Tbilisi Pride

სველი ქვიშა — ქართული ქვიარ ფილმი, რომლის პრემიერითაც პრაიდ კვირეული იწყება

28 ივნისს პრაიდ კვირეული 2022 ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებით იწყება, რომლის რეჟისორი არაბინარული იდენტობის მქონე ელენე ნავერიანია. სველი ქვიშა 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული ამბავია, რომლის სიუჟეტი შავი ზღვისპირა სოფელში, ერთ-ერთი გმირის გარდაცვალებით

დაღლილი დრეგ ქვინი სიწმინდეების წინააღმდეგ — Not So Virgin Mary-ის ისტორია

ჩემი დრეგი არის აქტივისტური დრეგი და ის ყოველთვის პოლიტიკურია, ყოველთვის არის მიმართული კაპიტალიზმის, იმპერიალიზმის, პატრიარქატის და კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვცდილობ, ჩემი შოუებით გავზარდო სხეულის მიმღებლობის პოლიტიკა და ვაჩვენო ადამიანებს, რომ არ არის აუცილებელი, ყველა ქვინის სხეული აკმაყოფილებდეს საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებს.

დრეგ შემსრულებლების შეჯიბრებების სერია The Drag Ball იწყება

„თბილისი პრაიდისა“ და საინიციატივო ჯგუფის ახალი პროექტი THE DRAG BALL უნიკალური ღამეების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას, ბოლის კულტურის განვითარებასა და

თბილისი პრაიდისა და GDI-ს ლგბტქი აქტივისტური ბანაკი მათთვის, ვისაც თემის აქტიური წევრობა სურს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და თბილისი პრაიდი გაეროს ფონდის მხარდაჭერით ლგბტქი აქტივისტურ ბანაკს გამართავენ. 3-დღიანი ტრენინგი 26, 27 და 28 აპრილს კახეთში ჩატარდება და

მორიგი დრეგ მეჯლისი “Hollywood” 23 თებერვალს გაიმართება

/

თბილისი პრაიდისა და საინციატივო ჯგუფის პროექტის, The Drag Ball ფარგლებში, 23 თებერვალს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება, რომელზეც განსაკუთრებულ სტუმრად ქართველი პოპ ვარსკვლავი, ლელა წურწუმია სახელდება. გარდა ლელა წურწუმიასი, დამსწრეების წინაშე სპეციალურ სტუმრებად Anman (ანა-მარია ბურდული), კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, Rafaela Toxikana, Kordz & DRO Live წარსდგებიან.

Pre Party-ზე Citizens Union დაუკრავს, ხოლო Afterparty-ზე იქნებიან DRO DJ Set, IAMNIKITA show, MARGARITA ELEKTRA და Valley Dolly.

დრეგ მეჯლისში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქვიარ თემისა და მხარდამჭერი ადამიანებისათვის კარგად ცნობილი ქვინები, ასევე, სხვადასხვა განსაკუთრებული სტუმარი. ქვინებს შორის იქნებიან: Hot Paflotski, FAGATTA, HOMO ERECTUS, JANGO, VENOM, VIRGINIA, Arkprincess და SHIRO.

“ოქროს ხანის ჰოლივუდის გლამური, ბრწყინვალე სამოსი და ფერადი ბოა, მოკაშკაშე ძვირფასი ქვები, მაღალი ქუსლები და წითელი ტუჩსაცხი, სიმდიდრე, ანგარება, სექსი, თავბრუდამხვევი გართობა, სიყვარული, სიძულვილი, ინტრიგები და რაც მთავარია, დრამა!”, — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

პროექტი The Drag Ball დაფუძნებულია თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლის წევრებიც გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან. პროექტი უნიკალური ღამეების სერიაა, რომელიც დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერიების მეშვეობით, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას, ბოლის კულტურის განვითარებას, უსაფრთხო სივრცის შექმნასა და ქვიარ ადამიანების მეტ რეპრეზენტაციას ისახავს მიზნად.

დრეგ ბოლი კლუბის მტკვარზე სივრცეში გაიმართება და დასწრება მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი. ბილეთების მისაღებად აუცილებელია ხელახალი რეგისტრაცია/ვერიფიკაცია. იმეილები .ru დომენით რეგისტრაციას ვერ გაივლიან. Რეგისტრაციის პროცესი 20 თებერვალს, 20:00 საათზე დასრულდება, ხოლო ბილეთების გაყიდვა 21 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება. ხელმისაწვდომია 250 ბილეთი.

რეგისტრაცია და ვერიფიკაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე

თბილისი პრაიდი — 2023 წლის იანვრის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.

წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის იანვრის თვეში:

  • ორგანიზაციამ 2022 წელი დრეგ მეჯლისის გრანდიოზული ღამით გააცილა, რომელსაც კლუბმა „KHIDI“ უმასპინძლა. THE DRAG BALL:ALL STARS ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ღამედ იქცა — ნაცნობი და საყვარელი შემსრულებლების ახალი ნომრები, შესანიშნავი მუსიკა, საახალწლო განწყობა და მეჯლისის განსაკუთრებული სტუმარი, ჯაზის ქართველი ლეგენდა, გიული ჩოხელი მაყურებელს დიდხანს ემახსოვრება. რადიო თავისუფლებამ მეჯლისს მოკლე დოკუმენტური ფილმიც მიუძღვნა.
Photomaker D.k [Dato Koridze]
  • 2023 წელს თბილისი პრაიდის ოფისში ტრადიციულად გრძელდება სათემო შეხვედრები. ორგანიზაციამ 2023 წელი იოსებ (სოსო) ბლიაძის არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმის, „ჩემი ოთახის“, ჩვენებით დაიწყო. ხალხმრავალი შეხვედრა ფილმის რეჟისორთან საუბრით და ფილმზე დისკუსიით დასრულდა.
  • 27 იანვარს თბილისი პრაიდმა კიდევ ერთ სათემო შეხვედრას უმასპინძლა, რომელზეც ორგანიზაციის ოფისი თამაშების, გართობისა და თემის წევრებისა და თანამოაზრეების გაცნობის უსაფრთხო სივრცედ იქცა.
  • 2023 წლის იანვარში ორგანიზაციამ დაიწყო ახალი მულტიმედია პროექტი „საერთო ენა“. „საერთო ენა“ თბილისი პრაიდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტია — სივრცე, რომელშიც ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ თემებზე საინტერესო რესპონდენტების დიალოგის გზით საერთო ენის პოვნას შეეცდება. პროექტის Facebook გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ პირველი გადაცემა, რომელშიც ქალები და კაცები საუბრობენ ფემინიზმზე.

