვახერხე.

 

განცდები

12-13 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, ლამაზი გოგოები რომ დადიოდნენ, მეც ისეთი მინდოდა ვყოფილიყავი და ისე გავსულიყავი გარეთ. ამის პირობები და საშუალება რომ არ მქონდა, სერიოზული დანაკლისი იყო და სიცარიელე მიჩნდებოდა. რაღაც პერიოდი მეგონა, რომ თავს დავითრგუნავდი, ვებრძოდი ამას საკუთარ თავში. სინაზე და პატარ-პატარა ფემინური მანერები მანამდეც მქონდა. ეს ვიღაცებისთვის მაშინაც შესამჩნევი იყო, ქუჩაში ბირჟაზეც უთქვამთ მოკლე შორტების გამო, რა ბოზი ქალივით დაიზლაზნები, ცოტა წესიერად ჩაიცვიო… ეს ის პერიოდია, მახსოვს, განათლებიდან ერთხელ სკოლაში კაცი მოვიდა ყვითელი ჰალსტუხით და იმაზე დასცინოდნენ.

სერიოზულ განცდებში ვიყავი. მივხვდი, რომ რაც მე მინდოდა, იმას ვერ მოვახერხებდი. სულ იმას ვფიქრობდი, როგორ იქნებოდა ეს აღქმული იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობდი. მქონდა ბიჭთან ურთიერთობის გამოცდილებაც, ვიღაცამ ეს გაიგო და გეი ვეგონე, მერე ეს ამბავი ვიღაც ,,სასტავის” ყურამდე მივიდა და მაშანტაჟებდნენ – სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობდნენ, თუ არადა სახლიდან ფული მოგვიტანეო. ჩემზე 10-15 წლით უფროს ხალხზე მაქვს საუბარი. დღეს ვითომ არავის არაფერი ახსოვს.

ამ გამოცდილებამ ფსიქოლოგიური დარტყმა ვერ მომაყენა, რადგან მე ჩემს სამყაროში, წიგნებში ვეფლობოდი. რაც ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა, სპორტი იყო და მივსდევდი კიდეც, 15 წელი ვვარჯიშობდი. ფეხბურთზე დავდიოდი, ,,შტანგაზეც” მივლია და ტრენაჟორებზეც. ამ ბოლოს გავზარმაცდი, თორე დილის შვიდ საათზე ვდგებოდი და დავრბოდი.

 

განსხვავებული სამყარო ერთ ბინაში

2015-2016 წლებში ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული და მართლა ძლივს გამოვედი. დეპრესიული ფონი მქონდა – ქამინგაუთს ვერ ვაკეთებდი და ჩემი პიროვნების არარეალიზებულობას აქეთკენ მივყავდი. გარდა ამისა, ხალხი ,,თავს მესხმოდა” ჯერ კიდევ ბიჭს, რომ ცოლი რატომ არ მოგყავს, დაბერდი, შვილო, ეს, ის… ამ ყველაფრისგან უკვე თავბრუ მეხვეოდა. იქაური ხალხისთვის მე დღემდე არაპროგნოზირებად ადამიანად დავრჩი, მე თვითონ გამივრცელებია დეზინფორმაცია საკუთარ თავზე, რომ იმათ სხვა წარმოდგენა ჰქონოდათ და მე სხვა რამე მეკეთებინა ისე, რომ შეზღუდული არ ვყოფილიყავი.

როცა მორალურად განვეწყვე ბრძოლისთვის და მივხვდი, რომ ამას ვერ დავთმობდი, პირველი ქამინგაუთი ჩემს ერთ-ერთ დაქალთან მქონდა. ვუთხარი, შენთან ისე ვერ ვიქნები, როგორც მეგობარი კაცი, თუ გინდა, კაბა მათხოვე და გაჩვენებ, როგორი ქალურობის გამოხატვა შემიძლია-მეთქი. ჯერ ერთს ვუთხარი, მერე – მეორეს, ნელ-ნელა დავიწყე საკუთარი თავის რეალიზება ამ მხრივ. ერთმა მეგობარმა შემომთავაზა, ფსიქოლოგთან მივსულიყავი, წარსულში თავს რომ იზღუდავდი, იქიდან ხომ არ გაქვს ტრავმა, უფრო უკეთ გაერკვევი საკუთარ თავშიო. მქონდა ვიზიტები ფსიქოლოგთან, სექსოლოგთანაც ვიყავი. დავუკავშირდი ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ და უკვე 4 წელია, ურთიერთობა მაქვს მათთან.

