სექტემბერი 2021 - Page 5

ცნობილი მსახიობი ედ ასნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

/

ცნობილი მსახიობი ედ ასნერი, რომლის შოუ „ლუ გრანტი“ სოციალურ პრობლემებს, მათ შორის, ქვიარ უფლებებსაც ეხებოდა, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ემის 7 ჯილდო აქვს მიღებული და არაერთ ცნობილ შოუსა თუ TV გადაცემაში მონაწილეობდა.

ედ ასნერი სოციალური აქტივისტი იყო. ის იყო მსახიობთა გილდიის პრეზიდენტი 1981-1983 წლებში, სადაც ხშირად უპირისპირდებოდა მის წინამორბედს, კონსერვატორ ჩარლტონ ჰესტონს. ასევე, ჩართული იყო აუტისტური სპექტრის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.

წყარო: advocate.com

სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას, დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ

/

დღეს სახალხო დამცველმა ბრიფინგი გამართა და 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიების ხარვეზებზე ისაუბრა.

,,5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან გავიდა 2 თვე. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებულად არის ცნობილი 53 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული 27 პირის მიმართ, მათ შორის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, თუმცა, სამწუხაროდ, პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალები და ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა ორი პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლის სამართლებრივი დევნა. ერთ შემთხვევაში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მეორე შემთხვევაში კი – ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწოდების ფაქტზე. სახალხო დამცველი არის უფლებამოსილი მოითხოვოს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, თუკი საქმის შესწავლის შემდეგ მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მე ეს უფლებამოსილება გამოვიყენე და უკვე მივმართე პროკურატურას, რომ ზურაბ მახარაძის და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სიხლის სამართლებრივი დევნა.” – ამბობს ნინო ლომჯარია.

დისნეის პრინცები რეალურ სამყაროში — ქვიარ არტისტის საოცარი ნამუშევრები

ფინელი გრაფიკული დიზაინერისა და ილუსტრატორისთვის, Jirka Väätäinen-ისთვის, ინსპირაცია ვოლტ დისნეის საოცარი სამყარო აღმოჩნდა, ქვიარ არტისტი წლების განმავლობაში მუშაობს დისნეის გმირების გაცოცხლებაზე და პერიოდულად ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს დისნეის პრინცების, პრინცესებისა თუ ბოროტმოქმედების ფოტოებს.

დაათვალიერეთ ფინელი ქვიარ არტისტის საოცარი ნამუშევრები და გააცოცხლეთ დისნეის უკვდავი გმირები:

პრინცი ადამი/ურჩხული – ურჩხული და მზეთუნახავი 

პრინცი ერიკი – პატარა ქალთევზა

ალადინი 

ფლინ რაიდერი – ჩახლართული (რაპუნცელი)

ჰერკულესი 

ჯონ სმიტი – პოკაჰონტასი 

კოკუმი – პოკაჰონტასი

თომასი – პოკაჰონტასი

კრისტოფი – გაყინული 

ჰანსი – გაყინული

ნავინი – პრინცესა და ბაყაყი

პიტერ პენი

პრინცი ფილიპი – მძინარე მზეთუნახავი

კაპიტანი ფებუსი – კუზიანი ნოტრ-დამიდან

პრინცი – კონკია

მეთაური ლი შანგი – მულანი 

ტარზანი

პრინცი – ფიფქია და შვიდი ჯუჯა

კაპიტანი კაუჭა – პიტერ პენი

პოკაჰონტასის მამა

აბატი ფროლო – კუზიანი ნოტრ-დამიდან

გასტონი – ურჩხული და მზეთუნახავი

ჰადესი – ჰერკულესი

ჯაფარი – ალადინი

ტარზანის მამა

ტრიტონი – პატარა ქალთევზა

ზევსი – ჰერკულესი

დადუ – მე ვარ ქვიარი

მე ვარ დადუ, ყველაზე არასტანდარტული ადამიანი საქართველოს პარამეტრებით – ვარ ქვიარი, მივეკუთვნები ეთნიკურ უმცირესობას და არ ვცხოვრობ ტრადიციული ქართული ჩვევებით. მოკლედ, არ ვჯდები არცერთ სტანდარტში, რაც აქაა მიღებული.

საბჭოთა ბავშვობა, როლური მოდელები და ნახტომი დიდ ცხოვრებაში

მე საბჭოთა კავშირის შვილი ვარ და სადღაც 10-11 წლამდე იმ გარემოში ვიზრდებოდი. ჩემთვის, როგორც მაშინდელი ბავშვისთვის, ძალიან ძნელი იყო იმის განსაზღვრა, მაშინდელ რეჟიმი კარგი იყო თუ ცუდი. ჩვენ გვეძლეოდა ის, რაც გვეძლეოდა და ამით კმაყოფილები ვიყავით.

ჩემი ბავშვობა მთლიანად ტკბილი მოგონებაა, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების. რაც ბავშვს სჭირდება, არაფერი მაკლდა: სათამაშო, დასვენება, თეატრი, კულტურული ღონისძიებები… განათლება არ იყო მხოლოდ სკოლა-სახლი, სკოლა-სახლი – ზოგად განათლებასაც მაძლევდნენ. ის, რომ მე კლასიკურ მუსიკაზე ვგიჟდები, ოპერა და ბალეტი მიყვარს, ესეც ჩემი ბავშვობისა და მშობლების დამსახურებაა.

გარკვეულწილად, ყველაფერი ახდენდა ჩემზე გავლენას. თუმცა, განსაკუთრებულად მახსენდება ჩემი პირველი წიგნი – “ჰელადოსის გმირები”, რომელიც ძველბერძნულ ღმერთებზე იყო, ძალიან ჩამითრია და მაშინ შემიყვარდა ეს თემა. ასევე, სასწაულად მიყვარს ნოდარ დუმბაძე და ყველა მისი ნაწარმოები განსაკუთრებული ემოციაა ჩემთვის. რაც შეეხება კლასიკურ მუსიკას, ერთი ასეთი შემთხვევა იყო, რომელსაც დედაჩემი იხსენებდა ხოლმე – დაახლოებით სამი თუ ოთხი წლის ვიყავი, ჩემები ფილმს უყურებდნენ და გაჟღერდა საუნდტრეკი, რომლის გაგონებაზეც ისტერიკული ტირილი დავიწყე. დედაჩემმა მკითხა, რა გატირებსო და მუსიკა მომწონს-მეთქი. ეს იყო ”Adagio” და დღემდე ძალიან მიყვარს ეს მელოდია. ამ მომენტმა ჩამითრია მუსიკაში, მე არ ვუსმენ მუსიკას, როგორც ბგერას, მე ვუსმენ მუსიკას გულით და ვგრძნობ ყველა ნოტს. უფრო მეტიც, ზოგადად, ხმები რომ მესმის, შეგრძნება მაქვს, რომ ამ ხმებს ჩემში ვატარებ.

როლური მოდელი ჩემთვის ნათლიაჩემი იყო, ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ ქალმა – ძალიან მომწონდა ვიზუალურად და პრინციპში, სიგარეტის მოწევაც იმიტომ დავიწყე, რომ მას ვბაძავდი. ძალიან ბავშვური იყო ეს ყველაფერი… მაგრამ მერე და მერე იყო ერთი ადამიანი ჩემი მშობლების სამეგობრო წრიდან, რომელმაც ძალიან ცოტა დრო გაატარა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს რაღაც ე.წ. რადარი მქონდა ჩართული ალბათ, რომლითაც რაღაცას გრძნობ და ზუსტად ვიცოდი, რომ ისიც ქვიარი იყო, უბრალოდ, იმ დროს ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ. ვფიქრობ ხოლმე, რამხელა ბრძოლების გადატანა უწევდა იმ საზოგადოებაში, სადაც ამის გაფიქრებაც კი დანაშაული იყო და საციხოდ გაიხდიდი საქმეს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს ადამიანი იყო ძალიან ნათელი, ძალიან პოზიტიური, ძალიან ძლიერი და განსაკუთრებულად მიყვარდა მასთან შეხვედრა, რომ ვხედავდი, ყველაფერი მიხაროდა და სულ ვიცოდი, რომ დაჯდებოდა და აუცილებლად რამე საინტერესო ამბავს მომიყვებოდა.

მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენს “მეს” ზუსტად ასეთი ადამიანებისგან ამოღებული ნაწილები აყალიბებენ, გარდა იმ ჩვენი რაღაც ღერძისა, რაც გაგვაჩნია.

ბავშვობა დასრულდა იქ, როცა 9 აპრილი მოხდა. ეს ჩემთვის დღემდე ძალიან მტკივნეული თემაა და მანდ მივხვდი, რომ ყველაფერი ისეთი ნათელი, ლაღი და ფერადი არ იყო, როგორიც მეგონა. მაშინ, როცა ყველაფერი გადატრიალდა, ჩვენს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა, ძალიან დავითრგუნეთ. ჩვენი თაობა დათრგუნული თაობაა, რომელსაც, ფაქტობრივად, ახალგაზრდული წლები – ბავშვობის შემდგომ მომწიფებამდე, არ ჰქონია. ეს შუალედი დავკარგეთ, უცებ გადავხტით დიდ ცხოვრებაში და ეს ძალიან მტკივნეული იყო ყველასთვის.

Born this way

დაახლოებით რვა წლის ვიყავი, როცა გავიაზრე, რომ რაღაც ”სხვანაირად” ხდებოდა. რომ ვთქვა, ძალიან ”დავიგრუზე” ამით და საკუთარი თავის ჭამა დავიწყე-მეთქი – არა. ვაგრძელებდი ცხოვრებას და პირველად მაშინ მივხვდი, რომ ეს არ იყო საზოგადოებისთვის ნორმალური, როცა 12 წლის, ერთ გოგოზე ”დავიქრაშე” – ჩვეულებრივი გაფანატება მჭირდა. საკურორტო ზონაში ვისვენებდით ერთად და ძალიან ვმეგობრობდით, მე კი გულში რაღაცები მქონდა, მაგრამ მართლა უსუფთავესი მეგობრობა იყო და მას ამას არასდროს ვეტყოდი. მივხვდი, რომ რაღაც ისე არ არის, როცა მისი მშობლები ჩამოვიდნენ და სასწრაფო წესით წაიყვანეს. ან თვითონ მიხვდნენ რაღაცას, ან მიახვედრეს – ვიზუალურად სტანდარტული ბავშვი არ ვიყავი, მოხულიგნო ტიპი ვიყავი და ეტყობა ვიღაცამ ჩააწვეთა, ბავშვი მოეშორებინათ ჩემგან.

დედა ისე გარდაიცვალა, მშობლებთან ქამინგაუთი არ მქონია, თუმცა ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვეტყოდი. ალბათ, რაღაცას თვითონაც ხვდებოდა. უკვე ჩემს პარტნიორთან ერთად ვცხოვრობდი, მახსოვს, დეიდამ მითხრა, თუ შეიძლება, მეც თქვენთან ვიცხოვროო. მაშინ ინსულტი ჰქონდა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებდა. იმ მომენტში გადავწყვიტეთ, რომ სასწრაფოდ გადავსულიყავით მასთან საცხოვრებლად, დავაწყვეთ ჩვენი გეგმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოესწრო, რადგან სადღაც ორ კვირაში გარდაიცვალა.

ახლა კი მეცინება ამაზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებაშიც ვიყავი კაცთან. ეს არ იყო იძულება, ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული და კარგად მოფიქრებული ნაბიჯი, ალბათ, უფრო მოსინჯვის მომენტი. მაშინ 23 წლის ვიყავი. ეს ადამიანი მიყვარდა და პატივს ვცემდი, თუმცა მერე მივხვდი, რომ არა, არ შემიძლია და თავს ზემოთ ძალა არაა. მაშინ ჩამოვყალიბდი და უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი არაა.

ჩვენ ვიბადებით ასეთებად, ჩვენ ვცხოვრობთ ასეთებად, ჩვენ არ ვხდებით ასეთები.

შვილი

შვილმა იცის ჩემი ორიენტაციის შესახებ. რაღაც პერიოდამდე არ ვსაუბრობდი ამაზე, ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მზად არ ყოფილიყო. როცა წამოიზარდა, სადღაც 11-12 წლის რომ იყო და ისეთ ასაკში გადავიდა, როცა, ბუნებრივია, რაღაცას თვითონაც მიხვდებოდა, დავსვი, დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ ცხოვრებაში ასეც ხდება, ქალებს ქალები უყვარდებათ, კაცებს – კაცები და ეს არაა ცუდი ან ამორალური, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ფაქტობრივად, ქვიარ თემში გაიზარდა და იმდენად მიჩვეული იყო თუნდაც ჩემს სამეგობრო წრეს, ეს მისთვის შოკი არ იყო. ალბათ, რაღაც პერიოდი მაინც დასჭირდა იმისთვის, რომ გადაეხარშა ყველაფერი, რაც სავსებით ბუნებრივია, თუმცა მიუღებლობა არცერთი წამით არ ჰქონია. ახლა 17 წლისაა, ყველაფერი იცის ჩემ შესახებ, იცნობს ჩემს პარტნიორს და ასევე, ურთიერთობა აქვს მამასთანაც.

ალბათ, ქვიარ დედებს და მათ შორის, მეც, გვაქვს ეს შიში – შიში მიუღებლობის და სადღაც დანაშაულის შეგრძნებაც, რამე პრობლემა არ შეექმნათ შვილებს ჩვენ გამო. შვილი ემოციურად ყველაზე ახლობელი ადამიანია მთელს მსოფლიოსა და მთელს გალაქტიკაში, რამდენი პარტნიორი, როგორი საყვარელი ადამიანიც არ უნდა გყავდეს გვერდით, ყოველთვის შვილია ის, ვისაც ცალკე გამოყოფ და განსაკუთრებულ პედესტალზე გყავს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა და ყოველთვის ვფიქრობდი – ერთ მშვენიერ დღეს რომ მომიბრუნდეს და მითხრას, მორჩა, აღარ მინდა, მერე რა ვქნა?! ახლა თუ მაქვს ეს შიში? ოდნავ, ფაქტობრივად, აღარ. გაქარწყლდა, რადგან სულ მეუბნება – ”დედა, შენ ხარ საუკეთესო დედა მსოფლიოში, ყველაზე საამაყო.’

არ ვიცი, რა გავაკეთე ამისთანა, მაგრამ ასეა. მე კიდე ვფიქრობ, რომ ყველაზე საამაყო შვილი მყავს მსოფლიოში.

განსხვავებები

უამრავი ასპექტია ისეთი, რაც ჩვენთვის, ქვიარებისთვის, განსხვავებულია.

დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოებაში ჩვენი გამოჩენა ყოველთვის იწვევს რაღაც რეაქციას, მაშინ როცა ჰეტერო ქალი შემოდის “სასტავში” და არაფერი. შემოვა ვინმე ჩემნაირი, თუნდაც, ტრანსი და ყველა მიაშტერდება. ხომ თითქოს მცირედია, მაგრამ უკვე არის და შემაწუხებელია. მეორე – ყოველთვის გვიწევს რაღაცების დამალვა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილში, ჩვენ ხალხსაც ტყუილში ვაცხოვრებთ – იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე გვინდა, ასე გამოდის. მესამე – ორმაგად უფრო რისკია ჩვენი დასჯისა და დაჩაგვრის. გარდა იმისა, რომ ქალი ხარ, პლუს, ქვიარ ქალი ხარ. საზოგადოება გეუბნება – ”რას ჰქვია, შენ კაცი არ გინდა? ეს არაა ნორმალური, რომ შენ ქალები გინდოდეს.”