თებერვალში თბილისი პრაიდი ბევრ საინტერესო აქტივობას გეგმავს. გარდა ამისა, ახლოვდება ორგანიზაციის დაბადების დღე.

იხილეთ აგრეთვე:

2022 წლის მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები საქართველოში

/

2022 წელი ლგბტქი უფლებების მიმართულებით გამოწვევებით იყო სავსე. მსოფლიოში არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა, თუმცა ამის საპირწონედ, მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერება და უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების შემთხვევებიც ვიხილეთ.


მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები 2022 წელს


იმავეს თქმა შეიძლება საქართველოზეც — ერთი მხრივ, გაუმჯობესდა სიტუაცია ლგბტქი მიმღებლობის მიმართულებით, თუმცა, მეორე მხრივ, საშიში პროცესის მომსწრეები ვართ, როცა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ლგბტქი უფლებების სრული უარყოფა ხდება.

აღნიშნულ სტატიაში იმ მნიშვნელოვან ლგბტქი მოვლენებს გადაავლებთ თვალს, რომლებიც 2022 წელს, საქართველოში მოხდა.

დროებითი ლგბტქი საცხოვრისის გახსნა

Temida

2022 წლის დასაწყისში თემიდამ ლგბტქი თემის წევრებისთვის დროებითი საცხოვრისის სერვისი დანერგა, რაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვიარ ადამიანებისთვის, რომელთაც საცხოვრისი დაკარგეს, უმნიშვნელოვანესია. 

თემიდას დროებითი ქვიარ საცხოვრისი ადამიანების გაძლიერებაზე ზრუნავს და გამოწვევებთან გამკლავებისთვის დროს აძლევს. ამასთან, საცხოვრისის მულტიფუნქციური გუნდი მუდმივად ცდილობს, თემის წევრებს მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმაროს და დასაქმების შესაძლებლობებზე წვდომა გაუადვილოს, რათა დროებითი საცხოვრისის დატოვების შემდეგ, საკუთარ თავზე ზრუნვა მეტი შემართებით შეძლონ. 

მაშინ, როცა სახელმწიფოს არ აქვს საცხოვრისის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის გამოწვევებს გაითვალისწინებდა და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მხარდამჭერის შესაძლებლობას შექმნიდა, თემიდას საცხოვრისი ის წამოწყებაა, რომელიც ქვიარ ადამიანების რეალობას ცვლის.

დრეგ სცენის განვითარება

ქართული დრეგ სცენა მრავალ წელს ითვლის. დრეგი, ერთი მხრივ, ქვიარ ხელოვნების განვითარებას უწყობს ხელს და თემის არაერთი წევრისთვის შემოსავლის წყაროა, მეორე მხრივ, ქვიარ ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს. ამიტომ, საინიციატივო ჯგუფისა და თბილისი პრაიდის დრეგ მეჯლისი, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო, დრეგ ხელოვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. 

დრეგ მეჯლისი შემსრულებელთა ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს, ახალ-ახალ ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი ამ მიმართულებით განავითარონ. აღსანიშნავია ყოველკვირეული დრეგ ღონისძიებები ქვიარ და ქვიარ მეგობრულ სივრცეებში, რაც დრეგის მზარდ პოპულარობაზე და მუდმივად განვითარებად ხარისხზე მიანიშნებს. 

დრეგ ხელოვნების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, დრეგ კოლექტივ KOSA-ს ღონისძიებებია, რომლებიც წარმატებით იმართება ქართულ ქვიარ სივრცეებში და მეტიც, პროგრამა სომხეთშიც წარადგინეს. 

პრაიდ ფესტივალი შედგა

ტატა შოშიაშვილი / OC Media

Tbilisi Pride-მა 2022 წლის ზაფხულში პრაიდ ფესტივალი გამართა, რომელიც რეგიონულ კონფერენციას, ქართულ ქვიარ ფილმ სველი ქვიშის პრემიერასა და მუსიკალურ ფესტივალს მოიცავდა. 2022 წლის პრაიდ ფესტივალი 3 სხვადასხვა დახურულ ღონისძიებას აერთიანებდა და წლევანდელი წელი გაძლიერების, გაერთიანების წელი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ჯგუფების მუქარა გარკვეულ რისკებს ქმნიდა, ფესტივალი მშვიდ გარემოში მაინც შედგა და ათასობით ადამიანი უსაფრთხო სივრცეში გააერთიანა. 

გენდერის მარკერის ცვლილებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

MIGUEL SOTOMAYOR

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი. 

საიას განცხადების მიხედვით, “სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა”. 

აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, რადგან ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს არ აქვს გამჭვირვალე, მოქალაქეზე მორგებული გენდერის მარკერის ცვლილების სამართლებრივი მექანიზმი და შესაძლოა ტრანს* უფლებებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს.