იმ პერიოში ქვიარ ფორუმზე ვიპოვე ჩემი რაიონელი გოგო, მაშინ ძალიან გამიკვირდა, რომ თემში ვიღაც ჩემი რაიონიდან იყო და ამაზე ასე ღიად საუბრობდა. იმიტომ გამიკვირდა, რომ ეს იქ ძალიან საშიშია – ერთი შემთხვევა მახსენდება, ფიტნესზე დავდიოდი, კუნთი რომ წამოვა და გიხარია, სახალისო ფოტო გადავიღე მაისურში და დავდე ჩემს ბიჭურ ფეისბუქზე. ნათესავები მომივარდნენ უბანში, ეს ფოტო აიღე, თმა არ გაქვს და რას იჭიმები ფეისბუქში, ვიღაცის ბავშვები და ცოლები ხედავენ ამას და უზნეობააო. ასეთი დამოკიდებულებების გამო გამიკვირდა. ამ გოგოს გამოვეცნაურე, დავმეგობრდით, მერე ხშირად ვიდეოკამერით ვლაპარაკობდით – ჯერ მაინც ჩვეულებრივ გავეცანი, მერე რომ შევატყვე დამოკიდებულებები, ავუხსენი ჩემი სიტუაცია და მითხრა, რომ ჩემი ქალური ტანსაცმელი მის ბინაში წამეღო. ჩემი ტანსაცმელი იქ გადავიტანე. სახლიდან გამოვიდოდი, საქმეზე გავდივარ-მეთქი, მასთან ავდიოდი და ჩვენს განსხვავებულ სამყაროში ვიყავით ჩაფლული, ვერავინ წარმოიდგენდა, იქ რა ხდებოდა. სხვა ადამიანი შევდიოდი და იქ სხვა ვხდებოდი.

 

,,ჩვენი წინაპრები ვაჟკაცები იყვნენ, შენ რა გააკეთე?!”

საკუთარ თავს რომ ვაკვირდები, ამ სამსახურმა ნერვები გამიფუჭა. ერთწლიანი ჯარი მაქვს მოხდილი, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან რომ ჩამოვედი, მამაჩემმა დამაწყებინა მუშაობა და 13 წელია, აქ ვარ.

სამსახურში ჩემ შესახებ არ იციან. წლების წინ სხვა ადგილზე ვიყავი, სადაც შეამჩნიეს, რომ ტანზე ეპილაციას ვიკეთებდი და ,,აუ, ბიჭო, ელგებეტე გახდა, გაპიდერასტდა” და ასეთი ლაპარაკი დაიწყეს. მერე ცოტა ჰუმანურებში გადავედი, მაგრამ ფოტოსთვის წარბი გავიკეთე, უცებ ხომ არ ამომივიდა და ეს შეამჩნიეს, საიდანაც წამოვიდა ბულინგის ახალი ტალღა. ოღონდ არ დაუძაბავთ, ღადაობდნენ ჩემზე. ტრანსგენდერებზე მქონია საუბარი თანამშრომლებთან და ვიცი განწყობები. ამიტომ, იქ ძნელია ქამინგაუთი.

ოჯახთან ქამინგაუთი ისე მოხდა, რომ ჩემმა ნათესავმა გოგომ აჩვენა მათ ფოტოები, რომელშიც ქალურად მაცვია. 7 თვით ადრე, მე ვაჩვენე ერთ ოთახში შეკრებილ რამდენიმე ადამიანს ეს ფოტოები, ამან რაღაცნაირად დაიმახსოვრა და შვიდი თვის მერე თქვა. ვერც წარმომედგინა, ასე თუ მოხდებოდა, ამისთვის მზად ვიყავი და ვიცოდი, რა რისკზეც მივდიოდი, მაგრამ იმ მომენტში მოულოდნელი იყო. ამ დროს სამსახურში ვიყავი, მივედი სამსახურიდან, ბარგი ჩავალაგე, რაღაც ელემენტარული წამოვიღე და წამოვედი. ტანსაცმელიც მერე ფოსტით გამომიგზავნეს.

ერთი კვირა შოკი მქონდა. პირველი ორი-სამი დღე საშინელება იყო, საშინელი ლაპარაკი გვქონდა. ოჯახში უფრო ახლობლებზე აკეთებდნენ აქცენტს – ,,ესენი რას იტყვიან?! შერცხვი, თავი მოგვჭერი ამ ხალხთან, ჩვენი წინაპრები ვაჟკაცები იყვნენ, შენ რა გააკეთე?!” და ა.შ. ყველანაირი შეურაცხყოფის ატანა მომიხდა. დედაჩემს ვუთხარი, ვიღაც კრიმინალი შენს შვილს ორიენტაციის გამო მოკვლას რომ დაუპირებს, ბევრი მშობელი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ შვილს და შენ კიდე ხალხის გეშინია-მეთქი. მამაჩემს ბოლომდე არ მიუტანეს ეს ამბავი, ჯანმრთელობას უჩივის. იმაზეა გაბრაზებული, თუ ეგრე ჩაიცვა და გაერთო, სხვას რატომ აჩვენა ფოტოებიო.

