სექტემბერი 2022 - Page 8

ევროკავშირი სერბეთს ევროპრაიდის მშვიდობიანად ჩატარების გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სერბეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპრაიდის ორგანიზატორებთან კომუნიკაცია გააგრძელოს, რათა ღონისძიების მშვიდად და უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები შეიქმნას. პრესსპიკერის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ყველაზე დიდი ევროპული ლგბტქი მარშის სერბეთში ჩატარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ღონისძიება გაუქმდებოდა.

„ევროკავშირი მხარს უჭერს თანასწორობას და გმობს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ევროპრაიდი პირველად 1992 წელს ჩატარდა და ღონისძიების მიზანი ევროპაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების უფლებათა ადვოკატირებაა, იმ ადამიანებისთვის პლატფორმის მიცემა, რომლებიც დისკრიმინაციას, ძალადობასა და სიძულვილს უმიზეზოდ, მხოლოდ მათი სექსუალობის, სქესისა და გენდერის მიზეზით აწყდებიან“, — ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.

გამოქვეყნებული განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ახლო პარტნიორებისგან ადამიანის, მათ შორის, ლგბტქი პირების უფლებათა დაცვისა და განმტკიცებისთვის სათანადო ძალისხმევას“ ელის, რაც „შეკრებისა და გამოხატვის მათი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაშია“.

ევროპრაიდის სამხრეთ-ევროპის ქვეყანაში ჩატარება, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი არაა, პირველად იგეგმება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჰომოფობიური აქცია მოჰყვა, სერბეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ღონისძიება გაუქმდებოდა. განცხადების საპასუხოდ ევროპრაიდის სერბეთში ჩატარების მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა, ევროპრაიდის ორგანიზატორებმა კი თქვეს, რომ ღონისძიების გაუქმებას არ აპირებენ და ერთადერთი, რასაც აუქმებენ, სიძულვილია.

რუსეთი „LGBT პროპაგანდისთვის“ ჯარიმის გაორმაგებას განიხილავს

რუსეთი არასრულწლოვანებში „ლგბტ პროპაგანდის“ გავრცელებისთვის ჯარიმის გაორმაგებას განიხილავს, ხოლო ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ლგბტქი საკითხების შესახებ იქნება, ადმინისტრაციულ გადაცდომად ჩაითვლება.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ორგანიზაციების მიერ „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ არასრულწლოვნებისთვის წარდგენისთვის ჯარიმა 2 მილიონი რუბლი (92 000 ლარი) გახდება, ხოლო ონლაინ და მედიით გავრცელებული მასალებისთვის ჯარიმა 5 მილიონ რუბლს მიაღწევს.

„ლგბტ პროპაგანდის“ ინდივიდუალური შემთხვევებისთვის ჯარიმა 400 ათას რუბლამდე იქნება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, ქვეყნიდან დეპორტაცია დაემუქროთ.

რუსი კანონმდებლები „გეი პროპაგანდის“ არამხოლოდ არასრულწლოვნებს შორის, არამედ ზრდასრულებს შორის გავრცელებაზე ჯარიმის დაწესების შესახებაც საუბრობენ.

„ამჟამად ლგბტ პროპაგანდა მხოლოდ არასრულწლოვნებს შორის არის აკრძალული. ჩემი კოლეგები და მე ვფიქრობთ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების გავრცელება ასაკის მიუხედავად უნდა შეიზღუდოს“, — აღნიშნავს ალექსანდრ ხინშტეინი ახალ ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც დუმას საშემოდგომო სესიების დაწყებისას უნდა განიხილონ.

რუსეთის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ ისინი დასავლეთის ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ, მორალურ წესრიგს იცავენ, ადამიანის უფლებათა დამცველები კი აღნიშნავენ, რომ კანონი რუსი ლგბტქი ადამიანებისა და ორგანიზაციების შესაშინებელი ბერკეტია.

Reuters-ის ცნობით, სამშაბათს, რუსეთმა ვიდეო-პლატფორმა ტიკტოკი „ლგბტ თემატიკის ვიდეოების“ გავრცელებისთვის 4 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის შესახებ გააფრთხილა.  ქვეყნის მედიის მარეგულირებელმა კი საგამომცემლო სახლების გაერთიანებას ყველა იმ წიგნის გაყიდვიდან ამოღების შესახებ მოუწოდა, რომლებიც „ლგბტ პროპაგანდას“ ავრცელებენ.

ოფიციალურ უწყებებს ეს კანონი ღირსების მარშის აკრძალვისა და გეი უფლებადამცველების დაკავებისთვის არაერთხელ გამოუყენებიათ, მაგრამ თუ ახალი ინიციატივები რეალობად იქცევა, წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება.

რუსეთმა „ლგბტ პროპაგანდის“ კანონი 2013 წელს მიიღო, რომელსაც ლგბტქი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ — რუსული ეკლესიის პატრიარქმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნებით ახსნა, სახელმწიფომ კი ლგბტქი აქტივისტების დიდი ნაწილი „უცხო ქვეყნის ჯაშუშთა“ სიაში შეიყვანა და მათი დევნა, ორგანიზაციების დარბევა ბევრად აქტიურად დაიწყო. ILGA-Europe-ის ლგბტქი უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით, რუსეთი ლგბტქი მეგობრული ევროპის ქვეყნების სიაში ბოლოდან მე-3 ადგილზეა.

წყარო: Reuters

თემიდა სამუშაოს მაძიებელი ტრანს და არაბინარული პირებისთვის ახალ პროექტს იწყებს

ქვიარ ასოციაცია თემიდა, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამუშაოს მაძიებელი ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების პროექტს იწყებს

შეხვედრების მიზანი სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების შესაძლებლობებისა და მათი შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ასევე იმ უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესების ხელშეწყობა იქნება, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. გარდა ამისა, დაინტერესებული პირები პროფესიული კონსულტაციის გავლასა და კარიერის დაგეგმვის ინდივიდუალურ მომსახურებასაც მიიღებენ.

ინდივიდუალური კონსულტაციისთვის ქვიარ ასოციაცია თემიდას ფეისბუკ გვერდს უნდა მისწეროთ. ჯგუფური შეხვედრები 24 სექტემბერს დაიწყება და თვეში ერთხელ ჩატარდება, რომელზე დასწრებასაც ამ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით შეძლებთ.

სამხედროს ოჯახში მცხოვრებ LGBTQI მოზარდებს მენტალური გამოწვევების ბევრად მაღალი რისკი აქვთ — კვლევა

The Trevor Project-ის ახალი კვლევის მიხედვით, იმ ლგბტქი მოზარდებს, რომელთა მშობელიც სამხედრო პირია, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებისა და სუიციდის ბევრად მაღალი რისკი აქვთ.

2021 წლის ეროვნული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლგბტქი მოზარდების 5%-ის მშობელი იყო სამხედრო პირი და მათ შფოთვის 17%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ასევე 14%-ით უფრო მაღალი რისკი, რომ სუიციდზე იფიქრონ და მცდელობის 40%-ით მაღალი მაჩვენებელი. აღნიშნული განსხვავება ბევრად მწვავედ 18 წელს მიუღწეველ მოზარდებში გამოვლინდა.

ოჯახის მხარდაჭერა მდგომარეობას საგრძნობლად ცვლის. სამხედრო პირის ოჯახში მცხოვრებ იმ ლგბტქი მოზარდებს, რომელთაც მშობლები მხარს უჭერენ, შფოთვის 40%-ით დაბალი, დეპრესიის 56%-ით დაბალი და სუიციდის მცდელობის 46%-ით დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

„ოჯახის მხარდაჭერა მრავალი ფორმით ვლინდება, ახალგაზრდის ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრის შესაძლებლობიდან დაწყებული, ლგბტქი მეგობრებთან საუბრის შესაძლებლობით ან მათთან საუბრისას სწორი ტერმინების გამოყენებით დამთავრებული“, — ნათქვამია კვლევის აღწერაში.

