მაისი 2023 - Page 6

ქვეყანა, რომელშიც ქალებს არსებობას უკრძალავენ – რა ხდება ავღანეთში?

/

2021 წელს, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ავღანელ ქალებს ეზღუდებათ (და თითქმის არ შეუძლიათ): სახლის დატოვება, სამედიცინო მომსახურების მიღება, განათლების მიღება, მუშაობა; განქორწინება, სოციალური აქტივობები, სპორტული აქტივობები, როტესტის გამოხატვა, დახმარების თხოვნა…

 2021 წელს, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ, ქვეყანაში ახალი საზარელი ეპოქა დაიწყო. მისი მსხვერპლი, კი პირველ რიგში ქალები და ეთნიკური უმცირესობები გახდნენ.

სულ რამდენიმე თვე დასჭირდა თალიბანის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ქალების მიმართ ექსტრემალური დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება დაეწყო. დაპირებების მიუხედავად, რომ ახალი გადაწყვეტილებები შარიათის კანონის მიხედვით მიიღებოდა, თალიბანმა მალევე შეუზღუდა ქალებსა და გოგონებს საბაზისო უფლებების გამოყენების თავისუფლება. და, ავღანელები, რომლებიც ქუჩაში ახალი წესრიგის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ – დააკავეს, იძულებით დააქორწინეს და გააუპატიურეს.

2001 წლის შემდეგ, რაც აშშ-ისა და ნატოს ძალებმა ავღანეთში ახალი წესრიგის დამყარება სცადა, ქალ აქტივისტებს ბრძოლის შესაძლებლობა მიეცათ. ამ პერიოდში, ავღანეთში სამუშაო ძალის 30%-ს ქალები შეადგენდნენ. აქედან,  5000-მდე ქალი სამხედრო, პოლიციისა და თავდაცვის  ძალებში მსახურობდა, 250-300-მდე ქალი მოსამართლე იყო (უმეტესობა ქაბულში), რაც მთლიანი სასამართლო სისტემის 8% – 10%-ს შეადგენდა. ამავდროულად, ქვეყანაში 10 წლამდე გოგონების თითქმის 60%-ი სწავლობდა სკოლაში, 15 წლამდე გოგონებში ეს ციფრი 30%-მდე მცირდებოდა, ქალი პარლამენტარების რაოდენობა 27%-ს აღწევდა. ამ პერიოდში ქალების ნაწილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

2021 წლის შემდეგ, სიტუაცია სრულიად შეიცვალა. მრავალ აკრძალვასთან ერთად, მათ თავისუფლად გადაადგილება აეკრძალა.

ქალებს არ აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების უფლება. სახლის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი პრობლემების შემთხვევაში და ოჯახის კაცი წევრის (უნდა მიიჩნეოდეს, როგორც მაჰრამი) თანხლებით. ამასთან ერთად, გარეთ გასვლისას, ქალები ვალდებულები არიან, რომ სხეული სრულიად დაიფარონ. თალიბანის „რეკომენდაციების მიხედვით“, ქალებს უნდა ეცვათ ბურქა და ამ შემთხვევაშიც, სასურველია, რომ თვალებიც ნაჭრით იყოს დაფარული. აკრძალვა ეხება ყველა ქალს, განურჩევლად პროფესიისა. ამიტომაც, სატელევიზიო და საინფორმაციო გადაცემების წამყვან ქალებსაც კამერების წინ სრულიად დაფარულებს უწევთ დგომა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანის განათლების მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ავღანელი ქალების ქცევა არღვევდა ისლამური მორალური ქცევის წესებს, ხოლო ავღანელი ქალები ისე იცავდნენ, თითქოს „ქორწილს ესწრებოდნენ“.

ახალი ქცევის და ჩაცმულობის წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქალის მამაკაც „მეურვეს“ ეკისრება. თავდაპირველად ის გაფრთხილებას მოიაზრებს, შემდგომ ფულად ჯარიმას, ხოლო მესამე დარღვევის შემთხვევაში კაცს ციხეში ათავსებენ.

საჯარო სივრცეებიდან ქალების კიდევ უფრო განსადევნად მათ მუშაობა თითქმის ყველა სფეროში აეკრძალათ. ქალის ძირითად საქმიანობად სახლის საქმეები მიიჩნევა, თუმცა ავღანელ ქალებს შეუძლიათ მამაკაცი მაჰრამის კომპანიებსა და ჯანდაცვის სექტორში დასაქმება. ახლა თალიბანის მთავრობას არ ჰყავს არცერთი ქალი მოსამართლე მის სახელფასო სიაში.

გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, მხოლოდ საავადმყოფოები და კლინიკებია ერთადერთი ადგილი, სადაც ქალებს ასაქმებენ. თუმცა, სამედიცინო პროფესიონალები აქაც უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან, რადგან ქალ ექიმებსა და მედდებს ეკრძალებათ მამრობითი სქესის პაციენტების მკურნალობა ან მამაკაც კოლეგებთან სამუშაოს განხილვა და კონტაქტი.

რეპრესიების გამო, 2022 წლისთვის ქალ ჟურნალისტთა 84%-მა მუშაობა შეწყვიტა. ამასთან ერთად, ძალაუფლების ხელში ჩაგდებით შემდეგ, თალიბანმა ქალებს აუკრძალა გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა. რეპრესიების გამო, ავღანეთი უამრავმა განათლებულმა ქალმა დატოვა.

წელს, თალიბანის გადაწყვეტილებით, ქალებს მამაკაც ექიმებთან მკურნალობა აეკრძალათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო, მოსახლეობას ისედაც ძალიან უჭირს საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება.

1990 წლიდან მოყოლებული, ორსულ ქალთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რიცხვი მცირდებოდა, ორსულ ქალთა გარდაცვალების მთავარ მიზეზი ახალგაზრდა დედის ასაკი, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი და ცუდი სამედიცინო სერვისები იყო. ამასთან ერთად, ბებიაქალებისა და ექიმების სიმცირის გამო ათიდან ოთხი ბავშვი იღუპებოდა დაბადებიდან რამდენიმე დღეში.

ახალი გადაწყვეტილება კი ქალების ჯანმრთელობას კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს, რადგან, გარდა სამედიცინო პერსონალის და განსაკუთრებით, ქალი ექიმების ნაკლებობისა, ავღანელ ქალებს არ შეუძლიათ საჭირო (სამედიცინო) განათლების მიღება. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში, ქალი ექიმების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება.

ავღანელ ქალებს განათლების მიღება მხოლოდ მე-6 კლასამდე შეუძლიათ და ისიც მხოლოდ მედრესეებში ( მეჩეთთან არსებული ისლამური სასწავლებელი), გენდერული სეგრეგაციის პირობებში. მეექვსე კლასის მიღმა გოგონებს ეკრძალებათ სკოლასა და უნივერსიტეტებში სიარული.

რამდენიმე დღის წინ, პაკისტანში ვიზიტისას, თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქალებისთვის განათლების შეზღუდვა სამუდამო არ არის. თუმცა, წინა წელს, თალიბანის მეთაურმა, ჰაიბატულა ახუნძადასმა გამოსცა განკარგულება, რომელიც კრძალავს ახალგაზრდა გოგონების მეექვსე კლასს მიღმა სკოლასა და უნივერსიტეტებში სიარულს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ქალების განათლების საკითხში ავღანეთმა დიდი პროგრესი განიცადა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს დარჩენილი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის ავღანეთს ჰყავს 10 მილიონი მოსწავლე სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ასევე ჰყავთ 300 000-მდე მასწავლებელი და მათ შორის, 92 000-მდე ქალი, რომლების სასწავლო დაწესებულებებში ასწავლიან. საერთაშორისო მოწოდებების, დაპირებებისა და ზოგადი პასუხების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ძალიან ბუნდოვანია, თუ რა ბედი ეწევა ქალების განათლების უფლებას ავღანეთში. არ არსებობს მკაფიო, განსაზღვრული თარიღები სკოლების გახსნაზე, თალიბანი ჯერ-ჯერობით უარყოფს საერთაშორისო მოთხოვნებს შეზღუდვების მოხსნაზე და ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ავღანეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტონ.

თალიბანმა ასევე სრულიად მოშალა ეროვნული მხარდაჭერების სისტემები, რომლებიც ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა შექმნეს. გაუქმდა თავშესაფრები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისა და გოგონებისთვის ერთადერთი ხსნა იყო.

ჯერ კიდევ 2009 წელს, ავღანეთის კონსტიტუციაში შევიდა „ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კანონი“ (EVAW), რომელიც ქვეყანაში ქალებისა და გოგოების დასაცავი ლეგალური „იარაღი“ უნდა გამხდარიყო. 2021 წლის შემდეგ, თალიბანმა დაიწყო ციხეებიდან პატიმრების მასობრივი განთავისუფლება, განსაკუთრებით იმ კაცების, რომლებიც ციხეში ქალებზე ძალადობის გამო იყვნენ.

დე ფაქტო ხელისუფლების მოსვლამ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებაც გამოიწვია. განსაკუთრებით გართულდა მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, შიმშილისგან თავის დაღწევის მიზნით, ასეთი ოჯახები ფულის სანაცვლოდ მცირეწლოვან ქალიშვილებს ათხოვებენ.

გარდა ამისა, გოგონებს ადრე ათხოვებენ, რათა ისინი თალიბანის მებრძოლებზე იძულებითი ქორწინებისგან დაიცვან, ან პირიქით, რათა თალიბანებთან კავშირით ოჯახის დაცვის გარანტია მოიპოვონ.

