სექტემბერი 2021 - Page 2

რას ნიშნავს ფერები ბისექსუალების დროშაზე

ბისექსუალების დროშაზე, რომელიც 1998 წლის 5 დეკემბერს შეიქმნა, ფერებს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. დროშა მაიკლ პეიჯმა შექმნა ლგბტ თემსა და, ზოგადად, საზოგადოებაში ბისექსუალთა ხილვადობისთვის.

მისი შექმნისას ავტორის ინსპირაცია ე.წ. “ბი-კუთხედი” აღმოჩნდა, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, სივრცით გეომეტრიაში სტანდარტული სამკუთხედის ნაირსახეობაა. მეტი ვიზუალიზაციისთვის, შეგიძლიათ, ნიმუში ფოტოს სახით ნახოთ. ხოლო ამ სფერული ნიმუშის სიბრტყეში გადმოტანისას, დაახლოებით მსგავსი ფიგურა მიიღება:

მაიკლ პეიჯმა ბისექსუალებისთვის შექმნილი დროშის ინსპირაციად, სწორედ ამ გეომეტრიული ფიგურის პროპორციები გამოიყენა.

ბისექსუალების დროშაზე სამი ფერია: ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი. სამივე ფერს კონკრეტული დატვირთვა აქვს – ვარდისფერი, რომელიც დროშის 40%-ს იკავებს, ნიშნავს ჰომოსექსუალობას, იასამნისფერი 20%-ს იკავებს და წარმოადგენს ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის ნაზავს, ხოლო ლურჯი ფერი – 40%-ს და ჰეტეროსექსუალობას ნიშნავს. დროშაზე ვარდისფერისა და ლურჯის კომბინააციით მიიღება იასამნისფერი და გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ფერები ერთი მთლიანობაა.

კიდევ 7 ქვიარ ქალი და არაბინარული წყვილი სატელევიზიო შოუებიდან

სატელევიზიო შოუები არაერთი მიზეზის გამო ქვიარ კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენს დროში სერიალები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, გარდა ამისა, ყველასთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია, ამიტომ ქვიარ ხილვადობის გაზრდა სატელევიზიო შოუებში უზარმაზარი შედეგის მომტანია.

რამდენიმე დღის წინ ,,ქვიარზე’’ გამოქვეყნდა 10 დასამახსოვრებელი ქვიარ ქალი და არაბინარული წყვილის სია სატელევიზიო შოუებიდან. ამ სტატიაში კიდევ შვიდ დასამახსოვრებელ ქვიარ ქალსა და არაბინარულ წყვილს გაგაცნობთ:

Feel Good (2020) – მეი და ჯორჯი

Feel good (,,თავი იგრძენი კარგად’’) Netflix-ის 2020 წლის ნამუშევარია, რომელიც კანადელი, ინგლისში მცხოვრები Stand up კომიკოსის – მეი მარტინისა და სკოლის მასწავლებლის, ჯორჯის გარშემო ვითარდება. სერიალი ორ სეზონს, მთლიანობაში 12 სერიას მოიცავს და ისეთი საკითხების, როგორიცაა ნარკოდამოკიდებულება და არასრულწოვნებზე სექსუალური ძალადობა, ახალი და ძალიან საინტერესო პერსპექტივიდან დანახვის საშუალებას იძლევა.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Godless (2017) – მერი აგნესი და კალი

Godless (,,უღმერთო’’) Netflix-ის 2017 წლის მინისერიალია, რომელიც მთლიანობაში რვა ეპიზოდს მოიცავს. ვითარება ამერიკულ დასავლეთში, პატარა ქალაქში ვითარდება, სადაც შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად კაცები დაიღუპებიან და ქალაქში მხოლოდ ქალები რჩებიან. მერი აგნესისა და კალის სიყვარულის ისტორია იმ სირთულეების პარალელურად ვითარდება, რომელთან გამკლავებაც ქალაქის მაცხოვრებლებს უწევთ.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Orange Is the New Black – ნიკი და ლორნა

Orange Is the New Black (,,ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური’’) Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომლის პრემიერა 2013 წელს შედგა. სერიალი ამერიკაში ქალი პატიმრების გარშემო ვითარდება და მაყურებელს სხვა პერსონაჟებთან ერთად, არაერთი ქვიარ წყვილით დაამახსოვრა თავი. ნიკისა და ლორნას სასიყვარულო და დინამიური ურთიერთობა, უდავოდ, სერიალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია.

ტრეილერი იხილეთ აქ.

