სექტემბერი 2022 - Page 3

სოლიდარობა ირანელ ქალებს — აქციები თბილისშიც ტარდება

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ირანელი ქალებისთვის სოლიდარობის გამოსახატად აქციები თბილისშიც ტარდება. ერთი აქცია დღეს, 22 სექტემბერს 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეკრება პირველ ოქტობერსაც, 09:00 საათზე ირანის საელჩოსთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 78-80-ში.

“ქალი არ უნდა კვდებოდეს იმის გამო, რომ ქალია. ირანელი თინეიჯერი გოგოები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ მიმართვას და სთხოვენ მსოფლიოს თანადგომას. ირანელი ქალები წვავენ ჰიჯაბებს, მასიურად იჭრიან თმებს და სთხოვენ მსოფლიოს, დაუდგეს გვერდში. თუ შენ ხარ თავისუფალი და რეალიზებული ქალი, თუ იცი საკუთარი დამოუკიდებლობის, საკუთარი თავისუფლების ფასი, მოდი შაბათს, 1 ოქტომბერს ირანის რესპუბლიკის საელჩოსთან და მოიტანე ერთი შენი თავსაფარი ირანელი ქალებისთვის შენი ხმის და მხარდაჭერიც გამოხატვის ნიშნად”, — წერია 1 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების აღწერაში.

16 სექტემბერს, პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ირანში 22 წლის ქალი დაიღუპა. მაჰსა ამინი ე.წ. მორალის პოლიციამ თეირანში “ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო” გამო დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. მაჰსა  კომაში ჩავარდა, სამ დღეში კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამას ირანელი ქალების პროტესტი მოჰყვა — ისინი ქუჩებში გამოვიდნენ, ჰიჯაბები დაწვეს და სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი მოპყრობის დასრულებას მოითხოვენ.

ლესბოსელი კალათბურთელის დაკავების შემდეგ, WNBA-ის ათლეტები რუსეთში აღარ წავლენ

ქალთა საკალათბურთო ასოციაციის ათლეტები WNBA-ის დაბალი ანაზღაურების გამო აშშ-ის სპორტული კალენდრის ნაკლებად აქტიურ თვეებს საზღვარგარეთ ატარებენ და დამატებით შემოსავალს ასე გამოიმუშავებენ. ბრიტნი გრაინერი, ამერიკული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ღიად ლესბოსელი ათლეტი რუსეთში სათამაშოდ მიდიოდა, როცა აეროპორტში მარიხუანას დიდი ოდენობით გადატანისთვის დააკავეს. ის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პარალელურად აშშ-თან დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობის ერთგვარ განტევების ვაცად იქცა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აღნიშნულმა შემთხვევამ ქალთა საკალათბურთო ასოციაციის სხვა ვარსკვლავები დააფიქრა, როგორ უნდა განსაზღვრონ ის ქვეყნები, სადაც უსამართლო მოპყრობა არ ემუქრებათ.


ასევე წაიკითხეთ: ბრიტნი გრაინერი: გაბედული ლესბოსელი კალათბურთელი, რომელიც პოლიტიკურ ტყვედ იქცა


გასულ ათწლეულებში რუსეთი WNBA-ის ვარსკვლავებისთვის საინტერესო მიმართულება იყო, რადგან ამ ქვეყანაში ანაზღაურება $1 მილიონსაც კი აჭარბებდა, მაგრამ ახლა აღნიშნული პრიორიტეტი შეიცვალა.

“გულწრფელად რომ გითხრათ, რუსეთში შესანიშნავ დროს ვატარებდი, მაგრამ განსაკუთრებით ახლა, როცა ბრიტნი გრაინერი ისევ უსამართლოდ არის დაკავებული, იქ არავინ წავა, სანამ მას სახლში არ დააბრუნებენ. ათლეტებს საზღვარგარეთ წასვლა უნდათ, მაგრამ როცა ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავებული არაა, უკეთესი ქვეყნის მოძებნა სჯობს”, — აღნიშნავს ბრიანა სტიუარტი, ბრიტნის თანაგუნდელი.

სტიურატი მსოფლიო თასის შემდეგ თურქეთში გაემგზავრება და ფენერბახჩესთვის ითამაშებს — აღნიშნული კლუბის წამყვანი ათლეტები ასიათასობით დოლარს გამოიმუშავებენ, მაგრამ ეს ბევრად ჩამორჩება რუსეთში არსებულ ანაზღაურებას. ბრიანას თქმით, ასე ესპანეთში მცხოვრები ცოლის ოჯახთანაც უფრო ახლოს იქნება და მათ მონახულებას შეძლებს.

რუსეთში წასვლას არ აპირებენ ჟონკელ ჯოუნსი და კორტნი ვანდერსლუტიც, ასევე 10-12 სხვა კალათბურთელი, რომლებმაც გასული ზამთარი რუსეთში გაატარეს.

ვანდერსლუტი ზამთრის სეზონს მშობლიურ ქვეყანაში, უნგრეთში გაატარებს. ამის მიზეზიც გრაინერის ირგვლივ განვითარებული ამბებია.

“რუსული კლუბი კარგად გვეპყრობოდა, უამრავი კარგი ურთიერთობაც მახსოვს და ამ კარის დახურვაც არ მინდოდა, მაგრამ ბრიტნი გრაინერთან დაკავშირებული მთელი ეს ამბები მაფიქრებინებს, რომ იქ წასვლა უსაფრთხო არავისთვის არის”, — აღნიშნავს ვანდერსლუტი.

სტიუარტის მსგავსად, ზამთრის სეზონს ჯოუნსიც თურქეთში გაატარებს და მერსინისთვის ითამაშებს. მისი თქმით, რუსეთში გამგზავრებას იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვლება და გრაინერი აშშ-ში დაბრუნდება.

WNBA ცდილობს, ნაკლებად აქტიური სეზონებისას ათლეტების ამერიკაში დარჩენა უფრო მიმზიდველი გახადოს და წამყვანი მოთამაშეების ანაზღაურებამ, სარეკლამო კამპანიებში ჩართვამ თუ დაჯილდოებების ბონუსებმა შესაძლოა $700 ათასამდე მიაღწიოს. თუმცა, ეს ცვლილებები მხოლოდ ერთეული კალათბურთელებისთვის იქნება მიმზიდველი, სხვებს კი ისევ სხვა ქვეყნებში გამგზავრება მოუწევთ.