პოლიტიკური, ინსტიტუციური ჰომოფობიისა და ტრანსფობიის სახიფათო პროცესი

აღნიშნულ ქვეთავში არა ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, არამედ იმ სახიფათო პროცესებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 2022 წელს ხდებოდა. 

როგორც ყოველ წელს, საჯარო, გადაწყვეტილების მიმღები პირები პირდაპირ თუ ირიბ ჰომოფობიურ განცხადებებს წელსაც აკეთებდნენ, მათ შორის, გამორჩეული ქვეყნის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზა იყო, რომელმაც კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით სარგებლობის მცდელობას “ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა. 

გარდა ამისა, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაში შევიდა ჩასწორება და გაჩნდა ჩანაწერი, რომ „კონცეფციის ყველა დებულებაში გენდერის ნიშნით თანასწორობის/გენდერული თანასწორობის შინაარსი განიმარტება იმგვარად, რომ ის მოიცავს ქალსა და კაცს შორის თანასწორობას“. მოცემული ფორმით გენდერული თანასწორობის კონცეფცია სრულად გამორიცხავს ტრანსგენდერ ქალებს თუ ადამიანებს, რომლებიც გენდერული თვითაღქმის არაბინარულ სპექტრზე იმყოფებიან. 

კიდევ ერთი სახიფათო პროცესი, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების საფუძველი შეიძლება გახდეს, ადამიანის უფლებების სტრატეგიის სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ლგბტქი უფლებების გაუმჯობესების ხედვას არ ითვალისწინებს, მეტიც, ლგბტქი თემი საერთოდ არ არის ნახსენები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სტრატეგიას სამოქმედო გეგმა უნდა დაეფუძნოს, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება დღის წესრიგიდან ლგბტქი ადამიანების უფლებების სრულად გაქრობას ცდილობს. ეს საშიში პროცესი ადამიანის უფლებების აშკარა რეგრესს, პოლიტიკურ, ინსტიტუციურ ჰომოფობიასა და ტრანსფობიას ცხადყოფს.

სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებული პროცესები

2022 წლის დეკემბერში, საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა ამოიწურა. 

რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველობის კანდიდატების დასახელების პროცესი დაიწყო. სულ 19 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 3-ს — ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერდნენ მხარს. სახალხო დამცველობის კანდიდატების სამუშაო ჯგუფმა კანდიდატები შეაფასეს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მაღალი ქულებიც მიანიჭეს. ამავდროულად, საპარლამენტო მოსმენების პროცესმა ცხადყო, რომ,  კანდიდატების დიდ ნაწილს არ გააჩნდა ადამიანის უფლებათა განმტკიცების ხედვა და ბევრი მათგანი მოსმენებისას აკეთებდა ჰომოფობიურ კომენტარებს. გარდა ამისა, ქვიარი ესაუბრა სახალხო დამცველობის ჯანდიდატებს, რომლებმაც ჩვენთან არაერთი საზიანო მოსაზრება გააჟღერეს ქვიარ და ქალთა უფლებების შესახებ. 

ამასთან, პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ. საბოლოოდ, ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის არ არსებობის გამო ჩავარდა და განახლება მომავალი წლიდან იგეგმება. 

დაფუძნდა შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი

Creative Collective Spectrum / Facebook

2022 წელს არტისტების, მკვლევრებისა და პუბლიცისტების შემოქმედებითი გაერთიანება, სპექტრი ჩამოყალიბდა, რომელმაც მიზნად დაისახა „ქვიარ სექსუალობის, ემოციების პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების გარშემო მიმდინარე მოვლენების გამოკვლევა, შესწავლა, ანალიზი და მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით ღია დისკუსიების გახსნა ისეთ საკითხებზე, რომელიც დომინანტური, რეპრესიული, ჰეტერონორმატიული კულტურის რადარებს მიღმა იმალება“. 

სპექტრმა ქვიარ არტისტების ცნობადობის გასაზრდელად არაერთი ღონისძიება დაგეგმა, ასევე, ტრანსგენდერი აქტივისტის, ნატა ტალიკიშვილის ქვიარ-იუმორისტული მონოლოგების სერია წამოიწყო, ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებით ღონისძიებები გამართა, რაც ქართული ქვიარ ხელოვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. 

2022 წლის მნიშვნელოვანი კვლევები

Civil.ge

2022 წელს, საზოგადოებრივ განწყობებთან და ქვეყანაში ლგბტქი უფლებების განმტკიცებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი განწყობები უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ეს სამართლებრივ, პოლიტიკურ დონეზე არ აისახება. 

მაგალითისთვის, WISG-ის კვლევის მიხედვით, 25%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა აეკრძალოთ და 53%-ს შეადგენს. გამოკითხულთა 38,6% კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით (სოგი) დანაშაულებზე სათანადოდ არ რეაგირებს. 

იმედისმომცემი შედეგი აჩვენა NDI-ის კვლევამაც — მონაცემების მიხედვით, 2015 წლიდან დღემდე 17%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. შედეგად, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 

უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ განწყობების გაუმჯობესებისა და სახელმწიფოს მიდგომების შეუსაბამობა აისახა ILGA-Europe-ის ყოველწლიურ უფლებრივ რუკაში. ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა, რაც 2021 წლის იგივე მაჩვენებელს 2 საფეხურით ჩამორჩება. 

5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირები და მართლმსაჯულება

Reuters

2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებული 27 პირიდან 19-ს პატიმრობა შეეფარდა. გაჭიანურებული პროცესი საბოლოოდ ძალადობრივად განწყობილი პირებისთვის თავისუფლების აღკვეთით დასრულდა. 