და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთული პრობლემა – დასაქმება. ეს არის ცალკე აღებული ომი. ბოლოს რაც მახსოვს, კონსულტანტად ვმუშაობდი საკმაოდ პრესტიჟულ მაღაზიაში, სადაც მოდის ჩემი უფროსი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მეუბნება, ძალიან მაგარი სეილი ხარ, ძალიან კმაყოფილია ხალხი, თუმცა ერთი პრობლემა გვაქვს – გეხვეწები, რომ მოხვალ, მაკიაჟი გაიკეთეო. მაკიაჟი არ მესვა და ვყიდდი ძალიან კარგად და მაკიაჟი რომ წავისვა, მაგით რა შეიცვლება-მეთქი. ეს რაღაც ქალურობის მომენტი სჭირდებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ასე უფრო კარგად გავყიდდი. რა თქმა უნდა, წამოვედი.

პირადად მე საცხოვრებელზე არ შემქმნია პრობლემა, მაგრამ ძალიან ხშირად მესმის, რომ თემის წევრებს პრობლემა ამასთან დაკავშირებითაც აქვთ – არ აქირავებენ ბინას მათზე. შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ისიცაა, რომ როცა ესმით, შვილი მყავს, რაღაცნაირად აწყნარებთ ეს ამბავი – რომ მე ოდესღაც, სადღაც, კაცთან მქონდა ურთიერთობა.

თანასწორობა და თავისუფლება

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს თანასწორობა და მე ყველაზე მეტად მაშინ მეცინება, როდესაც კაცები გამოდიან და ამბობენ, რომ ისინიც იჩაგრებიან. საზოგადოებაში, სადაც ქალების 90% მსხვერპლია და უბრალოდ დაჩაგრულები კი არა, ჩაგრულები არიან, გამოდის ვიღაც ორმეტრიანი ულაყი და მეუბნება, რომ იცი, რა, ჩემი უფლებაც ირღვევა… ჯერ მეცინებოდა, ახლა აღარ მეცინება. პრობლემა არის ისიც, რომ ასე გაზარდეს, ვინ გაზარდა? ისევ იმ მსხვერპლმა ქალმა , რომლისთვისაც ეს არის მოდელი.

ძალიან სტანდარტული და შაბლონური პასუხი მაქვს იმაზე, რა არის თავისუფლება, თავისუფლება სიყვარულია. აქ მოიაზრება ყველაფერი – ის, რომ შენ შეგიძლია გიყვარდეს ადამიანი, ვინც გიყვარს, ის, რომ შენ შეგიძლია გიყვარდეს საქმე, რომელიც გინდა, რომ გიყვარდეს – როცა გაქვს ამ ყველაფრის ფუფუნება. სამწუხაროდ, ჩვენ ამის თავისუფლება არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს ჩვენს შვილებს გადავცეთ.

აგრესია, როგორც თავდაცვა

ცხოვრების მანძილზე სულ მიწევდა ვიღაცების დაცვა და ასეც იქნება ბოლომდე, მაგრამ მარტო დაცვა არაა მთავარი, მთავარი არის, რომ იმ შენმა სიტყვამ საჭირო მესიჯი მოიტანოს და საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღოს.

ამაზე ერთი შემთხვევა მახსენდება – თანამშრომელი მყავდა, ძალიან კარგი ადამიანი, თუმცა ნორმაში ჰქონდა გამჯდარი, რომ ქალებს ზოგჯერ უნდა დაარტყა და ა.შ. ახალგაზრდა გოგო იყო და იმდენი ვეჩიჩინე, იმდენი ველაპარაკე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და მომიყვა ისტორიას, ქუჩაში როგორ შეესწრო შემთხვევას, სადაც ბიჭი გოგოს ეჩხუბებოდა და ხელიც მოუქნია. ეს მივიდა, გოგო სიტუაციას გამოარიდა და პატრულს გამოუძახა. მაშინ მივხვდი, რამხელა გავლენა იქონია ჩემმა სიტყვებმა მასზე – მსგავს სიტუაციაში ადრე საერთოდ არ ჩაერეოდა, აქ ჩაერია და ქმედითი ნაბიჯებიც გადადგა.

ადამიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ მიწევს, გამუდმებით. ჩვენ შინაგანად უკვე ისე ვართ დაძაბული, იმდენად ვართ მიჩვეული ამ წინააღმდეგობის გაწევას, რომ როდესაც ქუჩაში უცნობი ადამიანი მოდის, ქვეცნობიერი შიში გაქვს, რომ რაღაცას გეტყვის. ერთ ისტორიას გავიხსენებ – ჩემი შვილი დაახლოებით 12 წლის იყო, მაღაზიიდან სახლში მოვდიოდით, ორი პარკი მეჭირა, მოვდივართ და რაღაცებს ვლაპარაკობთ. ვიღაც ტიპი მოგვიახლოვდა, მივხვდი, რომ ნასვამი იყო, მოვიდა და გაჩერდა, გავიწიე, რომ გამევლო, მარა ვხედავ, რომ ეს ფიგურაც ჩემთან ერთად იწევა, არ მატარებს და ზემოდან დამჩერებია. რაშია საქმე-მეთქი, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, ეს ჩანთები ბავშვს მივეცი და ვუთხარი, წასულიყო. ბავშვი გაოგნებული თვალებით მიყურებდა და კიდევ ერთხელ ვუყვირე, წადი-მეთქი. ეს ჩანთები აიღო, წაღებაც უჭირდა, ნაბიჯს აუჩქარა და დავინახე, რომ ცოტა მოშორებით გაჩერდა, გაჩერდა და განწირული თვალებით მიყურებს. მოვტრიალდი ამ ტიპისკენ, რა გნებავთ მეთქი. ვინ ხარ შენ საერთოდ, რა გინდა აქ, ვინ ჩემი ფეხები ხარო და უშვერი სიტყვებით დამიწყო გინება. ინსტიქტურად, ასეთ სიტუაციებში ყოველთვის აგრესია მიჩნდება აგრესიის საპასუხოდ და მეც დავუწყე ბღავილი, ეს არ იყო მხოლოდ ყვირილი. ახლავე პატრულს გამოიძახებ-მეთქი, ავიღე ტელეფონი, მაგრამ ხელები იმდენად მიკანკალებდა, ძლივს ავკრიფე ის სამი ციფრი. ეს რომ დაინახა, ძალიან კარგად ვიცი, სად ცხოვრობ, მოვალ და ნახე რა გიქნა, გაგანადგურებ შენც და იმ შენს ნაბიჭვარსაცო. ეს თქვა და გაიქცა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დღისით, მზისით ხდებოდა ეს ამბავი, ხალხი დადიოდა, მაგრამ კაციშვილი არ ჩაერია და არც დაინტერესებულა, რა ხდებოდა. რაღაც დრო დამჭირდა, რომ დავმშვიდებულიყავი და კანკალს გადაევლო, ჩემს შვილს მივუახლოვდი და პარკები გამოვართვი, შემომხედა და მკითხა, დე, შეგეშინდაო, შემეშინდა არა ის, წამო, წამო-მეთქი. არადა შემეშინდა რომელია, შინაგანად ისევ ვცახცახებდი.

აგრესია არის ის, რაც თვითგადარჩენაში მეხმარება. რამდენჯერაც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი, ვეცადე, წყნარად მელაპარაკა და დარწმუნების უნარიც ნამდვილად მაქვს, მაგრამ ადამიანი, რომელიც შენთან აგრესიით მოდის, ის უკვე აგრესიულადაა განწყობილი და, მინიმუმ, ნახევარი საათი მაინც გჭირდება, რომ დაამშვიდო. შენ კი ამდენი დრო არ გაქვს, მომენტალურად უნდა მოიმოქმედო რაღაც, რომ თავი დაიცვა. მისსავე იარაღს უპირისპირებ და ეს იმდენად შოკისმომგვრელია, უკან იხევენ. ხვდებიან, რომ შენგან მსხვერპლი არ გამოვა. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, შეიძლება სხვას სხვა მეთოდი აქვს.

