ნოემბერი 2021 - Page 2

„ეიფორია“ მეორე სეზონით ბრუნდება – ყველაფერი ქვიარ სერიალის ახალ სეზონზე

სულ ახლახანს ინტერნეტში პოპულარული ამერიკული ქვიარ სერიალის, „ეიფორიას“ მეორე სეზონის ტრეილერი გავრცელდა. HBO-ს სერიალი ახალი სეზონით 2022 წლის 9 იანვარს დაბრუნდება.

Emmy-ის და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი სერიალი ახალგაზრდების ცხოვრებასა და პრობლემებზე გვიამბობს, ცენტრალურ გმირებად კი ნარკოდამოკიდებული რუ (ზენდეია) და ტრანსგენდერი პერსონაჟი, ჯულსი (ჰანტერ შეფერი) გვევლინებიან.

 

სერიალი 2019 წელს გამოვიდა ეკრანებზე და კოვიდ პანდემიის გამო მეორე სეზონის პრემიერა 2022 წლამდე გადაიდო, თუმცა გასულ წელს მაყურებელმა ორი სპეციალური ეპიზოდი იხილა, სადაც რუ და ჯულსი გვიზიარებენ თავიანთ ემოციურ ისტორიას.

 

როგორც ოფიციალური წყაროებიდან დასტურდება, სერიალს ახალი პერსონაჟები ემატება, ჯერჯერობით უცნობია თუ ვის როლს შეასრულებს სამი ახალი მსახიობი, მინკა კელი, დომინიკ ფაიკი და დემეტრიუს მიჩი.

 

Teen Vogue-თან ინტერვიუში ზენდეიამ აღნიშნა, რომ ახალი სეზონი იმაზე დრამატული იქნება, ვიდრე წინა სეზონი და რუს რთული გზის გავლა მოუწევს. „დიუნის“ და „ადამიანი-ობობას“ მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ სერიალის შექმნელები და სცენარისტები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას, რადგან სერიალი მტკივნეულ თემებზეა და ისეთ პრობლემებს ეხება, როგორიც ნარკოდამოკიდებულება, ბულინგი, ტრანსგენდერი მოზარდების ცხოვრება და სექსუალური ძალადობაა.

 

აღსანიშნავია, რომ სერიალში შესრულებული როლის გამო ზენდეიამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა Emmy-ის დაჯილდოვებაზე. 24 წლის მსახიობი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც გასულ წელს „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ჯილდო მიიღო.

ქვიარებიც ჭრიჭინებივით ქრებიან

შეგიმჩნევიათ, რომ ჭრიჭინების ხმა აღარ ისმის? პირველად, როდესაც მათი უცნაური ხმის ჟღერადობა მომესმა, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. ზაფხულში ბებია-ბაბუასთან ჩასვლისას, უბნის თავშეყრის ადგილას, როგორც კი მოსაღამოვდებოდა, ჭრიჭინები მეზობლებისა და ბავშვების ჟრიამულს ფრთების კვრის ხმას აუყოლებდნენ ხოლმე. შეუძლებელი ხდებოდა ამ ყურისმომჭრელი ჟღერადობის ვერშემჩნევა.

მაგრამ, სად არიან ჭრიჭინები ახლა? ბოლო დროს სკვერებსა და მწვანე, რეკრეაციულ სივრცეებში ღამითაც ვეღარ მოჰკრავთ ყურს მათ ხმას. ამ საოცარი მწერების ხმა ქალაქის გამაყრუებელმა ხმაურმა შთანთქა, მათი სივრცეები ასფალტის გზებმა გაყო და ბეტონის კედლებმა შეავიწროვა, ჭრიჭინი მანქანების ხმაურში ჩაიკარგა და ყურთან ერთად, ჩვენი გონებაც მიეჩვია მათი ხმის გაქრობას.

ყოველივე ეს კი, ძალიან ჰგავს ქვიარების ხმის ჩახშობას. ლგბტქ+ თემის წევრებიც სწორედ ჭრიჭინებივით სიჩუმეს ელოდებიან, რატომღაც სხვების ხმა ყოველთვის მათ ხმაზე მაღალია, მათ მოსასმენად კი სულ უფრო ცოტა ხნით ჩუმდებიან. ქვიარების პროტესტის ხმას მანქანები – ვერა, მაგრამ საარჩევნო საკითხები ყოველწლიურად ახშობს, ასფალტისა და შენობების ნაცვლად კი, მათ საარსებო გარემოს სულ უფრო და უფრო ავიწროვებენ პოლიტიკოსთა პირადი დღის წესრიგით.

ხმაურობენ, ჭრიჭინებენ, თუმცა რაც უფრო მეტად მაღლდება მათი ხმა, მით უფრო მარტივდება ამ ჭრიჭინისთვის ყურის არიდება. ერთადერთი, რაც დღეს ჭრიჭინებისაგან განასხვავებთ, ეს აღდგომაა. მაშინ, როდესაც ქალაქში ხალხი ცოტავდება, ხმაურისა და მანქანებისაგან იცლება, ჭრიჭინების მოსმენა ნებისმიერ უახლოეს სკვერში ხდება შესაძლებელი. და როდის არის ქვიარების აღდგომა? როდის ჩუმდება გარემო მათთვის? სამწუხაროდ, მათი აღდგომის ღამე – 17 მაისი, წართმეულია. თუ სურთ, რომ ჭრიჭინებივით არ გაქრნენ, ფრთების ქნევა არასდროს უნდა შეწყვიტონ, ყოველთვის, როდესაც სიჩუმე ჩამოწვება, უნდა ახმაურდნენ და არ მისცენ საზოგადოებას შესაძლებლობა, მათი არსებობაც დაივიწყონ.

იჭრიჭინეთ, ქვიარებო, რაც შეიძლება, ძლიერად იჭრიჭინეთ!

ავტორი: მამუკა ჯუღელი

გეი სანტას და მარტოხელა ჰარის საშობაო რეკლამა – ნორვეგია ქვიარ სიყვარულის 50 წელს ზეიმობს

ნორვეგიულმა საფოსტო კომპანია Posten-მა ახალხანს გაავრცელა სარეკლამო რგოლი, სადაც გეი მამაკაცისა და სანტა კლაუსის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი.

,,როცა ჰარი შეხვდა სანტას” შუა ხნის მამაკაცზე, ჰარიზე გვიამბობს, რომელიც მოუთმენლად ელოდება შობის ღამის დადგომას, რათა თავის შეყვარებულ სანტას შეხვდეს. შეყვარებულ წყვილს წელიწადში მხოლოდ ერთი ღამე აქვთ იმისთვის, რომ ერთმანეთთან ყოფნით დატკბნენ.

როგორც სარეკლამო რგოლიდან ვიგებთ, 2022 წელს ნორვეგიაში ჰომოსექსუალური კავშირის დეკრიმინალიზაციის 50 წლისთავს იზეიმებენ, სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა საშობაო რგოლი, რომელსაც ძალიან დადებითი შეფასება მოჰყვა ინტერნეტში.

 

ნახეთ ვიდეო:

სკანდალი ცისარტყელას დროშის გამო სოხუმის სკოლაში

ცოტა ხნის წინ, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც მომხმარებელი გელა ხასაია წერს, რომ ფეისბუქის აფხაზურ ჯგუფში დაპირისპირება მოჰყვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეზე, სოხუმის მე-2 საშუალო სკოლის მეხუთე კლასში მასწავლებლების მიერ ბავშვებისთვის ცისარტყელას დროშის ფოტოს ჩვენებას.

გელა ხასაია: ,,ბოლო დღეებში ფეისბუქის აფხაზურ ჯგუფში დიდი დაპირისპირება ვიხილეთ. სკანდალი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოთხშაბათს, 17 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სოხუმის მე-2 საშუალო სკოლის მეხუთე კლასში ბავშვებს აჩვენეს ცისარტყელის დროშის ფოტო. დროშის ფოტო პედაგოგებს გადმოწერილი ჰქონდათ ინტერნეტიდან, შემდეგ კი ამობეჭდეს და დაფაზე გააკრეს. ცისარტყელის დროშა, სიამაყის დროშა ან ლგბტ სიამაყის დროშა, არის ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერთა სიმბოლო 1970 წლიდან. ფერები ლგბტ საზოგდოების მრავალფეროვნებას გამოხატავს. ამ ქმედებამ დიდი აგრესია გამოიწვია მშობლების, სხვა მასწავლებლების და დირექტორის. ასევე საქმეში ჩაერთო ,,განათლების სამინისტრო.” ,,დამნაშავე” მასწავლებლებს სთხოვენ, ტელევიზიით გამოვიდნენ და დაგმონ მათი ,,უღირსი საქციელი”.”

ამასთან დაკავშირებით, ,,ქვიარი” მოგვიანებით ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ.

როგორ ვისაუბროთ არაბინარულ გენდერულ იდენტობებზე

,,ტრანსგენდერი” ქოლგა ტერმინია, რომელიც ბინარულ და არაბინარულ გენდერულ იდენტობებს მოიცავს. ვრცელი სპექტრი აერთიანებს იმ ადამიანთა გამოცდილებას, რომელთა გენდერული იდენტობა ან გენდერული თვითგამოხატვა დაბადებისას მათთვის მინიჭებულ სქესს არ შეესაბამება.

ბინარული გენდერული იდენტობა უმრავლესობისთვის ბევრად მარტივად აღსაქმელია, რადგან ის აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ტრანზიციას დაბადებისას მათთვის მინიჭებული სქესის საპირისპიროდ გადიან.

არაბინარულ იდენტობებზე საუბრისას კი ბევრი იბნევა, რადგან ის ბევრად მრავლისმომცველი, გნებავთ, კომპლექსურია და მრავალ სხვადასხვა გამოცდილებას უყრის თავს. თუმცა, თუ ადამიანი სხვათა ინდივიდუალური თვითშემეცნების გზაზე გაკეთებულ აღმოჩენებს პატივს სცემს, ყველაფერი გაცილებით მარტივდება. მთავარია, კითხვების დასმას არ შეუშინდე – ეს საშუალებას მოგცემს, დიალოგი ისე წარმართო, რომ სხვისი გრძნობები არ შელახო.

2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, არაბინარული იდენტობის მქონე რესპონდენტთა 86% საუბრისას სხვების მიერ არასწორი ნაცვალსახელის გამოყენებაზე ყურადღებას არ ამახვილებს, რადგან თვლიან, რომ ,,უმეტესობას პრობლემის სიმწვავე არ ესმის და ახსნასაც აზრი არ აქვს”.

ქართულ ენაში გენდერულად ნეიტრალური პირის ნაცვალსახელები გამოიყენება, მაგრამ საუბრისას არ უნდა დაივიწყო, რომ, როცა ადამიანის გენდერული იდენტობის შესახებ არ იცი, ნეიტრალური სიტყვების გამოყენება სჯობს. ნუ გამოიყენებ ბინარულ გენდერთან ასოცირებულ ტერმინებს, როგორიცაა ბიჭი, გოგო, ცოლი, ქმარი და მრავალი სხვა სიტყვა.

ისიც უნდა გესმოდეს, რომ საუბრისას შეცდომების დაშვებაში უჩვეულო არაფერია, უბრალოდ, ადამიანს უნდა აუხსნა, რომ უზუსტობა წინასწარგანზრახული არ ყოფილა. მეტიც, შესაძლოა, აქამდე შენთვის უჩვეულო დიალოგის წამოწყებისას დაშვებულ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლო და ყოველი ახალი ნაცნობობისას უფრო ფრთხილი კი არა, ბევრად თავისუფალი გახდე.

გენდერულ იდენტობათა ჩამონათვალი 70-ს აჭარბებს, თვითგამოხატვის ფორმები კი, ინდივიდუალური გამოცდილებების, სურვილების მსგავსად, კიდევ უფრო მრავალრიცხოვანია. ჩვენ აღმოჩენების დაუსრულებელ გზაზე სხვა ადამიანების უკეთ გაგებას ვსწავლობთ და ამ პროცესში საკუთარ თავზეც ბევრს ვიგებთ. მთავარი გამბედაობა, სიახლეებისთვის მზად ყოფნა და თითოეული ადამიანის მიმართ პატივისცემაა.

ავტორი: გიორგი ბახსაჯაური

ილუსტრაციები:

https://www.verywellmind.com/

https://images.squarespace-cdn.com/

https://static.onecms.io/

საუკეთესო ქვიარ ანიმეები

გარდა თვალისმომჭრელი ნახატებისა და დაუვიწყარი ამბებისა, ანიმეს სამყარო მაყურებელს სექსუალური უმცირესობების საინტერესო თავგადასავლებსაც სთავაზობს. იაპონური მანგას შექმნელები და ილუსტრატორები მრავალი წელია თავიანთ ნამუშევრებში წარმოაჩენენ ქვიარ პერსონაჟებს, მათ ცხოვრებასა და გამოცდილებას.

გთავაზობთ 9 ანიმეს, რომელიც ძალიან საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ანიმეს ერთგული მაყურებლისთვის, ასევე იმ მაყურებლებისთვისაც, რომლებსაც აქამდე შეხება არ ჰქონიათ ანიმეს ძალიან მრავალფეროვან და თვალისმომჭრელ სამყაროსთან:

იური ყინულზე (ユーリ!!! on ICE)

„იური ყინულზე“ მიცურო კუბოს 2016 წლის მანგას სერიას ეფუძნება და სპორტული ანიმეს ჟანრს განეკუთვნება. ანიმეში მოთხრობილია 23 წლის ფიგურული მოციგურავის, იური კაცუკის ისტორია, რომელიც ჩემპიონატში განცდილი მარცხის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქში იმედგაცრუებული ბრუნდება. ყველაფერი კი მას შემდეგ იცვლება, როცა იურის მწვრთნელობას ცნობილი რუსი მოციგურავე, ვიქტორი გადაწყვეტს.

 

ყვავილობა შენში (やがて君になる)

„ყვავილობა შენში“ იური მანგას ჟანრს განეკუთვნება და 2015-2019 წლებში იბეჭდებოდა იაპონიაში. ანიმეში მოქმედება ტოომი ჰიგაშის საჯარო სკოლაში ვითარდება და გვიამბობს ორი მეგობრის ისტორიას, რომლებსაც რომანტიკული გრძნობები უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ. იუუს და ტოუკოს უჭირთ სიყვარულის გამოხატვა მანამ, სანამ ისინი ერთმანეთს არ შეხვდებიან.

 

ნომერი 6 (NO.6)

„NO.6“ კიდევ ერთი ქვიარ ანიმეა, რომელშიც მოთხრობილია პრივილეგირებული, მაღალი საზოგადოების წევრის, შიონის ისტორია, რომელსაც ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. თუმცა დისტოპიურ Sci-fi ანიმეში ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც შიონი სახელმწიფოს მტერს, ნეზუმის გაუწევს დახმარებას. ბიჭის დახმარების შემდეგ შიონს დასჯიან და ჩამოაშორებენ ელიტარულ საზოგადოებას. წლების შემდეგ ბიჭები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და მათ შორის რომანტიკული გრძნობები ჩნდება.

მოხეტიალე ვაჟი (放浪息子)

„მოხეტიალე ვაჟი“ კიდევ ერთი ანიმეა, რომელიც 2002-2013 წლის მანგას ეფუძნება. ანიმე ერთ-ერთი იშვიათია, სადაც წარმოჩენილია ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრება და გვიყვება ორი ბავშვის, ტრანსგენდერი გოგონას, შიუჩის და ტრანსგენდერი ბიჭის, იოშინოს ისტორიას. ანიმეში კარგად არის წარმოჩენილი ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური გამოწვევები სკოლაში და ნაჩვენებია მეგობრების ისტორია დაწყებითი კლასებიდან მაღალ კლასებამდე.

 

რევოლუციური გოგონა უტენა (少女革命ウテナ

„რევოლუციური გოგონა უტენა“ 90-იანი წლების საკულტო ანიმეა, რომელიც be-papas კოლექტივს ეკუთვნის. ანიმეს მიხედვით სხვადასხვა დროს შეიქმნა სიქველი, ვიდეო თამაში, გრაფიკული რომანი და მიუზიკლი. ანიმეში მოთხრობილია პრინცესა უტენას ისტორია, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს პრინცი გახდეს და საკუთარი თავის დაცვა ისწავლოს. ანიმეში მოქმედება ელიტარულ სასწავლებელში ვითარდება და მას მრავალი ერთგული მაყურებელი ჰყავს. საკულტო ანიმემ დიდი გავლენა მოახდინა ისეთ ამერიკულ ანიმაციებზე, როგორებიცაა: Steven Universe და She-ra: Princess of Power.

 

კლასელები (同級生)

„კლასელები“ 2006 წლის მანგაზე დაფუძნებული ანიმეა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს იაოის ჟანრის მკითხველებში. მანგას მიხედვით არაერთი სიქველი გაკეთდა. ანიმეში მოქმედება ბიჭების სკოლაში ვითარდება და გვიამბობს რიჰიტოს და ჰიკარუს შესახებ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ რომანტიკული გრძნობები უჩნდებათ. ცხოვრებისეული ანიმე არ გამოირჩევა დაძაბული სცენებით, თუმცა ის მაინც გამორჩეულად საინტერესოა ქვიარ ადამიანებისთვის.

 

საჩუქარი (ギヴン

„საჩუქარი“ კიდევ ერთი საკულტო ჟანრის ანიმეა, რომლის მიხედვით არაერთი სიქველი იხილა მაყურებელმა. მანგას მიხედვით ცნობილი იაპონური ფილმიც გადაიღეს. ანიმეში მოქმედება ერთ-ერთ იაპონურ სკოლაში ვითარდება და გვიამბობს გიტარისტის, რიცუკას ისტორიას, რომელსაც დაკარგული აქვს მუსიკის მიმართ ინტერესი და რთული პერიოდი უდგას, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც მაფუიუ გიტარისტ ბიჭს სკოლის როკ ბენდში გაწევრიანებას შესთავაზებს.  ბიჭებს შორის მალევე ჩნდება რომანტიკული გრძნობები.

 

პრინცესა რაინდი (リボンの騎士)

„პრინცესა რაინდი“ 1950-იანი წლების კლასიკურ მანგას ეფუძნება, რომლის ავტორიც ლეგენდარული ოსამუ ტეზუკაა. ანიმეში მოთხრობილია პრინცესას ისტორია, რომელიც ორი გულით იბადება, ვარდისფერი გულით, რომელიც გოგოსია, ხოლო ცისფერი – ბიჭის. გოგონას უწევს მოიტყუოს რომ ბიჭია, იმისთვის, რომ მოიპოვოს სამეფო ტახტი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თემა დღეს უკვე მოძველებულია, ზღაპრულმა ანიმემ არაერთ სხვა ანიმეს დაუდო სათავე, რომელიც გენდერის საკითხებს უღრმავდება.

 

უცნობები სანაპიროზე (海辺のエトランゼ

„უცნობები სანაპიროზე“ კიდევ ერთი ქვიარ ანიმეა, რომელიც გვიამბობს შუნი ჰაშიმოტოს ისტორიას, შუნი გეი მწერალია, რომელიც შემთხვევით ხვდება ობოლ მიოს, შეხვედრის შემდეგ შუნს უწევს თავისი მძიმე წარსულისა და ოჯახის წევრების გახსენება, რომლებმაც ქამინგაუთის შემდეგ შუნი სახლიდან გამოაგდეს. ბიჭებს შორის რომანტიკული გრძნობები ჩნდება, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც შუნი გაიგებს, რომ მისი მამა მძიმედ არის ავად და სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს მშობლიურ ქალაქში.

წყარო: Den of Geek

ტრანსგენდერი ადამიანების დროშის მნიშვნელობა და მისი შექმნის ისტორია

ტრანსგენდერი ადამიანების დროშის მთავარი ფერებია: ვარდისფერი, ლურჯი და თეთრი. დროშის შექმნის იდეა 1999 წელს გაჩნდა და ის თავად ღიად ტრანსგენდერმა ადამიანმა, ამერიკელმა მონიკა ჰელმსმა შექმნა. დროშა პირველად 2000 წელს, არიზონას შტატში გამართულ პრაიდზე გამოჩნდა.

მონიკა ჰელმსი

დროშაზე ზედა და ქვედა ზოლები ღია ცისფერია, ე.წ. ,,ტრადიციული” ფერი ბიჭებისთვის. მათ გვერდით ზოლები ვარდისფერია – ,,ტრადიციული” ფერი გოგონებისთვის, შუაში თეთრი ზოლი გამოხატავს ინტერსექს ადამიანებს, მათ, ვინც ტრანზიციას გადის ან გენდერულად ნეიტრალურია. ,,დროშის იდეა ასეთია – არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით იფრენთ, ეს გზა ყოველთვის სწორია”, – ამ სიტყვებით განმარტავს ავტორი დროშის მნიშვნელობას.

მონიკა ჰელმსი, რომელიც ამერიკული სამხედრო ფლოტის ვეტერანია, ამავდროულად არის აქტივისტი და მწერალიც. ის ამჟამად ატლანტაში ცხოვრობს და აქტიურადაა ჩართული ამ შტატში ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღის ორგანიზებაში. მან პირველი ტრანსგენდერი ადამიანების დროშა საჩუქრად გადასცა ვაშინგტონში ამერიკის ისტორიის სმიტსონის ეროვნულ მუზეუმს, რომელშიც LGBT თემატიკის კოლექციები და ნიმუშებია დაცული.

ნატა – ერთმანეთის სიძულვილით ვერაფერს გავხდებით

ნატა ტალიკიშვილი პირველი ტრანს აქტივისტია, რომელმაც 2018 წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემია მიიღო. ნატა ,,ქალთა ინიციატივების მხარდაჭერი ჯგუფის” თემის მობილიზების ოფიცერია, ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, განსაკუთრებით კი, სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ახდენს ჯგუფის საჭიროებების პირველად შეფასებას და საჭიროებისამებრ ამისამართებს ორგანიზაციის სხვადასხვა სერვისთან. ,,ქვიართან” ინტერვიუში ის გვიყვება, რა შეიცვალა 2021 წელს ტრანს თემის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, რა გავლენა იქონია კოვიდპანდემიამ მათ ცხოვრებაზე, რა გამოწვევების წინაშე დგანან და როგორ უმკლავდებიან ამ სირთულეებს.

ასევე, იხსენებს მეგობრებს, რომლებიც ტრანსფობიის გამო დღეს ცოცხლები აღარ არიან.

2021 წელს რა შეიცვალა ტრანს თემის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ? ხვდებით თუ არა სხვადასხვა სერვისების მიღების დროს დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევებს?

ტრანს თემში ოჯახში ძალადობის ფაქტები უფრო გახშირდა და მოიმატა მიგრაციამ. ასევე, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო სექსსამუშაოში ვიდრე სხვა წლებში და ესეც ოჯახში ძალდობის ფაქტების გახშირებით იყო გამოწვეული. ტრანსგენდერი ადამიანები, ძირითადად, სანაცნობო წრეში სარგებლობენ კონკრეტული მომსახურებებით, იქნება ეს სალონი, გადაადგილება ტრანსპორტით თუ სხვა რამ, ამის გამო, ზოგადად, მომატებული საფრთხეები ნაკლებად იგრძნობა. სამედიცინო დაწესებულებების მხრივ, მხოლოდ ინფექციური საავადმყოფოს მომსახურებას იღებს ტრანს თემი და იქ ნაკლები პრობლემებია, მომსახურე პერსონალი დატრენინგებულია და მიჩვეულია ტრანს ადამიანებთან ურთიერთობას. დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები უმეტესად დაკავშირებულია ტაქსის მძღოლებთან, აქ საუბარია როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობის შესახებ. საკმაოდ ბევრი ფაქტს მიეცა ოფიციალური მსვლელობა და რასაც – არა, მხოლოდ იმის გამო, რომ გოგოებს არ უნდოდათ ქამინგაუთის გაკეთება.

მიუწვდებათ თუ არა ხელი ტრანს თემის წარმომადგენლებს კოვიდ-19-ის ვაქცინაზე, რა ნაწილია ვაქცინირებული და რამდენად შეიცვალა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მათთვის პანდემიიის პირობებში?

ტრანს თემის წარმომადგენლები ძირითადად სახლში არიან და სხვა გარე სოციალურ აქტივობებში ვერ ერთვებიან, მაგრამ პანდემიისას ზოგადი ფონი მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი, არ იყო სამუშაო სექსმუშაკებისთვის. პანდემიის პირველ ეტაპზე ე.წ. „ესკორტ საიტების“ მუშაობაც შეიზღუდა და ამ საიტებზე მომსახურების საფასური გაიზარდა, ღამეც ვერ მუშაობდნენ კომენდანტის საათის გამო.

კოვიდი ჩვენი თემის წარმომადგენლების უმრავლესობას არ გადაუტანია. პირადად მე ორი დოზით ვარ აცრილი. პანდემიის პირობებში ტრანს თემი მასობრივად ვერ მოხვდა სახელმწიფოს მიერ განხორცილებული დახმარების პროგრამაში იმიტომ, რომ რამდენიმეს გარდა, ოფიციალურად არ არიან დასაქმებული. ამ პერიოდში, როცა ვერ ვმუშაობდით და შემოსავლის წყარო დავკარგეთ, დახმარებებს ძირითადად სათემო ორგანიზაციებიდან ვიღებდით.

არის თუ არა სექსსამუშო ტრანსგენდერი ქალების გადარჩენის ძირითადი შესაძლებლობა და რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით?

რადგან საქართველოში სექსსამუშაო არ არის ლეგალური, ამიტომ ტრანს თემი დამოკიდებული ვართ პოლიციის კეთილ ნებაზე. სახელწიფოს როცა მოუნდება, გაატარებს დამსჯელ ღონისძიებას და როცა არ მოუნდება – ამაზე თვალს ხუჭავს. არალეგალურად არის რეგისტრირებული ძალინ ბევრი „ესკორტ საიტი“ ქართულ ინტერნეტსივრცეში. ამ საიტებზე შესაძლებელია ინფორმაციის განთავსება იმ მიზნით, რომ ბინაზე მიიღო ე.წ. ,,კლიენტები”, პანდემიის დროს საიტზე განცხადების განთავსების საფასური ძალიან გაიზარდა და ყველა სექსსამუშოში ჩართულ ადამიანს არ ჰქონდა ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. დამეთანხმებით, რომ მსგავს გარემოში მუშაობა დიდი რისკებთანაა დაკავშირებული და შემოსავალიც არასტაბილურია. იმის გამო, რომ საიტებიდან არ არის შემოსავალი, გვიწევს ქუჩაში გასვლა, სადაც არ ვართ დაცული და მაღალია თავდასხმების რისკი, ბოლო პერიოდში პნევმატური იარაღიდან სროლის ფაქტებიც იყო.

ვთვლი, რომ სექსსამუშო უნდა იყოს ლეგალური და უნდა კონტროლდებოდეს, როგორც ჯანდაცვის საკითხები, ასევე, პირადი უსაფრთხოების საკითხები, უნდა გვქონდეს დაზღვევა და ა.შ. შეუძლებელია, სახლში გამოიძახო პატრული კონკრეტული დანაშაულის გამო იმიტომ, რომ სექსსამუშაო არალეგალურია და შეიძლება დაგვაჯარიმონ ან დაგვაკავონ როგორც ჩვენ, ასევე ბინის მეპატრონეებიც. ჩემი პირადი აზრია, რომ სექსსამუშაოს დაკანონება არსებითად მნიშვნელოვანია – მე რომ ოფიციალურად ვიყო დასაქმებული, სახელმწიფოსგანაც მივიღებდით დახმარებებს, საპენსიო დანაზოგიც იარსებებდა ჩვენთვის, გაკონტროლდებოდა ჯანმრთელობის საკითხებიც. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, რადგან ვენერიული და ინფექციური დაავადებები ძალაინ სწრაფად ვრცელდება სექსსამუშაოში ჩართულ ადამიანებში, არ აქვს მნიშვნელობა ტრასგენდერი იქნება თუ სისგენდერი ადამიანი. სექსამუშაოს ლეგალურობა გამიჩენდა დაცულობის შეგრძნებას, თამამად შემეძლება, ძალადობაზე პატრული გამოვიძახო და მივმართო მათ. ახლა კი მხოლოდ პოლიციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება. ტრანსფობიური თავდასხმები ხშირია, თუმცა რადგან რეაგირებას ვერ ვითხოვთ პოლიციისგან, თავად გვიწევს გავუმკლავდეთ მსგავს უსიამოვნებებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკური ზიანითაც მთავრდება.

როგორ იცავთ პირად უსაფრთხოებას და როგორი ტედენციით ხასიათდება ტრანს თემის მიგრაცია? რამდენად მოგვარებულია საცხოვრისის თემა და როგორ უმკლავდებით თავდაცვის საკითხებს?

პირადი უსაფრთხოების გამო, როცა ქუჩაში გავდივარ, ელექტროშოკი და წიწაკის სპრეი სულ ახლოს მაქვს, თავდაცვის ეს მინიმალური მეთოდები გამომიმუშავდა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. გოგოებს, ვინც ქუჩაში ვმუშაობთ, ერთმანეთის მხარდაჭერისა და გამხნევების რესურსი გვაქვს, მაგრამ ბინაში მუშაობის დროს ეს ძალინ რთულია. რამდენიმე ტრანსგენდერის ერთ საცხოვრებელში ცხოვრებაც კი პრობლემურია, რადგან კლიენტები ითხოვენ, რომ იყო მარტო, ამის გამო რამდენიმე ტრანსგენდერი ადამიანი ერთად დიდი ხანი ვერ ვცხოვრობთ. მიგრაცია ხშირია, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ქართველების ტრანსგენდერობა უფრო მიუღებელია, ვიდრე არაქართველების. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ აგრესია ამ მხრივაც არ არის პროგნოზირებადი, რამდენიმე დღის წინ ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს ქალაქის ცენტრში. ბინების გამოცვლაც ხშირად გვიწევს, რადგან სამეზობლოში ადამიანები არ არიან კეთილგანწყობილები ჩვენ მიმართ. მე ამ მხრივ გამიმართლა და ხშირად არ მაქვს საჭიროება, რომ ბევრჯერ შევიცვალო საცხოვრებელი.

რა ინფორმაცია გაქვს საქართველოში მოკლული ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობის საქმეების შესახებ და, ზოგადად, რა უნდა გაკეთდეს იმისითვის, რომ ქვეყანაში ტრანსფობია შემცირდეს?

იმის ფონზე, რაც საქართველოში ხდება ან მომხდარა, ვთვლი, რომ სადამსჯელო ღონისძიებები უფრო მკაცრი უნდა იყოს, გენდერული ნიშნით სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც კი. სახელმწიფო არ უნდა უწყობდეს ხელს დანაშაულის წახალისებას და დამნაშავეები სათანადოდ უნდა იყვნენ დასჯილები, რომ ასე მარტივად აღარ გაბედონ ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმა.

საბი ბერიანის საქმემ დაგვანახა, რომ ტრანსფობია სახელმწიფო სტრუქტურებში ფესვგადგმული იყო, რადგან დამნაშავე პირველად მხოლოდ ქონების განადგურების მუხლით დააკავეს, ხოლო მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბის მკვლელისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. საბი ბერიანი იყო ადამიანი, რომელიც ერთი ნახვით თავს შეგაყვარებდა… სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარაა და მისი სიცოცხლე ტრანსფობიამ შეიწირა. ბიანკა შიკგუროვას შემთხვევა სულ სხვა იყო და ზუსტად ვიცით, რომ ტრანსფობიურ ნიადაგზე მოკლეს, თუმცა განაჩენი სულ სხვა მუხლით დადგა და გარდაცვალების მიზეზად გაზით გაგუდვა გამოაცხადეს. ბიანკა ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი იყო, ალბათ, პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაბედულად მგზავრობდა თბილისში. მისი მთვარი მესიჯი იყო – „მე ვარ ტრანსგენდერი და მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ“. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყო, მაგრამ ის ბაინკა იყო და სხვანაირად არ შეეძლო. ბიანკამ ძალიან ბევრი გააკეთა ტრანს აქტივიზმში, რასაც ის აკეთებდა მაშინაც და დღესაც თითქმის გმირობის ტოლფასია. რაც შეეხება ზიზი შეყილაძის საქმეს, მოსამართლემ პირდაპირ 10 წელი მიუსაჯა დამნაშავეს. ზიზი ჩემი მეგობარი იყო, როცა დაჭრეს, იმის მერე 7 დღე იცოცხლა. მივდიოდი, ვუვლიდი და ნელ-ნელა ვეჩვეოდი იმ ფაქტს, რომ ვერ გადარჩებოდა, ამან უფრო გამიადვილა მისი წასვლით გამოწვეული ტკივილები. ზიზის დედა და მამა ძალინ უყვარდა და თვითონაც თბილი და მოსიყვარულე იყო.

სხვა ტრანსგენდერ დებსაც გავიხსენებ, რომლებც ამ წელს დაიღუპნენ სხვადასხვა მიზეზის გამო. ლიკა კონცელიძე დაიღუპა აივით ბათუმში, შეწყვიტა წამლის მიღება პრობლემების გამო და ჩვენ გვიან გავიგეთ ამის შესახებ. როცა სანახავად მივედით, უკვე სიკვდილის პირას იყო. ლიკასთან დიდი ხნის ნაცნობობა არ მაკავშირებს, მაგრამ ძალიან რთულია, უყურო, როგორ მიდის და გტოვებს ამდენი თანამებრძოლი იმის გამო, რომ ელემენტარული უფლებები არ არის დაცული საქართველოში. გავიხსენებ ოლიკოსაც – პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კომენდანტის საათის დროს, სახლში წასვლას რომ ვერ ასწრებდა, გზაზე გადარბოდა და მანქანამ დაარტყა. მართალია, აქ არ ყოფილა ტრანსფობიური მოტივი, თუმცა მასაც გაჭირვებისა და სოციალური პრობლემების გამო მოუწია გარეთ ყოფნა, სექსსამუშაოში ჩართვა და ასე ტრაგიკულად დასრულდა მისი სიცოცხლეც.

რას ეტყვი საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა ტრანს ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ქამინგაუთი გაკეთებული?

პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ტრანს ხილვადობა საქართველოში გაზრდილია და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. თუ ქამინგაუთის შემთხვევაში მათ ოჯახები არ მიიღებენ, განათლება აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, რომ შეძლონ თავის დამკვიდრება საზოგადოებაში და მხოლოდ სექსსამუშაო არ იყოს მათი გადარჩენის ერთადერთი წყარო. მათ ვეტყოდი, რომ აუცილებლად ისწავლონ და მაქსიმალურად გამოიყენონ ოჯახის რესურსი ამ საქმეში. უკვე ბევრი ორგანიზაციც არსებობს, რომლებიც აუცილებლად შეუწყობენ ხელს მათ განვითარებას, როცა შესაბამისი განათლება ექნებათ.

რას ეტყვი დანარჩენ საზოგადოებას?

საზოგადოებას ვეტყვი, რომ ბევრი ინფორმაცია მიიღონ ამ საკითხებზე – ჩვენ ვინც კარგად გვიცნობს, საშიშ ადამიანებად არ გვთვლიან. სანამ ჩვენი მიმართულებით თითს გამოიშვერენ, ვურჩევ, რომ თავიანთი ოჯახის, მამის, შვილის, ძმის ცხოვრებაში ჩაიხედონ – ჩვენი „კლიენტები“ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათი შვილები, ძმები, ნათესავები და ა.შ.

და რაც მთავარია, გიყვარდეთ ერთმანეთი, ერთმანეთის სიძულივილით ვერაფერს გავხდებით.

ინტერვიუს ავტორი: ნინა უგულავა

ლაგოსის ქუჩები სტივენ ტაიოს ფოტოებში

/

სტივენ ტაიო თანამედროვე ნიგერიელი ფოტოგრაფია, რომელმაც პოპულარობა ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოებით მოიპოვა. ფოტოგრაფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად აქვეყნებს ლაგოსელი ადამიანების ქუჩის ფოტოებს.

ტაიოს ფოტოები ასახავს არტისტის ყოველდღიურობას და გვაჩვენებს ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო ცხოვრობენ და ქმნიან მრავალფეროვან საზოგადოებას. ტაიო უარს ამბობს ტრადიციულ დასავლურ გავლენებზე და აფრიკული კულტურისგან იღებს შთაგონებას.

როგორც არტისტი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრობს, მას სურს, რომ მისმა ფოტოებმა გააჩინოს დიალოგის საჭიროება და ადამიანები დაფიქრდნენ სხვადასხვა თემაზე. მათ შორის, გენდერსა და სექსუალობაზე.

სტივენ ტაიო ლაგოსში დაიბადა და მას სურდა, რომ შეესწავლა ანთროპოლოგია, თუმცა იმის გამო, რომ ლაგოსის უნივერსიტეტში ეს კურსი არ იყო, ფილოსოფიის სწავლა გადაწყვიტა. მას ყოველთვის სურდა, რომ მეტი გაეგო ადამიანებზე და მათ ბუნებაზე, ამ ინტერესმა და ფილოსოფიის შესწავლამ კი ფოტოგრაფიამდე მიიყვანა.

ფოტოების გადაღება არტისტმა iPhone 5-ით დაიწყო და დღეს ის ისეთ ცნობილ გამოცემებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა; Vogue; The New York Times; Vice; Interview Magazine და Dazed.

მისი ბოლო ფოტოსერია What If? (რა იქნება თუ)  ლაგოსელი დრაგ არტისტების ძალიან საინტერესო ფოტოებს გვთავაზობს. არტისტი ფოტოების სერიით, ცდილობს ამოხსნას, როგორი იქნებოდა სამყარო, რომ არ არსებობდეს სოციალური და გენდერული მოლოდინები და  შეზღუდვები, რა იქნებოდა დრაგ კულტურის მიმართ უფრო მეტი მიმღებლობა რომ ჰქონოდა საზოგადოებას.

პირველი ტრანსგენდერი ქალი სომხეთის პარლამენტში – ლილიტ მარტიროსიანის ისტორია

პირველი ტრანსგენდერი ქალი სომხეთის პარლამენტში – ლილიტ მარტიროსიანის ისტორია

მე ლილიტ მარტიროსიანი ვარ, სომეხი ტრანსგენდერი ქალი და აქტივისტი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი პირველი და ერთადერთი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციისა Right Side. სომხეთი საქართველოს მსგავსად ჰეტერონორმატიული და ქრისტიანული სახელმწიფოა, სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია ტრანსგენდერებისა და, ზოგადად, ლგბტ+ საზოგადოების უფლებებისთვის ბრძოლა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ჩვენს საზოგადოებას არ აქვს მიმღებლობა  გენდერული იდენტობებისა და სექსუალური ორიენტაციის მიმართ, რის გამოც ლგბტ+ საზოგადოების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სომხეთში არ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, არ გვაქვს კანონი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების წინააღმდეგ. სომეხი ტრანსგენდერი ადამიანები არ გრძნობენ თავს დაცულად ჩვენს ქვეყანაში.

 

ისტორიული გამოსვლა სომხეთის პარლამენტში 

2019 წელს სომხეთის ეროვნულ კრებაზე სიტყვით გამოვედი, ეს იყო ისტორიული გამოსვლა, რადგან მე ვიყავი პირველი ტრანსგენდერი ადამიანი, ვინც სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებზე ისაუბრა. გამოსვლა მიზნად ისახავდა ლგბტ+ საკითხების წინ წამოწევას როგორც სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩემი სიტყვა ძალიან ბევრი მედია ორგანიზაციის წარმომადგენელმა გააშუქა როგორც სომხეთში, ასევე სომხეთს გარეთ (The Guardians; The New York Times)

 

საჯარო გამოსვლის შემდეგ, ძალიან რთული პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში, განვიცდიდი დისკრიმინაციას ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან და იმართებოდა ყოველდღიური პროტესტები ჩემ წინააღმდეგ. სხვადასხვა ნაციონალისტურ  დაჯგუფებებს სურდათ ჩემი სიცოცხლის ხელყოფა, ჩემი დაწვა, რადგან ვიყავი ტრანსგენდერი ადამიანი, არ ვიმალებოდი და ვლაპარაკობდი სომხეთის პარლამენტში ლგბტ+ უფლებებზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა სოციალურ ქსელებში გააზიარეს ჩემი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და აღმართეს სომხეთის დროშა ჩემს სახლთან ახლოს. ახლაც კი, გამოსვლიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, უსაფრთხოების დაზღვევის მიზნით, საჯარო ადგილებში ნიღბით და სათვალით გავდივარ.

 

გამოსვლის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა შემომთავაზა, დამეტოვებინა ქვეყანა, რადგან ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო, მაგრამ მე დავრჩი, არ მინდა, ემიგრანტი ვიყო, რადგან ჩემი აქტივიზმი არის აქ, სომხეთში და მინდა, ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. სომხეთის გარეთ ვერ ვიქნები ბედნიერი, ჩემი გული ეკუთვნის ჩემს თემს და ვიცი, რომ მე თუ წავედი სომხეთიდან, ისინი მაინც აქ დარჩებიან და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. უნდა იყოს ერთი ადამიანი მაინც, ვინც იბრძოლებს მათი უფლებებისთვის.

 

ჩემს გამოსვლამდე სომეხ ადამიანებს არ ჰქონდათ ბევრი ინფორმაცია გენდერულ იდენტობებსა და სექსუალურ ორიენტაციაზე, მათ მიაჩნდათ, რომ ტრანსგენდერი ადამიანი არის უბრალოდ გეი ადამიანი, რომელიც იცვამს ქალივით. მე ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ადამიანთან ერთად ვმუშაობ და ისინი ამბობენ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ მოსახლეობაში ცნობიერება გაიზარდა. უფრო მეტმა ადამიანმა და სოციალურმა პლატფორმამ იცის სომეხი ტრანსგენდერების მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

 

განსხვავებები სომხურ და ქართულ საზოგადოებაში

ფოტო: Sona Kocharyan / AP

ჩვენ, ქართველები და სომხები, ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ლგბტ+ ადამიანები ორივე ქვეყანაში განიცდიან აგრესიას, დევნასა და ჰომოფობიას ეკლესიის მხრიდან, მათ [ეკლესიას] არ აქვთ მიმღებლობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობების მიმართ. ისინი ამბობენ: „თუ გინდა, დარჩე კავკასიის რეგიონში, შენ უნდა მოიქცე „ნორმალურად“, ეს ქვეყანები არ არის ლგბტ+ ადამიანებისთვის“.

 

როცა საქმე ლგბტ+ პრობლემებს ეხება, დიდი განსხვავება ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით აგრესიას სახელმწიფოს მხრიდან, ეკლესიის მხრიდან, ჰომოფობიური საზოგადოების მხრიდან. მე ვიცი, რომ როცა არჩევნების დრო მოდის საქართველოში, ბევრი პოლიტიკური პარტია იყენებს ჰომოფობიურ კამპანიას იმისთვის, რომ მოიგოს ამომრჩევლის გული. იგივე ხდება სომხეთშიც.

 

მაგრამ, რაღაც კუთხით, საქართველო მაინც უფრო უკეთესია ლგბტ+ ადამიანებისთვის, ვიდრე სომხეთი, რადგან ჩვენ დამოკიდებულები ვართ რუსეთზე, სომხეთმა აირჩია პირდაპირი გზა, რომელსაც კრემლამდე მივყავართ, მაგრამ ქართველები იბრძვით, რომ ევროპულ გზას არ გადაუხვიოთ. იმედი თქვენთვის ჯერ კიდევ არსებობს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია Right Side – პირველი და მთავარი ორგანიზაცია, რომელიც ტრანსგენდერების უფლებებზე მუშაობს. 

ფოტო: Epress. am

არასამთავრობო ორგანიზაცია Right Side-მა უამრავი პრობლემა გადაჭრა სომხეთში. 2016 წელს, როცა ჩვენი ორგანიზაცია დაარსდა, ლგბტ+ საზოგადოება მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა, ჩვენმა ორგანიზაციამ კი გადაწყვიტა, ტრანსგენდერების პრობლემებზე გაეკეთებინა ფოკუსირება. ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, თანამშრომლობა დავიწყეთ სომხეთის იუსტიციის სამინისტროსთან და შევცვალეთ ლეგალურ პასპორტებში სახელის შეცვლის პრაქტიკა, მანამდე ტრანს ადამიანს თუ მოუნდებოდა სახელის შეცვლა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში, ის აუცილებლად უნდა მისულიყო იუსტიციის სამინისტროში სამ მოწმესთან ერთად და თან უნდა წარედგინა ფურცელი, სადაც ფსიქოლოგი დაადასტურებდა, რომ შენ ნამდვილად ხარ ტრანსგენდერი ადამაინი და გჭირდება სხვა სახელი პასპორტში.

ახლა ჩვენ ვმუშაობთ სქესის შეცვლის პროცესის გამარტივებაზე ლეგალურ პასპორტებში. შემდეგი ნაბიჯი ანტიდისკრიმინაციული კანონია. სხვა მრავალი პრობლემა და გამოწვევაც არსებობს ტრანს საზოგადოებაში, ერთ-ერთი კი, დასაქმების პრობლემაა, ტრანსგენდერი ადამიანები ვერ პოულობენ ღირსეულ სამუშაოს სომხეთში, დამსაქმებლებს არ უნდათ, რომ დაიქირავონ ტრანსგენდერი ადამიანები. ასევე, ძალიან რთულია, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სკოლის დამთავრება და სათანადო განათლების მიღება.

როცა კოვიდ-2019 დაიწყო, სომხეთმა დაკეტა ყველა საზღვარი და სექსსამუშაოში ჩართულმა ადამიანებმა არამარტო შემოსავალი, არამედ საცხოვრებელი ადგილებიც დაკარგეს. მათ არ გააჩნდათ თანხები იმისთვის, რომ გადაეხადათ ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები, ჩვენმა ორგანიზაციამ კი მათ ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩვენ სექსმუშაკებს ვურიგებდით საკვებს და ვეხმარებოდით მორალურად და ფინანსურად იმ რთულ თვეებში.

ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან ბევრი ვორქშოფი და სემინარი ლგბტ+ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. ვაკეთებთ მრგვალ მაგიდებს და სადისკუსიოდ ვიწვევთ სხვადასხვა პოლიტიკოსს, ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანებს და თემის წევრებს, რათა ვისაუბროთ ლგბტ+ პრობლემებზე და ვაჩვენოთ ჩვენი კვლევები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე.

ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრება სომხეთში და სამომავლო გეგმები 

ფოტო: ლილიტ მარტიროსიანი

როცა სომეხი ტრანსგენდერი ადამიანი ხარ, შენი მთელი ცხოვრება ბრძოლას ემსგავსება. ტრანსგენდერი ადამიანი პროტესტს უკეთესი ცხოვრებისთვის კი არა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იწყებს. ჩვენ ყოველდღიური დისკრიმინაციის მსხვერპლი ვართ, ყველგან, სომხეთის ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. შეუძლებელია, ორი ნაბიჯი გადადგა და დისკრიმინაციას არ გადააწყდე. კაფეები, ბარები, აფთიაქები სავსეა ჰომოფობი ადამიანებით. მათ არ უნდათ, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა იდენტობის დანახვა, ისინი არ აღიარებენ, რომ ტრანსგენდერი ადამიანებიც ადამიანები არიან.

როცა ევროპა გახსნის საზღვრებს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, სავარაუდოდ, ყველა სომეხი ლგბტ+ ადამიანი წავა ევროპაში და გახდება ემიგრანტი. კავკასიის რეგიონი არ არის ლგბტ+ ადამიანებისთვის. ძალიან სტრესულია ბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის, ძალიან დაღლილი და გადამწვარი ვართ. ტრანსგენდერი ადამიანები არ რჩებიან თავიანთ ოჯახებში, ისინი ტოვებენ მშობლიურ სახლებს იმისთვის, რომ გადარჩნენ და ყველაზე ხშირად გადარჩენის ერთადერთი გზა სექსსამუშაოში ჩართვაა. სხვა არჩევანი არ არებობს. ცვლილებები ძალიან ნელია ჩვენს ქვეყანაში.

როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენ არ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ეს ახლა ყველაზე მთავარია სომეხი აქტივისტებისთვის. ჩვენ არ გაქვს არანაირი კანონი ან სოციალური სერვისი, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანის ტრანზიციის პროცესს უზრუნველყოფს. არ გვყავს პროფესიონალური ენდოკრინოლოგები, რომლებიც იმუშავებენ ტრანზიციის პროცესზე. არ გვყავს პლასტიკური ქირურგები, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც არის სომხური საზოგადოება, რომელიც წლებია ჩაგრავს ლგბტ+ ადამიანებს მთელს სომხეთში.

ჩემს სამომავლო გეგმებში ქვეყნის დატოვება არ მოიაზრება, მინდა, რომ დავრჩე სომხეთში და დავეხმარო არა მარტო ლგბტ+, არამედ ყველა ადამიანს, ვინც განიცდის ჩაგვრას. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული მისია, ჩემი მისია არის, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას და გავაგრძელო აქტივიზმი. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. ვიცი, რომ ამ ქვეყნიდან წასვლა ჩემს ყველა პერსონალურ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ მირჩევნია, აქ დავრჩე და გავაგრძელო ბრძოლა უკეთესი სომხეთისთვის, სადაც ყველა მიღებულია, განურჩევლად სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა.

ავტორი – ზურა აბაშიძე