ამასთან, თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრაში ბრალდებული 3 პირი 5000-5000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და სასამართლომ ორგანიზებული დანაშაულის ნიშანი გამორიცხა. 

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლო იმსჯელებს, სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას ადგილი ჰქონდა თუ — არა. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მოწოდებების მიუხედავად, 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 

საქართველოში პირველი ქვიარ-ფემინისტური პარტია დაფუძნდა

2022 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ღიად ქვიარ-ფემინისტური მწვანეთა პარტიის შექმნაც უნდა აღინიშნოს. სტატიაში არაერთხელ ნახსენები სახიფათო პოლიტიკური პროცესების პირობებში პოლიტიკურ დღის წესრიგში ქვიარ და ფემინისტური საკითხების შემოტანა აუცილებელია. ეს ხელს უწყობს საზოგადოების ყურადღების მიმართვას ლგბტქი უფლებრივი მდგომარეობისკენ და შესაძლოა სხვა პარტიების ყურადღებაც მიმართოს იმისკენ, რამდენად არიან ინკლუზიურები და პასუხობენ თუ არა ყველა სოციალური ჯგუფის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

პარტია ახალი დაფუძნებულია და ჯერ-ჯერობით მათი საქმიანობის შეფასება ნაადრევი იქნებოდა, თუმცა 2023 წელს შესაძლებლობა გვექნება, მათ აქტივობებს უკეთ მივადევნოთ თვალი.

თბილისი პრაიდი — 2022 წლის დეკემბრის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.

წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2022 წლის დეკემბრის თვეში:

  • დეკემბერი თბილისი პრაიდმა შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის დასკვნითი ღონისძიებით დაიწყო, რომელიც Youth Peace Ambassador Network-თან თანამშრომლობით ჩატარდა. მათი ორგანიზებით, პირველ დეკემბერს ლგბტქი თემის წევრები, ახალგაზრდები, მხარდამჭერები და აივ/შიდსის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები Cafe Gallery-ში შეიკრიბნენ და ისაუბრეს ისტორიასა და თანამედროვე გამოწვევებზე. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა Netflix-ის ძალიან ინფორმატიული და ემოციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის, History 101 — AIDS-ის, ჩვენება. ღონისძიების ყველა დამსწრეს ჰქონდა უფასო აივ ტესტირების შესაძლებლობა.
  • დეკემბერში ორგანიზაციამ გააგრძელა ტრადიციული სათემო შეხვედრები თბილისი პრაიდის ოფისში, რომელიც თემის თავშეყრის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცა:
    • 15 დეკემბერს თბილისი პრაიდმა უმასპინძლა შეხვედრას პარტიულ საქმიანობაში ქვიარ ადამიანების ჩართვისა და ამასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ. შეხვედრაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, მამუკა ჯუღელმა საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრა და დამსწრეებს რჩევები მისცა.
    • 23 დეკემბერს ორგანიზაციამ უმასპინძლა შეხვედრას გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სულ ცოტა ხნის წინ გამოიტანა გადაწყვეტილება. შეხვედრაზე სტუმრად საქმის ერთ-ერთი მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია-ს) წარმომადგენლები იყვნენ.
  • ორგანიზაცია მთელი თვის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა წლის ყველაზე დაუვიწყარი და გრანდიოზული დრეგ მეჯლისისთვის — THE DRAG BALL: ALL STARS — რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება კლუბ KHIDI-ზე და რომლის ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ tkt.ge-ზე. დრეგ მეჯლისში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქვიარ თემისა და მხარდამჭერი ადამიანებისათვის ცნობილი ქვინები, ასევე, სხვადასხვა განსაკუთრებული სტუმარი. ქვინებს შორის იქნებიან: Sofio McQueen, Lucrezia, Gerilyn Stone, LiLe LARA, Rafaela Toxikana, Queen Vanilla Ice, Evil Queen. გარდა ამისა, დამსწრეებს სპეციალურ პერფორმანსს შესთავაზებს მაქსიმე მაჩაიძე (Luna997), IAMNIKITA და Body Pressure. მეჯლისს გახსნის განსაკუთრებული სტუმარი — ქართული ჯაზის ლეგენდა, გიული ჩოხელი. იხილეთ ღონისძიება Facebook-ზე.
  • დეკემბერში ორგანიზაციამ დაასრულა განვლილი წლის შეჯამება და შექმნა საახალწლო ცნობის ფურცელი, რომელშიც 2022 წლის მნიშვნელოვანი ამბებია თავმოყრილი.

იანვარში თბილისი პრაიდი გამორჩეულ სათემო შეხვედრებს გეგმავს და გაასაჯაროებს ახალ, სრულიად განსხვავებულ პროექტს, რომლის პირველი ნაწილიც უკვე მზადაა.

მორიგი დრეგ მეჯლისი “All Stars” 30 დეკემბერს გაიმართება

/

თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის პროექტის The Drag Ball ფარგლებში, 30 დეკემბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება, რომელზეც განსაკუთრებულ სტუმრად ქართული ჯაზის ლეგენდა, გიული ჩოხელი სახელდება. გარდა ამისა, დამსწრეებს სპეციალურ პერფორმანსს შესთავაზებს მაქსიმე მაჩაიძე (Luna997).

დრეგ მეჯლისში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქვიარ თემისა და მხარდამჭერი ადამიანებისათვის ცნობილი ქვინები, ასევე, სხვადასხვა განსაკუთრებული სტუმარი. ქვინებს შორის იქნებიან: Sofio McQueen, Lucrezia, Gerilyn Stone, LiLe LARA, Rafaela Toxikana, Queen Vanilla Ice, Evil Queen.