ამასთან ერთად, ხშირად საჭირო არც არის, რომ მსგავს ამკრძალავ შეზღუდვებს ოფიციალური ხასიათი ჰქონდეთ. The Guardian-ის მიხედვით, თალიბანის მებრძოლები აფთიაქებს აიძულებენ და არბევენ, რათა მათ კონტრაცეპტივების გაყიდვა შეწყვიტონ; თალიბანის მებრძოლები სიკვდილამდე სცემენ ქალებს, რომლებიც მათთვის საჭმლის მომზადებაზე ამბობენ უარს ან ტანზე მომდგარ სამოსს ატარებენ; იტაცებენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ძალით აქორწინებენ ქალებს, რომლებიც  „მორალურ დანაშაულს“ ჩადიან, მებრძოლებს წინააღმდეგობას უწევენ ან ახალ წესრიგს აპროტესტებენ… ასეთი ფაქტები რჩება გამოძიების გარეშე, თალიბანის მებრძოლებს ეძლევათ სრული თავისუფლება და ხშირად კანონგარეშე მოქმედებენ, და უფრო ხშირად საკუთარ კანონებს ადგენენ.

ყველაფრის მიუხედავად, ავღანელი ქალები არ ნებდებიან და მეტიც, ქუჩაში გასაპროტესტებლად ხშირად გამოდიან – ავღანელი ქალები ითხოვენ თავისუფლებას, სამართლიანობასა და თანასწორ უფლებებს, აკრიტიკებენ ახალ რეჟიმსა და მის მმართველებს, ითხოვენ დახმარებას, ქმნიან ხელოვნებას და არ ნებდებიან უკეთესი მომავლის იმედით.

 

 

 

პუბლიკაციის ავტორი თათია გოჩაშვილი

“ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას” – ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა

/

4-5 მაისს ბუდაპეშტში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. კონფერენციაზე მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები გაავრცელა.

„თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით, ჩემო ძვირფასო, უფრო მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰომოფობიურ განცხადებებთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილმა შეთქმულების თეორიაც გაავრცელა. “ლბტქ+ პროპაგანდა” და “თავსმოხვეული ინოვაციები”, “ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება”. ის ცდილობს, დაავიწყებინოს ხალხს “ოჯახი და რწმენა”, რადგან “ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია”.

„თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარეობს? — ეს არის პროპაგანდა, რომელიც მომწამვლელია ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებზე აღარ ვსაუბრობ“ – პრემიერი ანტიდასავლურ განცხადებებსაც აკეთებს და აღნიშნავს, თუ მისი შეხედულებების გამო ვინმეს არ სურს თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია.

 

 

 

ფოტოს ავტორი ონლაინ გამოცემა “ტაბულა”

Guardians of the Galaxy 3 წარმოგიდგენთ მეგა ქვიარ, მეგა ძლიერ პერსონაჟებს

/

მიუხედავად იმისა, რომ მარველის მიერ ქვიარ თემატიკის რეპრეზენტაცია ხშირად არ შეფასებულა, როგორც სამაგალითო და მოსაწონი, მათ მცდელობა არ დაუკლიათ. ამჯერად კი, გალაქტიკის მცველების მესამე ნაწილი ქვიარ პერსონაჟს გვპირდება. 

ნახეთ თრეილერი:

სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!

2018 წლის 17 მაისს ნიქო საქართველოს მთვრობის კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც დაასრულა ფრაზით “სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან”.  ამის შემდეგ ბევრი რამ შიცვალა მის ცხოვრებაში, თუმცა დღეს ის ისეთივე მიმტევებელია მათ მიმართ ვინც მას თავს ესხმის, როგორიც 5 წლის წინ იყო. ინტერნალიზებული ჰომოფობების მიმართ ზრუნვას და სიყვარულს ამოიკითხავთ მის მიმართვაში, რომელიც ნიქომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოაქვეყნა: 
“ახლოვდება 17 მაისი და იწყება მოძალადე ჯგუფების აგრესიული გამოსვლებიც. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ რიგებში, არცთუ იშვიათად, სწორედაც რომ ლატენტური გეები არიან.
საბედნიეროდ, ინტერნეტის ეპოქაში, ჩემი მოწოდებები აღარ სჭირდება Gen Z თაობას, მათ ჩემზე უკეთ იციან ყველაფერი, ამიტომ სწორედ ამ აგრესორებს მინდა მივმართო, ბოლო თვეებში, ჩემს გამომწერებშიც რომ დაიდეს ბინა:
არ ღირს თქვენთვის ბოძებული ერთადერთი სიცოცხლე საიმისოდ, რომ ის იყოთ, ვინც არ ხართ, რომ ვერასდროს გაიგოთ: ვინც თქვენი მეგობარია, არის კი ნამდვილად მეგობარი? ვისაც უყვარხართ, უყვარხართ, კი, სინამდვილეში? რა ფასი აქვს ეგეთ ცხოვრებას? — ცხოვრებას გამუდმებულ მალვასა და შიშში, ტყუილსა და თამაშში, საბოლოოდ, ხასიათში რომ გაგიჯდებათ და იტანჯებით — საკუთარი თავის ზიზღით. სჯობს, დაკარგოთ ყველა, ვისაც არ უყვარხართ და სანაცვლოდ იპოვოთ საკუთარი თავი და ისინი, ვისაც რეალურად ეყვარებით.
ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ჩემი გამოცდილებაა. კი, ძალიან რთულია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი პიროვნება იმსახურებს პატივისცემასა და აღიარებას, არა მხოლოდ სხვებისგან, თქვენივე თავისგანაც, ამიტომ არ უნდა დაუშვათ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მალვასა და წნეხში ამყოფოთ იგი. არ უნდა შეურაცხყოთ თქვენი რაობა, თქვენი სული.
ღირსება და ვაჟკაცობა სწორედ ისაა, როცა არ ეპუები უმრავლესობის მცდარ აზრს, ამის მაჩვენებელია კაცობრიობის ისტორია და ამის მაუწყებელია სახარებაც, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ებრძოდა უმრავლესობის აზრს, უმცირესობაში მყოფი სახარებისეული ქრისტე, რომელიც “თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს”. (იოანე 1:11)
გაბედე მიიღო შენი თავი და არ დაუწყო დევნა შენნაირს! ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ადამიანს, ყველა მოგონებას, ყველა რელიგიას, ყველა ღმერთს, რომლის სახელითაც გაიძულებენ, უარი თქვა ცხოვრების ფუნდამენტურ უფლებაზე — იყო ბედნიერი! რომ გიყვარდეს! — რადგან სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!”

გეი წყვილის მოგზაურობა 100 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში და მათი ქვიარ გამოცდილება

მსოფლიოს 100 ქვეყნის მონახულება რთული ამოცანაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველ მესამე ქვეყანაში კრიმინალიზებული ხარ. თუმცა, დენი და ოსკარი ამ ფაქტს არ შეუშინებია. მათ მოინახულეს ქვეყნები, სადაც ქვიარებისთვის არც თუ ისე მეგობრული გარემოა,  ზოგან საშიშიც კი. 

წყვილმა ერთმანეთი შვედეთში გაიცნო, ისინი ერთად სწავლობდნენ გოთენბურგის სკოლაში. სანამ სწავლა დაასრულეს, რვა ქვეყანაში მოასწრეს მოგზაურობა. სკოლის დასრულების შედგომ, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, გადაწყვიტეს აეღოთ ერთი წელიწადი და მოენახულებინათ მსოფლიო, რაც მათთვის უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა. სრული მოგზაურობისთვის, რაც მოცავდა 100 ქვეყანას, დაახლოებით სამი წელი დასჭირდათ.

ოსკარის და დენის მოგზაურობა მოიცავდა როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს, საუდის არაბეთს, მალაიზიას, ბოსნია და ჰერცოგოვინას, უგანდას, ბრუნეის, სლოვაკეთსა და საქართველოს. ქვიარებისთვის არამეგობრულ ქვეყნებში წყვილი იცავდა უსაფრთხოების ზომებს და ღიად არ იდენტიფიცირდებოდნენ. მიუხედავად რისკებისა, მათი თქმით ყოველი ქვეყანა იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებით სავსე. 

“არ მისცე ნება არავის და არაფერს, ხელი შეგიშალოს შენი ოცნებების ახდენაში” -ამბობს ოსკარი და მეწყვილესთან ერთად გეგმავს იმ ქვეყნების მონახულებას მომავალში, სადაც ჯერ არ ყოფილან. 

 

 

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/03/10/oskar-dan-youtube-gay-lgbtq-travelling/ 

Alpha – PVP, იგივე “აბაზანის მარილები”, Flakka ან Gravel – რა უნდა ვიცოდეთ ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ) საქართველოში აქტიურად ვრცელდება ბოლო 15-20  წელია. ტერმინი “ახალი” პირობითია, რადგან ეს ნივთიერებები საკმაოდ დიდი ხანია რაც მსოფლიო ნარკოხცენაზეა 1960 წლიდან და წარმოადგენენ სინთეზური გზით მიღებულ ნარკოტიკებს, რომლებიც იატაკქვეშ მომუშავე ლაბორატორიებში იქმნება. 

აფნ “ტრადიციული” ფსიქოაქტიური ნივთერებების  (სტიმულატორების, ოპიატების, კანაბინოიდების) ეფექტების იმიტაციას ახდენენ, ამასთან, როგორც წესი, მეტად ძლიერი ზემოქმედებით და ნაკლები ფასით გამოირჩევიან. 

