ქვიარ დოკუმენტური ფილმები

ქვიარ ისტორიის კინოდოკუმენტალისტიკა 1960-იანი წლებიდან, ჯერ კიდევ სტოუნვოლის ჯანყამდე იწყება და დღესაც საკმაოდ აქტუალურია. მათთვის, ვისაც ქვიარ ისტორია აინტერესებს, ასევე, დოკუმენტური ფილმების მოყვარულებისთვის, ქვიარ დოკუმენტური ფილმები ნამდვილად მისწრებაა. ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე ფილმს, რომლებსაც თავისუფალ დროს შეგიძლიათ, უყუროთ:

Pride (2021) — პრაიდი

პრაიდი სულ ახალი დოკუმენტური სერიალია, რომლის პრემიერაც 2021 წლის მაისში შედგა და მთლიანობაში ექვს ეპიზოდს მოიცავს. სერიალი სხვადასხვა რეჟისორის კოლაბორაციას წარმოადგენს — თითოეული ეპიზოდი ქვიარ ისტორიის კონკრეტულ პერიოდს ეხება და 1950-იანი წლებიდან დღემდე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების გარშემო ვითარდება. სერიალში განხილულია როგორც 1969 წლის სტოუნვლის აჯანყება და შიდსის პანდემია 1980-იან წლებში, ასევე, ხშირად მივიწყებული, სტოუნვოლამდელი ქვიარ ისტორია, ადრეული დრეგ კულტურა, ქვიარ თემის ურთიერთობა მეორე ტალღის ფემინისტურ მოძრაობასთან და 1990-იან წლებში დაწყებული ერთგვარი “კულტურული ომი”, რომელიც ქვიარ კულტურის საზოგადოებაში წინ წამოწევამ გამოიწვია. სერიალი დატვირთულია განხილული პროცესების უშუალო მონაწილეების ინტერვიუებითა და დოკუმენტური მასალით, რაც ქვიარ ისტორიით დაინტერესებული მაყურებლისთვის ნამდვილად საინტერესო იქნება.

სერიალის ტრეილერი იხილეთ აქ.

A Secret Love (2020) — საიდუმლო სიყვარული

საიდუმლო სიყვარული, რომელიც Netflix-მა შარშან, აპრილში გამოუშვა, უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ქვიარ დოკუმენტური ფილმია. სიუჟეტი ტერისა და პეტის გარშემო ვითარდება, რომლებმაც ერთად 72 წელი გაატარეს. ფილმი ერთდროულად ბევრ საკითხს მოიცავს — პირველ რიგში, პეტისა და ტერის ულამაზესი სიყვარულის ამბავს და ურთიერთობას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მათი ოჯახის წევრებისგან საიდუმლოდ არსებობდა. ღიად ქვიარობა ადამიანებისთვის გასული საუკუნის ბოლომდე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. 1950-60-იან წლებში პოლიცია რეგულარულად არბევდა იმ ბარებს, სადაც ქვიარ ადამიანები იკრიბებოდნენ. ბარში მყოფთა უმეტესობას აპატიმრებდნენ, სახელებსა და მონაცემებს კი საჯაროდ აქვეყნებდნენ. ეს ძალიან რთული წლები ტერიმ და პეტმა ერთად გამოიარეს ისე, რომ მათმა ოჯახებმა ურთიერთობის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი იცოდნენ. გარდა ამისა, ფილმში კარგად ჩანს ის პრობლემები, რომლებსაც ხანდაზმული წყვილები აწყდებიან მას შემდეგ, რაც ყოველდღიურობაში სხვა ადამიან(ებ)ის დახმარება სჭირდებათ. სცენარის ავტორი და რეჟისორი, კრის ბოლანი, ტერის ნათესავია, რომელმაც ტერისა და პეტის სიყვარულის ისტორის შესახებ ერთ-ერთ ოჯახურ შეკრებაზე გაიგო და ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ძველი სურათები, ჩანაწერები, წერილები და უშუალო კადრები მაყურებელს ტერისა და პეტთან ერთგვარი ემოციური კავშირის დამყარების საშუალებას აძლევს, რაც ამ ფილმს სხვა, შედარებით მშრალი და უემოციო, დოკუმენტური ფილმებისგან ძალიან განასხვავებს.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

Welcome to Chechnya (2020) — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში HBO-ს 2020 წლის ნამუშევარია, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქართულად ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა შეგიძლიათ, ინგლისურ და რუსულ ენებზე უყუროთ. ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი რესპუბლიკაა, რომელიც კონსერვატიული, რელიგიურ-ექსტრემისტული ტრადიციებითა და შეხედულებებით გამოირჩევა და სხვა რესპუბლიკებისგან თვალშისაცემად იზოლირებულია. გვიან 2010-იან წლებში, რესპუბლიკაში დაწყებული “ანტი-გეი წმენდა” მსოფლიოსთვის მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველია — ეს საშინელი პროცესი ქვიარ ადამიანების დაპატიმრებას, არაადამიანურ წამებას და ზოგჯერ, მკვლელობასაც გულისხმობს. ასეთი “საკონცენტრაციო ბანაკები”, როგორც თვითმხილველები ამ ადგილს უწოდებენ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის აზრით, საერთოდ არ არსებობს. მეტიც, ის ფიქრობს, რომ ჩეჩნეთში ქვიარ ადამიანები არ არიან და რომც იყვნენ, მათივე ოჯახები მოკლავდნენ. სწორედ ამიტომ, ქვიარ აქტივისტებმა საფრთხეში მყოფი ადამიანების რუსეთიდან ჩუმად გაყვანა გადაწყვიტეს. ისინი ჯერ მოსკოვში ან სანკტ-პეტერბურგში, გასაიდუმლოებულ თავშესაფარში, შემდეგ კი საზღვარგარეთ უსაფრთხო ლოკაციაზე გადაჰყავდათ. დოკუმენტური ფილმი აქტივისტების ნაბიჯებს მიჰყვება — კადრების უმეტესობა გადაღებულია საიდუმლო კამერებით, მობილური ტელეფონებით და ისეთი საშუალებებით, რაც ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის საეჭვო არ იქნებოდა. ფილმში მონაწილე ადამიანების უმრავლესობის ვინაობა დამალულია, ისინი იყენებენ ზედმეტსახელებს, მათი სახე და ხმა ციფრულადაა შენიღბული. გარდა ამისა, გამოყენებულია წამების ამსახველი რეალური, მძიმე კადრებიც, ამიტომ კარგი იქნება, თუ ფილმის ნახვამდე საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად შეამზადებთ. აქვე, გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს, რომელშიც რეჟისორი და აქტივისტები ფილმზე მუშაობის პროცესზე უფრო დეტალურად საუბრობენ.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