წყარო: ESPN

არტ-თერაპია და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი უკრაინელი ქალებისთვის

ფემინისტური ორგანიზაცია ფემინა, რომლის მთავარი მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციასთან (GABP) პარტნიორობით ახორცილებს პროექტს “დალხენის (healing) პრაქტიკების სწავლება და ციფრული უნარების ხელშეწყობა ქალთა ჯგუფებში“.

პროექტში, რომელიც სხეულზე ორიენტირებული თერაპიისა და არტ-თერაპიის სესიებს მოიცავს, უკრაინელი ლტოლვილი, ძალადობაგამოვლილი, ქვიარ და ფემინისტი აქტივისტი ქალები იღებენ მონაწილეობას.

“პროექტი მიზნად ისახავს ტრავმული გამოცდილების მქონე ქალების მენტალურ გაძლიერებას, რათა მათ იოლად დაძლიონ ფსიქოლოგიური ტრავმა, გაზარდონ მედეგობა სტრესის მიმართ, შეამცირონ ფიზიკური ტკივილი, გაიუმჯობესონ სიამოვნებისა და საკუთარი სხეულის მიღების უნარი, მიაღწიონ სხეულებრივ ბალანსს”, — ვკითხულობთ ფემინას განცხადებაში.

ზემოთაღნიშნული სესიების გარდა, მონაწილეებს პირადი ციფრული მოწყობილობების ეფექტურად დაცვის მიზნით ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი ჩაუტარდებათ.

პროექტი საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით ხორციელდება.

ნანა დიხამინჯია WOMEN IN TECH® EUROPE-ის ფინალისტია

კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციების ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია ახალი ტექნოლოგიური დაჯილდოების — WOMEN IN TECH® EUROPE (ქალები ტექნოლოგიებში ევროპა) 2022 წლის ნომინანტია. ნანა დიხამინჯია, დებორა ჩოი, სესილია მოსზე თამი, ლოლა აქინმადე აკერსტრომი და სტეფანი ნენტა მბიანდა ჯილდოზე წარდგენილნი არიან ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის გამავრცელებელთა კატეგორიაში.

ტექნოლოგიების მიმართულებით გამორჩეულ ქალ ლიდერებს გამოავლენენ სხვა კატეგორიებშიც: იმედისმომცემი თინეიჯერი, საუკეთესო მხარდამჭერი, Web3-ის (დეცენტრალიზებული ონლაინ ეკოსისტემა, რომელიც ბლოკჩეინზე მუშაობს) განვითარებაში შეტანილი წვლილი, საუკეთესო სტარტაპერი, საერთაშორისო გავლენის მქონე ლიდერი, ცხოვრებისეული მიღწევა.

გარდა ამისა, გამოვლინდება ქალების მიერ დაფუძნებული საუკეთესო კომპანია ყველაზე გავლენიანი ინიციატივის კატეგორიაში.

2022 წლის დაჯილდოების ყველა კატეგორიის ნომინანტების ნახვა Women in Tech-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

შოტლანდიელი ფეხბურთელი ზანდერ მიურეი საჯაროდ დაქამინგაუთდა

შოტლანდიელი ფეხბურთელი, ზანდერ მიურეი საჯაროდ დაქამინგაუთდა. მისი თქმით, ამის აუცილებლობაში წელს, პრაიდის ღონისძიებაზე გატარებულმა დიდმა დრომ დაარწმუნა.

„ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მივიღე – პირველ რიგში, ცოტა ხნის წინ პრაიდის ღონისძიებაზე ვიყავი შვებულებაში და მეორე, ყოველთვის მიყვარდა ასეთი ღონისძიებები, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილობის გამო, არასდროს მიმიღია მონაწილეობა“, — განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

მიურეი, ისევე, როგორც უამრავი ლგბტქი სპორტსმენი, რომელიც ქამინგაუთდება, ამბობს, რომ საკუთარი პიროვნების დამალვის გამო მუდმივ სტრესში იყო. მან სხვა ფეხბურთელებისგან უდიდესი მხარდაჭერა იგრძნო.

„სანამ დაქამიგაუთდები, გგონია, რომ ხალხი შენ წინააღმდეგ გამოვა და ყველაზე უარესზე გეფიქრება. მშვენიერი შეგრძნება იყო ასეთი დიდი მხარდაჭერის მიღება“, — ამბობს ის.

მიურეისთვის ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც არ ნანობს. მან იმ გავლენაზეც ისაუბრა, რომელიც მასზე ორმა შოტლანდიელმა მსაჯმა, კრეიგ ნეპიერმა და ლოიდ უილსონმა და ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჯეიკ დენიელსმა მოახდინეს, როდესაც გაზაფხულზე ქამინგაუთი გააკეთეს.

მიურეი პირველი შოტლანდიელი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

ტრიქსი — დრეგ ხელოვანის გზა ოჯახში ძალადობიდან სუპერვარსკვლავობამდე

2015 წელს, როცა ბრაიან ფირკუსი ამერიკული რეალითი შოუს Rupaul’s Drag Race-ის მე-7 სეზონში გამოჩნდა, არც შოუს სხვა მონაწილეებს და არც მაყურებელს ალბათ არ უფიქრია, რომ არტისტი, რომლის დრეგ სახელი, ტრიქსი მატელი დღეს უკვე ყველამ იცის, წარმატებას მიაღწვდა. კომიკოსი ქვინი მკვეთრი, გაუმართავი მაკიაჟით და ნაკლებად დახვეწილი სამოსით გამოჩნდა, სეზონის განვითარებასთან ერთად კი დავინახეთ, რომ თავდაჯერების არქონის გამო, რასაც შეჯიბრის ტიპის რეალით შოუში მონაწილეობის წნეხი დაემატა, ტრიქსიმ საკუთარი უნარების ბოლომდე გამოვლენა ვერ შეძლო. ამიტომ, მე-4 ეპიზოდში შოუს გამოეთიშა.

