სექტემბერი 2021

ტაივანის სასამართლომ ტრანსი ადამიანების იძულებითი ქირურგიული ოპერაცია არაკონსტიტუციურად სცნო

ტაივანში ტრანს ადამიანები იძულებულნი იყვნენ, რეპროდუქციული ორგანოები ქირურგიული გზით ამოეღოთ, რათა მათი სქესი კანონიერად ეღიარებინათ.

ტაიპეის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში მოსარჩელე Xiao E ამტკიცებდა, რომ არსებული პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. 23 სექტემბერს, ხუთშაბათს, სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო და დაადგინა, რომ ქირურგიული გზით სქესის შეცვლის ოპერაციის მოთხოვნა არღვევდა თანასწორობისა და პროპორციულობის პრიციპებს.

ეს გადაწყვეტილება ლგბტ+ უფლებების გამარჯვებად შეაფასა ტაივანის Amnesty International– ის დირექტორმა ე-ლინგ ჩიუმ.

,,ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტაივანში ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილება, უარი თქვას სავალდებულო ქირურგიულ მოთხოვნებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ გენდერულ აღიარებას, არის წინგადადგმული ნაბიჯი. თვითგამორკვევა და საკუთარი იდენტობის აღიარება არის პიროვნების ქვაკუთხედი და სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ტაივანში გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების წინსვლას.” – თქვა ჩიუმ.

ტაივანში ტრანსი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას და უთანასწორობას, როგორც სამართლებრივ სისტემაში, ისე სხვა სივრცეებში – სამუშაო ადგილსა თუ სკოლებში.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის 2015 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, კანონიერი გენდერული აღიარება უნდა ეფუძნებოდეს თვითგამორკვევას და ეს უნდა იყოს მარტივი ადმინისტრაციული პროცესი. ანგარიშში აღნიშნულია: „გენდერის იურიდიული აღიარება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უფასო და არ უნდა მოითხოვდეს ტრანსი ადამიანების მხრიდან შეურაცხმყოფელი სამედიცინო და სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებას.“

ტაივანი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ტრანსი ადამიანების უფლებები შელახულია. 2019 წელს იაპონიის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პოლიტიკას, რომელიც გენდერის ოფიციალურად აღიარებისთვის ქირურგიულ ოპერაციას ითხოვს. შვედეთშიც იყო მსგავსი პოლიტიკა 2012 წლამდე. 2017 წელს კი, მთავრობამ გამოაცხადა, რომ მთავრობა კომპენსაციას შესთავაზებს მათ, ვინც გაიარა იძულებითი სტერილიზაცია.

წყარო: bloomberg.com

პირადი ცხოვრების უფლება

ავტორი: თამარ ავალიანი

პირადი და ოჯახური ცხოვრების მნიშვნელობის გააზრება

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება სახელმწიფოსგან დამცავი უფლებაა, რომელიც ადამიანის კერძო სფეროს დაცულობის გარანტიებს ქმნის. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებით, პირადად შექმნას და დამოუკიდებლად განავითაროს პირადი სივრცე. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და უზრუნველყოს ადამიანის კერძო სფერო სახელმწიფოსა და ნებისმერი სხვა პირის ჩარევისგან. პირადი ცხოვრების უფლება ნებისმიერი პირისა თუ სახელმწიფოს მხრიდან უკანონი ჩარევის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმია.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) იცავს თითოეული ადამიანის პირად სფეროს, მისი, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, იდენტობის მახასიათებლების დადგენის უფლების ჩათვლით1.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელოვან ასპექტს სქესობრივი ცხოვრება წარმოადგენს. საქმეზე – დადჯენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ2, ევროსასამართლომ სქესობრივი ცხოვრება პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ სფეროდ მიიჩნია. დადჯენის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის კანონმდებლობა, რომლითაც იკრძალებოდა ჰომოსექსუალური ურთიერთობა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს ეწინააღმდეგებოდა.

პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებით, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, განსაზღვრონ სასურველი ფორმა, რომლითაც საკუთარი იდენტობის საჯარო პოზიციონირებას და გამოხატვას მოახდენენ3.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Oliari and Others v. Italy,იტალიის კანონმდებლობაში სპეციალური დეფინიციის არსებობა, რომელიც ვერ გარანტირებდა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების აღიარებას და დაცვას, კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

ვენეციის კომისიის დასკვნით, ქორწინების უფლების მომწესრიგებელმა ნორმებმა არ უნდა დატოვონ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები სამართლებრივი აღიარებისა და გარანტიების გარეშე4. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სახელწიფოს ავალდებულებს, ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინების ან ოჯახური ცხოვრების სხვა ალტერნატიული ფორმების საკანონმდებლო დონეზე აღიარებას. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ ის უფლებები და ვალდებულებები, რაც რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფ ჰეტეროსექსუალ პირებს წარმოეშვებათ, ასევე გავრცელდეს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობებზეც5.

პირადი ცხოვრების უფლების საკომუნიკაციო ასპექტი

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკომუნიკაციო ხასიათი, რიგ ასპექტებში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც მოიაზრებს6. ყოველდღიურ ცხოვრებაში პირს უწევს გარკვეული საქმიანობა, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, საზოგადოების სხვა წევრებთან, რაც ასევე დაცულია პირადი ცხოვრების უფლებით7.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Niemeitz v. Germany, განმარტა, რომ „პირადი ცხოვრების ცნების დაყვანა მხოლოდ „შიდა წრემდე,“ სადაც ინდივიდი ცხოვრობს ისეთი პირადი ცხოვრებით, როგორსაც იგი ირჩევს და გარესამყაროს სრულად გამორიცხვა, ამ ცნების ვიწრო განმარტება იქნება. არ არსებობს მართლზომიერი საფუძველი, რათა პირადი ცხოვრების ცნებიდან გამოვრიცხოთ ქმედებები, რომელიც ეხება საქმიანობას ან პროფესიას, ვინაიდან პირები სამუშაო ვითარებაში ამყარებენ საგრძნობ კავშირს და გააჩნიათ გარესამყაროსთან ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა.“

პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემების შეგროვება, ფარული თვალთვალი და მიყურადება

ევროპული სასამართლოს შეფასებით, პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემების სისტემატიურად შეგროვება და შენახვა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, არის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვა, რაც სათანადოდ უნდა იქნეს გამართლებული და დასაბუთებული სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან8.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განმარტა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევისაგან დამცავი სამართლებრივი მექანიზმი9. ევროპული სასამართლოს შეფასებით, სატელეფონო საუბრების მოსმენა პირად ცხოვრებაში ჩარევის მძიმე ფორმაა, რომელიც დეტალურად გაწერილი, საგამონაკლისო და განჭვრეტადი სამართლებრივ პროცედურით უნდა განხორციელდეს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკი. ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ღონისძიებები ტარდება საიდუმლოდ, დიდია არამართლზომიერი მოქმედების რისკი10.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ფარულ თვალთვალთან დაკავშირებული ღონისძიებები ამომწურავად და განჭვრეტადად უნდა იყოს კანონში გათვალისწინებული.11

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ადამიანის ფოტო და ვიდეოგამოსახულება პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით12, ფოტოსურათის ან ვიდეო გამოსახულების გამოქვეყნება, პირად ცხოვრებაში არსებით და ღრმა ჩარევად უნდა იქნას მიჩნეული.