ჩემებს ვუთხარი, ახლა რომ მომკლათ, ეს რამეს შეცვლის-მეთქი? დედაჩემს ვკითხე, მე რომ ხვალ ავდგე და ვთქვა შენი და შენი ოჯახის ბედნიერებისთვის და პრესტიჟისთვის, რომ, არა, არ ვარ ქალი, შემეშალა და ბოდიში, ჩამოვიდე, დაგიჯდე სახლში და ბიჭის როლი შეგისრულო, რად გინდა ასეთი გამოფიტული რეალობა-მეთქი. პასუხი ამაზე ის იყო, რომ მე დედაჩემმა ასეთი გამზარდა და ახლა შენ ჩემი შეცვლა გინდა, იმ ღირებულებებს გადაუსვი ხაზი, რომელზეც ჩვენი ოჯახი იდგაო. ბოლოს რომ ველაპარაკე, მკითხა, ადრე რატომ არ მელაპარაკებოდი ამაზეო. იმის კი არ მეშინოდა, რომ ფიზიკურად გამისწორდებოდა ვინმე, უარყოფის შიში მქონდა და ვიცოდი, დედაჩემს იმ დონემდე ვაწყენინებდი, სახლიდან გამომაფრიალებდნენ. მერე იმაზე ფიქრი იწყებოდა, რომ ვარ კი რაღაცების დასაკარგავად მზად ამ მომენტში?! ისე, რომ ქუჩაში აღმოვჩნდე…

ახლა, როცა ფაქტის წინაშე დავდექი, დავინახე, რომ თურმე მზად ვყოფილვარ. მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ახლა რომ მითხრან, ხმას საერთოდ აღარ გაგცემთო, აღარ შევურიგდები. ახლა საკუთარ თავზე უარს არავის გამო აღარ ვიტყვი.

 

პატრიარქატის მათრახი

საქართველოში ქალების მდგომარეობასა და თანასწორობაზე ხშირად მიფიქრია, ჩავღრმავებივარ ამ საკითხს და მილაპარაკია სხვა ქალებთან. ჩვეულებრივ, ქალის მეობას რაც განსაზღვრავს, ის იდენტობა მაქვს მეც და ქალის სხეულში დაბადებულ ქალსაც. მე შევედი ყველა ქალის მდგომარეობაში და ყველას მიმართ სოლიდარული ვარ, ვინც პატრიარქატის მათრახი თავის მხრებზე იგრძნო. ტრაგედიად მიმაჩნია ის, რომ კაცმა იმ ტრადიციების მიხედვით, რომლებიც სადღაც ფეოდალურ საუკუნეში და მონარქების პერიოდში შეიქმნა, დამიწყოს, რომ ქალი და ცოლი უნდა იყოს კდემამოსილი.

მტრულ გარემოში მცხოვრებ ქალებს ვეტყვი, კიდევ ერთხელ გადახედონ თავიანთ წარსულს, გაიხსენონ, რა გაიარეს, რას გაუძლეს… ჰქონდეთ ურთიერთობა ახალ სოციუმებთან და არ ჩაიძირონ კლიშეებსა და ტაბუებში. პირადად მე, რამაც ძალა მომცა და არ დავნებდი, იყო იმაზე ფიქრი, რომ ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და არ ღირს, სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცე. განსაკუთრებით, იმ ადამიანების, რომლებმაც თვითონაც არ იციან თავისი ცხოვრება, ყველაზე ხშირად, ზუსტად ისინი გაკრიტიკებენ, ვისაც, რეალურად, ენა არ უნდა უბრუნდებოდეს შენი მისამართით. მან არ იცის, შენ რა გზა გაიარე, რისთვის გიღირს, რაღაცა დაკარგო და ამ დაკარგვის შემდეგ, ახალი იპოვო.

 

საძირკველი არ გვაქვს და სახლის აშენება გვინდა

იმედი მაქვს, რომ რამე შეიცვლება და ამ ქვეყნის სათავეში მოვა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვიარ თემის საჭიროებებს გაითვალისწინებს. ქვიარ საზოგადოებას უნდა დაანახოს სახელმწიფომ, რომ რეალურად მიმდინარეობს რაღაც რეფორმები. ქვიარი ყოველთვის ფიქრობს, რა დარტყმას მიიღებს და რა პრობლემების წინაშე დადგება რაღაცის დაკარგვის მერე. როცა სახელმწიფოსგან დაინახავს, რომ მის უკან მდგომი ოჯახის წევრი, ნათესავი ან ვინმე რაღაცამ შეცვალა… ცნობიერების ამაღლების კუთხით უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ტრენინგები და ეს უნდა მოხდეს აუცილებლად რეგიონებშიც, განათლების სისტემაში უნდა მოხდეს ცვლილებები, შეიცვალოს მასწავლებლების მიდგომები სკოლაში, იყოს ხელმისაწვდომი ფსიქოლოგთა მომსახურება, ჯანდაცვას მიაქციონ ყურადღება – ცვლილებების მთელი ჯაჭვია და ეს ყველაფერი თუ მოხდება, მერე იქ ხალხსაც შეეცვლება წარმოდგენები. სოციალური გარემოს გაუმჯობესებაც მოახდენს ამაზე გავლენას.