ემოციური, ფინანსური და სოციალური ზიანი

ყველაზე დიდი ზიანი, რაც მომადგა ამ ხნის განმავლობაში, ეს იყო ფსიქოლოგიური ზიანი. ფსიქოლოგიური ზიანი იმიტომ, რომ შენ არ გრძნობ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ყველანაირი ფსიქიკური ზიანი მოაქვს შიშს – იგივე დეპრესია, სასოწარკვეთა, უიმედობა, თუნდაც, ეს საშინელი არასრულფასოვნების კომპლექსი. მე თუ ჩემი ინტელექტუალური რესურსით მოვდივარ შენთან და ვცდილობ, შენთვის ვიმუშაო და შენ მხოლო იმიტომ მეუბნები უარს, რომ კუბოკრული პერანგი მაცვია, ქვეცნობიერად მაინც იწყებ იმაზე ფიქრს, რომ რაღაც გჭირს, სერიოზული კომპლექსი გიჩნდება და იძულებული ხდები, ამ სოციუმს მოერგო. მე არ მოვერგე და ბევრი პრობლემა ზუსტად ამიტომ შემექმნა.

ასევე გადგება ფინანსური ზიანი, რადგან არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ გარკვეულ ადგილებში იმუშაო, ან იმუშაო საერთოდ. ყოველთვის ვცდილობდი, ისეთ ადგილებში მენახა სამსახური – ნაცნობებში, მეგობრებში – რომ არ ყოფილიყო მიუღებლობის მომენტი. ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ჩემს ვიზუალს ვიღაცაზე ცუდად ემოქმედა.

2013 წლის 17 მაისი რომ მოხდა, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც სულ კაცები იყვნენ. გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობა და შემოსავალი მჭირდება, ვერ დავდივარ ამ აქციებზე და იმ დღესაც სამსახურში ყოფნამ მომიწია. ჩემი ნახევარი სამეგობრო მაშინ აქციაზე იყო, ძალიან დათრგუნული ვიყავი, ვიჯექი და ვხვდებოდი, რომ ვერ ვმუშაობდი და მთელი გონება, გული და სული იქ მქონდა. ამ დროს ჩვენი მენეჯერი კაცი ადგა და ამბობს – ”რა მაგრად ურტყამენ იმ პედერასტებს, რა მაგარია… ” არ მახსოვს, რა ვუყვირე, რა ვეჩხუბე ამ ტიპს, ისე ვღრიალებდი. დირექტორს ვუთხარი, მეც წავალ სამსახურიდან, მარა ეს აქედან გაუშვი, ჩვეულებრივი მოძალადე და მკვლელი მუშაობს შენთან-მეთქი. ეს ტიპი კი გაუშვა, მაგრამ მერე ჩემთან მიმართებაშიც აგრესია გაუჩნდა, მივხვდი, რომ ვერ გავჩერდებოდი ასეთ სიტუაციაში და წამოვედი.

რაც შეეხება სოციალურ ზიანს, აბსოლუტურად გაწყვეტილი მაქვს ნათესავებთან ურთიერთობა. რუსეთში მყავდა ნათესავები, რომლებთანაც გავიზარდე, და მე რომ რაღაცები მაქვს ამ ცხოვრებაში, მათ შორის, განათლება, მათი დამსახურებაცაა. ჩემთვის ერთადერთი ნათესავები დედაჩემის და დეიდაჩემის გარდა, ესენი იყვნენ და მხოლოდ ისინი დამრჩნენ, როცა ჯერ დედა და მერე დეიდა გარდაიცვალა. ერთხელაც დავრეკე მათთან მოსკოვში, მაშინ ბებიაჩემი საავადმყოფოში იწვა და ვრეკავდი, რომ გამერკვია, გამოვიდა თუ არა, ბაბუაჩემმა აიღო ტელეფონი და უცებ მესმის ფრაზა – ”აღარ შეწუხდე, აქ აღარ დარეკო.” ჩემი ორიენტაციის შესახებ გაუგიათ და გადაწყვიტეს, მათ ცხოვრებაში აღარ მეარსება.

ერთადერთი სისხლით ნათესავი, ვინც დღეს მყავს, ჩემი შვილია.

სამართლებრივი ფაქტორები

ერთი ისტორია მახსენდება: ორი ქალი სადღაც 50 წლის მანძილზე თანაცხოვრობს, როცა ერთ-ერთი გარდაიცვლება, მისი შვილი მოვა და პარტნიორ ქალს ეუბნება, რომ ამ სახლიდან უნდა წავიდეს, რადგან ის დედამისს და, შესაბამისად, ახლა მას ეკუთვნის. საუბარია სახლზე, რომელსაც ეს ქალები ერთად აშენებდნენ. აი, სად არის სამართალებრივი მხარე აქ – მე, ისევე, როგორც ჩემს პარტნიორს, არ გვაქვს უფლება, ერთმანეთის ქონებაზე გვქონდეს პრეტენზია. ჩემს შვილს ძალიან მარტივად შეუძლია, მივიდეს მასთან და იმ სახლიდან გააბრძანოს, სადაც ჩვენი შრომა და ნახევარი ცხოვრება ჩავდეთ. რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩემს პარტნიორს სამართლებრივი უფლება ჩემს ქონებაზე? როცა ეს ყველას აქვს, ყველას მის გარდა – შვილს, დას, ძმას…

თუნდაც, ჯანდაცვის ამბავი. ოპერაცია გავიკეთე და მჭირდებოდა, რომ ჩემი პარტნიორი ჩემ გვერდით ყოფილიყო, ძალიან ცუდად ვიყავი. ამ დროს კი ის მიყვება, რომ შემოსვლა უნდოდა და როცა თქვა, რომ მეგობარი იყო, არ შემოუშვეს, ნათესავი უნდა იყოო. ამას რომ მოვყევი, ვიღაცამ მითხრა, ეთქვა, რომ და იყოო – რატომ უნდა ეთქვა, რატომ უნდა ვიცხოვრო ტყუილში? ეს საზოგადოება იმდენად ტყუილშია ჩაფლული, რომ ჩვენც ყველაფერში იმავეს გვთხოვს, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ტყუილი და მერე გავასაღოთ. ბოდიში, მაგრამ ერთ დღესაც რეალობას რომ დავეჯახებით, მერე სად წავიდეთ ამდენ ტყუილში ნაცხოვრები ხალხი?

ასევეა ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაშიც – ჩვენი სადაზღვევო პაკეტი მოიცავს იმას, რომ ამ პაკეტით ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ სარგებლობა, მაგრამ არა ჩემს პარტნიორს, რომელსაც, რეალურად, შეიძლება ძალიანაც სჭირდებოდეს ეს. ამიტომ ვითხოვ ამ ურთიერთობების დაკანონებას და ეს არაა მხოლოდ ის ხუშტური, რომ პრაიდით გამოვიდე და დროშები ვაფრიალო. ჩემთვის ოჯახი ჩემი შვილი და ჩემი პარტნიორი არიან. რატომ არ უნდა ისარგებლოს ჩემმა ოჯახის წევრმაც იმ პრივილეგიებით, რომლითაც სხვები სარგებლობენ? მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა სამედიცინო მომსახურება ასეთი ძვირია.

თუმცა, სამწუხაროდ, სანამ ამას პირისპირ არ დავეჯახებით, რატომღაც სულ გვავიწყდება ეს მომენტები და არ გვახსოვს.

პოლიტიკური მოთხოვნები

როგორ დავძლიოთ ფობიები, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ – ამაზე ქვიარ ადამიანები, მგონი, სულ ვფიქრობთ.

ჩვენ უნდა ვეცადოთ და მივაღწიოთ იმას, რომ ის საკითხები, რომელიც დღევანდელ დღეს გვაწუხებს, მაქსიმალურად იყოს აყვანილი კანონმდებლობის დონეზე. კარგია ქუჩაში გამოსვლა, კარგია აქციები, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ არასწორ პუბლიკას მივმართავთ. ადამიანები გარეთ, ქუჩაში, არ არიან კანონმდებლები, იმასთან უნდა მივიტანოთ ჩვენი ხმა, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება და ვისაც ამ კანონების დაწერა, ამაზე მუშაობა და მისი ამოქმედების უზრუნველყოფა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ქვიარ თემი გაიზარდა, ვერ გავაკეთებთ ამას მანამ, სანამ ჩვენ არ გვექნება მხარდაჭერა სამთავრობო და საკანონმდებლო ფრთიდან.

რეალურად უნდა ამუშავდეს კანონი დისკრიმინაციის შესახებ და 100-ლარიანი ჯარიმით არ გაუშვან ადამიანი, რომელიც მოსაკლავად მომსდევს, მკაცრად უნდა დაისაჯოს და კანონი უბრალო ფარატინა ფურცლად არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვართ ადამიანები, ვარსებობთ ამ საზოგადოებაში, გვაქვს ხმის უფლება და როცა შენ ხმას მთხოვ, მოდიხარ პარლამენტში და მერე დედას მტირობ…

ამას ემატება განათლება. განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია, თორებ ისე ებმება თაობები ერთმანეთს, რომ ეს უცოდინრობა და არასწორი ინფორმაცია ლამის გენეტიკურ დონეზე გადადის. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ, რომ განათლების სისტემაშიც კონკრეტული ცვლილებები მოხდეს, იმისთვის, რომ შემდეგ თაობებს, რომლებიც მოდიან, უკვე სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ.

”რაც არ გკლავს, განადგურებს”

იცი, ყველაზე ცუდი რაა? როდესაც შენს ორიენტაციაზე კეთდება აქცენტი – არ უნდა გვიწევდეს ამაზე ამდენი ლაპარაკი, ეს ჩემი და იმ ადამიანის პირადი საქმეა, ვისთან ერთადაც ვარ და არა საზოგადოების. ჰეტეროებს ხომ არავინ ეკითხება ამას. მიხარია, როცა ამაზე არ აკეთებენ აქცენტს და მხოლოდ ჩემს ადამიანობაზე საუბრობენ.

არის მომენტები, როდესაც ფიქრობ, რომ აღარ გინდა, დაიღალე, და მოდი, მე ჩემთვის ვიქნები… ვერ იქნები შენთვის, საქმეც ეს არის იმიტომ, რომ შენზე არიან დამოკიდებული საზოგადოების ის წევრები, რომლებიც გეძვირფასება. მხარდაჭერაც მქონია და მეგობრებიც დამიკარგავს, ბაღიდან ერთად რომ მოვდიოდით, ისეთი მეგობარი დავკარგე ქამინგაუთის შემდეგ 18 წლის ასაკში. მეწყინა, რა თქმა უნდა. მაგრამ მიხარია, იმ ადამიანების არსებობა, რომლებსაც არ აინტერესებთ შენი ქვიარობა და მთავარი ხარ შენ. ასევე, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი პანდემიის პერიოდში, როცა სამსახური დავკარგე და ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით.

მინდა თუ არ მინდა, ყველა ის აგრესია, რომელიც ჩემკენ ან ჩემი პარტნიორებისკენ იყო მიმართული, გარკვეულწილად, ბრძოლის ძალას მაძლევდა. ძალიან არ მიყვარს გამოთქმა – რაც არ გკლავს, გაძლიერებს, ასე არ არის. რაც არ გკლავს, განადგურებს. რეალურად, საკუთარ თავს თვითონ აძლიერებ, ან გაძლიერებენ ის ადამიანები, ვინც იმ მომენტში გეუბნება – ”მე შენ გვერდით ვარ.”

რას ვეტყვი ქვიარ ქალებს

მე მგონი, საქართველოში არ არსებობს ქალი, რომელსაც ძალადობასთან შეხება არ ჰქონია, ეს ადრეული ასაკიდან იწყება. რჩევის მიცემა ძალიან რთულია, რადგან მსხვერპლის ფსიქოლოგია ცოტა განსხვავებულია. ხშირად, ქვიარ ქალებსაც მსხვერპლის ფსიქოლოგია აქვთ და გაქცევის ეშინიათ. ურჩევნიათ, ის ძალადობა აიტანონ და ვერ იტყვი, რომ ეს მათი კომფორტის ზონაა, ნამდვილად არ იქნება სწორი, მაგრამ უარესის მოლოდინში არიან, რადგან, გარკვეულწილად, ამ სოციუმზე არიან ჩამოკინწიალებული და რაღაც ნაბიჯების დამოუკიდებელად გადადგმის ეშინიათ.

მეც ვიყავი სერიოზული ძალადობის მსხვერპლი, კერძოდ, ფსიქოლოგიური ძალადობის, შანტაჟის. პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ ვაჩვენე იმ ადამიანს, რომ მე მისი არ მეშინოდა. როდესაც მიხვდა, რომ მისი არ მეშინია, იარაღი გამოვაცალე და თავი დამანება, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველას ასე მარტივად ვერ ექნება საქმე.

მე მათ ვურჩევ, მოიკრიბონ მთელი თავიანთი ძალა, არსებობს ორგანიზაციები, შეუძლიათ, რომ მიმართონ და ისინი დაეხმარებიან, გვერდში დაუდგებიან. ასევე, არსებობს სამეგობრო, სანაცნობო წრე… მაქსიმალურად ეცადონ, გათიშონ ემოცია და რაციონალური აზროვნება ჩართონ, დაალაგონ, რა არის მათთვის ყველაზე პრიორიტეტული. მე მჯერა, რომ ქვიარ ქალებს კარგი გონება აქვთ და ყველაფერს ძალიან კარგად იაზრებენ.

ის, რაც გვაერთიანებს

რა უნდა გავაკეთოთ ქვიარებმა? იმ პატარა სოციუმებში, რომელიც გარშემო გაგვაჩნია, ვისაუბროთ, რაც შეიძლება მეტი და მივიტანოთ მათთან სწორი ინფორმაცია.

რატომღაც ეს საზოგადოება ფიქრობს და ამაზე სულ მეცინება ხოლმე, რომ ქვიარ ადამიანები მდიდრები არიან, ყველაფერი აქვთ და ფუფუნებაში ცხოვრობენ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქვიარ ადამიანი შეიძლება გაჭირვებული და ღატაკი იყოს. ასე იმიტომ ჰგონიათ, რომ თითქოს ქვიარობა ევროპიდან მოდის, ევროპა კი მდიდარი კონტინენტია – ეს ძალიან დაბალი დონის აზროვნებაა.

უნდა მივიტანოთ ამ ადამიანების ყურამდეც, რომ ჩვენ, ქვიარ თემი, იმავე სოციუმის წარმომადგენლები ვართ, იმავე საფეხურზე ვდგავართ და ისეთივე საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები ვართ – მეც მეძვირება შუქის გადასახადი, მეც მაქვს ხმის უფლება და შეიძლება იმაზე ვინერვიულო, საარჩევნო უბანზე რომ ვერ მივედი, იგივენაირად განვიცდი, როცა ვიღაცა ვიღაცას კლავს… და როცა მე რაღაცას ვაკეთებ, ”იუნიქორნები” არ დარბიან და ცისარტყელები არ ანათებს. რატომ მაიძულებ, ვიფიქრო, რომ მე რაღაც სხვა საზოგადოებას ვეკუთვნი? როცა მეც შენნაირი პრობლემები მაქვს, მეც მჭირდება სამსახური, რომ ოჯახი ვარჩინო.

აი, ეს უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე. სოციალურ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც შეიძლება მეტი, საერთო შეხების წერტილები უნდა ვიპოვოთ.

მთავარი იმის მოძებნა კი არაა, რა განგვასხვავებს, არამედ იმის, რა გვაერთიანებს.

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

ავტორი: ნინო ურუშაძე

ფოტოები: ვახო ქარელი

Ford-მა ჰომოფობი ტროლის საპასუხოდ ”უგეესი” მანქანა გამოუშვა

Ford-მა ცოტა ხნის წინ თავისი ახალი ლურჯი Ford Ranger Raptor წარმოადგინა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალურ მედიაში კრიტიკა და ტროლები გასაკვირი არავისთვის არის და ახალი მანქანის შეფასებისას შემდეგი შინაარსის კომენტარი გაჩნდა: „მაგარი მანქანაა, მაგრამ ეს ლურჯი ფერი ძალიან ”გეია”, გადაღებეთ შავად ან ოქროსფრად!“

ამ კომენტარს გამოხმაურებები მოჰყვა, თუმცა ყველაზე დიდი „გამოხმაურება“ თავად Ford-ს ეკუთვნის. კომპანიამ მალევე გამოუშვა საპასუხო ვიდეო, სადაც ლურჯი მანქანა ოქროსფერი მბზინავი ელფერით ცისარტყელას ფერებშია გადაღებილი.

კომპანიამ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, როგორც ქვიარ ადამიანების მხარდამჭერი და მოკავშირე. ასევე დასძენს, რომ არასდროს შეეგუება დისკრიმინაციულ გამოსვლებს.

წყარო: advocate.com

შოტლანდიაში მასწავლებლებს მოუწოდებენ, პატივი სცენ ტრანსგენდერი მოსწავლეების იდენტობას

შოტლანდიის მთავრობამ მასწავლებლებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოსცა, რომელშიც გაწერილია, თუ როგორ უნდა შეუქმნან უსაფრთხო და კარგი სასწავლო გარემო ტრანსგენდერ მოსწავლეებს. კომფორტული გარემოს შექმნა გულისხმობს ტუალეტის გამოყენების შესაძლებლობასაც ბიოლოგიური სქესის მიუხედავად. სკოლებში სასწავლო პროცესი წარიმართება მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

იმისთვის, რომ არაბინარული და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სასწავლო პროცესი უსაფრთხო იყოს, რეგულაციები ჩაცმის საკითხებსაც შეეხება. არ შეიძლება მოსწავლის იძულება, ჩაიცვას მისი ბიოლოგიური სქესისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი. გაიდლაინში ასევე ასახულია რჩევები მასწავლებლებისთვის, როგორ აღკვეთონ ბულინგი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.

„თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება სკოლებს, შექმნან ისეთი საწავლო გარემო, სადაც უსაფრთხოება, ღირსება და პატივისცემა უზრუნველყოფილია ყველა მოსწავლისთვის, რათა მათ საკუთარი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზება შეძლონ.“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

წყარო: them.us

“No one knew I kissed you”

ისტორიები ქვიარ ურთიერთობებსა და სიყვარულზე ხშირად დაუფიქსირებელი რჩება მუზეუმებში. საზოგადოება კი შლის, ივიწყებს და წარმოაჩენს ისე, თითქოს მეოცე საუკუნემდე ქვიარ ისტორია არ არსებობდა.

მე-18 საუკუნიდან შემონახულია ქალთა თანაცხოვრების მაგალითები, რომლებსაც მოგვიანებით, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში, “ბოსტონური ქორწინება” ეწოდა. “ბოსტონური ქორწინება” ორ ქალს შორის ურთიერთობას გულისხმობდა, როდესაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, (ხშირად, სიცოცხლის ბოლომდე), თუმცა ლეგალურად არ ითვლებოდნენ ქორწინებაში. ისინი სწავლობდნენ, ჰქონდათ კარიერა, ცხოვრობდნენ დამოუკიდებელად და არ ქმნიდნენ ჰეტერონორმატიულ ოჯახებს. ასეთი ქორწინებები, რაღა თქმა უნდა, მაღალი ფენის წარმომადგენელ ქალებს შორის ხდებოდა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, ეცხოვრათ საკუთარი სახსრებით. იმ დროს ასეთი ურთიერთობა სოციალურად მიღებულად ითვლებოდა – საზოგადოების მხრიდან “რომანტიკული მეგობრობა” ეწოდებოდა და არ აღიქმებოდა, როგორც ჰომორომანტიკული ან ჰომოსექსუალური კავშირი. რა თქმა უნდა, ქალების თანაცხოვრების ყველა მაგალითი ვერ მტკიცდება, როგორც ქვიარ ურთიერთობა – ზოგიერთი მათგანი ეკონომიკურ კავშირს წამოადგენდა, ზოგიც – რომანტიკულს და დღეს ქვიარ ისტორიის ნაწილად განიხილება.

ბოსტონურ ქორწინებაში” მყოფი სილვია დრეიკი და ჩარიტი ბრაიანტი, მე-19 საუკუნის დასაწყისი

ლანგოლენელი ქალბატონები

ელეანორ შარლოტ ბათლერი და სარა პონსონბი ირლანდიაში, კილკენის საგრაფოში, მხოლოდ 25 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. ისინი ერთმანეთს 1768 წელს შეხვდნენ და მალევე დაახლოვდნენ. ბათლერს განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული და ფრანგულადაც საუბრობდა. ორივე ქალი მაღალი წრის წარმომადგენელი იყო. ელეანორი სარას მასწავლებლობას უწევდა, თუმცა ქალების “ინტენსიური” ურთიერთობა ოჯახებისთვის მიუღებელი გახდა და მათი დაშორება სცადეს. სარას იძულებითი ქორწინება ემუქრებოდა, მაგრამ 1778 წელს წყვილმა სამშობლო დატოვა. კაცებად გადაცმულებმა გადაკვეთეს ირლანდიური ზღვა, ოჯახებმა მალევე აღმოაჩინეს მათი ადგილსამყოფელი, თუმცა გაქცევის მცდელობები ამით არ დასრულებულა. მოგვიანებით, ისინი უელსში დასახლდნენ, სარას მოსამსახურე მერისთან ერთად. 1780 წელს, მერის სიკვდილის შემდეგ კი – უელსის ჩრდილოეთ ნაწილში, ლანგოლენში, სადაც დარჩენილი სიცოცხლე ერთად გაატარეს. ამ პერიოდში გაითქვეს სახელი თავისი “ექსტავაგანტული” ურთიერთობით, საზოგადოება დაინტერესებული იყო მათი რომანტიკული ცხოვრების წესით, მათ შესახებ იბეჭდებოდა გაზეთებშიც, სწორედ მაშინ ეწოდათ “ლანგოლენელი ქალბატონები”.

ელეანორ შარლოტ ბათლერი (1739 – 1829) და სარა პონსონბი (1755 – 1821)

ასეთი პოპულარობის გამო, მათ ხშირად სტუმრობდნენ. ამ სტუმრების სიაში იყო ინგლისელი ენ ლისტერიც (ენი თავადაც იმყოფებოდა ქვიარ ურთიერთობებში), რომელმაც მათ შესახებ გაზეთში წაიკითხა (1810 წელს ) და 1822 წელს პირადად ესტუმრა. ენი ცდილობდა გაეგო, ქალებს შორის ურთიერთობა იყო თუ არა მხოლოდ მეგობრული – მისი ჩანაწერებიდან ცნობილია სარასთან დიალოგიც: ლისტერმა მას ჰკითხა “იყვნენ თუ არა ისინი კლასიკური მეგობრები”, რაზეც სარამ უპასუხა : “არა… მადლობა ლათინურ და ბერძნულ ღმერთს, მე თავისუფალი ვარ”. ენმა სხვა მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, თუმცა, მოგვიანებით, შეყვარებულისთვის განკუთვნილ წერილში წერს, რომ თვლის, სარას და ელეანორის ურთიერთობა არ იყო მხოლოდ პლატონური და ამის ახსნა ვერ მოხდებოდა “მეგობრობით”.

როგორც მათ სიცოცხლეში, შემდგომაც განიხილებოდა, იყვნენ თუ არა ელეანორი და სარა ქვიარ ურთიერთობაში. ზოგი ისტორიკოსი მათ ურთიერთობას “რომანტიკულ მეგობრობას” უწოდებს, თუმცა სხვების აზრით, ქალებმა კარგად გათვალეს, როგორ უნდა დაეცვათ თავი სოციუმისგან და სტუმრების სიასაც ფრთხილად არჩევდნენ. მტკიცებულების არქონა, ჰქონდათ თუ არა მათ სექსუალური კავშირი, არ განსაზღვრავს მათი ურთიერთობის ვალიდურობას და დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ქვიარ ურთიერთობა ეწოდოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ძაღლი ატარებდა სახელს “Sappho”.