კანონმდებლობის მინიმალური მოთხოვნები ფარულ მოსმენებთან და თვალთვალთან დაკავშირებით (ევროპული სასამართლოს სტანდარტები):

  • კანონით რეგლამენტირებული უნდა იყოს იმ დანაშაულთა სახეები, რომელთა ჩადენისას, შესაძლებელია, გაიცეს ფარული თვალთვალის ან მოსმენის ბრძანება;
  • კანონი უნდა განსაზღვრავდეს იმ პირთა წრეს, რომელთა კომუნიკაციის კონტროლიც დაიშვება გარკვეულ გარემოებებში;
  • კანონი მკაცრად და ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს კომუნიკაციის კონტროლის ან ფარული თვალთვალის ვადებსა და ხანგრძლივობას;
  • კანონი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის, გამოყენებისა და შენახვის, ისევე როგორც ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მესამე მხარისათვის გადაცემის პროცედურებს13;
  • ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ჯეროვან გარანტიებს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად ან თვითნებურად გამოყენების საწინააღმდეგოდ14.
  • ევროპული სასამართლოს მხრიდან, გარანტიების შეფასებისას, ასევე დიდი ყურადღება ექცევა სამართლებრივი დაცვის რა საშუალებებს ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართ ხორციელდება ფარული თვალთვალი (კომუნიკაციის კონტროლი), ან რომლებიც ასაჩივრებენ მათ მიმართ ეროვნული კანონმდებლობით დაშვებულ პოტენციურ თვალთვალს15.
  • ეროვნული კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს საკმარის გარანტიებსა და დარღვეულ უფლებათა აღდგენის მექანიზმებს, მართლმსაჯულების ორგანოს მიერ საქმის სწრაფ, სიღრმისეულ და ამომწურავ განხილვას.

საქართველოს კანონმდებლობის და პრაქტიკის ხარვეზები

საქართველოში ლგბტქ თემს წართმეული აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რაც ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობის სამართლებრივად არაღიარების პოლიტიკაშიც ვლინდება. ლგბტქ თემის მიერ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობით სარგებლობის შესაძლებლობას მორალური და გარედან თავსმოხვეული წესრიგით განსაზღვრავენ.

2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია განახორციელა და იგი ,,კაცის და ქალის ერთობად ცნო“. იგი ღიად ჰომოფობიური მუხლია, რომელიც ერთი და იგივე სქესის მქონე პარტნიორების ქორწინებას გამორიცხავს. ჰომოფობიური მუხლი ნეგატიურად აისახება ტრანსგენდერ ადამიანებზეც. იგი გამორიცხავს ყველა ტრანსგენდერ ადამიანს, რომელსაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესის მქონე პარტნიორი ჰყავს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიოლოგიური სქესის მნიშვნელობას ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებების მინიჭებისას16.

კანონი ადგენს გენდერის სამართლებრივი აღიარების არაგანჭვრეტად და დისკრიმინაციულ პროცედურებს, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ადამიანებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით. სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვილებების შეტანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ ტრანსგენდერ პირებს. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონით, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთ საფუძველს სქესის შეცვლა წარმოადგენს. კანონში არ არის დეფინირებული, თუ რა მოიაზრება სქესის შეცვლაში, არ არის გაწერილი სქესის შესახებ ჩანაწერი რა პროცედურით იცვლება, რაც კანონს კიდევ უფრო ბუნდოვანს და არაგანჭვრეტადს ხდის. ამგვარი წესის არარსებობა შესაძლებლობას ართმევს ტრანსგენდერ ადამიანებს, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი შეცვალონ სწრაფი და ხელმისაწვდომი გზით.

საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარება სამედიცინო პროცედურებს უკავშირდება. რეალობაში არ არსებობს რამე სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს დეტალურად არეგულირებს და ქმნის ადეკვატურ სამართლებრივ შესაძლებლობებს იმ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ, შეცვალონ სქესის შესახებ ჩანაწერი თავიანთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში.

პერსონალური სტრესის გარდა, ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულ სქესსა და პირის გენდერულ თვითგამოხატვას შორის წინააღმდეგობა ხშირად ხდება ტრანსგენდერი პირების დისკრიმინაციის საფუძველი შრომით ურთიერთობებში, საჯარო და კერძო დაწესებულებებში, სადაც პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარდგენაა საჭირო17. 2014 წელს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) იმსჯელა ამ საკითხზე და მოუწოდა სახელმწიფოს გააუქმოს ტრანგენდერი პირების მიმართ მოქმედი შეზღუდვები საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მიღებაზე.18

,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონი19 განსაკუთრებულ მონაცემად მიიჩნევს ჯანმრთელობასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისაგან განსაკუთრებული დაცვით უნდა სარგებლობდეს.

საქართველოში, სხვა ადამიანებთან ერთად, ლგბტქ ადამიანების უკანონო მოსმენა და მიყურადება სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რაც ხარვეზიანი კანონმებლობისა და პრაქტიკის შედეგია. საქართველოს კანონმებლობა არ ითვალისწინებს საკმარის მექანიზმებს და დაცვის გარანტიებს ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების წინააღმდეგ. საქართველოს კანონმებლობა ვერც განჭვრეტადობის პრინციპს აკმაყოფილებს და არც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მექანიზმებისგან დაცვის გარანტიებს ქმნის.

1

 Christine Goodwin v. the United Kingdom, ECHR 2002-VI.

2

 Dudgeon v. the United Kingdom), § 52, 22 ოქტომბერი, 1981, Series A no. 45,

3

 Dr. Hannes Tretter, Artikel 8 EMRK als Grundlage eines individuellen Rechts auf zweisprachige Ortstafeln ?, გვ. 2.

4

 იხ. CDL-AD(2017)013-e Georgia – Opinion on the draft revised Constitution;

5

 CM/Rec(2010)5.

6

 Niemietz v. Germany), 16 დეკემბერი, 1992, § 29

7

 57პერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Perry v. the United Kingdom), № 63737/00, § 36, ECHR 2003-IX (ამონარიდები); პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Peck v. the United Kingdom), № 44647/98, §57, ECHR 2003-I.

8

 პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Peck v. the United Kingdom), № 44647/98, § 56, ECHR 2003-I -ე პარაგრაფი

9

 Malone v. the United Kingdom), 2 აგვისტო, 1984 წ., Series A no. 82,

10

 გროპერა რადიო AG და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ (Groppera Radio AG and Others v. Switzerland), 28 მარტი, 1990, § 68, Series A no. 173; ასევე იხ. სლივენკო ლატვიის წინააღმდეგ (Slivenko v. Latvia) [დიდი პალატა], № 48321/99, § 104-109, ECHR 2003-X ;

11

 იხილეთ Kruslin, p. 23, § 33; Huvig, p. 55, § 32; Amann, § 56 in fine; და Weber and Saravia, § 93,

12

 Eerikainen and others v. Finland

13

 ვებერი და სავარია გერმანიის წინააღმდეგ (Weber and Saravia v. Germany) (განჩინება), № 54934/00, § 95, ECHR 2006-XI.

14

 კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (Klass and Others v. Germany), 1978 წლის 6 სექტემბერი, 54-56 პარაგრაფები, Series A no. 28.

15

 კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (Klass and Others v. Germany), 1978 წლის 6 სექტემბერი, 50-ე პარაგრაფი პარაგრაფი, Series A no. 28.

16

 ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების კვლევა საქართველოში, 2019, თანასწორობის მოძრაობა, 5

17

 საქართველო, კოალიციური ანგარიში ქალთა უფლებების შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა(მე-2 ციკლი, 23-ე სესია, 2015), არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: კავშირი საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), „ალტერნატივა ჯორჯია”.