“დაივიწყეთ ყველაფერი, რაც აქამდე წვეულებების შესახებ იცოდით, რადგან 30 დეკემბერს წლის ყველაზე დაუჯერებელი, დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი გამოცდილება გელოდებათ!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

პროექტი The Drag Ball დაფუძნებულია თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლის წევრებიც გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან. პროექტი უნიკალური ღამეების სერიაა, რომელიც დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერიების მეშვეობით, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას, ბოლის კულტურის განვითარებასა და უსაფრთხო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად.

დრეგ ბოლი კლუბ ხიდის სივრცეში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ბმულზე

დაღლილი დრეგ ქვინი სიწმინდეების წინააღმდეგ — Not So Virgin Mary-ის ისტორია

ჩემი დრეგი არის აქტივისტური დრეგი და ის ყოველთვის პოლიტიკურია, ყოველთვის არის მიმართული კაპიტალიზმის, იმპერიალიზმის, პატრიარქატის და კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვცდილობ, ჩემი შოუებით გავზარდო სხეულის მიმღებლობის პოლიტიკა და ვაჩვენო ადამიანებს, რომ არ არის აუცილებელი, ყველა ქვინის სხეული აკმაყოფილებდეს საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებს. დრეგი იძლევა საშუალებას, რომ არა მარტო კორსეტშემოჭერილმა, გაპარსულმა და გაპრანჭულმა აკეთო შოუები, არამედ იყო ბებერი ქვინი, რომელსაც სახლში რვა კატა ჰყავს და მეზობლის ბავშვებს ეჩხუბება. ასეთია ჩემი დრეგ პერსონა.

არ უნდა გაგიკვირდეთ, შოუს დროს წყალი თუ შემოგასხით, ან ტრაკზე წამოგარტყით, ან გაგლოღნეთ. თუ მოდიხარ ჩემს შოუზე, მზად უნდა იყო, რომ საყურეს დაკარგავ. თუ ფიქრობდი, რომ “ამას ვინ გაბედავდა”, კი, ყველაფერსაც გავბედავ.

პროტესტი, როგორც ხელოვნება და პირველი შეხება დრეგთან

Not So Virgin Mary
Instagram Not So Virgin Mary

ნებისმიერი სახის აქტივიზმი ჩემთვის არის ხელოვნება, სწორედ ამიტომ დრეგსაც ყოველთვის ხელოვნებად მოვიაზრებ. ის ჩემთვის Performance art-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ფორმაა, რომელიც ძალიან მრავლისმომცველია. მისი საზღვრები ამოუწურავია და გაძლევს ძალიან ბევრის საშუალებას და პერსპექტივას, ოღონდ უნდა ხვდებოდე, რა არის ქვიარ ესთეტიკა. საერთოდ, ჰეტერონორმატიული პერფორმანს არტი ჩემთვის ცოტა დრომოჭმულია, ძალიან იშვიათად თუ “გაუვარდება” ვინმეს რამე ღირებული. დანარჩენ შემთხვევებში, ის არის პერფორმანსი პერფორმანსისთვის. ქვიარ კულტურა ძალიან სპეციფიკური რამეა და თუ მას კარგად არ იცნობ, სთრეითვოშინგის მცდელობები სრულიად უაზროა.

მე რომ მკითხო, დრეგთან ჩემი პირველი შეხება 8 მარტს, პარლამენტის კიბეებზე შედგა, როცა რუპორით წარმოვთქვი სიტყვა და მერე ჩემი ფრაზა: “ჩემი ფუჩუ ჩემი არჩევანია”, უამრავმა ადამიანმა აიტაცა. დღემდე ციტირებენ და ჩემი აზრით ეგ არის ნამდვილი დრეგი. პირველი დრეგ შეჯიბრება თანასწორობის მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული და რა თქმა უნდა, დავმარცხდი, რადგან კიდევ ერთმა დრეგ ქვინმა, Sofia McQueen-მა ამიღო და ჩემით იატაკი მოწმინდა (იცინის). მე, რა თქმა უნდა, არც გავბრაზდი ამაზე, პირიქით — ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმდენად კარგად გააკეთა ეს ყველაფერი და ისეთი კარგი სანახავი იყო.

დაღლილი ქვინი სიწმინდეების წინააღმდეგ და ქართული ქემპი

ჩემი დრეგ პერსონაჟი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ჩემგან, არის საზოგადოებისგან და ტრადიციული მართლმადიდებლური წარმოდგენებისგან ძალიან, ძალიან, ძალიან დაღლილი ქვინი, რომელსაც ერთადერთი ისღა დარჩენია, რომ გადათელოს ყველაფერი, რაც წმინდაა: ჯვრები, წმინდანები, ხატები და ა.შ.

Not So Virgin Mary მეგობრებთან საუბრის დროს გაჩნდა. წმინდანებზე და ღვთისმშობელზე წამოიჭრა თემა და რადგანაც მარიამი მქვია, ვთქვი, მე ქალწულისგან ყველაზე შორს მდგომი წმინდანი ვარ-მეთქი.

ძალიან მეცინება, როცა ჩემს მთავარ ინსპირაციებზე ვფიქრობ. როგორც წესი, როცა მეგობარ ქვინებთან ვსაუბრობ ამ თემაზე, ყველა იხსენებს სახელოვან ქვინებს: დივაინს, რუპოლს, ლეიდი ბანს და როცა ჩემზე მიდგება საქმე, ვერკა სერდუჩკა მახსენდება. დრეგი პირველად ვერკა სერდუჩკას შესრულებით ვნახე და თუ ვინმეს შეიძლება ჩემი Drag Mother დავარქვა, ეს არის ვერკა სერდიუჩკა. თრეშ კულტურა ჩემი დრეგის მთავარი წყაროა.