პარკერის მიერ შექმნილი ფოტო, მარცხნივ სარა, მარჯვნივ ელეანორი, ბიბლიოთეკაში

ქალბატონები უარს აცხადებდნენ პორტრეტების შექმნაზე, მაგრამ 1829 წელს ლედი პარკერმა მათთან სტუმრობისას, ჩუმად შექმნა ჩანახატები. ქალების გარდაცვალების შემდეგ დაასრულა ნახატი, რომელიც ასახავს წყვილს ბიბლიოთეკაში და გამოაქვეყნა. მათი ურთიერთობის ინსპირაციით შეიქმნა თეფშის მოხატულობაც, რომელიც ასახავს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ნახატის შექმნის წლები, სავარაუდოდ, 1815-25 უნდა ყოფილიყო, თუმცა თავად არც ელეანორის და არც სარას ჩანაწერებში არაფერი არის ნახსენები თეფშის არსებობის შესახებ და არც ისაა ცნობილი, თანახმა იყვნენ თუ არა მის შექმნაზე.

ელეანორმა და სარამ ერთად 50 წელი გაატარეს. წყვილის წიგნები და ჭურჭელი ორივეს ინიციალს ატარებდა, მათი კერამიკის თეფშები კი უელსის ნაციონალურ მუზეუმში LGBTQ კოლექციაში ინახება. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ უელსის გოთიკურ კოტეჯში – სეირნობდნენ, კითხულობდნენ ბიბლიოთეკაში და ერთად გაჰყავდათ დღეები. ბოლო წლებში ატარებდნენ მხოლოდ შავ საჯირითო კაბებსა და მამაკაცის ქუდებს. ელეანორი 1829 წელს გარდაიცვალა, სარა – ორი წლის შემდეგ. ქალები ერთად განისვენებენ ლანგონელში, წმინდა კოლენის ეკლესიაში.

ელეანორის დღიურში ჩანაწერებიდან მათი ყოველდღიური ცხოვრების დანახვაა შესაძლებელი:

“Up at Seven. Dark Morning, all the Mountains enveloped in mist. Thick Rain. A fire in the Library, delightfully comfortable, Breakfasted at half past Eight. From nine ‘till one writing. My Beloved drawing Pembroke Castle – from one to three read to her – after dinner Went hastily around the gardens. Rain’d without interruption the entire day – from Four ‘till Ten reading to my Sally – She drawing – from ten ‘till Eleven Sat over the Fire Conversing with My beloved. A Silent, Happy Day.”

***

“Oh come again my true love

Nor wander far from me

I never loved another girl

As I do love thee.” – S.O.J

ამერიკელი ნოველისტი და პოეტი სარა ორნ ჯიუვეტი, 1882 წელს ენი ადამს ფილდს, ამერიკელ მწერალს, უგზავნის წერილს:

დარწმუნებული ხარ, რომ იცი, რამდენად მიყვარხარ? თუ არ იცი, მე ვერ აგიხსნი! მაგრამ შენზე ვფიქრობ, შენზე ვფიქრობ ყოველთვის, სულ შენ მახსენდები….მე შენ გეკუთვნი, სიყვარულით

– S.O.J”.

სარა ორნ ჯიუვეტი (1849-1909)

1849 წელს დაბადებული სარა ადრეული ასაკიდან წერდა და გამოსცემდა საკუთარ ნამუშევრებს. ენი გაზეთის – “Atlantic Monthly”-ის რედაქტორის მეუღლე იყო, სწორედ ასე გაიცნეს ქალებმა ერთმანეთი. სარას მამის გარდაცვალების და 1881 წელს, ენის მეუღლის უეცარი სიკვდილის შემდეგ, ქალებმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. ისინი ჯიუვეტის სიცოცხლის ბოლომდე, დაახლოებით 30 წელიწადი, ერთად იყვნენ. მათ ურთიერთობას საზოგადოების მხრიდან “ბოსტონური ქორწინება” ეწოდა. სარა და ენი მოგზაურობდნენ ევროპაში – 1882 წელს მათ მოინახულეს ირლანდია, ინგლისი, ნორვეგია, ბელგია, საფრანგეთი, შვედეთი და იტალია. ევროპას კიდევ ერთხელ ეწვივნენ 1892, 1898 და 1900 წლებში.

სარას წერილი ენის, ივნისი, 1881:

ჩემი ძვირფასო, მე დამვიწყებია, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი ერთი წლის წინ, ყოველდღე ეს გრძნობა ჩემთვის სიახლეა, უკვე რამდენის გახსენება შეგვიძლია – გასაოცრად გვიცხოვრია შარშანდელი ზამთრის შემდეგ.”

ენი (მარცხნივ) და სარა (მარჯვნივ)

სიცოცხლის განმავლობაში, არცერთ მათგანს რომანტიკულ ურთიერთობზე ღიად კომენტარი არ გაუკეთებია. ახალგაზრდა და თამამი სარასგან განსხვავებით, ფილდსი ხასიათდებოდა, როგორც უფრო კონსერვატული აზროვნების ადამიანი. ადრეულ ასაკში სარას ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალებთანაც, ერთ-ერთ მათგანზე ინფორმაცია მის პირად წიგნაკშია შენახული:

24 მაისი, 1871:

”როცა მისი ხმა მომესმა კიბეზე… უცნაური რამ ვიგრძენი. ძლიერ მინდოდა მისი დანახვა, მასთან ერთად ყოფნა, თვეების განმავლობაში ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სიმართლე იყო. ჩემო ძვირფასო ქეით!”

14 იანვარი, 1872:

”მე მსურს, შემეძლოს რამე გავაკეთო, რომ გაჩვენო, როგორ მიყვარხარ, ქეით!”

ენისა და სარა სახლის ბიბლიოთეკაში

ცხოვრების განმავლობაში სარას 36 ლექსი აქვს გამოქვეყნებული, უმეტესობა ცხოვრების ადრეულ წლებში. ამას გარდა, მას 140 კომპოზიცია აქვს შექმნილი, რომლებიც არ გამოქვეყნებულა – მათგან 30 ლექსი სასიყვარულო ხასიათისაა და ქალებს ეძღვნება. შემორჩენილ ლექსებში იკითხება ფილდსისთვის მიძღვნილი ნამუშევრებიც. თავდაპირველად, წყვილი წელიწადის ნაწილს სარას, ნაწილს კი ენის სახლში ატარებდა. ამ პერიოდში დაწერილ სარას ერთ-ერთ ლექსში ვკითხულობთ:

“Kept fast hold and could not stray

Out of each other’s sight, and could not take

One step or thought but for each other’s sake —

In all this time in which we grew more dear

Each to the other, there was nothing missed,

No shadow chilled us and we felt no fear

We were so happy while we loved and kissed.”

მისი გრძნობები აღწერილია ჩანაწერების ამ ფრაგმენტშიც, სადაც პარტნიორთან გატარებულ დროზე საუბრობს:

“My darling when you hold me in your arms

fills

So sweet a sense of comfort thrills my heart

. . .

Your love rewards me for all pain I bore

One kiss you give me takes away regret.”

ენი ადამს ფილდსი (1834-1915)

1909 წელს სარა გარდაიცვალა. 1911 წელს ენი აქვეყნებს წერილების კრებულს “Letters of Sarah Orne Jewett” , მათი საერთო მეგობრის, მარკ ანტონი დე ვოლფ ჰოუვის რედაქტორობით, შემდგომში კი, ფილდსის პერსონალურ ჟურნალს – “Memories of A Hostess”. როგორც ჰოუვის შვილი, ჰელენი აღნიშნავს, რედაქტირებისას მამამისმა ფილდსის ენთუზიაზმის მიუხედავად, დიდი ინფორმაცია ამოჭრა, რომელიც შეეხებოდა ზედმეტსახელებსა და ინტიმურ გრძნობებს. ჰოუვიმ ფილდს ურჩია, რომ თუ ამას დატოვებდნენ გამოცემაში, საზოგადოება “სხვანაირად გაიგებდა”. ჰელენი იხსენებს, რომ მათი პირველი წერილი 1877 წლის 4 დეკემბერს დაიწერა, ასევე აღნიშნავს, რომ წერილების ფორმალობა ნელ-ნელა იკლებდა და ქალები ერთმანეთს ზედმეტსახელებით მიმართავდნენ.