18

 CEDAW/C/GEO/CO/4-5, concluding observations on the combined fourth and fifth periodic report of Georgia, პარა. 34(e), 35(e)

19

 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1561437?publication=22

ფოტოები: https://goodvpns.com/

theguardian.com

https://caymannewsservice.com/

https://freerangestock.com

https://nationalmagazine.ca

გერმანიის პარლამენტში ორი ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად, გერმანიის პარლამენტში ადგილი ორმა ტრანსგენდერმა ქალმა მოიპოვა.

მწვანეები, მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია, რომელიც გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული, გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა და ხმების 14,8% მოიპოვა. ეს გამარჯვება 42 წლის პარტიის საუკეთესო შედეგია გერმანიაში – საპარლამენტო ადგილებს 44 წლის ტესა განსერერი და 27 წლის ნიკე სლავიკი დაიკავებენ.

ტესა განსერერი

ნიკე სლავიკი

“ეს არის ისტორიული გამარჯვება არა მხოლოდ მწვანეთა პარტიის, არამედ ტრანს-ემანსიპაციური მოძრაობისა და მთელი ქვიარ საზოგადოების” – განაცხადა განსერერმა, რომელიც ბავარიის პარლამენტში 2013 წლიდან მუშაობს.

”ჯერ კიდევ არ მჯერა, არჩევნების ამ ისტორიული შედეგით მე აუცილებლად ვიქნები მომავალი ბუნდესტაგის წევრი” – წერს სლავიკი თავის ინსტაგრამ გვერდზე.

გერმანიის ახალი კანონმდებლების პრიორიტეტებში ლგბტქ+ მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაც შედის. განსერერი იმედოვნებს, რომ გაამარტივებს დოკუმენტაციაში სქესის აღმნიშვნელ გრაფაში ცვლილების შეტანის პროცესს. მიმდინარე კანონმდებლობით, ტრანს ადამიანებმა, რომლებსაც სქესის შეცვლა სურთ, უნდა შეიტანონ შუამდგომლობის განაცხადი ადგილობრივ სასამართლოში, რომელიც ორ ექსპერტს ავალდებულებს, 3 წლის დაკვირვების შემდეგ, დაადასტურონ, რომ განმცხადებელი არ მიეკუთვნება მიმდინარე სქესს და მათი სქესის მიხედვით, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში, მიიღებს გადაწყვეტილებას საბუთბში სქესის შეცვლის შესახებ.

ხოლო სლავიკი, გარდა იმისა, რომ მხარს უჭერს კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს ტრანს ადამიანებს თვითიდენტიფიცირდნენ მარტივად, ასევე, გეგმავს ქვეყნის მასშტაბით მიიღოს „სამოქმედო გეგმა ჰომოფობიისა და ტრანს მტრობის წინააღმდეგ“. მისი კამპანია ასევე მოიცავს გერმანიაში “სტრატეგიას რასიზმის წინააღმდეგ” და ,,ფედერალურ ანტიდისკრიმინაციულ კანონს”.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ზოგადი ,,თანაბარუფლებიანი მოპყრობის აქტი” გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციასაც მოიცავს , ის მხოლოდ  დასაქმებისა და საცხოვრებელით უზრუნველყოფის საკითხებზე ვრცელდება. ფედერალური კანონი არ იცავს ლგბტქ+ გერმანელებს სიძულვილის ენისა და ფიზიკური ძალადობისგან. 2020 წელს ქვიარ და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ძალადობა 36%-ით გაიზარდა, ხოლო ლგბტქ+ დამცველები ამტკიცებენ, რომ ეს მაჩვენებელი არ არის ზუსტი და კიდევ უფრო მაღალია, რადგან სამართალდამცავ ორგანოებთან ამ თემაზე ანგარიშგების სისტემა არ არსებობს.

წყარო: them.us

თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს და 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქალი მღვდლები, როგორც ღმერთის კურთხევა

როდესაც ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური დიქტატურა გაბატონდა (1948-1990), რელიგიისა და, განსაკუთრებით, დომინანტი რელიგიური ჯგუფის – რომის კათოლიკე ეკლესიის დევნა და განადგურება მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა. იმ სასულიერო პირებს, რომლებიც არ დამორჩილდნენ „განეკლესიურების“ გეგმას (ტერმინი აღნიშნავს სასულიერო პირთა მიერ მსახურების მიტოვებასა და საერო პირად გახდომას), სამი სამომავლო პერსპექტივა გააჩნდათ: დაპატიმრება, დახვრეტა ან საეკლესიო მსახურების იატაკქვეშეთში გაგრძელება. სწორედ ასეთ იატაკქვეშა მსახურებას ეწეოდა რომის კათოლიკე ეპისკოპოსი ფელიქს მარია დავიდეკი (თავადაც იატაქვეშა ეკლესიაში იყო ეპისკოპოსად ხელდასხმული 1967 წელს მონსინიორ იან ბლაჰას მიერ). მისთვის ეპისკოპოსობა არა პრივილეგიას, არამედ სიკვდილის რისკზე წასვლას წარმოადგენდა, თუმცა მორწმუნეთათვის მამობრივი მსახურების სურვილმა მისი შიში გაფანტა და მიანიჭა გამბედაობა, ღმერთის გეგმა ყველა შესაძლებლობით აღესრულებინა.

მიუხედავად მისი გმირული თავგანწირვისა, დღეს ის ჩვენთვის სხვა კუთხითაა საინტერესო – მან აღასრულა 68 მღვდლის ხელდასხმა, აქედან 5 ქალი იყო. მეტიც, მან თავის გენერალურ ვიკარად მის მიერ ხელდასხმული ქალი მღვდელი – დედა ლუდმილა იავოროვა დანიშნა.

ლუდმილა იავოროვა გრძნობდა სურვილს, გამხდარიყო მონაზონი, თუმცა კომუნისტური რეჟიმის პირობებში ეს შეუძლებელი იყო. ეპისკოპოსი ფელიქს მარია დავიდეკი იავოროვას ოჯახთან მეგობრობდა, ლუდმილაში კი დაინახა ძლიერი ადამიანი მტკიცე რწმენით, ჩაუქრობელი ენთუზიაზმითა და ლიდერული ნიჭით, რის გამოც, განიზრახა, ის მღვდლად ეკურთხებინა იატაკქვეშა საოჯახო ეკლესიებში მსახურებისათვის, რაც 1970 წლის 28 დეკემბერს აღასრულა. ამ საიდუმლო მოვლენას მონსინიორ დავიდეკის ძმა – ლეო შეესწრო.

დედა ლუდმილა იავოროვა ასე იხსენებს საკუთარ განცდებს: „ეს საოცრად მოულოდნელი იყო. არ მოველოდი მღვდლად ხელდასხმას. მე ეს ღმერთის საჩუქრად მივიღე. ღმერთი საჩუქრებს ყოველგვარი დამსახურების გარეშე იძლევა, ამიტომაც ვერასდროს ვიპოვი პასუხს კითხვაზე – რატომ მე?“

მონაზონმა – და მირიამ თერეზე ვინთერმა, წიგნი დაწერა, რომელიც პირველი რომის კათოლიკე ქალი მღვდლის – დედა ლუდმილა იავოროვას ბიოგრაფიასა და დაუღალავ მსახურებას მიუძღვნა, სადაც ის წერს: „ლუდმილამ აღასრულა თავისი პირველი წირვა – უბრალოდ, ჩუმად, ფელიქს და ლეო დავიდეკებთან, იესოს დედა მარიამთან, ღმერთის ყველა ანგელოზთან და წმინდანთან ერთად“.

