/

ქვეყანა, რომელშიც ქალებს არსებობას უკრძალავენ – რა ხდება ავღანეთში?

2021 წელს, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ავღანელ ქალებს ეზღუდებათ (და თითქმის არ შეუძლიათ): სახლის დატოვება, სამედიცინო მომსახურების მიღება, განათლების მიღება, მუშაობა; განქორწინება, სოციალური აქტივობები, სპორტული აქტივობები, როტესტის გამოხატვა, დახმარების თხოვნა…

 2021 წელს, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ, ქვეყანაში ახალი საზარელი ეპოქა დაიწყო. მისი მსხვერპლი, კი პირველ რიგში ქალები და ეთნიკური უმცირესობები გახდნენ.

სულ რამდენიმე თვე დასჭირდა თალიბანის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ქალების მიმართ ექსტრემალური დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება დაეწყო. დაპირებების მიუხედავად, რომ ახალი გადაწყვეტილებები შარიათის კანონის მიხედვით მიიღებოდა, თალიბანმა მალევე შეუზღუდა ქალებსა და გოგონებს საბაზისო უფლებების გამოყენების თავისუფლება. და, ავღანელები, რომლებიც ქუჩაში ახალი წესრიგის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ – დააკავეს, იძულებით დააქორწინეს და გააუპატიურეს.

2001 წლის შემდეგ, რაც აშშ-ისა და ნატოს ძალებმა ავღანეთში ახალი წესრიგის დამყარება სცადა, ქალ აქტივისტებს ბრძოლის შესაძლებლობა მიეცათ. ამ პერიოდში, ავღანეთში სამუშაო ძალის 30%-ს ქალები შეადგენდნენ. აქედან,  5000-მდე ქალი სამხედრო, პოლიციისა და თავდაცვის  ძალებში მსახურობდა, 250-300-მდე ქალი მოსამართლე იყო (უმეტესობა ქაბულში), რაც მთლიანი სასამართლო სისტემის 8% – 10%-ს შეადგენდა. ამავდროულად, ქვეყანაში 10 წლამდე გოგონების თითქმის 60%-ი სწავლობდა სკოლაში, 15 წლამდე გოგონებში ეს ციფრი 30%-მდე მცირდებოდა, ქალი პარლამენტარების რაოდენობა 27%-ს აღწევდა. ამ პერიოდში ქალების ნაწილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

2021 წლის შემდეგ, სიტუაცია სრულიად შეიცვალა. მრავალ აკრძალვასთან ერთად, მათ თავისუფლად გადაადგილება აეკრძალა.

ქალებს არ აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების უფლება. სახლის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი პრობლემების შემთხვევაში და ოჯახის კაცი წევრის (უნდა მიიჩნეოდეს, როგორც მაჰრამი) თანხლებით. ამასთან ერთად, გარეთ გასვლისას, ქალები ვალდებულები არიან, რომ სხეული სრულიად დაიფარონ. თალიბანის „რეკომენდაციების მიხედვით“, ქალებს უნდა ეცვათ ბურქა და ამ შემთხვევაშიც, სასურველია, რომ თვალებიც ნაჭრით იყოს დაფარული. აკრძალვა ეხება ყველა ქალს, განურჩევლად პროფესიისა. ამიტომაც, სატელევიზიო და საინფორმაციო გადაცემების წამყვან ქალებსაც კამერების წინ სრულიად დაფარულებს უწევთ დგომა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანის განათლების მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ავღანელი ქალების ქცევა არღვევდა ისლამური მორალური ქცევის წესებს, ხოლო ავღანელი ქალები ისე იცავდნენ, თითქოს „ქორწილს ესწრებოდნენ“.

ახალი ქცევის და ჩაცმულობის წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქალის მამაკაც „მეურვეს“ ეკისრება. თავდაპირველად ის გაფრთხილებას მოიაზრებს, შემდგომ ფულად ჯარიმას, ხოლო მესამე დარღვევის შემთხვევაში კაცს ციხეში ათავსებენ.