Prejudice and Pride (2021) — ცრურწმენა და სიამაყე

2021 წლის 1-5 ივლისს თბილისში პრაიდ კვირეული უნდა ჩატარებულიყო, რომელიც კვირეული სამ ღონისძიებას გულისხმობდა – დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, მუსიკალურ ფესტივალსა და ღირსების მარშს. წინააღმდეგობების მიუხედავად, ფილმის ჩვენებისა და ფესტივალის ჩატარება მოხერხდა. 5 ივლისს, ღირსების მარშის ჩატარებამდე, თბილისში მობილიზდნენ ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. გამომსვლელთა უსაფრთხოების მიზნით, თბილისი პრაიდმა 15:00 საათისთვის ღირსების მარში გააუქმა. ცრურწმენა და სიამაყე რადიო თავისუფლების ფილმია, რომელიც 2021 წლის ივლისის ბოლოს გამოვიდა. ფილმი პრაიდ კვირეულის დაგეგმვასა და მიმდინარეობის პროცესს ასახავს და გვაჩვენებს 1-5 ივლისს მიმდინარე მოვლენებს ქვიარ აქტივისტების პერსპექტივიდან.

ფილმს შეგიძლიათ, უყუროთ აქ.

THE DEATH AND LIFE OF MARSHA P. JOHNSON (2017) — მარშა პ. ჯონსონის სიკვდილი და ცხოვრება

ქვიარ მოძრაობის ისტორიაში ტრანს თემი ყოველთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი იყო. დევიდ ფრენსის 2017 წლის ნამუშევარიც, მარშა პ. ჯონსონის სიკვდილი და ცხოვრება სწორედ ამ პრობლემას ეხება. ტრანსგენდერი ქალების მკვლელობა და დამნაშავეების არაადეკვატური გასამართლება თანამედროვე ამერიკის საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამერიკელი ქვიარ აქტივისტი 90-იანი წლების ბოლოდან, ვიქტორია კრუზი, თანამედროვე საქმეების პარალელურად, 1992 წელს საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი მარშა პ. ჯონსონის საქმის გამოძიებას იწყებს. მარშა ერთ-ერთი იყო იმ მამაც აქტივისტებს შორის, რომლებიც 1969 წელს სტოუნვოლის ცნობილ აჯანყებას ლიდერობდნენ. 1992 წელს, 4 ივლისის მარშის შემდეგ გაუჩინარებული მარშა 6 ივლისს ჰუდსონის მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ სიკვდილის მიზეზად სუიციდი დაასახელა, რასაც ქვიარ თემისგან საპასუხო რეაქცია მაშინვე მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. 25 წლის შემდეგ ვიქტორია კრუზი ცდილობს, გაარკვიოს მარშას გარდაცვალების რეალური მიზეზი. გამოძიების პარალელურად, ფილმში ნახავთ კიდევ ერთი ქვიარ აქტივისტის, სილვია რივერას ცხოვრების საინტერესო მომენტებს. ფილმის ნახვის შემდეგ კი, შეგიძლიათ, მოუსმინოთ ამ ძალიან საინტერესო პოდკასტს მარშა პ. ჯონსონის შესახებ.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

Paris is burning (1990) — პარიზი იწვის

პარიზი იწვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვიარ დოკუმენტური ფილმია. ფილმი 1980-იან წლების ნიუ-იორკში ballroom სუბკულტურის გარშემო ვითარდება და რაიმე ტიპის ჩარევისა თუ “შელამაზების” გარეშე აჩვენებს იმ რეალობას, რომელიც იყო 1980-იანი წლების ნიუ-იორკში. ცალკეულ ინტერვიუებში ძალიან საინტერესოდ არის გააზრებული ballroom-ის, როგორც ერთგვარი უსაფრთხო სივრცის მნიშვნელობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კონკრეტული იარლიყის გამო ჰეტერონორმატიულ და რასისტულ “გარე” სამყაროში თავს ვერ იმკვიდრებენ. ფილმი ძირითადად ballroom შოუების კადრებისა და ინტერვიუების ერთობლიობაა — მიმდინარე პროცესების ერთგვარი შეფასება. ეს შეფასებები თანამედროვე გადმოსახედიდან საკამათოც კი შეიძლება იყოს, რაც ფილმს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რადგან ამ კონტრასტში იკვეთება გზა, რომელიც ქვიარ თემმა ბოლო ათწლეულებში გამოიარა.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

ავტორი: ანამარია

წინა

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვიარ თემისთვის კანონი არ მუშაობს – ელენე ხოშტარია

შემდეგი

ქვიარ ვარსკვლავი კრისტენ სტიუარტი დაინიშნა

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