The Fosters (2013) – ლინა და სტეფი

The Fosters (,,ფოსტერები’’) 2013 წელს დაპრემეირდა და მაყურებელს თავი მალევე შეაყვარა. სერიალი ხუთ სეზონსა და 100-ზე მეტ ეპიზოდს მოიცავს და ამერიკული ქვიარ ოჯახის ამბავს გვიყვება, რომელიც ორი დედისგან და მათი ხუთი შვილისგან შედგება. ვინაიდან ქვიარ ოჯახური დრამა თანამედროვე პოპ-კულტურაში ნაკლებად პოპულარულია, The Fosters ნამდვილად გამონაკლისს წარმოადგენს. ლინასა და სტეფის ურთიერთობა კი, როგორც წყვილის, ისე მშობლების პერსპექტივიდან არის განხილული და მაყურებელს იმ პრობლემებზე დაფიქრების საშუალებას აძლევს, რომლებსაც მშობლები და ქვიარ მშობლები ყოველდღიურად უმკლავდებიან.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Gentleman Jack (2019) – ენი და ენი

Gentleman Jack (,,ჯენტლმენი ჯეკი’’) BBC-ის 2019 წლის მინისერიალია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთ სეზონსა და 8 ეპიზოდს მოიცავს, თუმცა სულ მალე მეორე სეზონის პრემიერა იგეგმება. სერიალი მეცხრამეტე საუკუნეში, ენ ლისტერის, ინგლისელი მიწათმფლობელისა და დღიურების მწერლის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც, მამულში დაბრუნებულს, მეზობლად მცხოვრები ქალი, ენ ვოლქერი უყვარდება. მათი დინამიური ურთიერთობა კი სერიალის განმავლობაში ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ენ ლისტერის ცხოვრების შესახებ უფრო ფართოდ შეგიძლიათ, წაიკითხოთ სტატიაში.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Killing Eve (2018) – ივი და ვილანელი

Killing Eve (,,ევას მკვლელობისას’’) 2018 წლის ბრიტანული სერიალია, რომელმაც პრემიერისთანავე მოიპოვა დიდი წარმატება. სამი წარმატებული სეზონის შემდეგ, 2022 წელს მეოთხე, ფინალური სეზონის პრემიერა იგეგმება. სერიალი კი რუსი წარმოშობის დაქირავებული მკვლელის, ვილანელისა და ინგლისელი გამომძიებლის, ივ პოლასტრის გარშემო ვითარდება. ივისა და ვილანელის ურთიერთობა, რომლისთვისაც სახელის გამოძებნა ძალიან რთულია,მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. პერსონაჟების განვითარება და გარდასახვა სამი სეზონის განმავლობაში მათ ურთიერთობაზეც აისახა და ნამდვილად საინტერესოა, ახალ სეზონში რა მიმართულებით გაგრძელდება.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Black Mirror (2011) – იორკი და კელი

Black Mirror (,,შავი სარკე’’) Netflix-ის 2011 წლის ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც დამოუკიდებელი სერიებისგან შედგება და დღეისათვის ხუთ სეზონს მოიცავს. მესამე სეზონის მეოთხე ეპიზოდი, San Junipero ერთგვარი ნარევია კელისა და იორკის ულამაზესი სასიყვარულო ურთიერთობისა და იმ სპეფიციკური მახასიათებლების, რაც Black Mirror-ს სხვა სატელევიზიო გადაცემებისგან გამოარჩევს.

Black Mirror-ის მესამე სეზონის ტრეილერი იხილეთ აქ.

ავტორი: ანამარია

Britney vs Spears – NETFLIX-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა

NETFLIX-ის მაყურებელი 28 სექტემბერს ახალ დოკუმენტურ ფილმს – Britney vs Spearsიხილავს. ფილმი ბრიტნი სპირსისა და მომღერლის მამის, ჯეიმი სპირსის გახმაურებულ ამბავს ასახავს.

21 სექტემბერს სოციალურ ქსელში მოკლე თიზერი გამოქვეყნდა. 18-წამიან კლიპში მომღერლის აუდიო შეტყობინება ისმის, რომელსაც საკუთარ ადვოკატს 2009 წლის 21 იანვარში უგზავნის.

თიზერს მოჰყვა Netflix-ის თრეილერი, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ მომღერლის იძულებით დატოვებას მეურვეობის ქვეშ ფინანსური წახალისების გზით. Variety-ს ცნობით, პროექტზე, რომლის რეჟისორი ერინ კერია, ერთ წელზე მეტია მუშაობენ.

