მაისი 2023

ჰარი ნეფმა ახალ ფილმში – „BARBIE” მის პერსონაჟს თავად მოუფიქრა გეი ისტორია

/

ახალ ინტერვიუში, რომელიც ბლოკბასტერული ფილმს Barbie-ის პოპულარიზაციას უწევს, ჰარი ნეფმა მის პერსონაჟზე ისაუბრა. ჰარი ნეფი ფილმში ბარბის ერთ-ერთ ვერსიას ასრულებს. მისი ბარბი პროფესიით ექიმია. ნეფი საუბრობს მისი პერსონაჟის გეი ბექგრაუნდზე, რომელიც თავად შექმნა.

Hari Nef

როგორც Vogue-თან ინტერვიუში თქვა ნეფს სჯერა, მისი ბარბი პატარა გოგონას ნაცვლად თოჯინების კოლექციონერ, დაახლოებით 50 წლის, გეი კაცს ეკუთვნის, რომელიც ქირით ცხოვრობს ვესტ ვილიჯში.

ნეფის პერსონაჟის გეი ისტორიაზე გავლენა იქონია ბარბის მაღალმა მოდურმა კოსტიუმებმა.

„ვიფიქრე, რომ ეს არ იყო ბავშვის თოჯინა. მგონია, რომ ბარბის პატრონს, რომელიც ცოტათი მარტოსულია, ყოველ კვირას ორი ან სამი მეგობარი მოჰყავს და ჩემს ახალ კოსტიუმებს აჩვენებს, მე კი ყუთში ვრჩები“ – ამბობს ჰარი ნეფი.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ზუსტი დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, ტრეილერებიდან და პლაკატებიდან ვიცით, რომ ფილმის მრავალი ვარსკვლავი, მათ შორის მარგო რობი, ჰარი ნეფი, ისა რაე და დუა ლიპა, ყველა, თამაშობს ლეგენდარული ბარბის სხვადასხვა ვერსიას.

Hari nef

აპრილში ნეფმა თქვა, რომ მარგო რობიმ და რეჟისორმა გრეტა გერვიგმა ფილმის გადაღების განრიგი შეცვალეს, რათა ნეფს შესძლებოდა ფილმში მონაწილეობის მიღება.

„იდენტობის პოლიტიკა და კინო არ არის ჩემი საყვარელი კომბინაცია, მაგრამ სახელი BARBIE ყველა ამერიკელ ქალს ახასიათებს. ბარბი სტანდარტია, ის არის გოგონა, ის ნამდვილად თოჯინაა” – წერს ჰარი ნეფი ტვიტერზე.

ნეფმა ასევე ისაუბრა იმაზე თუ როგორ ეძახიან ის და მისი ტრანსგენდერი მეგობრები ერთმანეთს „თოჯინებს“ (dolls).

„ჩვენ საკუთარ თავს თოჯინებს ვუწოდებთ იმ ყველაფრის წინაშე რაც ვიცით, რომ ვართ, რაც არასოდეს ვიქნებით და რისი იმედიც გვაქვს, რომ ვიქნებით. ჩვენ ამ სიტყვას ვიყენებთ იმიტომ, რომ მას აქვს მნიშვნელობა. და არც ერთი თოჯინა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ბარბია“ – ამბობს ნეფი.

სამოქალაქო ორგანიზაციები ბრატისლავის ფორუმზე ღარიბაშვილის განცხადებას გმობენ

/

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ.

მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატოში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს.

“პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს.

სინანულს გამოვთქვათ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.

ასევე შევახსენებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისტიცის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი;
დემოკრატიის კვლევის ცენტრი;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
მედიის განვითარების ფონდი;
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
პრევენცია პროგრესისთვის;
რონდელის ფონდი;
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
უფლებები საქართველო;
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი.

ფორუმზე ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საბაბად ნატო დაასახელა, იგივეს ამბობენ რუსეთშიც.

მედია: რიოში 31 წლის ქართველი ილია კახაბერიძე მოკლეს

/

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, რიოში 31 წლის ქართველი მეზღვაური ილია კახაბერიძე მოკლეს. მედიის ცნობით, ის სასტუმროს ნომერში საწოლზე მიბმული იპოვეს.

მკვლელობაში ბრალდებული უსაფრთხოების კამერების საშუალებით ამოიცნეს და დააკავეს. მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოჯახთან კონტაქტზე არიან.

“ბრაზილიაში, საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩო კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები”, – ამბობენ უწყებაში.

GDI: შსს უხეშად არღვევს ლაზარე გრიგორიადისის მამის შეკრებისა და გამოხატვის უფლებას

//

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის უფლებას უხეშად არღვევს.

ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს, პატივი სცეს ადამიანის უფლებას – მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ტროტუარზე ან სკვერში განათავსოს კარავი.

გრიგორიადისს პოლიციამ პარლამენტის უკან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ბექა გრიგორიადისს კარავი ძალის გამოყენებით წაართვეს.

“საქართველოს კონსტიტუცია იცავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პროტესტი და განსხვავებული აზრი. პროტესტის დროს კარვების გამოყენება ისტორიულად ეფექტური საშუალება იყო აქტივისტებისთვის საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და საკუთარი პროტესტის გამოსახატად.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:  ,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/დასაგნებით გადაკეტვა.“

კანონი კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ან/და შენობის შესასვლელის ბლოკირებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე – ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას, ტროტუარზე კარავის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ  შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელი ნაწილია. ტროტუარზე კარვის განთავსება კონსტიტუციური უფლების ნაწილია, თუკი ამით არ ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისთვის ხელშეშლა.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე/სკვერში. ამგვარად, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის კარვის ჩამორთმევა იყო უკანონო და მიზნად ისახავდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ელენა: დროშების გარეშე უნდა გამოვიდეთ

/

ელენა 22 წლის ტრანსგენდერი ქალია. მისი დახმარებით, ქვიარი შეეცადა გაეგო თუ როგორ შეიცვალა ტრანსგენდერი ქალების ყოველდღიურობა ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, რას ფიქრობს ელენა 17 მაისის დღესთან დაკავშირებით. რა საჭიროებები აქვს და რაში ხედავს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობას.

უცვლელად გთვაზობთ ელენას მსჯელობას ჩვენთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ:

2013 წლის 17 მაისს პატარა ვიყავი 14 წლის, სოფლად ვცხოვრობდი. აქციის დარბევის შესახებ, ტელევიზიების მეშვეობით გავიგე, თუმცა მაშინ არ ვიცოდი ქვიარ აქტივიზმის მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, გულთან ახლოს მივიტანე ეს ამბავი. საზოგადოებაში ქვიარ თემის მიმართ არსებული მიუღებლობა მოგვიანებით, 16 წლის ასაკში გავიაზრე. დღემდე მახსოვს კეტებით და ტაბურეტკებით მორბენალი მამაოები. 2013 წლიდან ხელისუფლებამ ციხიდან მასიურად გამოუშვა კრიმინალური გამოცდილების მქონე ადამიანები – მოძალადეები, პედოფილები და ა. შ. ეს ხალხი შეკრიბა ქართულმა ოცნებამ და დაუშინა დაუცველ ადამიანებს. 

17 მაისი ჩემთვის ისეთი დღეა, როდესაც შენ გამოდიხარ და ამბობ ვინც ხარ.

“მე, მაგალითად, ვარ ტრანსგენდერი ქალი. ვინც არ უნდა მოვიდეს ჩემთან და რაც არ უნდა მირტყას ტაბურეტკა, მე ვერ შევიცვლები. მე ვარ ასეთი, დავიბადე ასეთი და ასე ვცხოვრობ. ვერავინ შემცვლის, ვერც დედა, ვერც მამა, ვერც ექიმი და ვერც მღვდელი. ამიტომ ის, რაც მოხდა 17 მაისს,  იყო ხელისუფლების მხრიდან წამოსული პროვოკაცია.”

მათ დააორგანიზეს ეს ჯგუფები, ვინც შემდეგ თავს ესხმოდნენ ადამიანებს, ისევე როგორც ეს “თბილისი პრაიდის” შემთხვევაში იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ალტ-ინფოსთან ერთად ამობილიზებენ მოძალადეებს, ვინც შემდეგ ასისხლიანებს ხალხს და კლავს, როგორც ლექსო ლაშქარავა მოკლეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ასე ცდილობს დაგვიპირისპიროს კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები, ჩვეულებრივი ადამიენები ქუჩაში უკვე აღარ არიან ისე მტრულად განწყობილები, როგორც ადრე. ახლაც იგინებიან და შეიძლება ვინმემ შეგაფურთხოს, მაგრამ ისე აღარაა, როგორც ადრე, ეგრევე ხელით შეხებაზე რომ გადადიოდნენ. 