საქართველოში აფნ ცნობილია ე. წ. “ბიოს” სახელით, რაც ძალიან უცნაურია, რადგან ბიოპროდუქტთან არაფერი აქვს საერთო.

აფნ ხშირად მოწევის საშუალებით მისაღები პროდუქტია – ნებისმიერი მცენარის გამხმარ ფოთლებზე დატანილი სინთეტიური გამჭვირვალე ნივთიერებაა. ასეთი გზით დამზადებული აფნ საშიშია იმით, რომ ზედოზირებისთვის ძალიან მცირე რაოდენობაა საჭირო, ხოლო კუსტარულად დამზადების პირობებში სათანადოდ ვერ კონტროლდება ნივთიერების ოდენობის გადანაწილება. შედეგად ასეთი მოსაწევის ერთი ნაფაზიც კი ან სხვაგვარად მიღებული აფნ შეიძლება გახდეს მომხმარებლის ზედოზირების და გარდაცვალების მიზეზი. 

ალფა პვპ – Alpha PVP alpha-pyrrolidinovalerophenone – ძლიერი სტიმულატორი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, სინთეზური კათინონების ჯგუფს. ასევე ცნობილია სახელწოდებით –  “აბაზანის მარილები”,  Flakka და Gravel.

Alpha – PVP-ს გავრცელება იწყება 1960-იანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სკანდინავიის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში. ბოლო ათი წელია, მეტი თუ არა,  ვრცელდება საქართველოშიც. 

Alpha – PVP-ს ბიოლოგიური და ფიზიკური ეფექტები:

  • ხელს უწყობს დოფამინის და ნორადრენალინის დონის მატებას უფრო მეტად ვიდრე ამფიტამინი და კოკაინი;
  • გამოირჩევა ადიქციის მაღალი პოტენციალით;
  • იწვევს ენერგიის მოზღვავებას, აჟიტირებას, ტაქიკარდიას, შფოთვას, მაღალ წნევას;
  • შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთერმია, დეჰიდრატაცია, თირკმლის ფუნქციის მოშლა,
  • მანია, სუიციდური ქცევა/მცდელობები, ფსიქოზი;
  • ნევროლოგიური სიმპტომები – კიდურების უნებლიე, მკვეთრი მოძრაობები (რის გამოც ხანდახან ზომბი ნარკოტიკს უწოდებენ), კრუნჩხვები, ეპილეფსიური შეტევები;
  • ინსულტი, გულის გაჩერება, სიკვდილი;
  • სისტემატური მოხმარებისას იწვევს სახსრების ქსოვილის ძლიერ დაზიანებას;
  • ადვილია ზედოზირება.

საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პერიოდულად ხდება ამ ნარკოტიკის საკმაოდ დიდი ოდენობების ამოღება. მაგალითად 2018-ში ამოითეს 6.5 მილიონი დოლარის ღირებულების შესაბამისი ოდენობა და 2020-შიც დიდი ოდენობით. 

მიუხედავად აღნიშნულისა, მომხმარებლები მაინც ახერხებენ ნარკოტიკის შეძენასა და გამოყენებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის მიზეზია ნარკოტიკის სიაფე, თუმცა ნარკოტიკის მომხმარებლების და ადიქციის სფეროში მომუშავე სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზია საქართველოში არსებული, დასჯაზე ორიენტირებული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა, რომლის გამოც არ არის ხელმისაწვდომი მეტად უსაფრთხო ნარკოტიკები და მომხმარებელი იძულებულია დარკ-ნეტში შეიძინოს სიცოცხლისთვის საშიში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

გამოყენებული წყაროები:

The synthetic cathinone α-pyrrolidinovalerophenone (α-PVP): pharmacokinetic and pharmacodynamic clinical and forensic aspects – https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/29540067/ 
The dangerous new synthetic drug α-PVP as the hydrated chloride salt α-pyrrolidinopentiophenone hydrochloride 0.786-hydrate – 
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/26742826/  
Techno, Fascism and Flakka: Georgia’s Deadly Drug War | High Society – https://www.youtube.com/watch?v=Jnd_xS8l5Ck&t=214s 

 

 

 

კვლევის თანახმად, ათი ტრანსგენდერი ადამიანიდან, ცხრას აქვს სუიციდური ფიქრები

/

კვლევა ჩატარდა “Just Like Us, the LGBT+ young people’s charity” ორგანიზებით. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერი და არაბინარული ახალგაზრდების უმრავლესობას აქვს სუიციდური აზრები.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 18-დან 25 წლამდე ასაკის 3695 ზრდასრული ადამიანი და გამოიკვეთა, რომ ტრანსგენდერი ადამიანების 88%-ს ჰქონდა სუიციდური აზრები, რაც ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებია, ვიდრე სხვა ჯგუფებში მიღებული შედეგები.

მონაცემებმა აჩვენა, რომ ლგბტ+ ახალგაზრდების თითქმის სამ მეოთხედს ჰქონდა სუიციდური აზრები, რაც 43%-ით მეტია მათ ჰეტეროსექსუალ თანატოლებთან შედარებით.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ლგბტ+ ახალგაზრდებს ორჯერ მეტი აქვთ თვითდაზიანების (65%) რისკი, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ახალგაზრდებს (31%).

აღნიშნული შედეგები არ იყო გასაკვირი, რადგან ახალგაზრდა ქვიარები ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას სახლში, სკოლასა და სამსახურში. 

 

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/05/03/trans-non-binary-mental-health-suicide-self-harm-research/ 

საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ჰომოფობიური ნარატივები — როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა


ილუსტრაციების ავტორი: ნატალია ავალიანი

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან და სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებიდან 1 წელზე მეტი გავიდა. პუტინის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ გამოცხადებული ომის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ რუსეთი საკუთარი ქმედებების ტრადიციული ღირებულებების დაცვის სახელით შეფუთვას ცდილობდა.

პუტინის თქმით, დასავლეთი „ცდილობს ტრადიციული ღირებულებების განადგურებას და ყალბ ღირებულებებს ავრცელებს, რომლებიც განადგურებას გვიქადის“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი კირილიც ალტი-ლგბტქი გზავნილებს იყენებს, რათა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გაამართლოს. აპოკალიფსის სურათის დახატვით, ის პუტინისთვის ხელსაყრელ ნარატივს ავრცელებს.

კირილი ადამიანების უფლებების დაცვას დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ფსევდოჰუმანურ ქვიარ დღის წესრიგად მოიხსენიებს, რაც, მისი მტკიცებით, სამყაროს განადგურებით ემუქრება და ამ პროცესში რუსეთი კაცობრიობის “უკანასკნელ მხსნელად” გვევლინება.

„თუ კაცობრიობა ჩათვლის, რომ ცოდვა ღმერთის გზიდან გადახვევა არ არის, თუ კაცობრიობა ჩათვლის, რომ ცოდვა ადამიანური ქცევის ნაირსახეობაა, ცივილიზაციის დასასრულამდე მივალთ“, — აცხადებდა კირილი ომის დაწყებისას და ამბობდა, რომ რუსეთის დონბასში შეჭრა დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ღირებულებებთან მებრძოლი ხალხის გადარჩენას ემსახურებოდა.

ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში, რუსულმა სახელისუფლებო მედიებმა ევრომაიდანი „ნაციონალისტების, ანტისემიტების, ნეონაცისტებისა და ჰომოსექსუალების“ მიერ მოწყობილ პროვოკაციად მონათლეს და ამ გზით პროტესტის მუხტის ჩახშობა სცადეს.

ბოლო დროის რუსული ანტიდასავლური და ჰომოფობიური ნარატივების ყველაზე აშკარა მაგალითი უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის შემდეგ გაკეთებული განცხადებებია. თუმცა, ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებიც რუსეთის გავლენის გაძლიერებას ემსახურება, ქართველი პოლიტიკოსებიც არ ერიდებიან.

ქვიარი

ბოლო მაგალითი, 2023 წლის მარტში „უცხოური გავლენების აგენტების“ შესახებ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების კანონია, რომელიც „მტრული გავლენების“ იდენტიფიცირებისა და მათივე თქმით, „გამჭვირვალობის გარანტიების შესაქმნელად“ დააინიცირეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასავლეთის კრიტიკა და საქართველოს მოქალაქეების მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.

კანონი, რომელიც პუტინის მიერ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მცდელობის ანალოგიური იყო, ქართულმა ოცნებამ უწყვეტი საპროტესტო ტალღის ფონზე გაიწვია. უკან დახევამდე კი საპროტესტო ტალღის ჩახშობას აქციების დარბევით ცდილობდნენ.

დასავლელი მეგობრების კრიტიკის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ „საკუთარ თავს მიხედონ“, აქციის მონაწილეებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ნაწილს „სატანისტების ფორმა ეცვათ“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს „ორიენტაცია არეული“ და „გზას აცდენილი ახალგაზრდა“ უწოდა. კობახიძის განცხადება ზუსტად იმეორებს ანტიდასავლური დაჯგუფებების მცდელობას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანებისგან „მტრის ხატი“ შექმნან და ამ გზით მოსახლეობაზე გავლენა მოახდინონ.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკური პირების, რადიკალური დაჯგუფებების თუ საეკლესიო პირების განცხადებები რუსეთს გავლენების განმტკიცებაში პირდაპირ თუ ირიბად ეხმარება. ხოლო ის, თუ რა ნარატივებს ავრცელებენ კონკრეტული აქტორები, როგორ იგეგმება ანტიდასავლური კამპანიები და რას ისახავენ მიზნად, ახალი სულაც არ არის.