საჯარო სივრცეებიდან ქალების კიდევ უფრო განსადევნად მათ მუშაობა თითქმის ყველა სფეროში აეკრძალათ. ქალის ძირითად საქმიანობად სახლის საქმეები მიიჩნევა, თუმცა ავღანელ ქალებს შეუძლიათ მამაკაცი მაჰრამის კომპანიებსა და ჯანდაცვის სექტორში დასაქმება. ახლა თალიბანის მთავრობას არ ჰყავს არცერთი ქალი მოსამართლე მის სახელფასო სიაში.

გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, მხოლოდ საავადმყოფოები და კლინიკებია ერთადერთი ადგილი, სადაც ქალებს ასაქმებენ. თუმცა, სამედიცინო პროფესიონალები აქაც უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან, რადგან ქალ ექიმებსა და მედდებს ეკრძალებათ მამრობითი სქესის პაციენტების მკურნალობა ან მამაკაც კოლეგებთან სამუშაოს განხილვა და კონტაქტი.

რეპრესიების გამო, 2022 წლისთვის ქალ ჟურნალისტთა 84%-მა მუშაობა შეწყვიტა. ამასთან ერთად, ძალაუფლების ხელში ჩაგდებით შემდეგ, თალიბანმა ქალებს აუკრძალა გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა. რეპრესიების გამო, ავღანეთი უამრავმა განათლებულმა ქალმა დატოვა.

წელს, თალიბანის გადაწყვეტილებით, ქალებს მამაკაც ექიმებთან მკურნალობა აეკრძალათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო, მოსახლეობას ისედაც ძალიან უჭირს საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება.

1990 წლიდან მოყოლებული, ორსულ ქალთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რიცხვი მცირდებოდა, ორსულ ქალთა გარდაცვალების მთავარ მიზეზი ახალგაზრდა დედის ასაკი, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი და ცუდი სამედიცინო სერვისები იყო. ამასთან ერთად, ბებიაქალებისა და ექიმების სიმცირის გამო ათიდან ოთხი ბავშვი იღუპებოდა დაბადებიდან რამდენიმე დღეში.

ახალი გადაწყვეტილება კი ქალების ჯანმრთელობას კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს, რადგან, გარდა სამედიცინო პერსონალის და განსაკუთრებით, ქალი ექიმების ნაკლებობისა, ავღანელ ქალებს არ შეუძლიათ საჭირო (სამედიცინო) განათლების მიღება. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში, ქალი ექიმების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება.

ავღანელ ქალებს განათლების მიღება მხოლოდ მე-6 კლასამდე შეუძლიათ და ისიც მხოლოდ მედრესეებში ( მეჩეთთან არსებული ისლამური სასწავლებელი), გენდერული სეგრეგაციის პირობებში. მეექვსე კლასის მიღმა გოგონებს ეკრძალებათ სკოლასა და უნივერსიტეტებში სიარული.

რამდენიმე დღის წინ, პაკისტანში ვიზიტისას, თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქალებისთვის განათლების შეზღუდვა სამუდამო არ არის. თუმცა, წინა წელს, თალიბანის მეთაურმა, ჰაიბატულა ახუნძადასმა გამოსცა განკარგულება, რომელიც კრძალავს ახალგაზრდა გოგონების მეექვსე კლასს მიღმა სკოლასა და უნივერსიტეტებში სიარულს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ქალების განათლების საკითხში ავღანეთმა დიდი პროგრესი განიცადა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს დარჩენილი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის ავღანეთს ჰყავს 10 მილიონი მოსწავლე სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ასევე ჰყავთ 300 000-მდე მასწავლებელი და მათ შორის, 92 000-მდე ქალი, რომლების სასწავლო დაწესებულებებში ასწავლიან. საერთაშორისო მოწოდებების, დაპირებებისა და ზოგადი პასუხების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ძალიან ბუნდოვანია, თუ რა ბედი ეწევა ქალების განათლების უფლებას ავღანეთში. არ არსებობს მკაფიო, განსაზღვრული თარიღები სკოლების გახსნაზე, თალიბანი ჯერ-ჯერობით უარყოფს საერთაშორისო მოთხოვნებს შეზღუდვების მოხსნაზე და ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ავღანეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტონ.