კარგი იქნება, დიდმა კომპანიებმა რაღაც კვოტა გამოყონ, მაგალითად, 10 ადამიანიდან, 4 ქვიარი დაასაქმოს, თუ ამ ვაკანსიებზე იქნება შესაბამისი დაინტერესება, მერე ვიღაც რომ არ გავარდეს და სექსმუშაკი არ გახდეს ქუჩაში. იქნებ, კარგი ჟურნალისტი, კარგი კულინარი ვარ, ხელოვანი ვარ ან ხეზე ვმუშაობ – ყველას უნდა მიეცეს განვითარების საშუალება. მხოლოდ პრაიდის ჩატარება და ქუჩაში დროშების ფრიალი რეალიზების ვერანაირ შანსს ვერ გამიჩენს. ხალხი ისევ არასწორი აზროვნებით დარჩება, ისევ ვიღაც გამოიყენებს ამას სათავისოდ, რუსული პროპაგანდა ისედაც მომძლავრებულია, ვიღაც ადგება და ამ ხალხის რელიგიურ გრძნობებს ისევ ჩვენ წინააღმდეგ მიმართავს.

აუცილებელია, ჰუმანიზმი იყოს ამ ქვეყანაში და ხალხმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები იპოვოს. აქ არ ვგულისხმობ იმ ხალხს და დაჯგუფებებს, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან და უბრალოდ ადამიანები ეზიზღებათ, ჩვენ მათ ჭკუას ვერ ვასწავლით და ახლიდან ვერ გავზრდით.

 

მომავალი

ეტაპობრივად მივდივარ წინ და წინ. ამ ოთხ წელში იმდენი რამე გავაკეთე – მზად აღმოვჩნდი რაღაცების და ვიღაცების დასაკარგად, ამის პარალელურად, ახალი საძირკველი ჩავყარე, სხვა წრეები აღმოვაჩინე, სხვა ურთიერთობები ჩამოვაყალიბე და შევქმენი. რაც ადრე წარმოუდგენელი მეგონა და რისიც მეშინოდა, თურმე, არ ყოფილა საშიში. ერთი წლის წინ, ვიღაცას რომ ეთქვა, სახლიდან წამოხვალ, მარტო იცხოვრებ და მერე შემოგირიგდებიან, პოლიტიკოსებთანაც დაიწყებ საუბარსო, ვეტყოდი, რომ სისულელე იყო.

მე მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, ამაზე რომ ვფიქრობდე, ამ ქვეყნიდანაც წავიდოდი. მე ვერ ვიცხოვრებ საერთო სივრცეში ბედნიერად, თუ სხვები უბედურები იქნებიან. ნახევარი ქვეყანა ,,გირჩის” რაღაც რელიგიურ ორგანიზაციაში იმიტომ შედიოდა, რომ ჯარისთვის თავი აერიდებინა, ხვალ იმის მშობლები გამოვლენ და ჩემნაირს, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავიარე, გინებას დაუწყებენ, რომ საქართველოსთვის უვარგისები ვართ. მე ყველა პროცესში შემიძლია მონაწილეობის მიღება, როგორც კარგ მოქალაქეს და საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ არ ვართ ურჩხულები.

იდენტობა არ უნდა განსაზღვრავდეს ჩვენს პიროვნებას, ეს ჩვენი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

 

 

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

ავტორი: ნინო ურუშაძე

ფოტოები: ვახო ქარელი

Tbilisi Pride-ს ახალი დირექტორები უხელმძღვანელებენ

დღეიდან Tbilisi Pride-ს ახალი დირექტორები ჰყავს. ორგანიზაციას 2 ხელმძღვანელი ეყოლება, მარიამ კვარაცხელია და ანა სუბელიანი.

Tbilisi Pride-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „2021 წლის 14 ნოემბერს „თბილისი პრაიდის“ გამგეობამ იმსჯელა და გადაწყვიტა ორგანიზაციის მართვის ჩაბარება გუნდის გამოცდილი წევრებისთვის“, რის შესახებაც 14 დეკემბერს საჯარო რეესტრში ოფიციალურადაც განაცხადეს.

ორგანიზაციის დირექტორი აქამდე თბილისი პრაიდის თანადამფუძნებელი, გიორგი თაბაგარი იყო.