მოგვიანებით მას საკუთარი უნარების აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა, როცა მე-8 ეპიზოდში დაბრუნდა, თუმცა, ვერც ამ შესაძლებლობის გამოყენება შეძლო — მაყურებელმა ვერც გამორჩეული კომიკოსი დაინახა, არც მისი მუსიკალური ნიჭის შესახებ გაუგია რამე და მარტივი იქნებოდა თქმა, რომ რიგითი დრეგ არტისტი ვიხილეთ, რომელმაც წამიერი ცნობადობის მოპოვება შეძლო და დაიკარგა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შოუს მაყურებლებმა მის შესახებ არ იცოდნენ, ის იყო, რომ ტრიქსი ალბათ ყველაზე შრომისმოყვარე ხელოვანია, რომელმაც საკუთარი კარიერა დრეგს დაუკავშირა და ამიტომ, დანებებას არ აპირებდა, თანაც, საკუთარი თავისთვის და ოჯახისთის დასამტკიცებელი ბევრი ჰქონდა — ბოლოს და ბოლოს, მისი დრეგ სახელიც კი ბავშვობის ტრავმების გამოძახილია.

ბრაიან ფირკუსი ტრიქსის დაბადებამდე

ბრაიან ფირკუსი 1989 წელს დაიბადა და ვისკონსინის შტატში, მილოუკის გარეუბანში უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა. მამა არ ჰყოლია, მაგრამ ჰყავდა მამინაცვალი, რომლის მხრიდანაც სექსუალური ორიენტაციის, უფრო სწორად კი, ნაკლები მასკულინურობის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. ბრაიანმა ბავშვობა ალკოჰოლდამოკიდებულ დედასთან და მამინაცვალთან გაატარა. მთვრალი მამინაცვალი სცემდა და ფემინურობის და იმის გამო, რომ ბარბის თოჯინებით თამაში უყვარდა, ქალის მეტსახელს, ტრიქსის ეძახდა. ბავშვობისა და თინეიჯერობისას მუდმივად ოჯახში ძალადობა ცეცხლსასროლი იარაღით მუქრამდე მივიდა, ამიტომ 15 წლის ბრაიანი სოციალურმა სამსახურმა ოჯახს გამოარიდა. იგი ასაკიდან ბებიასთან ცხოვრობდა, რომელიც საპირისპირო გენდერთან ასოცირებული ტანსაცმლის ტარებისკენ ლტოლვას, მაკიაჟით ჩატარებულ ექსპერიმენტებს და ფემინური ნაწილის გამოვლენას არ უპირისპირდებოდა.

მუშაობა ადრეულ ასაკში, სავაჭრო მოლის მაკიაჟის სტენდში დაიწყო და იმ დროიდანვე იცოდა, რომ კარიერას სილამაზის ინდუსტრიას დაუკავშირებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ბევრად დიდი მასშტაბით — მილოუკის ერთ-ერთ ბარში დრეგთან პირველი შეხება, ბავშვობის ძალადობრივი გამოცდილებებიდან დაბადებული სახელი ტრიქსი და ფსევდო გვარი, მატელი (ბარბის თოჯინების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი) ბრენდად იქცა. ყველაფერი კი უიქენდებზე დრეგ ხელობით ღამეში გამომუშავებული 30$-ით დაიწყო.

ვინ არის ტრიქსი

Vogue

ტრიქსი მატელი ბარბის თოჯინების მრავალწლიანი ისტორიის შთაგონებით შექმნილი დრეგ პერსონაჟია, გნებავთ, ბარბის კარიკატურა, რომელიც კლასიკური გაგებით ბარბის სრულყოფილ იმიჯს არ ერგება. ისიც უნდა ითქვას, რომ ის ამ სტერილურ ჩარჩოს არღვევს — ბევრად გამბედავია, მაკიაჟით ექსპერიმენტებს ატარებს, ფანებს შავი იუმორით ხიბლავს, გამუდმებით იცინის ბავშვობის ტრავმებზე და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებზე. ის სექსუალურ გამოცდილებებზე ღიად საუბრობს და ისევე, როგორც ბარბის თოჯინები ირგებენ ახალ-ახალ პროფესიებს, საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულებით მოსინჯვას არ ერიდება და რაც მთავარია, საკუთარ მიზნებს განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება.

„მგონი დრეგს სერიოზულად არავინ აღიქვამს, ერთგული ფანებიც კი. მთავარი ისაა, რამდენად სერიოზულად ეკიდები ფაქტს, რომ სასაცილო ხარ“, — ამბობს ტრიქსი, რომელიც ხშირად აღნიშნავს, რომ დრეგი ილუზიაა — საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის ტყუილის დაჯერება, რომელიც თავისთავად ჯადოსნურია.

სწორედ ეს აძლევს თავისუფლებას, რომ საკუთარი პერსონა ფანებს ისე გააცნოს, როგორც სურს — „გამხდარი ლეგენდა“, „ბიოლოგიური ქალი“ თუ ნებისმიერი სხვა ტერმინი შეიძლება შენი არტ-იდენტობის ნაწილად იქცეს.

ტრიქსი საეკრანო პარტნიორად იქცა ეკატერინა პეტროვნა ზამოლოჩიკოვა, Rupaul’s Drag Race-ის კიდევ ერთი მონაწილე, თვითგამოცხადებული „მაღალი კლასის რუსი სექს-მუშაკი”. მათ ერთად კომედიური იუთუბ ვიდეოების სერია — UNHhhh წამოიწყეს, რომელშიც საუბრობენ იმაზე, რაზეც სურთ, “რადგან ეს მათი შოუა და არა ჩვენი“.

ეკრანზე წარუმატებელი გამოჩენის შემდეგ, ტრიქსისთვის ეს შემობრუნების წერტილი იყო, რადგან მაყურებელმა სულ სხვა თვალით დაინახა — ყველასგან გამორჩეული კომიკოსი, რომელიც პარტნიორის კომენტარებზე სხარტად რეაგირებს, აჟღერებს ახალ ფრაზებს, რომელიც პოპკულტურის ნაწილად იქცევა, არასდროს არის მოსაწყენი და მუდმივად ვითარდება.

Youtube შოუში ფანებმა კატიას და ტრიქსის მეგობრობის განვითარება და მათი დრეგ პერსონაჟების სულ უფრო დახვეწა იხილეს. სულ მალე, შოუ სატელევიზიო ფორმატს მოერგო და დრეგ-ტანდემი ბევრად დიდ მასშტაბზე გადავიდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატების პარალელურად, ფანები აქტიურად ითხოვდნენ, რომ ტრიქსი Rupaul’s Drag Race-ის ფრენჩაიზში, All Star-ში მიეწვიათ, რომელშიც გასული სეზონების გამორჩეული მონაწილეები საუკეთესო ქვინის ტიტულის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ იბრძვიან. ტრიქსის და კატიას სატელევიზიო წარმატების პერიოდსვე დაემთხვა კატიას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ნარკოტიკებით იყო გამოწვეული, ამიტომ ტრიქსის დრეგ პარტნიორმა ერთწლიანი შესვენების აღება და საკუთარ თავზე ზრუნვა გადაწყვიტა.

ტრიქსის დაბრუნება Drag Race-ში — არნახული წარმატების დასაწყისი

WowPresents

კატიას, იმ დროისთვის ტრიქსის უკვე ახლო მეგობრის თავსდატრიალებული ამბებისა და შოუს სატელევიზიო ეთერიდან მოხსნის პარალელურად, ტრიქსი All Star-ის მე-3 სეზონში გამოსაჩენად ემზადებოდა. ეკრანებზე წინა გამოჩენის შემდეგ 3 წელი იყო გასული, უკვე თავდაჯერებაც ჰქონდა და ამ შანსის დაკარგვას არ აპირებდა, ამიტომ შოუს პრემიერის დღეს პირველი სინგლი გაავრცელა, რასაც ფინალური ეპიზოდის დღეს სრული ალბომი მოჰყვა. ამასთან, ვარსკვლავების სეზონის გამარჯვებული გახდა, რასაც შოუს ფანების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან სხვა ქვინს ბევრად ღირსეულად მიიჩნევდნენ. არაერთგვაროვან შეფასებებს ტრიქსი არ შეუჩერებია — ზუსტად იცოდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაემტკიცებინა ყველასთვის, რატომ იყო გამარჯვებულის ტიტულის ღირსი.

ქანთრის შემრსულებელმა ერთადერთმა დრეგ ქვინმა 2018 წელსვე გამოუშვა მეორე ალბომი, წინა ალბომის, Two Birds-ის (ორი ჩიტი) ერთგვარი გაგრძელება — One Stone (ერთი ქვა).

როგორც თავად ამბობს, „ქანთრის შემსრულებელ დრეგ არტისტებს შორის საუკეთესოა, რადგან ერთადერთია“. ამ ჟანრს სხვა ქვინები შეასრულებენ თუ არა, ერთი რამ ცალსახაა — ტრიქსის გამორჩეული ნიჭი აქვს: წერს ტექსტებს, მუსიკას, არჩევს ვიზუალს, ჰყვება ბავშვობისა და მოზარდობის გამოცდილებებზე ან, ქანთრის ვარსკვლავი ბარბის იმიჯს ამოფარებული, უბრალოდ გასართობ სიმღერებს ასრულებს, რომლებიც ბილბორდის ჩარტებში მოწინავე ადგილებს იკავებს.

ოლ სთარის მოგების ირგვლივ არსებული უთანხმოება უკვე დავიწყებული იყო, როცა 2019 წელს ნეთფლიქსზე ტრიქსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Moving Parts (მოძრავი ნაწილები) პრემიერა შედგა. ფილმში ტრიქსიმ ღიად ისაუბრა ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებებზე, საკუთარ დრეგ შთაგონებაზე — მაყურებელმა მისი და კატიას მეგობრობის განვითარება, ოლ სტარისთვის მზადება, კატიას მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება, ტრიქსის ოჯახთან ურთიერთობა იხილა. გულახდილმა დოკუმენტურმა ფილმმა მისი გულშემატკივრების არმია კიდევ უფრო გაზარდა.

ტრიქსი — ბრენდი, რომელიც მუდმივად ვითარდება

Disney+

ტრიქსის მუსიკალური კარიერა ორი ალბომით არ დასრულებულა — 2020 წელს Barbara გამოუშვა, 2022 წელს კი The Blonde & Pink Albums.

ამასთან, კარიერული ექსპერიმენტების თუ სხვადასხვა წამოწყების პარალელურად, Youtube არხს მართავს, 1,7 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ფანებთან მუდმივად ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. პლატფორმას სხვა დრეგ შემსრულებლებსაც უზიარებს და იუთუბის ვიდეოებში ახალი ქორეოგრაფიის, ტურნეს თუ სხვა პროდუქტის მომზადებაში Drag Race-ის კარგად ნაცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ხელოვანების სახელებს შეხვდებით.

შექმნა წარმატებული მაკიაჟის ბრენდი Trixie Cosmetics, რომელიც უკვე შემდგარი ბიზნესია, რაც მხოლოდ იმის დამსახურება არაა, რომ მის სახელთან ასოცირდება — ტრიქსი პროდუქტისთვის ახლებურ შეფუთვას, ორიგინალურ გადაწყვეტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და ეკომეგობრულ მიდგომებს იყენებს, რათა თითოეულ მომხმარებელს მოერგოს.

წლების წინ შეჯიბრების ტიპის შოუში მონაწილის სტატუსით მისული, ჟიურის სავარძელშიც აღმოჩნდა. მალე Queen of the Universe-ის მეორე სეზონი გამოვა და ტრიქსი ისევ ჟიურის ერთ-ერთი მთავარი წევრი იქნება.

ტრიქსის ბოლო სიახლე ფალმ სფრინგსში შეძენილი ძველი მოტელია, რომლის საკუთარი ბრენდის ესთეტიკით რენოვაცია გადაწყვიტა და ეს პროცესი სატელევიზიო შოუდ აქცია — 8 ეპიზოდისგან შემდგარი Trixie Motel-ის ნახვას Disney+-ზე შეძლებთ.