Britney vs Spears არ არის პირველი დოკუმენტური ფილმი მომღერლის სამართლებრივ საქმეზე. The New York Times-ის მიერ Framing Britney Spears-ის პრემიერა FX არხსა და HULU-ზე გაიმართა 2021 წლის 5 თებერვალს. ემიზე ნომინირებული დოკუმენტური ფილმი – FREE BRITNEY, 13-წლიან სასამართლო პროცესს ასახავს.

ბრიტნის საქმე ბოლო თვეების განმავლობაში კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, ნაწილობრივ, დოკუმენტური ფილმის წყალობით, თუმცა საქმის პირველმა საჯარო სასამართლო განხილვამ შოკში ჩააგდო მსოფლიო. ,,მე მოვიტყუე, ვუთხარი მთელ მსოფლიოს, რომ კარგად ვარ და ბედნიერი ვარ, მე მხოლოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა, 13 წელი საკმარისზე მეტია!“ – თქვა ბრიტნიმ თავის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ვარსკვლავის მამას, ჯეიმი სპირსს, მეურვის სტატუსი გაუუქმა, მან თქვა: ”თუ ქალბატონ სპირსს სურს, შეწყვიტოს ჩემი მეურვეობის ქვეშ ყოფნა და მიაჩნია, რომ შეუძლია გაუმკლავდეს საკუთარ ცხოვრებას, ბატონი სპირსი მიიჩნევს, რომ მან (ბრიტნიმ) უნდა მიიღოს ეს შანსი”.

Britney vs Spears– ის პრემიერა NETFLIX-ზე 28 სექტემბერს დაიგეგმა, ბრიტნის საქმის მორიგი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

წყარო: them.us

10 დასამახსოვრებელი ქვიარ ქალი და არაბინარული წყვილი სატელევიზიო შოუებიდან

ბეთ რობინსონი – პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, რომელიც აშშ-ს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედაა წარდგენილი

2011 წელს, ბეთ რობინსონმა, როგორც უზენაეს სასამართლოში ასოცირებულმა მოსამართლემ, ფუნდამენტური როლი შეასრულა შეერთებულ შტატებში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების ლეგალიზებაში.

ბაიდენის ადმინისტრაცია რობინსონს წარადგენს აშშ-ს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც კონექტიკუტის, ნიუ-იორკისა და ვერმონტის შტატებს ემსახურება.

,,მოსამართლე რობინსონი მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩემი გმირი”, – თქვა სენატის პრეზიდენტმა რობინსონის კანდიდატურის წარდგენისას. ,,მისი არგუმენტი უზენაესი სასამართლოს წინაშე სამოქალაქო კავშირის საქმეში ზედმიწევნით პროფესიონალური იყო, აღფრთოვანებული ვარ მისი კანდიდატურით აშშ-ს სააპელაციო სასამართლოში.’’

რობინსონი ღიად ლესბოსელია. ის და მისი მეუღლე კიმ ბოიმანი სამოქალაქო კავშირში იყვნენ 2001 წლამდე, ხოლო 2010 წელს დაქორწინდნენ.

წყარო: gaytimes.co.uk

დროა, ტრანსგენდერების სპორტში ყოფნა ნორმალიზდეს

ალანა მაკლაფლინმა, მეორე ღიად ტრანსგენდერმა ქალმა, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მონაწილეობა მიიღო MMA–ში (შერეული საბრძოლო ხელოვნება), სადებიუტო გამოსვლისას, მაიამიში, ორთაბრძოლა მოიგო.

მაკლაფლინი მეორე ღიად ტრანსგენდერი ქალია, რომელიც MMA– ში მონაწილეობს.

მისი დებიუტი მას შემდეგ შედგა, რაც ამერიკამ განიხილა კანონმდებლობა, რომელიც ტრანსგენდერი სპორტსმენების სპორტში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

,,ახლა მე ფელონის კვალს მივყვები. მე მხოლოდ ერთი ნაბიჯი ვარ ამ გზაზე და დიდი იმედი მაქვს, ჩემ შემდეგ კიდევ ბევრი იქნება’’ – თქვა მაკლაფლინი, ის გულისხმობდა ფელონ ფოქსს, რომელიც 2012 წელს პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელიც MMA– ში გამოდიოდა.

,,თუ ჩვენ გვინდა, ვიხილოთ მეტი ტრანს სპორტსმენი, თუ ჩვენ გვინდა, ვნახოთ მეტი შესაძლებლობა ტრანს ბავშვებისთვის, ჩვენ მოგვიწევს ამ სივრცეების ათვისება და ამის გაკეთება. დროა, ტრანს ადამიანების სპორტში ყოფნა ნორმალიზდეს’’ – განუცხადა მაკლაფლინმა Outsports -ს.