1990 წელს, ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმი დაინგრა. იატაკქვეშეთიდან ამოსულმა ეკლესიამ რომი გააოცა, რადგან იქ იყვნენ არა მხოლოდ ქალი მღვდლები, არამედ ქორწინებაში მყოფი კაცი მღვდლებიც (რომის კათოლიკე ეკლესია დღემდე კრძალავს ქალთა ხელდასხმას, ლათინურ წესში კი, იკრძალება მღვდლების ქორწინება). ქორწინებაში მყოფ კაც მღვდლებს უფლება დართეს, ბიზანტიური წესის სამრევლოებში გაეგრძელებინათ მოღვაწეობა, ქალ მღვდლებს კი, 1996 წელს მკაცრად აუკრძალეს სამღვდელო მოვალეობების შესრულება, ასევე, აუკრძალეს ესაუბრათ ამ აკრძალვების შესახებაც. არქიეპისკოპოსმა ჯონ ბუკოვსკიმ ხელდასხმებს უწოდა – ვალიდური (მოქმედი, ძალაში მყოფი), მაგრამ არაკანონიერი, რადგან ის ეწინააღმდეგება რომის კათოლიკე ეკლესიის კანონებსა და კატეხიზმოს.

დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევა დაეხმარება ეკლესიებს, გაიაზრონ, თუ რაოდენ დიდი კურთხევა შეიძლება აღმოჩნდეს ეკლესიისთვის ქალთა ხელდასხმა და მათი მსახურება.

დედა ლუდმილა იავოროვა დღეს 90 წლისაა. ის დღემდე აქტიურადაა ჩართული საეკლესიო ცხოვრებაში და მსახურობს, როგორც რომის კათოლიკე ეკლესიის ლიტურგიული კომისიის სპიკერი.

დედა ლუდმილა იავოროვა, მონსინიორ დავიდეკის პორტრეტთან

სტატიის ავტორი: თომა ლიპარტიანი

შოტლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც LGBTQ+ ისტორიის სკოლებში სწავლება მოითხოვა

შოტლანდია ოფიციალურად გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა სავალდებულო ლგბტქ+ სასწავლო გეგმა სკოლებში. პედაგოგებს აქვთ წვდომა ვებგვერდზე, რომელიც სთავაზობს მათ ელექტრონული სწავლების კურსს ლგბტქ+ თემებთან დაკავშირებით. ასევე, ინკლუზიური გაკვეთილების გეგმებსა და დამხმარე საგანმანათლებლო მასალებს.

გაკვეთილები მოიცავს ლგბტქ+  თემასთან დაკავშირებულ  ისეთ საკითხებს, რომელიც ყოველდღურ სწავლებაშიც გამოიყენება, მაგალითად: ერთ-ერთი მათემატიკური სავარჯიშოს შინაარსია ის, რომ ახალგაზრდა გოგონა ყიდულობს ბარათებს თავისი ორი მამისთვის.

აღნიშნული სასწავლო გეგმის შემუშავება განაპირობა ლგბტქ+ ადვოკატირების ჯგუფის – “Time for Inclusive Education”-ს (TIE) ძალისხმევამ, რომელიც შოტლანდიის პარლამენტში ინკლუზიური სწავლებას წარმატებით ლობირებდა. 2017 წელს შოტლანდიის მთავრობამ შექმნა ე.წ. ,,ლგბტ ინკლუზიური განათლების სამუშაო ჯგუფი”, რომელიც შედგებოდა TIE-სა და რამდენიმე სხვა ლგბტქ+ ადვოკატირების ჯგუფისგან, რომლის მიზანი იყო, ხელი შეეწყო სკოლებში ინკლუზიის გაღრმავებისთვის.

შოტლანდიამ ბოლო თვეების განმავლობაში სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა ლგბტქ+  სტუდენტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავრობამ შეიმუშავა რეკომენდაციების სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც სკოლებმა უნდა მიიღონ გენდერულად ნეიტრალური ჩაცმის წესები და ნება დართონ ტრანს მოსწავლეებს, გამოიყენონ მათ მიერ არჩეული სახელები, ნაცვალსახელები და საპირფარეშოები. ეს რეკომენდაციები არ არის სავალდებულო და ნებაყოფლობითია.

შოტლანდიის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან. 2018 წელს უელსმა გამოაცხადა, რომ 2022 წლისთვის შეიმუშავებს ლგბტქ+ თემზე მორგებულ განათლების სასწავლო გეგმას. აშშ-ში შვიდმა შტატმა (კალიფორნია, ნიუ ჯერსი, ნევადა, ილინოისი, ორეგონი, კონექტიკუტი და კოლორადო) მიიღო შოტლანდიის მსგავსი სასწავლო გეგმა, რომელიც განამტკიცებს ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს სკოლებში და ხელს შეუწყობს ბულინგის შემცირებას.

წყარო: them.us

დავით ხორბალაძე ქვიარ ეგზოტიზაციის წინააღმდეგ

/

დავით ხორბალაძე თანამედროვე ქართველი რეჟისორი და დრამატურგია, რომლის პირველი სპექტაკლიც 2014 წელს დაიდგა. მისი ავტორობით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თეატრში, მაყურებელმა 10-ზე მეტი სპექტაკლი იხილა. არტისტი თავის სპექტაკლებში არ ერიდება თამამ ექსპერიმენტებს და მაყურებელს ყოველთვის სთავაზობს აქტუალური თემების საინტერესო ინტერპრეტაციებს. სექსუალობა, იდენტობის ძიება, სახელმწიფოს ტერორი მოსახლეობაზე, სოციალური უთანასწორობა, უმიცრესობების ბედი – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დავით ხორბალაძის პიესები და სპექტაკლები ეხება.

რეჟისორის მომდევნო სპექტაკლს მაყურებელი მიმდინარე სეზონზე იხილავს. როგორც დავით ხორბალაძე განმარტავს, სპექტაკლი ტრილოგიის პირველი ნაწილი იქნება, რომელიც მეხსიერებაზე, როგორც პიროვნების ერთ-ერთ ყველაზე არასრულყოფილ, დაზიანებულ, ტრანსფორმირებად მხარეზე მოგვითხრობს. სანამ მაყურებელი პანდემიის გამო შეჩერებულ თეატრს დაუბრუნდება, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც „ღია სივრცის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გაგვიზიარებს თავის ხედვებს მიმდინარე პროცესებსა და თეატრის მომავალზე:

როდის და როგორ გადაწყვიტე თეატრის რეჟისორობა და დრამატურგობა?

სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა დაგვავალა, სურათის მიხედვით დაგვეწერა პიესა და დაგვედგა პატარა სპექტაკლი, უნდა გადანაწილებულიყო ფუნქციები, ანუ მთლიანობაში, უნდა გვეთამაშა თეატრობანა. მე ვერ ვიღებდი გადაწყვეტილებას დრამატურგობა ამერჩია თუ რეჟისორობა. წერა ძალიან მიყვარდა, მაგრამ რეჟისორი ვინ იყო, დიდად არ ვიცოდი, თეატრი საერთოდ არ მაინტერესებდა. ბოლოს რეჟისორობა არავინ არ მოინდომა და მე ვთქვი, ძალიან კარგი, მაშინ მე ვიქნები ორივე-მეთქი. ინიციატორობა და ლიდერობა არასდროს მიყვარდა, ამიტომ არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე მაშინ ასე. მოკლედ, მაგ დროიდან მინდოდა წერაც, დადგმაც და, პრინციპში, ყველაფრის კეთება, რაც საჯაროდ თვითგამოხატვას გულისხმობს. წელიწადში ორ პიესას ვწერდი და ვდგამდი სკოლაში, ისე მიხაროდა ამის კეთება, თან, ცოტა სკანდალურიც იყო ხოლმე და, ალბათ, ეს კიდევ უფრო მიზიდავდა, ეს ნაზი და მგრძნობიარე ბავშვი უცებ თითქოს ძლევამოსილი გავხდი, მაყურებელს ვუყურებდი ხოლმე და ყველა რომ ტიროდა, ჩემი მიზანი მიღწეული მეგონა.