ასაკით უფროსი ტრანსგენდერი ქალები გვეუბნებიან ხოლმე: “90-იან წლებში უნდა გენახათ რა ხდებოდა, თოფებით გვივარდებოდნენ ხოლმე. ცირკთან რომ გამოსულები ვიყავით ორი კაპიკის წასაღებად, გვივარდებოდნენ მოსაკლავად და ჩვენც გავრბოდით.” ახლანდელი მდგომარეობა ცოტა განსხვავებულია. რა თქმა უნდა ხშირია, რომ გამვლელები სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებენ, კაცებს გვეძახიან. მაგ დროს ჯობია არ გამოიწვიო ჩხუბი, მაგრამ ზოგი ტრანს ქალი ვერ ითმენს. თუ გამვლელები მეტნი არიან და ჩხუბი ატყდა, ტრანსებს ვერავინ ვერ დაეხმარება. ხშირად კლიენტებიც ძალადობენ, ზოგი ვერ იღებს საკუთარ თავს და სექსის შემდეგ აგრესიული ხდება. შეიძლება გცემოს ან თუნდაც მოგკლას. 

“სექს-სამუშაოში ჩართულობა რისკების შემცველია, თუმცა სხვანაირად საქართველოში ტრანსგენდერი ქალის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.”

ქალაქში კიდევ უკეთესი მდგომარეობაა – ხალხი მეტად თავისთვისაა,  ღამის კლუბები მუშაობს, სადაც შეგიძლია გახვიდე და ყურადღება არ მიიქციო. სოფელში კი, ყველა გიცნობს, ყველა შენი ნაბიჯი ცნობილია, რაც არ უნდა გააკეთო, იქ ტრანსისთვის გაჩერება შეუძლებელია. ჩემ შემთხვევაში ოჯახიდან 16 წლიდან მომიხდა წამოსვლა ბავშვთა სახლში. ბავშვთა სახლიდან 18 წლის ასაკში გიშვებენ.

“ტრანს ქალების მთავარი პრობლემა ისაა, რომ როგორც არ უნდა გაგიჭირდეს არავინ შეგიფარებს. ორგანიზაციები გეხმარებიან, მაგრამ მაინც რთულია.” 

ისიც უნდა ითქვას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ ჩვენი მდგომარეობა ცოტათი, მაგრამ გაუმჯობესდა. ადრე პოლიციას საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონდა, ახლა შეიძლება რაღაცა გააკეთონ. ეკონომიკური ფონი უფრო მძიმეა, ადრე ხალხს არ უჭირდა, შესაბამისად კლინეტიც მეტი იყო და შემოსავალიც. ახლა შესამჩნევია, რომ ფინანსურად ძალიან გაუჭირდა ყველას. 

სხვაგან დასაქმებაც არ არის ადვილი, თუმცა შეუძლებელი არაა. მაგალითად, ერთ-ერთი ტრანს ქალი, გაბრიელა, სამედიცინო კლინიკაშია დასაქმებული, კოვიდ პანდემიის დროს მიიღეს მედდად და ახლაც მუშაობს. პაციენტებს უვლის, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა პაციენტების და კლინიკის პერსონალის მხრიდან. ადამიანების მხრიდან სითბოს გრძნობს, საყვარელოს ეძახიან, პატივისცემით ეპყრობიან. ჩემი აზრით, თუ მოინდომე დაიწყებ მუშაობას. უბრალოდ იმდენად ცოტას გიხდიან, რომ თავი ვერ გაგაქვს. მეც ვარ დასაქმებული, მაგრამ ელემენტარული ბინის ქირა ხომ უნდა გადავიხადო. სხვა ტრანს ქალებსაც ვიცნობ, ვინც მუშაობს, მაგრამ ბევრი იმასაც გეტყვის – დღე კაცი ვიყო და ღამე ქალი? დღისით კაცის ფორმით სიარული ზოგისთვის მისაღები არაა, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს? თუ ცნობადი და მხარდაჭერილი არ ხარ ქალის ფორმით ვერ იქნები. შეიძლება ჩემზეც თქვან რომ დღე კაცია და ღამე ქალი. მერიის დასუფთავების დეპარტამენტში ვმუშაობ. მე პირადად ეს პრობლემას არ მიქნმის, სამუშაოდ მაკიაჟის და ქუსლების გარეშეც გავალ. 

“კიდევ უნდა აღინიშნოს სათემო ორგანიზაციების მხრიდან გაწეული სამუშაო. პანდემიის პერიოდში მათ გარდა არავინ გვედგა გვერდში. პირადად მე დამეხმარნენ ბინის ქირით, საკვებით და კვების ვაუჩერით, მედიკამენტებით, ერთჯერადად თანხით.” 

გამოწვევებიდან ისევ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხუყოფას გამოვყოფ. უბანში გრძელი თმით, მაკიაჟით და საყურეებით გავდივარ და შეიძლება ამის გამო ვინმემ მაგინოს. იმ დღეს ავტობუსში ვიყავი ასული და გავიგე ჩემზე როგორ თქვეს “ლეოპარდის შარვალი აცვია”, “ტრანსია”. კიდევ თემში არ გვაქვს მოგვარებული რაღაცეები – გეები ტრანსებს ვერ იტანენ, ტრანსები გეებს. ტრანსებიც ებრძვიან ერთმანეთს. 