ჩემი შოუების შეფასებისას ყველაზე სწორი სიტყვა არის Camp. შოუების დროს შეიძლება ვიყო გაბრაზებული, კარგ ხასიათზე, ძალიან სექსუალური და გამომწვევი, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი იქნება ძალიან მხიარული და სანახაობრივი.

Camp არის სატირაში გაერთიანებული პოლიტიკური პროტესტი. სამეფო კარზე კლოუნები იყვნენ ასეთი ადამიანები — მასხარები, რომლებიც საზარელ რეალობას აჩვენებდნენ ყველაზე სასაცილო და მხიარული გზით.

დედოფლობა, როგორც იდენტობის ნაწილი

Not So Virgin Mary
Instagram: Not So Virgin Mary

ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ დრეგს არ გააჩნია საზღვრები, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც არსებობს პატარა წესები. პირველი და ყველაზე მთავარი — არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღო საკუთარი თავი ზედმეტად სერიოზულად. საკუთარ თავს თუ არ დასცინი სხვების დასაცინი გახდები. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი — რაღაც აუცილებლად გქონდეს სათქმელი, უბრალოდ ლამაზი საკმარისი არ არის. მესამე არის ის, რომ სუნთქავ — ფული მოითხოვე, აცემინებ — ფული მოითხოვე, თმა გადაიწიე — ფული მოითხოვე, უფასოდ არასდროს არაფერი გააკეთო, ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ ქვინი ხარ, დედოფალი ხარ და შენი ადგილი უნდა იცოდე. მაგრამ თან უნდა გახსოვდეს, რომ მარტო შენ არ ხარ ქვინი, ბევრი ქვინია და ყველასთვის არსებობს საკმარისი ადგილი.

პერფორმანსებისთვის მომზადება იწყება კონცეფციის ძებნით. არსებობს თემატიკა და ვცდილობ, მის გარშემო შევკრა ამბავი. ამას მოჰყვება სამგორის მეორადები და მეიქაფ არტისტის ძებნა, რადგან ძალიან ცუდი ხელი მაქვს და დამოუკიდებლად მაკიაჟის გაკეთება არ შემიძლია. მერე მოდის კოსტიუმის ჯერი. შოუების გაკეთების წინ ჩემი მეგობარი და რეჟისორი სალომე ბაუერი მეხმარება, რომელიც თავის იდეებსაც მაწოდებს. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაიგნორებ და ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა. ასე შეიქმნა უზარმაზარი ვაგინის ინსტალაცია Tbilisi Pride Fest-ისთვის. შემდეგი ეტაპია პერფორმანსის მომზადება, ადგილზე მისვლა, სცენის და განათების ნახვა. მერე ვარჯიშები და ბოლოს აღმოჩნდება, რომ არც სცენაა, არც განათება. მერე გულის შეტევა, ყველაფრის შეცვლა, გადაწყობა (იცინის).

მეიქაფს რომ გიკეთებენ, სულ სხვა ადამიანი იბადები. თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი) მიერ ორგანიზებულ პირველ Drag Ball-ზე, მახსოვს, რომ მაკიაჟის გაკეთების შემდეგ ძალიან ვიჩხუბე, თან სრულიად უმიზეზოდ და მეორე დღეს ბოდიშებს ვიხდიდი. ნამდვილი ქვინივით მოვიქეცი, აღარ მახსოვდა არაფერი… ტრანსფორმაციის შემდეგ მართლა დედოფლად იქცევი, სხვანაირი ხდები —  არ მომეკარო, გამატარე, ფოტოს გადაღება გინდა? რიგში ჩადექი და 20 ლარი მოამზადე.

არც ისე ქალწული მარიამი დრეგის მიღმა და ლგბტქ+ საზოგადოება, რომელსაც ვეღარაფერი შეაჩერებს

Not So Virgin Mary
Instagram: Not So Virgin Mary

დრეგის მიღმაც დაახლოებით იგივე ადამიანი ვარ, უბრალოდ, ამხელა თავდაჯერება და უტაქტობა არ მაქვს, უფრო ზრდილობიანი ვარ. იმისთვის, რომ ვიარსებო, მიწევს ფრილანსერად მუშაობა. დიდი განსხვავება არ არის ჩემსა და ჩემს დრეგ პერსონას შორის. პატრიარქალურ, ორთოდოქსულ სამყაროში შენი იდენტობა უკვე არის პროტესტის ერთგვარი ფორმა — ის, რომ ქალი ხარ, ფეხებს არ იპარსავ, ქუჩაში გადიხარ ლიფის გარეშე, უკვე პერფორმანსია და გადადიხარ თავდაცვით რეჟიმში. იგივე ვრცელდება ფემინურ გეებზე, ტრანს ქალეზე, ბუჩ ლესბოსელებზე და ა.შ.

დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ ლგბტქ+ თემი გაიზარდა და მზად არის რაღაც თემებზე თამამად და საჯაროდ საუბრისთვის. 2013 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, გაჩუმებას აღარ ვაპირებთ და გასაგებია რატომაც. 5-მა ივლისმაც კი ვერ გაგვაჩუმა და მაინც ვაგრძელებთ განვითარებას. იგივე ვრცელდება დრეგზეც. მის გარშემო არსებული განსაკუთრებული ინტერესი კი იმით არის გამოწვეული, რომ თანამედროვე ხელოვნებაში უკვე თითქმის აღარაფერი დარჩა ჰეტერო, ყველაფერი არის გეი და ადამიანებს ნელ-ნელა ამასთან შეგუება მოუწევთ. ყველაზე დიდი და გავლენიანი თანამედროვე ქართველი ხელოვანი არის დემნა გვასალია და თუ დააკვირდებით, მთელი მისი შემოქმედება დრეგ კულტურით არის ნასაზრდოები. თავიდან ბოლომდე დრეგია. აღარ უნდათ ადამიანებს “აბა, დელი, დელი, დელა”.