ტრიქსი საკუთარი ბრენდის განვითარებას არაერთი მიმართულებით ცდილობს, თუმცა ახერხებს და არ კარგავს იმ ესთეტიკას, რომლის ირგვლივაც შეიქმნა — ყველაზე მაღალშემოსავლიანი, სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შრომისმოყვარე დრეგ ქვინია Drag Race-ის უთვალავი სეზონის მონაწილეებს შორის. ამიტომ, რთულია იმის განსაზღვრა, რა სიახლეები ელით ფანებს სამომავლოდ.

თურქეთში ანტი-ლგბტქი მსვლელობა გაიმართა

18 სექტემბერს, სტამბულში ჰომოფობიურმა ჯგუფმა ლგბტქი ასოციაციების დახურვისა და მათი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყო.

დემონსტრაციას სახელწოდებით “დიდი საოჯახო შეკრება” რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა. ორგანიზატორების სპიკერმა, კურსატ მიკანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტისგან ახალი კანონის მოსათხოვად 150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, რათა აიკრძალოს “ლგბტქი პროპაგანდა”, რომელიც, მათი თქმით, ნეტფლიქსზე, სოციალურ მედიაში, ხელოვნებასა და სპორტში ვრცელდება.

ძიძა ბურსას პროვინციიდან, ჰატიჯე მუგე აღნიშნავს, რომ ხალხი შვილებისთვისა და მომავალი თაობებისთვის წვიმის მიუხედავად შეიკრიბა. მან მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

“მათ უნდა გადაარჩინონ ოჯახები და ბავშვები ამ სიბინძურისგან”, — თქვა ჰატიჯემ.

ჰომოფობიურ ჯგუფს აქციაზე ჰქონდა ბანერები წარწერით: “ოჯახის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია”.

დემონსტრაციის ორგანიზატორებმა აქციამდე ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც თურქეთის ძველი ლგბტქი მარშებიდან ფოტოები იყო გამოყენებული. დემონსტრაციასა და ვიდეოს ქვიარ ასოციაციებისა და სხვა უფლებადამაცველი ჯგუფების პროტესტი მოჰყვა. სტამბულის პრაიდის ორგანიზატორებმა ღონისძიების აკრძალვა და ვიდეოს წაშლა მოითხოვეს, რადგან ორივე სიძულვილთან იყო დაკავშირებული.

ორგანიზაციამ ILGA Europe, რომელიც ლგბტქი თემის თანასწორობისთვის მუშაობს, ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და ძალადობის რისკებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

“თურქეთის სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება, დაიცვას ყველა მოქალაქე სიძულვილისა და ძალადობისგან”, — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, თურქეთის მაღალჩინოსნებმა ლგბტქი ადამიანებს “გარყვნილები” უწოდეს, რომლებიც “ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შელახვას ისახავენ მიზნად”.

Amnesty International-ის თურქეთის ოფისმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეების განცხადებები თურქეთის თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ პრინციპებს არღვევს.

თურქეთში ლგბტქი მსვლელობები 2015 წლიდან დაშვებული აღარ არის.

საერთაშორისო ონლაინ დასაქმების ფორუმი ინკლუზიური გარემოს მაძიებელი ლგბტქი ადამიანებისთვის

myGwork, ლგბტქი სამუშაოს მაძიებლების და ინკლუზიური კომპანიების დამაკავშირებელი ონლაინ პლატფორმა 19 ოქტომბერს დასაქმების ონლაინ ფორუმს აწყობს, რომელზე დასწრებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანს უფასოდ შეუძლია.

ონლაინ დასაქმების ფორუმზე მსოფლიოს წამყვანი კომპანიები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც სამსახურის მაძიებელ ლგბტქი ადამიანებს საკუთარი კომპანიისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ. ინკლუზიურ გარემოში დასაქმებით დაინტერესებულ ადამიანებს კი საკუთარი თავის წარდგენა, პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრება, ასევე, გასაუბრების უნარების გაუმჯობესების, საკუთარი ინტერესების განსაზღვრის, სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის ვებინარებში მონაწილეობა შეეძლებათ.

დასაქმების ონლაინ ფორუმზე ისეთ კომპანიების წარმომადგენლები იქნებიან, როგორიც არის Netflix, PepsiCo, Synechron, Criteo, Pearson, Omnicom Media Group და სხვა საერთაშორისოდ წარმატებული კომპანიები არიან.

მაგალითისთვის, საერთაშიროს საგამომცემლო და საგანმანათლებლო კომპანია Pearson-მა myGwork-თან თანამშრომლობით 692 ლგბტქი ადამიანი დაასაქმა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ლათინური ამერიკიდან, წყნაროკეანეთიდან თუ ახლო აღმოსავლეთიდან.

აღნიშნულ ფორუმს რეკომენდაციას უწევს საერთაშორისო მედია ქსელი Omnicom Media-ც. კომპანიის სტრატეგიების დირექტორის, პოლ ფილიპსის თქმით, “დასაქმების ფორუმი მსოფლიოს ყველაზე ინკლუზიურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ასევე კომპანიებს ეხმარება, რომ საკუთარი საქმიანობა, ინკლუზიური გარემოს შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ ადამიანებს გააცნონ”. 

წლევანდელ დასაქმების ფორუმზე myGwork-ის ყოველწლიური გამოკითხვის შედეგებიც გამოქვეყნდება, რომელიც სწავლობს, რას ელიან ლგბტქი სამუშაოს მაძიებლები კომპანიისგან, როგორ შეიძლება მათი დაინტერესება და სხვა დამსაქმებლებისთის კონკურენციის გაწევა.

სამსახურის მაძიებლებს, უკეთესი სამუშაო გარემოს მოძიებით დაინტერესებულ ადამიანებს თუ კომპანიებს დასაქმების ონლაინ ფორუმზე დარეგისტრირება სრულიად უფასოდ, ამ ლინკზე რეგისტრაციით შეუძლიათ.

EuroPride 2022 შედგა — ფოტოები ბელგრადში გამართული მარშიდან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში EuroPride 2022 შედგა. ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების საპროტესტო გამოსვლების, ეკლესიის წინააღმდეგობისა და ხელისუფლების მხრიდან ევროპრაიდის მარშის აკრძალვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღონისძიებამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ნახეთ ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ევროპრაიდის მსვლელობას ასახავს.


წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მსვლელობა დაგეგმილ დროს, პოლიციის გაძლიერებული დაცვითა და სხვადასხვა ქვეყნის ლგბტქი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო.


მარშს წარმომადგენლები საქართველოდანაც ესწრებოდნენ, მათ შორის, Tbilisi Pride.


მსვლელობაში ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გერმანელი პარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, სვენ ლაჰმანი, ევროპარლამენტის ლგბტქი ჯგუფისა და მწვანეების თავმჯდომარე, ტერი რაინტკე და მისი პარტნიორი, ევროპელი მწვანეების წევრი, მელანი ვოგელი მონაწილეობდნენ.


მსვლელობის მონაწილეებს ლგბტქი და სხვადასხვა ქვეყნების დროშები და ბანერები ჰქონდათ გაშლილი — “მათ ვძულვართ, რადგან სიყვარულის სუნი აგვდის”.


მშვიდობიანი მსვლელობის პარალელურად ბელგრადის ქუჩაში ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები, მათ შორის მღვდელმსახურებიც იყვნენ გამოსულები, რომლებიც პოლიციას თავს ესხმოდნენ, მოლოტოვის კოქტეილებსა და ასაფეთქებელ საშუალებებს ისროდნენ.


უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მსვლელობა, თავდაპირველისგან განსხვავებული, შემცირებული მარშრუტით გაიმართა.


Stefan Strange

პანევროპული მარში საღამოს გამართული კონცერტით დასრულდა. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ კონცერტიდან მიმავალ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვრცელდება ინფორმაცია 7 ადამიანზე თავდასხმის შესახებ. რამდენიმე მათგანმა საავადმყოფოს მიმართა. მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს პოლიციას.


Isa Myzyraj

ევროპრაიდისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ თვეებში არაერთი სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ: ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტი, რომელთაც ეკლესია მფარველობს და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე ყურადსაღები ფაქტი — ევროპული ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში რუსული დროშების ხილვა. ამას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა, რა დროსაც ქვეყნის პირველმა პირმა ევროპრაიდის გაუქმება თვითნებურად, ორგანიზატორებთან დიალოგის გარეშე დააანონსა, თანაც, მაშინ, როცა აღნიშნული ღონისძიების ლობირება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ითავა.

ევროპრაიდის ორგანიზატორებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ერთადერთი, რასაც აუქმებდნენ, სიძულვილი იყო და 12 სექტემბერს კვირეული ლგბტქი დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. 13 სექტემბერს, პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა, რის მიზეზადაც პრორუსული ჯგუფების ძალადობრივი მუქარები დაასახელა. გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების, ევროპელი ლიდერების, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და პარლამენტარების, ასევე ლგბტქი ორგანიზაციებისგან ევროპრაიდის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, აკრძალვა გაუქმდა და მარში მშვიდობიანად ჩატარდა.


ასევე წაიკითხეთ:

სერბეთის ლგბტქი ისტორია ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზებიდან ევროპრაიდამდე

12 სექტემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპრაიდი დაიწყო. ეს იქცა იმ გარდამტეხ მომენტად, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრიც არ არის, ყველაზე მასშტაბური, პანევროპული ღონისძიება იმართება — 2019 წელს გამართულ კენჭისყრისას მასპინძლის სტატუსის მოპოვებას ორი ევროპული ქალაქი, ბარსელონა და ბელგრადი ცდილობდა. სერბეთზე არჩევანის შეჩერება, მათ შორის, ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად ლესბოსელი პოლიტიკური ლიდერის, პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩის დამსახურება იყო, რომელმაც პირობა დადო, რომ კვირეულის მშვიდობიანად ჩატარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებდა. ამ პროცესების შედეგად, ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციამ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და იმ ქვეყნის დედაქალაქი, რომელიც პროგრესისკენ მიმავალ გზაზე ეკლესიისა და პრორუსული ჯგუფების მუდმივ წინააღმდეგობას აწყდება, 2022 წლის მასპინძელ ქალაქად გამოაცხადა. თანაც, სერბეთის ლგბტქი უფლებადაცვითი ისტორია არაერთი, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან მომავალი ჩაგვრისა და შეზღუდვების ფაქტებით არის სავსე. 

დღეს სრულიად ევროპის ყურადღება სერბეთისკენ არის მიმართული, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პოზიტიური მიზეზების გამო.

ევროპრაიდისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ თვეებში არაერთი სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ: ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტი, რომელთაც ეკლესია მფარველობს და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე ყურადსაღები ფაქტი — ევროპული ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში რუსული დროშების ხილვა. ამას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა, რა დროსაც ქვეყნის პირველმა პირმა ევროპრაიდის გაუქმება თვითნებურად, ორგანიზატორებთან დიალოგის გარეშე დააანონსა, თანაც, მაშინ, როცა აღნიშნული ღონისძიების ლობირება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ითავა. 

ევროპრაიდის ორგანიზატორებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ერთადერთი, რასაც აუქმებდნენ, სიძულვილი იყო და 12 სექტემბერს კვირეული ლგბტქი დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. 13 სექტემბერს, პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა, რის მიზეზადაც პრორუსული ჯგუფების ძალადობრივი მუქარები დაასახელა. გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების, ევროპელი ლიდერების, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და პარლამენტარების, ასევე ლგბტქი ორგანიზაციებისგან ევროპრაიდის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, აკრძალვა გაუქმდა.