პუტინის მიერ არჩეული ბრძოლის გზები, ნარატივები, რომელთა გავრცელებასაც ცდილობს, ხერხები, რომლებსაც იყენებს, საბჭოთა დროის გამოძახილია. თუ საბჭოთა მეთოდებს თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ რუსეთი მუდმივად წრეზე ტრიალებს და პოსტ-საბჭოთა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მტკივნეული თემების გააქტიურებითა და არარსებული მტრების გამოგონებით გავლენის გამტკიცებას ცდილობს. ამიტომ, რუსეთის დღევანდელი ქმედებების უკეთ გასააზრებლად საბჭოთა წარსულის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ანტიდასავლური და ანტი-ლგბტქი ნარატივების საწყისებთან

ნატალია ავალიანის ილუსტრაცია

საბჭოთა ჰომოფობიური ნარატივების დამკვიდრების საწყის წერტილთან დასაბრუნებლად  თვალი უნდა გადავავლოთ ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდს. 1917 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთში ხელისუფლება შეიცვალა, რადიკალური ცვლილებების პერიოდი დაიწყო. ახალმა ხელისუფლებამ სრულიად ახლებური საზოგადოების ფორმირება გადაწყვიტა. მეფის რუსეთის დროს არსებული კანონები ერთმანეთის მიყოლებით უქმდებოდა, ჩნდებოდა ჩასწორებები, რომლებიც თანასწორობისკენ იყო მიმართული. ბოლშევიკურ რუსეთში ქალი და კაცი თანასწორად გამოცხადდნენ და ოჯახურ ურთიერთობებშიც ორივე მხარეს თანაბარი უფლებები ჰქონდა, განქორწინების პროცესი ბევრად გამარტივდა, აბორტი ლეგალური გახდა და გაუქმდა 1903 წლის ჩანაწერი, რომელიც ჰომოსექსუალურ კავშირებს შეეხებოდა და ნებაყოფლობითი ურთიერთობების ლეგალიზება მოხდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მეტად თანასწორი რეალობის შენებაზე მიანიშნებდა. ჰომოსექსუალობა, როგორც პოლიტიკური იარაღი, ისევ გამოიყენებოდა. ბოლშევიკებისთვის კლასობრივი ბრძოლის, ეკლესიის გავლენების ჩახშობის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ ჰომოსექსუალობა იყო.

გასული საუკუნის 20-იანი წლების რუსეთში ნებაყოფლობითი სექსის ასაკს მიუღწეველ პირებთან ძალადობრივი სექსუალური კავშირის ბრალდებით არაერთი საეკლესიო პირი წარსდგა სასამართლოს წინაშე.

მკვლევრების ნაწილი ბოლშევიკური რევოლუციის საწყის წლებს „პირველი გეი რევოლუციის” პერიოდსაც კი უწოდებს. 1922 წლის სისხლის სამართლის კოდექსში სრულად უარყვეს არქაული ტერმინები, რომლებსაც მედიცინასთან და მეცნიერებასთან საერთო არ ჰქონდათ. მათ შორის, სექსუალური დანაშაულები „პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების“ უფლების თავში გაერთიანდა. ახალი ხელისუფლება ცდილობდა, რომ მეფის დროის დრომოჭმული, არქაული მიდგომების საპირწონედ, მეცნიერება, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა განემტკიცებინა. ამიტომ, ეს პერიოდი ლგბტ ადამიანებისა და ქალებისთვის მცირეხნიანი შვების ხანად იქცა. იმ დროს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ კრიმინალიზებული იყო და, შეიძლება ითქვას, რომ ბოლშევიკური რუსეთის მიდგომა ბევრად პროგრესული იყო. თუმცა, ეს ახლებური, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომა დიდხანს არ გაგრძელებულა. 30-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც სტალინი საბჭოთა კავშირის ლიდერად იქცა, ლგბტქი საკითხები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, კიდევ უფრო გააქტიურდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრის, თამარ თოლორდავას თქმით, საბჭოთა კავშირში ტოტალიტარული ნიშნები სულ უფრო ძლიერდებოდა და სწორედ საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული, სექსუალობის საკითხები იქცა პირველი აკრძალვების სამიზნედ, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვებისთვის ნიადაგის მოსინჯვას ჰგავდა.

„30-იან წლებში, როცა ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება ისევ მოხდა, ეს საბჭოთა პროპაგანდის ჭკვიანურად დაგეგმილი ნაბიჯი იყო. დეკრიმინალიზების გამოცდილება ჯერ კიდევ ახალი იყო და აღნიშნული ცვლილება შეიძლებოდა მტკივნეული ყოფილიყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ამიტომ სექსუალობასთან დაკავშირებული თავისუფლების შეზღუდვა მათთვის კარგი გზა იყო, რაც ნიადაგს შეამზადებდა სხვა უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგოდ. უნდა ითქვას ისიც, რომ აკრძალვა თავიდანვე პოლიტიკურ იარაღად იქცა — ჰომოსექსუალობაში “ბრალდებულ” ადამიანებს მიაწერდნენ სხვადასხვა დასავლური ქვეყნის ჯაშუშობას, მათგან მტრის ხატს ქმნიდნენ. ჰომოსექსუალობა ქვეყნის გამყიდველის სინონიმად აქციეს“, — აღნიშნავს თამარ თოლორდავა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ირა როლდუგინა, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში მცხოვრები ქვიარ ადამიანების გამოცდილებებს მრავალი წელია იკვლევს, Open Democracy-ისთან საუბარში აღნიშნავს, რომ 20-იანი წლების რუსეთში არსებული იდეები დღევანდელი რეალობისთვისაც კი პროგრესულად შეიძლება ჩაითვალოს. მისი თქმით, აღნიშნულმა ცვლილებებმა ქვიარ ადამიანების მეტი ხილვადობა გამოიწვია. ამიტომ, 30-იან წლებში, როცა სტალინი ხელისუფლებაში მოვიდა, სექსუალობა აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკურ განაცხადი და ეს ხელახალი კრიმინალიზების ერთ-ერთ მიზეზად იქცა.

„30-იანი წლებისთვის, სექსუალობა პოლიტიკურად აღიქმებოდა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რევოლუციამდელი მდგომარეობისგან. უხეშად რომ ვთქვათ, ჰომოსექსუალები საფრთხედ აღიქმებოდნენ და „რევოლუციონერებთან“ და „ქვეყნის მოღალატეებთან“ იყვნენ გათანაბრებული. სექსუალობა ისეთივე დევნის მიზეზად იქცა, როგორც პოლიტიკური ქმედებები“, — აღნიშნავს როლდუგინა.

ჰომოსექსუალობის აკრძალვის, სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების სტიგმატიზებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ქალებისა და კაცების შემთხვევაში სხვადასხვა მიდგომა ამოქმედდა. ლესბოსელი ქალები ფსიქიატრიული მკურნალობის სამიზნედ იქცნენ, ჰომოსექსუალი კაცების შემთხვევაში კი, დაპატიმრება და შრომით-გამოსასწორებელ ბანაკებში გაგზავნა იქცა პრაქტიკად.

თამარ თოლორდავა აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის მომწიფების დროისთვის, სტალინისთვის მორალური საყრდენის იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, დღის წესრიგში დადგა სამშობლოს მხსნელი ჯარისკაცის სახე, რომელიც მასკულინური, ჰეროიკული ფიგურა უნდა ყოფილიყო და ამ მიზნებში ჰომოსექსუალობა აღარ ეწერებოდა. 

„მეორე მსოფლიო ომის მომწიფების დროისთვის კაცური, მაჩოისტური, მასკულინური იდეალების დამკვიდრება იყო მნიშვნელოვანი. გენდერული თანასწორობაც ილუზია იყო. ერთი მხრივ, სისტემა სამშობლოს მხსნელი, გმირი კაცის იმიჯს ამკვიდრებდა, მეორე მხრივ, მოჩვენებითი გენდერული თანასწორობის იდეას ავრცელებდა, თუმცა ქალების როლი მაინც შემოსაზღვრული იყო სამშობლოსთვის გმირების აღზრდით და ჰომოსექსუალობა ამ ნარატივში ვეღარ ეწერებოდა. პოლიტიკის სახეს ქმნიდა “კაცური კაცი”, ჰომოსექსუალობა კი გაიგივებული იყო “ფემინურთან”. საბჭოთა სისტემა სწორედ ამ განწყობებით საზრდოობდა“, — ამბობს თამარ თოლორდავა.

1933-1934 წლების პირველი მასშტაბური დაკავებები, რომელთა სამიზნედ ლენინგრადში მცხოვრები გეი კაცები იქცნენ, ცხადყოფს, რომ, ერთი მხრივ, „გადახრები“ იყო დაკავების მიზეზი და, მეორე მხრივ, აღნიშნულ საქმეებს თან დაერთო „უცხო ქვეყნის ჯაშუშობის“, „ქვეყნის ღალატის“ სარჩული.

მინაწერი საქაღალდეზე — „გადახრები“. ფოტო ირა როლდუგინას არქივიდან.

დენ ჰილი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თანამედროვე რუსეთის ისტორიის მიმართულების სპეციალისტია, 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალი კაცების წინააღმდეგ მიმართულ პრაქტიკას “სტალინური ჰეტეროსექსუალობის კონსტრუირების” პროცესად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ჰომოსექსუალობა „კაცურ“ გამოწვევად ჩაითვალა, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან იყო გადაჯაჭვული. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ლესბოსელი ქალების წინააღმდეგ კანონი არ მიუღიათ.