სამომავლო გეგმებზე ვიტყვი იმას, რომ საქართველოდან უნდა წავიდე.

“ქვეყანაში ქაოსია, ისეთი დრო დადგა, როდესაც შენი ხელისუფლება გდევნის.”

პრემიერ მინსიტრის საუბარი რომ გავიხსენოთ, რამდენიმე კვირის წინ. რუსული კანონები თუ მიიღეს ქუჩაში საერთოდ ვეღარ ვივლით. როგორც რუსეთში, ტრანსგენდერი ქალები 24 საათი სახლებში არიან გამოკეტილები, ჩვენც ასე ვიქნებით. 

არ ვიცი რა უნდა ვქნათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მგონია რომ დროშების გარეშე უნდა გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა. დროშებით საერთოდ ვერ გამოვდივართ და იქნებ ასე გამოვიდეთ. ორგანიზაციებიც უნდა გამოვიდნენ და მოითხოვონ, თემმა უნდა მოითხოვოს, თემის მხარდამჭერებმა უნდა მოითხოვონ ქვიარეიბს დაცვა. 

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა

//

ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022 წლის 4 სექტემბერს მოხდა. კაცმა ქალი სანადირო თოფით დაჭრა. ბავშვების დედა 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მათი ცნობით, საქმეში უფლებები საქართველოს ჩართვის შედეგად, არასრულწლოვანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.

“საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ორგანიზაციის იურისტების მუშაობამ გამოავლინა არა მხოლოდ მათი მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო მამის მიერ მათი თანდასწრებით დედის მკვლელობის ფაქტით, ასევე, მამის მხრიდან შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობის არაერთი ეპიზოდი”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მათი განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას, ორგანიზაციის იურისტებმა მაქსიმალურად უზრუნველყვეს ბავშვების მონაწილეობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვითა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებით ჩატარება.

უფლებები საქართველო აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში ვიზიტს აჯამებენ

//

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ.

მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა.

“22-25 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც მონიტორინგს ვუწევთ ხელისუფლების მიერ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო წინაპირობების შესრულების პროცესს, შეხვედრები გავმართეთ ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით ადვოკატირება.

შეხვედრებზე მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა პრიორიტეტების შესრულებაში. სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა.

ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით.

შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული რიტორიკის დაუშვებლობას, რაც „რუსული კანონის“ გაწვევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.

ევროკავშირში ნათლად ხედავენ და აფასებენ ქართველი ხალხის ძალისხმევას დაიცვას ქვეყნის ევროპული კურსი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ამ მხრივ საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, კვლავაც აგრძელებენ მუშაობას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა გაიმარჯვა

/

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

საბჭოს ცნობით, დათვლილია ხმების 75,42% – ერდოღანს 53,35% აქვს, მის მოწინააღმდეგე ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 46,65%.

ერდოღანმა საარჩევნო კამპანია ჰომოფობიური გამოსვლებით წარმართა. ის დისკრედიტაციის მიზნით ოპონენტებს პროლგბტ-ებს უწოდებდა. ერთ-ერთ გამოსვლაში ერდოღანი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვიარ ადამიანები თურქეთში ხილვადები აღარ იქნებიან.

“საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველზე მსვლელობა გაიმართა

//

“საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობა გაიმართა.

საპროტესტო მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტის შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშა არ გამოფინა. ამის საპასუხოდ მოქალაქეებმა ევროკავშირის დროშები სახლებიდან და ოფისებიდან თავად გადმოფინეს, დღეს კი რუსთაველზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს.

Georgian Airways-ის დირექტორის თქმით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა

/

Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან განაცხადა.

მისი თქმით, 50%-იანი დატვირთვაც კი არ არის.

“რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს, 50%-იანი დატვირთვაც არ არის… მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა – როგორც ქუხს, ისე არ წვიმს… ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენების სიხშირეზე] წინასწარ ლაპარაკი არაფრისმომცემია. ვერავინ ფლობს ინფორმაციას… ორი-სამი რეისია შესრულებული – 40%-იანი დატვირთვაა დაახლოებით… ჯერ არც კონკურენციაა, არც არაფერი, დგას ყველაფერი… არ ხდება ისე, როგორც ელოდებოდნენ. მე, მაგალითად, გათვლები არ მქონდა”, – ამბობს გაიაშვილი.

რუსეთთან ფრენები 19 მაისს აღდგა. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7-ჯერ დაფრინავს.