ევროპრაიდის მარში შეცვლილი, შემცირებული მარშრუტით ჩატარდება. პარალელურად, ულტრამემარჯვენე ჯგუფები პროტესტს გეგმავენ. ახლა ყველას გვაქვს ერთი კითხვა: სერბეთის ხელისუფლება შეძლებს თუ არა ღონისძიების სათანადოდ დაცვას. ამ კონტექსტში კი განსაკუთრებით საინტერესოა ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ყველა კრახი, რომელიც სერბეთის ხელისუფლებებმა მშვიდობიანი პროტესტების დაცვისას აქამდე განიცადეს. აღსანიშნავია, რომ ხშირად მოძალადის როლში სწორედ ოფიციალური უწყებები იყვნენ.

ბელგრადის პირველი ღირსების მარში — სივრცე, რომელიც ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

2001
Andrija Ilić / Blic

სერბეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 1994 წელს მოხდა, 2001 წლის 30 ივნისს კი ბელგრადში პირველი პრაიდი გაიმართა. ღონისძიების სლოგანი იყო — სივრცე ყველა ჩვენგანისთვის საკმარისია. მცირერიცხოვანი შეკრება რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო, რომელთაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები და სპორტის გულშემატკივრები დაესხნენ თავს. პოლიციამ მშვიდობიანი მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება სათანადოდ ვერ დაიცვა და ძალადობრივ მოვლენებზე ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ. 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ხელისუფლებასაც არ დაუფიქსირებია მკაფიო პოზიცია, რომლითაც ძალადობას გაემიჯნებოდა.

ვერშემდგარი პრაიდების ათწლეული

2004 წელს, აქტივისტების ჯგუფი პრაიდის ორგანიზების მიზნით შეიკრიბა. მოსამზადებელმა სამუშაოებმა რამდენიმე თვე გასტანა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურად მწვავე მოვლენების, მათ შორის, ბელგრადში მეჩეთების გადაწვის გამო, პროცესი შეწყდა და პრაიდი გაუქმდა.

ამის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში, ხილვადობის მიმართულებით არსებითი არაფერი მომხდარა. 2009 წელს, გეებისა და ჰეტეროსექსუალების ალიანსის პრესკონფერენცია აიკრძალა, რამაც ლგბტქი აქტივისტების სპონტანური პროტესტი გამოიწვია. 

იმავე წელს ლგბტქი უფლებადაცვით ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა — დიდი რელიგიური და პოლიტიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყანამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

იგეგმებოდა ღირსების მარშის ჩატარებაც სლოგანით — თანასწორობის დროა. ღონისძიებას ცნობილი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ხელისუფლების წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს. სპორტის გულშემატკივრებისა და რადიკალური ჯგუფების მხრიდან მომავალი საფრთხის, მუქარის გამო ოფიციალურმა უწყებებმა ორგანიზატორებს ღონისძიების უფრო დაცულ ადგილას, პარკში გადატანა ურჩიეს, მაგრამ შს მინისტრმა მარშის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ღონისძიება აკრძალა. აღნიშნულ აკრძალვა 2011 წელს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

ვერშემდგარი პრაიდების პარალელურად მიღწეული სამართლებრივი პროგრესი

2002 წელს, ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლითაც მედიასაშუალებებს სიძულვილის ენის გამოყენება აეკრძალათ.

2003 წელს, სერბეთმა საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონი მიიღო, რომლითაც, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება აიკრძალა.

2005 წელს, შრომის კანონში შევიდა ცვლილება, რომელმაც სამსახურებრივ გარემოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალა.

2006 წელს, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა ჩანაწერი, რომ განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მათ შორის, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა.

2007 წელს, სისხლის დონაციის ინსტიტუტმა შეცვალა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალური კავშირები განსაკუთრებით სარისკო ქცევად განისაზღვრებოდა.

2008 წელს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შევიდა ჩანაწერი, რომ, მათ შორის, პირადი სქესობრივი ცხოვრება განსაკუთრებით სენსიტიური ინფორმაციაა და მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მხოლოდ განსაკუთრებული სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება. იმავე წელს, სერბეთის სამედიცინო საზოგადოებამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

პირველი მარშიდან 9 წლის შემდეგ

Emil Vas / Beta

მნიშვნელოვანი სამართლებრივი ცვლილებების მიუხედავად, ხილვადობის პოლიტიკის მიმართულებით 2001-დან 2010 წლამდე პროგრესი არ მიღწეულა. ეს ცხადად გამოჩნდა განსაკუთრებით მძიმე ღირსების მარშის დროს, რომლის სლოგანი იყო — ერთად ამას შევძლებთ. 2010 წელს, მანიეჟ პარკში 500-ზე მეტი ლგბტქი ადამიანი და აქტივისტი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებების მხრიდან დაცვის გარანტიები გაიცა, განხორციელება სათანადო არ ყოფილა — პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის მასობრივი დაპირისპირებები მოხდა. სავარაუდო მონაცემებით, ბელგრადის ქუჩებში 6 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული და იმავე რაოდენობის რადიკალურად განწყობილი ადამიანი. შეტაკებებისას 132 პოლიციელი და 25 მოქალაქე დაშავდა, დაახლოებით 250 ადამიანი კი დააკავეს. იმავე წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველი პრაიდ კვირეული მოეწყო, რომელსაც უსაფრთხოების დაცვის კუთხით ხარვეზები არ ჰქონია.

„პრაიდი. ნორმა“ და აკრძალვა, როგორც ნორმა

Vesna Lalić

2011 წელი სერბი ლგბტქი ადამიანებისთვის თითქოს იმედისმომცემი მოვლენებით მიდიოდა — როგორც 2009 წლის მოვლენების კითხვისას გაიგეთ, ამ წელს პრაიდის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ჩაითვალა. გარდა ამის, პოლიტიკოს დრაგან მარკოვიჩ პალმას წინააღმდეგ სასამართლომ ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. ასევე,  სოციალური კეთილდღეობის კანონში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი შევიდა.