The Trevor Project-ის მკვლევრის, ჯონა დეჩანტის თქმით, კიდევ ერთი კვლევაა საჭირო, რომელიც სამხედრო პირთა ოჯახებში მცხოვრები ლგბტქი მოზარდების გამოცდილებათა მრავალფეროვნებას უკეთ ასახავს, მაგრამ „ერთი რამ ცხადია, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ ლგბტქი ადამიანების ოჯახური მდგომარეობა და გამოსავლის ძიებისას აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით იხელმძღვანელონ“.

წყარო: The Advocate

მადონა ერთადერთი ქალია, რომლის ალბომები ჩარტების სათავეში 5 ათწლეულია უწყვეტად ხვდება

მადონა ერთადერთი ქალია, რომლის ალბომები ბილბორდის მუსიკალური ჩარტების ტოპ ათეულში 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველ ათწლეულში ხვდება.

მისი სადებიუტო ალბომი ჩარტების ლიდერთა შორის 1984 წელს მოხვდა, იმავე ათწლეულში მადონას ოთხმა სხვა ალბომმაც მოიპოვა ლიდერობა. 90-იანებში მადონას 7 ალბომი იყო ჩარტების სათავეში, 2000-იანებში — 6, ხოლო 2010-იანებში 4. ახლახან გამოსული რემიქსების ალბომი Finally Enough Love ჩარტებში მე-8 ადგილზეა და ამ შედეგით მადონა ყველა სხვა ქალი შემსრულებლის შედეგს აუმჯობესებს. ამასთან, მისი პოპულარული ალბომებიდან ცხრამ ჩარტებში პირველი ადგილიც მოიპოვა — Like a Virgin, True Blue, Like a Prayer, Music, American Life, Confessions on a Dance Floor, Hard Candy, MDNA და Madame X.

სხვა არტისტები, რომლებიც ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში 80-იანი წლებიდან მოყოლებული მუდმივად ხვდებიან, კაცები და ბენდები არიან: AC/DC, Def Leppard, Paul McCartney, Metallica, Ozzy Osbourne, Robert Plant, Prince, Bruce Springsteen, James Taylor.

მადონა კარიერის დასაწყისიდანვე ლგბტქი ადამიანების ერთგული მხარდამჭერი იყო. ჯერ კიდევ 1989 წელს, როცა ვარსკვლავების მცირე ნაწილი საუბრობდა, რომ აივ-შიდსის გამოწვევების საპასუხოდ ხელისუფალთა აქტიური ქმედებები იყო საჭირო, მადონამ საკუთარ მოცეკვავეებთან ერთად ცეკვის მარათონი მოაწყო, რომლის მიზანიც აივ-შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. 1990 წელს გამოსული სიმღერა — Vogue განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, რადგან ქვიარ სცენისთვის დამახასიათებელი ცეკვის მოძრაობები მეინსტრიმის ნაწილად პირველად იქცა. 1991 წელს, მადონას შესახებ დოკუმენტური ფილმი — Truth or Dare გამოვიდა, რომელშიც ქვიარ მოცეკვავეებს, მათი ღირსების მარშისთვის მზადებას, პროფესიულ საქმიანობას ვეცნობით, დოკუმენტური ფილმი კი კონცერტით სრულდება, რომელიც კიტ ჰარინგს, შიდსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილ ამერიკელ გეი ხელოვანს ეძღვნებოდა.

მადონა 80-იანი წლებიდან დღემდე პატივს მიაგებს ლგბტქი ადამიანების ბრძოლას, თუმცა ვარსკვლავს ღიად არასდროს დაუფიქსირებია საკუთარი სექსუალური ორიენტაცია, ალბათ იმიტომ, რომ ვერ იტანდა იარლიყებს, თუმცა ყოველთვის ღიად საუბრობდა, რომ სჯერა, მიზიდულობა ფლუიდურია და ექსპერიმენტები ჰქონია კაცებთანაც და ქალებთანაც.