1880 წლით დათარიღებულ სარას ლექსში, რომელიც, ალბათ, ყველაზე ცნობილია ფილდსისთვის მიძღვნილი ლექსებიდან, იკითხება:

,,გახსოვს, ძვირფასო, გასულ წლის ამ დღეს ჩვენ რომ ერთმანეთს მივუძღვენით თავი? სანამ შენ წახვიდოდი, ძვირფასი ზაფხულის ბოლოს, რომელიც ზღვის პირას ერთად გავატარეთ.’’

ენი 1915 წელს გარდაიცვალა, მასზე საუბრობდნენ, როგორც რთულად გასაგებ ადამიანზე და მისი გრძნობები სარას მიმართ ნაკლებად შემორჩა ისტორიას ჩანაწერების სახით. დღევანდელი გადმოსახედიდან, ბევრი ისტორიკოსის წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი ურთიერთობა რომანტიკულად განიხილება და ქვიარ ისტორიის ნაწილია, რისი მართებულების განსჯაც მკითხველს თავადაც შეუძლია.

ნაწყვეტი სარას ლექსიდან :

“Because I am your lover

I kissed you lovingly. —

And no one knew I kissed you

But the white gulls and the sea.”

რესურსები:

ლანგოლენგელი ქალბატონები

ლანგოლენგელი ქალბატონები

ისტორია თეფშსა და სურათებზე

სარა და ენი

სარას წერილები და ლექსები

ქალების რთული გზა კანის კინოფესტივალზე

/

კანის ფესტივალის ბრწყინვალება წელს სრული ანშლაგით დაბრუნდა მას მერე, რაც 2020 წელს პანდემიის გამო გაუქმდა. სასიამოვნო იყო იმის ნახვაც, რომ გენდერული პარიტეტი გაუმჯობესდა და წელს უფრო მეტმა ნომინანტმა ქალმა მიიღო ჯილდო. კონკურსში ქალი რეჟისორების იმაზე მეტი ფილმი იღებდა მონაწილეობას, ვიდრე ოდესმე, ხოლო კონკურსის მთავარი ჯილდო, ოქროს პალმის რტო, ფრანგ რეჟისორს – ჟულია დიუკურნოს გადაეცა ფილმისთვის „ტიტანი“.

გამარჯვებული ქალების რიცხვი იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ფესვგამდგარი მოსაზრებები ქალი რეჟისორების შესახებ. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რატომ იყვნენ იგნორირებული წლების მანძილზე ქალი რეჟისორები და რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ცვლილებებს, მოდით, თვალი გადავავლოთ კინოინდუსტრიის წარსულს.

შეუმჩნეველი ქალი რეჟისორები

ჟულია დიუკურნოს მოპოვებული ”ოქროს პალმის რტო” მეორე შემთხვევაა კანის ისტორიაში, როდესაც მთავარი ჯილდო ქალს ხვდა წილად. მანამდე ის ახალზელანდიელმა ჯეინ კემპიონმა მოიპოვა 1992 წელს, ფილმისთვის – „ფორტეპიანო“.

კანის ფესტივალის ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული, 1946 წელს, დანიელი რეჟისორი ბოდილ იფსენი იყო. მან კარიერა მსახიობობით დაიწყო და რეჟისორობით გააგრძელა. იფსენმა ათეულობით ფილმი გადაიღო, კანის ფესტივალზე მასთან ერთად გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ – დევიდ ლინი, ბილი უაილდერი და რობერტო როსელინი. ბოდილ იფსენისგან განსხვავებით, როსელინი და სხვა კაცი რეჟისორები საზოგადოებისთვის დღესაც კარგად არიან ცნობილი. კონკრეტული ტენდენციების გამო, ქალების მიღწევები თანდათან იშლება კინოს ისტორიიდან, ქალებს იშვიათად ახსენებენ.

ბოდილ იფსენი

აგნეს ვარდა (1928-2019) ლეგენდარული ფიგურაა კინოს ისტორიაში. მას ხშირად “ფრანგული ახალი ტალღის ნათლიას” უწოდებენ. თუმცა აგნეს ვარდამ მხოლოდ ერთხელ, 1962 წელს მიიღო მონაწილეობა კანის კონკურსში.

აგნეს ვარდა

კლერ დენისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი რეჟისორია. მისი ერთადერთი ფილმი, რომელიც კანის კონკურსში მონაწილეობდა, ”შოკოლადი” იყო (1988). დენისის ყველაზე ცნობილი ფილმია „Beau Travail“, რომელიც კრიზისში მყოფი მამაკაცის იდენტობაზეა. ფილმი აღიარებულია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ, მიუხედავად წარმატებისა, ის კანისთვის არ შეარჩიეს.

კლერ დენისი

კატრინ ბრეიატის ფილმები ქალების სექსუალურ სურვილზე ფოკუსირებული. თუმცა თავიდან საფრანგეთში მის ფილმებს როგორც პორნოგრაფიას, ისე განიხილავდნენ და ხშირად ცენზურას ექვემდებარებოდა. მისი შემოქმედება ბოლო წლებში აღიარეს და მისმა მხოლოდ ერთა ფილმმა მიიღო კანის კონკურსში მონაწილეობა 2007 წელს.

კატრინ ბრეიატი

ქალები გამორჩეული სტილით

ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრება, რომლითაც ხშირად ცდილობენ გაამართლონ ქალების ნაკლებობა კინოფესტივალებზე, არის ის, რომ თითქოს ქალი კინორეჟისორები ცოტანი არიან – შესაბამისად, ცოტაა ფილმიც. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მაგალითად, საფრანგეთში 1970 წლიდან, ყოველწლიურად იმართება კინოფესტივალი, სადაც 100-ზე მეტი ქალი რეჟისორის ფილმს აჩვენებენ და ბოლო 20 წლის განმავლობაში 50 ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ქალ რეჟისორებს მიეძღვნა. ამ ფესტივალში მონაწილე ფილმებს „ქალების კინოს“ იარლიყი უკვე მიეკრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ფართო ასპარეზზე ნაკლებად ვიხილავთ.

მაშინაც კი, როდესაც ქალი რეჟისორები აღიარებულები არიან და მათ კინოშემოქმედებას განუმეორებელი სტილი აქვს, მათ მაინც იშვიათად ექცევიან როგორც “auteurs”-ს. ეს ტერმინი ენიჭება რეჟისორებს, რომლებსაც აქვთ ცნობადი და უნიკალური სტილი და მსოფლმხედველობა, რაც მათ ფილმებში ჩანს. რეჟისორმა ფრანსუა ტრიუფომ ეს კონცეფცია შეიმუშავა 1954 წლის ესეში Une certaine tendance du cinéma français (ფრანგული კინოს გარკვეული ტენდენცია). „ავტორობის“ იდეა მნიშვნელოვანია კანში, ის ერთგვარი ტიტულია ისეთი რეჟისორების აღსანიშნავად, რომლებსაც „კანის მუდმივ კლიენტებს“ ეძახიან. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტიტულს მამრობითი სქესი აქვს.

ძალიან სასიხარულოა ქალების წლევანდელი გამარჯვება, თუმცა ახლა მთავარია, რამდენი კინოთეატრი აჩვენებს მათ ფილმებს და რამდენჯერ ახსენებენ კინოკრიტიკოსები მათ. იმედია, წლევანდელ გამარჯვებულ ქალებს, მათი წინამორბედებისგან გასხვავებით, ხშირად გაიხსენებენ და ისინი გააგრძელებენ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობას.

წყარო: theconversation. com