დრეგი არის ძალიან ძვირი. იმის მიუხედავადაც, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ქვინია, რომელიც მზად არის ამ ყველაფერში მთელი თავისი ენერგიის ჩასადებად  და ლარადაც შეუძლიათ უკარგესი ლუქის აწყობა, უნდა ვისწავლოთ თიფინგი. სხვადასხვა ვენიუემაც უნდა გაიაზროს, რომ მეტი გადაიხადოს ქვინების შოუებში, რადგან ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე წუთიანი შოუ, ამ 5 წუთიანი პერფორმანსის უკან მრავალი კვირის შრომა დევს. თუ გვინდა ხარისხიანი დრეგის გაკეთება, მაყურებელმა თიფინგი უნდა ისწავლოს და ვენიუებმა შრომის შესაბამისად დაფასება.

ტექსტი: ზურა აბაშიძე

თელავში ფილმის „სველი ქვიშა“ ჩვენება გაიმართა

დღეს თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თბილისი პრაიდის ორგანიზებით ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ფილმის, „სველი ქვიშა“ ჩვენება გაიმართა.

„მეგობრული ხალხით დასახლებულ შავი ზღვისპირა სოფელში, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ ერთმანეთს იცნობენ, ერთ დღეს, ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი, მოე სოფელში დაკრძალვის ორგანიზებისთვის ჩადის და იმ ტყუილების ქსელის პირისპირ აღმოჩნდება, რაც ელიკოს და ამნონის 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული გამოძახილია. სიმართლე მოეში სიყვარულის უნარს აღვიძებს, სოფლელებს კი ხმის ამაღლებისკენ უბიძგებს“, — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

 

 

„სველი ქვიშა“ დავიწყებულ ადამიანებს ეძღვნება. ეს არის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი, რომელიც საკუთარი იდენტობის ძიებაში გატანჯულ თაობებს შთააგონებს და აძლევს ძალას, იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით, როგორითაც სურთ და ოცნებებზე უარი არასდროს თქვან.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ მსგავს საკითხებზე მსჯელობა დახურულ კარს მიღმა, ღია სივრცეშიც შეიძლება გაიმართოს. განსაკუთრებით, სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მათი აზრით, ფილმი საკმაოდ ემოციური, იშვიათად ესთეტიკური, ღრმა და დამაფიქრებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული სწორედ „სველი ქვიშის“ პრემიერით გაიხსნა.

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ორგანიზაციის ოფისში შეჭრაში ბრალდებულ 3 ადამიანს — გიორგი ოძელაშვილს, გიორგი ელიზბარაშვილსა და ალიკა ალაზოვს განაჩენი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით ბინაში უნებართვოდ შეჭრისთვის გამოუტანა და 5 ათასლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ჰქონდა წაყენებული ეს მუხლებიც… გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53 პრიმა, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს“, — წერს მარიამ კვარაცხელია პირად ფეისბუკის გვერდზე.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებზე შეტევა მიიტანეს, მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის არაერთმა მონაწილემ Tbilisi Pride-ის ოფისიც დაარბია, თუმცა ბრალი მხოლოდ 3  ადამიანს წარუდგინეს. ამასთან, ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორები  ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგაც კი არ არიან დასჯილი.

Tbilisi Pride მთავრობისგან კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიებსა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას ითხოვს

28 ივნისს პრაიდ კვირეული 2022 იწყება, რომელიც 3 დახურულ ღონისძიებას აერთიანებს — ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებას, რეგიონულ კონფერენციასა და პრაიდ ფესტივალს. აღნიშნულთან დაკავშირებით Tbilisi Pride-მა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლითაც მთავრობისგან კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, კვირეულის დღეებში ღონისძიებების ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში წესრიგის დაცვა, საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, ასევე გასული წლის 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა დასჯა მოითხოვა.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორმა ბრიფინგზე გააჟღერა, რომ დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, წელს საჯაროდ შეკრებისა და მანისფესტაციის უფლებაზე უარი თქვეს და დახურული ღონისძიებების გამართვა გადაწყვიტეს, თუმცა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ძალადობრივი შინაარსის გეგმების შესახებ იფორმაციას მაინც აჟღერებენ.

„ჩვენ ორი თვეა აქტიურ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვაწვდით სრულ და ზუსტ ინფორმაციას კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებულ დეტალებზე. ასევე, ძალოვან სტრუქტურებს ვაწვდით ფაქტებს გაჟღერებული მუქარების და ძალადობის ორგანიზების შესახებ. შსს-სთან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება“, — აღნიშნულია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.

შსს-სთან აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად, ორგანიზაციის წევრებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ, რადგან „მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ბოლო დღეებში აქტიურად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის დამაზიანებელი, მადისკრედიტებელი და ძალადობის წამახალისებელი განცხადებები“.

პრორუსული, ძალადობრივი გაერთიანება კონსერვატიული მოძრაობის წევრები დაჯგუფების ტელევიზიის, ალტ-ინფოს ეთერში მუდმივად ცდილობენ ლგბტქი ორგანიზაციის დისკრედიტაციას. დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ კი 22 ივნისს განაცხადა, რომ პრაიდ კვირეულის საწინააღმდეგოდ ხალხის მობილიზაციას იწყებენ.