თალიბანმა ასევე სრულიად მოშალა ეროვნული მხარდაჭერების სისტემები, რომლებიც ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა შექმნეს. გაუქმდა თავშესაფრები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისა და გოგონებისთვის ერთადერთი ხსნა იყო.

ჯერ კიდევ 2009 წელს, ავღანეთის კონსტიტუციაში შევიდა „ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კანონი“ (EVAW), რომელიც ქვეყანაში ქალებისა და გოგოების დასაცავი ლეგალური „იარაღი“ უნდა გამხდარიყო. 2021 წლის შემდეგ, თალიბანმა დაიწყო ციხეებიდან პატიმრების მასობრივი განთავისუფლება, განსაკუთრებით იმ კაცების, რომლებიც ციხეში ქალებზე ძალადობის გამო იყვნენ.

დე ფაქტო ხელისუფლების მოსვლამ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებაც გამოიწვია. განსაკუთრებით გართულდა მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, შიმშილისგან თავის დაღწევის მიზნით, ასეთი ოჯახები ფულის სანაცვლოდ მცირეწლოვან ქალიშვილებს ათხოვებენ.

გარდა ამისა, გოგონებს ადრე ათხოვებენ, რათა ისინი თალიბანის მებრძოლებზე იძულებითი ქორწინებისგან დაიცვან, ან პირიქით, რათა თალიბანებთან კავშირით ოჯახის დაცვის გარანტია მოიპოვონ.

ამასთან ერთად, ხშირად საჭირო არც არის, რომ მსგავს ამკრძალავ შეზღუდვებს ოფიციალური ხასიათი ჰქონდეთ. The Guardian-ის მიხედვით, თალიბანის მებრძოლები აფთიაქებს აიძულებენ და არბევენ, რათა მათ კონტრაცეპტივების გაყიდვა შეწყვიტონ; თალიბანის მებრძოლები სიკვდილამდე სცემენ ქალებს, რომლებიც მათთვის საჭმლის მომზადებაზე ამბობენ უარს ან ტანზე მომდგარ სამოსს ატარებენ; იტაცებენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ძალით აქორწინებენ ქალებს, რომლებიც  „მორალურ დანაშაულს“ ჩადიან, მებრძოლებს წინააღმდეგობას უწევენ ან ახალ წესრიგს აპროტესტებენ… ასეთი ფაქტები რჩება გამოძიების გარეშე, თალიბანის მებრძოლებს ეძლევათ სრული თავისუფლება და ხშირად კანონგარეშე მოქმედებენ, და უფრო ხშირად საკუთარ კანონებს ადგენენ.

ყველაფრის მიუხედავად, ავღანელი ქალები არ ნებდებიან და მეტიც, ქუჩაში გასაპროტესტებლად ხშირად გამოდიან – ავღანელი ქალები ითხოვენ თავისუფლებას, სამართლიანობასა და თანასწორ უფლებებს, აკრიტიკებენ ახალ რეჟიმსა და მის მმართველებს, ითხოვენ დახმარებას, ქმნიან ხელოვნებას და არ ნებდებიან უკეთესი მომავლის იმედით.

 

 

 

პუბლიკაციის ავტორი თათია გოჩაშვილი

წინა

“ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას” – ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა

შემდეგი

143 ორგანიზაცია: ინიციატივა, რომელიც EU-ს ფასეულობებს დაუპირისპირდება, სტატუსის საბოტაჟი იქნება

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების