სექტემბერი 2021 - Page 3

გეი წყვილის მოდურად ჩაცმული ძაღლი ინტერნეტსენსაციად იქცა

მონრეალის ქუჩებში ყველაზე გემოვნებიანად და მოდურად ჩაცმული იტალიური გრეიჰაუნდის ჯიშის ძაღლი დაიარება, ძაღლი ტანსაცმლის გარეშე კანადის ცივ კლიმატურ პირობებს ვერ უძლებს, სწორედ ამიტომ მისმა პატრონებმა, ამერიკელმა გეი წყვილმა გადაწყვიტა, არ უღალატონ მოდის ტენდენციებს, საუკეთესოდ გამოაწყონ თავიანთი ოთხფეხა მეგობარი და ფოტოები ჩვენც გაგვიზიარონ.

თიკას უქვე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე და თითქმის 21 მილიონი მოწონება – ტიკტოკის გვერდზე, გთავაზობთ გლამურული თიკას საუკეთესო ლუქებს:

თიკა თავის მშობლებთან ერთად 

როგორ ჩანს, თიკას საყვარელი ფერი ვარდისფერია… 

მაგრამ იცის, რომ შავი კლასიკაა… 

სუპერმოდელ თიკას განსაკუთრებით უყვარს ბუნებაში პოზირება… 

არის დღეები, როცა ჯინსი და უბრალო მაისური საუკეთესო გადაწყვეტილებაა…

პრაიდის თვეში მისი გარდერობი იცვლება… 

მის გარდერობში საღამოს კაბებსაც შეხვდებით:

სუპერპოპულარული თიკა კანადური ჟუნრალის გარეკანზეც მოხვდა.

გლამურულ გრეიჰაუნდს გლამურული მეგობრები ჰყავს.

ხელოვნური ბეწვის მოხდენა მისთვის საერთოდ არ არის პრობლემა…

არც ზოლებიანი პრინტები აშინებს… 

თიკამ კარგად იცის, როგორ ჩაიცვას ბარში:

მას შეუძლია, ყველაფერი მოიხდინოს.

ჩანთები თიკას სუსტი წერტილია.

მისი ლუქების ყველაზე ცნობილ ნიუ-იორკელს, ქერი ბრედშოუსაც კი შეშურდებოდა:

ახალი წელი თიკას საყვარელი დღესასწაულია. 

თიკა დილით ადრე, სანამ პირველ ჭიქა ყავას დალევს…

არც ჰელოუინის დღესასწაულზე ივიწყებს ერთგულ ფანებს. 

თვალი ადევნეთ თიკას და არ ჩამორჩეთ მოდის უახლოეს ტენდენციებს!

კუბამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების ლეგალიზებისკენ

კუბაში, ქვეყნის დისკრიმინაციული წარსული მიუხედავად, ბოლო წლებში მინიშვნელოვანი პროგრესია თანასწორობის მიმართულებით. დღესდღეობით, ლგბტქ+ ადამიანები დისკრიმინაციისგან ქვეყნის კონსტიტუციით არიან დაცული. 2008 წლიდან, ტრანს ადამიანები უფასო ჯანდაცვით სარგებლობენ, ხოლო 2013 წლიდან, მათ უფლება აქვთ, მარტივად შეიცვალონ დოკუმენტაციაში სახელი და სქესი ქირურგიული ჩარევის გარეშეც.

2021 წლის სექტემბერში, კუბის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა კანონპროქტი, რომელიც ეხება არსებულ კოდექსში ისეთი საკითხების ახლებურად რეგულირებას, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება და ა.შ. კოდექსის ახალი ჩანაწერი ქორწინებას განმარტავს, როგორც „ორი ადამიანის ნებაყოფლობით კავშირს, რათა ერთად იცხოვრონ სიყვარულის საფუძველზე“. კოდექსის პირველ ჩანაწერში კი ქორწინება განიმარტებოდა, როგორც ქალისა და  მამაკაცის კავშირი.

ცვლილებების მისაღებად ბევრმა გამოხატა მხარდაჭერა, თუმცა აღიარებენ, რომ ის საჯარო განხილვების პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგება, კერძოდ, რელიგიური კონსერვატორებისგან – უკვე 20-ზე მეტმა ქრისტიანულმა ეკლესიამ, მათ შორის, კათოლიკურმა, უარყო ცვლილება წაკითხვის გარეშე.

კათოლიკე ეპისკოპოსებმა წარმატებით მოახერხეს, რომ ქვეყანაში სექსუალური განათლების დანერგვის მცდელობა გადადებულიყო, გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო გეგმას “გენდერული იდეოლოგიის” გამო ეწინააღმდეგებოდნენ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შესწორებული დოკუმენტი დეკემბერში წარედგინება დასამტკიცებლად კუბის ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოს.

წყარო: them.us

საუკეთესო ქვიარ სამოსი – Met Gala 2021

/

მოდის ყველაზე დიდი ღამე ამერიკაში, რომელიც 2019 წლიდან COVID-19-ის პანდემიის გამო არ ჩატარებულა, 2021 წელს კვლავ გაიმართა. წლევანდელი Met Gala-ს თემა პატრიოტული იყო და ის ამერიკის დამოუკიდებლობას ეძღვნებოდა.

საღამოს ქვიარ ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ, რომლებიც თავიანთი სამოსით გამოხატავდნენ მხარდაჭერას ქვიარ თემის მიმართ.

Elliot Page (ელიოტ პეიჯი)

მწვანე ყვავილით Balenciaga-ს კოსტუმზე, ელიოტ პეიჯმა პატივი მიაგო ქვიარ პოეტსა და დრამატურგს – ოსკარ უაილდს. წლევანდელ Met Gala-ს პეიჯი პირველად დაესწრო, როგორც ღიად ტრანსგენდერი.

Mj Rodriguez (ემჯეი როდრიგესი)

The breakthrough Pose-ს ვარსკვლავი Thom Browne-ის სამოსით იყო წარმოდგენილი. ”მე მას ნავთობის მშვენიერ დაღვრას ვუწოდებდი ვიქტორიანული ხედვით” – თქვა მან თავის კაბასთან დაკავშირებით. ემჯეი როდრიგესი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც მთავარი როლისთვის ემის ნომინაცია მიიღო.

Megan Rapinoe (მეგან რაპინო)

ფეხბურთელი Sergio Hudson-ის კოსტუმით იყო წარმოდგენილი, ხელში კი ჩანთა ეჭირა, წარწერით – ”In gay we trust”.

Tom Daley (ტომ დილეი)

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოქროს მედალოსანმა წყალში მხტომელმა, ტომ დილეიმ, წელს ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა ქვიარ ახალგაზრდებს – ”ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერ ახალგაზრდა ქვიარს შეუძლია იმის დანახვა, რომ რაც არ უნდა მარტო გრძნობდე თავს, შენ მარტო არ ხარ.”

Eugene Lee Yang (იუჯინ ლი იანგი)

YouTube– ის ვარსკვლავი და Try Guyის წევრი იუჯინ ლი იანი

Nikkie de Jager (ნიკი დე იაგერი)

ტრანსგენდერმა იუთუბერმა, მეიქაფ არტისტმა – ნიკი დე იაგერმა, პატივი მიაგო ერთ-ერთი პირველი ტრანს აქტივისტის, მარშა პ. ჯონსონს. მის კაბას ამშვენებდა ყვავილოვანი გვირგვინი წარწერით “ყურადღება არ მიაქციო”.

Tessa Thompson (ტესა ტომპსონი)

ბისექსუალი ვარსკვლავი ტესა ტომპსონი Iris van Herpen-ის კაბაში.

Hunter Schafer (ჰანტერ შაფერი)

Euphoria-ს ვარსკვლავი Prada-ს სამოსით.

Lil Nas X (ლილ ნას იქსი)

ამერიკელი მუსიკოსი Versace-ის კოსტუმში.

Maisie Williams (მეიზი უილიამსი)

მისი ლუქი შთაგონებულია ქვიარ კინემატოგრაფიული კლასიკით, 1999 წლის The Matrix.

Kim Petras (კიმ პეტრას)

გერმანელი მომღერალი და კომპოზიტორი Iggy Rosales-ის კოსტუმში.

Symone (სიმონე)

დრეგ ქუინი სიმონე Moschino-ს კაბაში.

Kristen Stewart (კრისტენ სტიუარტი)

ქვიარ ქალღმერთი Chanel-ის სამოსში. მის ვარცხნილობაზე ცნობილმა ადირ აბერგელმა იზრუნა, რომლის შთაგონებაც Rosie the Riveter-ი იყო.

Dan Levy (დენ ლევი)

ვარსკვლავის ჩაცმულობამ საღამოზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი კოსტუმი შთაგონებული იყო ქვიარ მხატვრისა და შიდსის აქტივისტის – დევიდ ვოინაროვიჩის მიერ. ლევის განმარტებით, მისი კოსტუმი ქვიარ სიყვარულსა და ქვიარ ხილვადობას ეხებოდა და ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

Frank Ocean (ფრენკ ოუშენი)

ქვიარ მუსიკოსი მკლავზე შრეკის მწვანე თოჯინით.

Troye Sivan (ტროი სივანი)

წარმოშობით სამხრეთაფრიკელი ქვიარ მუსიკოსი. არტისტმა საკუთარი სექსუალობის შესახებ საჯაროდ 2013 წელს იუთუბის საკუთარ არხზე ისაუბრა.

Jeremy O. Harris (ჯერემი ო. ჰარისი)

სცენარისტი Tommy Hilfiger-ის სამოსში.

წყარო: them.us

თამო – ვიბრძვი იმიტომ, რომ შემიძლია

თუ მკითხავთ, როგორ დავახასიათებდი საკუთარ თავს, ვიტყვი, რომ ვარ ძლიერი ადამიანი, მაგრამ უზომოდ დაღლილი. უკვე რამდენიმე წელია, საკუთარ თავს ასე აღვიქვამ. ყოველთვის პოზიტიური ვიყავი, ახლა კი ხშირად ვამბობ – ”დავიღალე, დავიღალე…” ვიცი, რომ რაღაც უნდა შევცვალო, ვთვლი, რომ არასწორია ასე ყოფნა.

ბავშვობა და პატარა ქალაქის ცხოვრება

უშუქობის, უგაზობის, უწყლობისა და უფულობის პერიოდში ვარ გაზრდილი, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მამის გარეშე გავიზარდე და დედასაც იშვიათად ვხედავდი, რადგან საზღვარგარეთ მუშაობდა, ამიტომ ძალიან პატარა ასაკში გავხდი დამოუკიდებელი. ეს დამოუკიდებლობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მქონდა ყველაფერი ჩემი – თუნდაც, ფული, რადგან მუშაობაც ადრე დავიწყე, არ ვიყავი შებოჭილი, არ მქონდა შეზღუდვები და აკრძალვები, ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, გოგოც, ბიჭიც…

მიუხედავად იმისა, რომ მოკლე თმა და ბიჭური სტილი მქონდა და პოსტსაბჭოთა პერიოდი იყო, ეს თვალში ცუდად არავის ხვდებოდა. ალბათ, იმიტომაც, რომ პატარა ქალაქში, მარნეულში გავიზარდე – იქ ყველა ერთმანეთს იცნობს და უფრო მეტი სიახლოვეა, განსხვავებით თბილისისგან, სადაც ყველას თავისი პრობლემა აქვს და სოციუმში ხარ ჩაკარგული, მათ არ აინტერესებთ, შენ რა გჭირს. იქ კი, ქუჩაში რომ გადიხარ, ყველას ”გამარჯობას” ეუბნები, თბილისში ეს განსხვავება ძალიან ვიგრძენი. ახლა უკვე მივეჩვიე, მაგრამ ის დრო მენატრება.

მთელი ბავშვობა სპორტით, აღმოსავლური ორთაბრძოლებით ვიყავი გატაცებული და როგორც კი მარნეულში პირველი სკოლა გაიხსნა, ჯგუფშიც პირველი ჩავეწერე. 11 წელი დავდიოდი და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთი გოგო ვიყავი ამდენ ბიჭში. კაცებთან ერთად ვვარჯიშობდი და ვიყავი თანაბარუფლებიანი, მეც დღესაც არ ვარ შებოჭილი და ნაწილობრივ, ამასაც ვუკავშირებ, რადგან იქ არ იყო განსხვავებები – ისევე მცემდნენ და მირტყამდნენ, როგორც ერთმანეთს და არავინ ამბობდა, გოგოა და არ დავარტყათო. ეს ჩემზე ძალიან პოზიტიურად აისახებოდა მაშინაც და აისახება ახლაც – იქ არ მიგრძვნია, რომ რადგან ქალი ვარ, ამის გამო ვინმეზე ნაკლები ვიყავი.

მყავდა როლური მოდელი და ეს იყო ჩემი ქართული ენის მასწავლებელი. ამ ქალს ძალიან რთული ცხოვრება გამოვლილი, ახალგაზრდა შვილი გარდაეცვალა, მაგრამ ყოველთვის, როცა სკოლაში მოდიოდა, მიხაროდა, რომ ჩემი მიმოზა უნდა მენახა, ასე ვეძახდი. მე ეთნიკურ უმცირესობას მივეკუთვნები – ნახევრად სომეხი ვარ და ნახევრად – აზერბაიჯანელი, რუსულ კლასში ვსწავლობდი, მაგრამ ქართული ენა ჩემი საყვარელი საგანი იყო. ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და მისი კი არ ეშინოდათ, პატივს სცემდნენ, მისი გაკვეთილიდან გაქცეული არავინ მინახავს. პედაგოგობა მისთვის მხოლოდ პროფესია არ იყო, ეს ქალი ჩემთვის მისაბაძი იყო, როგორც ადამიანი და მან მასწავლა, რომ წინ უნდა იყურო და სულ წინ იარო.

პირველი სიყვარული

14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემზე უფროსი ქალი შემიყვარდა. მაშინ არ მესმოდა, რა სიყვარულით მიყვარდა, არანაირი ფიზიკური კონტაქტი მასთან არ მქონდა, მაგრამ დავინახავდი თუ არა, ვდნებოდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ მქონდა ასეთი მიჯაჭვულობა. ეს ადამიანი სხვა ქვეყნიდან იყო ჩამოსული, ვიცოდი, რომ უკან უნდა წასულიყო და ამაზე ფიქრიც კი დეპრესიაში მაგდებდა. როცა წავიდა, მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, თუმცა, მაგ ასაკში ვერ ვიფიქრებდი, რომ ლესბოსელი ვიყავი, რადგან არც ვიცოდი, რომ ქალის მიმართ ლტოლვა რამეს ნიშნავს. ისეთ კულტურულ გარემოში და ისეთ სოციუმში ვიზრდებოდი, სადაც ინფორმაციაც არ მქონდა ამაზე, სიტყვა ”ლესბოსელიც” კი არ ვიცოდი, რას ნიშნავდა. ამის შესახებ ინფორმაცია და განათლება წლების შემდეგ მივიღე, როცა უკვე გათხოვილი ვიყავი და ოჯახი მქონდა.

ტრავმული ქორწინება

18 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ეს, გარკვეულწილად, ჩემი აღზრდის გამოც მოხდა, სულ მესმოდა, რომ ოჯახი, შვილი უნდა გყავდეს, სოციუმში შენი ადგილი უნდა დაიკავო და ა.შ. ამას ემატებოდა ისიც, რომ თვითონაც გაურკვეველობაში ვიყავი და ვიფიქრე, მოდი, გავთხოვდები და დავლაგდები-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ქალთან არანაირი ფიზიკური ურთიერთობა არ მქონია და ყველაფერი მენტალურ დონეზე ხდებოდა, გავთხოვდი თუ არა, მივხვდი, რომ კაცთან ურთიერთობა ჩემი საქმე არ იყო. ჯერ ერთი, ჩემი ქმარი ძალიან ეჭვიანი იყო და ამით შემბოჭა, ოთხ კედელში ვიჯექი, ჩამკეტა სახლში და დედამთილის გარეშე გარეთ არ გავდიოდი. თუმცა ვმუშაობდი და იქ კი მიშვებდა, რადგან ეს ფულის კეთების წყარო იყო და იქ შემეძლო წასვლა. ბავშვი სკოლაში რომ წავიდა, ეს ერთგვარი შვება იყო ჩემთვის – სკოლაში მაინც წავიდოდი ისე, რომ დედამთილი არ გამომყვებოდა.

ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელთანაც ინტერნეტით მქონდა კონტაქტი, თუმცა ერთმანეთი არ გვინახავს, რადგან სხვა ქალაქში ცხოვრობდა. როდესაც ეს ყველაფერი უკვე გაუსაძლისი გახდა, ამის დამალვა აღარ შემეძლო და გააზრებული მქონდა, რომ ვარ ლესბოსელი, მომწონს ქალები და კაცთან ყოფნა არ მინდა, ჩემს ქმარს ვუთხარი. ყველანაირ რეაქციას ველოდებოდი, იმასაც, რომ ნაჯახით ამკუწავდა, მაგრამ მუხლებში ჩამივარდა, ალბათ, ჩემი ბრალია და თავი ვერ შეგაყვარეო, მაგრამ როცა ვუთხარი, რომ არც ის მინდოდა, არც სხვა კაცი და მეტიც, საერთოდ არ მომწონდა კაცები, მაშინ უკვე აგრესია წამოვიდა. ვუთხარი ისიც, რომ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, თუ დავშორდებოდით, რადგან ამ ურთიერთობაში ყველა უნდა დატანჯულიყო – მეც, თვითონაც და ბავშვიც. თუმცა კატეგორიულად გამომიცხადა, რომ ოჯახს არ დაანგრევდა. მკურნალობაც კი შემომთავაზა, მაგრამ მაგ დროს მე უკვე სრული ინფორმაცია მქონდა ამ ყველაფერზე.

ჯამში, 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ ბოლო ოთხი წელი საერთოდ ჯოჯოხეთი იყო – მან ყველაფერი იცოდა ჩემზე ფიზიკურად, სექსუალურად, ფსიქოლოგიურად… ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან დიდი და ნეგატიური კვალი დატოვა, ის 11 წელი ჩემი ცხოვრებიდან სრულიად ამოვარდნილია – მე არ მიცხოვრია, ცხოვრება გადიოდა და მე გვერდიდან ვუყურებდი.

თავის დაღწევა

ამ ქორწინებიდან თავი რომ დამეღწია, ბოლო წვეთი აღმოჩნდა ის, რომ არაფრის გამო კინაღამ მომკლა. ნაცემსა და ნათრევს, ფეხით შემდგა და შამფურით კინაღამ ყელი გამომჭრა, ბინდი ჰქონდა თვალებზე გადაკრული და რომ მკლავდა, მაგასაც ვერ ხვდებოდა. მისი მეგობარი რომ არა, რომელმაც გადამარჩინა, დღეს დასახიჩრებული ან სულ აღარ ვიქნებოდი. იმ პერიოდიში თემის ერთ-ერთმა წევრმა დამაკავშირა ნინო ბოლქვაძესთან, რომელიც დამეხმარა და საქმეში ფსიქოლოგი და იურისტი ჩართეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შველა იყო. ძალიან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ ასეთ პირობებში აღარ მეცხოვრა, მომეკიდებინა ხელი ჩემი შვილისთვის და წამოვსულიყავი. ასეც მოვიქეცი – პირველად ბათუმში წავედი, რადგან ვიცოდი, რომ იქ ვერ მომაგნებდა.

თავიდან ბავშვი სახლში დავტოვე, რომ წამომეყვანა, შეეძლო, ბავშვის გატაცებისთვის ეჩივლა. ერთ კვირაში დოკუმენტები გავამზადეთ და პოლიციაში საჩივარი შევიტანე, რადგან ვიცოდი, რომ დევნა იქნებოდა მისი მხრიდან. როგორც კი თბილიში ჩამოვედი, მივწერეთ, რომ ბავშვი მოეყვანა და ჩემი ტანსაცმელები მოეტანა – 15 წუთში უკვე დედაჩემთან იყო, ბოლო ღილიც კი მოიტანა, იმ დონემდე შეეშინდა, როცა პოლიციაში შევიტანე საჩივარი. არადა, პოლიციას თითქმის არც უმუშავია, უბრალოდ, დაურეკა და გააფრთხილა, რომ არ მომკარებოდა. ესაა მოძალადის ფსიქლოგიაა, ასეთი ადამიანი, პირველ რიგში, მშიშარაა. ჩემი შვილი მაშინ 7 წლის იყო და მალევე დავიბრუნე, ამიტომ ბავშვზე ზემოქმედება ვერ მოასწრო, თუმცა ამის მერე ყველა დაიარა, კაციშვილი არ დატოვა, ვისთანაც ეს ამბავი არ მიიტანა, მარნეულშიც და თბილისშიც, ჩემს ნათესავებთან კი მივიდა.

დღეს ამ კაცთან ურთიერთობა მაქვს, რადგან შვილი გვყავს. პირველ რიგში, ბავშვზე ვფიქრობ და არასდროს მითქვამს მისთვის, რომ მამასთან არ წასულიყო, პირიქით. თუმცა, რაც დავშორდი, მისგან მატერიალური დახმარება აღარ მიმიღია, 2-3 წელია, რაც ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა შეწყვიტა, მიხვდა, რომ არ გამოსდიოდა. ვუთხარი, რომ ესეც ერთგვარი ძალადობა იყო მისი მხრიდან და ნუ მაიძულებ, რომ შესაბამისი ზომები მივიღო-მეთქი. როცა სამართლებრივი კუთხით ემუქრები, ეს აშინებთ – არა ყვირილი, არა სკანდალი, ასეთი საუბარი უფრო ჭრის.

შვილი

როდესაც ჩემს შვილთან ერთად მარტო დავრჩი, პირველი, რასაც მივხვდი, იყო ის, რომ მე არ მინდა, ჩემმა შვილმა რამე დამიმალოს და ჩემთან ბოლომდე გახსნილი არ იყოს. როცა ქმარს დავშორდი, დედაჩემმა არაფერი იცოდა და ეს მისთვის შოკი იყო, არ ვეუბნებოდი, რადგან არ მინდოდა, ენერვიულა. მაგრამ როცა მარტო დავრჩი, მივხვდი, რომ არ მინდოდა, ჩემს შვილს ოდესმე რამე დაემალა ჩემთვის, რა საშინელიც არ უნდა ყოფილიყო ეს ამბავი. დღემდე ასე მოვდივართ და ჩვენი ურთიერთობა მთლიანად ნდობაზეა აგებული. ის, რომ მე შემიძლია, არ დავუმალო მას ჩემი პარტნიორი, ის, რომ ჩემი შეცდომების აღიარება შემიძლია მასთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია – შენი შეცდომების აღიარებით, მას მაგალითს აძლევ, რომ მასაც შეუძლია შენთან იმავეს გაკეთება. მე არ მეშინია, რომ ჩემი ორიენტაციის გამო არ მიმიღებს. უბრალოდ, სულ იმაზე ვფიქრობდი, იყო თუ არა იმ ასაკში, რომ მეთქვა და სწორად გაეგო ეს ამბავი. თუმცა ვიცი, რომ მან ეს ისედაც იცის.

საზოგადოება ქალს ჩაგრავს

ძალიან სექსისტურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ – აქ ყველაფერი კაცისაა. ესეც განათლებასა და აღზრდას უკავშირდება. როცა შენ გოგოში ბავშვობიდან ჩასახავ იმ აზრს, რომ უსუსურია, ხელოვნურად უჩენ ამ განცდას. ოჯახში, სადაც ორი ბავშვი იზრდება, ბიჭს ყველაფრის უფლებას აძლევ, გოგოს – არა და ეუბნები, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ გოგოა, უკვე აქ იწყება მისი ჩაგვრა. ასეთი ქალი მერე კაცშიც აღვიძებს განცდას, რომ მას შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს და იკადროს.

ამ ხნის განმავლობაში იმდენ პროფესიას დავეუფლე – ვიყავი ტაქსისტი, გლოვერი, მთელი ჩემი ცხოვრება მანქანასთანაა დაკავშირებული, სულ საჭესთან ვარ, დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ სულ ვგრძნობდი დამოკიდებულებას – ჩაგონებული აქვთ, რომ ეს ნიშა კაცს ეკუთვნის და იქ ქალს არაფერი ესაქმება. ტაქსაობა რომ დავიწყე და ქალს დამინახავდნენ საჭესთან, არ მომყვებოდნენ. ასეთ რამეს თითქმის ყოველდღე ვაწყდებოდი – მიხურავდნენ კარს და არ სხდებოდნენ. სულ კაცები იქცეოდნენ ასე, ქალებს პირიქით, უხაროდათ.

ჩვენ თანაბარუფლებიანი მხოლოდ მაშინ ვართ, როცა რაღაცას ვიხდით ან საქმე პასუხისმგებლობებს ეხება.

ქვიარი ქალის ცხოვრება

ღიად ქვიარ ქალი შეიძლება შეიზღუდოს სამსახურში – თუნდაც, გქონდეს კვალიფიკაცია, სათანადო განათლება, მრავალწლიანი გამოცდილება, მაგრამ შენ ისე არ გამოიყურები, იმ პოზიციაზე რომ აგიყვანონ. ერთი წელია, თმა შევიჭერი, უბრალოდ, მომბეზრდა გრძელი თმა და არა იმიტომ, რომ ლესბოსელ ქალს დავმსგავსებოდი, მაშინ წავაწყდი ამ პრობლემას – შენ თუ არ ჯდები სტანდარტული ქალის ტიპაჟში, არ ხარ ტანწერწეტა, არ გაქვს გრძელი თმა, შენთვის უფრო რთულია სამსახურის პოვნა. სამწუხაროა, რომ ეს ფაქტორი გამოცდილებაზე წინ ეს დგას, გინდა, განვითარდე, მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ. ხშირად, ვაკანსიებშივეა ისეთი კრიტირიუმები, რომ უკვე დისკრიმინირებულად გრძნობ თავს.

ჩვენ არ შეგვიძლია, შევქმნათ ოჯახი და ვიყოთ კანონიერ ურთიერთობაში, რომელშიც სამართლებრვი კუთხით ვიქნებით დაცული. დიდი სიამოვნებით შევქმნიდი ქვიარ ოჯახს, სადაც ჩემს შვილს ეყოლებოდა ორი მშობელი, რომლებიც მასზე იზრუნებდნენ, საერთო შვილიც გვეყოლებოდა, კანონზე დაფუძნებული საერთო ქონება გვექნებოდა და შემდეგ ეს არ იქნებოდა სადაო. ოჯახი ყველას უნდა, მინდა, ჩემი შვილი იზრდებოდეს იმ აზრით, რომ ჰყავს ოჯახი.

როგორ დავამარცხოთ ფობიები – განათლება

დღეს ადამიანებს უფრო მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე. 15 წლის ასაკში, მან იცის, ვინ არის ლესბოსელი და პირველი აზრი, რაც მას თავში მოსდის, არ არის ის, ფსიქოლოგთან უნდა გაიქცეს და არ ფიქრობს, რომ რაღაც არანორმალურთან აქვს საქმე.

როცა ქმარს გავშორდი, ”იდენტობაში” მივედი და ამდენი ლესბოსელი და გეი დავინახე ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ლესბოსელი ვიყავი, ჰომოფობიური მომენტები მქონდა. მე ვიყავი მარნეულიდან, სადაც ეს თემა არც კი განიხილებოდა. მერე, დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე, ფრთებიც უფრო გავშალე, ვეღარ ვხვდებოდი, რატომ უნდა დამემალა ჩემი ორიენტაცია, ყოველ ნაბიჯში არ უნდა ვიყვირო ამაზე, მაგრამ დასამალიც არაფერია, სულ სხვა ადამიანი ვარ იმასთან შედარებით, ვინც ვიყავი. მე რომ ამ მხრივ განათლება მქონოდა, ვფიქრობ, არც გავთხოვდებოდი, მიუხედავად კულტურული ზეწოლისა.

როდესაც შენ იღებ ამ საკითხზე სწორ ინფორმაციას, შენ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან აღარ გაქვს ამის პრობლემა. მანამდე არც დედ-მამას ეტყვი ამ ამბავს, რადგან თვითონ არ გაქვს გააზრებული, რომ ნორმალური და ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, თუმცა პირველ ეტაპზე ეს შიშიც ნორმალურია. რამდენადაა ეს შიში კავშირში კულტურასთან? სამწუხაროდ, პირდაპირ კავშირშია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალიან დიდი პრობლემაა ჰომოფობია. ხალხს არ აქვს იმის სურვილი, რომ მომავალში თამამად შეაბიჯონ, რადგან არ იციან, იქ რა ხდება, სიახლის ეშინიათ, რადგან ეს მათ გონებაში ყველაფერს შეცვლის.

ვფიქრობ, თუ ადამიანი ბავშვობიდანვე იქნება ჩახედული არ სფეროში, არასდროს ექნება ჰომოფობიის პრობლემა. ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია გარკვეულ ასაკში და ეს ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული სწორად. გვჭირდება სქესობრივი განათლება, რაც ასევე არ გვაქვს, სამწუხაროდ. ჩვენ თუ ახალ ამ განათლებას მივცემთ, გავა წლები და საქართველოშიც აღარ იქნება მსგავსი პრობლემები.

ქვიარ ადამიანებს აუცილებლად უნდა მიეცეთ გასაქანი, ეს ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ მაღალ თანამდებობეზე, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და არ უნდა იბლოკებოდნენ. მე მგონია, რომ ჩვენ, ქვიარები, ხშირად იმიტომ მივდივართ მხატვრობაში, მუსიკაში და ა.შ. რადგან ეს ჩვენი თვითგამოხატვის შედარებით მარტივი გზაა, რადგან სხვა სფეროებში ნაკელბად გვიშვებენ. ყოველდღიურობაში უნდა ხედავდეს ხალხი ამ ადამიანებს და მომავალი თაობა სიძულვილით არ უნდა იზრდებოდეს.

რას ვურჩევ ქვიარებს

ჩვენ, ქვიარებს, ხშირად გვჭირდება დახმარება, იქნება ეს იურიდიული, ფსიქოლოგიური თუ ფინანსური. განსაკუთრებით, ეს რეგიონებში მცხოვრებ ქვიარებს ეხება – როცა შენ ცხოვრობ პატარა ქალაქში, ფიზიკურად არ გაქვს ხელმისაწვდომობა ამ ყველაფერზე და ხშირად, არც იცი, რომ შეგიძლია, დახმარება მიიღო. ამის შესახებ უნდა იცოდნენ. ახლა რომ სადმე სოფელში ჩამაგდო, პრობლემა აღარ მექნება, რადგან უკვე აღიარებული და მიღებული მყავს საკუთარი თავი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ და აღარ აქვს მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებ.

მე ძალიან მალე გავხდი დამოუკიდებელი და გადარჩენაში ესეც ძალიან დამეხმარა. თემის ბევრი წევრი ოჯახზეა დამოკიდებული და ეშინია ამის დაკარგვის, როცა შენ დამოკიდებული ხარ რაღაცაზე და ვიღაცაზე – უკვე ხარ დაჩაგრული. ფინანსურ დამოუკიდებლობაზე აუცილებლად უნდა იზრუნონ. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე დღეს ვარ თავისუფალი, რადგან პრობლემა თუ შემექმნა, შემიძლია, ვიყვირო და მაინც ჩემი გავიტანო, მე არ მეშინია, რომ ჩემი უფროსი ქვიარობის გამო სამსახურიდან გამაგდებს. რამ გამაძლიერა? განათლებამ და ინფორმაციამ ამ თემაზე.

დანაკარგი

მიუხედავად ყველაფრისა, წარსულმა ფსიქოლოგიური ტრავმები დამიტოვა და დღემდე ვებრძვი პოსტტრავმულ სტრესს. მქონდა დეპრესიაც, დამჭირდა მედიკამენტოზური მკურნალობაც. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, კვალი დატოვა და ეს იმ 11 წელს უკაშირდება.

დავკარგე მეგობრები და უახლოესი ადამიანები. ბავშვობის მეგობარმა ვერ მიმიღო და გარდა იმისა, რომ თვითონ ჩამომშორდა, ეცადა, ჩვენი საერთო მეგობარიც ჩამოეშორებინა, თუმცა არ გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეგობარს დღემდე არ ესმის, როგორ შეიძლება ქალს ქალი მოსწონდეს, მითხრა – ,,მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე ამ ყველაფერს, შენ ჩემი მეგობარი ხარ და მთელი ცხოვრება ასე იქნება.” ეს თანადგომა მე ძალიან კარგად მახსოვს. დავკარგე დეიდაშვილი გოგო, რომელიც დაზე უფრო ახლობელი იყო ჩემთვის. დეიდაშვილმა ბიჭმა მიმიღო, მან – არა. ამანაც ძალიან ნეგატიური კვალი დატოვა ჩემში.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როცა თანადგომა მართლა მჭირდებოდა, ჩემ გვერდით, სულ უცხო ადამიანები აღმოჩნდნენ. ჩემი ფსიქოლოგი, ნინო.. ადამიანები ”იდენტობის” ოფისიდან. და, ჩემი პარტნიორი, რომელთან ერთადაც ახლა ვარ – ის უმნიშვნელოვანესი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში.

ვიბრძვი იმიტომ, რომ შემიძლია

იმდენად მიყვარს სიცოცხლე, იმდენად მინდა, ვისწავლო, ვიცოდე, დავინახო, ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს. ეს და ჩემი შვილი – ის, რომ მისთვის უკეთესი ცხოვრება. რატომ ვიბრძვი? იმიტომ, რომ შემიძლია. ეს ბავშვობიდანვე მახასიათებდა – ორთაბრძოლებზეც რომ დავდიოდი, ყველა ილეთს ვაკეთებდი, იმასაც, რასაც ბიჭები და როცა მეკითხებოდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას, ვპასუხობდი – ,,იმიტომ, რომ შემიძლია.”

სულ ძალიან ცნობისმოყვარე და ინტერესიანი ვიყავი, მქონდა უამრავი ჰობი – ფოტოგრაფია, მოზაიკა, ქარგვა… დღემდე ვეძებ ახალ გამოცდილებებს, არ აქვს მნიშვნელობა, მჭირდება თუ არა. სულ რაღაცის სწავლას ვცდილობ, ასე ვისწავლე შვიდი ენა. სულ ისეთ სამუშაოს ვირჩევ, რომელიც ხალხთან ურთიერთობას უკავშირდება, რადგან ძალიან სოციალური ადამიანი ვარ. ახლა სასტუმროში ვმუშაობ, ეს საქმე მომწონს, ყოველდღე ახალ სახეებს ვხედავ სხვადასხვა ქვეყანიდან, სხვადასხვა კულტურის ხალხს ვეცნობი.

ორი-სამი პროფესიაა, რომელსაც მინდა დავეუფლო და მაგ კუთხით ვიმუშაო. ერთ-ერთია ფოტოგრაფია, ამჟამად უბრალოდ მოყვარული ვარ. ფოტოაპარატს რომ ვიღებ ხელში, ყველაფერი მავიწყდება – სამი საათი ბუჩქებში ჯდომა შემიძლია იმის ლოდინში, რომ ლამაზი კადრი დავიჭირო.

გიდობაც მინდა, ახალ ხალხსაც ეცნობი და შენს სამშობლოსაც აცნობ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ლგბტ თემის წევრებს, ყველას უნდა ჰქონდეს ასეთი სოციალური სამსახური, რაც უფრო მეტი ვიქნებით ასეთ სფეროებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვებს ვაჩვენებთ საკუთარ თავს. ხალხი დაინახავს, რომ ჩვენ არ ვართ გარყვნილები და ავადმყოფები, რაღაც განყენებული ადამიანები და არანაირ აგიტაციას არ ვეწევით. ჩვენც შეგვიძლია, ვაკეთოთ საქმე და ვაკეთოთ კარგად. ესეც, ალბათ, ერთ-ერთი ხერხია ხილვადობის.

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

ავტორი: ნინო ურუშაძე

ფოტოები: ვახო ქარელი

ლედი გაგას შემოდგომა: დედა მონსტრმა ალბომ “Chromatica”-ს რემიქსი გამოუშვა

/

პატარა მონსტრებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! ლედი გაგამ ცოტა ხნის წინ მისი ბოლო სტუდიური ალბომის „Chromatica”-ს რემიქსi გამოუშვა. ალბომის ერთ-ერთი სინგლის „Rain on me”-ს რემიქსს არაბინარული დიჯეი და მუსიკოსი Arca აკეთებს.

ალბომში ასევე შესულია ისეთი ავტორების რემიქსები, როგორებიც არიან: Charli XCX, Bree Runway, LSDXOXO და ა.შ.

წყარო: them.us

კიდევ ერთი ეკლესია თანასწორი ქორწინებით

იმ ტრადიციულ ქრისტიანულ ეკლესიათა რიცხვს, რომლებიც ერთნაირსქესიან წყვილთა ჯვრისწერებს აღასრულებენ, შვეიცარიის ძველკათოლიკური ეკლესიაც (Die Christkatholische Kirche der Schweiz) შეემატა.

10-11 სექტემბერს ჩატარებულმა შვეიცარიის ძველკათოლიკური ეკლესიის ეროვნული სინოდის 154-ე კრებამ და ეპისკოპოსმა განაჩინა, რომ „ყოველი კურთხევა, რომელსაც ეკლესია მიანიჭებს ნებისმიერი სქესის ორ ზრდასრულ ადამიანს შორის არსებულ სამოქალაქო ქორწინებას, თანასწორად საკრამენტულია“ – წერია სინოდის დადგენილებაში. ეროვნული სინოდის მონაწილეთა უმრავლესობამ ხმა მისცა ეკლესიის ინოვაციას, გახდეს უფრო მეტად „კათოლიკე“ (საყოველთაო), თუმცა 2 დელეგატი ამ წამოწყების წინააღმდეგ გამოვიდა.

2022 წლის ნაციონალური სინოდის განსახილველი თემა ჯვრისწერის საკრამენტის ტექსტის რეფორმა იქნება, რომელშიც გენდერული ენის ცვლილება უნდა მოხდეს და მიესადაგოს არა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს, არამედ ერთნაირსქესიანებსაც.

შეიცარიის ძველკათოლიკური ეკლესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკლესიაა ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი მრევლი კი დაახლოებით 12,000 ადამიანია.

ფოტოზე: წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ძველკათოლიკური კათედრალი, ბერნი.

ავტორი – თომა ლიპარტიანი: ანგლიკანურ/ეპისკოპალური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი

”ტელემუნდოს” გულთამპყრობელი მსახიობის ქამინგაუთი

სერიალების ვარსკვლავი და მოდელი, ეკვადორელი რობერტო მანრიკე გასულ კვირას დაქამიგაუთდა. მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს იმაზე, რომ გეია. „იყო დღეები, როდესაც არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემ თავს, თუმცა როდესაც სიღრმეში ჩავედი, გავაცნობიერე, რომ იდენტობის აღიარება საკუთარი თავის სიყვარულის კულმინაცია იყო ამ დიდ მოგზაურობაში“ – ამბობს მანრიკე.

ქამინგაუთის ვიდეოში მანრიკე საკუთარ ბავშვობასაც მიმართავს და იხსენებს, ჰეტერონორმატიული მასკულინობის რამხელა წნეხს განიცდიდა, რაც არ აძლევდა საშუალებას, ყოფილიყო ის, ვინც სინამდვილეში იყო. მსახიობის თქმით, ქამინგაუთი მასში არსებული პატარა „რობერტიტოს“ გათავისუფლებას და დანაშაულის გარეშე ცხოვრებას ემსახურებოდა, რასაც პატარაობისას გრძნობდა.

„მე მყავს შესანიშნავი ბოიფრენდი, რომელთან ერთადაც 7 წელია ვარ. ჩვენ, ქვიარები, ვართ მოსიყვარულე, სრულყოფილი და მშვენიერი ადამიანები. თქვენ არ უნდა იგრძნოთ თავი დამნაშავედ იდენტობის გამო. ქვიარებო, თქვენ სრულყოფილები ხართ!“ – მიმართავს მანრიკე ქვიარ ადამიანებს.

წყარო: them.us

მამა-შვილმა პრაიდის დროშა ერთად აღმართა

მორი შერმანი თავისი ისტორიით იმედს აძლევს იმ ქვიარ ადამიანებს, რომელთა მშობლები არაცთუ დადებითად ხვდებიან თავიანთი შვილების გენდერულ იდენტობასა და ორიენტაციას. თავდაპირველად, ქამინგაუთის შემდეგ, მორის მამამ შვილს მხარი არ დაუჭირა, რასაც მორი ინფორმაციის ნაკლებობით ხსნის. თუმცა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მამამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა ქვიარ შვილის ყველაზე მზრუნველი, მოსიყვარულე და მხარდამჭერი მშობელია.

ერთ დღესაც, მამამ გადაწყვიტა, ეზოში პრაიდის დროშა აღემართათ და დახმარება მორის სთხოვა. მორისთვის ეს ჟესტი ძალიან ემოციური აღმოჩნდა – მამამ არა მხოლოდ მიიღო მისი ორიენტაცია, არამედ მასთან ერთად ეზოში დროშის აღმართვაც კი მოისურვა.

„მამა, მადლობა უპირობო სიყვარულისა და ჩემი მიღებისთვის! შენ ყველაზე მაგარი ხარ! მიყვარხარ და ვამაყობ შენით!“ – ამბობს მორი შერმანი

წყარო: advocate.com

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ლგბტ საკითხებზე – ინტერვიუ მაია ცირამუასთან

ბოლო რამდენიმე თვეში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გვაჩვენა, რომ სიძულვილი და ჰომოფობია კვლავ გადაულახავი პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის. რადიკალური ჯგუფები აგრძელებენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას და ადამიანების შეცდომაში შეყვანას, ყველაზე მძლავრი იარაღი კი მათთვის არასრულწლოვნები არიან.

გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან, რომელიც მოგვიყვება, რა ეტაპებს გადის ბავშვი ზრდასრულ ასაკამდე, როგორ უნდა შეუწყოს მშობელმა ხელი, სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ შვილებთან სექსუალობაზე საუბარი, როგორ დავიცვათ სიძულვილისგან და ჰომოფიისგან და როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ლგბტ საკითხებზე, ისე რომ არ დავაზიანოთ და დავაფრთხოთ ბავშვები:

სექსუალობაზე საუბარი ბავშვთან, შეგვიძლია, საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყოთ, უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა საფეხურზე ამ საუბრებს სხვადასხვა როლი აქვს ბავშვისთვის. პირველი, როცა აუცილებელია მშობელი შვილს სექსუალობაზე დაელაპარაკოს, ეს არის 3-4 წლის ასაკი, როცა ბავშვი პირველად გადის სახლის იქით და სოციალიზაციის პირველ ნაბიჯებს დგამს. (როცა მიდის საბავშვო ბაღში, ან ეზოში სათამაშოდ) ამ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს გასაგები ენით ავუხსნათ, რა არის მისი პირადი სივრცე, სხეულის რომელი ნაწილები ითვლება ინტიმურ ნაწილებად, ვის აქვს მასთან შეხების უფლება, ვის – არა, როგორი შეხება შეიძლება იყოს მისთვის სახიფათო, თუმცა უნდა ავუხსნათ ეს ყველაფერი ისე, რომ ბავშვი არ შეშინდეს, უნდა ვასწავლოთ სიფრთხილის ზომების დაცვა. და რაც ყველაზე მთავარია, მან უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე ცდილობს არასასურველ კონტაქტს, მან აუცილებლად უნდა უთხრას მშობელს.

ამის შემდეგ, ასევე 3-4 წლის ასაკში, ბავშვს უჩნდება ფილოსოფიური სახის კითხვები და ინტერესდება ადამიანების წარმომავლობით, სწორედ ამიტომ, სვამს კითხვას, საიდან გავჩნდით, როგორ გავჩნდით, რაც, ხშირ შემთხვევაში,  ისე მოიაზრება, თითქოს ბავშვს ადამიანის სექსუალური ცხოვრება აინტერესებს, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მის კითხვებს და მისთვის გასაგები ენით უნდა ავუხსნათ, როგორ ჩნდება ადამიანი, კომუნიკაციის გასამარტივებლად, შეგვიძლია, მოვიშველიოთ ყვავილების გამრავლება, შეგვიძლია, ვაჩვენოთ ვიდეოები, როგორ მრავლდება ბუტკო, ყველა მშობელს შეუძლია, მოიძიოს ამის შესახებ ინფორმაცია და ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ გააკეთოს.

8-10 წლის ასაკში ბავშვს უჩნდება ინტერესი სქესთაშორის ურთიერთობების შესახებ. ამ ასაკში მას უკვე აქვს მიკუთვნებულობა თავის სქესთან, იცის, რა არის სხვა სქესი, ვინ რომელ სქესს განეკუთვნება და ა.შ. სქესთაშორის ურთიერთობების ინტერესის გაღვივებისთანავე ბავშვები იწყებენ ერთმანეთისთვის თავის მოწონებას, ვინ რამდენი იცის, ვინ რამდენად კომპეტენტურია და ეს არის ზუსტად ის დრო, როდესაც უფროსი ბავშვს უნდა დაელაპარაკოს სქესთაშორის ურთიერთობების შესახებ, ჩვენ, უფროსებმა, უნდა დავასწროთ ბავშვს, სანამ ეს ინტერესები გაუჩნდება და მივაწოდოთ ინფორმაცია მაქსიმალურად გასაგებად და აკადემიურად. თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით და მითებით, 8-10 წლამდე ბავშვს კი ინტერნეტთან წვდომა უკვე აქვს.

მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს სექსუალობა და არ გავექცეთ ამ ტერმინს. სექსუალობა ძალიან ფართო და საინტერესო ცნებაა, ეს არ არის საშიში ცნება, სექსუალობა გულისხმობს ძალიან ბევრ ცოდნას, როგორც რეპროდუქციულ სისტემაზე, ასევე, სექსუალური განცდების შესახებ, წარმოდგენების შესახებ, კომუნიკაციის შესახებ, ფლირტის შესახებ და ათასი სხვა ნიუანსია – ეს ტერმინი მოიაზრებს საკუთარი თავის შემეცნებას, საკუთარი სხეულის გაცნობას, თვითაღქმის ჩამოყალიბებას.

როცა ბავშვი მოზარდობის ასაკში შედის, მისი დეტალური და ზუსტი ცოდნით აღჭურვა აუცილებელია, რადგან ამ ასაკში იწყება საოცარი რევოლუცია ბავშვის ჰორმონალურ სისტემაში, ასევე თავის ტვინში ხდება ძალიან სერიოზული ცვლილებები, დომინირებენ ისეთი ჰორმონები, რომლებიც გამრისკავი ქცევისკენ, სიამოვნების მიღებისკენ, იმპულსურობისკენ გვიბიძგებენ და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია, რა ხდება ჩვენ თავს. ამ ასაკში ძალიან გავრცელებულია ჭაბუკური ჰიპერსექსუალობა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია ბიჭებში, რაც უკავშირდება ფანტაზიებს, სურვილებს და ამან შეიძლება შეაშინოს ბავშვი, პრაქტიკაში ხშირად მინახავს ამ ასაკის ბავშვებში ობსესიური კომპულსიური აშლილობა, როცა კასკადურად მოდის სექსუალური შეფერილობის განცდები და ფიქრები, რაც აფიქრებინებთ, რომ ისინი ცუდები არიან, თან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ტაბუ ადევს ამ თემებს, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ცუდი ხდება მათ თავს, დანაშაულად აღიქვამენ ამგვარ ფიქრებს, იტანჯებიან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მარტივი ფსიქიკური მდგომარეობა მოზარდისთვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს აკადემიური და ზუსტი ინფორმაცია, რა იცვლება მის სხეულში, რა იცვლება მის კომუნიკაციაში, როგორი ტიპის კომუნიკაცია შეიძლება იყოს ამ დროს დამცავი და უსაფრთხო მისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა არის მაღალი რისკი სექსთინგის.

ბავშვებთან სექსუალობაზე საუბარი თავიდან აარიდებთ მათ მრავალი სახის საფრთხეს, ისინი უფრო დაცულები იქნებიან და მათი ცხოვრების ხარისხი გაცილებით უკეთესი იქნება, ისინი მაინც მიიღებენ ინფორმაციას რიგ საკითხებზე, ამიტომ უმჯობესია, ჩვენ დავასწროთ და მივცეთ უფრო ზუსტი ინფორმაცია ბავშვობიდან.

 

ბავშებს გენდერული ჩარჩოებისგან ვერანაირად ვერ დავიცავთ, თუ ამ ჩარჩოებისგან ჩვენ თვითონ არ ვართ თავისუფლები, თუ სამყარო ასე მარტივად არის დაყოფილი ჩემთვის – ფერები, როლები, თამაში, ურთიერთობები, ემოციები – მაშინ ეს ასე იქნება ჩემი შვილისთვისაც. ყველაზე დიდი სისულელე, ემოციების დაყოფაა გენდერის მიხედვით, როცა პატარა ბიჭი მიდის შეშინებული, ატირებული მშობელთან და ისინი გაუწყრებიან, ეუბნებიან, რომ შენ კაცი ხარ და არ უნდა იტირო. უკვე აქედან იწყება არასწორი აღზრდა და ძალიან მძიმე პროცესები, ისევე როგორც გოგონას ეკრძალება, ბრაზი გამოხატოს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ბიჭებს არ უწევთ ისეთი განცდების შენახვა და რეპრესირება, როგორიცაა შიში და უსუსურობის განცდა, ძალიან დაბალი მაჩვენებელია გენდერული ნიშნით ჩაგვრისა. ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოხატონ თავიანთი სისუსტე, გამოხატონ თავისუფლად თავიანთი გრძნობები, არ არის საჭირო, ტოქსიკური, მომწამვლელი კაცურობის თავს მოხვევა მათთვის, უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველანი ამის გარეშე გავზრდით შვილებს.

ერთი ბიჭი მიყვებოდა, ძალიან ემპათიური, სენსიტიური და გახსნილი ბავშვი ვიყავი, დავდიოდი ფეხბურთზე და მიჩვეული ვიყავი, რომ ყველას ვეხუტებოდი, ყველასთან უშუალო ურთიერთობა მქონდაო, ერთხელაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, დავბრუნდი ფეხბურთზე, ჩავეხუტე მასწავლებელს და შენიშვნა მივიღე, შენ რა გოგოსავით მეხუტებიო, კაცს არ უხდება ეგეთიო, ამის შემდეგად რაღაც სერიოზული ჩაწყდა ჩემში და ჩემს ემოციებს გარეთ აღარ ვუშვებდი, გავცივდიო. ჩვენ გვგონია, რომ თითქოს არაფერი, ვუყიდით ბიჭს ცისფერ მაისურს, გოგონას – ვარდისფერს, ვერთობით, მაგრამ ამგვარი დაყოფები გვანგრევს და ზუსტად ასეთ ქმედებებში ვდებთ იმ ნაღმებს, რომლებიც მერე აუცილებლად აფეთქდება და ცუდ შედეგებს გამოიღებს.

თუ ოჯახის რომელიმე წევრი არის გეი, ტრანსი ან ბისექსუალი, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ვუთხრათ ოჯახის მცირეწლოვან წევრს, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და მაქსიმალურად უნდა დავცალოთ განსჯითი დამოკიდებულებისაგან ადამიანის სექსუალობისა და  სექსის შესახებ, რადგან  სწორედ ასეთ მომენტში შეიძლება დავაზიანოთ ის – ჩავნერგოთ შიში ან ზიზღი ან სულაც არაჯანსაღი ინტერესი.

8-10 წლის ასაკში, როცა უკვე ბავშვში ჩნდება სქესთაშორის ურთიერთობების შესახებ დაინტერესება, მას აქვს უკვე რესურსი, მიიღოს ეს ინფორმაცია, განსაკუთრებით, დღევანდელ დღეს, როცა ამის შესახებ ისედაც მარტივია ინფორმაციის მიღება ბავშვისთვის, ინფორმაციაზე ხელი უკვე ყველას მიუწვდება, ამიტომ სჯობს, ეს სენსიტიური თემა მცირეწლოვანმა კომპეტენტური პირისგან მიიღოს.

ყველაზე მთავარი არის ის, თუ რა მესიჯს მიიღებს ბავშვი – რომ ეუბნები, რისთვის ეუბნები, რომ გარიყოს ეს ადამიანები თუ პირიქით – რომ მიიღოს, მხარი დაუჭიროს და ა.შ. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება ბავშვს ისე მიეწოდოს ინფორმაცია LGBT+ საკითხებზე, რომ დამაზიანებელი აღმოჩნდეს მისთვის, მაგალითად, თუ ის ხედავს, რომ არაფერს ეუბნებიან ამ საკითხებზე, მაგრამ ოჯახის რომელიმე წევრს ცუდად ექცევიან ამის გამო, ძალიან ხშირია მასთან კონფლიქტი, ხშირად გარბის სახლიდან, ეს უკვე არის ძალიან დიდი ნაღმი მისთვის.

სწორედ ამიტომ, საჭიროა, ამ ასაკიდან ვუთხრათ, რომ არსებობს განსხვავებები სქესებს შორის, არსებობს სხვადასხვა სექსუალური იდენტობები და არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რომ ეს მათზე გავლენას მოახდენს, ვერავინ ვერაფერი გახდება, თუ ის უკვე არ არის. ჰომოფობიის პრევენციისთვისაც არის კარგი ბავშვებთან ლგბტ საკითხებზე საუბარი, თუკი ადრეული ასაკიდანვე იციან ბავშვებმა ეს და სწორად არიან ინფორმირებულები, მათი მომავალი ცხოვრება თავისუფლდება სიძულვილისგან და შიშებისგან განსხვავებულის მიმართ.

 

საკუთარი თავის ძიება და აღმოჩენა ძალიან პერსონალური გამოცდილებაა და ამასთან მშობელს არაფერი ესაქმება, რაც შეიძლება მშობელმა ამ დროს გააკეთოს, არის ის, რომ არ შეუშალოს ხელი შვილს სამყაროსა და საკუთარი თავის ძიებაში, არ გახდეს დიდი ბარიერი, წინააღმდეგობა და ეცადოს, მიიღოს იგი ისეთი, როგორიც არის. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მძიმეა, როცა ადამიანი აღმოაჩენს, რომ მისი სექსუალური სურვილები განსხვავებულია, იგი თავს გრძნობს მარტო, მიტოვებულად, ფიქრობს, რომ ერთადერთია, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ განცდებისგან დავიცვათ ადამიანი და ადრეული ასაკიდანვე მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლის პერსპექტივა, ვერაფრით დაეხმარები შენს შვილს, თუ შენ თვითონ არ ხარ მზად, მიიღო ეს ინფორმაცია და შვილი ისეთი, როგორიც არის. ბევრია ასეთი შემთხვევა, ბევრ ახალგაზრდას უთქვამს ჩემთვის, კი, ჩემი მშობლები არ მაგდებენ სახლიდან, კარს არ მიხურავენ ცხვირწინ, თუმცა მაინც არ მიღებენ, ტრანსგენდერ გოგონას უთქვამს, რომ მშობლები მეძახიან ისევ ძველ სახელს და ამით ყველაფერს ანგრევენ, ამას მირჩევნია, სახლიდან გამაგდონ. ამ მშობლებს სჭირდებათ სერიოზული დახმარება, არც მათთვის არის ეს იოლი პროცესი, როგორც ადამიანი აღმოაჩენს ერთ დღეს, რომ მისი ორიენტაცია განსხვავებულია და ჩნდება მასში უზარმაზარი კითხვითი ნიშანი, დაბნეულობა და შიში, ასევეა მშობლისთვის.

ყველაზე მეტად მშობელს ხელს რაც უშლის, მიიღოს თავისი შვილი, არის სოციალური წნეხი, საზოგადოების შეკვეთა, შიში, რომ იტყვიან – ცუდი მშობელია, ცუდი შვილი გაზარდა. თუ ამ წნეხებისგან გათავისუფლდებიან მშობლები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქნებიან მხოლოდ და მხოლოდ მხარდამჭერები, დაეხმარებიან თავიანთ შვილებს და იქნებიან კედელი მათთვის. ძალიან ბევრ მშობელს უთქვამს ჩემთვის, მე კი ვიცი, რომ საოცარი შვილი მყავს, მაგრამ მენანება და მეცოდება, იმ შეძახილისთვის, აგდებული დამოკიდებულებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, რაც გარეთ ხვდება, ეს მაშინებს და ამის გამო ვთხოვ, რომ, მოდი, თმა უფრო სხვანაირად გაიკეთე, ნაკლებად მასკულინური იყავი (გოგონას შემთხვევაში) ან ნაკლებად ფემინური (ბიჭის შემთხვევაში). ძალიან ხშირად უთქვამთ მათ, რომ საზოგადოების ეშინიათ და არა მათი შვილების.

ჩემი აზრით, ამ თემებზე აქტიურად უნდა მუშაობდეს სკოლა. ამისთვის არსებობს შესანიშნავი რესურსი, სამოქალაქო განათლების საგანი სკოლებში, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია ლგბტ თემებზე, რატომ არ შეიძლება ლიტერატურის მასწავლებელმა ისაუბროს ამ თემებზე ბავშვებთან, რამდენი ლიტერატურა არსებობს, რომელიც ამას ეხება. მე ვფიქრობ, რომ სკოლებმა უნდა აიღონ პასუხიმგებლობა ამ მხრივ და ბავშვები მოამზადონ იმისთვის, რომ მეტი მიმღებლობა ჰქონდეთ.

გასულ წელს 400-მდე სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან მქონდა შეხვედრა, ჩემი თემა, სხვა მრავალ თემასთან ერთად, იყო დისკრიმინაციული ქცევის ანატომია, კიდევ უფრო სიღრმისეული ინფორმაცია მიიღეს სხვა სპეციალისტისგან, რა არის იდენტობა, რა კვლევები არსებობს, რა გამოწვევების წინაშე დგანან ეს ადამიანები, უკუკავშირი იყო საოცარი – ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი სტერეოტიპი დაიმსხვრა, ისინი უკვე სხვანაირად შეხედავენ ამ თემებს, სხვანაირად მიუდგებიან მოსწავლეებს.

ბევრ მასწავლებელს უთქვამს, რომ ჩვენ კი დაველაპარაკებით ამ თემებზე მოსწავლეებს, თუმცა წინ ვერ დავუდგებით მშობლებს, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, წინააღმდეგი არიან ეს ინფორმაციები ბავშვებს ჰქონდეთ და ამბობენ, რომ, რა საჭიროა, ჩვენ ხო გავიზარდეთ ისე, რომ არ მიგვიღია სექსუალური განათლება. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფო არაფერს აკეთებს, განათლების სისტემა არ მუშაობს ამ საკითხებზე, სკოლაში არ ასწავლიან ამ თემებს.

ვიღაცა უნდა არსებობდეს ბავშვის ცხოვრებაში, ერთი ადამიანი მაინც, ერთი მხარდამჭერი, თუ არ იქნება ეს მშობელი, ეს უნდა იყოს მასწავლებელი, მეგობარი, ან მეზობელი. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოება ამ ტოქსიკური ფობიებისგან გავათავისუფლოთ.

ავტორი: ზურა აბაშიძე

8 ახალი ქვიარ სერიალი, რომელსაც შემოდგომაზე უნდა ველოდოთ

ცხელი და თავგადასავლებით სავსე ზაფხულის შემდეგ, სახლში დაბრუნება არც ისე რთულია, თუ გავიხსენებთ, რომ სულ მალე ეკრანებზე უამრავ ახალ და საინტერესო სერიალს ვიხილავთ.

მაშ, ასე, ჩამოისხით კიდევ ერთი ჭიქა ჩაი, მოიმარაგეთ საყვარელი სასუსნავები და გადახედეთ ქვიარ სერიალებს, რომლებსაც ამ შემოდგომაზე უნდა ველოდოთ ტელეეკრანებზე.

The Other Two (HBO Max)

გამოსვლის თარიღი – 26 აგვისტო 

The Other Two 26 აგვისტოს მეორე სეზონით დაბრუნდა, სერიალი მოგვითხრობს დამწყები გეი მსახიობისა და მისი მოცეკვავე დის ისტორიას, რომლებიც კარიერაში წარმატების მიღწევას უშედეგოდ ცდილობენ მაშინ, როცა მათი უმცროსი, 13 წლის ძმა მოულოდნელად ინტერნეტ სენსაცია გახდება.

Q-Force (Netflix)

გამოსვლის თარიღი – 2 სექტემბერი 

თუ ქვიარ სერიალები და ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ანიმაციური სერიალები თქვენც ჩვენსავით გიყვართ, კარგი ამბავი გვაქვს, Q-Force ნეტფლიქსის ახალი ანიმაციური სერიალია, რომელიც ქვიარ სუპერაგენტებზე მოგვითხრობს. სერიალში საიდუმლო ქვიარ აგენტებს აგენტი მერი ხელმძღვანელობს, ყველაფერი კი მას შემდეგ იცვლება, როცა აგენტების გუნდს ჰეტეროსექსუალი მამაკაცი შეემატება.

Impeachment: American Crime Story (FX)

გამოსვლის თარიღი – 7 სექტემბერი 

ჯიანი ვერსაჩის და ო. ჯეი სიმპსონის გახმაურებული სეზონების შემდეგ American Crime Story მორიგი სეზონით გვიბრუნდება. ანთოლოგიის მორიგი სეზონი Impeachment ამერიკის 42-ე პრეზიდენტის, 43 წლის ბილ კლინტონისა და 22 წლის თეთრი სახლის ინტერნის, მონიკა ლევინსკის სექს სკანდალს გააცოცხლებს. სერიალში მთავარ როლს სარა პოლსონი შეასრულებს.

Y: The Last Man (FX)

გამოსვლის თარიღი – 13 სექტემბერი 

მოგბეზრდათ „მოსიარულე მკვდრები“ ? მაშინ ეს ახალი სერიალი თქვენთვისაა. ცნობილ კომიქსებზე დაფუძნებულ სერიალში მოქმედება პოსტ აპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, სადაც ერთ დღეს Y ქრომოსომის მქონე ყველა ცოცხალი არსება გაქრება, ცისგენდერი მამაკაცის – იორიკის და მისი მაიმუნის გარდა.

Chicaco Party Aunt (Netflix)

გამოსვლის თარიღი – 17 სექტემბერი 

Chicago Party Aunt კიდევ ერთი კომედიური ჟანრის ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ანიმაციური სერიალია, რომელიც ახალგაზდა გეი მამაკაცზე გვიამბობს. სერიალის გმირი გადაწყვეტს, ერთი წელი შესვენება აიღოს, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და წვეულების მოყვარულ დეიდასთან გადავიდეს ჩიკაგოში საცხოვრებლად.

Sex Education (Netflix)

გამოსვლის თარიღი – 17 სექტემბერი 

თუ ჯერ კიდევ არ იცი, გეტყვით, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში ეკრანებზე Netflix-ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი, Sex Education მესამე სეზონით ბრუნდება, სერიალი მორდეილის სკოლის მოსწავლეზე, ოტის მილბურნსა და მის დედაზე, ჯინ მილბრუნზე (ჯილიან ანდერსონი) გვიამბობს. როგორც სულ ახლახანს გამოსული ტრეილერიდან ჩანს, ახალი სეზონი უფრო მეტად დრამატული უნდა იყოს.

Chucky (Syfy/USA)

გამოსვლის თარიღი – 12 ოქტომბერი 

ჰორორების მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს, სულ მალე ეკრანებზე გამოვა Chucky, ჰორორის ჟანრის საკულტო ფილმების სატელევიზიო ადაპტაცია, სადაც პატარა, მშვიდი და წყნარი ქალაქის ყოფა არის აღწერილი, თუმცა ეს სიმშვიდე და იდილია მას შემდეგ ირღვევა, რაც სკოლის გეი მოსწავლე, ჯეკი უცნაურ თოჯინას შეიძენს.

The 4400 (The CW)

გამოსვლის თარიღი – 25 ოქტომბერი 

ალბათ ყველას გვახსოვს 2000-იანების საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი The 4400. სერიალი გვიამბობს ადამიანებზე,  რომლებიც ერთ დღესაც დედამიწიდან გაქრებიან, წლების შემდეგ კი, მოულოდნელად ისევ დაბრუნდებიან, გამქრალ ადამიანებს არ ახსოვთ, სად წავიდნენ ისინი, არ მომატებიათ ასაკი და მეტიც, ისინი ახალ სუპერძალებს ფლობენ. სერიალის რებუტი ოქტომბერში გამოვა The CW ეკრანებზე.