უნივერსიტეტში სწავლის დროსაც და მერეც სულ ვერთობი და ვთამაშობ ამ პროფესიით. თეატრალურ უნივესიტეტშიც საკმაოდ არასერიოზულად მოვხვდი. ვერ გადამეწყვიტა, კინოს რეჟისორობა მინდოდა თუ თეატრის. საშინლად დაბალი ქულები ავიღე შემოქმედებით ტურებში და ნამდვილად დიდი შემთხვევითობაა, რომ საერთოდ ჩავაბარე. მერე ძალიან მერიდებოდა ამის და დიდხანს თავი უტვინო მეგონა.

წყურვილი – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი (ანა გურგენიძის ფოტო)

როგორ გაჩნდა ღია სივრცე და რას უნდა ველოდოთ ღია სივრცისგან მომავალში?

 

ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა დამოუკიდებელი სივრცე, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ თეატრი, არამედ, პირიქით, იქნებოდა ანტითეატრი, რაც თავისთავად გულისხმობს თეატრის იდეის, მისი მნიშვნელობის ახლიდან დანახვას, არა მხოლოდ როგორც სანახაობის, არამედ როგორც ინსტიტუციისაც. დასაწყისში „ღია სივრცე“ იყო მხოლოდ არტისტების ერთობა, რომელიც სხვადასხვა ადგილას მუშაობდა და თამაშობდა წარმოდგენებს, მერე ვიპოვეთ შენობა, ერთობლივი ძალებით დავიწყეთ მისი რემონტი და დღეს გვაქვს სივრცე, რომელიც ჯერ ისევ განვითარების პროცესშია და ყალიბდება, როგორც მულტიკულტურული სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას გვაერთიანებდა სურვილი, გვეკეთებინა სოციალური და პოლიტიკურად აქტიური ხელოვნება, რომელიც ახალი ენით ილაპარაკებდა დღევანდელ ადამიანზე და არა განყენებულ თემებზე. ეს დღემდე ასეა – სინამდვილე, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას განაპირობებს, არის ის, რაც, პრინციპში, ჩვენი მთავარი კვლევის საგანია. იმიტომ კი არა, რომ ეს სინამდვილე ყოველთვის ხელშესახები და გასაგებია თეატრისთვის, ან ხელოვნების სხვა რომელიმე დარგისთვის, არა, ზუსტადაც იმიტომ, რომ მაყურებელთან ერთად გავიგოთ სინამდვილე, გამოვერკვეთ, ვიკვლიოთ, ვეძებოთ იდენტობა, კითხვები დავუსვათ უკვე არსებულ იდენტობებს, კულტურულ ნორმებს, ყველაფერს, ყოველგვარი მორიდების გარეშე ან თუნდაც ამ ბუნდოვანებას გავუსწოროთ თვალი. ასე რომ „ღია სივრცისგან“ ყველაზე მეტად რასაც მინდა რომ ელოდეთ, სითამამე და კრიტიკული ხედვაა, რომელიც მომავლისკენ მიდის და წარსულს არ ეჭიდება.

რა ევალება თანამედროვე ქართულ თეატრს და ასრულებს თუ არა ის ამ მოვალეობას?  

 

ზოგადად, ალბათ, არც არაფერი ევალება ვინმეს. შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმაზე,  ინსტიტუციებს რა უნდა ევალებოდეთ, კულტურის როგორი პოლიტიკა მოგვეწონებოდა, როგორი მართვის სისტემა, რა ღირებულებების გავრცელებას უნდა უწყობდეს სახელმწიფო თეატრები ხელს, რომ ეს არ უნდა იყოს, მინიმუმ, სექსიზმის, ფაშიზმის, ჰომოფობიის ტირაჟირების ადგილი. რომ, ალბათ, ყველა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თეატრი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის საზოგადოების ფულს ხარჯავს და მისთვის გარკვეული სიკეთის დაბრუნებას უნდა ცდილობდეს, რომ, ალბათ, უფრო სახალხო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ჰქონდეს საგანმანათლებლო ფუნქცია, არ უწყობდეს ხელს საზოგადოების არცერთი ჯგუფის შეზღუდვას და ა.შ. საზოგადოებას შეუძლია შეთანხმდეს, როგორი თეატრი უნდა მას, ან საერთოდ უნდა თუ – არა. ახლა რაც ხდება, უბრალოდ ინერციაა, ქართულ თეატრს, საკუთარი თავის ჩათვლით, შევახსენებდი, რომ მაყურებლისთვის არსებობს და მის გარეშე თეატრი თეატრი კი არა თვითკმაყოფილებაში ჩაძირული გოიმობაა.

 

კითხვის მეორე ნაწილს რაც შეეხება: ცნებას „ქართული თეატრი“ საერთოდ ამოვიღებდი ხმარებიდან. ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ნაციონალური თეატრი არ გაგვაჩნია, ისტორიულად ეს ვერ მოხდა და ვერ განვითარდა. რუსთაველის თეატრს რომ ნაციონალური თეატრის სტატუსი აქვს, ეს მხოლოდ ღირებულებების გაყალბებაა და მეტი არაფერი, და მეორეც, საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოვაქციო თეატრის იდეა რომელიმე ვიწრო ნაციონალურ ჭრილში. ან თუ ვაქცევ, რის მიხედვით უნდა ვთქვა, რომელია ქართული თეატრი და რომელი – არა?  ენით? ესთეტიკით? ეროვნებით? ყველაფრით ერთად? რაში მჭირდება, რომ ეს გავაკეთო?

დაცული ტერიტორიები – სამეფო უბნის თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (ფოტო – გიკა მიქაბაძე)

ყველაზე მეტად რითი არის დაინტერესებული თანამედროვე ქართული დრამატურგია, რა ტენდენციები იგრძნობა ქართულ თეატრში?

 

ძალიან ძნელია, ილაპარაკო ტენდენციებზე ისეთ ფრაგმენტულ პროცესში, როგორიც ჩვენს თეატრს აქვს. ალბათ, ცალკე დრამატურგიაშიც და მთლიანად თეატრშიც ეს ფრაგმენტულობა, დანაწევრებულობა, ტომობრივ-სექტანტურობა არის ტენდენცია უკვე წლებია. არ ვგულისხმობ მხოლოდ ურთიერთობებს, შემოქმედებითი პროცესიც ასეთია, ჩაკეტილი და მონოლოგური. სანამ პანდემია თეატრს დახურავდა, ამ კომუნიკაციის შეწყვეტას ჩემს ნამუშევრებშიც ვხედავდი და სხვათა შორის, როცა უკვე ვიდეოზე მომიწია მუშაობა და მივხვდი, რომ უშველებელი ბარიერი უნდა გადამელახა მაყურებელთან ცოცხალი ურთიერთობის შესაქმნელად, გაასმაგებულად დავიწყე ამაზე ფიქრი.

წუხილი – ღია სივრცე (ლაშა ცერცვაძის ფოტო)

ისმის თუ არა ქართულ თეატრში და დრამატურგიაში ქვიარების ხმა? 