გამარჯვებულად გამოცხადებისას, მაკლაფლინს ეცვა მაისური წარწერით – ,,დაასრულე ტრანს გენოციდი”.

წყარო: e-radio.us

გერმანია ნაცისტური რეჟიმის შედეგების კომპენსირებას დღემდე ცდილობს

ლგბტქ+ ადამიანებს, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის დროიდან მოქმედი ანტი-გეი კანონის საფუძველზე იდევნებოდნენ, გერმანიის სახელმწიფო გარკვეული რაოდენობის ფულად კომპენსაციას მისცემს. კანონი გერმანიაში 1871 წლიდან 1994 წლამდე მოქმედებდა და ამ კანონის მიხედვით, მამაკაცებს შორის ჰომოსექსუალური კავშირი კრიმინალიზებული იყო.

გერმანიის იუსტიციის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპენსაცია 317 – მა პირმა მოითხოვა. 249 ადამიანის მოთხოვნა უკვე ანაზღაურებულია, დარჩენილი – განიხილება ან უარყოფილია გარკვეული მიზეზების გამო. კომპენსაციის მოთხოვნაზე საჩივრების შეტანა 2022 წლის 21 ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც Associated Press წერს, ანაზღაურება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამხელა ზიანი მიადგა დაზარალებულს. ზიანი კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ეჭვმიტანილად ცნობა, გამოძიების პერიოდში ლოდინი, პატიმრობაში ყოფნის წლები და ა.შ. ასევე, განიხილება ისიც, რომ ფულადი ანაზღაურება დაწესდეს იმ პირებისთვის, რომელთაც მიადგათ ფსიქიკური ზიანი ან ხელი შეეშალათ დასაქმებისას.

გერმანიაში ე.წ. ,,175-ე პარაგრაფი” პირველად 1871 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამოქმედდა მეფე ვილჰელმ I-ის მიერ, როდესაც 1933 წელს ადოლფ ჰიტლერმა ძალაუფლება მიიღო, სისხლის სამართლის კოდექსმა დაგმო ,,არაბუნებრივი სქესობრივი ქმედება მამრობითი სქესის პირებს შორის” და ჰომოსექსუალობა ზოოფილიას გაუთანაბრა. აღნიშნული ,,ქმედება” ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთითა და სამოქალაქო უფლებების დაკარგვით. 1935 წელს ნაცისტებმა გადახედეს 175-ე პარაგრაფს და კიდევ უფრო გაამკაცრეს ის, რათა ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილებიც კი კანონის ძალით დასჯილიყვნენ – ორ მამაკაცს შორის სექსუალური მიმართვა ან ,,სექსუალურად დამაფიქრებელი მზერაც” შეიძლება დაკავების მიზეზი გამხდარიყო. კანონის თანახმად, მამაკაცები კასტრირებულიც კი იყვნენ.

მთელი თავისი რეჟიმის განმავლობაში, ნაცისტური პარტია ცდილობდა, გაეუქმებინა ლგბტქ+ კულტურის ყველა ჩანასახი გერმანიაში, რომელიც მიუხედავად სამართლებრივი რეპრესიებისა, 1920-იანი წლების ვაიმარის ეპოქაში აყვავდა. ნაცისტებმა ჩაკლეს ბერლინის გეი ღამის ცხოვრება და დაწვეს მაგნუს ჰირშფელდის წიგნები. მაგნუს ჰირშფელდი გერმანელი სექსოლოგი იყო, რომელიც სექსუალური უმცირესობების შესახებ კვლევებს ატარებდა. ბევრი ჰომოსექსუალი მამაკაცი და ისინიც, ვისთან დაკავაშირებითაც ვარაუდობდნენ, რომ გეი იყო, საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს.

175-ე პარაგრაფი მოქმედებდა მანამ, სანამ დასავლეთ გერმანიამ 1969 წელს არ მოახდინა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, თუმცა 1994 წლამდე ჩანაწერი არ გამქრალა. 2000 წელს გერმანიის მთავრობამ გამოსცა რეზოლუცია და გამოხატა სინანული, რომ კანონი აქამდე არ იყო გაუქმებული. 2017 წელს გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ გააუქმა ათასობით მსხვერპლის შესახებ განაჩენი, რომლებიც დევნილნი იყვნენ 175-ე პარაგრაფის საფუძველზე და თქვა, რომ მსჯავრდებულებს კომპენსაციის მიღებაც შეეძლოთ.

გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ლგბტქ+ ადამიანების ზიანის კომპენსირებას ცდილობს, მსგავსი ნაბიჯი ბრიტანეთმა და კანადამაც გადადგეს 2017 წელს.

წყარო: them.us

გეი მღვდელი ჰეტეროსექსუალი წყვილების დაქორწინებაზე უარს ამბობს და ეკლესიას ჰომოფობიის დაძლევას სთხოვს

შვედეთის ქალაქ გოტენბურგში ღიად ჰომოსექსუალი მღვდელი – ლარს გარდფელდტი კარლ იოჰანის სამრევლოდან, უარს ამბობს ჰეტეროსექსუალი წყვილების დაქორწინებაზე და მიუთითებს მღვდლის ინდივიდუალურ უფლებაზე, არ დააქორწინოს წყვილი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში.

შვედეთის ეკლესია ამჟამად მღვდლებს აძლევს უფლებას, უარი თქვან კონკრეტული წყვილების დაქორწინებაზე, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ პარტნიორებს შორის კავშირის პრობლემაა. როგორც წესი, აღნიშნული უფლებამოსილება ისეთ შემთხვევებს ეხება, როგორიცაა მხარეების ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, მაგრამ ეს ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს ჰომოსექსუალობას და ამაზე გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად შეუძლიათ სასულიერო პირებს.

შვედეთის რადიოსთან საუბრისას, გარდფელდტმა, რომელიც მრევლს უძღვება, თქვა, რომ იგი აღარ დააქორწინებს საპირისპირო სქესის წყვილებს, რათა ,,აჩვენოს ორი ზრდასრული ადამიანისთვის ნებაყოფლობით ქორწინებაზე უარის თქმის აბსურდულობა”. როგორც გაზეთი Expressen იტყობინება, მღვდელი წუხს, რომ აღარ დააქორწინებს ჰეტეროსექსუალ წყვილებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მას სურს საზოგადოებას დაანახოს, ,,თეოლოგიურად და ეთიკურად” რამდენად დასაგმობია ეკლესიის დღევანდელი პოზიცია.

გარდფელდტმა თქვა: ,,ჩვენ არ უნდა მივიღოთ ახალი ანტი-ლგბტ მღვდლები. ჩვენ აღარ უნდა ვაკურთხოთ მღვდლები, რომლებიც ქადაგებენ იმას, რომ ჰომოსექსუალები არასრულფასოვანი ადამიანები არიან”.

გარდფელდტს სურს, ეკლესიამ დაძლიოს ჰომოფობია!

შვედმა მღვდელმა ასევე მოუწოდა ეკლესიას, დაძლიოს ჰომოფობია ეკლესიის შიგნით, რაც გეი მღვდლების უარყოფაში გამოიხატება. გარდფელდტმა თქვა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეპისკოპოსები მკაცრ ზომებს მიიღებენ. ღიად ჰომოსექსუალმა სასულიერო პირებმა მოუწოდეს შვედეთის ეკლესიის მაღალი იერარქიის პირებს, დაიცვან ქვიარ ადამიანების უფლებები 19 სექტემბრის საეკლესიო არჩევნებამდე ,,კეთილსინდისიერი უარის თქმის” წესის გაუქმებით, რაც მღვდლების ნაწილს უფლებას აძლევს, უარი უთხრას ჰომოსექსუალ წყვილებს ქორწინებაზე.

წყარო: republicworld.com

5 ქალი ავტორის შემოდგომაზე საკითხავი წიგნები

/

მართალია, ზაფხული და ზაფხულის არდადეგები დასრულდა, თუმცა წიგნის საკითხავად და ახალი ავტორების აღმოსაჩენად, შემოდგომა უკეთესიც შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, ნუ შეუშინდებით შემოდგომის წვიმიან ამინდებს, მოიმარაგეთ ახალი წიგნები და გაეცანით ფემინისტურ ლიტერატურას.

გთავაზობთ ხუთი ქალი ავტორის წიგნს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიცა ქართულ ენაზე და ჯერ კიდევ ელოდება ქართველ მკითხველთან შეხვედრას:

ნატალია გინძბურგი – ოჯახური ლექსიკა  

გამომცემლობა ,,დიოგენე”

მთარგმნელი: მადონა ბოკუჩავა

ნატალია გინძბურგი მეოცე საუკუნის იტალიელი ავტორია, რომელსაც მრავალი რომანი, მოთხრობების კრებული და პიესა ეკუთვნის. მწერალი 1916 წელს დაიბადა პალერმოში და მისი ლიტერატურული კარიერა ფაშიზმის აღორძინებასთან ერთად დაიწყო.

 

მწერლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი, ავტობიოგრაფიული რომანი –  „ოჯახური ლექსიკა“- იტალიური პრემია „სტრეგას“ მფლობელია და გვიამბობს ავტორის ადრეულ წლებსა და მის ოჯახზე. სენტიმენტალურობისგან დაცლილი რომანი ძალიან კარგად აღწერს იტალიური ოჯახების თავისებურებებს, ფაშიზმის დაბადებას და მის შემოსვლას ადამიანების ყოველდღიურობაში.

 

ერთი შეხედვით ყოფითი, ადამიანურ ურთიერთობებზე აგებული რომანი საუკეთესოდ აღწერს მეოცე საუკუნის პოლიტიკურ ძვრებს, ადამიანების სახეცვლილებებს და მკითხველს უნახავს იტალიური ოჯახის ისტორიას. წიგნი ერთდროულად სასაცილოც და სევდიანიცაა და თანაბრად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა მკითხველისთვის.

ალი სმითი – შემოდგომა

,,სულაკაურის გამომცემლობა”

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ელის მანრო – ძვირფასი სიცოცხლე 

გამომცემლობა ,,დიოგენე”

მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე

ალი სმითის „შემოდგომა“ მას შემდეგ გამოჩნდა მაღაზიის დახლებზე, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა და ადამიანები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. მრავალი კრიტიკოსი, მკითხველი და ლიტერატურის მიმომხილველი ამ ფაქტს ხშირად უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ალი სმითის „შემოდგომა“ იდეალურად ასახავს თანამედროვე სამყაროს, ბრიტანეთს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ახალი დროის ადამიანებს უჩნდებათ.

 

„შემოდგომა“ 2016 წელს გამოიცა და გვიამბობს 101 წლის მამაკაცზე, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება და რომელსაც რეგულარულად სტუმრობს 32 წლის ქალი. რომანის სტრუქტურა ხნიერი მამაკაცის გონებასავით ფრაგმენტული და არეულია, მოგონებები მოგონებებს ენაცვლება და მალევე ვიგებთ, რომ ისინი ერთმანეთს დიდი ხანი იცნობენ, თუმცა მათ მეგობრობას ხელს ელიზაბეტის დედა უშლიდა, რომელიც თვლიდა, რომ მამაკაცი ჰომოსექსუალი იყო და ცუდ გავლენას მოახდენდა პატარა გოგონაზე.

 

„შემოდგომა“ სეზონური სერიის პირველი წიგნია, მას მოჰყვება „ზამთარი“, „გაზაფხული“ და „ზაფხული“, წიგნი ბუკერის პრემიის მოკლე სიაშიც მოხვდა 2017 წელს და მიიჩნევა, რომ საუკეთესოდ აღწერს თანამედროვე სამყაროს და ამ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც ხშირად არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ახალ დროს, სად ეძებონ შვება და როგორ გადარჩნენ.

ელენა ფერანტე – მარტოობის დღეები 

გამომცემლობა ,,ზოლიანი კატა” 

მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე

ელენა ფერანტე ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი მისტიკური ავტორია, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცით. მწერალი 1995 წელს გამოჩნდა და მისი თქმით, მნიშვნელოვანი არა ავტორი, არამედ მისი ტექსტებია, სწორედ ამიტომ არჩევს, დარჩეს ანონიმურად და მკითხველებს მხოლოდ ლიტერატურა გაუზიაროს. მწერალს ათზე მეტი რომანი ეკუთვნის და ყველაზე ცნობილი ნეაპოლიტანური წიგნების სერიითა.

 

2017 წელს, პადუას უნივერსიტეტის მკლევარებმა, კომპიუტერულმა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და ფილოლოგებმა გაშიფრეს 40 ავტორის 150 რომანი, რათა დაედგინათ, ვინ დგას თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფსევდონიმის, ელენე ფერანტეს უკან და საბოლოოდ, კვლევის სახით წარმოადგინეს დასკვნა, სადაც ამბობენ, რომ მწერლის უკან არა ანიტა რაჯა, არამედ მისი ქმარი, დომენიკო სტარნონე დგას, თუმცა ავტორი და ავტორის გამომცემელი მაინც არ ადასტურებენ ამ ვარაუდს.

 

ქართულ ენაზე პირველად სულ რამდენიმე წლის წინ ავტორის მეორე რომანი „მარტოობის დღეები“ გამოიცა, წიგნი ახალგაზრდა ქალის, ოლგას განცდების შესახებ გვიამბობს მას შემდეგ, რაც მას ბედნიერი ქორწინება დაენგრევა და ქმარი მიატოვებს. ერთი შეხედვით ბანალური თემა, ავტორის ოსტატობის დამსახურებით, სრულიად ახლებურ გადააზრებას გვთავაზობს და იდეალურად აღწერს ურთიერთობების თავისებურებებს, მარტოობის მომაკვდინებელ განცდებს და იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც ვეღარ უძლებს ტკივილს და ნელ-ნელა განადგურებისკენ მიექანება.

ელის მანრო – ძვირფასი სიცოცხლე 

გამომცემლობა ,,დიოგენე”

მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე

2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მეცამეტე ქალ ავტორს, ელის მანროს გადაეცა, ნობელის პრემიის კომიტეტმა ავტორი თანამედროვე მოთხრობის დიდოსტატად მონათლა და ამით ერთგვარად პატივი მიაგო როგორც ქალ ავტორებს, ასევე, მოთხრობების ჟანრს.

 

90 წლის კანადელ მწერალს მოთხრობების ჟანრისთვის არასდროს უღალატია, მისი მოთხრობები ადამიანის ბუნებისა და სამყაროს ძალიან საინტერესო გადააზრებას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ მწერლის პერსონაჟები, ძირითადად, სამხრეთ-დასავლეთ ონტარიოში მცხოვრები უბრალო ადამიანები არიან, ამ პერსონაჟებთან და მათ ცხოვრებასთან პარალელებს ნებისმიერი მკითხველი გაავლებს. ალბათ, სწორედ ამიტომ  უწოდებენ მას ჩვენი დროის ჩეხოვს.

 

„ძვირფასი სიცოცხლე“ 14 მოთხრობას აერთიანებს და გვიყვება იმ ამბებზე, რომლებიც ცვლიან ცხოვრების მიმართულებას, გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ, იპოვონ თავიანთი ბედი, დანიშნულება, გვიყვება ცხოვრებაზე, რომელიც ხშირად არის უცნაური, შემზარავი, საშიში და ამ ყველაფერთან ერთად, მაინც ძვირფასი და საინტერესო.

 

დელია ოუენსი – იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან 

,,ქარჩხაძის გამომცემლობა”

მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე

დელია ოუენსი კიდევ ერთი თანამედროვე ამერიკელი მწერალი, ზოოლოგი და ბუნების დამცველია. ქალი მრავალი წლის განმავლობაში შეისწავლიდა ველურ ბუნებას, ცხოველებს და აფრიკის კონტინენტს. მწერალი ჯორჯიის შტატში დაიბადა და ქმართან შეხვედრის შემდეგ საცხოვრებლად კალაჰარის უდაბნოში გადავიდა, საიდანაც მალე გამოაძევეს, რადგან ცოლ-ქმარი ცხოველების სასტიკ მოპყრობას აპროტესტებდნენ.

 

კალაჰარის უდაბნოს გამოცდილებაზე ავტორმა მალევე დოკუმენტური ჟანრის წიგნიც გამოსცა, რასაც მალევე მოჰყვა მეორე წიგნი – „სპილოს თვალი“, „სავანას საიდუმლოებები“ და პირველი მხატვრული ტექსტი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“, რომელიც 2019 წლიდან, 32 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიაში. გამოსვლიდან ერთ წელში კი წიგნის 5 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა.

ოუენსის ნახევრად დეტექტიურ რომანში მოქმედება მეთევზეთა ქალაქში, კაია კლარკის გარშემო ვითარდება, პატარა გოგონა მშობლებმა მიატოვეს და მისი აღზრდა ბუნებამ ითავა, ყველაფერი კი მას შემდეგ იძაბება, როცა გოგონას მკვლელობაში დასდებენ ბრალს. დედამიწის ჰიმნად აღიარებულ რომანში მრავალ საინტერესო თემას შევხვდებით, მათ შორის ოჯახში ძალადობის მწვავე თემებს, ქალთა პრობლემებს, პატარა, პროვინციული ქალაქების ცხოვრების სირთულეებს და რაც მთავარია, მიუხედავად ამდენი თემისა, წიგნი მაინც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და იდეალური თავშესაქცევია ნებისმიერი გემოვნების მკითხველისთვის.