შესაბამისად, დაიწყო მზადება ღირსების მარშისთვის, რომლის სლოგანი იყო — პრაიდი. ნორმა. სახელმწიფომ გააჟღერა პოზიცია, რომ უსაფრთხოების გარანტიების გაცემა არ შეეძლოთ, ამიტომ ღონისძიება აკრძალეს. აქტივისტებმა საპასუხოდ  ბელგრადის მედია ცენტრში მოაწყვეს პრაიდი დახურულ სივრცეში, რომელმაც ბელგრადის მთავარ ქუჩაზე გადაინაცვლა. გზები ცისარტყელას ფერებით შეღებეს, მოძრაობა გადაკეტეს და ბანერები გაშალეს წარწერით — უბრალოდ სიყვარული. შედეგად, პრაიდმა მშვიდობიანად ჩაიარა და ქვეყნის შიგნით თუ სხვა ქვეყნების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. 

2012 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის მოტივი დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობა Obraz საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა — აღნიშნული ჯგუფის წევრები 2010 წლის მოვლენების მთავარი დამნაშავეები იყვნენ.

მაგრამ კიდევ ერთხელ აიკრძალა ბელგრად პრაიდი, რომლის სლოგანიც იყო — სიყვარული, რწმენა, იმედი. გადაწყვეტილების მიზეზად ისევ დაცვის გარანტიებზე პასუხისმგებლობის ვერ აღება დასახელდა. ამ წელს კიდევ ერთხელ ჩატარდა პრაიდი დახურულ სივრცეში, რომლის დროსაც მომდევნო წლის ბელგრად პრაიდის თარიღი ოფიციალურად გამოაცხადეს. პრაიდ კვირეული, მცირე პროტესტის მიუხედავად, მშვიდობიანად დასრულდა.

2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის პრაიდის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ამავე წლის პრაიდიც აკრძალა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აქტივისტებმა შუაღამის პრაიდი დაგეგმეს, რომელიც ეროვნული ასამბლეის შენობის წინ ჩატარდა. ღონისძიებას აქტივისტები, ლგბტქი ადამიანები და მხარდამჭერები მრავლად ესწრებოდნენ. საერთაშორისო მედიამ აღნიშნულ პრაიდს აღმოსავლეთ ევროპის სტოუნვოლი უწოდა.

ამავე წელს, ჯანმრთელობის დაზღვევის კანონში შევიდა ჩასწორება, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ქირურგიული ოპერაციის მინიმუმ 65% ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდიდან უნდა დაფინანსებულიყო.

შემდგარი პრაიდების პერიოდი

2014 წლის 28 სექტემბერს სერბეთის ისტორიაში ჩატარდა პირველი ბელგრად პრაიდი ინციდენტების გარეშე. ორგანიზებულ თავდასხმებს პოლიცია წარმატებით გაუმკლავდა. აღნიშნული პრაიდის სლოგანი იყო — პრაიდი ყველასთვის.

2015 წელს ბელგრად პრაიდი ისევ ჩატარდა, სლოგანით — ჩემი უფლებები, ჩემი მოთხოვნები. მარშმაც და კვირეულმაც მშვიდობიანად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ მარშის ჩატარებას მხარი პირველად დაუჭირა, ადგილზე კი შედარებით ნაკლები პოლიციელი იყო მობილიზებული. იმავე წელს, ბელგრად პრაიდი ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციისა და საერთაშორისო პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის წევრი გახდა. 

2016 წლის პრაიდი გაიმართა სლოგანით — სიყვარული მსოფლიოს ცვლის. კვირეულმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა და ღონისძიების დაცვისთვის წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლები პოლიციელის მობილიზება გახდა საჭირო. იმავე წელს, პრემიერმინისტრმა საზოგადოებას ამცნო, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი მინისტრი, ანა ბრნაბიჩი, ლესბოსელი იყო. 

2017 წელს, ანა ბრნაბიჩი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა. დაგიგეგმა პრაიდი სლოგანით — ცვლილებებისთვის. ამ წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებისგან ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის აღიარებას მოითხოვეს. ღირსების მარშს პირველად დაესწრო ქვეყნის პრემიერმინისტრი.

2018 წლის პრაიდი სლოგანით — თქვი, დიახ! დაიგეგმა და ორგანიზატორებმა ხელისუფლების მისამართით ორი მოთხოვნა გააჟღერეს: ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის აღიარება და გენდერული იდენტობის შესახებ კანონის მიღება. პრაიდ კვირეულმა და მარშმა ისევ უსაფრთხოდ ჩაიარა.

2019 წელს კანონით გარანტირებული გახდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის ცვლილების შესაძლებლობა ქირურგიული ჩარევის მიუხედავად. პრაიდის მსვლელობები დაიგეგმა სერბეთის სხვა ქალაქებში, სადაც ლგბტქი ხილვადობა ფაქტობრივად არ არსებობდა — 11 ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებიდან ორი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გაუქმდა.

პრაიდ ღონისძიებები არც კოვიდ პანდემიის დროს შეწყვეტილა, თუმცა შეიცვალა ფორმა. ამჯერად კვირეულის სლოგანი იყო — სოლიდარობა 4 კედელშიც კი. დაინტერესებულ ადამიანებს ლგბტქი ადამიანების გამოცდილებების გაგება, სხვადასხვა შემეცნებითი თუ სახელოვნებო მასალის ხილვა ონლაინ სივრცეში შეეძლოთ.

2021 წელს დასრულდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის შესახებ კანონის განხილვა, რომელშიც მრავალი ინსტიტუცია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. შეიმუშავეს შენიშვნები, შესწორებები, თუმცა პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მან ამის მიზეზადა ქორწინების შესახებ უკვე არსებულ კანონთან წინააღმდეგობა დაასახელა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ განხილვა შეწყდა და დაიწყო მუშაობა კანონპროექტის საბოლოო ჩასწორებებზე, რაც დღემდე არ არის დასრულებული.

2021 წელს, კიდევ ერთი ღირსების მარში ჩატარდა მშვიდობიანად, რომლის სლოგანი იყო — სიყვარული კანონია.

ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლაში გავლილი ათწლეულების შემდეგ, სერბეთი დღეს ისევ გამოცდის წინაშეა — შეძლებს თუ არა წარსულის სამწუხარო გამოცდილებების გადაფასებას და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

წყარო: Belgrad Prajd