 

მე პირადად, სხვა ხმა არც მესმის. როცა ქვიარ ხელოვნებას ცალკე გამოყოფენ ხოლმე, ვიბნევი იმიტომ, რომ „არაქვიარ“ ხელოვნება, მე თუ მკითხავ, არც არსებობს. მით უმეტეს, თეატრი, რომელიც, თავისი არსით, ერთი მხრივ, თანასწორობის, ერთიანობისკენ უბიძგებს მაყურებელს მეორე მხრივ კი, ყოველთვის კითხვებს უსვამს იმ სინამდვილეს, რომელშიც ეს მაყურებელი ცხოვრობს. ბოლოს და ბოლოს ეს არის ადგილი, სადაც აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ადამიანი იკრიბება ერთად და მონაწილეობს, უყურებს, ისვენებს, ერთობა, ერთვება წარმოდგენაში, რომელიც, კარგ შემთხვევაში, ნორმებს კითხვებს უსვამს, აკრიტიკებს. სხვანაირი თეატრი არც მაინტერესებს და ვერც ვხედავ მისი განხილვის აზრს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საფიქრალი უკვე სხვა რამეზე გვაქვს: უკვე დროა, ჩვენვე, ქვიარები ვიყოთ კრიტიკულები ხელოვნების მიმართ, რომელსაც ვაკეთებთ, ან რომელიც ჩვენზე ლაპარაკობს. ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავად ვამკვიდრებთ ახალ ფაშისტურ ესთეტიკურ სტერეოტიპებს ხელოვნებაში და დაგვყავს მხოლოდ გეი კაცების სექსუალობის უპრიმიტიულეს გაგებამდე.

 

ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გვაქვს ინსტიტუციური პრობლემები და ქვიარ ხელოვნების გადამალვის მცდელობა და მეორე მხრივ, ქვიარობის ეგზოტიზაცია, იდენტობით ვაჭრობა თავად არტისტების მიერ, რომლებიც ქვიარ არტისტებად იდენტიფიცირდებიან. საერთოდ, ეს კატეგორიები ყელში ამოვიდა. სიტყვა „ქვიარსაც“ ამოვიღებდი მოხმარებიდან, „ქართული თეატრივით“.

რა სახის წინააღმდეგობები შეიძლება შეგხვდეს ქართულ თეატრალურ და სახელოვნებო სივრცეებში, თუ ხარ ლესბოსელი, გეი, ტრანსი, ბისექსუალი? 

 

წინააღმდეგობები ჯერ კიდევ თეატრალური უნივერსიტეტიდან იწყება, სადაც სტუდენტების შესარჩევად ფაშისტური კრიტერიუმები აქვთ. ამიტომ, თუ შენს გარეგნობაში, ხმაში რამე არის არაჰეტერონორმატიული, დიდი ალბათობით, სხვებთან შედარებით განსაკუთრებული ბრძოლა მოგიწევს (ისე, როგორც ყველა სფეროში). მერე უკვე, გააჩნია, როგორ „ბაბლში“ მოხვდები, იპოვი თუ არა თანამოაზრეებს. რამდენად გეყოფა გამძლეობა, რომ საკუთრი თავი შენ თვითონ მიიღო, არ დამალო და ამავე დროს პროფესიულადაც ვითარდებოდე. მე ბევრი არტისტი მახსენდება, ვინც საკუთარი იდენტობის გამო ჩაგვრას ვეღარც გრძნობს, იმდენად მიჩვეულია მალვას. არადა თეატრი ცნობიერებას უნდა აფართოვებდეს. საკუთარი თავის, სხეულის მიღების გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რამე ღირებული შექმნა. თუმცა მაინც მგონია, რომ ამ მხრივ პროცესი დაძრულია და უფრო და უფრო ნაკლები არტისტი ეგუება ჰომოფობიაში ცხოვრებას. იმას არ უნდა ველოდოთ, როდის მოგვცემს ჰეტერონორმატიული „ღმერთი“ პროფესიული რეალიზების შესაძლებლობას, რადგან ამას არასოდეს გააკეთებს. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ რამე მარტივად, თავისთავად მოხდება.

მშობელთა კრება – ღია სივრცე, რეჟისორი: დავით ხორბალაძე, მიშა ჩარკვიანი (თაკო რობაქიძის ფოტო)

გარდა იმისა, რომ ბოლო ორი წელი თითქმის აღარ იდგმება სპექტაკლები და მაყურებელიც უფრო მეტად დაშორდა თეატრს, რა შეიცვალა თქვენს საქმიანობაში? შენი აზრით, რა ისწავლეს ხელოვანებმა პანდემიისგან და როგორ გამოიყენეს ეს დრო? 

 

არ ვიცი, ჯერ ადრე მგონია ამაზე ლაპარაკი. რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ მაყურებელი ფიზიკურად დაშორდა იმ თეატრს, რომელშიც ინერციით დადიოდა, სამაგიეროდ, მასთან მივიდა ციფრული თეატრი და სცადა ეთქვა, რომ მტვრიანი კოსტიუმებისა და ხავერდის სკამების გარეშეც შეუძლია იარსებოს.

მამა თავს იხრჩობს ტყეში – ახალი დრამის ფესტივალი

რის ნაკლებობას განიცდი ყველაზე მეტად ქართულ თეატრში და რა არის ის შიდა და გარე პრობლემები, რაც ხელს უშლის თეატრის განვითარებას? 

 

ყველაზე მეტად განვიცდი კულტურის პოლიტიკის არარსებობას. ესაა მთავარი მიზეზი, რაც ყველაფრის განვითარებას ხელს უშლის.

შიმშილის ღმერთ – ღია სივრცე. რეჟისორი: დავით ხორბალაძე, მიშა ჩარკვიანი (ფოტო – ბექა ჯავახიშვილი)

როგორ შეაფასებ ქართულ თეატრს გასული 10-15 წლის ჭრილში?   

 

ამას რომ ვამბობ, მე თვითონაც ძალიან მწყდება გული, მაგრამ საშინელი უფუნქციობის განცდა მეუფლება, როცა ბოლო 10 წელს ვიხსენებ. იყო ფრაგმენტული გამონათებები, მაგრამ, ძირითადად, ყველაფერი მოკვდა განვითარების პერსპექტივის გარეშე. ახლა ამ მოცემულობაში, შეიძლება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, თუმცა, არ ვიცი, ეს რამდენად მოხდება. ამას ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა და აქვს: კულტურულიც და ეკონომიკურიც, რაზე ლაპარაკსაც ამ ინტერვიუში ვერ მოვასწრებთ.

გახეთქილი ყბა – ღია სივრცე (ფოტო – თიკუ კობიაშვილი)

როგორ ხედავ ქართული თეატრის და ზოგადად თეატრის მომავალს? 

ქართული თეატრის და საქართველოს მიმართ ძალიან ნეგატიური წინათგრძნობა მაქვს, ერთეული ადამიანების პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე შორს ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს ვერ წავა. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ, სამწუხაროდ, არ ვცდები, თან ეს ბრაზი მეხმარება, ვიმოქმედო. ზოგადად, თეატრს რაც შეეხება, მაქვს ჩემი იდეალური წარმოდგენები და მინდა მჯეროდეს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება კონკრეტული დროისა და სივრცის არსებობის გარეშე მაყურებელსა და წარმოდგენას შორის მგრძნობიარე და ცოცხალი კომუნიკაცია შედგეს, ასე რომ მთელი გულით მივესალმები ტექნოლოგიურ განვითარებას.