ავტორი – ზურა აბაშიძე

ქვიარობა, როგორც ახლებური სივრცე ქალთა ისტორიისთვის

ბოლო პერიოდში მეოცე საუკუნის ქალების ამბებმა გამიტაცა, მათ მივიწყებულ ისტორიებში უზარმაზარი ტკივილი და ბრძოლა დავინახე. ასე, სრულიად შემთხვევით, მივაკვლიე კატო მიქელაძეს, ბაბილინა ხოსიტაშვილს, საფო მგელაძეს, ელენე ახვლედიანსა და სხვა ქალებს, რომლებმაც ჩემი ყველა ინტერესის სფერო გადაფარეს და სრულიად მომიცვეს თავიანთი ისტორიებით. ამ ქალების ამბები მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია ინტერნეტში. კატო მიქელაძის პუბლიკაციების, ლექსებისა და წერილების ნაწილი თამთა მელაშვილის წიგნში – ,,კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები’’ – არის თავმოყრილი. ბაბილინა ხოსიტაშვილის ჩანაწერები და ლექსებიც ხელმისაწვდომია კრებულში – ,,ცხოვრება ორ წყალს შუა’’. საფო მგელაძის სამი რომანი, სულ ახლახანს, ათწლეულების შემდეგ, თავიდან დაიბეჭდა. ნინო თარიშვილის, მარიჯანის, მარიამ გარიყულის და სხვა ქალების ლექსები, მოთხრობები თუ პუბლიკაციები კი ისევ სათითაოდ და სანთლით საძებარია ინტერნეტსივრცეში.

პარალელურად, ქართული ქვიარ ისტორიით დავინტერესდი. სრულიად მოსალოდნელად, რესურსები ამ საკითხზე ბევრად უფრო მწირია და ინტერნეტში თითქმის არ მოიპოვება. ქვიარ ისტორიის არარსებობის მიზეზებზე თამთა მელაშვილი ამ სტატიაში უფრო ფართოდ და საინტერესოდ საუბრობს. იქნებ, მართლაც, ტოტალიტარული, პატრიარქალური და ჰეტერონორმატიული წარსულის საერთო სურათში ქვიარობის უფრო ფართო გაგებით აღქმა ქვიარ ისტორიის შექმნის ერთადერთი საშუალებაა? ერთი ვიცი, ზემოთხსენებულ ქალებთან რაღაც ძალიან ქვიარული ამოვიკითხე, რასაც კონკრეტულ სახელს დღემდე ვერ ვარქმევ. იქნებ, სახელის დარქმევა არც არის საჭირო? შეიძლება, ახლა ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ შესაბამისი სივრცე და ისტორიის ახლებული პერსპექტივიდან დანახვის უნარი სჭირდება ქვიარ ისტორიის შექმნისთვის და იქნებ, შეკითხვების დასმა თუ ,,ვაიბების’’ (თუნდაც) არასწორად გაგება, პირიქით, ამ პროცესისთვის ხელშემწყობიც აღმოჩნდეს.

ამ ფიქრებით, ზაფხულის ბოლოს, აგვისტოში, ელენე ახვლედიანის ბიოგრაფიითა და მხატვრობით განსაკუთრებულად დავინტერესდი. ინტერნეტი გადავქექე და რაც ონლაინ ვიპოვე, ყველაფერი წავიკითხე, პარალელურად, ელენეს ნახატებს ვათვალიერებდი. სექტემბერში ერთგვარი გამოწვევა წამოვიწყე – ყოველდღე ელენე ახვლედიანის ერთ ნამუშევარს და ქალი მწერლების შემოქმედებიდან ერთ ლექსს ვარჩევდი და ვაერთებდი. რამდენიმე მათგანი, თანდართულ ლექსთან ერთად, მინდა გაგიზიაროთ:

ეს ხაზები ამ ქალებს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც მოულოდნელად ძლიერი და ერთიორად საინტერესო აღმოჩნდა. წარსულთან კავშირი თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია, ამ კავშირის ქალური ან ქვიარ კონტექსტის პოვნა, სამწუხაროდ, რთული. წარსულის განახლებისა და გადააზრების პროცესი კი დიდი ხანია დაიწყო და ნაწილობრივ ინდივიდუალურ ძალისხმევას, თავის მხრივ კი, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

რესურსები:

თამთა მელაშვილი, ,,კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები’’, 2013. ნინო თარიშვილი, ,,მზეში”, 1926.

ქართველ მწერალ ქალთა სამხატვრო-სალიტერატურო ალმანახი, 1926. 

ფოტო მთავარზე – ,,50 ქალი საქართველოდან” ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ილუსტრატორი – სალი ნიკოლაიშვილი

ავტორი: ანონიმური