„უმეტეს ქვეყანაში ასე მოხდა — ლესბოსელი ქალების წინააღმდეგ კანონები არ მიუღიათ, რადგან ისინი ისტორიულად კერძო სფეროთი იყვნენ შემოსაზღვრული და ქმრების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. სტალინი და მისი გარემოცვა ქალების ემანსიპაციის იდეას არ ეთანხმებოდა: პოლიტბიუროში ერთი ქალიც კი არ იყო. ჩემი აზრით, სტალინისთვის ჰომოსექსუალობა ეროვნულ უსაფრთხოებასთან გადაჯაჭვული „კაცური პრობლემა” იყო. ქალები არ მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში და უსაფრთხოების დაცვის ორგანოებში აქტიური როლი არ ჰქონდათ, ამიტომ ნაკლები რისკის შემცველნი იყვნენ“, — ამბობს დენ ჰილი.

დაკავებული გეი კაცები ძირითადად ბანაკებში იგზავნებოდნენ. საბჭოთა სისტემა მათგან „კარგი სოციალისტების“ გამოძერწვას ცდილობდა, რაც იმ დროისთვის პირველ რიგში სამშობლოსთვის გმირულ თავდადებას, ჯარისკაცად მსახურებას გულისხმობდა.

თუმცა, გაუგებარია, როგორ განმტკიცდა საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობის, როგორც დასავლეთის „სენის“ ნარატივი მაშინ, როცა მკვლევრების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ იმ დროის რუსეთში ლგბტქი და ქალთა უფლებების მიმართულებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე რუსეთში.

თამარ თოლორდავას თქმით, საბჭოთა კავშირში აღნიშნული იდეის დასაყრდენად მეფის დროის რუსეთის შესახებ შემორჩენილი ცოცხალი მეხსიერება და ინფორმაციაზე დამყარებული ტოტალური კონტროლი იქცა. იმ დროს, როცა ნაცისტური გერმანია, კერძოდ კი ადოლფ ჰიტლერი რუსეთს „სექსუალური გაუკუღმართებას“ მიაწერდა, რუსული მხარე იმავეს ცდილობდა და ნარატივის დამკვიდრება ორივე შემთხვევაში წარმატებით მოხდა.

„პროპაგანდის მანქანისთვის შავის თეთრად სახელდებაა მიზანი და აღნიშნულის მიღწევა მით უფრო მარტივია, რაც მეტად ჩაკეტილია საზოგადოება, რაც მეტია ინფორმაციაზე კონტროლი. შეიძლება ძნელად წარმოსადგენი იყოს, როგორ მოხერხდა ჰომოსექსუალობისა და დასავლეთის დაკავშირება 30-იან წლებში — მაშინ, როცა ადამიანის უფლებების კუთხით დასავლეთშიც სავალალო მდგომარეობა იყო. თუმცა, პროპაგანდის მანქანისთვის ინფორმაციის გაყალბება, ფაქტების ისე ინტერპრეტირებაა მნიშვნელოვანი, რომ ამბის მეორე მხარე ნაკლებად წონიანი ჩანს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა გვიან გახდა შესაძლებელი, რაც კონტროლმა განაპირობა“, — აღნიშნავს თამარ თოლორდავა.

საბჭოთა სოციალისტური სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ერთგვაროვანი საზოგადოების შექმნა, რომლის თითოეული წევრი აღიქმებოდა არა ინდივიდად, არამედ საბჭოთა “დიადი რეალობის” შენების მექანიზმად. წარმატებით შედგა 30-იან წლებში დაწყებული მცდელობა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულიყვნენ „კარგი საბჭოთა მოქალაქეები“ და „სხვები“, კავშირისთვის საშიში „წარმონაქმნები“.

საბჭოთა ფრაგმენტული ქვიარ გამოცდილებები

ადრეული საბჭოთა რუსეთის აბანო, რომელიც გეი შეხვედრების ერთ-ერთი ადგილი იყო.
ევგენი ფიკსის არქივიდან.

საბჭოთა დევნის პირობებში, ქვიარ კავშირები სრულად დახურულ კარს მიღმა იყო, ამიტომ, გამოცდილებების შესახებ სრული სურათის დანახვა შეუძლებელია. თუმცა, რაც დადასტურებით ვიცით, ისაა, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გეი კაცების თავშეყრის მთავარ საშუალებად, ე.წ. „პლეშკა“ —  სხვადასხვა შემთხვევითი ლოკაცია იქცა, სადაც ჰომოსექსუალ კაცებს შეკრება და სოციალიზება შეეძლოთ.

უსაფრთხოების სამსახურები ამ ლოკაციებს არბევდნენ, ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ, რისთვისაც აგენტურას იყენებდნენ და აღრიცხავდნენ ჰომოსექსუალურ კავშირებში შემჩნეულ ადამიანებს. თუმცა, არც ამ მიმართულებით არსებობს სრული ცოდნა. ყველაზე პოპულარული საქმე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია, 80-იანი წლების პოლონეთის ჰიაცინტის (სუმბული) საქმეა.

ფრაგმენტი გაზეთ Newsweek Polska-ს 1986 წლის ნომრიდან.

ჰიაცინტის საქმე ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების სამსახურები ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში შემჩნეული კაცების სიებს აწარმოებდნენ, რომელში აღმოჩენილ ადამიანებს შანტაჟის გზით აგენტებად იყენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ სიაში დაახლოებით 11 ათასი ჰომოსექსუალი კაცი და მათთან დაკავშირებული პირები იყვნენ აღრიცხული. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში მსგავსი საქმეების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არ არსებობს, რაც საბჭოთა გამოცდილებების კვლევას ართულებს.

მკვლევრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ლგბტქი ადამიანების გამოცდილებებს იკვლევენ, ერთხმად აღნიშნავენ, რომ რიგი მიზეზების გამო, ჩვენი ცოდნა ფრაგმენტულია. ირა როლდუგინას თქმით, კვლევითი მუშაობის დროს აღმოაჩინა, რომ არქივების ნაწილზე წვდომა უბრალოდ შეუძლებელია. ამას ემატება ჰომოფობიური განწყობები რუსეთსა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, რაც ართულებს იმ ადამიანების მოძებნას, რომლებიც პირველი პირის მოწმეები არიან და ჰომოფობიური სისტემის მარწუხები საკუთარ თავზე გამოცადეს.

დენ ჰილი კი აღნიშნავს, რომ ჰომოსექსუალობის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი დაახლოებით 250 ათასი უნდა იყოს, თუმცა ზუსტი რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტია. 

რაც შეეხება ლესბოსელ ქალებს, რომლებიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აღმოჩნდნენ, ირა როლდუგინას თქმით, მკვლევრებს სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომა არ აქვთ. უფრო მარტივად საკვლევია ჰომოსექსუალი კაცების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ფრაგმენტული.

„საბჭოთა ქვიარ ქალების გამოცდილებების გასაგებად გასაღები შეიძლება მათივე მონათხრობი იყოს — რა გზებს მიმართავდნენ სოციალიზებისთვის, როგორი იყო მათი ქცევითი სტრატეგია, მაგრამ ფესვგადგმული ჰომოფობია და საკუთარ სექსუალობაზე საუბრის შიში იმ დროის მომსწრე ლესბოსელების მოძებნას შეუძლებელს ხდის“, — აღნიშნავს როლდუგინა.

ჰომოსექსუალობის ბრალდებით დაკავებების შესახებ ერთეული შემთხვევები თუ ვიცით, ისიც — საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების. მაგალითად, რეჟისორ სერგეი ფარაჯანოვის. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტალინის შემდეგი პერიოდის საბჭოთა ხელისუფლებისთვის ჰომოსექსუალობის ბრალდება სისტემისთვის საზიანო ინდივიდების გაჩუმების, სტიგმატიზების იარაღი იყო. ამიტომ, შესაძლოა, ამ საქმეების უმეტესობას არავითარი კავშირი არ ჰქონდეს ჰომოსექსუალობასთან.

საბჭოთა სენტიმენტები და ახალი მხსნელის დაბადება

ნატალია ავალიანის ილუსტრაცია

საბჭოთა კავშირის დაშლამ გათავისუფლებულ ქვეყნებს თვითგამორკვევის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ მრავალწლიანი სისტემის ნარჩენებისგან გათავისუფლება მარტივი, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდა. ამას დაემატა ახალი ლიდერების მცდელობა, რომ ჰომო სოვიეტიკუსი, რომელიც გაურკვეველ, მისთვის უცნობ რეალობაში აღმოჩნდა, წარსულის სენტიმენტებით გამოეკვება. ამიტომ, მათ შორის, სექსუალობასთან, გენდერთან დაკავშირებული საკითხების აღქმა ისევ საბჭოთა წრეზე დატრიალდა.

ისტორიკოსი, ვლასი ვაწაძე წერს, რომ ახალ რეალობაში კაცმა თავი უფუნქციოდ იგრძნო და იმ იდეალებს მიუბრუნდა, რომლითაც საბჭოთა სისტემამ აღზარდა.

„კაცმა თავი უფუნქციოდ, შევიწროებულად იგრძნო. საბჭოთა კავშირმა მას ასწავლა იარაღის ხელში ჭერა, რაც მხოლოდ ფასადურად უსვამდა ხაზს მის კაცურობას და ქალის ხარჯზე ანებივრებდა. დაბნეული და განებივრებული საბჭოთა კაცი კი ვერ აღმოჩნდა მზად რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან შესაჭიდებლად, შესაბამისად, გახდა აგრესიული და შეუდგა იმ საქმეს, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა – მისთვის განსხვავებული, არასტერეოტიპული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ აგრესიის ფრქვევას“,  — წერს ვლასი ვაწაძე.

თამარ თოლორდავას თქმით, ახალი რეალობით იმედგაცრუებამ წარსულის სენტიმენტები ახალი ძალით გააცოცხლა, რაც რუსეთის ხელში იარაღად იქცა.

„კრემლმა პოსტ-საბჭოთა იმედგაცრუებით ნასაზრდოები სენტიმენტები ძალიან კარგად გამოიყენა. 70-წლიანი ჩაკეტილობის შემდეგ, თავისუფალ, ბევრად ღია რეალობაში არსებობა, გადარჩენა უნდა ისწავლო. იმედი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება ან ამიერიდან დასავლეთი გადაგარჩენს, ფუჭია. მთავარი თვითგამორკვევის პროცესია, რომელიც მრავალწლიანი, დამქანცველი პროცესია. ახალი რეალობით იმედგაცრუება წარსულის სენტიმენტებს აცოცხლებს. ამიტომ, ქალების უფლებებზე საუბარი საბჭოთა მშრომელი ადამიანის, ამ შრომაში “თანასწორობის” იდეით გადაიფარა, ლგბტქი უფლებები კი დასავლეთს მიეწერა. ყველაფერი ახალი, უცხო ან გაუცხოებული ტოტალიტარული სისტემისთვის იარაღად, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისთვის კი სასარგებლო მოცემულობად იქცა. ამას დაემატა ქრისტიანული ღირებულებების დაცვა, ტრადიციული საზოგადოების შენების იდეა”, — გვეუბნება თამარ თოლორდავა.

პუტინის, როგორც ახალი მხსნელის დაბადების ფენომენის უკეთ გასაგებად რამდენიმე ფაქტორი გამოდგება. ცივი ომის მრავალწლიანი პერიოდი საბჭოთა კავშირის დამარცხებით და დაშლით დასრულდა. საბჭოთა ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ „დიდ სამამულო ომში“ საბჭოთა კავშირის დიადი როლით იყო მონუსხული, თავს საყრდენგამოცლილად გრძნობდა. რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდა კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი, ბორის ელცინი, თუმცა ის ვერ იქცა ლიდერად, რომელიც ახალ რეალობაში რუსეთის როლს გასაგებს გახდიდა. ალკოჰოლდამოკიდებული, წარუმატებელი, რუსეთის იმპერიალისტური მიზნებისთვის შეუსაბამო (ამას მოწმობს რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში, მცირერიცხოვან, სათანადო შეიარაღების არმქონე ქვეყანასთან დამარცხება)  პრეზიდენტი გაურკვევლობით გამოწვეულ სასოწარკვეთას კიდევ უფრო ამძაფრებდა.

 

სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჰომო სოვიეტიკუსის კლასიკური მაგალითი, სუკ-ის (საბჭოთა უშიშროების კომიტეტი) ყოფილი აგენტი, ვლადიმირ პუტინი. ლიდერი, რომელიც არ სვამდა, საბჭოთა „დიდების“ დღეებს პატივს მიაგებდა, გამოირჩეოდა ფიზიკური სიძლიერით, მისდევდა ძიუდოს, ცხოვრობდა ჯანსაღი ცხოვრების წესით, საკუთარ პოლიტიკურ პოზიციაში და სათქმელში ხისტი და პირდაპირი იყო.

საბჭოთა ათწლეულებს მიჩვეული ადამიანებისთვის, რომლებსაც ხსნა ლიდერებში ესახებოდათ, პუტინი სათაყვანებელ ფიგურად იქცა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ თავად პუტინს საბჭოთა იდეის დღემდე სჯერა და სრულად უგულებელყოფს ახალი დროის გამოწვევებს.

კრისტოფ ნაიდჰარტი, შვეიცარიელი ჟურნალისტი, რომელიც 80-იანი წლებიდან მუშაობდა საბჭოთა კავშირის საკითხებზე, შემდგომ კი რუსეთში კორესპონდენტი იყო, 2006 წელს წერდა: „პუტინი საბჭოთა გადმონაშთია, ყავლგასული დროის კარგად შემონახული ნიმუში, ძველი საბჭოთა ტვინი 50-ს გადაცილებულ ჯანსაღ სხეულში. მისი მეტყველებაც კი საბჭოთა დროის გამოძახილია — როცა კომუნიკაცია მიმართული იყო ძალაუფლების ფასადის შენარჩუნებისკენ და არა სიმართლის, ფაქტების, განზრახვების გამოაშკარავებისკენ“.

პუტინმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო საბჭოთა მეთოდების, ნარატივების, იდეალების გაცოცხლება, „თაროდან გადმოღება“. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით გააქტიურდა მისი პრეზიდენტობის მეორე პერიოდში, როცა მის ხელახალ არჩევას საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სუკ-ის ყოფილმა აგენტმა ჯერ „უცხოეთის აგენტების“ კანონი განაახლა, ბავშვებში “ლგბტ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონი მიიღო, ახლახან კი აღნიშნული კანონი ჩასწორდა და “პროპაგანდა” ყველა ასაკს მოიცავს. პუტინმა ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო აშკარა მარწუხებში მოაქცია თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმი შექმნა. შედეგად, ჟღერდება მხოლოდ ის სათქმელი, რაც ხელისუფალს აწყობს.

თამარ თოლორდავას თქმით, პუტინის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ისევ ქვიარ ადამიანებისგან „მტრის ხატის“ შექმნაა, რაც რთული სულაც არ იყო, რადგან „ეს მეხსიერება“ საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანებისთვის კიდევ ცოცხალია.

„ანტი-ლგბტქი პროპაგანდა ორი მიმართულებით მუშაობს — ერთი მხრივ, დასავლეთისგან დაცვის, ოჯახის სიწმინდის იდეის გატარება, ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულების ნარატივების განმტკიცება ხდება, მეორე მხრივ, შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც რეალურად არარსებული პრობლემა, ყურადღების გამოგონილი მტრებისკენ მიმართვა, რათა გადაიფაროს ისეთი საკანონმდებლო თუ პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს გააძლიერებს“, — ამბობს თამარ თოლორდავა.

რუსეთის ლგბტ ქსელის პრესსპიკერის თქმით, „რუსეთში ისევ არსებობს „ნორმალური“ ადამიანების უფლებებისა და ლგბტ უფლებების“ გამიჯვნა, რაც პროპაგანდის მიზნებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. იგივე განწყობები სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც გვხვდება და ლგბტქი ადამიანების თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლა „პრივილეგიებისთვის“ ბრძოლად არის აღქმული.

კრემლის მეგობრები

რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული საომარი მოქმედებების შიშებს, მუდმივად თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნის აუცილებლობას, ერთიანობის დაკარგვის საფრთხესა და ეროვნული იდენტობის გადარჩენის მისწრაფებას იყენებს. საქართველოსთვის განსაკუთრებით მტკივნეული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის მეხსიერებაა, რასაც 2008 წლის აგვისტოს ომის ახალი გამოცდილებაც ემატება. სომხეთ-აზერბაიჯანისთვის კი, ეს მტკივნეული თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია.

ამასთან, იმაში დასარწმუნებლად, რომ ომის ჭრილობები არ მოშუშდება, ეროვნული იდენტობის დაკარგვის შიში არ გაფერმკრთალდება, პუტინის რუსეთს „მეგობრები“ ყველა საბჭოთა ქვეყანაში ჰყავს — პოლიტიკური ფიგურები, პარტიები, ძალადობრივი, რადიკალური დაჯგუფებები თუ საეკლესიო პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად რუსულ საქმეს აკეთებენ, ხალხის ყურადღების გატანას რეალური პრობლემებიდან გამოგონილისკენ ცდილობენ და ევროპისა და ამერიკის მისამართით მტრული დამოკიდებულების განმტკიცებაზე მუშაობენ.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეები. Reuters-ის ფოტო.

თამარ თოლორდავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირების დადასტურებით გამოვლენა რთულია, არსებობს ნიშნები, რომლებიც აღნიშნული აქტორების რუსულ სივრცესთან ბმას ცხადყოფს.

„ჰომოფობიურად განწყობილი აქტორების რუსულ გავლენებთან ბმა ბევრი დეტალით ხდება საცნაური. მათ შორის, აღსანიშნავია ლინგვისტური ბმა. მაგალითად, სიტყვა “ლიბერასტი”, რომელსაც რატომღაც  არ ვაკავშირებდი რუსეთთან, დამკვიდრებულია სწორედ რუსული სივრციდან. იგივე შეიძლება ითქვას ჰომოფობიურ ტერმინებზე, რომლებსაც ქვეყანაში იყენებენ — მათი უმეტესობის გამოყენება იწყება რუსეთში და შემდეგ მკვიდრდება ჩვენთანაც. ალტ-ინფოზე [ულტრა-მემარჯვენე, ძალადობრივი დაჯგუფება საქართველოში, რომელსაც საკუთარი პარტია და მედია აქვს და რომელიც იყო 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემსრულებელი] თუ ვისაუბრებთ, ისინი სტუმრობენ რუსეთს, ხვდებიან პოლიტიკოსებს, ილია მეორეს [საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი] აქვთ კავშირები რუსულ სივრცესთან, შეხვედრებს მართავენ. შეიძლება 100%-ით დადასტურება გაგვიჭირდეს, თუმცა ქმედებები, ტერმინები, იდეები, რომლების გავრცელებასაც ცდილობენ, ერთი ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს, რაც მიანიშნებს, რომ ისინი არიან ინსტრუმენტი პუტინის ხელში“, — აღნიშნავს თამარ თოლორდავა და ამბობს იმასაც, რომ რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის მაინც არსებობს სხვაობა — „რუსეთში ეკლესია არ არის დამოუკიდებელი აქტორი, ის ზუსტად იმეორებს პუტინისთვის ხელსაყრელ იდეებს, ეს პუტინის მართვის ერთ-ერთი ელემენტია. საქართველოში კი, ეკლესიას მუდმივად აქვს ამბიცია, რომ იყოს დამოუკიდებელი აქტორი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს. შეიძლება ვთქვათ ის, რომ ქართული ეკლესია რუსულის კარნახით მოქმედებს, თუმცა ის როლი, რაც ქვეყნის შიგნით აქვთ, განსხვავებულია“.

სომხეთში, ხელისუფლების უმოქმედობა იმ დროს, როცა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ხდება, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საზოგადოებაში ძალმომრეობას ლეგიტიმაცია ეძლევა. ხელისუფლების უმოქმედობის, მეტიც, ჰომოფობიური განწყობების ერთ-ერთი მაგალითი 2018 წლის აგვისტოში, აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევაა. აქტივისტებს 30-მდე კაცი დაუპირისპირდა, იყენებდნენ ჰომოფობიურ ტერმინებს და აჟღერებდნენ მუქარებს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა.

პოლიციამ თავდამსხმელები დაკითხა, მაგრამ იმავე წლის ნოემბერში ნაწილს ამნისტია შეეხო, ნაწილი კი საერთოდ არ დასჯილა.

ჰომოფობიური ნარატივების გავრცელების მთავარი საშუალება კი ულტრა-მემარჯვენე, რადიკალური ჯგუფები არიან, მათ შორის გამორჩეულია დაჯგუფება „ადეკვატი“. დაჯგუფებამ აქტიურობა ფეისბუკ ჯგუფიდან დაიწყო და იმ დღიდან დღემდე, როცა უკვე პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბეს, ავრცელებენ ევროპისა და ამერიკის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას, კონსპირაციის თეორიებს და მხარდამჭერების მობილიზებას „გეი პროპაგანდის“ შესახებ განცხადებებით, ქრისტიანობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის იდეებით ცდილობენ.

კადრი ადეკვატის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან: ადეკვატის წევრები ჰომოფობიური თავდასხმის მსხვერპლების მიმართ დამამცირებელ შეძახილებს იყენებენ.

აზერბაიჯანში მდგომარეობა განსხვავებულია — პოლიტიკური პირები, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი გენდერულ სტერეოტიპებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს ევროპის დემონიზებისთვის იყენებს.

„სად გვინდა ინტეგრაცია — მათთან, ვინც კაცსა და ქალს შორის განსხვავებას ვერ ხედავს? არ მინდა უფრო ღრმად საუბარი. ჩვენ სულაც არ გვინდა იქ ინტეგრაცია“, — განაცხადა ალიევმა 2019 წელს.

ამასთან, OC Media-ს ონლაინ მოკვლევის შედეგად ჩანს, რომ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების 88% პრო-სახელისუფლებო მედია გამოცემებზე მოდის.

როგორ ვრცელდება რუსული ნარატივები საქართველოში

საქართველოში ჰომოფობიური, პოპულისტური განცხადებები მეტწილად ხელისუფლების წარმომადგენლების ხელწერაა. 2021 წელს, პრაიდის კვირეულისას რადიკალური დაჯგუფებების წევრები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს, იქამდე ხალხის მობილიზებას ალტ-ინფოს ეთერით ცდილობდნენ და ძალადობრივ მოწოდებებს აჟღერებდნენ. აღნიშნულის გაკრიტიკების და მარშის დაცვის გარანტიების ნაცვლად, ღარიბაშვილმა გააჟღერა, რომ უმცირესობის ძალადობრივი ხელწერით გადაწყვეტილებების მიღება წარსულს ჩაბარდა და “ქართული ოცნების” ხელისუფლება ანგარიშს უმრავლესობას გაუწევდა.

„როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ… ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როგორც უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როდესაც მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ძალადობრივი მოწოდებების შესახებ არაერთი ვიდეომტკიცებულება არსებობს, თავდასხმის არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ დასჯილა. მეტიც, ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო განწყობები კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა მაშინ, როცა ქართულმა ოცნებამ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსეთისთვის ხელსაყრელი კანონის მიღება სცადა, რომელიც პუტინის რუსეთის მიერ განვლილი გზის ანალოგია. აღნიშნულ პროცესს მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომლის ჩახშობა წყლის ჭავლით, გაზითა და წიწაკის სპრეით სცადეს. თუმცა, საბოლოოდ გაუნელებელი პროტესტის გამო, კანონის გაწვევა მოუწიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს წევრებმა საქართველოს პარლამენტში სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ლგბტქი საჯარო ღონისძიებებისა და მანიფესტაციების აკრძალვას გულისხმობს.

ახლახან, სახელისუფლებო ტელევიზიის, იმედის ეთერში Gallup-ის კვლევის შესახებ სიუჟეტი უჩვენეს, რომლის მიხედვით, აშშ-ში სულ უფრო მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც ლგბტქი თემის წევრად იდენტიფიცირდება. სიუჟეტში მოცემულობა, რომელიც ადამიანის უფლებების განმტკიცებამ განაპირობა, წარმოჩენილია როგორც გეი პროპაგანდის შედეგი. ამასთან, სიუჟეტში გამოყენებულია მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ „გეი პროპაგანდა“ იწვევს ამ რიცხვის ზრდას.

„უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა… როგორც გამოჩნდა ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგებში, პროპაგანდას მოაქვს ასეთი შედეგები, რომ რაოდენობა შეიძლება იზრდებოდეს ამის გამო“, — განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა.


რუსეთი სამხრეთ კავკასიას ჰომოგენურ სივრცედ აღიქვამს და ცალკეულ ქვეყნებში არსებული ინფორმაციული დასაყრდენის გარდა, ერთიან პროპაგანდის ქსელსაც იყენებს, რომელში შემავალი მედია საშუალებები თუ „კვლევითი ორგანიზაციები“ სომხურ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე ერთი და იმავე შინაარსის მასალებს ავრცელებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა პრორუსული ინფორმაციის გავრცელების ხერხები და ფორმები იკვლია. ვრცელი ანალიტიკური მასალიდან სამაგალითოდ სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი შეიძლება გამოდგეს.

„დაკვირვებამ აჩვენა, რომ რუსული პროპაგანდის ქსელი, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში არსებულ ორ საიტს იყენებს. სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი კვლევით ცენტრად პოზიციონირებს, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, რაც წარმომავლობას საეჭვოს ხდის. ორი საიტიდან ერთი ქართულ და სომხურ ენებზეა, ხოლო მეორე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე… პოლიტიკური სტატიები, რომლებიც ქართულენოვან საიტზე ქვეყნდება ანტი-ამერიკულია, სომხური და აზერბაიჯანული მასალები კი, ძირითადად, პრო-რუსული“, — ვკითხულობთ ISFED-ის კვლევაში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ძირითადად ერთი და იმავე, თანამკვეთი მეთოდებით შრომობს, ILGA Europe-ის ყოველწლიურ ლგბტქი უფლებრივ რუკაზე განსხვავებული შედეგები გვხვდება, რაც ადგილობრივი ლგბტქი ორგანიზაციების მუშაობით, საკანონმდებლო განსხვავებებით, დანაშაულების გამოძიების კოეფიციენტით თუ რელიგიური განწყობებით უნდა იყოს ნასაზრდოები.

მაგალითისთვის, 2022 წლის ევროპის რუკაზე, ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით აზერბაიჯანი ბოლო 49-ე ადგილს იკავებს, 47-ე ადგილზეა სომხეთი, საქართველო კი 34-ეზე. რუსეთი აღნიშნულ რუკაზე 46-ე ადგილზეა.

საბჭოთა არქივების გახსნა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრები ქვიარ ადამიანების გამოცდილებების საზოგადოებამდე მიტანა კიდევ უფრო ნათლად გააშიშვლებს, როგორ შეიქმნა მტრის ხატი და პუტინის რუსეთის საბჭოთა წრეზე ტრიალიც უფრო ცხადად აღქმადი გახდება.

თამარ თოლორდავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, უკრაინის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ რუსული პროპაგანდა ვეღარ მუშაობს.

„თითქოს, არარსებულ მტერთან ბრძოლის მეთოდი გაცვდა. გამოიყენა ერთხელ — გაუმართლა, გამოიყენა მეორედ — ისევ გაამართლა, მაგრამ ახლა, უკრაინის შემთხვევაში, ეს მეთოდი უკვე აღარ ამართლებს“, — ამბობს საუბრის დასასრულს თამარ თოლორდავა.

აღნიშნული მასალა მომზადდა ლგბტქი+ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit-ის მხარდაჭერით.


გამოყენებული წყაროები:

Gay life in Stalin’s Gulag — openDemocracy

გენდერული სტერეოტიპები საბჭოთა კავშირში და ჰომოფობიური დისკურსის შემუშავების პოლიტიკა — International Conflict Resolution 

The inner lives of queer comrades in early Soviet Russia — openDemocracy

მოსუო – ქალების სამეფო: საზოგადოება, რომელშიც უფროსი ქალია

ჰიმალაის მთებში, ლუგუს ტბის სიახლოვეს მოსუოს ტომი ცხოვრობს. მათი კომპლექსური საზოგადოებრივი სტრუქტურა კი ერთ-ერთი უკანასკნელი მატრიარქატული საზოგადოებაა თანამედროვე სამყაროში.

მოსუო – ეს ის ადგილია, სადაც ქალები მართავენ, ქორწინება არ არსებობს და საგვარეულო ხაზი დედის მხრიდან გრძელდება, სუფრის თავში ბებია ზის, თაობები კი ერთად ცხოვრობენ. „მოსიარულე ქორწინების“ პრაქტიკის გამო, ქალებს პარტნიორების შერჩევა და შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ეს სისტემა ქალის მმართველობას ანიჭებს უპირატესობას.

მოსუოს ტომი დაახლოებით 40 000-მდე ადამიანისგან შედგება. ისინი უკვე დიდი ხანია, რაც ლუგუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ იუნანისა და სიჩუანის პროვინციებში. მოსუოდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი – მანქანით 6 საათის სავალის მანძილზე მდებარეობს. სწორედ ასეთმა იზოლაციამ განაპირობა მათი კულტურის პრეზერვაცია.

მოსუო მატრიარქატული საზოგადოებაა – აქ ყველაფერს ქალები განაგებენ. ოჯახის უფროსად ოჯახის ყველაზე ასაკოვანი წევრი ქალი მიიჩნევა, რომლის შთამომავლობა (ქალიშვილები) მის გვარის გამგრძელებლად ითვლებიან.

მოსუოელი ქალები არიან გამჭრიახები და ფიზიკურად ძლიერები. მათ საქმიანობაში შედის ოჯახების მართვა, ბავშვების აღზრდა, მიწის დამუშავება, ცხოველების მოვლა და სხვა – ყველაფერი რაც სიცოცხლესთან და დაბადებასთან არის დაკავშირებული. ამის საპირისპიროდ, კაცებს „სიკვდილთან დაკავშირებული“ საქმიანობები აქვთ დავალებული – დასაფლავების ცერემონიების წარმართვა, ცხოველების დაკვლა და ა.შ.

თუმცა, ოჯახებში ყველაფერი თანაბრად ნაწილდება. აქ ნაკლებად არსებობს საკუთრების ცნება. მატრიარქის გარდა, მოსუოს ტრადიციულ სახლში შეხვდებით მის ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებს. აქ ხშირად 3-4 თაობა ერთად ცხოვრობს, რადგან, დასავლური კულტურისგან განსხვავებით – მოსუოში ქორწინების ცნება (ისე, როგორც ჩვენ გვესმის) არ არსებობს – ქალებს ოჯახის დატოვება არ უწევთ.

მოსუოს კულტურის ყველაზე უნიკალური ნაწილი „მოსიარულე ქორწინების“ პრაქტიკაა. როდესაც მოსუო გოგონა გარკვეულ ასაკს მიაღწევს, მას აქვს უფლება, რომ პარტნიორი თავად აირჩიოს. არჩეული პარტნიორი ქალს მარტო ღამით სტუმრობს, დილით კი ვალდებულია რომ საკუთარ სახლში დაბრუნდეს. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ პროცესს „მოსიარულე ქორწინება“.  ამავდროულად, მოსუო ქალს შეუძლია, რომ პარტნიორი რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ შეიცვალოს.

ტრადიციული პატრიარქატული სისტემებისგან განსხვავებით და განსაკუთრებით ჩინურ კულტურაში, სადაც ქალები პარტნიორებს მათი სტატუსის მიხედვით ირჩევენ, მოსუოში ეს სრულიად სიყვარულზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მოსუო ქალები, პარტნიორებს იშვიათად იცვლიან, იმის მიუხედავად, რომ მათ საზოგადოებაში (პატრიარქატული საზოგადოებისგან განსხვავებით) ეს სრულიად მისაღებია.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ქალს ბავშვის გაჩენა უნდა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მისივე გადაწყვეტილებაა, თუ რამდენ ბავშვს გააჩენს და ვისგან, რადგან ბავშვები დედის გვარს იღებენ და დედის ოჯახში იზრდებიან (მამები თითქმის არ იღებენ მონაწილეობას ამ პროცესში).

მოსუო ოჯახში ასევე არ არსებობს სიტყვა – დეიდა. დედის დები ბავშვების დედად ითვლებიან. ამიტომაც, მათ აღზრდაზე პასუხისმგებლობას მთელი ოჯახი თანაბრად ინაწილებს (მათ შორის დედის ძმებიც). ოჯახებში გენდერული ბალანსის აღსადგენად, სხვა ოჯახებიდან ბავშვის შვილება ძველი პრაქტიკაა. სწორედ ამიტომ, ამ კულტურაში არასდროს შეხვდებით ქვრივებსა და ობოლ ბავშვებს. მეტიც, მოსუოს არ ახასიათებს კრიმინალი, დაპირისპირებები და ომები.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსუოს ჰარმონიული სისტემა რამდენიმე საუკუნის წინ ჩამოყალიბდა.  ტომების მმართველი ოჯახი პატრიარქატული სისტემით ხელმძღვანელობდა, შესაბამისად, ხალხის მართვის ძალაუფლება მამიდან შვილზე გადადიოდა. თუმცა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით კი ადგილობრივ ხალხში მათ მატრიარქატული სისტემა დანერგეს, რომელშიც ოჯახის უფროსობას ქალები ითავსებდნენ და სწორედ ასე ცადეს, რომ საზოგადოებაში კაცის გავლენა შეემცირებინათ. დროთა განმავლობაში კი მატრიარქატი იმდენად მყარი სისტემა გახდა, რომ მოსუოში ერთი ოჯახის ძალაუფლება დასრულდა.

თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა. მოსუოს ტომებს არ გააჩნიათ დამწერლობა და ისტორიის გადაცემა მხოლოდ ზეპირად ხდებოდა. ამიტომაც, ძალიან რთული დასადგენია, თუ რამ გამოიწვია სისტემების ცვლილება.

საუკუნეების განმავლობაში მოსუოს ხალხი მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრობდა. თუმცა, უახლოეს ისტორიაში მომხდარმა ცვლილებებმა, მათი კულტურული ეროზია გამოიწვია. ჯერ კიდევ კულტურული რევოლუციისას, 1966-1976 წლებში ქვეყანაში მატრილინური ოჯახები აიკრძალა, მოგვიანებით, კი მოსუო პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა.

დღეისათვის, უძველეს ტომს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი და ანთროპოლოგი სტუმრობს. ერთი მხრივ, ეკონომიკურმა განვითარებამ, ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსური პრობლემებისა და იზოლაციისგან თავის დაღწევის შანსი მისცა. თუმცა, ამან ადგილობრივი კულტურის დაზიანება დაიწყო.

ახალგაზრდა მოსუო ქალები ჩინურ კულტურასთან უფრო მარტივად ადაპტირდებიან, ამიტომაც გახშირდა ტომის გარეთ ქორწინების შემთხვევები და სამსახურის საშოვნელად დიდ ქალაქებში წასვლა. ამასთან ერთად, ბევრი ტურისტი „მოსიარულე ქორწინების“ კულტურის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

ასევე დიდია ფსიქოლოგიური წნეხის. ჩინელი ტურისტები ადგილობრივ მოსახლეობას პრიმიტიულად და უცნაურად მიიჩნევენ. ასევე გახშირდა „თანამედროვე მისიონერების“ რაოდენობაც, რომლებიც ადგილობრივებზე პატრიარქატული ღირებულებების მოხვევას ცდილობენ.

 

 

 

 

პუბლიკაციის ავტორი – თათია გოჩაშვილი

 

 

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი წინასაარჩევნო გამოსვლაში აცხადებს, რომ ლგბტქი ადამიანები აღარ გამოჩნდებიან თურქეთში

/

რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანია ჰომოფობიური განცხადებების თანხლებით ტარდება. “დადექით კაცურად, როგორც ჩვენს ოჯახებს შეეფერება” – მოუწოდებს პრეზიდენტი ამომრჩევლებს და პირდება მათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვიარ ადამიანები აღარ იქნებიან ხილვადი ქვეყანაში.  თურქეთში არჩევნები 14 მაისს გაიმართება. 

მოქმედი პრეზიდენტი ერდოღანი 2014 წლიდან ქვეყნის სათავეშია. ამ ხნის მანძილზე ის არაერთხელ გამოსულა ჰომოფობიური განცხადებებით. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერდოღანი მის ოპონენტებს “პრო ლგბტ”-ებს უწოდებს და მოუწოდებს ახალგაზრდა ამომრჩეველს, მათ არ მისცენ ხმა. მისი პარტია კი ანტი ლგბტქი მოწოდებებეს აგრძელებს და როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მათი იდეოლოგია ოჯახურ ღირებლებებზე დგას.  

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/05/01/president-erdogan-reelection-anti-lgbt-speech/?_gl=1*11r2bru*_ga*MTEyNjYwNjQ2My4xNjgyOTU4MzIy*_up*MQ..*_ga_BX9CRJ4BBP*MTY4Mjk1ODMyMS4xLjEuMTY4Mjk1ODg4MS4wLjAuMA..