ინტერვიუ – ზურა აბაშიძე

ფოტო – ვახო ქარელი

პოლონეთის რამდენიმე რეგიონმა ანტი-ლგბტ დეკლარაციები გააუქმა

/

ევროკავშირის დაფინანსების დაკარგვის შიშით, პოლონეთის რამდენიმე რეგიონმა ანტი-ლგბტ დეკლარაციები გააუქმა, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს.

გასულ კვირას, სვიეტოკშის სავოევოდოს რეგიონალური ასამბლეა გახდა პირველი, რომელმაც უარი თქვა ,,ლგბტ თვისუფალ’’ ზონად არსებობაზე. მოგვიანებით, კიდევ 3 რეგიონი – სამხრეთ მალოპოლსკი, ლუბლინა და პოდკარპაკი შეურთდა კანონის გაუქმებას.

2019 წელს ათობით ადგილობრივმა პოლონურმა მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა თავი ანტი-ლგბტ ზონად. ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ,,კონსერვატიული კანონისა და სამართლიანობის პარტიის’’ მხარდაჭერას ემსახურებოდა.  ანტი- ლგბტ დეკლარაციები მიზნად ისახავდა ,,დაეცვა ტრადიციული ოჯახური ღირებულებები’’.

სექტემბრის დასაწყისში ევროკომისიამ წერილობით მიმართა პოლონეთის ხუთ რეგიონულ საბჭოს და მოუწოდა მათ, უარი ეთქვათ დეკლარაციებზე, რათა დაფინანსება მიეღოთ. ქვეყნის მთავრობამ სთხოვა ადგილობრივ ხელისუფლებას, გაეუქმებინათ ანტი-ლგბტ სტატუსი. მალოპოლსკის თექვსმეტმა მრჩეველმა დეკლარაციის გაუქმებას ხმა მისცა,ხოლო შვიდმა ჩინოვნიკმა მხარი დაუჭირა დეკლარაციის ძალში დატოვებას, თხუთმეტმა კი თავი შეიკავა.

მალოპოლსკის მრჩეველმა ვიტოლდ კოზლოვსკიმ განაცხადა, რომ ეს არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა მხარე კმაყოფილია. ,,მაზოპოლსკა ძლიერი რეგიონია, რომელიც ღირებულებებზეა აგებული და ემყარება მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციას.” თუმცა დასძინა, რომ ადგილობრივი განვითარებისთვის ფინანსური სახსრები, რომელსაც ევროკავშირისგან იღებენ, აუცილებელია.

2019 წელს პოლონეთის მთავრობამ თავი ლგბტქ იდეოლოგიისგან თავისუფლად გამოაცხადა, მათი განმარტებით, „პოლონეთში შემოტანილი ლგბტქ მოძრაობა ემუქრება ჩვენს იდენტობას, ჩვენს ერს, მის არსებობას და, შესაბამისად, პოლონეთის სახელმწიფოს.’’

მალევე, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციის მიღებას, რომელიც გმობს ჰომოფობიური ზონების არსებობას და პოლონეთს დაფინანსების დაბლოკვით დაემუქრა.

წყარო: euronews.com

შვეიცარიაში ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება უკვე ნებადართულია

26 სექტემბერს შვეიცარიაში რეფერენდუმი ჩატარდა – შვეიცარიელი ამომრჩევლების გადაწყვეტილებით, ახლა უკვე ერთი და იმავე სქესის წყვილებსაც შეუძლიათ დაქორწინება. ამ გადაწყვეტილებას მხარი ამომრჩეველთა 64.1%-მა დაუჭირა. აქამდე, 2007 წლიდან, ერთი და იმავე სქესის წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის უფლებით სარგებლობა შეეძლოთ. ეს უფლება ქორწინების უფლებით შეიცვალა.

მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ჰომოსექსუალ პარტნიორებს ჰეტეროსექსუალ წყვილებთან თანაბარ სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს – მათ შეეძლებათ, ისარგებლონ შვილად აყვანის უფლებით და მიიღონ მოქალაქეობა.

შვეიცარია, რომლის მოსახლეობაც 8,5 მილიონია, კონსერვატიული ქვეყანაა. ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით აქ ქალები მხოლოდ 1971 წლიდან სარგებლობენ, ხოლო ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1942 წელს მოხდა. თანაბარი ქორწინების ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო პარტნიორობის შეცვლა ქორწინების სრული უფლებით, ძირს უთხრის ოჯახებს, რომლებიც ქალისა და კაცის ერთობაზეა დაფუძნებული.

მოწინააღმდეგეების კამპანია სავსე იყო ბრალდებებით, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო იქნებოდა, ლგბტ ორგანიზაციების ცხელი ხაზები პრეტენზიებმა და მტრულმა წერილებმა წალეკა.

თანაბარი ქორწინების დაკანონებით შვეიცარია შეუერთდა ევროპის უმეტესი ქვეყნების სიას. ევროკავშირის ქვეყნებიდან, ნიდერლანდები იყო პირველი, რომელმაც შეცვალა ქორწინების კანონები 20 წლის წინ, გერმანიამ – 2017 წელს, ხოლო ავსტრიამ – 2019 წელს. ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება კვლავ არაა დაშვებული აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ხოლო კონსტიტუციით აკრძალულია პოლონეთსა და უნგრეთში.

წყარო: theguardian.com

9 ქვიარ Youtube ვლოგერი, რომელსაც შეიძლება არ იცნობდე

გასულმა წლებმა და კორონა ვირუსის პანდემიამ Youtube უფრო და უფრო პოპულარული გახადა, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ფეისბუქის შემდეგ, youtube ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაა, რომელსაც ყოველთვიურად 2.3 მილიარდი ადამიანი იყენებს.

თუ სახალისო იუთუბ ვიდეოების ყურება და ახალ-ახალი არხების აღმოჩენა თქვენც ჩვენსავით გიყვართ, მაშინ აუცილებლად გაეცანით სტატიას, სადაც ვისაუბრებთ 9 ნაკლებად ცნობილ იუთუბ ვლოგერზე, რომლებიც თავიანთი ვიდეოებით ცდილობენ, ისაუბრონ ლგბტ და გენდერულ პრობლემებზე, შეავსონ ინფორმაციული სიცარიელე და მეტ ადამიანს დაეხმარონ საკუთარი თავის აღმოჩენაში:

Abigail Thorn

გამომწერი – 1 030 000

აბიგაილ თორნის იუთუბ ჩენელი 2013 წელს გაჩნდა და ფილოსოფიის თემატიკაზე გვთავაზობს ვიდეოებს. აბიგაილმა იუთუბ არხის გახსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიდ ბრიტანეთში სწავლის საფასური გაიზარდა. მისი მიზანი იყო, შეექმნა უფასო ვიდეო გაკვეთილები მათთვის, ვისაც განათლებაზე ხელი არ მიუწვდება.

იუთუბ ვლოგერი წლებთან ერთად იზრდება და ცდილობს, უფრო ხარისხიანი ვიდეოები შესთავაზოს მაყურებელს. 2018 წლიდან აბიგაილის ვიდეობი განსაკუთრებული თეატრალურობით გამოირჩევა, რაც სწავლის პროცესს ერთდროულად სახალისოსა და საინტერესოს ხდის.

იუთუბ ვლოგერმა ქამინგაუთი 2019 წელს გააკეთა.