გარდა იმისა, რომ მახარაძის განცხადება ძალადობრივ ნიშნებს შეიცავდა —  „ამათ ჩვენ საბოლოოდ გადავამტვრევთ“, პრორუსული დაჯგუფების ლიდერმა შესაძლო ანტისახელმწიფოებრივი გზავნილიც გააკეთა — „საქართველოში არა ერთი ხელისუფლება მეორით, არამედ წყობა, სისტემა და მიზანი შეიცვლება“. 

მახარაძის განცხადების პარალელურად პარლამენტში პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შედგა, რომლემაც, გასული წლის 5 ივლისის მოვლენები თბილისი პრაიდის პასუხისმგებლობად მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ლგბტ ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია — ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დგას. მათი წახალისებული იყო ეს ვითომ ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა  ჩაეტარებინათ. პირდაპირი პროვოკაცია, პირდაპირი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, უნდოდათ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, მასობრივი არეულობა, შეტაკებები, პოლიციას ძალა გამოეყენებინა. ეს ამ ადამიანებმა დაგეგმეს“. 

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები დაიჭირეს და გაასამართლეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დღემდე არ არიან გასამართლებული, მეტიც, დაჯგუფების ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ ტელევიზიის ეთერით ახალი თავდასხმისთვის ხალხის მობილიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გაათანაბრა და აღნიშნა, რომ მორგოშიას და მახარაძის დაკავების სტანდარტს თუ გავითვალისწინებთ, ნახევარი ოპოზიცია დასაჭერია, „არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი — უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ძალადობასთან“.

სველი ქვიშა — ქართული ქვიარ ფილმი, რომლის პრემიერითაც პრაიდ კვირეული იწყება

28 ივნისს პრაიდ კვირეული 2022 ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებით იწყება, რომლის რეჟისორი არაბინარული იდენტობის მქონე ელენე ნავერიანია. სველი ქვიშა 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული ამბავია, რომლის სიუჟეტი შავი ზღვისპირა სოფელში, ერთ-ერთი გმირის გარდაცვალებით იწყება.

„მეგობრული ხალხით დასახლებულ შავი ზღვისპირა სოფელში, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ ერთმანეთს იცნობენ, ერთ დღეს, ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი, მოე სოფელში დაკრძალვის ორგანიზებისთვის ჩადის და იმ ტყუილების ქსელის პირისპირ აღმოჩნდება, რაც ელიკოს და ამნონის 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული გამოძახილია. სიმართლე მოეში სიყვარულის უნარს აღვიძებს, სოფლელებს კი ხმის ამაღლებისკენ უბიძგებს“, — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

ელენე ნავერიანის თქმით, უნდოდა, ფილმით პატივი მიეგო დავიწყებული ადამიანებისთვის და მცდარი წარმოდგენებისა და დისკრიმინაციის საპასუხოდ ნაბიჯი გადაედგა.

„საქართველოში, პატარა სოფელში, სადაც ტალღები გამუდმებით ეხლებიან ნაპირს, მიუხედავად ძალადობრივი ნაციონალისტური ღირებულებებისა, ტრადიციებისა და რელიგიისა, რომელიც ადამიანების ხმებს ახშობს, მათ თავისუფლებას ზღუდავს და მათი არსებობის უმცირეს ანაბეჭდსაც კი შლის, სიყვარული მაინც პოულობს არსებობის გზას. სველი ქვიშა დავიწყებული ადამიანებისთვის პატივის მიგებაა, მცდარი წარმოდგენებისა და დისკრიმინაციის საპასუხო ნაბიჯი და საკუთარი იდენტობის ძიებისას სირთულეების წინაშე აღმოჩენილი თაობების გაძლიერების მცდელობა. მინდოდა, მათთვის გამეზიარებინა ამბავი, რომლის გმირადაც საკუთარი თავის წარმოდგენა მათივე ქვეყანაში შეეძლებოდათ და გამბედაობა მიმეცა, რომ იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ, არასოდეს თქვან უარი ოცნებებზე“, — აღნიშნავს ელენე ნავერიანი სველი ქვიშის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

AT.ge

ელენე ნავერიანმა საკუთარი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების პროცესზე The Calvert Journal-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსახიობების დათანხმება განსაკუთრებით გაუჭირდა, რადგან ფილმში განხილული თემების გამო უარს ეუბნებოდნენ.

„არავის უნდოდა, რომ ფილმის ნაწილი ყოფილიყო. როცა ფილმის სცენარს ნახულობდნენ და იმ სცენას კითხულობდნენ, სადაც ორ კაცს შორის ფიზიკური კონტაქტია, უარს ამბობდნენ. რატომღაც პირადად იღებდნენ და ივიწყებდნენ, რომ მსახიობს შეუძლია, ნებისმიერი რამ ქნას“, — აღნიშნა ელენე ნავერიანმა.

maximage

მიუხედავად გადაღებისთვის მზადების რთული პროცესისა, პროექტი მაინც შედგა. ფილმში მთავარ როლებს ბებე სესიტაშვილი, მეგი კობალაძე, გიორგი წერეთელი, ეკა ჩაველიშვილი, ზაალ გოგუაძე, კახა კობალაძე და დებიუტანტი მსახიობი გია აგუმავა ასრულებენ, რომლის მიერ შესრულებული ამნონის როლი კრიტიკამ განსაკუთრებით მოიწონა. აგუმავას ლოკარნოს კინო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდოც გადაეცა.

სველი ქვიშის პრემიერა 28 ივნისს, 19:00 საათზე შედგება. ფილმზე დასწრება უფასოდ, აღნიშნულ ლინკზე წინასწარი რეგისტრაციით შეგიძლიათ, კინოჩვენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვერიფიკაციის გავლის შემთხვევაში მიიღებთ.