Rose and Rosie

გამომწერი – 1 010 000

Rose და Rosie ქვიარ წყვილია, რომელსაც სამი იუთუბ არხი აქვს და მრავალფეროვან კონტენტს სთავაზობს მაყურებელს. ისინი წლების განმავლობაში გვიზიარებენ თავიანთი ცხოვრების დეტალებს, თამაშობენ სხვადასხვა თამაშს (Until Dawn, Fortnite, Fall Guys) და ცდილობენ, გააძლიერონ ქვიარ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

წლების განმავლობაში Rose და Rosie-ს მაყურებელმა არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი იხილა წყვილის ცხოვრებიდან: ხელის თხოვნა, ქორწინება, შვილის გაჩენა და ა.შ. 2020 წელს წყვილმა პოდკასტიც გააკეთა, სადაც ახალბედა დედები გვიზიარებენ თავიანთ რჩევებს, დაკვირვებებსა და რეკომენდაციებს შვილის აღზრდის შესახებ.

 

Elle Mills

გამომწერი – 1 800 000

Elle Mills კიდევ ერთი იუთუბ ვლოგერია, რომლის წარმატებაც ერთი-ორად გიაზარდა 2017 წელს. მის ვიდეოებს ხშირად ადარებენ ლეგენდარული ამერიკელი კინორეჟისორის, ჯონ ჰიუჯის ფილმებს. კანადელი ვლოგერის ვიდეობი ძალიან სახალისო, მარტივად საყურებელი და ფერადია.

მისი ყველაზე პოპულარული ვლოგები არის ვიდეო სკოლის გამოსაშვებ საღამოზე და თავის მშობლიურ სახლზე, რომელიც დისნეის ერთ-ერთი მულტფილმის, UP-ის სახლს დაამსგავსა.

2017 წელს Elle Mills-მა მორიგი ვიდეო ბლოგი ჩაწერა, სადაც მან ქამინგაუთი გააკეთა, როგორც ბისექსუალმა. ვიდეოს ატვირთვიდან მალევე გოგონას გამომწერების რიცხვი მილიონი გახდა.

Miles McKenna

გამომწერი – 1 160 000

მაილს მაქკენა ლოს ანჯელესში მცხოვრები ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც ერთ-ერთი პიონერი ტრანსგენდერი ვლოგერი და ტრანს საზოგადოების ხმააა იუთუბ სამყაროში.

მაქკენა წლების განმავლობაში სთავაზობს იუთუბის მომხმარებლებს ვიდეოების სერიას ტრანზიციის პროცესებზე, აწვდის სასარგებლო ინფორმაციას ტრანსგენდერ ადამიანებს და ამსხვრევს ტრანს საზოგადოების გარშემო არსებულ მითებსა და სტიგმებს.

სულ რამდენიმე წლის წინ ვლოგერმა წიგნიც გამოსცა, სადაც უფრო დაწვრილებით საუბრობს თავის გამოცდილებაზე.

Jade Fox

გამომწერი – 244 000

ჯეიდ ფოქსი კიდევ ერთი იუთუბ ვლოგერია, რომელიც სხვადასხვა თემატიკაზე იღებს ვიდეოებს. ქვიარ კონტენტ კრეატორის გვერდზე შეხვდებით ვიდეოებს ფილმებზე, მოდაზე, პრაქტიკულ რჩევებსა და ა.შ.

ჯეიდ ფოქსი, გარდა იუთუბის ვლოგერობისა, თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა – Amazon, Calvin Klein, Netflix და Bumble – მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში და LGBT+ საზოგადოების მოზიდვაში.

Wylde

გამომწერი – 33 900

Wylde 28 წლის არაბინალური ვლოგერი, არტისტი, მწერალი და კონტენტ კრეატორია, რომელიც 2010 წლიდან სთავაზობს მაყურებელს საინტერესო კონტენტს იუთუბის არხზე.

Wylde-მ იუთუბის გვერდი მაყურებელს სთავაზობს საინტერესო ვიდეოებს გენდერზე, სექსუალობაზე და საკუთარი თავის ძიებაზე. მისი მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა ქვიარებს და მისცეს მათ მეტი ინფორმაცია ქვიარ სამყაროზე.

მისი ყველაზე პოპულარული ვიდოებია: „როგორ აღმოვაჩინე რომ განსხვავებული ვარ“,  „რჩევები, როგორ შევარჩიოთ საყვარელი, არაბინალური სახელი“„როგორ ვესაუბროთ ბავშვებს არაბინარულობაზე“. ვლოგერს ასევე იცნობენ თავისი ცნობილი Ted Talks-ების სერიიდან.

Gary Thompson

გამომწერი – 38 000

Gary Thompson ახალგაზრდა ქვიარ ვლოგერია, რომლის იუთუბ არხსაც ThePlasticBoy-ის სახელით ვიცნობთ. გარი 2010 წლიდან აქვეყნებს ვიდეოებს მაკიაჟსა და თავის მოვლაზე.

Glamour Magazine-თან მიცემულ ინტერვიუში, ვლოგერი მოჰყვა, რომ მისი მიზანი იყო, შეექმნა ისეთი არხი, სადაც შავკანიანი ადამიანები უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებდნენ მუქი ფერის კანის მოვლაზე და გაუზიარებდა ინფორმაციას შავკანიან საზოგადოებას მაკიაჟთან დაკავშირებით.

ვლოგერი პირველი მამაკაცია, რომელიც L’oreal Paris კამპანიაში #YourTruly-ში მიიღო მონაწილეობა, კამპანია მრავალფეროვნებას ეძღვნებოდა. L’oreal-ის გარდა, ვლოგერი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა –  „ანასტასია ბევერლი ჰილსი“, Avon, MAC Cosmetics, Primark, Garnier და ა.შ.

Natalie Wynn

გამომწერი – 1 460 000

ContaPoints-ის ქვიარ იუთუბ არხია, რომელსაც ტრანსგენდერი ქალი, ნატალია მართავს და საუბრობს პოლიტიკაზე, გენდერზე, რასებზე, სოციალურ პრობლემებსა და ფილოსოფიაზე. მისი ვიდეობის სტრუქტურა ჩამოჰგავს გრძელ ესეის და მისი ყველაზე პოპულარული ვიდეოები ეხება ინტერნეტის უცნაურ კულტურას, JK Rowling-ის ცნობილ სკანდალსა და ონლაინ სუბკულტურა Incel-ს.

საკუთარ ვიდეობში ნატალი არ ერიდება სხვადასხვა როლის მორგებას და ცდილობს, 30-დან 1 საათამდე ხანგრძლივობის ვიდეოები უფრო გაახალისოს სხვადასხვა სცენის გათამაშებით, შეუსაბამო როლების მორგებითა და შავი იუმორის გამოყენებით.

2020 წელს ნატალია დაქამინგაუთდა როგორც ლესბოსელი.

Alayna Joy

გამომწერი – 339 000

Alayna Joy კანადელი ვლოგერია, რომელიც მრავალი წელი წერს ვიდეოებს სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე.

Alanya 2020 წლამდე წერდა ვიდეოებს ბისექსუალობის შესახებ და საუბრობდა თავის მრავალწლიან ურთიერთობაზე მამაკაცთან, რომელთანაც დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა 2020 წელს მაყურებელმა იუთუბ ვიდეოდან შეიტყო, რომ ქორწილი გაუქმდა, ალანიამ ქამინგაუთი გააკეთა და თქვა, რომ ლესბოსელია. მას შემდეგ კანადელი ვლოგერის ვიდეოები, ძირითადად, გვიყვება თავის, როგორც ახალბედა ლესბოსელის გამოცდილებაზე და კორონა ვირუსის პანდემიაზე დიდ ბრიტანეთში.

ავტორი – ზურა აბაშიძე